ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

დადგა უარის დრო?

0

(სოციალური ქსელების მნიშვნელობა დღევანდელ ცხოვრებაში)

პირველი ნაწილი

 

სულ რაღაც ერთ თაობაში ბავშვები სახლებში შეიკეტა. ვეღარ ნახავთ მხიარულ თამაშებს ეზოებში. ისინი ჩაანაცვლა სტრუქტურირებულმა, უმეტესწილად ეკრანზე დაფუძნებულმა აქტივობებმა და ჩვენი შვილები უფრო მოუსვენრნი, შფოთიანნი და მარტოსულნი გახდნენ“.

ლინდა აკესონ მაკ-გურკი

შვედურ-ამერიკული წარმოშობის მწერალი, ავტორი ბესტსელერისა „არ არსებობს ცუდი ამინდი: სკანდინავიელი დედის საიდუმლო რეცეპტი, ჯანმრთელი, მხნე და თავდაჯერებული ბავშვების გასაზრდელად

დღეს უკვე ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმარტფონებმა და სოციალურმა მედიებმა საფუძვლიანად შეცვალეს ჩვენი შვილების ცხოვრება. ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვებისა და გამოყენების რაოდენობები გამაოგნებელია: გაყიდული სმარტფონების რაოდენობამ 2025 წლის მიმდინარე პერიოდისათვის, მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (International Data Corporation, IDC) ინფორმაციით, 1.24 მილიარდს მიაღწია(!), რაც 0.6%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გარდა აღნიშნული სმარტფონებისა, მობილურების ბაზარს ემატება დაახლოებით 370 მილიონი GenAI ტიპის სმარტფონი, რომლებიც ახალი ტიპისა და თაობის ტელეფონებია, რომლებშიც ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ისინი უფრო ინტუიციური, მომხმარებელზე მორგებული, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და „ჭკვიანი“ იქნება.

მარკეტინგული პროგნოზებით, ეს ახალი სმარტფონები ბაზრის თითქმის 30%-ს დაიკავებს. ბაზრების ანალიტიკოსების თქმით, GenAI-სმარტფონები მალე გახდება საშუალო მონაცემების მქონე სმარტფონების განუყოფელი ნაწილი, რაც შეამცირებს მომხმარებლის აპლიკაციებზე (App-ებზე) დამოკიდებულებას და მობილური და ციფრული კავშირის ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდება.

სმარტფონების ეპოქაში უკვე გაისმის ხმები, „ციფრული“ საშიშროებისა და „დიქტატურის“ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ხმა და განცხადება, ალბათ ჯონათან ჰაიდტს (Jonathan Haidt) ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ჯონათან ჰაიდტი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, სოციოლოგი და ავტორი, რომლის წიგნმაც, „მშფოთვარე თაობა“ („The Anxious Generation: How the Great Rewiring of Childhood Is Causing an Epidemic of Mental Illness“ – „მშფოთვარე თაობა: როგორ გამოიწვია ბავშვობის საფუძვლიანმა „გადაკეთებამ“ ფსიქიკური დაავადების ეპიდემია“) უკვე შვა აშშ-ში ეროვნული მასშტაბის მოძრაობა, ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენების შემცირებისა და მათ რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად. წიგნის გამოსვლიდან ერთ წელიწადში, აშშ-ს ყველა შტატმა ან უკვე მიიღო სმარტფონებისგან „თავისუფალი“ სკოლის კანონმდებლობა, ან აქტიურად განიხილავს მას.

ბევრი ავტორისა და აქტივისტის აზრით, „ბავშვობის დაბრუნების მოძრაობა“ (ინგლ. Movement for reclaiming childhood) ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი, თუ მას მხოლოდ მშობლები, პედაგოგები და განათლების პოლიტიკის ანალიზის სპეციალისტები გაუძღვებიან. იგი უნდა გახდეს იმ ახალგაზრდების მოძრაობა, რომლებმაც ეს „არასწორად“ თუ „უცნაურად“ შემოთავაზებული, დასრულებული ექსპერიმენტი“ (ციფრულ სამყაროში ცხოვრება) საკუთარ თავზე გამოცადეს. ამ თაობას ხშირად უწოდებენ „შფოთიან თაობას“ (ინგლ. Anxious generation) — და ბევრი მათგანი აღარ აპირებს „ახალ“ ტექნოლოგიებს – რეალურად კი, სმარტფონების ტექნოლოგიების ბაზრის, ან სმარტფონების მწარმოებელი კორპორაციების[1] კარნახსა და თავსმოხვეულ რეკლამას – დაუთმოს „ციფრულ“ სამყაროში „გამომწყვდეული“ ახალგაზრდობის წლები(!)

არაერთი გამორჩეული „Z თაობის“ (ე.წ. Gen-Z – ამერიკელებმა ასე შეარქვეს 1996-2012 წწ. დაბადებულ ახალგაზრდების თაობას, ლ.ა.) ავტორი და აქტივისტი მონაწილეობს ამ ახალ ამბოხში — ისინი იბრძვიან და ქმნიან ალტერნატიულ გზებს, რომლებიც რეალურ სამყაროსთან დაგვაბრუნებს.

ბევრი მასწავლებელი, ორგანიზაცია და უფლებადამცველი ცდილობს დღეს, დაეხმაროს „Z“ და მომდევნო თაობებს, რათა შესაძლო გახდეს სმარტფონებისა და სოციალური მედიის მარწუხებიდან ახალი თაობების ადამიანების დახსნა. ისინი იბრძვიან რეალურად შიშზე დაფუძნებული გადამეტებული კონტროლის (ციფრული „წესრიგის“ და კონტროლის ჩათვლით), სკოლების ტელეფონებისგან გათავისუფლებისა და იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც დიდ ყურადღებას არ აქცევენ ბავშვების „ციფრულ“ რეალობაში გატარებულ დროს (!). ახალი წამოწყების მიზანია, არ მისცეს ბავშვებს სოციალური მედიაზე წვდომის უფლება მინიმუმ 16 წლამდე. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მისიაა, გადაარჩინონ ბავშვობა, როგორც ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი.

აქვე უნდა დაისვას მწარე, მაგრამ აუცილებელი შეკითხვა: რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ვინც უკვე დავკარგეთ ბავშვობა?

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ამერიკელი ჟურნალისტის, ფრეია ინდიას (Freya India)[2] 2025 წლის 5 ოქტომბრის წერილიდან. ვფიქრობთ, მისი პოზიცია და დამოკიდებულება დღეს უკვე გაბატონებული „სმარტფონების“ რეალობისადმი, საყურადღებოა:

„ალბათ „Z თაობას“, ანუ დღეისთვის 12-დან 29 წლამდე ადამიანებს, შეუძლიათ ყურადღება პატარებზე გაამახვილონ — მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ტელეფონების გარეშე გაიზარდონ; ჯერ კიდევ წინ აქვთ ასაკი, როცა შეუძლიათ ეზოში ითამაშონ, ერთმანეთს ეთამაშონ… ანუ იმედი არსებობს – წერს ინგლისელი ჟურნალისტი და მწერალი, ფრეია ინდია (Freya India). – მაგრამ ჩვენ? ჩვენ, „Z” თაობის უფროს წარმომადგენლებს რა გვეშველება? ჩვენ, ვინც სასკოლო წლები უკვე დავკარგეთ უსასრულო ჩათებში, სტორებსა და პოსტებში? ვინც ვუყურებდით, როგორ გადაიქცა მეგობრობა ზედაპირულ და მექანიკურ ურთიერთობად? ჩვენი ბავშვობის მოგონებები ხომ იმასაც მოიცავს, თუ როგორ „ვფოტოშოპავდით“ საკუთარ ბავშვურ სახეებს, ვსაუბრობდით უცნობებთან Omegle-ზე (დღეს, ეს ანონიმური სასაუბრო პლატფორმა აღარ არსებობს, ლ.ა.), ან როგორ ვზომავდით საკუთარ ღირებულებას „ლაიქებითა“ და „ფოლოუერებით“ — მაშინ, როცა ყველაზე დაუცველები ვიყავით. ჩვენ ხომ უკვე მაშინ, პირველ კოცნამდე, ვხედავდით პორნოგრაფიას… რეალურ სამყაროში გადაჭარბებულად გვიცავდნენ, მაგრამ ინტერნეტში სრულიად მიტოვებული ვიყავით“, – გვამცნობს მწარე სიმართლეს ფრეია ინდია. „ჩვენ ვიტანჯებით – Z თაობის თითქმის ნახევარს სურს, რომ TikTok და X (ყოფილი Twitter) საერთოდ არ არსებობდეს. ახლა ბოლოს და ბოლოს ვპოულობთ სიტყვებს, რომ აღვწეროთ, რა დაგვემართა — როგორ იმოქმედა ბავშვობაში ნანახმა პორნოგრაფიამ ჩვენს ტვინზე, რა უყო ალგორითმებმა ჩვენი ყურადღების უნარს, როგორ დავკარგეთ საკუთარი თავის აღქმაც კი. ვხვდებით, რომ ეს არ იყო ნორმალური, ეს არ ჰგავდა ბავშვობას. ჩვენ ამ სამყაროში ისე შევაბიჯეთ, რომ არ არსებობდა ასაკობრივი ზღვარი, არც დამცავი მექანიზმები… და როცა ვსაუბრობთ სხვა ახალგაზრდებთან — გოგოებთან, ბიჭებთან, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთან — მათთვის ერთნაირად საშინელია ის აზრი, რომ მათი მომავალი შვილები ამავე გზას გაივლიან: ბავშვობაში უყურებენ ძალადობრივ პორნოს, საკუთარ თავს აქცევენ სოციალური ქსელების ობიექტად, ან უბრალოდ სელფებს დადებენ ონლაინპლატფორმაზე, უცხო ხალხმა რომ შეაფასოს.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რა დავკარგეთ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ცდილობდა ერთდროულად გაზრდილიყო და საკუთარი თავი „ბრენდად“ ექცია. პირველები, ვინც არ იცოდა მეგობრობა მანამ, სანამ ის SnapStreak-ად იქცა; არ იცნობდა საზოგადოებას, გარდა Instagram და Reddit-ისა; არ იცნობდა სიყვარულს – მანამ, სანამ ის “სვაიპინგად” და გამოწერის მოდელად იქცა. შემდეგ თაობას შანსი ჯერ კიდევ აქვს. ჩვენთვის კი მოზარდობა აღარ დაბრუნდება. ესაა ჩვენი რეალობა“ – ამბობს ინდია ფრეია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობაში უნდა დავრჩეთ.

ჩვენ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ამ დანაკარგს და ის ენერგიად ვაქციოთ. ჩვენ წინაშე მთელი ცხოვრებაა. ახლა თითქოს ყველა გვიყურებს და გვეკითხება — „რა ჩაიდინეთ?“ დროა ვუპასუხოთ — „რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ ჩვენ უკვე ვიგლოვეთ ის, რაც არასდროს გვქონია; ახლა დროა ავაშენოთ რაღაც ახალი.

„უარყოფის სახელმძღვანელო“ (ინგლ. A Guide to refusal) გახლავთ გზამკვლევი, რომელიც მომზადებულია ფრეია ინდიას, გაბრიელა ნგუიენის (Appstinence[3] ) და შონ კილინგსუორთის (Reconnect[4]) მიერ და განკუთვნილია ჩვენთვის — იმ მილიონებისთვის, ვინც მზად არის ცვლილებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ეშინია ან ებრძვის საკუთარ დამოკიდებულებას. ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილება იწყება მცირე ნაბიჯებით — ჯერ გამოყენების შემცირებით, შემდეგ სრული თავისუფლებით. „უარყოფის სახელმძღვანელოში“, სამოქმედოდ ექვსი მთავარი საკითხია გამოყოფილი: 1) გააცნობიერეთ რეალობა – იყავით მართლაც გულწრფელი საკუთარ თავთან და გააცნობიერეთ, რამდენ საათს აცდენთ ონლაინ. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ შექმნათ (დახატოთ, დაწეროთ, ისეირნოთ, იმღეროთ ან იცეკვოთ, სხვა) ვებგვერდების დაუსრულებელი თვალიერების (ე.წ. „სქროლინგი“) ნაცვლად?

2) დააწესეთ საზღვრები – დაიბრუნეთ კონტროლი თქვენი დროის განკარგვაზე. არ არის აუცილებელი სულ ონლაინ იყოთ და პასუხობდეთ შეკითხვებსა თუ მოთხოვნებს; ნუ იხდით ბოდიშს თუ ონლაინ არ ხართ! არ ხართ ვალდებული იყოთ ინტერნეტ-ეთერში მუდმივად! აქ არის რამდენიმე ე.წ. „ტექნიკა“ არასაჭირო აპლიკაციებისგან თავის დასაღწევად: შეამცირე/Decrease, გათიშე/Deactivate, წაშალე/Delete, დააქვეითე/Downgrade და Depart/ მიატოვე და წადი – გვირჩევენ უარყოფის სახელმძღვანელოს“ ავტორები.

3) შექმენით ხელშეუხებელი (წმინდა) სივრცეები – ნელ-ნელა გამოყავით სახლში სივრცეები, სადაც დისპლეები და სოციალური მედია არ იქნება (სამზარეულოში ჭამისას, სააბაზანოში, სხვა); გამოიყენეთ ანალოგური ხელსაწყოები (ფიზიკური მაღვიძარა, ფოტოაპარატი, ბლოკნოტი და კალამი), სადაც ეს შესაძლებელია.

4) შეცვალეთ, არ აკრძალოთ! – ეცადეთ ცხოვრება შეავსო ისეთი საქმით, რომელიც კარგად გამოგდით ან გიყვართ; გაამახვილეთ ყურადღება, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და ინდივიდუალობა. ისწავლეთ უცხო ენა, ხელით შექმენით რაიმე (თუ გამოგდით), ან უბრალოდ დაფიქრდით, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდით „სქროლინგის“ და ონლაინ-ყოფნის დროს. ეს დრო რეალურ სამყაროში გაატარეთ!

5) იპოვეთ ან შექმენით თანამოაზრეთა ჯგუფი – იგულისხმება რეალური საზოგადოება (და არა ონლაინ ჯგუფები): ისადილეთ ერთად, ისეირნეთ ერთად და ნუ იქონიებთ ტელეფონებს სუფრაზე და ლაშქრობის მარშრუტზე გასვლისას. ეცადეთ გქონდეთ, მეტი უშუალო კონტაქტი ერთად ყოფნისას!

6) შეუერთდით მოძრაობას (თუ ასეთი არსებობს!) ონლაინ ყოფნის დროის შესაზღუდად! თქვენ არ ხართ მარტო! დღეს უკვე მილიონობით ადამიანი ხვდება, რომ „ონლაინ-მახეშია“ მოხვედრილი!

გახსოვდეთ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენსავით გააგრძელებენ ამ უსაგნო და უაზრო „სქროლინგს“ და თავიანთი პერსონალური დროის ათასობით საათს გააცდენენ სხვისი შექმნილი ვიდეოების თუ სხვა ციფრული პროდუქცია-სქრინების თვალიერებაში. გახსოვდეთ, რომ ეს დრო დაკარგულია საკუთარი უნიკალური ნიჭისა და თვისებების განვითარებისთვის.

თუმცა ჯერ საკუთარ თავთან გულწრფელი დამოკიდებულება ვისწავლოთ. გავაცნობიეროთ და დავინახოთ, რა წაგვართვეს და ვცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენი ადამიანურობა.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] სმარტფონების მწარმოებელი გლობალური კორპორაციები – Apple Inc. (აშშ), Samsung Electronics (ს. კორეა), Huawei Technologies (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), Xiaomi Corporation (ჩინეთის ს.რ.), Oppo (BBK Electronics), Vivo (BBK Electronics), OnePlus (BBK Electronics), Realme (BBK Electronics), Lenovo Group – ყველა ჩინეთის ს.რ.), Sony Corporation (იაპონია), LG Electronics (ს. კორეა), Google (Alphabet Inc.)(აშშ), Asus (ASUSTeK Computer Inc.), HTC Corporation (ორივე ტაივანი), Nokia (HMD Global) (ფინეთი)

[2] Freya India, TIME TO REFUSE, ბმული: https://www.afterbabel.com/p/time-to-refuse?utm_source=chatgpt.com

[3] I’m Gen Z and don’t use a smartphone or social media: https://www.businessinsider.com/gen-z-no-smartphone-social-media-friends-2025-10

[4] “Phones aren’t bad. They just don’t belong in all social spaces.”: https://reconnectmovement.org/

ლიფტების პროექტი – ერთი მოსწავლის კვლევა და ექსპერიმენტი

0

დაჰკვირვებიხართ ბავშვების უცნაურ იდეებსა და ინტერესებს? ზოგჯერ რომ სრულიად უმიზნო და უშედეგო გგონიათ, დროის კარგვად თვლით და გირჩევნიათ, ამ დროს ჩვენი შვილები თუ მოსწავლეები გაკვეთილების მეცადინეობას უთმობდნენ?

არადა, თუ კარგად დაფიქრდებით და დაგეგმავთ, ყველა, ერთი შეხედვით უცნაური გატაცება შეიძლება სასარგებლო პროექტად იქცეს, ასე გამოვიდა გიოსა და ლიფტების შემთხვევაში.

გიო ჩემი შვილია, პროექტის დაწყებისას 13 წლისა იყო და მერე თოთხმეტისა გახდა. მას ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვს და სანამ ყველა კითხვას პასუხს არ გასცემს, საკითხს არ ამოწურავს, ვერ მშვიდდება.

ერთ დღეს მის ასეთ გატაცებად ლიფტები და ლიფტების მექანიზმი იქცა.

გადაწყვიტა ჩვენი ქალაქის ლიფტები შეესწავლა.

13 წელი ისედაც ისეთი ასაკია, როცა მოზარდს ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო და უსაფრთხოების წესები უნდა ვასწავლოთ. ამიტომ მე, როგორც მისი ყველა გატაცების ხელის შემწყობი მშობელი, ჯერ მასთან ერთად დავდიოდი ლიფტების შესასწავლად, მერე კი მარტოც გავუშვი.

ა) ამ გატაცების დადებითი მხარეები:

  1. ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით, სქულქარდის გამოყენება, ბიუჯეტის დაგეგმვა;
  2. გუგლმეპისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება თავისი მიზნებისთვის;
  3. ქუჩაში მოძრაობა დამოუკიდებლად – ქვეითთა გადასასვლელი, მიწისქვეშა, უსაფრთხოების წესები;
  4. დამოუკიდებელი სოციალური ჩვევები – ცუდი და კარგი უცხოების განსხვავება – ცუდია ის, ვინც უაზროდ აეტორღიალება, კარგია ის, ვინც, ვთქვათ, სხვა ავტობუსში ასულს სწორ ავტობუსს ასწავლის.

ამ გატაცებამ მოგვცა ქუჩაში დამოუკიდებელი გადაადგილების გამოცდილება, რომელსაც ყოფით ცხოვრებასა და ყოველდღიურად ვიყენებთ.

ბ) სოციოლოგიური დასკვნები:

  1. ქალაქში საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლების ლიფტები არც ისე კარგ მდგომარეობაშია;
  2. ყველა ლიფტი ერთგვარი კომუნიკაციური, სოციალური ცენტრია – კედლის წარწერები, განცხადებები, მათი დანიშნულება უნივერსალურია, ქალაქის ალტერნატიული სოციალური ქსელია ლიფტი.
  3. ლიფტების ეპიგრაფიკა ერთგვარად უნივერსალურია.

და კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაასკვნა ლიფტებით, მაგალითად, ის, რომ ძალიან გაბედული ხალხი ვართ. დიღმის მასივში ვნახეთ ლიფტი, რომელსაც ჩვეულებრივი კარადის კარი აქვს შებმული.

ცხადია, უსაფრთხო არაა, მაგრამ მე, როგორც დედას, ამ გატაცებამ მასწავლა ბალანსი, რომ შიშის გამო დამოუკიდებლობა არ უნდა წავართვა ბავშვს და შინ არ უნდა ჩავკეტო. გაბედვა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.

გ) კვლევითი ნაწილი:

ლიფტების კვლევისთვის გიომ რამდენიმე მეთოდი გამოიყენა:

  1. პირველ რიგში, შეადგინა ლიფტების რუკები:

2. ლიფტების აღწერის დღიური, სადაც თითოეულ ლიფტს მიანიჭა თავისი უნიკალური კოდი, მოახდინა სისტემატიზაცია სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, როგორებიცაა, დამონტაჟების დრო, ტიპი, მწარმოებელი ქვეყანა, კორპუსის პროექტის ტიპი და სხვა;

  1. გუგლდრაივზე გააკეთა დიდი არქივი, სადაც ატვირთა ყველა ლიფტის აღწერა და ვიზუალური მასალა.
  2. გააკეთა სტატისტიკური კვლევა, სადაც დათვალა, რა ტიპისა და წარმოების ლიფტებია თბილისში, როგორია, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების სტატისტიკა.

ბოლოს, სკოლაში, მოქალაქეობის საგნისთვის მოამზადა პრეზენტაცია თბილისის ლიფტების შესახებ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.

მგონი, ძალიან საინტერესო კვლევა გამოვიდა, არა?

„ქალი ყარყუმით“

0

სექტემბერში, გამთენიისას დედა მესიზმრა. ასე ნათლად კარგა ხანია არ მინახავს. ჩემს საწოლთან იჯდა და თანაგრძნობით მიმზერდა.

 

  • დედააა, იცი ხომ, რომ დავიღალეეე? – თავადვე ვიგრძენი, როგორც ბავშვობაში, ისე შევტირე.

კიო, თავი დამიქნია და ჩასახუტებლად ხელები გამომიწოდა. წამოვჯექი და ჩავეკარი. სხეულში ისეთმა სითბომ დამიარა, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, რომ ჩემდაუნებურად გამეღვიძა. აზრზე მოსასვლელად დრო დამჭირდა, თვალები გავახილე და ჭერზე საზიზღარი არსებები დავინახე. ვიღაცის მახინჯი სახე დამყურებდა…

დამავიწყდა მეთქვა, რომ ზაფხულის არდადეგებზე წასულს, მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. კი მომწერა, მილი გამისკდაო, მაგრამ აბა, თურქეთის სიდედან რას ვიზამდი, განგებას მივანდე ეს ამბავი. ჩამოვედი და საძინებლის ჭერი ისეთი საძაგელი არსებებით „მოხატული“ დამხვდა, კინაღამ გული გამისკდა. ზოგადად, ასეთი წყლის ჩამოსვლები ჩემი ბავშვობიდან მუდმივია. თუმცა, საძინებლამდე პირველად მოაღწია. მუდმივობის მიზეზი რა არის? რა გამოლევს, ხან ისა და ხან ესა… ძირითადად, ნაკლები პასუხისმგებლობა…

 

ჰოდა, ისე გავნერვიულდი, ისე ამოვიგდე გული, რომ ეტყობა იქ, სხვა განზომილებაში დედაჩემმაც გაიგო, ადამიანურად შევებრალე… მოვიდა და ისე მანუგეშა, როგორც შეძლო.

ჰოდა, იმას ვამბობდი, ჭერიდან მზერა კედელზე გადავიტანე. იქ „ქალი ყარყუმით“ კიდია, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის რეპროდუქცია.

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან

https://en.wikipedia.org/wiki/Lady_with_an_Ermine

„თქვენო უბრწყინვალესობავ, მე ავაგებ უმსუბუქეს და უმყარეს ხიდებს, რომელთა გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე უპრობლემოდ შეგეძლებათ. მათი დახმარებით მტერს დაედევნებით ან პირიქით დაემალებით და ჩაუსაფრდებით. შემიძლია ათასნაირი კიბის და სხვა მოწყობილობის კონსტრუირება, რათა ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. მე შემიძლია, დავანგრიო ნებისმიერი ციხე-სიმაგრე, თუნდაც კლდეზე აგებული. მე შემიძლია შევქმნა ცეცხლის და მომწამლავი ნივთიერებების გასატყორცნი იარაღი, რომელიც მტერში დაბნეულობასა და შიშს დათესავს. შემიძლია გავთხარო უხილავი გვირაბები, თუნდაც წყლის ქვეშ, რათა ჯარმა იქ გაიაროს. მშვიდობიან დროში კი ნებისმიერი ტიპის არქიტექტურას შევქმნიდი. შემიძლია გამოვძერწო ნებისმიერი ნივთი თიხასა და ფაიფურის მასალისგან და კიდევ ხატვა შემიძლია, სხვებზე არცთუ ნაკლებად…“.

ეს ნაწყვეტი მე სამოტივაციო წერილს მაგონებს. არ მოგესმებათ, ის ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. დაწერა 1482 წელს ფლორენციაში.

ვის წერდა?

მილანში ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას.

სინამდვილეში, ჰერცოგი მაშინ 13 წლის ბავშვი იყო და მისი სახელით მილანს მისივე მეურვე მართავდა. ლეონარდო კი სამხედრო საქმეში დახმარებას აღუთქვამდა და ისე, სხვათა შორის, ახსენებდა, რომ ხატვაც შეეძლო…

ლეონარდო ვინც ბრძანდებოდა, ისტორიამ დაგვანახა. თან იმ დროისთვის საუკეთესო სამხატვრო განათლება ჰქონდა მიღებული. ანდრეა ვეროკიოს ფლორენციის სახელგანთქმულ სახელოსნოში ჰქონდა სამხატვრო საქმე შესწავლილი. ამ აკადემიაში მან მხოლოდ ხატვისა და ძერწვის ტექნიკა კი არ შეითვისა, არამედ ქიმია და მეტალურგიაც სავალდებულო წესით შეისწავლა.

აბა? როგორ გგონიათ? ტყუილად კი არ ფლობდა საღებავების ტექნიკას და სხვადასხვა პიგმენტით რეაქციებს ატარებდა.

1480 წელს ლეონარდოს ფლორენციაში ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა და ის ერთადერთ არა, ერთ-ერთ კარგ მხატვრად ითვლებოდა. ჰო, აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს დროში ცხოვრობს სანდრო ბოტიჩელი, დომენიკო გირლანდაიო, პიეტრო პერუჯინო, რაფაელი, მიქელანჯელო.

ჰოდა, ლეონარდომ ფლორენციიდან მილანში გადასვლა გადაწყვიტა და იქაურ მმართველობას თავი, ისე შესთავაზა, როგორც ინჟინერმა. თან აღუთქვა, რომ დაუსრულებელ ომებში მიეხმარებოდა.

ისტორიკოსები იმასაც ამბობენ, ფლორენციის პატრონმა მედიჩებმა აითვალწუნეს ლეონარდოო. მოაბეზრა ყველას თავი ამბიციებითა და ჭირვეულობითო…

ვაჰ, როცა ლეონარდო ხარ, აღარც უნდა იჭირვეულო???… თუმცა, გავაგრძელოთ…

კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ ნაწარმოებს ათწლეულობით წერდა. თან სამხატვრო მასალით თითქმის, სულ ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებდა. ამიტომაც არის, რომ მისმა მრავალმა ტილომ დროს ვერ გაუძლო. სხვებს კი, მრავალჯერადი რესტავრაცია დასჭირდა. ასე მაგ. „საიდუმლო სერობიდან“ საღებავს ჩამოშლა დასრულებიდან ერთ წელიწადში დაუწყია.

გამოდის, რომ შინაგანი ბუნებით მხატვარზე მეტად გამომგონებელი გახლდათ და იმ ქალაქს მიაშურა, სადაც გამოგონებები ფასდებოდა.

სამოტივაციო წერილმა იმუშავა და 1482 წლის ბოლოს ლეონარდო მილანს გაემგზავრა. იქ მთელი 17 წელი დარჩა. მცირე შესვენების შემდეგ კი, კიდევ 7 წლით დაბრუნდა. ამ დროის მანძილზე სამხედრო დანაპირებიდან არაფერი შეუსრულებია. სამაგიეროდ, ბევრი გამოგონება დატოვა სასცენო საქმეში. თეატრალური წარმოდგენების დროს, ჭერში მობილიზებულ ზეცაში ღრუბლები, პლანეტები და მსახიობები ერთად დაფრინავდნენ. ეს პერიოდი გახდა, მისი, როგორც მხატვრის გაფურჩქნის დრო. ზემოთ ხსენებული „საიდუმლო სერობა“ სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის კედელზე შესრულდა. მილანის პერიოდსვე ეკუთვნის „ქალი ყარყუმით“. ორიგინალი ნახატი კაკლის ხის ფიცარზეა შესრულებული. ფიცარს საფუძვლად თეთრი გრუნტი ჰქონდა დადებული.

დღეს ასეთი გრუნტის შეძენა სამხატვრო მასალების მაღაზიებშია შესაძლებელი და ის აკრილის ცვილის წყლის ემულსიაზეა დამზადებული. აქვს თეთრი პიგმენტი ტიტანის დიოქსიდის სახით. ზოგჯერ შემთხვევაში კი, როგორც ძველ დროში, შეიცავს თაბაშირსაც. ლეონარდო წებოსთან შერეულ ცარცის ფხვნილსაც ურევდა მასში. ნახატის ორიგინალის რესტავრაცია 1830-1870 წლებში მოხდა, ზედა მარცხენა კუთხე აეცალაო და უკან მიაწებესო. რესტავრაცია ჟან დელაკრუას ჩაუტარებია და უკანა ფონიც ამ დროს გადაუღებავთ მუქად. სპეციალისტები ამბობენ, მუქ ფონზე უდავოდ ლამაზი ქალბატონი უკეთ გამოჩნდაო.

ეს შედევრი ლეონარდოს ქიმიური ექსპერიმენტიც არის, რადგან სწორედ მისი შექმნისას პირველად გამოიყენა ზეთის საღებავები. თან, ხელთ არსებული ქიმიური პიგმენტები ერთმანეთთან შეურია და დაფარვის სრულიად ახალი ტექნიკა მიიღო. მანამდე, ყველა ცნობილი მხატვარი ე.წ. „ტემპერას“ საღებავს იყენებდა და თავადვე ამზადებდა მათ. ანუ, პიგმენტის შემცველ ფერად ფხვნილებს ურევდა ქათმის კვერცხის გულში და შემდეგ ტილოზე გადაჰქონდა. გახსოვთ, მე ლაპის ლაზურიზე ვწერდი – იგივე, ლაზურიტი ან ლაზვარადი. https://mastsavlebeli.ge/?p=3808

მისგან ძვირად ღირებული მელანი და საღებავი მზადდებოდა, მომზადების ტექნიკა კი „ტემპერა“ გახლდათ. ამ ტიპის საღებავები კვერცხის გულში შეყოლილი ცილის გამო მალევე პოლიმერიზდებოდა, შრებოდა და გამოუსადეგარი ხდებოდა. განსაკუთრებით, ცხელ სეზონზე, სიცხის დროს ხდებოდა ასე. გარდა ამისა, პიგმენტების შერევაც რთულდებოდა სწრაფად გამოშრობის გამო. ზეთის საღებავებმა კი ახალი შესაძლებლობები მისცა მხატვრებს. შეიძლება ვინმემ შემისწოროს ბოტიჩელი „ტემპერათი“ შედევრებს ქმნიდაო.

კი, როგორ არა, თუ შვიდი წლისას სახელოსნოში მიგაბარებენ, იქ ათი წელი გასწავლიან და შეცდომის შემთხვევაში, კარგადაც შემოგცხებენ, მერე შეიძლება ბოტიჩელივით „ტემპერათი“ შედევრი შექმნა. ოღონდ, გალაც არ დავივიწყოთ:

 

  • ნიჭი, ძამა, კიდევ ნიჭი იქნება საჭირო.

ახალი საღებავებისთვის ძირითადად, სელის ზეთს იყენებდნენ. ოღონდ, მანამდე ზეთი ქიმიური გასუფთავების ოთხ ეტაპს გადიოდა და მხოლოდ შემდეგ ხვდებოდა პალიტრაზე. ზეთის გასუფთავებაზე ზოგჯერ თავად მაესტრო, ან მისი შეგირდები ზრუნავდნენ, თუმცა მხატვრის ზედამხედველობით. წარმოგიდგენიათ ხომ, როგორი ლაბორატორიისა და ცოდნის ფლობა იყო აუცილებელი.

და სურათზე დახატული ქალი ვინ არის? ჩეჩილია გალერანია. აქ მხოლოდ 18 წლისაა და ჰერცოგის ფავორიტი გახლავთ. ისტორია ლამაზ, აღზრდილ და განათლებულ ქალად აღწერს. მოგვიანებით, როცა ჰერცოგი დაოჯახდება, ჩეჩილიას ვინმე გრაფს მიათხოვებენ, ოთხი შვილის დედა გახდება და წყნარ, თუმცა მდიდრულ ცხოვრებას გაივლის ჰერცოგის მიერვე ნაჩუქარ მდიდრულ სასახლესა და მამულებში.

ჩეჩილია ჩემს კედელზეც არის, ლამაზ ჩარჩოში ზის და სადღაც იქით იყურება.

ცოტა ხანი უაზროდ შევცქერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოთ, ჭერში არ ავიხედო.

მერე? მერე სასწრაფო წესით ვდგები და მზადებას ვიწყებ, რადგან ახალი დღე იწყება.

სასწავლო პროექტი – ოთხი ფუნდამენტური ძალა

0

რატომ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე? როგორ მოძრაობს სინათლე? რა აკავშირებს ატომებსა და ბირთვებს? საუკუნეების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ იმ ძალების აღწერას, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთქმედებებს უდიდეს და უმცირეს მასშტაბებზე, პლანეტებიდან ნაწილაკებამდე. თანამედროვე ფიზიკა განმარტავს ბუნებაში არსებულ ოთხ ფუნდამენტურ ძალას. ესენია – გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი. ტერმინი „ფუნდამენტური“ გულისხმობს, რომ ამ ოთხიდან თითოეული ძალა სხვა სახის ურთიერთქმედებით არ აღიწერება. გრავიტაციულ ურთიერთქმედებას განმარტავს ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, კიდევ უფრო ზუსტად კი აინშტაინის ფარდობითობის თეორია. გრავიტაციის კანონზომიერება შესამჩნევია მაკრო და ციური სხეულების სამყაროში. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება როგორც მიკრო-, ასევე მაკროსამყაროში. ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება აღწერს ბირთვში მიმდინარე პროცესებს.

გრავიტაციული ურთიერთქმედება უნივერსალურია, რადგან იგი მოქმედებს ყველა ნაწილაკზე. გრავიტაცია ოთხ ფუნდამენტურ ძალას შორის უსუსტესია. მისი მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ მოქმედებს დიდ მანძილზე (მილიარდობით კილომეტრზე) და ყოველთვის მიზიდულობის ხასიათისაა. ძლიერი ურთიერთქმედება მჟღავნდება 10 -14 მ-ზე, ხოლო სუსტი ურთიერთქმედება თავს იჩენს კიდევ უფრო მცირე მანძილზე, არაუმეტეს 10 -19 მ-სა. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება იმ ნაწილაკებსა და სხეულებს შორის, რომელთაც გააჩნიათ ჭარბი ან ნაკლები ელექტრული მუხტი. თანასახელა მუხტის მქონე ნაწილაკები და სხეულები მიიზიდებიან, ხოლო საპირისპირო მუხტის კი განიზიდებიან. ლოგიკურად იბადება კითხვა, რა ძალები განაპირობებს ბირთვში დადებითად დამუხტული პროტონების ასე მჭიდროდ „ჩაჭეჭყვას“? სწორედ აქ იჩენს თავს ბირთვული ძალები (ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება). ბირთვული ძალების მნიშვნელოვანი თვისებაა ახლოქმედება. ამ ძალების რაოდენობრივი თეორია ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ძალები 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება.

მე-20 საუკუნის ბოლოს ფიზიკოსები სამყაროს აგებულების ერთიანი საწყისის მოძიებას ცდილობდნენ – ამუშავებდნენ თეორიას, რომელიც ბუნებაში მოქმედ ყველა ძალას გააერთიანებდა. ამ ხედვის მიხედვით, ყველა ტიპის ურთიერთქმედება ერთ საერთო ძალას უკავშირდება და ოთხივე ფუნდამენტური ურთიერთქმედება საერთო პირველწყაროდან მომდინარეობს. ეს მოსაზრება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ყველა ტიპის ურთიერთქმედების განხორციელების მექანიზმი ერთსა და იმავე პრინციპზე იყო დაფუძნებული. დამტკიცდა ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედების ერთიანი ბუნება. 2012 წელს კი, როდესაც აღმოაჩინეს ახალი ნაწილაკი, ე.წ. ჰიგსის ბოზონი, მათ ძლიერი ურთიერთქმედებაც შეუერთდა.

რატომაა სამყაროში არსებული ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთის ბუნება გამონაკლისი? იქნებ არც არის გამონაკლისი და გრავიტაციული ურთიერთქმედების ნიუტონისეული თეორიაა გადასასინჯი? მეცნიერებაში კერპები არ არსებობენ. ბუნება ამოუწურავია და ყოველი დიდი მეცნიერული აღმოჩენა, მხოლოდ სამყაროს ახალი, შეუცნობი მხარეების კვლევის დასაწყისია.

საინტერესო იქნება ამ თემაზე სასწავლო პროექტის განხორციელება. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, „აღმოაჩინოს“ სამყაროს ერთიანობის იდეა; გააცნობიეროს, რომ ყველა პროცესი, ატომის ბირთვიდან გალაქტიკებამდე, იმართება ერთი და იმავე კანონებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძლიერი და სუსტი ძალების გააზრება, რომლებიც მოზარდისთვის ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი რჩება. ამ საკითხის ფიზიკური არსის გარკვევა მოსწავლეებში გააღრმავებს ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესს.

წარმოგიდგენთ სასწავლო პროექტს ოთხი ფუნდამენტური ძალა“.

 

პროექტის სახელწოდება ოთხი ფუნდამენტური ძალა
პროექტის ტიპი საგნობრივი
საგანი (საგნები) ფიზიკა /შესავალი თანამედროვე ფიზიკაში/
კლასი XI-XII
მონაწილეთა ასაკი 16-18 წელი
პრობლემის ანალიზი ·         მოსწავლეები სამყაროში მოქმედ ძალებზე ფლობენ ფრაგმენტულ ცოდნას და ვერ ხედავენ მათ შორის კავშირს;

·         ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებებზე მსჯელობა მთლიანად დამყარებულია წარმოსახვაზე, რადგან მათი მოქმედება უშუალოდ არ ჩანს;

·         საჭიროა ისეთი მიდგომები, რომლებიც დაეფუძნება დაკვირვებას, მოდელირებას, ანალოგიებსა და შემოქმედებით აზროვნებას, რათა მოსწავლეებმა ფუნდამენტური ძალები აღიქვან, როგორც სამყაროს ერთიანობის საფუძველი.

 თემა /საკითხები /ქვესაკითხები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაბუნებაში არსებული ოთხი ტიპის ურთიერთქმედება
სამიზნე ცნება/ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მატერია

·         არსებობს მატერიის ორი ფორმა – ნივთიერება და ველი;

·         ველი წარმოადგენს მატერიის უხილავ ფორმას, რომელიც განაპირობებს ნაწილაკებს /სხეულებს/ შორის ურთიერთქმედებას;

·         ნივთიერება და ველი ქმნიან ერთიან სისტემას, რაც განაპირობებს ოთხი ფუნდამენტური ძალის არსებობას;

·         მატერიის სტრუქტურა განისაზღვრება ფუნდამენტური ძალების ბალანსით;

·         მატერიის თვისებების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური და ენერგეტიკული სისტემების განვითარებისთვის.

ძალა

·         ძალა წარმოადგენს სხეულთა ურთიერთქმედების რაოდენობრივ და ვექტორულ მახასიათებელს;

·         ბუნებაში არსებული ყველა ურთიერთქმედება შეიძლება აიხსნას ოთხი ფუნდამენტური ძალით;

·         ფუნდამენტურ ძალებს შორის არსებობს კავშირი, რაც სამყაროს სტრუქტურის ერთიანობას განაპირობებს;

·         გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ძალები ადვილად შესამჩნევია მაკროსკოპულ სამყაროში;

·         სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედება არსებობს მიკროსამყაროში;

·         სამყაროს სტაბილურობა დამოკიდებულია ამ ძალების ბალანსზე.

პროცესი

·         პროცესი არის სამყაროში ფუნდამენტური ძალებით გამოწვეული ყველა ცვლილება;

·         ფიზიკურ პროცესებში ძალა მოქმედებს სხეულზე, იცვლება მისი ენერგია და ეს ცვლილება დროში მიმდინარეობს;

·         ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა შეიძლება აიხსნას განსაზღვრული პროცესის საშუალებით, რომელიც ემორჩილება ფიზიკის კანონებს;

·         პროცესებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს მოვლენათა მიმდინარეობა.

ენერგია

·         ენერგია წარმოადგენს უნარს, გამოიწვიოს ცვლილება ან შეინარჩუნოს მდგომარეობა;

·         ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას სხვადასხვა ძალა ახორციელებს სხვადასხვა ფორმით;

·         ენერგია გამოხატავს ფუნდამენტური ძალების მოქმედების შედეგს და წარმოადგენს ყველა ურთიერთქმედების საერთო საზომს;

·         ენერგიის გადაცემა და გარდაქმნა ფუნდამენტური ძალების მოქმედების შედეგია და ქმნის ბუნებრივი პროცესების საფუძველს;

·         ენერგიის შენახვის პრინციპი აერთიანებს ყველა ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას და ასახავს სამყაროს სტაბილურობას;

·         ენერგიის გადაცემისა და გარდაქმნის გააზრება აუცილებელია მატერიის სტრუქტურის, მოძრაობისა და ველის თვისებების გასაგებად.

სტანდარტთან კავშირი ფიზ.საშ.1. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ნივთიერებების შემადგენელი სტრუქტურის დახასიათება და ველების მახასიათებელი პარამეტრების შესახებ მსჯელობა მატერიის სახეების ფიზიკური თვისებებისა და მათი ცვლილების მიზეზების გასააზრებლად;

ფიზ.საშ.2. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ენერგიის სახეებზე და მათი ურთიერთგარდაქმნის მიზეზებზე/შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების დასახასიათებლად;

ფიზ.საშ.3.    მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულთა ურთიერთქმედებებსა და მათ შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების აღსაწერად;

ფიზ.საშ.4. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ბუნებაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება ფიზიკური პროცესების/მოვლენების აღსაწერად და დასახასიათებლად.

კვლევა რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი ·         პროექტი მოიცავს საგნობრივ კვლევას, რომელიც ეფუძნება ინფორმაციის მოძიებას, ფიზიკური მოვლენების ანალიზსა და მოდელირებას;

·         მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ განსაზღვრავს ოთხი ფუნდამენტური ძალა (გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი) მატერიის სტრუქტურას, ენერგიის განაწილებას და სამყაროს სტაბილურობას.

გრძელვადიანი მიზნები ·         ფუნდამენტური ფიზიკური კონცეფციების ღრმა გააზრება;

·         კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება;

·         მეცნიერული პრობლემების მიმართ შემოქმედებით მიდგომა;

·         დაკვირვებისა და მოდელირების უნარების ამაღლება;

·         მეცნიერული ცნებების ინტეგრირებულად გააზრება;

·         თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება;

·         კვლევითი მუშაობის და ახალი ცოდნის ინტერესის სტიმულირება.

მდგრადი განვითარების მიზნები მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება
პროექტის მიზნები და ამოცანები ·         ფუნდამენტური ძალების არსის გააზრება და მათ შორის კავშირის დანახვა;

·         ატომურ და კოსმოსურ მასშტაბებზე მოქმედი ძალების შედარება;

·         ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების ახსნა მარტივი მაგალითებითა და მოდელირებით;

·         შემოქმედებითი დავალებებისა და პრეზენტაციის მეშვეობით ცოდნის ინტეგრირება.

პროექტის ვადები 3 – 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები და რისკები მოსალოდნელი შედეგები:

·         მოსწავლეები შეძლებენ ფუნდამენტური ძალების კლასიფიკაციასა და ერთმანეთთან დაკავშირებას;

·         გააზრებული ექნებათ ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების როლი ბირთვულ პროცესებში;

·         განუვითარდებათ მეცნიერული აზროვნება და კვლევითი უნარები;

·         შეძლებენ მიღებული ცოდნის ვიზუალურ და სიტყვიერ გადმოცემას პრეზენტაციის საშუალებით.

რისკები:

·         თემის აბსტრაქტულობამ შეიძლება აღქმაში შექმნას სირთულე;

·         ინფორმაციის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება მოსწავლეებს დაუკარგოს მოტივაცია;

·         საჭიროა მასწავლებლის მხარდაჭერა და სწორი ეტაპობრივი მონიტორინგი და სამუშაოს მიმართულების განსაზღვრა.

პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები პროექტის მიმდინარეობის სავარაუდო აქტივობები:

აქტივობა 1. პროექტის იდეის გაცნობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის იდეას – ოთხ ფუნდამენტურ ძალას: გრავიტაციულს, ელექტრომაგნიტურს, სუსტსა და ძლიერ ბირთვულ ძალებს. განმარტავს, რატომ არის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი.

აქტივობა 2. პროექტის სამუშაოს განაწილება:

მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა, თემების და პასუხისმგებლობის გადანაწილება. თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას შემდეგ თემებზე:

Ø  გრავიტაციული ძალა სხეულთა მიზიდულობის უნივერსალური კანონი“;

Ø  ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება“;

Ø  ძლიერი ბირთვული ძალა ატომის ბირთვის შემაკავებელი ურთიერთქმედება“;

Ø  სუსტი ძალა ბირთვული გარდაქმნების მიზეზი“.

აქტივობა 3. მოდელირება და შემოქმედებითი დავალება

მოსწავლეები ქმნიან მოდელს ან ვიზუალურ სქემას, რომელიც აჩვენებს ოთხი ფუნდამენტური ძალის მოქმედების არეალს, ინტენსივობასა და გამოვლინების ფორმებს.

Ø  პლასტილინის, ბურთულების, მავთულის ან/და ციფრული მოდელების გამოყენებით ძალების ურთიერთქმედების ვიზუალიზაცია;

Ø  კომიქსის ან მოკლე ანიმაციის შექმნა, სადაც პერსონაჟებად წარმოდგენილია ფუნდამენტური ძალები და მათი „ურთიერთქმედება“;

Ø  პოსტერი ან ინფოგრაფიკა თემაზე: „რა მოხდებოდა, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ძალა არ არსებობდეს?“

აქტივობა 4. კვლევა და შუალედური შეხვედრები

მოსწავლეები იკვლევენ მაგალითებს ბუნებიდან და ტექნოლოგიებიდან, სადაც შეინიშნება თითოეული ძალის გავლენა (მაგალითად, გრავიტაცია პლანეტების მოძრაობაში, ძლიერი ურთიერთქმედება ბირთვში, ელექტრომაგნიტური ძალა ელექტროტექნიკაში და სხვ.).

ტარდება შუალედური შეხვედრები პროგრესის გასაზიარებლად და უკუკავშირის მისაღებად.

აქტივობა 5. პრეზენტაცია

ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ კვლევას, მოდელებსა და შემოქმედებით ნამუშევრებს.

 აქტივობა 6. დისკუსია:

„რა აერთიანებს ოთხ ფუნდამენტურ ძალას და როგორ ქმნიან ისინი სამყაროს ერთიან სურათს?“

აქტივობა 6. შეფასება

პროექტის შეფასება ხორციელდება შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს:

Ø  მეცნიერულ სიზუსტესა და ცნებების სიღრმისეულ გაგებას;

Ø  შემოქმედებითობასა და მოდელირების ხარისხს;

Ø  თანამშრომლობასა და ჯგუფურ პასუხისმგებლობას,

Ø  პრეზენტაციის სტრუქტურას, არგუმენტაციასა და ვიზუალურ ფორმატს.

სასარგებლო ბმულები https://science.nasa.gov/universe/overview/forces/

https://www.space.com/four-fundamental-forces.html

https://www.britannica.com/science/fundamental-interaction

https://www.britannica.com/science/subatomic-particle/Four-basic-forces

https://www.youtube.com/shorts/QhohoAw0Q48

https://www.youtube.com/watch?v=669QUJrF4u0

https://www.youtube.com/watch?v=xTvp8fbL3hI

https://www.youtube.com/shorts/GqxAmIUzwbU

 

გამოყენებული რესურსები ·         სახელმძღვანელო, ვიდეომასალა, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი. წვრილი მავთული, ბურთულები, მაგნიტები, სხვადასხვა ფერი პლასტილინი, მავთული, ფერადი ფანქრები.

შეფასების რუბრიკა

 

კომპონენტი დაბალი საშუალო დონე მაღალი
ფიზიკური ცნებების გააზრება ფუნდამენტური ძალების შესახებ ცოდნა ფრაგმენტულია; ტერმინების გამოყენება არაზუსტია. იცნობს ძირითად ცნებებს, მაგრამ ზოგჯერ უჭირს ძალებს შორის კავშირის დანახვა. აღწერს ფუნდამენტურ ძალებსა და მათ ურთიერთკავშირს; იყენებს სწორ ფიზიკურ ტერმინებს; ახდენს ცნებების ინტეგრაციას.
კვლევითი და ანალიტიკური უნარები კვლევა ზედაპირულია; წყაროები შეზღუდულია; დასკვნები უმეტესად აღწერითია. იყენებს შესაბამის წყაროებს; ზოგჯერ ცდილობს და ახერხებს მიზეზ-შედეგობრივ ახსნებს. ავითარებს დამოუკიდებელ მსჯელობას; საკითხს იკვლევს მიზანმიმართულად, მაგალითებზე დაყრდნობით აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს.
შემოქმედებითი და ინტერდისციპლინური ხედვა იშვიათად ავლენს შემოქმედებით მიდგომას; იდეები ერთფეროვანია. ზოგიერთ ელემენტში იჩენს ინოვაციურ ხედვას (მაგ. ვიზუალური ელემენტები). იყენებს შემოქმედებით გზებს ფიზიკური იდეების გადმოსაცემად (მოდელი, ანალოგია, ვიზუალური მასალა); ავითარებს ორიგინალურ ინტერპრეტაციებს;
თანამშრომლობა და კომუნიკაცია ჯგუფში ჩართულობა სუსტია; იდეების გაზიარება იშვიათია. მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, აქვს პრობლემები თანამშრომლობაში. აქტიურად თანამშრომლობს, უსმენს სხვებს, აზიარებს იდეებს; ავლენს ლიდერის თვისებებს, ახერხებს იდეებზე ეფექტიანად და ნაყოფიერად მუშაობას.
თვითშეფასება და რეფლექსია არ შეუძლია საკუთარ სწავლის პროცესის შეფასება. აღწერს ნაწილობრივ, რა ისწავლა, თუმცა ზოგადი ფორმით. აანალიზებს მიღწევებსა და სირთულეებს, განსაზღვრავს განვითარების გზებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გ.გედენიძე – შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, XI-XII კლასი, მოსწავლის წიგნი, მე-2 მოდული
  2. ქ. ტატიშვილი – ფიზიკა, IX კლასი, მოსწავლის წიგნი

არეული ჩანაწერები ხერთვისიდან (მეორე ნაწილი)

0

საოცარია, დროთა განმავლობაში ყველაფერი როგორ იქცევა ისტორიის ნაწილად და იმდროინდელი აწმყოს აღდგენის საშუალებად. მაგალითად, ვიცით, რომ ციხე რამდენჯერმეა რესტავრირებული. დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ ქვედა, დღეისათვის მოშავო ფერის ნაწილი, ციხეს XX ს-ის შუა ხანებში მიამატეს.

საიდან ვიცით ეს?

შემონახულია 1945 წელს გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც ამ ადგილას მხოლოდ ღიობია. ესე იგი, ამ დროისათვის ციხე ჯერ რესტავრირებული არ იყო და ქვედა ნაწილიც მოგვიანებით აღუდგენიათ.

მაგრამ საბოლოოდ ციხის გაწმენდა მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ მოახერხეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, რა გაწმენდა უნდოდა, არქეოლოგიური სამუშაოები აკი ისედაც არ ჩაუტარებიათო.

საქმე ისაა, რომ, როგორ გასაოცრადაც უნდა ჟღერდეს, აქ ხალხი ცხოვრობდა. დიახ, ციხის გალავნის შიგნით მოსახლეობას ქოხები ჰქონდა ჩადგმული და საქონელი ჰყავდა გაშვებული. ადვილი წარმოსადგენია, ციხე რას დაემსგავსებოდა ასეთ პირობებში.

ექსკურსიამძღოლმა, ბატონმა მუხრანმა, რომელიც, ამავდროულად, ვარძიის ფონდების მცველია და ადრე ვარძიაშიც გიდად მუშაობდა, გვიამბო – კოშკის მეორე სართულზე ერთი გლეხი ცხოვრობდა და ძლივს დავიყოლიეთ, რომ გამოგვესახლებინაო.

ეს ამბავიც, ალბათ, ოდესმე ისტორიის ნაწილად იქცევა.

ხერთვისის აწმყო კი ასეთია:

ასვლისას მოხუცი ქალი შემოგვხვდა, წელში მოხრილი, ჭრელაჭრულა კაბაში. ალუმინის ბიდონი მოჰქონდა ქოშინ-ქოშინით, აი ისეთი, სოფელში წყლისთვის რომ ვიყენებთ.

მერე მოხუცი ცოლ-ქმარი შემოგვეყარა, ასევე – ალუმინის ბიდონებით.

გამიკვირდა, საიდან მოაქვთ-მეთქი.

როცა ჩვენი ექსკურსია დასასრულს მიუახლოვდა, შუადღის თორმეტი საათი იქნებოდა, მაგრამ მზე ისე აჭერდა, როგორც მხოლოდ მთაში იცის.

ბატონმა მუხრანმა, ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ, ისეთი კარგი წყარო გვაქვს, ცოტა სული მოითქვითო, – და იქვე ერთი რეზინის მილს, მეორე, დასაგრძელებლად მიმაგრებული მილი მოხსნა.

წყალი მართლაც ცივი და გემრიელი იყო. ყველას მაშინვე ის სამი მოხუცი გაგვახსენდა.

რანაირად შეიძლება, რომ ციხის ეზოში წყარო მოთქრიალებდეს და თვითონ სოფელს კი სასმელი წყალი არ ჰქონდეს?

რანაირად შეიძლება, ეს ოცდამეერთე საუკუნეში მოხდეს, როცა შორეულ და, როგორც ამბობენ, ბნელ შუა საუკუნეებშიც კი წყალმომარაგების ამბავი ჩვენს წინაპრებს ნაფიქრი და გათვლილ-გაწერილი ჰქონდათ?

ეგ არის საქართველო – ნახავ და იამაყებ, მაგრამ შეუძლებელია თან გულიც არ ჩაგწყდეს…

ყველაზე დამაინტრიგებელი პერსონაჟი

0

ალბათ დამეთანხმებით, „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაში ყოველი ეპოქის მწერლებისთვის ურთულესი იყო მკითხველის მოხიბვლა და თავის დამკვიდრება სამწერლო ასპარეზზე. რუსთველმა ისე მაღლა ასწია თამასა, რა თემა უნდა მოიფიქრო და რანაირი ოსტატობით უნდა დაწერო, რომ ქართველი მკითხველის გული დაიპყრო? სამწერლო ჯადოქრობის ისეთი მასტერკლასი გაიშალა 1662 სტროფში, საუკუნეებია, ვერ ვწყდებით. ეს მაგია დაუსრულებლად მოქმედებს ჩვენზე. მთელი ექვსი საუკუნე „ვეფხისტყაოსნის“ ჩრდილში ისე გაატარა ქართულმა მწერლობამ, რომ ვერ შვა სახელი, რომელიც ისევ დაიქუხებდა. სულხან-საბა, ბესიკი და დავით გურამიშვილი – მეთვრამეტე საუკუნემ გაარღვია მოჯადოებული წრე და მომდევნო ორი ასწლეულიც უთუოდ არის ჩვენი მწერლობის დიდების ხანა. თუმცა ამ სამსაუკუნოვან მარათონში მრავალთა შორის ვაჟა-ფშაველა შემოგვყურებს როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მხატვრულ და ფილოსოფიურ აზროვნებაში ახალი კოსმოსის შემოქმედი.

შევყურებ დღევანდელ ჩვენს რეალობას და იმედგაცრუებული, გულდაწყვეტილი ვფიქრობ, რომ მაინც ვერაფერი ვისწავლეთ ფშაველი ბიჭისგან. კი, მართალია, ალუდა, მინდია, გოგოთური, ჯოყოლა, აღაზა, ლუხუმი, ზეზვა, კვირია, ლელა და სანათა ანათებენ ჩვენს სულებში, გვასწავლიან ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის უნიკალურ გაკვეთილებს, მაგრამ ჩვენში დავანებული „ჯანღი რამ“, რომელიც „კურუმად, შავის ფერითა“ აწვება და აბნელებს ყველაფერს, გვაიძულებს, ერთმანეთს მოღალატეები, გონებაჩლუნგები, უზნეოები ვეძახოთ, ვაფურთხოთ, ვაგინოთ, შევეჯიბროთ ბილწი სიტყვების ხანჯლით გულების განგმირვაში.

მე კი ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ეს ტექსტებია პანაცეა, ჯადოსნური მალამო, სულ ახლოს რომ უნდა ვიქონიოთ, ვიკითხოთ, ვესაუბროთ, ჩავუღრმავდეთ, სული გავიფაქიზოთ.

მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან, ვინ არის ჩემი საყვარელი მწერალი, რომელი ნაწარმოები ან გმირი მიყვარს განსაკუთრებით. ამ კითხვების პასუხებში გემოვნებასთან ერთად ალბათ ადამიანის ღირებულებები, ინტერესები და მორალიც იკითხება, თუმცა ფილოლოგისთვის, რომელიც ტექსტებში ცხოვრობს, ერთის ამორჩევა ძნელია.

ამასწინათ, როცა კიდევ ერთმა მოსწავლემ მკითხა, ვინ არისო ქართულ მწერლობაში თქვენთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი ქალი პერსონაჟი, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ვუპასუხე: შუშანიკის, ნესტან-დარეჯანისა და ოთარაანთ ქვრივის შემდეგ აღაზას, ჯოყოლა ალხასტაისძის ცოლს, დავასახელებდი-მეთქი.

რატომ აღაზას? მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას magnum opus-ად უმეტესობა „ალუდა ქეთელაურს“ მიიჩნევს, ჩემთვის „სტუმარ-მასპინძელია“ მისი ყველაზე ღრმა და ექსპრესიული ნაწარმოები. აღაზას სახეში კი იმხელა ინტრიგა ჩადო ვაჟამ, რომ აღარ სრულდება მისი დეკოდირებისას ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. ვაჟამ თავისი საუკუნის მუსლიმური თემიდან გამოიყვანა საოცარი ქალი: ლამაზი, სექსუალური, ვნებიანი, ლაღი, თამამი, თავისუფალი, მამაცი, ჰუმანური, სამართლიანი, თემისა და ოჯახის ერთგული.

როგორია 21-ე საუკუნეშიც კი მუსლიმურ თემში ქალთა ყოფა, კარგად ვიცით. ჯოყოლა და აღაზა მენტალობით უსწრებენ ეპოქებს. აღაზა ქმრის გვარის ღირსებისა და სიმაღლის სიმბოლოა. ის ამაყად უნდა ატარებდეს ამ გვარს, რადგან მის ქმარს სამართლიანად მოსწონს თავი ცოლით: „ცოლს დაუძახა ჯოყოლამ: – გამოიხედე კარშია! – ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია. გამოჩნდა ქალი ლამაზი, შავის ტანსაცმლით მოსილი, როგორაც ალყა ტანადა, ვარსკვლავი ციდამ მოცლილი…“ ვაჟა განსაკუთრებული ფერებით ხატავს აღაზას სილამაზეს. ჯოყოლას ცოლი, მისი აღწერისას გამოყენებული ტროპული ხერხების წყალობით, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟ ქალებს მოგვაგონებს: სიმივით ასხლეტილია, ვარსკვლავივით მანათობელი; როცა ჯოყოლას დასტირის, „ცრემლს ასხურებდა ხშირადა, არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა, ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“.

ზვიადაურის შინ მიყვანის სცენიდანვე ბრწყინავს აღაზას სახე. ჯოყოლას მეუღლის იმედი აქვს და მას მიანდობს ღირსეულ მასპინძლობას:

„აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა,
როგორც დახვდები, დიაცო, ახლა ჰკიდია შენზედა“.

აღაზა არ არის XVIII-XIX საუკუნეების უფლებააყრილი ქალი, რომელსაც უცხოსთან საუბარიც კი ეკრძალებოდა. ის მთავარი აქტორია. თამამად ესალმება სტუმარს, მეომარ-მონადირის აღჭურვილობას ჩამოართმევს და ამაყად მიუძღვება სახლისკენ.

მომდევნო სცენა, სადაც აღაზა ჩნდება, უკვე სოფლის სასაფლაოა, სადაც ის ზვიადაურზე სისხლიანი ანგარიშსწორების მოწმე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაური მისი ოჯახისთვის ერთი ღამის სტუმარია, აღაზა, ისევე როგორც ჯოყოლა, მის ძმად მიღებას მოასწრებს და ამ არჩევანს არც მას შემდეგ ღალატობს, რაც გაირკვევა, რომ ზვიადაური ჯოყოლას ძმის მკვლელი და ქისტების დაუძინებელი მტერია. აღაზას ავიწყდება შინ დაგდებული, თანამოძმეთაგან გაკოჭილი ქმარი და ქისტების ხელში ჩავარდნილ, მარტო დარჩენილ ზვიადაურს ბოლომდე უერთგულებს.

რამხელა გამბედაობა იყო საჭირო, რომ სისხლს მოწყურებული ბრბოს საპირისპირო მხარეს დამდგარიყო მარტო-ქალი!

სიკვდილით დასჯისას გამოჩენილმა გაუტეხელობამ აღაზა ზვიადაურისადმი კიდევ უფრო მეტი პატივისცემით განაწყო. ეს სცენა ქართული მწერლობის ექსპრესიულ სცენებს შორის ყველაზე დამაინტრიგებელი მგონია:

„და ამ სურათის მნახველი ერთი დიაცი ბნდებოდა,

ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი, ხალხზე უკანა დგებოდა.

მიშველებასა ჰლამობდა: „ნუ ჰკლავთ!“ – ეძახის გულიო,

ფიქრობდა ბრაზმორეული: ნეტავი მომცა ცულიო,

ნეტავი ნებას მაძლევდეს დედაკაცობის რჯულიო,

რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას გავაფრთხობინო სულიო.

ნეტავი იმას, ვინაცა მაგის მკლავზედა წვებოდა,

ვისიცა მკერდი, აწ კრული, მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!

ნეტავი იმას ოდესმე ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!“

ეს სცენა მკითხველებში ურთიერთსაწინაააღმდეგო განცდებს აღძრავს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს უბრალო ადამიანური თანაგრძნობაა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ აღაზას ზვიადაურისადმი ადამიანურ თანაგრძნობაზე მეტი ამოძრავებს და გლოვობს მას არა როგორც ძმას, არამედ როგორც სატრფოს. სწორედ ეს ინტრიგაში ამხელს ვაჟას ოსტატობას. ტექსტი გვაძლევს საშუალებას, აღაზას განცდები კონტროვერსიულად განვიხილოთ.

არგუმენტები, რომლებიც ნათელყოფს, რომ შეუძლებელია, აღაზას ზვიადაურის მიმართ ვნებიანი ლტოლვა ჰქონდეს, რომ მისი ქცევა მხოლოდ ჰუმანიზმით არის განპირობებული: 1. აღაზა რომ ქმრის მოყვარული და ერთგულია, ნათლად ჩანს ტექსიდან; 2. აღაზასა და ჯოყოლას შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა; 3. ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ყოველთვის შეიძლება მოიხიბლოს უცხო ადამიანით და ეს ყოველთვის სექსუალურ ლტოლვას არ გულისხმობს; 4. ადამიანის სიკვდილით დასჯა ამაღელვებელი პროცესია, აღაზაზე ემოციურ გავლენას ახდენს საუკეთესო ვაჟკაცის მოკვლა და ის ამ დროს ღვთის გამორჩეულ ქმნილებას დასტირის; 5. ზვიადაურის წინაშე პასუხისმგებლობა და სირცხვილის გრძნობა აღაზას ემოციურად ანადგურებს. მისმა ოჯახმა ზვიადაურის დაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულება იკისრა და მისი ვერშესრულება დამამცირებელია; 6. აღაზას სული ბობოქრობს თანატომელთა აგრესიისა და მისი ოჯახის გაწირვის გამოც – მძიმეა განცდა იმისა, რომ თვისტომნი შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არჩევანს ფეხქვეშ თელავენ; 7. ვაჟა თავადვე მიგვანიშნებს ტექსტში: „სიკვდილსა გლოვა უხდება, მკვდარს ძმას – ტირილი დისაო“, ანუ აღაზას მხოლოდ ზვიადაურის სულიერ დად განიხილავს; 8. აღაზას პოზიციას იზიარებს ჯოყოლაც – მას ესმის ცოლისა და შეუქებს კიდევაც ზვიადაურისადმი თანაგრძნობას. ცოლ-ქმარს ჰუმანისტური ფასეულობები აერთიანებს; 9. ჯოყოლას არ დაუწყია ეჭვიანობა, თუმცაღა შეეძლო, ესაყვედურა აღაზასთვის, რომ გაკოჭილი ქმარი დაღამებამდე მარტო დატოვა სახლში და საეჭვოდ დაიგვიანა.

ასევე იძებნება არგუმენტები მეორე თვალსაზრისის სასარგებლოდ: 1. აღაზამ დაივიწყა გაკოჭილი ქმარი, შვილები და მთელი დღით მიატოვა ოჯახი; 2. ის უჩვეულოდ განიცდის სულ რამდენიმე საათის წინ გაცნობილი ადამიანის სიკვდილს; 3. სისხლის აღება იმ დროს იმდენად გავრცელებული და მიღებული იყო, რომ აღაზაზე ასეთი მძაფრი ზემოქმედება არ უნდა მოეხდინა; 4. აღაზამ გაიგო, რომ ზვიადაური ქისტების მოსისხლე მტერი და ჯოყოლას ძმის მკვლელი იყო და, წესით, მისდამი შურისძიების გრძნობა უნდა გასჩენოდა; 5. აღაზა შიშს სძლევს და სასაფლაოზე ღამით მარტო რჩება, ის თმას აჭრის ზვიადაურს სახსოვრად, როგორც უძვირფასეს, დაუვიწყარ ადამიანს; 6. ის ზვიადაურის ვაჟკაცობით უბრალოდ კი არ მოიხიბლა, არამედ შენატროდა მის სატრფოს, ფიქრობდა, რომ ასეთი კაცის სიყვარული ქალს არასოდეს გაუნელდებოდა; 7. აღაზა, მიუხედავად იმისა, რომ თემის თვალში ეს ძალზე სარისკო ქმედებაა, ჭირისუფლად უდგება ზვიადაურს და მეორე დღესაც მიდის მისი ცხედრის სადარაჯოდ, რომ ლეშიჭამია ფრინველებმა არ დაძიძგნონ; 8. ჯოყოლამაც კი შენიშნა, რომ აღაზას სახეზე ძლიერი გრძნობის ნაკვალევი ცხადად იკითხებოდა.

არგუმენტების მოყვანა კიდევ შეიძლება… თუნდაც დავუშვათ, რომ ამ ახალგაზრდა, ულამაზეს ქალს საოცარი ვაჟკაცის მიმართ გაურკვეველი, უცნაური გრძნობა აღეძრა – რა არის აქ არაადამიანური და გაუგებარი? წმინდანი და ასკეტი ხომ არ ყოფილა? ცოცხალი ადამიანი იყო, ადამიანის გული კი ვნებათა ბრძოლის ველია.

ყველაზე საინტერესოა აღაზას გაორება, მისი სულიერი ტანჯვა იმის გამო, რომ ზვიადაურთან სულიერმა კავშირმა ის თემს, ტრადიციებს, რწმენას დაუპირისპირა. ქალის არსებაში უმძაფრესი სულიერი ბრძოლა ბობოქრობს. სინდისი ქენჯნის ქმრის წინაშეც. პოემის მეშვიდე და მერვე თავები, სადაც აღაზას გრძნობათა ჭიდილია გადმოცემული, უბადლოა. მსოფლიო მწერლობაშიც კი იშვიათად თუ შევხვდებით ამგვარ ექსპრესიას. როცა ზვიადაურს თმას მოაჭრის და გულმდუღარედ დაიტირებს, აღაზას მთელი სამყარო და საკუთარი არსებაც კი აუჯანყდება. მთელი ქისტეთის მკვდრები თითქოს საფლავებიდან ამოდიან, საკუთარი ძმა ებარი გამწარებული მისდევს, მეორედ დამმარხე, ეს რა გააკეთეო?! „ხმა ესმის ისევ მკვდრებისა, მას ბანს აძლევენ მთანიცა, სამდურავს ეუბნებიან აღაზას გიშრის თმანიცა“.

აღაზას გზა სასაფლაოდან სახლამდე ჯოჯოხეთის ტანჯვაა. ქალი ზღურბლთან ჩაიკეცება და როცა გონს მოვა, ქმარს მოატყუებს, შენს ცხენს ვეძებდი ხევებში და დევი გამომეკიდა, ცოლობას მთხოვდაო. თანამედროვე ადამიანი არც კი დაუშვებს ამ მონათხრობის დამაჯერებლობას, მაგრამ მთის ხალხებში დევებისა და ქაჯების რწმენა ისე იყო ფესვგადგმული, რომ ჯოყოლას ეს არ გაჰკვირვებია. მაგრამ მოგვიანებით, როცა დაკვირვებულმა და მოსიყვარულე ქმარმა ცოლის სახეზე აღბეჭდილი ძლიერი გრძნობის ნაკვალევი შენიშნა, აღაზამ გულწრფელად აღიარა „შეცოდება“: „რა დაგიმალო, ჯოყოლავ, ან რად შემრისხავ თქმისადა? – ეტყოდა ცოლი და ნაზი თრთოლა მიეცა ხმისადა: – ცრემლები შემიწირია იმ შენის მეგობრისადა. ძლიერ შემბრალდა ბეჩავი, რომ უცხოეთში კვდებოდა, არც ნათესავი, არც მოძმე, რომ ვისმე შეჰბრალებოდა! მაგრამ, როს კლავდნენ ხანჯრითა, ოდნავაც არა ჰკრთებოდა. იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა, მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..“

აქ აღაზა გულწრფელი, გაბედული, ნათელი, მართალი, ზემგრძნობიარე ქალია, მისი შინაგანი სამყარო უბრალოდ აღაფრთოვანებს მკითხველს. ის ქმრის თანამებრძოლიც არის. როცა ხევსურები მოდიან ჯარეგის დასალაშქრად, ქმარს აღაზა უხმობს: „კარში გამოდი, ჯოყოლავ, წყნარად ნუ სწევხარ კერასა, რამდენი ხალხი მოერტყა ამ ჩვენის მთების წვერასა!.. წადი, უშველე თავისებს, მტრის დასახვედრად მირბიან, შენც ისე წადი, ჯოყოლავ, როგორაც სხვანი მიდიან!“

საკვირველია ამ ნაზი ქალის გაუტეხელობა. ის მზად არის ყოველგვარი განსაცდელისთვის. სოფელი ჯოყოლას ბოლომდე გაწირავს და სასაფლაოზე მისი დამარხვის უფლებასაც კი არ მისცემს აღაზას, მაგრამ ის მარტო გაუთხრის საფლავს ქმარს და იქვე დამარხავს, სადაც ჯოყოლა ხევსურებს შეაკვდა. აღაზას სიტყვებში გაუსაძლისი სულიერი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ არა სასოწარკვეთა. ამაზე უარესი, შეუძლებელია, მომხდარიყო, მაგრამ აღაზა მზად იყო, თავის ზნეობრივ არჩევანს მიჰყოლოდა და ეს აუტანელი სიმწარე გულსა და გონებაში დაეტია. თითქოს სამყაროს შესჩივის მარტო დარჩენილი, ღვთისა და ადამიანებისგან გაწირული ქალი: „შენს მტერსა ისეთი ყოფნა, რო ჩემი ყოფნა მწარია! აღარვინ მივლის ახლოსა, არვინ მიჭირა მხარია…“

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას, ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“, –

ვფიქრობ, ამ მეტაფორებით დახატულ მხატვრულ სახეზე გამომსახველს, საოცარს და ამაღელვებელს ძნელად თუ იპოვით ქართულ ლიტერატურაში.

მორიგი სცენა აღაზას თვითმკვლელობისაა და ამ სცენის ექსპრესიულობის აღსაწერად სიტყვები არ მოიძებნება. უდრამატულესი კადრები კინოსავით ცოცხლდება ჩვენ თვალწინ, დაუვიწყარი, სულისშემძვრელი, გამაოგნებელი, თავისი უღრმესი ტრაგიზმით „ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს რომ ქმნის“ (რევაზ სირაძე). სტიქია მძვინვარებს და ლაშდაღრენილი შავი ხეობის თავზე თმაგაწეწილი ქალი დგას. დაბლა მდინარე საზარლად ხმაურობს. ყველა იმედი გადაწურულია, ხსნა მხოლოდ სიკვდილშია – თემმა სხვა გზა არ დაუტოვა. სიკვდილით თუ გადაარჩენს შვილებსაც. სიკვდილის წინ სინანული იპყრობს, აღსარებას ამბობს. შიში სადღაც გამქრალა. აქ სიკვდილი ხელახლა დაბადებას უდრის. „სხივმიხდილ ვარსკვლავს“ ყბები უთრთის. მძვინვარე ხეობა მის სულს ეხმიანება. იცის, რომ არავინ შეაჩერებს, არავინ ეტყვის, თავს ნუ იკლავო. როგორ უნდა შემობრუნდეს თემისკენ, როცა ასეთი ფიქრები უტრიალებს თავში: „რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?.. ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი არსად არია…“ გგონიათ, თემზე დაიბოღმა? გგონიათ, ვინმეს ადანაშაულებს თავის ტრაგედიაში? არა – როგორც ალუდას, ისე მის სულსაც არ მიჰკარებია სიძულვილი, პირიქით, გაუგო თემს, არ დაუძრახავს მისი გაუგონარი სისასტიკე: „მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, უცხოსთვის ცრემლი ვღვარია…“

ასე ქრება ეს ულამაზესი სიცოცხლე, მაგრამ აღაზა არ კვდება. მას ქისტები ყოველღამე ხედავენ ჯოყოლასა და ზვიადაურთან ერთად. აღაზა იმარჯვებს, ის ყველას ახსოვს. ის გვერდიდან არ მოუშორებიათ ჯოყოლასა და ზვიადაურს. ან კი როგორ მოიშორებდნენ? მათზე ნაკლები ხომ არ გადახდენია აღაზას, თუ მეტი არა? იქაც მასპინძლობს ზვიადაურს, ჯიხვის მწვადს უწვავს და ისეთი საოცარი სანახავია, ქისტები ვერაფრით ივიწყებენ. „როცა მათ ჰხედავს ერთადა, კაცი ვერ ძღება ცქერითა…“ ჯანღი, რომელიც დააწვება ხოლმე ამ სამეულს, გამოძახილია მუსას გაუნელებელი აგრესიისა ალხასტაისძეების ოჯახისა და ზვიადაურისადმი.

აღაზას ქცევის მოტივაცია ცხარე დებატების საგანი ხდება ხოლმე. ვაჟას უდიდესი ოსტატობა სწორედ ასეთი მგრძნობიარე ფსიქოპორტრეტების ხატვაში ცნაურდება. მეცხრამეტე საუკუნეში ავტორმა გააცოცხლა ორი საუკუნის შემდგომი მკითხველისთვისაც კი თანამედროვე, თამამი, მშვენიერი, მამაცი, ამაღლებული ღირებულებების მქონე, ადამიანურად მომაჯადოებელი ქალი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ნებისმიერ შთამბეჭდავ სახეს გაუწევს კონკურენციას.

ხელოვნური ინტელექტი მოსწავლის ცხოვრებაში

0

„მეგობარო, მოკლედ და გასაგებად ჩამომიყალიბე, ცოცხალი ორგანიზმების ზოგადი ნიშნები”, – ეუბნება მოსწავლე ხელოვნური ინტელექტის ხმოვან ასისტენტს. ChatGPT-ის კი, რომელსაც შესანიშნავად გამოსდის მონაცემთა სტრუქტურირება, ამაზე იოლ დავალებას ვერ მისცემ.

მაშინ, როდესაც მოსაწყენი დავალებებითა და რთული სახელმძღვანელოებით გატანჯული მოსწავლეები, ცოდნის მოპოვების ახალ, გამარტივებულ გზებსა და შესაძლებლობებს დამოუკიდებლად ეძებენ, ხელოვნური ინტელექტის, როგორც განათლების ასისტენტის დახმარება მათთვის, ფაქტობრივად გადარჩენაა – არ დარჩნენ გაურკვეველ თემებთან მარტო, თავი არ მიანებონ ბუნდოვან და გაუგებარ საკითხებს, არ დანებდნენ ცოდნის მიღების არცთუ ისე მარტივ გზაზე და დახმარება ითხოვონ ინფორმაციის უზარმაზარი სამყაროსგან.

ისე, როგორც ინტერნეტი, სოციალური მედია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩვენსა და მოსწავლეთა ცხოვრებაში მძლავრად შემოიჭრა. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე სასწავლო პროცესის თანამგზავრია, შეიძლება ითქვას, მოსწავლის პირადი ასისტენტი, რომელიც მათ სირთულეების ახსნაში ეხმარება, შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მასწავლებლებსა და სტუდენტებს. შეიძლება ითქვას, ასე ახლოს „ცოდნის კენწეროსთან” არასდროს ვყოფილვართ. ხელისგულზე გვაქვს უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ცოდნა და სამყაროს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია ახალ, საინტერესო, თვითმყოფად გამოცდილებად გარდავქმნათ.

თუმცა მნიშვნელოვანია, მაინც წინასწარ ვიცოდეთ და მოსწავლეებსაც ავუხსნათ, რას ვერ ჩაუნაცვლებს მათ ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, რომ ის სანდო (მეტწილად, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის საჭიროა) და საუკეთესო დამხმარეა მათთვის:

შემოქმედებითი აზროვნება ადამიანის ყველაზე დიდი თვისება და საჩუქარია ყველა დროსა თუ ეპოქაში. და რაც არ უნდა მოხდეს, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის სრულიად ორიგინალურ იდეებს, ისეთებს, რომლებიც ადამიანის პირადი, ემოციური, ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან, დიდი ტკივილებიდან და სიხარულიდან იბადება. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ეყრდნობა უკვე არსებულ მონაცემებს, ხოლო მოსწავლემ უნდა შექმნას სრულიად ახალი, საკუთარი ფანტაზიით, შემოქმედებითა და გამოცდილებით გამდიდრებული ტექსტი.

მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მოგვაწოდოს სანდო რჩევები, მოგვისმინოს, მოგვწეროს მანუგეშებელი სიტყვები – ის ვერასდროს ჩაანაცვლებს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, თანაკლასელებს და საყვარელ მასწავლებლებთან ცოცხალ ურთიერთობას, მათთან გულწრფელ საუბრებს. საყვარელ ადამიანებთან ცოცხალი კომუნიკაცია ყველაზე ღირებული და ძვირფასი რამ არის ჩვენს სამყაროში.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგიწეროს მოთხრობა, ესეი ან სტატია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეს უკვე შენი შენი საკუთრება არ არის, ამაში არაფერია ისეთი, რაც ოდნავ მაინც გიკავშირდება შენ და შენს წარმოსახვას, შენს შესაძლებლობებს და სხვა დროს, მის გარეშე გაგიჭირდება დაწერო თუნდაც ერთი წინადადება, თუ ყოველდღიურად არ იმუშავებ წერითი უნარების გამომუშავებაზე, არ დახვეწ შენს სტილს, არ წაიკითხავ ისეთ წიგნებს, რომლებიც წერისკენ გიბიძგებს.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოგწეროს მხარდაჭერის წერილი ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს; განუგეშოს, თუმცა გამხნევებისთვის, შთაგონებისთვის, მოტივაციისთვის ისევ და ისევ საყვარელი ადამიანები, მოსმენა, პირადი მაგალითები და გამორჩეული ადამიანური ისტორიები გვჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ძალიან სწრაფად უზარმაზარი ინფორმაციისგან მოკლე კონსპექტი მოგიმზადოს, ძალიან გაგიმარტივოს ყველა დავალება, სტრუქტურირებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიწეროს დავალების გეგმა, მოგიმზადოს პრეზენტაცია, ან დაგიწეროს მხატვრული თემა, ამ პროცესის აღსაქმელად მაინც აუცილებელია კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და ანალიზი. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ინფორმაციას რომელსაც ის იღებს, რეფლექსია და დაკვირვება სჭირდება და ასეთი მიდგომა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ჰოდა, ძვირფასო მეგობარო, თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება მაშინ იბადება, როცა მას შენს გულში, შენი გონების მიუვალ კუნჭულებში გამოატარებ, დაწმენდ, გაფილტრავ და შენს, საკუთარ გამოცდილებად აქცევ. ამიტომ, მართალია, ძალიან მოსახერხებელია, ის, რაც მუშაობის პროცესს გვიადვილებს, მზა პასუხებს დაუყოვნებლივ გვთავაზობს, თუმცა, მაინც შეეცადე სწორ (თუნდაც არასწორ) პასუხებამდე თავად მიხვიდე, თავად იკვლიო გზა, რომელიც მარტივი არ არის, მაგრამ ეს მაინც შენი გზაა, რომელიც დამოუკიდებლად უნდა გაიარო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

“მეგობარო, მოკლედ და გასაგებად  ჩამომიყალიბე, ცოცხალი ორგანიზმების ზოგადი ნიშნების შესახებ” – ეუბნება მოსწავლე  ხელოვნური ინტელექტის ხმოვან ასისტენტს. ChatGPT-ის, კი რომელსაც შესანიშნავად გამოსდის მონაცემთა  სტრუქტურირება, ამაზე იოლ დავალებას ვერ მისცემ.

მაშინ, როდესაც მოსაწყენი დავალებების და ამაზე მეტად, რთული სახელმძღვანელოებით გატანჯული მოსწავლეები, ცოდნის მოპოვების ახალ, გამარტივებულ გზებს და შესაძლებლობებს დამოუკიდებლად ეძებენ, ხელოვნური ინტელექტის, როგორც განათლების ასისტენტის დახმარება მათთვის, ფაქტობრივად გადარჩენაა – არ დარჩნენ გაურკვეველ თემებთან მარტო, თავი არ მიანებონ ბუნდოვან და გაუგებარ საკითხებს, არ დანებდნენ ცოდნის მიღების არც თუ ისე, მარტივ გზაზე  და დახმარება ითხოვონ ინფორმაციის უზარმაზარი სამყაროსგან.

ისე, როგორც ინტერნეტი, სოციალური მედია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში მძლავრად  შემოიჭრა, ასევე მძლავრად შემოიჭრა მოსწავლეთა ცხოვრებაშიც. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე სასწავლო პროცესის თანამგზავრია, შეიძლება ითქვას მოსწავლის პირადი ასისტენტი, რომელიც სირთულეების ახსნაში ეხმარება მათ,  შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მასწავლებლებს და სტუდენტებს. შეიძლება ითქვას, ასე ახლოს “ცოდნის კენწეროსთან” არასდროს ვყოფილვართ, ხელისგულზე გვაქვს უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ცოდნა და სამყაროს გამოცდილება, რომელიც შეიძლება შევიმეცნოთ, შევითვისოთ და ახალ, საინტერესო, თვითმყოფად გამოცდილებად გარდავქმნათ.

თუმცა მნიშვნელოვანია, მაინც წინასწარ ვიცოდეთ და მოსწავლეებსაც ავუხსნათ,  რას ვერ ჩაუნაცვლებს მათ ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, რომ ის სანდო (მეტწილად, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის საჭიროა) და საუკეთესო დამხმარეა მათთვის:

შემოქმედებითი აზროვნება ადამიანის ყველაზე დიდი თვისება და საჩუქარია  ყველა დროსა თუ ეპოქაში. და  რაც არ უნდა მოხდეს, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის სრულიად ორიგინალურ იდეებს, ისეთებს, რომელიც ადამიანის პირადი, ემოციური, ცხოვრებისეული  გამოცდილებებიდან, დიდი ტკივილებიდან და სიხარულიდან  იბადება. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ეყრდნობა უკვე არსებულ მონაცემებს, ხოლო მოსწავლემ უნდა შექმნას სრულიად ახალი, საკუთარი ფანტაზიით, შემოქმედებით და გამოცდილებით გამდიდრებული.

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია მოგვაწოდოს სანდო რჩევები, მოგვისმინოს, მოგვწეროს მანუგეშებელი სიტყვები – ის ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, თანაკლასელებს და საყვარელ მასწავლებლებთან ცოცხალ ურთიერთობას, მათთან გულწრფელ საუბრებს; საყვარელ ადამიანებთან ცოცხალი კომუნიკაცია,  ყველაზე ღირებული და ძვირფასი რამ არის ჩვენს სამყაროში;

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგიწეროს მოთხრობა, ესსე  ან სტატია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეს უკვე შენი შენი საკუთრება არ არის, ამაში არაფერია ისეთი, რაც ოდნავ მაინც გიკავშირდება შენ და შენს წარმოსახვას, შენს შესაძლებლობლებს და სხვა დროს, მის გარეშე გაგიჭირდება დაწერო თუნდაც ერთი წინადადება, თუ ყოველდღიურად არ იმუშავებ წერითი უნარების გამომუშავებაზე, არ დახვეწავ შენს სტილს, არ წაიკითხავ ისეთ წიგნებს, რომელიც წერისკენ გიბიძგებს.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოგწეროს მხარდაჭერის წერილი ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს, განუგეშოს, თუმცა გამხნევებისთვის, შთაგონებისთვის, მოტივაციისთვის  ისევ და ისევ საყვარელი ადამიანები, მოსმენა, პირადი მაგალითები და გამორჩეული ადამიანური ისტორიები გვჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ძალიან სწრაფად უზარმაზარი ინფორმაციისგან მოკლე კონსპექტი მოგიმზადოს, ძალიან გაგიმარტივოს ყველა დავალება, სტრუქტურირებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიწეროს დავალების გეგმა, მოგიმზადოს პრეზენტაცია, ან დაგიწეროს მხატვრული თემა, ამ პროცესის აღსაქმელად კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება  და ანალიზი მაინც აუცილებელია. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ინფორმაციას რომელსაც ის იღებს, რეფლექსია და დაკვირვება სჭირდება და ასეთი მიდგომა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ჰოდა, ძვირფასო მეგობარო, თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ ყველაზე დიდი ცოდნა და  გამოცდილება მაშინ იბადება, თუ მას შენს გულში, შენი გონების მიუვალ კუნჭულებში გამოატარებ, დაწმინდავ, გაფილტრავ და შენს, საკუთარ გამოცდილებად აქცევ. ამიტომ, მართალია, ძალიან მოსახერხებელია, ის, რაც მუშაობის პროცესს გვიადვილებს, მზა პასუხებს დაუყოვნებლივ გვთავაზობს, თუმცა, მაინც შეეცადე სწორ (თუნდაც არასწორ) პასუხებამდე თავად მიხვიდე, თავად იკვლიო გზა, რომელიც მარტივი არ არის, მაგრამ ეს მაინც შენი გზაა, რომელიც დამოუკიდებლად უნდა გაიარო.

სახალისო გაკვეთილი -„უჩინარი ქალაქი” ანუ სიუჟეტი ხმებით

0

კლასი: III–IV
საგნები: ქართული ენა + ხელოვნება + ბუნებისმეტყველება
ხანგრძლივობა: 45 წუთი

ეს გაკვეთილი ეფუძნება soundscape pedagogy-ს (ხმოვანი გარემოს პედაგოგიკა) – თანამედროვე მიდგომას, რომელიც აქტიურად გამოიყენება დასავლურ  სკოლებში STEAM განათლების ფარგლებში. მეთოდი ავითარებს სენსორულ აღქმას, მულტიმოდალურ წარმოსახვას და კოლაბორაციულ შემოქმედებითობას.

გაკვეთილი აერთიანებს:

  • აუდიო-ხელოვნებას
  • მოქმედებით სწავლებას
  • ნარატიულ პედაგოგიკას

სასწავლო მიზნები

მოსწავლე:

გამოავლენს და დაასახელებს სხვადასხვა ხმოვან წყაროს გარემოში;
შექმნის ხმების რუკას (sound-map) ვიზუალური სიმბოლოებით;
ააგებს მარტივ სიუჟეტს ხმოვანი ელემენტებით, ტექსტის გარეშე;
განავითარებს კოლაბორაციულ, შემოქმედებით და ამბისაგებ უნარებს;
გააძლიერებს აქტიურ მოსმენის და კონცენტრაციის უნარს.

საჭირო რესურსები

მინიმალური ვარიანტი:

  • ფურცლები (A4 ან A3)
  • ფანქრები/ფერადი ფანქრები
  • მაგიდა

გაფართოებული ვარიანტი:

  • 10-15 საყოფაცხოვრებო ნივთი:
    • ქაღალდის ფურცელი
    • ჩხირები (2-3 ცალი)
    • წიგნი
    • გასაღებები
    • პლასტმასის ჭიქა
    • მუყაოს ყუთი
    • საკანცელარიო ღარები
    • ბურთულა
  • მაგიდა „ხმების სტუდიის” მოსაწყობად

შენიშვნა: თუ დამატებითი ნივთები არ არის, საკმარისია მხოლოდ ხელები, მაგიდა და ფურცლები — ბავშვები ხმებს საკუთარი სხეულით შექმნიან (ხელის ტაში, თითების წკეპუნი, ფეხის ნაბიჯები).

გაკვეთილის მსვლელობა

  1. შესავალი – მოსმენის გააქტიურება (7 წთ)

აქტივობა:

მასწავლებელი ნელა, მშვიდ ხმაზე ამბობს:

„დღეს ჩვენ შევქმნით საოცარ ქალაქს. მაგრამ არა სურათებით – ხმებით. წარმოიდგინეთ, რომ ქალაქი გაქრა… დარჩა მხოლოდ მისი ხმები. ახლა ის ხმები ჩვენ უნდა მოვნადიროთ.”

სავარჯიშო:

  1. მოსწავლეები ხუჭავენ თვალებს 30 წამით
  2. დავალება: მოუსმინონ ყველა ხმას, რაც კლასშია (სუნთქვა, ქაღალდის შრიალი, სკამის ხმა, ნაბიჯები)

რეფლექსია:

  • „რა ხმები მოვისმინეთ, რომლებიც ჩვეულებრივ არ ვამჩნევთ?”
  • „რომელი ყველაზე ჩუმი იყო?”

მასწავლებელი ფიქსირებს 4–5 პასუხს დაფაზე.

  1. ხმების ლაბორატორია – ექსპერიმენტი (10 წთ)

აქტივობა:

მასწავლებელი დებს მაგიდაზე ნივთებს. ბავშვები რიგ-რიგობით ცდილობენ სხვადასხვა ხმის გამოცემას.

მაგალითები:

ნივთი ხმა რას წააგავს?
ქაღალდი შრიალი ქარი, ფოთლები, ზღვის ტალღა
გასაღებები წკარუნი მაღაზიის კარი
ჩხირი მაგიდაზე კაკუნი ნაბიჯები, წვიმის წვეთები
წიგნის დახურვა ჰაპ! კარი, ავტობუსის კარი
ხელის ტაში ჰოპ-ჰოპ ცხენის მოძრაობა

დისკუსია:

  • „რომელი ხმა შეიძლება იყოს დილის ქალაქის ხმა?”
  • „რომელი – ღამის?”

კლასი კენჭს უყრის 5-6 ხმას, რომელსაც გამოიყენებს.

  1. ჯგუფური მუშაობა – ხმების რუკა (10 წთ)

დავალება:

კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად (4-5 მოსწავლე).

თითოეული ჯგუფი ხატავს უჩინარი ქალაქის რუკას, სადაც:

  • არ იხატება დეტალები (სახლები, მანქანები, ხალხი)
  • გამოიყენება მხოლოდ სიმბოლოები, საიდან რომელი ხმა მოდის

მაგალითები:

სიმბოლო ხმა
წერტილების ნაკადი წვიმა
სპირალი ქარი
ტალღოვანი ხაზი ქუჩა (მანქანები არ ჩანან, მაგრამ გვესმის)
დიდი წრე მოედანი
ჯვარედინი ხაზები რკინიგზა

მასწავლებლის როლი:
დაათვალიერეთ თითო ჯგუფი და დაეხმარეთ, რომ არ გადავიდნენ რეალისტურ ხატვაზე.

  1. მთავარი ატრაქცია – „უხილავი ფილმი” ხმებით (13 წთ)

აქტივობა:

თითო ჯგუფი წარმოადგენს თავის ქალაქს – მაგრამ არა სიტყვებით, არა ტექსტით – მხოლოდ ხმებით!

სტრუქტურა:

  1. ერთი მოსწავლე არის წამყვანი (ამბობს მოკლე წინადადებებს)
  2. დანარჩენები – ხმოვანი ეფექტების ჯგუფი

მაგალითი:

წამყვანი: „დილის ქალაქი იღვიძებს…”
(ხმა: ქაღალდის ნელი შრიალი – ქარი)

წამყვანი: „პირველი ნაბიჯები…”
(ხმა: ჩხირის რიტმული კაკუნი)

წამყვანი: „მაღაზიის კარი იღება…”
(ხმა: გასაღებების წკარუნი)

წამყვანი: „წვიმა იწყება…”
(ხმა: სწრაფი თითების დაკაკუნება მაგიდაზე)

წამყვანი: „ქალაქი იღვიძებს…”
(ყველა ხმა ერთად)

მნახველები (დარჩენილი კლასი):
უსმენენ დახუჭული თვალებით და შემდეგ აფასებენ.

დრო: თითო ჯგუფს 2–3 წუთი წარმოდგენისთვის.

  1. რეფლექსია – პირადი გამოცდილება (5 წთ)

დავალება:

ფურცელზე დაწერონ 1–2 წინადადება:

„დღეს მე შევძელი…”

მაგალითები:

  • „ჩემი ხმა გახდა ქალაქი”
  • „მივხვდი, რომ სიჩუმეც ლაპარაკობს”
  • „თვალები რომ მქონდა დახუჭული, მეტი დავინახე”

ალტერნატივა: მოსწავლეები ხმამაღლა იზიარებენ ერთ განცდას.

რა უდევს საფუძვლად ამ მიდგომას?

  1. STEAM ინტეგრაცია: აერთიანებს ხელოვნებას, ენას, ფიზიკას (ხმის აკუსტიკა) და გეოგრაფიას (რუკები).
  2. Soundscape Pedagogy: აქტიურად გამოიყენება კანადურ (R. Murray Schafer) და ფინურ საგანმანათლებლო მოდელებში.
  3. Embodied Learning: ბავშვი სწავლობს მთელი სხეულით, არა მხოლოდ თვალით და ყურით.
  4. Multimodal Literacy: ვითარებს „წერა-კითხვის” ახალ ფორმას — ხმოვან წიგნიერებას.
  5. ქართული ფოლკლორი – საკრავთა ხმები, რაც ბუნებრივ ხმებს იმეორებს

 

როგორ შევქმნათ Storybook-ები

0

Gemini Storybook:  იდეიდან წიგნამდე

ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს. ზოგი აუდიალია, ზოგი – ვიზუალი და ზოგიც – კინესთეტი, ზოგი – სამივე ერთად და ზოგიც – მხოლოდ ორი. შესაბამისად, ყოველთვის ვეძებთ უნივერსალურ გზებს, რომ ჩვენი იდეები მსმენელამდე მივიტანოთ ადეკვატურად და ისე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. ჰოდა, სწორედ ასეთ უნიკალურ ინსტრუმენტზე უნდა გესაუბროთ ამ სტატიაში. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტზე, რომელშიც გაერთიანებულია: ტექსტი, აუდიო (გახმოვანება), ილუსტრაციები (ვიზუალი), რომლებიც სინერგიაში ჩვენს კინესთეტიკურ, ცოცხალ შეგრძნებებს წარმოქმნიან.

ჩვენ ვცხოვრობთ მართლაც საოცარ ეპოქაში, როცა ტექნოლოგია და ხელოვნება ერთმანეთს ისე დაუახლოვდა, როგორც არასდროს. ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ ანალიტიკური ინსტრუმენტი; ის იქცა ჩვენს  მეგობრად, თანაავტორად, ილუსტრატორად და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ მუზადაც კი. სწორედ ამ საოცარი სინთეზის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია Gemini Storybook – Google-ის Gemini – ის პლატფორმის ახალი, ინტერაქტიური ფუნქცია, რომელიც ჩვენს იდეებსა და სიტყვებს სრულფასოვან, ილუსტრირებულ ციფრულ წიგნებად აქცევს.

მაგრამ რა არის მისი მთავარი მიზანი? Storybook არ არის უბრალოდ სურათებიანი ტექსტის გენერატორი. ეს არის ერთგვარი ტილო, რომელიც გვეხმარება, დავინახოთ ჩვენი ნარატივი, გავაცოცხლოთ პერსონაჟები და გავუზიაროთ ორიგინალურად ჩვენი ხედვა სხვებს. ეს იქნება რთული იდეის მარტივად ახსნა, ბავშვისთვის ზღაპრის მოყოლა თუ ბრენდის ისტორიის შექმნა, Storybook ნებისმიერ პროცესს ჯადოსნურს გახდის.

Storybook-ის მთავარი მისიაა, შემოქმედებითობა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ხატვა იცით თუ არა, ფლობთ თუ არა მწერლობის უნარს – თქვენი იდეა საკმარისია იმისთვის, რომ დაიბადოს უნიკალური ისტორია. ეს ინსტრუმენტი: აადვილებს სასწავლო მასალის შექმნას – რთული კონცეფციები ხდება ნათელი და გასაგები ბავშვებისთვის; აახლოებს ადამიანებს – ოჯახური მოგონებები და ისტორიები იქცევა დასამახსოვრებელ წიგნებად; ავითარებს შემოქმედებითობას – ბავშვები და მოზრდილები ერთად ქმნიან გასაოცარ სამყაროებს; აძლიერებს კომუნიკაციას – კომპლექსური იდეები გარდაიქმნება ემოციურად ღრმა ნარატივებად.

როგორ მუშაობს Storybook?

Storybook-ის გამოსაყენებლად თქვენ უბრალოდ აღწერთ ისტორიას, რომლის შექმნაც გსურთ (ეს შეიძლება იყოს ერთი წინადადება), და Gemini აგენერირებს უნიკალურ 10-გვერდიან წიგნს შესაბამისი ილუსტრაციებით და აუდიოთი (ახმოვანებს ქართულად). პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

თქვენ იძლევით მოკლე აღწერას, მაგალითად: “შექმენი ისტორია მორცხვ დინოზავრზე, რომელიც სწავლობს ცეკვას”, და AI იწყებს მუშაობას სიუჟეტის გაშლაზე, პერსონაჟების განვითარებაზე და დრამატული ამბის შექმნაზე. თითოეული ისტორია/ამბავი მოიცავს ილუსტრაციებს, ტექსტს და ხმოვან ნარატივს. Gemini ტექსტთან ერთად აგენერირებს თითოეული გვერდისთვის შესაბამის სურათებს, რომლებიც ზუსტად ასახავს თქვენი ისტორიის განწყობას და სტილს. თითოეული წიგნი შეიძლება მოისმინოთ AI-ს მიერ წარმოთქმული ნარატივით, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის ან საღამოს საკითხავად.

ვისთვის არის Gemini Storybook?

ეს ფუნქცია უნივერსალურია და მისი გამოყენება თითქმის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს შეუძლია, ვისაც ამბის მოყოლა სურს.

  • მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის: რთული სამეცნიერო კონცეფციის ან ისტორიული მოვლენის ვიზუალურად და მარტივად გადმოსაცემად.
  • მწერლებისა და ბლოგერებისთვის: იდეური ნარატივის სწრაფ პროტოტიპად. სანამ რომანის წერას დაიწყებთ, შეგიძლიათ შექმნათ მისი “თრეილერი” Storybook-ის სახით, რათა უკეთ დაინახოთ პერსონაჟები და გარემო.
  • მშობლებისა და ბავშვებისთვის: ეს არის საოცარი ინსტრუმენტი ერთობლივი შემოქმედებისთვის. ბავშვს შეუძლია მოიფიქროს ამბავი, მშობელს კი – დაეხმაროს მის გაცოცხლებაში.
  • მარკეტერებისათვის: მონაცემებით გადატვირთული პრეზენტაციის ნაცვლად, ბრენდის ისტორიის ან ახალი პროდუქტის იდეის ემოციურად და დამაჯერებლად მოსაყოლად.
  • საბავშვო და სასკოლო პროექტები: სკოლა/ბაღში გამოიყენეთ Storybook ბავშვებთან ერთად. მაგალითად, ერთად შექმენით კლასის/ჯგუფის ისტორია: ბავშვები მოგიტანენ უამრავ ნახატს და  Storybook -ში  თითოეული ნახატი იპოვის თავის ადგილს. ამ პროცესში ბავშვები სწავლობენ კოლაბორაციას, სიტყვისა და წარმოსახვის ძალას.
  • მრავალენოვანი მხარდაჭერის წყალობით, Storybook შესანიშნავად ეხმარება ენის შესწავლის მსურველებს. შეგიძლიათ აირჩიოთ უცხო ენის (გერმანული, იაპონური, ფრანგული…) საუბრის სტილი და დაავალოთ Gemini Storybook-ს  ზღაპრის შექმნა. აუდიო წამკითხველის ფუნქცია კიდევ უფრო აუმჯობესებს მოსმენასა და გამოთქმას. ამ გზით, კონკრეტულ თემაზე შექმნილი ამბავი ენის ლექსიკას ამდიდრებს და ენასაც მარტივად სწავლობთ.

შემოქმედებითი  შესაძლებლობები

ერთი თემა, მრავალი სტილი: აიღეთ ერთი მარტივი ამბავი და სთხოვეთ Gemini-ს, გადმოსცეს ის სამ სხვადასხვა სტილში: კიბერპანკი, მინიმალიზმი და იმპრესიონიზმი. შექმენით Storybook-ები, ნახავთ, რომ  ეს შესანიშნავი სავარჯიშოა სტილის და ნარატივის ურთიერთკავშირის შესასწავლად.

დიზაინერმა ან მწერალმა შეიძლება შექმნას ინტერაქტიური პორტფოლიო, რომელიც უბრალოდ ნამუშევრების ჩამონათვალი კი არ არის, არამედ მისი, როგორც ხელოვანის, პირადი ისტორიაა.

AI Storytelling-ის სწავლება: ეს ფუნქცია იდეალურია იმის საჩვენებლად, თუ როგორ “აზროვნებს” ხელოვნური ინტელექტი ვიზუალურად და როგორ თარგმნის ის ჩვენს ენას სურათებად.

პრაქტიკულად შეუძლებელია, განიხილო ყველა ის შემოქმედებითი შესაძლებლობა, რაც შეუძლია Storybook-ს. თითოეული ადამიანი ბუნებით შემოქმედია და თითოეულს გაუჩნდება თავისი უნიკალური იდეა, რომელსაც ამ ინსტრუმენტით შეასხამს ფრთებს.

რას ცვლის Gemini Storybook? თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის შლის საზღვარს მკითხველსა და ავტორს, იდეასა და მის განხორციელებას შორის. ის გვთავაზობს შემოქმედებით დიალოგს (ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის). ახალ ციფრულ ეპოქაში AI შეიძლება იყოს ჩვენი მეგობარი, თანაშემოქმედი, დიალოგის მონაწილე, მრჩეველი, პარტნიორი, რომელიც ეხმარება ჩვენს ყველაზე აბსტრაქტულ იდეებს, შეიძინონ ფორმა, ფერი და ემოცია.

ეს ტექნოლოგია აერთიანებს სამ უმნიშვნელოვანეს ელემენტს – სიტყვას (ლოგიკა და ნარატივი), სურათს (ვიზუალი და ესთეტიკა) და ემოციას (განწყობა და ატმოსფერო)   და ქმნის ერთ მთლიან, დასრულებულ ციფრულ ხელოვნებას. Gemini Storybook გვაძლევს ახალ, საოცარ ფუნჯს, რომლითაც ჩვენი ისტორიების/ამბების გაცოცხლება კიდევ უფრო საინტერესო ხდება და ჩვენი ცხოვრება – კიდევ უფრო მრავალფეროვანი.

 

ციფრული მშობელი

0

ბავშვებისთვის ყველაზე სასურველ საჩუქარს, პირველ „სმარტფონს“, უმეტეს შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგია და სოციალური მედია ბავშვიანი ოჯახებისთვის დამატებით გამოწვევადაც იქცა.

თანამედროვე მსოფლიოს მიღწევებმა კიდევ უფრო გაზარდა მშობლის როლი და პოზიტიური აღზრდის მნიშვნელობა, რადგან მცირეწლოვანთა მოქმედებებმა ფიზიკური სამყაროდან online სივრცეშიც გადაინაცვლა. ინტერნეტს კი უზღვავ შესაძლებლობასთან ერთად ბავშვებისთვის უამრავი ხიფათიც ახლავს.

ბავშვთა უფლებების დამცველმა და ონლაინუსაფრთხოების კონსულტანტმა, სამართლის დოქტორმა ელიზაბეთ მილოვიდოვმა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვის აღზრდის შესახებ ნაშრომი შექმნა, რომელიც ევროსაბჭოს დახმარებით ქართულ ენაზეც გამოიცა. აღნიშნული სახელმძღვანელო მშობლებს სხვადასხვა სიტუაციისთვის ამზადებს და პოზიტიური აღზრდის მრავალფეროვან სტრატეგიებს სთავაზობს.

სახელმძღვანელო მხარს უჭერს ციფრულ გარემოში პოზიტიური მშობლობის სტილის შენარჩუნებას, ჯანსაღ კომუნიკაციასა და ნდობის გაძლიერებას მშობლებსა და შვილებს შორის, რათა მშობლებმა შეძლონ შვილთან ღია საუბარი ინტერნეტის გამოყენებაზე, რისკებსა და სარგებლიანობაზე. ამისთვის კი პირველ რიგში აუცილებელია რეგულარული ინტერესის გამოხატვა შვილის ონლაინაქტივობებისადმი.

ციფრული უსაფრთხოების საკითხზე საუბრის წამოწყებისთვის სპეციალისტი მშობლებს შემდეგი შეკითხვების დასმას სთავაზობს:

  • „ვის ესაუბრები ხოლმე ინტერნეტით (კლასელებს, მეგობრებს თქვენს ქალაქში/საზღვარგარეთ, უცნობებს)?“
  • „რას აკეთებ ხოლმე ინტერნეტში?“
  • „რომელ საიტებს, პლატფორმებს იყენებენ ხოლმე?“
  • „როდის შედიხარ ხოლმე ინტერნეტში (რა დროს და რამდენი ხნით)?“
  • „რა ხდებოდა დღეს ინტერნეტში?“

ბავშვთან მსგავს თემებზე საუბრების დაწყებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ საკითხებზე კომუნიკაციის გაგრძელება, მაშინაც კი, როდესაც საუბრის თემა არასასიამოვნოა. იმისთვის, რომ მასთან უფრო სიღრმისეული საუბარი გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია მშობლებსა და შვილებს შორის ნდობის არსებობა. ნდობის ჩამოყალიბებას კი ხელს უშლის ძალადობრივი ან ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამოყენება. ნაცვლად ამისა, სპეციალისტები პოზიტიური მიდგომის პრაქტიკაში დანერგვას ურჩევენ მშობლებს, რაც გულისხმობს დიალოგს, ბავშვის ქმედების კრიტიკულად გააზრებას, ერთობლივ მსჯელობას, საფრთხეებისა და სარგებლის გაანალიზებას და ბავშვის ცნობიერების ამაღლებას ციფრულ სამყაროში მისაღები ქცევის წესების შესახებ. ამავე დროს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია, მშობლის იმედი ჰქონდეს, როცა საქმე ეხება მის დაცვას, მხარდაჭერას, მოსმენასა და შეხედულებებისა თუ მოსაზრებების გაზიარებას.

ციფრულ სამყაროში პოზიტიური აღზრდის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კრიტიკული აზროვნებაა, რომელიც მშობლებს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, უყიდონ თუ არა შვილს ესა თუ ის ელექტრონული მოწყობილობა; ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახონ მისი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობიანად გამოყენების გზები; განსაზღვრონ დრო და ხანგრძლივობა, როცა ბავშვი შეძლებს მოწყობილობით სარგებლობას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი უნარი მშობლებმა შვილებს პირველ რიგში საკუთარი მაგალითით უნდა გადასცენ. მათ ბავშვის ჩართულობით უნდა შეიმუშაონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების წესები და რაც მთავარია, არ დაარღვიონ შეთანხმებები.

მესამე კომპონენტია ციფრული მოქალაქეობის შესახებ შვილის ცნობიერების ამაღლება, რაც გულისხმობს ბავშვის წიგნიერ, ინფორმირებულ და აქტიურ მოქალაქედ აღზრდას, რომელსაც ეცოდინება, როგორი ქცევაა ინტერნეტში მისაღები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ციფრულ ნაკვალევს; ბავშვის ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მისთვის საინტერესო რესურსების გაზიარებას და ერთობლივ მსჯელობებს ცალკეული საკითხის მიმართ ოჯახის დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შესახებ.

იმისთვის, რომ მშობლებისთვის უფრო ნათელი გახდეს, როგორ იზრუნონ შვილებზე ციფრულ სამყაროში, სახელმძღვანელოში არაერთი კონკრეტული სცენარია განხილული. მაგალითისთვის, გადავიკითხოთ ერთ-ერთი სიტუაცია:

„სიტუაციური ანალიზი: თქვენს თინეიჯერ ქალიშვილს 500-ზე მეტი მეგობარი ჰყავს სოციალური მედიის ანგარიშზე და გეჩვენებათ, რომ ის მეტისმეტად გიმალავთ თავის აქტივობას სოციალურ მედიაში.

მშობლის ფიქრები: პირადად იცნობს თითოეულ მათგანს? ხომ არ ჯობია, უცნობი პირები მეგობრებიდან წაშალოს? ეს უცნობები იმ მეგობრების მეგობრები არიან, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება? ამ „მეგობრებთან“ მხოლოდ თამაშები აკავშირებს, თუ ჩატითაც საუბრობს? რამე სამარცხვინოს აკეთებს, თუ არაფერს აშავებს და, უბრალოდ, საჩუქარს გიმზადებთ? რამე ისეთს აკეთებს, რაც არ უნდა გააკეთოს? უხამს კონტენტს ხომ არ უყურებს ან აქვეყნებს? როგორ შეგიძლიათ მასთან საუბრის დაწყება, პირად სივრცეში შეჭრის გარეშე.

ციფრულ გარემოში პოზიტიური აღზრდის რჩევები:

  • სოციალური მედიის საიტებზე ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებისას კონფიდენციალურობის პარამეტრები მაქსიმალურ ნიშნულზე დააყენეთ და მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან გაზიარების ფუნქცია გააქტიურეთ, როგორც თქვენს, ასევე შვილის შემთხვევაში.
  • განუმარტეთ ბავშვს, რას ნიშნავს როგორც მისი, ისე ოჯახის სხვა წევრების პირადი ინფორმაცია.
  • გაეცანით სოციალური მედიისა და სათამაშო პლატფორმებზე არსებულ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ.
  • განიხილეთ თქვენი ოჯახის მოლოდინები და ღირებულებები ონლაინგაზიარებასთან მიმართებით.
  • რეგულარულად მოძებნეთ ოჯახის წევრთა სახელები ინტერნეტში, რათა გადაამოწმოთ ონლაინსივრცეში მათზე არსებული ინფორმაცია.

ციფრულ გარემოში პოზიტიური აღზრდის ქმედებები – მშობლებს/აღმზრდელებს შეუძლიათ, შვილებს ასწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ თავიანთი ონლაინრეპუტაცია და ციფრული იდენტობა კრიტიკული აზროვნების უნართა გამოყენებით. რეგულარული საუბრებით მშობლებს შეუძლიათ, შვილებს ასწავლონ პასუხისმგებლობიანი ციფრული მოქალაქეებივით მოქცევა, სხვების პატივისცემა სოციალურ მედიაში და ონლაინმეგობრების განსხვავება რეალური მეგობრებისგან.

ციფრულ გარემოში პოზიტიური აღზრდის რჩევები

► განსაზღვრეთ, შეეფერება თუ არა კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმა

თქვენი ბავშვის ასაკს.

► აკრძალვის ნაცვლად, დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს, შვილს აუხსნათ ტექნოლოგიის სწორად გამოყენების წესები, რათა მან ეს თქვენგან ისწავლოს.

► შეამოწმეთ კონფიდენციალურობის, ასევე, ადგილმდებარეობის ჩვენების პარამეტრები და დარწმუნდით, რომ ისინი არ იძლევა წვდომას პირად ინფორმაციაზე, სურათებსა და ვიდეოებზე.

► აუხსენით შვილს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ონლაინსივრცეში ხვდებიან, ყოველთვის არ უნდა ენდონ ისე, როგორც რეალურ მეგობრებს.

► ხაზი გაუსვით, რომ დაუშვებელია პერსონალური, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაზიარება.

► განიხილეთ ანგარიშის გახსნა იმავე სოციალური მედიის პლატფორმაზე და შვილის „დამატება მეგობრებში“.

► დარწმუნდით, რომ თქვენს მოზარდს ჰყავს სხვა სანდო, ზრდასრული ადამიანები, რომლებთანაც შეძლებს საუბარს (მაგ. ნათესავი ან მასწავლებელი), თუკი თქვენთან არ მოუნდება ლაპარაკი“.

——-

როგორც ვხედავთ, ციფრულ სამყაროში პოზიტიური მშობლობა ისევე მოითხოვს შვილზე მუდმივ და უპირობო ზრუნვას, ისევე, როგორც ფიზიკურ გარემოში. სპეციალისტების დასკვნებით, ამ მეთოდით აღზრდილი ბავშვები ციფრულ გარემოში უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მოქმედებენ, არ უშინდებიან სირთულეებს და მარტივად ახერხებენ ბალანსის დაცვას ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებას შორის.

წყარო: ბავშვის აღზრდა ციფრულ ეპოქაში, ევროსაბჭო https://rm.coe.int/parenting-in-the-digital-age/1680b27f27

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...