სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს თანატოლებთან კონფლიქტების მოგვარებაში

0

ბავშვის, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანის ცხოვრება უღრუბლო და კონფლიქტებისაგან სრულიად თავისუფალი ნამდვილად არ არის. ის ძალიან ხშირად წინააღმდეგობებსა და უთანხმოებებს მოიცავს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში გარდაუვალია და ადვილი ნამდვილად არ არის მათი თავიდან აცილება. ამასთან ერთად, თავად ბავშვისთვის თანატოლებთან კონფლიქტი შეიძლება ძლიერი შოკი იყოს და მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე იმოქმედოს. უფროსებს, როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს ხშირად ძალიან გვაშინებს კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში, რადგან მივიჩნევთ, რომ იქ, სადაც წინააღმდეგობაა, იქ ყოველთვის აგრესია, წყენა და ჩხუბია. თუმცა, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონფლიქტი, როგორც უფროსების, ასევე ბავშვების ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

როგორ მივუდგეთ უფროსები კონფლიქტურ სიტუაციებს ბავშვის ცხოვრებაში – ვიჩქაროთ დასახმარებლად, დავიცვათ მოზარდი, თუ გვერდიდან დავაკვირდეთ და არ ჩავერიოთ. უპირველეს ყოვლისა, სასურველია, რომ კონფლიქტთან მიმართებაში გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • კონფლიქტი ყველას ემართება. კონფლიქტები გარდაუვალია, მათი თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია – ბავშვები კამათობენ, ჩხუბობენ, თანაკლასელებთან წინააღმდეგობაში შედიან, არ ეთანხმებიან მასწავლებლებს, „ეჯახებიან“ უფროსკლასელებს. მოსაზრებებისა და ინტერესების კონფლიქტი გარდაუვალია. ხანდახან ეს სიტუაციები შემოიფარგლება სიტყვიერი შელაპარაკებით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ის ჩხუბამდე მივიდეს და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კონსტრუქციულად მოგვარებული კონფლიქტი არის ნაბიჯი ურთიერთობების განვითარებისა და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ;
  • ბავშვის დახმარება კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებაში არ ნიშნავს კონფლიქტის მის ნაცვლად გადაჭრას – ბუნებრივია, რომ ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს, მხარი დავუჭიროთ მას და მინიმუმამდე დავიყვანოთ თანატოლთან კონფლიქტის ნიადაგზე მასში დაფიქსირებული შფოთვა და სტრესი, მაგრამ ბავშვის ნაცვლად სიტუაციის მოგვარება იმ ბავშვთან და მასწავლებლებთან მოლაპარაკებებით, ვინც ის გაანაწყენა, ხდება იმის საფუძველი, რომ ჩვენ მას ვართმევთ ფასდაუდებელ გამოცდილებას და შემდგომი შეჯახებისას ის კვლავ უმწეო და უსუსური აღმოჩნდება სირთულეების წინაშე. უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების დახმარება მსგავს სიტუაციებში გულისხმობს მოსმენის, ბავშვთან ერთად სიტუაციის განხილვის და კონფლიქტიდან კონსტრუქციული გამოსავლის ძიების უნარს, თუმცა, უკეთესი იქნება ბავშვმა თავად მოაგვაროს კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის არ არის სასურველი ბავშვებს შორის კონფლიქტში, კამათში ჩარევა. ისევე, როგორც სხვა საქმიანობის, კონფლიქტის მოგვარების სწავლა მხოლოდ მასში მონაწილეობით არის შესაძლებელი. ხელს ნუ შევუშლით ბავშვს მიიღოს ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება;
  • ბავშვის ყველაფრისგან დაცვა შეუძლებელია – გარე სამყარო უსაფრთხო ადგილი არ არის და ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ ყველა სირთულე, რომლებსაც ბავშვი შეეჯახება. მშობლების შფოთვა და წუხილი გასაგებია, ცხოვრებისეული გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს „იწინასწარმეტყველონ“, როგორ განვითარდება სიტუაცია და ეშინოდეთ, რომ მომდევნო ჯერზე ჩხუბისას მათი შვილი კანზე სილურჯეების და თავზე კოპების გარეშე ვერ გადარჩება. თუმცა, ბავშვის ინტერესების დაცვის მოტივით, მისი თანხმობის გარეშე, ხანდახან კი მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც თანატოლებთან მის ურთიერთობებში ჩარევით ჩვენ ბავშვს ვართმევთ შესაძლებლობას, გამოიმუშაოს საჭირო უნარები სირთულეებთან გასამკლავებლად;
  • ბავშვთა შორის კონფლიქტით გამოწვეული საფრთხის გადაფასება არასასურველია – ხშირად პატარებს შორის კონფლიქტი შეიძლება არც იყოს ისეთი სერიოზული, როგორც ეს უფროსებს გვეჩვენება. არ არის გამორიცხული, რომ გადავაფასოთ სიტუაციის სირთულე და დავამატოთ მას ჩვენი საკუთარი შფოთვა, განცდები და ხშირად პირადი გამოცდილებაც. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ვერ დაგვეხმარება ბავშვთან მუშაობისას კონფლიქტის მოგვარებაში;
  • პასუხისმგებლობის გადანაწილება ბავშვთა შორის კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი პრინციპია – თუ კონფლიქტურმა სიტუაციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მშობლები და მასწავლებლებიც ჩაერთნენ მასში, მისი მოგვარება მხოლოდ ყველა ჩართული, დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს პასუხისმგებლობის თავისი საკუთარი არეალი და კონფლიქტის სხვა მონაწილეებზე გავლენის საკუთარი ბერკეტები. მასწავლებელი პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე. მის პასუხისმგებლობაში შედის მშობელთა დროული ინფორმირება აღმოცენებული სირთულეების შესახებ, ბავშვთა შორის დიალოგის ხელშეწყობა და კონფლიქტის მართვა. მშობელი პასუხისმგებელია შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მის აღზრდაზე, უცხო საზოგადოებაში ქცევის წესების დაცვაზე. ის ასევე მოქმედებს, როგორც ბავშვის წარმომადგენელი საკითხის ოფიციალური განხილვის შემთხვევაში. ბავშვი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. თუმცა მას ყოველთვის არ ყოფნის რესურსი ამისათვის, განსაკუთრებით თუ ის დაწყებითი კლასების მოსწავლეა. ქცევის ნორმების დარღვევაზე უფროსების კონსტრუქციული რეაგირება სწორედ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რა გააკეთოს თანატოლებთან კონფლიქტის დროს:

  • ავუხსნათ, გავაგებინოთ ბავშვს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ საუბრით შეიძლება. სწორედ საუბარია კონსტრუქციული ურთიერთობის საფუძველი. ვასწავლოთ ბავშვს დიალოგის წარმართვა და ამის მაგალითი ჩვენ თავად მივცეთ – ისე გამოვხატოთ ბავშვთან ჩვენი პოზიცია, რომ არ დავუკარგოთ მას ჩვენი მოსმენის სურვილი. მშობლის პირველი ნაბიჯი ბავშვთა შორის კონფლიქტში ჩარევისას ხშირად საკუთარ შვილთან ხანგრძლივი მონოლოგია, რომელიც მოიცავს შიშს, შფოთვას, ასევე იმ საფრთხეების პროგნოზირებასაც, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, ან შეიძლება კიდევ მოხდეს. ასეთი მონოლოგის მთავარი ნაკლია მეტყველების ციკლურობა, როდესაც ყველაზე სწორი აზრი (რა თქმა უნდა, არაერთხელ თქმული) ჟღერს კვლავ და კვლავ. ამის გამო ბავშვი წყვეტს მშობლის სიტყვებზე რეაგირებას და მის მონოლოგს ხმაურად აღიქვამს. ბავშვის ყურადღების შენარჩუნება მხოლოდ დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. დიალოგის პროცესში შეიძლება შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია, მივაღწიოთ შეთანხმებას სამომავლო ქცევის წესებზე, თავად ბავშვისგან გავიგოთ სიტუაციასთან დაკავშირებული მისი აზრები და განცდები;
  • ბავშვთა შორის კონფლიქტში ჩარევისას არასოდეს დავიკავოთ რომელიმე ერთი მხარის პოზიცია მაშინაც, თუ ჩვენთვის აშკარაა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ბავშვები უსამართლოდ და მიკერძოებულად აღიქვამენ. ისინი აღარ გააგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას, თუ ჩვენ არბიტრის როლში აღგვიქვამენ;
  • კონკრეტული სიტუაციის განხილვისას ნუ შევეცდებით მოსამართლის როლში ყოფნას და იმის განხილვას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. უმჯობესი იქნება, თუ პირად კონფლიქტებს სამართლებრივ პროცესად არ გადავაქცევთ. შევეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს, რომ ვინც არ უნდა დაიწყოს კონფლიქტი, ყოველთვის ორივე მხარეა პასუხისმგებელი მოვლენების შემდგომ განვითარებასა და შედეგზე. ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს;
  • როდესაც ბავშვებს კონფლიქტის მოგვარებასა და დაგროვილი წყენისა და ბრაზისაგან განთავისუფლებაში ვეხმარებით, დავრწმუნდეთ, რომ ისინი ერთმანეთის პირად შეურაცხყოფაზე არ გადავლენ. თუ ბავშვი საუბრობს იმაზე, რამ გაანაწყენა და გააღიზიანა, მან უნდა აღწეროს პარტნიორის ქმედებები, სიტყვები და არა მისი ფიზიკური და პიროვნული ნაკლოვანებები;
  • მნიშვნელოვანია, რომ თავად ჩვენ შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა ბავშვთა შორის კონფლიქტების მოგვარებისას;
  • შევეცადოთ ნათელი მოვფინოთ კონფლიქტურ სიტუაციას, წარმოვაჩინოთ ორივე მხარის რეალური პრობლემები და ინტერესები;
  • შევაფასოთ გარემოებები და ბავშვის ქცევის მოტივები, გამოვარკვიოთ, დავადგინოთ კონფლიქტების მიზეზები, რამ გამოიწვია ის. თითოეულ მხარეს ვთხოვოთ ახსნას საკუთარი სურვილები, გრძნობები და განცდები. ამავდროულად თითოეულის ყურადღება მივაპყროთ მეორის სიტყვებს იმისათვის, რომ მათ გაიგონ ერთმანეთის ქცევის მიზეზები;
  • არასოდეს დავტოვოთ კონფლიქტი გადაუჭრელი, მოუგვარებელი. გამწვავებული კონფლიქტის დროს გადავრთოთ ბავშვის ყურადღება სხვა მიმართულებით, მივცეთ საშუალება, დაწყნარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდეთ პრობლემას და მის განხილვას;
  • მივცეთ ბავშვებს საშუალება, გაიაზრონ და გადაამუშაონ ის, რაც მოხდა. გავხდეთ შუამავალი საუბრის პროცესში. დავსვათ შეკითხვები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს გაიგონ მომხდარის აზრი, ასევე როგორ შეიძლებოდა კონფლიქტის თავიდან აცილება, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყველამ მიიღოს ის, რაც სურს და არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად, როგორ მოიქცნენ შემდეგ ჯერზე მსგავს სიტუაციაში;
  • ყურადღება გავამახვილოთ ბავშვების გრძნობებზე, ვასწავლოთ მათ ბრაზის ამოცნობა და მართვა. მთავარია კომპრომისამდე მისვლა და ბავშვებისთვის იმის დამტკიცება, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერა და მისი გვერდში დგომა. ხშირ შემთხვევაში კონფლიქტურ სიტუაციებში ბავშვები თავად აგვარებენ პრობლემას და მშობლებამდე ინფორმაცია არც კი მიდის. მაგრამ, თუ კონფლიქტი სერიოზულია და სიტუაციაში სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს ესაჭიროება მშობლის მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა დაიკავოს პოზიცია – „ჩემი შვილი ყოველთვის მართალია, გარშემომყოფები კი მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან, მიკერძოებულები არიან“, მაგრამ ბავშვთან საუბარი, კონფლიქტურ სიტუაციაში მისი ქცევის განხილვა არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების თანდასწრებით. უკეთესი იქნება ეს გადავდოთ სახლში დაბრუნებამდე. მშობლის მხარდაჭერა ყველა ბავშვს ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა ბავშვი არასწორია, ცდება, დამნაშავეა. მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვის პიროვნება კი არ განვსაჯოთ, არამედ შევაფასოთ მისი კონკრეტული ქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ ბავშვმა ეჭვი შეიტანოს მშობლის სიყვარულში, რაც სამყაროსადმი მისი ნდობის საფუძველია.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა ვმართოთ სიტუაცია, კონფლიქტები ბავშვის ცხოვრებაში მომავალშიც მოხდება. თუმცა, დიალოგისთვის მისი მზაობა, გულწრფელობა და მშობლებისათვის სირთულეების გაზიარების სურვილი დაეხმარება ბავშვს, რომ სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიიყვანოს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთა კონფლიქტების პრევენცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე დაფიქსირებული კონფლიქტების წარმატებით მოგვარება.

 

უკუკავშირის გარეშე დავალება დაკარგული შესაძლებლობაა

0

საშინაო დავალება ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია სასკოლო ცხოვრებაში – განსაკუთრებით  არდადეგებზე. ნაწილი მას აუცილებელ აქტივობად მიიჩნევს, ნაწილი კი ბავშვის დასვენების უფლებას უსვამს ხაზს. თუმცა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მთავარი: რას ემსახურება დავალება და რა ხდება მას შემდეგ, რაც მოსწავლე მას ასრულებს?
რეალური პედაგოგიური პრაქტიკა აჩვენებს, რომ საშინაო დავალება თავის საგანმანათლებლო ღირებულებას მაშინ კარგავს, როცა მას არ მოჰყვება გააზრებული უკუკავშირი. დაუფასებელი შრომა მოსწავლეში იწვევს გულგრილობას, შფოთს და სწავლაზე უარყოფით დამოკიდებულებას. ამ სტატიაში წარმოდგენილია მასწავლებლის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება მცირე, ზომიერი დავალებები და გულწრფელი კომენტარები იქცეს მოსწავლის მოტივაციის, ემოციური კეთილდღეობისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების წყაროდ.

რატომ რჩება საშინაო დავალება დღემდე საკამათო თემად?

სასკოლო ცხოვრებაში არდადეგებსა და მოკლე უქმე დღეებში საშინაო დავალების მიცემა კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მასწავლებლებისა და მშობლების ერთი ნაწილი თვლის, რომ ზაფხული და უქმეები დამსახურებული დასვენებაა როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყოველდღიური რუტინა დისციპლინას აყალიბებს და მის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.

რას აწყდებიან ოჯახები საშინაო დავალებების შესრულების დროს?

ოჯახებში ხშირია კამათი საშინაო დავალებების ირგვლივ. არაერთხელ მომმართავენ მშობლები და ახლობლები დახმარების თხოვნით, როცა დავალების შესრულება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს რეალობა კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დავფიქრდეთ – რამდენად პროფესიულად და გააზრებულად ვარჩევთ დავალებებს. სასკოლო სახელმძღვანელო თავად გვაძლევს მინიშნებას: მასში არის როგორც კლასში დასამუშავებელი მასალა, რომელიც განხილვასა და მსჯელობას მოითხოვს, ისე სახლში შესასრულებელი სავარჯიშოები, რომელთა დამოუკიდებლად შესრულება მოსწავლეს რეალურად შეუძლია.

რატომ იზრდება შფოთვა დავალებასთან მიმართებაში განსაკუთრებით არდადეგებზე?

უქმეებსა და ზაფხულის არდადეგებზე საშინაო დავალებების შესრულებას თან ახლავს შფოთი და ღელვა, მაშინ როცა ორივე მხარეს დასვენება, გართობა და ფიზიკური აქტივობა სჭირდება. ამ დროს ხშირად გვესმის არგუმენტები:
– „ისედაც ბევრი დრო აქვთ“
– „კომპიუტერთან ჯდომას წეროს ჯობია“
– „რაც იცის, ისიც დაავიწყდება“

ამ მიდგომებს მოჰყვება ბავშვის ხშირად სრულიად სამართლიანი პროტესტი:
– „რატომ დავწერო, მაინც არ მიმოწმებს“.

ვინ ასრულებს რეალურად საშინაო დავალებას?

მოსწავლეების ერთი ნაწილი დავალებას დამოუკიდებლად ასრულებს, მეორე ნაწილი კი მშობლების, რეპეტიტორების ან ოჯახის წევრის დახმარებას ეყრდნობა. ხშირია შემთხვევა, როცა დავალებას საერთოდ უფროსები წერენ ბავშვის ნაცვლად. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ვის ემსახურება ეს პროცესი?

რა არის საშინაო დავალების ნამდვილი მიზანი?

საშინაო დავალებას, როგორც ყველაფერს, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისი მთავარი დანიშნულებაა გაკვეთილზე ახსნილი და დამუშავებული მასალის განმტკიცებაა. თუმცა აქ გადამწყვეტია ზომიერება. მაგალითად, მათემატიკაში ათი მაგალითის ნაცვლად ხუთიც საკმარისია იმის გასაგებად, რამდენად გაიგო მოსწავლემ მასალა. ამით ერთდროულად ვამსუბუქებთ სტრესს და ვუყალიბებთ დადებით დამოკიდებულებას საშინაო დავალების მიმართ.

როგორი უნდა იყოს შემოქმედებითი დავალება ჰუმანიტარულ საგნებში?

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ვცდილობ, დავალება იყოს თავისუფლების სივრცე. არასდროს ვაძლევ კითხვებზე წერილობით პასუხს – ეს მოძველებული პრაქტიკაა. კითხვებს კლასში ვამუშავებთ, ხოლო დავალებად ვაძლევთ ტექსტის გაგრძელებას, დასასრულის შეცვლას, ილუსტრაციის ან კომიქსის შექმნას, როლურ კითხვას. ასეთ დავალებებში მოსწავლე აზროვნებს, ფანტაზიორობს და სწავლობს სიამოვნებით.

როგორ ვგეგმავ საშინაო დავალების მოცულობას?

ყოველთვის ვითვალისწინებ სხვა საგნების მასწავლებლების დავალებებსა და მოსწავლეების სკოლისგარე აქტივობებს. ჩემი მიზანია დავალება იყოს მცირე, რეალისტური და მოსწავლემ შეძლოს მისი დამოუკიდებლად და მოკლე დროში შესრულება.

რატომ კარგავს დავალება აზრს უკუკავშირის გარეშე?

უკუკავშირის გარეშე დავალება კარგავს ფუნქციას და მოსწავლე მოტივაციას. „ყოჩაღი“ და ე.წ.  „ვარსკვლავი“ ვერასდროს იქნება სრულფასოვანი უკუკავშირი. წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ სიტყვას ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს. უარი ვთქვი წითელ კალამზე, შემდეგ – ნიშნებზე და გადავედი გულწრფელ, პოზიტივით გაჯერებულ კომენტარებზე.

როგორ ცვლის მასწავლებლის კომენტარი მოსწავლის დამოკიდებულებას სწავლაზე?

დავიწყე კვირის შემაჯამებელი კომენტარების წერა, სადაც აკადემიურ მიღწევებთან ერთად ქცევაზეც ვამახვილებდი ყურადღებას. თითოეულ კომენტარს ვიწყებდი მოსწავლის სახელითა და მადლობით. შენიშვნები გადმომქონდა სიფრთხილით, ისე, რომ მოსწავლეს ჩემი მხარდაჭერა ეგრძნო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მთელი კლასი მოუთმენლად ელოდებოდა უკუკავშირს. სწორედ აქ დავრწმუნდი, რომ კომენტარს აქვს დიდი ძალა.

ავიწყდება თუ არა მოსწავლეს ნასწავლი არდადეგებზე?

მტკიცება, თითქოს მოსწავლეს ნასწავლი ავიწყდება, მითია. ოცდაათწლიანი გამოცდილება მაჩვენებს, რომ განსაკუთრებით არ ავიწყდება ის, რაც კეთებითაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ სჭირდება ახალ სასწავლო წელს მხოლოდ მცირე დრო განვლილი მასალის გასახსენებლად.

რა არის ჩემი არჩევანი, როგორც მასწავლებლის?

მე ვირჩევ მოსწავლის ნათელ მხარეს – მის ჯანსაღ ფსიქიკას, ემოციურ უსაფრთხოებასა და სწავლისგან მიღებულ სიხარულს. ვემიჯნები ყველაფერს, რაც სტრესს იწვევს. ჩვენი მთავარი ამოსავალი ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი მოსწავლეა. სწორედ ამისთვის ვშრომობთ ყოველდღე.

საშინაო დავალება საშუალებაა, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მას თან ახლავს  უკუკავშირი. მასწავლებლის სიტყვას აქვს ძალა: შეუძლია გააძლიეროს მოსწავლე, გაუღვიძოს ინტერესი, შეუმსუბუქოს შფოთი და შეცდომა განვითარების შესაძლებლობად აქციოს.

ზომიერად დაგეგმილი დავალებები, არჩევანზე დაფუძნებული აქტივობები და სითბოთი მიწოდებული კომენტარები ქმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლე არ სწავლობს შიშით, არამედ ინტერესით. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის მთავარი არჩევანი ყოველთვის უნდა იყოს მოსწავლის ნათელი მხარე – მისი ემოციური ჯანმრთელობა, შინაგანი მოტივაცია და სწავლისგან მიღებული სიხარული.
უკუკავშირის გარეშე დავალება მართლაც დაკარგული შესაძლებლობაა, ხოლო გააზრებული კომენტარი – ის ხიდი, რომელიც მოსწავლეს სწავლასთან აკავშირებს.

ვინ დაწერა დავალება?

0

ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფმა გავრცელებამ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებით მწვავედ დააყენა საშინაო დავალებების დაგეგმვისა და შეფასების საკითხი. გენერაციული AI ინსტრუმენტები (მაგ., ChatGPT, Gemini, Claude) მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე დროში შეასრულონ დავალებები:  ტექსტები, ამოხსნან ამოცანები და წარმოადგინონ სტრუქტურირებული პასუხები, რაც ერთგვარი  გამოწვევაა შეფასების მხრივ. შედეგად, მასწავლებლისთვის ცენტრალური კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, გამოიყენეს თუ არა მოსწავლეებმა AI, არამედ – რას ვაფასებთ რეალურად.

საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ AI-ის პირობებში შეფასების ტრადიციული მიდგომები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ საბოლოო პროდუქტს, აღარ იძლევა მოსწავლის რეალური ცოდნისა და უნარების სანდო სურათს (Kasneci et al., 2023). მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გენერაციული AI განსაკუთრებით ეფექტურია რეპროდუქციულ, სტანდარტიზებულ და დე-კონტექსტუალიზებულ დავალებებზე, ხოლო ნაკლებად ეფექტური – ისეთ აქტივობებზე, რომლებიც მოითხოვს პირად გამოცდილებას, არგუმენტირებულ არჩევანსა და რეფლექსიას (Zhai, 2022).

ამავე დროს, განათლების კვლევებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პოზიცია, რომ AI-ის აკრძალვაზე ორიენტირებული პოლიტიკა არაეფექტურია და შესაძლოა სწავლების ხარისხიც დააზიანოს. ნაცვლად ამისა, რეკომენდებულია შეფასების ფოკუსის გადატანა პროცესზე, აზროვნებაზე და მეტაკოგნიტურ კომპონენტებზე, რაც საშუალებას იძლევა, AI გამოყენებულ იქნას როგორც სასწავლო ინსტრუმენტი და არა როგორც აკადემიური არაკეთილსინდისიერების წყარო (UNESCO, 2023).

ამრიგად, თანამედროვე სკოლაში საშინაო დავალებების გადახედვა აღარ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობა. ეს სტატია მიზნად ისახავს აჩვენოს, რომელი ტიპის დავალებები სრულდება მარტივად  AI-ის მიერ და რა ალტერნატიული მიდგომები აძლიერებს მოსწავლის აზროვნების შეფასებას, განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

როგორ ვგეგმავთ დავალებას ისე, რომ შეფასება ასახავდეს მოსწავლის აზროვნებას, პროგრესს და პასუხისმგებლობას.

1. კითხვა „ვინ დაწერა დავალება?“ – შეცვლილი ლოგიკით

AI-ის პირობებში ეს კითხვა ვეღარ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს და არც უნდა იყოს შეფასების ცენტრალური ღერძი. უფრო პროდუქტიულია კითხვების გადატანა შემდეგ სიბრტყეში:

  • რას ფიქრობს მოსწავლე ტექსტზე?
  • შეუძლია თუ არა მისი მოსაზრების ახსნა, დაცვა და რეფლექსია?
  • ხედავს თუ არა კავშირს საკუთარ გამოცდილებასა და შესრულებულ ნამუშევარს შორის?

რეკომენდაცია:
დავალება არ დასრულდეს მხოლოდ პროდუქტით (ტექსტი, პრეზენტაცია, ამოხსნა), არამედ მოიცავდეს მეტაკოგნიტურ კომპონენტს:

  • „რა ეტაპები გაიარე?“
  • „სად გაგიჭირდა?“
  • „რას შეცვლიდი?“
  • „რა ვერ დაწერა AI შენ ნაცვლად?“
2. დავალების დიზაინი  ანუ რას ვერ აკეთებს  AI

AI უკეთ მუშაობს ზოგად, სტანდარტულ და რეპროდუქციულ დავალებებზე. ამიტომ რეკომენდებულია საშინაო დავალებების გადააზრება შემდეგი მიმართულებით:

  • კონტექსტზე დაფუძნებული დავალებები
    (კლასი, სკოლა, ადგილობრივი მაგალითი, პირადი გამოცდილება)
  • პროცესზე ორიენტირებული დავალებები
    (შავი ვარიანტი, ჩანაწერები, ცვლილებების აღწერა)
  • შედარებითი და არგუმენტირებული პასუხები
    („რატომ აირჩიე ეს და არა სხვა?“)

მაგალითად

  არაეფექტური დავალებაა ეფექტიანი დავალებაა
აღწერე პერსონაჟი რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა ყველაზე რთული შენთვის ამ პერსონაჟის ადგილას რომ იყო და რატომ?

 

3. შეფასების ფოკუსის ცვლილება

AI-ის ეპოქაში შეფასება ნაკლებად უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საბოლოო ტექსტს და მეტად — აზროვნების მტკიცებულებებს.

რეკომენდებულია შეფასდეს:

  • აზრის ლოგიკა და თანმიმდევრობა
  • არგუმენტაციის სიღრმე
  • მაგალითების შერჩევა
  • პირადი ინტერპრეტაცია
  • რეფლექსია და თვითშეფასება

პრაქტიკული ნაბიჯი:
რუბრიკებში ცალკე კრიტერიუმად ჩაიწეროს:

  • „მოსაზრების ახსნა- განმარტების უნარი“
  • „პროცესის ახსნა“
  • „პირადი პოზიციის დასაბუთება“
4. AI-ის გამოყენება -  გამჭვირვალე ინსტრუმენტი

AI-ის გამოყენება არ უნდა იყოს ტაბუირებული, არამედ გამჭვირვალედ ინტეგრირებული.

რეკომენდაცია:

  • მოსწავლემ მიუთითოს, თუ რა მიზნით გამოიყენა AI
    (იდეების გენერაცია, ტექსტის გამარტივება, ენობრივი დახმარება)
  • შეფასება არ უნდა ეფუძნებოდეს გამოყენების ფაქტს, არამედ მასწავლებლისთვის თვალსაჩინო იყოს მოსწავლის წვლილი

ფორმულირება დავალებაში:
„შეგიძლია გამოიყენო AI, მაგრამ აღწერე, რაში დაგეხმარა და რა გააკეთე თავად.“

 

5. დიალოგი, როგორც შეფასება

AI-ის ეპოქაში მასწავლებლის როლი ნაკლებად არის „ კონტროლი“ და მეტად — აზროვნების ფასილიტატორი.

მოკლე ზეპირი შეკითხვები, განხილვა კლასში, ან რეფლექსიური ჩანაწერები ხშირად უფრო სანდო სურათს ქმნის, ვიდრე პლაგიატის შემოწმების ნებისმიერი ინსტრუმენტი.

საშინაო დავალება AI-ის ეპოქაში: შედარებითი ანალიზი

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს განსხვავებას AI-ით მარტივად შესასრულებელ დავალებებსა და ალტერნატიულ, აზროვნებაზე ორიენტირებულ დავალებებს შორის. ეს შედარება ეხმარება მასწავლებელს არა აკრძალვაზე, არამედ გაკვეთილის დიზაინის შეცვლაზე იფიქროს.

AI-ით მარტივად შესასრულებელი დავალება ალტერნატიული დავალება (AI- გარეშე) ალტერნეტიული დავალება რას ითხოვს მოსწავლისგან
ტექსტის შინაარსის გადმოცემა ტექსტის ერთი ეპიზოდის შეფასება პირადი პოზიციით ინტერპრეტაცია
რეფერატის დაწერა თემაზე „რა იყო შენთვის ყველაზე გაუგებარი და როგორ სცადე გააზრება?“ მეტაკოგნიცია
პერსონაჟის დახასიათება „რომელ გადაწყვეტილებას შეცვლიდი პერსონაჟის ადგილას და რატომ?“ კრიტიკული აზროვნება
ფაქტების ჩამოთვლა ფაქტის გამოყენება კონკრეტულ,  რალურ კონტექსტურ მაგალითზე ცოდნის ტრანსფერი
თემის შეჯამება შედარება: ტექსტი და დღევანდელი რეალობა ანალიტიკური აზროვნება
სტანდარტული ესე ესე + რეფლექსიური აბზაცი („როგორ ვიმუშავე?“) თვითშეფასება
ამოცანის საბოლოო პასუხი ამოხსნის გზის ახსნა და შეცდომის ანალიზი პროცესის გააზრება
პრეზენტაციის მომზადება პრეზენტაცია + ზეპირი კითხვა-პასუხი ავტორობის დადასტურება
თეორიის განმარტება თეორიის გამოყენება პირად გამოცდილებაში ფუნქციური ცოდნა
დახურული შეკითხვა ღია კითხვა -მრავალსაფეხურიანი პასუხით აზრის განვითარება

რატომ უნდა შეიცვალოს საშინაო დავალების არსი?რადგან მნიშვნელოვანი აღარ არის მხოლოდ შედეგი – მნიშველოვანია  პროცესი ანუ  მსწავლელის  გზა, ფიქრი და პასუხისმგებლობა. თუ დავალება ითხოვს აზროვნებას, ახსნას და თვითრეფლექსიას, კითხვა „ვინ დაწერა?“ ბუნებრივად იცვლება კითხვით: „რა ისწავლა მოსწავლემ ამ პროცესში?“

ლიტერატურა

Kasneci, E., Sessler, K., Küchemann, S., Bannert, M., Dementieva, D., Fischer, F., … Kasneci, G. (2023). ChatGPT for good? On opportunities and challenges of large language models for education. Learning and Individual Differences, 103, 102274. https://doi.org/10.1016/j.lindif.2023.102274

UNESCO. (2023). Guidance for generative AI in education and research. UNESCO Publishing.

Zhai, X. (2022). ChatGPT and AI-assisted academic writing: Opportunities, challenges, and implications for teaching and learning. Education and Information Technologies, 27, 1–17. https://doi.org/10.1007/s10639-022-11450-9

 

მასწავლებელის ავტორიტეტი

0

იქ, სადაც მასწავლებელს უსმენენ, ქვეყანას ნათელი მომავალი ელოდება; იქ, სადაც მასწავლებელს აკნინებენ, ქვეყანა წარსულში ბრუნდება

აი, სადაცაა ახალი წელი გვესტუმრება, მე კიდევ ერთი ფიქრი გამიჩნდა? ნეტავ რას სთხოვდა მასწავლებელი თოვლის პაპას, რა საჩუქარი გაუხარდებოდა?

მასწავლებელი ისეთი ბუნების ადამიანია, დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე თვალები აუციმციმდებოდა და ისევ მოსწავლეების საჭიროებები გაახსენდებოდა – პროექტორი, პრინტერი, ლამინირების აპარატი, სტიკერები, ჭკვიანი დაფა – ჩვენი ცხოვრება ხომ კარგი გაკვეთილის გარშემო ტრიალებს; ყველაზე ბედნიერები და აღფრთოვანებულები მაშინ ვართ, როდესაც გაკვეთილი შედგება ხოლმე. თითქოს გულიც გადაგვეშლება და მეცხრე ცასაც ვსტუმრობთ. თუმცა ამ მეცხრე ციდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მადლიერების ნაცვლად საყვედურების სიტყვა გესმის – სად გაქრა ჩვენი ძალისხმევა? რატომ არ ჩანს? რატომ არავინ ხედავს? რაც არ უნდა უანგაროდ და ენთუზიაზმით უდგებოდეს მასწავლებელი საკუთარ პროფესიას, იმის შეგრძნება, რომ ის მოსწონთ, აფასებენ გაწეულ ძალისხმევას, მაინც ადამიანური და ბუნებრივია. ყველას გვჭირდება შექება, წახალისება, მით უმეტეს ჩვენში არსებული ბავშვი ხომ არასდროს არ იზრდება და ბავშვებს მოგეხსენებათ, როგორ უყვართ წამახალისებელი სტიმულები.

მოდი, გულწრფელები ვიყოთ და ამდაგვარი წახალისება ყველა პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ადამიანურია – თავი კარგად რომ ვიგრძნოთ, რომ ვჭირდებით, სწორ ადგილას ვართ; მხოლოდ ის განცდა, რომ ამდენი დაკარგული დროით, ენერგიითა და რესურსით ვიღაც ბედნიერდება და პრობლემებს აგვარებს, მხოლოდ ეს შეგრძნებაც საკმარისია – რომ ვთქვათ, უჰ, კიდევ კარგი მასწავლებელი ვარ. ამგვარი განცდისგან მოდის სწორედ ის გამაოგნებელი და გასაგიჟებელი ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი, ნამდვილი მასწავლებელი რომ ყოველდღიურად ამჟღავნებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს მასწავლებელი თითქოს დაბალ ღობედ იქცა. რაღაცნაირად იმ კომიკურ სიტუაციამდე მივედით, რომ ყველაფერი მასწავლებლის ბრალია, ყველა პრობლემა, ყველა გამოწვევა, სოციალურ ქსელებში ვისაც არ ეზარება ვრცელ ვიდეოებს იწერენ, აი როგორ არ დადეს მასწავლებლის საჩუქრისთვის თანხა! იფ, ძალიან კარგი! მაგათ ხომ ისედაც მაღალი ხელფასი აქვთ! მაინც არაფერს აკეთებენ! და კომენტარებში მიდის მასწავლებლის გარშემო მითებისა და ლეგენდების, ნამდვილი ამბებისა და გამოგონილის გარჩევა-ანალიზი.

რა თქმა უნდა, თანხის აგროვება და მატერიალური საჩუქრები არავითარ შემთხვევაში ნორმალურად არ უნდა მივიღოთ, თუმცა ასეთი შემთხვევები რატომღაც მასწავლებელს ბრალდება. არადა, ამდაგვარი მანკიერი პრაქტიკის სათავე ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ.

მოდი, იქიდან დავიწყოთ, უნდა გამოვხატოთ თუ არა მასწავლებლის მიმართ მადლიერება? ჩატჯიპიჯის ვკითხე, როგორ გამოხატავენ მასწავლებლის მიმართ მადლიერებას სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში? აი, რა მიპასუხა, გავამუქებ, ჩემი აზრით, საკვანძო ფრაზებს.

ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა თემაა — მასწავლებლისადმი მადლიერება არის ის „უხილავი საძირკველი“, რომელზეც განათლების სისტემის რეალური ხარისხი დგას. ფორმები განსხვავებულია, მაგრამ არსი ყველგან ერთია: მასწავლებელი აღიქმება როგორც სწორი ღირებულების მატარებელი და არა „მომსახურე პერსონალი“.

იაპონია

იაპონიაში მასწავლებლის მიმართ პატივისცემა ყველას გენეტიკურ კოდში აქვთ.

სიტყვა „სენსეი: ნიშნავს „იმას, ვინც შენამდე იყო გზაზე“. ეს არა ფორმალური ტიტულია, არამედ ღირებულებითი სტატუსი.

მოსწავლეები, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულებისას, დაბალი ხმით, თავაზიანად და რიტუალურად ესალმებიან მასწავლებელს.

მშობლები არასოდეს აკნინებენ მასწავლებელს ბავშვის თანდასწრებით — კრიტიკა ხდება დახურულ კარს მიღმა, კორექტულ ფორმატში.

საჩუქრები იშვიათია და სიმბოლური: წერილი, ბარათი, წიგნი — მატერიალური გადაჭარბება უხერხულად ითვლება.

სტრატეგიული ხედვა: მასწავლებლის ავტორიტეტის შედეგია კლასის დისციპლინა, ისე, რომ მკაცრი კონტროლი საჭირო არ ხდება.

 

ფინეთი

ფინეთი მასწავლებელს ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევს.

მასწავლებლობა პრესტიჟულია — მხოლოდ საუკეთესო კადრები ხვდებიან ამ პროფესიაში.

 

მშობლები მასწავლებლის გადაწყვეტილებებს ენდობიან. ხშირია ფრაზა:

„თუ მასწავლებელმა ასე თქვა, ე.ი. ასეა საჭირო“.

მადლიერება გამოიხატება ნდობით, არა გადამეტებული ემოციით.

საჯარო სივრცეში მასწავლებლები ხშირად მოიხსენებენ როგორც „საზოგადოების საყრდენს“.

 

სამხრეთ კორეა

აქ პატივისცემა ისტორიულად კონფუციანურ ღირებულებებს ეყრდნობა.

მასწავლებლის მიმართ მიმართვა მკაცრად იერარქიულია.

არსებობს Teacher’s Day, როცა მოსწავლეები მათ წერილებს, ყვავილებს, ხელნაკეთ ნივთებს ჩუქნიან.

მშობლები მასწავლებელს ხშირად საჯაროდ მადლობას უხდიან — სკოლების სოციალურ არხებშიც კი.

კულტურული პარადოქსი: მაღალი აკადემიური წნეხის მიუხედავად, მასწავლებელი რჩება მორალურ ავტორიტეტად.

 

გერმანია

გერმანიაში პატივისცემა გამოიხატება სტრუქტურითა და წესრიგით.

მიმართვა ფორმალურია (Herr/Frau + გვარი).

მასწავლებლის პროფესიული საზღვრები მკაცრად არის დაცული.

მადლიერება ხშირად წერილობითაა, წლის ბოლოს ან სკოლის დასრულებისას.

საზოგადოებრივ დისკუსიებში მასწავლებლის აზრი ითვლება ექსპერტულად.

 

საფრანგეთი

 

საფრანგეთში მასწავლებელი არის ინტელექტუალური ავტორიტეტი.

 

მოსწავლეები მასწავლებელს მიმართავენ ოფიციალურად.

სკოლაში ცოდნა და მასწავლებელი ასოცირდება რესპუბლიკურ ღირებულებებთან.

მადლიერება ხშირად გამოიხატება დისკურსით — წერილები, ესეები, საჯარო სიტყვები.

კულტურული ნიუანსი: მასწავლებელი არის არა „მეგობარი“, არამედ „მენტორი“.

 

აშშ

აქ მადლიერება უფრო ემოციური და საზოგადოებრივად ხილულია.

Teacher Appreciation Week — ღია კამპანია მადლობისთვის.

მოსწავლეები და მშობლები ხშირად წერენ საჯარო პოსტებს, წერილებს, რეკომენდაციებს.

საჩუქრები ნებადართულია, მაგრამ ეთიკის ფარგლებში.

 

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში პატივისცემა არის თავშეკავებული, მაგრამ სტაბილური.

მადლობა ხშირად გამოიხატება მოკლე წერილებით, ბარათებით.

მასწავლებელი დაცულია სკოლის ადმინისტრაციული სისტემით.

მშობელი იშვიათად აყენებს მასწავლებელს საჯარო კრიტიკის ქვეშ.

თავაზიანობა + ინსტიტუციური პატივისცემა.

ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა – მასწავლებლის ავტორიტეტი დაცულია, საჯარო კრიტიკას ერიდებიან, პატივს სცემენ და მათ აზრს ითვალისწინებენ. ენდობიან, სჯერათ მათი.

ჩვენთან მასწავლებლის ავტორიტეტი ჩამოშლილია, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის თავად მასწავლებლებისგან და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც. თუმცა ფაქტი ისაა, რომ დღეს საქართველოში მასწავლებლის ავტორიტეტი ძალიან დაბალია, ანუ ის, რაზეც განათლების სისტემა მყარად უნდა იდგეს, მოშლილია. ისევ ჩატჯიპიჯის ვეკითხები, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მასწავლებლის ავტორიტეტს.

მასწავლებლის ავტორიტეტი ქვეყნისთვის არ არის ემოციური კატეგორია და არც მხოლოდ ეთიკური საკითხი. ეს არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს სახელმწიფოს ინტელექტუალურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობაზე. სადაც მასწავლებლის ავტორიტეტი მაღალია, ქვეყანა მუშაობს გრძელვადიან რეჟიმში და არა „აქ და ახლა“ გადარჩენაზე.

თუ პრაგმატულად, სისტემურად და ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე შევხედავთ, სურათი ასეთია:

მასწავლებელი არის პირველი ინსტიტუციური ფიგურა, ვისგანაც ბავშვი სწავლობს, როგორ მუშაობს ცოდნა, პასუხისმგებლობა და შრომა.

თუ მასწავლებლის სიტყვას აქვს წონა, ბავშვი სწავლობს:

რომ ცოდნას აქვს ღირებულება;

რომ ავტორიტეტი მოდის კომპეტენციიდან და არა ძალაუფლებიდან;

რომ გრძელვადიანი ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი შედეგი.

ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ხარისხზე — მომავალ ინჟინრებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე, მეწარმეებზე.

 

სუსტი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია ვერ ქმნის ძლიერ ლიდერებს.

ქვეყანაში, სადაც მასწავლებელი აღიქმება როგორც ავტორიტეტი:

სკოლებში ნაკლებია კონფლიქტი;

ნაკლები რესურსი იხარჯება კონტროლსა და რეპრესიულ მექანიზმებზე;

იზრდება თვითდისციპლინა და შიდა მოტივაცია.

ბავშვი, რომელიც პატივს სცემს მასწავლებელს:

უკეთ იაზრებს წესებს.

 

სწავლობს განსხვავებულ აზრთან თანაარსებობას.

ხედავს, რომ კრიტიკა შეიძლება იყოს არგუმენტირებული და არა აგრესიული.

 

ასეთი მოქალაქე მომავალში:

არ ემორჩილება ბრმა პოპულიზმს;

არ ურევს თავისუფლებას ქაოსში.

ეს არის დემოკრატიის იმუნური სისტემა.

თუ მასწავლებლის ავტორიტეტი შერყეულია, ქვეყანა იწყებს ღირებულებით ფრაგმენტაციას — საზოგადოება იყოფა ხმაურიან ჯგუფებად, სადაც ცოდნას აღარ აქვს ცენტრალური ადგილი. ავტორიტეტის დაკარგვა იწვევს მორალურ დეზორიენტაციას.

 

კიდევ რა ხდება, როცა მასწავლებლის ავტორიტეტი სუსტია?

სკოლა გადაიქცევა სერვისად,

მშობელი — მენეჯერად,

ბავშვი — „კლიენტად“.

 

ასეთ სისტემაში კი –

ქრება პასუხისმგებლობა,

იკარგება საზღვრები,

ცოდნა დევალვირდება

და ქვეყანა იწყებს იმპორტირებულ აზროვნებაზე დამოკიდებულებას.

მასწავლებლის ავტორიტეტი არ არის მასწავლებლის პრივილეგია.

ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების რბილი ფორმა.

 

იქ, სადაც მასწავლებელს უსმენენ, ქვეყანას ნათელი მომავალი ელოდება.

იქ, სადაც მასწავლებელს აკნინებენ, ქვეყანა წარსულში ბრუნდება.

 

მგონი, ძალიან მარტივია, გავიზიაროთ ჩვენი პრობლემების სათავე და საფუძველი. მასწავლებლის ავტორიტეტის დაკნინება მხოლოდ ინსტიტუციების ბრალი როდია. ამ ამბავში ყველას ჩვენი წილი მიგვიძღვის; ყველას, ვინც საჯაროდ განვიხილავთ, რომ ფულის აკრება მასწავლებლისთვის შეურაცხყმოფელი არ არის, თუმცა ისევ მასწავლებელს ვსაყვედურობთ საჩუქრების აღებასა და შერგებას. მადლიერების ალტერნატიულ გზებს კი არც ვეძებთ.

და ყველაზე მთავარი – მას, ვისაც ჩვენს ყველაზე სანუკვარ არსებებს ვანდობთ, მოფრთხილება სჭირდება, სიტყვიერად, მენტალურად, ემოციურად. მგონი ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რა გზას გავდივართ მასწავლებლები, მაშინ, როცა ჩვენი ავტორიტეტი შერყეულია, ყველა პრობლემის სათავედ მოვიაზრებით, მილიონ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ზურგით დავათრევთ, ვგეგმავთ, ვწერთ, ვხსნით, ვარკვევთ, ვარჩევთ. პარალელურ რეჟიმში კი დიდი განხილვა მიდის, უნდა ვაჩუქოთ თუ არა მასწავლებელს საჩუქარი? რა უხერხულია.

ჰოდა, მე თოვლის პაპას მივწერდი:

„გამარჯობა თოვლის პაპავ, მასწავლებელი ვარ. წელს, მგონი, კარგი გოგო ვიყავი, ვასწავლიდი პირნათლად. იცი, რა მომიტანე? მე კი არა, მოდი, საქართველოს მასწავლებლებს მოუტანე: ავტორიტეტი და ნდობა. თუ ეს ორი გაჩნდება, მეტი არც არაფერი გვინდა. ჰოდა, კიდევ, კარგი იქნება აშვაგანდას დიდი შეფუთვა. ამბობენ ნერვებს ამშვიდებს და სიმშვიდე მოაქვსო. ეს კი ამ ეტაპზე ძალიან, ძალიან გვჭირდება“.

 

 

 

Sopranista Fireworks – მაიან ლიხტი თბილისის ბაროკოს ფესტივალზე

0

ბგერა იყო უნაზესი და ძლიერი. თერთმეტი წამი. ვიღებდი და დავთვალე. თერთმეტი წამის განმავლობაში მხოლოდ ბგერა ისმოდა, სხვა არაფერი. გული გამიჩერდა, ცოტა თავბრუც დამეხვა და შემეშინდა, ლოჟიდან არ გადმოვვარდე-მეთქი. როცა მაიან ლიხტმა დაღმავალი პასაჟი შეასრულა რამდენიმე ძალიან ლამაზი ორნამენტით, მაშინღა ამოვისუნთქე.

ჩანაწერები მომისმენია, როგორ არა. სულ ვუსმენ – ჩემი საყვარელი მომღერალია. მაგრამ ეს სხვა იყო. ცოცხლად მოსმენა სხვა იყო. თვითონაც ისეთი ქარიზმატულია! როცა მღერის ჰენდელს, თან წაიცეკვებს, როგორც საკლუბო სცენაზე. ეპოქებს შორის ზღვარი იშლება. ჰენდელი მარადთანამედროვეა. როგორ შეიძლება, კაცს ასეთი ხმა ჰქონდეს? ყოველგვარი ზღვარი იშლება.

მაიან ლიხტი – უსაზღვროების მომღერალი.

„თანამედროვე ფარინელი“.

პროგრამა მისი აწყობილია. არიები სხვადასხვა ოპერიდანაა და სხვადასხვა ოპერის უვერტიურებითაა გათიშული. ბაროკოს მუსიკაში ეს შეიძლება – ბაროკოს მუსიკა იმპროვიზაციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არიებს ასე შესრულებულს ვეღარ მოისმენ. მათ ასე მხოლოდ მაიან ლიხტი მღერის და ეს ნამღერი მხოლოდ დროის ამ მონაკვეთის საკუთრებაა. სხვებს სხვანაირი კადენციები ექნებათ, იმდენად სხვანაირი, რომ გამოუცდელმა ყურმა შესაძლოა არია ვერც იცნოს.

ვუსმენ და გული მწყდება, რომ ეს პირველი და უკანასკნელი მოსმენაა, რომ არ შემიძლია, ეს ბგერები მუჭში მოვიმწყვდიო და თან ვატარო. ამიტომ მხოლოდ ერთ მოკლე ვიდეოს ვიღებ – ფოტოს ჩხაკუნმა არ უნდა გამიფანტოს გონება და სმენა, ყველა ნოტი უნდა შევიტკბო, აწმყოს ყველა მომენტი.

მისი ჩამოსვლა უხმაუროდ ჩაივლის, მხოლოდ მუსიკის ჰანგებით – ის ვარსკვლავია, მაგრამ ძალიან თავისებური სცენის, ბაროკოს სცენის, საოპერო სცენის. ჩანაწერად მომისმენია მისი ქერუბინო. ყველაფრის გადმოცემა შეიძლება მუსიკით, ქერუბინოს ეშმაკური სიანცისაც კი.

ბოლო ნომრად ნიკოლა პორპორა მეორდება, „Allontanta agnella“, და ოქროსფრად მბრჭყვინავი ქაღალდების წვიმა მოდის სცენაზე – ფოიერვერკი. აი, თურმე რა! მაგრამ განა უამისოდაც უკვე ფოიერვერკი არ იყო? ბგერის, იმპროვიზაციის… როგორ შეიძლება, ასე აკონტროლო ხმა? თითქოს ხმა კი არა, ინსტრუმენტი იყოს. არის კიდეც ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი ადამიანის სხეულში, უნიკალური და შეუცვლელი.

თქვენ წინაშეა არაჩვეულებრივი მაიან ლიხტი.

https://www.youtube.com/watch?v=pQrgUP4eOtM&list=RDpQrgUP4eOtM&start_radio=1

https://www.youtube.com/watch?v=W8C4BcVopl0

 

შემაჯამებელი დავალების ანალიზზე დაფუძნებული სწავლება

0
notepad with compass on wood board and blurry background. Using wallpaper or background travel or navigator image.

თანამედროვე სასწავლო პროცესში შემაჯამებელი შეფასება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ შედეგის დაფიქსირების ინსტრუმენტად. მისი მთავარი საგანმანათლებლო ღირებულება იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენებს მასწავლებელი მიღებულ მონაცემებს სწავლების შემდგომი დაგეგმვისა და გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა შემაჯამებელი დავალების ანალიზზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პედაგოგიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

გთავაზობთ  წლიური, შემაჯამებელი დავალებების მონაცემთა ცხრილს რომელშიც შეტანილია პირველი სემესტრის შემაჯამებელი დავალების მონაცემები და ახლავს მასწავლებლის კომენტარი.

შემაჯამებელი დავალებებისწლიური  ფორმა  –      2025-2026 სასწავლო წელი

შემაჯამებელი № 1 2 3 4 5 6 I სემესტრი II სემესტრი ჯამური ქულა
სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგი ფიზ. საბ.1, 2, 3 ფიზ. საბ.1, 2, 3, 4              
შემაჯამებელი დავალებების საინფორმაციო

ფურცელი №

№1 №2              
შემაჯამებლის ფორმა /ტესტი, ესსე, პროექტი და ა.შ./ კომბინირებული წერილობითი სამუშაო კომპლექსური ტესტი              
ჩატარების დრო

 

31.10.2025 16.12.2025              
კლასის საერთო ქულა

 

7.2 7.6              

 

მასწავლებლის კომენტარი და რეფლექსია

2025–2026 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული ორი შემაჯამებელი შეფასების ანალიზმა აჩვენა პოზიტიური აკადემიური დინამიკა, რაც განპირობებული იყო მიზნობრივი მეთოდური ინტერვენციით:

დინამიკის ანალიზი: საშუალო ქულის მატება (7.2-დან 7.6-მდე) პირდაპირ კავშირშია პირველი შემაჯამებლის შემდეგ გატარებულ პედაგოგიურ ღონისძიებებთან.

მეთოდური ინტერვენცია: პირველი შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ განხორციელდა დაშვებული შეცდომების სიღრმისეული ანალიზი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ღია კვლევითი ამოცანების ამოხსნაზე ვარჯიშსა და პრაქტიკულ მსჯელობაზე, რამაც მოსწავლეებს მეტი თავდაჯერებულობა შესძინა და აისახა მეორე შემაჯამებლის შედეგებზე.

ძლიერი მხარეები: თითოეული დავალება იძლეოდა შესაძლებლობას, ვალიდურად შეფასებულიყო მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) განსაზღვრულ შედეგებთან მიმართებით.

გამოწვევები: გამოიკვეთა შემაჯამებელი დავალებების  მრავალფეროვნება, რაც აუცილებელია მოსწავლეთა პრაქტიკული კომპეტენციების სრულფასოვანი გამოვლენისთვის.

რაში მდგომარეობს ამ მეთოდური მიდგომის მნიშვნელობა?

შემაჯამებელი დავალებების სემესტრული ანალიზი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესი მართოს არა ინტუიციით, არამედ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთი მუშაობა უზრუნველყოფს:

  1. სირთულეების დროულ იდენტიფიცირებას: შეცდომების ანალიზი გვეხმარება დავინახოთ, კონკრეტულად რომელი უნარი საჭიროებს გაძლიერებას.
  2. მიზნობრივ კორექტირებას: ღია ამოცანებზე ვარჯიშის ინტეგრირებამ დაადასტურა, რომ ფოკუსირებული მუშაობა პირდაპირ აისახება შედეგზე.
  3. შეფასების ფორმების დივერსიფიკაციას: მონაცემები გვკარნახობს უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტების (პროექტი, ექსპერიმენტი) გამოყენების აუცილებლობას სამომავლოდ.
  4. ინდივიდუალიზაციას: მოსწავლეთა საჭიროებების უკეთ გათვალისწინება ხდება მტკიცებულებების საფუძველზე.

შემაჯამებელი დავალების ანალიზზე დაფუძნებული  მიდგომა შეფასებას სწავლების განვითარების საწყის წერტილად  აქცევს და არა პროცესის დასრულებულ ეტაპად. ეს ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ესგ-ით განსაზღვრული შედეგების უფრო სრულფასოვან მიღწევას და აძლიერებს მასწავლებლის პროფესიულ რეფლექსიას. შეფასების მონაცემების გააზრებული გამოყენება ქმნის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლების ეფექტიან მოდელს.

გრამატიკის სწავლება თამაშით

0

ინგლისურ ენაში დროების სისტემა ხშირად ყველაზე დიდ ბარიერად აღიქმება.  მოსწავლეების უმრავლესობა გრამატიკულ წესებს  მექანიკურად იზეპირებს, თუმცა უჭირთ მათი გამოყენება სპონტანური მეტყველებისას, რადგან ვერ ხედავენ ლოგიკურ კავშირს სხვადასხვა დროის ასპექტებს შორის.

მეათე კლასში მოსწავლეები აქტიურად ემზადებიან უფრო მაღალი დონის (B1+/B2) ტექსტებთან მუშაობისთვის. მათთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს არა ცალკეული დროის ფორმულის ცოდნა, არამედ მათი კონტრასტული გამოყენება.

საგაკვეთილო თემის  აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლემ უნდა ისწავლოს კონტექსტის დეკოდირება. მაგალითად, დროის მარკერების (time expressions)  გამოყენება ავტომატურად ცვლის დროის პერსპექტივას. ამ გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა დაინახონ ინგლისური ენა, როგორც მათემატიკურად ზუსტი სისტემა, სადაც ყოველ დროს თავისი უნიკალური ფუნქცია და ადგილი აქვს „დროის ხაზზე“.

„რვა დროის ერთობლივი განხილვის სტრატეგია ეფუძნება შედარებითი ანალიზის მეთოდს. მოსწავლეებისთვის უფრო მარტივი აღსაქმელია დროთა ფუნქციები, როდესაც ისინი ხედავენ სტრუქტურულ სიმეტრიას აწმყოსა და წარსულის ფორმებს შორის. ეს მიდგომა ხელს უწყობს ‘მეტაკოგნიტური’ უნარების განვითარებას — მოსწავლე თავად ხდება დროითი ფორმის გააზრებული არჩევანის ავტორი და არა მხოლოდ ფორმულის შემსრულებელი.“ პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩამეტარებინა შემოქმედებითი გაკვეთილი, რომელიც მოიცავდა აწმყოსა და წარსულის რვა ძირითად დროს, რომლის გაგება-გააზრება უნდა მომხდარიყო ჩემ მიერ მომზადებული როლური თამაშების საშუალებით.

მოცემული გაკვეთილის გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ წესების სწავლებას, არამედ მოსწავლეებში ‘დროითი ინტუიციის’ განვითარებას.

გაკვეთილი მთლიანად ფოკუსირებულია ვიზუალიზაციაზე (დროის ხაზი) და ინტერაქციულ სავარჯიშოებზე, რაც ეხმარება მოსწავლეებს, დაძლიონ ‘ენობრივი ბარიერი’ და დაიწყონ დროების სწორად შერჩევა კონტექსტის მიხედვით. ეს მიდგომა გრამატიკის სწავლებას მშრალი თეორიიდან ცოცხალ, საკომუნიკაციო პროცესად აქცევს.“

საგანი: ინგლისური ენა

კლასი: X

თემა: ,,ინგლისური ენის დროების საიდუმლო’’

ხანგრძლივობა: 45 წუთი

სასწავლო მიზნები:

  • იდენტიფიცირება და დიფერენცირება: ოთხი ძირითადი აწმყო და ოთხი ძირითადი წარსული დროის ამოცნობა და ერთმანეთისგან განსახვავება;
  • პრაქტიკული და კრეატიული გამოყენება: ამ რვა დროის მართებულად და შემოქმედებითად გამოყენება ნარატიული (თხრობითი) ხასიათის ტექსტების წერისას;
  • კოჰეზიური ნარატივის აგება: თანმიმდევრული ისტორიის შექმნა სხვადასხვა დროის მონაცვლეობით, მოქმედების თანმიმდევრობის, ხანგრძლივობისა და დასრულებულობის გამოსაკვეთად.

საკვანძო სიტყვები: ინგლისური ენის დროები:

  • Present simple
  • Present continuous
  • Present perfect
  • Present perfect continuous
  • Past simple
  • Past continuous
  • Past perfect
  • Past perfect continuous

კონტრასტული სწავლება, ნარატიული კომპეტენცია, დროის ხაზი (Timeline), დროის მარკერები (time expressions).

გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა

  1. შესავალი ნაწილი (Warm-up / Introduction)
  • აქტივობა: „დროების ამოცნობა“ (Tense Recognition).
  • აღწერა: მასწავლებელი წარადგენს რვა წინადადებას, რომლებშიც გამოყენებულია რვა დრო. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ თითოეული დრო და ახსნან მათი ფუნქცია.
  • მასალა: თქვენ მიერ მოყვანილი წინადადებები (“We start the project every day…”).
  1. თეორიული ბლოკი და შესაბამისობა (Direct Instruction & Matching)
  • დავალება 1: წესებისა და დროების შესაბამისობა (Matching Exercise: a-h).
  • დავალება 2: წყვილებში მუშაობა დროით მარკერებზე (Time Expressions: 1-8).
  • სადისკუსიო კითხვა: „შეიძლება თუ არა ეს სიტყვები სხვა დროშიც გამოვიყენოთ?“ (მაგ. for გამოიყენება როგორც Perfect, ისე Continuous ფორმებში).
  1. მართული პრაქტიკა (Guided Practice)

“The Sentence Challenge”.

  • მეთოდი: მოსწავლეები ირჩევენ თითო მარკერს თითოეული დროიდან და ქმნიან მინი-პარაგრაფს.
  • მიზანი: დროების ლოგიკური გადაბმა და კოჰეზიური (თანმიმდევრული) ტექსტის აგება.
  1. დამოუკიდებელი/შემოქმედებითი მუშაობა (Production/Role Play)

Role Play – “The Lost Laptop”.

  • დაყოფა: მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად ფერადი ბარათების მიხედვით (Auxiliary verbs). (ჯგუფებად გადაჯგუფების მეთოდოლოგია იხილეთ დანართში N1)
  • როლები:

A (მსხვერპლი): Present Simple/Continuous (აქცენტი შედეგზე).

B (მოწმე): Past Simple/Continuous (აქცენტი ფაქტებზე).

C (დაცვის თანამშრომელი): Present/Past Perfect (აქცენტი წინარე მოქმედებაზე).

D (დეტექტივი): ყველა დრო (გამოძიების პროცესი).    (ინსტრუქცია იხ. დანართი N2)

  1. ჯგუფების მიერ გაკეთებული პრეზენტაცია
  • თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავიანთ პრეზენტაციას. პრეზენტაცია მოითხოვს თითოეული მოსწავლის ჩართულობას, რასაკვირველია, განაწილებული როლების მიხედვით.

„გაკვეთილის პრაქტიკული ნაწილი აგებულია ეტაპობრივი გართულების პრინციპზე. დაწყებითი ფაზა (Warm-up) ემსახურება წინარე ცოდნის გააქტიურებას რვა საკვანძო წინადადების მეშვეობით. თეორიული ბლოკი ორიენტირებულია დროითი მარკერების ფუნქციურ გააზრებაზე, რაც მოსწავლეებს ეხმარება ‘კონტექსტუალური მინიშნებების’ ამოცნობაში.

გაკვეთილის კულმინაციას წარმოადგენს როლური თამაში ‘The Lost Laptop’, სადაც მოსწავლეები ახდენენ რვა დროის სინთეზირებას რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაში. როლების გადანაწილება (მსხვერპლი, მოწმე, დეტექტივი) აიძულებს მოსწავლეს, გამოიყენოს კონკრეტული გრამატიკული დრო თავისი პერსონაჟის პერსპექტივის გადმოსაცემად, რაც სწავლის პროცესს ხდის ინტერაქტიულს და შედეგზე ორიენტირებულს.“

საშინაო დავალება:

  • დავალება: მოსწავლეებმა უნდა დაწერონ დეტექტივის ოფიციალური ანგარიში დაკარგული ლეპტოპის შესახებ.
  • ინსტრუქცია: ანგარიში უნდა მოიცავდეს მინიმუმ 150 სიტყვას და მასში გამოყენებული უნდა იყოს რვავე დრო.
  • სტრუქტურა: 1. რა ხდება ახლა (Present Simple/Continuous); 2. რა მოხდა უშუალოდ ფაქტის დროს (Past Simple/Continuous); 3. რა ხდებოდა მანამდე (Past Perfect/Continuous); 4. რა შედეგი გვაქვს ამ წუთისთვის (Present Perfect/Continuous).

დავალების მიზანია გაკვეთილზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილების (Role Play) ტრანსფორმაცია წერილობით კომპეტენციაში. ეს აქტივობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალურად შეაფასოს, რამდენად ზუსტად შეუძლია თითოეულ მოსწავლეს რვა დროის სინთეზირება ერთიან, ლოგიკურ ნარატივში.“

შეფასების რუბრიკა

მოსწავლეებს წინასწარ განვუმარტავთ, როგორ შეფასდებიან:

  1. Grammatical Accuracy: რვავე დროის ფორმულის სიზუსტე.
  2. Contextual Logic: რამდენად სწორად არის შერჩეული დრო კონტექსტისთვის.
  3. Cohesion: რამდენად თანმიმდევრულია ისტორია.

დანართი N1

ჯგუფებში გადანაწილების მეთოდოლოგია

„მოსწავლეთა ინტერაქციულ ჯგუფებში გადანაწილების მიზნით, გამოვიყენე ‘დამხმარე ზმნების დაკავშირების’ (Auxiliary Verb Matching) მეთოდი. ეს აქტივობა ერთდროულად ემსახურება როგორც ორგანიზაციულ საკითხს, ისე განვლილი მასალის რეპეტიციას.

პროცესის აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდათ ორ ფერად (ლურჯ და წითელ) ქაღალდზე დაწერილი ფრაზები და დამხმარე ზმნები:

  • ლურჯ ბარათებზე დატანილი იყო Simple და Continuous ასპექტების დამხმარე ზმნები (do/does, to be);
  • წითელ ბარათებზე კი — Perfect და Perfect Continuous ასპექტების (have/had).

მოსწავლეებს ევალებოდათ, ეპოვათ თავიანთი „მეწყვილე“ ფრაზა, რომელიც შეესაბამებოდა მათ ბარათზე არსებულ დამხმარე ზმნას (მაგალითად, მოსწავლე ბარათით ‘do/does’ უკავშირდება მოსწავლეს ფრაზით ‘She doesn’t know’).

ამ მეთოდმა საშუალება მომცა, კლასი ბუნებრივად დამეყო ოთხ ქვეჯგუფად (Sub-groups), სადაც თითოეულ ჯგუფს მიენიჭა კონკრეტული როლი (მსხვერპლი, მოწმე, დაცვის თანამშრომელი და დეტექტივი) როლური თამაშისთვის — ‘The Lost Laptop’.

დაჯგუფების ეს სტრატეგია ეფექტურია, რადგან:

  1. სენსორული სწავლება: ფერების გამოყენება ეხმარება ვიზუალურ მეხსიერებას.
  2. კოგნიტური ჩართულობა: მოსწავლე ჯგუფში ხვდება არა შემთხვევით, არამედ გრამატიკული ლოგიკის ამოხსნის შედეგად.
  3. ფუნქციური მზაობა: მოსწავლე ქვეცნობიერად უკვე ემზადება იმ დროების გამოსაყენებლად, რომლებიც მის ბარათზეა დატანილი.“

დანართი N2

ინსტრუქცია 4 ქვე-ჯგუფის როლებისთვის

დეტექტივი იწყებს შორეული წარსულიდან (Past Perfect) და მოდის აწმყომდე. ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენს დეტექტივის როლის შესრულება, რადგან მხოლოდ ამ უკანასკნელს შეუძლია რვა დროის გამოყენება.

  • დეტექტივი იწყებს ყველაზე შორეული მოქმედების კითხვით.
  • მოვლენის აღწერა (past simple/past continuous)

დეტექტივი მიმართავს მოწმეს (B), რათა აღადგინოს მოვლენა.

  • აწმყო შედეგები და მდგომარეობა (present simple and present continuous)

დეტექტივი მიმართავს დაზარალებულს (present perfect

დროის ქრონოლოგია:

  • ყველაზე ადრე (past perfect continuous)
  • შუა წარსული (past simple/past continuous)
  • შედეგი (present perfect)
  • აწმყო(present simple/present continuous)

დანართი N3 გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი მაღალი (9-10 ქულა) საშუალოზე მაღალი (7-8 ქულა) საშუალო (5-6 ქულა) დაბალი (1-4 ქულა)
დროების სიზუსტე და მრავალფეროვნება ზედმიწევნით ზუსტად იყენებს რვავე დროს. შეცდომები არ გვხვდება. იყენებს დროების უმეტესობას (6-7 დროს) მართებულად. მცირე შეცდომები არ ცვლის აზრს. იყენებს მხოლოდ ძირითად (Simple) დროებს. რთულ ფორმებში უშვებს სისტემურ შეცდომებს. დროების გამოყენება ქაოტურია. ვერ არჩევს აწმყოსა და წარსულის ფორმებს.
კონტექსტური ლოგიკა (Narrative) დროები იდეალურადაა მორგებული თხრობის ხაზს (Sequence of events). თხრობა ლოგიკურია, თუმცა ზოგჯერ უჭირს დროების თანმიმდევრული გადაბმა. თხრობა წყვეტილია. ხშირად ურევს ერთმანეთში პროცესსა და შედეგს. აზრის გამოტანა რთულია, რადგან დროები არ შეესაბამება კონტექსტს.
სინტაქსი და კოჰეზია წინადადებები გამართულია, იყენებს რთულ კონსტრუქციებს და კავშირებს. წინადადებები ძირითადად გამართულია, თუმცა სტრუქტურა ერთფეროვანია. წინადადებები მარტივია. შეინიშნება გრამატიკული შეთანხმების დარღვევა. წინადადებები გაუმართავია, რაც ხელს უშლის ტექსტის აღქმას.
დამოუკიდებელი მუშაობა (Role Play) აქტიურად და კრეატიულად იყენებს დროებს სპონტანურ მეტყველებაში. მონაწილეობს ინტერაქციაში, თუმცა სჭირდება მცირე დახმარება დროის შერჩევაში. პასიურია. იყენებს მხოლოდ შაბლონურ ფრაზებს მასწავლებლის კარნახით. ვერ ახერხებს კომუნიკაციას შესასწავლი გრამატიკული ფორმების გამოყენებით.

 

 

გადავარჩინოთ დედამიწა  ნარჩენებისგან

0

XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად იზრდება ელექტროტექნიკის მოხმარება, რაც პირდაპირ იწვევს შესაბამისი ნარჩენების (e-waste) რაოდენობის ზრდას. აღნიშნული ნარჩენები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების გზით საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემას, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.

პროექტის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსწავლეებს ქიმიის საგნობრივი შინაარსის საფუძველზე გაეაზრებინათ ელექტრო ნარჩენების ქიმიური ბუნება, მათი მავნე ზემოქმედება გარემოსა და ჯანმრთელობაზე და პრაქტიკული ქმედებით ჩართულიყვნენ ეკომეგობრულ საქმიანობაში.

კავშირი ესგ-თან – პროექტი სრულად შეესაბამება ქიმიის საბაზო საფეხურის შინაარსობრივ სტანდარტებს:
ქიმ.საბ.1.4.6.7.8.9.11.12.13, რადგან უზრუნველყოფს:

  • ქიმიური ნივთიერებების გარემოზე ზემოქმედების გააზრებას;
  • უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებას;
  • მეცნიერების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.

პროექტის მიზანი

  • გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების შესწავლა;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან ელექტრო ნარჩენების გამოყოფა, კლასიფიცირება და შეგროვება;
  • ელექტრო ნარჩენების შემადგენლობაში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების გაცნობა;
  • ელექტრო ნარჩენების გარემოში მოხვედრით გამოწვეული ზიანის გააზრება;
  • ეკომეგობრული უნარების განვითარება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება;
  • 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების — თანამშრომლობის, კვლევის, კომუნიკაციის — განვითარება;
  • მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა, განსაკუთრებული აქცენტით მე-13 მიზანზე (კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა).

პროექტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  1. გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები;
  2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების კლასიფიცირება;
  3. ელექტრო ნარჩენების სახეები;
  4. ელექტრო ნარჩენების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი;
  5. ელექტრო ნარჩენების შეგროვება;
  6. ნარჩენების გადამუშავება;
  7. ეკომეგობრული თანამშრომლობა. 

პროექტის განხორციელება

პროექტი განხორციელდა სამ ეტაპად.

I ეტაპი – კვლევა და ინფორმაციის გაზიარება

მოსწავლეებს ინდივიდუალურად გადანაწილებული ჰქონდათ თემები. მათ მოიძიეს, დაამუშავეს და გააზიარეს ინფორმაცია ჯერ კლასში, შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებისთვის.

მოსწავლეებმა ისაუბრეს:

  • გარემოს დაბინძურებაზე როგორც XXI საუკუნის გლობალურ პრობლემაზე;
  • მდგრადი განვითარების მიზნებზე და მე-13 მიზნის მნიშვნელობაზე;
  • საყოფაცხოვრებო და ელექტრო ნარჩენების კლასიფიკაციაზე;
  • ელექტრო ნარჩენების ქიმიურ შემადგენლობაზე და ტოქსიკურ ნივთიერებებზე;
  • ელექტრო ნარჩენებით გამოწვეულ დაავადებებზე;
  • ელექტრონული ნარჩენების დაგროვების სტატისტიკაზე;
  • ელექტრო ნარჩენების სწორად მართვის ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მოქმედ ელექტრონარჩენების გადამამუშავებელ კომპანიას „ვეისთლესი“, რომლის შეგროვების ყუთებიც განთავსებულია ელექტროტექნიკის მსხვილ მაღაზიებში (ალტა, გორგია და სხვ.).

II ეტაპი – პრაქტიკული ქმედება

მოსწავლეებმა ოჯახებში, ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად შეაგროვეს სხვადასხვა სახის ელექტრო ნარჩენები და სასკოლო საზოგადოების წინაშე მოახდინეს მათი დემონსტრირება.

III ეტაპი – თანამშრომლობა და საზოგადოებრივი ჩართულობა

დაიგეგმა შეხვედრა კომპანია „ვეისთლესის“ წარმომადგენელთან. მოსწავლეების მიერ შეგროვებული ნარჩენები დემონსტრაციულად განთავსდა სპეციალურ შემგროვებელ ურნაში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ფართო საზოგადოების წინაშე.

შედეგები

პროექტის შედეგად:

  • მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ელექტრო ნარჩენების ქიმიურ და ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე;
  • ჩამოუყალიბდათ ეკომეგობრული ქცევები;
  • გაიზარდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
  • მოსწავლეები იქცნენ ეკომეგობრული იდეების გამავრცელებლებად სასკოლო და საოჯახო გარემოში;
  • გაძლიერდა თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარები.

შეფასება

SOLO დონე აღწერა (რას აკეთებს მოსწავლე) პროექტთან მიმართებით დაკვირვებადი ინდიკატორები
პრე-სტრუქტურული

1-2

მოსწავლე ვერ უკავშირებს საკითხს გარემოს დაცვას; ინფორმაცია ფრაგმენტულია ან მცდარი • ვერ ასახელებს რა არის ელექტრო ნარჩენი • ვერ განმარტავს მის ზიანს
უნი-სტრუქტურული

3-4

მოსწავლე გამოყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, მაგრამ ვერ ავითარებს • ასახელებს ერთ მაგალითს (მაგ. ძველი ტელეფონი) • აღნიშნავს, რომ „ნარჩენები მავნეა“, განმარტების გარეშე
მულტი-სტრუქტურული

5-6

მოსწავლე აღწერს რამდენიმე ფაქტს, თუმცა კავშირი სუსტია • ჩამოთვლის ელექტრო ნარჩენების ტიპებს • ასახელებს ტოქსიკურ ნივთიერებებს • აღწერს გარემოზე ზემოქმედებას ცალკეული ფაქტებით
მიმართებითი

7-8

მოსწავლე აკავშირებს მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს და აკეთებს დასაბუთებულ დასკვნას • ხსნის როგორ ხვდება ტოქსიკური ნივთიერება ნიადაგში/წყალში • აკავშირებს ელექტრო ნარჩენებს ჯანმრთელობის რისკებთან • ასაბუთებს რატომ არის შეგროვება აუცილებელი
გაფართოებული აბსტრაქტული

9-10

მოსწავლე აზრს ავითარებს, განაზოგადებს და ახალ კონტექსტში გადააქვს • სთავაზობს ეკომეგობრულ ინიციატივას • აკავშირებს საკითხს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანთან • აფასებს საკუთარი მოქალაქეობრივი როლის მნიშვნელობას

 

პროექტმა „გადავარჩინოთ დედამიწა ელექტრო ნარჩენებისგან“ ნათლად აჩვენა, რომ ქიმიის სწავლება შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღების, არამედ ცნობიერი მოქალაქის ჩამოყალიბების ძლიერი ინსტრუმენტი. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით და გრძელდება ყოველდღიური ქმედებებით.

 

 

 

 

 

 

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

0
ჩვენს ერთგულ მკითხველებს, განსაკუთრებულ  ავტორებს, თითოეულ ადამიანს,  ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში, გილოცავთ შობა- ახალ წელს!
ახალი წელი ჩვენი ქვეყნისთვის იყოს  ბევრი ახალი სიხარულის, სიმშვიდის, სიკეთის და ბედნიერების მომტანი.
განათლება- თავისუფლებაა!

მასწავლებლის როლი სწრაფი პასუხების ეპოქაში

0

როდესაც მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას (ამოცანას, მაგალითს დაშ)  მოსწავლე AI -ის გამოყენებით სწრაფად პასუხობს –    მოსწავლე  ხშირად ვერ ასწრებს პრობლემის გააზრებას, კითხვის დასმას ან საკუთარი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას   და  ხდება აზროვნების პროცესის ჩანაცვლება სწრაფი, ალგორითმული პასუხით – ეს არის გამოწვევა და მას მასწავლებლისგან  სჭირდება ადეკვატური  მიდგომა.

მაგალითად, როდესაც მასწავლებელი სვამს კითხვას – ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელობის შესახებ,  მოსწავლე დაუყოვნებლივ მიმართავს AI -ს, იგი იღებს ლოგიკურად გამართულ პასუხს, თუმცა გვერდს უვლის პრობლემის გააზრებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანალიზსა და საკუთარი პოზიციის ფორმირებას ანუ  ალგორითმი ფაქტობრივად ცვლის აზროვნების პროცესს, ხოლო გაკვეთილი გადადის ზედაპირულ, სწორ პასუხებზე ორიენტირებულ რეჟიმში, რაც აფერხებს კოგნიტურ პროცესებს –  ცოდნის ფორმირების მთავარ საფუძველს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, მასწავლებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მოითხოვს სასწავლო დავალებებისა და კითხვების დიზაინის გადახედვას. როდესაც დავალება ისეა აგებული, რომ მოსწავლეს ჯერ სჭირდება საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება – მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუციის რამდენიმე შესაძლო მიზეზის დასახელება და მათგან ყველაზე გადამწყვეტის არგუმენტირებული არჩევა – ხოლო AI-ს გამოიყენება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე, შედარებისა და იდეების გაფართოებისთვის, ალგორითმი აღარ არის ამ საკითხზე ფიქრის და გააზრების შემცვლელი. ასეთ შემთხვევაში AI იქცევა აზროვნების მხარდამჭერ ინსტრუმენტად, სწავლა კი ხდება პროცესი და არა მხოლოდ საბოლოო პასუხის მიღებაზე ორიენტირებული. ამგვარი მიდგომა სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებს, რომლებიც მოსწავლის დამოუკიდებელი, კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებას უსვამს ხაზს.

AI -ის გამოყენების ორი პრაქტიკის შედარების სქემა –  ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) მოთხოვნის  კონტექსტში
კრიტერიუმი A ვერსია – პასუხი  უსწრებს  გააზრებას  B ვერსია – გააზრებული პასუხი
ესგ-ის ძირითადი აქცენტი ცოდნის რეპროდუცირება აზროვნების განვითარება
საკლასო დავალების ტიპი დახურული, შედეგზე ორიენტირებული ღია, პროცესზე ორიენტირებული
მოსწავლის აქტივობა ინფორმაციის მიღება და გადაცემა ანალიზი, შეფასება, არგუმენტაცია
აზროვნების დონე (ესგ-ის მიხედვით) ბლუმის დაბალი საფეხური ბლუმის მაღალი საფეხური
კრიტიკული აზროვნება  არ აქტიურდება მიზანმიმართულად ვითარდება
დამოუკიდებელი აზროვნება სუსტდება ძლიერდება
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება მინიმალური ცენტრალური
არგუმენტირებული მსჯელობა არ მოითხოვება აუცილებელი კომპონენტია
მასწავლებლის როლი კითხვების დასმა, პასუხის მიღება  პროცესის დიზაინერი
შეფასების ფოკუსი საბოლოო შედეგი პროცესი და აზროვნება
ChatGPT-ის ფუნქცია პასუხის წყარო აზროვნების მხარდამჭერი ინსტრუმენტი
შესაბამისობა ესგ-ის პრინციპებთან ნაწილობრივი მაღალი

 

ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოსწავლის დამოუკიდებელი, კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებაზე. ამ კონტექსტში AI -ის გამოყენების A ვერსია ეწინააღმდეგება ესგ-ის ძირითად პრინციპებს, ვინაიდან სწავლების ფოკუსი გადატანილია მზა პასუხის მიღებაზე და არა აზროვნების პროცესზე. B ვერსია, პირიქით, სრულად შეესაბამება ესგ-ის მოთხოვნებს, რადგან უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას, აზროვნების ეტაპობრივ განვითარებას და ტექნოლოგიის გამოყენებას როგორც სწავლების მხარდამჭერ, და არა მის ჩანაცვლებელ რესურსს.

მასწავლებლის როლი, ესგ-თან შესაბამისობა და შეფასება

AI  -ის სწრაფი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში ქმნის ახალ პედაგოგიურ გამოწვევას: როდესაც მოსწავლე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე დაუყოვნებლივ იღებს ტექნიკურად სწორ პასუხს AI-ის დახმარებით, აზროვნების პროცესი შესაძლოა ჩანაცვლდეს ალგორითმული შედეგით. ასეთ ვითარებაში მასწავლებლის როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეკითხვის დასმითა და პასუხის მიღებით — ის ხდება სასწავლო პროცესის დიზაინერი, რომელიც მიზანმიმართულად მართავს ფიქრის ეტაპებს და ტექნოლოგიას აქცევს აზროვნების მხარდამჭერ ინსტრუმენტად. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) ძირითად პრინციპებს, რომლებიც მოსწავლის დამოუკიდებელი, კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებას უსვამს ხაზს.

ის გააზრებული გამოყენება გაკვეთილზე – აღნიშვნის ფურცელი

კრიტერიუმი დიახ არა
დავალება მოითხოვს მოსწავლის წინარე ცოდნას  AI-ის გამოყენებამდე
შეკითხვა არის ღია და არ აქვს ერთი სწორი პასუხი
დავალება აგებულია ეტაპებად (ფიქრი → არგუმენტირება → შედარება → რეფლექსია)
  AI – გამოიყენება მხოლოდ მეორე ეტაპზე
მოსწავლე ადარებს საკუთარ პასუხს AI-ის მიერ გენერირებულს
შეფასება ფოკუსირებულია აზროვნების პროცესზე
მოსწავლე განმარტავს, რა შეცვალა AI-ის გამოყენების შემდეგ
დავალება მოითხოვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებას
AI წარმოდგენილია როგორც მხარდამჭერი ინსტრუმენტი და არა ავტორიტეტი
გათვალისწინებულია რეფლექსიის ეტაპი

 

ტექნოლოგია როგორც პარტნიორი

AI -ის ინტეგრაცია საკლასო პრაქტიკაში ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არ ანაცვლებს  მოსწავლის აზროვნებას, არამედ აძლიერებს მას. ამ მიზნით, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა სასწავლო დავალებების ისეთი დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს:

  • გააზრების ეტაპობრივ განვითარებას.
  • კრიტიკულ ანალიზს.
  • არგუმენტირებულ მსჯელობას.
  • რეფლექსიას.

სწორედ ამგვარი მიდგომა აქცევს ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე პედაგოგიკის პარტნიორად და არა მის ჩანაცვლებლად.

და მაინც რა ხდება მაშინ თუ…

მასწავლებელი ყველაფერს სწორად აკეთებს – აგებს დავალებას ეტაპობრივად, უზრუნველყოფს რეფლექსიას – და მაინც, მოსწავლე ირჩევს სწრაფ პასუხს AI-სგან?რა ხდება, როდესაც არა ტექნოლოგია, არამედ სწორი პასუხის კულტურა თავად არის პრობლემა? რა ხდება, როდესაც მთელი სისტემა აფასებს შედეგს და  არა პროცესს.

ამაზე პასუხები ვიპოვეთ შემდეგ სტატიაში – “სწორი პასუხის ილუზია”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...