ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

0

„შრომა მუშაობაა, სადაც საყურადღებოა ის კი არა, რამდენი კაცი გაიწვალება და დაიქანცება სხეულით, არამედ ის, რამოდენა გონებაა იქ ნახმარი. ამიტომ ცხოვრება დუღს და მიდის წინ იქ კი არა, სადაც ბევრს მუშაობენ, ხარჯავენ ტლანქ ძალას, არამედ იქ, სადაც ბევრს შრომობენ, ამოძრავებენ ხალხის გონებას“ – წერს მწერალი, საქართველოსა და მისი განათლების სისტემის დიდი გულშემატკივარი და მოამაგე ივანე ლუკაშვილი („ვანათში ნამყოფის“ ფსევდონიმით) ჟურნალ „განათლების“ 1916 წლის აპრილის ნომერში, სადაც განიხილავს ამერიკის მაგალითს, როგორც ადამიანის ძალისხმევისა და გონების გამოყენების წარმატებულ მაგალითს. კონკრეტული მაგალითების გამოყენებით ასაბუთებს, რა და რატომ მოსწონს ამერიკაში და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან ჩვენ…

სწორედ ამერიკის მაგალითია ჩვენი მიმდინარე ნომრის მთავარი თემა – განათლების ისტორიის რუბრიკიდან დაწყებული, კვლევით, კონკრეტული სკოლის პრაქტიკის გაცნობით, თეორიული/კონცეპტუალური საყრდენებით დამთავრებული, გაეცნობით ჩვენი დიდი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სასკოლო განათლების ისტორიასა და პრაქტიკას.

სასკოლო კურიკულუმზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა დღეს ჩვენი სკოლებისთვის. ამ კუთხითაც შევიხედავთ ამერიკის სკოლებში. გარდა ამისა, გავეცნობით მოსწავლეთა დისციპლინასა და მოსწავლის ქცევებზე რეაგირების მექანიზმებს.

გაგაცნობთ 1910 წლის სტატიას ამერიკაში საბავშვო სამკითხველოებისა და კითხვის მნიშვნელობის შესახებ და გეგონებათ, რომ ავტორმა ეს სტატია აგერ, გუშინ დაწერა – ისევ ისე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ეს მიმართულება დღეს ამერიკასა თუ საქართველოში.

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ვესტფილდის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორი დეტალურად გაგაცნობთ თავის სკოლას, საქმის მიმართ თავის დამოკიდებულებას, სკოლაში დამკვიდრებულ კულტურას, კოლეგებთან თანამშრომლობის მისეულ სტრატეგიას, პრიორიტეტებს. იქნებ რომელიმე თქვენგანს ქალბატონ მერისა და მის სკოლასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდეს? ვინ იცის… თუ ასე იქნება, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ მოგვეცემა საშუალება, ხელი შევუწყოთ ქართული და ამერიკული სკოლების დამეგობრებას!

არც ამ ნომერში ვღალატობთ ტრადიციას და გაგაცნობთ ახალ გზამკვლევს, რომელიც დაეხმარება სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მონაწილეობითი კულტურის დამკვიდრებას, შესაბამისად, დემოკრატიის ხარისხის ზრდას საქართველოს სკოლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია.

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #1 2024

ამბის თხრობა უცხოური ენის გაკვეთილზე

0

მასწავლებლებმა, რომლებიც ოდესღაც თავად ვიყავით მოსწავლეები, ძალიან კარგად ვიცით, როგორია საათობით კლასში ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც შეიძლება უამრავ ფაქტს, თარიღს და მოვლენას მოიცავდეს და გაკვეთილის ბოლომდე ყურადღების შენარჩუნება.

როდესაც ამ ინფორმაციასთან კავშირს ვერ ვგრძნობთ, მასზე ფოკუსირება, მისი დამახსოვრება, მისთვის  მნიშვნელობის მინიჭება ძნელია.

ამბები შეიძლება იქცეს ხიდებად, რომლებიც ამ დაბრკოლების გადალახვაში დაგვეხმარება.

 

წარმოიდგინეთ, რომ კლასში ხართ და უცებ მასწავლებელი იწყებს ამბის თხრობას სიტყვით: „ერთხელ…“ ყველა თვალი მისკენ არის მიპყრობილი, ყველას აინტერესებს, როგორ გაგრძელდება ამბავი. რატომ? იმიტომ, რომ ისტორიები ბუნებრივად გვხიბლავს. მათ აქვთ ძალა, დაგვაინტერესონ და ჩვენი ყურადღება მიიპყრონ.

გარდა ამისა, რაოდენ მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. ყოველ ჩვენგანს სჭირდება საკუთარ თავში ამ უნიკალურობის დანახვა და სიტყვების საშუალებით მისი რეალიზება. რა ქნან მოსწავლეებმა, რომ თავიანთი ინდივიდუალური, განსაკუთრებული, გამორჩეული ხმა სხვას გააგონონ?

ამაში ხშირად გვეხმარება ამბის თხრობა – სთორითელინგი (storytelling).

როდესაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თვალი გადავავლე, აღმოჩნდა, რომ მრავალ ქვეყანაში სთორითელინგს წარმატებით იყენებენ საკლასო ოთახში. მინდა, ამ წერილით გაჩვენოთ, რატომ არის ამბის თხრობა ასეთი ეფექტური როგორც პრეზენტაციის ტექნიკა და რით განსხვავდება ის ტრადიციული PowerPoint ფორმატის პრეზენტაციებისგან. ჩვენ ვნახავთ რეალურ მაგალითებს და მივიღებთ პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, როგორ უნდა შექმნან და გაამდიდრონ თქვენმა მოსწავლეებმა  პრეზენტაციები ისტორიებით.

 

სთორითელინგის მნიშვნელობა

ისტორიები ბავშვობიდან თან გვახლავს, ისინი ჩვენი კულტურისა და კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ იფიქრეთ ზღაპრებზე, რომლებიც წაგვიკითხეს, ან ფილმებზე, რომლებმაც უცნაურ სამყაროებში გადაგვიყვანა. ისტორიები გვეხმარება ინფორმაციის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში. ისინი აღვიძებენ ემოციებს, ქმნიან სურათებს ჩვენს წარმოსახვაში და რთულ საკითხებს ხელშესახებს ხდიან.

 

აქტუალობა უცხოური ენების სწავლებისას:

რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას უცხოური ენის გაკვეთილებთან?

გარდა იმისა, რომ ჩვენი მიზანია, სასაუბრო, სამეტყველო უნარები განვუვითროთ მოსწავლეებს, ეს გაკვეთილები ხშირად მოიცავს რთულ თემებს და კომპლექსურ ტექსტებს. მასწავლებლისთვის გამოწვევაა ამ შინაარსის ისე გადმოცემა, რომ ის გასაგები და საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის.

სთორითელინგის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია, მშრალი ფაქტები და აბსტრაქტული ცნებები მოსწავლეებისთვის ნათელ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად გარდაქმნას.

ადვილი არ არის, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში აღაფრთოვანო მოსწავლეები ახალი ენით და ამავე დროს ასწავლო ეფექტიანად. სთორითელინგს აქ შეუძლია, ცენტრალური როლი შეასრულოს. ისტორიების თხრობით მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან ცოცხალი და ავთენტური ენობრივი გარემო, რომელშიც მოსწავლეები განიცდიან და გამოიყენებენ ახალ ენას მნიშვნელოვან კონტექსტში.

PowerPoint Presentation vs Storytelling

 ტრადიციულ PowerPoint პრეზენტაციებსა და ამბის თხრობას როგორც პრეზენტაციის ტექნიკას შორის განსხვავების გასაგებად გავიხსენოთ სტრუქტურა. ტრადიციული PowerPoint პრეზენტაცია იყოფა შესავლად, ძირითად ნაწილად და დასკვნად და აქცენტს სვამს ფაქტებისა და მონაცემების წარმოდგენაზე. ამის საპირისპიროდ, თხრობა მიჰყვება ნარატიულ სტრუქტურას, ის იწყება შესავლით, რასაც მოჰყვება კონფლიქტი ან პრობლემა, აღწევს კულმინაციას და მთავრდება პრობლემის მოგვარებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ემოციური კავშირი. ტრადიციული პრეზენტაციები ფოკუსირებულია ინფორმაციის გადმოცემაზე, ხოლო სთორითელინგის მიზანია აუდიტორიასთან ემოციური კავშირის შექმნა. მოყოლილ ამბებში გვხვდება ემოციები, რომლებიც აუდიტორიას ინფორმაციის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში ეხმარება.

დაბოლოს, ეს მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავდება ინტერაქციულობითა და ჩართულობით. ტრადიციული პრეზენტაციები ძირითადად ცალმხრივი კომუნიკაციაა. წამყვანი საუბრობს, აუდიტორია უსმენს. ამბის თხრობა კი ხელს უწყობს ინტერაქციულობას სიუჟეტში აუდიტორიის ჩართვით, კითხვების დასმით და დისკუსიის წახალისებით. ეს ქმნის უფრო დინამიკურ და საინტერესო პრეზენტაციას.

 სთორითელინგის როგორც პრეზენტაციის ტექნიკის უპირატესობა

 

თხრობის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია:

ემოციების გაღვიძება. ისტორიები მიემართება ჩვენს გრძნობებს და ამით სასწავლო მასალას ემოციურად უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ყურადღების შენარჩუნება. ამაღელვებელი ისტორიები იპყრობს მსმენელის გონებას და გაფანტვის საშუალებას არ აძლევს. ამბები უფრო ადვილი დასამახსოვრებელია, ვიდრე მშრალი ფაქტები, რადგან დაკავშირებულია ემოციებთან.

რთული შინაარსის გამარტივება. კონკრეტული მაგალითებისა და ისტორიების საშუალებით აბსტრაქტული ცნებები უფრო გასაგები ხდება.

ენობრივი საშუალებების (ლექსიკა, გრამატიკა) გამოყენება: მოსწავლეები ხედავენ, როგორ გამოიყენება სიტყვები და გრამატიკული სტრუქტურები რეალურ სიტუაციებში.

კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობა: ისტორიები გვაწვდის ინფორმაციას სამიზნე ენის კულტურის შესახებ და ხელს უწყობს ინტერკულტურულ კომპეტენციას.

სთორითელინგის სტრუქტურა

    https://hussellvs.best/product_details/75493120.html

 

შესავალი

ინტერესის აღძვრა/ Hook: დაიწყეთ საინტერესო ფაქტით, შეკითხვით ან ციტატით, რათა გამოიწვიოთ მსმენელის ინტერესი.

კონტექსტი: გააცანით ადგილი, დრო და მთავარი გმირები; წარმოადგინეთ საკითხის მოკლე მიმოხილვა და თქვით, რითია ის მნიშვნელოვანი.

 

პრობლემა/კონფლიქტი

პრობლემა: აღწერეთ პერსონაჟების წინაშე არსებული მთავარი პრობლემა/გამოწვევა.

მიზანი: ახსენით პერსონაჟების მიზანი ან მოტივაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

 

აღმასვლა (rising action) – ამბის ის მონაკვეთი, რომელიც კულმინაციისკენ მიიწევს და რომელშიც, სიუჟეტის ცენტრალური კონფლიქტიდან გამომდინარე, სიუჟეტური მოვლენების კვალდაკვალ იმატებს დაძაბულობა)

დაბრკოლებები: აჩვენეთ დაბრკოლებები და სირთულეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან ამ გზაზე.

მოვლენები: აღწერეთ ძირითადი მოვლენები და მოქმედებები, რომლებსაც პერსონაჟები ახორციელებენ პრობლემის გადასაჭრელად.

 

კულმინაცია (climax)

შემობრუნების წერტილი/კვანძის გახსნა: წარმოადგინეთ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, სადაც მთავარი პრობლემა კულმინაციას აღწევს და გამოსავალი მოიძებნება.

 

დაღმასვლა (falling action) – სიუჟეტის ის მონაკვეთი, რომელიც მოჰყვება კულმინაციას, რომელშიც მცირდება სიუჟეტის ცენტრალური კონფლიქტიდან გამომდინარე დაძაბულობა და სიუჟეტი მიდის დასასრულისკენ

შედეგები: აღწერეთ პერსონაჟთა ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შედეგები.

აჩვენეთ, როგორ ნელ-ნელა წყნარდება სიტუაცია და როგორ მივდივართ გამოსავალამდე.

 

დასკვნა

გააკეთეთ პრობლემის გადაწყვეტის საბოლოო მიმოხილვა და გამოიტანეთ დასკვნა.

 

რეფლექსია

ფასეულობა: იმსჯელეთ, რა შეიძლება გვასწავლოს ამ ისტორიამ.

კავშირი: დაამყარეთ კავშირი მსმენელებთან კითხვით, როგორ ეხება ეს ამბავი მათ ცხოვრებას ან იმ თემას, რომელსაც სწავლობენ.

 

Storytelling – ამ ბმულზე იხილავთ კონკრეტულ მაგალითს გერმანული ენის გაკვეთილისთვის, სადაც მოკლედ იქნება წარმოდგენილი სთორითელინგის ნიმუში ზემოთ აღწერილი სტრუქტურის მიხედვით, ხოლო უცხოური ენების მასწავლებლებს შევთავაზებ საიტს https://www.ted.com/talks, სადაც ნახავენ ისტორიების საინტერესოდ თხრობის უამრავ კარგ ნიმუშს.

 

სთორითელინგის გამოყენების მეთოდები უცხოური ენის გაკვეთილებზე

 

არსებობს უცხოური ენის გაკვეთილებზე ამბის თხრობის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი:

გამოიყენეთ სთორითელინგის სტრუქტურა: მასწავლებლებს/მოსწავლეებს შეუძლიათ, ნებისმიერი კონკრეტული ტექსტი გარდაქმნან ამბის თხრობად შესაბამისი სტრუქტურის გამოყენებით.

გაუზიარეთ პირადი ისტორიები: მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ და მოყვნენ საკუთარ ამბებს სამიზნე ენაზე. ეს ხელს შეუწყობს ლექსიკისა და გრამატიკული ცოდნის გაფართოებას და შემოქმედებითად გამოყენებას.

როლური თამაშები: მოსწავლეებს შეუძლიათ, მოირგონ სხვადასხვა როლი და ისტორიები გაითამაშონ. ეს ხელს შეუწყობს სამიზნე ენაზე საუბარს და მის გაგებას სხვადასხვა კონტექსტში.

მულტიმედიური თხრობა: დასურათებული ისტორიები ან კომიქსები შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს დამწყებთათვის, რადგან სურათები უზრუნველყოფს ვიზუალურ მხარდაჭერას და უფრო ნათელს ხდის სიტყვებისა და წინადადებების მნიშვნელობას.

ციფრული მოთხრობა: მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი ციფრული ისტორიები, მაგალითად, პრეზენტაციების, ვიდეოების ან პოდკასტების მეშვეობით და გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად (Canva და სხვა პროგრამები).

 

მაშასადამე,  ამბის თხრობა არის გზა კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნებისკენ, ხოლო როდესაც მოსწავლეები აამოქმედებენ თავიანთ შემოქმედებით უნარებს, მათ გაუჩნდებათ მეტი პოტენციალი, მეტი ახალი იდეა და პერსპექტივა და უკეთესადაც ისწავლიან.

თხრობას სხვებთან ურთიერთობის დროსაც ვიყენებთ. ეს ინსტრუმენტი მოსწავლეებს იმაშიც დაეხმარება, რომ ისწავლონ აზრის გამოხატვა წარმატებული კომუნიკაციისთვის.

ჩვენ მიჩვეული ვართ რაც შეიძლება მეტის კეთებას უმოკლეს დროში. ამბების თხრობას და ავთენტურ გაზიარებას დრო სჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენად პოზიტიური ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს ამბის თხრობა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ღირებული ინვესტიციაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ifak-kindermedien.de/wp-03776-content/uploads/2021/08/Storytelling_Konzept.pdf

https://www.ted.com/topics/storytelling

https://hussellvs.best/product_details/75493120.html

https://digitalstorytelling.coe.uh.edu/survey/SITE_DigitalStorytelling.pdf

 

უპირობო მეგობრობა

0

დიპლომატები ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზას: „არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები“. აღნიშნული მოსაზრების მომხრეებს ერთი რამის თქმა სურთ ჩვენთვის – ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პრაგმატული მისწრაფებებით იზომება და ხალხებს იდეალები, ღირებულებები, ერთმანეთისადმი ერთგულება არ აერთიანებთ. ომებისა და შეუზღუდავი გლობალური ვაჭრობის ეპოქაში მართლაც ძნელი დასაჯერებელია სხვადასხვა ეთნოსებს შორის უპირობო მეგობრობა, მაგრამ საყოველთაო სკეპტიციზმის მიუხედავად, უნიკალური მოვლენა მაინც არსებობს.

ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უანგარო მეგობარი ჩვენ – ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გვყავს, თან ეს მეგობრობა საუკუნეებმა გამოცადა და ვერაფერი დააკლო.

ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან ახლოს დიდი ხანია ერთი მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობს, რომელიც ასწლეულებია იბრძვის თავისი იდენტობის მკაფიოდ გამოკვეთისათვის. ინგუშები ნახურ ენაზე საუბრობენ, რასაც სხვადასხვა იმპერიები ხშირად იყენებდნენ ბოროტად. თვითმპყრობელური რეჟიმები ნახურ ენაზე მოსაუბრე ყველა ეთნიკურ ჯგუფს ერთ კალათაში ყრიდნენ, რათა მცირე ერებისთვის თვითგამორკვევისა და განვითარების შესაძლებლობა მოესპოთ. ცარისტული და საბჭოთა ბიუროკრატია დროსა და ენერგიას არ იშურებდა იმისთვის, რომ ინგუშებსა და მათ მონათესავე ჩეჩნებს შორის ტოლობის ნიშანი დაესვა. შეიძლება ჩეჩნებსა და ინგუშებს ენის, კულტურისა და ისტორიის თვალსაზრისით მართლაც ძალიან ბევრი რამ აერთიანებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხალხის ნება, განწყობა და ღირებულებითი სისტემაა. უამრავი საერთო ნიშნის მიუხედავად, ფაქტია, რომ უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში ინგუშებმა სრულიად დამოუკიდებელ ნაციად ჩამოყალიბების გზა აირჩიეს, რაც თანამედროვე საზოგადოებაში პატივისცემასა და მხარდაჭერას უნდა იმსახურებდეს.

რა განაპირობებს ქართულ-ინგუშური ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს?

უპირველეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ისტორიის რამდენიმე ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ. ინგუშეთი თამარ მეფის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. კეთილშობილი მონარქი კი ყოველთვის ცდილობდა ეზრუნა ახლადშემომტკიცებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ხალხებზე. თამარის ეპოქა სიმშვიდისა და აღმშენებლობის პერიოდი აღმოჩნდა ინგუშეთისთვის. მოკლევადიანი სტაბილურობა საფუძვლად დაედო გზებისა და ხიდების მშენებლობას, კავკასიონის ქედის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, სოციალური და პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბებას.

მოგეხსენებათ, შუა საუკუნეებში განათლებისა და ცოდნის გავრცელების უმთავრეს და ერთადერთ კერას ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ. ფეოდალური ხანის ქართული სახელმწიფოები ბევრს ზრუნავდნენ, რათა ჩრდილოეთში ახალ-ახალი სულიერი ცენტრები აემოქმედებინათ. თანამედროვე ინგუშეთი სავსეა ქართველთა და ინგუშთა წინაპრების ერთობლივი შრომის შედეგად აშენებული გამორჩეული ქრისტიანული ძეგლებით. მხოლოდ თხაბა-იერდის ეკლესიის გახსენება რად ღირს, რომელიც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ნაგებობაა. ავტორიტარულ და იმპერიალისტურ ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი მოსკოვის საპატრიარქო ყველა მცირერიცხოვან ხალხს ზემოდან დაჰყურებს, კონსტანტინოპოლს რომის მემკვიდრეობაში ედავება, არადა, მათ იურისდიქციაში მოქცეული უძველესი ტაძარი, ჩვენი – ინგუშებისა და ქართველების აშენებულია. თხაბა-იერდი მხოლოდ ერთი მარგალიტია იმ საგანძურსა, რომლითაც ჩრდილოეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკის მთის ფერდობებია დახუნძლული.

ცხადია, ასეთი ინტენსიური ურთიერთობები ადგილობრივ კულტურაზეც აისახა. ინგუშური ფოლკლორი მდიდარია თამარ მეფის შესახებ შექმნილი თქმულებებით, სადაც ხელმწიფე მხოლოდ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიება, სამართლიანობისა და სიკეთის წყაროდ არის აღიარებული.

ინტენსიური სოციალური და კულტურული კავშირების კვალს ფოლკლორის გარდა ტოპონიმიკაშიც აღმოაჩენთ. ქართველებსა და ინგუშებს შორის მტკიცე ხიდების მშენებლობას განსაკუთრებით შეუწყვეს ხელი ორი ქვეყნის ლიტერატურის წარმომადგენლებმა. შეგვიძლია მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი და ალი ხაშაგულგოვი გავიხსენოთ, რომლებიც დაუღალავად იღვწოდნენ ამ ორ ხალხში პატიოსნებისა და ღირსების მაგალითების გამოკვეთისა და გაზიარებისთვის. თუმცა, ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებს ყველაზე მეტ სიმტკიცეს მაინც განსაცდელში გამოვლენილი ურთიერთთანადგომის პრეცედენტები სძენს.

1944 წელი საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა კავკასიაში მცხოვრები მრავალი ხალხისთვის. სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს ემსხვერპლა ათასობით მესხის, ჩეჩნისა და გერმანელის სიცოცხლე. გადარჩენილები კი ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. დევნასა და გადასახლებას ვერც ინგუშები გადაურჩნენ. ათობით ათას ინგუშს მშობლიური სახლის მიტოვება მოუწია. საბჭოთა ხელისუფლებამ ინგუშეთის ტერიტორიაზე სხვა ერების დასახლება განიზრახა. ქართველებსაც შეხვდათ ინგუშთა მიწის გარკვეული ნაწილი, სადაც ისინი ხრუშჩოვის „დათბობის“ პერიოდამდე მშვენივრად ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, სტალინის შემდგომმა ლიდერებმა დეპორტირებულ ერებს შინ დაბრუნების უფლება მისცეს. მრავალწლიანი დევნილობიდან კავკასიაში მობრუნებულ ინგუშებს ქართველებმა წინააღმდეგობის გარეშე დაუთმეს კუთვნილი სახლები, აჩუქეს საკუთარი საქონელი და არაგვის ხეობაში გადმოინაცვლეს. ყველა ჩასახლებული ხალხი ასე არ მოქცეულა, ინგუშებთან სისხლს ყველა არ მორიდებია. აქედან გამომდინარე, ღლიღვები განსაკუთრებით აფასებენ ქართველთა რაინდულ საქციელსა და სამართლიან უკანდახევას.

1990-იან წლებში საბჭოეთის მიერ ხელოვნურად წარმოქმნილმა კონფლიქტმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი. პრიგოროდნის რაიონისთვის ოსებსა და ინგუშებს ომში ჩართვა მოუწიათ. ბუნებრივია, ოსურ-ინგუშური სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც არცერთ ქართველს არ აუღია იარაღი ხელში მოძმე ხალხის წინააღმდეგ. პრიგოროდნის ომი ინგუშთა დამარცხებით დასრულდა, 70 000 ინგუში საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ამ ტრაგედიის შემდეგაც ქართველებს არ შეუწყვეტიათ მეზობელი ხალხის განვითარებაზე ზრუნვა. 1994 წელს ქართველ ინჟინერთა ჯგუფი ინგუშეთში ავტომაგისტრალების მშენებლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მაშინ მთელ რეგიონში უმძიმესი სიტუაცია იყო შექმნილი და ჩეჩნეთის ომის გამო ბევრი ერიდებოდა ტრანსკავკასიურ ავტობანებზე მუშაობას, ჩვენები კი უკან არ იხევდნენ. სამწუხაროდ, ქართველთა თანადგომას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფელ ალქუნთან უცნობმა პირებმა გაურკვეველი მოტივით ჩაცხრილეს 8 ქართველი მეგზევე, რომელთა მემორიალი დღემდე ამაყად დგას სუნჯის რაიონში.

თავის მხრივ, ინგუშებს წარმოუდგენელი სიმამაცე აქვთ გამოჩენილი საქართველოს დასაცავად. მოგეხსენებათ, აფხაზეთის ომის დროს რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მთელი კავკასიის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დარაზმვა. გაგრასთან და სოხუმთან საქართველოს სამხედრო ძალებს მხოლოდ სეპარატისტები და რუსები არ ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე მრავლად იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელებიც, მხოლოდ ინგუშებმა იუარეს ჩვენს გასანადგურებლად გალაშქრება.

იგივე განმეორდა 2008 წელსაც, როდესაც არცერთმა ინგუშმა არ მოისურვა საქართველოსთვის ცეცხლის გახსნა.

უპირობო მეგობრობის საუკეთესო ერთგვარ სიმბოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ცერემონიალი რჩება.

1991 წლის 9 აპრილს, დეკლარაციის მიღებისას დეპუტატებსა და ხალხს ერთადერთმა უცხოელმა მიმართა. გათავისუფლების პირველსავე წუთებში ისტორიული მიღწევა მოგვილოცა მწერალმა ისა ქოაძოიმ (კოძოევი), ინგუშეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა. შემოქმედმა თავისი გამოსვლა განსაკუთრებული სიტყვებით დაასრულა:

„ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შესანიშნავად იციან, რომ წინ თქვენ რთული დღეები მოგელით, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი უკან! რკინასავით უნდა დადგეთ! ჩვენ თქვენგან ჩრდილოეთით ვცხოვრობთ, ჩვენ ინგუშები ბევრნი არ ვართ, მაგრამ რამდენიც ვართ, თქვენ განკარგულებაში ვიქნებით !!!”.

სასიხარულოდ, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება. ინგუშეთში უამრავ ქუჩას ჰქვია საქართველოსთან დაკავშირებული სახელი, მათთვის ჩვენი ქვეყანა კვლავ უპირობო მეგობრობასთან ასოცირდება.

საქართველოში თითქოს აღარ გვახსოვს საუკუნოვანი კავშირები, მაგრამ ბოლო დროს დიდი გამოცოცხლება შეინიშნება. თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრი დაარსდა, რომელიც ორ ერს შორის არსებული უძველესი ხიდების გამაგრებას ესწრაფვის. დარწმუნებული ვარ, ცენტრი უანგაროდ გაუწევს დახმარებას ყველა მასწავლებელს, რომელიც თავის გაკვეთილზე კავკასიური თემატიკის განხილვას მოიწადინებს.

როგორ დავწეროთ მითითებები (Prompts) AI ჩატბოტებისთვის

0

პრომპტები არის ინსტრუქციები ან მითითებები, რომლებსაც ვაძლევთ ხელოვნურ ინტელექტს (AI) ან ენის მოდელს კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ისინი განსაზღვრავენ, როგორ პასუხს მივიღებთ AI-ისგან.

ეფექტური კომუნიკაცია რეალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება AI ჩატბოტებთან კომუნიკაციისგან. მაგალითად:

ადამიანებთან ემოციების გაგება და მათზე რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. AI-თან ემოციური კონტექსტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთი AI ცდილობს ემოციების სიმულაციას.

ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ჩართულია სხეულის ენა, ჟესტ-მიმიკა და ტონი. AI-თან კომუნიკაცია ძირითადად ტექსტზეა დაფუძნებული, არავერბალური ნიშნები აქ არ არსებობს.

ადამიანები ხშირად ინტუიციურად ხვდებიან კონტექსტს, AI-თან საჭიროა უფრო მეტი ექსპლიციტური კონტექსტის მიწოდება.

თუ ადამიანებთან შესაძლებელია ბუნდოვანი ან არასრული დიალოგი, AI-თან საჭიროა უფრო ზუსტი და კონკრეტული ინსტრუქციები.

ადამიანები იმახსოვრებენ ძველ ინტერაქციებს და სწავლობენ მათგან. AI-თან ყოველი საუბარი, როგორც წესი, ახლიდან იწყება (გარდა სპეციფიკური სისტემებისა).

ადამიანები კომუნიკაციისას იყენებენ იდიომებს, სლენგს, სარკაზმს. AI-თან უმჯობესია პირდაპირი ენის გამოყენება. ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იცვლება კომუნიკაციის ფორმები.

AI-ის გამოჩენით, შეიძლება ვიფიქროთ: რაღა საჭიროა ცოდნა და ინფორმაცია, როცა ის ყოველთვის ხელმისაწვდომია!

სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი ცოდნის, გამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების დახვეწა ან განვითარება, რადგან ჩვენ ვაძლევთ AI-ს დავალებებს და ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მაგალითად, „დაწერე თვის ბოლოს წერილი ჩემი გუნდისთვის ერნესტ ჰემინგუეის სტილში“ ან „შექმენი პოსტერი არტ-დეკოს სტილში“. თუ არ გვაქვს მწერლის ან ხელოვნების სტილის შესახებ ცოდნა, ჩვენ ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღწევას.

მითითებები/პრომპტები შეიძლება იყოს მარტივი კითხვიდან დაწყებული, რთული ინსტრუქციებით დამთავრებული.

პრომპტების ტიპები:

კითხვითი პრომპტები: მაგ. „რა არის ფოტოსინთეზი?“

ინსტრუქციული პრომპტები: მაგ. „დაწერე მოკლე ესე კლიმატის ცვლილების შესახებ“.

შემოქმედებითი პრომპტები: მაგ. „შექმენი ისტორია, სადაც მთავარი გმირი პრინცესაა“.

ანალიტიკური პრომპტები: მაგ. „გააანალიზე ამ კომპანიის ფინანსური ანგარიში“.

ინტერაქციული პრომპტები: არის AI-სთან კომუნიკაციის მეთოდი, როცა მომხმარებელი და AI ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას ეტაპობრივად. ეს პროცესი მოჰგავს დიალოგს, სადაც ყოველი ახალი ინფორმაცია ან პასუხი გავლენას ახდენს შემდეგ პასუხზე. აი, ინტერაქციული პრომპტის ნიმუში:

მომხმარებელი: მინდა, დავგეგმო მოგზაურობა. შეგიძლია, დამეხმარო?

AI: რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგეხმარებით მოგზაურობის დაგეგმვაში. დავიწყოთ ძირითადი ინფორმაციით. გთხოვთ, მითხრათ: სად გსურთ წასვლა? რამდენი ხნით აპირებთ მოგზაურობას? რა არის თქვენი ბიუჯეტი?

და ასე შემდეგ… გაგრძელდება დიალოგი, ვიდრე მომხმარებელი არ მიიღებს ამომწურავ პასუხს.

რჩევები AI ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის

მე შევაჯამე ექსპერტების რჩევები AI ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და გთავაზობთ:

  • კომუნიკაციის დაწყებამდე გაიგეთ AI აგენტის დანიშნულება: რა მიზნით შეიქმნა ის? ვირტუალური ასისტენტია, რომელიც კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად შეიქმნა თუ ჩატბოტი? AI აგენტის დანიშნულების გაგება დაგეხმარებათ საუბრის სწორად წარმართვაში.
  • AI აგენტთან კომუნიკაციისას უმჯობესია, თქვენი შეტყობინებები მარტივი და გასაგები იყოს. მოერიდეთ ჟარგონს, შემოკლებებს ან რთულ წინადადებებს. გამოიყენეთ მარტივი ენა და მოკლე ფრაზები. ეს დაეხმარება AI აგენტს თქვენი მოთხოვნების უკეთ გაგებასა და ზუსტი პასუხების მოწოდებაში.
  • იცოდეთ თქვენი მიზანი და ამოცანები და იყავით კონკრეტული იმაში, თუ რა გჭირდებათ. მიაწოდეთ დეტალები პრობლემის შესახებ, შექმენით კონტექსტი.
  • მიაწოდეთ AI-ს საჭირო ფონური ინფორმაცია. დააზუსტეთ ფორმატი: მიუთითეთ, რა ფორმით გსურთ პასუხის მიღება (ესეი, სტატია, ჩამონათვალი, ცხრილი და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში, მოიყვანეთ მაგალითი სასურველი შედეგის საჩვენებლად.
  • გამოიყენეთ ბუნებრივი ენა მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია შეტყობინებების მარტივად ფორმულირება, ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი ენის გამოყენება AI აგენტთან კომუნიკაციისას. მოერიდეთ ხელოვნურ ან ზედმეტად ფორმალურ ტონს. ნუ მოგერიდებათ ემოციების გამოხატვა ემოჯების ან სხვა საშუალებებით, როგორც ამას ადამიანთან საუბრისას გააკეთებდით.
  • გამოიყენეთ პოზიტიური ენა. პოზიტიური ენის გამოყენება ეფექტური გზაა AI აგენტებთან კომუნიკაციისთვის. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „მე არ მესმის“, თქვით „შეგიძლიათ განმარტოთ?“. ეს მიდგომა უფრო თავაზიანია და AI აგენტი უფრო სასარგებლო პასუხს მოგაწოდებთ.
  • ნუ გაართულებთ AI აგენტთან დიალოგს. დარჩით ერთ თემაზე და ნუ შეეცდებით AI აგენტის ჩართვას სხვა თემაზე საუბარში ან არარელევანტურ თემებზე. შეინარჩუნეთ საუბრის ფოკუსი და კონკრეტულობა.
  • თუ AI აგენტი არასწორ ან უსარგებლო პასუხს გაწვდით, მიმართეთ მას კონსტრუქციულად, რათა დაეხმაროთ პასუხის გაუმჯობესებაში. მიაწოდეთ კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ რა იყო არასწორი და როგორ შეუძლია AI აგენტს გააუმჯობესოს პასუხები.

დასკვნა: AI აგენტებთან კომუნიკაცია არის უნარი, რომელიც სპეციფიკურ სტრატეგიებს მოითხოვს ეფექტური ურთიერთობისთვის. AI აგენტის დანიშნულების გაგებით, კომუნიკაციის გამარტივებით, კონკრეტულობით, ბუნებრივი ენის გამოყენებით, პოზიტიური ტონის შენარჩუნებით, კონსტრუქციული უკუკავშირის გამოყენებითა და მოთმინებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაციური უნარები AI აგენტებთან და მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს მძლავრი ინსტრუმენტები თქვენი ამოცანების გადასაწყვეტად. ეფექტური პრომპტების შექმნა არის უნარი, რომელიც მხოლოდ რჩევებით კი არა, პრაქტიკით ვითარდება. ექსპერიმენტებითა და გამოცდილების დაგროვებით, თქვენ შეძლებთ შექმნათ უფრო ზუსტი და ეფექტური ინსტრუქციები AI სისტემებისთვის, რაც საბოლოოდ მოგცემთ უკეთეს შედეგებს.

Persona-based Prompts

არსებობს კიდევ „პერსონიფიცირებული პრომპტები” (Persona-based Prompts). პერსონიფიცირებული პრომპტები მოითხოვს პასუხის გაცემას კონკრეტული პიროვნების, როლის ან სტილის მიხედვით.

მაგალითად: „მიპასუხე როგორც ექსპერტმა” – მოითხოვს პასუხს სპეციალიზებული ცოდნითა და სიღრმისეული დეტალებით. „მიპასუხე როგორც იუნგმა” – მოითხოვს პასუხს ცნობილი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, პერსპექტივიდან და მისი ფსიქოანალიზის თეორიების გათვალისწინებით. „მიპასუხე, როგორც სტივ ჯობსმა” – მოითხოვს პასუხს Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის სტილითა და მიდგომებით, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციურობას, დიზაინსა და სხვა მსგავს თემებს.

 

სწორად და არასწორად შედგენილი ინსტრუქცია/პრომპტი

არასწორად დაწერილი ინსტრუქცია/პრომპტი:

„მითხარი კლიმატის ცვლილების შესახებ“. (არასპეციფიკური, არ არის მითითებული მიზეზებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჭიროება)

„როგორ მოვიშორო სტრესი?“ (არ არის მითითებული სამუშაო გარემო და კონკრეტული მეთოდების რაოდენობა)

„დამიწერე ესე ტექნოლოგიაზე“. (არ არის მითითებული ესეის სიგრძე, სტრუქტურა და კონკრეტული თემა განათლებასთან კავშირში)

„მომიყევი რენესანსზე“. (არ არის მითითებული ესეის ფორმატი, პარაგრაფების რაოდენობა და კონკრეტულად ხელოვნების მახასიათებლები)

სწორად დაწერილი ინსტრუქცია/პრომპტი

„გთხოვთ, მომაწოდოთ მოკლე მიმოხილვა კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზებისა და შედეგების შესახებ“.

„რა არის სამი ყველაზე ეფექტური მეთოდი სტრესის მართვისთვის სამუშაო გარემოში?“

„გთხოვთ, დამეხმაროთ 500-სიტყვიანი ესეის სტრუქტურის შექმნაში თემაზე ‘ტექნოლოგიის გავლენა თანამედროვე განათლებაზე’.”

„დამიწერეთ მოკლე, 3-პარაგრაფიანი ესეი რენესანსის ხელოვნების მთავარი მახასიათებლების შესახებ“.

 

ეს კი შაბლონი მასწავლებლისთვის, როგორ შევადგინოთ ინსტრუქცია/პრომპტი წერითი დავალებების იდეების გენერირებისთვის:

მე ვარ მასწავლებელი და მჭირდება დახმარება წერითი დავალებების იდეების გენერირებაში ჩემი მოსწავლეებისთვის. გთხოვ, შემოგვთავაზო 5 კრეატიული და საინტერესო წერითი დავალების იდეა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

მოსწავლეების ასაკი: 14-16 წელი

საგანი: ლიტერატურა

მიზანი: კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი წერის უნარების განვითარება

ფორმატი: მრავალფეროვანი (ესეი, მოთხრობა, დიალოგი, წერილი და ა.შ.)

თემატიკა: თანამედროვე სოციალური საკითხები

თითოეული იდეისთვის გთხოვ მოკლედ აღწერო:

დავალების არსი

სავარაუდო მოცულობა

რატომ იქნება ეს დავალება სასარგებლო მოსწავლეებისთვის

გმადლობთ დახმარებისთვის!

 

 

 

ორი მოთხრობის ერთი ამბავი — ფრთხებიან ყვავები?!

0

„ფიქრს ცეცხლი მოსდევს

და დროა შავი,

ვზივარ და შტოზე

ჩამოჯდა ყვავი…

მოსდევენ ქუჩებს

და დროა შავი,

ვზივარ და უცებ

გაფრინდა ყვავი“.

/ტერენტი გრანელი/

 

ერთ შემოდგომას ჩვენი ეზოს დიდ კაკლის ხეზე ყვავი შევამჩნიეთ, ნაყოფს უნისკარტებდა. შემოგვეჩვია, მუსრს გაგვავლებს-მეთქი, ჩავილაპარაკე, ჩემმა პატარამ კი სახლიდან ხაჭოს ფუნთუშა გამოიტანა და მისკენ მოისროლა, ყვავო, ეს შენა და კაკალი – ჩვენო. გაფრინდა დამფრთხალი ყვავი, ფუნთუშას პირიც არ დააკარა.

ამ ამბავმა მაშინ ორი სხვადასხვა პერიოდის მოთხრობა გამახსენა და დამაფიქრა. ამ წერილში მათზე საუბარი მინდა.

 

„ფუნთუშა“ გი დე მოპასანის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟია. მოთხრობაში მოქმედება მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ვითარდება და ავტორი თითქოს მიგვანიშნებს, რომ საფრანგეთის მეორე იმპერიაც ისევე ქრება, როგორც ამ მოთხრობის პერსონაჟებში – ღირსება.

დილიჟანსით ხანგრძლივი მგზავრობისას იკვეთება მოთხრობის თითოეული პერსონაჟის პორტრეტი. ესენი არიან: ვაჭარი, ბურჟუა, დიდგვაროვანი მემამულეები და მათი ცოლები, ერთი დემოკრატი, ორი მონაზონი და ერთიც – ქორფა ქალი, მეტსახელად ფუნთუშა, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის გამო თანამგზავრებმა თავიდან კი აითვალწუნეს, მაგრამ როდესაც, დამშეულებმა, მისი სიკეთით ისარგებლეს და გემრიელი სანოვაგით სავსე კალათა პირწმინდად ამოუცარიელეს, გული მოულბათ, დაუწყეს მეგობრულად ცქერა და თავაზიანად საუბარი, ვიდრე ერთი შემთხვევა ყველას მჩხავანა ყვავად არ გადააქცევდა და ფუნთუშას ღირსებასაც ისევე არ დაუწყებდნენ კორტნას, როგორც მის გემრიელ, რამდენიმე დღის სამყოფ საგზალს. კორტნეს, კორტნეს ფუნთუშა, მერე კი, უსარგებლო ნივთივით, მიაგდეს.

პერსონაჟის ასეთი ბედი არ უნდა გვიკვირდეს ინტენსიური[1] კრიტიკული რეალიზმის ეპოქაში, როცა მწერალს უხდებოდა მოღვაწეობა, თუმცა მანერა, რომლითაც მოპასანი ამბავს გვიყვება, არის ძალიან საინტერესო თავისი კონტრასტულობით და ირონიით – მონაზვნები მეძავზე გაცილებით უღირსად იქცევიან, გამბედაობა მას აქვს, ვისაც „ძლიერნი ამა სოფლისანი“ კიცხავენ, თავად კი ლაფში გორავენ, თავგანწირვა ლუკმა პურადაც აღარ ფასობს, სულით მონები თავისუფლებაზე მღერიან, როცა მათი რამდენჯერმე მხსნელი მოთქმით აატირეს და ასე შემდეგ.

თავისი სტრუქტურით, ზედაპირითა თუ სიღრმით ასევე მრავალმხრივ საინტერესო მოთხრობაა რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“. ბავშვებთან მასზე საუბრისას ხაზს ვუსვამ, რომ ერთი ადამიანის ღირსების დაცვა სიცოცხლის გაწირვად ღირს[2]. მოპასანის ფუნთუშას, ინანიშვილის გენერლის თანმხლები ქალისგან განსხვავებით, ვიტგენშტეინისებრი დამცველი არ გამოუჩნდა, პირიქით, ის ჯერ დაამცირეს, მერე კი რამდენჯერმე გამოიყენეს და, ნივთის სიიაფით, მტკივნეულად მოისროლეს. თუმცა ვიტგენშტეინმა, რომელმაც უკვე გენერლის სიმპათია დაიმსახურა და მისგანვე მოისმინა ენაბორძიკით, საიდუმლოდ ნათქვამი, რომ „იმ ქალის გულისთვის“ დუელი არ ღირს  და რომ თავად ტყვიას ტყვიაში სვამს, მაინც ღირსება დააყენა წინ. ვიტგენშტეინი ღირსებას შეეწირა, თანაც ისე, რომ მკვლელს ქისტი მუცალივით მიუტევა და ზნეობრივი გმირის სიმაღლესაც ასწვდა. ამით ავტორმა თითქოს ყველა დაგვაფიქრა: რომელი ეპოქაც არ უნდა იყოს, ღირსება, საკუთარი თუ სხვისი, დაცვას საჭიროებს და მისი აყრა არის დანაშაული!

ამ სათქმელის შემდეგ რევაზ ინანიშვილი რეალისტური თხრობიდან არსებული ამბის, რეალისტური ფორმებისა თუ შინაარსების ხელახლა გამოყენებით თითქოს პოსტმოდერნიზმისკენ მიიპარება, თანაც ისე, რომ ეს ფორმები თუ სტილებრივი დეტალები, ერთსა და იმავე დროს, ძალიან სერიოზულიც არის და ირონიულიც, პოსტმოდერნიზმი კი სწორედ ირონიულობით გამოირჩევა. მწერლისეული მეტაფიქციაც იძლევა ამგვარად ფიქრის საფუძველს. ლიტერატურის ეს მიმდინარეობა ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას, თანაც ხშირად – ავტოკომენტირების გზით. მოთხრობის მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების, ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟისა და მკითხველის ტიპების, ავტორის/მთხრობელის კომენტარების, მეტაფიქციისა თუ სხვა საშუალებების შესახებ ვრცლად და დამაფიქრებლად საუბრობს თავის წერილში ნესტან რატიანი, რომელიც გამჭრიახი მკითხველის ალღოთი და მკვლევრული სიზუსტით გამოკვეთს ტექსტში ამოსაცნობ მთავარ საკითხს: როგორც წესი, საზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი?“ – და იქვე გვთავაზობს ამ პრობლემურ საკითხზე საპასუხო ჩანართს: თუკი უნებლიე მოწმენი, მოთხრობაში სიმბოლური პერსონაჟებიყვავები“, ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისწვდება, მაშინ მსხვერპლი გამართლებულია, მაგრამ თუკი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერც დამბაჩა დააფრთხობს და ისინი უწინდებურად გააგრძელებენ ცხოვრებას, მაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია[3].

ინანიშვილისა და მოპასანის მოთხრობებში გამოკვეთილი ღირებული და ანგარიშგასაწევი დამოკიდებულებით კითხვის შემდგომი ეფექტიც მაღალია. ქართველმა მწერალმა, ვინ იცის, ფრანგული ტექსტის ალუზიაზე დაყრდნობით, ტოტალური ცენზურის პირობებშიც კი, ხაზი გაუსვა ბუნდოვან ელემენტს – სამხედრო ძალის მსახური გენერლისა და მის მიერ დასაკუთრებული „ფაშფაშას“ არქეტიპულობას. ფუნთუშასაც სამხედრო ძალა ისაკუთრებს, თუმცა საკუთარი ნების წინააღმდეგ. პირველ შემთხვევაში მორჩილების ვნება უკვე ისედაც აღძრულია, მეორეში კი ეს ვნება საზოგადოებამ ხრიკებით, ირიბი ძალადობის გზით უნდა აღძრას ქალში, რომელიც, ცხადია, მიწას, ქვეყანას განასახიერებს და დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მას „ფუნთუშას“ დავუძახებთ, „ფაშფაშას“, ალლიდი ოტტოს თუ ვორმსის ქანდაკებას. ინანიშვილის მოთხრობაში კონფლიქტს თითქოს გარე პერსონაჟიც ჰყავს – მთხრობელის ქალიშვილია, რომელთანაც ავტორის ახალი კონფლიქტი იბადება, „ახალი ძაბვა ნერვიული ტონალობით[4]“. მორალური საზღვარიც სწორედ აქ იკვეთება, ვგონებთ, გუია ა.-სთან საზიაროობით. ეს კი რეზო ჭეიშვილის უაღრესად საჭირო თანატექსტია ასევე ღიმილის მომგვრელი ირონიითა და გამოსახვის სხვა ფორმებით. უხერხულ მომენტებზე საუბარიც გაკვეთილში სახალისო შტრიხებს შეიტანს.

 

[1] რეალიზმისთვის „ინტენსიური“ კარსონ მაკ კალერსისეული მსაზღვრელია, რომელსაც ის იყენებს თავის 1941 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „რუსი რეალისტები და სამხრეთის ლიტერატურა“.

[2] მარიამ გოდუაძე, სწავლა-სწავლების სიღრმისეული ასპექტები, https://mastsavlebeli.ge/?p=34706

[3] ნესტან რატიანი, ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? https://mastsavlebeli.ge/?p=34706

[4] ისევ მაკ კულერსის დასახელებული წერილის იოსებ ასათიანისეულ თარგმანს დავესესხე.

ანალიზზე ორიენტირებული აქტივობები

0

ისტორიის სწავლება არ არის მხოლოდ ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრება;  ისტორიის გააზრება და ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირის გაანალიზება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით:

საკითხის სიღრმისეული გააზრება – ისტორიული მოვლენების გააზრება და მათი გავლენის კვლევა სხვადასხვა პერიოდზე ეხმარება მოსწავლეებს მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და არ დაეყრდნონ მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას.

კრიტიკული აზროვნება ისტორიის სწავლება ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ კრიტიკული აზროვნება. ისინი სწავლობენ, როგორ გააანალიზონ მოვლენები, დაადგინონ მიზეზები და შედეგები და გამოიტანონ დასკვნები ფაქტებისა და წყაროების მიხედვით.

ისტორიული კავშირების აღქმა მოსწავლეები სწავლობენ, რომ ისტორია არ არის იზოლირებული მოვლენების ჯაჭვი, არამედ კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული პროცესების სპექტრია – ასეთი მიდგომა  ეხმარება  მათ უკეთ გაიგონ, როგორ არის დაკავშირებული  ერთმანეთტან წარსული, აწმყო და მომავალი.

თანამედროვე სამყაროს გაგებაისტორიის სწავლება აძლევს მოსწავლეებს საშუალებას გაიგონ, როგორ აყალიბებენ ისტორიულ მოვლენები თანამედროვე საზოგადოებას,   მსოფლიოს პოლიტიკურ, სოციო- ეკონომიკურ გარემოს. ეს ეხმარება მათ უკეთ  გაიგონ თანამედროვე მოვლენები.

პერსპექტიული ხედვა –  ისტორიული კვლევა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას დაინახონ მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან, ისწავლონ სხვადასხვა კულტურებისა და საზოგადოებების ისტორია და დააფასონ მათი მრავალფეროვნება.

ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირის გააზრება ეხმარება მოსწავლეებს უფრო ღრმა, კრიტიკულ და კომპლექსურ აზროვნებაში. ეს უნარები არამხოლოდ ისტორიის გაკვეთილებისთვისაა  მნიშვნელოვანი, არამედ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.   ამიტომ, ისტორიის სწავლებაში აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დაანახებს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს  ისტორიული მოვლენები, უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა  ინტელექტუალური და პიროვნული ზრდისთვის.

საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გაგიზიაროთ  შემაჯამებელი აქტივობა და საკითხის შეჯამებამდე   აქტივობათა  თანმიმდევრობა.

გთავაზობთ აქტოვობებს, რომელთა  მიზანია – მოსწავლეებმა გაიგონ, რა გავლენას ახდენს ისტორიული მოვლენები სხვადასხვა პერიოდზე და როგორ უკავშირდება  ისინი ერთმანეთთან.

თემა – „ჯვაროსნული ლაშქრობებიდან მონღოლთა იმპერიის ჩამოყალიბებამდე“

თემის შესაბამისად შესაწავლი საკითხები:

  • ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები და მიზნები;
  • ჯვაროსნული ლაშქრობების გავლენა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე;
  • მონღოლთა იმპერიის წარმოშობა და მათი გავლენა მსოფლიოს ისტორიაზე;
  • ამ მოვლენების ურთიერთკავშირი და მათი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსთვის.

აქტივობები

აქტივობა -1  ისტორიული კონტექსტის გაცნობა

ინერაქტიურად განვიხილეთ ჯვაროსნული ლაშქრობების და მონღოლთა იმპერიის ისტორიული კონტექსტი. ავხსენით  რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს პერიოდი მსოფლიოს ისტორიაში.

აქტივობა -2 ჯვაროსნული ლაშქრობების შესწავლა

მოსწავლეებს დავავალეთ,სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით  მოიძიონ ინფორმაცია ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზებზე, მიზნებზე და შედეგებზე.

აქტივობა – 3   პრეზენტაციის მომზადება  და ისტორიული ფაქტების  ურთიერთკავშირის ანალიზი

  • მოსწავლეებმა უნდა შექმნან საპრეზენტაციო სლაიდები, რომლებიც ასახავს ჯვაროსნული ლაშქრობების მთავარ მოვლენებს და მათ გავლენას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე.
  • მოსწავლეებმა უნდა შექმნან პრეზენტაცია, რომელიც აჩვენებს, როგორ იყო ჯვაროსნული ლაშქრობები და მონღოლთა იმპერია ერთმანეთთან დაკავშირებული.
  • პრეზენტაციაში უნდა იყოს ასახული, როგორ გამოიწვია ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა მონღოლთა ექსპანსიის პირობების შესუსტება და როგორ იმოქმედა მონღოლთა იმპერიამ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე.

აქტივობა -4 დისკუსია

  1.   როგორ შეცვალა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ამ რეგიონების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება?
  2. რა მიგნებები აღმოაჩინეთ?
  3. როგორ აისახა ეს მოვლენები თანამედროვე პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე?
  4. როგორია ამ მოვლენების  ისტორიული მნიშვნელობა ?

პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური  რუბრიკა

SOLO დონე მახასიათებლები ქულები
პრესტრუქტურული პრეზენტაციაში წარმოდგენილი არასწორი ინფორმაცია,

თემა ზედაპირულად და არაზუსტადაა განხილული,

ვიზუალური მასალა მინიმალური ან არაზუსტია.

1-2
უნისტრუქტურული  ზოგიერთი  ფაქტი  სწორადაა წარმოდგენილი,

ცალკეული ასპექტის ანალიზის მცდელობა  არის  მაგრამ კონტექსტი გაუგებარია,

სლაიდები ზედაპირულადაა შედგენილი.

3-4
მულტისტრუქტურული სხვადასხვა  ასპექტის სწორადაა წარმოდგენილი,

ადგილი აქვს ფაქტების სწორი განხილვას, მაგრამ  კავშირი სუსტია,

ვიზუალური მასალა   შესაბამისია.

5-6
მიმართებითი ასპექტებს შორის ურთიერთმიმართება სწორია,

ფაქტების და მოვლენების  ანალიზი კომპლექსურია,

ვიზუალური მასალა კარგადაა შედგენილი და ინფორმაციულია.

7-8
გაფართოებული აბსტრაქტული  ანალიზი კომპლექსურია  დასკვნები  სიღრმისეული,

ვიზუალური მასალა პროფესიონალური და ინოვაციური

9-10

 

ეს აქტივობები  დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები და რა გავლენა  მოახდინეს მათ  თანამედროვე სამყაროზე.

 

პროექტი –  ნიკო ფიროსმანი ანუ წერილი წარსულიდან

0

პროექტულ სწავლება არის ეფექტური მეთოდი დაწყებით კლასებში მრავალი მიზეზის გამო. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი სწავლების პროცესში და მისი გავლენა მრავალფეროვანი და დადებითია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის პროექტული სწავლება მნიშვნელოვანი დაწყებით კლასებში:

  1. მოტივაცია და ჩართულობა: პროექტები საინტერესო და ინტერაქტიულია, რაც ბავშვებს მოტივაციას აძლევს. ისინი უფრო აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.
  2. პრაქტიკული ცოდნა და უნარები: პროექტები საშუალებას აძლევს ბავშვებს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ეს ხელს უწყობს მათ კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემების გადაჭრის უნარებს.
  3. კოლაბორაცია და კომუნიკაცია: პროექტული სწავლება ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, რაც ბავშვებს ეხმარება უკეთ გაიგონ თანამშრომლობის მნიშვნელობა და გააუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები.
  4. სწავლების დიფერენცირება: პროექტები მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას გულისხმობს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა დონეზე იმუშაონ, საკუთარი უნარების და ინტერესების მიხედვით.
  5. ცოდნის ღრმა გაგება: პროექტული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად შეისწავლონ თემები, რაც ხელს უწყობს უკეთესი და ხანგრძლივი ცოდნის ფორმირებას.
  6. ინტეგრირებული სწავლება: პროექტული სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების ცოდნა ერთობლივად გამოიყენონ. ეს მეთოდი ინტეგრირებული სწავლების მაგალითია, სადაც ბავშვები სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ინფორმაციას ერთობლივად იყენებენ.

პროექტული სწავლება აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას ისწავლონ უფრო აქტიურად, ინტერაქტიულად და პრაქტიკულად, რაც ხელს უწყობს მათი განვითარების მრავალმხრივ პროცესს.

გთავაზობთ ჩემს მიერ განხორციელებული პროექტის აღწერას: პროექტის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსწავლეებს გავაცნოთ ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია და ნამუშევრები . “ცოცხალი” ფიროსმანი თავის ისტორიას თავად უყვება და მოსწავლეებს და  ხსნის, თუ რა იდეები და გრძნობები იმალება მის ნამუშევრებში.

პროექტის მიზნები:

  1. მოსწავლეებს გააცნოს ნიკო ფიროსმანის ცხოვრება და შემოქმედება.
  2. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფიროსმანმა თავის შესახებ უამბოს მოსწავლეებს.
  3. მოსწავლეებს განუვითარდეს კვლევისა და ანალიზის უნარები.
  4. ხელი შეუწყოს ისტორიისა და ხელოვნების სწავლას ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.

პროექტის მიმდინარეობა:

  1. შესავალი
  • მოსწავლეებს განემარტება პროექტის მიზნები და ამოცანები.
  • ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიის და მისი ნამუშევრების მოკლე მიმოხილვა.
  1. ხელოვნური ინტელექტის გაცნობა
  • მოსწავლეებს განემარტება, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოიყენება ის სხვადასხვა სფეროში.
  • განიხილება, როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისტორიული პერსონაჟების “ცოცხლად” წარმოსადგენად.
  1. ნიკო ფიროსმანიწერილი წარსულიდან
  • მოსწავლეები გაეცნობიან ვიდეოებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით “ამეტყველებული” ნიკო ფიროსმანი თავის ბიოგრაფიას და ნამუშევრების შესახებ  უყვება.
  • მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან დიალოგში “ფიროსმანთან” და სვამენ კითხვებს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
  1. ნამუშევრების ანალიზი და განხილვა
  • მოსწავლეები ჯგუფებად განაწილდებიან და ნიკო ფიროსმანის სხვადასხვა ნამუშევარს აანალიზებენ.
  • ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთი ნამუშევრების ანალიზს და ახსნიან, რა იდეები და გრძნობები იმალება ფიროსმანის ნახატებში.
  1. შემაჯამებელი აქტივობა
  • მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ნამუშევრებს ფიროსმანის სტილში და წარადგენენ მათ.
  • ორგანიზდება გამოფენა, სადაც მოსწავლეების ნამუშევრები და ფიროსმანის შესახებ ნასწავლი მასალა იქნება წარმოდგენილი.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოსწავლეებს ექნებათ დეტალური ცოდნა ნიკო ფიროსმანის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
  • მოსწავლეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს.
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიზისა და კვლევის უნარები.
  • მოსწავლეები ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესში და შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს ფიროსმანის სტილში.

ფოტოს გახმოვანება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია რამდენიმე ეტაპის გავლით. აქ არის მოკლე ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესში:

  1. საჭირო ინსტრუმენტების მომზადება:
  1. სურათი: ნიკო ფიროსმანის ფოტო ან მისი ნამუშევრების ფოტოები.
  2. ტექსტი: ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრების აღწერილობები.
  3. ინტერნეტის წვდომა: ღია წყაროებზე წვდომის და პროგრამების ჩამოტვირთვისთვის.

VIDNOZ-ის გამოყენებით ნიკო ფიროსმანის ფოტოს ალაპარაკება თქვენს მიერ სედგენილი ტექსტის მიხედვით, შემდეგი ნაბიჯების გავლით შეგიძლიათ:

  1. VIDNOZ-ის ანგარიშის შექმნა და შესვლა:
    • გახსენით VIDNOZ-ის ვებგვერდი vidnoz.com.
    • დარეგისტრირდით ან შედით თქვენს ანგარიშში.
  1. ახალი პროექტის შექმნა:
    • შესვლის შემდეგ დააჭირეთ “Create New Project” ღილაკს.
    • შეარჩიეთ ვიდეოს შექმნის ფორმატი და სახელი.
  1. ნიკო ფიროსმანის ფოტოს ატვირთვა:
    • ატვირთეთ ნიკო ფიროსმანის ფოტო თქვენი კომპიუტერიდან.
    • ამოარჩიეთ ფოტო და დააკონფიგურირეთ ის თქვენი პროექტისთვის.
  1. ტექსტის დამატება და სურათის ალაპარაკება:
    • VIDNOZ-ის ინტერფეისში, დააჭირეთ “Add Text” ღილაკს.
    • ჩაწერეთ ან ჩასვით ტექსტი, რომელიც გსურთ, რომ ნიკო ფიროსმანმა თქვას.
    • გააკეთეთ ტექსტის კონფიგურაცია: შრიფტი, ზომა, ფერი და ა.შ.
  1. ხმის არჩევა ან გენერირება:
    • VIDNOZ-ს აქვს ხმოვანი სინთეზატორი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
    • შეარჩიეთ შესაბამისი ხმა ან ატვირთეთ წინასწარ ჩაწერილი ხმა, თუ უკვე გაქვთ.
    • დააკონფიგურირეთ ხმა ტექსტის მიხედვით (სწრაფი ან ნელი კითხვა, ემოცია და ა.შ.).
  1. სინქრონიზაცია ტექსტსა და ხმას შორის:
    • დააყენეთ დროები და სინქრონიზაცია ტექსტის და ხმის გამოსაყენებლად.
    • ეს მოიცავს ტექსტის გამოჩენის დროისა და ხმის დაწყების/დასრულების დროის კონფიგურაციას.
  1. გამოსახულების ანიმაცია:
    • VIDNOZ-ში შეგიძლიათ დაამატოთ გამოსახულების ანიმაცია, რომ ნიკო ფიროსმანის სახე ან ლაპარაკის სტილი უფრო ბუნებრივი იყოს.
    • გამოიყენეთ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები და პრესეტები გამოსახულების ანიმაციისთვის.
  1. პროქტის ექსპორტი:
    • დასრულების შემდეგ, შეამოწმეთ თქვენი პროექტი  და და ნახეთ შედეგი.
    • თუ ყველაფერი კარგადაა, დააჭირეთ “Export” ღილაკს ვიდეოს ექსპორტისთვის.
    • შეარჩიეთ ფორმატი და ხარისხი და გადმოტვირთეთ ვიდეო.

პროექტმა  დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე. ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლაში. სწავლების პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ბავშვები გაეცვნენ  ფიროსმანის ბიოგრაფიას, მისი ნახატების თემატიკას და დასვეს კითხვები ფიროსმანის შესახებ.

ემოციური ინტელექტი  განათლებაში

0

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ემოციურ ინტელექტზე: რომ მხოლოდ ინტელექტი IQ  საკმარისი აღარ არის თანამედროვე რთულ და გამოწვევებით სავსე სამყაროში წარმატების მისაღწევად; საჭიროა ისეთი უნარის განვითარება, როგორიცაა, ემოციური ინტელექტი, ანუ EI. შეიძლება თუ არა ემოციური ინტელექტის „დასწავლა“ თუ ის თანდაყოლილია, ამასთან დაკავშირებით, მკვლევრებში განსხვავებული აზრია:

დანიელ გოლემანის თეორიის მიხედვით, ემოციური ინტელექტი არის დასწავლილი, შეძენილი უნარი, რომელიც ცხოვრების მანძილზე გამოცდილებასთან ერთად ყალიბდება. გოლემანი თვლის, რომ  ემოციური და ზოგადი ინტელექტი თანაბრად მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებისათვის, თუმცა მათ შორის კორელაცია (თანხვედრა) არ არის.[1]

ვფიქრობ, ეს მოცემულობა ისევ იმას ამტკიცებს, რომ ადამიანი დაშორდა თავის პირვანდელ, ნამდვილ, ერთიან ბუნებას და ახლა ცდილობს, როგორმე აღიდგინოს დაკარგული ნაწილი.

და მაინც, რა არის ემოციური ინტელექტი?

ტრადიციულად განიხილავენ, რომ ეს არის საკუთარი ემოციების ამოცნობისა და ანალიზის უნარი, როცა უბრალოდ სახელს კი არქმევ შენს შეგრძნებებს, ემოციებს და გრძნობებს, არამედ შეგიძლია ისინი გამოიკვლიო, გაფილტრო, გაარჩიო და, საბოლოო ჯამში, მართო შენ სასარგებლოდ. როცა ადამიანს შეუძლია თვითანალიზი და თვითგამოკვლევა, ის უფრო ემპათიური ხდება სხვების მიმართაც და შეუძლია, მათივე მოცემულობიდან დაინახოს და შეაფასოს ისინი; ეს კი ნიშნავს სწორ კომუნიკაციას, ეფექტურ სოციალურ ურთიერთობებს და პოზიტიურ დამოკიდებულებებს, რაც სჭირდება ყველას და, განსაკუთრებით, ლიდერებს.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რომ ეს ხომ ისედაც ასე უნდა იყოს და ბუნებრივია? კი, ბუნებრივად ნამდვილად ასე უნდა იყოს და შეუძლებელია, ყველაფრის სწავლა, თუმცა, შესაძლებელია, ყველაფრის დასწავლა.

ახლავე ავხსნი, რას ვგულისხმობ:

ბუნებრივად, ადამიანი გამუდმებულად უნდა იკვლევდეს საკუთარ თავს, სვამდეს კითხვებს, პასუხობდეს…. იფართოებდეს ცნობიერებას…. მაგრამ…? არის ერთი მაგრამ…. მაგრამ ის იმდენად ზედაპირული, დაშტამპული, „მოზეპირე“ გახდა, რომ „ჩიპს“ დაემსგავსა, რომელზეც დატანილია უამრავი ინფორმაცია (როგორც გუგლში), მაგრამ მხოლოდ ინფორმაციაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტი აქვს და აანალიზებს კიდეც. ადამიანი კი პატარა „ჩიპად“,  ხელოვნური ინტელექტის რობოტად იქცა და გამოიდევნა მისგან ნამდვილი ემოციები. ემოციები არ არის პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ემოციები. ეს არის – შეგრძნებები, განწყობები, გრძნობები, ემოციები… რომელთა მეშვეობითაც მუშაობს ინტუიცია; ისევ მივდივართ ორ ნაწილთან: გულსა და გონებასთან, თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროთა ჰარმონიულ განვითარებასთან. მარჯვენა, შემოქმედებითი ნახევარსფერო რომ ჩვენი განათლების სისტემით „დაჩაგრული“ გვყავს, – ეს არახალია; მარცხენა ნახევარსფეროს კი აქტიურად ვამუშავებთ: სწავლა-დასწავლა, ლოგიკა, ანალიტიკა და ასე შემდეგ. შემოქმედებითობა კი არ ისწავლება, ის შეიძლება მხოლოდ გააღვიძო და განავითარო; ზუსტად ასე: ემოციური ინტელექტი. შეუძლებელია, ემოციური ინტელექტი „ისწავლო“, თუმცა, აქვე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, „დაისწავლო“, მაგრამ ეს არ იქნება ბუნებრივი. მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, რომ „ძალიან მიყვარხარ“ – ეს იქნება დასწავლილი სიტყვები, რომლებიც მუშაობენ, როგორც სიგნალები და აღძრავენ უკვე „დასწავლილ“ მნიშვნელობებს, მნიშვნელობები – დასწავლილ ემოციებს და ასე შემდეგ…  რით განსხვავდება „დასწავლილი“ ემოციები ნამდვილი ემოციებისგან? – ამაზე ღირს დაფიქრება და ანალიზი, რადგან, ერთი შემთხვევით, ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ამავე დროს, მე შემიძლია გითხრათ: მე შენ მიყვარხარ და ის გულისხმობდეს მთელი ჩემი სხეულის შეგრძნებებს, გრძნობებს, ემოციებს და არ იყოს მხოლოდ ვერბალური. მაშასადამე, ვერბალურად გამოხატული ემოციები, შეიძლება იყოს მხოლოდ სიგნალები და შეიძლება იყოს სხეულის შეგრძნებათა ნიშანი.

თუ გეჩვენებათ, რომ სამყარო მეტწილად ვერბალური გახდა, შემიძლია (არ) დაგამშვიდოთ, რომ არ გეჩვენებათ! სხვა შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა, „ემოციური ინტელექტის“ უნარების შეძენაზე გვეზრუნა.

აქვე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ემოციური ინტელექტი ბუნებრივად ყველას აქვს, ის არ ისწავლება, უბრალოდ, დაგვჭირდა მისი გაღვიძება, გახსენება…  დაზეპირებული ცხოვრებიდან შემოქმედებით პარადიგმაში უნდა გადავიდეთ, რადგან ინფორმაციას მხოლოდ ემოცია აცოცხლებს და ხდის ნამდვილს. ის ემოცია, რომელიც სიტყვა-სიგნალებში კი არა, სხეულში ცხოვრობს; ვერბალური აღწერა –  ეს მხოლოდ ლექსიკონების საქმეა და არა ცოცხალი ადამიანის.

საიდან უნდა დავიწყოთ ემოციური ინტელექტის გაღვიძება? რა თქმა უნდა, იქიდან, სადაც „მოვკალით“. დიახ, ბავშვობიდან, სკოლიდან და, საერთოდ,  განათლებიდან.

როგორ და რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს მეტად აქვს განვითარებული ემოციური ინტელექტი, ზოგს კი – ნაკლებად ან საერთოდ არა?

როგორც მკვლევრები მიუთითებენ, ემოციურ ინტელექტზე დიდ გავლენას ახდენს ადრეული ბავშვობის გამოცდილება. ბავშვებს, რომლებიც არ იღებენ ადეკვატურ ემოციურ მხარდაჭერას, ვალიდაციას და ჯანსაღი ემოციური ქცევის მოდელირების ჩვევას, შეიძლება გაუჭირდეთ ძლიერი EI-ს განვითარება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე განათლება და გარემო: სკოლები და გარემო, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ აკადემიურ ან ტექნიკურ უნარებს და ნაკლებად არიან ორიენტირებულები  სოციალურ-ემოციურ სწავლებაზე, შესაბამისად, ვერ უვითარებენ მოსწავლეებს ემოციურ ინტელექტს;

კულტურული ნორმებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს ემოციური ინტელექტის განვითარებას; მაგალითად, ქართულ კულტურაში ასეთი „ნორმები“: „კაცები არ ტირიან“. „ქალივით იქცევი“, „ემოციური ადამიანია“ – რაც ძირითადად „გიჟის“ სინონიმად გამოიყენება… მსგავსი შაბლონები აკავებს ემოციურ თვითგამოხატვას, შესაბამისად, არ არის გაცნობიერებაც.

თვითშეგნებისა და რეფლექსიის ნაკლებობის/არქონის გამო  ინდივიდებს შეიძლება არ განუვითარდეთ ემოციური ინტელექტისთვის აუცილებელი უნარები.

რა გავაკეთოთ და საიდან დავიწყოთ ვარჯიში ემოციური ინტელექტის გასაღვიძებლად?

ემოციური ინტელექტის (EI) გაუმჯობესება გულისხმობს თვითშემეცნების, თვითრეგულირების, მოტივაციის, თანაგრძნობისა და სოციალური უნარების გაძლიერებას.

თითოეული უნარისთვის კი განსხვავებული სავარჯიშოებია საჭირო. დავიწყოთ მარტივით: 

სავარჯიშო თვითშემეცნებისთვის 

ყოველდღე, დღის ბოლოს, დაუთმეთ 10-15 წუთი და ჩაწერეთ თქვენი ემოციები. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რას გრძნობდით დღის განმავლობაში და რატომ გრძნობდით? გამოიკვლიეთ თქვენი ემოციები და მისი წყარო.

ეს დაგეხმარებათ ამოიცნოთ შაბლონები თქვენს ემოციებში და გაიგოთ ტრიგერების შესახებ.

პ.ს. მასწავლებლებს ლიტერატურის გაკვეთილზე შეგიძლიათ, გაამდიდროთ თქვენი დავალებები ემოციური ინტელექტის სავარჯიშოებით.

უფრო დაწვრილებით შემდეგ წერილში გესაუბრებით.

[1] Goleman, 1995 Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ

მშვიდობის ანატომია

0

არბინგერის ინსტიტუტის გამოცემა „მშვიდობის ანატომია“ (The Anatomy of Peace: Resolving the Heart of Conflict, by The Arbinger Institute) კონფლიქტის რაობის, ბუნებისა და გადაწყვეტის წარმატებულ და წარუმატებელ მცდელობებს ეხება.

წიგნში მნიშვნელოვანი საკითხები ერთგვარ სიუჟეტურ ქარგაშია მოქცეული. ორ მეგობარს, არაბ იუსუფ ალ-ფალაჰსა და ებრაელ ავი როზენს, მოზარდთა ბანაკი აქვთ ორგანიზებული. რთული ქცევის მოზარდებს ისინი ორი თვით იღებენ, კარვებში აცხოვრებენ, ცივილიზაციისგან მოშორებით თვითგადარჩენის უნარებს უვითარებენ და საკუთარ თავთან ურთიერთობას ასწავლიან იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ სხვებთან ურთიერთქმედება.

ტექსტი იწყება იმით, რომ ბანაკში შვილებთან ერთად ჩადის რამდენიმე ოჯახი. ორგანიზატორები ორი დღის განმავლობაში მშობლებთან მუშაობენ. საუბრის, დიალოგის, მსჯელობის, დისკუსიისა და ამბის თხრობა-განხილვის მეთოდების გამოყენებით ავი და იუსუფი მშობლებთან ერთად ამუშავებენ ისეთ საგულისხმო საკითხებს, როგორებიცაა:

  • რა არის კონფლიქტი და რა წარმოშობს მას?
  • რატომ „ვეომებით“ საკუთარი ოჯახის/საზოგადოების წევრებს იმის ნაცვლად, რომ მივმართოთ ძალა, ენერგია, ემოციური რესურსი კონსტრუქციული შედეგისკენ?
  • როგორ გავუგოთ მათ, ვისიც არ გვესმის, ვისი ქმედებებიც მიუღებელი ან გამაღიზიანებელია?
  • რა ხდება, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ არა დაპირისპირებაზე, არამედ შეთანხმებაზე?
  • წაგებულია თუ არა „ომი“, თუკი დათმობის, უკანდახევის, შეყოვნების ან გაცხადება-გაცნობიერების ტაქტიკას ვირჩევთ?

წიგნი საინტერესოდ იკითხება და იმათგანია, კითხვისას თეზისების ამოწერის სურვილს რომ ბადებს. ბევრ მომენტში მკითხველი ცხადად წარმოიდგენს საკუთარ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რადგან ქცევის ის მოდელები, რომლებსაც ავი და იუსუფი განიხილავენ, უნივერსალურია და მუდმივად გვხვდება ადამიანურ ურთიერთობებში.

ჩვენთვის, როგორც მასწავლებლებისთვის, კონფლიქტური სიტუაციების ჯეროვნად მართვა გადამწყვეტი მნიშვნელობის უნარია. მასწავლებელს ურთიერთობა უწევს რამდენიმე კლასთან. კლასებში, სულ მცირე, 25 მოსწავლეა. დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან ინტერაქცია, მათთვის სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, გეგმების შემუშავება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა გვიწევს. ეს კოლოსალურ ემოციურ რესურსს საჭიროებს და თითოეულს გვჭირდება მხარდაჭერა, ამ ემოციური რესურსის შევსება, იმის ცოდნა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციურ ამოცანებს. როდესაც არის შემუშავებული საინტერესო და ქმედითი მოდელები, მათი ცოდნა სწორედ ასეთ მხარდამჭერ სამარჯვად იქცევა. წინამდებარე წერილში გიზიარებთ ერთგვარ კონსპექტს, ამონარიდებსა და მნიშვნელოვან გზავნილებს ამ სასარგებლო და საჭირო წიგნიდან.

 

მტყუან-მართალი

„დაფიქრდით, ოდესმე გქონიათ კონფლიქტი ადამიანთან, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია არასწორია?“ – ეკითხება იუსუფი ერთ-ერთ გმირს, რომელიც გამოირჩევა აგრესიული მიმართებებით, ხშირად ავლენს ძალაუფლების დემონსტრირების სურვილს.

ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. კამათისა და დაპირისპირებისას, კონფლიქტურ სიტუაციაში თითოეული მხარე ანთებულია ერთადერთი და ყოვლისმომცველი განცდით – მართალი ვარ მე! მტყუანი არის ოპონენტი. კონფლიქტი დარეგულირდება, თუ ის შეიცვლება/შეიცვლის პოზიციას/თვალსაზრისს და სრულად დამეთანხმება; იფიქრებს და იმოქმედებს ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად. ასეთი ხედვა წამგებიანი და არარეალისტურია. ეს ბინარული მოცემულობა ჩიხურია.

კვლავ ციტატა წიგნიდან: „ცვლილებები ვერ განხორციელდება მხოლოდ ქცევითი სტრატეგიებით. მშვიდობა შინ, სამსახურში, ხალხებს შორის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გავაერთიანებთ გონივრულ გარეგან ზემოქმედების სტრატეგიას შინაგან მშვიდობასთან“.

შინაგანი მშვიდობა, წიგნის ავტორების აზრით, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ინარჩუნებს ჰუმანურობას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და აღიარებული ფასეულობებია მისი ორიენტირები და ის არ მოქმედებს განადგურების, დაჩაგვრის, განსხვავებულის გაჩანაგების/უპირობოდ დამარცხების/ სურვილით ანთებული. მას არ ამოძრავებს საკუთარი სიმართლის უპირობოდ დამტკიცების ჟინი, მისი ქმედებებისა და სიტყვების განმსაზღვრელი არ არის ემოციები: ბრაზი, წყენა, ბოღმა.

რა შეიძლება მოვინიშნოთ ჩვენ, მასწავლებლებმა?

მოსწავლესთან კონფლიქტის დროს მასწავლებელი არის ის, ვინც ზრდასრულის პოზიცია უნდა დაიკავოს. სწორედ მასწავლებლის, ზრდასრულის მოვალეობაა, იმოქმედოს „შინაგანი მშვიდობითა და გონივრული სტრატეგიით“ შეიარაღებულმა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვები:

  • რა არის ჩემი ამ მოსწავლესთან დაპირისპირების მიზეზი?
  • რის მიღწევასაც ვცდილობ, მიღწევადია?
  • როგორ გააუმჯობესებს ჩემი მოთხოვნების უპირობო შესრულება მოსწავლის მდგომარეობას? იქნება ეს მისთვის სასიკეთო?
  • საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი მამოძრავებს თუ მოსწავლის კეთილდღეობა?
  • რატომ იქცევა მოსწავლე ასე? რა ძალა ზემოქმედებს მასზე?
  • რა ემოციები/გრძნობები/იმპულსები მამოძრავებს მე?
  • გვაქვს თუ არა გადაკვეთის წერტილი, საიდანაც შევძლებდით მოლაპარაკების წარმოებას? მესმის თუ არა მისი პოზიციის?

 

ტრიუკები

„კონფლიქტისას, ისევე, როგორც ილუზიონისტის ტრიუკისას, მნიშვნელოვანი რამ იქ ხდება, საითაც არავინ იცქირება. ჩვენ გვგონია, რომ კონფლიქტის მხარეებს სურთ კონფლიქტის აღმოფხვრა, მაგრამ ეს ასეა მხოლოდ ნაწილობრივ. რეალურად, თითოეული მხარე მხოლოდ იმას მოელის, რომ შეიცვლება მეორე მხარის მიმართება იმდენად რადიკალურად, რომ კონფლიქტი აორთქლდება, თავისთავად აღმოიფხვრება“.

მართლაც საინტერესო დაკვირვებაა. კონფლიქტში მონაწილე მხარეები ფორმალურად აცხადებენ სურვილს, „დამყარდეს მშვიდობა“, რეალურად კი, ქმედებებითა თუ სიტყვებით, უმეტესწილად, პროვოცირებას უწევენ იმ თვისებების წარმოჩენა-გაძლიერებას, რომლებიც ამწვავებენ კონფლიქტს. მხარეები გადაუწყვეტელი კონფლიქტის განგრძობითობისას აქტიურად არიან დაკავებულები კონფლიქტის გაღვივებითა და შენარჩუნება-გაძლიერებით; კვებავენ და „სათუთად“ ზრდიან იმ პრობლემებს, რომლებსაც თითქოს ებრძვიან.

ეს ნიშნავს, რომ სანამ ჩვენს შინაგან ემოციურ მდგომარეობას არ დავარეგულირებთ, სანამ მშვიდობას საკუთარ თავში არ ვიპოვით, მანამდე გაგვიჭირდება დადანაშაულება-ბრალდების მარწუხებიდან თავის დაღწევა. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები ხშირად გადავსებულები ვართ ამ განცდით და ადგილს არ ვტოვებთ მშვიდობიანი იმპულსებისთვის. თუ ოპონენტს აღვიქვამთ, როგორც ობიექტს, ვირჩევთ დაპირისპირებას, ვიქცევით ისე, როგორც მიგვაჩნია სწორი, ვამართლებთ საკუთარ საქციელს, მაშინ… აუცილებლად მოვძებნით ბევრ წონიან არგუმენტს საკუთარ სიმართლეში დასარწმუნებლად. ამის პარალელურად, სხვას, ოპონენტს „ვამკობთ“ (საკუთარ თვალში ან სხვების თანდასწრებით) იმ თვისებებით, რომლებიც გვაღიზიანებს, რომელთა გამოსწორებაც „გვინდა“, ვარტყამთ ბეჭედს „გადახედვას არ ექვემდებარება!“ და ამ ფიქსირებული იარლიყით ვაგრძელებთ, ვაძლიერებთ კონფლიქტს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ენერგია, რესურსი მიემართება არა პრობლემის/კონფლიქტის სათავის, მიზეზის აღმოფხვრას, არამედ დამდგარ შედეგებთან გამკლავებას. ეს გამომფიტავი და არაკონსტრუქციული ქმედებაა.

ჩაკეტილი წრე, ანუ თავდახურული ყუთი სულისშემხუთველია

წიგნში ავტორები ამუშავებენ თავდახურული ყუთის მეტაფორას. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც მცდარი წარმოდგენების ან საკუთარი სიმართლის ტყვეობაშია, იმას ჰგავს, ვინც თავდახურულ ყუთშია მოთავსებული, სული ეხუთება, მაგრამ ამოსვლას არ ლამობს, იქვე იხრჩობა. იმისთვის, რომ  ამ მდგომარეობიდან თავი დავიხსნათ, მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ „ყუთის“ არსებობა. წიგნში ჩამოთვლილია რამდენიმე ნიშანი, სიმპტომი, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ან ყუთში ვართ, ან იქ „მყუდროდ“ განსათავსებლად ვემზადებით. ეს ნიშნებია:

  • სხვების ბრალეულობაზე აქცენტირება – დამნაშავე ყოველთვის სხვაა!
  • დამნაშავეების „გაშავების“ სურვილი და მცდელობები (სადაც ხელი მიგვიწვდება, ვაშავებთ და ვადანაშაულებთ).
  • ემოციურად ის, რასაც განვიცდით, ახლოსაა ბრაზთან, ზიზღთან, ბოღმასთან. ეს შინაგანი მდგომარეობა ხანგრძლივად გვინარჩუნდება ოპონენტის მიმართ და არ ნელდება.

შეყოვნება, განზე გადგომა, აბსტრაჰირება და კრიტიკული თვითრეფლექსია ასეთ შემთხვევაში ფასდაუდებელი გამოცდილებაა. თუ ყუთში სული გვეხუთება, აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ და ვუშველოთ თავს.

სუფთა ჰაერი

თუკი გამოგვივა „დიაგნოსტირება“ და აღმოვაჩენთ სათანადო სიმპტომს, ეს უკვე ერთგვარი ჭუჭრუტანაა, თავდახურულ ყუთში სუფთა ჰაერის შემოსვლის საშუალება. ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ, განსხვავებულად შევხედოთ პრობლემას, კონფლიქტს. არ ვეძებოთ საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი საბუთები (რომლებსაც აუცილებლად ვიპოვით), არამედ შევეცადოთ შევქმნათ სივრცე ურთიერთობისთვის.

კონფლიქტი საინტერესო მოცემულობაა საკუთარ თავზე დაკვირვებისა და შინაგანი სამყაროს კვლევისთვის. როგორ ვიქცევით კონფლიქტისას? „ვკარგავთ სახეს“ და გადავიქცევით ნეგატიური ემოციების მიერ მართულ მარიონეტად (თვალსაჩინოებისთვის წარმოვიდგინოთ ილუსტრაცია: გაფარჩხული თითები, ძარღვებდაბერილი ყელი, აწითლებული და გაკაპასებული სახე, ალმურმოდებული ლოყები, დუჟმომდგარი პირი, მუშტმომართული ხელი და ეს არსება სიმართლისა და ჭეშმარიტების დაცვის სადარაჯოზე…) თუ „ვინარჩუნებთ სახეს“ (ნებას ვრთავთ საკუთარ თავს, შევიგრძნოთ და გავითავისოთ ბრაზიც, წყენაც, სხვა ნეგატიური ემოციებიც), შემდეგ კი ვიქცევით კეთილგონიერ ზრდასრულად და ვიწყებთ მოგვარებაზე ზრუნვას? წიგნში საკმაოდ თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ორივე სცენარი.

როდესაც საქმე მიდგება მოგვარებაზე, ის კი არაა მნიშვნელოვანი, ვინაა მართალი, უმწიკვლო, სწორი და ვინ ღაღადებს ჭეშმარიტებას, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რა მეთოდებს იყენებს მხარე მოგვარებისთვის ან გამწვავებისთვის. „თქვენ შეიძლება იყოთ ცამდე მართალი და არ ეთანხმებოდეთ მცდარს, მიუღებელს, მაგრამ ის, თუ როგორ გამოხატავთ ამას, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის“.

 

 

ქუთაისი გულშია

0

ჯერ დავთანხმდი, შემდეგ გადავიფიქრე, მერე გადაფიქრება ვინანე და ხელმეორედ შეთავაზებას დაუფიქრებლად დავეთანხმე.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ყოველწლიური მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენცია „ოქროს რიცხვის“ ქუთაისში ორგანიზებულ ე.წ. „დასავლეთის კონფერენციაში“ მონაწილეობაზე ვსაუბრობ.

ბოლო ორი წელია, ჩემი გრაფიკი ძალიან გადაიტვირთა. შრომა არასდროს მეზარება, მაგრამ ვიღლები. ჰოდა, თავიდან ქუთაისში წასვლა ვიუარე, შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ვესტუმრებოდი ამ მშვენიერ ქალაქსა და გულღია ხალხს. ჰოდა, აგერ მინი-ავტობუსში ვზივარ და მთელ ამალა ქიმიკოსებთან ერთად ქუთაისში მივდივარ.

როგორი გზაა იცით? მინდვრები სულ წითელ ყაყაჩოებში გარეული რაღაც უცნაური იისფერი ყვავილებით ლივლივებს.

თქვენ ქიმიკოსებზე რა აზრის ბრძანდებით? უმეტესობაზე მძიმე შთაბეჭდილებას ვტოვებთ. ხისტი და თითქოს უხეშებიც ვართ, მაგრამ ჩვენზე გულჩვილი ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. აბა სხვა რით ახსნით, რომ მთელი ერთი ავტობუსი ქიმიკოსები ამ ყვავილებს შევერიეთ, ბოლომდე რომ შეგვეგრძნო მათი სილამაზე.

უკაცრავად, შევერიეთ-მეთქი, წამომცდა… მე მხოლოდ სამარშრუტო ავტობუსის ფართოდ გახსნილი კარებიდან ვტკბებოდი. ყვავილებთან ჩასახუტებლად ცოტა მაღალ ჯებირს უნდა გადავხტომოდი და დამეზარა… სამაგიეროდ, ჩემზე ყოჩაღებმა გული იჯერეს.

ჩვენი მოგზაურობა ივნისის დასაწყისში შედგა. ივნისში ჩემგან დედა წავიდა. მართალია, მეხუთე წელი დაიწყო, მაგრამ ივნისი დადგება თუ არა, განცდებს ვერ ვუმკლავდები. „ის“ დღე რაც ახლოვდება, ჩემი ვნებათაღელვაც მატულობს, პიკს აღწევს და იფუშება, რომ ერთი წლის შემდეგ თავიდან დაიწყოს ყველაფერი. გარეგნულად არაფერი მეტყობა, რადგან ტატოსი არ იყოს, „ადამიანებს მხიარული სჭირდები“. ამიტომაცაა ძნელად გადასახარში. ჰოდა, ასეთი რთული თვის დასაწყისში, ქუთაისში ჩასვლიდან რამდენიმე საათში „მოწამეთაში“ რომ აღმოვჩნდი, წყალწითელას ჩავხედე და იქაური ჰაერი შევისუნთქე, თითქოს სულ ოდნავ გულზე მომეშვა.

თავად კონფერენცია მეორე დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შედგა. უამრავი საინტერესო კვლევა იყო წარმოდგენილი. უამრავი გულანთებული და მოტივირებული მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც დაუზარლად გვაცნობდნენ თავიანთი კვლევის მეთოდებსა და შედეგებს.

თუმცა მანამდე, სასტუმროს ლამაზ ეზოში, ასეთივე ლამაზმა დიასახლისმა ჩვენი ჯგუფისთვის საგულდაგულოდ მომზადებული ვახშამი გაშალა და გვითხრა – მწვადი შეპიწკინდება თუ არა, დავსხდეთო.

როგორი სურნელი დადგა იცით?

ლაბორატორიაში მწვადი არა, მაგრამ გემრიელი სუნის მქონე რეაქცია შეგვიძლია ჩავატაროთ. ამისთვის ავდგეთ და აფთიაქში ამინმჟავა გლიცინი შევიძინოთ. პროტეინგენური ამინმჟავაა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში შემავალ ოცეულში შედის. მის აბებს სტრესის ფონზე, ან გადაღლილი ტვინის დროს სვამენ. სინჯარაში მოვათავსოთ ათიოდე აბი. დავამატოთ წყლის ისეთი რაოდენობა, რომ გლიცინის აბები კი არ გაიხსნას, უბრალოდ დარბილდეს. ცალკე სინჯარაში მოვამზადოთ ნატრიუმის ტუტის ნაჯერი ხსნარი.

დავუბრუნდეთ სინჯარას, სადაც გლიცინის აბები და წყალია. დავუმატოთ 3-4 მლ ნატრიუმის ტუტის ნაჯერი ხსნარი. სინჯარის შემცველობა მუქ თეთრ მღვრიე შეფერილობას მიიღებს. ამის შემდეგ დავამატოთ ასევე აფთიაქში ნაყიდი გლუკოზას ხსნარი. სამი ამპულა შეგიძლიათ ჩაცალოთ. ახლა მთელი ეს ნარევი უნდა ვადუღოთ. ჰოდა, დუღილი, რომ თანაბრად წარიმართოს, კარგი იქნება, თუ თიხის ან მინის მცირე ნამტვრევებს ჩავყრით (დუღილის ცენტრის როლს შეასრულებს). თიხა ფორებიანი მასალაა და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, სითხის ამოშხეფებას ხელს შეუშლის. გაცხელებიდან ცოტა ხანში სინჯარაში დუღილი დაიწყება. სინჯარის შიგთავსი ჯერ ყვითელი ფერის გახდება, რასაც სუნის განვითარებაც ერთვის. მჭადის სუნს შევადარებდი. თუმცა, შოთის სურნელიც შეიძლება მოგვაგონოს. ფერის ცვლილება და სუნი რეაქციაზე მეტყველებს. წყლის დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსია, გლიცინის 230, შაქრის კი 440. გაცხელების პროცესში, პირველ რიგში მიიღწევა წყლის დუღილის ტემპერატურა და წყალი აორთქლებას დაიწყებს. სხვა ნივთიერებების დუღილის ტემპერატურა, უფრო მაღალია, ამიტომ სინჯარის შიგთავსი დუღილს გააგრძელებს. როდესაც ტემპერატურა 110 გრადუსს მიაღწევს, იწყება ქიმიური რეაქცია ამინმჟავებსა და შაქრებს შორის, რომელსაც მაიერის რეაქცია ეწოდება.

რეაქციის დასაწყისში მარტივ შაქარ გლუკოზას ხსნართან ერთად, სარეაქციო ნარევს ნატრიუმის ტუტეც დავამატეთ. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს იზომერიზაციის რეაქციას, რომლის შედეგადაც გლუკოზას გარკვეული ნაწილი ასევე მარტივ შაქრად, ფრუქტოზად გარდაიქმნება. ქიმიურად, რომ ვთქვათ, ამ პროცესს „ლობრი დე ბრუინ-ვან ეკენშტეინის გადაჯგუფება“ ეწოდება. ასე რომ, სინჯარაში გვაქვს გლიცინი, წყალი (ნაწილი ჯერ ისევ ასაორთქლებელი), გლუკოზა და ფრუქტოზა. გლიცინი ხსნარში ბიპოლარული იონის, ანუ ცვიტერ იონის სახითაა. ამ დროს კარბოქსილის ჯგუფიდან წყალბადი უკავშირდება ამინო ჯგუფს და H3N+ წარმოქმნის. არადა, რეაქციისთვის თავისუფალი ამინო ჯგუფია საჭირო NH2. ამაშიც ტუტე რეაქცია დაგვეხმარება, ანუ ნატრიუმის ტუტის დამატება. ნატრიუმი კარბოქსილს უკავშირდება და ამინო ჯგუფი თავისუფალი რჩება. ანუ, გამოდის, რომ სარეაქციო არეში თავისუფალი გლიცინი კი არა, მისი ნატრიუმის მარილი გვაქვს კარბოქსილის ჯგუფის მიხედვით. 110 გრადუსზე გლიცინის ნატრიუმის მარილის ამინოჯგუფი ურთიერთქმედებს გლუკოზასთან ან ფრუქტოზასთან და იწყება მარტივი ნახშირწყლის და ამინომჟავას კონდენსაცია. იგივე მაიერის რეაქცია, ან უფრო კონკრეტულად მაიერის რეაქციის სამი სტადიიდან პირველი. პროდუქტად ვიღებთ N-ჩანაცვლებულ გლიკოზილამინს. ეს პროდუქტი მაშინვე გადაჯგუფებაში ერთვება და წარმოიქმნება ამინო დეზოქსიკეტოზა. მეორე და მესამე ეტაპებზე უამრავი თანარეაქცია მიმდინარეობს და საბოლოო პროდუქტი მელანოიდინებია (აზოტშემცველი, ყავისფერი შეფერილობის მაკრომოლეკულები). ამიტომ, სინჯარის შემცველობა მთლიანად ყავისფერი გახდება.

სხვათა შორის, მაიერის რეაქცია შესაძლოა ადამიანის ორგანიზმშიც განვითარდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ძალიან ბევრ შაქარს მიირთმევს (ან სულაც დიაბეტი აქვს). ბუნებრივია, ჩვენთვის ეს პათოლოგიური პროცესი იქნება, რადგან რეაქციის დროს უამრავი თანაური პროდუქტი წარმოიქმნება. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენს ორგანიზმში პროცესი ფერმენტულად წარიმართება და გაცხელება არ იქნება საჭირო.

თუმცა, დავუბრუნდეთ სინჯარას. თუ მის დუღილს გავაგრძელებთ, ტემპერატურა 160 გრადუსამდე აიწევს და გლუკოზას კარამელიზაცია დაიწყება. ამ ეტაპზე სურნელიც შეიცვლება და ახლად დაფქული ყავის სუნი დადგება. თუ პროცესს ისევ განვაგრძობთ, მაშინ სურნელი ახლად გამომცხვარ ნამცხვარს ან ფუნთუშას მიემსგავსება. ამ სურნელს აქროლადი თანაპროდუქტები აცეტილ პიროლინი, აცეტილ პიროზინი, აცეტილ ტეტრაჰიდროპირინი და ა.შ. ავრცელებენ.

ევოლუციის პროცესში ასე ჩამოყალიბდა, რომ თერმულად დამუშავებული საკვებიდან წამოსული სურნელი ჩვენი ცხვირის რეცეპტორებს აღაგზნებს და ტვინიც „მხიარულდება“, გამოთავისუფლდება ბედნიერების ჰორმონები და „ჩვენც“ გემრიელი სადილ-ვახშმისთვის ვემზადებით.

 

ზემოთ მწვადზე მოგახსენებდით, თუმცა ჩატარებული რეაქციით ნამცხვრის სურნელი მივიღეთ. ეგ არაფერი, გლიცინ-გლუკოზის ნაცვლად სერინ-ლაქტოზა აიღეთ და ეგ არის.

 

უკვე თბილისში, უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტს ველოდებოდი, როდესაც ჩემი ყურადღება იქვე კედელზე სტუდენტების მიერ დაწერილმა წარწერებმა მიიპყრო.

ქუთაისი გულშია – დაუწერია ვიღაცას.

თელავიც გულშია – მიუწერია სხვას.

 

არ ვარ მე საჯარო აკადემიურ სივრცეში კედლებზე წერის მომხრე, მაგრამ სადმე სხვა ადგილას მეც მივაწერდი:

 

საქართველოა მთლიანად გულში! აი, ასე!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...