სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფიზიკის მასწავლებლის პორტრეტი

ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, სადაც ალბათ, არასოდეს მიმიღებდნენ როგორც მოსწავლეს და არცთუ ხალისით მიღებდნენ, როგორც ინტელექტკლუბის მოთამაშეს, ამჯერად ინტერვიუერის სტატუსით მივედი _ უნდა გავსაუბრებოდი მასწავლებელს, რომელიც მერი კავთელიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ერთგვარ მენტორად დაასახელა. თუ ჯერ კიდევ არ იცით, ვინ არის მერი, გეტყვით, რომ იგი ,,ოქროს გოგონაა”, ყველა მასწავლებლის (და მშობლის) ახდენილი ოცნებაა: გოგონა, რომელმაც ოთხი ამერიკული უნივერსიტეტის საკმაოდ სოლიდური დაფინანსება მოიპოვა და საბოლოოდ ე.წ. ,,აივი ლიგის” (ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის ასოციაცია) წევრი პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მერი კავთელიშვილის შესახებ ბევრი რეპორტაჟი გააკეთეს და ეს, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, მე კი მომინდა მესაუბრა მასთან, ვინც ამ (და არა მხოლოდ ამ) თვალისმომჭრელი წარმატების თანაავტორია _ ფიზიკის მასწავლებელთან, ბატონ ზაურ ჭელიძესთან.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან ყველაზე მწირად, ალბათ, სწორედ ფიზიკის ცოდნა გამომყვა, ეს დისციპლინა მაინც განსაკუთრებულად მიყვარს ისევე, როგორც ჭეშმარიტ ფიზიკოსებს მუდამ უყვართ ლიტერატურა (აქ არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს გურამ დოჩანაშვილის ხუმრობა ფიზიკოს-ლირიკოსებზე). ალბათ, იმიტომ რომ სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნის ზოგადსაკაცობრიო ოცნებებს, რომლებსაც ლიტერატურა ახმიანებს, სწორედ ფიზიკა ასხამს ხორცს. როდესაც ბატონ ზაურთან მივდიოდი, ვვარაუდობდი, რომ მას ლიტერატურა ეყვარებოდა, არც შევმცდარვარ.
მასწავლებლობა საუკეთესოების პროფესია


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კოსმოსის ციებ-ცხელებით შეპყრობილი მეცხრეკლასელი ბიჭი სოფლიდან ქალაქში, უფროს დასთან ჩამოვიდა და სულ მალე გახდა კლასში ერთ-ერთი საუკეთესო და სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა.
მერე ბიჭი უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე მოეწყო და სტალინის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს, რომელიც მთელ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სტუდენტს ერგებოდა.
მერე ასპირანტურაში ჩააბარა და მოსკოვში სემინარზე წასულმა თავისთვისვე მოულოდნელად იქვე დისერტაციაც დაიცვა. უნივერსიტეტშიც დიდხანს მუშაობდა მკვლევრად.
მის ცხოვრებაში სკოლა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დამატებითი შემოსავლის ძიებისას გამოჩნდა, მერე კი დარჩა და დარჩა, იქცა ყველაზე მნიშვნელოვნად და ის უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, მასწავლებელია…

მასწავლებელი
ჩემი დაკვირვებით, კარგი მეცნიერები, როგორც წესი, ხშირად არცთუ კარგი მასწავლებლები არიან. ეს გასაკვირი სულაც არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ მკვლევარს ხშირად უჭირს არათუ მოსწავლის, არამედ სტუდენტის დონემდე ,,დაშვება”, მოვლენების მისთვის გასაგები ენით ახსნა. ბატონი ზაური ამ მხრივაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მასთან საუბრის დასაწყისშივე ვიგრძენი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ინტერვიური და ის სტატიის გმირი, მისი ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი და დაიწყო ჩემი შესწავლა, რათა ჩემი განათლების, ემოციური ინტელექტის, ინტერესების სფეროს გათვალისწინებით მოეწოდებინა ამომწურავი და გასაგები, საინტერესო მაგალითებით გაჯერებული ინფორმაცია. ეჭვი აღარ დამრჩა, ნამდვილ მასწავლებელს ვუსმენდი, მასწავლებელს, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის, რომელსაც შეუძლია მუსიკაზე გადაგებული ვუნდერკინდიც კი რამდენიმე თვეში ფიზიკის კარგ მცოდნედ აქციოს.
და მაინც, რომელი თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს?
მე ამის ახსნას არ შევეცდები, მხოლოდ რამდენიმე  ისტორიას გიამბობთ:
გაბრწყინებული თვალები

იყო ერთი მოსწავლე, გვარად ლაგვილავა, ფიზიკა იმდენად კარგად იცოდა, რომ ხელსაც არასოდეს იწევდა, სახეზე მოწყენილი გამომეტყველება ეფინა და მხოლოდ მაშინ, თუკი მასწავლებელი რამე განსაკუთრებულსა და საინტერესოს იტყოდა, რამე ისეთს, რაც სახელმძღვანელოებში არ ეწერა, თვალები უბრწყინდებოდა. და მხოლოდ იმიტომ, რომ ლაგვილავას თვალებში სხივი დაენახა, მასწავლებელი გამუდმებით ეძებდა საინტერესო ახალ ამბებს.
ექვსიანი
კომაროვში მისვლისას ბატონი ზაური მასწავლებლობასაც და დირექტორის მოადგილეობასაც ერთი პირობით დათანხმდა _ არასოდეს დაევალებოდა ბიუროკრატიული წვრილმანები და მხოლოდ დიდაქტიკის შემოქმედებითი მხარით დატკბებოდა. ამ უპირატესობით იგი დღემდე სარგებლობს.
არ უყვარს ბევრი წერა, არასოდეს ხსნის ამოცანებს წინასწარ, მხოლოდ გაკვეთილზე, მოსწავლეებთან ერთად. ამიტომაც, ხშირად ეუბნება მოსწავლეებს, რომ ბევრს სწავლობს მათგან.
ერთხელაც კლასს მისცა ამოცანა, რომელიც უკვე ხუთი გზით ამოეხსნა ბავშვებთან ერთად და პირობა მისცა, რომ რამდენი გზითაც ამოხსნიდნენ, ზუსტად იმდენი იქნებოდა მათი შეფასება. ჰოდა, ერთმა კარგმა ბიჭმა, ვაჟა ჯაყელმა მეექვსე მეთოდიც იპოვა სწორი პასუხის მისაღებად და მერე დაჟინებით ითხოვდა ჟურნალში ექვსიანის ჩაწერას, რომელიც დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად მასწავლებელმა ორ ხუთიანში გადაუცვალა.
ექვსი ფრიადი


გუმანმა მიკარნახა, რომ ამ კითხვაზე პასუხს არ აარიდებდა და გავბედე:
,,შეცდომები თუ დაგიშვიათ? ან თუ უკითხავს მოსწავლეს რამე ისეთი, რაზეც პასუხი არ გცოდნიათ?”
უკითხავს და მასწავლებელიც მეორე დღეს რამდენიმე საათი იჯდა საჯარო ბიბლიოთეკაში პასუხის გასაგებად, მნიშვნელოვან შეხვედრაზეც კი დაიგვიანა.
ზაურ მასწავლებელს მოსწავლისთვის, რომელიც მას შეცდომაში ამხელს, უმაღლესი შეფასება აქვს ჯილდოდ დაწესებული. ასეთი ფრიადი ექვსჯერ დაუწერია და თითოეული შემთხვევა თვალნათლივ ახსოვს. თუმცა ერთი მაინც გამოირჩეოდა:
მოსწავლე, გვარად ნათაძე, ისეთი ნიჭიერი იყო, ექსტრემალურ სიტუაციაში მასწავლებელსაც კი შეცვლიდა გაკვეთილზე. ერთხელ ბატონმა ზაურმა დაფაზე რადიომიმღების სქემა დახაზა, რომელშიც კონდენსატორიც იყო ჩართული.

_ კონდენსატორი რომ მოვხსნათ, რადიომიმღები იმუშავებს?- იკითხა ნათაძემ.
ამ დროს ზარი დაირეკა და მასწავლებელმა ნაჩქარევად მიუგო, არაო.
_ რომ ავაწყო?
_ ადი ლაბორატორიაში და ააწყვე.
ნათაძემ ცოტა ხანში მართლაც ჩამოიტანა რადიომიმღები, რომელიც კონდენსატორის გარეშე, მართალია, ცუდად, მაგრამ მაინც მუშაობდა და ფრიადიც მიიღო.
ნიშანი, როგორც დაფასების ნიშანი


ზაურ მასწავლებელი არ მალავს, რომ სულ რამდენჯერმე, მაგრამ მაინც, როდესაც მოსწავლის წარმატების შესახებ გაუგია, მაგალითად, ჭადრაკში, სიმღერასა ან ლიტერატურაში, მისთვის ჟურნალში ერთი ,,ზედმეტი” ფრიადი ჩაუწერია, როგორც ნიშანი იმისა, რომ უხარია მისი წარმატება, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ საკლასო ოთახითა და ფიზიკით არ შემოიფარგლება.
და ისევ ფიზიკის შესახებ


მერიმ თქვა, რომ მან შეაყვარა ფიზიკა, რადგან დაანახა არა როგორც ფორმულაში ჩაკეტილი, არამედ ქმედითი, დინამიკური მეცნიერება სამყაროს ყოველდღიურობის, გარემომცველი მოვლენების შესახებ. თავადაც ამან შეაყვარა ეს დისციპლინა – ინტერესმა თუ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რატომ?..
და რაც უფრო მეტს გებულობს, მით მეტია ამოსახსნელი და იმატებს სურვილიც, რომ რაც შეიძლება მეტს გადასცეს ცოდნა, რომ ეს უსასრულო პროცესი დაჩქარდეს.
_ განა მობილური ტელეფონი, ჯიბეში რომ უდევს დღეს ყველას, სასწაული არაა? – მეკითხება.
_ სასწაულია, _ ვპასუხობ და ვხვდები, რომ მობილური ტელეფონი პოეზიაა, მთელი კაცობრიობის ოცნება, რომ ყოველ წამს და ყველგან შეძლო ხმა მიაწვდინო ყველას, ვინც გიყვარს და გული დაიმშვიდო, რომ კარგადაა, არაფერი უჭირს.
_ შემდეგი რა იქნება? – ვეკითხები და ჩემს ოცნებას ვანდობ, _ დროის მანქანა?
ვსაუბრობთ დროის მანქანის გამოგონების პერსპექტივებზე. შეუძლებელი არაფერი ჩანს, სულაც პირიქით.
მისთვის სასწაულია ინტერნეტიც, გლობალიზაციაც, თვითრეალიზაციისა და თავისუფალი აზროვნების ახალი შესაძლებლობები. ჩემთვის კი ბედნიერებაა საუბარი ხანმოყრილ ადამიანთან, რომელსაც სიახლეები კი არ აშინებს, აღაფრთოვანებს.
_ ღმერთი თუ გწამთ? – ბანალურია, ფიზიკოსთან საუბრისას ეს კითხვა ყველას უჩნდება.
_ მწამს ბუნების ძალების. მეცნიერებას შეუძლია ამოხსნას, რისგან შედგება ადამიანი, მაგრამ როდესაც ყველა ამ ნივთიერებას წინ დაუწყობ: წყალს, ფოსფორს, ჟანგბადს… და მეცნიერი შექმნის ადამიანს, ეგებ მაშინ აღარ დასჭირდეს მას ღმერთი.
მაგრამ ადამიანებს ჯერ კიდეც სჭირდებათ ღმერთი, ხოლო ბავშვებს – კარგი მასწავლებელი.
ან არა მხოლოდ ბავშვებს. ვემშვიდობები, მოვდივარ და ვფიქრობ ჭკვიან მზის სხივზე, რომელიც თურმე მუდამ უმოკლეს მანძილს ირჩევს მიზნამდე მისასვლელად. ეს ორი საათი ზუსტად მეყო იმის მისახვედრად, რამდენი დავკარგე. უიმედოდ ვავლებ თვალს დღის, თვის, მთელი წლის გაწერილ გრაფიკს:
– ეგებ მაინც გესწავლა ფიზიკა? – ვეკითხები საკუთარ თავს, – ჰა, რას იტყვი?!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“