მეგობრის წერილებისადმი სიყვარული და ამერიკელი ენათმეცნიერის, ჯონ ვარინერის გრამატიკის სახელმძღვანელო გახდა სასწავლო პროცესის პირადი წერილებით გამრავალფეროვნების მიზეზი.
მეგობარს ოთახის კედლები გადავსებული აქვს ღია ბარათებითა და წერილებით. სტუმრად მისულს საგულდაგულოდ მანახებდა თითოეულს. ასე გამაცნო გოგო, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში ველოსიპედით დაქრის და ჩემს მეგობარს იქაურ მზესუმზირებზე უყვება. მეტი არაფერი ვიცი მის შესახებ. ისიც საკმარისია მზესუმზირის ყვავილებზე რომ წერს.
ჯონ ვარინერის მწვანეყდიანი წიგნი 1965 წელს არის გამოცემული. აქ თავმოყრილია მარტივად დაწერილი წერილები წერითი, ზეპირმეტყველებითი თუ კითხვის უნარ-ჩვევების განსავითარებლად. სავარჯიშოები აგებულია მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებების მიხედვით და ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვაქციოთ გრამატიკა ლიტერატურად. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით შემდეგმა თავმა მიიქცია: „წერილების წერა – მეგობრული წერილები, სოციალური შენიშვნები, საქმიანი წერილები“.
ეპისტოლარული ჟანრი ყოველთვის მიზიდავდა. პირად წერილებში ასახული დამოკიდებულებები
გარესამყაროსთან ერთი მხრივ, უფრო გასაგებს ხდის მათი შემოქმედების გააზრებას, მეორე მხრივ, კი ადამიანური გამოცდილების თანამონაწილეს გხდის.
მაგალითად ბევრი მიმოწერა შემიძლია მოვიყვანო, რომელთაც პერიოდულად ვუბრუნდები. ვაჟა-ფშაველა „კაი ყმის“ საფასურის გამორთმევას რომ ავალებს სანდროს – ამის ამოკითხვისას დარდით ამევსო გული. ნიკოლოზ ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი წერილიდან ხშირად მახსენებს თავს შემდეგი ფრაზა: „ვინც მაღალის გრძნობის მქონენი მეგონა, იგი ვნახე უგულოდ, ვისი სულიც განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია“, ან ის, როგორ ცდილობს გრიგოლ რობაქიძე შტეფან ცვაიგს და, შესაბამისად, ევროპულ დიასპორას, გააცნოს ქართული ლიტერატურა. პირადი წერილებიდან გავიცანი კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ცოლი, რებეკა ვაშაძე და მისი ინტელექტუალურობითა და ემანსიპირებულობით აღფრთოვანება არ მინელდება. ვან გოგი თავის ძმას, ტეოს, ფილოსოფიურ აზრებთან ერთად გამოლეული ყავის შესახებ რომ სწერს, ლიტერატურა მგონია. ლექტორმა პლატონის „სახელმწიფოს“ წაკითხვა დაგვავალა და ზუსტად იმ დროს ამოვიკითხე, ჯონ კუტზეე პოლ ოსტერისადმი მიწერილ წერილში როგორ მარტივად განმარტავს პლატონისეული გამოქვაბულის იდეას. ბოლოს კი ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის ახლახანს თარგმნილი მიმოწერა უნდა ვახსენო. ვფიქრობ, ყველა მასწავლებლის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს შვედი მწერლის ჰუმანურობით სავსე წერილები, სადაც ის გასაკვირად ახერხებს რთულად აღსაზრდელი მოზარდის პრობლემების გათავისებას. ასტრიდის სარასადმი მიმართვამ კი – „სარა, ჩემო სარა, აბა, ჰე და აბა, ჰო“ – შეუძლებელია, გულგრილი დაგტოვოთ.
ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, პირადი წერილების მიმოწერის ტრადიცია საგაკვეთილო პროცესშიც დამენერგა. თავდაპირველად რაჭველ მოსწავლეებთან გავაჩაღე მიმოწერა. ოცდაორივეს ინდივიდუალურად მივწერე. მიზნად დავისახე სასაუბრო თემად ჩემი ახალი მასწავლებლური გამოცდილება და უნივერსიტეტის ამბები გამეხადა. მაგალითად, როგორ ახსენა ჩემმა ლექტორმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზა ოლივერ ტვისტიდან, ან როგორ მოიყვანა ქვიქეგისა და ისმაილის გაცნობა რომანის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდის მაგალითად, ან როგორია თანამედროვე მედიათეკაში სტუდენტური ცხოვრება.
წერილები საქართველოს ფოსტით გავგზავნე. თვითონაც მიპასუხეს და ახლა მიმოწერის მეორე ეტაპზე ვართ. მიმოწერა დისტანციური სწავლების ერთ-ერთ გზად ავირჩიე, პროექტის სახე მივეცი და შესაბამისი სახელიც მოვუფიქრეთ – „მიმოწერილი მთა და ქალაქი“.
თუ მე ქალაქის ამბებზე ვწერ, ისინი სოფლის ცხოვრების შესახებ მიყვებიან და ამგვარად, მოზარდი გოგო-ბიჭების ცხოვრებას კვლავ თვალს ვადევნებ.
ბავშვებთან პირადი მიმოწერა ხელს უწყობს:
- ურთიერთობების დათბობას;
- წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
- საკუთარ ემოციებზე დაკვირვებას;
- შემეცნებითი სამყაროს გამდიდრებას;
- მნიშვნელოვნობის განცდის გაღვივებას;
- ხელნაწერი წერილების კუტურის განვითარებას;
- ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას.
მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში ერთ-ერთ საკითხად არის გამოტანილი პირადი წერილები. შესაბამისად, მოსწავლეები უნდა იცნობდნენ წერილის წერის მახასიათებლებს. რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე პირადი წერილის ინსტრუქციების შესწავლას, რომლისთვისაც სწორედ ზემოთხსენებული ჯონ ვარინერის სახელმძღვანელო დავიხმარე.
მაშ ასე, წერილის აგებულება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
- ზედა მარჯვენა კუთხეში ადრესატის (გამგზავნის) მისამართი;
- მის ქვემოთ ადრესანტის (მიმღების) მისამართი;
- მარცხენა მხარეს ცალკე გამოყოფილი მიმართვა;
- ძირითადი ტექსტი;
- დამშვიდობება.
თვითონ წერილის წერისას სასურველია გავითვალისწინოთ:
- დაწერეთ იმის შესახებ, რაც წერილის ადრესატს დააინტერესებს. როგორც კარგი მკითხველი ითვალისწინებს აუდიტორიას, ასევე წერილის დამწერს უნდა ახსოვდეს იმ ადამიანის ინტერესები, ვისთვისაც წერილს წერს. გაიხსენეთ, რაზე საუბრობთ ერთად ყოფნისას. მოკლედ, წერილის შინაარსის შექმნისას მიმღებზე უნდა ვფიქრობდეთ.
- თავი აარიდეთ ზოგად საუბარს. რაც უფრო მეტ დეტალზე გაამახვილებთ ყურადღებას, მით უფრო საინტერესო და ცოცხალი გამოვა წერილი. მაგალითად, მიწერეთ კაშკაშა ყვითელი პეპლის შესახებ, რომელმაც ზუსტად იმ დროს ჩაგიფრინათ თვალწინ, როცა სკოლის ფანჯარასთან გულნატკენი იდექით.
- თავი შეიკავეთ სხვაზე საუბრისგან, რომელიც ჭორაობას ემსგავსება. ხშირად გვიჩნდება საერთო მეგობრებზე საუბრის სურვილი და ამ დროს კრიტიკასაც გამოვურევთ ხოლმე. სხვაზე ამგვარი საუბარი წერილის ხასიათს გააფუჭებს.
- სასურველია, თუ წერილს შეკითხვებით არ დავიწყებთ, რათა მკითხველი არ დავაბნიოთ.
- უპასუხეთ შეკითხვებს. თუ თქვენ საპასუხო წერილს წერთ, აუცილებელია გახსოვდეთ, რაზე გაამახვილა ყურადღება წერილის ავტორმა, რათა შესაბამისი პასუხი გაუგზავნოთ.
- დაწერეთ ძლიერი ბოლო აბზაცი. როგორც მოთხრობის ან არგუმენტირებული ესეს წერისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ დასკვნით აბზაცს, პირადი წერილიც მოითხოვს საინტერესო შემაჯამებელ აბზაცს. მოულოდნელი დამშვიდობების ნაცვლად დავუსვათ შეკითხვა ისეთი საკითხის ირგვლივ, რომლის შესახებ წაკითხვას საპასუხო წერილში ვისურვებდით.
ისევ ჩემს მეხუთეკლასელებს დავუბრუნდები. ზემოთაღწერილი ინსტრუქციის ყველა დეტალის გათვალისწინებით წერილები მისწერეს ყაჩაღი ასულ რონიას, ბებოებს, ბაბუებსა და დიდიხნის უნახავ მეგობრებს, ბოლოს კი ერთად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები და შემაჯამებელ წერაზე ორ უფროსკლასელ გოგონას, მარიამსა და თამარს, რომლებიც მანამდე სკოლაში რაჭიდან გვსტუმრობდნენ და რომლებსაც იცნობდნენ, წერილები მისწერეს.
შეფასების კრიტერიუმები ასეთი გამოგვივიდა:
წერილის მახასიათებლები:
- ადრესატის მისამართი – 1 ქულა;
- ადრესანტის მისამართი – 1 ქულა;
- მიმართვა – 0.5 ქულა;
- დამშვიდობება – 0.5 ქულა;
წერილის ძირითადი ტექსტი:
- მინიმუმ 4 აბზაცი -1 ქულა;
- ენობრივი გამართულობა – 1 ქულა;
- მხატვრული ხერხის გამოყენება (ეპითეტი/შედარება) -1 ქულა;
- მდიდარი ლექსიკა – 1 ქულა – რეკომენდაცია (მინიმუმ ერთი წიგნი ან ფილმი) – 1 ქულა;
- არგუმენტი (წიგნის საჭიროება) – 1 ქულა;
- ემოციური მხარე – 2 ქულა.
შემოწმებისას ცალკე ვწერდი განმავითარებელ კომენტარებს. დაშვებული შეცდომების შესახებ უკუკავშირიც წერილობით დავუბრუნე და თვითონ წერილები პირვანდელი სახით დავტოვეთ. ყოველ წერილს სათითაოდ გადავუღე სურათი და ამგვარად შევინახე, როგორც შემაჯემებელი ნამუშევრები, ორიგინალი წერილები კი სკოლის ადმინისტრაციას ჩავაბარეთ და ჩვენი სკოლის სახელით უწერის სკოლას გავუგზავნეთ. წერილებმა მშვიდობით ჩააღწიეს რაჭაში და ახლა ჩვენ ველით პასუხებს.
შემაჯამებელი წერისთვის წინამოსამზადებელმა სამუშაომ, ვალიდურმა შეფასების კრიტერიუმებმა, განწყობისთვის წერისას ჩართულმა კლასიკურმა მუსიკამ ბავშვებს ათქმევინა, რომ არ ღელავდნენ და შემაჯემებელი წერისთვის დამახასიათებელი შფოთის ნაცვლად სიხარულს დაესადგურებინა მათ გულებში.
სცადეთ თქვენც!
გამოყენებული ლიტერატურა: „English grammar and composition”, John E. Warriner, 1965. writing letters, გვ. 299-300