ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

აბრეშუმის დიდი გზა

კაცობრიობის ისტორიული პროგრესი განპირობებულია კულტურათა მრავალფეროვნებით, ზოგჯერ დიამეტრულად საპირისპირო აზრებისა და შეხედულებების არსებობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კულტურათა დიალოგის აუცილებლობას. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს აბრეშუმის დიდი გზის ქვეყნების ისტორიული წარსული, როდესაც სხვადასხვა სარწმუნოების, კულტურის, წეს-ჩვეულებების მქონე ხალხები ერთმანეთთან ხელსაყრელ ეკონომიკურ თუ კულტურულ კავშირებს ამყარებდნენ.

მინდა, შემოგთავაზოთ აქტივობები, რომლებიც სწორედ აბრეშუმის დიდი გზის ქვეყნების ისტორიას ეხება და ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენციები.

აქტივობა №1. კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს, აბრეშუმის დიდი გზის რუკას და აზიის კონტურულ რუკებს.

ტექსტი და დავალებები გეოგრაფების ჯგუფისთვის

ჯგუფი:

  1. აღწერს და კონტურულ რუკაზე მონიშნავს აბრეშუმის გზას;
  2. ჩამოთვლის ქვეყნებს, რომლებზეც ეს გზა გადიოდა;
  3. ჩამოთვლის გეოგრაფიულ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებდა აბრეშუმის დიდი გზის არსებობას.

ტექსტი: ძვ. წ. 139-126 წლებში გაიხსნა ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა. მე-19 ს-ის გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა მას მოხდენილი სახელი – „აბრეშუმის გზა“ უწოდა.

კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში გადიოდა სავაჭრო გზები. VI-IV საუკუნეებში ბერძნული ნაწარმი მტკვრისა და რიონ-ყვირილის მთელ მაგისტრალზე მოედინებოდა.

აბრეშუმის გზა აბრეშუმის მწარმოებელი პირველი ქვეყნიდან – ჩინეთიდან იღებდა სათავეს. სწორედ ამ ქვეყნიდან გამოემართა აბრეშუმით დატვირთული ქარავნები მცირე აზიისკენ, იქიდან კი – ევროპის ქვეყნებისკენ ამ ჩინური საოცრების გასასაღებლად.

12 ათას კილომეტრზე გადაჭიმული ამ მარშრუტის მთავარი წერტილები თანდათანობით იქცა ვაჭრობის, კულტურისა და რელიგიის მძლავრად განვითარებულ კერებად. აბრეშუმის გზა ან, როგორც სხვაგვარად უწოდებდნენ, ოქროს აბრეშუმის გზა ერთმანეთთან აკავშირებდა მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციებს: ჩინეთს, მონღოლეთს, ინდოეთს, საბერძნეთს, ბიზანტიას, ირანს, მესოპოტამიასა და რომს. ეს იყო ორმხრივად მედინი მდინარე, რომელსაც უამრავი შენაკადი ერთვოდა, მათ შორის – ჩრდილოეთ ევროპის ქარვის გზა. აბრეშუმის გზის მეშვეობით შემოდიოდა ძვირფასი ქვები ინდოეთიდან და პაკისტანიდან, ბეწვეული რუსეთიდან, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი ნაკეთობანი თურქეთიდან და სხვა.

მცირე აზიისა და ევროპის ქვეყნები, თავის მხრივ, აბრეშუმის გზის ქვეყნებს სთავაზობდნენ საკუთარ საქონელს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით გადაჰქონდათ.

abr

რუკა „აბრეშუმის დიდი გზა“

 

ტექსტი და დავალება ისტორიკოსების ჯგუფისთვის

ჯგუფი განიხილავს აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას, მის გავლენას ქვეყნების განვითარებაზე.

ტექსტი: დასავლეთმა სწორედ ამ გზის მეშვეობით შეიტყო ბუდიზმის, ზოროასტრიზმის, კონფუციანელობის არსებობა, ევროპამ კი მისიონერებით აავსო აღმოსავლეთი ქრისტიანობის გასავრცელებლად. იდეების ურთიერთგაცვლა მიმდინარეობდა ანტიოქიაში, ბაბილონში, არზრუმში, ჰამადანში, ბუხარაში, სამარყანდში და მრავალ სხვა ქალაქში, რომელთა სახელები ახლა დაკარგულია.

თუ თვალს გადავავლებთ აბრეშუმის გზაზე არსებული ქვეყნების ისტორიას (იაპონია, კორეა, ჩინეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, საბერძნეთი, ეგვიპტე), აღმოვაჩენთ კულტურათა ურთიერთგავლენის უამრავ მაგალითს, ახალი მიმართულებების გაჩენას ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომლებიც კულტურათა მიჯნაზე შეიქმნა.

აბრეშუმის გზის ქვეყნების კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, წეს-ჩვეულებები, ხშირად – ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული, საუკუნეების განმავლობაში თითქოს ერთიან სივრცეს ქმნიდა, რომლის ძირითადი მონაკვეთი, სასიცოცხლო არტერია, აბრეშუმის გზა იყო.

ბერძენმა ისტორიკოსებმა შემოგვინახეს ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-I საუკუნეებში საქართველო წარმოადგენდა სავაჭრო მაგისტრალს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა არა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, არამედ სამხრეთსა და ჩრდილოეთსაც.

XIV საუკუნის მიწურულს, ნავიგაციის განვითარებასთან ერთად, აბრეშუმის დიდმა გზამ ერთგვარად დაკარგა ფუნქცია, მაგრამ გავლენა, რომელიც მან მოახდინა მიმდებარე ქვეყნების ცნობიერების, კულტურის, მეცნიერების, ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე, კიდევ დიდხანს გაჰყვა კაცობრიობას.

 

ტექსტი და დავალება საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფისთვის

ჯგუფი ადგენს, რა გავლენას ახდენს აბრეშუმის გზა ქვეყნების განვითარებაზე ჩვენს დროში.

ტექსტი: დღესდღეობით ეს მივიწყებული მარშრუტი კვლავ უდიდეს მნიშვნელობას იძენს, რათა, მისი მდიდარი ისტორიულ-კულტურული გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ახლებური, ოპტიმალური ფორმა, გაიმართოს კულტურათა დიალოგი, რომელიც უფრო მჭიდროდ დააკავშირებს კულტურებსა და ცივილიზაციებს და უფრო ჰარმონიულს გახდის სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა ურთიერთგამდიდრების, მშვიდობიანი თანაარსებობის პროცესს.

უკანასკნელ ხანს იკვეთება ქვეყნისთვის ერთობ საშური პერსპექტივა, რომ საქართველო მრავალი საუკუნის შემდეგ ისევ იქცეს აზია-ევროპის მაკავშირებელ რგოლად და, ამდენად, ქართულმა კულტურამ კვლავ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო კულტურულ პროცესში.

საქართველო, როგორც ახალი პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, თანდათან ერთვება მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესში და, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, ახალი აბრეშუმის გზის ქვეყნების სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უნიკალური რესურსების მფლობელია და დიდი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა მაინც მძიმეა. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ აუცილებელია, რაციონალურად გავიაზროთ ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia, TRACECA) შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს ინფრასტრუქტურის დახვეწასა და განვითარებას. ტრასეკა მუშაობს ევროპასა და აზიას შორის ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების სრულყოფაზე.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარების პროექტებს შორის ტრასეკა უნივერსალურობით გამოირჩევა. ის არის ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელიც აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის სახელითაა ცნობილი.

საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თანამედროვე ეკონომიკურ სივრცეში და აქტიურად მონაწილეობს რეგიონული პროექტების სრულყოფასა და განხორციელებაში.

თითოეული ჯგუფი ატარებს პრეზენტაციას.

პრეზენტაციის შემდეგ იმართება მრგვალი მაგიდა: გეოგრაფები, ისტორიკოსები და საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ თემას: „აბრეშუმის გზა – საფრთხეები და პერსპექტივა“.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://solaspress.wordpress.com; https://newsday.ge/

https://gov.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი