კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

როგორ ვისაუბროთ პროფესიების შესახებ – რამდენიმე ტექსტი და იდეა მხიარული დაწყებითი სკოლის გაკვეთილებისთვის

სასკოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში მოსწავლეთა დახმარებაა, რასაც საფუძველი დაწყებით კლასებში ეყრება. გთავაზობთ რამდენიმე ტექსტსა და იდეას პროფესიებზე სასაუბროდ და მხიარული გაკვეთილების ჩასატარებლად.

  1. სიტყვობანა

დოლურაში ჩაყარეთ ფერად ფურცლებზე დაწერილი პროფესიების სახელები, მოსწავლეებთან ერთად ამოიღეთ თითო-თითო ფურცელი და იმსჯელეთ, რა ევალება თითოეულს:

  • მაშველი
  • არქეოლოგი
  • მასწავლებელი
  • ექიმი
  • მებაღე
  • ვეტერინარი
  • კონდიტერი
  • გამყიდველი
  • მეეზოვე
  • კონდუქტორი
  • მემანქანე
  • მშენებელი
  • მხატვარი
  • ფარმაცევტი
  • პროგრამისტი
  • მხატვარი
  • მომღერალი
  • მწერალი

 

ტექსტი N1

მაკა მიქელაძე – „ვინ უნდა გამოვიდეს?“

– მარიტა, შენ ვინ უნდა გამოხვიდე? – ჰკითხა ერთმა სტუმარმა პაწია გოგოცუნას.

მარიტა დაიბნა.

– ექიმი! – თქვა ბაბუმ, – სიბერეში მომხედავს, წამლებს დამინიშნავს, რეცეპტს გამომიწერს.

– მარიტა მსახიობი გამოვა! – გადაჭრით თქვა დედამ, – კინოში გადაიღებენ, ჟურნალებში სურათებს დაბეჭდავენ…

– მარიტა ჩემი შვილია და გამოვა ის, რაც მე ვარ! – მტკიცედ თქვა მამამ, – მარიტა, ხომ გინდა, იურისტი გახდე? დამნაშავეებს დასჯი და უდანაშაულოებს გაამართლებ.

კამათი დიდხანს გაგრძელდა.

მარიტას მოსწყინდა და დასაძინებლად გაეშურა.

ძილის წინ წაიოცნება, დიდი რომ გავხდები, აუცილებლად მღებავი გამოვალ, ხის ლიფტით ვისეირნებ და სახლებს გარედან ნაირფრად შევღებავო.

მერე გაახსენდა, რომ მატარებლის მემანქანეობაც არ არის ცუდი, არც მეზღვაურობა და ალპინისტობა. ბოლოს, კოსმონავტობაზე რომ დაიწყო ოცნება, ჩაეძინა.

მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს.

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად:

  • რას ურჩევენ უფროსები მარიტას?
  • დააკვირდი, როგორ იქცევიან უფროსები?
  • რა პროფესიებია ჩამოთვლილი ტექსტში?
  • არის რომელიმე პროფესია, რომლის დანიშნულება არ იცი?
  • რას ნიშნავს „მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს“?

 

აქტივობა:

დააკვირდი

რომელი პროფესიები არ არის ტექსტში ნახსენები?

  • ალპინისტი
  • მემანქანე
  • მეზღვაური
  • კოსმონავტი
  • მფრინავი
  • ჟურნალისტი

 

აქტივობა 2.

წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, რომ:

მეზღვაურმა ცურვა არ იცოდეს,

მემანქანე მანქანებში ვერ ერკვეოდეს,

ალპინისტს სიმაღლის ეშინოდეს

 

ტექსტი N2

გიორგი მომავალი არქეოლოგი

„აბა, ორი წუთით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, 20 წლის მერე სად იქნებითო“, – ჰკითხა მასწავლებელმა მოსწავლეებს.

ჰოდა, ატყდა და რა ატყდა! ზოგმა – ჰოლივუდის ვარსკვლავი ვიქნებიო, ზოგმა – მომღერალიო, ზოგმა – ფილმს გადავიღებო, ზოგმა – მარსზე გადავცხოვრდებიო. ზოგმა საქართველოს პრეზიდენტობაც კი დააპირა. დიდი მხიარულება იყო კლასში, ხან რას წამოიძახებდნენ, ხან რას.

გიორგი ჯერ დაფიქრდა, მერე 20 წელი გადათვალა, მერე თვალები დახუჭა და ისე წავიდა ოცნებებში, რომ კლასიც გაქრა, სკოლაც და მთელი ქალაქიც.

გიოს სიძველეების აღმოჩენა უყვარს და არქეოლოგობა უნდა. გორის ციხე და უფლისციხის ნაქალაქარი არაერთხელ დაულაშქრავს.

თვე არ გავა, გორის მუზეუმს არ ესტუმროს მამასთან ერთად. ბევრი რამე აინტერესებს, მაგრამ როცა ნუმიზმატიკის განყოფილებაში შეივლის, ყველაფერი ავიწყდება.

უძველესი მონეტები ყველაზე კარგად გვიამბობენ ისტორიულ ამბებს. აი, დავით მეფის და თამარის მონეტები, ესეც ძველი ბერძნული, ირანული, რომაული, ქართული… ნეტავ რამდენი ადამიანის ხელში გაუვლია ამ საგანძურს?

ნუმიზმატიკა მონეტებსა და მედლებს შეისწავლის, გორის მუზეუმში კი ისტორიული მონეტების მდიდარი კოლექცია აქვთ.

და აი, გიორგი ოცნებებში თავის მომავალს ხედავს: ეს თვითონაა, ცნობილი და წარმატებული არქეოლოგი, ესეც – სენსაციური აღმოჩენა, უძველესი განძი, რომლის თითოეული მონეტა საქართველოს წარსულის საიდუმლოს ამხელს!

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად

  • რა იკითხა მასწავლებელმა?
  • რა უპასუხეს ბავშვებმა?
  • გიორგის რომელი პროფესია მოსწონს?
  • რა არის არქეოლოგია?
  • რა ინახება ნუმიზმატიკის განყოფილებაში?
  • რაზე ოცნებობს გიორგი?

 

ინფორმაცია ინტერნეტიდან

სენსაციური აღმოჩენა

ქართველი არქეოლოგების ჯგუფმა დიდძალი განძი აღმოაჩინა. ექსპედიციას ცნობილი არქეოლოგი გიორგი ბერიშვილი ხელმძღვანელობს.

საგანძურში ოქროსა და ვერცხლის უძველესი მონეტებია!

 

დააკვირდი!

რა ამოიკითხე ისეთი, რაც მთავარ ტექსტში არ იყო მოცემული?

 

ტექსტი N3

მაშველი გმირია!

 

წინასწარი კითხვები

  • იცი, რა მოვალეობა აქვს მაშველს?
  • რა ნომერზე უნდა დარეკო, როცა რაიმე სახიფათო ხდება ან ვინმეს დახმარება სჭირდება?
  • მაშველი გმირია, მას ადამიანებისა და ცხოველების გადარჩენა ევალება!

 

გადარჩენილი კნუტი

მათემ ზუსტად იცის: რომ გაიზრდება, მაშველი გამოვა. არასდროს დაავიწყდება ერთი წვიმიანი დღე, კეთილი მაშველები და გადარჩენილი კნუტი.

იმ დღეს ძალიან წვიმდა, მათეს სურდო ჰქონდა და დედამ გადაწყვიტა, სკოლაში არ გაეშვა. ბიჭი მოწყენილი იჯდა თავის ოთახში და ფიქრობდა, დრო როგორ გაეყვანა.

უცებ კნავილი გაიგონა. ფანჯარა გამოაღო. ისეთი თავსხმა იყო, წვიმამ პირდაპირ ოთახში შემოასხა. მათემ წვიმის ხმას ყური დაუგდო. კნავილი აღარ გაუგონია და ამიტომ ფანჯარა მიხურა.

ცოტა ხანში ხმა გამეორდა. კნავილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ნამდვილად კნუტი იყო, რაღაც უჭირდა და შველას ითხოვდა.

მათემ კიდევ გამოაღო ფანჯარა და ისევ ვერაფერი დაინახა, თუმცა განწირული კნავილი არ წყდებოდა.

მათეს გაახსენდა, რომ ასეთ დროს ტელეფონზე უნდა აეკრიფა სამი ციფრი: ერთი, ერთი და ორი – 112.

მაშინვე დარეკა, ოპერატორს კატის ამბავი უამბო და თავისი მისამართიც ჩააწერინა.

ცოტა ხანში მაშველებიც მოვიდნენ. მათეს სახლს უზარმაზარი კიბე მიადგეს. ერთი მაშველი კიბეზე ავიდა და, როგორც იქნა, საწყალი კნუტი საწვიმარი მილიდან გამოიყვანა.

– კარგი ბიჭი ხარ, რომ დაგვირეკე- უთხრა მაშველმა მათეს, – შენ გადაარჩინე ეს კნუტი.

„მე როგორ გადავარჩინე, როცა ამხელა კიბეზე მაშველი ავიდაო?“ – ფიქრობდა მათე, მაგრამ ქება მაინც შეიფერა.

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად:

  • რატომ არ წავიდა მათე სკოლაში?
  • რამ მიიქცია მისი ყურადღება?
  • სად დარეკა მათემ?
  • ვინ მოვიდა საშველად?
  • როგორ გადაარჩინეს კნუტი?
  • რას ნიშნავს „ქება მაინც შეიფერა“?

 

საინფორმაციო ჩანართი:

გადაუდებელი დახმარების სამსახური

112 სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის თანამშრომლებსაც ადამიანების დახმარება ევალებათ.

თუ:

  • ხანძარია,
  • ვინმეს შველა სჭირდება,
  • ვინმე ავადაა და სასწრაფო დახმარება სჭირდება,
  • ვინმეს პოლიციასთან დაკავშირება სჭირდება.

ტელეფონზე უნდა აკრიფო სულ რაღაც სამი ციფრი – 112, ოპერატორს მოუყვე, რა მოხდა და ჩააწერინო შენი მისამართი. „როცა წამები გადამწყვეტია“ – ასეთია 112-ის დევიზი.

  • რას ნიშნავს „როცა წამები გადამწყვეტია“?

 

ტექსტი N4

გამღვიძებელი

  • დილით გაღვიძება გიჭირს? ვინ გაღვიძებს? მშობლები? იქნებ და ან ძმა? იქნებ შენი ძაღლი ან კატა?
  • რამდენიმე საუკუნის წინ ინგლისში თურმე სპეციალური პროფესიაც არსებობდა – გამღვიძებლის.
  • მოდი, ერთად წავიკითხოთ ტექსტი:

 

პროფესია გამღვიძებელი

რამდენიმე საუკუნის წინ ინგლისსა და ირლანდიაში გამღვიძებლის პროფესია არსებობდა. სამსახურსა და სკოლაში მაშინაც აგვიანებდა ხალხი, მაღვიძარა კი იშვიათი ფუფუნება იყო, ამიტომ მათ, ვისაც დილით გაღვიძება უჭირდა, გამღვიძებლები აღვიძებდნენ.

ქალაქის გამღვიძებლებს სამუშაო იარაღებიც ჰქონდათ: ზოგიერთი მათგანი ბამბუკის გრძელ მილს იყენებდა, რომლითაც ბარდის მარცვლებს ისროდა, ზოგიც რკინის გრძელი ჯოხით აკაკუნებდა ფანჯრებზე.

გამღვიძებელი თავის პროფესიას გარკვეული ხნის განმავლობაში სწავლობდა. ხომ უნდა გაერკვია, როდის სჭირდებოდათ ადამიანებს გაღვიძება, როგორ შეიძლებოდა მათი გაღვიძება ყველაზე ადვილად და სწრაფად.

გადამზადების მერე კი გამღვიძებელი თავისი მოვალეობის შესრულებას იწყებდა და ამაში ხელფასსაც იღებდა.

რას იტყვი, კარგი პროფესიაა?

 

აქტივობა ტექსტის გასააზრებლად:

წავიკითხოთ საინფორმაციო ტექსტი

 

  • როგორც ხედავ, ტექსტში სულ ოთხი აბზაცია. დააკვირდი, ზოგიერთი წინადადება შეწეულად წერია, გამოყოფილია. ეს არის აბზაცი.
  • დათვალე, რამდენი შეწეული მონაკვეთია ტექსტში.
  • მართალია, სწორად დაგითვლია, 4 ასეთი მონაკვეთია.
  • ახლა მოძებნე, რომელ აბზაცში წერია, რომელ ქვეყნებში არსებობდა გამღვიძებლის პროფესია.
  • რომელ აბზაცშია აღწერილი სამუშაო იარაღები?
  • რომელ აბზაცში წერია, როგორ სწავლობდა გამღვიძებელი თავის პროფესიას?
  • რომელ აბზაცში წერია, რომ მას ამ საქმისთვის ხელფასსაც უხდიდნენ?
  • ნახე, ყველა აბზაცში სხვადასხვა რამე გიამბე, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთ საკითხზე ვლაპარაკობდით.

მოვიფიქროთ:

  • სხვა რა შეიძლებოდა ესწავლა გამღვიძებელს?

 

  • სიმღერა? – სიმღერით რომ გაეღვიძებინა?
  • ლექსი? – ლექსი რომ ეთქვა ახალგაღვიძებული ადამიანისთვის?
  • ამინდის ცნობა? იქნებ ისიც შეეხსენებინა, როგორი ამინდია, თუ წვიმდა, ქოლგა არ უნდა დარჩენოდა შინ, თუ თოვდა – თბილი ქუდი.
  • მათემატიკა რაში დასჭირდებოდა?
  • ქართული?
  • ცეკვა?

 

კიდევ რა იდეები გაქვს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“