სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თამარი სამოდელო გაკვეთილიდან

თამარ თაბუაშვილმა მთელ საქართველოში ,,იმოგზაურა“. მისი სამოდელო გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი შეფასების ჯგუფების ტრენინგის  რესურსს წარმოადგენს, ტრენინგები კი ყველა რეგიონში ტარდება.

თამარი თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის ტრენერია.  სქემაში მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

_ პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, დედა ფილოლოგია, მამა _ ისტორიკოსი, ის ახლაც მუშაობს ჩემს მშობლიურ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საჯარო სკოლაში. ყოველდღე ვხედავდი მასწავლებლის ცხოვრებას, მუდმივ სამზადისს სკოლისათვის, სიხარულს, სირთულეებს. მშობლების მაგალითთან ერთად, ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა იქონია  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ევგენია ავეტიქოვამ. ეს იყო საქართველოზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაზე შეყვარებული ქალი, რომელსაც შეეძლო სიყვარული  ,,გადმოედო“… ასე გავხდი მასწავლებელი.

ბავშვობაში აღქმულის გარდა, რა აღმოაჩინეთ ამ პროფესიაში?

_ ძალიან ბევრი რამ, უპირველესად კი, საკუთარი თავი. ოცწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლობა ჩემი სულიერი მდგომარეობის გარეგნული გამოხატვაა. უსინათლობის, კუპონების, განუკითხაობის  პერიოდში ბევრი  წავიდა სკოლიდან, ახლაც მესმის ზოგიერთისგან,  რომ  მასწავლებლის შრომა მძიმე და დაუფასებელია; რომ სხვა სამსახური, თუ გამოჩნდა, აუცილებლად წავალ!  ამაზე ფიქრიც არ შემიძლია. მასწავლებლთა პროფესიული გადაზადების ცენტრის  გამოცხადებული კონკურსების შედეგად ჩავერთე მასწავლებლის სახლის საქმიანობაში, ჯერ მონიტორინგის სპეციალისტად, შემდეგ კი ტრენერ-კონსულტანტად. შემეძლო სკოლიდან წამოსვლა და მთლიანად ამ საქმიანობაზე გადართვა, მაგრამ ვფიქრობ,  ვერ შევძლებ სკოლის მიღმა ცხოვრებას.

მეთანხმებით, რომ სკოლიდან გამოყოლილ ნათელ და ჩრდილიან მოგონებებს ადამიანები  სულ თან დაატარებენ?

_ რა თქმა უნდა, რადგან ეს მოგონებები მათ პიროვნულ განვითარებაზე ტოვებს კვალს, თან ეს მათი ბავშვობაა. მაგალითად, ჩემი ნათელი მოგონება უკავშირდება მაშინდელი პიონერთა სასახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს, როდესაც მე, სოფლის სკოლის მოსწავლეს, მეძლეოდა შესაძლებლობა, დამემუშავებინა შემოთავაზებული თუ თავისუფალი თემა,   ჟენია მასწავლებელის ხელმძღვანელობით, წამოვსულიყავი თბილისში, სრულიად უცხო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ჩემი ნამუშევარი და  აღიარება მიმეღო. ამ სიტუაციაში ჩამომიყალიბდა საკუთარი თავის, საკუთარი ნააზრევის წარდგენის უნარი, ვისწავლე თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, ამ სიტყვის ყველაზე არამილიტარისტული გაგებით. რაც შეეხება ჩრდილიან მოგოგნებებს, ეს არის მასწავლებლის შვილობის ,,ტრაგედია“. დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ მასწავლებლის შვილობა პრივილეგიაა. სინამდვილეში, მშობელ-მასწავლებლებს გააჩნიათ, როგორ გზრდიან და რას გარიგებენ. მე ძალიან მთრგუნავდა შეგონებები ,, შენ ეს არ უნდა გააკეთო, შენ მეტი მოგეთხოვება, შენ ასე არ უნდა მოიქცე…“ არადა,  ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მეც მინდოდა ცელქობა, კლასთან ერთად ,,შატალოზე“ წასვლა… მაგრამ ეს სურვილები თავს ვერ აღწევდა მოვალეობის წნეხს, სულ მახსოვდა, რომ ამის გამო, დედას და მამას უსაყვედურებენ. ეს ჩამრჩა ტკივილნარევ მოგონებად.

თავად როგორ გაართვით თავი მშობელ-მასწავლებლობას?

_ორივე შვილი ჩემს სკოლაში სწავლობდა, მაგრამ შეგნებულად არ ვყოფილვარ მათი მასწავლებელი. მშობლებისგან გამოყოლილი ბევრი ღირებულება უცვლელად გადავეცი ჩემს შვილებს, მინდა იყვნენ: წესიერები, განათლებულები, სამართლიანები, ობიექტურები; ჩვენ  გვასწავლიდნენ, რომ მართალიც რომ ვყოფილიყავით, უფროსებს არ უნდა შევპასუხებოდით; მე შევცვალე ფორმულა, რადგან ჩვენ შვილებს სხვა რეალობაში უწევთ ცხოვრება, თავიანთი სიმართლე საჭირო შემთხვევაში უნდა დაიცვან, რა თქმა უნდა, კორექტულად. ახლაც ვეუბნები ხოლმე დედას, მეც ხომ მჭირდებოდა გარეგანი მოტივაცია, ერთხელ მაინც გეთქვა ,, რა კარგი შვილი ხარ…“ ,,ქებით ასეთი კარგები არ იქნებოდითო“ _მამაჩემი გვეპასუხება  მე და ჩემს დას, რომელიც ასევე პედაგოგია, ამჟამად თბილისის 182-ე სკოლის დირექტორი და იქვე, ახალ კრიტერიუმს შეგვახსენებს: მაშინ ვიტყვი, რომ  კარგები ხართ, თუ ძალიან კარგ შვილებს გაზრდითო. ასე რომ შეფასება წინ გვაქვს… მშობლებივით მეც მქონდა მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ რაც შეეხება მეგობრებთან ურთიერთობას, კლასთან ერთად ყოფნას, ვეუბნებოდი, როგორც სწორად მიიჩნევდნენ, ისე გადაეწყვიტათ. ამისთვის თუ ვინმე მისაყვედურებდა, ავიტანდი.

თამარ, დღევანდელი პედაგოგიური საზოგადოების პრობლემებიდან რომელს გამოყოფთ?

_ არ მიწყენენ კოლეგები, თუ ვიტყვი იმას, რაც შიგნიდანაც ჩანს და გარედანაც. მთავარი პრობლემა დროის მოთხოვნებიდან ჩამორჩენა, ან უარესი _ ამ საჭიროების არაღიარებაა. ბევრი ღირსეული პედაგოგი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ მათი საგნობრივი ცოდნა  ეჭვს იწვევდა, არამედ იმიტომ, რომ  ასეთი მიდგომა მოირგეს: მე წითელ დიპლომზე დავამთავრე, ამხელა გამოცდილება მაქვს და რატომ უნდა ჩავაბარო გამოცდა, რამდენი გამოცდა მაქვს უნივერსიტეტში ჩაბარებული? ტრენინგი რად მინდა?  მაგათ ორ საათში რა უნდა მასწავლონ? და ასე შემდეგ. ანუ უწყვეტი განათლების აუცილებლობის პრინციპს არ აღიარებენ… დიპლომი პროფესიული საქმიანობის გრძელვადიან ან უვადო გარანტიად მიაჩნიათ. პირად საუბრებში მითქვამს კოლეგებისთვის: _ დღეს რომ სიხარულით ლაპარაკობ ორი-სამი წლის შვილიშვილზე, ტელეფონში შეძვრა და გაოცდები, ისეთი რამ გააკეთაო… ამ ბავშვს, ორ სამ წელიწადში სკოლაში რომ მოვა, შეიძლება იმავე მეთოდებითა და ფორმით ვასწავლოთ, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, ან თუნდაც ჩვენი შვილების თაობას ვასწავლიდით? ამ თაობას სხვაგვარად მოაზროვნე მასწავლებელი სჭირდება, მაძიებელი, განსხვავებული მიდგომებითა და მეთოდებით. საბედნიეროდ, ასეთ  პედაგოგებსაც ვიცნობ, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, ესწრებიან ტრენინგებს, ეძებენ და პრაქტიკაში იყენებენ სიახლეებს.

მივუბრუნდეთ სამოდელო გაკვეთილს, არ გეშინოდათ ამ ,,როლის“, მასწავლებლები ხომ ყველაზე კირკიტა შემფასებლები არიან?

_პირველად, როცა დამირეკეს და შემომთავაზეს  გაკვეთილის ჩაწერა, დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან გაკვეთილის ჩატარება ხომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა და ისედაც  არაერთხელ დამსწრებიან  და განგვიხილავს ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები. თანაც ეს გვჭირდებოდა მე და ჩემს კოლეგებს,  იმ საქმეს, რომელშიც ვართ ჩართულნი. ამ გამოწვევამ იმითიც მომხიბლა, რომ ვიცოდი ბევრს ვისწავლიდი. მაგრამ საუბარის დასრულებისთანავე რომ დავფიქრდი რა სამსჯავროზე ვბედავდი გასვლას, შემეშინდა. უარის თქმა დავაპირე, მერე სხვაგვარად შევუტრიალე კითხვა საკუთარ თავს: თუ ვერ ჩავატარებ სამოდელო გაკვეთილს, მაშინ როგორ ჩავატარებ ამ მოდულს? მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის ეს პროცესი; მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაია ინასარიძეს ვისი კონსულტირებითაც დაიგეგმა ეს გაკვეთილი; მე, ფაქტობრივად, ვიყავი  შემსრულებელი. გაკვეთილში იყო დაგეგმილი შეცდომებიც, რათა მონაწილეებს აღმოეჩინათ და ემსჯელათ.მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გაკვეთილისთვის მოვემზადე მე და არა_ მოსწავლეები. პედაგოგები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სამოდელო გაკვეთილები იქცევა  სპექტაკლად, რომლის სცენარი მოსწავლეებმაც წინასწარ იციან.  ვერ ვიტყვი, რომ ეს გაკვეთილი არის იდეალური, მაგრამ სასწავლო მიზანს ემსახურება და მოდულის დამხმარე რესურსს წარმოადგენს. თუმცა, ამჟამინდელი გადასახედიდან შეიძლებოდა გაკვეთილი დაგეგმილიყო ისე, რომ მოსწავლეებს მეტად ეაქტიურათ, ეს გაკვეთილს დინამიურს გახდიდა.

მივუბრუნდეთ თქვენს პრაქტიკას: როგორ თანაცხოვრობენ სწავლება და აღზრდა თქვენს სასწავლო სივრცეში?

ჩემთვის ეს სრულიად განუყოფელი პროცესია. მიმაჩნია რომ სკოლამ მოსწავლე მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნით კი არ უნდა აღჭურვოს, არამედ აღზარდოს თავისუფალ მოქალაქედ. გაკვეთილზე კი აღზრდას გვერდს ვერ ავუვლით, ღიად თუ ფარულად ორი მდინარება ერწყმის ერთმანეთს. გაკვეთილის გარეთ, არაფორმალურ ვითარებაშიც კი, ეს თვალსაჩინოა. მაგალითად, ვართ ექსკურსიაზე და რომელიმე მოსწავლეს ქცევაში რაღაც შეეშალა, მიანიშნებ ამაზე და ბავშვი შეწუხებული გპასუხობს, ბოდიში, არ ვიცოდი, თუ ეს ცუდი საქციელია. ამიტომ აღზრდა სწავლების გარეშე არ გამოვა. გაუგებარია, როცა პედაგოგი ამბობს, მოსწავლემ  საგანი ისწავლოს და არ მაინტერესებს როგორ იქცევაო. მშობლებს ძირითადად აღარ სცალიათ შვილებისთვის, ვერ არიგებენ მათ და ფაქტობრივად ჩვენ ვართ მათი აღმზრდელებიც.

თამარ, თქვენი პროფესიული წარმატების დასტურად რა გეგულებათ?

_ ეს არის ჩემი მოსწავლეების გამოხმაურებები, ლექსები, წერილები… მათი სტუმრობები, ზარები… ვგულისხმობ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეებს, როცა ისინი გასულები არიან მოსწავლე-მასწავლებლობის სივრციდან და მაინც აქვთ სათქმელი, ემოციები ჩემთვის. ძალიან მახარებს, როცა ვხედავ მათში გახარებულა ის პატარ-პატარა მარცვლები, რომლებსაც თავის დროზე ,,ვთესდი“. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი დასტურებია, ვიდრე სერტიფიკატები, წოდებები.და კიდევ, როდესაც ამბობენ, რომ დღეს მასწავლებლის პროფესიას აღარავინ ირჩევს, ჩემს ნამოწაფრებში მყავს  4-5 კოლეგა ჩემსავე საგანში, დღეს ისინი თანამშრომლობენ ჩემთან, როგორც უმცროსი კოლეგები. მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ თამარ მასწავლებელო, თქვენი დამსახურებაა, რომ მასწავლებელი ვარ… ესეც დასტურია ჩემთვის.

რას ურჩევთ მათ და სხვა  ახალგაზრდა კოლეგებს?

_არც თუ იშვიათად, ახალგაზრდა კოლეგებიც და სხვებიც, იმეორებენ ფრაზას ,,დღეს ვერაფერს  მიაღწევ, თუ  პატრონი არ გყავს!“ შეიძლება, დიდი არაფრისთვის მიმიღწევია, მაგრამ  რაც შევძელი, ეს არის მონდომების, შრომის და სიახლეების გაზიარების შედეგი. ხელჩაქნევა ცუდი მსახურია, თავდაჯერებულობა უნდა გქონდეს, მიღწეული არ უნდა გაკმაყოფილებდეს და თუ საჭიროა სამართლიანობისთვის ბრძოლასაც არ უნდა მოერიდო, დასაშვები წესების ფარგლებში. სკოლა არ არის ადგილი შემთხვევითი ადამიანებისთვის, იქ ან მაქსიმალურად უნდა გაიხარჯო, ან კარი გაიხურო…  სულხან-საბაში სწავლისას ბატონი ჭოლა თევზაძე ხშირად გვიმეორებდა: ,, ინჟინერი ღიმილით რომ მოდისქუჩაში, ხალხი იტყვის, ეტყობა კარგი შენობა ააშენა და უხარიაო, ექიმი რომ მოღიღინებს, იმასაც გაუგებენ, ალბათ, ავადმყოფი მოარჩინა და ეღიღინებაო, მაგრამ მასწავლებელს ასეთ საქციელს თუ შენიშნავენ, იტყვიან, სულელია, ამან ბავშვებს რა უნდა ასწავლოსო?!“საზოგადოებას მასწავლებელისთვის სხვა საზომები აქვს. ეს უნდა ახსოვდეს მასწავლებელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“