სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მხატვრული კონტრასტი ნაწარმოების მთავარი სათქმელის გაგებისათვის.

წუთისოფლურ სამყაროს საფუძვლად უდევს დაპირისპირების კანონი. ეს არის სამყარო, სადაც სიკეთეს შეიცნობ იმით, რომ არსებობს ბოროტება, სადაც სიცოცხლე იმით არის ძვირფასი, რომ სიკვდილი მეფობს. არ შეიძლება არ გაგახსენდეს ვაჟა:,,შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“. ასე მოაწყო შემოქმედმა ჩვენი სამყარო_ჩვენი ცნობიერება უნდა ჩასწვდეს ბოროტების, ნგრევის, ქაოსის არსს, შეიგრძნოს იგი, რათა იოცნებოს, იბრძოლოს , იღვაწოს სიკეთისათვის და განვითარდეს სულიერად, მიუახლოვდეს პირველ საწყისს, დაუბრუნდეს თავის არსს, ეს არის მოძრაობა ვერტიკალურად_მიწიდან ცისკენ, ორი სამყაროს კავშირის აღდგენა_ადამიანური იდეალი.

მიწიერი სამყაროს არსებობის ამ წესს მხატვრული სახეების შესაქმნელად ხშირად იყენებს მწერლობა, რომლის მოვალეობაა ადამიანური ყოფის, სულის მოძრაობის გამოსახვა.უმეტეს შემთხვევაში მხატვრული კონტრასტით გადმოსცემს მწერალი თავის მთავარ სათქმელს, იდეას. ილიას მოთხრობაშიც ,,სარჩობელაზედ“ გვხვდება ეს ხერხი და შესაძლებელია მასზე დაკვირვებით, ანალიზით ბავშვები მივიყვანოთ მწერლის მთავარ სათქმელამდე, აღმოვაჩენინოთ, რა მიზნით შექმნა მწერალმა ნაწარმოები, რა იყო დაწერის მთავარი მოტივი, მისი მთავარი ,,მესიჯი“ მკითხველისადმი.

ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ,როგორ ვამუშაოთ მოსწავლეები ტექსტის მხატვრულ ანალიზზე, კერძოდ,მხატვრული კონტრასტის მაგალითები უნდა დავაძებნინოთ ტექსტში. ეს სამუშაო ბავშვებს შეიძლება მოთხრობაზე მუშაობის დაწყებისთანავე ვთხოვოთ, ყოველ თავში მარკერით, ფანქრით მონიშნონ და ამოიწერონ რვეულში მხატვრული კონტრასტის მაგალითები. როცა ტექსტის შესწავლას დაამთავრებენ, უკვე მასალა შეკრებილი, ამოწერილი ექნებათ და შეიძლება მისი გამოყენება ბოლო გაკვეთილისათვის ,რომელზეც დისკუსიის საშუალებით უნდა გაირკვეს მწერლის მიზანი, ნაწარმოების მთავარი სათქმელი.სავარაუდოდ ბავშვები ამოიწერენ:

უფროსი ძმა-უმცროსი ძმა.

უფროსის გარეგნობა-,,უფხო გული ჰქონდა დამალული“;

უმცროსის გარეგნობა-,,მეორეს სხვა ნიშანწყალი ჰქონდა.“

,,უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც“

,,უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზე“

უფროსი აშკარად ტყუის, უმცროსს აშკარად არ მოსწონს ძმის საქციელი და ცდილობს შეაჩეროს.(დასაწყისშივე ჩანს ორი სხვადასხვა ბუნების ადამიანი).

ასაკი-ყმაწვილები-,,ძუძუმწოვრები“(ბიჭებს პეტრე ეძახის ასე).

დროული კაცი“ (პეტრე ასე ეძახის თავის თავს).

კაცი და დედაკაცი(მახათაზე  სეირის საყურებლად შეკრებილი საზოგადოება).

ქალაქი (მახათას მთა ,სადაც დგას სახრჩობელა)  და სოფელი (სადაც ბიჭები გაიზარდნენ და საიდანაც გამოყარეს).

ბეჟანის ჩამოხრჩობისას: ,,ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქოს სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო“(სიკვდილის შიში)

ბეჟანის ჩამოხრჩობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ:,,ხალხი, წუთის წინათ სულგანაბული, ეხლა მხიარულად ყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც.“

(ვაჟა-,, სიკვდილი ყველას გვაშინებს სხვას თუ ჰკვლენ ცქერა გვწადიან, კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯერა თუ რა დიდს ცოდვას სჩადიან“…)

,,მართალი თვალთმაქცობა თუ ტყუილი ჩამორჩობა“(პეტრე თაკილობდა, რომ პირველი ტყუილი აღმოჩნდებოდა,ერჩივნა ჩამოხრჩობა ყოფილიყო სინამდვილე).

,,შინაური გვცემდა -უცხოს ვებრალებოდით“.

,,ყველანი“-,, ჩვენ“ -ამ სიტყვებში ჩანს ,როგორ გარიყა ძმები საზოგადოებამ და როგორი დაპირისპირებაა მათ შორის.

მართალი- მტყუანი.

,,თქვენ სეირს უყურებდით- მე ვუყურებდი და ვიწოდი“ჩამოხრჩობილის ძმის სიტყვები.,, მე ერთი აქეთ პირას დავრჩი- თქვენ მრავალნი -იქით“.

,, განკითხვის დღემ გამოაჩინოს საით არიან მართალნი და საით მტყუანნი“.

და ბოლოს ყველაზე მთავარი კონტრასტი – ცოდვა და მადლი- ,,ქალაქში  ცოდვა და მადლი ხალვათად დადის , ორთავეს დიდი შარაგზა აქვს“- ეს უმცროსი ძმის  სიტყვებია, თუმცა ნაწარმოებში კარგად ვხედავთ, რომ ყველგან და ყველას სულში უპირისპირდება ერთმანეთს ცოდვა და მადლი.

ეს მაგალითები ცხადყოფს,როგორ იხლიჩება ორად ადამიანის სული, სამყარო, საზოგადოება, როგორ ებრძვის ერთმანეთს ცოდვა და მადლი პერსონაჟთა სულში, საზოგადოებაში, რომელთა ჭიდილშიც უნდა გადაწყდეს, გადარჩებიან, თუ დაიღუპებიან,ექნება ამ საზოგადოებას ,მისგან გარიყულ წევრებს მომავალი თუ არა…

ნაწარმოების ბოლოს ილია სვამს რიტორიკულ შეკითხვას:,,მართლა და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში იყო…“  ამ შეკითხვით ილია იწვევს მკითხველს,ჩაიხედოს საკუთარ სულში, გაასამართლოს პეტრე და მასთან ერთად საკუთარი თავი. ეს შეკითხვა უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა დისკუსიისთვის.

დისკუსიის დროს, ალბათ ,გამოიკვეთება ორი მოსაზრება-იქნებიან ბავშვები, რომლებიც პეტრეს დაადანაშაულებენ, იქნებიან ისინი, ვინც პეტრეს გაამართლებენ(შესაძლებელია ეს დისკუსია ორმა ქართულის მასწავლებელმა ჩაატაროს და თავადაც საწინააღმდეგო პოზიციები დაიჭირონ, თუმცა დისკუსიის დროს აცალონ უნდა ბავშვებს საკუთარი აზრის დაფიქსირება,მხოლოდ კითხვებით, მინიშნებებით შეახსენონ   საჭირო ადგილები ტექსტიდან).

მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პეტრე მართალია,უნდა დაძებნონ შესაბამისი არგუმენტები და ადგილები ტექსტში. ამას  ადვილად იპოვიან ნაწარმოების დასაწყისში-პეტრე უანგაროდ უმასპინძლდება ყმაწვილებს, ამხნევებს-,,ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა“, ,,ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში შიმშილით ლეკვიც კი არ მომკვდარა“…,,ასე გგონია სათათრეთში იყვნეთ“…

დასაწყისში პეტრე მკითხველზე, განსაკუთრებით ბავშვებზე იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს,იმდენად უხარიათ პეტრეს სიკეთე,რომ ბოლომდე უჭირთ ბეჟანის ძმის სიტყვებში გარკვევა,რომელიც პეტრესაც ბრალს სდებს  ძმის სიკვდილში.

პეტრე აქ კეთილია, ხელგაშლილია, უანგარო მასპინძელია, მზრუნველ მამას ჰგავს-თავისი ნაბადიც კი გაუშალა ბიჭებს და თავად კი მიწაზე დაწვა:,,თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზე გდებას ვერ აიტანთო“.

პეტრე ფულითაც არ იხიბლება-როცა გაძარცვავენ, ფულზე არ დარდობს-,,მაგას ვინ ჩივის“…,,ღმერთმა იმათ კი შეარგოთ.“

ნაწარმოების ბოლოს,როცა ბეჟანის ძმის წერილს პეტრეს შვილი ხსნის ,იქედან ფული გადმოცვივდება, პეტრე ზედაც არ შეხედავს, მას მხოლოდ წერილის შინაარსი აინტერესებს.

 

მახათაზე არ სჯერა, რომ კაცს ჩამოახრჩობენ,, კაცის ჩამორჩობა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის აიღო და ჩამოჰკიდო, რაც არ უნდა იყოს ღვთის სული ადამიანია.“

ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები, ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ…ტექსტის ეს ადგილები აძლევს საშუალებას პეტრეს დამცველებს გაამართლონ იგი.

მოსწავლეების მეორე ნაწილი ეძებს ტექსტში პეტრეს გამამტყუნებელ ეპიზოდებს, ფრაზებს. ნაწარმოების დასაწყისში ერთი შეხედვით პეტრე კეთილი გლეხია, შემდეგ რთულდება მისი სახე. მწერალი  ნელ-ნელა  წარმოაჩენს ადამიანური ბუნების იდუმალ მხარეებს,გვიჩვენებს, რა ცოდვა-მადლი ტრიალებს ადამიანის სულში.

 

მეორედ პეტრეს ვხედავთ,,ყეინსავით გამოჭიმულს“ ურემზე,რომელსაც სიამაყით ევსება გული შვილის გამო,  მას ვაჟიც სასახელო გაუზრდია, თავი მოსწონს, რომ ,,გზის მამალი ამის შვილის ურემზედ დაესვათ, პირველობაც ურმის ქარავანში შვილისთვის მიეცათ“. მაგრამ იგი,,თავის ჯამს მაცქერალი“ კაცია, რომელსაც უჭირს სხვისი ტკივილის დანახვა.თავიდან მშიერ-მწყურვალ ბიჭებს იფარებს,მაგრამ მახათაზე თავისი შვილის ტოლა ახალგაზრდის სიკვდილით დასჯას ესწრება…პეტრე, რომლის სიკეთითაც მოხიბლული ვართ დასაწყისში, გაძარცვის შემდეგ უფრო მეტად საკუთარ თავმოყვარეობაზე ფიქრობს, ვიდრე დაღუპულ ახალგაზრდებზე, მათს ბედზე, ვინ არიან, რამ მიიყვანა ისინი ასეთ მდგომარეობამდე. მას თავიდანვე გამორჩა მხედველობიდან ბეჟანისა და მისი ძმის წაკამათება,როცა ბეჟანის ტყუილები უმცროსს აბრაზებდა. დროული, ბევრი ჭირ-ვარამის მნახველი პეტრე,როგორც იგი თავის თავს უწოდებს, ვერ ჩასწვდა ახალგაზრდების სულს.პატივმოყვარეობა  მას მხოლოდ საკუთარ თავზე აფიქრებს,გული არ სწყდება,რომ ბავშვები ცუდ გზას დასდგომიან(ის ხომ მამაა, შვილები მასაც ჰყავს)  და იმას დარდობს გაძარცული:, ,ვისაც ვეტყვი, დამცინებს“, მეზობლები ჯავრით გამხეთქენ“. .,,ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, უსუსურმა ბავშვმა გამქურდა“, ,, მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არა ჰქონდა შემშრალი…ეს დროული კაცი“.

მას თითქოს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ,სოფლელობა მისთვის უვიცობასთან, სიბრიყვესთან ასოცირდება, მუდამ იმას შიშობს ,არ დასცინონ ახლობლებმა,მეზობლებმა,ქალაქში _ქალაქელებმა-თითქოს არ სჯერა ,რომ კაცს არჩობენ,მაგრამ შეკითხვას და დაზუსტებას არ კადრულობს, არ დამცინონო. ანუ ის,რაც ხდება მახათაზე, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი პატივმოყვარეობა.

,,კეთილი“ პეტრეს ნამდვილი სახე სახრჩობელასთან,მახათაზე გამოჩნდა, თითქოს თავადაც აღმოაჩინა საკუთარი თავი, ის მეორე პეტრე,რომელმაც კაცის დარჩობის სანახავად ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გასწია:,,კაცის გული მალია, მალი ცოდვის საქმეზედ, კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწია და!.. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს“. ,,ღვთის წინაშე კი იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას თამაშობდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ…“ როგორც ეტყობა, ადამიანი საკუთარ თავს ვერ დაემალება, დიდხანს იპრანჭება, კეკლუცობს და თამაშობს , მაგრამ გურამ დოჩანაშვილის არ იყოს ,,არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით…“ იგი თავის თავს გამოუტყდა,რომ ერჩივნა ნამდვილი  ჩამოხრჩობა ენახა,იგი არ არის ისეთი გულუბრყვილო,როგორიც მკითხველს თავიდან ჰგონია, საკუთარი გულის ბნელ მოძრაობას ხედავს:,,ძნელი რამ არის ,როცა გუნება თავში გამწევ ცხენსავით დაღოჯავს ჭკუის ლაგამსა და ცალმხრივ გაიწევს“.

პეტრეს ბიჭების მიმართ თითქოს ავი არაფერი ჩაუდენია, თავსაც იმართლებს, მე რა შუაში ვარო?-ისევ ილია სცემს ამაზე პასუხს ,,კაცია-ადამიანში“,რაც უნდა გექნა, ის გიქნიაო“. აქაც ილიას აინტერესებს,როგორ ცდილობს ადამიანი იყოს სრული,,ვითარცა ზეციერი მამაი სრულ არს“, როგორ ებრძვის ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას. პეტრე ესწრებოდა იმ სანახაობას ,სადაც ადამიანები გულგრილად უცქერდნენ,ღვთის შვილს როგორ ჩამოახრჩობდნენ წიწილასავით და არავინ კითხულობდა, არავის აინტერესებდა, რამ მიიყვანა ეს ადამიანი სახრჩობელამდე. უმოქმედო და გულგრილი ადამიანებიც თანამონაწილენი არიან მათ ირგვლივ გამეფებული ბოროტებისა.

ისევ ილიას მოვუსმინოთ(1877წ. სტატია ,,სოფლის უფროსის არჩევანი“).

,,უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გულგრილები ვართ სხვის უბედურების დანახვაზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ_ მე ხომ არაო…ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მეშველი არ მეყოლება …მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითოულება არის, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისათვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა.“

იქ ,სადაც ყველა თავისთავზე ფიქრობს,მოყვასის ცნება კარგავს აზრს .თუ უბედურება მას ან მის ოჯახს არ ეხება, ,,სხვისი ჭირია“ და არ ანაღვლებს. ასეთ მშიშარა და გულგრილ საზოგადოებაში კანონი და სახელმწიფოც დაუნდობელია. ადამიანის ბედი, სიცოცხლე არაფრად ღირს,იგი ადვილად იღუპება, დასაღუპად განწირულს არავინ შველის. ილია კარგად ხედავდა თავისი საზოგადოების სისუსტეს,უსამართლო მართლმსაჯულების განუკითხაობას ,ამიტომაც დააყენა საკითხი სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ.

ვინ იცის ,ბიჭების სოფელში რამდენი ,,პეტრე“ იყო ,რომლებიც ხედავდნენ ბიჭების უბედურებას, მაგრამ ძალა არ ეყოთ, რომ გამოსარჩლებოდნენ ობლებს, რადგან საკუთარ სატკივარს ვერ მოსცილდნენ, აუტკივარი თავი ვერ აიტკივეს და თავადაც ხელი ჰკრეს უფსკრულისაკენ  ახალგაზრდებს,რადგან ისინი მათი შვილები არ იყვნენ.ეს უგუნური საზოგადოება უმოქმედობით, უპასუხისმგებლობით ხელს უწყობს თავისივე წიაღში ავაზაკის, ყაჩაღის ჩამოყალიბებას და ავიწყდება, რომ ხვალ იგი მასზე იძიებს შურს, მას გაძარცვავს, მოკლავს, მას შეურაცხყოფს: ,,გადავემტერეთ  უსამართლო ქვეყანას,გადავემტერეთ ყველას.ყველა ხედავდა,რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ,არავინ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა…ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად“…ამ სიტყვებში ჩანს დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომელიც ყველას დამნაშავედ ხედავს უმოქმედობის გამო და ეს მწარე სიმართლეა.

საინტერესოა ნაწარმოების ფინალი, სადაც არც პეტრე და არც უმცროსი ძმა თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.მწერალი ნაწარმოების დასაწყისში გვეუბნება,რომ ამ ყმაწვილში ღვთის მადლი იყო, პეტრეს სიკეთემ კი ისე იმოქმედა მის სულზე, რომ უკვე ავაზაკად ქცეული აღსარების სათქმელად განაწყო.ვფიქრობ, რომ ილიას მიზანია პეტრესაც უშველოს და გზადაკარგულ ჭაბუკსაც, ოღონდ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ გადარჩებიან.მახათას მთაზე მწერალი პეტრეს მაინც აცალკევებს საზოგადოებისაგან, იმ საზოგადოებისაგან ,რომელმაც ზუსტად იცის, სად მიდის და რა უნდა ნახოს, ეს ხალხი მიჩვეულია ასეთ სანახაობას,ყალბია მისი ვითომ სიბრალულით სავსე სიტყვები:,,რა ახალგაზრდაა ეს უბედურის შვილი!“ და სხვა…ილიას მაინც პეტრეების გამოფხიზლება უნდა, მათში ხედავს ძალას, რომ ფსევდოსიკეთე მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულითა და თანაგრძნობით შეეცვლებათ(შემთხვევითი არ არის ,რომ ბეჟანის ძმას არ დაავიწყდა იგი და მას გაუგზავნა წერილი.)ეს ნაწარმოები არის გზავნილი პეტრეებისათვის, ანუ საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებსაც აქვთ მადლი ღვთისაგან ბოძებული, მაგრამ ამ მადლმა ცოდვას უნდა აჯობოს, ამას დიდი ძალა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოყვასის თავგანწირული სიყვარული სჭირდება.

ვისი იმედი აქვს ამ ნაწარმოებაში ილიას, აქვს თუ არა პეტრეების იმედი?!როცა ამ კითხვას სვამ,გახსენდება რევაზ ინანიშვილის ქალიშვილის სიტყვები:,,დაფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!“

ვკითხოთ დღევანდელ საზოგადოებას: ვნანობთ პეტრეები ჩვენს გულგრილობას? ეს ესე მიეცემათ დასაწერად მოსწავლეებს…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“