კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

შეკითხვები ფსიქოლოგს

 

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველა – მშობელი/აღმზრდელი/მასწავლებელი განსხვავებული. ყველა ბავშვს აქვს შეკითხვა, რომლსაც ფსიქოლოგს უსვამს. ამ სტატიაში სწორედ მათ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები.

  1. პირველკლასელი სალომე: „უკვე მთელი წელია სკოლაში დავდივარ. კარგია მომწონს, მაგრამ მაინც ძალიან მინდა არდადეგები მალე დაიწყოს“.

ფსიქოლოგი: „რატომ?“

სალომე: „დილით ადრე აღარ გავიღვიძებ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, თორემ სულ  ვმეცადინეობ და ვმეცადინეობ“.

სალომეს ძალიან მოსწონს სკოლაში სიარული. ის ფსიქოლოგთან საუბარში აღნიშნავდა, რომ უყვარს სკოლა, მასწავლებლები, თანაკლასელები, მაგრამ სანამ სკოლაში სიარულს დაიწყებდა არ ეგონა, რომ ამდენი უნდა ემეცადინა. სალომეს თამაში ენატრება და თუ ადრე ერთი სული ჰქონდა, „დიდი გოგო“ გაზრდილიყო და სკოლაში წასულიყო, ახლა ხანდახან ნანობს, რომ ისევ პატარა არ არის და საბავშვო ბაღში აღარ დადის.

აქ უდავოა საქმე გვაქვს ისეთ სკოლასთან, სადაც ბავშვებს გადაჭარბებული რაოდენობის დავალებებს აძლევენ. ყოველ შემთხვევაში სალომეს სიტყვებიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ამ ასაკში ბავშვები ხომ ძალიან სუბიექტურები არიან და ვერაფრით აფასებენ სასკოლო პროგრამის ნიუანსებსა და თავისებურებებს. სალომესთან საუბარმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე უნდა დაგვაფიქროს. კერძოდ, სკოლაში  მიყვანამდე მშობლებმა, შვილს მისთვის გასაგებ ენაზე  უნდა აუხსნან, რას ნიშნავს სკოლაში სიარული, რა შეიცვლება მის ცხოვრებაში, რა ახალი მოვალეობები და პასუხისმგებლობები დაეკისრება.

  1. პირველი კლასის დამრიგებელი: „სასწავლო წელი თითქმის დამთავრდა. ჩემი მოსწავლეები ძალიან კარგები არიან, მაგრამ მათი მშობლები ვერაფრით დამშვიდდნენ, მოდიან, სულ პრეტენზიები აქვთ. გამუდმებით საყვედურობენ პედაგოგებსა და აღმზრდელებს. მათ ადამიანი ვერაფრით ასიამოვნებს. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?“

თანამედროვე სკოლებში მშობლებთან ურთიერთობის სახეს, რაოდენობასა და ხანგრძლივობას სკოლის შინაგანაწესი უნდა არეგულირებდეს, რაც თავად სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა და მის შესახებ მშობლები სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იყვნენ ინფორმირებული.

ამ მასწავლებლის შეშფოთება, ვფიქრობ გადაჭარბებულია და საქმისადმი მცდარი მიდგომის შედეგია. მშობლებისათვის სიამოვნების მინიჭება, არ უნდა იყოს მასწავლებლის ფიქრის საგანი. თუ ის მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი კომპეტენტურობით გამოირჩევა, მას არ ექნება მშობლებთან ურთიერთობის დაბალანსების პრობლემა და საკუთარი შვილებისადმი ჰიპერმზრუნველი და გულგრილი დამოკიდებულების მქონე მშობლებიც კი თანაბრად სწორად შეაფასებენ მის კვალიფიკაციას.

  1. მეორეკლასელი სანდროს მშობელი: „ჩემი ბიჭი ჯერ მხოლოდ მეორე კლასშია. მისი დამრიგებელი სულ მეუბნება, რომ ის ძალიან ცელქია და სკოლაში ქცევის წესებს არ ემორჩილება. სულ ვნერვიულობ, ასეთი პატარაა და ვერ ვიმორჩილებ. შემდეგ წლებში რაღა იქნება?“

ვფიქრობ მეორეკლასელი ბავშვები სწორედ „ცელქები“ უნდა იყვნენ. აქ სავარაუდოდ პრობლემა სანდროს კლასის მასწავლებლებს აქვთ, რომლებიც სათანადოდ ვერ ფლობენ კლასის მართვის თანამედროვე ტექნიკებს. კლასში ქცევის წესების შემუშავებისა და მათი დაცვის პასუხისმგებლობა ხომ პედაგოგის პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.

სანდროს მშობელი, ყურადღებიანი და მზრუნველია, ის ცდილობს მუდმივად საქმის კურსში იყოს, ხშირად ესაუბრება კლასის დამრიგებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს. ის ცდება, როცა ფიქრობს, რომ შვილი უნდა ემორჩილებოდეს და უაპელაციოდ უნდა ასრულებდეს უფროსების მოთხოვნებს. ბავშვის აღზრდისადმი ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება, მართლაც ხშირ შემთხვევებში ვერ ამართლებს და ასაკის მატებასთან ერთად სანდრო უფრო მეტად ეცდება საკუთარი შეხედულებისამებრ მოიქცეს და ნაკლებად „მართული“ იყოს. აღზრდის პროცესში შედეგიანია ბავშვებთან თანამშრომლობითი და ნდობაზე დამყარებული  ურთიერთობები. ასეთ გარემოში აღზრდილი მოზარდები ყოველთვის პატივისცემას და სიყვარულს გასცემენ უფროსების მისამართით. ფსიქოლოგია, რაღა თქმა უნდა, ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ე.წ. გარდატეხის ასაკში ბავშვის მხრიდან ქცევითი ცვლილებები, მაგრამ ასეთ შემთხვევებს გამონაკლისის სახე აქვს და ისინი გაცილებით ნაკლები სიმძაფრითაა გამოხატული.

  1. მეორე კლასელი ლუკას დედა: „ჩემი შვილის სკოლაში ბავშვებს სახლში დავალებებს თითქმის არ აძლევენ. დამრიგებელი გვეუბნება, რომ ბავშვებს ადგილზე ამეცადინებს და სახლში დავალების მიცემა საჭირო არ არისო. რა ვიცი, ცოტა დაძაბული ვარ. ასე მგონია, ვერ ვაკონტროლებ ჩემი შვილის სასკოლო მიღწევებს. მაინტერესებს, სწორია თუ არა ეს მიდგომა?“

დაწყებით საფეხურზე, ე.წ. საშინაო დავალებების არმიცემა, თანამედროვე მიდგომებს ვფიქრობ სრულად ეხმაურება. ბავშვზე კონტროლი და ზრუნვა მუდმივად უნდა იყოს დაბალანსებული. სავარაუდოდ მზრუნველი მშობელი ადვილად მიხვდება, რამდენად კარგად ვითარდება პიროვნულად და ინტელექტუალურად მისი შვილი, აქვს თუ არა მას სწავლისადმი ინტერესი და ხალისით დადის თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ სკოლაში.

  1. მესამე კლასის დამრიგებელი: „იცით რა? მე ჩემს კლასში პრობლემები არ მაქვს. ბავშვები გაკვეთილზე ხელს არ მიშლიან, წყნარად სხედან, სანამ არ შევეკითხები, ხმას არ იღებენ. სამაგიეროდ სხვა გაკვეთილებიდან ზოგჯერ ხმაური გამოდის. ყველას ერთად უნდა საკუთარი აზრის გამოთქმა და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა პედაგოგები ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, სათანადო სიმკაცრეს ვერ იჩენენ“.

იმავე კლასის უცხო ენების პედაგოგები: „კლასში ძალიან განსხვავებული ხასიათების, ოჯახური მდგომარეობისა და პედაგოგიური უნარების ბავშვები მოხვდნენ. ჩვენ ვცდილობთ სწავლა-სწავლების სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებას. ხშირად ჯგუფურ მუშაობას ვატარებთ, რათა განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვები საკლასო მუშაობაში ჩავრთოთ. ამით გარკვეულ შედეგებს ვაღწევთ თუნდაც ნაკლებად ნიჭიერ ბავშვებთან. რაც შეეხება დისციპლინას, მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული სირთულეები კლასთან არ გვაქვს“.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ კლასში სრულიად განსხვავებული პედაგოგიური უნარ-ჩვევების მქონე მასწავლებლები შედიან და სასწავლო გარემოც განსხვავებულია. სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები მართლაც ახალისებენ გაკვეთილზე განსხვავებული აქტივობების გამოყენებას. აქ, სავარაუდოდ უფრო მეტად დასაფიქრებელია იმ ბავშვების ბედი, რომლებიც აღზრდაში ამ ორი განსხვავებული მიდგომის მქონე მასწავლებლების კლასში სწავლობენ. მოსწავლეებზე აუცილებლად აისახება ის ფარული ანტაგონიზმი, რომელიც დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბდა. აუცილებელია, კლასში თანამიმდევრული, ერთიანი აღზრდისა და გაკვეთილების ჩატარების სისტემის არსებობა.

  1. მეოთხე კლასელი გუგას მამა: „ჩემი ბიჭი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. მეც ზუსტად ასეთი ვიყავი მის ასაკში და არ მიმაჩნია ეს დიდ ტრაგედიად. გაიზრდება და მაინც ისწავლის, რაც მოუნდება. მთავარი ნიჭია. ხომ მეთანხმებით?“

ერთმნიშვნელოვნად არა, რადგან ნიჭი, რომელსაც შრომისმოყვარეობა არ ახლავს დიდი ალბათობით ვერ განვითარდება. ეს ჭეშმარიტება, ვფიქრობ ყველასათვის ცნობილია. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ „გაიზრდება და მაინც ისწავლის“ ასევე, მცდარი შეხედულებაა, რადგან სწავლა ეს არის უნარ-ჩვევა, რომელსაც ძალიან მცირე ასაკიდან უნდა ჩამოყალიბება და მუდმივი შენარჩუნება. სხვა მხრივ ზრდასრულ ასაკში პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გამომუშავება.

  1. 10 წლის ლიკას დედა:  „ჩემს გოგონას, საერთოდ არ უყვარს წიგნების კითხვა. მხოლოდ გაკვეთილებს მეცადინეობს და შემდეგ კომპიუტერთან ზის მთელი საღამო. რა ვქნა? ძალიან შეწუხებული ვარ“.

ვფიქრობ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ნაცნობია ყველა იმ ოჯახებისათვის, სადაც ბავშები იზრდებიან. წიგნების კითხვის ჩვევა ეს ის უნარია, რომელიც მშობელმა ბავშვს ადრეული ასაკიდან უნდა გამოუმუშაოს. აქ ფსიქოლოგის რეკომენდაციები ნაცნობი და მარტივია. მშობლებმა ბავშვებს წიგნები მცირე ასაკიდან უნდა უკითხონ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ბავშვის ოჯახში უნდა იყოს წიგნიერი გარემო. ის უნდა ხედავდეს საღამოს უფროსებს წიგნით ხელში და არა ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანთან. პატარები ხომ გამუდმებით უფროსებს ბაძავენ, მათ ქცევებს იმეორებენ.

  1. მეექვსეკლასელი ანანოს დედა: „ბავშვი ძალიან შეიცვალა. ეს ბოლო პერიოდია ვატყობ, სულ გაღიზიანებულია, საკუთარ თავში ჩაიკეტა, ადრე ყველაფერს მიყვებოდა, ახლა რამეს რომ ვეკითხები, უხეშად მპასუხობს: „თავი გამანებე!!!“ ჯერ მხოლოდ ახლა გახდა 11 წლის და რა სჭირს, ხომ ვერ მეტყვით?“

11 წლის ანანო: „სკოლაში დავდივარ არ ვაცდენ, დავალებებს ვასრულებ, კარგ ნიშნებს ვღებულობ, კვირაში ორჯერ დამატებით ინგლისურის მასწავლებელთან მიწევს სიარული, შაბათობით –  სპორტი, მუსიკა. კვირას კიდევ სიმღერის გაკვეთილი მაქვს. დედაჩემი სულ ნერვიულობს. ჰგონია, რომ შევიცვალე და აღარ ველაპარაკები. რა ვქნა? როგორ გავაგებინო, რომ ძალიან ვიღლები და ზედმეტი ლაპარაკის თავი აღარ მაქვს ხოლმე. დაქალებთანაც კი ვეღარ ვახერხებ „გემრიელად ჩათაობას“. ჰო მართლა, სულ დამავიწყდა სკოლა ჩვენი სახლიდან საკმაოდ შორის არის და ყოველდღე საათზე მეტი მეხარჯება გზაში. ისე რა ვიცი, იქნებ კიდეც შევიცვალე ცოტა. მე ხომ პატარა აღარ ვარ? ვცდილობ, ეს დედაჩემს და სხვებსაც გავაგებინო. მაგრამ ეს უფროსები, ხომ არ გისმენენ? ისინი მარტო ჭკუას გასწავლიან. დავიღალე“.

  1. „მე მქვია დემეტრე. უკვე 12 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდი ვარ და ჩემით უნდა ვწყვეტდე, რა ჩავიცვა, რა ვჭამო, სად წავიდე, ვისთან ვიმეგობრო. მამაჩემი კი სხვანაირად ფიქრობს. სულ ეშინია რამე არ შემეშალოს, ცუდ წრეში არ მოვხვდე, სწავლას არ ჩამოვრჩე, კომპიუტერთან დიდხანს არ ვიჯდე და არასასურველ რამეებს არ ვუყურო. ბაბუა კი ხშირად მიყვება: „მამაშენი ისეთი ცელქი იყო, სულ სკოლის კარებთან ვიყავი ატუზულიო, ხან რაზე მიბარებდნენ და ხან რაზეო“. იცით რა მაინტერესებს? ეს უფროსები, რომ იზრდებიან, რატომ ავიწყდებათ საკუთარი წარსული? კიდევ იცით რა მაკვირვებს – ხან მეუბნებიან, რომ უკვე დიდი ვარ და შესაბამისად უნდა მოვიქცე და ხან კი – პატარა ვარ, და ჯერ არ შემიძლია განვსაზღვრო რა არის ჩემთვის ცუდი და კარგი. აი თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ. იქნებ აუხსნათ ჩვენს მშობლებს და მასწავლებლებს, რომ როგორც მათ აწყობთ და უნდათ ისე კი არ უნდა გველაპარაკონ, არამედ ისე როგორც ჩვენს ასაკს შეეფერება“.

და მართლაც, უფროსებო, განა ყველასთვის უკეთესი არ იქნება, ნებისმიერი ასაკის ბავშვსა და მოზარდს შესაფერისი სიტყვებით რომ ვესაუბროთ? შესაფერისი სიტყვების მოძებნა კი მშობლებისათვის ემოციური და მასწავლებლებისათვის კი – პროფესიული ვალდებულებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“