სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საზაფხულო საკითხავი: უასაკო წიგნების გამო

თბილისში ჩვეული ცხელი ზაფხულია. მეც სხვა, ქალაქში ჩარჩენილი მოქალაქეებივით ვცდილობ გავუძლო მაღალ ტემპერატურას და სიზარმაცეს, მაგრამ დრო, ძირითადად, მორიგი მთის დალაშქვრისას მზით დამწვარი კანის და აწრიალებული სინდისის მოშუშებაში გადის. ამ სიცხეს ჩემი საბრალო ყვავილები მაინც თუ გადაურჩნენ,  კარგი იქნება. ბავშვობაში მგონი პირდაპირი მნიშვნელობით შევისისხლხორცე პეპილოტას სიბრძნეები, მაგალითად ეს: ,,ვფიცავ არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა”.  ზაფხულობით დედას ნალოლიავები მცენარეები ჩემი შვილობილები ხდებიან. მე კი მათ ყველაზე ხშირად წვიმის დროს ვრწყავ, რადგან წვიმის ხმა გარეთ მიტყუებს, ხან ნესტიანი ჰაერის ჩასასუნთქად, ხან სარეცხის ჩამოსახსნელად. აივანზე გასული კი  ფოთლებშემხმარი ყვავილების სევდიანი მზერას სად გავექცევი?!

,,ვფიცავ არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს სიბერეში საბავშვო წიგნების კითხვა”, – ეს სიტყვები ლინდგრენის ყველაზე ჭორფლიანი თავგადასავლის კითხვისას წამომცდა და მას შემდეგ, ამ ფიცსაც ზედმიწევნით ვასრულებ. 
 
საბავშვო ლიტერატურა, როგორც თავად სახელი მიგვანიშნებს, 16 წლამდე მოზარდებისთვის არის განკუთვნილი და უდავოდ დიდ როლს ასრულებს ბავშვის აღზრდისა და განათლების საქმეში.  

XII საუკუნის მიწურულს დაიწყეს ხელნაწერი ზღაპრების კრებულების გავრცელება, მაგრამ სპეციალურად ბავშვებისთვის წიგნი მხოლოდ XVII საუკუნეში შეიქმნა. ამავე პერიოდში გავრცელდა  რაინდული თხზულებების გადამუშავებული ვერსიები. ბავშვებს ხომ ძალიან უყვართ სათავგადასავლო–საგმირო ისტორიების მოსმენა. 

XVI—XVIII საუკუნეებში უმეტესად რელიგიური თემატიკის საყმაწვილო წიგნები იწერებოდა,  რადგან ამ პერიოდში ლიტერატურა მოზარდის სულიერი აღზრდის აუცილებელ კომპონენტად მიაჩნდათ. მალე რელიგიურ–დიდაქტიკური საბავშვო თხზულებები დაწყებითი კლასების სასწავლო მასალის სავალდებულო ნაწილად იქცა. 

საბავშვო ლიტერატურის უძველეს ნიმუშს წამოადგენს ეზოპეს იგავები, რომელშიც ცხოველების, ფრინველების, ხეებისა თუ ყვავილების პირით მოთხრობილ ამბებს ადვილად იგებენ და ითავისებენ პატარები. ეს პატარ–პატარა დიდაქტიკურ–საგანმანათლებლო ხასიათის თხზულებები ბავშვებს სიძუნწის, თვითკმაყოფლების თუ სიჯიუტის მარწუხებიდან გათავისუფლებაში ეხმარება, ამავე დროს ვითარდება ასოციაციურ–ალუზიური აზროვნებაც.

ბავშვები ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდნენ ძველი ლეგენდების მიმართ. ყველაზე პუპულარულ თქმულებათა შორისაა მეფე არტურისა და მრგვალი მაგიდის რაინდების ისტორია, რომლის წარმოშობის თარიღად XII–XIV საუკუნეები სახელდება. ამ ლეგენდას მიუძღვნა ტომას მელორმა რომანების ციკლი ,,წიგნები მეფე არტურზე და მის მამაც რაინტებზე მრგვალი მაგიდისა”. მალე ბავშვებისთვის გამოიცა ერთ–ერთი რომანის (,,არტურის სიკვდილი”) მიხედვით შექმნილი სპეციალური ვერსია სახელწოდებით – ,,კამელოტის დაცემა”. ამავე ლეგენდის ნაწილია მამაც ლანსელოტთან, დედოფალ გვინევრასა და ჯადოქარ მერლინთან დაკავშირებული თქმულებებიც. კამელოტის გმირებს პოპულარობით არც კეთილშობილი ქურდის პერსონაჟი ჩამოუვარდება. რიჩარდ ლომგულის ერთგული რაინდის – რობინ ჰუდის საოცარი თავგადასავალზე უამრავი წიგნი თუ მხატვრული და ანიმაციური ფილმია შექმნილი.

როგორც უკვე ვთქვით, მიზანმიმართულად ბავშვებისთვის წერა XVII საუკუნიდან დაიწყეს. პირველ საბავშვო მწერალად შარლ პერო  მოიაზრება. მის ზღაპრებში ძველი და თანამედროვე ისტორიები ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს. ბავშვისთვის გასაგები ლექსიკითა და იუმორით შეზავებულმა ამბებმა მსოფლიო აღიარება მოუტანა ავტორს. მისი თხზულებები დღესაც მომავალ თაობებს ზრდის, ყველაზე ცნობილი ზღაპრების  მიხედვით კი ათეულობით მხატვრული და ანიმაციური ფილმია გადაღებული. შარლ პეროს რჩეული ზღაპრების კრებული საბავშვო ლიტერატურის ოქროს ფონდის ნაწილია.

გამოჩენილი ჩეხი პედაგოგი, მწერალი და რელიგიური მოღვაწე იან კომენსკი საბავშვო ლიტერატურის ისტორიაში პირველი ილუსტრირებული საბავშვო ენციკლოპედიით შევიდა. იანი ინგლისში ადგილობრივი საჯარო განათლების რეფორმის კომისიის წევრი გახლდათ. სწორედ კომენსკიმ შემოიღო საკლასო გაკვეთილო სისტემა, რომელიც სახეცვლილი ფორმით დღესაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.  იგი ლიტერატურას თავისუფალი აზროვნების უმთავრეს იარაღად მიიჩნევდა და ამბობდა, ,,საჭიროა იმის მიღწევა, რომ მოსწავლეებს არაფერი შეხვდეთ ამქვეყნად ისეთი, რაზეც მათ არ ექნებათ თავისი მოკრძალებული შეხედულებების შექმნის შესაძლებლობა და რის გამოყენებასაც გონივრულად ვერ შეძლებენ საკუთარი მიზნის მისაღწევად”.

საბავშვო ლიტერატურის აღორძინების ხანა XVIII საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო. 1712 წელს ინგლისურ ენაზე ითარგმნა არაბული ზღაპარი ,,ათას ერთი ღამე”. მკითხველმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა სინდბადის, ალადინისა და ალი ბაბას თავგადასავლების მიმართ. ზემოთხსენებულ პერსონაჟებს არაერთ მხატვრულ ფილმში შეხვდებით.

მალე საბავშვო ლიტერატურის საგანძურს დანიელ დეფოს  ,,რობიზონ კრუზო” და ჯონათან სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა” შემოქმედება შეემატა.  ეს ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებული რომანები ერთნაირად იპყრობდა  გზააბნეული მოგზაურებისა და ირეალურ სამყაროში მოხვედრის მსურველთა გულებს.  არანაკლები ინტერესით შეეგება პატარა მკითხველი უოლტერ სკოტის რომანებს (,,რობ როი”, ,,აივენჰო”, ,,რიჩარდ ლომგული”). მისი შედევრების კითხვისას ბავშვები მოგზაურობენ  შუა საუკუნეების მსოფლიოში, ეცნობიან  ჯვაროსნული ლაშქრობის ისტორიას,  სამეფო კარის ინტრიგებს, მითებსა და ლეგენდებს, ათვალიერებენ ძველ იერუსალიმს,  ესწრებიან რაინდთა ორთაბრძოლებს… უოლდერ სკოტის რომანებს უამრავი მოზარდი სამაგიდო წიგნებად მიიჩნევს.

საბავშვო ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გერმანელ მწერალსა და ფილოსოფოსს ერნსტ ჰოფმანს. მისმა ,,მაკნატუნამ” არაერთ ხელოვანს მოჰგვარა მუზა. ნაწარმოების მიხედვით ბევრი მხატვრული და ანიმაციური ფილმი გადაიღეს, პეტრე ჩაიკოვსკის  ჯადოსნური მუსიკის ფონზე აცეკვებული ჰოფმანის პერსონაჟები კი ოპერის სცენას დღესაც ხშირად სტუმრობენ. კომპოზიტორს ,,მაკნატუნას” დიდი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში შეუქმნია, ბალეტის ერთ–ერთი სცენაც – ,,არაბული ცეკვა”  ქართული ,,იავნანის” ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 

საბავშვო ლიტერატურის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ერგოთ ვაშინგტონ ირვინგისა და ჯეიმს კუპერის წიგნებს. თუ ირვინგი პატარების გულს მოულოდნელობით სავსე სიუჟეტებით, ხალასი იუმორითა და ორიგინალური ხასიათის პერსონაჟებით იპყრობდა (,,მოჩვენებების სახლი”, ,,რიპ ვან ვინკლი”, ,,ნათანიელ ჰოთორნი”), ჯეიმსის ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა. მან  მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი დაწერა, რომელთა შორის მწერლის საუკეთესო რომანის სახელი „უკანასკნელმა მოჰიკანმა” დაიკავა.

საბავშვო ლიტერატურის აღორძინებაში ყველასათვის საყვარელ გერმანელ ძმებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. მათმა ზღაპრებმა მსოფლიო მკითხველის სიყვარული დაიმსახურეს. გრიმების მთავარი დამსახურება კი ისაა, რომ ზღაპრებში მთავარი პერსონაჟის როლი ბავშვებს ეკუთვნით (,,ჰენზელი და გრეტელი”,  ,,ოთხი ნიჭიერი ძმა”, ,,ფიფქია”, ,,12 მოცეკვავე პრინცესა” და სხვა). იაკობმა და ვილჰელმმა პირველებმა შეიგრძნეს და გაითავისეს ბავშვური ფანტაზიის თავისებურება – საოცრებათა ხილვის წყურვილი.

საბავშვო ლიტერატურის მწვერვალად სახელდება ჰანს კრისტიან ანდერსენის შემოქმედება. მისი ზღაპრები კალის ჯარისკაცის გულივით წმინდა და უკვდავია. დანიელი მწერლის ოცნება ახდა და დღეს მისი პერსონაჟები არა მარტო თეატრის სცენას, ტელევიზორის ეკრანებსაც ხშირად სტუმრობენ. ქრისტიანს არ უყვარდა, როცა მის ქმნილებებს მხოლოდ საბავშვო საკითხავად განიხილავდნენ, თუმცა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ის მაინც ერთ–ერთ საუკეთესო მეზღაპრედ დარჩა.

ინგლისელი მწერალი ლუის კეროლი საბავშვო ლიტერატურის ისტორიაში  ალისას საოცარი თავგადასავლებით შევიდა ( ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში” და ,,ალისა სარკისმიღმეთში” ). ამბობენ, რომ მათემატიკის პროფესორის  წიგნებში  ურთულესი მათემატიკური თავსატეხებია  დაშიფრული.

ჩარლზ დიკენსი კრიტიკული რეალიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლდათ.  მის სახელს უკავშირდება არა მარტო საბავშვო, ზოგადად, ინგლისური ლიტერატურის განვითარების მთელი ეპოქა.  მწერალს ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები აღწერილი აქვს  რომანებში  „დევიდ კოპერფილდი” და „პაწია დორითი”.  ჩარლზის ძველი ნაცნობებიდან ვერავინ იფიქრებდა, რომ ახალგაზრდობაში ნახევრად მშიერი ვაქსის ფაბრიკის მუშა ისეთი წიგნების ავტორი გახდებოდა, როგორიცაა ,,ოლივერ ტვისტის მოგზაურობა”, ,,საშობაო სიმღერა” , ,,დიდი იმედები” და ,,დევიდ კოპერფილდი”…

ინგლისელ მწერალს რობერტ სტივენსონს სათავგადასავლო რომანების დიდოსტატად მოიხსენიებენ. მის წიგნებში, სამეფო კარის თავბრუდამხვევ ისტორიებთან ერთად, მეკობრეთა ეგზოტიკურ თავგადასავლებსაც მრავლად ამოიკითხავთ.

და მაინც, რა იქნებოდა საბავშვო სათავგადასავლო ლიტერატურა მაინ რიდის გარეშე?! მან შექმნა გმირების მთელი გალერეა, რომლებმაც დაიპყრეს ველური დასავლეთი და გახსნეს  აქამდე უცნობი სამყაროს – ამერიკის კარი.  მაინ რიდის სამყაროში შეხვდებით, როგორც თეთრკანიან, ასევე ინდიელ გმირებს. ყველაზე დიდი წარმატება მწერალს მოუტანა წიგნებმა: ,,სკალპებზე მონადირენი”, ,,ოკეანეში დაკარგულები”,  ,,თეთრი ბელადი” და ,,უთავო მხედარი”.
მაინ რიდთან ერთად, საბავშვო ფენტეზის ისტორიის სათავეში დგას ჟიულ ვერნი  არაჩვეულებრივი რომანებით: ,,კაპიტან გრანტის შვილები”, ,,80000 კილომეტრი წყალქვეშ”, ,,საიდუმლო კუნძული” და სხვა.  მისი წიგნები პატარა მოგზაურებისთვის ერთგვარი გეოგრაფიულ–ისტორიულ თუ ასტრონომიულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ჟიულ ვერნის ფანტაზიამ დროს საგრძნობლად გაუსწრო და მკითხველს დღემდე აოცებს მის წიგნებში წარმოდგენილი ალტერნატიული მომავალი.

1852 წელს გამოიცა ამერიკელი მწერლის ბიჩერ სტოუს ანტირასისტული რომანი ,,ბიძია თომას ქოხი”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მონობის მოწინააღმდეგეთა შორის. მძიმე თემატიკის მიუხედავად, რომანი გამოცემის დღიდანვე მოზარდების საყვარელ წიგნად იქცა.

ამერიკელი მწერალი ჯოელ ჰარისი ,,ბიძია რიმუსის ზღაპრებით” შევიდა საბავშვო ლიტერატურის ისტორიაში. ამ კრებულში მრავალ საოცარ ამბავს ამოიკითხავთ. კუდდაკარგული კურდღლის, მოტყუებული მელიის, საოცარი კუს, უბეწვო კუდიანი ოპოსუმის და სხვა ამგვარი სახალისო ისტორიების ავტორმა ბავშვობა ჩრდილოეთ ამერიკაში, შავკანიანებთან ერთად გაატარა. კეთილი მოხუცი ბიძია რიმუსი მას ხშირად უყვებოდნენ აფრიკულ ზღაპრებს, ჰარისის წიგნიც სწორედ მის სახელს ატარებს.

ალბათ იშვიათად მოიძებნება ისეთი საოჯახო ბიბლიოთეკა, სადაც ,,ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს” ვერ ნახავთ. იგივე შეიძლება ითქვას ოსკარ უაილდის შემოქმედებაზეც. არცაა გასაკვირი, ვარსკვლავბიჭუნასა და ბედნიერი უფლისწულის ისტორიას მკითხველი  არასდროს დაელევა.

ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი აღმოჩენა –  რადიარდ კიპლინგის ,,ჯუნგლების წიგნი” დღემდე საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის თაროზე. ამ უზარმაზარი წიგნის გამო, რომელსაც ადგილიდან ძლივს ვძრავდი, საათობით ვიწექი იატაკზე და აქამდე უცნობი ჯუნგლის კანონების სრული დაცვით საოცარ სამყაროში ვმოგზაურობდი. კიპლინგი ყველასაგან გამორჩეული საბავშვო ავტორია, რომლის წიგნების მიმართაც საზოგადოების ინტერესი დღემდე არ განელებულა.

 მეოცე საუკუნის დასაწყისში შვედეთში გამოჩნდა ზღაპრის ახალი გმირი წიგნიდან ,,ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა” . წიგნმა საყოველთაო აღიარება მალევე მოიპოვა და სელმა ლაგერლოფის წიგნის მთავარი პერსონაჟი –  ბატზე ამხედრებული პატარა ბიჭი ქვეყნის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. შემდეგ გამოჩნდნენ ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები, რომლებმაც მთელ მსოფლიოს შეაყვარეს თავი. ვისაც რასმუსის, ოსკარის ან ცელქი ემილის გაცნობასა და პეპის გამომცხვარი მაჭკატების გასინჯვაზე უოცნებია, სმოლანდის ოლქში, ქალაქ ვიმერბიუში ასტრიდ ლინდგრენის გაცოცხლებულ სამყაროში ამ ოცნებას აუცილებლად აიხდენს.

ველური ბუნების მოყვარულებს ერნესტ სეტონ თომფსონის ,,მოთხრობები ცხოველების შესახებ” დააინტერესებთ. კანადელი მწერალი მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც ცხოველები და ფრინველები თავისი მოთხრობების გმირებად აქცია. მწერალმა ცხოვრება თავისი წიგნების პერსონაჟთა შესწავლას მიუძღვნა, ამიტომაც წიგნში მოთხრობილი ამბები  დამაჯერებელი და მართალი გეჩვენება. მის გვერდით უნდა მოვიხსენიოთ ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი ჯერალდ დარელი, რომელმაც წიგნით ,,ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საბავშვო ლიტერატურის სახელოვან მწერალთა შორის.

ინგლისელ ინჟინერს ჰიუ ლოფტინგს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, შვილების მონატრებამ წერილებად დააწერინა ,,ექიმი დულიტლი”, რომელსაც ცხოველების ენა ესმოდა და მხოლოდ მათი მკურნალობა შეეძლო. წერილებად გაგზავნილ წიგნს ავტორისავე ილუსტრაციები ახლდა თან. მამის ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჰიუს გაზრდილმა შვილებმა წერილები ერთ–ერთ გამომცემელს აჩვენეს, მან კი ინჟინერს რომანის დაწერა სთხოვა. ,,ექიმი დულიტლის ისტორია” 1920 წელს გამოიცა და მას შემდეგ მკითხველთა სიყვარული არ მოჰკლებია. რუსმა მწერალმა კ.ი. ჩუკოვსკიმ სწორედ ჰიუ ლოფტინგის წიგნის მიხედვით დაწერა  ,,ექიმი აიბოლიტი” .

ცხოველ პერსონაჟთა შორის პატარების ყველაზე საყვარელი გმირია  ვინი პუხი. პატარა დათუჩას თავგადასავალი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არც ეკრანიზაციის სიმწირეს განიცდის.
მფრინავი ბიჭუნას ისტორიამ უამრავი ბავშვის გული მოინადირა. ინგლისელმა მწერალმა ჯეიმს ბარიმ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაწერა პიესა პიტერ პენზე, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა. მალე პიესას წიგნიც მოჰყვა. უზარმაზარი ჰონორარის  მიუხედავად, მწერალი მაინც ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, რადგან შემოსავლის დიდი ნაწილს ლონდონის საბავშვო საავადმყოფოს ურიცხავდა და უპატრონო ბავშვებს მფარველობდა. 

ბავშვებს საბავშვო ლიტერატურის სამყაროში კიდევ მრავალი საინტერესო პერსონაჟი ელით: მერი პოპინსი (პამელა ტრავერსი), ოზის ჯადოქარი (ფრენკ ბაუმი),  მეფე მათიუში (იანუშ კორჩაკი), დონალდ ბისეტის ყირამალა პერსონაჟები, ფინელი მწერლის საოცარი ქმნილებები – მუმინები (ტუვე იანსონი), ჯანი როდარის დაუვიწყარი გმირები, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს ალექსანდრე პუშკინმა, ივანე ტურგენევმა, ლევ ტოლსტოიმ, ანტონ ჩეხოვმა, რომელთა შემოქმედებასაც  კარგად იცნობს ქართველი მკითხველი.
***
ტერმინი ,,საბავშვო ლიტერატურა” ერთი შეხედვით ჩარჩოში აქცევს შემოქმედსაც და მკითხველსაც, თუმცა კარგი წიგნი მთელი ცხოვრება თან დაგდევს და კაი გვარიანად გაზრდილსაც გარიგებს ჭკუას. მხატვრული ლიტერატურაც სწორედ ამიტომ მიყვარს, ამ უასაკო წიგნების გამო, რომელთა დახმარებითაც შეგიძლია გადალახო ფანტაზიის მთელი უსაზღვრობა და წიგნის სრულფასოვან პერსონაჟად იქცე.  შემდეგი წერილით ერთ–ერთი ასეთი უასაკო წიგნის,,ფანტაზიის სამეფოში” ვიმოგზაურებთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“