შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

მანიპულაციის პათანატომია – სარა მესას „ნაიარევი“

0

სარა მესას „ნაიარევი“, ახლახან გამოსცა „ინტელექტმა“. რომანი ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა, მე კი ძალიან გამიმართლა, რომ წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი. თავად მთარგმნელმა და გამომსვლელებმა ისე საინტერესოდ ისაუბრეს, ეს ჩემი წერილი მათ მსჯელობასთან ახლოსაც ვერ მივა. მაინც გადავწყვიტე, ჩემი შთაბეჭდილებები გადმომეცა, რადგან „ნაიარევი“, უპირველესად, თემატურად მგონია ძალზე მნიშვნელოვანი წიგნი. აი, რატომ:

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შეიძლება, კოშმარად იქცეს. ამ წიგნში კი კოშმარად ნივთები ქცეულა: ძვირადღირებული ნივთები, სუნამოები, ტანსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები და წიგნებიც კი.

ესაა რომანი, რომლის მთავარი თემაც მანიპულაციაა. მანიპულაციის მოხელთება რეალურ ცხოვრებაშია შეუძლებელი და წარმოიდგინეთ, რამხელა ოსტატობას მოითხოვს მისი ლიტერატურად ქცევა.

ყველაფერი თითქოს უწყინარი თამაშით იწყება: მთავარი პერსონაჟი, სონია, ლიტერატურულ ფორუმზე გაიცნობს კაცს ფსევდონიმით კნუტ ჰამსუნი. ისინი მიმოწერას გააბამენ. კნუტი თავიდან წიგნებს უგზავნის საჩუქრად, შთაბეჭდილებები გამიზიარეო. მერე კი უკვე ძვირადღირებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სუნამოების გაგზავნაზე გადადის. აქ კიდევ ერთი, საგულისხმო დეტალია, რომელიც თავიდანვე ვიცით – კნუტი ამ ნივთებს არ ყიდულობს, ის მათ იპარავს.

ამასობაში, ჩვენ თვალწინ იშლება მანიპულაციის მთელი პათანატომია: მანიპულატორს არ ესმის შენი ნათქვამი „არა“, მანიპულატორი გიმსგავსებს და იძულებულს გხდის თავი მოიტყუო, თუმცა, რა თქმა უნდა, აქეთ გადანაშაულებს სიცრუესა და ღალატში. და სონიაც იჯერებს, რომ დამნაშავეა:

„სონია ეუბნება, რომ რცხვენია. მისთვის გულის ტკენა განზრახული არა ჰქონია, უნდა დაუჯეროს. არ უნდა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, იძულებული შეიქნა, ასე მოქცეულიყო, ერთადერთი არჩევანი ჰქონდა, რომ ნაგვის კონტეინერში არ გადაეყარა. ყოველ ჯერზე, როდესაც სონია გადაკვრით ეუბნებოდა, რომ მეტი არაფერი სჭირდებოდა ან გამოგზავნილი ნივთები მის სტილს არ შეეფერებოდა, ან რომ უკვე საკმარისი ჰქონდა, ან მეტ ტანსაცმელს ვეღარ დააგროვებდა, კნუტი ყურს არ უგდებდა. ჯიუტად განაგრძობდა თავისას, ქანცის გაწყვეტამდე, ასე ეუბნება“ (გვ. 201).

ნიშანდობლივია ისიც, რომ კნუტთან ერთხელ შეწყვეტილ ურთიერთობაში სონია თავადვე ბრუნდება იმიტომ, რომ მოიწყინა: „იმ დროს ყველაფერი ახალი იყო. მაგრამ ახლა სიახლემ გაიარა. სულ ესაა. სიახლემ გაიარა, განმეორდა“ (გვ. 87) და ეს მოწყენილობა, ეს სიცარიელე, რომელსაც ვერც კნუტის მანიპულაციური თამაში ავსებს, თავიდან ბოლომდე მსჭვალავს წიგნს.

სადღაც შუისკენ იძულებული ვიყავი, კითხვა შემეწყვიტა – თითქოს აშკარა საშინელება არ ხდებოდა, არავინ მოუკლავთ, სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ მაინც ცუდად გავხდი. ერთი მკითხველის ემოციური დამოკიდებულება სრულიად არაფერს მეტყველებს თავად წიგნის მხატვრულ ღირებულებაზე, მაგრამ, აი, რა: თუ წლევანდელ „ბუკერს“ თვალს ადევნებთ, ჟიურის შეფასებებსაც წაიკითხავდით. ჰოდა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამბობს, ისეთი წიგნები შევარჩიეთ, ისეთი რომანები, რომელთა სამყაროშიც გადავსახლდითო. რომელთა გამოც მეგობრებს ვურეკავდით და საათობით ველაპარაკებოდით წაკითხულზეო. ალბათ, ხვდებით, რის თქმაც მინდა: ემოციურ ზემოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეცეფციისთვის.

როგორ ახერხებს ამას სარა მესა?

ჩვენ ვიცით, როგორც იქმნება ტექსტში დაძაბულობა. მგონი, ყველაზე კარგად დენ ბრაუნმა ახსნა: „It’s all about making promises to your reader”. შენს მკითხველს რაღაცას ჰპირდები. ის ამ დაპირების ხათრით კითხვას აგრძელებს და ბოლოს დაპირება სრულდება – საიდუმლოს უხსნი.

სარა მესა კი არც არაფერს გვპირდება და არც არაფერს გვისრულებს – მან სრულიად სხვა ფორმა აირჩია, ლაკონიური და ხისტი. და სწორედ ამის ხარჯზე ის, რაც ტექსტში ხდება, ორმაგად შემზარავია.

როგორ შეიძლება, დამთავრდეს ასეთი ამბავი? საერთოდ, შეიძლება კი, ოდესმე დამთავრდეს? – ეს ის კითხვებია, სარა მესა რომანის ფინალში რომ სვამს, რომანის, რომელშიც კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ ჯანყი ლიტერატურის სიყვარულს ერწყმის…

ქიმიური იარაღი

0

 

„…ქარმა კაბა ჩამოხსნა თოკიდან,

გაიფიქრა გოგომ, როცა დედის სხეული

ოკუპანტმა ფანჯრიდან გადმოფინა…” (სერიიდან – „ისმის ჩემი ხმა?“, ნ. ინგოროყვა)

 

„ეს ოხერი ჩვენი ისტორია, მარტო ომების და მეფეების ისტორიაა, ხალხი კი არსადა სჩანოსო“, – წერდა ილია.

 

არადა, მართალს წერდა, ომებით და ერთურთის ჟლეტითაა ისტორია სავსე. ამ ბრძოლებში ქიმიას ბოლო ადგილი სულაც არ უჭირავს და დღევანდელი წერილით სწორედ ეს მინდა დაგანახოთ.

 

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, პირველი ქიმიური იარაღი საბერძნეთში მდებარე პატარა ქალაქ კირის მახლობლად გამართულ ბრძოლებში გამოიყენეს. სიმართლე გითხრათ, მანამდეც უეჭველად იქნებოდა რამე გამოყენებული. ცოდნა მცენარეული და ცხოველური შხამების შესახებ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ქემეიას მიმდევარმა ქურუმებმა იცოდნენ და ადამიანებს სხვა ადამიანების მოწამვლა-შანტაჟში წარმატებით ეხმარებოდნენ. ამიტომ, ბრძოლებშიც იქნებოდა ეს ყველაფერი ნაცადი. კირის ბრძოლის აღწერა უბრალოდ ხელნაწერის სახით არის შემონახული და შავით თეთრზე წერენ, რომ მომწამლავი ნივთიერებები იქნა გამოყენებული.

 

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ შხამის დასამზადებლად იყენებდნენ მცენარე „ცრუ ხარისძირას“ ფესვებს. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით შეიცავს სოლანიდინს, რომელიც სტეროიდული ალკალოიდია. ასეთი ალკალოიდები ბევრია და მათი ერთობლიობით შექმნილ ნაერთს ვერატრინი ეწოდება. ის ნატრიუმის არხების ანტაგონისტი, ანუ აქტივატორია. სწორედ ეს არხები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ნერვული იმპულსების გატარებაში. პასუხისმგებელნი არიან კუნთოვანი მუსკულატურის კუმშვაზე. ჰოდა, ქალაქის მცველები, ისე, რომ თავადაც არ იცოდნენ, ვეროტრინით მოწამლულ წყალს სვამდნენ. ალკალოიდები ხვდებოდა მათ კუჭში. კუჭს აქვს კუნთოვანი გარსი, რომლის ნატრიუმის არხები აქტივირდებოდნენ ვერატრინის მოქმედებით. კუჭი ქაოსურად იწყებდა კუმშვას, შედეგი გულისრევა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სრული მოშლა გახლდათ. ასეთი ტიპის მოწამვლისას ბანალური გააქტიურებული ნახშირი, ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია. შეგიძლიათ ენტეროგელის დალევაც. ორივე ძლიერი ადსორბენტია და ვეროტრინს შეიწოვს, გამოიტანს ორგანიზმიდან. ოღონდ, ეს ახლა უშველის ადამიანს, მაშინ კი, კირის ბრძოლის დროს სორბენტებზე არც არაფერი სმენოდათ, ამიტომ ასეთი მოწამლული წყალი ყველას კლავდა.

 

424წ. ჩვ. ერამდე, ძველ საბერძნეთში პელოპონესის ომი 27 წელს გაგრძელდა. ეს ომი ათენსა და სპარტას გარშემო დელოსისა და პელოპონესის კავშირებს შორის გაჩაღდა. დაპირისპირება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მიზეზებით წარმოიქმნა. კიდევ, ათენსა და სპარტას შორის საბერძნეთში ლიდერობის გამო. სპარტელები ხმელეთზე იყვნენ ძლიერები, ათენელები ზღვაზე იბრძოდნენ კარგად.

 

თავიდან სპარტა იმარჯვებდა, 424 წელს კი ინიციატივა ათენელებისკენ გადავიდა. ერთ-ერთი ბრძოლა ბეოტიასთან გაიმართა. სწორედ აქ იქნა გამოყენებული საინტერესო ქიმიური ნარევი. ეს ნარევი ე.წ. „ბერძნული ცეცხლის“ პირველი ვარიანტი იყო და შეიცავდა, ნახშირს, გოგირდს და ცვილს. მოგვიანებით, ცვილის ნაცვლად იყენებდნენ ნედლ ნავთობს, კიდევ უფრო მოგვიანებით კი უფრო ეფექტური წვისთვის სელიტრას ამატებდნენ. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ, ათენი საბოლოოდ დამარცხდა და ომიც ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდა. გამოყენებული ქიმიური იარაღის იდეა კი მარტივია. თუ გოგირდს გავახურებთ 230 გრადუსამდე, ცეცხლი მოეკიდება და წვას დაიწყებს. გოგირდის წვის დროს განვითარებული ტემპერატურა 1800 გრადუსია. ამ ტემპერატურაზე იწყებს წვას ნახშირი, რომელიც ჰაერზე (სადაც ჟანგბადია) ძალიან აქტიურად და ხანგრძლივად იწვება. ბოლოს კი მაღალ ტემპერატურაზე ცეცხლი ეკიდება ცვილსაც, რომლის კონსისტენციაც ძალიან წებოვანია და გავარვარებული ცვილის რაიმე ადგილიდან მოცილება რთული საქმეა.

 

ზოგადად, „ბერძნული ცეცხლის“ ჩაქრობა რთულია. სხვათა შორის, იგივე ცეცხლი გამოიყენეს ეგვიპტელებმა მეშვიდე საუკუნეში არაბების წინააღმდეგ. გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდისთვის ეგვიპტე ბერძნებს ჰქონდა დაპყრობილი, და ქემეიას მიმდევარ ქურუმებსა და ბერძენ სწავლულებს შორის ერთგვარი თანამშრომლობაც კი იყო. შესაბამისად, „ბერძნული ცეცხლის“ დამზადებაც იცოდნენ. ამ იარაღის გამოყენებისას ცეცხლზე საშიში მისი ქიმიზმი იყო. გოგირდის ჟანგბადთან წვისას გამოიყოფა გაზი, გოგირდის დიოქსიდი:

 

S+O2=SO2.

 

ეს უფერო, დამახასიათებელი სუნის მქონე გაზია. ფილტვებში მოხვედრისას, იქ წყალთან ურთიერთქმედებს. გვახსოვს, არა? მჟავა ოქსიდს წარმოადგენს და წყალთან ურთიერთქმედება მჟავა ოქსიდების დამახასიათებელი ქიმიური თვისებაა. შედეგად, წარმოიქმნება გოგირდოვანი მჟავა H2SO3, რომელიც არამდგრადია, მაგრამ ფილტვების შეჯანჯღარებას მოასწრებს. ასევე, არ დავივიწყოთ, რომ ფილტვებამდე ტრაქეაა, რომელიც ასევე წყალს შეიცავს, ცხვირ-ხახასა და თვალებშიც წყალი შედის და აქ წარმოქმნილი გოგირდოვანი მჟავა ყველაფერს გააღიზიანებს. შედეგად ადამიანი ვეღარ ისუნთქებს, განუვითარდება სპაზმი, მოეშლება მეტყველება, დაებინდება თვალები და ბოლოს შეუშუპდება ფილტვები. ასე რომ, თუ „ბერძნული ცეცხლი“ გესროლეს, თქვენ კი მარდად გვერდზე გახტით და ცეცხლის ალში არ გაეხვიეთ, ცოტა გამოყოფილი გაზი ხანში მაინც დაგეწევათ და ბოლოს მოგიღებთ. თუ ძველ საბერძნეთში ცხოვრობთ, ვერაფერი გიშველით. დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება აირწინაღია, თუმცა პელოპონესის ომის დროს ეს სიტყვაც კი არავინ იცოდა. ამიტომ, ყველა, ვინც გაზი ჩაისუნთქა, გარდაიცვალა.

 

ამ ბრძოლიდან მრავალი ხნის განმავლობაში ქიმიურ იარაღს სრულყოფა არ განუცდია. თუმცა, ქიმიას, რა თქმა უნდა, აქტიურად იყენებდნენ. ძველი ჩინური და ინდური ალქიმიური ტრაქტატები სავსეა სხვადასხვა რეცეპტით. აქედან ზოგი ძალიან სასტიკია, ზოგი კი ისეთი, ერთდროულად თან რომ გაოცდები, თან გაგეცინება. საქმეში გადიოდა ყველაფერი, მცენარეები და ქვეწარმავლები. სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა დაფქულ მწარე წიწაკას იყენებდა ისრების დასამუშავებლად. იყენებდნენ კურარეს (ამაზე ცალკე წერილი მაქვს დაწერილი და ალბათ წაკითხულიც გექნებათ). ჯვაროსნები ბრძოლების დროს გოგირდითა და დარიშხანით წყალს წამლავდნენ.

 

ასევე, მოიწამლა უთვალავი მეფე, დედოფალი, უფლისწული, სეფექალი. ალ. დიუმას „დედოფალი მარგო“ წაიკითხეთ და ნახეთ, რენე ფლორენციელი რას აღარ ამზადებს დედოფალ ეკატერინე მედიჩის დავალებით. ეს უკანასკნელი ისეთი გავეშებით ცდილობდა, სიძის ჰენრიხ ნავარელის მოწამვლას, რომ შემთხვევით, მის ნაცვლად საკუთარი ვაჟი მეფე კარლ მეცხრე შემოეწამლა და მოკლა.

 

თუმცა, მთელი ამ ქიმიური შხამების ორომტრიალში ერთი ლეგენდარული შხამია – კალიუმის ციანიდი, რომლის დასახელებაც ალბათ თქვენც გსმენიათ.

 

ჩემს ბავშვობაში ერთი შავი იუმორი ტრიალებდა:

 

კაცი შევიდა აფთიაქში და აფთიაქარს ჰკითხა, კალიუმის ქლორიდი თუ გაქვთო. არაო, უპასუხა აფთიაქარმა, კალიუმის ციანიდი გვაქვსო. და რა განსხვავებააო, ჩაეკითხა კაცი. არაფერიო, სულ სამი მანეთიო…

 

არადა, განსხვავება არის.

 

თავისუფალი სახით ეს მარილი 1762 წელს კარლ ვილჰელმ შეელემ მიიღო. სისხლის ყვითელი მარილი (კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატი) თერმულად დაშალა და მიიღო კალიუმის ციანიდი:

 

3K4[Fe(CN)6]=Fe3C+5C+3N2+12KCN.

 

გარეგნულად მარილი თეთრი ფერის კრისტალების მქონე ფხვნილია. ორგანიზმში მოხვედრისას, მარილი დისოცირდება და ციანიდ ანიონი წარმოიქმნება:

 

KCN=K++CN

ციანიდ ანიონი შეაღწევს უჯრედში და უკავშირდება სპეციფიკურ ფერმენტს – ცოტოქრომოქსიდაზას (დაიმახსოვრეთ, ფერმენტის სახელწოდება, რაც არ უნდა გრძელი იყოს ერთად იწერება. დაბოლოება „აზა“ კი მიგვითითებს, რომ ის ფერმენტია). ცოტოქრომოქსიდაზა უჯრედის მიტოქონდრიის სუნთქვითი ჯაჭვის უბანზე მდებარეობს და ATP სინთეზში მონაწილეობს. ჰოდა, როდესაც მას ციანიდის იონი დაუკავშირდება, ორგანიზმში სუნთქვითი და მეტაბოლური ფუნქციები ირღვევა. შედეგი არის ის, რომ კვდებიან უჯრედები, ქსოვილები, ორგანოები და ბოლოს თავად ადამიანიც. ამ პროცესს ძალიან სწრაფი ეფექტი აქვს.

 

მისი ანტიდოტი ჩვეულებრივი რძე არის, რადგან რძეში შემავალი ლაქტოზა ციანიდებს ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოჰყავს.

 

თუმცა…

 

თუ ციანიდი ორგანიზმში მოხვდება, შემდეგ რძის დალევას აზრი არ აქვს, გვიანია უკვე. აი, თუ ადამიანმა რძე ციანიდის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე დალია, მაშინ გადარჩენის მცირე შანსი არსებობს. უკვე მიღებული ციანიდისგან გადასარჩენად გლუკოზის ხსნარის გადასხმის მეთოდიც მოიაზრება, ოღონდ, გადასხმა ძალიან მალე უნდა მოხდეს. იმ ძველ დროს კი რომელ გადასხმებზე იყო საუბარი?

 

ზემოთ დავწერე, ქიმიური იარაღი მოგვიანებით უფრო დაიხვეწა-მეთქი. სწორედ ამაზე ვისაუბრებ მომდევნო წერილში.

 

 

ერთი აუდიოაღწერა სამი მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის, ანუ, რას გვიყვება როკო ირემაშვილის „დავითი“

0

 

(პირველი ნაწილი)

მარიამ გოდუაძე

კარგი ამბავი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს — ცისფერ გალერეას — უცნაური სტუმარი ეწვია. ეს როკო ირემაშვილის დავითია და მისი ხილვა მეორე სართულზე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. ჩვენი წერილი სწორედ ამ ნაშრომის აუდიოაღწერას მიეძღვნება.

უცხოელი ექსპერტები გვირჩევენ, რომ აუდიოაღწერის შექმნამდე აუცილებელია ვეწვიოთ მუზეუმს, გავესაუბროთ ხელოვნებათმცოდნეს, გავეცნოთ ავტორისა თუ მისი ექსპონატის შესახებ ისტორიას და ასე ჩვენს ნამუშევარს ბევრი საინტერესო დეტალი შევმატოთ. ამ რჩევის კვალობაზე შემდეგ გაგიზიარებთ მონაცემებს ავტორის შესახებ:

როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგია (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც — იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია; ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია[1].

ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში როკო ირემაშვილის ზემოთ ხსენებული ქანდაკების აუდიოაღწერას გაგიზიარებთ და ჩვენეული ტექსტით თქვენს გონებაში წარმოსახული სურათი თუ ქმნილების რეალურ მოცემულობას ან სტატიის მეორე ნაწილში წარმოდგენილ ფოტოს დაემთხვევა, ბედნიერი ვიქნებით.

გამეორებასავით მაინც ვიტყვი, რომ სახვითი ხელოვნების აუდიოაღწერა იქმნება უსინათლო პირებისათვის, რათა მისი მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა შეექმნას ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტებისა თუ სცენების შესახებ; ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით[2]. აუდიოაღწერა თანამედროვე უნივერსალური დიზაინის და მასზე წვდომის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

მაშ, ასე, აუდიოაღწერა:

„დავითი“ (ქანდაკება), როკო ირემაშვილი

ავტორი — როკო ირემაშვილი (დაიბადა 1979 წელს);

ქანდაკების სახელწოდება — „დავითი“;

მასალა — მინა-ბოჭკო, პოლიესტერი, ზეთოვანი საღებავები;

შექმნის თარიღი — 2024 წელი;

ზომა — 185 სმ x110 სმ x 110 სმ;

 ნამუშევარი შვეულია (ვერტიკალური), გამოსახულია, გამხდარი, საშუალოზე მაღალი, 185 სმ. ნატურალური სიმაღლის მამაკაცი, მოკლე, ხვეული, წაბლისფერი თმით. იგი წელს ზემოთ შიშველია; აცვია მუხლს ქვემოთ აკაპიწებული, მუხლს ზემოთ კი ჯიბეებიანი, ღია ფერის შარვალი, დგას ფეხშიშველი. ტერფებიდან დიაფრაგმამდე, ასევე მკლავებზეც, მტვრისაგან შეფერილია თეთრად. მკერდს ზემოთ აქვს კანის ბუნებრივი ფერი, ეტყობა მაისურის ნამზეური. პერსონაჟის თვალები დახუჭულია, წარბები — მომშვილდული, რუხი; ცხვირი — პატარა, სწორი, ზემოთ მცირედაზიდული, ოდნავ ფართო; პირი — ღია; ლოყები — მოვარდისფრო; წარბები შეერთებულია მათ ქვემოთ გამოკვეთილი კანის ნაწიბურით.

მამაკაცს მარჯვენა ხელი უდევს ელექტროხერხზე, რომელიც წვერით სიღრმეშია ჩაშვებული, მის გარშემო კი მიწა რამდენადმე ამობურღულია, თითქოს ბურღვა ახალი დაწყებული აქვს.

მამაკაცს მარცხენა ხელის ცერა თითი  შარვლის ჯიბეში უდევს. ამავე მხარეს, ფეხის წინ, ირიბად დევს ადამიანის გადაჭრილი თავი წვერით, ხვეული თმითა და დახუჭული თვალებით. მარჯვენა ფეხთან მიწის ნარჩენები მიმოფანტულა.

 პერსონა დგას მრგვალ, შემაღლებულ, თეთრი ქვის სადგამზე (პიედესტალზე).

 

ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მერაბიშვილის განმარტებით, როკო ირემაშვილის „დავითი“ ახალგაზრდაა, თანამედროვე შარმით, ე.წ. შევარდნაძის მაისურით, რომელიც მუშაობისას გაიხადა, რადგანაც დასცხა. მას ნამზეური აქვს სახეც და ხელებიც. როკოს დავითი მუშაა, რომელიც ტყეში ხეებს თანამედროვე, ბენზოელექტროხერხით ჭრის, რათა სამუშაო სწრაფად შესრულდეს. წარმოვიდგინოთ, მუშაობისას იგი მოულოდნელად გადაეყრება გოლიათს, რომელსაც თავს ბენზოხერხით კვეთს. მაშასადამე, როკოს ეს პერსონა ბიბლიური დავითის იკონოგრაფიული ტიპია. მოქანდაკემ გაცვეთილი თემა აიღო და ისე კი არ გააახლა, როგორც ამას სანდრო ბოტიჩელი, დონატელო ან ანდრია ბინოკიო აკეთებს, არამედ — ორიგინალურად, ისევე მარტივად და გენიალურად, როგორც მინა-ბოჭკოთი მარმარილოსა და რენესანსის ეფექტი შექმნა.

ლიტერატურულ ტექსტებთან კავშირებს, რომლებსაც როკო ირემაშვილის „დავითი“ ალუზიურად თუ რემისნისცენციულად მიემართება, ჩვენი სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

 

[1]https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

[2] მარიამ გოდუაძე, აღწერა და აუდიოაღწერა, როგორც მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო მეთოდი, https://mastsavlebeli.ge/?p=37949.

 

,,ჩემი ბრძოლა’’

0

ზუსტად ორი წლის წინ, თითქმის წელიწადნახევრიანი შეუსვენებელი წამების შემდეგ, დავტოვე ბოლო სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ყოფნა მომიხდა და ფრთხილად შევუდექი ახალ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ მოგიყვებით ამ ამბავს, ოღონ ახალსაც მოგიყვებით – ჩემი ამ წუთისოფელს გამოსალმების მეორე მცდელობის შედეგსაც – არსით, რიცხვით და გაქანებით ვიწრო წრეების მხრიდან და შესაბამისად ბარემ ცოტა იმასაც, რაც მგონი რომ, უახლოესი ხალხი გარდა, მცირემ თუ იცის.

ამჩნევთ, ამ თემაზე უკვე ნაკლებად ვსაუბრობ და რადგან ადამიანი კალენდარული არსებაა და თარიღები უყვარს, ამასაც დავეყრდნობი და გავბედავ.

მოკლედ, ორი წლის წინ, 20 სექტემბერს საბოლოოდ დავტოვე სარეაბილიტაციო სახლი. თუ მანამდე ძალად დავათრევდი უკვე ზედმეტ სხეულს ან დამათრევდნენ, სულ ბოლო ორი თვე, კედლისკენ გადაბრუნებული, უკვე ფეხზე თითქმის ვეღარ ვდგებოდი, 55 კილოგრამი ვიყავი – შეიძლება ნაკლებიც, დღეში ორ კოვზ მაწონს მაჭმევდნენ, მაკანკალებდა, გულისრევის მხოლოდ შეგრძნებაღა მქონდა – ღებინების ძალა გაქრა. საშინელი, მოუთვინიერებელი შიშები ტრიალებდნენ გონებაში, თითქმის არაფრის გამო დაუსრულებელი თვითგვემების სერიალი, სიხარულის სრულად გამაუქმებელი დეპრესია, მტანჯველი ობსესიები – აკვიატებული, მტანჯველი აზრების ალყა, საზარელი დერეალიზაცია, სამყაროსგან მოწყვეტის განცდა – მოკლედ, საჩუქრად სრული თაიგული მომართვა ცხოვრებამ – რაც რომ შეიძლება ყოფილიყო, ყველა სახის ,,ყვავილი” ჩაურთო. მეძინა ორი საათი, შეუჩერებლად მასლოკინებდა ამ ორსაათიანი ძილისას თურმე (მორიგე ექიმები მეუბნებოდნენ მერე), ფეხებში და გულმკერდთან ძლიერ ჟრუანტელს და ფხაჭნას ვგრძნობდი. ნელ-ნელა ბენზოდიაზეპინების დოზას მიკლებდნენ და მისი განდევნის სინდრომი ანუ ,,ლომკა” ცალკე ჯოჯოხეთია – ძვლები მეწვოდა, ხომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა მეწვოდა. დაკლებული დოზის მიღებიდან დაახლოებით ათ წუთში მოდიოდა გაბრუების სამი წამი, ყველაზე სასიამოვნო სამი წამი, რომელიც დავიმახსოვრე და ის ათი წუთი მაგ სამ წამს ველოდი. დანარჩენი დღე იყო ამ ტანჯვათა იუმედო ჯამი. ამ ქვეყნიდან წასვლა უკვე ერთხელ ნაცადი ხომ მქონდა – მაშინ გადარჩენა მინდოდა და საჯაროდ ამადაც დავწერე და მერე უკვე უფრო გარანტირებულ ფორმებზე ვფიქრობდი. ოთხ დღეში ერთხელ იკრებიბებოდა ფსიქიატრების და სხვა ექიმების კონსილიუმი და ბოლოს ბუნდოვნად ვამჩნევდი, რომ მოსული ნევროლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები თითქმის დანებებული იქნევდნენ თავს. ვამჩნევდი და უკვე სულერთი იყო რომ ვამჩნევდი, ცოტა მიხაროდა კიდეც. მაგრამ არ დანებდნენ. არც მე მომცეს ამის უფლება. და მერე, ერთ მოულოდნელ დღეს ვიგრძენი მოულოდნელივე ნებელობა და ნელი ნაბიჯებით გავყევით გზას გამარჯვებისკენ. ეს გზა არაჩქარიანდა ფრთხილი. ოღროჩოღრო. მე კედელ-კედელ დავიწყე სიარული და მერე ორ ფეხზეც დავდექი. უდიდესი ძალა ვიგრძენი და ათასმაგი ენერგიით შევუდექი საქმეებს.

მერე იყო 2023 წლის ცნობილი ამბები, როცა უკვე ძალიან ძლიერი და მრავალ ამბავს შეჭიდებული, რუსეთუმე ტროლ-ბოტების სამეფოს ერთთვიან ნიაღვარს ვიგერიებდი, რადგან თურმე ჩემი პანიკური შიში ჰქონიათ მაგათ სამეფოში და იყო ამ ყველაფრის ჩვენებური დაგვირგვინება – ხელმეორე მცდელობა სრულიად სამარცხვინო წრის მხრიდან, თავს რომ ლიბერალებს ეძახიან, იქ შევებრუნებინე, სადაც ვიყავი. ჰოდა, ეს ტროლ-ბოტების სამეფო და ეგ ფსკერგამოცლილი წრე – ფარისეველი, ათსმაგი სტანდარტით აღსავსე და ა.შ. – მაშინ დიდი სიტუაციური მოკავშირეები გამოდგნენ და საკუთარი კრიმანჭულიც დაიმღერეს.

მე გავიმარჯვე. გავიმარჯვე – რადგან გვერდით მედგა ხსენებულ მცირერიცხოვან, უმორალო ხალხზე გაცილებით მასშტაბური და მნიშვნელოვანი – სიმართლე და კიდევ უზარმაზარი და უდიდესი სიყვარული უამრავი ადამიანის, უზომოდ მეტის და ამავდროულად გულწრფელის – რომელსაც დღესაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ – ყველგან, სადაც კი კარს შევაღებ. ალბათ ამან მომაგებინა.

მაგრამ ჩემმა ექიმებმა და ახლობლებმა იციან, თუ როგორ დაბრუნდა ხელმეორედ ყველა განცდა უკან და ახალი ჯოჯოხეთისთვის ვემზადებოდი. არ ვიცი რამ გადამარჩინა – შეიძლება იმან, რომ გამოცდილის განმეორების შეუძლებლობის შიში ვიგრძენი და ამან ააცილა ეს ყველაფერი სხეულს და სულს. არ ვიცი. მას მერე, სამწუხაროდ, ჩავარდნებიც მოხშირდა, მაგრამ შედარებაც კი არ არის ძველთან – ვცხოვრობ, ვმოქმედებ, ვხუმრობ, ზოგჯერ სიხარულსაც გამოვკრავ ხელს. ეს საჯაროდ მაშინ არ მითქვამს. ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი ვიყავი უკვე. ახლა ვამბობ, რადგან ამ შებრუნების დამარცხების გზებიც ვიცი.

პარალელურად ვსწავლობ, ვაკვირდები ამ ამბავს და უკვე ბევრი ცოდნაც შევიძინე. ვსწავლობ ფსიქიატრიას, ფსიქოლოგიას, გენეტიკას და საკუთარსაც ვსწავლობ – რთულ ბავშვობას, არეულ პირად წარსულს. და ვიცი, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ზოგიერთი ხდომილების დროს, ,,თრიგერებად” წოდებული ამბების შემთხვევისას, ობსესიები აღდგებიან ხოლმე, სხეული სრულიად დაჭიმულია, ფობიები იღვიძებენ – მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებ და არ ვიმჩნევ: დროებით სურდოს ვარქმევ და ვიცი გადავძალავ – ჩემთვის და იმ უამრავი ადამიანისთვის, იმედის თვალით რომ შემომყურებს. არაერთ ფრონტზე ვცდილობ მოქმედებას და წინ დიდი, დიდი გამარჯვებების დროა – პრიმიტიული, პარალელური ყეფა თითქმის მიწყდა ან ყური გადაეჩვია ამ ხმას და აღარ ესმის. აღარ მნიშვნელობს.

P.S.

და ჰო, კიდევ ერთი და ეს დასასრულისთვის; თუ კარგად დაფიქრდებით და იმ ამბებს ფაზლად შეკრებთ, ფრაგმენტულად რომ მოგიყევით, ალბათ მიხვდებით, რატომ ვუყურებ სევდიანი ან ეგებ ირონიული ღიმილით ადამიანს, რომელიც მეკითხება:

“პოლიტიკაში არ მოდიხარ? შენ ხომ ყველას უყვარხარ! ამხელა ავტორიტეტი, შესაძლელობა და რესურსი გაქვს და ეს რომ პოლიტიკას მოახმარო?!”

ღიმილით ვუყურებ და ღიმილი კარგია. აუცილებელიც კი. გაიღიმეთ. თავს დააძალეთ და გაიღიმეთ. ადამიანი საკუთარი თავისთვის ღიმილის დაძალებაა – სხვა არაფერი.

 

როგორ შევქმნათ დავალებები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

0

მსოფლიო დიდი ცვლილებების პროცესშია. ტექნოლოგიური მიღწევები ელვის სისწრაფით იკიდებს ფეხს ჩვენს ყოველდღიურობაში. ხელოვნური ინტელექტი წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში სერიოზული დისკუსიის საგანია. აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, როგორ შეიძლება ინტეგრირდეს განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები. ერთი რამ ცხადია – AI-ს გამოჩენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ის, რასაც წინათ საათები სჭირდებოდა, ახლა შეიძლება წამებში გაკეთდეს.

ბოლო ერთი თვეა, ვსწავლობ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმას. ჩემი დაკვირვების ობიექტია მათი შესაძლებლობები საგანმანათლებლო მიმართულებით. ამ სტატიაში გაგიზიარებთ დავალებების, ტესტების, სიტუაციური ამოცანების, მაგალითების, სცენარების შექმნის პრაქტიკას პლატფორმების Claude AI და Chat GPT გამოყენებით.

 

სიტუაციური ამოცანებისა და დილემების შექმნა

ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით კარგია დილემებისა და სიტუაციური ამოცანების შექმნის თვალსაზრისით. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ხარისხიან პროდუქტს სწორედ ამ მიმართულებით ქმნის.

როდესაც ვგეგმავდი პირველ სამუშაო კვირას, ადამიანის უფლებების განვითარების ძირითადი ეტაპების გასახსენებლად ვთხოვე, შეექმნა ორი სიტუაციური ამოცანა შესაბამისი კითხვებით.

ბრძანება: გთხოვ, მოიფიქრე ორი მაგალითი, სადაც პირველში ირღვევა მოქალაქის სამოქალაქო, ხოლო მეორეში – სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. ბოლოს დასვი ოთხი სააზროვნო კითხვა.

Claude AI-მ რამდენიმე წამში შემდეგი სიტუაცია მოიფიქრა:

  1. სამოქალაქო უფლების დარღვევის ქეისი:

ლუკა არის 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო აქტივიზმში. მან გადაწყვიტა მშვიდობიანი დემონსტრაციის ორგანიზება ქალაქის ცენტრში გარემოსდაცვით საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მან წინასწარ შეატყობინა ხელისუფლებას დემონსტრაციის შესახებ და მიიღო ნებართვა, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი შეკრება, დააკავა ლუკა და რამდენიმე მონაწილე. დაკავებისას მათ არ განუმარტეს უფლებები და არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.

  1. სოციალურ-ეკონომიკური უფლების დარღვევის ქეისი:

ნინო არის 45 წლის მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე 10 წლის შვილი. ნინო მუშაობს დაბალანაზღაურებად სამსახურში და უჭირს შვილისთვის სათანადო განათლების მიცემა. მან მიმართა ადგილობრივ სკოლას შვილის ჩარიცხვის თხოვნით, მაგრამ სკოლამ უარი განაცხადა მოსწავლის მიღებაზე, რადგან არ აქვს შესაბამისი რესურსები და არ ჰყავს კვალიფიციური პერსონალი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. ნინომ დახმარებისთვის მიმართა განათლების სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

  • როგორ შეიძლება დაბალანსდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება და მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება? რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ლუკას შემთხვევის მსგავსი სიტუაციები?
  • რა გავლენას ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში? როგორ შეიძლება მოაგვაროს ეს პრობლემა სახელმწიფომ?
  • რა როლი აკისრია სამოქალაქო საზოგადოებას (არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს) ადამიანის უფლებების დაცვაში? როგორ შეუძლია მას, დაეხმაროს ლუკას და ნინოს თავიანთი უფლებების დაცვაში?
  • როგორ უკავშირდება ერთმანეთს სამოქალაქო და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ერთი ტიპის უფლების დარღვევა გავლენას ახდენს მეორეზე, და თუ კი – როგორ?

 

Chat GPT-ს მივეცი ასეთი ბრძანება:

მე-9 კლასში შევისწავლეთ ადამიანის უფლებები. გთხოვ, შექმენი მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი და მიეცი მას ცხრილის სახე. ამავე საკითხზე დააგენერირე ათი დახურულდაბოლოებიანი ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით.

რამდენიმე წამში ხელოვნურმა ინტელექტმა შემდეგი სახის ცხრილი და ტესტები შექმნა:

კითხვა სრულიად არ ვეთანხმები (1) ნაწილობრივ არ ვეთანხმები (2) ნაწილობრივ ვეთანხმები (3) ვეთანხმები (4) სრულიად ვეთანხმები (5)
1. მესმის, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები.
2. შემიძლია ჩამოვთვალო ადამიანის უფლებები.
3. შემიძლია განვმარტო განსხვავება უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის.

 

  1. ჩამოთვლილთაგან რომელი დოკუმენტია მიღებული XX საუკუნეში?
    ა) ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
    ბ) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
    გ) ემანსიპაციის პროკლამაცია
    დ) პეტიცია უფლებათა შესახებ
  2. უფლებათა რომელ თაობას მიეკუთვნება სიტყვის თავისუფლება?

ა) სოციალური უფლება
ბ) სამოქალაქო უფლება
გ) კულტურული უფლება
დ) ეკონომიკური უფლება

(სრული ვერსიის სანახავად და დოკუმენტის გადმოსაწერად დაწკაპეთ აქ)

 

Claude AI-ს მივეცი შემდეგი ტიპის ბრძანება:

მე-11 კლასში ვასწავლი მეწარმეობას. პირველი თემის სათაურია „რა არის მეწარმეობა?“ ქვესათაურებია:

  • ვინ არის მეწარმე?
  • რა არის საჭირო წარმატებული მეწარმეობისთვის?
  • ინოვაციები და სტარტაპები..

გთხოვ, შექმენი მოსწავლის თვითშეფასების მარტივი რუბრიკა.

 

მეწარმეობის თვითშეფასების რუბრიკა

ინსტრუქცია: წაიკითხეთ თითოეული დებულება და შეაფასეთ საკუთარი თავი 1-დან 4-მდე სკალაზე: 1 – საჭიროებს გაუმჯობესებას, 2 – დამაკმაყოფილებელი, 3 – კარგი, 4 – ძალიან კარგი

  1. რა არის მეწარმეობა? ვინ არის მეწარმე?
კრიტერიუმი 1 2 3 4
შემიძლია განვმარტო მეწარმეობის ცნება
შემიძლია აღვწერო მეწარმის ძირითადი მახასიათებლები
შემიძლია მოვიყვანო რეალური მაგალითები წარმატებული მეწარმეებისა
  1. რა არის საჭირო წარმატებული მეწარმეობისთვის?
კრიტერიუმი 1 2 3 4
შემიძლია ჩამოვთვალო წარმატებული მეწარმეობისთვის საჭირო უნარები
შემიძლია ავხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი რისკების მართვა მეწარმეობაში
შემიძლია განვასხვაო წარმატებული და წარუმატებელი ბიზნესსტრატეგიები

(სრული ვერსიის სანახავად და დოკუმენტის გადმოსაწერად დაწკაპეთ აქ)

 

ფოტორესურსის გამოყენება – ისტორია

2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების მასწავლებლებთან ჩავატარე ორი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრებზე განვიხილეთ Claude AI პლატფორმის სასწავლო პროცესში გამოყენების გზები.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის დროს გადავუღეთ ფოტო ისტორიის წიგნში მოცემულ პოლტავის ბრძოლის სცენას და Claude-ს ვთხოვეთ, შეედგინა მცირე საინფორმაციო ტექსტი და დაესვა სამი სააზროვნო კითხვა ბრძოლის მნიშვნელობაზე.

  1. ჩამოთვლილთაგან რომელი დოკუმენტია მიღებული XX საუკუნეში?
    ა) ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
    ბ) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
    გ) ემანსიპაციის პროკლამაცია
    დ) პეტიცია უფლებათა შესახებ
  2. უფლებათა რომელ თაობას მიეკუთვნება სიტყვის თავისუფლება?
    ა) სოციალური უფლება
    ბ) სამოქალაქო უფლება
    გ) კულტურული უფლება
    დ) ეკონომიკური უფლება

(სრული ვერსიის სანახავად და დოკუმენტის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ)

Claude AI-ს მივეცი შემდეგი ტიპის ბრძანება:

მე-11 კლასში ვასწავლი მეწარმეობას. პირველი თემის სათაურია „რა არის მეწარმეობა?“ ქვესათაურებია:

  • ვინ არის მეწარმე?
  • რა არის საჭირო წარმატებული მეწარმეობისთვის?
  • ინოვაციები და სტარტაპები..

გთხოვ, შექმენი მოსწავლის თვითშეფასების მარტივი რუბრიკა.

მეწარმეობის თვითშეფასების რუბრიკა

ინსტრუქცია: წაიკითხეთ თითოეული დებულება და შეაფასეთ საკუთარი თავი 1-დან 4-მდე სკალაზე. 1 – საჭიროებს გაუმჯობესებას, 2 – დამაკმაყოფილებელი, 3 – კარგი, 4 – ძალიან კარგი

  1. რა არის მეწარმეობა? ვინ არის მეწარმე?
კრიტერიუმი 1 2 3 4
შემიძლია განვმარტო მეწარმეობის ცნება
შემიძლია აღვწერო მეწარმის ძირითადი მახასიათებლები
შემიძლია მოვიყვანო რეალური მაგალითები წარმატებული მეწარმეებისა
  1. რა არის საჭირო წარმატებული მეწარმეობისთვის?
კრიტერიუმი 1 2 3 4
შემიძლია ჩამოვთვალო წარმატებული მეწარმეობისთვის საჭირო უნარები
შემიძლია ავხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი რისკების მართვა მეწარმეობაში
შემიძლია განვასხვაო წარმატებული და წარუმატებელი ბიზნეს სტრატეგიები

(სრული ვერსიის სანახავად და დოკუმენტის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ)

ფოტო რესურსის გამოყენება – ისტორია

2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე, მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების მასწავლებლებთან ჩავატარე ორი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრებზე განვიხილეთ Claude AI პლატფორმის სასწავლო პროცესში გამოყენების გზები.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის დროს, გადავიღეთ ფოტო ისტორიის წიგნში მოცემულ პოლტავის ბრძოლის სცენას და claude-ს ვთხოვეთ შეედგინა მცირე საინფორმაციო ტექსტი და დაესვა სამი სააზროვნო კითხვა ბრძოლის მნიშვნელობაზე.

ხელოვნურმა ინტელექტმა გვიპასუხა:

„პოლტავის ბრძოლა 1709 წლის 8 ივლისს გაიმართა და დიდი ჩრდილოეთის ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი შეტაკება იყო. ეს ბრძოლა რუსეთის იმპერიის აღმასვლის მნიშვნელოვან მომენტად ითვლება. პეტრე დიდის მეთაურობით რუსეთის არმიამ დაამარცხა შვედეთის მეფე კარლ XII-ის ჯარები, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი ჩრდილოეთ ევროპაში.

ამ გამარჯვებამ რუსეთს საშუალება მისცა, გაეფართოებინა თავისი გავლენა ბალტიისპირეთში და დაემკვიდრებინა თავი როგორც ევროპის ერთ-ერთ წამყვან ძალას. შვედეთისთვის კი ეს მარცხი დიდი იმპერიის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა.

ბრძოლამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე, განსაკუთრებით – პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაზე, რომელიც ჩართული იყო ამ კონფლიქტში.

სააზროვნო კითხვები პოლტავის ბრძოლის მნიშვნელობაზე:

  1. როგორ შეცვალა პოლტავის ბრძოლის შედეგმა რუსეთის როლი ევროპულ პოლიტიკაში და რა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვა ამას მომდევნო საუკუნეებში?
  2. რა გავლენა მოახდინა ამ ბრძოლის შედეგმა ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარებაზე და როგორ შეიცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა?
  3. რამდენად განსაზღვრა პოლტავის ბრძოლამ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგია მომავალში და როგორ აისახა ეს ქვეყნის შემდგომ ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე?“

 

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უსაზღვროა. მას შეუძლია სახელმძღვანელოში მოცემული თეორიული მასალისთვის გადაღებული ფოტოების წაკითხვა და ჩვენთვის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად:

მოთხრობებისა და ზღაპრების შედგენა

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, თქვენთვის სასურველი ფოტოს მიხედვით დაგიწეროთ პატარა მოთხრობა ან ზღაპარი. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიაწოდოთ სიტუაციის განვითარების თქვენეული ვერსია და სთხოვოთ, ამის მიხედვით დაწეროს ამბავი.

ქვემოთ მოცემული სურათი დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოდანაა. სამუშაო შეხვედრაზე გადავიღეთ მობილური ტელეფონით ფოტო და ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ:

„გთხოვ, მოცემული ნახატის მიხედვით დაწერე ათწინადადებიანი მოთხრობა. მოთხრობის ბოლოს დასვი სამი სააზროვნო კითხვა“.

„ერთ მშვენიერ დღეს ტყეში სეირნობდა ორი მეგობარი – დიდი მელია და პატარა მელია. დიდი მელია წითელ კაბაში იყო გამოწყობილი, ხოლო პატარა მელია მწვანე კაბით დაიარებოდა. ისინი მხიარულად საუბრობდნენ და იცინოდნენ, როცა უეცრად შეამჩნიეს, რომ ტყის ბილიკზე უამრავი სოკო ამოსულიყო. დიდმა მელიამ გაოცებით შეხედა პატარას და უთხრა: „შეხედე, რამდენი საჭმელია!“ პატარა მელია კი ფრთხილად მიუახლოვდა სოკოებს და დაკვირვებით დაიწყო მათი თვალიერება. დიდი მელია მოუთმენლად ელოდა, რომ სოკოების კრეფა დაეწყოთ, მაგრამ პატარამ გააფრთხილა: „ფრთხილად, ზოგიერთი მათგანი შეიძლება შხამიანი იყოს“. დიდმა მელიამ გაიღიმა და უთხრა: „მართალი ხარ, მოდი, ჯერ კარგად შევისწავლოთ, რომელი სოკოა საჭმელად ვარგისი“.

ასე გადაწყვიტეს მეგობრებმა, რომ ჯერ სოკოების გარჩევა ესწავლათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოთ მათი შეგროვება. ბოლოს ორივე მელია ბედნიერი იყო, რომ ერთად შეძლეს სწორი გადაწყვეტილების მიღება და უსაფრთხოდ გააგრძელეს თავიანთი სასიამოვნო სეირნობა ტყეში.

 

სააზროვნო კითხვები:

  1. რატომ არის მნიშვნელოვანი სიფრთხილის გამოჩენა უცნობი საკვების მიღებამდე?
  2. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს მეგობრების რჩევები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას?
  3. რა შეიძლება მოჰყვეს იმპულსურ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან?“

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შექმნას: ცხრილები, დიაგრამები, მოსწავლის თვითრეფლექსიის მატრიცები, გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკები, ტესტები, დილემები და ა.შ. მნიშვნელოვანია, სწორად ჩამოვაყალიბოთ ბრძანება და მივაწოდოთ მას დეტალები. ამასთან ერთად, აუცილებელია ყურადღებით გავეცნოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ პროდუქტს, შევიტანოთ მასში ცვლილებები. ხშირად AI-ს მიერ შექმნილი რესურსი რთული გასაგებია, ან მასში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომები. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ, მასწავლებლები ვიღებთ.

 

რჩევები სასწავლო რესურსის შექმნისას:

* ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ

მოერიდეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რესურსის პირდაპირ მოსწავლეებთან მიტანას. ყურადღებით დაამუშავეთ შექმნილი პროდუქტი. ხშირად AI აწყდება ენობრივ ბარიერს, იყენებს რთულ ტერმინებს და შეცდომებსაც უშვებს.

* მიეცით მკაფიო ინსტრუქცია

ხელოვნურმა ინტელექტმა ზუსტად არ იცის, რა გინდათ თქვენ. რაც უფრო მეტად დაუკონკრეტებთ, მით უფრო კმაყოფილი დარჩებით.

* გამოიყენეთ ჩასწორების ფუნქცია

თუ პირველადი ბრძანებით ვერ მიიღეთ სასურველი პასუხი, გამოიყენეთ ჩასწორების ფუნქცია, დაუზუსტეთ ბრძანება და სცადეთ ხელახლა.

* შესთავაზეთ დამატებითი ტექსტები/ფოტოები

გამართული რესურსის მისაღებად სასაუბრო ველში ან დოკუმენტის მიმაგრების ფუნქციით მიაწოდეთ ტექსტი/ნახატი და ა.შ. დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე AI ზუსტად იმაზე შეგიდგენთ რესურსს, რაზეც გჭირდებათ.

ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება გვიმარტივებს საქმეს, გვეხმარება დროისა და ენერგიის დაზოგვაში. ვფიქრობ, სასკოლო პრაქტიკაში მისი დანერგვით მოსწავლეები მიიღებენ მრავალფეროვან რესურსებს, რაც აღუძრავს მათ ინტერესს და გაზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობა

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს, კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

როგორ გავხდი ავტორიტეტი

0

ისე მოხდა, რომ ზოგ-ზოგიერთებისთვის ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორიც არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავი – ავტორიტეტად. რახან ამ ხელობაში (მელნის ხელობას და, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად პოეზიას ვგულისხმობ) სხვაზე მეტი გამეგება (ყოველ შემთხვევაში, ის ზოგ-ზოგიერთები ასე მიიჩნევენ), ხშირად მწერენ ხოლმე ავტორები, მაკითხებენ ტექსტებს, აინტერესებთ ჩემი აზრი მათ ლექსებზე თუ ზოგად ლიტერატურულ საკითხებზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსიამოვნო ამბავია, უბრალოდ, ასეთ ადამიანად ქცევა არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. თითქმის ყველა თაობის პოეტი მწერს, მაგრამ მე ახლა ახალგაზრდა ავტორებთან ონლაინინტერაქციისას დაგროვილი გამოცდილებიდან სამ პუნქტს გამოვყოფ და ამ სამ პუნქტზე ავაგებ ჩემს ოპუსს:

1. „- შენ ჩემთვის ავტორიტეტი ხარ“.

ამ საქმეში არ არსებობს ავტორიტეტი, მთავარი ავტორიტეტი საკუთარი თავია მაშინაც კი, როცა ცდები, მაგრამ ჯერ ამას ვერ ხვდები. ეს სპორტი არ არის, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს. ეს ის ხელობაა, რომელშიც სწავლება არა – რჩევის, არამედ მაგალითის მიცემით ხდება. საყვარელი ავტორის ერთი ძლიერი ლექსის დაკვირვებული წაკითხვა უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე – ამავე ავტორის რჩევა, რადგან რჩევას, თუნდაც სწორს, აზრი არ აქვს, თუ ის საკითხი, რომელსაც რჩევა მიემართება, გააზრებული არ გაქვს, ანუ აღნიშნული შეცდომის პრევენციამდე შინაგანი აუცილებლობით და გააზრებულად თუ არ მიხვედი, ისევ იმავე შეცდომას დაუშვებ. ამიტომ სჯობს, ინტუიციას (თუნდაც – მცდარს) მიჰყვე, შეცდომები დაუშვა (ეს არაა ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცესი), და თუ ბევრს იმუშავებ, აუცილებლად ისწავლი, როგორ არ უნდა დაუშვა შეცდომა. თუ პოეზია შენი ბედისწერაა, ამ სირთულეებს გაუმკლავდები, თუ არადა, თავს დაანებებ და სხვა, უფრო ხელსაყრელ საქმეს მოკიდებ ხელს. ჩემს თაობაში მე მახსოვს არაერთი ნიჭიერი დამწყები პოეტი, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ნებისყოფა, ნიჭი განევითარებინათ და წერას თავი დაანებეს. ბევრი მათგანი არც ვიცი, სადაა ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ ცხოვრობენ.

2. „– გავლენებზე რას იტყვი?”

ნებისმიერ პოეტს ნებისმიერ ასაკში აქვს ვიღაცის გავლენა, თუ ის ამას უარყოფს, ჩათვალე, რომ იტყუება. ოღონდ მე გავლენაში ვგულისხმობ ინსპირაციას და არა – ეპიგონიზმს (ზოგიერთი ტვინნაღრძობი ამას არასწორად იგებს). ჩემი გამოცდილება ასეთია: არის ეტაპები, როცა, უბრალოდ, ვიფიტები, ვეღარ ვწერ, დაცლილი ვარ ენერგიისგან. ამ დროს ვკითხულობ საყვარელ ავტორებს (ძირითადად – კლასიკოსებს), ვიმუხტები ენერგიით, მიჩნდება წერის სურვილი და ვუბრუნდები მონიშნულ თემებს (ლექსის თემები, როგორც წესი, ყოველთვის მონიშნული მაქვს). ჩემს შემთხვევაში ესაა გავლენა – როცა სხვისი ტექსტებისგან მიღებული ემოციის უტილიზაციას ვახდენ საიმისოდ, რომ ჩემს გეგმას მივყვე. ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, სულ ასე ვიყავი, მაგრამ საქმე მარტო ის არაა, რომ შენსას წერ (ხელოვნებაში ხომ არსებობს ბინარული კითხვითი დებულება: „რა? როგორ?“), არანაკლებ მთავარია, როგორ წერ იმ შენსას. სანამ იმ ეტაპამდე არ მივედი, როცა ჩემს სათქმელს ტექნიკურად გამართულად და უფრო მაღალი ხარისხის ინტონაციურ-სინტაქსური ინდივიდუალიზმით ვაყალიბებდი, მანამდე პირველი კრებული არ გამომიცია, ეს კი ოცდაათი წლის ასაკში მოხდა (უფრო სწორად, პირველი კრებულის წერა ოცდაშვიდი წლის ასაკში დავიწყე, მანამდე დაწერილი თითქმის ყველა ლექსი გადავყარე. მართალია, ჩემს პირველ კრებულში ბევრ რამეს ახლა უკეთ დავწერდი, მაგრამ სირცხვილით ნამდვილად არ მრცხვენია). ეს ჩემი ემპირიული გამოცდილებაა, თუმცა არსებობს კონცეპტუალური ინსპირაციები, მაგალითად: ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი, დიდი შედევრი, გალაკტიონის – „მზეო, თიბათვისა“, ლერმონტოვის ცნობილი შედევრის – „ლოცვის“ გავლენით არის დაწერილი. როგორც ჩანს, გალაკტიონს ისე უყვარდა ეს ლექსი, ქართული ეკვივალენტის დაწერა გადაწყვიტა და ინტერტექსტთან (ლერმონტოვის ლექსთან) არამარტო – კონცეპტუალურად, მეტრულადაც (თორმეტმარცვლედის 2/4/2/4 ვარიაციით – რამდენადაც ლინგვისტური და სალექსო სისტემის სხვადასხვაგვარობა აძლევდა საშუალებას) მაქსიმალურად მიახლოებული ლექსი – ახალი შედევრი დაწერა (გალაკტიონის ლექსის პრეპოემიც, ანუ პირვანდელი ვარიანტი, არა – თიბათვის მზისადმი, არამედ ღვთისმშობლისადმი მიმართვაა, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ინტერტექსტთან მაქსიმალურად დასაშორებლად შეცვალა). ლერმონტოვის ლექსი ასეთია:

МОЛИТВА

Я, матерь божия, ныне с молитвою
Пред твоим образом, ярким сиянием,
Не о спасении, не перед битвою,
Не с благодарностью иль покаянием,

Не за свою молю душу пустынную,
За душу странника в свете безродного, —
Но я вручить хочу деву невинную
Теплой заступнице мира холодного.

Окружи счастием душу достойную,
Дай ей сопутников, полных внимания,
Молодость светлую, старость покойную,
Сердцу незлобному мир упования.

Срок ли приблизится часу прощальному
В утро ли шумное, в ночь ли безгласную —
Ты восприять пошли к ложу печальному
Лучшего ангела душу прекрасную.

Февраль 1837

გალაკტიონის ლექსი კი ყველამ ვიცით. სხვათა შორის, მერე შოთა ნიშნიანიძემ ეს ლექსი ისე თარგმნა, რომ გალაკტიონის ლექსს მიჰყვება კვალდაკვალ. ასე ჟღერს:

ლოცვა

დედა ღვთისაო, მუხლზე დაცემული,
შენი ხატების წინ ვიჩენ მოკრძალებას.
შველას როდი შეგთხოვ ომში მიმავალი,
ანდა როდი ვითხოვ ღვთიურ მოწყალებას.

დედავ, როდი მინდა, ვიყო კადნიერი,
ჩემი შეგავედრო სული ცარიელი.
დედავ, უსათნოეს ქალწულს შეგავედრებ.
მისი მწყალობელი იყავ ამიერით.

სული ღირსეული ჰყავი ბედნიერი,
მიეც ცხოვრებაში სათნო თანამგზავრი,
კალთით დაიფარე სული ლმობიერი
და მის მოხუცობას, ღმერთო, მომასწარი.

და თუ განსვენების ჟამი მოახლოვდა,
დილა იქნება თუ ღამე სავსე ლოცვით,
დედავ მწყალობელო, სულთა უმანკოთა,
მის სულს მიუვლინე სათნო ანგელოსი.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი სახის გავლენაზე მითითება თანამედროვე ქართველი ავტორებისთვისაა დედის გინების ტოლფასი, თორემ სინამდვილეში სრულიად ჩვეულებრივი და არქეტიპული ამბავია. მეტსაც ვიტყვი: სტილი და ხელწერა გავლენების ოსტატურად შეფუთვის ევფემიზმია.

3. „- როგორ ვწერო კარგი ლექსები?“

კარგი ლექსების საწერად საჭიროა არა – ბევრი კარგი პოეზიის, არამედ ბევრი კარგი პროზის კითხვა, უფრო სწორად – ბევრ კარგ პოეზიასთან ერთად ბევრი კარგი პროზის კითხვა. პოეზიის კითხვა სიამოვნებაა, პროზის კითხვა კი, სიამოვნებასთან ერთად, ვალდებულებად უნდა იქცეს, რადგან კოგნიტიურ-ინტელექტუალური და იმაგინაციური უნარების განსავითარებლად პროზას ალტერნატივა არ აქვს. ასევე უნდა დაეუფლო ხელობას, წერის ტექნიკას, ეს კი ბევრი მუშაობით მიიღწევა. ნუ დაელოდები რაღაც პროვიდენციალურ-ზეციურ სიგნალებს და კარნახებს, უბრალოდ, დაჯექი და ივარჯიშე, სხვადასხვა ფორმები გამოცადე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ყოველდღე ვვარჯიშობდი ლექსის წერაში – ზოგჯერ დღეში რამდენიმე ლექსსაც კი ვწერდი. ცხადია, ზოგჯერ, როცა სათქმელის, ემოციის და ფორმის თანხვედრა ხდებოდა, კარგი, ცოცხალი ლექსიც გამოდიოდა, მაგრამ ის ნაწერები, ძირითადად, პოეტური სავარჯიშოები იყო და ასეც ვუყურებდი, არსად გამომიქვეყნებია. მთავარი ისაა, რომ ვეუფლებოდი სხვადასხვა პოეტურ ფორმებსა და საზომებს, რაღაც სიახლეს ვეძებდი. მაშინ ლექსის თეორიაში სიღრმისეულად ვერ ვერკვეოდი და ის მცდელობები მხოლოდ ინტუიციით ნაკარნახევი მცდელობები იყო, რომლებიც ძველი, მიძინებული ფორმების გაცოცხლებას გულისხმობდა და არა – რეალურ სიახლეს, მაგრამ მე ვცდილობდი მაინც. ახალგაზრდა პოეტი აუცილებლად უნდა იყო მაძიებელი, ერთგვარი დევიანტი, რომელიც ვერ ჰგუობს დაკანონებულ ფორმობრივ-კონცეპტუალურ კონიუნქტურასა და სტანდარტებს.

აბა, როგორი ბიჭი იყო ნაცარქექია?!

0

ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ჩემს შვილებთან ერთად ღია კაფეში ვატარებდი. მალე ჩვენ სიახლოვეს მდგარი მაგიდა ბებომ, შვილიშვილებმა და ბავშვების დედამ დაიკავა. ჩვენი მაგიდები ისე ახლოს იყო გვერდი-გვერდ, ერთმანეთის ყველა სიტყვა გარკვევით გვესმოდა. ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ყურს ვერ ავარიდებდით. ბებო ცდილობდა, პატარა, აქტიურ, ცელქ შვილიშვილთან საუბარი გაება წიგნებზე, მაგრამ ბიჭი აშკარად ვერ ინტერესდებოდა ამ თემით ისეთ ადგილას, სადაც შორიახლოს უამრავი გასართობი ეგულებოდა. ბებო მაინც დაუცხრომლად ცდილობდა, მისთვის ლიტერატურული პერსონაჟები გაეხსენებინა, ეკითხებოდა ჰარი პოტერზე, ქართულ ხალხურ ზღაპრებზე და კერძოდ, ნაცარქექიაზე და კვლავ დაჟინებით მოითხოვდა პასუხს მისგან: „ბებო, აბა, როგორი ბიჭი იყო ნაცარქექია? როგორი პატიოსანი ბიჭი იყო, არა?! კარგი ბიჭი იყო, ხომ?!“ – მაგრამ ამაოდ, ბიჭი ოდნავადაც არ ინტერესდებოდა ჩვენი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟით. ცოტა ხანში ხელიც გაიქნია, „თავი დამანებეო“ – შეჰყვირა და გაიქცა, და მანამდე არ მოსულა მაგიდასთან, სანამ გემრიელი ფუნთუშები და ლიმონათი არ მოიტანეს.

ეს ამბავი რამდენიმე კუთხით გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ვცდებით დიდები ბავშვებთან ურთიერთობაში. ადგილი წიგნებზე, ზღაპრებზე და პერსონაჟებზე სასაუბროდ ნამდვილად შეუფერებელი იყო. პატარა ბიჭს, რომელიც პირველ- ან მეორეკლასელი იქნებოდა, ახალი გარემოს გამოკვლევა, სირბილი, ქალაქის ხედის ცქერა და თამაში უნდოდა. არც ზღაპრის პერსონაჟებზე საუბარი სურდა და არც მათი ქცევისა თუ პიროვნების შეფასება. შეიძლება ბებოს კეთილი სურვილი ამოძრავებდა, სურდა პატარა ბიჭში რიგ თვისებებზე გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ამ ძალდატანებას ბავშვიც გრძნობდა, არ მიჰყვებოდა მსჯელობაში, ბოლოს გაღიზიანდა და გაიქცა კიდეც.

ბავშვებთან წაკითხულ ტექსტზე საუბარი მნიშვნელოვანია. ასე შეგვიძლია, შევამოწმოთ, რა გაიგო მან ტექსტიდან, რა აზრი გამოიტანა და რა შთაბეჭდილებით ისაზრდოვა კითხვის პროცესში. თუმცა, როდესაც ბავშვებთან ტექსტის განხილვას შევუდგებით, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალდატანებითი მიდგომა მხოლოდ დააზიანებს ამ პროცესს, დააფრთხობს პატარა მსმენელს და კითხვასაც შეაძულებს და ზღაპრებსაც. ხოლო თუ სწორად წარვმართავთ ტექსტის გააზრების პროცესს, პატარა მსმენელი თავად აღმოაჩენს და გააკეთებს დასკვნებს, შეაფასებს პერსონაჟის ქცევას, გამიჯნავს რეალურსა და არარეალურს, გააკეთებს კრიტიკულ დასკვნას და თავად მიხვდება, რა არის კარგი და რა ცუდი რეალურ თუ არარეალურ სამყაროებში.

ზღაპრები კარგი მასწავლებელია ბავშვისთვის, იმაზე დასაფიქრებლად, როგორ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი ქცევა ერთმანეთისგან და გამოიტანოს პირუთვნელი განაჩენი. თუმცა, უფროსი მკითხველის მეგზურობაც ძალიან სასარგებლოა ამ მხრივ, რომელიც პატარას დაეხმარება და დააკვალიანებს ტექსტის აღქმაში, მისცემს მაგალითს, როგორ შეიძლება გაიგოს და გაიაზროს წაკითხული მასალა, რომ არსებობს უამრავი გზა ინტერპრეტირების, რომ არსებობს სხვადასხვა შეფასება და შემდეგ პატარა მკითხველი თავად გადაწყვეტს, თანაუგრძნოს თუ არ თანაუგრძნოს ზღაპრის პერსონაჟებს, მოეწონოს ისინი თუ არა.

ქართული, ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია“ გვიამბობს ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცის ისტორიას. ეს კაცი დღენიადაგ, ყოველ ცისმარე დღეს ბუხართან იჯდა და ჩხირით ნაცარს ქექავდა. ყველას აღიზიანებდა თავისი უმოქმედობითა და უსაქმურობით, განსაკუთრებით კი რძალს, რომელსაც ერთ დღესაც ყელში ამოუვა მისი უსაქმურობა და სახლიდან გააგდებს სამუშაოს მოსაძებნად. სახლიდან წასული ნაცარქექია ერთ ნაცრით სავსე გუდას, სადგისსა და ჭყინტ ყველს წაიღებს. ნაცარქექიას გზად დევი შემოხვდება, რომელსაც თავისი საზრიანობით გააბრიყვებს, დაამარცხებს და ბოლოს მის ქონებასაც დაეპატრონება. ამის შემდეგ ნაცარქექია სახლში გამარჯვებული ბრუნდება, ქონებას ძმას და სიძეს გადასცემს და ისევ უბრუნდება ნაცრის ქექვის მისეულ ჩვევას, რომელსაც აღარავინ უშლის. ზღაპრის მიხედვით ის გონიერი, სხარტი, ცოტა ცბიერი აზროვნების კაცი ჩანს, რომელსაც რომ არა თავისი ჭკუა და მოხერხება, დევს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა და სახლშიც ვეღარ დაბრუნდებოდა გამარჯვებული. ზღაპარი ბევრს არაფერს გვეუბნება მის პატიოსნებასა და კაი ბიჭობაზე, თუმცა შეიძლება ასეთიც ყოფილიყო და ალტერნატიულ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს ყოველთვის აქვს არსებობის უფლება…

ბავშვს რომ ვაცადოთ, იქნებ ასეთი პასუხიც გაგვცეს: „არა, ნაცარქექია, სულაც არ იყო პატიოსანი ბიჭი, უფრო ზარმაცი და მოხერხებული კაცი იყო“. მაგრამ, თუ ნაცარქექიას „პატიოსან ბიჭს“ დავუძახებთ, მაშინ შეიძლება მგელიც პატიოსანი აღმოჩნდეს „წითელქუდაში“ და ვერავინ შევედავებით, რატომ უნდა მას ბებიასა და წითელქუდას გადასანსვლა. ასე ხომ მორალური კრიტერიუმებიც ირღვევა და ბავშვიც იბნევა, როდესაც მკვეთრი კონტრასტის დანახვის ნაცვლად, სხვა შეფასებას კარნახობენ. ზღაპარი კი მკაფიო, ცხად დაპირისპირებას გვაძლევს ცუდსა და კარგს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის და ამ კონტრასტების დანახვა ბავშვსაც არაჩვეულებრივად შეუძლია.

იმისთვის, რომ შევამოწმოთ, როგორ გაიგო და აღიქვა პატარა მსმენელმა ტექსტი, შეგვიძლია რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ და პასუხებიდან შევიტყობთ, როგორ გაიგო მან წაკითხული მასალა. შეგვიძლია, ვკითხოთ: როგორი პერსონაჟია ნაცარქექია? რა თვისებები აქვს? შენ როგორ დაახასიათებდი ასეთ ადამიანს? რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა ნაცარქექიას ქცევაში? შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას, დევს რომ შეხვედროდი? როგორ გადაჭრა ნაცარქექიამ თავისი პრობლემები? რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან, როგორია ზღაპრის მორალი? და ა.შ. და ა.შ. სანამ ბავშვი გვისმენს და არ მოჰბეზრებია ჩვენი შეკითხვები წაკითხულის გასააზრებლად.

ზღაპრები ნამდვილად საოცრად შთამაგონებელი ამბებია პატარებისთვის, რომლებიც უმეტესწილად გვეუბნება იმას, რომ, თუ დავმარცხდით ყოველთვის უნდა წამოვდგეთ ფეხზე და გონიერების მოხმობა აუცილებლად გვიშველის განსაცდელში მყოფებს. ცხოვრებაც ზღაპარივითაა, ან, პირიქით, ორივეგან მძაფრი დრამა ტრიალებს მთავარი გმირის ირგვლივ და ჩვენც ვიცით, რომ ეს სამოქმედო სქემაა, ამბავი ხიფათიანია, მაგრამ აუცილებლად ბედნიერად და მშვიდობიანად დასრულდება.

ზღაპრები შეუძლებლის გაბედვაზეა, დიად ოცნებებზე, სახლიდან გასვლასა და თავგადასავლებში გადაშვებაზე, წარმატებების მიღწევაზე, გველეშაპების, დევებისა და ავსულების დამარცხებაზე, ცხრა მთის გადავლაზე და შინ მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებაზე. ზღაპრები სრულად ჰგავს ჩვენს ცხოვრებას და ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ისინი ძალიან. ამიტომაც უყვართ ბავშვებს ისინი და ამიტომაც აპროტესტებენ მის გარეშე დასაძინებლად წასვლას. რას ჯობია ამბავს, რომელიც კარგად სრულდება.

„ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“.

 

“რემედიაციის გაკვეთილები” – მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა

0

რემედიაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში და უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის სრულყოფილი განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერას.

კრებული მოიცავს მასალებს, რომლებშიც განხილულია ისეთი საკითხები,

როგორიცაა:

  • რემედიაციის საჭიროება;
  • რემედიაციის ფორმატები;
  • რემედიაციის სასკოლო პოლიტიკა;
  • ვერიფიკაციის საკითხები;
  • რემედიაციის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.

რემედიაციის გამართული სასკოლო პოლიტიკა მასწავლებლებს და სკოლებს ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.

რემედიაცია საჭირო ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები არ არიან საკმარისად მომზადებულნი ან უჭირთ გარკვეული აკადემიური მიზნების მიღწევა.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა:

სასწავლო მასალის არასაკმარისად გაგება, ინდივიდუალური სასწავლო საჭიროება,  ენის ბარიერი ან სხვა პიროვნული მახასიათებლები.

კრებული მოიცავს ზოგად თეორიულ საკითხებს, პრაქტიკულ ასპექტებს, საგნობრივ მაგალითებს. რემედიაციის საკითხების თეორიული და პრაქტიკული გაანალიზება მნიშვნელოვანია, რათა რემედიაციის პროცესი იყოს სტრუქტურირებული და თითოეული ნაბიჯი მოსწავლის პროგრესისთვის შესაბამისი.

რედაქტორები:
ნანა მაჭავარიანი
ნატო ინგოროყვა
დიზაინერი:
ბესიკ დანელია
ყდაზე:
მარიამ ელიზბარაშვილის ილუსტრაცია

წიგნის ავტორები: მანანა ბოჭორიშვილი, თამთა დოლიძე, ნათელა ბაღათრიშვილი, მარიამ გოდუაძე, თინათიან ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ნესტან მიქაძე, ლელა კოტორაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, ლელა მანგოშვილი.

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან :

რემედიაციის გაკვეთილები

როგორ ვისაუბროთ პროფესიების შესახებ – რამდენიმე ტექსტი და იდეა მხიარული დაწყებითი სკოლის გაკვეთილებისთვის

0

სასკოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში მოსწავლეთა დახმარებაა, რასაც საფუძველი დაწყებით კლასებში ეყრება. გთავაზობთ რამდენიმე ტექსტსა და იდეას პროფესიებზე სასაუბროდ და მხიარული გაკვეთილების ჩასატარებლად.

  1. სიტყვობანა

დოლურაში ჩაყარეთ ფერად ფურცლებზე დაწერილი პროფესიების სახელები, მოსწავლეებთან ერთად ამოიღეთ თითო-თითო ფურცელი და იმსჯელეთ, რა ევალება თითოეულს:

  • მაშველი
  • არქეოლოგი
  • მასწავლებელი
  • ექიმი
  • მებაღე
  • ვეტერინარი
  • კონდიტერი
  • გამყიდველი
  • მეეზოვე
  • კონდუქტორი
  • მემანქანე
  • მშენებელი
  • მხატვარი
  • ფარმაცევტი
  • პროგრამისტი
  • მხატვარი
  • მომღერალი
  • მწერალი

 

ტექსტი N1

მაკა მიქელაძე – „ვინ უნდა გამოვიდეს?“

– მარიტა, შენ ვინ უნდა გამოხვიდე? – ჰკითხა ერთმა სტუმარმა პაწია გოგოცუნას.

მარიტა დაიბნა.

– ექიმი! – თქვა ბაბუმ, – სიბერეში მომხედავს, წამლებს დამინიშნავს, რეცეპტს გამომიწერს.

– მარიტა მსახიობი გამოვა! – გადაჭრით თქვა დედამ, – კინოში გადაიღებენ, ჟურნალებში სურათებს დაბეჭდავენ…

– მარიტა ჩემი შვილია და გამოვა ის, რაც მე ვარ! – მტკიცედ თქვა მამამ, – მარიტა, ხომ გინდა, იურისტი გახდე? დამნაშავეებს დასჯი და უდანაშაულოებს გაამართლებ.

კამათი დიდხანს გაგრძელდა.

მარიტას მოსწყინდა და დასაძინებლად გაეშურა.

ძილის წინ წაიოცნება, დიდი რომ გავხდები, აუცილებლად მღებავი გამოვალ, ხის ლიფტით ვისეირნებ და სახლებს გარედან ნაირფრად შევღებავო.

მერე გაახსენდა, რომ მატარებლის მემანქანეობაც არ არის ცუდი, არც მეზღვაურობა და ალპინისტობა. ბოლოს, კოსმონავტობაზე რომ დაიწყო ოცნება, ჩაეძინა.

მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს.

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად:

  • რას ურჩევენ უფროსები მარიტას?
  • დააკვირდი, როგორ იქცევიან უფროსები?
  • რა პროფესიებია ჩამოთვლილი ტექსტში?
  • არის რომელიმე პროფესია, რომლის დანიშნულება არ იცი?
  • რას ნიშნავს „მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს“?

 

აქტივობა:

დააკვირდი

რომელი პროფესიები არ არის ტექსტში ნახსენები?

  • ალპინისტი
  • მემანქანე
  • მეზღვაური
  • კოსმონავტი
  • მფრინავი
  • ჟურნალისტი

 

აქტივობა 2.

წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, რომ:

მეზღვაურმა ცურვა არ იცოდეს,

მემანქანე მანქანებში ვერ ერკვეოდეს,

ალპინისტს სიმაღლის ეშინოდეს

 

ტექსტი N2

გიორგი მომავალი არქეოლოგი

„აბა, ორი წუთით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, 20 წლის მერე სად იქნებითო“, – ჰკითხა მასწავლებელმა მოსწავლეებს.

ჰოდა, ატყდა და რა ატყდა! ზოგმა – ჰოლივუდის ვარსკვლავი ვიქნებიო, ზოგმა – მომღერალიო, ზოგმა – ფილმს გადავიღებო, ზოგმა – მარსზე გადავცხოვრდებიო. ზოგმა საქართველოს პრეზიდენტობაც კი დააპირა. დიდი მხიარულება იყო კლასში, ხან რას წამოიძახებდნენ, ხან რას.

გიორგი ჯერ დაფიქრდა, მერე 20 წელი გადათვალა, მერე თვალები დახუჭა და ისე წავიდა ოცნებებში, რომ კლასიც გაქრა, სკოლაც და მთელი ქალაქიც.

გიოს სიძველეების აღმოჩენა უყვარს და არქეოლოგობა უნდა. გორის ციხე და უფლისციხის ნაქალაქარი არაერთხელ დაულაშქრავს.

თვე არ გავა, გორის მუზეუმს არ ესტუმროს მამასთან ერთად. ბევრი რამე აინტერესებს, მაგრამ როცა ნუმიზმატიკის განყოფილებაში შეივლის, ყველაფერი ავიწყდება.

უძველესი მონეტები ყველაზე კარგად გვიამბობენ ისტორიულ ამბებს. აი, დავით მეფის და თამარის მონეტები, ესეც ძველი ბერძნული, ირანული, რომაული, ქართული… ნეტავ რამდენი ადამიანის ხელში გაუვლია ამ საგანძურს?

ნუმიზმატიკა მონეტებსა და მედლებს შეისწავლის, გორის მუზეუმში კი ისტორიული მონეტების მდიდარი კოლექცია აქვთ.

და აი, გიორგი ოცნებებში თავის მომავალს ხედავს: ეს თვითონაა, ცნობილი და წარმატებული არქეოლოგი, ესეც – სენსაციური აღმოჩენა, უძველესი განძი, რომლის თითოეული მონეტა საქართველოს წარსულის საიდუმლოს ამხელს!

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად

  • რა იკითხა მასწავლებელმა?
  • რა უპასუხეს ბავშვებმა?
  • გიორგის რომელი პროფესია მოსწონს?
  • რა არის არქეოლოგია?
  • რა ინახება ნუმიზმატიკის განყოფილებაში?
  • რაზე ოცნებობს გიორგი?

 

ინფორმაცია ინტერნეტიდან

სენსაციური აღმოჩენა

ქართველი არქეოლოგების ჯგუფმა დიდძალი განძი აღმოაჩინა. ექსპედიციას ცნობილი არქეოლოგი გიორგი ბერიშვილი ხელმძღვანელობს.

საგანძურში ოქროსა და ვერცხლის უძველესი მონეტებია!

 

დააკვირდი!

რა ამოიკითხე ისეთი, რაც მთავარ ტექსტში არ იყო მოცემული?

 

ტექსტი N3

მაშველი გმირია!

 

წინასწარი კითხვები

  • იცი, რა მოვალეობა აქვს მაშველს?
  • რა ნომერზე უნდა დარეკო, როცა რაიმე სახიფათო ხდება ან ვინმეს დახმარება სჭირდება?
  • მაშველი გმირია, მას ადამიანებისა და ცხოველების გადარჩენა ევალება!

 

გადარჩენილი კნუტი

მათემ ზუსტად იცის: რომ გაიზრდება, მაშველი გამოვა. არასდროს დაავიწყდება ერთი წვიმიანი დღე, კეთილი მაშველები და გადარჩენილი კნუტი.

იმ დღეს ძალიან წვიმდა, მათეს სურდო ჰქონდა და დედამ გადაწყვიტა, სკოლაში არ გაეშვა. ბიჭი მოწყენილი იჯდა თავის ოთახში და ფიქრობდა, დრო როგორ გაეყვანა.

უცებ კნავილი გაიგონა. ფანჯარა გამოაღო. ისეთი თავსხმა იყო, წვიმამ პირდაპირ ოთახში შემოასხა. მათემ წვიმის ხმას ყური დაუგდო. კნავილი აღარ გაუგონია და ამიტომ ფანჯარა მიხურა.

ცოტა ხანში ხმა გამეორდა. კნავილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ნამდვილად კნუტი იყო, რაღაც უჭირდა და შველას ითხოვდა.

მათემ კიდევ გამოაღო ფანჯარა და ისევ ვერაფერი დაინახა, თუმცა განწირული კნავილი არ წყდებოდა.

მათეს გაახსენდა, რომ ასეთ დროს ტელეფონზე უნდა აეკრიფა სამი ციფრი: ერთი, ერთი და ორი – 112.

მაშინვე დარეკა, ოპერატორს კატის ამბავი უამბო და თავისი მისამართიც ჩააწერინა.

ცოტა ხანში მაშველებიც მოვიდნენ. მათეს სახლს უზარმაზარი კიბე მიადგეს. ერთი მაშველი კიბეზე ავიდა და, როგორც იქნა, საწყალი კნუტი საწვიმარი მილიდან გამოიყვანა.

– კარგი ბიჭი ხარ, რომ დაგვირეკე- უთხრა მაშველმა მათეს, – შენ გადაარჩინე ეს კნუტი.

„მე როგორ გადავარჩინე, როცა ამხელა კიბეზე მაშველი ავიდაო?“ – ფიქრობდა მათე, მაგრამ ქება მაინც შეიფერა.

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად:

  • რატომ არ წავიდა მათე სკოლაში?
  • რამ მიიქცია მისი ყურადღება?
  • სად დარეკა მათემ?
  • ვინ მოვიდა საშველად?
  • როგორ გადაარჩინეს კნუტი?
  • რას ნიშნავს „ქება მაინც შეიფერა“?

 

საინფორმაციო ჩანართი:

გადაუდებელი დახმარების სამსახური

112 სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის თანამშრომლებსაც ადამიანების დახმარება ევალებათ.

თუ:

  • ხანძარია,
  • ვინმეს შველა სჭირდება,
  • ვინმე ავადაა და სასწრაფო დახმარება სჭირდება,
  • ვინმეს პოლიციასთან დაკავშირება სჭირდება.

ტელეფონზე უნდა აკრიფო სულ რაღაც სამი ციფრი – 112, ოპერატორს მოუყვე, რა მოხდა და ჩააწერინო შენი მისამართი. „როცა წამები გადამწყვეტია“ – ასეთია 112-ის დევიზი.

  • რას ნიშნავს „როცა წამები გადამწყვეტია“?

 

ტექსტი N4

გამღვიძებელი

  • დილით გაღვიძება გიჭირს? ვინ გაღვიძებს? მშობლები? იქნებ და ან ძმა? იქნებ შენი ძაღლი ან კატა?
  • რამდენიმე საუკუნის წინ ინგლისში თურმე სპეციალური პროფესიაც არსებობდა – გამღვიძებლის.
  • მოდი, ერთად წავიკითხოთ ტექსტი:

 

პროფესია გამღვიძებელი

რამდენიმე საუკუნის წინ ინგლისსა და ირლანდიაში გამღვიძებლის პროფესია არსებობდა. სამსახურსა და სკოლაში მაშინაც აგვიანებდა ხალხი, მაღვიძარა კი იშვიათი ფუფუნება იყო, ამიტომ მათ, ვისაც დილით გაღვიძება უჭირდა, გამღვიძებლები აღვიძებდნენ.

ქალაქის გამღვიძებლებს სამუშაო იარაღებიც ჰქონდათ: ზოგიერთი მათგანი ბამბუკის გრძელ მილს იყენებდა, რომლითაც ბარდის მარცვლებს ისროდა, ზოგიც რკინის გრძელი ჯოხით აკაკუნებდა ფანჯრებზე.

გამღვიძებელი თავის პროფესიას გარკვეული ხნის განმავლობაში სწავლობდა. ხომ უნდა გაერკვია, როდის სჭირდებოდათ ადამიანებს გაღვიძება, როგორ შეიძლებოდა მათი გაღვიძება ყველაზე ადვილად და სწრაფად.

გადამზადების მერე კი გამღვიძებელი თავისი მოვალეობის შესრულებას იწყებდა და ამაში ხელფასსაც იღებდა.

რას იტყვი, კარგი პროფესიაა?

 

აქტივობა ტექსტის გასააზრებლად:

წავიკითხოთ საინფორმაციო ტექსტი

 

  • როგორც ხედავ, ტექსტში სულ ოთხი აბზაცია. დააკვირდი, ზოგიერთი წინადადება შეწეულად წერია, გამოყოფილია. ეს არის აბზაცი.
  • დათვალე, რამდენი შეწეული მონაკვეთია ტექსტში.
  • მართალია, სწორად დაგითვლია, 4 ასეთი მონაკვეთია.
  • ახლა მოძებნე, რომელ აბზაცში წერია, რომელ ქვეყნებში არსებობდა გამღვიძებლის პროფესია.
  • რომელ აბზაცშია აღწერილი სამუშაო იარაღები?
  • რომელ აბზაცში წერია, როგორ სწავლობდა გამღვიძებელი თავის პროფესიას?
  • რომელ აბზაცში წერია, რომ მას ამ საქმისთვის ხელფასსაც უხდიდნენ?
  • ნახე, ყველა აბზაცში სხვადასხვა რამე გიამბე, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთ საკითხზე ვლაპარაკობდით.

მოვიფიქროთ:

  • სხვა რა შეიძლებოდა ესწავლა გამღვიძებელს?

 

  • სიმღერა? – სიმღერით რომ გაეღვიძებინა?
  • ლექსი? – ლექსი რომ ეთქვა ახალგაღვიძებული ადამიანისთვის?
  • ამინდის ცნობა? იქნებ ისიც შეეხსენებინა, როგორი ამინდია, თუ წვიმდა, ქოლგა არ უნდა დარჩენოდა შინ, თუ თოვდა – თბილი ქუდი.
  • მათემატიკა რაში დასჭირდებოდა?
  • ქართული?
  • ცეკვა?

 

კიდევ რა იდეები გაქვს?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...