შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

ჯეიმს ბენკსის წიგნი „შესავალი მულტიკულტურულ განათლებაში“

მსოფლიო მასშტაბით მზარდი იმიგრაციისა და გლობალიზაციის გამო მრავალფეროვნება და მისი აღიარება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში. 

მრავალფეროვნება გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც ქვეყნისთვის, სკოლისთვის და მასწავლებლისთვის. მულტიკულტურული განათლების მნიშვნელოვანი მიზანია დაეხმაროს განათლების მუშაკებს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებასა და მრავალფეროვნების შესაძლებლობების გაზრდაში. მრავალფეროვნებას შემოქმედებითად და ეფექტურად რომ უპასუხოს, განათლების მუშაკმა აუცილებლად უნდა იცოდეს მულტიკულტურული განათლების კონცეფციები, პრინციპები, თეორია და პრაქტიკა. მან ასევე უნდა განსაზღვროს საკუთარი რასობრივი და ეთნიკური დამოკიდებულებები და შეიძინოს ისეთი პედაგოგიური ცოდნა და უნარები, რომელიც სხვადასხვა რასის, ეთნოსის, კულტურის, სქესის, სოციალური კლასისა და რელიგიის მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის საშუალებას მისცემს. 

მულტიკულტუტული განათლების ერთ–ერთი ფუძემდებელი ჯეიმს ბენკსი თავის ნაშრომში „შესავალი მულტიკულტურულ განათლებაში” განმარტავს მულტიკულტურულ განათლებას: „ეს არის იდეა, კონცეფცია, საგანმანათლებლო რეფორმა და პროცესი”. მულტიკულტურული განათლების იდეა ის გახლავთ, რომ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად სქესისა, სქესობრივი ორიენტაციისა, სოციალური კლასისა და ეთნიკური, რასობრივი ან კულტურული მახასიათებლებისა, სკოლაში სწავლის თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს.

მულტიკულტურული განათლების შესწავლის საგანია, რა გავლენას ახდენს რასა, ეთნოსი, კლასი, სქესი, რელიგია, ენა, სქესობრივი ორიენტაცია მოსწავლის სწავლასა და ქცევაზე. ის ამ ფაქტორებზე ეფექტური ზემოქმედების გზებსაც სწავლობს. მულტიკულტურული განათლების მკვლევრები ტერმინ ინტერსექციურობასაც კი იყენებენ იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ცვლადები მოსწავლის ქცევაზე ზემოქმედებისას. ავტორი სქემის სახით წარმოგვიდგენს მრავალფეროვნების ცვლადების გადაკვეთასა და ურთიერთქმედებას (იხ. სქემა 1).

წიგნში აღწერილია ის ძირითადი მიზნები, რომელსაც მულტიკულტურული განათლება ემსახურება:

ეხმარება ინდივიდებს თვითშეცნობაში სხვა კულტურის პერსპექტივიდან საკუთარი თავის განხილვით;
უზრუნველყოფს ინდივიდებს სხვა კულტურული, ეთნიკური და ენობრივი ალტერნატივებით;
ინდივიდებს უვითარებს იმ ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომელიც საჭიროა საკუთარი საზოგადოების კულტურის, უმრავლესობის კულტურისა და სხვა კულტურების ფარგლებში ფუნქციონირებისათვის;
ამცირებს დისკრიმინაციას, რომელსაც ზოგიერთი ჯგუფი განიცდის საკუთარი რასის, რელიგიის და კულტურის თავისებურებების გამო;
ხელს უწყობს გლობალური და „ბრტყელი” ტექნოლოგიების სამყაროში ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო წიგნიერების უნარების დაუფლებას.
ქემა 1. მრავალფეროვნების ცვლადების ურთიერთკვეთა
დემოკრატიული განათლება ზრუნავს რა საერთო მიზნის მქონე სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა და შენარჩუნებაზე, ეხმარება ინდივიდებს ისეთი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა სამოქალაქო ჩართულობისათვის უფრო თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად.

მულტიკულტურულ განათლებაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს დებატების მნიშვნელობა, რადგან მულტიკულტურული განათლება არის განათლება თავისუფლებისთვის, რომელიც ასე არსებითია თანამედროვე პოლარიზებულ სამყაროში. სიმართლე მისი განვითარებისა და მიღწევების შესახებ მეცნიერული ობიექტურობის შენარჩუნების მიზნით უნდა დავიცვათ.   

ავტორი გვთავაზობს იმ შეხედულებებს მულტიკულტურული განათლების შესახებ, რომელიც შორს არის რეალობისაგან: 

მულტიკულტურული განათლება სხვებისთვისაა, კერძოდ, აფროამერიკელების, ლათინოამერიკელების, სოციალურად დაუცველების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის;
მულტიკულტურული განათლება ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს;
მულტიკულტურული განათლება ანაწევრებს ქვეყანას.

არასწორად გაგებულმა და აგებულმა მულტიკულტურულმა განათლებამ შესაძლოა მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაამწვავოს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

მიუხედავად იმისა, რომ მულტიკულტურული განათლება ჯერ კიდევ არ არის მრავალი სკოლის, კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის კურიკულუმის არსებითი ნაწილი, უკანასკნელი ხუთი ათწლეულის მანძილზე ის მნიშვნელოვნად განვითარდა. ცვლილებები განიცადა სახელმძღვანელოების ბაზარმაც, რომელიც იძულებულია უპასუხოს სულ უფრო მზარდ მრავალფეროვნებას. სწორედ სახელმძღვანელო (როგორც კურიკულუმის ამსახველი) რჩება მულტიკულტურული განათლების რეფორმატორთა მნიშვნელოვან სამიზნედ. 

მიუხედავად წარსული და აწმყო გამოწვევებისა, უნდა ვაღიაროთ ის მიღწევები, რომელებიც მულტიკულტურულ განათლებას 1960–იანი და 70–იანი წლების სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობებიდან მოყოლებული აქვს. ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების, მასწავლებელთა გადამზადების კურსების რაოდენობა მულტიკულტურული განათლების წარმატებისა და მზარდი მნიშვნელობის მაჩვენებელია. ის სულ უფრო ინსტიტუციონალიზებული ხდება ისეთი ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ჩინეთი, კორეა. რაკი ეთნიკური სტრუქტურა ამ ქვეყნებში სულ უფრო ღრმავდება, უნდა შეიქმნას და განვითარდეს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამებიც. პლურალისტულ დემოკრატიულ საზოგადოებებში გაჩნდება ახალი გამოწვევებიც. ამ გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევა დამოკიდებული იქნება ცალკეული ქვეყნის განათლების მუშაკთა ხედვაზე, ცოდნასა და თავდადებაზე. 

სამყარო ტრანსფორმაციას განიცდის, „ბრტყელი” (ფრიდმანი, 2005) ხდება – აზიურ ქვეყნებში განათლებამიღებული მეცნიერები და ტექნოლოგიური მუშაკები წარმატებით უწევენ კონკურენციას და ხშირად სჯობნიან კიდეც დასავლელ კოლეგებს. 

მულტიკულტურული საზოგადოება პრობლემის წინაშეა: შექმნას სახელმწიფო, რომელიც ასახავს და გააერთიანებს მოქალაქეთა მრავალფეროვნებას და იმავდროულად ექნება საერთო და ყოვლისმომცველი ღირებულებები, იდეალები და მიზნები, რომლებიც სავალდებულო იქნება ყველა მოქალაქისთვის. 

იცვლება მოქალაქეობის განმარტება მულტიკულტურულ საზოგადოებაში: დემოკრატიული მულტიკულტურული ქვეყნის მოქალაქე ისეთი ყოვლისმომცველი იდეალების მომხრეა, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა და პასუხისმგებელია ამ იდეალების შენარჩუნებასა და დაცვაზე, თანახმაა და მზად არის იმოქმედოს ამ იდეალების შებღალვის შემთხვევაში (ბენკსი, 2004). ამრიგად, დემოკრატიულ მულტიკულტურულ საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვანი ამოცანაა დაეხმაროს მოსწავლეებს შეიძინონ ის ცოდნა, უნარ–ჩვევები და დამოკიდებულებები, რომელიც საჭიროა გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად და აქტიური მოქმედებისათვის, რათა საკუთარი ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული და სამართლიანი გახადონ (ბენკსი, 2011).

დემოკრატიული მულტიკულტურული საზოგადოება ხასიათდება სამოქალაქო თანასწორობით, ტოლერანტობითა და აღიარებით (გუტმენის 2004). მოქალაქედ ჩამოყალიბება პროცესია და მასში განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მოსწავლეებმა მოქალაქეობის პრაქტიკა სკოლაშივე უნდა გაიარონ.

გამოცდილება აჩვენებს, რომ მოქალაქეობა და სამოქალაქო აღზრდა განსხვავებულად აღიქმება და ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებში და განსხვავებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტში. 
გლობალურ საუკუნეში მოქალაქეთა აღზრდის პრინციპები და კონცეფციები, ცხრილის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ:
 
პრინციპები:
I ნაწილი: მრავალფეროვნება, ერთობა, გლობალური ურთიერთკავშირები და ადამიანის უფლებები
1. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ადგილობრივ საზოგადოებაში, ქვეყანასა და მსოფლიოში ერთობასა და მრავალფეროვნებას შორის რთული ურთიერთკავშირების შესახებ.
2. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, რომ მათი საზოგადოების, ქვეყნისა და რეგიონის მაცხოვრებლები სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებზე და იმ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, გარემოსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხდება.
3. მულტიკულტურულ ქვეყნებში სამოქალაქო განათლებას საფუძვლად უნდა ედოს ადამიანის უფლებათა სწავლება.
II ნაწილი: გამოცდილება და მონაწილეობა
4. მოსწავლეებმა უნდა მიიღონ განათლება დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ. უნდა მიეცეთ დემოკრატიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
კონცეფციები
1.დემოკრატია;
2.მრავალფეროვნება;
3.გლობალიზაცია;
4.მდგრადი განვითარება;
5.იმპერია, იმპერიალიზმი, ძალაუფლება;
6.ცრურწმენა, დისკრიმინაცია, რასიზმი;
7.მიგრაცია;
8.იდენტობა/მრავალფეროვნება;
9.მრავალმხრივი პერსპექტივა;
10.პარტიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. 
სათანადოდ წარმართული სამოქალაქო განათლების საფუძველზე მოსწავლეს კულტურულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ იდენტობებს შორის ერთგვარი ფაქიზი წონასწორობა უნდა ჩამოუყალიბდეს.  

მულტიკულტურული განათლება რთული და მრავალშრიანია. ჯეიმს ბენკსი მულტიკულტურული განათლების ხუთ განზომილებას გვთავაზობს: 1) შინაარსის ინტეგრაცია, 2) ცოდნის აგების პროცესი, 3) ცრურწმენის შემცირება, 4) თანასწორობის პედაგოგიკა და 5) სკოლისა და სოციალური სტრუქტურის მხარდაჭერა (იხ. სქემა 2).
 
სქემა 2. მულტიკულტურული განათლების განზომილებები  
მულტიკულტურული განათლების სფეროს მუშაკები ვარაუდობენ, რომ თუ სკოლაში  წარმატებით დავნერგავთ მულტიკულტურული განათლების განზომილებებს, სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეები შეძლებენ მაღალი აკადემიური მაჩვენებელების მიღწევას და ჯგუფთაშორისი დამოკიდებულებები, შეხედულებები და ქცევა უფრო დემოკრატული გახდება. 
ბენკსი ერთმანეთთან აკავშირებს მულტიკულტურულ განათლებასა და ეროვნულ თვითგადარჩენას და ასკვნის, რომ ფერადკანიანი მოსახლეობის სწრაფი ზრდა, არათეთრკანიანთა (ჩინეთი, ინდოეთი) მნიშვნელოვნების ზრდა და ღარიბთა და მდიდართა შორის უფსკრულის გაღრმავება მომავალი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას სძენს მულტიკულტურულ წიგნიერებასა და კროსკულტურულ უნარებს. 
განათლების რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, როგორ იქმნება ცოდნა და როგორ ასახავს ის მის შემქმნელ ისტორიკოსთა, სოციალური მეცნიერების მკვლევართა და განათლების მუშაკთა ბიოგრაფიას, კულტურას, პერსპექტივებსა და ფასეულობებს. ბენკსი აღწერს ცოდნის ხუთ ტიპს და ცოდნის შემქმნელთა გავლენას ცოდნაზე. მოსწავლეებმაც სხვათა მსგავსად უნდა იცოდნენ: როგორ შექმნან ცოდნა და რა გავლენას უნდა ახდენდეს მათი ფასეულობები, პერსპექტივა და ბიოგრაფია მათ მიერვე შექმნილ ცოდნაზე.   
ცოდნის ხუთ კატეგორიას – (1) პერსონალური/კულტურული ცოდნა; (2) პოპულარული ცოდნა; (3) ძირითადი აკადემიური ცოდნა; (4) ტრანსფორმაციული აკადემიური ცოდნა; და (5) პედაგოგიური ცოდნა – შორის კავშირი  ინტერაქტიურია და არა სტატიკური (იხ. სქემა 3). 
სქემა 3. ცოდნის ტიპები და მათი ურთიერთკავშირი
ტრანსფორმაციული კურიკულუმის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, იზრუნონ და იმოქმედონ ისეთი დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად და ხელშესაწყობად, რომელშიც ყველა ჯგუფი შეძლებს კულტურული დემოკრატიითა ტკბობას. ცოდნა, ზრუნვა და მოქმედება, ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი ცნებებია. სწორედ მათი ურთიერთკავშირით შეძლებენ მასწავლებლები გლობალური საზოგადოებისათვის მოსწავლეთა მომზადებას (იხ. სქემა 4). 
სქემა 4. ცოდნის, ზრუნვისა და ქმედების ურთიერთდამოკიდებულება
ბენკსს აღწერილი აქვს ის ცოდნა, რომელიც წარმატებულ მულტიკულტურულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
1.ცოდნა მულტიკულტურული განათლების ძირითადი პარადიგმების შესახებ; 
2.ცოდნა მულტიკულტურული განათლების ძირითადი კონცეფციების შესახებ;
3.ცოდნა ძირითადი ეთნიკური ჯგუფების ისტორიისა და კულტურის შესახებ
4.პედაგოგიური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოარგოს კურიკულუმი და სწავლება განსხვავებული კულტურული, ეთნიკური, ლინგვისტური და სოციალური კლასის ჯგუფის მოსწავლეთა უნიკალურ მოთხოვნებს.
ცოდნის შექმნის სურვილი და უნარი ერთ–ერთი ძირითადი იარაღია მულტიკულტურულ (და ზოგადად) განათლებაში, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი აქტივობებისა და სასწავლო სტრატეგიების შემუშავება, რაც მოსწავლეებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მათეული ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს.
როგორც წესი, ადამიანები უფრო მნიშვნელოვან იდეებს იმახსოვრებენ, ვიდრე ფაქტობრივ დეტალებს. ეს მათ არა მხოლოდ ხანგრძლივ დამახსოვრებაში ეხმარება, არამედ მოვლენისა თუ ფენომენის შესახებ უფრო სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის, უადვილებს კატეგორიზაციას, დაკვირვებათა კლასიფიკაციას და ცოდნის ერთი სიტუაციიდან მეორეში ტრანსფერს. ასეთ მნიშვნელოვან იდეებს, რომელსაც ვიმახსოვრებთ და რომელიც ცოდნის გაგებასა და ტრანსფერში გვეხმარება ბენკსი კონცეფციებსა და განზოგადებას უწოდებს. სწავლებისადმი ამგვარი კონცეპტუალური მიდგომისას კურიკულუმი, ისევე როგორც თემები და გაკვეთილები, თავმოყრილია სხვადასხვა დისციპლინის საკვანძო კონცეფციებისა და განზოგადებების ირგვლივ. ეს მოსწავლეებს ეხმარება დიდი მოცულობის მონაცემთა და ინფორმაციათა ორგანიზებასა და სინთეზში და საგნის, საკითხის არსის წვდომაში, რასაც ჯერომ ბრუნერი „სტრუქტურას” უწოდებს თავის კლასიკად ქცეულ წიგნში „განათლების პროცესი”.

კონცეპტუალურ მულტიკულტურულ კურიკულუმში საკვანძო კონცეფციები და განზოგადებები ასაკთან ერთად თანდათანობითი რთულდება და სიღრმისეულად ისწავლება. ავტორი კურიკულუმის აგების რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითსაც გვთავაზობს. 

სკოლის რესტრუქტურიზაცია საჭიროა 21–ე საუკუნისთვის საჭირო სამუშაო ძალის მოსამზადებლად და ამ პროცესში მულტიკულტურული განათლების მიმართულებით რეფორმას მნიშვნელოვანი წილი აქვს. ცოდნა არსებითი ელემენტია იმ მასწავლებელთა და ადმინისტრატორთა მოსამზადებლად, რომლებსაც კულტურული, რასობრივი და ლინგვისტური მრავალფეროვნების გარემოში მოუწევთ საქმიანობა. 

მულტიკულტურულ ორიენტირებზე საუბრისას ავტორი აჯამებს და ხაზს უსვამს მულტიკულტურული განათლების ძირითად კომპონენტებს, აღწერს იმ ძირითად ნიშნულებს, რომლის გამოყენებაც მკითხველს შეუძლია, რათა განსაზღვროს, რა ზომით არის სკოლა მულტიკულტურული; ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას კულტურული მრავალფეროვნების შესახებ რეფლექსიისათვის და სკოლის მულტიკულტურული გარემოს მუდმივი ხელშეწყობის გზებს.

მულტიკულტურული სკოლის ორიენტირები მოკლედ ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: 

მულტიკულტურული განათლების პოლიტიკა;
სკოლის პერსონალის დამოკიდებულება;
ტრანსფორმაციული კურიკულუმი;
სწავლების სტრატეგიები;
სკოლის პერსონალის მრავალფეროვნება;
მშობლების მონაწილეობა;
სასწავლო მასალები;
მუდმივი მონიტორინგი.

წიგნი სრულდება შემდეგი დანართებით: „სწავლება მულტიკულტურულ გარემოში, სკოლასა და მის გარეთ”, „საინფორმაციო მასალის შეფასების ფურცელი”, „მულტიკულტურული განათლების შეფასების ფურცელი”, „მულტიკულტურული განათლების საბაზისო ლიტერატურა”.

თანდართული გლოსარიუმი და გამოყენებული ლიტერატურის სია დიდ დახმარებას გაუწევს მულტიკულტურული განათლებით დაინტერესებულ მკითხველს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი