შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

გონება + გული – ცოდნის მართვის ახალი ტენდენცია

20 წლის შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ არა ის, რაც გააკეთეთ, არამედ ის, რაც არ გაგიკეთებიათ. ამიტომ უკუაგდეთ ეჭვები და გაცურეთ მშვიდი ნავსაყუდელიდან რაც შეიძლება შორს, თქვენი ოცნებებისკენ. დაიჭირეთ ზურგის ქარი იალქნებით და არ გაჩერდეთ. იოცნებეთ! იკვლიეთ! აღმოაჩინეთ!

 

მარკ ტვენი

რასაც გწერთ, ამ ბოლო დროს სულ მეფიქრება…

ჩვენს სახლს დიდი ეზო აქვს. ჩემს ბავშვობაში ეზო მუდამ ბავშვებით იყო სავსე, ცუდი ამინდიც კი არ აშინებდათ… ახლა კანტიკუნტად ჩანან; თუ ჩანან, ხანდაზმულებივით დადიან და საუბრობენ. არ თამაშობენ…

მეტყვით, ახლა სხვა ბავშვები გვყავს და სხვა თამაშებს თამაშობენო, მე კიმგონია, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ დავავიწყეთ (არც გვისწავლებია) თამაში, ჩვენ ვაიძულებთ ბუნებრივად განსაზღვრულზე უფრო სწრაფად გაზრდას, ვაჩქარებთ მათ დიდობაში შესვლას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში რადიკალურად შეცვლილი გარემო ხომ არავის ინდობს, მაგრამ ჩვენც მხარი ავუბით და რაც მან ვერ მოახერხა, ჩვენ შევძელით.

„ჩემს შვილს ბავშვობა თითქმის არ ჰქონია, სად ეცალა თამაშისთვის, ყოველი წუთი დაგეგმილი გვქონდა, ინგლისურზე, გერმანულზე, ჭადრაკზე, სპორტზე დადიოდა, სახლში მასწავლებელი მოდიოდა და სკოლის გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდა”; „ინგლისურს და კომპიუტერს სკოლაში ასწავლიან, ეს ორი აუცილებელი რამ უკვე ყველამ იცის… კონკურენციის გაწევა რომ შეძლოს, ჩინურისა და ფრანგულის შესწავლა დავაწყებინეთ”; „თავი არ უნდა დაზოგოს, რომ აქაურობას თავი დააღწიოს, აბა, აქ ხომ არ იმუშავებს კაპიკებად”; „ძალიან დავიღალე „ჩქარა”, „ჩქარას” ძახილით, სულ დაფრინავს, აქ არ არის, თავისით ტანსაცმლის ჩაცმაგახდაც კი არ შეუძლია”… ეს 8-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა მშობლების სიტყვებია. ჰო, ჩვენი, ყველას მიზანი შვილის ბედნიერი მომავალია, მაგრამ ვინ განსაზღვრა, ვისთვის რა არის ბედნიერება?..

განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი საფუძველშივე რომ დარღვეულია, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ;თამაშის თანაბარი ხელმისაწვდომობაც შევულახეთ ჩვენს შვილებს. თამაშის განმავითარებელ როლზეაღარაფერს ვიტყვი…

ცოდნის გაზიარების საშუალებათა გამრავალფეროვნების კვალობაზე, თითქოს უფრო ჭკვიანები უნდა გავმხდარიყავით, უკეთ გვესწავლა სიკეთეების დაფასება და მოვლა, მეტი დრო დაგვრჩენოდა მარტოობისა და ერთმანეთისთვის… მგონია, რომ პირიქით ხდება, სულ უფრო ვიკეტებით, ვიზღუდავთ სივრცეს ურთიერთობებისთვის, ნაკლებ დროს ვიტოვებთ ნამდვილი სიხარულებისთვის…

ეს ჩემზე ბეეევრად ჭკვიანების ნათქვამებია:

„რაც უფრო მეტად იცლება განათლება იმ ოცნებებისგან, რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, მით უფრო მეტად იკავებს ოცნებების ადგილს ტექნიკა, სანამ განათლება ტექნიკამდე არ შეიკვეცება. განათლება წმინდა ტრენინგად იქცევა, შინაარსის გადაცემად, თითქმის ცხოველთა წვრთნას, სამყაროსთან ადაპტაციაში ვარჯიშს ემსგავსება” (პაოლო ფრეირე).

„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წვრთნა ზნე-ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა” (ილია ჭავჭავაძე).


„უსიყვარულოდ დარჩენილმა ადამიანმა, რაც ჩვენი დროის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, პირველ რიგში ოცნებაზე აიღო ხელი, რის გამოც თავისთავად გაუქრა მარადიულობის შეგრძნება და შეშინებული, გამწარებული ჩააფრინდა წარმავალს, ოღონდ – ამწუთას რეალურად არსებულს, ხელჩასავლებს… უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარმა ადამიანობამ დათრგუნა – გაუთავებელი გულისხეთქვის, მღელვარების, შფოთვის, თვითგვემის, თავშეკავებისა და თავგანწირვის სურვილის მეტი ვერაფერი მისცა, ანუ რაც კულტურამ შექმნა საუკუნეების მანძილზე, მაინცდამაინც ვერ მიესადაგა შეუზღუდავ, უკიდეგანო, ურეგლამენტო ცივილიზაციას. მას კი (ადამიანს), განსაკუთრებით – დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში, ურჩევნია გომბეშო იყოს და გარანტირებული ჰქონდეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ვიდრე ოცნების ფრთებგამობმული იდუმალისკენ, მიუწვდომლისკენ, დიადისკენ მიისწრაფოდეს სულ” (ოთარ ჭილაძე).

დაბოლოს, გთავაზობთ წერილის (წყარო: Harvard Business Review in Knowledge Management, 1998, გვ. 175-177) თარგმანს, რომელსაც Xerox Corporation-ის კვლევითი ცენტრი – Palo Alto Research Center-ი – უგზავნის ცენტრში დასაქმების მსურველ კანდიდატებს. ის თვალსაჩინოდ ასახავს ცოდნის მართვის მომავალ პრიორიტეტებს.

Xerox Corporation

Palo Alto Research Center

3333 Coyote Hill Road

Palo Alto, California 94304

415 494-4000

წერილი ახალგაზრდა მკვლევარს

PARCში სამუშაოზე აყვანისას არსებობს ერთი კვალიფიკაცია, რომელსაც ტექნიკურ ცოდნაზე ან ინტელექტუალურ უნარებზე უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ: ეს ინტუიციაა.კარგად ალესილიინტუიცია და უნარი, ენდო მას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ისეთი კვლეებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ.

კვლევისადმი ჩვენი მიდგომა რადიკალურიაამ სიტყვის ბერძნული მნიშვნელობის – ძირეულის– გაგებით. ვცდილობთწამოვჭრათ და პასუხი გავცეთ ძირითად კითხვებს, რომლებსაც ხაზის ძირეული გარღვევებიმოჰყვება. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ემყარება ჩვენსავე უნარს, შევიუშაოთ რადიკალურად ახალი მიდგომები, გამოვიყენოთ ისინი და შემდეგ სწრაფად გავიტანოთ ბაზარზე.

ეს განსხვავდება იმისგან, რაც კომპანიების კვლევითი ცენტრების უმეტესობაში ხდება – მიმდინარე ტექნოლოგიისა და სტატუს ვოს სრულყოფა. ჩვენთან მუშაობისას არ გექნებათ გაკვალული ბილიკები. პრობლემები, რომლებზეც იმუშავებთ, ის პრობლემები იქნება, რომლებსაც შექმნით. პროექტზე მუშაობისასმზად უნდა იყოთ, იაროთისეთი მიმართულებით,რომელსაც თავიდან ვერ განსაზღვრავდით. მზად უნდა იყოთ, გარისკოთ და უარი თქვათ ნალოლიავებ მეთოდებსა თუ შეხედულებებზე, რათა ახალი მიდგომები აღმოაჩინოთ. გექნებათ გაურკვევლობისა და იმედგაცრუების მძიმე პერიოდები, როცა მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ძალისხმევა ფუჭია.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, შეგეძლოთყური დაუგდოთ თქვენს ინტუიციას. ღრმა ალღო, მისი ნდობისა და მართვის უნარი გაგიძღვებათგაუკვალავ ტერიტორიებზე.ძირეული კვლევის უნარი განასხვავებს კარგ და მსოფლიო კლასის მკვლევრებს ერთმანეთისგან. პირველი მათგანი პროგნოზირებად მომავალზე ახდენს რეაგირებას, მეორე კი – ხარისხობრივად ახალზე.

ცენტრის პერსონალის კიდევ ერთი თავისებურებაა რეალურ სამყაროში რეალური პრობლემების გადაჭრის ვალდებულება. ტექნოლოგია მუშაობისასჩვენი ფოკუსია და ცენტრის თანამშრომლებისთვის დიდი პატივია იმის ცოდნა, რომ მათ იდეებ იმ პროდუქტების შექმნისას გამოიყენება, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანთა მუშაობაზე, აზროვნებაზე, ურთიერთობებსა და შემოქმედებაზე.

Xeroxში კორპორაციის ხელმძვანელები და მეცნიერები ერთობლივად მონაწილეობენ კვლევაში. მკვლევრებსა და კომპანიის წევრებს შორის დიალოგის მრავალი არხი არსებობს. კორპორაციის სტრატეგია და კვლევა ერთმანეთს განაპირობებს და აყალიბებს.

თუ ჩვენთან მუშაობას გადაწყვეტთ, მსვერპლად უნდა გაიღოთ პრობლემისადმი უსაფრთხო მიდგომის კომფორტი, რომელშიც შეგიძლიათ პროგნოზირებადი მიზნის მიღწევის იმედი გქონდეთ. მაგრამ შეგეძლებათ, პირადად ჩაერთოთ კვლევაში, თქვენი სიტყვა თქვათ და დაგვეხმაროთ იმ მომავლის შექმნაში, რომელიც თქვენგარეშე ვერ იარსებებდა.

პატივისცემით,

ჯონ სილი ბრაუნი

კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი

ფრენკ სქვეარსი

კვლევითი ოპერაციების ვიცეპრეზიდენტი

არ ვიცი, გამომივიდა თუ არა სათქმელი… უბრალოდ, ჩემი საწუხარი გაგიზიარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი