სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ სწავლობენ ბავშვები (მეორე ნაწილი)

 

სახიფათო თამაშები: რატომ უყვართ ისინი ბავშვებს და რა საჭიროა ასეთი თამაში

 

ბავშვების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, მათ სახიფათო თამაშის უფლება მივცეთ. შესაძლოა, ბევრს შიში უარყოფით გამოცდილებად მიაჩნდეს, რომელსაც შეძლებისდაგვარად უნდა ვერიდოთ, მაგრამ ყველამ, ვისაც ბავშვი ჰყავს ან ახსოვს თავისი ბავშვობა, იცის, რამდენად მიმზიდველია და როგორ უყვართ ბავშვებს ასეთი თამაშები – ეს ის მომენტებია, როდესაც ბავშვი თამაშის დროს ეძიებს განცდას, რომელიც ახლის შეცნობის, თავისუფლების სიხარულისა და სწორად აღქმული საშიშროების ნაზავია.

 

სახიფათო თამაშების ექვსი სახეობა

ტრონდჰეიმის უნივერსიტეტის პროფესორმა ელენ სანდსეტერმა გამოყო სახიფათო თამაშების ექვსი სახეობა, რომლებიც ყველა ბავშვს იზიდავს:

  • დიდი სიმაღლეები. ბავშვები დაძვრებიან ხეებსა და შენობებზე. ეს მათ საშუალებას აძლევს, ფრინველის ფრენის სიმაღლიდან დახედონ სამყაროს და შეიგრძნონ და აკონტროლონ ხიფათი, რომელიც დიდ სიმაღლეზე ასვლას ახლავს თან.
  • დიდი სიჩქარეები. ბავშვები ბზრიალებენ და ტრიალებენ ხვიარა მცენარეებზე, თოკსა თუ კარუსელზე; სრიალებენ თხილამურებით, ციგით, ციგურებით; ჯირითობენ ველოსიპედით, სკეიტბორდით. ყველა ეს მოწყობილობა დიდ, ხშირად საშიშ სიჩქარეს ავითარებს, თუმცა ბავშვებს შეუძლიათ მათი კონტროლი.
  • ბასრი იარაღები. ბავშვები, ჩვეულებრივ, თამაშობენ დანებით, შუბებით, ისრებით, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა, პოტენციურად სახიფათო იარაღებით. ასეთ თამაშებს დიდი კმაყოფილება მოაქვს, მაგრამ თან ახლავს შიშიც, რადგან ყველამ იცის, რომ არასწორი გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლოა დაგვაზიანონ.
  • თამაში სტიქიასთან. ბავშვებს უყვართ ცეცხლთან თამაში, ნივთების სროლა ან ღრმა წყალში ჩაძირვა.
  • კოტრიალი, ჭიდაობა, დაცემა. ბავშვები დარბიან, დასდევენ ერთმანეთს და თამაშ-თამაშით ჩხუბობენ. მათ მოსწონთ სახიფათო მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც დიდია დაშავების ალბათობა და რომელიც საფრთხისგან თავის დაღწევის უნარს მოითხოვს.
  • დამალვა/ გაქრობა. პატარებს უყვართ დამალობანას თამაში, როდესაც დროებით ქრებიან, მარტო რჩებიან ან კარგავენ სხვა მოთამაშეებს. მოზრდილი ბავშვები ხშირად მიდიან ისეთ ადგილებში, სადაც უფროსები არ არიან და რომლებიც წარმოსახვით ხიფათს შეიცავს, დაკარგვის საფრთხის ჩათვლით.

 

სახიფათო თამაშების ევოლუციური ღირებულება

სახიფათო თამაშები ჩვეულებრივი რამაა ცხოველთა სამყაროშიც.

თიკნები ხშირად დაკუნტრუშობენ ციცაბო ფერდობებზე. ახალგაზრდა მაიმუნები თამაშ-თამაშით დახტიან ერთი ტოტიდან მეორეზე, ისეთ მანძილსა და სიმაღლეზე, რომელიც მათ ფიზიკურ შესაძლებლობებს სახიფათო გამოცდას უწყობს. ახალგაზრდა შიმპანზეებს უყვართ ზედა ტოტებიდან ჩამოვარდნა და ქვედაზე ჩამოკიდება ზედ მიწაზე დაცემის წინ.

ახალგაზრდა ძუძუმწოვრები ბევრ დროს უთმობენ თამაშებს, რომლებიც მოიცავს ერთმანეთის დევნას, წაქცევას, კინკლაობას და ამ დროს ყოველი მათგანი ცდილობს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უნარის განვითარებას.

თუ ცხოველთა ამ თავისებურებას ევოლუციური კუთხით შევხედავთ, დაგვებადება კითხვა: რატომ ჩნდება ასეთი თამაშის სურვილი? მას შესაძლოა ტრავმა (თუმცა მძიმე ტრავმები იშვიათია) და (ძალიან იშვიათად) სიკვდილიც კი მოჰყვეს. მაშ, რატომაა, რომ ბუნებრივმა გადარჩევამ ასეთი თამაშისადმი მიდრეკილება არ გააქრო?

ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ძუძუმწოვრებს შორის ასეთი თამაშები არ გადაშენდა, მოწმობს, რომ მათ სიკეთე უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე ზიანი.

მაინც რა არის სასარგებლო სახიფათო თამაშებში? ცხოველებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა საინტერესო შედეგები აჩვენა.

მეცნიერებმა ხელოვნურად შეუზღუდეს თამაშის შესაძლებლება მცირე ასაკის ვირთაგვებს, მაგრამ სხვა სოციალური ურთიერთქმედების საშუალება დაუტოვეს.

ასე გაზრდილი ვირთხები ემოციურად არაჯანსაღები აღმოჩნდნენ: ახალ, უცხო გარემოში მოხვედრისას მათი რეაქცია შიშის გამო მეტისმეტად მძაფრი იყო. მათ არ შეეძლოთ ამ გარემოს ისე კვლევა-შესწავლა, როგორც სხვა, ჩვეულებრივ ვირთხებს.

უცხო ვირთხასთან კონტაქტის დროს საკონტროლო ჯგუფის ცხოველები ან შიშისგან ქვავდებოდნენ, ან შეუსაბამო აგრესიას ამჟღავნებდნენ.

უფრო ადრე ჩატარებული ცდების დროს ასეთივე შედეგები იქნა მიღებული ახალგაზრდა მაიმუნებთან, რომლებსაც შეზღუდული ჰქონდათ თამაშის საშუალება.

ამ მონაცემებმა ხელი შეუწყო თამაშის ემოციური რეგულაციის თეორიის ჩამოყალიბებას. ეს თეორია ამბობს, რომ თამაშის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ასწავლოს ახლაგაზრდა ძუძუმწოვრებს შიშისა და ბრაზის რეგულირება.

სახიფათო თამაშების დროს პატარები თვითონვე არეგულირებენ შიშისა და ვარჯიშის დოზებს, სწავლობენ თავის გაფრთხილებას და ისე იქცევიან რომ შეძლონ მდგომარეობასთან ადაპტაცია შიშის განსაზღვრული დონის ფონზე.

ამ დროს ბავშვები სწავლობენ შიშის კონტროლს, მის გადალახვას, სიტუაციიდან ზიანის გარეშე გამოსვლას. ეცნობიან ბრაზსაც, რადგან მოთამაშეებმა შესაძლოა ერთმანეთს რამე ატკინონ.

ამავე დროს, თამაშისა და ხალისიანი შეგრძნებების გასახანგრძლივებლად ბავშვებმა უნდა ისწავლონ ბრაზის მოთოკვა. თუ ისინი არასათანადოდ მოიქცევიან – მეტისმეტად ატკენენ სხვას – თამაში შეწყდება.

ემოციის რეგულაციის თეორიის თანახმად, თამაში ერთ–ერთი ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა ძუძუმწოვრები სწავლობენ შიშისა და ბრაზის კონტროლს, რათა შემდგომ შეძლონ რეალურ ხიფათებთან გამკლავება, სხვებთან ურთიერთქმედება და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება.

 

თამაშის შეზღუდვის საზიანო შედეგები ჩვენს საზოგადოებაში

თავისი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პროფესორმა სანდსეტერმა 2011 წელს ჟურნალ Evolutionary Psychology–ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც თქვა: „ნევროზულობა და ფსიქოპათოლოგიები საზოგადოებაში იმატებს, როდესაც ბავშვებს შეზღუდული აქვთ ასაკის შესაბამისი, რისკის შემცველი თამაშის შესაძლებლობა“.

„ეს ნორვეგიელმა მეცნიერმა მომავლის პროგნოზივით განაცხადა, მაგრამ როდესაც კვლევას გავეცანი და მონაცემებიც გავაანალიზე, აღმოჩნდა რომ ეს „მომავალი“ უკვე დადგა და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მასში ვცხოვრობთ“, – წერს პროფესორი გრეი.

გთავაზობთ მტკიცებულებებს. ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ჩვენს კულტურაში უკვე ვხედავთ განგრძობად, თანდათანობით, მაგრამ საკმაოდ დრამატულ ტენდენციას, რომელიც ამცირებს ბავშვების თავისუფლად (უფროსების მეთვალყურეობის გარეშე) თამაშის შესაძლებლობას და ეს განსაკუთრებით რისკის შემცველ საბავშვო თამაშებს ეხება.

იმავე სამოცი წლის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ განგრძობადი, თანდათანობითი, თუმცა საკმაოდ დრამატული ტენდენციისა, რომელიც გვიჩვენებს ბავშვებთან ყველა სახის მენტალურ დაავადებათა მატებას, განსაკუთრებით კი იმ დაავადებებისა, რომლებიც ემოციურ დარღვევებთან არის დაკავშირებული.

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პროფესორი სანდსეტერის მიერ მოყვანილ „სახიფათო თამაშების“ ექვს კატეგორიას. 1950 წელს მცირე ასაკის ბავშვებიც კი თამაშობდნენ ასე და უფროსები მათ ამის უფლებას არ ართმევდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს შესაძლოა არც მოსწონდა). დღეს მშობლებს, რომლებიც ბავშვებს რისკის შემცველი თამაშის უფლებას მისცემენ, შტატის ხელისუფლება გაუფრთხილებლობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულებს.

მოვიყვან ჩემი პირადი თამაშების ნოსტალგიურ მოგონებებს 50-იანი წლებიდან:

 

  • ხუთი წლისა ჩემს ექვსი წლის მეგობართან ერთად ველოსიპედით გავემგზავრე სოფლისა და მისი შემოგარენის სანახავად. მშობლებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, რამდენ ხანში უნდა დავრბრუნებულიყავით უკან. მათ არ განუსაზღვრავთ ჩვენთვის მოძრაობისა და გადაადგილების გეოგრაფია (და, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არავითარი მობილური ტელეფონი არ გვქონდა, დაკარგვის შემთხვევაში კავშირის გარეშე დავრჩებოდით).
  • ექვსი წლიდან მე და ჩემი ნაცნობი ბიჭები ყველგან ჯაყვებით დავდიოდით. დანებს არა მხოლოდ სათლელად ვიყენებდით, არამედ სროლისთვისაც (თუმცა არასდროს გვისვრია ერთმანეთისთვის).
  • რვა წლის ასაკში მე და ჩემი მეგობრები შესვენებებზე და სადილისთვის განკუთვნილ დროს ჭიდაობაში ვატარებდით სკოლის ახლოს მდებარე ციცაბო ფერდობზე. ჩვენს ჭიდაობას არც მასწავლებლები და არც სხვა უფროსები არ უყურებდნენ, ხოლო თუ მაინც გვაკვირდებოდნენ, არასდროს არავინ ჩარეულა.
  • ათი-თერთმეტი წლისა რომ ვიყავი, მე და ჩემი მეგობრები მთელი დღით წავედით მინესოტის შტატში, ჩვენი სოფლის მახლობლად მდებარე გაყინულ ტბაზე საციგურაოდ. ყველას თან გვქონდა ასანთი და კუნძულებზე შეჩერებისას გასათბობად კოცონსაც ვანთებდით, როგორც მამაც მკვლევარებს შეეფერებოდა.
  • იმავე ასაკში უფლება მომცეს, მემუშავა დიდ, სახიფათო, ხელით ჩასატვირთ საბეჭდ პრესზე საბეჭდ სახელოსნოში, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ. იმ დროს, ხშირად – ხუთშაბათობით, სკოლიდან დავეთხოვებოდი ხოლმე, რათა დამებეჭდა ჩვენი ქალაქის ადგილობრივი გაზეთი. როგორც მახსოვს, არც მასწავლებლებს და არც სკოლის დირექტორს ეს არ გაუპროტესტებიათ. ვფიქრობ, მათ კარგად იცოდნენ, რომ საბეჭდ სახელოსნოში მე უფრო სასარგებლო ცოდნას ვიღებდი, ვიდრე სკოლაში.

ასეთი ქცევა ორმოცდაათიან წლებში არაფრით იყო გამორჩეული. შესაძლოა, ჩემი მშობლები ცოტა მეტად ტოლერანტულები და მიმნდობნი იყვნენ, ვიდრე სხვა ბავშვებისა, მაგრამ მათი ასეთი დამოკიდებულება არ ითვლებოდა უცნაურად. ჩემი ბავშვობის თამაშების ზემოთ მაგალითებიდან რამდენი იქნება მისაღები მშობლებისა თუ მასწავლებლებისთვის დღეს?

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში ათასზე მეტ მშობელს შორის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 43%-ს ჰგონია, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვების გარეთ გაშვება უფროსების ზედამხედველობის გარეშე დაუშვებელია, მათგან ნახევარს კი მიაჩნია, რომ ბავშვებს ასეთი თავისუფლება მხოლოდ 16 წლიდან შეიძლება მიანიჭო.

მგონია, რომ ასეთივე შედეგს მივიღებთ, თუ კვლევას აშშ-ში ჩავატარებთ. თავგადასავლები, რომლებიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ექვსი წლის ბავშვისთვის, დღეს მოზარდთა უმეტესობას ეკრძალება.

როგორც უკვე ვთქვი, იმავე პერიოდში, როდესაც ბავშვებს მკვეთრად შევუზღუდეთ თავისუფალი თამაშის საშუალება და განსაკუთრებით – იმ თამაშებისა, რომლებიც რაიმე რისკს შეიცავს, მკვეთრად იმატა ბავშვებთან ფსიქიკურმა დარღვევებმაც.

ეს ნათლად ჩანს ბავშვებისა და მოზარდების სტანდარტული კლინიკური გამოკვლევების მონაცემთა ანალიზიდან, რომლებიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს.

ანალიზი გვიჩვენებს რომ დღეს, ახალგაზრდებთან ხუთ-რვაჯერაა მომატებული შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლები, ვიდრე ეს ორმოცდაათიან წლებში. ფსიქოპათოლოგიებმა ისევე მოიმატა, როგორც იკლო რისკის შემცველი თავისუფალი თამაშების შესაძლებლობამ.

ეს ისტორია ირონიული და, ამავე დროს, ტრაგიკულია. ჩვენ ვუკრძალავთ ბავშვებს თავისუფლად თამაშს, რათა მოსალოდნელი ხიფათისგან დავიცვათ, მაგრამ, ამავე დროს, მათ ფსიქოლოგიური სტრესისთვის ვწირავთ.

ბავშვები ისე არიან შექმნილნი, რომ თვითონვე შეუძლიათ ემოციური მოქნილობის გამომუშავება რისკის შემცველი, ემოციების მასტიმულირებელი თამაშებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი თამაშების აკრძალვით ჩვენ მათ უფრო სახიფათო მდგომარეობაში ვაგდებთ, ვიდრე თავად ეს თამაშები. გარდა ამისა, ვართმევთ მათ ხალისს, რომელიც ასეთ თამაშებს ახლავს თან.

თუ უსაფრთხო თამაში გვსურს, მაშინ ის თავისუფალი უნდა  იყოს და არა უფროსების მიერ დავალებული, მართული თუ თავს მოხვეული.

ბავშვებს რისკის შემცველი თამაშების მაღალი მოტივაცია აქვთ. ამავე დროს, ისინი ემოციურად და ფიზიკურად მზად არიან საკუთარი შესაძლებლობებისა და თამაშის თანმხლები რისკის განსაზღვრისთვის.

როდესაც უფროსები ბავშვებს რაიმე ისეთი სარისკო საქმიანობისკენ უბიძგებენ, რომლისთვისაც ბავშვი მზად არ არის, ხალისისა და ემოციური კმაყოფილების ნაცვლად შესაძლოა ტრავმა მივიღოთ.

ერთი და იმავე ასაკის ბავშვებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რაც ერთისთვის ამაღელვებელი და მიმზიდველია, მეორისთვის შესაძლოა მატრავმირებელი აღმოჩნდეს.

მაგალითად, როდესაც ფიზკულტურის მასწავლებელი დარბაზში მყოფ ყველა ბავშვს აიძულებს, ჭერზე ჩამოკიდებულ თოკზე აძვრეს, ზოგი ბავშვისთვის ეს სავარჯიშო ძალიან ძნელი შესასრულებელია. ბავშვი ამას განიცდის და რცხვენია. ნაცვლად იმისა, რომ თოკზე ცოცვა და სიმაღლის დაპყრობა ისწავლონ, ბავშვები უარყოფით გამოცდილებას იღებენ, რამაც შესაძლოა მათ სამუდამოდ აუცრუოს გული ასეთ თავგადასავლებზე.

ბავშვებმა კარგად იციან, როგორ მიიღონ ახალი გამოცდილებისთვის საჭირო შიშის დოზა. ეს რომ მოხერხდეს, აუცილებელია, თამაშს ბავშვი თვითონვე აკონტროლებდეს (აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბავშვების მცირე ნწილი გაზვიადებით აფასებს თავის შესაძლებლობებს და ხშირად იღებს ტრავმას ან შავდება რისკის შემცველი თამაშების დროს. შესაძლოა, ასეთ ბავშებს სჭირდებოდეთ თავის შეკავების, ემოციის მოთოკვის სწავლა).

ირონიულია, რომ ბავშვები უფრო იშვიათად შავდებიან თამაშის დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც უფროსების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ.

ალბათ იმიტომ, რომ უფროსებისგან წახალისება და სპორტის კონკურენტული ბუნება ბავშვებს აიძულებს, გარისკონ – თავად დაშავდნენ ან სხვები დააშავონ, რასაც თავისუფალი თამაშის პირობებში არ გააკეთებდნენ.

და იმიტომაც, რომ სპორტი სპეციფიკური კუნთებისა და სახსრების ზედმეტად დატვირთვას გულისხმობს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ყოველ წელს თოთხმეტ წლამდე ასაკის 3.5 მილიონი ბავშვი მიმართავს სამკურნალოდ ექიმს სპორტული დაზიანების გამო.

ეს დაახლოებით მეშვიდედია იმ ბავშვებისა, რომლებიც სპორტს მისდევენ.

უფროსების მცდელობით, ბავშვების სპორტული მედიცინა დიდი მასშტაბის ბიზნესად გადაიქცა. უფროსები ახალგაზრდა პიტჩერებს (ბურთის მსროლელი ბეისბოლში) ისე ღონივრად სროლას ავალებენ, რომ ბავშვები იდაყვს იზიანებენ. ასევეა ამერიკულ ფეხბურთშიც, როდესაც ლაინსმენებს (მცველებს) სთხოვენ, ძლიერად შეეჯახონ მოწინააღმდეგეს, რაც ხშირად იწვევს ტვინის შერყევას. ახალგაზრდა მოცურავეებს ისე ხშირად და ხანგრძლივად ავარჯიშებენ, რომ მათ მხრების სახრები და კუნთები უზიანდებათ და ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ.

ბავშვები, რომლებიც თავისუფლად თამაშობენ, იშვიათად აქცევენ ყურადღებას ფიზიკური შესაძლებლობების სპეციალიზაციას (მათ თამაშის მრავალფეროვნება უფრო იზიდავთ) და როდესაც რამეს იტკენენ, უბრალოდ ჩერდებიან ან თამაშის მიმდინარეობას ცვლიან, რათა კიდევ აღარ იტკინონ რამე.

გარდა ამისა, ვინაიდან თამაში სიამოვნებაა, ისინი ცდილობენ, არ დააზიანონ თანამოთამაშენი.

უფროსები კი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოგებისთვის, იმ ბუნებრივი დამცავი მექანიზმების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რომელიც ბავშვებს თავისუფალი თამაშის დროს ტრავმებისგან იცავს.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვუკრძალავთ ბავშვებს მათ არჩეულ, მათთვის საინტერესო და სასიამოვნო თამაშებს მათი თითქოსდა სახიფათო შედეგების გამო. სინამდვილეში კი ეს თამაშები არც ისე სახიფათოა და მათგან მიღებული სარგებელი მრავალჯერ გადაწონის ყველა შესაძლო რისკს. სანაცვლოდ ბავშვებს ვთავაზობთ, დასპეციალდნენ სპორტის მაღალკონკურენტულ სახეობებში, სადაც ტრავმის ალბათობა შეუდარებლად მაღალია.

ასე რომ, ალბათ დროა, გადავაფასოთ ჩვენივე პრიორიტეტები და მივცეთ ბავშვებს თავისუფლად თამაშის საშუალება.

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

გამოყენებული წყაროები:

1) https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201404/risky-play-why-children-love-it-and-need-it; 2) https://alternativestoschool.com/articles/how-children-learn/#subcontent4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“