ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მამაკაცები საბავშვო ბაღის აღმზრდელებად

აქ საბავშვო ბაღების უმრავლესობაში მამაკაც აღმზრდელებს ვერ ნახავთ. აღმზრდელები მხოლოდ ქალები არიან. კვლევის თანახმად, მშობლები თვლიან, რომ მამაკაცების მუშაობა ამ პოზიციაზე სარისკოა და ისინი სამუშაოს თავს ვერ ართმევენ.

დიახ, ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში, სადაც კერძო ბაღები მრავლადაა, თითქმის ვერ ნახავთ მამაკაც აღმზრდელებს.

 

ჯამელ კემპბელი, ლონდონის Early Years Foundation-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლები პატარების საბავშვო ბაღში მიყვანისას თითქმის ყოველთვის ინტერესდებიან აღმზრდელების სქესით. მათი აზრით, კაცებს არ შეუძლიათ გამოკვებონ და მოუარონ ბავშვებს ისე, როგორც ქალებს. მშობლები თვლიან, რომ კაცები სრულიად შეუსაბამო და უუნარონი არიან მაშინ, როცა საქმე მცირეწლოვან ბავშვს ეხება. ზემოხსენებულ ქვეყნებში დაახლოებით 400,000 საბავშვო ბაღის აღმზრდელია, მათი 99% ქალია.

 

შესაბამისად, კაცებს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის მოტივაცია და სურვილი აღარ აქვთ. კემპბელი განმარტავს, რომ უფრო მეტი მამაკაცი დაინტერესდება ამ საქმიანობით, თუ ისინი მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის ბენეფიტებს გააცნობიერებენ; მშობლებიც გაიაზრებენ, როგორი მნიშვნელოვანია კაცი აღმზრდელების ჩართულობა.

„ზოგიერთ ბავშვს შინ მამა საერთოდ არ ჰყავს. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსი და ინტერაქცია მამაკაცებთან”, – ამბობს კემპბელი. ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, თუ რამხელა სისულელეა გამოთქმა – „თუ მაჩო არ ხარ, კაცი ვერ იქნები”. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ კაცებიც ხუმრობენ, თამაშობენ, ტირიან, სჭირდებათ გამხნევება, როცა ცუდ ხასიათზე არიან”.

 

ნადიმ ზაჰავმა, ბავშვებისა და ოჯახების სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მამაკაცი აღმზრდელების ნაკლებობა საბავშვო ბაღებში განათლების დეპარტამენტის ამჟამინდელი კვლევის საგანია და პრობლემის გადასაჭრელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. განათლების კომიტეტის ყრილობაზე მან თქვა: „ვფიქრობ, ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეტი უნდა ვიფიქროთ და მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად მტკიცე ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ისინი უნდა დავაფიქროთ იმაზე, თუ როგორი საზიანოა მამაკაცების უგულვებელყოფა აღმზრდელობით პროცესში და  მივახვედროთ, რომ მამაკაცის როლის ნაკლებობა მთელ რიგ საკითხებში სავალალოა”.

პურნიმა ტანუკი, საბავშვო ბაღების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბავშვებზე ზრუნვა სტერეოტიპულად ქალის საქმედ ითვლება და ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რაც მამაკაცებს აიძულებს, არ იფიქრონ საბავშვო ბაღების აღმზრდელის კარიერაზე.

ტანუკუ ამბობს, რომ საბავშვო ბაღების მენეჯერებმა მკაცრი უარით უნდა უპასუხონ მშობლების მოთხოვნას ქალი აღმზრდელების დაქირავების თაობაზე და არ შეეგუონ მათ წინააღმდეგობას, რომ ბავშვები საპირფარეშოში მამაკაცებმა წაიყვანონ ან საფენი გამოუცვალონ. „იყო შემთხვევები, როდესაც მშობლებმა მამაკაც აღმზრდელებს სთხოვეს, არ ეზრუნათ მათი შვილებზე პერსონალურად. ბაღის მენეჯმენტისგან ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. ყველა მშობელს კარგად უნდა აუხსნან, რომ მამაკაცი აღმზრდელი ისეთივე დაფასებული, აღიარებული და სანდო თანამშრომელი უნდა იყოს, როგორც ქალი. მსგავსი ფაქტები მკაცრად დისკრიმინაციულია და მამაკაცი თანამშრომლების უფლებებს ლახავს.

 

საბავშო ბაღების კვლევაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რეკრუტირების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ საბავშვო ბაღების გამოცდილი აღმზრდელები მინიმუმ 25 წელიწადს ატარებენ ამ კონკრეტულ სამუშაო ადგილზე და იშვიათად გადიან პენსიაში თავის დროზე.

განათლების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აღმოაჩინა, რომ ხარისხიანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დიდი ნაწილი 40-ე მეტი წლისაა.

ყოველი ხუთიდან ერთი აღმზრდელი 50 წელს გადაცილებულია და გეგმავენ, რომ ათ ან თხუთმეტ წელიწადში დატოვებენ თავიანთ პოზიციას საბავშვო ბაღში. ახალგაზრდები უფრო მოხალისეობრივი სამუშაოთი ინტერესდებიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“