კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება

 

ექსპლიციტური მეხსიერება შეიძლება იყოს სემანტიკური ან ეპიზოდური. სემანტიკური მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში. ეს არის მნიშვნელობის დამახსოვრება, მათ შორის – სიტყვების, ფაქტების, თეორიებისა და კონცეფციების გადმოსაცემად, ერთგვარი დეკლარაციული ცოდნა. ეს მოგონებები არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ გამოცდილებასთან და შენახულია სქემების, ხატებისა და იდეების სახით.

იდეები და იდეათა სისტემები. განცხადება არის ცოდნის უმცირესი ერთეული, რომელიც შეიძლება გაგებულ იქნეს სწორად ან მცდარად. წინადადებაში „ნინომ ითხოვა მაგიდის ანტიკვარული გადასაფარებელი“ ორი იდეაა:

  1. ნინომ ითხოვა მაგიდის გადასაფარებელი.
  2. მაგიდის გადასაფარებელი ანტიკვარულია.

იდეები, რომლებიც იზიარებს ინფორმაციას ისევე, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში, ერთმანეთს პროპოზიციული ქსელით უკავშირდება. ეს ტერმინი კოგნიტიურმა ფსიქოლოგებმა შემოიღეს. იდეათა სისტემაში ინახება მნიშვნელობა და არა სიტყვები და მათი წყობა. ზოგი იდეათა სისტემა ზემოთ მოყვანილ წინადადებას ასე შეინახავდა: „მაგიდის ანტიკვარული გადასაფარებელი ითხოვა ნინომ“. მნიშვნელობა იგივე რჩება და ეს ის მნიშვნელობაა, რომელიც ინახება მეხსიერებაში ურთიერთკავშირების ნაკრებთა სახით.

ინფორმაციათა უმრავლესობა შეიძლება შენახულ და წარმოდგენილ იქნეს იდეათა სისტემაში. როცა ინფორმაციის ნაწილის გახსენება გვინდა, შეგვიძლია „ვთარგმნოთ“ მისი მნიშვნელობა ჩვენთვის ნაცნობ ფრაზებად და წინადადებებად ან მენტალურ სურათებად. იმის გამო, რომ იდეები სისტემაშია გაერთიანებული, ინფორმაციის ერთი ნაწილის გახსნებამ შესაძლოა გამოიყოლოს და გაააქტიუროს მისი სხვა ნაწილი. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამ სისტემებს, რადგან ეს ჩვენი ცნობიერი მეხსიერების ნაწილი არ არის. დაახლოებით ისევე, როგორც ვერ ვაცნობიერებთ გრამატიკულ სტრუქტურას წინადადების დალაგებისას, არ გვჭირდება წინადადების მორფოლოგიური განხილვა მის წარმოსათქმელად.

ხატები/გამოსახულებები. ხატები არის წარმოდგენები, რომლებიც ეყრდნობა ინფორმაციის სტრუქტურას ან ინფორმაციის სახეს. როცა ვქმნით ხატებს, ვცდილობთ გავიხსენოთ ან ხელახლა შევქმნათ ინფორმაციის ფიზიკური მახასიათებლები ან მისი სივრცითი სტრუქტურა. მაგალითად, კითხვაზე: „რამდენი ფანჯრის მინაა თქვენს სასტუმრო ოთახში?“ – ადამიანთა უმრავლესობა გონების თვალით წარმოიდგენს ფანჯრებს და ითვლის მინებს. რაც უფრო მეტი მინაა, მით მეტი დრო სჭირდება პასუხის გაცემას. ინფორმაცია წარმოდგენილი რომ ყოფილიყო უბრალო დებულებით: „ჩემს სასტუმრო ოთახში შვიდი მინაა“, – პასუხის გასაცემად ყველას ერთი ა იგივე დრო დასჭირდებოდა, განურჩევლად იმისა, მათი რაოდენობა 1-ია თუ 24. თუმცა მკვლევრები ვერ თანხმდებიან იმაზე, როგორ და რა სახით ინახება მეხსიერებაში ხატები. ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ისინი სურათების სახით ინახება, ზოგს კი მიაჩნია, რომ იდეებს ხანგრძლივ მეხსიერებაში ვინახავთ და  როცა საჭიროა, მუშა მეხსიერებაში სურათებად ვაქცევთ.

ალბათ არსებობს პროცესთა მახასიათებლები – განსაზღვრული სახის მეხსიერება ხატებისთვის და განსაზღვრული სახისა – ხატის სიტყვით ან იდეით გამოსახატავად. ხატების „გონების თვალით“ დანახვა არ არის ზუსტად იგივე, რაც რეალური სურათის დანახვა. გონებაში არსებულ ხატებზე ზემოქმედება ტრანსფორმაციის მიზნით გაცილებით რთულია, ვიდრე ნამდვილზე. მიუხედავად ამისა, სურათები ძალიან გვეხმარება ბევრი პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებისას, მაგალითად, იმის წარმოსადგენად, როგორ გამოიყურება დივანი სასტუმრო ოთახში ან როგორ გაგორდება ფეხბურთის ბურთი დარტყმისას. ხატებმა შესაძლოა აბსტრაქტულ აზროვნებადაც შეუწყოს ხელი. ფიზიკოსები, მაგალითად ფარადეი და აინშტაინი, აცხადებდნენ, რომ ხატების შექმნით ხშირად ახერხებდნენ რთულ პრობლემებში გარკვევას. აინშტაინი ირწმუნებოდა, რომ შეეძლო წარმოედგინა, როგორ მისდევდა და ეწეოდა სინათლის სხივს, როცა ფარდობითობის თეორიას ქმნიდა.

სქემები. იდეები და ერთეული ხატები კარგია ერთეული იდეებისა და ურთიერთობების წარმოსადგენად. მაგრამ ხშირად საკითხთან დაკავშირებული ჩვენი ცოდნა ხატებისა და იდეების კომბინაციასაც მოიცავს. ამ სახის რთული ცოდნის ასახსნელად მეცნიერებმა შეიმუშავეს სქემის ცნება. სქემები არის აბსტრაქტული ცოდნის სტრუქტურები, რომლებიც დიდი რაოდენობის ინფორმაციის ორგანიზებას ახდენს. სქემა არის პატერნი ან გზამკვლევი მოვლენის, ცნების ან უნარის წარმოსადგენად. გვამცნობს, რა ახასიათებს ამ კატეგორიას, რას უნდა ველოდეთ ობიექტისა თუ სიტუაციისგან. ეს სტრუქტურა შედგება „ჭრილებისგან“, რომლებიც ამოვსებულია სპეციფიკური ინფორმაციით, როცა სქემას განსაზღვრულ სიტუაციაში ვიყენებთ. სქემები ინდივიდუალურია.

როცა გესმით წინადადება: „ნინომ ითხოვა მაგიდის ანტიკვარული გადასაფარებელი“, – იმაზე მეტი იცით ამ სიტუაციის შესახებ, ვიდრე ამ ორ დებულებაშია ნაჩვენები, რადგან გონებაში გაქვთ სქემები თხოვების, მაგიდის გადასაფარებლების, ანტკვარიატისა და, შესაძლოა, თავად ნინოს შესახებაც კი. უთქმელად იცით, რომ გამცემს ახლა თავად აღარ აქვს მაგიდის გადასაფარებელი, რადგან ის ახლა ნინოს ხელშია და რომ ნინოს ვალია, დაუბრუნოს ის მთხოვებელს. ამ ინფორმაციათაგან არც ერთი არ არის ექსპლიციტურად განცხადებული, მაგრამ ეს „სესხების“ შესახებ ჩვენი სქემის ნაწილია. სხვა სქემები გვეხმარება იმ დასკვნის გამოტანაში, რომ ქსოვილი პლასტმასისა არ არის (რადგან ის ანტიკვარულია) და ნინომ ალბათ სტუმრები მიიწვია სადილად. ნინოს მართლა რომ იცნობდეთ, შესაძლოა, მის შესახებ თქვენ მიერ შექმნილი სქემა დაგეხმარებოდათ იმის გამოცნობაში, რამდენად სწრაფად და რა მდგომარეობაში დააბრუნებს იგი გადასაფარებელს.

არსებობს სქემის კიდევ ერთი სახე. მას თხრობის გრამატიკა ეწოდება (ზოგჯერტექსტის ან ამბის სტრუქტურის სქემასაც უწოდებენ). ის ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ და დაიმახსოვრონ მოთხრობები. თხრობის გრამატიკა შეიძლება იყოს დაახლოებით ასეთი: მკვლელეობა გახსნილია, იძებნება სამხილები და გამოცანის გასაღები, მკვლელის ფატალური შეცდომა დადგენილია, იგება ხაფანგი ეჭვმიტანილისგან აღიარების მისაღებად, მკვლელი ყლაპავს სატყუარას… დანაშაული გახსნილია! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თხრობის გრამატიკა არის ტიპური ზოგადი სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მიესადაგოს ბევრ სპეციფიკურ ისტორიას. მონათხრობის გასაგებად ვირჩევთ მის შესაფერის და შესაბამის სქემას. შემდეგ ვიყენებთ ამ ჩარჩოს იმის გადასაწყვეტად, რომელი დეტალებია მნიშვნელოვანი მონათხრობში, რა ინფორმაცია უნდა ვეძებოთ და რა დავიმახსოვროთ. მიჩნეულია, რომ სქემა არის თეორია იმის შესახებ, რა უნდა მოხდეს მოთხრობაში. სქემა გვეხმარება ტექსტის „დაკითხვაში“, მიგვითითებს სპეციფიკურ ინფორმაციაზე, რომლის პოვნასაც ველით, რათა ამბავი აზრიანი იყოს. თუ გავააქტიურებთ ჩვენს „იდუმალი მკვლელობის სქემას“, მოთხრობის კითხვისას შეიძლება დადარაჯებული ვიყოთ მინიშნებებზე ან მკვლელის ფატალურ შეცდომაზე. შესაფერისი სქემის გარეშე მოთხრობის, ტექსტის ან კლასში ახსნილი გაკვეთილის გაგება ძალიან ნელი, რთული პროცესი იქნებოდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც სრულიად უცხო ქალაქში რუკის გარეშე გზის გაკვლევა. სქემას, რომელიც წარმოადგენს მოვლენათა ტიპურ თანმიმდევრობას ყოველდღიურ სიტუაციებში, სკრიპტი ან მოვლენათა სქემა ეწოდება. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ საბაზისო სცენარები მათ ცხოვრებაში ცნობილი მოვლენებისთვის.

მსოფლიოში არსებული ცოდნის სქემებისა და სცენარების სახით შენახვას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სქემა მრავალ კონტექსტში შეიძლება იქნეს გამოყენებული, გააჩნია, რას ეხება იგი. ნინოს შესახებ კარგად ჩამოყალიბებული სქემის არსებობა გაძლევთ საშუალებას, იცნოთ ის (გარეგნული ცვლილებების შემთხვევაშიც კი), დაიმახსოვროთ მისთვის დამახასიათებელი შტრიხები და იწინასწარმეტყველოთ ქცევა. მაგრამ ეს არც მცდარ დასკვნებს გამორიცხავს. შესაძლოა, თქვენს სქემაში ნინოს შესახებ არასწორი ან მიკერძოებული ინფორმაცია გქოდეთ ჩართული. მაგალითად, თუ ნინო თქვენი ეთნიკური ჯგუფისგან განხსვავდება და მისი ჯგუფის უპატიოსნობაში ხართ დარწმუნებული, შესაძლოა დაასკვნათ, რომ ის სულაც არ დააბრუნებს მაგიდის გადასაფარებელს. ამ მხრივ რელიგიურმა ან ეთნიკურმა სტერეოტიპებმა შესაძლოა იფუნქციოს როგორც ინდივიდთა ქცევის არასწორი გაგების ან დისკრიმინაციის სქემებმა.

ეპიზოდური მეხსიერება. მეხსიერებას ისეთი ინფორმაციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ დროსა და ადგილთან, განსაკუთრებით – თქვენი ცხოვრების ეპიზოდებსა და მოვლენებთან, ეპიზოდური მეხსიერება ეწოდება. ეპიზოდური მეხსიერება იმ მოვლენებს ეხება, რომელიც პირადად გამოვცადეთ, ანუ გვახსოვს, როდის მოხდა. ამისგან განსხვავებით, როგორც წესი, არ გვახსენდება, როდის შევიძინეთ სემანტიკურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია. მაგალითად, შესაძლოა გაგიჭირდეთ იმის გახსენება, როდის მიიღეთ ცოდნა სიტყვა „უსამართლობის“ მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ ადვილად გაიხსენებთ იმ დროს, როცა თავად გეპყრობოდნენ უსამართლოდ. ეპიზოდური მეხსიერება ასევე თვალყურს ადევნებს მოვლენათა თანმიმდევრობას, ასე რომ, ეს კარგი „ადგილია” ანეკდოტების, ჭორებისა და ფილმის სიუჟეტebის შესანახად.

ცხოვრების დრამატულ ან ემოციურ მოგონებებს შეიძლება გაელვების მოგონებები ვუწოდოთ. ეს მოგონებები ცხადი და დასრულებულია, თითქოს ტვინმა მოითხოვა ამ მომენტის ჩაწერა, ჩაბეჭდვა. სტრესის დროს ტვინს უფრო მეტი გლუკოზა მიეწოდება მისი მუშაობის გასააქტიურებლად და ერთგვარი საწვავის როლს ასრულებს ტვინისათვის. ამ დროს სტრესით აღძრული ჰორმონები ტვინს სიგნალს აწვდის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

ამრიგად, ჩვენი ძლიერი ემოციური რეაქციები, მეხსიერებაში უფრო ღრმა და ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ბევრს მკაფიოდ ახსოვს სკოლაში განცდილი ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები, მაგალითად, პრიზის მოგება ან დამცირების ძლიერი განცდა.

იმპლიციტური მეხსიერება. არსებობს სამი სახის იმპლიციტური ან ცნობიერების გარეშე მეხსიერება: კლასიკური განპირობება, პროცედურული მეხსიერება და პრაიმინგის ეფექტები. კლასიკური განპირობებისას ცნობიერების მიღმა არსებულმა ზოგმა მოგონებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა ტესტირებისას ან გულისცემის გახშირება კბილის ბურღის ხმის გაგონებისას.

იმპლიციტური მეხსიერების მეორე ტიპია პროცედურული მეხსიერება უნარების, ჩვეულებებისა და საქმის კეთებისათვის, სხვა სიტყვებით, მეხსიერება პროცედურული ცოდნისთვის. რაიმე პროცედურის სწავლა – ისეთისა, როგორიცაა თხილამურებზე დგომა, ბურთის ჩაწოდება ჩოგბურთში, განტოლების ამოხსნა – დროს მოითხოვს. მაგრამ როცა უკვე ისწავლი, ეს ცოდნა დიდხანს რჩება მეხსიერებაში. პროცედურული მოგონებები წარმოდგენილია პირობა-მოქმედების წესების სახით, რომლებსაც ზოგჯერ პროდუქციებსაც უწოდებენ. პროდუქციები მკაფიოდ განსაზღვრავს, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულ სიტუაციაში: თუ გინდა მიიღო A, გააკეთე B. A პროდუქცია შეიძლება იყოს დაახლოებით ასეთი: „თუ გინდა, სწრაფად ისრიალო თხილამურებით, უკან ნელა გადაიხარე“ ან „თუ შენი მიზანია, მოსწავლე უფრო მეტხანს იყოს ყურადღებით, შეაქე“. არ არის აუცილებელი, ადამიანი ყოველთვის აცხადებდეს პირობა-მოქმედების წესებს. ხშირად ის ვერც კი ხვდება, რომ ამ წესებს მისდევს. რაც უფრო მეტადაა გავარჯიშებული პროცედურა, მით უფრო ავტომატურია ქმედება და იმპლიციტურია მეხსიერება.

მაგალითი: შეავსეთ გამოტოვებული ადგილი სიტყვაში მო__________.

იმპლიციტური მეხსიერების უკანასკნელი ტიპია პრაიმინგი ან იმ ინფორმაციის გააქტიურება, რომელიც უკვე არსებობს ხანგრძლივ მეხსიერებაში რაღაც ცნობიერების გარეშე არსებული პროცესის მეშვეობით. ალბათ ნახეთ პრაიმინგის პროცესი ზემოთ მოყვანილ მაგალითში. შეგეძლოთ დაგეწერათ მოგონება „მოსავლის“, „მონადირის“, „მომავლის“, „მოლოდინისა“ და „მო“-ზე დაწყებული სხვა სიტყვების ნაცვლად. ასე რომ, პრაიმინგმა შეასრულა თავისი როლი. პრაიმინგი შეიძლება ფუნდამენტური პროცესი იყოს გახსენებისთვის, რადგან ამ დროს აქტიურდება ასოციაციები და მეხსიერებაში განიბნევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“