ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

A, T, G, C და შოთა რუსთაველი – როგორ ჩაიწერა ქართული ეპოსი სიცოცხლის მოლეკულაში

0

რა საერთოა ნუკლეოტიდებსა და შოთა რუსთაველს შორის? შეკითხვა უზომოდ საინტერესოა, თუმცა პასუხი კიდევ უფრო საინტერესო. ბოლო რამდენიმე თვეა, ძალიან ხშირად ვუსმენ ქართულ პოდკასტებს, განსაკუთრებით მეცნიერებაზე. ერთ-ერთ პლატფორმაზე მოვუსმინე ქართველ ბიოლოგს და მფრინავს, ცოტნე ჯავახიშვილს. მისი საუბრიდან ახალი იდეები გამიჩნდა, გეგმებიც დავაწყვე, თუმცა ბატონი ცოტნე ტრაგიკულად დაიღუპა. საბედნიეროდ, ინტერნეტსივრცეს დარჩა მისი საინტერესო და მარტივი საუბარი უახლეს ბიოლოგიურ კონცეფციებზე. ინფორმაციის შენახვა რომ მნიშვნელოვანია, ამ აბზაციდანაც ჩანს. მაინც რა არის ინფორმაციის ყველაზე საიმედო და ტევადი საცავი? ღრუბლოვანი სივრცე? კომპიუტერის მყარი დისკი? კომპიუტერის გარე მეხსიერება? ბევრი შეიძლება ჩამოითვალოს, თუმცა ყველაზე ტევადი და საიმედო ჩვენი დნმ-ია (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), რომლის სიგრძე ერთ უჯრედში დაახლოებით 2 მეტრია, თუმცა უზომოდ მცირე მოცულობაში კომპაქტურად არის მოთავსებული. ის შეფუთულია ნუკლეოსომებში და საიმედოდ იცავს ჩვენ შესახებ ინფორმაციას.

2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ინიციატივით განხორციელდა „ვეფხისტყაოსნის“ დნმ-ში ჩაწერის პროექტი. ეს პროექტი არ ყოფილა ექსპერიმენტი. მიზანი უნიკალური კულტურის დაცვაა ბუნებრივი მოლეკულის, დნმ-ის საშუალებით. ტექნიკური ნაწილი, ტექსტის დნმ-ის კოდში გადაწერა, ქიმიური სინთეზი და შენახვა, შვეიცარიის ETH ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ გრასმა (Robert Grass) და მისმა გუნდმა განახორციელა, რომლებიც დნმ-ში მონაცემთა შენახვის მიმართულებით მსოფლიო ლიდერები არიან. ქართველმა ფილოლოგებმა და ენათმეცნიერებმა შეარჩიეს პოემის აკადემიურად ყველაზე ზუსტი, კანონიკური ტექსტი (ქართულ ენაზე), მოამზადეს მისი ციფრული ფორმატი. „ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი – სილიციუმის ნანოსფეროებში დაცული დნმ-ის მატარებელი – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება, როგორც ტექნოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ექსპონატი“.

რობერტ გრასმა (Robert Grass) და მისმა კოლეგამ რაინჰარდ ჰეკელმა (Reinhard Heckel), ETH-ის ყოფილმა მეცნიერმა, ალბომი ციფრული აუდიოგენეტიკურ კოდად თარგმნეს. „მაშინ, როცა CD-ზე ან მყარ დისკზე შენახული ინფორმაცია ნულებისა და ერთიანების თანმიმდევრობაა, ბიოლოგია გენეტიკურ ინფორმაციას დნმ-ის ოთხი სამშენებლო ბლოკის – A, C, G და T-ის – თანმიმდევრობით ინახავს“, – განმარტავს გრასი.

ციფრული მეხსიერება (HDD, SSD) მაქსიმუმ რამდენიმე ათწლეულს ძლებს და დიდ ფიზიკურ ადგილს იკავებს. დნმ კი იდეალური „მარადიული არქივია“:

მაინც რა თვისებები ახასიათებს დნმ-ს, რაც ამდენი რამის შენახვის საშუალებას იძლევა:

  1. გამძლეობა: სათანადო პირობებში (მშრალ, გრილ ადგილას) მას შეუძლია ინფორმაცია შეინახოს ათასობით წლის განმავლობაში (როგორც ამას ნამარხი ორგანიზმების დნმ ადასტურებს).
  2. კომპაქტურობა: დნმ არის ინფორმაციის შენახვის ყველაზე მაღალი სიმკვრივის მქონე გარემო. ერთ გრამ დნმ-ს შეუძლია 215 მილიონ გიგაბაიტზე მეტი ინფორმაციის დატევა. „ვეფხისტყაოსნის“ მთელი ტექსტი ამ გრამის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს.
  3. უნივერსალურობა: დნმ-ის წაკითხვა ყოველთვის შესაძლებელი იქნება, რადგან ის სიცოცხლის ფუნდამენტური მოლეკულაა.

ეს ინფორმაცია ინოვაციური გაკვეთილის დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ჩემი ვერსია ქვემოთაა მოცემული, თუმცა მკითხველს საკუთარ საჭიროებებზე მორგება მარტივად შეეძლება.

გაკვეთილი ინტეგრირებულია, მასში გაერთიანებულია ბიოლოგია, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ქიმია. ასევე მნიშვნელოვანია ლიტერატურის მასწავლებლის ჩართვა, რომელმაც უნდა ისაუბროს „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალობაზე არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო პოეზიაში.

აქტივობა 1: დნმ-ის ანბანის შექმნა – ბიოლოგია/ქიმია

რა არის დნმ-ის ოთხ ასოიანი (A, T, G და C) ანბანი და ფუძეების კომპლემენტარობა?

დავალება: მოსწავლეები ქმნიან დნმ-ის ორმაგი სპირალის მოდელს კომპლემენტარობის პრინციპის გათვალისწინებით (A-T, C-G).

აქტივობა 2: ციფრული ხიდის აგება

როგორ გადავაქციოთ ტექსტი ბინარულ კოდად და შემდეგ დნმ-ის კოდში?

პროცესი: მოსწავლეები სწავლობენ, როგორ ხდება ნებისმიერი ასო (მაგ., „რ“) Unicode-ის ან ASCII-ის მეშვეობით ბინარულ კოდად (0 და 1) გარდაქმნა. შემდეგ კი ამ ბინარულ კოდს გარდაქმნიან დნმ-ის ფუძეების მიმდევრობად (მაგ: 00 = A, 01=T, 10=C, 11 = G).

აქტივობა 3: პროექტი „ჩემი მარადიული მემკვიდრეობა“

დავალება: მოსწავლეები ირჩევენ მათთვის მნიშვნელოვან მოკლე ფრაზას „ვეფხისტყაოსნიდან“ და სქემის სახით წარმოადგენენ მისი კოდირების სრულ პროცესს პოსტერზე: ორიგინალი ტექსტი → ბინარული კოდი → დნმ-ის მიმდევრობა.

1.შეავსეთ ცხრილი:

ფუძე სრული სახელი კომპლემენტური წყვილი
A ადენინი
T თიმინი
G გუანინი
C ციტოზინი

 

2.დაახლოებით რამდენი ინფორმაციის შენახვა შეუძლია ერთ გრამ დნმ?

3.რატომ არის დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაცია გაცილებით უფრო გამძლე?

პასუხი: ის დაცულია სილიციუმის ნანოსფეროებში, ქიმიურად სტაბილურია და მისი შენახვა შესაძლებელია ათასობით წლის განმავლობაში ბუნებრივ გარემოში, ელექტროენერგიის გარეშე.

4.პრაქტიკული დავალება: მოცემულია დნმ-ის ერთ-ერთი ჯაჭვი: A T C G T T A G C. შეადგინე მისი კომპლემენტური ჯაჭვი.

პასუხი: კომპლემენტარული ჯაჭვი: T A G C A A T C G

  1. კოდირების სქემის გამოყენებით განახორციელე ბინარული გარდაქმნა.

კოდირების სქემა: 00 = A; 01 = T; 10 = C; 11 = G.

  1. ბინარული გარდაქმნა:
ბინარული კოდი 11 01 10 00 11
დნმ-ის თანმიმდევრობა

პასუხი:

ბინარული კოდი 11 01 10 00 11
დნმ-ის თანმიმდევრობა G T C A G
  1. დეკოდირება:
ბინარული კოდი
დნმ-ის თანმიმდევრობა C T G A C
გაერთიანებული კოდი

პასუხი:

ბინარული კოდი 10 01 11 00 10
დნმ-ის თანმიმდევრობა C T G A C
გაერთიანებული კოდი 1001110010
  1. ისტორია და ტექნოლოგია: რატომ აირჩიეს „ვეფხისტყაოსანი“?

ეს ინტეგრირებული აქტივობები უზრუნველყოფს ცოდნის რამდენიმე მიმართულებით ათვისებას:

  1. თეორიის პრაქტიკით განმტკიცება (STEM განათლება): მოსწავლეები აღარ სწავლობენ დნმ-ს მხოლოდ როგორც „გენეტიკურ მასალას“, არამედ იგებენ, რომ ის არის მათემატიკურად ზუსტი, საინფორმაციო სისტემა, რაც აძლიერებს ალგორითმულ აზროვნებას.
  2. ინტერდისციპლინარული უნარები: პროექტი აჩვენებს, რომ ლიტერატურა, ისტორია, ქიმია და კომპიუტერული მეცნიერებები ერთი დიდი სამეცნიერო ფაზლის ნაწილია. მოსწავლეები იგებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობასაც სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები საიმედოდ შესანახად.
  3. გლობალური კონტექსტი და ინოვაცია: მოსწავლეები ხედავენ, რომ ქართული ეროვნული საგანძური მოექცა გლობალური სამეცნიერო ინოვაციის ცენტრში, რაც აჩვენებს საქართველოს ჩართულობას მსოფლიო ინტელექტუალურ პროცესებში.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას, მასწავლებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ონლაინკოდირების მარტივი კალკულატორები (მაგ: ASCII to Binary Converter) და ETH ციურიხის კვლევების პოპულარული ვერსიები, რათა მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ დაინახონ, როგორ ხდება ნებისმიერი ტექსტის გენეტიკურ ენაზე თარგმნა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.unicode.org/charts/PDF/U10A0.pdf
  2. https://www.youtube.com/watch?v=9DNYoh0KPgM
  3. https://ethz.ch/en/news-and-events/eth-news/news/2018/04/entire-music-album-to-be-stored-on-DNA.html
  4. შემდეგი პოდკასტი

 

დანართი:

 

AI  წიგნიერება და მასწავლებელი

0

ციფრული ეპოქის სკოლაში, სადაც ინფორმაცია იოლად ხელმისაწვდომია, გაჩნდა კითხვა: „თუ AI წერს ტექსტებს, ხსნის ამოცანებს და ადგენს სქემებს – მაშ, რა არის მასწავლებლის როლი?”

სწავლება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ცოდნის გადაცემა. სწავლება მოიცავს აზროვნების განვითარებას, ფიქრის კონკრეტული მიმართულებით წარმართვას და ღირებულებების გაზიარებას. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს; ის მასწავლებლის ასისტენტი და  თანაშემწეა.

რა არის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება?

ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება (AI literacy) მოიცავს ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების – როგორც ტექნოლოგიური, ისე ადამიანური ასპექტების – გაგება, კრიტიკული შეფასება და პასუხისმგებლიანი გამოყენება.

ა AI-წიგნიერება არის არა ინსტრუმენტის გამოყენება, არამედ მიღებული შედეგის გააზრება და შეფასებაა. რაც ეფუძნება შემდეგ განზომილებებს:

ტექნიკური მხარე: როგორ მუშაობს AI? როგორ აგენერირებს პასუხს?

კრიტიკული მხარე: რატომ მივიღეთ ეს პასუხი? რა მონაცემებზეა დაყრდნობილი?

ეთიკური მხარე: ვინ არის პასუხისმგებელი შედეგზე? ვის ემსახურება ინფორმაცია?

ანუ, AI-წიგნიერება = აზროვნება + პასუხისმგებლობა.

UNESCO (2023) AI-წიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც „დემოკრატიული მოქალაქეობის აუცილებელ კომპეტენციას”. OECD (2021) ხაზს უსვამს, რომ AI ეფექტურია მაშინ, როცა მასწავლებელი მართავს პროცესს, ხოლო ტექნოლოგია მხოლოდ ეხმარება.

ევროკომისიის DigCompEdu (Redecker, 2017) მოდელი აჩვენებს, რომ პედაგოგის ციფრული კომპეტენცია არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარი – ის არის ეთიკის, პედაგოგიკისა და შეფასების ერთობლიობა.

Selwyn (2019) ხაზს უსვამს, რომ განათლების ტექნოლოგია არასოდეს არის ნეიტრალური – ის მუდამ ატარებს ღირებულებებს. Holmes et al. (2022) ამატებს: AI ასწავლის სწრაფ პასუხს, მასწავლებელი ასწავლის აზროვნებას.

ფინეთი (2020) – Elements of AI გახდა ეროვნული პროგრამა: AI = ცოდნა ყველასთვის.

ესტონეთი (2019) – KRATT AI უყურებს AI-ს როგორც მოქალაქეობრივ კომპეტენციას.

სამხრეთ კორეა (2021) – AI-Pedagogy Certification ასწავლის არა გამოყენებას, არამედ როგორ ავხსნათ AI.

კანადა (2022) – AI-ს გააზრება უკავშირდება სოციალურ სამართლიანობას და მედიაწიგნიერებას.

საქართველოში ჩატარებული  კვლევები ცხადყოფს, რომ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ციფრულ გარემოს, თუმცა კრიტიკული ანალიზის კომპონენტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია: „მასწავლებლები იყენებენ ციფრულ გარემოს, მაგრამ ნაკლებად ფლობენ მისი კრიტიკული გამოყენების უნარებს.“(Lobzhanidze, Urchukhishvili, & Sikharulidze, 2023, p. 678) ეს პირდაპირ უკავშირდება AI წიგნიერებას, რადგან AI-ებით შექმნილი ინფორმაცია ყოველთვის მოითხოვს გადამოწმებას.
ამიტომ საქართველოში AI-ის ინტეგრაცია უნდა ეფუძნებოდეს კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას, არა მხოლოდ ინსტრუმენტების შეძენას.

ეს ყველაფერი  აჩვენებს, რომ AI-წიგნიერება არ იწყება მოსწავლით
ის იწყება მასწავლებლით.

 ციფრული წიგნიერება vs AI წიგნიერება: პარადიგმის ცვლილება

 კონცეპტუალური განსხვავება

კომპონენტი ციფრული წიგნიერება AI წიგნიერება
მიზანი ინსტრუმენტის გამოყენება გამოყენების შედეგის გააზრება
აქცენტი „როგორ?” „რატომ?” და „რა საფუძველზე?”
ფოკუსი ტექნიკური უნარი კრიტიკული აზროვნება
შედეგი მომხმარებელი პასუხისმგებელი მოქალაქე
როლი პასიური მიმღები აქტიური შემფასებელი

 

რატომ არის ეს განსხვავება მნიშვნელოვანი?

ციფრული წიგნიერება გვეხმარება გამოვიყენოთ ინსტრუმენტი. AI-წიგნიერება გვასწავლის გავაანალიზოთ და შევაფასოთ მისი შედეგი.

მაგალითი:

ციფრული წიგნიერება: „ვიცი, როგორ გამოვიყენო ChatGPT ესეს დასაწერად”

AI-წიგნიერება: „ვიცი, როგორ შევაფასო ChatGPT-ის მიერ დაწერილი ესე, როგორ გავაუმჯობესო იგი, რა შეზღუდვები აქვს და როგორ დავამატო საკუთარი კრიტიკული აზრი”

ეს განსხვავება კარგად ჩანს გაკვეთილის დონეზე. თუ AI-გაკვეთილზე მოსწავლე მხოლოდ ტექსტს აგენერირებს და მას ბრმად იღებს, ამით ჩვენ ვაძლიერებთ არა ცოდნას, არამედ დამოკიდებულებას. AI უნდა გახდეს საწყისი წერტილი განსჯისთვის და კრიტიკული აზროვნებისთვის, და არა საბოლოო პასუხი.

განვიხილოთ, საგნობრივი პრაქტიკული მაგალითები

საგანი ციფრული წიგნიერება (ტექნიკური ქმედება) AI წიგნიერება (კრიტიკული გააზრება) განვითარებული უნარი
ქართული ენა Word/Slides გამოყენება AI ტექსტის სტილის, ტონის და აზრის კორექცია არგუმენტით: „რატომ შევცვალე?“ ენობრივი რეფლექსია
ისტორია ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში AI ფაქტის შედარება ორ დამოუკიდებელ წყაროსთან წყაროთა ანალიზი
ბიოლოგია ციფრული ილუსტრაციების ნახვა AI-სქემის გადამოწმება სახელმძღვანელოსთან, შეცდომების აღმოჩენა და ახსნა კონცეპტუალური აზროვნება
უცხო ენები ონლაინ ლექსიკონის გამოყენება AI-დიალოგის ემოციური და სტილური ტრანსფორმაცია მეტყველების გააზრებული მართვა
მათემატიკა კალკულატორის გამოყენება AI-ამოხსნის ნაბიჯების წესებთან შედარება ლოგიკური არგუმენტაცია

 

სცენარი: უცხო ენის გაკვეთილი — „სიტყვა იცვლის ფორმას”

კლასი ირჩევს სასაუბრო თემას, მაგალითად, „მგზავრობა”.

აქტივობა 1: ონლაინ ლექსიკონი

მასწავლებელი აძლევს თითო ჯგუფს 4–5 ახალ სიტყვას. მოსწავლეები ონლაინ ლექსიკონში აკვირდებიან მნიშვნელობას, გამოთქმას (audio) და მაგალით წინადადებას. შემდეგ ჯგუფი ქმნის მოკლე მინი-ფლეშკარტებს (word + meaning + example).

აქტივობა 2: AI-დიალოგის ემოციური და სტილური ტრანსფორმაცია

მოსწავლეები წყვილებად შედიან AI-ჩატში (მაგ., ChatGPT ან სხვა). იმავე თემაზე წერენ ერთსა და იმავე წინადადებას სამი სტილით: ოფიციალური, მეგობრული და ემოციური/ხალისიანი. შემდეგ ადარებენ: რა შეიცვალა? რომელი სიტყვები ან ფრაზები ქმნიან ტონს?

აქტივობა 3: მეტყველების გააზრებული მართვა

როლური თამაში: A არის „საემიგრაციო ოფიცერი”, B არის „მგზავრი”. მოსწავლეები იყენებენ ლექსიკონში ნანახ სიტყვებს და AI-დან ნასწავლ სტილს. ყოველ სიტყვაზე ჩერდებიან და ასაბუთებენ არჩევანს – „აი, აქ მე გამოვიყენე თავაზიანი ფორმა, რადგან…” „ეს ზმნა ავიღე, რადგან აზრს უფრო მკაფიოდ გამოხატავს…”

შედარების სქემა – ციფრული წიგნიერება და AI-წიგნიერება

კომპონენტი რას ნიშნავს სცენარში სად ჩანს
ციფრული წიგნიერება ციფრული რესურსების (ლექსიკონი, ჩატი, ონლაინ პლატფორმა) ეფექტური გამოყენება. 1-ლი ეტაპი: ონლაინ ლექსიკონის დამოუკიდებელი გამოყენება.
AI-წიგნიერება (AI Literacy) ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტის გააზრება, სტილის/ტონის შეგნებული მართვა და კრიტიკული შეფასება. 2-ე და 3-ე ეტაპები: სტილური ტრანსფორმაცია + არჩევანის ახსნა.

 

შედეგი (AI წიგნიერების თვალსაზრისით):
• მოსწავლე იყენებს ციფრულ ლექსიკონს დამოუკიდებლად,
• ამოიცნობს, როგორ ცვლის AI ტექსტის ტონს და სტილს,
• ახდენს საკუთარი მეტყველების შეგნებულ მართვას სიტუაციის მიხედვით.

სცენარი: მათემატიკა — „ნაბიჯის გააზრებული არჩევა”

თემა (მაგალითად): პროცენტების გამოთვლა ყოველდღიურ სიტუაციაში.

აქტივობა 1: კალკულატორის გამოყენება

მასწავლებელი აძლევს 3 მარტივ ამოცანას (მაგ.: ფასდაკლება 10%, 25%, 50%). მოსწავლეები პასუხებს კალკულატორით იღებენ, მაგრამ პასუხებენ კითხვას: „რა მოვიმოქმედეთ და რატომ?”

→ აქ ხდება ციფრული ინსტრუმენტის გააზრებული გამოყენება (ეს არის ციფრული წიგნიერება).

აქტივობა 2: AI-ამოხსნის ნაბიჯების წესებთან შედარება

მოსწავლეები იმავე ამოცანას აკეთებენ  AI-ს დახმარებით (მაგ., ChatGPT/MathGPT/Photomath). AI  ახორციელებს  ამოხსნის ნაბიჯებს. შემდეგ მოსწავლე ადარებს:

1.ემთხვევა თუ არა ნაბიჯები წიგნში მოცემულ წესს?

2.სად ჩანს ზედმეტი ან გამარტივებული ნაბიჯი?

კითხვა: „AI როგორ აირჩია გზა? შეძლებდა სხვა გზით?”

→ ეს უკვე AI-წიგნიერება + კრიტიკული ანალიზი.

აქტივობა 3: ლოგიკური არგუმენტაცია

მსჯელობა: „რომელი ამოხსნა (ჩვენი თუ AI-ის) არის უფრო მკაფიო და რატომ?”

მოსწავლეები აყალიბებენ 2–3 წინადადებით:

რატომ მუშაობს ეს მიდგომა?

რატომ არის საჭირო ამ მოქმედებების თანმიმდევრობა?

საიდან ვიცით, რომ პასუხი სწორია?

→ აქ ვითარდება ლოგიკური არგუმენტაციის უნარი

შედეგი:

კომპონენტი როგორ ვლინდება რა უნარს ავითარებს
ციფრული წიგნიერება კალკულატორის გააზრებული გამოყენება ციფრული გააზრებული ინსტრუმენტის მართვა
AI-წიგნიერება AI-ამოხსნის ნაბიჯების შედარება წესთან ანალიზი, შემოწმება, შეცდომის ნახვა
ლოგიკური არგუმენტაცია ამოხსნის ახსნა მიზეზით („სწორია, რადგან…“) აზრის გამოთქმა- დასაბუთება

 

ორივე შემთხვევაში, სწავლების პროცესში მასწავლებელი წამყვანი  ფიგურა რჩება. ის მართავს კრიტიკული აზროვნების და ფიქრის პროცესს, ხელს უწყობს კლასში ურთიერთობის კულტურის ფორმირებას. ციფრული ლექსიკონი, კალკულატორი და AI მხოლოდ ინსტრუმენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფი პასუხის მიღებასა და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებების შერჩევას. თუმცა, სწორი არჩევანის მიზეზის დანახვა, ნაბიჯების შეფასება, აქცენტების სწორად გაკეთება, არგუმენტაციის პროცესის წარმართვა, ეთიკური კომუნიკაცია – მასწავლებლის ფუნქციაა.  AI-ს შეუძლია მოგვაწოდოს ტექსტი ან ამოხსნა, მაგრამ არ შეუძლია ასწავლოს „რატომ“,  რადგან ვერ ითვალისწინებს კონტექსტს, ვერ ავლენს ემპათიასა და ურთიერთპატივისცემას.

სკოლაში ხელოვნური ინტელექტი არ არის მიზანი და  AI წიგნიერებაც არის არა ტექნოლოგიის დაუფლება, არამედ მოსწავლეებში პასუხისმგებლობის  კულტურის ჩამოყალიბება, სადაც მასწავლებელი რჩება მთავარი ფიგურა, რომელიც  მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედები აზროვნების განვითარების ფასილიტაციას ეწევა, როგორც აზროვნების დიზაინერი.

 

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. Holmes, W., Persson, A., & Watson, S. (2022). Artificial Intelligence in Education: Promise and Implications.
  2. Luckin, R., Holmes, W., Griffiths, M., & Forcier, L. B. (2016). Intelligence Unleashed.
  3. (2021). AI and the Future of Teaching and Learning.
  4. Redecker, C. (2017). European Commission.
  5. Selwyn, N. (2019). Should Robots Replace Teachers?
  6. (2023). Guidance on AI in Education.
  7. Lobzhanidze, S., Urchukhishvili, G., & Sikharulidze, M. (2023). Digital citizenship in Georgian’s teachers… Problems of Education in the 21st Century, 81(5), 667–686. https://doi.org/10.33225/pec/23.81.667

 

 

 

 

 

 

 

პიროვნული მსხვერპლი და ჰაგიოგრაფია

0

„აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს“.

მარკოზი, 14,36

„ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილი უამრავ დაბრკოლებას გადალახავს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის სამ წელიწადში, ბევრ ჭირ-ვარამს გამოივლის, და, როგორც იქნა, მიაგნებს უცხო მოყმეს. ალბათ, მხოლოდ მან იცის, რად დაუჯდა ეს სამწლიანი თავგადასავალი. რამდენიმეგან კი ამბობს ავთანდილი, „არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან“,

ან

„ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;

მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;

თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,

და მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”.

 

მაგრამ, მაგრამ რუსთველი გვეუბნება:

„კაცთა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა“.

 

ჰოდა, არც ავთანდილს აღარ „ახსოვს“ ეს გასაჭირი, ისე, როგორც არ ახსოვს ბევრი ცნობილი ტექსტის, ბევრი თავგადასავლის მაძიებელ პერსონაჟს, ბევრ ზღაპრის გმირს… რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, წარმატების მიღწევის შემდეგ ასეც უნდა იყოს.

მაგრამ…

ჰაგიოგრაფიაში ჩვენ ვხედავთ რეალურ ადამიანებს, რომლებიც უამრავ გასაჭირს გაუძლებენ, საკუთარი სიცოცხლეც მიაქვთ სამსხვერპლოზე, და ამ ყველაფრის უკან ალბათ დგას კიდეც უამრავი ადამიანური დრამა, ტკივილი, ბრძოლა, შინაგანი ჭიდილი… ეს ყველაფერი მათი ცხოვრების მთავარ მიზანს ემსახურება, მათ ამით ყველაზე ძლიერი მტერი უნდა დაამარცხონ.

ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ორი მთავარი მიზანი აქვს: 1. არ უნდა დაიკარგოს წმინდანების ღვაწლი, ამ ადამიანების სახელები და საქმეები შემორჩეს ისტორიას; 2. ისინი იქცნენ მაგალითად მომავალ თაობებისთვის – მათ თუ შეძლეს, ესე იგი, ეს ადამიანურ ძალ-ღონეს არ აღემატება. ამიტომ, თუ მოინდომებ, შეგიძლია, მსგავსი მოღვაწეობისთვის შეამზადო საკუთარი თავი.

ჰაგიოგრაფია ამ ორივე მიზანს ძალიან მკაფიოდ გამოხატავს, მაგრამ თითქმის არსად არ აჩვენებს, რის ფასად, რა ტკივილის დათმენად, რა მსხვერპლად უჯდებათ წმინდანებს ამ გზის გავლა. მხოლოდ აქა-იქ თუ გაიელვებს ამოძახილივით. ჩვენ ვერ ვხედავთ, რამდენად გაუჭირდა გრიგოლ ხანძთელს, აბრაამ წინასწარმეტყველივით რომ გაჰყვა ღვთიურ ძახილს და სრულიად ახალგაზრდამ უარი თქვა ოჯახის წევრებთან ერთად ტკბილად ცხოვრებაზე, გადაიხვეწა ტაო-კლარჯეთში და „უპოვარებასა შინა“ ცხოვრებას შეუდგა თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, ნერსე ერისთავის კარზე სიყვარულით აღზრდილი. ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორი რთული იყო ევსტათი მცხეთელისთვის სპარსელების ბატონობის ჟამს „ქრისტეს ტოზიკსა ვტოზიკობო“, განეცხადებინა და უარი ეთქვა მაზდეანობაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ, საკუთარი რთული გზის გავლა რის ხარჯზე მოახერხეს იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებმა, ან გიორგი ათონელმა. ჩვენ ვერ ვხედავთ, არაბ ჭაბუკ აბოს როგორ გაუჭირდა უცხო ხალხში ქრისტიანობის დაცვა და მისთვის სიკვდილი თავისიანების ხელით. მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ ვერ ვხედავთ… უფრო სწორად, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ თითქოს კანონზომიერად ვიღებთ ამ რეალობას, ეს ადამიანები ჩვენთვის თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითებად იქცევიან და ჩვენც განვადიდებთ მათ ღვაწლს. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ალბათ მათაც სტკიოდათ, სციოდათ, ენატრებოდათ, ეშინოდათ, აღელვებდათ… ამაზე ტექსტები ნაკლებად საუბრობენ. მათი ვნებები ჩვენთვის უცნობია, უცნობი, მაგრამ არა უცხო. აქა-იქ სადღაც ჩნდება ხოლმე და მაშინ ვხვდებით, მართლა რამხელა შეიძლება იყოს ეს მსხვერპლი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით ალბათ იესოს სიტყვებია, შეპყრობის წინ, გეთსამანიის ბაღში ლოცვისას წარმოთქმული: „პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ – როგორც შენ“ (მათე 26,39). თუკი თავად ქრისტე მაცხოვარს, სრულქმნილ კაცსა და ღმერთს, უჭირს ამ მსხვერპლის გაღება, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნება ის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის.

და აი ტექსტი, რომელშიც ჩანს ადამიანური ვნებები – ჩვენი უკვდავი „შუშანიკის წამება“: ვარსქენ პიტიახშის მეუღლე, უკვე წმინდანობის გზაზე შემდგარი, რომელსაც ამ გადაწყვეტილებას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს, განიცდის თავს დატეხილ ახალ რეალობას. განიცდის არა იმიტომ, რომ ვერ შეძლებს, არამედ იმიტომ, რომ განსაცდელის წინაშე მაინც მარტოა, სხვა ვერავინ მოახერხებს მისი ტკივილის ბოლომდე გაზიარებას. ამიტომაც დაიჩივლებს, „ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესეო“, ან „უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“, ან „ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. აი აქ ნამდვილად ვხედავთ, რომ ეს გზა სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, და მისი გავლა დიდ სითამამეს, ამტანობას, სულიერ ძალას, ნებისყოფასა და პრინციპულობას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ წმინდანებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ თვალწინ იქცევიან განსაკუთრებულებად, და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს მაგალითს, კიდევ უფრო დამაჯერებელი და გასაგები ხდება ტექსტი ჩვენთვის. აქ სრული ვნება და ტკივილი იჩენს თავს და პერსონაჟიც, რომელიც ღრმად ადამიანურია, უფრო „ჩვენიანია“.

ამ წერილის დაწერის იდეა სულ სხვა ამბავმა შთამაგონა: ლადო გუდიაშვილისეულმა ღვთისმშობლის ფრესკამ ქაშუეთის ტაძარში: ჩვენთვის წმინდანი თითქოს მიუწვდომელია ხშირად, მავედრებელი გამომეტყველებით და ცადაპყრობილი მზერით. ქაშუეთის ღვთისმშობელი კი ძალიან ახლობელია, ერთგვარად ხორცშესხმულია, ერთდროულად წმინდანიცაა და შენიანიც, რომელსაც შენი ბოლომდე ესმის და ბეთანიის ეკლესიის თამარ მეფის ფრესკასავით „ცად თვალნი“ არ აქვს „მიქცეულნი“ და გცნობს შენ, როგორც თავისიანს.

 

ცნების გააზრების აქტივობები

0

სასკოლო ბიოლოგიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ შეძლოს  პროცესების გააზრება არა მხოლოდ როგორც ფაქტების ერთობლიობისა, არამედ როგორც ურთიერთდაკავშირებული სისტემების დინამიკა. სწავლების თანამედროვე მიდგომები ხაზს უსვამს იმას, რომ ცოდნა არ მიიღება მზა ფორმით; იგი „აიგება“ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თავად არის ჩართული დაკვირვებაში, ანალიზსა და  დასკვნის გამოტანაში.

ბიოლოგიაში,  თემა – სისხლი  სწავლება განსაკუთრებით საინტერესოა ამ კონტექსტში, რადგან სისხლი წარმოადგენს კომპონენტთა  ერთ მთლიანობას, სადაც თითოეული კომპონენტი მხოლოდ მაშინ ასრულებს ფუნქციას, როდესაც მუშაობს სხვებთან შეთანხმებულად. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მუშაობისას სასწავლო მიზანი არ არის მხოლოდ ტერმინების დამახსოვრება (ერითროციტი, ლეიკოციტი, თრომბოციტი), არამედ იმის დანახვა, თუ რა ლოგიკა უდევს საფუძვლად მსჯელობას  –  სტრუქტურა, განსაზღვრავს ფუნქციას.

სისხლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქსოვილია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით იგი ერთგვაროვან წითელ სითხეს ჰგავს, სინამდვილეში სისხლი წარმოადგენს  რთულ სისტემას, რომელშიც თითოეული კომპონენტი ასრულებს საკუთარ, შეუცვლელ როლს, რაც განსაზღვრავს სისხლის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს.

სისხლის  ფუნქციებია:

ფუნქცია რას აკეთებს?
ტრანსპორტული გადააქვს ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, საკვები ნივთიერებები, ჰორმონები და ნარჩენები.
დამცავი (იმუნური) ლეიკოციტები და ანტისხეულები იცავენ ორგანიზმს პათოგენებისგან.
ჰემოსტაზური (შედედებითი) თრომბოციტები და შედედების ფაქტორები აჩერებენ სისხლდენას.
თერმორეგულაციური სისხლი არეგულირებს და ანაწილებს სითბოს სხეულში.
ჰომეოსტაზური ინარჩუნებს წყლის/მარილების ბალანსს, pH-ს და შიდა გარემოს სტაბილურობას.
ექსკრეტორული ნარჩენები და მეტაბოლიტები გადააქვს გამოდევნის ორგანოებამდე (თირკმლები, ფილტვები, კანი).

სწავლებაში მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს – სტრუქტურისა და ფუნქციის კავშირის გააზრება. მოსწავლემ უნდა დაინახოს , თუ როგორ მუშაობს თითოეული კომპონენტი ერთიან სისტემაში, სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

განვიხილოთ რამდენიმე თანმიმდევრული აქტივობა.

აქტივობა 1 – დავაკვირდეთ სისხლს

მიზანი – სისხლის უჯრედების ვიზუალური დიფერენცირება და მათი ძირითადი მახასიათებლების გაგება.

დავალება:

მოსწავლეები იკვლევენ ერითროციტის, ლეიკოციტისა და თრომბოციტის ილუსტრაციებს და პასუხობენ კითხვებს:

  • რომელი უჯრედია ერითროციტი?
  • რომელ უჯრედს აქვს ბირთვი?
  • რომელი უჯრედი მონაწილეობს სისხლის შედედებაში?
  • რა განსხვავებაა ერითროციტსა და ლეიკოციტს შორის?

ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება – აქტივობა ემყარება დაკვირვების და აღწერის ეტაპს (Bloom – Remember/Understand).
მოსწავლე სწავლობს დეტალის დანახვას, რაც საფუძველს ქმნის შემდგომი გააზრებული ანალიზისთვის.
მასწავლებლის როლი –  მხარდაჭერა, მაგალითად:

  • „რას ამჩნევ პირველად?“
  • „სად ჩანს ფუნქციის მინიშნება?“

მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლე ახდენს უჯრედების გარჩევას ფორმით, ბირთვის არსებობითა და ვიზუალური ნიშან-თვისებებით.

აქტივობა 2 – დააკავშირე უჯრედები და ფუნქციები

მიზანი –სისხლის უჯრედების აგებულებისა და მათი ფუნქციების შორის კავშირის გააზრება.

ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობა.

დავალება –მოსწავლეები აერთიანებენ ბარათებს:

  • ერითროციტი → ჟანგბადის ტრანსპორტი
  • ლეიკოციტი → ინფექციებისგან დაცვა
  • თრომბოციტი → სისხლის შედედება

და განმარტავენ, რატომ შეარჩიეს ეს შესაბამისობა.

ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება – აქტივობა ავითარებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების უნარს (Bloom — Apply/Analyze).
წყვილებში მუშაობა მეცნიერების სწავლას აქცევს სოციალურ და კომუნიკაციურ პროცესად (Vygotsky – სწავლა თანატოლთან ურთიერთქმედებით).

მოსალოდნელი შედეგი- მოსწავლე აცნობიერებს, რომ ორგანიზმში სტრუქტურა მიზანმიმართულადაა დაკავშირებული ფუნქციასთან.

აქტივობა 3 – როგორ გვინარჩუნებს სისხლი სიცოცხლეს?

მიზანი– სისხლის კომპონენტების როლის გააზრება ჯანმრთელობის კონტექსტში.

დავალება– ჯგუფები ირჩევენ ერთ უჯრედს და პასუხობენ:

  • რა როლი აქვს მას ორგანიზმში?
  • რა მოხდება, თუ მისი ფუნქცია დაირღვა?

შემდეგ შედეგს წარმოადგენენ მოკლე პრეზენტაციით.

ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება:
აქტივობა ავითარებს შეფასებისა და დასკვნის ფორმირების უნარს (Bloom — Evaluate/Create), რადგან მოსწავლე სწავლობს პროცესების ახსნას რეალურ მაგალითებთან მიმართებით.

პრეზენტაცია აძლიერებს:

  • სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენებას,
  • ზეპირი მიყოლების უნარს,
  • კრიტიკული აზროვნების კულტურას.

მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლე აღწერს, თუ როგორ მოქმედებს ერთი უჯრედის დარღვევა მთელ სხეულზე, და აკეთებს მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნას.

თემის სწავლება აგებულია კონსტრუქტივისტულ პრინციპზე: მოსწავლე ცოდნას თვითონ იქმნის დაკვირვებით, შედარებით, მსჯელობითა და დასკვნის გზით.

აქტივობების თანმიმდევრობა   – დაკვირვება → გააზრება → შედარება → ანალიზი → შეფასება → დასკვნა   უზრუნველყოფს  სიღრმისეულ გააზრებას.

ეს მიდგომა ხელს უწყობს:

  • ბიოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას,
  • მეცნიერული ენის დაუფლებას,
  • პასუხისმგებლობას საკუთარი მსჯელობის დასაბუთებაზე.

საბოლოოდ, მოსწავლე აუბრალოდ კი არ  „იცნობს“ სისხლის  ფორმიან ელემენტებს არამედ იგი აცნობიერებს, როგორ მოქმედებს სისხლი, როგორც ერთიანი სისტემა.

CRISPR-ის ეთიკური დილემა: გენეტიკური მაკრატელი და გაკვეთილები სამეცნიერო ფანტასტიკიდან

0

მეცნიერება, ძალა და პასუხისმგებლობა – CRISPR-Cas9 ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად „გენეტიკურ მაკრატელს“ ვუწოდებთ, რევოლუციური ცვლილებაა ბიოლოგიაში. მან მეცნიერებს მისცა უპრეცედენტო შესაძლებლობა, მაღალი სიზუსტით დაარედაქტირონ ცოცხალი ორგანიზმის დნმ. ინსტრუმენტი გვპირდება მკურნალობის სწორ გზას გენეტიკური დაავადებების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს აჩენს ღრმა ეთიკურ კითხვებს ადამიანის მომავალთან დაკავშირებით.

რა არის ამ ძალის ზღვარი? როდის ვწყვეტთ მკურნალობას და ვიწყებთ ადამიანისგაუმჯობესებას“?

ეს კითხვები სასწრაფოდ საჭიროებს განხილვას, განსაკუთრებით სასკოლო გარემოში, რათა მოსწავლეები ინფორმირებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. სტატიაში წარმოდგენილია მზა მასალა დისკუსიისთვის, რომელიც გვაჩვენებს, რომ მეცნიერებასა და ეთიკას შორის დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის. ჩვენ განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ კულტურული ანალოგიები (ფილმები: „გატაკა“, „ადამიანი-ობობა“) და ისტორიული გაკვეთილები (ჰიტლერის ევგენიკა), რათა მოსწავლეებს მარტივად დავანახოთ CRISPR-ის არასწორად გამოყენების პოტენციური საფრთხეები. ტექნოლოგია მეცნიერების ტრიუმფია, თუმცა, როგორც ნებისმიერ მძლავრ იარაღს, მასაც სჭირდება ეთიკის ფარი.

CRISPR/Cas9 – გენეტიკური რედაქტირების რევოლუცია

რა არის CRISPR/Cas9?

CRISPR/Cas9 არის ბაქტერიული თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მეცნიერებმა გენის რედაქტირების უნივერსალურ იარაღად გადააკეთეს.

  • აღმოჩენა: ჯგუფებად განლაგებული რეგულარულად დაშორებული მოკლე პალინდრომული გამეორებები (CRISPR) აღმოაჩინეს იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში (1987 წ.).
  • მუშაობის მექანიზმი:
  • Cas9 ცილა მოლეკულური მაკრატელია;
  • გიდი რნმ (guide RNA): მეცნიერის მიერ შექმნილი რნმ, რომელიც უკავშირდება Cas9-ს და ზუსტად მიუძღვება მას დნმ-ის სამიზნე უბნისკენ;
  • Cas9 პოულობს დაზიანებულ უბანს და ჭრის დნმ-ის ორივე ძაფს;
  • შემდგომში უჯრედი დნმ-ის აღდგენას ორი გზით ახდენს.
      1. არაზუსტი აღდგენა: გენის გამორთვა.
      2. ზუსტი აღდგენა: ახალი, სასურველი გენის თანმიმდევრობის ჩასმა.
  • უპირატესობები: სიმარტივე, სიზუსტე, ეფექტურობა და სიიაფე. (2020 წელს ამ ტექნოლოგიისთვის ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ).

გამოყენების სფეროები

  1. მედიცინა (გენური თერაპია): ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ბეტა-თალასემია, ონკოლოგია (CAR-T უჯრედების შექმნა).
  2. სოფლის მეურნეობა: მოსავლიანობის გაზრდა, დაავადების მიმართ გამძლე მცენარეების შექმნა (გენების რედაქტირებით და არა მოდიფიცირებით).
  3. ფუნდამენტური კვლევები: გენის ფუნქციის შესწავლა, გენების გამორთვა და შედეგებზე დაკვირვება.

ეთიკური დილემები: წითელი ხაზები და რისკები – სომატური vs. ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება

ეს არის ფუნდამენტური ეთიკური საკითხი, რომელიც მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ.

რედაქტირების ტიპი აღწერა მემკვიდრეობითობა ეთიკური სტატუსი (უმეტეს ქვეყანაში)
სომატური რედაქტირდება სომატური უჯრედები (მაგ., სისხლის უჯრედები). არ გადაეცემა მემკვიდრეობით. მიღებულია (მხოლოდ სამკურნალოდ).
ჩანასახოვანი რედაქტირდება ემბრიონის ან სასქესო უჯრედები. გადაეცემა მემკვიდრეობით. უმეტესად აკრძალულია.

 

საქმე ნანა და ლულუ: ჩინელი მეცნიერის, ჰე ძიანკუის მიერ ემბრიონში გენომის რედაქტირება (აივ-ისგან დაცვის მიზნით) – ეს არის ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირების პირველი ცნობილი შემთხვევა, რამაც მეცნიერება საზღვრებს გადააცილა და გამოიწვია გენეტიკური უთანასწორობის რისკის ზრდა.

საკვანძო კითხვა: თუ დღეს ვიცავთ აივ-ისგან, ხვალ რატომ არ შევცვალოთ სიმაღლე, ინტელექტი? სად გადის ზღვარი მკურნალობასა და თვისებების გაუმჯობესებას შორის?

კულტურული და ისტორიული ანალოგიები – გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ მოცემული ანალოგიები, რათა მოსწავლეებმა საფრთხეები უკეთ დაინახონ.

ისტორიის გაკვეთილი – ევგენიკა და ჰიტლერი

       ძირითადი იდეა: როცა მეცნიერული იდეები ერწყმის ძალაუფლების სურვილს და დისკრიმინაციულ იდეოლოგიას, ის შეიძლება იქცეს უდიდესი ტრაგედიის საფუძვლად.

ანალოგია: ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ცენტრში იდგა ევგენიკა – იდეა, რომლის მიხედვითაც ადამიანის გენომი უნდა გაუმჯობესებულიყო (არასასურველი გენების აღმოფხვრით და სასურველის სიხშირის გაზრდით). ეს გახდა ჰოლოკოსტისა და იძულებითი სტერილიზაციის საფუძველი.

დასკვნა: CRISPR-ის ტექნოლოგია აჩენს რისკს, რომ თანამედროვე ევგენიკის ცნება, რომელიც დნმ-ის სახელმწიფო კონტროლის გარეშე, გენეტიკური უთანასწორობის სახით განვითარდება.

სოციალური ეთიკა: ფილმი „გატაკა“ (Gattaca, 1997)

თემატიკა: სოციალური სამართლიანობა და დისკრიმინაცია.

ანალოგია: ფილმში არსებობს ორი კლასი: დადასტურებულები (გენეტიკურად გაუმჯობესებულები) და არასწორები (ბუნებრივად ჩასახულები, დაბალი სოციალური სტატუსით). მშობლები ფილტრავენ ემბრიონის დნმ-ს ინტელექტის, ჯანმრთელობისა და სიმაღლის მიხედვით.

გაკვეთილი: ფილმი გვიჩვენებს, რა მოხდება, თუ ადამიანების კლასიფიკაცია მათ დნმ-ზე დაფუძნდება. ეს ზღუდავს თავისუფალ ნებას და განაპირობებს სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას.

დამატებითი დისკუსიის კითხვა: „CRISPR-ის ტექნოლოგია შედარებით იაფია, მაგრამ თუ მკურნალობაზე პატენტები დაწესდება, როგორ დავრწმუნდებით, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდრებისთვის? როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ გენეტიკური „გაუმჯობესება“ არ გახდეს მხოლოდ მდიდრების პრივილეგია (რაც კიდევ უფრო გააღრმავებს „გატაკას“ სცენარს)?“

უსაფრთხოება და კონტროლი: ადამიანიობობა“ (კარტ კონორსი)

თემატიკა: უკონტროლო ექსპერიმენტების რისკი.

ანალოგია: დოქტორ კონორსს (ხვლიკი) სურდა რეგენერაციის გენეტიკური კოდი გამოეყენებინა დაკარგული ხელის აღსადგენად. შედეგი იყო უკონტროლო რეგენერაცია და მუტაცია.

CRISPR-ის ტექნოლოგია მსგავს რისკებს შეიცავს:

  • გვერდითი ეფექტი: არასასურველი ჭრა (Off-target effects), როცა დნმ-ის სხვა, არასამიზნე ადგილებიც იჭრება.
  • უკონტროლობის შედეგი: კონორსის მსგავსად, CRISPR-მაც შეიძლება გამოიწვიოს მუტაცია, რომელიც არასასურველი და შეუქცევადი იქნება (განსაკუთრებით, თუ მემკვიდრეობით გადაეცემა).
  • ეთიკური რეგულაციების დარღვევა: კონორსიც და ჰე ძიანკუიც საიდუმლოდ მუშაობდნენ.

ეკოლოგიური ეთიკა: მამონტის აღდგენა

თემატიკა: ბუნებასა და ეკოსისტემაში ჩარევის უფლება.

ანალოგია: მეცნიერებს შეუძლიათ ინდურ სპილოში ჩასვან მამონტის გენები (სიცივის გამძლეობა).

კითხვა: გვაქვს თუ არა უფლება ხელახლა შევქმნათ გადაშენებული სახეობა? რა გავლენას მოახდენს ეს მოქმედება მთლიან ეკოსისტემაზე?

 

დისკუსია – დებატები 20 წთ.

შესავალი ნაწილი – 5 წთ.

  1. იდეალური ადამიანი (გაკვეთილის დაწყება): როგორია იდეალური ადამიანი? თუ შეგეძლოთ გენეტიკური კოდის შეცვლა, რას შეცვლიდით ან  დაამატებდით ადამიანში?
  2. CRISPR/Cas9 შეხსენება: მოკლე მიმოხილვა.
  3. ნანა და ლულუს ისტორია: მოუყევით ჰე ძიანკუის ექსპერიმენტის შესახებ.

მინი დებატები – 15 წთ.

დაყავით მოსწავლეები ოთხ ჯგუფად. 1 – მეცნიერის დამცველები. 2- ეთიკის კომიტეტი,  3 – მშობელი,  4- რელიგიური წარმომადგენელი.

ჯგუფი პოზიცია არგუმენტი
მეცნიერის დამცველი ტექნოლოგიური პროგრესი შეუჩერებელია. გვაქვს მორალური ვალდებულება, ცოდნა გამოვიყენოთ ადამიანების დასაცავად (მაგ. აივ-ის დამარცხება). გენეტიკური რედაქტირების არგამოყენება გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ თავისთავად ეთიკური მარცხია. თუ ტექნოლოგია არსებობს სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ან გადასარჩენად, მისი შეკავებაც მორალური დილემაა.
ეთიკის კომისია უსაფრთხოება უპირატესია. ემბრიონის რედაქტირება გადადის მემკვიდრეობით, რისკი უცნობია და იზრდება გენეტიკური უთანასწორობის რისკი. სანამ CRISPR არ გახდება 100% ზუსტი, ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება (მემკვიდრეობითი ცვლილება) არის სამეცნიერო დანაშაული, რადგან მომავალ თაობებს გადაეცემათ გაუთვალისწინებელი მუტაციები.
მშობელი მაქვს სრული უფლება, გადავწყვიტო ჩემი შვილის ჯანმრთელობა. მინდოდა ჩემი შვილი აივ-ისგან ყოფილიყო დაცული, ეს ჩემი ოჯახური გადაწყვეტილებაა. თუ მშობლებმა იციან, რომ მათ შვილს გარანტირებული აქვს ლეტალური გენეტიკური დაავადება, არის თუ არა ეთიკურად გამართლებული, არ გამოიყენონ CRISPR ჩასახვამდე ემბრიონის რედაქტირებისთვის?
რელიგიური წარმომადგენელი ბუნებაში ჩარევა დაუშვებელია. სად გადის ზღვარი გენეტიკურ რედაქტირებასა და სხვა სამედიცინო ჩარევებს შორის (მაგალითად ვაქცინაცია, ხელოვნური განაყოფიერება); ეს არის წითელი ხაზი. ირღვევა ადამიანის ხელშეუხებლობა.

შეჯამება – 10 წთ

გამოიყენეთ შემდეგი კითხვები დისკუსიის შესაჯამებლად:

  • რა განსხვავებაა სომატურ და ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირებას შორის?
  • თუ დღეს დავიცავთ აივ-ისგან, ხვალ რატომ არ შევცვალოთ სიმაღლე, ინტელექტი? სად გადის ზღვარი?
  • 1-2 წინადადებით როგორ შეაფასებდი ჰე ძიანკუის საქციელს, როგორც გმირულს, თუ როგორც დანაშაულებრივს?
  • როგორ უკავშირდება სპაიდერმენის ფრაზა („დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება“) CRISPR-ის ძალას?

დასკვნა: პასუხისმგებლიანი მეცნიერების მართვა

დისკუსია არ არის მიმართული მეცნიერული პროგრესის შეჩერებისკენ, არამედ – მისი უსაფრთხო, სამართლიანი და ჰუმანური გამოყენების უზრუნველყოფისკენ.

CRISPR არის სამეცნიერო მიღწევა, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, თუმცა, როგორც ხვლიკის ისტორია გვაფრთხილებს, თუ მეცნიერება გადაკვეთს ეთიკის საზღვრებს და გენეტიკური მანიპულაციები განხორციელდება ადამიანის გაუმჯობესების მიზნით, რეგულაციების დაცვის გარეშე, შედეგები შეიძლება დამღუპველი იყოს. მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი როლია, მოამზადოს მოსწავლეები ამ რთული რეალობისთვის, სადაც მეცნიერება და ეთიკა მუდმივ დიალოგშია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნანა და ლულუ – ჰი ძინკუის ექსპერიმენტი;
  2. 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში;
  3. როგორ მუშაობს CRISPR
  4. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8388126/

 

 

გაჩერებებით სწავლის აქტივობები   ენის შესწავლისას

0

ინტერდისციპლინური სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია უცხო ენის სწავლების პროცესში, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ გამოცდილებას და ქმნის რეალურ კონტექსტს ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენებისთვის. გაკვეთილი „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“ აერთიანებს ინგლისურ ენას და გეოგრაფიას — მოსწავლეები სწავლობენ კონტინენტების, მხარეებისა და სეზონების სახელწოდებებს ინგლისურად, პარალელურად აძლიერებენ აღწერის, კვლევის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარებს.

სტატია აღწერს VII კლასის ინგლისური ენის გაკვეთილს თემაზე „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“. გაკვეთილი აერთიანებს გეოგრაფიას, ენის სწავლას და იყენებს გაჩერებებზე დაფუძნებულ აქტიურ მეთოდს, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა:

  • აითვისონ კონტინენტების, მხარეებისა და სეზონების  თემაზე ლექსიკა – ინგლისური სახელწოდებები;
  • განივითარონ აღწერითი, საუბრისა და წერითი უნარები;
  • შეძლონ კვლევა და პრეზენტაციის მომზადება ციფრული რესურსების გამოყენებით;
  • გამოხატონ საკუთარი აზრი და პირადი დამოკიდებულება წერილობითი ფორმით.

გაჩერება 1 – ვიზუალური მასალაზე  და ლექსიკაზე მუშაობა

პირველ გაჩერებაზე მოსწავლეები მუშაობენ ვიზუალურ მასალასთან. მასწავლებელი უჩვენებს ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა კონტინენტები სხვადასხვა სეზონზე. მოსწავლეები არჩევენ ფოტოებს, ასახელებენ კონტინენტის, მხარისა და სეზონის სახელს ინგლისურად და აღწერენ ნანახს.
მაგალითად, მოსწავლეები ამბობენ: “The first photo shows Asia in winter.”, “The second photo shows Africa in summer.”
ამ ეტაპზე მოსწავლეები ავლენენ როგორც გეოგრაფიულ ცოდნას, ისე ენობრივ უნარებს. ისინი სწავლობენ ბუნებრივად გამოხატონ გარემოს აღწერა და გაიაზრონ ახალი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტში. 

 გაჩერება 2 – წინარე ცოდნის გააქტიურება

მეორე გაჩერებაზე მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებაში. მაგალითად:
“What do you know about South America?”
“What do you know about Asia?”
მოსწავლეები აზიარებენ იმ ინფორმაციას, რაც მათ უკვე იციან კონტინენტების შესახებ — საუბრობენ ბუნებაზე, ცხოველებზე, ტრადიციებზე ან კლიმატზე. ამ აქტივობით ხდება წინარე ცოდნის გააზრება და მის საფუძველზე ახალი ინფორმაციის ასიმილაცია.

გაჩერება 3 – კვლევა და პრეზენტაცია

მესამე გაჩერებაზე მოსწავლეები იღებენ ინიციატივას დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად. თითოეული მათგანი ირჩევს ერთ კონტინენტს და ინტერნეტში ეძებს დამატებით ინფორმაციას: მდებარეობა, კლიმატი, ბუნებრივი სიმდიდრეები ან საინტერესო ფაქტები. შემდგომ ისინი ამზადებენ მცირე პრეზენტაციას ინგლისურად და უზიარებენ თანაკლასელებს.
მაგალითად: “I chose Asia. It is the biggest continent. It has many countries and different climates.”
ამ აქტივობით მოსწავლეები ავითარებენ ციფრულ, კვლევით და პრეზენტაციის უნარებს. ისინი სწავლობენ ინფორმაციის შერჩევას, დამუშავებას და გადმოცემას ინგლისურ ენაზე.

 გაჩერება 4 – წერითი რეფლექსია

მეოთხე გაჩერება არის შემაჯამებელი ეტაპი, სადაც მოსწავლეები წერენ მოკლე ტექსტს თემაზე: “Which continent would you live on and why?”
მათ უნდა განსაზღვრონ, რომელ კონტინენტზე ისურვებდნენ ცხოვრებას და ხსნიან ამის  მიზეზს.
მაგალითად: “I would like to live in Europe because it has four seasons and beautiful nature.”
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გამოიყენონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და გამოხატონ პირადი აზრი წერილობითად. რეფლექსია ხელს უწყობს მეტაკოგნიტურ აზროვნებას — მოსწავლეები იაზრებენ, რას ისწავლეს და როგორ შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

გაკვეთილი ეფუძნება აქტიური სწავლების და CLIL (Content and Language Integrated Learning) მიდგომებს. მოსწავლეები ერთდროულად იძენენ საგნობრივ და ენობრივ ცოდნას. მასწავლებელი ასრულებს დამკვირვებლისა და მხარდამჭერის როლს — იგი აძლევს მიმართულებას, აძლიერებს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უკუკავშირს.

გაკვეთილი აგებულია თანმიმდევრულად ისე, რომ თითოეულ გაჩერებას აქვს საკუთარი მიზანი: პირველი — ინფორმაციის გააქტიურება, მეორე — ცოდნის გაღრმავება, მესამე — დამოუკიდებელი კვლევა, მეოთხე — პირადი აზრის ჩამოყალიბება. ეს სტრუქტურა ქმნის შემოქმედებით და კვლევით გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებასა და თვითგამოხატვას.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • ინგლისურად დაასახელონ კონტინენტები, მხარეები და სეზონები;
  • აღწერონ ფოტოები და გამოხატონ აზრი ინგლისურად;
  • მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით და წარმოადგინონ მოკლე პრეზენტაცია;
  • წერილობით გამოხატონ საკუთარი აზრი და დასკვნა.

გაკვეთილი „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“ აერთიანებს ცოდნასა და შემოქმედებითობას. მოსწავლეები არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას ივითარებენ, არამედ სწავლობენ გლობალურ თემებზე ფიქრს, აზრის ფორმულირებას და გუნდურ მუშაობას. გაჩერებებზე დაფუძნებული  სწავლების მიდგომა ამდიდრებს გაკვეთილს და ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

„შუშანიკის წამება“ და გენდერული დამოკიდებულებები

0

ქართული ლიტერატურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტექსტი „შუშანიკის წამება“ ასე იწყება: „და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი“ – შუშანიკის აღსასრულის შესახებ გიამბობო, გვპირდება ავტორი. ის დაპირებას ნამდვილად ასრულებს, თუმცა მანამდე ვარსქენის ამბავს გვიმხელს – შუშანიკის ვინაობამდე ვარსქენის შესახებ გვესაუბრება, და მხოლოდ ამის შემდეგ გვეუბნება, „და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპასპეტისაი, რომლისათვის ესე მივწერე თქუენდაო“. არადა, ტექსტისთვის მნიშვნელოვანი სწორედ დედოფლის შესახებ თხრობაა, ეს მისი ამბავია, სხვა დანარჩენი ფონი და სამოსელია ამ ამბის.

ისმის კითხვა: რატომ იწყებს საუბარს ავტორი ვარსქენის ისტორიით? ალბათ იმიტომ, რომ თუმცა ვარსქენი ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატეა, მოძალადეა, ის მამაკაცია, ოჯახის თავი, და ამით ერთგვარად ყველაფერი ნათქვამია.

ჩემს ვარაუდს ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მსგავსი პასაჟის სხვა ტექსტებში არსებობით განვამტკიცებდი. თუნდაც უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სიტყვები გავიხსენოთ:

„ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

– მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, –

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა“.

 

თამარი მეფეა, მზეა, ბრწყინვალებაა, მაგრამ ქალია, ამიტომ, თუნდაც ძალიან დელიკატურად, მოკრძალებით, სახელის უთქმელად, მაგრამ ჯერ მაინც მამაკაცი უნდა დასახელდეს – ლომი (დავით სოსლანი ან ლაშა-გიორგი), რომელსაც თამარ მეფის იარაღის ტარება შვენის.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ გამოკვეთილა სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც სწორედ გენდერულ უთანასწორობაზე მიანიშნებს „შუშანიკის წამებაში“: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“, „დედათა ბუნებაი იწრო არს“, „სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი“ და ა.შ.

ლიტერატურულ ტექსტებს ხშირად განვიხილავთ ხოლმე დღევანდელი გადმოსახედიდან, ვაკავშირებთ თანამედროვეობასთან, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული კონტექსტი – რად, რის ფასად უჯდება შუშანიკს ის წინააღმდეგობა, ის ბრძოლა, რომელში შესვლაც მოუწია.
ტექსტში ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იკითხება: ადრეფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივი წყობა: პატრიარქალური სისტემა, ქალი ოჯახისა და საზოგადოების ქვესაფუძველში, ქალის როლი რელიგიაში და ეკლესიური თვალსაზრისით. ქმრისა და ცოლის ურთიერთობის მოდელი იმდროინდელ კულტურაში…

და ნაწარმოებიც ამ მინიშნებებს გვაწვდის: შუშანიკის არჩევანი – ქმრის წინააღმდეგ წასვლა (არჩევს რწმენას). მისი უარი გამოხატავს პიროვნულ თავისუფლებას, ზნეობრივ სიმტკიცესა და სულიერ ავტონომიას. ხოლო, ქმარი – ვარსქენი, ისახება, როგორც ქალის უფლებების უგულებელმყოფელი ფიგურა. მეტიც, ის სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩემმა ცოლმა შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, სახლიდან წავიდა და ჩემს საგებელს ნაცარი გადააყარაო, მაშინ, როცა სწორედ თავადაა მთავარი მიზეზი ოჯახის დანგრევისა.

შუშანიკის, როგორც ქალის, როგორც ცოლის პიროვნული არჩევანის მიმართ მეუღლის დამოკიდებულება, უფრო სწორად, ამ არჩევანის უგულებელყოფა დასაწყისიდანვე თვალში საცემია: ვარსქენი სპარსეთის შაჰს ჰპირდება, „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა ესე მე“. თუმცა ამის პირობა შუშანიკისგან მას არ ჰქონია. პიტიახშს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ასეთი წინააღმდეგობა შეხვდება მისგან. სხვა საქმეა, რომ საკუთარი ამბიციებით (და ალბათ ვახტანგ გორგასლის წინსვლის შიშისგან) დაბრმავებული არც იცნობს წესიერად ოჯახის წევრებს. ჰგონია, რომ მის გარშემო ტრიალებს სამყარო. ფაქტობრივად, ვარსქენის ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს კიდევაც მომავალი ამბების განვითარებას. მას რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც ჰქონოდა დედოფლის რეაქციაზე, შეიძლება მსგავსი ნაბიჯი არც გადაედგა ასე დაუფიქრებლად.

შუშანიკსაც აწუხებს ეს უთანასწორობა, ღვთიურ სამსჯავროს ელოდება, რადგან იქ არ იქნება „რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა“.

მსგავსი პასაჟების მოხმობა ტექსტიდან კიდევ შეიძლება და ამ საკითხზე არაერთხელ გამახვილებულა ყურადღება შესაბამის ლიტერატურაში თუ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენი მიზანი არც ის ყოფილა, გვეჩვენებინა, როგორ ჩანს ტექსტში სქესთა შორის მიმართება, ეს ისედაც აშკარაა წინა აბზაცებში ნახსენები ეპიზოდებიდან. ამ ერთი პატარა დეტალით იმის ხაზგასმა მსურდა, რამდენადაა მსგავსი დამოკიდებულება გამჯდარი მთლიანად საზოგადოებაში, და რამდენად იგრძნობა ის თუნდაც ამ მცირე მონაკვეთით: დიდი და ნეტარი მოწამის ამბის თხრობას ავტორი „სამგზის საწყალობელი“ ანტიგმირის ისტორიის გადმოცემით რომ იწყებს.

ბებელანდის კიდევ ერთი ზღაპარი

0

(მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნის – „იოს არდადეგები“-ს შესახებ)

ბებელანდი უცნაური სიტყვაა, რომელიც არც უცხო სიტყვათა ლექსიკონში, არც ინტერნეტში და თვით ხელოვნური ინტელექტის ლაბირინთებშიც კი არ იძებნება. ამიტომ, დრო მის ძებნაზე კი არ უნდა დახარჯოთ, არამედ იმ წიგნის საკითხავად გამოიყენოთ, რომელშიც ეს სიტყვა დაიბადა. და, როგორც ყველა უცნაურ და ფერად სიტყვას, მასაც თავისი წინაპრები ჰყავს.

რადგან ეს მხოლოდ სიტყვა კი არა, მთელი სამყაროა. ქართველი საბავშვო მწერლის – მარიამ წიკლაურის სამყარო – ბებელანდი.

ბე-ბე – ბედნიერება და ბებია, ლანდი – ქვეყანა, ჰოდა გამოვიდა – ბედნიერი ბებიების ქვეყანა, ან, ბედნიერება ბებიების ქვეყანაში; მოკლედ, როგორც გინდათ, ისე აბრუნეთ და აკოტრიალეთ – ეს ბებელანდია, მხიარული, მცხუნვარე, კეთილი და მშობლიური სამყარო, სადაც ყველაფერს ბებიების სურნელი ასდის, სიცოცხლე კი მათი ნაფეხურებიდან და ნათითურებიდან მირიად სიკეთედ იღვრება!..

სულ რამდენიმე წლის წინ მარიამ წიკლაურის არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნზე – „ჩემი აფრიკელი ბებია“ ვწერდი. მაშინ ვთქვი, რომ ის ბებიის – როგორც ადგილის დედის, დიდი დედის მიმართ დანთებული სანთელია, ქართული კულტურული ტრადიციის გაგრძელება და სულიერების მაგალითი. უამრავი ბებია იცის მსოფლიო (და მათ შორის ქართულმა) ლიტერატურამ, ისინი მწერალთა მუდმივი შთაგონებაა.

როგორც ჩანს, მარიამ წიკლაურისთვისაც განსაკუთრებულად ძვირფასია ბებიობის მოტივი, რადგან ჯერ ერთი რომანი მიუძღვნა მას, ახლა კი მეორეც – „იოს არდადეგები“ – უსაყვარლესი ზღარბუნიას და მისი ბებოს საზაფხულო თავგადასავალი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ და ფიქრებითაც დაგხუნძლავთ. წიგნი საგამომცემლო სახლმა „ფოლიანტმა“ დასტამბა, „ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის“ სერიის ფარგლებში. თუმცა, ეს წიგნიც, „ჩემი აფრიკელი ბებიის“ მსგავსად, უფრო უასაკო მკითხველისთვისაა, ვიდრე მხოლოდ უმცროსკლასელებისთვის. ისევე, როგორც ყველა ნამდვილი საბავშვო წიგნი დედამიწაზე – მათ ხომ თანაბარი ინტერესით კითხულობენ დიდებიც და პატარებიც!..

„იოს არდადეგებს“, საამისოდ, არაერთი მიზეზი აქვს. უპირველესი, ალბათ, ის ნატიფი, მხიარული და კრიალა ბავშვური ატმოსფეროა, რომლითაც მარიამ წიკლაურის ყველა საბავშვო ტექსტია ხოლმე გაჯერებული – ლექსი იქნება, მოთხრობა თუ რომანი. ეს „ბავშვურობა“ მხატვრული სტილი კი არა, უფრო სულიერი მდგომარეობაა, მარადიული „დიდი ბავშვი“ ავტორის პირადი ემოციური ველია – ყველაფერი აღიქვას და დაინახოს ისე, როგორც ბავშვმა და მოუწყენლად ითამაშოს ამ სახე-ხატებით. მაგალითად, უძილობაზე საუბრისას ასეთ მსჯელობას ვაწყდებით: „ოთახში, თითქოს სწორედ მისი (იოს – ნ.ს.) საწოლის ქვემოთ შემძვრალიყო ძილიჭამია მონსტრი… ეს ჭირვეული არსებები მხოლოდ საწოლების ქვეშ ბინადრობენ. ხან მტვრის ბუსუსს ჰგვანან, ხან თვალით უხილავი ხდებიან. ზოგჯერ გასუსულები არიან, ზოგჯერ კი ისე დახრავენ მთელ ძილს, არაფერს დაგიტოვებენ…“.

ახლა შიშზეც ვთქვათ – „იომ იცის, რომ შიშს მარტოდ დარჩენილი პატარები უყვარს… ერთხელ ამბა-მამამ უთხრა, შიშიც პატარა დაკარგული ბარტყია და პატარებთან უყვარს ყოფნა, თორემ განა ცუდი ვინმეაო? შეგიძლია მოიშინაურო და აღარაფრის შეგეშინდეს, აღარც მონსტრების, აღარც ღამისო…“.

ამ უცნაურ, მითოსივით იდუმალ სამყაროში იოს თავგადასავალი იწყება – სკოლის დამთავრებისთანავე ბებიასთან უნდა გაემგზავროს. წიგნის მთავარი გმირები ზღარბები და ტყის სხვა ბინადრები კი არიან, მაგრამ ყველანი ისევე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები – სკოლაშიც დადიან, ლეპტოპები და ტელეფონებიც აქვთ, ერთმანეთს წერილებსაც სწერენ. აქ ყველაფერი გასულიერებულია, თვით იოს თოჯინაც კი – დათუნია უნუნუ მისი ერთგული თანამგზავრია და როგორც თანამგზავრებს სჩვევიათ, მეგობარს სიმღერით, ტკბილი სიტყვითა და ზოგჯერ კეთილი საქმითაც ამხნევებს.

ზოგადად, ეს ძალიან კეთილი სამყაროა. ზედმიწევნით კეთილი, თითქოს „დიდების სამყაროს“ სიკეთის მთელი დანაკლისი ამ წიგნით აინაზღაურა მწერალმა, უხვად გააჯერა ყველა სცენა და მოვლენა, ყველა გმირი, მათი პაწია გულები განუზომელი სიკეთით დამუხტა და იდეალური სამყარო დახატა – ისეთი, როგორიც თავდაპირველი შესაქმეს დროს ღმერთმა ჩაიფიქრა და განახორციელა. თუკი კითხვისას „დიდური“ ფიქრი ან ეჭვი ჩაგერთვებათ, სევდასაც იგრძნობთ, იმ მანძილის სევდას, რომლითაც ჩვენ, ადამიანები, ამ ღვთაებრივ შესაქმეს დავშორდით… მიწის ზედაპირზე მოცუცუნე ზღარბების პირით სამყაროს უხსოვარი ცოდნა საუბრობს, სიცოცხლის ხილული თუ უხილავი კანონებით, საღი წესრიგით, უპირობო რწმენით, სიყვარულით…

„იოს არდადეგები“ პაწაწინა ზღარბული ოდისეაა. ოდისეას უფრო იმ გზის პატივისცემით ვამბობთ, რომელსაც ჩვენი ოდისევსი იო – იოან-იოაკიმ-იონათამი დასდგომია, თორემ ისე კი, ოდისეა უფრო მჩქეფარე, ფათერაკებიანი, მოძრაობით სავსე მოვლენაა და ეს ზღაპარ-თავგადასავალი კი სხვანაირია, მედიტაციურია, ფიქრსა და მსჯელობაში განვლილი გზაა… თუმცა, არც მთლად უფათერაკობაა, ბოლოს და ბოლოს, იომ ხომ მარტომ უნდა იმგზავროს ბებომდე, მერე კი მასთან ერთად ტყის ოღრო-ჩოღროები უსაზღვრო ცნობისწადილით დაყურსულმა გაიაროს, იქ შიშსაც შეეფეთოს და სასწაულებსაც, ხოლო ეს ყველაფერი, რასაც შეეხება, მას რაღაც მშვენიერი ცოდნით აავსებს:

ხე-წყარო-ჭიანჭველა-ელფი-მიწისქვეშეთი… გრძელი და ძნელია იოსთვის დედამიწის ხვეულები, თუმცა თავბრუდამხვევად საინტერესო! არდადეგებიც კი, ეს ყველაზე უსაქმო და მხიარული დრო მოსწავლის ცხოვრებაში, მისთვის ახალი შემეცნების წყაროა! ტყუილად კი არ ეუბნება ბებია ეკეკე: „არდადეგებიც პირობითია, იო. მაინც სულ რაღაცას სწავლობ, აბა, დააკვირდი, გარშემო ყველაფერი ისეა მოწყობილი, თითქოს ბუნებაც, ცხოვრებაც, მცენარეც, ცხოველიც, ჩიტიც და მწერიც კი ვალდებულია, სულ რაღაც გასწავლოს… დედამიწაც მასწავლებელია, მზეც, წყაროც და ხეც, განა მარტო სკოლაში იღებ ცოდნას?!“.

ოღონდ, აქამდე იომ რაღაც ისეთი უნდა გადაიტანოს, რაზეც აქამდე შიშითა და ძრწოლით ფიქრობდა – ის ადამიანებს უნდა შეხვდეს. ზღარბულ ენაზე მათ „დიადებს“ ეძახიან, და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ფიზიკურად დიდები არიან. ამ სახელში სარკაზმიცაა – სწორედ ამ დიადებს ჰგონიათ, რომ სამყაროში ყველაფერი მათ ეკუთვნით, თავიანთი დიადი პატივმოყვარეობით ყელყელაობენ, „მინდა“-ს დროშებს იქნევენ და ყველაფერს ეპატრონებიან – სახლიც უნდათ, ტყეც, ქალაქიც, ზღვაცა და ოკეანეც, ცაცა და მიწაც! ამ „მინდა“-მ ბევრ საშინელებას კი გადაჰყარა ისინი, ბევრი ომი დაატრიალა მათ თავს, რის გამოც ზღარბებიც კი დაზარალდნენ, მაგრამ მაინც „დიადობენ“ და „მინდა-მინდა“-ს გაიძახიან… ამიტომ, ყველაზე საშიშები არიან მთელს დედამიწაზე!..

შიშისა და სიფრთხილის ამ ტრადიციით გაზრდილი იო კი, ერთ დღესაც, ტყეში მოხეტიალე ოჯახს გადაეყრება – სამ დიადს, დედ-მამას და პატარა გოგონას. და აქ იწყება იოსთვის ყველაზე დიდი ამბავი – ადამიანის შესახებ მისი მკაცრი აზრი სრულად იმსხვრევა, რადგან „დიადების“ ეს ოჯახი სულ სხვანაირი აღმოჩნდება – ნამდვილი, მზრუნველი, ტყის და ბუნების მოყვარული. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი ძვრაა იოს ცნობიერში, გადამდები ძალის მქონე, დაუტეველი!.. მთელი ამ თავგადასავლის კვანძიც სწორედ აქ იხსნება – იოსა და ბებია ეკეკეს ტანდემში – ძველსა და ახალ თაობას შორის – დიდი გარდატეხა უნდა მოხდეს!..

საქმე ისაა, რომ ბებია ეკეკე ძირფესვიანად გულაყრილია ადამიანთა მოდგმაზე და ამის მიზეზიც აქვს – საყვარელი მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას სწორედ მათ აბრალებს. შეუწყნარებელია ადამიანების მიმართ, დაკარგული აქვს ნდობა და იოსაც იმავეს მოუწოდებს. იო კი ახალი ცოდნითაა გაბრწყინებული – მან ადამიანში სინათლე დაინახა! ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს, და ბებია ამ სინათლეში დაარწმუნოს, მისი დამნახველი თვალი აუხილოს.

სამყარო მუდმივი მოძრაობაა, მირიადი განახლებაა, ეს ბებია ეკეკემაც იცის. იცის, რომ ბუნების წესია – რასაც ძველი თაობა ვეღარ ერევა, ის ახალმა უნდა დასძლიოს, ხელახლა ამოზიდოს და ააყვავილოს. ამიტომ, როგორც ჭეშმარიტი ბუნების შვილი, განახლების უპირობობას ბებია გუმანით გრძნობს და იოს რწმენას იზიარებს – და მასშიც ინთება ადამიანებისგან დაშუქებული სინათლე!..

ასეთია ბებელანდის პრინციპი – ყველაფერი სიცოცხლის წესებს ემორჩილება!

ეს კარგი წიგნი სამყაროს სინათლის რწმენას აღვივებს, ბუნების კართან გყურსავს, მის ჩქაფუნსა თუ ჩურჩულს, გრუხუნსა თუ გურგურს, ღიღინსა თუ ღიმილის შრიალს გაყურადებინებს. უამრავი ხმაა „იოს არდადეგებში“, ზღარბების პაწია ნაფეხურებით დაჩხაპნილ სამყაროში,  უთვალავი გზა-ბილიკი ამოჩენილა დედამიწის ხაოიან მკერდზე და თითოეული რაღაც განუმეორებელ სიკეთეს გულისხმობს. მთავარია, დავინახოთ, ვირწმუნოთ, გავიხსენოთ!..

სწორედ ასეთი წიგნები გვეხმარება, ადამიანებად (გა)დავრჩეთ. ადამიანებად – მარად ცოცხალი სამყაროს შუაგულში.

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- “ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, თანამედროვე გაკვეთილები.”

0

წიგნი შექმნილია მასწავლებლის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს თანამედროვე გაკვეთილის კონცეფციის გააზრებას, ციფრული საშუალებების გამოყენების მაგალითების გაზიარებას და ისეთი მეთოდების წარმოდგენას, რომლებიც მოსწავლეს სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილედ აქცევს.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე სწრაფად იცვლება. ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი – ეს არის სასწავლო პროცესის ახალი ფილოსოფია, რომელიც მოითხოვს განსხვავებულ ხედვას, შემოქმედებითობასა და მოქნილობას. მასწავლებლის როლი მრავალფუნქციურია: იგი აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ მოსწავლეთა ინტერესების გამღვიძებელი, ინფორმაციის დამუშავებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამომყალიბებელია.

გაკვეთილი XXI საუკუნეში უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რასაც ციფრული ეპოქა გვთავაზობს და გულისხმობს ინტერაქტიურ რესურსებს, მრავალმხრივ კომუნიკაციას, კოლაბორაციულ გარემოსა და ტექნოლოგიების მიზნობრივ ინტეგრაციას. სწორედ ამ გზით იქმნება სასწავლო გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ უნარებისა და ღირებულებების განვითარებას უწყობს ხელს.

ეს წიგნი არა მხოლოდ პრაქტიკული გზამკვლევია, არამედ პროფესიული რეფლექსიის, ინოვაციური იდეების და პედაგოგიური ექსპერიმენტების ინსპირაციის წყაროც. მისი გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი გაკვეთილი გარდაქმნას სივრცედ, სადაც ცოდნა, ტექნოლოგია და შემოქმედებითობა ერთიანდება.

წიგნის ავტორები:

მანანა ბოჭორიშვილი, ხათუნა ციხელაშვილი, ცირა ბარბაქაძე, მაია ფირჩხაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ლელა მანგოშვილი, ნანა აბულაძე, ნასტასია არაბული, თემურ სუყაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე, ნოდარ ცაგარეიშვილი, თინათინ გიორგაძე, გურამ ბურდილაძე, ნინო გაფრინდაშვილი, ირინე გუდაძე, ირმა ჯოჯუა, მორის დანდურიშვილი ეკატერინე სამხარაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

რედაქტორები: ნატალია ინგოროყვა, ნანა მაჭავარიანი, მანანა ბოჭორიშვილი

ყდის ილუსტრაცია- მარიამ ელიზბარაშვილი

“ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, თანამედროვე გაკვეთილები.”

სად ვიპოვოთ პასუხები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე  

0

ამ ზაფხულს ერთგვარი „საველე კვლევა“ ჩავატარე – ახლად გაცნობილ ბავშვებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ვეკითხებოდი – რა ინფორმაციის მისაწოდებლად ვჭირდებოდით ჩვენ მათ? რა აინტერესებდათ მედიაში? აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აქვს კითხვები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და სურს მედიამ ამ თემას მეტი ყურადღება მიაქციოს. როგორც ჩანს, სკოლასა და ოჯახებში მაინც ტაბუირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი. ინტერნეტს კი ბოლომდე არ ენდობიან, ადგილობრივ სერვისებზე ვერ პოულობენ ინფორმაციას ან ენობრივი ბარიერი უშლით ხელს ინფორმაციის მოძიებაში. ეს ჩემი „საველე კვლევის“ შედეგები ფაქტობრივად იმეორებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ძირითად მიგნებებს, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით – ამ კვლევამ აჩვენა, რომ 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ფსიქიკური ჯანმრთელობა აღელვებთ და არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

 

გთავაზობთ რესურსებს, რომლებსაც ვურჩევდი ზაფხულში შეძენილ ახალ ნაცნობებსაც და უფრო ფართო აუდიტორიასაც. ეს არის ის უფასო, სანდო წყაროები, რომლებიც თამამად შეგვიძლია ვურჩიოთ ბავშვებს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღელავენ.

 

აისი – ესაა გვერდი ინსტაგრამზე, ერთგვარი ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც რჩევებსაც ნახავთ, განმარტებებსაც და მარტივ სავარჯიშოებსაც.

 

ღია – ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომელიც ასევე ინსტაგრამზე გთავაზობთ რეკომენდაციებს, ვიდეოებს და ცხადია, სავარჯიშოებსაც.

 

მენტალური ალეგორიები – ესეც რჩევები და განმარტებებია ურთიერთობებზე, პრობლემურ ვითარებებზე, სხვადასხვა სირთულეზე, გამოსავლის ძიებაზე.

 

ბავშვები, რომლებსაც ზაფხულში შევხვდი, მართლები იყვნენ, ქართულად პოპულარული რესურსები საკმაოდ მწირია. ამიტომ მათთვის, ვისაც ინგლისური მშობლიურივით ესმის, ამ ენაზე საბავშვო პოდკასტების მთელი სიაც შემიძლია შევთავაზო ყველა ასაკის ბავშვისთვის.

 

ბოლოს კი ისევ ინგლისურ ენაზე, თავად ახალგაზრდების მიერ მომზადებული პოდკასტი, რომელიც საცაა მეხუთე სეზონს იწყებს – ეს პლატფორმა, გარდა ინფორმაციის მიღების ადგილისა, სასწავლო რესურსადაც შეიძლება გამოდგეს, იმის საჩვენებლად, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, თავად შეავსონ ის სიცარიელე, რომელიც მათ გარშემოა – ბოლოს და ბოლოს დღევანდელი ბავშვები ხვალ უკვე ზრდასრულები იქნებიან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...