კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მთავარი  მეთოდური ორიენტირები ისტორიის სწავლებაში

მასწავლებლის მთავარი სამოქმედო პროგრამა  ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც   პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციაზეა დაფუძნებული.   შესაბამისად,  ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  მეთოდიკური  ორიენტირები მოსწავლეზე ორიენტირებული ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, როგორიცაა:

  • სწავლის მიმდინარეობა პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში;
  • ინტერაქცია;
  • მოსწავლის დაფასება და აღიარება;
  • მოსწავლის პასუხისმგებლობა  საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე;
  • ცოდნის კონსტრუირება არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების საფუძველზე.

 და ამ ყველაფერს  განსაზღვრავს დამოკიდებულება ზოგადად მოსწავლის და სწავლა-სწავლების მიმართ; აღიარება იმისა, რომ ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით.

 საგაკვეთილო საქმიანობაში ეს არც ისე მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან,  როგორც ვხედავთ, სახეზეა გარკვეული წინააღმდეგობა –  ერთი მხრივ, ცოდნის შეძენის პროცესს აქვს ინდივიდუალური ხასიათი და მისი ინდივიდუალიზმი „გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს“ და, მეორე მხრივ – სწავლების ფორმა, ორგანიზება არის  „მასშტაბური“  ხასიათის – მიმდინარეობს ჯგუფში, საკლასო სივრცეში. შესაბამისად, გამოიკვეთება ცოდნის ინდივიუალიზაციისა  და მასობრივი სწავლების ჰარმონიულად შერწყმის პრობლემა. ეს ერთგვარი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის, რომლებმაც სასწავლო პროცესი – თეორიაც და პრაქტიკული სავარჯიშოებიც  სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა ააგონ, ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით.

  • როგორ ვუზრუნველყოთ თითოეული მოსწავლის წარმატება სასწავლო პროცესში?
  • როგორ ვიმუშაოთ ერთდროულად კლასთანაც და თითოეულ მოსწავლესთანაც?

მასწავლებლებს დასახული ამოცანების შესასრულებლად და წინააღმდეგობების დასაძლევად სწავლის დიფერენციაციისა და ინდივიდუალიზაციის, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისთვის ყველაზე ჰუმანური გზის, ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ.

თანამედროვე დიდაქტიკაში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციაში მოიაზრება  მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლის ფორმები, როგორიცაა: დისტანციური სწავლება, თვითგანათლება, სწავლება სახლში, ოჯახში, კლასში, მოსწავლეთა ინდივიდუალური საქმიანობა გაკვეთილზე, სწავლებაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების და პროექტების მეთოდის გამოყენება, ხოლო დიფერენციაცია გულისხმობს მოსწავლეთა დაჯგუფებას ინდივიდუალური სწავლებისათვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

როგორ  ავსახოთ ეს  მიგნებები  პრაქტიკაში, მაგალითად, როგორ წარვმართოთ  მსგავსი  ტიპის გაკვეთილი ისტორიაში?

 

გაკვეთილის პირველ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ დიფერენცირებული ან ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან თემის შესახებ, რაც გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებასაც: მოსწავლეებს ვთავაზობთ, შეავსონ ცხრილის პირველი ორი უჯრა  (მესამე უჯრა თემის შესწავლის შემდეგ შეივსება) (ცხრილი 1). ამ დროს სამიზნე ყველა მოსწავლეა, შესაძლებლობისა და განსხვავებული დონის  მიუხედავად.

რა იცით თემის შესახებ? რის ცოდნა მოგინდებოდათ აღნიშნული თემის შესახებ? რა გაიგეთ თემის შესახებ?
     

ცხრილი 1.

  1. 2. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეთა ერთ ჯგუფს შევთავაზოთ თემის ირგვლივ შეკითხვების შედგება;
  2. მეორე ჯგუფს დავურიგოთ ბარათები დავალებებით, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად შეასრულებს, მაგალითად, თემის „ძველი ინდოეთი“ შესწავლისას  ცალკეულ მოსწავლეებს შევთავაზოთ ასეთი ტიპის დავალებები: ა) „შეკრიბე მაგიდაზე გაფანტული ფრაგმენტები და აღადგინე  რუკა. რომელი ქვეყნისაა ეს რუკა?.. მიღებული შედეგი შეადარეთ ძველი ინდოეთის  რუკას. სწორი იყო თუ არა ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი, რომელმაც ინდოეთის რუკა რომბს შეადარა?“

     ბ) „გაიხსნეთ ყველა ბავშვისთვის საყვარელი ფილმი „მაუგლი“ და ჩამოთვალეთ ყველა ცხოველი, რომელიც იქ გხვდებათ, შემდეგ გაიხსენეთ ბუნების აღწერილობა, სადაც ცხოვრობდა პატარა ბიჭი და ისაუბრეთ ინდოეთის ადგილმდებარეობისა და გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ“ და ა.შ.

  1. შემდეგში, ახალი მასალის შესწალისას, შესაძლებელია სწავლების ინდივიდუალური ორგანიზაციისა და სხვა ფორმებიც გამოყენებაც, რომლებიც შერწყმული იქნება გონებრივ იერიშთან და ჯგუფურ მუშაობასთან. მაგალითად, „შეადგინეთ ექსკურსიის გეგმა ძველი აღმოსავლეთის რომელიმე  ქალაქის შესახებ (მაგალითად შევთავაზოთ ბაბილონი, ნინევია, პერსეპოლისი…), რომელზედაც მითითებული  იქნება ღირსშესანიშნაობები, ასე ვთქვათ, „ექსპონატები“;
  2. მასალის გამტკიცებისას მოვახდინოთ:

ა)  ჯგუფური  და ინდივიდუალური დავალებების  შეხამება – თითოეული მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ დავალებას და შედეგების შესახებ აცნობებს მთელ კლასს;

ბ) გონებრივი იერიშის და ჯგუფური მუშაობის შერწყმა – მოსწავლეებს შევთავაზოთ, იმუშაონ სურვილისამებრ – ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

ჯგუფური დავალების ნიმუში: თემა „ხამურაბის კანონები“ (ჯგუფის დაკომპლექტება ხდება ცოდნისა და უნარების დონეების მიხედვით):

I ჯგუფი – „სახლემძღვანელოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაახასიათეთ იმდროინდელი საზოგადოება“;

II ჯგუფს – დავალებად მივცეთ უფრო მცირე მოცულობის წყაროს ანალიზი, რომელსაც შინაარსობრივად ექნება ნაწილობრივი ძიების ხასიათი, მაგალითად,  „ახსენით რას ნიშნავს თვალი თვალის წინ, კბილი კბილის წინ“  და ა.შ.

III  – გამოიყენებს კიდევ უფრო მცირე მოცულობის მასალას, ძირითადად რეპროდუქტიული ხასიათისას, მაგალითად, „რა სასჯელი ელოდათ ვალის გადაუხდელობის  გამო?“ „ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ნორმების და წესების შედგენა“ და ა.შ.  (აღსანიშნავია, რომ  ჯგუფური მუშაობა ოპტიმალური საშუალებაა წარმატების მისაღწევად და  დისკომფორტის მოსახსნელად   „სუსტი“ და „საშუალო“  მოსწავლეებისათვის).

 

გ) ინდივიდუალური დავალება:

  • რა კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა ასურეთმა?
  • რამ შეუწყო ხელი სპარსეთს, გამხდარიყო „სამყაროს მბრძანებელი“, ხოლო სპარსეთის მეფემ რატომ მიიღო ტიტული „მეფეთა მეფე“;

  1. შესწავლილი მასალის გამტკიცებისას ყურადღებას მივაქცევთ:
  • რომელი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ეხმარებოდა ესა თუ ის სასწავლო ამოცანა;
  • რა ხერხებისა და მიდგომების საშუალებით აითვისეს მოსწავლეებმა  მასალა;
  • რომელ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება და  რა  ფორმით უნდა შევთავაზოთ  ის?
  • რომელ მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ შემოქმედებითი ხასიათის დავალება და რა მოცულობით?
  1. რაც შეეხება საშინაო დავალებას, საშინაო დავალების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია იცავს მოსწავლეს გადაღლისგან, გადაძაბვისგან და ხელს უწყობს ცოდნისა და უნარების გამომჟღავნებას, მაგალითად, დავალებები შეიძლება იყოს ასეთი სახის:
  2. შეადგინეთ მოთხრობა, რომელშიც მიზანმიმართულად დაშვებულია შეცდომა (კონკრეტული ხასიათის);
  3. მოამზადეთ მოთხრობა ისტორიულ მოღვაწეზე ან მითოლოგიურ პერსონაჟზე ისე, რომ არ ახსენოთ მისი სახელი. შესთავაზე მოსწავლეებს, გამოიცნონ ის;
  4. იმუშავეთ ცნებებსა და ლექსიკონზე;
  5. გააკეთეთ ჩანახატი და აღწერეთ სურათი.

სწავლის დიფერენციაცია, ინდივიდუალიზაცია და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ზრდის საგნობრივი ცოდნის დონეს, ინტერესს და მოსწავლეთა კომპეტენციას, ხოლო  სწორად გაკეთებული შეფასების სისტემა ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი