ხუთშაბათი, სექტემბერი 28, 2023
28 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

ნიჭიერი მოსწავლეები, მათი აღმოჩენა და სწავლება

ნიჭიერების განსაზღვრის ბევრი მეთოდი არსებობს, რადგან ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ნიჭი აქვთ. ყველაზე გავრცელებული განმარტებით „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები და მოზარდები ავლენენ შესრულების გაცილებით უფრო მაღალ პოტენციალს,  ვიდრე იმავე ასაკის, იმავე გამოცდილებისა და გარემოს სხვა ბავშვები და მოზარდები. ასეთი ბავშვები და მოზარდები ავლენენ ინტელექტუალურ, შემოქმედებით, არტისტულ, ლიდერის არაჩვეულებრივ უნარს ან სწავლების სფეროში განსხვავებულ ნიჭს.  განსაკუთრებული ნიჭი გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში ნებისმიერ კულტურულ ჯგუფში ნებისმიერ ეკონომიკურ ფენაში, ადამიანის ნებისმიერი მისწრაფებების სფეროში“.

ჭეშმარიტი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები უბრალოდ მხოლოდ იმით არ გამოირჩევიან, რომ ყველაფერს ძალდატანების გარეშე, უცებ შეისწავლიან. ნიჭიერი მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო ორიგინალობით გამოირჩევა, ასაკს წინ უსწრებს და დიდი პოტენციალის მაუწყებელიცაა. მათ სულ მცირე დახმარება სჭირდებათ,  რათა 3-4  წლის ასაკში უკვე კარგად კითხულობდნენ. ისინი შეიძლება გამოცდილი მოზრდილის მსგავსად უკრავდნენ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა გადააქციონ მათემატიკურ თავსატეხად. თანაკლასელებისგან განსხვავებით, აღფრთოვანებულები არიან ალგებრული ამოცანებით. ნიჭიერებაზე ბოლოდროინდელი შეხედულებები გაფართოვდა და ახლა ის მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვების კულტურას,  ენას და განსაკუთრებულობას.

რა ვიცით ასეთი მოსწავლეების შესახებ?  აკადემიური და ინტელექტუალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნების კლასიკური შესწავლა, ათეული წლების წინათ, ლუის ტერმანმა და მისმა კოლეგებმა დაიწყეს. უზარმაზარი პროექტი 1528 ნიჭიერი მამაკაცისა და ქალის ცხოვრებას აკვირდებოდა და 2010 წლამდე გაგრძელდა. ცდისპირების IQ-ს მაჩვენებელი მოსახლეობის საუკეთესო 1%-შია (სტენფორდ-ბინეს ინტელექტის ტესტის მიხედვით  140  ან მეტი ქულა).  ისინი შეარჩიეს ამ ტესტის შედეგების საფუძველზე და მასწავლებელთა რეკომენდაციით.

ტერმანისა და მისი კოლეგების დაკვირვებით,  ჩვეულებრივთან შედარებით, ნიჭიერი ბავშვები უფრო დიდები,  ძლიერები და ჯანმრთელები აღმოჩნდნენ. ისინი,  ხშირად,  უფრო ადრე იწყებენ სიარულს და უფრო ღონიერებიც არიან. თანატოლებთან შედარებით ემოციურად უფრო მდგრად და გაწონასწორებულ ადამიანებად იზრდებიან,  ვიდრე საშუალო შესაძლებლობის ინდივიდები. მათ დანაშაულის, ემოციური სირთულეების,  განქორწინების,  ნარკოტიკული პრობლემებისადმი მიდრეკილების უფრო დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტერმანის ნაშრომში ნომინაციების შემდგენელმა მასწავლებლებმა შესაძლოა, ის მოსწავლეები შეარჩიეს,  რომლებიც გაწონასწორებულობას საწყის ეტაპზე ამჟღავნებდნენ.  გახსოვდეთ, რომ ტერმანის ჩატარებული კვლევა აკადემიური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს ეხება. ნიჭის კი ბევრი სხვა გამოხატულებაც არსებობს.

ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭიერ ბავშვებს პრობლემები არ ხვდებათ. ტერმანის ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიუხედავად, არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა ნიჭიერი მოსწავლე გაწონასწორებული და ემოციურად ჯანსაღია.  ფაქტობრივად,  ნიჭიერი მოსწავლეები დეპრესიულნი არიან ხოლმე და ხშირად ჰყვებიან თავიანთი სოციალური და ემოციური პრობლემების შესახებ. ნიჭიერ ბავშვს ბევრი წინააღმდეგობა აქვს გადასალახი. მოწყენის, მობეზრების,  ასევე თანატოლთა მხრიდან იზოლაციისა და ფრუსტრაციის ჩათვლით.  თანაკლასელები შეიძლება თავს იკლავდნენ ფეხბურთის თამაშით და ბრაზდებოდნენ,  როცა მათემატიკას თავს ვერ ართმევენ. ნიჭიერი ბავშვი კი აღფრთოვანებულია მოცარტით, ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივ საკითხებს ან მთელ დროს უთმობს კომპიუტერს,  თეატრსა თუ გეოლოგიას.  ნიჭიერი ბავშვები შეიძლება გაღიზიანდნენ მეგობრების,  მშობლებისა და იმ მასწავლებლების მიმართაც,  ვინც არ იზიარებს მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.  რადგან ენა კარგად უჭრით,  შეიძლება მოგვეჩვენოს,  რომ ტრაბახობენ.  ისინი დიდ მგრძნობელობას იჩენენ სხვების მოლოდინისა და გრძნობების მიმართ, ამიტომაც,  ასეთი მოსწავლეები შეიძლება ავადმყოფურად განიცდიდნენ კრიტიკასა და დაცინვას. მიზანდასახულობისა და მობილიზებულობის გამო ისინი შეიძლება ჯიუტებად და თანამშრომლობის დეფიციტის მქონეებად მოგვეჩვენონ,  იუმორის კარგი გრძნობა კი იარაღად გამოიყენონ მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიმართ. გარემოსთან მორგება უმაღლესი აკადემიური შესაძლებლობების მქონე განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვებისათვის ლამის უმთავრესი პრობლემაა

ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა ყოველთვის ადვილი არაა.  მათი სწავლება კი შეიძლება უფრო მეტად წინააღმდეგობრივი იყოს. ბევრი მშობელი საკუთარი ბავშვებს განათლებას ადრეულ ასაკშივე აძლევს. ადრეულ წლებში კითხვის უნარით განსაკუთრებულად დაჯილდოებული ბავშვებიც კი ვერ მოგვცემენ იმის გარანტიას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ასევე კარგად გაართმევენ თავს ამოცანას.

ძალიან ხშირად მოსწავლეები თავიანთი უნარის დამალვისკენ არიან მიდრეკილნი. დაბალ და მაღალ კლასებში ზოგი მოსწავლე სპეციალურად იღებს უფრო დაბალ ქულებს,  რაც ხელს უშლის მათი ნიჭის გამოაშკარავებას. მერილინ ფრენდი ტალანტის აღმოსაჩენად რამდენიმე კითხვას გვთავაზობს: ვის შეუძლია ისეთი აბსტრაქტული სიმბოლოების სისტემის ადვილად მართვა, როგორიც მათემატიკაა? ვის შეუძლია ხანგრძლივად კონცენტრირება პიროვნულ ინტერესებზე?  ვის ამახსოვრდება ახლად ახსნილი მასალა ადვილად? ვინ ითვისებს მეტყველებას და კითხვას ადრე? ვინ არის ცნობისმოყვარე და ინტერესდება ბევრი რამით? ვისი ნამუშევარია ორიგინალური და შემოქმედებითი?  ასეთი მოსწავლეები შეიძლება ცალკე მუშაობას ამჯობინებდნენ, სამართლიანობისა და წესიერების გრძნობის სიმძაფრით გამოირჩეოდნენ,  იყვნენ ენერგიულნი,  დაჟინებულნი და მეგობრებისადმი (ხშირად მათზე უფროსი მოსწავლეების)  პასუხისმგებლობით აღსავსენი და იბრძოდნენ სრულყოფილებისთვის (პერფექციონიზმი).

ჯგუფზე გათვლილი წარმატებებისა და ინტელექტის ტესტი განსაკუთრებით ნათელი გონების მქონე ბავშვების IQ-ს სათანადოდ ვერ აფასებს. ჯგუფური ტესტები შეიძლება შესამოწმებლად მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ამ სისტემაზე დაყრდნობით რაიმე ძირეული დასკვნების გამოტანა ვერ ხერხდება. ნიჭიერი ბავშვების აღმოსაჩენად ბევრი ფსიქოლოგი კონკრეტული შემთხვევის კვლევის მეთოდს გვთავაზობს. ეს ნიშნავს მრავალგვარი ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა კონტექსტში: ტესტის მაჩვენებლებს, ხარისხს, შესრულებული სამუშაოს მაგალითებს,  პროექტებსა და პორტფოლიოებს, თვითშეფასებებს, ბავშვის წარდგენის ნებართვას მასწავლებლებისა და თანატოლებისაგან და ა.შ. შეიძლება განსაკუთრებული არტისტული ტალანტის აღმოსაჩენად, ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების განსჯისთვის, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექსპერტების მოწვევა გახდეს საჭირო. მეცნიერული პროექტები, გამოფენები, წარმოდგენები, საუბრები და მოსმენები – ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. შემოქმედებითმა ტესტებმა შეიძლება წარმოაჩინოს ბევრი ისეთი ბავშვი,  რომლებსაც სხვა საგნებში განსაკუთრებული მიღწევები არ აქვთ. გახსოვდეთ, თუკი მოსწავლე ერთ რომელიმე სფეროში საოცარ შესაძლებლობებს ავლენს, შეიძლება სხვა მიმართულებებით ნაკლები ნიჭით გამოირჩეოდეს.

ზოგ პედაგოგს მიაჩნია,  რომ ნიჭიერი მოსწავლეები ყველაფერს სწრაფად უნდა ითვისებდნენ – სწრაფად გადადიოდნენ მაღალ კლასებში. პედაგოგთა ნაწილი კი ცოდნის გამდიდრების მომხრეა – მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ დამატებითი,  გართულებული და დამაფიქრებელი სამუშაო, ოღონდ ასაკის შესაბამისად. სინამდვილეში, ორივე მეთოდი მისაღებია. ამის განხორციელების ერთი გზა კურიკულუმ შესაბამისობაა – მოსწავლეთა ცოდნის შეფასება სწავლის საზომით და შემდეგ სწავლება მხოლოდ იმ მიზნების განსახორციელებლად,  რომლებიც ჯერ არ არის მიღწეული. თავისუფალი დრო შეიძლება დაეთმოს იმ მიზნების ჩამოყალიბებას,  რომლებიც შეეხება გამდიდრებას,  დახვეწას,  სიახლეს.

            ბევრი ადამიანი აქსელერაციის წინააღმდეგია, მაგრამ ფრთხილ გამოკვლევათა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ნამდვილად ნიჭიერი ბავშვები,  დაწყებით, საშუალო,  მაღალ კლასებში,  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაშიც კი, თავიდანვე კარგად ან უკეთ ეუფლებიან საგნებს,  რომელთაც ჩვეულებრივი შესაძლებლობების ბავშვები ნორმალური განვითარების ტემპით შეისწავლიან. სოციალური და ემოციური მორგება არ იწვევს მიღწევების გაუარესებას. ნიჭიერი ბავშვები უფროსებთან ურთიერთობას ამჯობინებენ და შეიძლება მოსაწყენად ეჩვენოთ თანატოლთა წრეში  ყოფნა. კონკრეტული მოსწავლისთვის კლასებში „გადახტომა“ შეიძლება არც იყოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არც იმდენად ცუდი,  როგორც ბევრს ჰგონია. კლასებში „გადახტომის“ ალტერნატივა ერთ ან ორ გამორჩეულ საგანში მოსწავლეთა დაჩქარებული ტემპით სწავლებაა – იმდენად დაჩქარებული ტემპით, რომ რომელიმე უნივერსიტეტის შესაბამის კურსებზეც კი შესაძლებელია მოსწავლის ჩარიცხვა,  მაგრამ სასურველია, რომ ასეთმა მოსწავლემ სკოლა თანატოლებთან ერთად დაამთავროს. განსაკუთრებული ინტელექტით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის (მაგ., ინტელექტის ტესტის მიხედვით ვისი მაჩვენებელიც 160  ან უფრო მეტია)  მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება თუ დააჩქარებს მათ განათლებას.

ნიჭიერთა სწავლების მეთოდებმა შეიძლება ხელი შეუწყოს აბსტრაქტულ აზროვნებას  (პროცესის სწორად მართვის მოფიქრება),  შემოქმედებითობას, ძნელი და ორიგინალური ტექსტების წაკითხვის,  დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას და არამხოლოდ მეტი ფაქტების სწავლას.  ერთი ასეთი მეთოდი  (რომლის პერსპექტიულობასაც ვერ ვხედავთ)  ნიჭიერ მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობის ჯგუფებში ერთობლივი მუშაობაა. ნიჭიერი მოსწავლეები, თუ ისინი სხვა დიდი შესაძლებლობის მოსწავლეებთან ერთად მუშაობენ,  სწავლას უფრო გულმოდგინედ ეკიდებიან. ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებელი უნდა იყოს წარმოსახვის უნარის მქონე, მოქნილი, ტოლერანტული და,  რაც მთავარია,  მოსწავლეთა განსაკუთრებული ტალანტი მასზე დამთრგუნველად არ უნდა მოქმედებდეს. მასწავლებელი საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს:  ყველაზე მეტად რა უნდათ ამ ბავშვებს?  რის სასწავლად არიან მზად?  ვინ დამეხმარება მათ გამოწვევაში?  ნებისმიერი მოსწავლისათვის გამოწვევა და ხელშეწყობა უმთავრესია. მაგრამ ასეთი ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც სკოლაში ყველაზე მეტი იციან ისტორიის,  მუსიკის,  მეცნიერებისა თუ მათემატიკის შესახებ,  უკვე ხომ გამოწვევაა!  პასუხებს ახლომდებარე სკოლების ან უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთაგან,  პენსიონერ პროფესიონალთაგან,  წიგნებიდან,  მუზეუმებიდან ან უფროს მოსწავლეთაგან უნდა ველოდოთ.  სტრატეგიები ისეთივე ცალკეული შემთხვევების მიხედვით უნდა იყოს შემუშავებული, როგორიც ბავშვისთვის შემდეგი კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოს შეთავაზებაა; ლექციები ადგილობრივ ხელოვან ადამიანებთან,  მუსიკოსებთან ან მოცეკვავეებთან ერთად; დამოუკიდებელი კვლევითი პროექტები; უმცროს მოსწავლეთათვის საშუალო სკოლის შერჩეული კლასები; ფრიადოსან მოსწავლეთა კლასები;  განსაკუთრებული ინტერესების კლუბები.

პრობლემებთან გამკლავებისას არ დაგავიწყდეთ მხარდაჭერაც. ჩვენ, ყველას, არაერთხელ გვინახავს მშობელთა,  მწვრთნელთა ან მასწავლებელთა მუქარით აღსავსე მზერა,  რომელთაც სურთ ნიჭიერი ბავშვის გართობიდან „მოგლეჯა“. უფროსები ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მისგან გამუდმებულ მუშაობას, გაუმჯობესებასა და სრულყოფას ითხოვენ. ზუსტად ისევე, როგორც არ უნდა წავახალისოთ ბავშვთა ძალისხმევის შეფერხება თავიანთი ტალანტის განვითარებაში, ასევე უნდა ვერიდოთ ბავშვის შინაგანი მოტივაციის ნგრევას მძიმე ზეწოლით ან ზედმეტი ქებითა და დაჯილდოებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

გრიგოლ ორბელიანი

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი