ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

ფილმი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს

კინემატოგრაფის ძალა და შესაძლებლობები გაზვიადებული არ არის. მას შეუძლია დაგაფიქროს, შეგიცვალოს მსოფლხედველობა, ახლებურად დაგანახვოს თითქოს უკვე კარგად ნაცნობი რამ.

სწორედ ერთი დოკუმენტური ფილმის გავლენით გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა. მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა ემოცია, რომელიც ამ მისი ნახვისას დამეუფლა; პასუხი გამეცა კითხვებზე, რომლებსაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაუსვამთ საკუთარ თავს. ეს კითხვები ეთიკურ-მორალური ხასიათისაა და ხშირად დილემის წინაშე აყენებს გადაწყვეტილების მიმღებს.
„სახლი” („Home”) 2009 წელს გადაიღეს უდიდესმა ხელოვანებმა – იან არტიუს ბერტრანმა, გამოჩენილმა ფოტოგრაფმა, და ლუკ ბესონმა, საკულტო რეჟისორმა. ფილმის გადაღებას მათ წელიწად-ნახევარი მოანდომეს. გადაღებები 50-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად საგანგებო ნებართვა იყო საჭირო, რაც უფრო მეტად ართულებდა საქმეს, თუმცა შედეგი ამად ღირდა.

ფილმი ასახავს დედამიწის მშვენიერებას, რომელსაც გადაშენება ემუქრება. იგი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან – ფილმი ვერტმფრენიდანაა გადაღებული – გადაგვიშლის თვალწინ ისლანდიის, გრენლანდიის, ანტარქტიდის, კოსტა-რიკის, არგენტინის, ინდონეზიის ბუნების უნიკალურ ხედებს, ენით აუწერელი სილამაზის ადგილებს, რომლებიც ადამიანის ქმედებებს ეწირება.

თუმცა ყველა ქვეყანა ერთნაირი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ფილმის გადაღებას. რაც უფრო დიდი იყო წინააღმდეგობა, მით უფრო ცხადი ხდებოდა ავტორებისთვის, რომ ამ აკრძალვების მიღმა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები იმალებოდა. საუდის არაბეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მათ მრავალი ობიექტის გადაღებაზე უარი უთხრეს. გადაღებული მასალის ნაწილი უბრალოდ კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო არგენტინაში გადამღები ჯგუფის წევრებმა ერთი კვირა ციხეში გაატარეს. თავად ფილმი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა. იმ ქვეყნებში, რომლებიც არცთუ მომხიბვლელი კუთხით წარმოაჩინეს ფირზე.

ფილმში ნაჩვენებია ხელუხლებელი, ველური ბუნება და ის მოუშუშებელი იარები, რაც ინდუსტრიულმა განვითარებამ, ომმა, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა დააჩნია დედამიწას. ამ ჭრილში დანახული პროცესები რეალობას ასახავს და ჩვენც მეტი გონიერებისკენ მოგვიწოდებს.

სათაური შემთხვევით არ შეურჩევიათ; როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან ადამიანები, რა განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ტრადიციები, ენა, კულტურა, ყველას ერთი, საერთო სახლი გვაქვს. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს სახლი ძალიან დიდი ჩანდა, ტექნოლოგიურმა წინსვლამ, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარებამ კი ერთბაშად „დააპატარავა”. ახლა გაცილებით ნაკლები ხანი გვჭირდება ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოსახვედრად; თუ ატლანტის ოკეანის გადაკვეთა ერთ დროს შეუძლებელი იყო, შემდეგ გემით რამდენიმე თვე ან კვირა სჭირდებოდა, დღეს კონტინენტებს სულ რამდენიმე საათის საფრენი აშორებს. ერთი ადგილი მეორეზე დიდ გავლენას ახდენს და ეს გავლენა მხოლოდ დადებითი და პროგრესული არ არის. ამის მაგალითია მჟავა წვიმები და ტრანსსასაზღვრო მდინარეების დაბინძურება, რომლის დროსაც ერთ ქვეყანაში მომხდარი ეკოლოგიური უბედურების შედეგები მეორეში იჩენს თავს. ერთი სიტყვით, დედამიწა ყველა ჩვენგანის სახლია და აქ პრობლემების გარეშე რომ ვიცხოვროთ, მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე არ უნდა ვიფიქროთ.

რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს? უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი აღმოჩენის საშუალებას იძლევა. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მას, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, გააზრებულად მოვეპყროთ ჩვენს გარემოს, ზემოქმედება მოვახდინოთ არსებულ ვითარებაზე. არ შეიძლება, მხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ და ჩვენს კეთილდღეობას ბუნებრივი გარემო და რესურსები შევწიროთ. მომავალ თაობებს უნდა შეეძლოთ, დატკბნენ ველური ბუნების წარმტაცი ხედებით და არ ჰქონდეთ საფიქრალი, სად იცხოვრონ, არ არსებობდნენ ეკომიგრანტები.

ბუნების დამცველებად არ იბადებიან; ბუნების დამცველად ადამიანს თვითშეგნება, ცოდნა, მორალური ღირებულებები აქცევს. დედამიწა იცვლება, იცვლება ყველა მიმართულებით. ჩემი დაბადებიდან დღემდე მსოფლიოს მოსახლეობა გაორმაგდა, რაც ბუნებაზე ბევრად უფრო დიდ ზეწოლას გულისხმობს, ფართოვდება ადამიანის საცხოვრებელი, მისი არსებობისთვის საჭირო პროდუქციის წარმოების ადგილები ავიწროებს ბუნებას… ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება, ამიტომ ბუნებას დაცვა სჭირდება, რათა მასთან ყოველი შეხება უფრო გააზრებული იყოს, არ ვანადგურებდეთ სახლს, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მოვიხმარდეთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება. ეს კი შესაძლებელია, რადგან მხოლოდ საფრანგეთში 13 მილიონი ადამიანი უსასყიდლოდ ემსახურება გარემოს დაცვას, ჩართულია გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

რეჟისორმა იან ბერტრანმა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ უარი თქვა საავტორო უფლებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მისი ნახვა ნებისმიერს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. ამით ბერტრანმა საშუალება მოგვცა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გვენახა ფილმი და გადაგვეწყვიტა, როგორი მომავალი გვირჩევნია, უმოქმედოდ დავრჩეთ თუ გარემოს დამცველთა უზარმაზარ არმიას შევუერთდეთ.
ფილმში გვიჩვენებს უდაბნოს ტიპის ლანდშაფტებს; ერთი მხრივ – ლას ვეგასს ვილებით, წყლის ატრაქციონებითა და უზარმაზარი მდიდრული აუზებით, მეორე მხრივ კი ინდოეთს, სადაც ქალები წყლის მოსატანად ყოველდღიურად კილომეტრებს გადიან, თხრიან უფრო და უფრო ღრმა ჭებს და ორმოებს, რომლებიც მუსონური წვიმების დროს წყლით ივსება და ერთგვარ რეზერვუარებს ქმნის.

ფილმს ფონად არმანდ ამარის მუსიკა გასდევს. ამარი საინტერესო კომპოზიტორია, რომელიც იერუსალიმში დაიბადა, ბავშვობა მაროკოში გაატარა, ხოლო ფილმის გადაღებისას პარიზში ცხოვრობდა. ის მრავალ კულტურას ეკუთვნის. ალბათ ამიტომ არის, მისი მუსიკა რომ უხდება და არ ამძიმებს ფილმს.

საინტერესოა, რომ ბევრმა კრიტიკულად მიიღო ფილმი. მის ავტორებს საყვედურობენ გამონაბოლქვის გამო, რომელიც გადაღების დროს ვერტმფრენიდან ატმოსფეროში გაიბნა. გადამღები ჯგუფი კი ირწმუნება, რომ ეს ნახშირორჟანგი სულ ორი სპილოს წონა იყო, დაახლოებით იმდენი, რამდენსაც თანამედროვე ქალაქის მცხოვრები აბნევს ატმოსფეროში. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნახშირორჟანგის კომპენსაცია მოხდა სპეციალური პროგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამონაბოლქვის სანაცვლოდ მწვანე პროექტის განხორციელებისთვის გადაიხადო გარკვეული თანხა. ამ შემთხვევაში ფული ტრადიციული ენერგოწყაროების ალტერნატიულით ჩანაცვლებისთვის გადაირიცხა.

ფილმი უსასყიდლოდ განთავსდა YouTube-ზე და უკვე 100 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა სხვადასხვა ენაზე. ეს არცთუ უმნიშვნელო შედეგია. ფილმი 40 ენაზე ითარგმნა, 131 ქვეყანაში მისი ოფიციალური ჩვენება გაიმართა, მიიღო უამრავი ჯილდო…
შეიძლება თუ არა ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენება

მასწავლებლებმა, განურჩევლად იმისა, რომელ საგანს ასწავლიან, ეს ფილმი უნდა ნახონ. ეს ჩემთვის ცხადზე უცხადესია. იმავდროულად, შეიძლება მოსწავლეებსაც ვაყურებინოთ. ფილმის ყურებისას თითოეულ მასწავლებელს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, თავისი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიმე სადისკუსიო საკითხი წამოჭრას და მოსწავლეებთან ერთად განიხილოს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გარემო თითოეული ჩვენგანის საზრუნავია, რომ ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ყველა უნდა ზრუნავდეს.

ფილმის მთავარი სათქმელი ასეთია: ის, რის შექმნასაც ასეულობით წელი სჭირდება, შესაძლოა უმოკლეს დროში განადგურდეს.

ფილმში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
● მოსახლეობის მხოლოდ 20% იყენებს რესურსების 80%-ს.
● სამხედრო დანახარჯები 12-ჯერ აღემატება საერთაშორისო დახმარებათა მოცულობას.
● მსოფლიოში ყოველდღიურად 5 ათასი კაცი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე. უწყლობით იტანჯება მილიარდი ადამიანი.
● მილიარდი ადამიანი შიმშილობს.
● მარცვლეულის 50% ცხოველების გამოსაკვებად და ბიოსაწვავად გამოიყენება.
● სახნავ-სათესი მიწების 40% ეროზირებულია.
● ყოველწლიურად ნადგურდება 13 მლნ ჰა ტყე.
● ოთხიდან ერთი ძუძუმწოვარი, რვიდან ერთი ფრინველი, სამიდან ერთი ამფიბია გადაშენების პირასაა.
● სარეწაო თევზის სამი მეოთხედი უკვე გადაშენების პირასაა.
● კლიმატის ცვლილება სულ უფრო კატასტროფულად აისახება დედამიწის სხვადასხვა ადგილზე.
● უკანასკნელ 40 წელიწადში ყინულოვანი საფარი 40%-ით გათხელდა.
● 2050 წლამდე კლიმატის ცვლილების გამო 200 მლნ მიგრანტი გვეყოლება
რას უნდა მიექცეს ყურადღება

ფილმის ყურებისას

ფილმი ხელს უწყობს მოსწავლის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, აღმოაჩენინებს მას მცენარეთა თუ ცხოველთა უამრავ სახეობას, ადგილს, მოვლენასა თუ პროცესს, რომლის შესახებაც მეტის გაგება მოუნდება, უამრავ ქვეყანას, დაანახვებს მათ განსხვავებული კუთხით.

ყურადღების მოსაკრებად საჭიროა მოსწავლეებს მიეცეთ დავალება, ფილმის ყურებისას ჩაინიშნონ, რის დამახსოვრებაც სურთ, რაც გამოადგებათ; რა ნახეს, რა იგრძნეს, რა ისწავლეს, რა შეცვალა ფილმმა მათ მსოფმლხედველობაში და რის თქმას ისურვებდნენ მათთვის, ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს.

მოთხოვნები იმის თაობაზე, რას უნდა მოიცავდეს მათი ჩანაწერი, უმჯობესია დაფაზე ან ფლიპჩარტზე დაიწეროს.
ფილმის ყურების შემდეგ

ფილმის ყურების შემდეგ შეიძლება დაისვას რამდენიმე გეზის მიმცემი კითხვა, რათა მოსწავლეებს არ მიავიწყდეთ მთავარი და ის მეორეხარისხოვანმა არ გადაფაროს. შინაარსთან ერთად შეიძლება ყურადღება მიექცეს კინემატოგრაფულ ხერხებს, სტილს, მუსიკას; რა ძირითადი იდეის გადმოცემა სურდათ ფილმის შემქმნელებს, როგორია პირველი და ბოლო კადრები, რამდენად ეფექტურია პირველი წინადადება, ვინ არის ფილმის მთავარი გმირი – დედამიწა, ადამიანი, ბუნება თუ დრო, რა ადგილი უკავია ფილმში ბუნებას, ადამიანს, სამეცნიერო და სამრეწველო პროგრესს. გამოხატავს თუ არა თავის პოზიციას ფილმის ავტორი, გვახვევს თუ არა მას თავს, ეფუძნება თუ არა ფაქტებს. რამდენად ეფექტურია ზემოდან დანახული დედამიწა და სხვა.

ფილმის ძირითადი იდეა არცთუ იოლი მოსახელთებელია, რადგან მის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა თემაა წამყვანი: თავდაპირველად თუ დედამიწის სილამაზეა უყრადღების ცენტრში, შემდეგ იგი საწვავ რესურსებზე გადაინაცვლებს; ამას მოჰყვება პესტიციდების პრობლემა, ჭარბი თევზჭერა, გაუდაბურება, მონოკულტურა და ნიადაგის ეროზია, კლიმატის გლობალური ცვლილება, დაცული ტერიტორიები, ტყეების აღდგენა და ალტერნატიული ენერგოწყაროები

მოსწავლეებმა შეიძლება ცალ-ცალკე ჩაიწერონ თითოეულ თემაზე მოწოდებული ფაქტები და ანალიზი. დასკვნების გამოტანაც მათვე მიანდეთ. დაე, განსაზღვრონ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს მიმდინარე ცვლილებებზე.

ამის შემდეგ კი შეიძლება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეფექტურად სრულდება ფილმი, რატომ არ გვგვრის პესიმისტურ განწყობას და რა მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემების მოგვარება და ამ უნიკალური ბუნების შენარჩუნება შესაძლებელია.
ინტერნეტში ფილმი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

– ფრანგულ ენაზე

 

– რუსულ ენაზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“