ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

გულის ენა

0

ამ წიგნის ყიდვისას ვფიქრობდი, რომ სხვისთვის გაყოფა არ მომიწევდა, სოფელში, ივლის-აგვისტოს გრილ საღამოებში მშვიდად წავიკითხავდი. არადა, დავიწყე თუ არა, მაშინვე მომინდა, უხილავი მსმენელის ყურამდე ყველაზე ლამაზი თუ ყველაზე საგულისხმო ფრაზები მიმეწვდინა, სადღაც გამეტყუებინა.
კრებულში კითხვები განგებაა გამოტოვებული. მხოლოდ პასუხებია, რომლებმაც შეწინააღმდეგებაც შეიძლება გაგაბედვინოს და სიხარულიც გაგრძნობინოს: თურმე სწორ ბილიკს გაჰყოლიხარ, გადახვევაც დროულად მოგიხერხებია.
„გაუზავებლად“. მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე. ავტორი – კახა თოლორდავა წინასიტყვაობაში შენიშნავს, რომ ნამდვილ ავტორებად ამ წიგნის 31 რესპონდენტს მიიჩნევს, ჯო ზავინულიდან ჰერბი ჰენკოკამდე. მერე რა, თუ ხანდახან კითხვა მეტად მარტივად ამოსაცნობია, მუქი, განიერი ჩრდილით.
ჯო ზავინული: „მე უკვე ბავშვობაში ვიყავი მუსიკოსი“; „ჩემი პირველი ინსტრუმენტი აკორდეონი იყო, რომელზე დაკვრაც სულ რაღაც წამებში ვისწავლე. უბრალოდ, ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი, რა უნდა მექნა“.
რიჩარდ ბონა: „სამი წლის ვიყავი, როდესაც ის [ბაბუა] მიხვდა, რომ სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე, როდესაც მუსიკას მოვკრავდი ყურს. როცა ჩემ გარშემო მუსიკა არ ისმოდა, აუტანელი ვხდებოდი. ამ დროს ჭამაც კი მავიწყდებოდა“; „ჯერ კიდევ ბავშვობაში ვახერხებდი ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრას ყოველგვარი სწავლების გარეშე. ერთხელ სანაგვეზე ნაპოვნ საქსოფონზე დავუკარი. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, რომელ კლავიშებზე უნდა დამეჭირა თითები“.
მარკუს მილერი: „ჩემებს ვეუბნებოდი, მუსიკოსი მინდა გამოვიდე-მეთქი. დამცინოდნენ. მუსიკოსი ან კალათბურთელი – ეს ყველა ჩემი უბნელი ბიჭის ოცნება იყო. ისე მიყვარდა მუსიკა, რომ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეუბნებოდნენ, მარკუს, შენი მუსიკოსობა თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ არც კი ვუსმენდი. […] საკუთარ თავს ვარწმუნებდი, ეს შესაძლებელია და მე ეს ვიცი-მეთქი“.
მუსიკის გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებად იქცევა. სამუსიკო სასწავლებლებში თუ მის მიღმა წესებს სწავლობენ, მაგრამ იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაარღვიონ.
მონტი ალექსანდერი: „მე მუსიკოსად მილტ ჯექსონმა, რეი ბრაუნმა და დიზი გილესპიმ მაქციეს. მათი მეშვეობით გავიზარდე, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი. სწორად გამიგეთ, ქედს ვიხრი მუსიკალური სასწავლებლებისა და მათი ძალისხმევის წინაშე, მაგრამ ყველამ იცის, რომ მონტი ალექსანდერი მათ ხელში გაუვლელი მუსიკოსია“.
კურტ ელინგი: „ჯონ ჰენდრიქსი მიყვებოდა, როგორ სწავლობდა სიმღერას ათი თუ თერთმეტი წლის ასაკში. არტ ტეიტუმი, დიდი ჯაზ პიანისტი, მისსავე ქუჩაზე ცხოვრობდა და ჯონს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. როდესაც ჯონი გაკვეთილზე მიდიოდა, ტეიტუმი რთულ, არპეჯირებულ ფრაზას უკრავდა და ეუბნებოდა: „აბა, მიდი და გაიმეორე, რაც დავუკარი“.
მუსიკოსები რჩევებსაც უშურველად იძლევიან – თავისას თუ სხვისგან გაგონილს და დამახსოვრებულს.
კრის პოტერი: „ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამეების კეთებაც მოგიწიოს, რაც მსმენელს არ მოეწონება. შეიძლება შენი გაკეთებული არც არავის მოეწონოს, მაგრამ თუ შენ მოგწონს, ბოლომდე უნდა გაჰყვე ამ გზას“.
კრისტიან სკოტი: „ერთხელ დენი ბარკერმა, დიდმა მუსიკოსმა, მითხრა: „შენზე უკეთესად ვერავინ მოახერხებს შენადვე გახდომას!“.
მაიკ სტერნი: „ყველაფერთან ერთად, მუსიკა გულის ენაა. რა თქმა უნდა, მუსიკალური ენის შესწავლისას მუსიკას მის ყველა გამოვლინებაში სწავლობ, მაგრამ მთავარი არ უნდა დაივიწყო – გული! მუსიკა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა, ხოლო ადამიანებს გულიდან გამომავალი ბილიკებით უნდა მიუახლოვდე“.
დასასრულ კი ჰერბი ჰენკოკის მომნუსხველი, გაკვეთილებზე ხშირად გასამეორებელი ახსნა: „ამერიკა ადგილობრივი ინდიელებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მონების ძვლებსა და სისხლზეა აშენებული. სწორედ მათ შექმნეს ის, რასაც ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ. ჯაზი ის მუსიკაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა. მართალია, მონათმფლობელობის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ მონობაზე კი არ გესაუბრებათ, არამედ ადამიანის იმ საოცარ უნარზე, როდესაც ის ყველაზე მძიმე სიტუაციას სასარგებლო გამოცდილებად აქცევს. ჯაზი გესაუბრება პრობლემის შემოქმედებით ენერგიად გარდასახვის შესაძლებლობებზე, საწამლავის წამლად გადაქცევის აუცილებლობაზე“.
მთავარი აქ ითქვა. სხვას გულის ენით გამოხატავენ.

 

ეტიუდი „ერთი ლექსი“ ნეტა რას ტირი, დედილო?

0

ეტიუდი ერთი ლექსი (რაფიელ ერისთავის ნეტა რას სტირი, დედილო?!)

ნეტა რას ტირი, დედილო?

(აღამაჰმადხანის დროის)

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის

მტირალი ქალის ცქერასა.

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას სტირი, ძუძუს ჭირიმე?

ჯარს იძახიან, დედილო –

სად არი ჩემი ხირიმი?

თათარი შემოგვსევია,

სწავს და აოხრებს ქვეყანას

ე-მა ქოხს თავზე დაგვაქცევს,

ვენახს მოგვითელს და ყანას.

ნეტა რას სტირი, დედილო?

რა დროს გლოვაა შვილისა?

გულში მკრეს, ორგან გახვრიტეს

ჩემი პერანგი შილისა.

ნეტა რას სტირი დედილო?

დეე აქ ვეგდო ღელოში,

ხო ვერა ჰნახავს ურჯულოს

ვეღარსად საქართველოში?

ნეტა რას სტირი, დედილო?

ჯერ ვერ წამოვალ შინათკენ,

მე აქ ვიგერებ ყვავ-ყორანს,

თვალი მიჭირავს იმათკენ…

ნეტა რას სტირი, დედილო?

სახლზედ იყავი ფრთხილადა,

ირმა ხარს მოუარევი,

მარილს ალოკე ხილადა.

ყანა გამარგლეთ ბეჯითად,

არ მოერიოს ჭიოტა,

ე პაწა არ დამიმშიოთ,

ფოცხვერს არ დამიჭმიოთა!..

ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება,

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდება!..

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!..

ამას წინათ მერაბ ელიოზიშვილის ბრწყინვალე პატარა მოთხრობა – „გადამთიელი“ გადავიკითხე. მოთხრობის პროტაგონისტი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც მთის სოფელში გაანაწილებენ ქართულის მასწავლებლად, არადა, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს (ორსულადაა) და მიტოვება არ უნდა. განათლების განყოფილებაში ბევრს ეცდება, რომ თავის სოფელში დატოვონ იმავე პოზიციაზე, მაგრამ სკოლაში მხოლოდ ფიზკულტურის მასწავლებლის ადგილია. დედა და ცოლი ეხვეწებიან, დარჩიო, მაგრამ კაცი უარზეა: რას ამბობთ, მე თუ გარინდულ კლასში ქართულის გაკვეთილი არ ავხსენი, ისე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს, სად მე და სად ფიზკულტურაო და, დაპირებით დაიმედებული, რომ გაისად გაუხერხებენ რამეს, წავა მთის სოფელში. დაპირება ტყუილი აღმოჩნდება… გადის წლები, კაცი მხოლოდ ზაფხულობით ჩადის თავის სოფელში, უკვე სამი თუ ოთხი ბიჭი ჰყავს… მოკლედ, მთელ სარომანე თემას მწერალი რამდენიმე გვერდში ატევს პანორამული თხრობით და დიდი ოსტატობით. ჰოდა, ამ მასწავლებელს უყვარს რაფიელ ერისთავი, მოცალეობისას სულ მის წიგნს კითხულობს, მუშაობისას და ისედაც, საუბარში, ხშირად იმეორებს მისი ლექსის („სესიას ფიქრების“) პირველ სტრქონს: „მიწა ვარ ნიადაგ მენა“…

რაფიელ ერისთავის ზემოთ მოხმობილ ლექსზე ისედაც ვაპირებდი ბლოგის დაწერას, უბრალოდ, დაემთხვა, რომ ეს მოთხრობა გადავიკითხე, არც მახსოვდა ხეირიანად, რა ეწერა შიგნით.

*

როცა რაფიელ ერისთავს ახსენებ, ყველას მისი მთავარი შედევრი (რომელზეც თაობები აღვიზარდეთ) – „სამშობლო ხევსურისა“ ახსენდება. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ჩემს დროს ეს ლექსი სასკოლო პროგრამაში იყო და დღესაც მახსოვს ზეპირად თავიდან ბოლომდე. ლადო ასათიანს უწერია ერთგან: დღეს ვიღაცამ რაფიელის „სამშობლო ხევსურისას“ პროვინციული ნაციონალიზმი უწოდა, სულ იდიოტი ვეძახე, უნდა მეცემა, ძლივს გამასწროო… ნამდვილად უნდა ეცემა.

*
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან იყო გავრცელებული დაბალი და მაღალი შაირი, თითქმის ყველა ამ საზომებით წერდა (ვაჟამდეც), მაგრამ გენიალური ვაჟას სწორების წერტილად (ცხადია, დასაწყისში), უდავოდ შეიძლება, რაფიელ ერისთავისეული დაბალი შაირი მოვიაზროთ. რაფიელის ლექსებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი, გამოკვეთილი სათქმელი, თემატურად მისი პოეზია სეზონურ-პეიზაჟური დესკრიფციით, ისტორიულ-პატრიოტული თემატიკით და სოციალური აქცენტებით – გლეხთა მძიმე ყოფის აღწერით შემოიფარგლება, მასთან ვერ იპოვით ვაჟასეულ ზოგადსაკაცობრიო მოტივებს და ფილოსოფიურ ინტროსპექცია-ნარაციებს, მას ნაივური სიმარტივე უყვარს, თავისი ლექსების ლირიკული გმირების ბედის მოზიარეა, ამიტომ სწორედ მათი პერსპექტივიდან, პირველ პირში წერს… დესკრიფციულობა და ნარაციულობა განაპირობებს იმას, რომ მისი ლექსები ერთხელ წაკითხვის შემდეგ არ გავიწყდება (დაზეპირებას არ ვგულისხმობ). მასთან ვერ იპოვით უსათქმელო ლირიკულ აბდაუბდას… რაფიელის პატრიოტულ ლირიკას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა თავის დროზე, როგორიც ასი წლის შემდეგ, ვთქვათ, მუხრან მაჭავარიანის პატრიოტულ ლირიკას. მართალია, ჩვენს იდენტობას ჩაყლაპვით ემუქრებოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის (ერთ შემთხვევაში – ცარისტული, მეორეში კი – ტოტალიტარული) რუსული საფრთხე, მაგრამ მიზანი ორივე შემთხვევაში ერთი იყო – ლეთარგიის ფაზაში შესული თვითგადარჩენის ინსტინქტის გაღვიძება და სტიმულირება. უნდა ითქვას, რომ რაფიელმაც და მუხრანმაც ათიანში მოარტყეს – მათმა ლექსებმა ღრმა კვალი დააჩნია ერის ცნობიერებას და ეს კვალი დღესაც საგრძნობი და ხელშესახებია. ორივეს ლექსები ჭეშმარიტად სახალხო იყო და არის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ცარისტული რეჟიმი გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე კომუნისტური (ბევრად უფრო მაღალი გახლდათ სასამართლოს, თვითმმართველობების და სხვა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხარისხი), თუმცა მაშინაც გადარჩენისთვის ვიბრძოდით – არც სახელმწიფო გვქონდა დამოუკიდებელი, არც ეკლესია და არც საკანცელარიო ენა იყო ქართული, ასე რომ, რაფიელის და სხვების პატრიოტული შემოძახილი ჰაერივით სჭირდებოდა ეროვნულ ცნობიერებას.

*
ეს კონკრეტული ლექსი-შედევრი რაფიელის პოეტიკის ყველა იმანენტურ შტრიხს აერთიანებს. ჩვენ წინაშეა ისტორიულ-პატრიოტული თემატიკის დაბალი შაირით დაწერილი, კატრენებად დაყოფილი ათსტროფიანი ლექსი, შესრულებული უზადო კომპოზიციით. საზოგადოდ, მოდერნიზმმა და, მით უმეტეს, პოსტმოდერნიზმმა პროზის კლასიკური კომპოზიციურ-ნარატოლოგიური სქემა თავდაყირა დააყენა, თუმცა ლექსის კომპოზიციურობა დღემდე არ დაქვემდებარებია რევიზიას, რადგან სრულყოფილი კომპოზიციის გარეშე პროზა შეიძლება შემდგარი პროზა იყოს, მაგრამ ლექსი შემდგარი ლექსი ვერ იქნება. შეიძლება, ლექსი არაფერს ჰყვებოდეს, მხოლოდ მკრთალი სიუჟეტი ილანდებოდეს სტრიქონებს მიღმა (უამისოდ კარგი ლირიკული ლექსი არ არსებობს), მაგრამ ემოციური დინამიკა – დაწყება, განვითარება და კადენცია – აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ სიტყვების ვიტალურობას მოკლებულ, უაზრო კონსტრუქციას (ეს ვერლიბრსაც ეხება, ვერბლანსაც და კონვენციურ ლექსსაც).

ლექსი მონოლოგური, მიმართვითი ხასიათისაა, ომში დაღუპული ლირიკული გმირი დედას მიმართავს (მსგავსი ტიპის პოეზია – მკვდრის მონოლოგი – შემდგომ, მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიაში, მოდერნისტულ-ეპიტაფიურ ჟანრად ფორმირდა. გავიხსენოთ მისი საუკეთესო ნიმუში – ედგარ ლი მასტერსის კრებული-პოემა „სფუნ რივერის ანთოლოგია“), უყვება, წინააღმდეგობას თუ არ გაუწევ, რა შედეგი მოჰყვება მტრის შემოსევას, როგორ ჰკრეს გულში ტყვია და როგორ გდია ყვავ-ყორნების საჯიჯგნად… უბარებს, რომ ოჯახს და კარ-მიდამოს მიხედოს. ემოციური ზემოქმედება ყოველი სტროფის სასტარტო რეფრენით მძაფრდება. ემოციის აღმასვლა მერვე სტროფიდან იწყება, როცა ლირიკული გმირი დედას ეუბნება, მისი პატარა არ დაამშიონ და ფოცხვერს არ შეაჭამონ… პიკი კი მეცხრე სტროფია:

„ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება,

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდბა!..“

შეუძლებელია, პოეზიას გრძნობდე და ამ სტროფმა ცრემლი არ მოგგვაროს…

*
დაბოლოს: მეორე სტროფის არაზუსტი რითმა – ჭირიმე-ხირიმი. ნებისმიერი სხვა საზომის შემთხვევაში არაზუსტი რითმა არც ისე უცნაურად გამოჩნდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს კარგ ტონად არ ითვლებოდა), მაგრამ ამ გადასახედიდან ფუტურისტულადაც კი გამოიყურება (არაზუსტ რითმას ვაჟასთანაც ვხვდებით აქა-იქ).

AI ჩატბოტები: კომუნიკაციის მეტამორფოზა და ახალი კომუნიკაციური პარადიგმა

0

„თუ ცოტას დაფიქრდებით, დაინახავთ, რომ ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, არის მხოლოდ გულმოდგინება, რათა განვახორციელოთ არსებობის გარკვეული პროექტი ან პროგრამა. და თითოეული ჩვენგანის ეგო მხოლოდ ეს წარმოსახვითი პროგრამაა.

ყველაფერი, რასაც  აკეთებთ, ამ პროგრამას ემსახურება. და თუ ახლა მისმენთ, ეს იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, გჯერათ: ამის გაკეთება გეხმარებათ, გახდეთ ეს ეგო, რად ყოფნის მოთხოვნილებასა და სურვილს თითოეული თქვენგანი გრძნობს.

მაშასადამე, ადამიანი არის, უპირველეს ყოვლისა… პროგრამა, რომელიც უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ის არის რაღაც, რაც ჯერ არ არის, მაგრამ რად ყოფნისკენაც მიისწრაფვის“.

Man as Project by Ortega y Gasset[1]

 

AI კომუნიკაცია – კომუნიკაციის გაფართოება

მინდა, სტატია დავიწყო გასეტის ამ ციტატით, რომლის მიხედვითაც ადამიანის არსებობა არის მუდმივი პროექტი, რომელიც ხორცს ისხამს დროსა და გარემოებებთან ურთიერთქმედებაში და მინდა, ეს ციტატა დავაკავშირო თანამედროვე ციფრულ გამოწვევებთან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციური გამოწვევებია. კომუნიკაცია კი პირდაპირ კავშირშია ცნობიერების ტრანსფორმაციასთან.

ადამიანის ცნობიერების განვითარების ისტორია კომუნიკაციის ევოლუციის ქრონიკაა. ენის წარმოშობით დაწყებული, წერილობითი სისტემების შექმნით გაგრძელებული და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დაგვირგვინებული, ეს პროცესი უწყვეტად აყალიბებს ჩვენი აზროვნების ლანდშაფტსა და თავისებურებებს. დამეთანხმებით, რომ ხელოვნური ინტელექტის და, კერძოდ, AI ჩატბოტების გამოჩენამ ჩვენ დაგვაყენა ახალი კომუნიკაციური პარადიგმის წინაშე, რომელსაც შეუძლია, ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი ცნობიერების არქიტექტურა.

ამ სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს, როგორ ზემოქმედებს AI კომუნიკაცია კომუნიკაციის თეორიასა და ადამიანის ცნობიერების ევოლუციაზე და რა გამოწვევებს და შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს ახალი რეალობა.

მიუხედავად იმისა, რომ AI ჩატბოტებს ყველა კულტურის წარმომადგენელი თავის ენაზე ელაპარაკება, მაინც იკვეთება რაღაც უნივერსალური, რაც გავლენას მოახდენს ადამიანთა კომუნიკაციაზე და შეცვლის მას. კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ადამიანი-მანქანის კომუნიკაცია ამ მასშტაბს აღწევს. ენის მოდელები დატრენინგებულია ენების მასალაზე, მაგრამ კომუნიკაციისთვის და იმისთვის, რომ შედგეს „გაგება“, კიდევ მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

წიგნში “მეოთხე რევოლუცია” ლუჩანო ფლორიდი აღნიშნავს: “ჩვენ ვცხოვრობთ ინფოსფეროში, სადაც ონლაინ და ოფლაინ გამოცდილებები სულ უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს” (Floridi, 2014). ეს ახალი რეალობა ქმნის უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს კომუნიკაციის სფეროში.

ნაშრომში “კომუნიკაციური მოქმედების თეორია” ჰაბერმასი ამტკიცებს, რომ “კომუნიკაცია არის საშუალება, რომლითაც კულტურა, საზოგადოება და პიროვნება ყალიბდება და კვლავწარმოებს”. ეს იდეა განსაკუთრებით რელევანტურია ჩატბოტების ეპოქაში, როდესაც ჩვენი ინტერაქციები სულ უფრო მეტად მოიცავს არაადამიანურ აგენტებს. ამ პერსპექტივიდან, ჩატბოტების გამოჩენა არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ პოტენციურად ტრანსფორმაციული ძალა ჩვენი კოლექტიური და ინდივიდუალური ცნობიერებისთვის.

AI-სთან კომუნიკაცია ცვლის კომუნიკაციის მოდელს

უპირველეს ყოვლისა, იცვლება ტრადიციული მოდელი:

გამგზავნი – შეტყობინება – მიმღები

ახალი მოდელი:

ადამიანი – AI ინტერფეისი – ალგორითმი – AI ინტერფეისი – ადამიანი

ეს ცვლილება ქმნის ახალ შუამავალ რგოლს, რომელიც არა მხოლოდ გადასცემს, არამედ ამუშავებს კიდეც ინფორმაციას და მის ფორმირებასაც ახდენს. ეს პროცესი ასე მიმდინარეობს:

  • ადამიანი გადასცემს ინფორმაციას;
  • AI ინტერფეისი ამზადებს ამ ინფორმაციას დასამუშავებლად;
  • ალგორითმი აანალიზებს და იღებს გადაწყვეტილებებს;
  • AI ინტერფეისი აყალიბებს პასუხს;
  • ადამიანი იღებს და რეაგირებს პასუხზე ამ მოდელში.

როგორც გუზმანი და ლუისი აღნიშნავენ, “AI-გაშუალებული კომუნიკაცია წარმოადგენს ახალ პარადიგმას, სადაც მანქანა არის არა მხოლოდ არხი ან მედიუმი, არამედ აქტიური მონაწილე კომუნიკაციის პროცესში” (Guzman & Lewis, 2020).

შუამავლის დამატება კომუნიკაციაში, ბუნებრივია, იწვევს ცვლილებებს. გრაფიკულად ეს ასე შეგვიძლია წარმოვადგინოთ:

ადამიანური კომუნიკაცია და ჩატბოტების კომუნიკაცია: განსხვავებები

ადამიანური კომუნიკაცია და ჩატბოტების კომუნიკაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა. ამავე დროს, კომუნიკაციის პროცესში ხდება ურთიერთგავლენაც და ყალიბდება ახალი და განსხვავებული ენობრივი მოდელები. ადამიანი ცდილობს, მოერგოს ჩატბოტების მოდელს და ქმნის შესაბამის პრომპტებს. თავის მხრივ, ჩატბოტებიც ითვისებენ ადამიანის მეტყველების სტილს და ისინიც ცდილობენ “მორგებას”.

მაგრამ ადამიანური კომუნიკაცია უნიკალურია თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით. ის მხოლოდ სიტყვებს არ გულისხმობს – კომუნიკაციასა და გაგებაში მონაწილეობს ინტონაცია, სხეულის ენა, მიმიკა და სხვა ემოციური ნიუანსები. ადამიანებს შეუძლიათ კონტექსტის გაგება, მეტაფორების გამოყენება და ირონიის აღქმა. ისინი ადაპტირდებიან საუბრისას და შეუძლიათ, სწრაფად შეცვალონ თემა ან ტონი სიტუაციის შესაბამისად.

წიგნში “მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ” ლაკოფი და ჯონსონი წერენ: “ჩვენი კონცეპტუალური სისტემა, რომლის მიხედვითაც ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ, ფუნდამენტურად მეტაფორულია თავისი ბუნებით” (Lakoff & Johnson, 1980). ეს იდეა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს AI-სთან ინტერაქციამ ჩვენი აზროვნების სტრუქტურები.

ჩატბოტების კომუნიკაცია კი ეფუძნება ალგორითმებსა და მონაცემთა ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩატბოტები შთამბეჭდავად ბაძავენ ადამიანურ კომუნიკაციას, ისინი მაინც წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში მოქმედებენ. მათ არ აქვთ ემოციური ინტელექტი – ნამდვილი ემოციები ან გრძნობები. მათი “გაგება” შემოიფარგლება იმით, რაც მონაცემთა ბაზაში აქვთ, რაზეც გაწვრთნეს.

ადამიანური კომუნიკაცია კრეატიულობითა და იმპროვიზაციის უნარით გამოირჩევა. ადამიანებს შეუძლიათ, შექმნან ახალი იდეები, გამოიგონონ ახალი სიტყვები და კონცეფციები საუბრის პროცესში, ჩატბოტები კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოდენობის ინფორმაციის დამუშავება და გაანალიზება შეუძლიათ, ვერ ქმნიან ორიგინალურ იდეებს, მათი პასუხები მხოლოდ არსებულ მონაცემებს ეფუძნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ემპათიის უნარი. ადამიანებს შეუძლიათ, ნამდვილად იგრძნონ და გაიზიარონ ერთმანეთის ემოციები, რაც აყალიბებს ღრმა კავშირს. ჩატბოტები კი, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ემოციების ამოცნობა და მათზე მსჯელობა, არ განიცდიან ემოციებს და არ აქვთ ცნობიერება.

ადამიანური კომუნიკაცია ასევე მოიცავს კულტურულ და სოციალურ კონტექსტს, რომელიც ხშირად არ არის ექსპლიციტურად გამოხატული. ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ და გამოიყენონ ნიუანსები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კულტურასთან ან სოციალურ ჯგუფთან. ჩატბოტებს კი უჭირთ ამ ნიუანსების სრულად გაგება და გამოყენება რეალურ დროში.

ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა. გაგიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც ამ თემაზე მოვიძიე:

 

ენობრივი ნიუანსები

მაგალითად, იაპონურ ენაში არის თავაზიანობის გამოხატვის რთული სისტემა – კეიგო.

კეიგო (敬語 – Keigo) – ეს არის გრამატიკული და ლექსიკური ფორმების ნაკრები, რომელიც გამოიყენება საუბრისას პატივისცემის გამოსახატავად.

კეიგო შედგება სამი მთავარი კატეგორიისგან:

  1. სონკეიგო (尊敬語) – პატივისცემის ენა, გამოიყენება სხვების მიმართ პატივისცემის გამოსახატავად;
  2. კენჯოგო (謙譲語) – თავმდაბლობის ენა, გამოიყენება საკუთარი თავის ან საკუთარი ჯგუფის შესახებ საუბრისას;
  3. ტეინეიგო (丁寧語) – ზოგადი თავაზიანი ენა, გამოიყენება ფორმალურ სიტუაციებში.

კეიგო ენის მნიშვნელოვანი ასპექტია იაპონურ კულტურაში და ასახავს სოციალურ იერარქიას, ურთიერთობებს და კონტექსტს საუბრისას.

მკვლევრებმა იამადამ (Yamada) და ტანაკამ (Tanaka) ტოკიოს უნივერსიტეტიდან შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება, AI-მ სწორად გამოიყენოს კეიგო სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში.

AI-ს დასჭირდა სპეციალური ტრენინგი, რათა გაერჩია, როდის უნდა გამოეყენებინა თავაზიანობის სხვადასხვა დონე სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მომხმარებლებთან.

 

არავერბალური კომუნიკაცია

არაბულ კულტურაში თვალით კონტაქტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მეფე საუდის უნივერსიტეტის (King Saud University) მკვლევრის, Al-Rashid-ის გამოკვლევის საფუძველზე შეიმუშავეს მექანიზმი, როგორ უნდა ადაპტირდეს AI ავატარი არაბულ კულტურულ კონტექსტში, რის შედეგადაც AI ავატარი, რომელიც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებდა თვალით კონტაქტს, არაბ მომხმარებლებში უფრო სანდოდ და კომპეტენტურად აღიქმებოდა.

 

იდიომები და მეტაფორები

ჩინურ ენაში მრავლადაა კულტურულად სპეციფიკური იდიომები. ამის გამო, კვლევებზე დაფუძნებით, AI-ს დასჭირდა არა მხოლოდ იდიომების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის, არამედ მათი კულტურული კონტექსტის და გამოყენების სიტუაციების დასწავლაც.

 

ჟესტიკულაცია და სხეულის ენა

იტალიურ კულტურაში ჟესტებს კომუნიკაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როსი (Rossi) და სხვები ნეაპოლის უნივერსიტეტიდან (University of Naples) იკვლევდნენ, როგორ უნდა ინკორპორირდეს იტალიური ჟესტიკულაცია AI რობოტებში, რის შედეგადაც AI რობოტები, რომლებიც იყენებდნენ იტალიურ ჟესტებს, უფრო “ბუნებრივებად” აღიქმებოდნენ იტალიელი მომხმარებლების მიერ.

 

სოციალური ნორმები და ტაბუები

ინდურ კულტურაში არსებობს მკაცრი სოციალური იერარქია და კასტური სისტემა, ამიტომ AI-ს დასჭირდა სპეციალური ტრენინგი, რათა გაეთვალისწინებინა სოციალური იერარქია და თავიდან აერიდებინა სენსიტიური თემები კომუნიკაციის დროს.

ეს ფაქტები გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში AI სისტემების ადაპტირება მოითხოვს არა მხოლოდ ენის სწავლებას, არამედ კულტურის ღრმა გაგებას, სოციალური ნორმების, ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებას. ეს კვლევები ხაზს უსვამს, რომ ეფექტური კროსკულტურული AI კომუნიკაცია მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ლინგვისტიკას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

 

კომუნიკაციის მეტამორფოზა

“კომუნიკაცია არის ნიშნებისა და კოდების გაცვლის პროცესი” (Sebeok, 2001). AI კონტექსტში ეს იდეა ახალ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ ვქმნით და ვიყენებთ ახალ კოდებს მანქანებთან კომუნიკაციისთვის.

ენისა და კომუნიკაციის მკვლევრებს კვლევისთვის ახალი მასალა გაუჩნდათ. AI კომუნიკაციის გამოცდილებები მნიშვნელოვნად ამდიდრებს კომუნიკაციის თეორიას რამდენიმე მიმართულებით.

როგორც ჰენკოკი და თანაავტორები აღნიშნავენ, “AI-გაშუალებული კომუნიკაცია წარმოადგენს ფუნდამენტურად ახალ პარადიგმას, რომელიც მოითხოვს კომუნიკაციის თეორიების გადახედვას და გაფართოებას” (Hancock et al., 2020).

ეს ახალი სფერო გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივებს და გამოწვევებს, რომლებიც აფართოებს კომუნიკაციის პროცესების ჩვენეულ გაგებას. აი, რამდენიმე მთავარი ასპექტი:

  • ფართოვდება კომუნიკაციის მოდელები, რაც საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ კომუნიკაციის ტრადიციულ მოდელებს.
  • იქმნება ახალი მოდელები, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანი-მანქანის ინტერაქციის უნიკალურ ასპექტებს.
  • AI სისტემებთან ინტერაქცია გვიჩვენებს, როგორ იყენებენ ადამიანები ენას არაადამიანურ აგენტებთან კომუნიკაციისას.
  • ეს გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ენის პლასტიკურობა და ადაპტაციის უნარი.
  • AI კომუნიკაცია წამოჭრის ახალ კითხვებს იმპლიკატურების, კონტექსტისა და სოციალური ნორმების შესახებ, რაც გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პრაგმატიკა არაადამიანურ/მანქანურ აგენტებთან.
  • AI სისტემები, რომლებიც მუშაობს სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში, აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე.
  • AI სისტემებთან ინტერაქცია გვაიძულებს, გადავხედოთ იდენტობის, პერსონისა და აგენტობის კონცეფციებს კომუნიკაციაში.
  • AI კომუნიკაცია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგია იყოს არა მხოლოდ მედიუმი, არამედ აქტიური მონაწილე კომუნიკაციის პროცესში.
  • AI სისტემების სწავლების პროცესი გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, როგორ ადაპტირდებიან ადამიანები კომუნიკაციის პროცესში.
  • AI კომუნიკაცია გვთავაზობს ინფორმაციის კოდირების, გადაცემისა და დეკოდირების ახალ პერსპექტივებს.
  • AI როგორც აუდიტორია გვაიძულებს, გადავხედოთ აუდიტორიის კონცეფციას კომუნიკაციის თეორიაში.

 

“ძალაუფლების ახალი ფორმები და ახალი ძალაუფლების სუბიექტები ჩნდება კომუნიკაციის სფეროში” (Castells, 2009). ეს იდეა განსაკუთრებით რელევანტურია AI კონტექსტში, სადაც კომუნიკაციის ახალი ფორმები ქმნის ახალ ძალაუფლებრივ დინამიკას.

 

დასკვნისთვის:

სცენაზე AI ჩატბოტების გამოჩენა არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციაა, არამედ კომუნიკაციის ფუნდამენტური მეტამორფოზაც. ეს ცვლილება გვიბიძგებს, გადავხედოთ კომუნიკაციის, ენისა და თვით ადამიანური ცნობიერების ჩვენეულ გაგებას.

“AI კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი – ის წარმოადგენს ახალ ონტოლოგიურ კატეგორიას, რომელიც გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს ფუნდამენტურ იდეებს კომუნიკაციის შესახებ” (Gunkel, 2020).

ამ ახალ რეალობაში ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ფილოსოფიური და ეთიკური გამოწვევების წინაშე. როგორ შევინარჩუნოთ ადამიანური ელემენტი კომუნიკაციაში? როგორ უზრუნველვყოთ, რომ AI კომუნიკაცია არ იქცეს მანიპულაციის ინსტრუმენტად? ეს კითხვები მუდმივ კვლევას და დისკუსიას მოითხოვს.

საბოლოოდ, AI ჩატბოტების ეპოქა გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გავაფართოოთ კომუნიკაციის, ენის და ადამიანური ცნობიერების ჩვენეული გაგება. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური რევოლუცია – ეს არის კოგნიტიური და კულტურული ტრანსფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ურთიერთობის მომავალს და სამყაროს ახალ პარადიგმას.

 

ლიტერატურა

 

  1. Habermas, J. (1984). The Theory of Communicative Action. Boston: Beacon Press.
  2. Floridi, L. (2014). The Fourth Revolution: How the Infosphere is Reshaping Human Reality. Oxford University Press.
  3. Guzman, A. L., & Lewis, S. C. (2020). Artificial Intelligence and Communication: A Human–Machine Communication Research Agenda. New Media & Society, 22(1), 70-86.
  4. Gunkel, D. J. (2020). An Introduction to Communication and Artificial Intelligence. Polity Press.
  5. Hancock, J. T., Naaman, M., & Levy, K. (2020). AI-Mediated Communication: Definition, Research Agenda, and Ethical Considerations. Journal of Computer-Mediated Communication, 25(1), 89-100.
  6. Lakoff, G., & Johnson, M. (1980). Metaphors We Live By. University of Chicago Press.
  7. Castells, M. (2009). Communication Power. Oxford University Press.
  8. Watzlawick, P., Bavelas, J. B., & Jackson, D. D. (2011). Pragmatics of Human Communication: A Study of Interactional Patterns, Pathologies and Paradoxes. W. W. Norton & Company.
  9. Sebeok, T. A. (2001). Signs: An Introduction to Semiotics. University of Toronto Press.

10. McLuhan, M. (1964). Understanding Media: The Extensions of Ma

[1]https://philosophy.lander.edu/intro/articles/ortega-a.pdf

 

მულტიმედიური ტექნიკა და ციფრული თხრობა ისტორიის გაკვეთილზე

0

ერთ-ერთი ახალი მეთოდი, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება განათლებაში, არის ციფრული თხრობა (Jakes, 2006). ის წარმოიშვა ტრადიციული თხრობის ციფრულ მედიაზე გადატანით. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული თხრობა მოიცავს ტრადიციულ თხრობას და მულტიმედიურ ტექნიკას (Fisanick & Stakeley,
2020). აერთიანებს რა ციფრულ სამყაროს განათლებასთან, აქტიურად გამოიყენება მრავალ სფეროში, სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული ზრდასრულთა განათლების ჩათვლით. ციფრული თხრობის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ არაერთი საერთაშორისო კვლევა არსებობს [Demirer, 2013; Göçen, 2014; Karakoyun, 2014; Robin, 2016; Gernes
& Belanger, 2019; Buldur, 2019; Yazıcı et al., 2020; Hung et al.,
2012; Yang & Wu, 2012; Lanszki, 2022; International Journal of Education & Literacy Studies. A History Lesson Designed with the Digital Storytelling Method: Kara Fatma Example. ISSN:2202-9478. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1409251.pdf ] და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ციფრული თხრობა ეფექტური მეთოდია, რომელიც ზრდის მოსწავლეთა პრობლემის გადაჭრის უნარს, კრიტიკული აზროვნების უნარს, აკადემიურ წარმატებას და სწავლის მოტივაციას.
ციფრული სიუჟეტის შექმნის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, როგორიცაა სცენარის შექმნა, ვიზუალის დამატება პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, ხმის გადაცემის გაკეთება, მუსიკის ფონზე დამატება და ციფრული სიუჟეტის რედაქტირება. ციფრული მთხრობელები სწავლობენ:
• როგორ გააკეთონ არჩევანი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ მულტიმედიური მეთოდები თავიანთი ისტორიების სათქმელად;
• როგორ თქვან ეფექტური ციფრული ამბავი და მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილებები ფონური მუსიკის შესახებ;
• სიუჟეტის შექმნისთვის სწავლობენ პროგრამული უზრუნველყოფისა და სოციალური მედიის პლატფორმების ნავიგაციას;
• როგორ იყვნენ ციფრული მედიის უფრო ეფექტური მომხმარებლები;
• როგორ იყვნენ პროდიუსერები (Fisanick & Stakeley, 2020; Lanszki, 2022).
ციფრულ თხრობა აქტიურად გამოიყენებს ისტორიის საგნის სწავლებაშიც. ციფრული ისტორიები:
• მოკლე (როგორც წესი, 4-7 წუთიანი) მულტიმედიური ვიდეოებია, რომლებიც აერთიანებს ფოტოებს, მარტივ ანიმაციებს, ხმებს, მუსიკალურ თხრობას (Gernes & Belanger, 2019) ანუ კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე მოყოლილი ამბებია, რომელიც ხშირად შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს (რობინ, 2016), რითაც ხდება პროცესისა და პროდუქტის ძირეულად შეცვლა;
• შექმნილია რა ვირტუალური მედიის საფუძველზე (ჰიპერტექსტები, ბლოგები, აუდიო და ვიდეო პოდკასტები, ონლაინ ნარატიული თამაშები, ვებ-გადაცემა და სიუჟეტები, ნებისმიერი ციფრული პროდუქტი), ერთგვარი „შუამავალია“ შესასწავლ მასალასა და მასწავლებლის ტექსტს შორის;
• გამოირჩევა ისტორიების – ინფორმაციების გადაცემის მაღალი სიჩქარით;
• ძალიან დიდ ემოციურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე, რასაც იყენებს სწავლის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის შესანარჩუნებლად;
• ხელს უწყობს ღირებულებების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების მიერ სასწავლო პროცესში ჩასართავად შერჩეული ციფრული ისტორიები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს:
• მასალის ავთენტურობა – მიწოდება უნდა იყოს მშობლიურ ენაზე;
• მეტყველების შესაბამისობა ლიტერატურულ მოთხოვნებთან და ნორმებთან;
• რ უნდა იყოს ძალიან გრძელი;
• მოსწავლეთა პროდუქტიული აღქმისთვის ისტორიულ თემაზე საუბარი არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო შემთხვევაში 7 წუთს, მაგრამ, ზოგადად, 15-20 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
ციფრული ისტორიების ეს ამორჩეული თვისება – კომპატქურობა,
მრავალფეროვანი ვიზუალური საილუსტრაციო მასალა, მოვლენათა ქრონოლოგია, ნარატიული ფრაგმენტები და თხრობის სასიამოვნო ხმა – მნიშვნელოვანია ისტორიული ინფორმაციის აღქმისთვის და ეპოქის ჰოლისტური გაგებისთვის. მასწავლებელს შეუძლია მათი გამოყენება როგორც ახალი მასალის ახსნის დროს, ასევე დავალების გამოკითხვისას, განსაკუთრებით ისტორიის საგნის სწავლების პირველ წლებში, როდესაც მოსწავლეებს უჭირთ დიდი რაოდენობით ინფორმაციის მოსმენა ძველი
აღმოსავლეთის, ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორიის შესახებ (მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელის ხშირად იყენებს ილუსტრირებულ პრეზენტაციას). მაგალითად, სპარსეთის იმპერიაზე საუბრის დროს მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი შინაარსის ციფრული თხრობის ნიმუში:

 

, სადაც ვიდეო-ფრაგმენტის 10:53 წუთის განმავლობაში, მრავალფეროვან მასალაზე დაყრდნობით, მოკლედ და საინტერესოდ მოგვითხრობენ ძველი სპარსული კულტურის შესახებ, რომელიც სხვადასხვა კუთხით აქტიურად შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა: როგორც პროვოცირება აქემენიდური ხანის გაცნობისთვის, როგორც სასანიანთა განსხვავებულობის წარმოჩენის საუკუეთესო საშუალება, როგორც კავშირები ევროპულ და აღმოსავლურ კულტურებს შორის, როგორც პოლიტიკური ისტორიის მოწმეები და ა.შ.
რადგან ინტერნეტ-წყაროებზე (სახელმძღვანელოსთან ერთად) დაყრდნობა ხშირად არ არის საკმარისი სწავლის მიზნების მისაღწევად, მასწავლებელს თავადაც შეუძლია შექმნას ციფრული ისტორიები და მოსწავლეებიც ჩართოს ამ პროცესში. ამ გზით მოსწავლეები იძენენ როგორც ცოდნას, ასევე უნარებს. ციფრული მოთხრობის პროცესიდან მიღებული უნარები კი (სტუდიური სურათების და ვიდეო-კლიპების წერა, დამუშავება და თანმიმდევრობა, ფილმის ძირითადი მონტაჟი, ზეპირი თხრობა, ხმის ჩაწერა და პრეზენტაცია სოციალურ მედიაში) ადვილად გადაეცემა თანაკლასელებს და ცოდნის სწრაფად გადაზიარებას უწყობს ხელს (Gernes & Belanger, 2019).
ისტორიის გაკვეთილებზე ციფრული მოთხრობის გამოყენების ძირითადი მიზანია:
• ერთის მხრივ, შესაბამისი წერილობითი და ვიზუალური მასალის მოძიება და მეორე მხრივ, პირადი კავშირი ისტორიულ პერსონაჟთან ან მოვლენასთან (ლანსკი, 2022);
• ციფრული სიუჟეტი იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, ჩართონ მოსწავლეები სხვადასხვა დისკუსიაში, რომელიც ხელს უწყობს ისტორიულ ანალიზს:
 რა არის ისტორიული სიმართლე?
 რა არის კონკრეტული ისტორიული მტკიცებულება?
 როგორია ობიექტური პოზიცია?
 როგორია მისი ისტორიული ტრადიცია?
ციფრული მოთხრობა რეალურად არის აპლიკაცია, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეზე ორიენტირებულ აქტივობებს, ქრონოლოგიურ აზროვნებას, კვლევას, დაკითხვას და ახალი ისტორიული ნარატივის შექმნას, რაც ისტორიული წიგნიერების მიზნებია.
შეიძლება ითქვას, რომ ციფრული „მოთხრობა“ იქმნება „ისტორიული აზროვნების უნარების“ ფარგლებში. ისტორიული აზროვნების უნარების მიზანი, რომელიც მოიცავს ქრონოლოგიურ აზროვნებას, ისტორიულ აღქმას, ისტორიულ ანალიზს და ინტერპრეტაციას, ისტორიული პრობლემის ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას, და ისტორიულ კვლევაზე დაფუძნებული კვლევის უნარებს, საშუალებას აძლევს მოსწავლეს იყნენ „პატარა ისტორიკოსები“ და გამოიმუშავონ ისტორიკოსის უნარები.
მაინც როგორ უწყობს ხელს ციფრული თხრობა ისტორიის სწავლებას? რადგან ის მოიცავს:
ა) მტკიცებულებების ძიების პროცესს;
ბ) ციფრული სიუჟეტის შექმნის პროცესს;
გ) ზოგადი შეფასებას – რეფლექსიას.
რეფლექსიის ეტაპზე პასუხი გაეცემა კითხვებს:
• რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაიგეთ მასალის მოძიების პროცესში?
• რა წყაროები გამოიყენეთ?
• როგორია შენი დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ?
• რაში გამოგადგა ციფრული ისტორიების თხრობა ისტორიის
გაკვეთილზე? რატომ მიგაჩნია ასე?
ციფრული სიუჟეტის წარდგენის პროგრამული პაკეტები, როგორიცაა Microsoft PowerPoint (პრეზენტაციის „Create a Video“ ფორმატში შენახვა), Prezi (დინამიკური პრეზენტაციების პლატფორმა ვიდეო-ფაილებად გადაკეთებისთვის), Adobe Express, Lumen5 (ტექსტზე დაფუძნებული ვიდეოების შექმნის მარტივი პროცესი), photo Story, Storyjumper, Moviemaker, Storybird, Powtoon, Animato, Kin KiNemaster საუკეთესოა იმ ალტერნატივებს შორის, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ციფრული ისტორიების შესაქმნელად.
მაგალითად, KineMaster ეფექტური საშუალებაა პროფესიონალური და მაღალხარისხიანი ვიდეოების შესაქმენლად. ეს აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე, არის მძლავრი ვიდეო რედაქტორი, რომელიც მოიცავს მრავალ ფუნქციას, რაც ძალიან გამოსადეგია ციფრული თხრობისთვის. მისი უპირატესობები ისაა, რომ:
1. შესაძლებელია რამდენიმე ვიდეო, აუდიო და ტექსტური ფენის გამოყენება ერთდროულად, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვადასხვა მედია ელემენტების შერევა და მათი რედაქტირება ნარატივში, რაც ეხმარება მოსწავლეებს შექმნან რთული და დეტალური ისტორიები;
2. აქვს აუდიო და ვიდეო ეფექტები, რომლებიც გამოიყენება ნარატივის გასამარტივებლად ან დრამატული ეფექტების შესაქმნელად. მოსწავლეებს შეუძლიათ ადვილად დაამატონ ხმა, მუსიკა, სუბტიტრები და სხვა ეფექტები, რითაც ისტორიები უფრო ცოცხალი და მიმზიდველია;
3. მარტივი ინტერფეისი, მისი ათვისება სწრაფად ხდება და შესაფერისია როგორც დამწყები, ისე უფრო გამოცდილი მოსწავლეებისთვის;
4. მაღალი ხარისხის ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა ვიდეოს პრეზენტაცია ან მასწავლებელთან და თანაკლასელებთან გაზიარება;
5. KineMaster მხარს უჭერს სხვადასხვა მედია ფორმატებს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიყენონ მრავალფეროვანი რესურსები, როგორიცაა ფოტოები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები და ტექსტი უფრო მოქნილი და კრეატიული ნარატივის შესაქმენლად;
6. მონაცემების სიჩქარის კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია ციფრულ თხრობებში.
მოსწავლის მიერ KineMaster -ით შექმნილი ციფრული თხრობის პროდუქტი მე-5 კლასის „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსიდან, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობს (საზ.მეც.დაწყ. (II).3.

https://drive.google.com/file/d/119NYFDYM3J6sh_kzXbMwypFs5Fgo5aKY/view?usp=sharing

ისტორიის მასწავლებლის მიერ შექმნილი ციფრული თხრობის მარტივი ნიმუში: ისტორიის და,ზოგადად, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ისტორიის გაცნობა. ამ მიზნით შეგვიძლია ჩავწეროთ Microsoft PowerPoint -ის ხმოვანი პრეზენტაცია

https://docs.google.com/presentation/d/1N7bW70SQVzKNiFDC3VuFStoH0oBTfjDZ/edit?usp=drive_link&ouid=102707749211629059323&rtpof=true&sd=true

და შემდეგ სლაიდშოუს ექსპორტი მივცეთ, ან რომელიმე პლატფორმაზე ავტვირთოთ, მაგალითად, ამისთვის გამოვიყენოთ Powtoon:

https://www.powtoon.com/online-presentation/eRaeJfUajXM/?utm_medium=social-share&utm_campaign=player+page+share&utm_source=copy+link&utm_content=eRaeJfUajXM&utm_po=48637954&mode=movie

ამ დროს შეგვიძლია ვიდეოპრეზენტაციის ცალკეული სლაიდი კვლევითი კუთხითაც გამოვაყენებინოთ მოსწავლეებს თუ მას შესაბამის შეკითხვებს დავურთავთ, რითაც კიდევ უფრო საინტერესოს და „ციფრულს“ გავხდით ჩვენს გაკვეთილებს.
მულტიმედიური ტექნიკისა და ციფრული თხრობის ჩართულობით ისტორიის გაკვეთილები არის საინტერესო, სახალისო და ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ადამიანში ცოდნისა და პიროვნული უნარების ჩამოყალიბებას.

ერთხელ უწერაში

0

ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ვატარებ უწერაში, სოფელში, სადაც ჩემი მასწავლებლური თავგადასავალი დაიწყო. ივლისის შუადღის ხვატს 13-14 წლის 5 გოგო ჩვენი სახლის შუშაბანდში აფარებდა თავს. მოიმზადებდნენ ცივ ყავას, ფერად საწრუპებს ჭიქებში მოათავსებდნენ, მიუსხდებოდნენ მაგიდას, ჩარგავდნენ თავს მობილურ ტელეფონებში და გაირინდებოდნენ. სახეები ნელ-ნელა უემოციო უხდებოდათ და ერთმანეთთან არც კი საუბრობდნენ. მათ შემყურეს მასწავლებლური ძალების გამოხმობის სურვილი გამიჩნდა. ერთ ასეთ შუადღეს ვკითხე, დაესახელებინათ სამი საყვარელი დავალება ქართულის გაკვეთილებიდან. ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. საუბარმა ჩემს მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან ერთად დადგმულ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. სოფელში წამოღებული მაქვს ჩემი მოსწავლეების საშინაო დავალების რვეულები და სპექტაკლის შემდგომ შევსებული გამოხმაურების ბარათები. გამოვიტანე და დავათვალიერებინე. გოგოებმა სავარძელზე გადაინაცვლეს, საკუთარი ტელეფონები მიივიწყეს და ჩემი მობილური ტელეფონისკენ გადაიტანეს ყურადღება – მეშვიდეკლასელების სპექტაკლის (სახელად „ლიტერატურული მოტივები“) ჩანაწერს დიდი გულისხმიერებით უყურეს. ივლისის ცხელ შუადღეს ისხდნენ რაჭის ულამაზესი სოფლის სახლის შუშაბანდში ბავშვები ქუთაისიდან, რუსთავიდან, თბილისიდან და უყურებდნენ 59-ე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაცოცხლებულ ხოგაის მინდის, აბესალომსა და ეთერს, ჯარჯის, თავფარავნელ ჭაბუკს, ჩარლზ ჩაპლინს, ტომ სოიერს, ვაჟა ფშაველას ქუჩის, მთის წყაროს, ფესვებს… დროდადრო მე მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

შემდეგ მეშვიდეკლასელმა ქრისტიმ გვითხრა, რომ რუსთავში თეატრალურ გუნდში დადიოდა და მაჩვენა სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით დადგმული შემაჯამებელი წარმოდგენა. სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით თამაშობდნენ მოზარდები, ქრისტის თანაგუნდელები. 13 წლის გოგომ რჩევებიც გამიზიარა და საუბრის ბოლოს ბრწყინვალე იდეაც დამებადა – ჩვენც ხომ არ დაგვედგა სპექტაკლი-მეთქი, გავაჟღერე. გოგოები სიხარულით ამყვნენ. იქვე შევთანხმდით სცენარზე – რადგან ყველას ჰქონდა შესწავლილი სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“, ამიტომ სცენარის ერთ-ერთი ნაწილი ის იქნებოდა, რამდენიმე ეტიუდის სცენარის დაწერა კი თეკლამ ითავა. ეტიუდის თემაც მარტივად შეარჩიეს – ჩაგვრა უკვე მოგვბეზრდაო და ნაადრევ ქორწინებაზე შეთანხმდნენ, მეორე ეტიუდის თემა კი მე შევთავაზე. როგორც წესი, ბავშვებში ხშირია არასასურველი გავლენები, გარიყვა და ჭორაობა, ამიტომ ეს თემაც მოიწონეს. აქვე მომაფიქრდა, რომ ჭორაობის შესახებ ეტიუდს მივაბამდით ფრაზეოლოგიზმებს ენაზე და პანტომიმით გავაცოცხლებდით. შემდეგ გამახსენდა, რომ მართა სიმღერაზე დადიოდა, სოფელში ჩამოტანილი ჰქონდა გიტარა და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის რომელიმე ნაწილში მართა იმღერებდა. საყვარელ საქმიანობაზე საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ელენე ხატავდა. სასწრაფოდ ჩამოტვირთა თავისი ნახატები და დაგვათვალიერებინა, კატო კი დაგვპირდა, რომ ქართული ცეკვაზე სიარულის რამდენიმეწლიან გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებდა სპექტაკლის დადგმისას.

სათაურიც მარტივად შევარჩიეთ – სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“ დავარქვით, ხოლო სპექტაკლის გამართვის ადგილზე რომ დავფიქრდით, მაშინვე უწერის საჯარო სკოლა გამახსენდა. წარმოიდგინეთ, რა საოცარია მოზარდებთან ურთიერთობა, ცივი ყავის ჭიქებიან მაგიდას მოწყვეტილ ბავშვებთან საუბრის წამოწყებამ უწერის სკოლის სააქტო დარბაზამდე და სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ნაილისთან, შეთანხმების აუცილებლობამდე მიმიყვანა.

ნაილი მასწავლებელი

არასდროს მომბეზრდება მადლიერების გამოხატვა უწერის სკოლის დირექტორისადმი. ნაილი მასწავლებელი 10 წლის წინ გავიცანი და ყველა ჩემი იდეის ზურგის ქარად იქცა. უწერის სკოლაში სწორედ მისი დახმარებითა და თანადგომით დავაარსე თანამედროვე მედიათეკის მსგავსი სივრცე, რომელსაც ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ შეარქვეს. ამ ოთახში დღესაც თავისუფლების, წიგნების, ხის სურნელი ტრიალებს, რაც ნაილი მასწავლებლისა და სკოლის კოლექტივის დამსახურებაა. ნაილი მასწავლებელი, მაღალწნევიანი მეუღლისა და სოფლის საქმეების მიუხედავად, ჩვენს ყველა ღონისძიებას ესწრებოდა: ჩრდილების თეატრი, სპექტაკლები, ლიტერატურული კაფეები, ინტეგრირებული გაკვეთილები – მისი მუდმივი თანადგომითა და ხელშეწყობით ტარდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საზაფხულო თეატრალური წარმოდგენის იდეის გამხელას ჩვეული ხალისით შეხვდებოდა. ასეც მოხდა. ის კი არა, იმდენად გაუხარდა, რესურსცენტრში დირექტორების შეხვედრისას გააჟღერა, რომ უბნის ბავშვებთან ერთად სპექტაკლს ვდგამდი. ამგვარი განწყობა საქმის კეთებისას ფრთების გამომბმელია. შინაგანი ძალების გამოცოცხლებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტი მონდომებით ცდილობ საყვარელ ადამიანის მოლოდინის გამართლებასა და გახარებას.

რეპეტიციები

„ერთხელ უწერაში“ წარმოუდგენლად მცირე დროში დავდგით, რადგან გუნდის ერთ-ერთი წევრი, ქრისტი, სოფელს 28 ივლისს ტოვებდა. სხვა გზა არ გვქონდა, წარმოდგენა 27 ივლისს უნდა გაგვემართა. პარალელურად, საზაფხულო პროგრამის „წავუკითხოთ ერთმანეთს“ დილა-საღამოს ჯგუფებთან ვმუშაობდი და ოთხ შვილზე ვზრუნავდი. თეკლამ პირველი ეტიუდის სცენარი მალევე დაწერა და იმავე საღამოს ჩვენს ეზოში შეკრებილმა გოგოებმა მინი-სპექტაკლი დამოუკიდებლად დადგეს. როცა საყურებლად მიმიწვიეს, აღფრთოვანებული დავრჩი მათი გუნდურობითა და შემოქმედებითი უნარებით. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სპექტაკლზე მუშაობის პროცესი უსაზღვროდ სახალისო და საინტერესოა. ვუყურებდი როლში შეჭრილ ბავშვებს, რომლებიც დაბინდებისას ვეებერთელა კაკლის ხის ძირას მთელი არსებით თამაშობდნენ და ვფიქრობდი, როგორი ჯადოსნური პროფესია გვაქვს მასწავლებლებს. ჩვენ მხოლოდ სული უნდა შევუბეროთ მათ დაფარულ შესაძლებლობებს და მყისვე ვხედავთ შედეგს.

ნაადრევ ქორწინებაზე დადგმულ ეტიუდს „ვეფხისტყაოსანი“ მოჰყვა. დავაძინებდი ჩემი სამი თვის ბიჭს და გოგოებთან მივქროდი კაკალასთან, ე.წ, სოფლის „ბირჟაზე“. ჩავრთავდით მუსიკას, ხელში წიგნი გვეჭირა და როლებს ვანაწილებდით. „საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულნაკლულად“ – მუსიკის ფონზე მკაფიოდ და ნელა ამბობდნენ თითოეულ სიტყვას, მე ვიდეოს ვუღებდი და უეცრად აღვიქვი, რომ ჩვენს „სცენას“ ბუნებრივ განათებად ამშვენებდა სოფლის ორღობეში ჩამოწოლილი ნისლი, ევგენი ბაბუას ჭიშკართან აღმართული ლამპიონის ნათება და სიბნელე – ყველაფერი ისე იყო, როგორც თეატრში ხდება ხოლმე. სახლიდან გამოტანილ სკამზე იჯდა მართა-თინათინი და გარინდებული ისმენდა როსტევანის, სოგრატისა და ავთანდილის საუბარს. გარკვეული ფორმა რომ მიიღო ჩვენმა წარმოდგენამ, დაუტეველმა სიხარულმა მოგვიცვა და სიცილი აგვიტყდა. ერთმანეთს ვემშვიდობებოდით ღამის პირველ საათზე, ქრისტიმ რომ შემაჩერა: ლელა, შენ ხარ გაზრდილი ენიო, მითხრა და თვალები ცრემლებით ამევსო. მერე ჩამოვსხედით გრძელ სკამზე და ბევრი ვისაუბრეთ ენიზე, მარილაზე, მეთიუზე და წიგნის სხვა პერსონაჟებზე, რომლებიც ქრისტის გულში დიდი ადგილი დაეკავებინა. ენის მეორე ნაწილი სამშობიაროში მქონდა წაღებული და ჩემი მეოთხე შვილი რომ დაიბადა, კითხვა იქ დავასრულე, მესამე ნაწილიც იქვე დავიწყე. ახლა კი ჩემი სამი თვის ბიჭს მშვიდად ეძინა და 13 წლის ქრისტისთან ენის შესახებ ვსაუბრობდი.

სულ რამდენიმეჯერ შევიკრიბეთ. მეორე ეტიუდის სცენარიც დაწერა თეკლამ და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის წარმოდგენის დღესვე დაგვედგა. ვფიქრობ, სწორედ რეპეტიციების გონივრული წარმართვა არის უმნიშვნელოვანესი სპექტაკლის დადგმის პროცესში. რეპეტიციებისას შეიძლება, გეგონოს, არაფერი გამოდის, მაგრამ ამ ფიქრს არ უნდა აჰყვე, პირიქით, რეპეტიციების მაგიური ძალა ის არის, რომ ბავშვებიც დაარწმუნო, თუ როგორ შეიძლება მარტივად გადაჭრა დევის მოკვეთილი თავებივით გაცოცხლებული პრობლემები, რომ ერთმანეთის იდეებისადმი მიმღებლები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რჩევები. პროცესის ფასილიტატორებმა უაღრესად ფაქიზი დამოკიდებულება უნდა გამოვამჟღავნოთ, როცა ბედავენ და თამაშობენ. მუდმივ წახალისებასა და შექებას თავდაჯერებულობა მოაქვს და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებიც მათ ქცევაზეც აისახება.

სპექტაკლამდე

სპექტაკლის შესახებ აფიშები გოგოებმა წინა ღამით დაწერეს და გააკრეს „კაკალასთან“, სადაც მთელი სოფელი იყრის თავს. სოციალურ ქსელში სპექტაკლის შესახებ მხოლოდ 27 ივლისის დილას დავწერე, რადგან მანამდე დაზუსტებით არ ვიცოდით, რამდენად მივიყვანდით ბოლომდე ჩანაფიქრს.

წინასამზადისის ფუსფუსი არანაკლებ საინტერესო იყო – გვიან ღამემდე ჩვენი სახლის შუშაბანდში სინათლე ენთო. რადგან დილიდან სკოლაში ვაპირებდით ყოფნას, ბავშვებმა გადაინაწილეს თან წასაღები საჭმლის ნუსხა. თინათინის გვირგვინს ვჭრიდი და პარალელურად მაჭკატებს ვაცხობდი. დროის სიმცირის გამო რეკვიზიტები მწირი გვქონდა. როსტევანის სამეფო კარისთვის საჭირო მოსასხამებიც ძლივს ვიშოვეთ, ძირითადად, ძველი ფარდები და თხელი ფარდაგები, თინათინის სალაროსთვის კი ჩემი 5 წლის გოგოს კოლოფი წავიღეთ და საახალწლო „წვიმები“ წვრილად დავჭერით. საგულდაგულოდ შეარჩიეს თითოეული ეტიუდისთვის საჭირო ტანსაცმელიც. ქრისტის რამდენიმე დღით ადრე ციალა ბებომ აჩუქა რეტროს სტილის კუბოკრული კაბა, რომელიც სპექტაკლის სიმბოლოდ იქცა. 27 ივლისს, დილის 10 საათზე, თავი მოვუყარეთ საჭირო ნივთებს და ბავშვის ეტლითურთ სკოლისკენ გავწიეთ. მანქანაში საჭესთან თინათინის გვირგვინი დავაბრძანეთ და მაგიური განწყობა შექმნა იმის აღმოჩენამ, როგორ „მიგვიძღოდა“ თეთრი თაბახის ფურცლისგან გამოჭრილი გვირგვინი უწერის სკოლისკენ.

მაშ ასე, სპექტაკლამდე 9 საათი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში სკოლის დირექტორის, ნაილი მასწავლებლის, დახმარებით მოვაწესრიგეთ სააქტო დარბაზი, გავმართეთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, გავიარეთ რეპეტიცია და ვითამაშეთ ორი ეტიუდი. თან მყავდა ჩემი სამი თვის ბიჭი, რომელსაც დიდი ძალისხმევა და ყურადღება სჭირდებოდა. ცოტა ხნით გოგოების დატოვება მომიხდა და უკან დაბრუნებულს კიდევ ერთი ეტიუდის დადგმა მოესწროთ. შემდეგ ფრაზეოლოგიზმების დრო დადგა. იქვე გამოვიგონეთ პანტომიმის მოძრაობები და სულ 5 ფრაზეოლოგიზმი შევარჩიეთ. პინა ბაუშის მუსიკასთან ერთად ვცეკვავდით და დროდადრო ვიძახდით – ენა ზურგზე გადაიგდო, ენა წინ წაიგდო, ენამ უყივლა, ენას ილესავს, ენას კბილი დააჭირა. ვიდეოს კატო გვიღებდა. მისი შეძახილები გვამხნევებდა. ამ დროს მითხრა, ლელა, არ გინდა, შენც მიიღო მონაწილეობა ამ პანტომიმის ცეკვისასო. კატოს იდეა დანარჩენებმაც აიტაცეს. ცხოვრებაში არასდროს მიმიღია სპექტაკლში მონაწილეობა. უარის თქმა შემრცხვა, რადგან თავად ვუბიძგებდი სითამამისა და თავდაჯერებულობისკენ. ამიტომ დავთანხმდი და ეს დღე ამითაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის – მე, მასწავლებელმა, მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში და სცენაზე თამაში გავბედე. ახლა ზუსტად ვიცი, რას განიცდიან ბავშვები აუდიტორიის წინაშე თამაშისას და როგორი განსაკუთრებული ემოციები მოაქვს გუნდთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას. გვიან ღამით ჩემი ბავშვობის მეგობარმა ამერიკიდან მომწერა, შენს ცეკვას ვუყურე და ძალიან მომეწონაო. 10 წლის ასაკში მეგისთან ერთად მთელი ხმით გავკიოდი იმ დროის პოპულარულ სიმღერებს და ქეთის სახლში ცეკვას ვდგამდი. ახლა, 30 წლის შემდეგ, ისევ ბავშვობაში დავბრუნდი. მასწავლებლობის ერთ-ერთი უდიდესი სიხარული და საჩუქარი სწორედ ის არის, საკუთარ თავში ბავშვად ყოფნის მუდმივ შესაძლებლობას რომ გჩუქნის.

სპექტაკლის წარმოდგენის დრო ახლოვდებოდა. ნერსეს ხან ნაილი მასწავლებლის ოთახში ეძინა, ხან – ჯადოსნურ ოთახში. თანამედროვე მედიათეკის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში, რომელიც ექვსი წლის წინ დამიწერია. თითქმის 10 წელი გავიდა უწერის სკოლაში მუშაობის დაწყებიდან და დროში ასახულმა ცვლილებებმა სევდით ამავსო. სააქტო დარბაზის ფანჯარაზე ისევ ეხატა ჩვენი სპექტაკლის „ქუდის მდევნელთა უცნაური ტომის“ ამსახველი ნახატი. გაცრეცილი ფერებისა და წარწერის მიღმა ჩანდა სკოლის წითელი ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე მოჰყავდა. გული მეწურებოდა იმის გახსენებისას, რამდენჯერ მიმგზავრია ონში, ჯინჭვისსა თუ ღებში უწერის სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად. ახლა კი მისი მძღოლი, ენერგიული, მხიარული ადამიანი, იაშა, ცოცხალი აღარ არის, უშუშოფანჯრებიანი წითელი ავტობუსი კი სკოლის კედლებთან დგას, თითქოს იმის სიმბოლოდ, რომ სიცოცხლე დაყოფილია დროის გარკვეულ მონაკვეთებად. სწორედ ასეთი ამბების გახსენებისას ამ სამყაროშივე ერთიანდება დრო და ყოფნა – არყოფნის სიმბოლოდ გვევლინება. წითელი ავტობუსი მაფიქრებს იმაზე, რომ სკოლა დროის სამივე ასპექტს – იყო, არის და იქნება – აერთიანებს.

ჯადოსნურ ოთახში ისევ ძველი სურნელი იდგა. შესვენებისას რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, სადაც ვყვები უწერის სკოლის მოსწავლეების მიერ გატანილი და დაბრუნებული წიგნების ამსახველ დღიურზე, ჩემთვის შვიდი წლის წინ მოწერილ მარიამის წერილზე, რომელიც სწორედ იმ დღეს შთაბეჭდილებების კოლოფში ვიპოვე, ნაილი მასწავლებლის გამორჩეულ თანადგომაზე.

სააქტო დარბაზში გოგოები მაკიაჟს იკეთებდნენ, ტანსაცმელს აწესრიგებდნენ და პირველი სტუმრების გამოჩენისთანავე ანერვიულდნენ.

სტუმრები

ვაიმე, მელიტონიც მოვიდაო, კულისებში შესძახა მართამ, მელიტონ ბიძიას ძმისშვილიშვილმა და შფოთვა მოემატა. მე რომ უწერის სკოლაში ვმუშაობდი, მელიტონ ბიძია სოფლის გამგებელი იყო და ჩვენი სპექტაკლებისა და ლიტერატურული კაფეების ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა და მოგვიტანდა სოფლის პატარა მაღაზიაში ნაყიდ ლიქიორსა და შოკოლადს. ახლაც მისი სახლის აივანზე ვზივარ და ამ სტატიას ვწერ. მელიტონ ბიძია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიას შორის, ვინც უწერიდან ყოველდღე დადიოდა ონში და ხშირად დამიბარებია ლიტერატურული კაფესთვის საჭირო პროდუქტი. მოყინულ გზაზე ამოივლიდა მისი მანქანა და მოჰქონდა ვანილი, ლიმონათი თუ ხელსახოცები. გული მადლიერებით მევსება იმის წარმოდგენისას, როგორი დიდი გულისხმიერებით ყიდულობდა ყველაფერს, რასაც ვთხოვდი.

ოჯახის წევრების გარდა, დანამდვილებით არ ვიცოდით, კიდევ ვინ გვესტუმრებოდა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მეუღლემ შემხვედრი ადამიანები მოიპატიჟა. სპექტაკლის დაწყებამდე გოგოებს ვუთხარი, მთელი გულით ხომ ველოდები ნაცნობებს და ყოველთვის მოდიან ის ადამიანებიც, ვისაც არ ველი-მეთქი. სპექტაკლი „ერთხელ უწერაშიც“ არ აღმოჩნდა გამონაკლისი. რამდენიმე წუთით ადრე კი სკოლის სააქტო დარბაზში ჩემი მეგობარი იაკო თავის სამ შვილთან და დედასთან ერთად შემოვიდა. ია ყველა ჩემი აქტივობის დიდი გულშემატკივარია, მაგალითად, წიგნის დღეებზე მე და ჩემი მეხუთეკლასელები მაფინებს რომ ვყიდდით საკლასო ოთახის ხელნაკეთი თაროების დასამზადებლად, იმ დღესაც გვესტუმრა ოჯახთან ერთად და სოფელ პიპილეთის ბიბლიოთეკისთვის შეგროვებული თანხა გვიწილადა. იას გოგოებს სოციალურ ქსელში უნახავთ სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია და როგორც კი გაუჟღერებიათ, ციური დეიდას, იას დედას, ჩაუსხამს მანქანაში შვილიშვილები და უწერაში წამოუყვანია. მალე პატარა დარბაზში ტევა აღარ იყო. ჩემი ხუთი გოგო აღელდა, ხელები აუკანკალდათ ნერვიულობისგან და სწორედ ამ დროს ოთახში ანი შემოცქრიალდა. ანი ერთ-ერთი მირამისელია, უწერის სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა და ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. კიდევ ერთხელ გადავინაცვლეთ მე და ანიმ ჩვენს დღესასწაულებში – იმ დღეებში, როცა პატარა ოთახში უწერის სკოლის ყველა მოსწავლეს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარსადგენად თავი მოეყარა და სუნთქვა ჭირდა ან იმ დღეს, როცა გოდერძი ჩოხელის მოთხრობები გავაცოცხლეთ და მეათეკლასელი პაატა ფანჯარასთან ცხენით მოგვადგა. ანიმ გოგოებს უთხრა, მთავარია, პროცესით ისიამოვნოთ, ახლა გგონიათ, არაფერი გახსოვთ და როგორც კი სცენაზე პირველი წუთი ჩაივლის, მაშინვე გათავისუფლდებითო. ანიმ იტვირთა სპექტაკლისთვის ვიდეოს გადაღება და თავისი იქ ყოფნით სიმშვიდე მოჰქონდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, როგორი გადამდებია ერთობლივი ქმედება სპექტაკლისთვის, რადგან ქრისტის 8 წლის ძმა და თეკლას 5 წლის და თან გვახლდნენ. მათაც გაუჩნდათ მონაწილეობის მიღების სურვილი და მყისვე გამოუძებნეს როლები – კაკიმ და ლილემ კატოს და-ძმის როლი მოირგეს. მალ-მალე მომადგებოდა ლილე და ჩამჩურჩულებდა, ნაადრევ ქორწინებაში როდის უნდა ვითამაშოო.

მთელი დღე გაბმულად წვიმდა. 7 საათისთვის დარბაზში უკვე ჩამობნელდა. ერთადერთ განათებად გამოვიყენეთ შინიდან წაღებული ელექტროციმციმა, რომლის ფერადი ათინათი დარბაზის კედლებზე ირეკლებოდა და განსაკუთრებულ ელფერს სძენდა სცენას. ფერადი განათება თითქოს ამ სპექტაკლის სიმბოლოდაც იქცა – ჩვენ ჯერ საკუთარი თავი დავარწმუნეთ და შემდეგ კი იქ მყოფი ადამიანები იმაში, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობას გამოსტაცო ყველა სიკეთე და როგორ შეიძლება ააელვარო ადამიანები სიხარულით.

სპექტაკლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სტუმრად მოსულა კამილა, რომელიც უწერაში ისვენებდა და ერთ შუადღეს, სეირნობისას, ჩვენს სახლში გვესტუმრა. როგორც გავიგე საუბრისას, კამილა ფრანგული ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ბევრი ვისაუბრეთ მე და კამილამ. მოვუყევი, როგორ ვესტუმრე ეროვნული ბიბლიოთეკის ფრანგულ მედიათეკას და რომ იქ ნანახი გარემო გახდა უწერის სკოლის ჯადოსნური ოთახის დაარსების ინსპირაცია. სპექტაკლის დღეს, სკოლისკენ რომ მივდიოდით, კამილა შეგვხვდა და ბავშვებმა დაპატიჟეს. დილას კამილასგან წერილი მივიღე: „It was a pleasure for me to attend your performance. To see the performance itself, but also to see how big an impact it had on every single person in the audience, with stars shining in their eyes. They are lucky to have you! Congratulations!” (ამონარიდს წერილიდან კამილას ნებართვით ვურთავ სტატიას).

ელენემ, კატომ, ქრისტიმ, მართამ და თეკლამ შესანიშნავად გაართვეს თავი აუდიტორიის წინაშე თამაშს. ამ სტატიით მინდა საჯარო მადლობა შევუთვალო ჩემთვის უცნობ მასწავლებელს, რომელიც ქრისტის და მის მეგობრებს ქალაქ რუსთავში თეატრს აყვარებს და ასწავლის, რადგან სწორედ ქრისტი იყო ჩვენი სპექტაკლის მამოძრავებელი ელემენტი. 13 წლის გოგოს გულანთებულობა და ცოდნა ჩვენც გადმოგვედო და წაგვახალისა.

კამილამ მომწერა, თითოეული სტუმრის თვალებში ვარსკვლავები ენთოო და ერთ-ერთი მომენტი სპექტაკლიდან სამუდამოდ აირეკლა ჩემში, როგორც სინერგიის სიმბოლო – სპექტაკლის ბოლოს მართა გიტარაზე უკრავდა, მღეროდა სიმღერას „თეთრ კლავიშებს“ და ნელ-ნელა მთელი დარბაზი აჰყვა. ახლაც ამეტირა გახსენებისას, როგორი სინაზე, სიკეთე და მშვენიერება დალივლივებდა დარბაზში და სცენიდან წამოსული მუხტი დარბაზში მყოფთა განცდებს აელვარებდა. მღეროდა მართა და მღეროდა მთელი დარბაზი – იკუნას დედა, კატოს ბებია, ბავშვები და კიდევ სხვები. ვიდექი ხმის გამაძლიერებელთან, ვუყურებდი ამ ჯადოსნურ პროცესს და ვტკბებოდი იმის გააზრებისას, რომ მე და ჩემმა პატარა მეგობრებმა მცირე დროში ჩვენი სახლის შუშაბანდში დაბადებული იდეის გაცოცხლება და ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება შევძელით.

სპექტაკლის ბოლოს სრულად ჩამობნელდა, წვიმამ იმატა. ძლივს ვხედავდით ერთმანეთს. კატოს ბებიამ, ნანამ, ემოციური სიტყვები გვითხრა. მან გაიხსენა, რომ დარბაზში მყოფი რამდენიმე მათგანი – მელიტონი, ნანა (ლივლივა), ნათია (ფაცო)… – ნაილი მასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ და მათაც დაუდგამთ სპექტაკლი, რომელშიც გიორგი და პაატა სააკაძის როლებს თამაშობდნენ. ნანა თბილისში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და სპექტაკლის ერთად გამართვა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ ამითაც იყო გამორჩეული, რომ უწერის სკოლის ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც ახლა უკვე ბებიები და ბაბუები არიან, დროში ამოგზაურა.

მელიტონ ბიძიამ ჩვეულად გვიმასპინძლა და შამპანური მოგვართვა. აღარ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება. ბედნიერი, დამღლელი, დაუვიწყარი 9 საათის შემდეგ თავსხმა წვიმაში ბარგი-ბარხანიანად შინ დავბრუნდით და თან უზარმაზარი სიხარული გამოვიყოლეთ.

შეჯამება

ის, რასაც გულს ვუძღვნით, დროს ვუთმობთ, წარმოუდგენლად ვრცელდება დროსა და სივრცეში. იანვარში თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მეოთხე სართულზე ჩემს მეშვიდეკლასელებთან ერთად სპექტაკლისთვის ორკვირიანმა შრომამ უწერაში ჩამოაღწია, ხუთ გოგოს ქმედებისკენ უბიძგა და მათი ერთი ზაფხული დაუვიწყარი გახადა. მე მჯერა ბავშვების კოსმოსური ენერგიისა და შესაძლებლობების, მათგან გამუდმებით ვსწავლობ. დარწმუნებული ვარ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ კიდევ ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწევს და ჯადოსნური თავგადასავლების ჯაჭვს უამრავ რგოლს შემატებს.

გამოხმაურების ბარათები

ნებისმიერი აქტივობის შემდეგ დროს ყველაზე უკეთ გამოხმაურების (გასასვლელი ბილეთები) ბარათები ინახავს. ამჯერადაც ელენეს, კატოს, ქრისტის, მართას და თეკლას ვთხოვე შეევსოთ ბარათები, რომლის ქარგა ამგვარი იყო:

  1. სპექტაკლის მზადებისა და წარმოდგენის პროცესიდან გაიხსენე 10 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება.
  2. სპექტაკლის დღიდან მომიყევი ერთი ამბავი, რომელიც მე ვერ შევნიშნე.
  3. რატომ დაარქვით სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“?
  4. სპექტაკლის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?
  5. რა რჩევებს მომცემდი?
  6. შენი აზრით, რა დადებითი მხარეები აქვს სპექტაკლს მოზარდის ცხოვრებაში?
  7. რას გრძნობდი სპექტაკლს წარმოდგენისას?
  8. როგორი განცდა დაგეუფლა სპექტაკლის შემდეგ: რა გეწყინა? რა გიხაროდა?
  9. რას ეტყოდი შენს მეგობრებს?
  10. რას მეტყოდი მე?

ბავშვების შთაბეჭდილებების კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს და სწორედ მათი უკუკავშირი ახალი ძალებით მავსებს. გიზიარებთ ამონარიდებს სპექტაკლში მონაწილე ხუთი გოგოს ბარათებიდან:

 

1.როგორ დაგვადგმევინა მართამ ცეკვა; როგორ მეხმარებოდა თეკლა კაბის გახდაში; ჭორაობასა და გარიყვაზე ყველამ ერთად რომ დავდგით სპექტაკლი; ლილე და კაკი გულებს რომ გვიჩვენებდნენ სიმღერის დროს; ელენე ტანსაცმლის ყოველი გამოცვლის დროს ლექსებს რომ იმეორებდა ძალიან სწრაფად; ანი რომ გვაწყნარებდა და გვამხნევებდა; ანის ვუთხარი, ჩემს ძმას რომ შევხედავ, გამეცინება-მეთქი და ანი კი ზუსტად ჩემი ძმის წინ დაჯდა; შესვენებისას სპორტდარბაზში ფრენბურთს რომ ვთამაშობდით; მართას თმას რომ ვუსწორებდი; ყველას რომ „მაკიაჟს“ ვუკეთებდი“, – კატო ცაგარელი, 13 წლის.

 

  1. „გარიყვა და ჭორაობიდან“ მომეწონა ყველა ერთად რომ ვმღეროდით. ალბათ, იმიტომ, რომ სასიამოვნოა შენს მეგობრებთან, ბიძაშვილებთან ერთად სიმღერა“, – მართა მეტრეველი, 14 წლის.

 

  1. „გასწავლის გუნდურობას, ერთიანობას, ფიქრს, მსჯელობას. ვითარდები. შენს თავს უკეთ გამოხატავ, როდესაც სცენაზე დგახარ და თამაშობ, თითქოს შენს სულს ათავისუფლებ და რწმუნდები, რომ რასაც მოინდომებ, შეძლებ. თვითშეფასება გიმაღლდება“, – თეკლა, 14 წლის.

 

  1. „უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და ხალხს მოეწონა ის, რაც ჩვენ წარვუდგინეთ მათ“. – ელენე მინდიაშვილი, 15 წლის.

 

  1. „არ გაჩერდე! უფრო მეტი სპექტაკლი დადგი, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიყვანო ამ იდუმალ და ფერად სამყაროში!“, – ქრისტი კაკიაშვილი, 13 წლის.

 

როგორ მოქმედებს ბავშვზე მშობლის შიშები

0

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ნებისმიერი მშობლისთვის საყურადღებო და საინტერესო სცენის უნებლიე მოწმე გავხდი. ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა ქალბატონი მხიარულად ესაუბრებოდა თავის პატარა ბიჭუნას და ართობდა, რომ მისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო ავტობუსით მგზავრობა. უეცრად ქალბატონი შეშინებული წამოხტა ადგილიდან, ბავშვი ხელში აიტაცა და ფანჯრის მინაზე „გაკრულ“ მწერზე მიგვანიშნა – „ბზიკი, ბზიკი, აქ ვერ ვიჯდები, მირჩევნია ფეხზე ვიდგე“. ცოტა მოცილებით მჯდომი მამაკაცი წამოდგა და შეშინებულ, პანიკაში ჩავარდნილ ქალბატონს ადგილი დაუთმო. იმ იმედით, რომ თავს დააღწევდა მისთვის საშიშ მწერს და უსაფრთხოდ იქნებოდა. ქალი მამაკაცის შეთავაზებას დათანხმდა, დაჯდა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. იმის გამო, რომ მძღოლს კონდიციონერი ჰქონდა ჩართული, ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო. დახურულ სივრცეში მოხვედრილი მწერი კი აქეთ-იქით აწყდებოდა და გასასვლელს ეძებდა. უცებ ის იმ ადგილისკენ გაფრინდა, სადაც შეშინებული ქალბატონი იჯდა. მის დანახვაზე ქალი წამოხტა, შეშინებული და ატირებული ბავშვი ხელში აიტაცა და მძღოლს დაუყვირა, რომ ავტობუსი გაეჩერებინა. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მგზავრებს შორის, უეცრად ავტობუსი დაამუხრუჭა და კარი გააღო. შეშინებული ქალბატონი ატირებულ ბავშვთან ერთად სწრაფად ჩავიდა ავტობუსიდან. ვფიქრობ, ადვილი არ იქნებოდა მისთვის შეშინებული და ატირებული ბავშვის დამშვიდება. მომავალში კი აღნიშნული მწერის დანახვაზე, დიდი ალბათობით, ბავშვს ისეთივე რეაქციები ექნება, როგორიც ჰქონდა დედას, რომელიც ყველა ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი და ყველაზე საიმედო ადამიანია.

შიში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა. ჩვენი შიშების კონტროლი ნამდვილად არ არის ადვილი. ისინი იპყრობენ ჩვენს აზრებს, იმორჩილებენ ჩვენს ნებელობას, და მუდმივად რაღაც არასასიამოვნოსა და სახიფათოს მოლოდინში გვამყოფებენ. თანამედროვე საზოგადოებაში თავდაჯერებულ, მიზანდასახულ, მიზანსწრაფულ ადამიანად ითვლება ის, ვინც ყველაზე ნაკლებად ემორჩილება შიშებს და არ აძლევს მათ უფლებას მართონ მისი ქმედებები.

შიშთან გამკლავების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლების წინაშე, რომლებსაც სურთ ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა. ბავშვის აღზრდის პროცესი დაკავშირებულია მუდმივ სტრესთან, შფოთვასთან და, რაც მთავარია, ყველა ჩვენი შიში დაუყოვნებლივ გადაეცემა ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვს, თანაც ისე, რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, ჩვენი შიშით როგორ გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ ბავშვის მყიფე ფსიქიკას.

ბავშვებში შიშის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და ამ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მშობლების გადაჭარბებული შფოთვა. ბუნებრივია, რომ ჩვენ, უფროსებსაც შეიძლება უამრავი რამის შიში გვქონდეს და ეს შიშები გადაეცემა ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვსაც. ვფიქრობ, სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ შფოთიანი მშობლები ზრდიან შფოთიან ბავშვებს მრავალრიცხოვანი ფობიებითა და შიშებით. ამაში არაფერი უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ბავშვები აკოპირებენ უფროსების ქცევას და თუ დედას ეშინია ძაღლების, თავისუფლად შეიძლება, რომ ბავშვსაც იგივე შიში ჰქონდეს. მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვებზე. თუ ისინი იტანჯებიან მომატებული შფოთიანობით, დიდი ალბათობით, ნამდვილად ვერ გახდებიან ძლიერი საყრდენი შვილისთვის.

დიდწილად ოჯახი აყალიბებს ბავშვის წარმოდგენას სამყაროზე. ჩვენმა შიშმა და ძლიერმა ემოციურმა განცდებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე, ისინი ხომ მას პირდაპირ გადაეცემა, ბავშვი იღებს მშობლების გამოცდილებას.

 ხშირ შემთხვევაში, ბავშვს უჩენს შიშს და უკარგავს საკუთარი ძალების რწმენას მისკენ მიმართული, მშობლის მიერ წარმოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიცაა:

  • „მეშინია ვინმემ არ გაგანაწყენოს, არ დაგჩაგროს“ – თუ ამ ფრაზას ხშირად გავიმეორებთ, ბავშვი ნამდვილად იგრძნობს საფრთხეს, თუმცა, დიდი ალბათობით, შეიძლება არც არაფერი მოხდეს. ბავშვები განიცდიან შიშს, როდესაც მშობლები მუდმივად საუბრობენ საშიშროებაზე, ან ხშირად ჰყვებიან საკუთარ ნეგატიურ, უარყოფით ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. ზღვარი გაფრთხილებასა და საკუთარი განცდების თავსმოხვევას შორის ძალიან მცირეა. უსაფრთხოების წესებზე საუბარი, პირადი საზღვრების დაცვის სწავლება და სიფრთხილე უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა იმაში დარწმუნება, რომ სამყარო სასტიკია, ადამიანები კი ბოროტები არიან, ნამდვილად არ ღირს, რადგან ეს ბავშვში ბადებს შიშსა და უნდობლობას ადამიანების მიმართ.
  • „შენ ხომ ძალიან მორცხვი ხარ! მეგობრების პოვნა შენთვის რთული იქნება!“ – სიმორცხვე და უხერხულობა ხშირად სოციალური განწყობა-დამოკიდებულებების შედეგია. მართალია, არსებობენ ინტროვერტი ბავშვები, რომლებიც კომუნიკაბილურობით არ გამოირჩევიან, იშვიათად გამოხატავენ ურთიერთობის სურვილს უცხო გარემოში მოხვედრისას, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ მშობლების შიშისა და საყვედურების ქვეშ. ისინი არ იბადებიან მორცხვებად, ისინი ასეთები ხდებიან მშობლების მხრიდან შემდეგი ფრაზების მოსმენის შემდეგ: „შეწყვიტე სისულელეების კეთება!“; „ხმას დაუწიე, ხალხი გიყურებს!“; „შენ ისევ არასწორად გააკეთე ყველაფერი!“. მსგავსი ფრაზები შეიძლება გაუცნობიერებლად გამოიყენოს უფროსმა, მაგრამ ამ ფრაზების მიღმა დგას გარშემომყოფთა მხრიდან დაგმობის შიში, მათ თვალში კარგ მშობლად წარმოჩენის მცდელობა და შვილის „ნაკლოვანებების“ დამალვის განზრახვა. თუ ვიქნებით უფრო თავისუფალი, შემწყნარებელი ბავშვის სხვადასხვა მახასიათებლის, თვისების მიმართ, ის შეწყვეტს ყოველი გადადგმული ნაბიჯის კონტროლს და, დიდი ალბათობით, გაუბედაობაც გაივლის.
  • „მე ძალიან მოვიწყენ უშენოდ, ნერვიულობისგან უკვე ადგილს ვერ ვპოულობ“ – შვილის მონატრება ნორმალურია, მაგრამ მასთან განშორებაც ცხოვრების ნაწილია. თუ მშობელი მტკივნეულად განიცდის შვილთან დროებით განშორებას, ბავშვმა შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოს, როცა ექსკურსიაზე, ლაშქრობაზე, წვეულებაზე მეგობრებთან და არა მშობლებთან ერთად წავა. მშობლების განცდები და სევდა თავის კვალს ტოვებს. როდესაც ისინი მშვიდად არიან, ბავშვსაც ნაკლები მიზეზი აქვს ნერვიულობისათვის. კარგი იქნება, თუ დავარწმუნებთ ბავშვს, რომ არაფერია საშიში, ნებისმიერი სირთულე მოგვარებადია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მშვიდად წავა თანატოლებთან ერთად და არც საფრთხის მოლოდინი ექნება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ საუკეთესო აღზრდა ბავშვისთვის მაგალითის მიცემაა. შევეცადოთ თავად ვიყოთ მაგალითი მისთვის. რთულია დამოუკიდებელი, გაბედული, მამაცი ბავშვის აღზრდა, როცა მშობელს თავად აწუხებს შიშები, ეჭვები და უჭირს საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა. მშობლის სიმშვიდე, საკუთარი ქცევის, ემოციების გაანალიზების უნარი არის წინაპირობა იმისა, რომ ბავშვი წარმატებით გაუმკლავდება სირთულეებს.

 

 

 

 

მშობლიური ენის კვალზე

0

სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ ეფუძნება იაკობ გოგებაშვილისეულ მემკვიდრეობას და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; კონსულტანტი – ნინო რამიშვილი; მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე; თანაავტორი – ლელა მანგოშვილი; რედაქტორი – მარიამ გოჩიტაშვილი სულაკაურის გამომცემლობა).

სწავლა-სწავლების პროცესი აგებულია ცოდნის კონსტრუირებაზე, პრინციპით – მარტივიდან რთულისაკენ და ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე.

სახელმძღვანელოს თემები შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოთავაზებულ სავალდებულო თემებს:

  • ჩვენ და ბუნება; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა;
  • გართობა (ურთიერთობა თანატოლებთან და მათი სურვილები);
  • თამაში, სპორტი, გართობა;
  • ჩვენი სკოლა; სწავლის სიყვარული;
  • ფასეულობები (ოჯახი, ზრუნვა, თანაგანცდა, სიკეთე და ბოროტება);
  • ჩვენი სამშობლო;

სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (ცვლილებები) და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უმთავრეს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დაკვეთას, მოსწავლეს შეუქმნას „ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო“.

 

წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული თემები, შესაბამისი ილუსტრაციები, მოსასმენი და წასაკითხი ტექსტები ხელს უწყობს: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ზეპირმეტყველების, ფუნქციური სამეტყველო უნარების (აღწერა, თხრობა, შედარება, პირადი თვალსაზრისი დასაბუთება) განვითარებას.

 

შერჩეული თემატიკა უკავშირდება ბუნებას, ფასეულობებს, სამშობლოს სიყვარულს, სწავლას, ოჯახს, თამაშს, სპორტს, თანატოლების ცხოვრებას. ყველა თემა დამუშავებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

თითოეულ თემას ახლავს გრძელვადიანი სამიზნე ცნების მისაღწევი შუალედური მიზნების (შემოქმედებითი დავალებების) სარეკომენდაციო დეტალიზებული დანართები.

 

მოსწავლის წიგნში, რვეულსა და მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი მასალა სინქრონიზებული და ურთიერთდაკავშირებულია.

 

მასწავლებლის წიგნს თანდართული აქვს წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდომი პერიოდის სარეკომენდაციო კურიკულუმები და 24 შემოქმედებითი დავალების სარეკომენდაციო სცენარი.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით რესურსი პასუხობს შეკითხვებს:

  • რა მიზნით ვასწავლი?
  • რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი?
  • რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებ?
  • როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს?

 

წინასაანბანო პერიოდს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, 10 – 12 კვირა ეთმობა, რადგან ამ პერიოდში ხდება მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება, მათი მომზადება საანბანო პერიოდისთვის და ეს დრო ნამდვილად სწორად არის განსაზღვრული.

 

ნახატების დახმარებით გააქტიურებულია სიტყვა, შემდეგ – წინადადება და ბოლოს აღწერა. მოსწავლეებმა ნახატის მიხედვით შესაბამისი სიტყვა უნდა ამოიცნონ, „ნახატი-წინადადების“ მიხედვით წინადადება შეადგინონ, ბოლოს კი ამბად გადააქციონ და დაუბრუნდნენ ძირითად დიდ სურათს.

ფონოლოგიური უნარის განვითარებისთვის რვეულში შემოთავაზებულია მარცვლებისა და ბგერების სავარჯიშოები.

 

მოტორული უნარების განვითარებისთვის მოსწავლის რვეულში მრავლად არის, როგორც ბადეში ჩასაწერი, ასევე „სახალისო სავარჯიშოები“. მოსწავლეებს მოსწონთ ნახატების გაფერადება, საგნებისა და ბგერების რაოდენობის შესაბამისი უჯრების ერთმანეთთან დაკავშირება.

საანბანო პერიოდში დაცულია იაკობ გოგებაშვილისეული ასოთა თანამიმდევრობა (მარტივიდან რთულისკენ).

შემოქმედებითი დავალებები მრავალფეროვანი და ძალზედ სახალისოა.

ილუსტრაციების მიხედვით ეპიზოდების თანამიმდევრობით დალაგება

დაბადების დღის პოსტერის შექმნა

  

 ჩემი სურათებიანი ლექსიკონი

 

 

 ანბანის შემდგომი პერიოდის ტექსტებს ახლავს ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი გამოცდილებით ააგოს ცოდნა – თავად გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რა არის სიკეთე, ბოროტება, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, დაუკავშიროს პირად გამოცდილებას. შეაფასოს პერსონაჟის ქმედება, როგორი იყო და როგორ შეიცვალა. შეძლოს ამბის სამნაწილიანი ფორმის გააზრება მოსწავლის რვეულში მოცემული არაჩვეულებრივი სქემებით.

ზამთრისა და ზაფხულის შედარება

აღსანიშნავია, რომ ანბანის შემდგომ პერიოდში, მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, შერჩეულია სახალისო, პრაქტიკული გრამატიკული სავარჯიშოები: ხმოვანი, თანხმოვანი, მარცვალი, სიტყვა და წინადადება, წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი.

 

სახელმძღვანელოს თანდართული აქვს თავისუფალ დროს წასაკითხი მასალა.

წიგნის ეს ნაწილი მშობელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს, რადგან საზაფხულო არდადეგებზე მოსწავლეებს შეუძლიათ, წაიკითხონ გემოვნებით შერჩეული საყმაწვილო ნაწარმოებები.

 

„ურწმუნო თომა“ – კიდევ ერთი გამონათქვამი შორეული წარსულიდან

0

იდიომი აქტივობებით – ქართულის გაკვეთილებზე ენის სიღრმეების წვდომისთვის

გიზიარებთ კიდევ ერთი იდიომის „თავგადასავალს“, რომელიც დაგვეხმარება, ბავშვები დიდებული ქართული ენის სიღრმეებში ვამოგზაუროთ. როდესაც ჩვენს მოსწავლეებს რაიმე სახის ინფორმაციას ვთავაზობთ, მნიშვნელოვანია მშრალად მხოლოდ ინფორმაცია კი არ წავუკითხოთ ან წავაკითხოთ, არამედ დავამუშაოთ, მივაბათ მას სხვადასხვა სახის აქტივობები და სამუშაო ფურცლები, რაც შემდგომ დაგვეხმარება საკითხავის საფუძვლიანად გაგებაში, მეხსიერების კუნჭულებში მის სამუდამოდ მოთავსებაში.

მოზარდებს ყოველთვის აინტერესებთ წარსული, ისტორია, რელიგიური თუ მითოლოგიური ფრაზები და გამონათქვამები. ამიტომ მათი ინტერესის გაღვივება რთული სულ არ იქნება.

შეგვიძლია ცნობისმოყვარეობა გასაღვივებლად, უბრალოდ ჩავილაპარაკოთ: ეს ჩემი მეგობარი ამ ბოლო დროს ურწმუნო თომასავით იქცევა! ბავშვები აუცილებლად შეგვეკითხებიან, ვინ არის ურწმუნო თომა? რატომ არის ურწმუნო? რის არ სწამს? და ამ დროს ჩვენ ამბის მოყოლასაც დავიწყებთ:

შენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც იქნება ისეთი, რომლის დარწმუნებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება და საბოლოოდ შეიძლება ეს ძალისხმევაც ფუჭი აღმოჩნდეს, ვერაფრით დაიჯეროს ის, რასაც შენი მთელი გულით უმტკიცებ. ასეთ ადამიანზე იტყვიან, ნამდვილი ურწმუნო თომააო.

ვინ იყო თომა და საიდან მოდის მისი „ურწმუნოება“? სინამდვილეში თომა, ძალიანაც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთი გახლდათ. ის თავის მოძღვარს ყოველთვის თან ახლდა – როდესაც ის სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, ქადაგებდა და ისეთ სამყაროზე მოუთხრობდა, როგორზეც აქამდე არ სმენოდათ. თომას იესო ქრისტე არც მაშინ მიუტოვებია, საკუთარი ნებით ჯვარს რომ აცვეს. ჯვარცმიდან სამ დღეში კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ქრისტემ დატოვა აკლდამა, მკვდრეთით აღდგა. თომამ არ დაუჯერა სხვა მოწაფეებს, როდესაც მათ უთხრეს, რომ მოძღვარი ნახეს – უვნებელი და ცოცხალი. თომა მათ ეუბნებოდა: სანამ მის ჭრილობებს, საკუთარი ხელით არ შევეხები, ვერ ვირწმუნებო. აღდგომიდან რვა დღის შემდეგ, იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მათ შორის თომასაც. თომა შეეხო უფლის იარებს, ირწმუნა და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.

ლექსიკონი:

ფუჭი – აქ – უშედეგო, არაფრის მომტანი

აკლდამა – სამარხი, სადაც მიცვალებულებს ასვენებდნენ ძველად

მკვდრეთით აღდგა – თავი დააღწია სიკვდილს, გაცოცხლდა

იარა – ჭრილობა

დაუკვირდი ნიმუშს და შენც სცადე სიტყვების შექმნა.

რწმენა – ურწმუნო

გული –

ენა –

თავი –

ბედი –

თმა –

მთვარე –

წამალი –

მეზობელი –

მეგობარი –

შვილი –

როგორ გგონია, უ- თავსართის დამატებით სიტყვის მნიშვნელობა იცვლება? თუ – კი, როგორ?

მოვლენების ჯაჭვი

ამ ამბიდან ამოირჩიე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა და ჯაჭვის რგოლებში ჩაწერე – თითოეულ რგოლში ერთი მოვლენა. გაითვალისწინე, რომ მოვლენები თანმიმდევრული უნდა იყოს, ანუ ერთ მოვლენას მეორე მოჰყვებოდეს, მეორეს კი – მესამე.

ტექსტიდან აირჩიე სიტყვა, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონს – შინაარსის ან გამოთქმის მიხედვით და შეავსე სქემა: 

 

დაუკვირდი წინადადებებს, გამოტოვებულ ადგილას ჩასვი შესაბამისი ფრაზები: ურწმუნო თომა, მათუსალას ხნისა, აბრაამის ტაბლა.

 

ჩემი ბაბუა ხშირად მიყვება ძველ ძალიან საინტერესო ამბებს, რომ ვკითხე რამდენი წლისაა, ჩაიღიმა და მიპასუხა: წლებს აღარ ვითვლი, —————— ვარ.

ნანამ საკუთარ დაბადების დღეზე ისეთი სუფრა გააწყო, ჩიტის რძეც კი არ აკლდა, სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რომ მასპინძელმა მათ ——————– დაახვედრა.

ძალიან რთულია ჩემს ძმასთან კამათი, მისი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია, არგუმენტები რომ გამომელევა ვეტყვი ხოლმე, რომ ნამდვილი ———————- .

 

ლაბირინთში უამრავი სიტყვაა. თუ გინდა, რომ გასასვლელი იპოვო, მაშინ მიჰყევი სიტყვების გზას ისე, რომ ტექსტის, „ურწმუნო თომას“ ერთ-ერთი წინადადება მიიღო. ეს წინადადება კი სამშვიდობოს გაგიყვანს.

ლაბირინთში შეგიძლიათ სხვა უამრავი სიტყვა ჩასვათ და ამ სიტყვებში ამოიცნონ „ურწმუნო თომას“ სიტყვები.

გაიხსენე ტექსტი და შეავსე კროსვორდი

შექმენი პატარა მოთხრობა ადამიანზე, რომელიც რთულია, დაარწმუნო.

  • გამოიყენე ფრაზეოლოგიზმი: „ურწმუნო თომა“.
  • გამოკვეთე შენი პერსონაჟის თვისებები, გარეგნული და შინაგანი მხარე.
  • მოთხრობას გაუკეთე შესავალი.
  • გამოიყენე დიალოგები (ორი ადამიანის მონაცვლეობით საუბარი)
  • შექმენი პრობლემა და შემდეგ გადაჭერი/მოაგვარე.
  • მოიფიქრე დასასრულის ორიგინალური ფორმა. გაიხსენე, როგორ სრულდება ზღაპრები და ლეგენდები, ან სხვა მოთხრობები. შეგიძლია დასასრული ტრაგიკული იყოს ან იუმორისტული.
  • შენს მოთხრობას მოუფიქრე სათაური.
  • შეეცადე, სასვენი ნიშნები სწორად გამოიყენო.
  • როდესაც წერას მორჩები, შექმენი შენი მოთხრობის ილუსტრაცია.

 

კულმინაცია

შეგიძლია, დაიხმარო „თხრობის მთა“.

 

აქცენტები ფიზიკის პირველი გაკვეთილის დასაგეგმად

0

მასწავლებლებს  ყოველთვის განსაკუთრებული განცდა გვეუფლება, როდესაც შევდივართ ახალ კლასში. სამომავლო ურთიერთობას მეტწილად განსაზღვრავს პირველი შთაბეჭდილება. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენა.  გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს იმ დისციპლინის საჭიროების დასაბუთება, რომლის შესწავლასაც  ახლა იწყებენ მოზარდები.  საგნობრივი ცოდნის დასაუფლებლად  წინ რამდენიმე წელი გვექნება. პირველ დღეს კი უნდა ვეცადოთ, გამოვიწვიოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. ამაში  დაგვეხმარება ავუხსნათ მოზარდებს – რა უნდა შევისწავლოთ? რამდენად საინტერესოა? რაში გამოგვადგება?

წარმოგიდგენთ  პირველი გაკვეთილის სავარაუდო თემატიკას ფიზიკაში. სტატია უმეტესად გამოადგებათ ახალბედა პედაგოგებს.  პირველი და აუცილებელი პირობაა მრავალფეროვანი და ვიზუალურად დატვირთული პრეზენტაციის მომზადება. შესაძლებელია გამოვიყენოთ ვირტუალური ანიმაციები და მარტივი,  ეფექტური ექსპერიმენტები.

საუბარი უნდა დავიწყოთ ფიზიკის შესწავლის საჭიროების დასაბუთებით, ფიზიკა ხომ  ფანჯარაა ამოუცნობის ამოსაცნობად.  სამყაროს შეცნობას კი ვიწყებთ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ ჩამოთვალონ  მათთვის ნაცნობი ადამიანის შეგრძნების ორგანოები.

რამდენი შეგრძნების ორგანო გვაქვს? – ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ სამყაროს აღქმის  ხუთ გრძნობას, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდათ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს:  სინათლის, მექანიკური  და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი.  კლასიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხაზი უნდა გავუსვათ ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას,   ყნოსვას,  გემოვნებას,  სმენასა და შეხებას.

უპირველესად ინფორმაციას იღებს ადამიანის ტვინი. თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს.  თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. ფერადი სიუჟეტი თუ სასიამოვნო  მელოდია,   მისთვის სრულიად გაუგებარია.  გრძნობათა აღქმის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია.

გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი ,,თარჯიმანი“ ჰყავს:     თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა…  ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას  ნერვულ იმპულსებად  გარდაქმნიან.  იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის,  შევიგრძნობთ  სითბოს, სიცივეს, სუნსა თუ გემოს. ლოგიკურად, ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს…

თვალი ურთულესი ოპტიკური სისტემაა, იგი ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, ფოკუსირებას ახდენს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის შეუცნობელი დარჩებოდა  კოსმოსი, ცა, გარემო,  ფერი, სინათლე, სილამაზე…  მხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის  ორგანოა.  გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ  თვალის საშუალებით აღვიქვამთ.
დაქვეითებული მხედველობის ადამიანებს მეტად აქვთ განვითარებული  სმენის, გემოვნების, შეხების და ყნოსვის შეგრძნებები. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ  შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

     როგორ ვხედავთ? – იმისთვის,  რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი ტვინმა გადაამუშაოს. თვალი მასში  მოხვედრილი სინათლის სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.

სწორედ თვალით დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება.  ასე გაჩნდა ბუნების შემსწავლელი სხვადასხვა მეცნიერება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ასტრონომია. ვიზუალური გარემოს შესწავლით დაიწყო ფიზიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება.  ფიზიკა არის მეცნიერება გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიტყვა ,,ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისაგან ,,ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის   IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.

ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს და ყველას აღმოჩენას, რომელმაც  საბუნებისმეტყველო და ზოგადად, მეცნიერების განვითარება გამოიწვია, სწორედ ფიზიკის კანონები უდევს საფუძვლად;  გეოგრაფები  ფიზიკის აღმოჩენებსა და  კანონზომიერებს ეყრდნობიან, როდესაც იკვლევენ მიწისძვრებს, წიაღისეულს,  ქანებს, ქარებს და ა.შ.  ფიზიკა ეხმარებათ ასტრონომებს გამოიკვლიონ ისეთი საკითხები, როგორიცაა პლანეტების მზის გარშემო  ბრუნვა, ვარსკვლავთა ნათება,  ეგზოპლანეტებზე დაკვირვება, სხვადასხვა გალაქტიკების შესწავლა და ახლის აღმოჩენა,  ზოგადად, კოსმოსის ყველა საიდუმლოება.  ფიზიკის დახმარებით იკვლევენ ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს – სისხლის მიმოქცევას, ბგერების გამოცემას და მათ აღქმას,  სუნთქვას, მხედველობას და ა.შ.  ხაზგასასმელია ფიზიკის და ქიმიის ურთიერთკავშირი. სამყაროში მიმდინარე მოვლენათა უმრავლესობა ერთდროულად გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.  

სასურველია,  მოსწავლეებს ვთხოვოთ დაასახელონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენები.   სავარაუდო ჩამონათვალში იქნება  ფოთოლცვენა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, თოვა, მირაჟი, ოპტიკური ილუზია,  დაღამება, გათენება, ახალმთვარეობა, მზის და მთვარის დაბნელება და სხვა.   მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შევეცადოთ მათთვის გასაგები ტერმინებით შევუქმნათ წარმოდგენა თითოეულ დასახელებულ მოვლენაზე.

ერთი რომელიმე მოვლენა განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად,  ფოთოლცვენა –  რა პროცესები მიმდინარეობს ფოთოლში  მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე,  აღმოცენებიდან  ფოთოლცვენამდე და ვიდრე ლპობამდე.  მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ  ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. უნდა გავმიჯნოთ სად იწყება და სად სრულდება ფიზიკური პროცესი.

  • ფიზიკური მოვლენების დროს  ნივთიერება ქიმიურად არ იცვლება.
  • ქიმიურ მოვლენებში  ერთი სახის ნივთიერება გარდაიქმნება მეორე სახის ნივთიერებად.
  • ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ყველას პროცესს.

მოსწავლეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის, ცხადია,  გამოიკვეთება ახალი ცოდნის დაუფლების საჭიროება. ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს საშუალება განვამტკიცოთ ჩვენი საუბრის მიზანი, რომ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა,  რომელიც ფიზიკის სფეროში დაგებადებათ, საჭიროებს სისტემატიურ მეცადინეობას და ძველ ცოდნაზე  ახლის დაშენებას.

ფიზიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: მექანიკური, ელექტრული,  მაგნიტური,  ოპტიკური,  სითბური,  ატომური.  ადამიანი  სამყაროს  ყოფს ორ ნაწილად: მიკროსამყარო და მაკროსამყარო. ვაჩვენოთ მოსწავლეებს  მეტად საინტერესო ვიდეო:

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ  ეფექტური იქნება  საუბარი მიკრო და მაკრო სამყაროებზე. მიკროსამყაროს შესასწავლად ვიყენებთ მიკროსკოპს.  მიკროსამყაროს ამოცნობაშია სწორედ ის გასაღები, რაც ჭეშმარიტების გარკვევაში გვეხმარება. ფიზიკის ამ ნაწილს კვანტური ფიზიკა ეწოდება, რომელსაც მომავალში შეისწავლიან მოზარდები.  უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ უმცირესი ზომის ნაწილაკები განსაზღვრავენ მაკრო სხეულების არსებობას და მის თვისებებს. მაკროსამყაროს ვაკვირდებით ტელესკოპებით. იმის მიუხედავად, რომ მიკრო და მაკრო სამყაროები ზომებით კატასტროფულად განსხვავდება, მათი სისტემური აგებულება ერთმანეთის მსგავსია უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურით და მრავალფეროვნებით.  ფიზიკა მოსწავლეებს სთავაზობს მოგზაურობას  ამ საოცრებაში. ვიმოგზაუროთ და შევიმეცნოთ სამყარო მისი კანონზომიერებებით და სიდიადით.

ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, აკვირდებოდა გარემოს, შეძენილი ცოდნით კი იუმჯობესებდა ყოველდღიურ ცხოვრებას.  თანდათან ისწავლა ცეცხლით გათბობა, ხის დამუშავება, სიმძიმეების აწევა, ლითონის მოპოვება და დამუშავება; მინის დამზადება და ბოლოს თანამედროვე სახლის აშენება. პრაქტიკული მოთხოვნილებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო  ცნობისმოყვარეობა, რომელიც უბიძგებდა ადამიანს ეფიქრა და სათანადო პასუხები გაეცა იმ კითხვებზე, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა: რატომ დაფრინავს ჩიტი? რატომ ანათებს და სად ჩადის მზე?  სად იკარგება და მერე ისევ ჩნდება მთვარე? რატომ წარმოიქმნება ელვა?  რატომ  არსებობს წელიწადის სხვადასხვა დრო? რა  არის ვარსკვლავი?  როგორ შეიქმნა სამყარო?

დაგროვილ ცოდნას ადამიანები თაობებს გადასცემდნენ და ასე დაიწყო ზოგადად მეცნიერების, მათ შორის ფიზიკის განვითარება. ფიზიკის მიღწევების დამსახურებაა  რადიო, ტელევიზია, ავტომობილი, თვითმფრინავი, მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდი, სატელიტური ანტენა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა  კომფორტი, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის არსებობა.  ფიზიკა გვეხმარება თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად, გავიუმჯობესოთ  ყოფა-ცხოვრება და ზოგადად,  დავიკმაყოფილოთ  ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

საინტერესო იქნება ვკითხოთ მოზარდებს ცეცხლის მოპოვების, გათბობის, განათების, მიწის დამუშავების, ტრანსპორტის, ინფორმაციის მოპოვების  და ადამიანთა შორის კომუნიკაციის ადრეული და თანამედროვე საშუალებების შესახებ. დისკუსია მსგავსი საკითხების ირგვლივ მოსწავლეს  უამრავ ისეთ პასუხგაუცემელ კითხვას გაუჩენს, რომლის სიღრმისეულად გაგებისთვის რომ  სწორედ ფიზიკის შესწავლაა აუცილებელი წინაპირობა. კარგი იქნება მოსწავლეებს მარტივი ენით ვესაუბროთ ავტომობილის მუშაობის პრინციპის შესახებ. ავტომობილის ყველა კომპონენტის  მუშაობა დამყარებულია ფიზიკის კანონზომიერებზე.  ნებისმიერი ავტომობილის ეფექტურობის და  უსაფრთხოების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება ფიზიკის კანონების ინტერპრეტაციითა და გამოყენებით მოახერხეს.

  • მანქანის დიზაინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს  მანქანის მოძრაობის სტაბილურობას და მართვის პროგნოზირებას;
  • ძრავის მუშაობა  და მისი ეფექტურობა დამყარებულია თერმოდინამიკის კანონებზე. საწვავის მოხმარება, წვის პროცესი, სითბოს გადაცემა, გამონაბოლქვის შემცირება და სიმძლავრის განსაზღვრა;
  • მანქანების მოძრაობაზე პასუხისმგებელია ნიუტონის კანონები და  სხეულთა ბრუნვითი მოძრაობის კანონზომიერებები;
  • ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის  შექმნისას ითვალისწინებენ აეროდინამიკის კანონებს, რათა მანქანას მოუწიოს ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობის დაძლევა. ასევე, საწვავის მოხმარების შემცირებით შეძლოს დიდი სიჩქარის განვითარება;
  •  ფიზიკა ასოცირდება უსაფრთხოების სისტემის დიზაინთან. ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხდება აირბალიშების  სისტემების განლაგება და უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟება. აირბალიშები  განაპირობებენ  იმპულსის გადაცემას და ენერგიის შთანთქმას;
  • მანქანის მუშაობას და გამძლეობას განსაზღვრავს ის მასალა და შენადნობები, რომელიც შეირჩევა სწორედ ფიზიკის კანონების გამოყენებით;
  • საბურავების დიზაინი და მისი კედლების სიმტკიცე  შეირჩევა შესატყვისი  ხახუნის ძალის შესაბამისად. საბურავებისთვის იყენებენ რეზინის ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს მანქანის მთლიან მუშაობას და უსაფრთხოებას;
  • თანამედროვე სამუხრუჭე სისტემების შერჩევა სწორედ ხახუნის ძალის და ენერგიის გარდაქმნის პრინციპის გათვალისწინებით ხდება. დაბლოკვის საწინააღმდეგო  დამუხრუჭების სისტემები  (ABS) იყენებენ  სენსორებს და საკონტროლო ალგორითმებს, რათა თავიდან  იქნას აცილებული გადაუდებელი დამუხრუჭების დროს ბორბლის ჩაკეტვა;
  • ელექტრომობილები ელექტრულ ენერგიას გარდაქმნიან მექანიკურ ენერგიად.  ელექტრო სქემები განსაზღვრავენ ძრავის ეფექტურობას. დამუხრუჭების დროს მიღებული კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რომლითაც ხდება მანქანის ბატარეის დატენვა. ეს კი იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას;
  •  ჰიბრიდულ ავტომობილებში ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა  განაპირობებენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობას.

ავტომობილის მუშაობის პრინციპის განხილვა მოიცავს ისეთ განმარტებებს და საკითხებს, რაც მე-7 კლასის მოსწავლისთვის სიახლეა და შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ საკითხის შეტანა გაკვეთილზე უნდა მოხდეს  მოზარდისთვის მარტივადმათთვის  გასაგები ტერმინოლოგიით.

ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, მატერია ეწოდება.  არსებობს ადამიანის თვალისთვის ხილული და უხილავი მატერია. მატერიის ერთ-ერთი სახეა ნივთიერება. ჩვენ ირგვლივ სხეულები და ნივთიერებები, რომლებისგანაც ეს სხეულები  შედგება, მატერიალურია. არსებობს მატერიის სხვა ფორმაც – ველი. მაგ, გრავიტაციული ველით ურთიერთქმედებს დედამიწა სხვა სხეულებთან. ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით შეიქმნა თანამედროვე ცხოვრების  ყველა კომფორტი და  უპირატესობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლისას თავდაპირველად მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს ჰიპოთეზას მოვლენის მიზეზების, მისი მიმდინარეობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოწმდება დაკვირვებით. ბევრი მოვლენის შესახებ  ცოდნა ადამიანმა  დაკვირვების შედეგად მიიღო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის და საჭიროა  ცდის,  ექსპერიმენტის  ჩატარება. შესაბამისი მოვლენის კვლევა-ძიება მიმდინარეობს ხელოვნურად შექმნილ პირობებში – ლაბორატორიაში. ,,მეცნიერებაში ერთი უბრალო ცდით დასაბუთება  ბევრად მეტად ფასობსვიდრე ათასი ავტორიტეტი ერთად“. ამბობდა გალილეო გალილეი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებელი. ფიზიკას ექსპერიმენტულ მეცნიერებას უწოდებენ. დაკვირვებულ მოვლენაზე გამოთქმული ჰიპოტეზის ჭეშმარიტებას მეცნიერები ექსპერიმენტის საშუალებით ამოწმებენ. ახალი აღმოჩენა სწორედ ჰიპოტეზის ექსპერიმენტით დასაბუთებით მტკიცდება. მეცნიერების ისტორია იცნობს უამრავ შემთხვევას, როდესაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული შეხედულებები ცდით არ დადასტურდა. ახალი აღმოჩენის დადასტურება სწორედ ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობა.

ფიზიკის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასურველია მოზარდის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით.  მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით;  კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით.  მნიშვნელოვანია ავხსნათ,   ამა  თუ  იმ  ფიზიკური  მოვლენის  აღწერის  შემდეგ  რატომ გვჭირდება შესაბამისი სიდიდეების,  ერთეულების,  ფორმულების შემოტანა.

მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რო ფიზიკის შესწავლა მხოლოდ მოვლენის სიტყვიერი აღწერით ვერ მოხერხდება. ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ახსნისას საჭირო ხდება ახალი სიდიდის შემოტანა, რომელიც დაგვეხმარება ამ მოვლენის ფიზიკური შინაარსის აღწერაში  და შემდგომი გამოთვლების განსახორციელებლად. აქვე თავს იჩენს მოცემული სიდიდის გასაზომი ერთეულების შემოტანის აუცილებლობა. ახალი სიდიდე კი უკვე ნაცნობ სიდიდეებს უკავშირდება დადგენილი კანონზომიერების შესატყვისი ფორმულებით. აღმოჩენებს და იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მეცნიერები ასაბუთებენ,  სჭირდება  მათემატიკური აპარატის გამოყენება. ეს კი გულისხმობს თეორიული ინფორმაციის ფორმულებით ჩაწერას.  ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად უმეტესად  ვიყენებთ შემდეგ თანმიმდევრობას:

მოვლენა  ექსპერიმენტი  სიდიდე ერთეული ფორმულა.

ზოგადად, ფიზიკის გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

  • დასახული მიზნის მისაღწევი მეთოდების და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, რაც აუცილებელია სხვადასხვა სწავლის სტილის  მოსწავლეთა ინტერესების დასაფარად;
  • ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად გამოსაყენებლად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესაბამისი დავალებების შერჩევა ლოგიკურ აზროვნების და მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარების გასავითარებლად;
  • ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გაკვეთილების დაგეგმვა  სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;
  • ისეთი  დავალებების და ამოცანების  შერჩევა, რომ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები.

სტატიაში ვისაუბრე იმ აქცენტებზე, რომლებზეც ვფიქრობ,  სასურველი იქნება ყურადღების გამახვილება. წარმოდგენილი მასალა მოცულობითია და ის ერთი გაკვეთილის ფარგლებში ვერ მოექცევა.  შესაძლებელია, პედაგოგმა წაკითხული საკუთარი უკეთესი იდეის განსახორციელებლად გამოიყენოს.

გაკვეთილი აუცილებლად დასრულდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი კითხვების მიხედვით დაამზადონ პოსტერი ან პრობლემების ხე და გააკრან თვალსაჩინო ადგილზე. სამომავლოდ დადგება ამ   კითხვების  პასუხის გაცემის დრო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა-  ქ.ტატიშვილი;  მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

ფიზიკა – მ.ტუღუში, თ.შენგელია, თ. შენგელია, გ. ლომიძე; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

ფიზიკა – ე. ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი,  მე-7 კლასი

https://www.geeksforgeeks.org/applications-of-physics-in-automobile/

 

 

 

 

 

 

აგვისტოს ბნელი – მთის ლოგინის ამბავი ანუ არჩილ ბადრიაშვილი

0

  თანამოსასმენი – The Necks – Blue Mountain

 

,,შენ ნახე, ბოლოს მარრთლაც ეგრეც იქნება’’

უილიამ ფოლკნერი – ,,აგვისტოს ნათელი’’

ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.  ის ბიჭი – არჩილ ბადრიაშვილი.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

,,გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..”

რა ბედია, არ ვიცი. რატომ იწვენს მთა ლოგინში დიდ ხალხს. მის მოტრფიალე ხალხს. ეგებ ეგ დალის და მონადირეების ძველი მითის ამბავია და ახლანდელი კაცი ძნელად გაიგებს. ეგებ მათი სული რჩება იქ. მთას შეერევა. მთად იქცევა. რამდენია ასეთი მთასშერეული კაცი.

ვთქვათ – მიხეილ ხერგიანი, იტალიაში, სუალტოს კლდიდან დაშვებული დიდებული სვანი, ელისაბედ II -სგან ,,კლდის ვეფხვად’’ წოდებული, ამ საქმეში მსოფლიო რანგისა და გაქანების. თუ უცხოურ პრესას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ არჩილიც ამ სიმაღლის ალპინისტი იყო. ჩვენთან მასზე არავინ წერდა, რადგან ჩვენთან უყვართ ,,ჰაიპი’’ და ,,ინგეიჯმენტი’’. ეგ გახდა წმინდა. მთებთან ქორწინება კიდევ სხვა საქმეა.

სულ ბოლოს, ამ მეხამდე, არჩილი ჰიმალაის სტუმრობდა,  აუსვლელი მწვერვალი ნანდა შორი დალაშქრა და კიდევ – ჩანგუჩი. ესეც ძალზე რთული.

აქ, ჩვენთან, შხელდაზე, მეხმა ჩაიტანა.

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...