ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

სილამაზის გეოგრაფია

სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. მაგრამ რა არის სილამაზე და საყოველთაოდ მისაღებია თუ არა იგი? დამეთანხმებით – სილამაზე ფარდობითი ცნებაა, რაც ლამაზია ერთისთვის, მეორისთვის შესაძლოა არაფრით გამორჩეული იყოს. სილამაზის შეფასებისას ხშირად უნებლიეთ ვემორჩილებით საზოგადოებრივ აზრს. კულტურა და ეპოქაც განაპირობებს მის აღქმას.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სილამაზეს თავისი გეოგრაფია აქვს. სხვადასხვა რეგიონში ის სხვადასხვაგვარად აღიქმება. სილამაზის იდეალიც სხვადასხვაა. გარემოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმის აღქმაში, რასაც სილამაზეს ვუწოდებთ.

დიდი ნიშნავს ლამაზს

მავრიტანია, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო, მრავალფეროვანი ბუნებით არ გამოირჩევა, თუმცა ფართობით მსოფლიოს უდიდეს ქვეყანათა 30-ეულში შედის. მიუხედავად იმისა, რომ მავრიტანია ოკეანისპირა ქვეყანაა, კლიმატი აქ საკმაოდ მკაცრია. ტერიტორიის ¾ უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მთისწინეთში გვხვდება ოაზისებიც. აქ ხშირია გვალვა, რაც ცხოვრებას ართულებს და საკვების დეფიციტს იწვევს. ქვეყნის მოსახლეობა 3 მილიონს აღემატება. ისინი უმთავრესად სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ და სოფლის მეურნეობას მისდევენ. მომთაბარეობა მათი ცხოვრების წესია. თუმცა ბუნებრივი პირობების გამო ხალხი ბოლო ხანს ქალაქებისკენ დაიძრა.
მავრიტანიაში სილამაზის ეტალონად სიმსუქნეა მიჩნეული. ამის კულტურული მიზეზი ალბათ სწორედ ბუნების სიმკაცრეში უნდა ვეძიოთ – მიიჩნევა, რომ მსუქანი ქალი უფრო იოლად გაუძლებს შიმშილობას ხანგრძლივი გვალვების დროს. სიმსუქნე აქ სოციალური მდგომარეობისა და ოჯახის ძლიერების ერთგვარი კრიტერიუმიც არის.

გოგონებს შინ ძალდატანებით აჭმევენ და ასმევენ. არსებობს საგანგებოდ ამისთვის შექმნილი საწამებელი ინსტრუმენტებიც. მრავალი ოჯახი ექსტრემალურ ღონისძიებებსაც მიმართავს და შვილებს სპეციალურად მოწყობილ „ფერმებში” გზავნის, სადაც გოგონების გასუქებაზე უკვე „სპეციალისტები” ზრუნავენ.

მავრიტანია არ არის გამონაკლისი – ასევე მოდურია სიმსუქნე ოკეანეთისა და აფრიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც, თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ასეთი პრაქტიკის წინააღმდეგ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები და ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველებიც გამოდიან.

ეთიოპია აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს, სადაც ბუნება გაცილებით მრავალფეროვანია. აქ მთები და პლატოები დომინირებს; ნახევარუდაბნოებით დაწყებული, მუსონებით დამთავრებული, ყოველგვარი ტიპის კლიმატი გვხვდება. გარდა კლიმატისა, მრავალფეროვანია ეთნოსიც. ბოდი ერთ-ერთი ტომია, რომელშიც ყოველწლიურად იმართება უცოლო მამაკაცების შეჯიბრება ყველაზე მსუქნის ტიტულისთვის. კონკურსზე თავისი წევრის წარდგენა ყველა ოჯახს შეუძლია. განაცხადი კონკურსამდე 6 თვით ადრე შეაქვთ. ამის შემდეგ კონკურსანტი ყოველგვარ საქმიანობას თავს ანებებს და უმეტესად ისვენებს. ოჯახი კი მის გასუქებაზე ზრუნავს. ის სპეციალურ დიეტაზე გადაჰყავთ.

კონკურსზე გამარჯვებულებს სიცოცხლის ბოლომდე გმირებივით ეპყრობიან. ისინი სასურველი საქმროები ხდებიან და შეუძლიათ, საუკეთესო გოგონები შეირთონ ცოლად. თუმცა ქვეყნის მთავრობას ეს ტრადიცია არ მოსწონს და ბოდის ემუქრება, რომ თუ არ გამოსწორდებიან, გადაასახლებს (https://www.dailymail.co.uk/femail/article-2480870/Ethiopian-Bodi-tribe-big-beautiful-men-compete-fattest.html).

გამხდარი ნიშნავს ლამაზს

ჩვენი კულტურისთვის უჩვეულოს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ დღეს განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ჯანმრთელისა და ლამაზის სინონიმად სიგამხდრეს მიიჩნევენ. მოდის, კინოსა თუ სარეკლამო ინდუსტრიის სტანდარტით, სიგამხდრე სილამაზეა. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მხოლოდ აშშ-ში წონის დაკლების პროგრამებზე წელიწადში 65 მილიარდამდე აშშ დოლარი იხარჯება.

მრავალ მოზარდს გახდომა აკვიატებულ იდეად ექცა და უკიდურეს ფორმებს იღებს. ხანგრძლივმა, მიზანმიმართულმა წონის კლებამ კი შესაძლოა ანორექსია გამოიწვიოს. ამ დაავადების სიმპტომებია გასუქების შიში და გახდომისკენ სწრაფვა. ანორექსიას აქვს გავრცელების მკვეთრად გამოხატული გეოგრაფია – განვითარებული ქვეყნები, ასევე – სქესობრივ-ასაკობრივი გამოხატულება: ის უმთავრესად 12-დან 24 წლამდე ასაკის გოგონებში იჩენს თავს. ამ დაავადებას მეოცე საუკუნის მიწურულს ბარბის დაავადებასაც კი უწოდებდნენ. საშუალო სკოლებში გოგონების 60% დიეტაზეა. 13-15 წლის გოგონების 50%-ს სჯერა, რომ ჭარბი წონა აქვთ, ხოლო 13 წლის გოგონების 80%-ს ერთხელ მაინც დაუცავს დიეტა. ეს სტატისტიკა განვითარებულ ქვეყნებს ეხება, იქ, სადაც საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს მოდის ინდუსტრიას. ბოლო ხანს მათზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ, რათა მოდელის სტანდარტები შეცვალონ.

უნაკლო კანი ნიშნავს სილამაზეს

აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში უნაკლო კანი სილამაზის უპირველესი ნიშანია. ამიტომაც გამოირჩევა მისი მოვლის საშუალებები ასეთი მრავალფეროვნებით. თუ აზიელი და ევროპელი ქალების სახის კანის მოვლის რიტუალებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ პირველნი გაცილებით მრავალფეროვან პროცედურებს მიმართავენ. მათთვის მასაჟი, გაწმენდა, პილინგი, რადიკალური გათეთრება და მოხვეწა, ემულსიებისა და კრემების გამოყენება თითქმის ყოველდღიურობაა.

სამხრეთ კორეაში კანის სიგლუვე სოციალური სტატუსის ნიშანია. იმავდროულად, სახეზეა მამაკაცებისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებების ბუმიც. სწორედ ეს ქვეყანა ლიდერობს მამაკაცთა მიერ კანის მოვლის საშუალებებზე დახარჯული თანხით, რაც წლიურად 850 მილიონს შეადგენს.

გარეგნობის ზოგიერთ თავისებურებას ბუნებრივი გარემოც განაპირობებს. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა ცხელ, მზიან სარტყელშია, სადაც სოფლის მეურნეობა თვითკმარია. ეს კი გულისხმობს, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რომლებიც სარჩოსთვის ღია ცის ქვეშ მძიმე ჯაფას ეწევიან. ასეთ ქვეყნებში თეთრი კანი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს მზის გულზე არ უწევს მუშაობა – საკმარისი ფული აქვს, რომ სხვა დაიქირაოს. ამრიგად, სითეთრე მაღალი სოციალური სტატუსის ნიშანია.

ინდოეთში კანის ფერით გარკვეულწილად განისაზღვრებოდა გვარის ამა თუ იმ კასტისადმი კუთვნილებას. ყველაზე მუქკანიანები უმდაბლეს კასტაში ან საერთოდ კასტის მიღმა რჩებოდნენ, რაც მათ არასასურველებს ხდიდა და საზოგადოებიდან რიყავდა.

თანამედროვე საზოგადოებაში კანის ფერის მიხედვით ჩაგვრა დისკრიმინაციის გამოხატულებაა, ამდენად, ასეთი მიდგომა ნელ-ნელა ბარდება წარსულს.

აფრიკის მრავალ ქვეყანაში მიღებულია კანის სკარიფიკაცია – ხელოვნური ნაიარევებით გალამაზება. ბუნებრივი ფერის გამო აფრიკის მკვიდრთა კანს სვირინგი თითქმის არ ეტყობა, ამიტომ ტატუირების უფრო რადიკალურ ფორმას მიმართავენ – ორნამენტებს ნაიარევებით იხატავენ. ეს ისეთი სამკაულია, რომელიც მუდამ თან გაქვს და არასოდეს დაგეკარგება.

ამ ორნამენტების მიხედვით შეიძლებოდა ამოგეცნოთ, რომელ ტომს და სოციალურ ფენას ეკუთვნოდა ადამიანი. მაგ., ბელადის მოხატულობა განსხვავდებოდა მონადირის მოხატულობისგან.

გოგონებისთვის ასეთი ნაიარევები სიმწიფის ნიშანი გახლდათ – ნიშანი იმისა, რომ ისინი მზად იყვნენ ტკივილის ასატანად, მაშასადამე, ბავშვის გასაჩენადაც.

ზოგიერთ ტომში სილამაზედ მიიჩნევენ თიხის ფირფიტებს და სხვა სამკაულებს, რომლებსაც სხეულში იმაგრებენ. მაგალითად, რაც უფრო დიდია ტუჩში ჩადგმული ფირფიტა, მით უფრო მომხიბვლელად მიიჩნევა ადამიანი.
(https://www.ezakwantu.com/Gallery%20Lip%20Plugs%20Lip%20Plate.htm)

მეტყველი თვალები

დედამიწის ყველა კუთხეში ცდილობენ ქალები, თავიანთი გარეგნობით ყურადღება მიიქციონ. სწორედ ამისთვის იყენებენ მაკიაჟს, რომლითაც ყურადღება სასურველ ნაკვთებზე გადააქვთ და ნიღბავენ ნაკლოვანებებს. მუსლიმანურ ქვეყნებში ქალები ხშირად თავიდან ფეხებამდე საბურველში არიან გახვეული, მხოლოდ თვალები უჩანთ, ამიტომ ამ ქვეყნებში ქათინაურების ობიექტი სწორედ თვალებია. ქალებიც გულმოდგინედ უვლიან თვალებს, ატენიანებენ, მზისგან იცავენ და იხატავენ.
სილამაზე, ერთი შეხედვით, უნივერსალური რამაა, მაგრამ სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვანაირად აღიქვამენ, ამიტომ კულტურის გეოგრაფიაში ის აქტუალური შესწავლის ობიექტია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“