ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელიც ადამიანია ანუ როგორ გავუმკლავდეთ წყენას

იყო დრო, როცა „მასწავლებლები შეცდომებს არ უშვებდნენ“. დღეს კი მოსწავლეებზე ხშირად ლამის მასწავლებლები იღებენ საყვედურებს: გაკვეთილზე დაგვიანების გამო; იმისთვის, რომ სიცხიანმა გაკვეთილი გააცდინა; იმისთვის, რომ გაკვეთილზე ჟურნალის შევსება ვერ მოასწრო, ან შეიძლება უკმაყოფილო მშობელმა გამოთქვა საყვედური, ბავშვებს სახალისო აქტივობებს ხშირად არ აკეთებინებსო… ვინ იცის, რამდენნაირი საყვედური შეიძლება გაისმას სკოლის კედლებში.

მასწავლებლებიც ადამიანები არიან, საყვედურის მოსმენისას ზოგი მაშინვე ტირის, ზოგი უფრო გვიან, შინ დაბრუნებული, ზოგი მაშინვე აბრუნებს პასუხს, სხვები კი თავიდან თავს იკავებენ, მაგრამ შეიძლება ოდესმე მათმა დაგროვებულმა წყენამ იფეთქოს და ძალიან ძვირად დაუჯდეთ გამოხატული ემოციები.

სტრესს ვერავინ დაემალება, უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ადამიანებს ერთმანეთისგან ბევრი რამ გვწყინს.

  • თუ თქვენ კრიტიკას ან უარყოფით უკუკავშირს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ვერ უძლებთ;
  • თუ თქვენი თვითშეფასება სხვების აზრზეა დამოკიდებული;
  • თუ წყენა დიდხანს მიგყვებათ და ბრაზი გულში გიტრიალებთ;

გახდით „სქელკანიანი!“ – აი რას გვირჩევენ ფსიქოლოგები.

ზემოთ ჩამოთვლილი შინაგანი მდგომარეობის გამომჟღავნება სხვებს ხელში ჩაუგდებს თქვენი ფიქრების, გრძნობებისა და მოქმედებების მართვის სადავეებს.

წყენის დროს ადამიანს თავი მსხვერპლად მიაჩნია და ავიწყდება, რომ მასაც აქვს ძალა, რითაც არასასურველი სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

საინტერესოა, რას გულისხმობს ფსიქოლოგი ბარბარა ბერკანი „სქელკანიანობაში“. ცხადია, არა იმას, რომ წარბი არ შევუკრათ უმსგავსობას, ან არ მოვისმინოთ და არ მივიღოთ უფროსის შენიშვნა. „სქელკანიანობა“ არის დამოკიდებულება ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ. მისი ქვემოთ მოტანილი რჩევები დაგვეხმარება დამოკიდებულების შეცვლაში.

როცა წყენა გულში გვიტრიალებს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვიშველის, რა დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში, რა უფრო სასიამოვნოა, და არა იმაზე, თუ რა გვანერვიულებს, რა გვიშლის ხელს და რა გვიქმნის უსიამოვნებებს.

საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები:

  • სადამდე მიმიყვანს სტრესი, ნერვიულობა და ბრაზი?
  • რა შეიძლება ვისწავლო ამ სიტუაციიდან?
  • რომელი მოლოდინი არ უნდა მქონოდა?
  • რა მომცემს ძალას?
  • როგორი ფიქრები დამამშვიდებს?

მართალია, უსიამოვნო მოვლენებს სასიამოვნოს სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ რთულ სიტუაციებშიც უნდა შევძლოთ საკუთარი სიძლიერის პოვნა.

როგორ შევძლოთ ეს? როგორ შევიცვალოთ წარმოდგენა და როგორ გავხდეთ გულგრილები დიდი თუ პატარა წყენის მიმართ?

ამაში შემდეგი ოთხი სტრატეგია დაგვეხმარება.

გამღიზიანებელი სიტუაციისგან დაიცავით როგორც სივრცითი, ისე გონებრივი დისტანცია. კარგია, თუ გავალთ იმ ოთახიდან, სადაც სტრესს ვგრძნობთ, ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს, განვმარტოვდებით თავის მოსაწესრიგებლად. თუ ფიზიკური დისტანცია შეუძლებელია, მაშინ გონებრივად უნდა გავემიჯნოთ სიტუაციას, თავი მდინარის პირას წარმოვიდგინოთ და შორიდან შევხედოთ მღელვარე ცხოვრებას.

გადავამოწმოთ საკუთარი ინტერპრეტაცია.  ჩვენზე სხვისი ქცევის ზეგავლენა დამოკიდებულია არა ამ ქცევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ სხვის მოქმედებას და რა მნიშვნელობას ვანიჭებთ მას. თუ გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, მაშინ შემდეგნაირად უნდა ავხსნათ ჩვენი წყენა: სხვას წინასწარ კი არ ჰქონდა განზრახული, რომ ჩვენთვის ეწყენინებინა, არამედ ეს  წყენა არის სხვისი ქცევის ჩვენმიერი ინტერპრეტაცია. დავსვათ ღია კითხვები და გავარკვიოთ, რას გულისხმობდნენ იმ ქცევასა თუ ფრაზაში, რამაც გვაწყენინა. განა შეიძლება ჩვენი წარმოდგენა სიმართლეს შეესაბამებოდეს, როცა არ ვიცით, რა იგულისხმეს ნათქვამში და რა მიზანი ჰქონდა სხვის ქცევას.

ნუ გვექნება ბევრის მოლოდინი სხვებისგან. ნუ ველოდებით, რომ სხვებსაც ჩვენნაირი სურვილები გააჩნიათ, რომ მათი ინტერესები ჩვენსას უნდა ემთხვეოდეს. თუ მეგობარს ვთხოვეთ სასეირნოდ  წასვლა, მას კი ბაღში ჯდომა და წიგნის კითხვა ურჩევნია, არ უნდა გვეწყინოს. ვეცადოთ, მოვძებნოთ ისეთი ვინმე, ვისაც სეირნობა ენდომება. სურვილების გამოხატვა კარგია, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. ვინც ასე ფიქრობს, ის დაცულია წყენისგან. გაწონასწორებულობა და დაფიქრებულობა ზრდის სულიერ იმუნიტეტს. როცა სხვა ღირებულებებს საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებთ, ნაკლებად დაგვემუქრება წყენის საფრთხე.

გვახსოვდეს, რომ რაც ხდება, მაშინვე არ შევაფასოთ; ნურც გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ იმას, რაც ხდება; დროთა განმავლობაში წყენა ნამდვილად გაივლის; მხოლოდ ჩვენ არ გვტანჯავს ეს წყენა, რადგან მეორე მხარეც შეიძლება იმავეს განიცდიდეს. დაბოლოს, ვკითხოთ საკუთარ თავს: რას ვიფიქრებთ ამ ამბავზე ათი წლის შემდეგ? სასაცილოდ ხომ არ მოგვეჩვენება ეს ყველაფერი?

ამგვარად „გასქელებული“ კანი დაგვიცავს არამარტო წყენისგან, არამედ დაგვეხმარება ჩვენი ენერგიისა და ძალების დაზოგვაში. ყოველი გადალახული წყენა კი ჩვენი გამარჯვება იქნება, რადგან საკუთარ ამპარტავნებას ვძლიეთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

“Drueberstehen” Birgit Schoenberger, PsychologieHeute, July, 2016

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“