სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ გალაკტიონის “მე და ღამე”

გალაკტიონის  ლექსების  სწავლება იოლი  არ არის…   მის პოეზიაში  ხომ  „გალაკტიონისეული“     აზრი, გრძნობა  და  ემოციაა.  სწავლების დროს მთავრია გალაკტიონი  მოსწავლეებისთვის გახდეს ახლობელი. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა,  მისი   ნაწარმოებების  გაცნობისას  შევეცადოთ სწავლების მეთოდიკა ისე წარვმართოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს გალაკტიონის პოეტურ ნაწარმოებებთან შეძლონ „დიალოგი“, ანუ ეძებონ კითხვები და არა პასუხები ჩვენს დასმულ კითხვებზე; ეს დაეხმარება  მათ გალაკტიონის  ლექსის სტრიქონებში დაინახონ მთავარი ქვეტექსტები.  მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც მისი ერთ-ერთი ლექსის „მე და ღამე“ -ს  სწავლებას შეეხება.

 პირველად წაკითხვის ემოცია

 ლექსის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვოთ:

  • გაიხსენონ ბარათაშვილის “შემოღამება მთაწმინდაზედ”, გრიგოლ ორბელიანის “საღამო გამოსალმებისა”. დაფიქრდნენ ღამის, საღამოს მიმართ რომანტიკოსთა დამოკიდებულებაზე.
  • გაიხსენონ  გერმანელი რომანტიკოსი  ნოვალისი  და მისი დამოკიდებულება ღამის სიჩუმის მიმართ.
  • გაიხსენონ,  თავად როგორ ხედავენ ღამეს, როგორც დღე- ღამის ყველაზე იდუმალ მონაკვეთს, თუ დროის ჩვეულებრივ მონაცვლეობას.

 ამის შემდეგ ვთხოვოთ მოსწავლეებს,  დასვან შეკითხვები  ტექსტის გარშემო და ამით:

  • გამოხატონ თავიანთი იდეები ლექსთან მიმართებაში;
  • ისაუბრონ საკუთარ დამოკიდებულებეზე ლექსის გარშემო;
  • დასვან კითხვები ტექსტის პათოსთან მიმართებაში;
  • და ა.შ.

სუბიექტური დისკურსი  

   საინტერესოა,  მოსწავლეებს განსახილველად  შევთავაზოთ ორი განსხვავებული დამოკიდებულება ღამის  მიმართ:

ღამე – რეალისტებისთვის:

 

„არა, წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავისი ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა და წვალებითა… “

„შენ ხარ ხელის  შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც   ადამიანის დამფრთხალს გონებას უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე;  შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა და უმეცრებისა“…

(ილია „მგზავრის წერილები“);

 

ღამე სიმბოლისტებისთვის:

 

„ყველაფრით უკმაყოფილოს, საკუთარი თავით უკმაყოფილოს, რარიგ მსურს, გამოვისყიდო ყოველივე და მცირეოდენი ხალისი ვიპოვო ღამეულ სიჩუმესა და სიმარტოვეში. უფალო, ღმერთო ჩემო, ჰყავ წყალობა და შემეწიე რამდენიმე მშვენიერი ლექსის შექმნაში, რითაც მე დავუმტკიცებ ჩემს თავს, რომ არა ვარ კაცთა შორის უკანასკნელი და არც მათზე მდაბალი, ვინცა მძულს“.

(შარლ ბოდლერი, „ღამის პირველი საათი“).

 

   ამის შემდეგ   შევთავაზოთ, თავად დასვან კითხვები  გალაკტიონის  ლექსთან „მე და ღამე“ მიმართებაში  და დიალოგურ რეჟიმში გადაიტანონ სუბიექტური დისკურსი. 

      გალაკტიონის სატკივარი

 

 მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს გავახსენოთ/ მივაწოდოთ  შემდეგი  მასალები:

 

  1. მარტოობა უნივერსალური კანონია. ერთადერთობა და მარტოობა ერთგვარობაა. მარტოობის აზრი ისაა, რომ მარტო იყოს, მაგრამ მარტოობა ყოველთვის მარტო არ არის.  არიან სხვებიც. სხვები არ ნიშნავს ბევრს და მრავალს. ის ერთია და კიდევ ერთი და კიდევ ერთი, რომელთა შეკრება არ შეიძლება, რადგან მეორე გაჩნდება და მარტოობა აღარ იქნება.

                                                                                                                    პოლ ვალერი

    

  1. ნ. ბარათაშვილის წერილი მაიკო ორბელიანს:

„არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით… შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერავინ მიჰკარებია, მაინც კიდევ  ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში!‘‘

  

  1. გალაკტიონის წერილი იოსებ გრიშაშვილს:

      „ამ ბოლო ხანს რაღაც უჩინარი სენი მეპარება, საშინელი სენი მარტოობისა…და ვით სიკვდილით  დასჯილი,   სახრჩობელას წინ თვალით ვეძებ მონათესავე სულს.  აშკარად ვგრძნობ სულის ობლობას!“

  1. ნ. ბარათაშვილი, წერილი მაიკო ორბელიანისადმი, 1842 წელი, 31 ოქტომბერი

 „ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისი გონებაც მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია“…

  1. გალაკტიონ ტაბიძე, დღიურები, 1932 წლის 31 დეკემბერი

  „შევიქენი გესლიანი კაცი, ჩამოვიშორე ბევრი კარგი მეგობარი და დავიახლოვე ისეთები, რომლებიც ყოველდღე მძარცვავენ“….

             „ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავად ვარ და წყლის მომწოდებელი კაცი არ    არის“…

            „24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდმარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი, ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მკითხველი, ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება?“

  1. კარგი იქნება,თუ მასწავლებელი მოსწავლეს გაახსენებს  ნიკოლოზ ბარათაშვილის    ლექსს „სული ობოლი“, რომელიც  გალაკტიონის  სატკივარს ეხმიანება.

    ამის  შემდეგ    მოსწავლეებს ვთხოვოთ,    თავიდან წაიკითხონ ლექსი, დაფიქრდნენ   გალაკტიონის სატკივარზე და დასვან კითხვები. სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს კოგნიტური სქემა „შეკითხვების დაფა“, მოსწავლეებმა ჯერ  შეკითხვების სვეტი შეავსონ და შემდეგ პასუხების განყოფილება. ამ აქტივობისას მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მოსწავლის პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე განსხვავებული იყოს, რაც ლექსის ინდივიდუალური გააზრების და პოეზიის სუბიექტური განცდის  შესაძლებლობას მისცემს ამ აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს.

კითხვები, რომელიც ლექსის მეორედ წაკითხვის შემდეგ გაჩნდა „გალაკტიონის სატკივართან“ დაკავშირებით რა პასუხი გვაქვს ამ კითხვებზე? რას ამბობს ამაზე ლექსის ქვეტექსტი?
   

 

 

 

 

 

  პოეტის საიდუმლო

 

გალაკტიონის ცხოვრებაში დგება „ერთი გარდამავალი წამი, როცა ყველამ ვიცით საკუთარი თავი” .

  სწორედ მაშინ, როცა პოეტის მზერა მიმართულია საკუთარი სულის იდუმალი სიღრმეებისკენ, იგი გვიმხელს  საიდუმლოს.

  • მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა სთხოვოს, გაიაზრონ გალაკტიონის საიდუმლო.
  • ვინ ( ან რა ) არის მისი მესაიდუმლე?
  • როგორ ახერხებს გალაკტიონი მძიმე კაეშნისგან გათავისუფლებას?

 ტროპული მეტყველების სახეების მიმოხილვა

 

მნიშვნელოვანია, რომ   მარკირებული კითხვის მეშვეობით, მოსწავლეებმა გამოყონ მხატვრული ხერხები და განმარტონ მათი დანიშნულება მთავარი სათქმელის  წარმოსაჩენად:

 მასალის გააზრების საფუძველზე, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს დააწერინოს სამმითითებიანი თხზულება. გთავაზობთ ამ მითითებების ნიმუშს   (მასწავლებელს შეუძლია ეს მითითებები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს):

  • იმსჯელეთ მოცემულ ლექსში პოეტის სულიერ მდგომარეობაზე და დასვით თქვენეული კითხვები;
  • რა არის ლექსის მთავარი სათქმელი(ტექსტის  ქვეტექსტი);
  • რომელ მხატვრულ ხერხებს იყენებს ავტორი მთავარი სათქმელის გადმოსაცემად.

 

   მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეს, რომ მისი მსჯელობა იყოს: გამყარებული ტექსტური მასალით და არგუმენტებათ მოიყვანეთ  ტექსტის ქვეტექსტების თქვენეული ვარიანტები რომელსაც არგუმენტირებული დასაბუთებისას გამოიყენებთ.

 

თამრიკო მთვარელიშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

   

   

       

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი