ჯონ მარკუსი, რომელიც ჟურნალ ,,ტაიმსის” ავტორია და ასევე ,,ბოსტონ გლოუბსა” და ,,ვაშინგტონ მანთლიშიც” ბეჭდავს სტატიებს, მიმოიხილავს იმ პერსპექტივებს, რომლებიც საერთაშორისო განათლებას მომდევნო 45 წლის განმავლობაში ელოდება.
საერთაშორისო განათლება მუდამ ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მისი სტანდარტები და მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად სრულიად განსხვავებულია. ერთადერთი საერთო რამ, რაც ჩვენს დროში სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემებსა და ინსტიტუტებს აქვთ, ისაა, რომ ისინი მუდმივად იცვლებიან.
ამ ცვლილებებს, რომელთაც ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფერნანდო რეიმერი ,,კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას” უწოდებდა, ჯერ კიდევ 70 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჩაეყარა საფუძველი. თუ მაშინ ბავშვების უმეტესობას პლანეტის ყველა კონტინენტზე სასკოლო განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, დღესდღეობით ყველაფერი სხვაგვარადაა. ,,უზარმაზარი პროგრესის მოწმენი ვართ, _ ამბობს რეიმერი, _ და არა მხოლოდ მდიდარ, არამედ ღარიბ ქვეყნებშიც.”
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს განათლების სისტემა 45 წლის შემდეგ? ახალი ტექნოლოგიები სრულიად ცვლის ცოდნის მიღების საშუალებებს, განათლება მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და თანაც უფრო იაფი. დღესდღეობითაც უკვე უპრეცედენტოდ ბევრ ადამიანს შეუძლია სწავლის ყველა საფეხური გაიაროს. სწავლისა და სწავლების პროცესი უდავოდ უფრო გლობალური მოვლენა გახდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა შორის საზღვრები სულ უფრო პირობით ცნებად იქცა. ქვეყნები დღეს უფრო იოლად აღიარებენ სხვა ქვეყანათა მიერ გაცემულ აკადემიურ დიპლომებს, რამაც განათლების მობილობა გაზარდა. უკვე მთავრობებიც კი აცნობიერებენ იმ ფუნდამენტურ კავშირს, რომელიც განათლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არსებობს.
თუმცა, ამ საიმედო პერსპექტივების გვერდით, უეჭველია, მრავალ სირთულესაც ვხვდებით. ზოგიერთი მათგანი უკვე მთელი მსოფლიოს ქვეყნების განათლების სისტემებზე ახდენს ზეგავლენას, ზოგიერთი კი უახლოეს ან მომდევნო პერიოდში წამოყოფს თავს.
სტანდარტიზებული საგამოცდო სისტემის დანერგვამ სწავლების პირველსა და მეორე საფეხურებზე უკვე მრავალი ქვეყნის სკოლებში გამოიწვია ის, რომ მოსწავლეებს ამზადებენ უშუალოდ ტესტირებისათვის და, აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მოსწავლეს განუვითარონ არა პრობლემაზე ორიენტირების უნარი, არამედ – მეხსიერება. პედაგოგები იხლიჩებიან სწავლების ინოვაციურსა და ტრადიციულ მეთოდებს შორის. მრავალ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ განათლება სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ხდება და ხელისუფლებებმაც აღიარეს მისი აუცილებლობა, იგი მაინც ხშირად ეწირება მსხვერპლად ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის პოლიტიკას”.
მაშინ, როდესაც ბავშვების უპრეცედენტო რაოდენობას ეძლევა განათლების მიღების საშუალება, დაწყებითი და საშუალო კლასების მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი გამოცდებს ვერ აბარებს. ამასთანავე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა ზრდამ მისი ხარისხის დაქვეითება გამოიწვია.
,,რამხელა ინვესტიციებიც არ უნდა ჩაიდოს ამ საქმეში, სახელმწიფო ინსტიტუტებს უბრალოდ არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა მოთხოვნები. შეიძლება 18 თვეში შენობა ავაგოთ, მაგრამ 18 თვეში ფაკულტეტის შექმნა შეუძლებელია, _ ამბობს ალან გუდმენი, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის პრეზიდენტი, _ ეს აუცილებლად დააზარალებს ხარისხს.”
საკითხავია, რამდენად ხარისხიანად და ადეკვატურად ამზადებს არსებული კურიკულუმი სტუდენტებს თანამედროვე, თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვალებად სამყაროსთან შესაგუებლად? რეიმერი ამტკიცებს, რომ სტანდარტული გამოცდები ,,აბსოლუტურად მეოცე საუკუნის მოვლენაა”, ვინაიდან იგი საერთოდ არ ითვალისწინებს განათლების ისეთ უმნიშვნელოვანეს მეთოდებს, როგორიცაა მიზნის დასახვა, თვითმართული სწავლა, ეტაპობრივი დაგეგმვა, ფოკუსირება, გამოცდილებით სწავლა…
ბევრისათვის ოცდამეერთე საუკუნის განათლება ნიშნავს ახალი ტექნოლოგიების უკეთ გამოყენების დაუფლებას და ონლაინ რეჟიმით სწავლებას. ამ უკანასკნელს აქვს პოტენციალი, რომ მალე საყოველთაოდ გავრცელდეს და განათლების ხარჯებიც საგრძნობლად შეამციროს.
ტრადიციული საკლასო ოთახის გარეთ მიმდინარე სასწავლო პროცესი სულაც არ არის ახალი მოვლენა. სწავლების დისტანციურმა კურსებმა და ,,ღია” უნივერსიტეტებმა უკვე რა ხანია ფეხი მოიკიდეს. ტექნიკის განვითარებამ დისტანციური სწავლების პოტენციალი მნიშვნელოვნად გააფართოვა და მას სწავლების ქვედა საფეხურებზე დამკვიდრების საშუალება მისცა. დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო კომპანიები იყვნენ პირველნი, რომლებმაც შექმნეს უფასო ონლაინ კურსები და ისინი სწავლების პროგრამაში დანერგეს. ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები (ისინიც კი, რომლებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ უფასო კურსების დამკვიდრებას) მძაფრ კონკურენციაში ჩაებნენ ,,საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ონლაინ კურსებთან”, რომლებიც ერთდროულად ათასობით სტუდენტს ემსახურება. და თუმცა ონლაინ სწავლების ეფექტურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, და როგორც ჩანს, დიდხანს აღარ დარჩება უფასო (ვინაიდან მისი მწარმოებლები ეძებენ საშუალებას, რომ გამოცდები და რამდენიმე სხვა მომსახურება ფასიანი გახადონ), იგი უკვე რადიკალურად ცვლის მსოფლიო განათლებას და უფრო მეტად ინტერნაციონალურს ხდის მას.
შეუძლებელია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება სწავლება 2060 წლისათვის. შესაძლოა, საკლასო ოთახი წარსულის საკუთრებად იქცეს და იგი შინ მიღებულმა ონლაინ განათლებამ ჩაანაცვლოს. ქვეყნებმა, რომლებსაც ახლა ჩამორჩენილი განათლების სისტემები აქვთ, შესაძლებელია, დაჯაბნონ ტრადიციული ლიდერები და სწავლების განვითარებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია _ საერთაშორისო განათლების სამყარო ერთი ადგილის ტკეპნას არ აპირებს.