კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

ევოლუციის ხმა

0

წარმოიდგინე სიტუაცია: ერთ მშვიდ ღამეს, ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე კალიების ჭრიჭინი შეწყდა. ეს უცნაური ამბავი სინამდვილეში ევოლუციის მოქმედების შედეგია.

ეს რეალური ისტორია ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევისა და ცხოველების ქცევის სწავლების საუკეთესო საშუალებაა.  ეს ამბავია მამრი კალიებისა, რომლებსაც მუტაციით გამოწვეული ,,დამუნჯება“ გადარჩენასა და გამრავლებაში დაეხმარა.

კაუაის კუნძულზე ველის მამრი კალიები ხმამაღალი სიმღერით იზიდავდნენ მდედრებს. ამ ხმაურზე მიდიოდა პარაზიტი და კლავდა კალიას. ამიტომ გადარჩენის საუკეთესო საშუალება გაჩუმება აღმოჩნდა. ზოგიერთ კალიას  მუტაციის გამო სიმღერის საშუალება არ ჰქონდა, ეს ნაკლოვანება მისი გადარჩენის შანსი აღმოჩნდა და გამრავლდა კიდეც.

მოსწავლეები გამოიკვლევენ:

  • როგორ მისცა ბუნებრივმა გადარჩევამ ჩუმ მამრ კალიებს გადარჩენის უპირატესობა?
  • რა არის სქესობრივი გადარჩევა და როგორ ახერხებდნენ ბრტყელფრთიანი მამრი კალიები გამრავლებას?
  • რატომ გავრცელდნენ ბრტყელფრთიანი კალიები ასე სწრაფად?

 

ამბავი რეალურ ისტორიას ეფუძნება, კვლევის შედეგებით მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევოლუცია ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

 

შესავალი 

ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ღამის სიჩუმეს მამრი კალიების ხმა არღვევდა. ეს მხოლოდ ფონური ხმაური არ იყო, ისინი საქორწინო სიმღერებს ასრულებდნენ. მამრი კალია ამ დროს ფრთებს ერთმანეთს ურტყამს. ამ მოვლენას სტრიდულაცია ეწოდება. ყველა სახეობის კალიას საკუთარი სიმღერა აქვს, რაც მდედრის მისაზიდად სჭირდება.

როგორ ხდება კალიების შეხვედრა:

  1. მამრი მღერის მდედრის მისაზიდად. სიმღერა სიგნალია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მამრი ჯანმრთელია და მზადაა მდედრთან შესახვედრად.
  2. მდედრი ისმენს საუკეთესო სიმღერას. მათ შეუძლიათ გაარჩიონ ბგერის ტონი, რითმი, ხმამაღლობა და საბოლოოდ იმ კალიისკენ მიემართებიან, რომელსაც ძლიერი ხმა აქვს. ქცევის ამ სახეს ფონოტაქსისი ეწოდება.
  3. ბოლოს მდედრი მიაღწევს მომღერალ მამრთან. მამრი დამატებით მოძრაობებს აგრძელებს. მდედრს ეხება ანტენებით;
  4. თუ მდედრი თანხმდება შეწყვილებაზე მამრი გადაიტანს სპერმატოფორს ანუ სპერმის პაკეტს მდედრისკენ.

სიმღერის გარეშე მდედრი მამრს ვერ შეამჩნევდა და შეწყვილებაც არ მოხდებოდა.

რომანტიკულმა რიტუალმა კალიები საფრთხის წინაშეც დააყენა, როცა პარაზიტი ბუზი Ormia ochracea გამოჩნდა. ბუზები სიმღერას მამრის მოსაძებნად იყენებდნენ, შემდეგ კი ლარვებს მომღერალ კალიებზე ათავსებდნენ. ლარვები იჭრებოდნენ კალიის სხეულში და ფაქტობრივად ცოცხლად ჭამდნენ მამრებს.

ეს ქმნის ძლიერ ევოლუციურ ზეწოლას. მამრს გამრავლების რიტუალი ლარვების სასიკვდილო ობიექტად აქცევდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა მუტაცია, რომლის დროსაც კალიებს ბრტყელი ფრთები უვითარდებოდათ. ასეთი მუტაციის მწერებს ფრთები არ ჰქონდათ ბოლომდე ჩამოყალიბებული, შესაბამისად ვერ ურტყამდნენ ერთმანეთს და ვერ ,,მღეროდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუტაცია გამრავლებას ხელს უშლიდა,  პარაზიტებისგან მათი გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა.

მეცნიერები გაოცებული იყვნენ მუტაციის ასე სწრაფი გავრცელებით. შეკითხვად რჩებოდა ის, თუ როგორ ახერხებდნენ ,,ჩუმი“ მამრები პარტნიორის მოძებნას.

ექსპერიმენტი

იმის გასარკვევად, თუ როგორ ახერხებდნენ ,,მდუმარე“ მამრები პარტნიორის მოძებნას, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს ნორმალურფრთიანი და ბრტყელფრთიანი მამრები. სივრცეში შეიყვანეს მდედრები. გამრავლების შემდეგ დაითვალეს რამდენი შთამომავალი ყავდა თითოეულ მამრს. მკვლევარების აზრით უპირატესობა მომღერალ მამრებს ჰქონდათ, მაგრამ შედეგი გასაკვირი აღმოჩნდა, უფრო მეტი შთამომავალი ბრტყელფრთიანმა კალიებმა დატოვეს.

ახალი კითხვა გაჩნდა: თუ მდედრი უპირატესობას სიმღერას ანიჭებს, მაშინ როგორ დატოვა მეტი შთამომავალი მდუმარე მამრმა? მეცნიერების აზრით ,,უხმო“ მამრები მომღერლებთან სიახლოვეში მოძრაობდნენ, როცა მდედრი მიდიოდა მომღერალი მამრისკენ გზაზე დახვდებოდნენ და ანტენებით კონტაქტს იყენებდნენ. ასეთ ქცევას სატელიტური ქცევა ეწოდება.

საბოლოოდ ექსპერიმეტმა აჩვენა, რომ:

  • მხოლოდ ,,მდუმარე“ მამრები არ ეგუებოდნენ გარემოს (პარაზიტების თავიდან აცილება);
  • ისინი პოულობდნენ პარტნიორის მოძებნის ალტერნატიულ გზებს;
  • ყოველთვის არ ყოფილან მომღერალ კალიებზე უფრო პროდუქტიულები.

ევოლუცია მოქმედებაში

ექსპერიმენტი დაეხმარა აეხსნათ რატომ გავრცელდა მუტაციის მქონე კალიები ასე სწრაფად. ამ პროცესში მოქმედებდა როგორც ბუნებრივი, ასევე სქესობრივი გადარჩევა.

ბუნებრივი გადარჩევის თვალსაზრისით განუვითარებელ ფრთებიან მამრებს გადარჩენის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ და უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. მომღერალი მამრები კი იღუპებოდნენ გამრავლებამდე. თუმცა გავრცელებისთვის მხოლოდ დიდხანს სიცოცხლე არ კმარა, ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია შთამომავლობის დატოვება. აქ უკვე სქესობრივი გადარჩევა მონაწილეობს. მდედრები უპირატესობას იმ მამრებს ანიჭებენ, რომლებიც უკეთესად მღერიან.

განუვითარებელფრთებიან კალიებს მაინც აქვთ უპირატესობა, რადგან შეძლეს გამრავლების ალტერნატიული გზის პოვნა სატელიტური ქცევის გამოყენებით.

განუვითარებელფრთებიანი კალიები არა მხოლოდ დიდხანს ცოცხლობდნენ, არამედ უფრო მეტ შთამომავალსაც ტოვებდნენ, სწრაფად გავრცელდნენ.  ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია გადარჩევის ძლიერ ზეწოლას დააჩქაროს ევოლუციის პროცესი.

 გამოიყენე ცოდნა ევოლუციის, ბუნებრივი და სქესობრივი გადარჩევის შესახებ და:

 

  • აღწერე ბუნებრივი გადარჩევის როლი ბრტყელფრთიანი კალიების გავრცელებაში.
  • აღწერე სქესობრივი გადარჩევის მუშაობის პრინციპი.
  • ევოლუციის კონტექსტში განიხილე რა მნიშვნელობა აქვს მუტაციის ჩამოყალიბებას და რატომ ითვლება ის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად?

 

უპასუხე კითხვებს:

  1. რა გზით გამოსცემს ხმას მამრი კალია?
  2. რა არის ფონოტაქსისი?
  3. რა არის სპერმატოფორი?
  4. როგორ აღწევს პარაზიტი ბუზი კალიამდე?
  5. რატომ არ შეუძლია ბრტყელფრთიან კალიას ,,სიმღერა“?
  6. რა უპირატესობა აქვთ მუტაციის მქონე კალიებს?
  7. რატომ არის ზოგჯერ ეს მუტაცია მათთვის სახიფათო?
  8. რა განსხვავებაა ლაბორატორილ და რეალურ შედეგებს შორის?
  9. როგორ ქცევას ეწოდება სატელიტური?
  10. კომიქსის სათაური ზუსტად შეესაბამება ჰავაის კუნძულებზე განვითარებულ მოვლენებს. რატომ?
  11. რა არის ბუნებრივი გადარჩევა, მისი რომელი ფორმა მოქმედებს ჰავაის კუნძულზე?
  12. რა არის სექსუალური გადარჩევა? რა განასხვავებს მას ბუნებრივი გადარჩევისგან?
  13. რა გავლენას ახდენს ევოლუციური ზეწოლა კალიებზე?

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/06/18/case-study-the-cricket-that-stopped-singing/

წერა – არდადეგების თავშესაქცევი

0

ბავშვებისთვის ზაფხულის არდადეგებზე ძვირფასი დრო არაფერი მგონია, მშობლებისთვის კი იშვიათია იმაზე დიდი თავსატეხი, ვიდრე 3 თვის განმავლობაში ბავშვების დასვენების, გართობის, განვითარების და ახალი გამოცდილებებით აღჭურვის ორგანიზება. ზაფხულში ბავშვებს გართობა და დასვენება უნდათ, მშობლებს იმ დანაკლისების ანაზღაურება, რაც მთელი წლის განმავლობაში გროვდება და არც ამ განსხვავებული პოზიციების დაახლოებაა მარტივი ამბავი, მაგრამ როგორც ორი თითქმის თინეიჯერი ბავშვის დედა და კიდევ უფრო მეტი მოზარდის მეგობარი, გუშემატკივარი და აქტიური დამკვირვებელი, ერთ ხრიკს გაგიზიარებთ, რამაც შესაძლოა ზაფხულის გრძელი დღეები ცოტა უფრო საინტერესო გახადოს და უფროსებსა და ბავშვებს შორის კავშირებიც გააღრმავოს.

მაშ ასე, როგორ გამოვიყენოთ წერითი სავარჯიშოები არდადეგების თავშესაქცევად.

წერის უნარების განვითარებას დიდი შრომა, ცოტა ნიჭი, ზოგჯერ ჩარჩოები და წესები და ერთიც კარგი მიმართულების მიმცემი მაინც სჭირდება – ამ გრძელ და ზოგჯერ დამღლელ გზაზე ბავშვების დაყენება მარტივი საქმე არ არის, მაგრამ თუ თავგადასავალში ჩაებნენ, აუცილებლად მიხვდებიან რომ ეს არის საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, გარესამყაროსთან კომუნიკაციის და ახალი ჰორიზონტების გახსნის საკმაოდ მშვენიერი პროცესი.

დავალების ოსტატურად მიცემასაც ცოდნა უნდა – მისი შესრულება დასაზარი რომ არ იყოს, ბავშვს არ უნდა ჰქონდეს აღქმა რომ არდადეგებზეც ამეცადინებენ, შეცდომების გამო გაკიცხავენ ან მისი მოსაზრებების გამო გააკრიტიკებენ. ვამბობთ რომ ზაფხული კარგი დროა ფიქრისთვის და ამ ფიქრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის წერილობითი გზით გადმოცემის უნარების მოსინჯვაც არ გვაწყენდა, იქნებ გასართობიც კი აღმოჩნდეს.

მნიშვენლოვანია თემები, რომელზეც გვინდა ბავშვებმა იფიქრონ და წერონ, მათთვის საინტერესო და დამაფიქრებელი იყოს, მათთვის დასახული ამოცანა კი არ ჰგავდეს სკოლის დავალების შესრულების პროცესს.

შეგვიძლია ვცადოთ სწრაფი წერის სავარჯიშოებით:

საუზმის შემდეგ ვთხოვოთ ბავშვებს, დაწერონ მაქსიმუმ 10 წინადადება ისე, რომ შეასრულო შემდეგი დავალებები:

 

  • წარმოიდგინე ძალიან ცნობილი და წარმატებული ხარ – რა იქნებოდა ის, რითიც სახელს გაითქვამდი.
  • დაწერე წერილი ადამიანისთვის, რომლისაც მადლიერი ხარ, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცის.
  • მიწერე წერილი მას, ვინც დიდი ხნის წინ გაგაბრაზა, მაგრამ ამ დრომდე სათანადო პასუხი არ გაგიცია, არც ის გითქვამს რომ მასზე გაბრაზებული ხარ.
  • 5 რამ, რაც გინდა რომ მოხდეს ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე?
  • თამაშები, რომლებიც შენი მშობლების ბავშვებობაში რომ ყოფილიყო, მათ ცხოვრებას შეცვლიდა.
  • რაზე ისაუბრებდი, უზარმაზარ სტადიონზე საჯაროდ გამოსვლის შესაძლებლობა რომ მოგეცეს? საკონცერტო დარბაზში რომ გთხოვონ სიტყვის თქმა? სკოლის პირველ დღეს პირველკლასელებისთვის მისასალმებელი ტექტის მომზადება?
  • რა ნიჭის ქონა გინდოდა ყოველთვის?
  • რას შეცვლიდი შენს სკოლასა და სასწავლო პროცესზე მომავალ წელს?
  • კარგი იქნებოდა ….-ის დრო რომ მქონოდა
  • წარმოიდგინე რომ შენმა ძაღლმა/კატამ ლაპარაკი იცის – რაზე ისურვებდი მასთან ლაპარაკს?
  • აი რაზე მინდა რომ უფრო თავისუფლად შემეძლოს მშობლებთან ლაპარაკი და რაზე არ მინდა არასოდეს დამისვან კითხვები
  • ერთ დღეს გაიღვიძე და გაქვს წარსულში მოგზაურობის უნარი, მხოლოდ შენი მოგონებების ფარგლებში – რას შეცვლიდი?
  • მომავლის გამოცნობა რომ შეგეძლოს, რა იქნებოდა პირველი 5 საკითხი, რომლის გარკვევასაც შეეცდებოდი.
  • იქ რომ არ ვცხოვრობდე, სადაც ვცხოვრობ, სად ვიცხოვრებდი?
  • წარმოიდგინე იპოვე უცნობი დღიური სახლში. რას წერს მისი ავტორი?
  • შენ საყვარელ გმირთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეს, ვინ იქნებოდა ის, ვის გაცნობასაც ისურვებდი?
  • ტყეში შეგხვდა ჯადოქარი, ცოტა საშიში და უცნაური, მაგრამ შთამბეჭდავი – მეტიც, მას შენთვის საჩუქარი აღმოაჩნდა – რა არის ეს, რაც მან გისახსოვრა?
  • ერთ დღეს იღვიძებ ქალაქში, სადაც აღარცერთი მანქანა აღარ არის – აღწერე შემდეგი 24 საათი.

 

ასეთი მოკლე ტექსტები ბავშვებს საკუთარი თავის და სურვილების გამოკვლევაში დაეხმარება, უფროსებს მათ უკეთ გაცნობაში.

შეიძლება უფრო დიდი ტექსტებიც გვეცადა, კვირაში რამდენჯერმე, მეტად დილემურ საკითხებზე:

 

  • მშობლებს არ ემისთ, რატომ არ ვკითხულობთ იმდენ წიგნებს, რამდენსაც ისინი კითხულობდნენ ჩვენ ასაკში, ჩვენ კი…
  • რომელ ისტორიულ მოვლენაზე საუბრობენ ყველაზე ხშირად უფროსები თქვენს გარშემო? რომელი მოვლენის შესახებ გსურთ მათ ჰკითხოთ?
  • უნდა ჰქონდეთ თუ არა მოზარდებს შესაძლებლობა თავად აირჩიონ სასწავლო საგნები?
  • არის თუ არა სპორტი აუცილებელი ყველა მოსწავლისთვის?
  • აქვთ თუ არა ბავშვებს ონლაინ კონფიდენციალურობის უფლება, თუ მშობლებს უნდა ჰქონდეთ მათი ტექსტებისა და სოციალურ ქსელებში პოსტების წაკითხვის უფლება?
  • აღწერეთ, როგორ ქმნიან უფროსები თქვენი თაობის სტერეოტიპებს და მათგან რომლები გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
  • გაიხსენეთ ვინ არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და გვითხარით, რა გავლენა მოახდინა პირადად მან თქვენზე?
  • სკოლაში ვისურვებდი მასწავლიდნენ…
  • ისტორია მნიშვნელოვანი გაკვეთილია დღევანდელი მოზარდებისთვის, თუ დროის ფუჭად კარგვაა?
  • ჩემი პირველი სამსახური მინდა იყოს…
  • სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად მირჩევნია…

ზოგჯერ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენი შვილების, მოსწავლეების და მათი მეგობრების შესახებ და სულ ტყუილად – მათი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იციან, რომ ჩვენ მართლაც გვაინტერესებს მათი აზრები და არ განვსჯით.

თუკი ბევრი ბავშვი ჩაერთვება ამ დავალებებში, შესაძლოა განხილვებიც მოეწყოს, ან გამოცნობის თამაშები, ვინ არის ანონიმურად დაწერილი ტექსტების ავტორი – ეს დამატებით ხალისს და მხიარულებას შესძენს წერის სავარჯიშოებს.

 

ბიომების შესწავლის ხერხები და რესურსები

0

ბიომების ეფექტიანი სწავლებისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ინტერაქტიულ აქტივობებზე, ქეისებზე – რომლებიც უკავშირდება რეალურ ამბებს. ქვემოთ ორი ძირითადი მომენტია წარმოდგენილი:

  1. ზოგადი მიმოხილვა – რა არის ბიომი, რამდენი სახის ბიომი არსებობს, როგორია თითოეულის მახასიათებლები (კლიმატი, გავრცელებული ცხოველები და მცენარეები, ნიადაგის აგებულება);
  2. პრაქტიკული მოდელები, კვლევითი პროექტები, ექსკურსიები – როგორც ცოდნის გაღრმავები საშუალება.

სამუშაო გეგმის უფრო დეტალური აღწერა ასეთია:

  1. კონცეფციის გაცნობა

ა) წინარე ცოდნის გააქტიურება – მასწავლებელი დაადგენს რა იციან მოსწავლეებმა სხვადასხვა გარემოსა და კლიმატის შესახებ;

ბ) ბიომების განსაზღვრა – მოსწავლეები გაეცნობიან ბიომების განმარტებას და მახასიათებლებს.  ვიზუალური მასალის სახით მნიშვნელოვანია ფოტო და ვიდეო რესურსების გამოყენება.

(პრეზენტაცია მოიცავს შინაარსობრივად მრავალფეროვან მასალას, ჩაშენებულია ცხოველთა ქცევის ამსახველი ვიდეოები, სათბურის ეფექტის მოდელი და საჭირო განმარტებები).

  1. მოსწავლეების ჩართულობით მიმდინარე აქტივობების განხორციელება

ა) ინტერაქტიული მოდელები –  ინტერაქტივის გამოყენებით დაათვალიერეთ სხვადასხვა კონტინენტის ბიომები –  იმუშავე ინტერაქტივში – მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ როგორც საჩვენებელი მასალა, ან მოსწავლეებმა სამუშაო ფურცლები შეავსონ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში და შემდეგ მოხდეს მათი შეფასება.

ბ) გააფერადეთ გეოგრაფიული რუკა ბიომების მიხედვით (გააფერადე ბიომები – რესურსი შეიცავს ჩრდილოეთ ამერიკისა და მსოფლიო რუკებს. მოსწავლემ უნდა გააფერადოს ბიომები შესაბამისი ფერებით და უპასუხოს ჩამოთვლილ შეკითხვებს).

გ) ვენის დიაგრამის გამოყენებით შეადარეთ სასურველი ორი ბიომი – სამუშაო შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად ან წყვილებში;

დ) აღწერეთ ფოტოზე გამოსახული ბიომი.

  1. მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული აქტივობები:

ა) გააცანით კლიმატური დიაგრამები და სთხოვეთ მოსწავლეებს მათი ანალიზი ბიომში ნალექებისა და ტემპერატურის გასაგებად;

ბ) განიხილეთ როგორ ადაპტირდებიან ცხოველები და მცენარეები სხვადასხვა ბიომში გადარჩენისთვის;

გ) როგორ ურთიერთქმედებენ ცოცხალი და არაცოცხალი ფაქტორები ბიომის შიგნით.

  1. რა შევაფასოთ –
  • საკლასო დისკუსია – დისკუსია ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესებას;
  • პრეზენტაციები – მომზადებული მასალა მოსწავლემ უნდა წარადგინოს კლასთან ან კონფერენციაზე. პრეზენტაციაში სასურველია წარმოდგენილი იყოს საკუთარი კვლევები ან შემოქმედებით პროექტები, მაგალიტად რომელიმე ბიომის მოდელი;
  • კონცეპტუალური რუკა – რუკის შექმნა ხელს შეუწყობს ბიომების შესახებ მიღებული ცოდნის გამთლიანებას;

 

წყარო: https://www.biologycorner.com/bio2/notes_4-3.html

არდადეგები საზაფხულო დავალებად

0

ზაფხულის არდადეგები ყველაზე მნიშვნელოვანი დროა დასვენებისთვის, თავგადასავლების ძიებისა თუ თვითგანვითარებისთვის. განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და მშობლები დღემდე კამათობენ საზაფხულო დავალებების მოცულობასა და შინაარსზე. ჩემი აზრით, ზაფხულის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად დასვენებას უნდა დაეთმოს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამი თვის განმავლობაში თუ არაფერი ვაკეთეთ, გასული წლის მანძილზე შეძენილი სასწავლო უნარ-ჩვევები შესაძლოა ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებით საფეხურზე. ამიტომაც, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ არდადეგების დავალების თემატიკაზე, ფორმასა თუ შინაარსზე. ზაფხულში მეცადინეობის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სასურველია, დავალების ფორმატი მუშაობის პროცესში ოჯახის წევრთა ჩართვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდეს ან მათთვის ემოციების გაზიარების სურვილს აჩენდეს. ასეა თუ ისე, საზაფხულო არდადეგების დავალების შედგენის დროს, მასწავლებლებს მართლაც მეტი დაფიქრება გვმართებს.

ჩემს საგანში თითოეული სასწავლო საფეხურისთვის ფრთხილად ვარჩევ საზაფხულო საკითხავს, შემდეგ კი მათ შეძლებისდაგვარად მრავალფეროვან, დინამიურ დავალებებს მივუსადაგებ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად მერთულება პირველკლასელთა დავალების შედგენა. მათთვის აუცილებელია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად იკითხონ და წერონ, რადგან  ჯერ არ აქვთ სათანადოდ განმტკიცებული წერა-კითხვის ტექნიკური უნარ-ჩვევები. თუმცა აუცილებელი სულაც არ ნიშნავს რუტინულს, ამიტომ, პირველკლასელებისთვისაც ვადგენ  საკითხავი ლიტერატურის სიას და მრავალფეროვან დავალებებს.

სამწუხაროდ, ახალბედა მკითხველებისთვის შესაფერისი ლიტერატურის სია მწირია, თუმცა მაინც მოიძებნება ცნობილი მეზღაპრეების (შარლ პერო და სხვ.), ქართული ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ადაპტირებული კრებულები, რომელთა მოცულობა, ლექსიკა თუ შინაარსობრივი მხარე 7 წლის მკითხველების ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. თუ თქვენს მოსწავლეებს შორისაც არიან ახალბედა მკითხველები გაწაფული კითხვის სათანადო უნარებით, მათ შეგიძლიათ ზღაპრებზე ვრცელი ამბების წაკითხვა შესთავაზოთ, მაგალითად: დონალდ ბისეტის „ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი“, ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ ან ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.

პირადად მე, პირველი კლასიდანვე ვცდილობ ე.წ. მკითხველის ჩანაწერების კეთებას შევაჩვიო ჩემი მოსწავლეები. ამიტომ ვურჩევ, ყოველი ზღაპრის, მოთხრობის თუ წიგნის თავის წაკითხვის შემდეგ, სასწავლო საფეხურის შესაბამის რვეულში ამოიწერონ პერსონაჟთა სახელები, დახატონ რჩეული გმირები და ჩაწერონ რვეულში მათი დამახასიათებელი, თვალსაჩინო თვისებები (მაგალითად: წითელქუდა არის მზრუნველი (ბებოსთან მიაქვს საჭმელი) და გულუბრყვილო (მგელს ენდო)), შეაფასონ წაკითხული წიგნი მარტივ კონსტრუქციაზე (მე ამ ზღაპარში/წიგნში მომეწონა … არ მომეწონა…) დაყრდნობით, დააფიქსირონ კითხვის შემდეგ აღძრული ემოცია (მე ამ ზღაპარმა/წიგნმა გამამხიარულა, დამაფიქრა, დამამწუხრა და ა.შ.), მოაწყონ მკითხველთა თეატრი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით დამზადებული ქაღალდის პერსონაჟებით/თოჯინებით და სხვ. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს თავად ზაფხული დავახასიათებინოთ (როგორია ზაფხული? რა ხდება ამ დროს მნიშვნელოვანი? მიყვარს თუ არ მიყვარს ზაფხული? რატომ?).

მეორე კლასიდან საკითხავი ლიტერატურის მეტი არჩევანია და შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული დავალებების შედგენის საშუალება გვეძლევა. ზემოაღნიშნული „მკითხველის დღიურის“ წარმოებას ყველა კლასში ვითხოვ, თუმცა საკითხავი წიგნების რაოდენობა და შესასრულებელი დავალებები, ასაკის შესაბამისად, რთულდება. აი, მაგალითად:

ახალი საბავშვო გასართობების მოსინჯვა გნებავთ? ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში ამის მეტს რას ნახავთ?! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი შვედი მეზღაპრის დაუვიწყარ პერსონაჟთა უსიამოვნო გამოცდილებას გაითვალისწინებთ და საკუთარ თავზე მხოლოდ სახალისო თავგადასავლებს გამოცდით. როცა ასტრიდის წიგნებს კითხულობთ, შეგიძლიათ იყოთ მეტისმეტად ბავშვური, მორწყათ ყვავილები წვიმაში ან გალუმპვამდე იხტუნოთ გუბეებში, წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ „მეკობრეობანა“, „ანგელოზობანა“ ან „ექიმობანა“, თქვენი სათამაშო მაიმუნი ბატონ ნილსონად აქციოთ ან მეგობრებს ცხენის (იმედია, ეს ცხენიც სათამაშო იქნება) აწევაში შეეჯიბროთ. შეგიძლიათ ესტუმროთ დეიდა ბერგის მსგავსად კეთილ მეზობლებს, რომლებიც ბავშვებს დიდებივით გულმოდგინედ უმასპინძლდებიან. შეადგინოთ ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმა (პერსონაჟების ან პირადი), შემდეგ კი ე.წ. მოგზაურის ჩანახატების წიგნაკი  (წიგნაკში უნდა ჩახატოთ პერსონაჟების ან თქვენ მიერ მონახულებული ადგილები და ნახატებს დაურთოთ მოკლე ჩანაწერები) შექმნათ. წიგნის გმირების მსგავსად, ალბათ თქვენც ესტუმრებით ბებიას და პაპას და გირჩევთ, მათთან გატარებული მნიშვნელოვანი დღეების დღიურში ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.

კულინარიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ, ამოიწერონ პერსონაჟთა მიერ დაგემოვნებული კერძები, მოიძიონ რეცეპტები და ოჯახის წევრებთან ერთად სცადონ მათი მომზადება. მაგალითად, თუ მარია ფარის „ვაფლის გულებს“ კითხულობთ, სამაგიდო თამაშებით გულს რომ იჯერებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, ოჯახის წევრებთან ერთად გამოაცხოთ და ბებოების მოთუხთუხებულ მურაბასთან ერთად დააგემოვნოთ. პეპის მაჭკატები ხომ არ დაგავიწყდათ? კარლსონის მურაბები ან შემწვარი გუფთები?.. დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნში იპოვით თქვენთვის საინტერესო გემრიელობას და ზაფხულის დასასრულს თქვენ მიერ მოძიებული რეცეპტების ერთგვარ კულინარიულ წიგნად შეკვრასაც შეძლებთ.

დაწყებით საფეხურზე ზაფხულში წასაკითხი წიგნებიდან ასევე გამოვარჩევ ანე-კატერინე ვესტლის  დაუვიწყარ ამბავს ხელმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე მრავალსულიან ოჯახზე, სადაც მუდამ რვა ბავშვის შესაფერისი აურზაურია. იმდენი სათავგადასავლო დავალების იდეა მომდის თავში, რომ ბავშვები არჩევანის სიმწირეზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ „დიდედას მარშრუტი“ იმ თავის მიხედვით, როცა დიდედა ტრამვაითი გასეირნებას გადაწყვეტს ან „დაემგზავრონ“ წიგნის პერსონაჟებს და ლაშქრობაში, საბარგო მანქანით თუ არა, კარვებით წავიდნენ, ტყეში კენკრა მოაგროვონ და „მოგზაურის დღიური“ (ბავშვებს შეუძლიათ აწარმოონ, როგორც წერილობითი, ასევე – ვიდეო დღიური) აწარმოონ. თუ სოფელში დასვენებას გადაწყვეტენ (წინაპართა სახლში საჩხირკედელაოს რა დალევს?!), პერსონაჟთა მსგავსად, შეუძლიათ უფროსებს სახლის შეკეთებაში დაეხმარონ ან ხის ძველი იატაკი და კარ-ფანჯარა სასურველი ფერის საღებავით შეღებონ. გალამაზებულ სახლში სტუმრების მოწვევასაც აღარაფერი უდგას წინ. ჰოდა, ამ წიგნში ისეთ საინტერესო თამაშებს აღმოაჩენენ, პატარა სტუმარს დიდ მოვლენად რომ აგრძნობინებს თავს, უფროსებს კი ბავშვობაში ამოგზაურებს.

თუ ზაფხულში ბევრს მოგზაურობთ, მაშინ „მოგზაურის რუკის“  შედგენას გირჩევთ. აირჩიეთ ერთი ქალაქი, სოფელი თუ სალაშქრო ადგილი, რომელსაც ზაფხულში ესტუმრეთ და შეადგინეთ იმ ადგილის რუკა. ფურცელზე მონიშნეთ/დახატეთ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ნახეთ, დანომრეთ თქვენ მიერ დახატული ადგილები და რუკას დაურთეთ მათი მოკლე აღწერა შესაბამისი ნომრების მითითებით. მოგზაურს მხოლოდ რუკა არ ეყოფა, მან ასევე უნდა ჩამოწეროს საჭირო ნივთების სია, რომლის შემადგენელი ნაწილია საკვებიც. ჩამოწერეთ ე.წ. სასარგებლო სასუსნავების სია. დაფიქრდით, რომელი საკვებია თქვენთვის თან ჯანსაღი და თან გემრიელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეთ საგზალი.

თუ მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ ზაფხულს შორეული ლაშქრობის დაგეგმვა ვერ მოახერხეთ, გული არ დაგწყდეთ, იმ სოფლის სახლის ეზო დალაშქრეთ, რომელსაც ესტუმრებით. ჯერ ეზოს დეტალური რუკა შეადგინეთ, მოიარეთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული და მონიშნეთ რუკაზე ყველა „სტრატეგიული ობიექტი“. შემდეგ კი მოძებნეთ საუკეთესო საპიკნიკე ადგილი (მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ვენახი) და მოლაშქრის შესაფერისი სუფრა გაშალეთ. დამიჯერეთ, სამზარეულოდან აწაპნილ ყველისა და პურის ნაჭერს, ნაკვერჩხალზე შემწვარ „მოპარულ“ სიმინდს, ბოსტანში მოძებნილ კიტრსა თუ ხიდან საკუთარი ხელით მოწყვეტილ ხილს დაუვიწყარი გემო აქვს.

ძნელად წარმოსადგენია არდადეგები საოჯახო კინოთეატრის გარეშე. რა სჯობს ერთად სახალისო ფილმების ყურებას, საერთო ემოციის განცდას და შთაბეჭდილებების გაზიარებას?!  სამწუხაროდ, დაწყებით საფეხურზე იშვიათად უყურებენ ქართულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს, ამიტომ ხშირად საკითხავ ლიტერატურას არდადეგებზე სანახავი ფილმების სიასაც ვურთავ. ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც მოსწავლეებს ვურჩევ, არის „არდადეგებზე“, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1962 წელს გადაიღო. მოსწავლეებს ვთხოვ, ფილმის ნახვის შემდეგ მისწერონ წერილი პერსონაჟებს. ძალიან მაინტერესებს, რას ურჩევენ მოუსვენარ და-ძმას, როგორ შეაფასებენ მათი მამის გადაწყვეტილებას, რით გაამართლებენ ან გაამტყუნებენ მათ ამა თუ იმ საქციელს. უფროსკლასელებს აუცილებლად დავაფიქრებ ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩანს ქალაქიდან ჩამოსული მშობლისა და შვილების და სოფელში მცხოვრები როსტიასა და მამამისის ურთიერთობის ამსახველ სცენებში. უმცროსკლასელებს ფილმის აფიშის დამზადებას ვთხოვ, უფროსებს კი – ფილმზე მოკლე რეცენზიის დაწერას. თუ რომელიმე მოსწავლე ფილმის გადაღების ტექნიკური საკითხებით დაინტერესდება, მას კინემატოგრაფიის ისტორიის მოძიებას შევთავაზებ. ჩვენს თაობას კი ახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მოზარდებს არ ეცოდინებათ, რომ ძველად ფილმებს ფირზე იღებდნენ, რომ თავიდან კინო იყო შავ-თეთრი და „მუნჯი“. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო დავალების შეთავაზება შეიძლება ფილმის შექმნის სათავეებთან მიბრუნებული მოსწავლეებისთვის…

ზაფხულის მიწურულს ერთგვარი მოგონებების სკივრის შექმნას გირჩევთ. მაინც როგორ უნდა შეინახოთ ზაფხული? როგორ და, უნდა შეაგროვოთ სამახსოვრო ნივთები/სუვენირები (მუზეუმის ან სხვა ადგილების ბილეთები, სამოგზაურო რუკები, მაცივარზე მისაკრავები, ნიჟარები და სხვ.), ზაფხულის ფერები და სურნელი (მცენარეები/ყვავილები), განსაკუთრებული დღეების ამსახველი ფოტოები და მოათავსოთ თემატურად გაფორმებულ ალბომში ან მუყაოს ყუთში. თითოეულ „ექსპონატს“ გაუკეთეთ ბარათი მოკლე ჩანაწერით (საიდანაა ეს ნივთი, რატომაა მნიშვნელოვანი და ა.შ.). ალბომს/ყუთს აუცილებლად დააწერეთ თარიღი. გავა წლები და ეს ნივთები თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან ამბებს, ფერებს და განწყობებს გაგახსენებთ.

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლისკენ მიმეჩქარება. იმ დავალებებს, რაც ჩემი მოსწავლეებისთვის შევადგინე, როგორც წესი, თავადაც ვასრულებ და სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად წარვადგენ. სხვა თუ არაფერი, „მოგონებების ალბომს“ აუცილებლად შევქმნი. მერე რა, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ. ზაფხული მასწავლებლებსაც ისევე გვახარებს, როგორც – მოსწავლეებს. ჰოდა, თქვენც ბედნიერ, მრავალფეროვან და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #2

0

იმერეთში ხდება ასე, მხოლოდ გენიალურ იმერეთში, რომ ერთ ამბავს გიყვება კაცი და ათასი გამოდის.

ვთქვათ ასე:

,,ხოდა, მაგაზე გამახსენდა. მოკლედ 1985 წელია, ვარ 14-15 წლის ბიჭი. გაზაფხულია. ისე, ოთმოცდახუთში იმხელა თოვლი მევიდა, ჭიშკრები დაფარა და მახსოვს, ციგებით ღობის ზეიდან ვსრიალობდით. მე ყველაზე უკეთესი ციგა მყავდა. ბაბუაჩემმა ჩამომიტანა. წითელი. მოსკოვიდან ჩამომიტანა. ცუმში ვიყიდეო. იმნაირი წითელი იყო ციგა, ახალდანთებული ცეცხლი მეგონა. ჰოდა, 15 წლის ბიჭი ვარ და მოვდივარ, აგერ, ა, ზუსტად ამ ქუჩაზე. აგერ შემოსახოვს რომ ხედავ, მაქანა რომ სახლი დგას, მაგი სხვათაშორის არის სოსლიპიტო გვეტაძის. სოსლიპიტო ნიუ-ორკშია ახლა, მისი შვილი წევიდა სასწავლად და წეიყვანა. მერე ლუბაც წეიყვანა. ლუბა. ლუბა მაგარია. უფ, რა მშრომელი ქალი. შრომის გმირი გახდებოდა, ვინმე რომ ყოლოდა ცეკაში. მაშინ ცეკობია იყო და მანეთობია. მიიტანდი მანეთს და იყავი გმირი. ჰოდა, მაქანა რომ შოვუხვიე – ჟუჟანას ძველ სახლთან მივედი. მხეცაძე ჟუჟანას სახლთან. ჟუჟანა მასწავლებელი. გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ერთხელ იკითხა, მაგადასკარის დედაქალაქი რა არისო და არავინმა არ ვიცოდით. სახლში დავბრუნდი და დევიზეპირე – ანტანანარივუ. მაგის მერე მახსოვს. ანტანანარივუში, თენგოიას რუსი მძახალია ნამყოფი. მაგი მარიაკია..”

და მერე ყვება გემებზე და ოკეანეებზე და თუ ძირითად ამბავს დაუბრუნდა – გზად მიმავალ გმირს, აუცილებლად შეხვდება რამე ისეთი, რაც ახალ, სხვა მოკლე ამბავს შობს და ასეა ასხმული ერთზე მრავალი. ხანაც ისე, რომ ის ერთი და მთავარი გავიწყდება. შენც და ამასაც. ეს არის იმერეთის მაგია. სიტყვის სამეფოსი.

ამაზე ვფიქრობდი და ტყიბულის ცენტრში ვიდექი. ერთმა მოხუცმა კაცმა ჩამოიარა. ტელეფონმა დაურეკა. ამან, ორჯერ ხმამაღლა ,,ალოო!”. იმან, ალბათ – ,,არ გესმისო?” და ამან: ,,მესმის მარა, ქე რო უნდა, ისე არაო”. ეგ არის. ვინც სიტყვა იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს, მიხვდება, რომ ეს კაცი დავით კლდიაშვილი იყო. უბრალოდ თვითონ არ იცოდა.

რომ იცოდნენ, მთელი იმერეთი კლდიაშვილი და გაბრიაძე იქნებოდა.

 

 

ფოკუსი წვრილმანებზე – ყურადღების გაფაციცება

0

ალბათ ბავშვებს არასოდეს არ აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე – ამავე დროს ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილების, ადამიანების, გამოცდილებების გაცნობის შანსები მეტია, შთაბეჭდილებები კი უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის, შეიძლება მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?

როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუკი თავის გადარჩენის და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რაღაც ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ცოტა რთულად აღსაქმელ ტექსტში, “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.” ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობაც და ყურადღების გაწვრთნაც. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს რომ ეშმაკი ზოგჯერ ზუსტადაც რომ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.

 

ბავშვებისთვის ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ისეთ მნიშვნელოვან უნარებს აყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა. ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლემაც ზაფხულის დღეები შეიძლება თქვენც გაგიხალისოთ და თქვენს ირგვლივ ბავშვებსაც.

„ერთი წუთი და ათი რაღაც!“

ვიღებთ რაიმე ნივთს, მაგალითად ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში და ბავშვს ვთხოვთ 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც მას ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.

ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო ერთი მხრივ შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას ეხმარება.

“მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის”

 ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან, სახლში, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში – მოთამაშედან ერთი ამბობს რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ის ხედავს – დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩნენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს – საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით იძლევა მინიშნებას სხვა მოთამაშეებისთვის.

ეს თამაში გარე სივრცეში გაცილებით სახალისოა  და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.

 „დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში

 დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი  – ყოველ საღამოს, ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია, ან რამაც მისი ყურადღება მოულოდნელად მიიპყრო;

ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რაიმე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებს.

 “დაკვირვების მარშრუტი”

 შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის სახლი, რომელსაც სეირნობისას ხვდები) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება ( სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის მერე სასუსნავების ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო კარგად არის ისინი დახასიათებული, მით უკეთესია ის.

მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე აღმოჩენები უკვე გაკეთებულს.

“დეტექტივის დღიური”

  ეს უკიდურესად პირადი რამეა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი თვალისა და ყურის ყურადღების მიპყრობა შეძლოს, აქ ხვდება. უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშისას ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

დროის ფასი – რატომ არის მნიშვნელოვანი დროის მართვა ბავშვებისთვის

0

ცოტა ხნის წინ, ახალი პროფესიის შესწავლა გადავწყვიტე, მოვიძიე ინფორმაცია საუკეთესო კურსის და ხელმძღვანელის შესახებ, მოვძებნე სოციალურ ქსელში და საკონტაქტო საშუალებები გავცვალეთ. კურსის ხელმძღვანელმა დამამატა  საერთო სასაუბროში და ვემზადებოდით ონლაინ შეხვედრისთვის, სადაც კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა შეგვეტყო. ონლაინ შეხვედრა  საღამოს 10 საათზე ჩაინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეთა  უმრავლესობა ბავშვიანი იყო და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე საღამოს უკვე ყველას ექნებოდა შესაძლებლობა თავისუფლად დასწრებოდნენ. შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყო, კურსის ხელმძღვანელი გაგვეცნო, გავეცანით მონაწილეებიც, ის   საუბრობდა  პროფესიის გამოწვევების, წარმატებების  და პერსპექტივების შესახებ, მაგრამ პრაქტიკული ინფორმაცია, რაც ყველას გვაინტერესებდა და რომელსაც  ვისურვებდი მალევე  შეგვეტყო, ორი საათის განმავლობაში ვერ მივიღეთ. როდესაც ღამის 12 საათს გადაცდა,  ძალიან პრაქტიკულ კითხვებზე პასუხები  კი ისევ არ მქონდა  და ამასობაში ჩემმა პატარამაც გაიღვიძა, გადავწყვიტე შეხვედრა დამეტოვებინა და აღარც ამ სასწავლო კურსის შესახებ მეფიქრა.

 

დრო ძვირფასი რესურსია, რომელსაც მოფრთხილება და სწორი განაწილება სჭირდება, განსაკუთრებით ახლა, ტექნოლოგიების, სოციალური მედიის და ცხოვრების სწრაფი ტემპის პირობებში. ადამიანების უმრავლესობა  ვერ ახერხებს ისე გაანაწილოს დრო, რომ მისგან სარგებელი მიიღოს და დროის დეფიციტის პირობებში, ნაკლებად დაზარალდეს. თუ რა თქმა უნდა, ასე არ გამოგვდის, ყველას დრამატულად  ცოტა დრო გვრჩება იმ პატარა სიამოვნებებისთვის, რომელიც გვაბედნიერებს და რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში – იქნება ეს საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, მათთვის ხარისხიანი დროის დათმობა, დასვენება დანაშაულის შეგრძნების გარეშე და ა.შ.

 

დროის დაგეგმვა, მისი რაციონალური გამოყენა ჩვენს სასარგებლოდ – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც და მოზარდებსაც, რომ თვითონაც არ დადგნენ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც დროის არასწორი მენეჯმენტი ჰქვია. ბავშვი, რომელიც მართავს საკუთარ დროს, მასში ყალიბდება განცდა, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებს, ეს ზრდის  თვითშეფასებას და აძლიერებს მის თავდაჯერებულობას.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი დროის მართვა ბავშვისთვის?

 

  • აღიქვამს დროს, როგორც უნიკალურ რესურსს
  • უყალიბდება დროის დაგეგმვის უნარი
  • შეუძლია საქმეების პრიორიტეტიზაცია
  • ახერხებს საკუთარი ყოველდღიურობის ორგანიზებას ისე, რომ დრო რჩება დასვენებისთვის, თამაშისთვის, სწავლისთვის და ურთიერთობებისთვის.
  • დროის მართვის უნარი ხელ უწყობს ბავშვებში სტაბილურობის განცდას და ამცირებს შფოთვას.
  • წინასწარ დაგეგმილი სასწავლო გრაფიკი, გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე და ისიც უფრო მეტ წარმატებას აღწევს სწავლაში.
  • როდესაც ბავშვი სწავლობს დროის პატივისცემას, (როგორც თავისი, ისე სხვისი) ის ხდება უფრო ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი სხვებთან ურთიერთობაშიც.

 

დროის მართვის უნარი არ არის თანდაყოლი ჩვევა, ის ყალიბდება თანმიმდევრული მხარდაჭერით და თანადგომით მშობლის და მასწავლებლის მხრიდან ადრეული ასაკიდან, როდესაც ბავშვი სწავლობს გაანაწილოს  დრო გონივრულად საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებს და პასუხისმგებლობს შორის.

 

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #1

0

ჩემი წინაპრები წარსულზე მეოცნებეები იყვნენ. არის ასეთი ხალხიც. ზეგინდელზე კი არა, გუშინწინდელზე ფიქრობენ – ასე რომ მომხდარიყო ან არ. დასხდებოდნენ ბებია და ბაბუა, მზერას ჩაიბრუნებდნენ ზურგისკენ და იქ ტიროდნენ და იცინოდნენ. იქ, რა დროსაც დიდი ხანია გამოცდნენ და ვერ შეცვლიდნენ. მეც ვიმემკვიდრევე ეს თვისება და სულ წარსულზე ვდარდობ. განა არ ვიცი – წარსული შორეული ვარსკვლავივითაა – აქედან რაც უნდა სული უბერო, ვერც გააღვივებ და ვერც ჩააქრობ. ვიცი, მაგრამ მაინც იქ ვარ. აი, მაგალითად; საავადმყოფოს მისაღებში ვზივარ. მამაჩემის ამბავი გავიგე. გავიგე და მაშინვე რომ თურქეთზე მეფიქრა… ჩავყვები, ჩავყვები ფსკერამდე – ფიქრის ფილტვები მეგლიჯება. იქ, მხოლოდ უჰაერობაა, რადგან აწმყომ იცის წარსული და ვერ ცვლის. დიდი ტანჯვაა, უსარგებლო და უთავბოლო. მაგრამ ვართ ასეთი ხალხიც. ვართ და ვერაფერს იზამ. წარსულზე მეოცნებენი.

 

////

 

ჩემი სახლიდან შორს, გადაღმა, მოჩანს სახლი.

ეს სახლი, ქალაქის წესისამებრ, მრავალსართულიანია და მრავალი სართულის წესისამებრ, ამ სახლს ბევრი ფანჯარა აქვს.

ყველა ერთნაირი.

შორიდან ეს არის.ასე მოჩანს. მხოლოდ ეს გრძელი, მოსაწყენი და ნაცნობი წინადადება.

მაგრამ ახლოდან, ერთი ფანჯრიდან მოჩანს ლოცვა მომაკვდავ შვილზე და მეორედან მოჩანს სიმღერა. ოღონდ სიმღერა ფრთხილად მოჩანს ამ ფანჯრიდან და ფეხაკრეფით.

სხვა ფანჯრიდან რომ სიმღერა მოჩანს, ის სიმღერა ხმამაღალია და კაცმა, რომ თქვას, ამიტომაც აღარ მოჩანს ბავშვის ტირილი მეზობელი ფანჯრებიდან. არც ძაღლის ყეფა. არც ჩურჩული აღარ მოჩანს შეყვარებულის. მე რომ მკითხოთ, ის სიმღერა, რომლის გამოც სხვა ფანჯრებიდან არც ცრემლი მოჩანს, არც ყეფა და არც სიყვარული – მეტისმეტად ხმამაღალია.

მაგრამ ამ სახლის შემოქმედი მე არაფერს არ მეკითხება.

ზოგიდან მოჩანს ბანკის ვალი ანაც მეზობლის. ზოგიდან თვითონ მეზობელი ანაც ბანკირი.

ზოგიდან მოჩანს შური და ზოგიდან შური არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ცრემლი და ზოგიდან არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ღიმილი და ზოგიდან არ მოჩანს. უბრალოდ არ მოჩანს, რადგან არ არის.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს საუზმე და სადილი. ზოგჯერ ვახშამიც. მხოლოდ ეს მოჩანს. ეს მდუმარე რიტუალი და ერთი ჩრდილი.

ზოგიდან ბევრი ჩრდილი მოჩანს. ამ ჩრდილების ხმაური მოჩანს. ყურისწამღები.

ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ აღარავინაა. ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ არიან.

კი, არის ორი ასეთი არაფერიც. ორი ფანჯარა.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს სურვილი რომ გამოაღონ და ჰაერი ჩაისუნთქონ. ზოგიდან მოჩანს სურვილი, რომ გამოაღონ და აღარასდროს ჩაისუნთქონ ეს ჰაერი.

ანუ გადმოხტნენ.

ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც უარი და ეს სიზმარი საშინელია. ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც თანხმობა და ეს სიზმარი ცრუა.

ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ანთია. ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ჩამქრალია.

ბევრია ფანჯარა და შორიდან ყველა ერთნაირი. შეიძლება სჯობდეს შორიდან უყურებდე და არასდროს მიხვიდე ახლოს. ან საერთოდ არ უყურებდე.

უბრალოდ ადგე და საკუთარი ფანჯარა გამოიხურო.

 

 

ხალხი და ერი

0

(ჩანაწერებიდან)

ერთგან აკაკი ბაქრაძე მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ხალხს და ერს. პერიფრაზი რომ მოვიშველიო: მისი თქმით, ხალხი არის მიმდინარე, არსებული პოპულაცია, ხოლო ერი არის უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვი დასაბამიდან დღემდე. ხალხთან შეიძლება, ბევრი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ ერის (ქართველ ერზეა საუბარი) დაკნინების უფლებას არავის მივცემო, ამბობს ის და მართალიც არი. “ქართველ ერში”, ჩვენი არსებობის სამიათასი წლის მანძილზე, ჩვენი სისხლის და ხორცის საუკეთესო ნაწილის უწყვეტობა იგულისხმება და არა – ის მოარული ბიოლოგიური ნაგავი, რომლის ერთადერთ ფუნქციას პოპულაციის გამრავლება წარმოადგენდა და წარმოადგენს.

*

ამ დღეებში ისევ და მკვეთრად გამწვავდა კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის, ისრაელის აშკარა პრევალენტურობით წარმოებულ საჰაერო ურთიერთდარტყმებს ხალხი ეწირება ორივე მხრიდან… ამ კონფლიქტში თუ ომში მორალის და მინიმალური ინტელექტის მქონე ადამიანის ადგილი ვიცით, ვის მხარესაცაა… არ მშურს, რომ ისრაელელებმა ხრიოკზე გასაოცარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ააშენეს (ეს მათ დაიმსახურეს) – ეს ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. არა, ეს არ მშურს. მე მათი ერთიანობისა მშურს, ქვეყნის შიგნით ერთმანეთს მამასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური ელიტა და ხალხი როგორ იკვრება ერთ მუშტად, როცა საქმე ეგზისტენციალურ საფრთხეს – გარეშე მტრებს ეხება. მშურს ამ ხალხის, მშურს, როგორ თავდაუზოგავად, ყველა ხერხით (ხშირად – საკამათო და კონტროვერსიული) იცავს თავს… თქვენ წარმოიდგინეთ, რისი მშურს – იმისი, რომ ხალხს სძულს თავისი ქვეყნის მტერი! ჩვენთან ხომ მტრის სიძულვილიც “გაიშვიათდა”, ენდემური ჯიშის უამრავი იდიოტი რუსეთ-უკრაინის ომში იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც ბოლო ორასი წელი სისხლი გაგვიშრო და ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი აქვს მიტაცებული, ირან-ისრაელის ომში კი იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც – ლამის მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმაციით ვარსებობთ – მილიონჯერ გადაგვიარა, გადაგვთხარა, ამოგვძირკვა… რა ჰქვია ამას – სტოკჰოლმის სინდრომი?! ცხადია, არა! – ამას ჰქვია სისხლის გაწყალება, ეროვნული თავმოყვარეობისა და იდენტობის სრული ატროფია, და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე იმ დოზირებული სალაფავის მიღების გზები არ ჩაიკეტოს, რომელსაც ულუფებად აწვდიან… კარგა ხანია, ჩვენში “სიფრთხილედ” (როგორი მოხდენილი ევფემიზმია!) საღდება სილაჩრე. ისევ აკაკი ბაქრაძე რომ მოვიშველიოთ (ისევ პერიფრაზით): დათვისთვის ბაბაიას დაძახების ანდაზა არ უნდა იყოს მთლად ძველი, ახლო წარსულში უნდა ვეძიოთ მისი საწყისები.

ეს ხალხი დღეს არ აღმოცენებულა, მათ ჰყავთ სულიერი წინაპრები, ჩვენი ისტორია ხომ, გმირობების ამაღელვებელ ქრონოლოგიასთან ერთად, ღალატის, ოპორტუნიზმის და ლაჩრობის ქრონოლოგიაცაა, უბრალოდ, გულის გახეთქვამდე რთულია, როცა ამას საკუთარი თვალით უყურებ.

*

ისრაელის სპეცსამსახურების საიდუმლო დანაყოფზე გადაღებული ძალიან მაგარი სერიალის – “ფაუდას” ყურება დავასრულე ამას წინათ. ბოლო სეზონი სრულიად გენიალურად სრულდება: მთელი დანაყოფი დაჭრილი წევს, ხელი აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთისთვის და ჩურჩულებენ: ” – დიდება უფალს! დიდება ისრაელს!”

*

გუშინ ჯემალ აჯიაშვილის კონგენიალური – “შუა საუკუნეების ებრაული პოეზია” გადავიკითხე, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გახსენება მინდოდა მხოლოდ, მაგრამ, დიდი მცდელობების მიუხედავად, როგორც ყოველთვის, ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი. ქართული ენის თეზაურუსული ფლობა (ენის ნებისმიერი დიაქრონიული შრიდან საჭირო მადანის ამოღების უტყუარი ალღო), ქართული ლექსის საუკეთესო ტრადიციების ზედიდოსტატური ფლობა და, რაც მთავარია, ლინგვისტური ოკაზიონიზმი – მხოლოდ ამ თარგმანებისთვის შექმნილი იდიოლექტი (პოეტური ენა). ესაა იმ მთავარი მახასიათებლების ჩამონათვალი, რაც ამ შედევრალურ ანთოლოგიას ამკობს. ესაა გაბმული სიმფონია, ლამის, ლიტურგიკული კონტრაპუნქტი, რომლის კითხვისას კონცეპტისთვის გონების მიდევნებას, ხშირ შემთხვევაში, აზრიც არა აქვს (ვერც ახერხებ), უბრალოდ, წამლეკავ დინებას უნდა მიჰყვე. მოშე იბნ ეზრას თუნდაც ეს პატარა მარგალიტი როგორია აჯიაშვილის ხელში:

მეაკვნენი და მესაფლავენი

ყოვლის მნგრეველ და
ყოვლის მშენებელ
ვინ არის, ვინა? ―
გრგვინავს მთა-ველი…
კვლავ დავიწყების მტვერში შერევენ,
კვლავ მიეჯრება მტკაველს მტკაველი…

აქ უდრტვინველად განისვენებენ
მეაკვნენი და
მესაფლავენი…

ქართულის გაკვეთილები და დამხმარე სასწავლო რესურსები

0

ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ განათლების პროცესი ცოცხალი და მუდმივად განვითარებადი პროცესია, რომლის გაჩერება ან ერთ ადგილზე გაყინვა შეუძლებელია. სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მასწავლებლებს ამ სიახლეების მიღება, საკუთარი ცოდნის ამაღლება და ახალ-ახალი მეთოდების ძიება გვიწევს, რათა შევინარჩუნოთ მორალური უფლება, ვასწავლოთ სხვას.

არც ისაა სიახლე, რომ ქართული ენა სკოლაში მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის, არამედ იგი ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია განათლების პროცესში, შემეცნებით და ეთიკურ განვითარებაში. ამ მიმართულებით, დამხმარე სასწავლო რესურსები, სახელმძღვანელოები, გრაფიკული მაორგანიზებლები, სხვადასხვა ვიზუალური და ინტერაქტიური მასალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ინტელექტუალურ და მენტალურ განვითარებაში.

ძირითადი სახელმძღვანელოები მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სისტემის თავისებურებებს, სწავლა-სწავლების ძირითად მოდელს და არაერთ გამოწვევას უპასუხებს. თუმცა, გრიფირებული სახელმძღვანელო, მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა და გათვალისწინებული საჭიროებებისა, ვერ უპასუხებს ყველა ინდივიდუალურ საჭიროებას, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეუცვლელია დამხმარე სასწავლო რესურსების როლი – ისინი საგრძნობლად უწყობს ხელს უკეთ გაგებასა და ინფორმაციის გადამუშავებას, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, გააზრებულ კითხვებზე პასუხების მოძებნას, სიტყვების სწორ გამოყენებასა და მეტყველების ხარისხის გაუმჯობესებას.

მაგალითად, სერია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, გამოიყენოს მეტი ინტერაქტიური აქტივობა, რაც მოსწავლეებს არამხოლოდ სწავლის პროცესში, არამედ მათ ლიტერატურული გემოვნების დახვეწასა და წარმოსახვის განვითარებაშიც ეხმარება.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძირითადი სახელმძღვანელო გრიფირების პროცესზეა მიბმული და მისი ყოველწლიური განახლება და გამოცემა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მასწავლებლებმა, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ რესურსების შერჩევას, რომლებიც კონკრეტულ კლასში მოსწავლეების საჭიროებებს შეესაბამება.

ამას გარდა, დამხმარე სასწავლო რესურსების გამოყენებით ბავშვებს ეძლევათ საშუალება, შეისწავლონ ახალი სიტყვები, განმარტონ და უკეთ გაიგონ მათი ზუსტი მნიშვნელობები, რაც არა მხოლოდ მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, სერია „გრამატიკა და მართლწერა“ უზრუნველყოფს დეტალურ განმარტებებს და პრაქტიკულ დავალებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

ტექსტის ანალიზი, საკითხის თეორიული გაგება და კითხვა-პასუხის ტექნიკა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას: მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გააანალიზონ ტექსტები, გააკეთონ დასკვნები და მიიღონ გადაწყვეტილებები.

თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ვიდეოები და ინტერაქტიური აპლიკაციები, სასწავლო პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. ინტერაქტიური პლატფორმები, რომლებიც ტესტირებასა და დავალებების შესრულებაზეა ორიენტირებული, მოსწავლის შედეგის დინამიკის გარკვევაში გვეხმარება.

გრაფიკები, სქემები და სლაიდები არა მხოლოდ კითხვა-პასუხის პროცესის გაადვილებას უწყობს ხელს, არამედ ვიზუალური მეხსიერების გაუმჯობესებასაც. თვალსაჩინოებების გამოყენება საშუალებას იძლევა, სწრაფად აღვიქვათ და დავამახსოვროთ ინფორმაცია.

თანამედროვე ტექნოლოგიები ასევე ქმნიან რესურსებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ენა რეალურ კონტექსტში. ინტერნეტ-ტესტები და საგანმანათლებლო პლატფორმები მრავალფეროვან და უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს ცოდნის გასაუმჯობესებლად.

თუმცა, ყველა მოსწავლისთვის ერთი და იგივე სასწავლო რესურსი ერთნაირად ეფექტური არაა. ამდენად, პედაგოგებს ხშირად უწევთ ინდივიდუალურად შეარჩიონ რესურსები, რომლებიც მათ მოსწავლეებზეა მორგებულია. ზოგს უკეთ ეხმარება თვალსაჩინოებები, ზოგს კი – აუდიო მასალა.

არსებობს მზა რესურსებიც, რომლებსაც სხვადასხვა გამომცემლობა თუ გამოცდილი ავტორი სთავაზობს მოსწავლეებს. თითოეული მათგანი, უმეტეს შემთხვევაში, დატესტილი და გამოცდილია ცოცხალ საგაკვეთილო პროცესში და დახვეწილია მასწავლებელთა უკუკავშირის მიხედვით (ასეთია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“, „გრამატიკა და მართლწერა“, „წერა და წაკითხულის გააზრება“ დაწყებითი კლასებისთვის და სხვა). ასეთი მასალის სანდოობის ხარისხიც, შესაბამისად, მაღალია. ვიწრო საჭიროებაზე მორგებული სასწავლო მასალა გვეხმარება ჩვენ, მასწავლებლებს, თითოეული ბავშვის შესაძლებლობა, ინტერესი და გასაუმჯობესებელი მხარე გავითვალისწინოთ და მას მოვერგოთ.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ გამოყენებას გარკვეული გამოწვევებიც მოჰყვება. რესურსების არასაკმარისმა რაოდენობამ, ან არასწორმა შერჩევამ შეიძლება პრობლემები შექმნას. ასევე, რეგიონებში, სადაც  ინტერნეტთან ან ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, შესაძლოა, დაბრკოლებები წარმოიქმნას.

დამხმარე სასწავლო რესურსები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართული ენის სწავლების პროცესში. მათი ეფექტური გამოყენება შესაძლებელია, თუ სწორად შევარჩევთ და გამოვიყენებთ რესურსებს, რომლებიც კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებს უპასუხებს.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ მრავალფეროვანი დამხმარე რესურსები, რათა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა გახდეს უფრო ინტერაქტიური, საინტერესო, ეფექტიანი და ეფექტური.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...