ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ბილინგვი მოზარდები: მამა ერთ ენაზე საუბრობს, დედა – მეორეზე, მასწავლებელი კი – მესამე ენაზე

ბილინგვი – ის ბავშვები არიან, რომლებიც დაბადებიდან ან ადრეული ასაკიდან ორ ან მეტ სასაუბრო ენას ფლობენ. ამგვარი მოზარდები ხშირად შერეული ქორწინებისას ან ემიგრაციაში წასულ ოჯახებში გვხვდებიან. ასევე არსებობს ქვეყნები, სადაც ერთდროულად ორი ენაა გავრცელებული და აღნიშნულ ქვეყნებში ბილინგვიზმი ცხოვრების ნორმაა. ერთდროულად ორი ენის ფლობა მოზარდისათვის დიდი უპირატესობის საწინდარია, თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეული სიძნელეებიც ახლავს თან. კერძოდ კი, ბილინგვი მოზარდები ხშირად მიდრეკილნი არიან ენაბლუობისკენ, ხასიათდებიან ნერვული მოშლილობით, მათი საუბარი ხანდახან ემსგავსება სხვადასხვა ენების ნარევს (ე.წ. „ფაფას’’). როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რათა მოცემულ შემთხვევაში მოზარდის აღზრდა ჰარმონიულად წარიმართოს. 

როგორ ფორმირდება ბილინგვიზმი

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია უცხოენოვან გარემოში აღზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, მოზარდი მისთვის სრულიად უცხოენოვან გარემოში ხვდება. ზოგი მოზარდის უცხო გარემოსთან ადაპტაცია საკმაოდ იოლ ფორმებში მიმდინარეობს, ბავშვების ნაწილი კი ძალიან ძნელად ეგუება ახალ მოცემულობას. ახალ გარემოსთან შეგუება ძირითადად დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და მის განსაკუთრებულობაზე. ორენოვანი ბავშვების აღზრდისას მშობლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა, შესაძლოა მოზარდის ფსიქიკაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს. 

ბილინგვიზმის ჩამოყალიბების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვაენოვანი მშობლები. ეს კი უმეტეს შემთხვევებში შერეული ქორწინებისას ხდება. რიგ შემთხვევაში მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას, ბავშვმა ისწავლოს მხოლოდ ის ენა, რომელზედაც ამა თუ იმ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი საუბრობს. არცთუ იშვიათად კი, მშობლების სურვილია, მოზარდმა ორივე ენა შეისწავლოს. ამგვარ მოზარდებს დაბადებიდანვე ბილინგვი ბავშვები ჰქვიათ.  

არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებიც, როდესაც ეთნიკურად შერეული ოჯახი, ე.წ. მესამე ქვეყანაში ცხოვრობს, რომელიც არც ერთი მეუღლის მშობლიური ქვეყანა არ არის. ასე რომ, დედა ერთ ენაზე საუბრობს, მამა – მეორეზე, გარშემომყოფი ადამიანები კი – მასწავლებელი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი თუ თანაკლასელები, ვისთანაც მოზარდს ურთიერთობა და თამაში უწევს – მესამე ენაზე. თუმცა, ამგვარი მოცემულობა სხვა ქვეყანაში გადასვლის გარეშეც შეიძლება არსებობდეს. მაგალითისთვის, კუნძულ მავრიტანიის მაცხოვრებლები მრავალ ენაზე საუბრობენ. აქ ერთდროულად ორი სახელმწიფო ენაა მიღებული – ინგლისური და ფრანგული. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი მავრიტანული ფესვები აქვს და საუბრობენ ხინდურ ენაზე. გასათვალისწინებელია, რომ დაბადებიდანვე სამი ენის ფლობა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა, ამგვარმა მოცემულობამ დიდი შანსია, მოზარდს სერიოზული პრობლემები შეუქმნას არა მხოლოდ მართლწერისას, არამედ მეტყველების დროსაც, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული აშლილობა.

ბილინგვიზმის ჩამოყალიბებისას ასევე აღსანიშნავია, ეგრეთ წოდებული, ხელოვნური ბილინგვიზმი. აღნიშნული სიტუაცია ყალიბდება იმ შემთხვევებში, როდესაც მშობლები გაურკვეველი მიზეზებით, ასე ვთქვათ, აიძულებენ პატარას, შეისწავლოს რამდენიმე უცხო ენა. საინტერესოა, რატომ უქმნიან მშობლები მოზარდს სტრესს, როდესაც უცხო ენების შესასწავლად უამრავი მეთოდიკა არსებობს. გულმოდგინე მეცადინეობით მოზარდის შესაბამისი მოწიფულობის ასაკში პატარას შეუძლია თავისუფლად აითვისოს რამდენიმე უცხო ენა. ეს ენები, რასაკვირველია, მოზარდისათვის არ გახდება მშობლიური ენა.

ბილინგვიზმის სირთულეები

მშობლებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ არჩევნის საშუალება – შეასწავლონ უცხო ენა მოზარდს პატარა ასაკიდანვე ან დაელოდონ მოწიფულობის ასაკს. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როდესაც ოჯახი სხვა ქვეყანაში მიემგზავრება საცხოვრებლად ან ქორწინება შერეულია, ამ შემთხვევაში ბავშვი ბილინგვად ყალიბდება. გასათვალისწინებელია, რომ საუბრის დაწყება თუნდაც ერთ ენაზე, მოზარდის ტვინის განვითარებისათვის უბრალო ამოცანა არ გახლავთ. რაც შეეხება ერთდროულად ორი ენის ათვისებას, ის ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზულ დატვირთვას იწვევს. ბილინგვი ბავშვები ნერვული სტრესით, ენაბლუობით გამოირჩევიან. ამასთანავე ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბილინგვ ბავშვს სრულიად შეუწყვეტია საუბარი. 

სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით ერთდროულად ორი ენის ათვისებას რიგ შემთხვევაში ლინგვისტურ სიძნელეებამდე მივყავართ. მოზარდს ორივე ენაზე საუბრისას აქვს აქცენტი, ამასთანავე მოზარდი სიტყვების წარმოთქმისას შეცდომებს უშვებს, იყენებს არასწორ გრამატიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს. ამგვარი მოცემულობა შესაძლოა მოზრდილობის ასაკშიც შენარჩუნდეს. თუ მშობლები და მასწავლებლები დროულად არ ჩაერევიან და არ აღმოფხვრიან ამ პრობლემას, ბავშვს აუცილებლად შეექმნება პრობლემები როგორც მეტყველებისას, ასევე კითხვისა და წერის დროსაც.

ამასთანავე ბილინგვიზმის შემთხვევისას გასათვალისწინებელია, ე.წ. ენობრივი აღრევა. ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ბილინგვი მოზარდების მშობლები უჩივიან, გახლავთ, ე.წ. „ფაფა”, ანუ ენების ერთმანეთში არევ-დარევა. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ ერთიდან სამ წლამდე მოზარდებში ეს გარდაუვალია. მომდევნო წლებში მოზარდს შეუძლია დააცალცალკევოს ენები და არ აურიოს სიტყვები და გამოთქმები. 4-დან 6 წლამდე მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ ენობრივი მომზადება, რათა მათ ამა თუ იმ ენის გრამატიკის ათვისება შეძლონ. დანარჩენი პრობლემების დაძლევას, იქნება ეს აქცენტი, გამოთქმები თუ სიტყვათა მარაგის შევსება, ისინი შესაბამის ენობრივ გარემოში დამოუკიდებლად შეძლებენ. უცხო გარემოში მოხვედრისას დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ენა იმ დონეზე მაინც უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებლისა თუ თანაკლასელების საუბარი გაიგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენის ცუდად ცოდნა სწავლაში ჩამორჩენას გამოიწვევს და შესაძლოა თანაკლასელების გაუცხოება და საბოლოო ჯამში მათთან დაშორებაც გამოიწვიოს.

ბილინგვიზმის არსებობისას მოსალოდნელია აგრეთვე იდენტურობის კრიზისი. მოზარდს, რომელიც ერთდროულად ორ ენაზე საუბრობს, დიდი შანსია გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა – „რომელია ჩემი მშობლიური ენა?” რიგ შემთხვევაში აღნიშნული მოცემულობა შესაძლოა გადაიზარდოს საკუთარი თავის ძიების პროცესთან და ეს პროცესი შესაძლებელია საკმაოდ რთულად და დრამატულად წარიმართოს. 

იმ პრობლემების დაძლევა, რომლებიც ბილინგვიზმს ახლავს თან, კერძოდ კი, ენაბლუობა და მეტყველების დარღვევა, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ფსიქოლოგის, ნევროპათოლოგისა და ლოგოპედის ჩარევა. მშობლებმა სირთულეების თავიდან ასაცილებლად არ უნდა დაუშვან, რომ მოზარდმა სხვადასხვა ენის სიტყვები ერთიმეორეში აურიოს. როგორც არ უნდა სიამოვნებდეთ მშობლებს პატარას „ჩიტის ენა”, ერთდროულად ორ ენაზე საუბარი მოზარდს მომავალში სირთულეებამდე მიიყვანს.

არსებობს სამი ძირითადი სტრატეგია, რომლითაც შესაძლებელია მოზარდმა ერთდროულად ორი ენა იმგვარად აითვისოს, რომ სიტყვები და გამოთქმები ერთმანეთში არ აურიოს და არ მოხდეს მისი ნერვული სისტემის გადატვირთვა. პირველი სისტემა „ერთი მშობლიური ენაა” და ისეთ ოჯახებს შეესაბამება, სადაც მშობლები ორ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ანუ შერეული ქორწინების შედეგადაა შექმნილი. ამ შემთხვევაში მოზარდის წინაშე დგება საკითხი – დედას ელაპარაკოს ერთ ენაზე, მამას კი – მეორეზე. მშობლები ერთმანეთთან ნებისმიერ ერთ-ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ მოზარდთან საუბრისას სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ აუცილებლად ერთ რომელიმე ენაზე უნდა ისაუბრონ – ოჯახში, სტუმრად, ქუჩაში და ა.შ. იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში რამდენიმე მოზარდია, მშობლებმა უნდა მისცენ მათ თავისუფალი არჩევნის საშუალება, ისაუბრონ იმ ენაზე, რომელ ენაზე საუბრის სურვილიც ექნებათ. თუმცა აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რომ მოზარდებმა სწორად ისაუბრონ, რადგანაც შესაძლებელია, რომ ბავშვებმა „თავიანთი ენა” გამოიგონონ. ანალოგიურად უნდა მოიქცნენ სხვა უფროსებიც, – ძიძა, ბებია, ბაბუა და მასწავლებელი, რომლებიც მოზარდების აღზრდაში მონაწილეობენ. 

სტრატეგია „დრო და ადგილი”

აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს „ენის დაყოფას” დროისა და ადგილის მიხედვით. სახლსა და მაღაზიაში მშობლები ბავშვებთან მშობლიურ ენაზე საუბრობენ, შვილების თანატოლებთან და სტუმრად – იმ ქვეყნის მცხოვრებთა ენაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. რაც შეეხება დროის ფაქტორს, დილით და საღამოს ოჯახი მშობლიურ ენაზე საუბრობს, სადილობისას კი ადგილობრივ ენაზე. ეს სისტემა, ერთი მხრივ, ხისტია, მეორეს მხრივ, კი მრავალი ნაკლიც აქვს. ადრეულ ასაკში მოზარდს სრულად არ აქვს ჩამოყალიბებული დროის შეგრძნება და უჭირს, მიხვდეს, როდის გადავიდეს ერთი ენიდან მეორეზე. სისტემა „ერთი ადგილი ერთი ენა” სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარშემომყოფი ხალხი მაღაზიასა და ქუჩაში ნებისმიერ დროს ადგილობრივ ენაზე უნდა საუბრობდეს. ამიტომაც, ემიგრანტი ბავშვებისათვის ყველაზე ეფექტურად ითვლება სისტემა – „საშინაო ენა”. ეს სისტემა საკმაოდ მარტივია და მდგომარეობს იმაში, რომ სახლის პირობებში მშობლები შვილებთან მშობლიურ ენაზე საუბრობენ, სხვა დანარჩენ ადგილებში კი ქვეყნის ადგილობრივ ენაზე. ეს სისტემა დაეხმარება მოზარდებს აქტივში შეინარჩუნონ მშობლიური ენა, ამავე დროს აითვისონ ადგილობრივი მაცხოვრებლების ენა და უმტკივნეულოდ დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან. დროთა განმავლობაში მოზარდი უფრო აქტიურად შეითვისებს მეორე ენას და სახლის პირობებშიც თანდათან ამ ენაზე გადაერთვება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი