კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

საკლასო პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები-Skype გაკვეთილები

უახლესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: კომუნიკაციაზე, თანამშრომლობაზე, სწავლაზე, სწავლებაზე.

აშკარაა, რომ XXI საუკუნე სხვა ფენომენია და სწავლა სულ სხვა, ისეთი პრინციპებით ხდება, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ.

დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც მათ შეუძლიათ დაურეკონ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეტყობინება გაუგზავნონ,  შეუძლიათ  ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.

იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი, ის უნდა იყოს გარკვეული  ტექნოლოგიებში და მუდმივად ეცნობოდეს მათ განვითარებას.

შეუძლებელია მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოყენებით ვასწავლოთ დღევანდელ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების,  კულტურების და ადამიანების შესახებ. უნდა მივცეთ მათ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვდნენ. ეს მათ ძალიან მოსწონთ. ასეთი მიდგომით სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია იზრდება.

ტექნოლოგიების გამოყენებით თანამშრომლობა ხდება მაშინ, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრულ რესურსს და პროექტებს. ასევე, დოკუმენტების გაცვლა  ხდება ელქტრონული ფოსტით.

საკლასო ოთახში სიახლეების დანერგვა ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გასაზრდელად.

კომპანია მაიკროსოფტის ინიციატივით საქართველოში  ექსპერტი მასწავლებლების  მიერ ტარდება სკაიპგაკვეთილები. არის ე.წ  Mystery Skype, Skype Lessons, Virtual Field Trips, Skype Collaborations, Guest Speakers.

სკაიპჩართვა სასწავლო პროცესში შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გაუზიარონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს (თანატოლებსა და კოლეგებს) ცოდნა და გამოცდილება, გაცვალონ ინფორმაცია.

მაგალითად, Mystery Skype არის ინტერაქტიული სწავლების მეთოდი, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა ქვეყანაში მოსწავლეები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს და მიღებული პასუხებით ცდილობენ გამოიცნონ  ქვეყანა, რომელთანაც მიმდინარეობს სკაიპჩართვა. ინტერაქტიული სწავლების ეს მეთოდი მისაღებია მოსწავლეთა ყველა ასაკისათვის და პასუხობს XXI საუკუნის მთავარ გამოწვევებს.

სკაიპში ჩართვის დროს მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად, ყველას თავისი ფუნქცია აქვს: მისალმება, კითხვების დასმა, ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება, სოციალურ ქსელებში განთავსება და ა.შ. ასეთი ინოვაციური მეთოდებით სწავლება ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას.

სკაიპჩართვების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს ტექნოლოგიების დაუფლებას და გამოყენებას სწავლისას, უცხო  ენის დაუფლებას, სხვადასხვა ქვეყნების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას, ამა თუ იმ ხალხის ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის, ბუნებრივი პირობების გაცნობას, ანალიზის უნარის განვითარებას.

მასწავლებლებში ინოვაციური მეთოდების (ამ შემთხვევაში, სკაიპჩართვის) გამოყენება ზრდის კომუნიკაციის უნარს, სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების გამოცდილების გაზიარებას და გამოყენებას პრაქტიკაში.

მე განვახორციელე  ბევრი სკაიპჩართვა სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. მაგალითად, მქონდა ძალიან საინტერესო სკაიპჩართვა ბაჰრეინთან, სადაც, ვფიქრობ, საკმაოდ კრეატიულმა პედაგოგმა გაგვაცნო იქაური საკლასო გარემო, დაგვათვალიერებინა სკოლა ვირტუალურად. ქვეყნის თავისებურებებზე ესაუბრა მოსწავლეებს, მომავალ პროფესიაზე, გატაცებაზე(ინგლისურად). მიხარია,რომ უცხო ენას საკმაოდ კარგად ფლობენ ჩვენი მოსწავლეები. ჩართვა გვქონდა ისრაელთან, ეგვიპტესთან, ინდოეთთან, ახალ ზელანდიასთან, გვაქვს ძალიან ბევრი შემოთავაზება.

ექსპერტ-მასწავლებლებს ასეთივე ჩართვები გვაქვს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სკოლასთან. მაგალითად, მე მქონდა ძალიან საინტერესო სკაიპგაკვეთილი ქ.გორის ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის ისტორიის მასწავლებელ ლელა კაკაშვილთან. გაკვეთილის თემა იყო ,,საქართველოს ოკუპაცია“. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა ისკაკოვას ინიციატივით,რომელიც ასევე ექსერტ-მასწავლებელია,  განხორციელდა კონფერენცია/workshop “მასწავლებელთა აკადემია Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტებთან ერთად”,სადაც ექსპერტებმა ჩაატარეს ინოვაციური გაკვეთილები. ლელა კაკაშვილმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,, “ნუმიზმატიკური კვლევა”, სადაც მე, როგორც ისტორიკოსი, სკაიპით ჩავერთე და მონეტების კვლევის ისტორიის შესახებ ვესაუბრე მოსწავლეებს. ჩემი თანამონაწილეობით მოსწავლეებმა შეისწავლეს ძველი მონეტები, ჩაატარეს კვლევა და Pen Tableti-სა და sankore-ის საშუალებით მოახდინეს ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშნების ვიზუალიზაცია.

სკაიპის საშუალებით მოსწავლეები  დიდი ინტერესით უსმენენ  უცხო მასწავლებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციის ასამაღლებლად.

ასევე, სკაიპჩართვა გვქონდა  რუსთავის მე-4 საჯარო სკოლასთან. ინგლისური ენისა და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი დავგეგმეთ მე და ინგლისურის მასწავლებელმა, ნათია შევარდენიძემ. სხვა აქტივობებთან ერთად ჩართვის დროს  გამოვიყენეთ ვიქტორინა გუნდის კაპიტნებთან, რამაც ძალიან გაზარდა ინტერესი მოსწავლეებში და გაკვეთილიც უფრო პროდუქტიული გამოვიდა.

მაიკროსოფტის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან არ შემიძლია არ აღვნიშნო ვირტუალური საველე მოგზაურობა ( Virtual field trip), რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ქვეყნის მუზეუმი,ზოოპარკი თუ ბოტანიკური ბაღი დავათვალიეროთ. მქონდა  შესაძლებლობა რუსეთის მუზეუმში მოგზაურობისა. ელენა დეგტიარევა გამოწყობილი იყო რუსულ ეროვნულ სამოსში (რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე) და ასე გვაჩვენა მუზეუმის ექსპონატები.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულმა ცვლილებებმა და მსოფლიო გლობალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობამ შეცვალა დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი. მოსწავლეებს ახლა უკვე განსხვავებული მოთხოვნილებები გააჩნიათ.

სწავლების  ინოვაციური მეთოდი-სკაიპჩართვა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ XXI საუკუნის უნარები და მოერგონ თანამედროვე მსოფლიოს. ეს არის საშუალება, გაიზარდოს მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

სკაიპჩართვების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, ლიდერობის, ჯანსაღი კონკურენციის, პრეზენტაციის, სხვისი აზრის პატივისცემის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სწავლება-სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის კვლევითი ინტერესებისკენ არის მიმართული. ამგვარად აგებული სასწავლო პროცესი მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ინფორმაციის მოპოვების, პრობლემათა გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს.

დღეს მსოფლიო პედაგოგიკა ცდილობს სასწავლო პროცესის ტექნოლოგიზებას. თავდაპირველად იგი გულისხმობდა სასწავლო პროცესის ტექნიკური საშუალებით ორგანიზებას. ყოველივე ამას ხელი უნდა შეეწყო და გარდაექმნა მასობრივი სწავლების პროცესი.

ამჟამად ტექნიკური სწავლების მეთოდი არ გულისხმობს მხოლოდ სწავლების ტექნიკური საშუალებების  გამოყენებას, არამედ იგი მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუირებასაც, კერძოდ: შედეგზე ორიენტირებული სასწავლო მიზნების დასახვას, დასახული მიზნების შესაბამისად, სასწავლო მასალების მომზადებასა და ორგანიზებას, სასწავლო პროცესში მიმდინარე შედეგების შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში სწავლების პროცესის კორექციას, საბოლოო შედეგების შეფასებას.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობისათვის საჭირო მიმართულების მიცემა, საკუთარი შესაძლებლობების, როგორც შემოქმედებითი მუშაობის სტიმულის, რწმენის ჩანერგვა.

ეფექტიანი სწავლა სოციალური ინტერაქციის გზით მიიღწევა. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება, მაგალითად, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, ურთიერთსწავლება და სხვა.

ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება და ყველა სფეროში დანერგვა სწავლის პროცესისა და ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების კანონზომიერი პროცესია. ამიტომ მისი მიღწევისათვის  ერთადერთ რეალურ გზად გვესახება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ინტერნეტ-ტექნოლოგიების ფართო დანერგვა.

ინტერნეტი აწვდის მოსწავლეს იმდენად ღრმა და ვრცელ ინფორმაციას, გამდიდრებულს ეფექტური თვალსაჩინოებით, რაც მიუწვდომელია სწავლების ტრადიციული მეთოდისათვის. იგი მკვეთრად აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს.

ამრიგად, მაიკროსოფტის ინიციატივები: სკაიპგაკვეთილები, სასწავლო რესურსების შექმნა გრაფიკული ტაბის გამოყენებით  და სხვა- ეს ყველაფერი ემსახურება მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი სწავლების, გამოცდილების გაზიარების, ინტერაქტიული მეთოდების, ინოვაციების სასწავლო პროცესში დანერგვას, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ XXI საუკუნის უნარები. ამგვარი ხედვა იმედს იძლევა, რომ შეიცვლება სკოლის ,,პროდუქციაც“-სკოლადამთავრებული ახალგაზრდა იქნება არა მარტო ფართო თვალსაწერის მქონე წიგნიერი ადამიანი, არამედ ინიციატივიანი ქმედითუნარიანი პიროვნება, რომელსაც წარმატებით შეუძლია გადაჭრას  საკუთარ თავთან და  სოციალურ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ჩაჩანიძე გ, სანთარია ვ. ინტერნეტ-განათლების ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები. თბილისი გვ: 132-136.
  2. სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები, სოფიკო ლობჟანიძე, 2012 წ 16.05
  3. М. В. Кларин «Инновационные модели обучения в зарубежных педагогических поисках,», Москва, 1994. გვ. 31-32

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი