სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ზეპირი შემაჯამებელი სამუშაო ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წერილს სხვადასხვა ფორმის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების შესახებ (https://mastsavlebeli.ge/?p=13523) ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. გვინდა ვუპასუხოთ ერთ-ერთ მკითხველს, რომელიც ზეპირი გამოსვლის აქტივობით დაინტერესდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის თანახმად კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს. სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. მათ შორისაა ზეპირი მოხსენების წარმოდგენა.

როგორ დავგეგმოთ შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა – ზეპირი მოხსენების წარმოდგენა

ამ ტიპის შემაჯამებელი სამუშაოსთვის წინასწარ უნდა შევარჩიოთ თემა. არჩევანი ნამდვილად მრავალფეროვანია – მასწავლებელს, კლასის მზაობისა და ინტერესების გათვალისწინებით, შეუძლია შეარჩიოს როგორც თეორიული საკითხი, ისე მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების ელემენტები, შემეცნებითი ტექსტის მომზადება-წარდგენა და ა.შ.

ამჯერად სანიმუშოდ განვიხილოთ ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიიდან რომელიმე ეპიზოდის წარდგენა აუდიტორიის წინაშე ან მითოლოგიური პერსონაჟის, გმირის, ღმერთის ამბავი.

ბიოგრაფიისა ან მითოლოგიური პერსონაჟის ამბის დამუშავების პროცესში არაერთი უნარი აქტიურდება. ხდება:

  • ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოვლენებისა და ფაქტების თანამიმდევრულად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარება.

აქტივობის აღწერა და მეთოდური მითითებები

შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებამდე მასწავლებელმა ასაკის გათვალისწინებით თავად უნდა დაამუშაოს რომელიმე პირის ბიოგრაფია. დამუშავების პროცესში მნიშვნელოვანია აუდიტორიის ასაკის გათვალისწინება. თუ საშუალო საფეხურზეა საუბარი – სასურველია საკუთრივ ბიოგრაფიული ტექსტების თავისებურებებზე ყურადღების გამახვილება ( რა ტიპის ნარატიული ტექსტია ბიოგრაფია, ბიოგრაფიული ტექსტების დამუშავების რა მიდგომები არსებობს ( ისტორიული, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური), ამათგან რომელს რა სპეციფიკა აქვს და ა.შ.).

თავდაპირველად სანიმუშოდ მასწავლებელი თავად გააცნობს მოსწავლეებს  ერთ-ერთ ბიოგრაფიულ ტექსტს, რომელსაც კლასში წაიკითხავენ. მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დააკვირდებიან ბიოგრაფიული ტექსტის ენობრივ, სტილისტურ და სტრუქტურულ თავისებურებებს (აღწერითი ხასიათი, ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვა, თხრობა მესამე პირში…).

მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, დაწერონ ბიოგრაფიული ტექსტი. მოსწავლეები შეარჩევენ ბიოგრაფიის სუბიექტს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი მათ დამოუკიდებლად გააკეთონ. ნუ შეზღუდავთ მხოლოდ ლიტერატურის დარგში მოღვაწეებით. ეს შეიძლება იყოს მწერალი, რომლის ნაწარმოებსაც მოსწავლეები სწავლობენ, ისტორიული პირი, სპორტსმენი, მსახიობი, მუსიკოსი, მათი თანამედროვე პირი, რომელსაც რაიმე საინტერესო ან მნიშვნელოვანი გაუკეთებია, ოჯახის წევრიც კი.

ბიოგრაფიული ტექსტის შესაქმნელად მოსწავლეები, პირველ რიგში, უნდა გაეცნონ მასალებს შერჩეული სუბიექტის შესახებ. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა წყაროებით ისარგებლებენ ტექსტის შესაქმნელად. ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეგვიძლია ვთხოვოთ  შემოიფარგლონ 2-3 წყაროთი – ეს შეიძლება იყოს ენციკლოპედია, ნარკვევი, ზეპირი მონათხრობი, ვიდეოლექცია, გამოკითხვის შედეგი და ა.შ.

მასალების ანალიზის, დახარისხებისა და ორგანიზების დროს მიღებული მონაცემებისა და დასკვნების საფუძველზე მოსწავლეები დაწერენ ბიოგრაფიულ ტექსტს. შესაძლოა, ვთხოვოთ ფორმატზე მუშაობაც, სადაც დართული იქნება თვალსაჩინოებები – მოსწავლეების მიერ შექმნილი სქემები, ნახატები, ილუსტრაციები, ფოტოები…

შემაჯამებელი სამუშაოს ჩაბარების დღე მოსწავლეებს წინასწარ უნდა ეცნობოთ. თითოეულს ექნება ლიმიტირებული დრო საკუთარი ნამუშევრის წარსადგენად. წარდგენისთვის ერთი ან ორი წუთი ( შესაძლოა, მეტიც, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ამის საშუალებას გვაძლევს) სავსებით საკმარისი იქნება. მოსწავლეებმა უნდა აღწერონ მუშაობის პროცესი და პასუხი გასხენ შემდეგ კითხვებს:

რატომ აირჩიეს ეს პირი?

რა წყაროები გამოიყენეს მუშაობის პროცესში?

რატომაა საინტერესო ან მნიშვნელოვანი პირის ცხოვრება-ბიოგრაფია?

ერთი ეპიზოდი ნაშრომიდან, რაც მსენელებს ინტერესს აღუძრავს.

მთლიანი ბიოგრაფიის წარდგენა შემაჯამებელი სამუშაოს მიზანი არ და ვერ იქნება. მიზანი, ამ შემთხვევაში, მსმენელების( აუდიტორიის) დაინტერესებაა.

 

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

ლიმიტირებულ დროში დასახული მიზნის მიღწევა;

ბიოგრაფიული ტექსტის სტრუქტურის გააზრება;

ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება, დახარისხება და ორგანიზება;

მოვლენების/ფაქტების გადმოცემა ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვით;

ორგანიზებული ინფორმაციის ნაშრომში ასახვა;

სათანადო ენობრივ-სტილისტური ნორმების გამოყენება, ირიბი ნათქვამისა და ციტირების მართებულად გამოყენება, მიზეზშედეგობრივი და/ან სხვა ლოგიკური მიმართებების ამსახველი ენობრივი კონსტრუქციების მართებულად გამოყენება;

ზეპირი მოხსენების წარდგენა აუდიტორიის წინაშე.

ზეპირი მოხსენებისთვის კარგი იქნება ასევე რაიმე თეორიული საკითხის დამუშავება სხვადასხვა კლასის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ( მაგალითად, ტროპი ან ტროპის რომელიმე სახე, ლიტერატურული გვარი ან ჟანრი).

შესაძლებელია ასევე მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების აქტივობების შეთავაზება – მაგალითად, ამა თუ იმ პერსონაჟის ქცევის მოტივი, სადავო საკითხის შესახებ პოზიციის გამოხატვა არგუმენტირებით და ა.შ.

მთავარია, მოსწავლემ შეძლოს და ერთ ან ორწუთიან ზეპირ გამოსვლაში მიმოიხილოს(ზეპირად)წინასწარ დამუშავებული თემა.

შეფასების რუბრიკაში, ამ შემთხვევაში, დროის ლიმიტი ერთ-ერთი კომპონენტი იქნება.

 

გამოყენებული რესურსი – ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი