კვირა, ოქტომბერი 27, 2024
27 ოქტომბერი, კვირა, 2024

ემოციური ინტელექტი  განათლებაში

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ემოციურ ინტელექტზე: რომ მხოლოდ ინტელექტი IQ  საკმარისი აღარ არის თანამედროვე რთულ და გამოწვევებით სავსე სამყაროში წარმატების მისაღწევად; საჭიროა ისეთი უნარის განვითარება, როგორიცაა, ემოციური ინტელექტი, ანუ EI. შეიძლება თუ არა ემოციური ინტელექტის „დასწავლა“ თუ ის თანდაყოლილია, ამასთან დაკავშირებით, მკვლევრებში განსხვავებული აზრია:

დანიელ გოლემანის თეორიის მიხედვით, ემოციური ინტელექტი არის დასწავლილი, შეძენილი უნარი, რომელიც ცხოვრების მანძილზე გამოცდილებასთან ერთად ყალიბდება. გოლემანი თვლის, რომ  ემოციური და ზოგადი ინტელექტი თანაბრად მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებისათვის, თუმცა მათ შორის კორელაცია (თანხვედრა) არ არის.[1]

ვფიქრობ, ეს მოცემულობა ისევ იმას ამტკიცებს, რომ ადამიანი დაშორდა თავის პირვანდელ, ნამდვილ, ერთიან ბუნებას და ახლა ცდილობს, როგორმე აღიდგინოს დაკარგული ნაწილი.

და მაინც, რა არის ემოციური ინტელექტი?

ტრადიციულად განიხილავენ, რომ ეს არის საკუთარი ემოციების ამოცნობისა და ანალიზის უნარი, როცა უბრალოდ სახელს კი არქმევ შენს შეგრძნებებს, ემოციებს და გრძნობებს, არამედ შეგიძლია ისინი გამოიკვლიო, გაფილტრო, გაარჩიო და, საბოლოო ჯამში, მართო შენ სასარგებლოდ. როცა ადამიანს შეუძლია თვითანალიზი და თვითგამოკვლევა, ის უფრო ემპათიური ხდება სხვების მიმართაც და შეუძლია, მათივე მოცემულობიდან დაინახოს და შეაფასოს ისინი; ეს კი ნიშნავს სწორ კომუნიკაციას, ეფექტურ სოციალურ ურთიერთობებს და პოზიტიურ დამოკიდებულებებს, რაც სჭირდება ყველას და, განსაკუთრებით, ლიდერებს.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რომ ეს ხომ ისედაც ასე უნდა იყოს და ბუნებრივია? კი, ბუნებრივად ნამდვილად ასე უნდა იყოს და შეუძლებელია, ყველაფრის სწავლა, თუმცა, შესაძლებელია, ყველაფრის დასწავლა.

ახლავე ავხსნი, რას ვგულისხმობ:

ბუნებრივად, ადამიანი გამუდმებულად უნდა იკვლევდეს საკუთარ თავს, სვამდეს კითხვებს, პასუხობდეს…. იფართოებდეს ცნობიერებას…. მაგრამ…? არის ერთი მაგრამ…. მაგრამ ის იმდენად ზედაპირული, დაშტამპული, „მოზეპირე“ გახდა, რომ „ჩიპს“ დაემსგავსა, რომელზეც დატანილია უამრავი ინფორმაცია (როგორც გუგლში), მაგრამ მხოლოდ ინფორმაციაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტი აქვს და აანალიზებს კიდეც. ადამიანი კი პატარა „ჩიპად“,  ხელოვნური ინტელექტის რობოტად იქცა და გამოიდევნა მისგან ნამდვილი ემოციები. ემოციები არ არის პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ემოციები. ეს არის – შეგრძნებები, განწყობები, გრძნობები, ემოციები… რომელთა მეშვეობითაც მუშაობს ინტუიცია; ისევ მივდივართ ორ ნაწილთან: გულსა და გონებასთან, თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროთა ჰარმონიულ განვითარებასთან. მარჯვენა, შემოქმედებითი ნახევარსფერო რომ ჩვენი განათლების სისტემით „დაჩაგრული“ გვყავს, – ეს არახალია; მარცხენა ნახევარსფეროს კი აქტიურად ვამუშავებთ: სწავლა-დასწავლა, ლოგიკა, ანალიტიკა და ასე შემდეგ. შემოქმედებითობა კი არ ისწავლება, ის შეიძლება მხოლოდ გააღვიძო და განავითარო; ზუსტად ასე: ემოციური ინტელექტი. შეუძლებელია, ემოციური ინტელექტი „ისწავლო“, თუმცა, აქვე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, „დაისწავლო“, მაგრამ ეს არ იქნება ბუნებრივი. მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, რომ „ძალიან მიყვარხარ“ – ეს იქნება დასწავლილი სიტყვები, რომლებიც მუშაობენ, როგორც სიგნალები და აღძრავენ უკვე „დასწავლილ“ მნიშვნელობებს, მნიშვნელობები – დასწავლილ ემოციებს და ასე შემდეგ…  რით განსხვავდება „დასწავლილი“ ემოციები ნამდვილი ემოციებისგან? – ამაზე ღირს დაფიქრება და ანალიზი, რადგან, ერთი შემთხვევით, ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ამავე დროს, მე შემიძლია გითხრათ: მე შენ მიყვარხარ და ის გულისხმობდეს მთელი ჩემი სხეულის შეგრძნებებს, გრძნობებს, ემოციებს და არ იყოს მხოლოდ ვერბალური. მაშასადამე, ვერბალურად გამოხატული ემოციები, შეიძლება იყოს მხოლოდ სიგნალები და შეიძლება იყოს სხეულის შეგრძნებათა ნიშანი.

თუ გეჩვენებათ, რომ სამყარო მეტწილად ვერბალური გახდა, შემიძლია (არ) დაგამშვიდოთ, რომ არ გეჩვენებათ! სხვა შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა, „ემოციური ინტელექტის“ უნარების შეძენაზე გვეზრუნა.

აქვე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ემოციური ინტელექტი ბუნებრივად ყველას აქვს, ის არ ისწავლება, უბრალოდ, დაგვჭირდა მისი გაღვიძება, გახსენება…  დაზეპირებული ცხოვრებიდან შემოქმედებით პარადიგმაში უნდა გადავიდეთ, რადგან ინფორმაციას მხოლოდ ემოცია აცოცხლებს და ხდის ნამდვილს. ის ემოცია, რომელიც სიტყვა-სიგნალებში კი არა, სხეულში ცხოვრობს; ვერბალური აღწერა –  ეს მხოლოდ ლექსიკონების საქმეა და არა ცოცხალი ადამიანის.

საიდან უნდა დავიწყოთ ემოციური ინტელექტის გაღვიძება? რა თქმა უნდა, იქიდან, სადაც „მოვკალით“. დიახ, ბავშვობიდან, სკოლიდან და, საერთოდ,  განათლებიდან.

როგორ და რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს მეტად აქვს განვითარებული ემოციური ინტელექტი, ზოგს კი – ნაკლებად ან საერთოდ არა?

როგორც მკვლევრები მიუთითებენ, ემოციურ ინტელექტზე დიდ გავლენას ახდენს ადრეული ბავშვობის გამოცდილება. ბავშვებს, რომლებიც არ იღებენ ადეკვატურ ემოციურ მხარდაჭერას, ვალიდაციას და ჯანსაღი ემოციური ქცევის მოდელირების ჩვევას, შეიძლება გაუჭირდეთ ძლიერი EI-ს განვითარება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე განათლება და გარემო: სკოლები და გარემო, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ აკადემიურ ან ტექნიკურ უნარებს და ნაკლებად არიან ორიენტირებულები  სოციალურ-ემოციურ სწავლებაზე, შესაბამისად, ვერ უვითარებენ მოსწავლეებს ემოციურ ინტელექტს;

კულტურული ნორმებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს ემოციური ინტელექტის განვითარებას; მაგალითად, ქართულ კულტურაში ასეთი „ნორმები“: „კაცები არ ტირიან“. „ქალივით იქცევი“, „ემოციური ადამიანია“ – რაც ძირითადად „გიჟის“ სინონიმად გამოიყენება… მსგავსი შაბლონები აკავებს ემოციურ თვითგამოხატვას, შესაბამისად, არ არის გაცნობიერებაც.

თვითშეგნებისა და რეფლექსიის ნაკლებობის/არქონის გამო  ინდივიდებს შეიძლება არ განუვითარდეთ ემოციური ინტელექტისთვის აუცილებელი უნარები.

რა გავაკეთოთ და საიდან დავიწყოთ ვარჯიში ემოციური ინტელექტის გასაღვიძებლად?

ემოციური ინტელექტის (EI) გაუმჯობესება გულისხმობს თვითშემეცნების, თვითრეგულირების, მოტივაციის, თანაგრძნობისა და სოციალური უნარების გაძლიერებას.

თითოეული უნარისთვის კი განსხვავებული სავარჯიშოებია საჭირო. დავიწყოთ მარტივით: 

სავარჯიშო თვითშემეცნებისთვის 

ყოველდღე, დღის ბოლოს, დაუთმეთ 10-15 წუთი და ჩაწერეთ თქვენი ემოციები. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რას გრძნობდით დღის განმავლობაში და რატომ გრძნობდით? გამოიკვლიეთ თქვენი ემოციები და მისი წყარო.

ეს დაგეხმარებათ ამოიცნოთ შაბლონები თქვენს ემოციებში და გაიგოთ ტრიგერების შესახებ.

პ.ს. მასწავლებლებს ლიტერატურის გაკვეთილზე შეგიძლიათ, გაამდიდროთ თქვენი დავალებები ემოციური ინტელექტის სავარჯიშოებით.

უფრო დაწვრილებით შემდეგ წერილში გესაუბრებით.

[1] Goleman, 1995 Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“