სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბუნების სკოლა

ამას წინათ, ქართული მედიასივრცე ერთ-ერთ სასკოლო ექსკურსიაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მოიცვა. აღნიშნულმა უბედურმა შემთხვევამ საზოგადოებაში სასკოლო გასვლითი ღონისძიებების მიმართ დიდი აგრესია გამიწვია. შეშფოთებული ადამიანები ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას აპროტესტებდნენ, ზოგიერთი მათგანი კი სასკოლო ექსკურსიას,  ე.წ. სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებად მიიჩნევდა და მის გაუქმებას მოითხოვდა.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევამ ყველა უნდა დაგვაფიქროს იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომლის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, როცა ის, ასე ვთქვათ, გართობის მიზნით, საექსკურსიო მარშრუტს ირჩევს. თუმცა აქვე ყველასათვის ნაცნობ გამონათქვამს მოვიშველიებ და ვიკითხავ: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!“

მოგზაურობა თავგადასავალია, თავგადასავალი კი მეტ თავისუფლებას ნიშნავს. მიუხედავად იმ დიდი პასუხისმგებლობისა, რომელიც მასწავლებლებს აკისრიათ, გასვლით შეხვედრებზე მოსწავლეებს აღმოჩენების გაკეთების საშუალება უნდა მივცეთ.  შიშის მიუხედავად, რომელიც რთული მარშრუტის გადალახვას ყოველთვის ახლავს თან, არსებობს ესთეტიკური სიამოვნების მიღებისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ადამიანური ინტერესი, შეისწავლოს სამყარო, რამაც დღემდე კაცობრიობას არაერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთებინა.

21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სივრცე გაფართოვდა და საკლასო ოთახს გასცდა. ნებისმიერი სასწავლო საგანი საჭიროებს კავშირს რეალობასთან, თუნდაც წარსული რეალობის ნაშთთან. თუ ისტორიის მასწავლებელი ხარ და ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა თუ ისტორიულ ძეგლებზე უყვები, სასურველია, წლის ბოლოს რომელიმე შესწავლილ მხარეს მაინც ეწვიო და „ძველი დიდების“ ნაშთის შეფასება მომავალ თაობას მიანდო. მწერლის ხმაც თითქოს უფრო კარგად გესმის, როცა მის ნასახლარზე ფეხს დაადგამ. მაგალითად, პატარძეულის იებთან სტუმრობის შემდეგ თითქოს უფრო ახლობელი ხდება დედის ცრემლის დანახვით გამოწვეული მწერლისეული ემოცია.

სასწავლო მიზნების გარდა, ბუნების სკოლას საერთო საგანმანათლებლო სივრცით ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანებისთვის ბევრად მეტის მიცემა შეუძლია. გვინდა, თუ არ გვინდა, თავბრუდამხვევი ტემპისა და სიახლეების მიუხედავად, სასკოლო ცხოვრება მაინც რუტინულია, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა  – გაკვეთილის ფორმატს მორგებული, ანუ ფორმალური. გასვლითი ღონისძიებები კი ერთმანეთის სულ სხვაგვარ, თავისუფალ გარემოში გაცნობის საშუალებას იძლევა.

თუ გსურთ, ექსკურსიებმა დადებითი შედეგი გამოიღოს, გირჩევთ, მოსწავლეები მარშრუტის არჩევის პროცესში ჩართოთ და ყველაფერი მათთან ერთად დაგეგმოთ, რადგან ადამიანები მეტი  პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმ საქმეს, რომლის ორგანიზებაც  ევალებათ. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ექსკურსიის დანიშნულება, ანუ რისთვის მივდივართ: ღია ცის ქვეშ გაკვეთილის ჩატარებას ვაპირებთ, სუფთა ჰაერზე დასვენება გადაგვიწყვეტია, თუ შემეცნებითი განვითარების მიზნით საინტერესო ადგილების დალაშქვრას ვგეგმავთ.

უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ისიც კარგად გვახსოვს, რომ მასწავლებლის მიერ დაგეგმილ ექსკურსიას ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომაც რეკომენდებულია, გასვლითი ღონისძიება მშობლების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს. მშობელთა ჩართულობის კიდევ ერთ დადებით მხარეს არაფორმალურ გარემოში მათი დაახლოება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს შორის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის წინაპირობაცაა.

როგორც წესი, ექსკურსიაზე წასვლამდე, მოსწავლეებს დასათვალიერებელ ობიექტებზე საკმაოდ მსუყე ინფორმაციას ვაწვდით. ამ დროს ჩვენს მიზანს მოტივაციის გაზრდა და მოსალოდნელი აქტივობისადმი ინტერესის გაღვივება წარმოადგენს. თუმცა, თუ ჩვენ  უცნობი ისტორიული ადგილის/ძეგლის შესწავლას მოვიწადინებთ, წინასწარი ინფორმირება ხელისშემშლელ ფაქტორად ჩაითვლება. სასურველია, მოსწავლეებს დამხმარე რესურსად ადგილობრივი მოსახლეობის, გზის მანიშნებლების, თავად ძეგლების გამოყენება შევთავაზოთ.

მაგალითად, თუ ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხარ და  შენი მოსწავლეების მცენარეთა ველური ჯიშების შესწავლით დაინტერესებას ცდილობ, შეგიძლია გამოიყენო, ე.წ. ჭკვიანი აპლიკაცია #PlantSnap, მოგზაურობის დროს სასურველ მცენარეებს სურათები გადაუღოთ და მათ შესახებ ინფორმაციაც მოიძიოთ. მოგზაურობის შემდეგ აქამდე უცნობი მცენარეთა სამყაროს შესახებ გაცილებით მეტი გეცოდინებათ. ამას წინათ, ზემოაღნიშნული აპლიკაცია მე და ჩემმა თანამგზავრებმა რკონის ულამაზეს ხეობაში გამოვცადეთ და ერთ-ერთი მინდვრის ყვავილის იდენტიფიცირებაც მოვახერხეთ.

ამას გარდა, სასკოლო გარემოში დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ სანახაობრივი ფოტოგამოფენის მოწყობასაც შეძლებთ, რაც სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს უცნობ გარემოში მოგზაურობის საშუალებას მისცემს. შეგიძლიათ, ექსკურსიის მიზნად თავიდანვე ფოტოგადაღება დაისახოთ და სასკოლო ფოტოკონკურსიც გამოაცხადოთ. მსგავსი მოტივატორების გამოყენების შემთხვევაში,  ხანგრძლივ და დამღლელ მოგზაურობაში ყველაზე ინერტული და დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ჩართვებიან.

ჩემი აზრით, ყველაზე დაუვიწყარი თავგადასავლები ლაშქრობის (კარვებით მოგზაურობა) დროს გელოდებათ. საერთო მიზნისკენ ერთობლივი ძალებით სწრაფვა, დასახმარებლად გამოწვდილი ხელი, კოცონთან მოყოლილი ისტორიები უცნობებსაც კი ერთგულ მეგობრებად აქცევს. ამ დროს ადამიანში ინსტიქტივით იღვიძებს, ე.წ. პირველყოფილი საჭიროებები – თანადგომისა და ერთიანობის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილ ექსკურსიას უფრო სწრაფად შეუძლია მოსწავლეთა შორის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა, ვიდრე ისეთ კონკურენტულ გარემოში, როგორიც სკოლაა.

უფროსკლასელებს ექსკურსიაზე მეტად ლაშქრობა ხიბლავთ, თუმცა მათი არაორდინალური იდეების განხორციელება ხანდახან გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. მაგალითად, წყლის სამყაროთი დაინტერესებულები გემით მოგზაურობაზე ოცნებობენ. ამგვარი ექსკურსიის დაგეგმვას მასწავლებელთა უმეტესობა აარიდებდა თავს, რადგან, სხვა თუ არაფერი, ზღვაში გასვლას სპეციფიკური მომზადება სჭირდება (უნდა შეგეძლოს ცურვა, ყვინთვა, არ გაწუხებდეს ზღვის დაავადება და სხვ.).

წარმოგიდგენიათ მატარებლით ლაშქრობაში წასვლა?! თურმე ამგვარი სარკინიგზო ექსკურსიებით არც თუ ისე ცოტა მოზარდი ინტერესდება, რადგან ზოგს კარავში ღამის გათენების ნაცვლად  მატარებლის კომფორტულ ვაგონში ძილი ურჩევნია და ლამაზი პეიზაჟების ვაგონის ფანჯრიდან დანახვას ამჯობინებს. „Hiram Bingham Orient Express“ სწორედ ასეთი თავგადასავლების მოყვარულებს ეპატიჟება. ექსპრესის შემადგენლობაში  ვაგონ-რესტორნები, სამზარეულო ვაგონი და პანორამული ხედის მქონე ვაგონი-კაფე შედის, რაც მგზავრებს ერთდროულად პეიზაჟების დათვალიერების, კულინარიული შედევრების დაგემოვნებისა და ერთმანეთთან გასაუბრების საშუალებას აძლევს. ზემოაღნიშნული ექსკურსიის მარშრუტი ინკების წმინდა ველს, ანდებს და მაჩუ-პიქჩუს მიდამოებს მოიცავს.

იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი სარკინიგზო ექსკურსიის განხორციელება მალე საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა მანამდე უჩვეულო თავგადასავლად საკუთარ სკოლებში მოგზაურობაც შეიძლება ჩაითვალოს. ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს კარგად ნაცნობ დერეფნებში „გასეირნებაზე“ უინტერესო?! თუმცა, თუ ეს დერეფნები  დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთგვარ მოკარნახედ იქცევა, მაშინ მათ სულ სხვა თვალით დაინახავთ. ამას წინათ, ჩემმა კოლეგამ დიდ რუკად გადაქცეული სასკოლო სივრცე საინტერესო საგაკვეთილო ექსკურსიად აქცია, რამაც მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის სტიმული მეც მომცა.

ალბათ მკითხველთა ნაწილს მაინც ემახსოვრება იან ლარის საკუთარ ეზოში დაკარგული ცნობისმოყვარე ბავშვები. თუმცა, თუ პერსონაჟებს წიგნში აღწერილ საოცარ თავგადასავალში მოსახვედრად ჯადოსნური ფხვნილი სჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია უკიდეგანო ბავშვური წარმოსახვა გამოვიყენოთ. მხოლოდ პატარებს შეუძლიათ,  ფანტაზიის ძალით დეკორატიული გაზონი თვალუწვდენელ მინდვრად აქციონ. ამ წარმოსახვით მინდორზე გამართული სახელდახელო პიკნიკის დასრულების შემდეგ, პატარა მსმენელები გაორკეცებული ინტერესით ჩაერთვებიან თქვენ მიერ შეთავაზებულ თავგადასავალში (ე.წ. განძის თუ „დაკარგული მგზავრების“ მოძიების ან მოსმენილი თავგადასავლების გაცოცხლების პროცესში) და მაძიებლობის საწყის უნარ-ჩვევებსაც განივითარებენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“