შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

  სერბული დღიური

0

მოგზაურობა, როგორც შემეცნება. 2

„ყოველ მდინარეს თითქოს საკუთარი ხელწერა აქვს: მდინარეები წერენ ცალკეულ ასოს და ტოვებენ ცნობას, რომელსაც მხოლოდ ჩიტები ხედავენ, დიდ სიმაღლეზე აფრენილები.“  – წერს მილორად პავიჩი რომანში „ქარის შიგნითა მხარე“. მდინარეები სერბეთის სისხლძარღვებია. მათში სერბული სული და სისხლი ჩქეფს, ამიტომ ვერც შეამჩნევთ ზღვის არქონას მდინარეებით უხვ ქვეყანას.

ბელგრადი – სერბეთის დედაქალაქი, ორი დიდი მდინარის – სავასა და დუნაის ნაპირებზეა გადაჭიმული. ეს მდინარეები ამ ქალაქში ერთმანეთს კვეთს და მათი გადაკვეთის ადგილს კოცნას ეძახიან. თუკი ქალაქის დათვალიერებას გადაწყვეტ, ბელგრადელები ამ ადგილისკენაც მიგითითებენ.

ბელგრადი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ძვ.წ.აღ-ით მე-3 საუკუნეში, კელტებმა დააარსეს. ისევ მილორად პავიჩს მოვიხმობ, მით უფრო, რომ მასზე უკეთესად ვერავინ აღწერს ამ ქალაქის თავისებურებას – „ვისაც ციხესიმაგრის დაუფლება უნდა, იმას ჯერ საკუთარი სულის დაუფლება მოუწევს. საკუთარი სულის წიაღ მივყავართ გზასაც ბელგრადისკენ – დედამიწის ზურგზე უძველესი ქალაქისკენ, რომელსაც სხვა ქალაქებზე ხშირად ანგრევდნენ და აოხრებდნენ“ („ბელგრადის ბიოგრაფია“). მარტო ამ მცირეტანიან წიგნში აღწერილი ამბები და უსასტიკეს ბრძოლათა ისტორიები დაგახვევთ თავბრუს, ხოლო თუკი წაკითხულს ნანახსაც შეუერთებთ, ბელგრადი დღემდე მოღწეული, ჭაღარა ტიტანივით წარმოგიდგებათ და მისი სიძველით და სიდიადით ნამდვილად მოინუსხებით.

მე და ნინოს მთელი დღე გვქონდა ბელგრადში სახეტიალოდ. ამინდშიც გაგვიმართლა – ოქტომბრისთვის უჩვეულოდ ცხელოდა კიდეც. ადრიანი დილა იყო, ჯერ სასტუმროს წინ სოკოსავით ამოზრდილ სკვერში შევიარეთ და პირველივე ძეგლი, რომელიც შეგვხვდა,  თესალონიკელი ძმების, კირილესა და მეთოდეს სკულპტურა აღმოჩნდა. ეს ამბავი დილის საჩუქარ-სიმბოლოდ მივიღეთ – მე-9 საუკუნეში მოღვაწე ამ ბერებს ხომ უდიდესი წვლილი მიუძღვით სლავური ანბანის შექმნაში.

ძველი ქალაქისკენ სავალ გზაზე რამდენიმე ტაძარი შეგვხვდა. წმინდა მარკოზის ტაძარში ჩვენი პატრიარქის ნაჩუქარი ივერიის ღვთისმშობლის ხატიც ვიხილეთ. სასოებით უფრთხილდებიან სერბები და სულაც, ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ეკლესიის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. შთამბეჭდავი და სუნთქვისშემკვრელია მათი ტაძრების მოოქროვილი მოზაიკა, ფრესკებით მოჭედილი უზარმაზარი კედლები და ღვინისფრად შეფერილი ფასადები, მრგვალი, ოქროცურვილი გუმბათები და ნაკადულებივით ლავგარდანები.

ერთმანეთის გვერდიგვერდაა უნივერსიტეტები და ეკლესიები, ცენტრალური ქუჩის ჩაყოლებაზეა პარლამენტის შენობა, სასტუმროები, ვრცელი ბაღები. კალემეგდანის ციხე ქალაქის გულშია, საიდანაც ძველი და ახალი ქალაქის პანორამა იშლება. ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია – ისტორიის ანაბეჭდებით სავსე.  მასში ოსმალეთის იმპერიის ტყვეობაში ყოფნისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკები იფურცლება. სავასა და დუნაის კოცნაც ყველაზე მკაფიოდ ამ ადგილიდან ჩანს. ძალიანაც რომ გეჩქარებოდეს, ეს ხედი უნებურად გაგაჩერებს, ცოტა ხნით ჩამოგსვამს, გაგრინდავს და ბელგრადის მზით სავსე სივრცეებზე თვალს გაგაშტერებინებს.

ბელგრადი, ანუ თეთრი ქალაქი – როცა მზე ანათებს, მდინარეებში ჩაწობილი სივრცე თეთრად აელვარდება ხოლმე და ამიტომაც შეარქვეს თავის დროზე ბელგრადიო, გვითხრა ერთმა მასპინძელმა. დიდხანს ვისხედით მე და ნინო ფილფანი ამ ზღაპრულ ადგილას, ჩუმად, ჩვენ-ჩვენ საფიქრალს ვფიქრობდით და მერე კი რაღაც უსიტყვო შეთანხმებით, ერთად გავუყევით გზას ახალი ადგილების აღმოსაჩენად…

ბელგრადშიც ურბანული ქაოსია – ახალი მშენებლობების ბუმი, დეველოპერული ექსპანსია, რაც ქალაქის დიდ ნაწილს იერ-სახეს უცვლის, თუმცა არის ადგილები, სადამდეც ეს ხმაური და მძვინვარება  ნაკლებად, ან სულაც არ აღწევს, სადაც დიდი სიჩუმე და სიმშვიდე დგას და ერთი ასეთი ადგილი, უპირველესად, ბელგრადის საკათედრო ტაძარი და მისი ეზოა – წმინდა საბას ეკლესია – უდიდესი ტაძარი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში. წმინდა საბა მე-12-13 საუკუნეების სერბეთის არქიეპისკოპოსი და ეროვნული გმირია, მისი სახელობის ტაძარი კი იმ ადგილას ააგეს, სადაც მე-16 საუკუნეში, სინან-ფაშამ წმინდა მოწამის ნეშთი დაწვა.

სერბები სანთლებს ტაძრის გარე ეკვდერში, საგანგებოდ მოწყობილ (კენჭებითა და წყლით  სავსე) სასანთლეებში ანთებენ. თვითონ ტაძარში სანთლის დანთება არ შეიძლება. ალბათ, ხატებისა და ფრესკების დასაცავად. საკათედრო ტაძრის მთავარი ფრესკა – მაცხოვრის უზარმაზარი მოზაიკა კი სამუდამოდ ჩამრჩება თვალებში და გულში და ეს ის ხატება იქნება, რომელიც ხშირად ამახედებს ცისკენ, რათა ისევ წავაწყდე მზერით რაღაც ასეთ მშვენიერს, მშობლიურს, თითქოს დიდი ხნის უნახავი მამა დაგყურებდეს და გიღიმოდეს გულისწამსვლელად თბილი ღიმილით, ან თითქოს ყველაზე ძვირფასი მეგობარი გეპოვოს და ვეღარასდროს მოწყდე მას…

სერბეთში ჩვენი ყოფნის ბოლო დღე პანჩევოს ნაციონალურ მუზეუმში გამართული შეხვედრით მთავრდება. პანჩევოც პატარა ქალაქია, ბელგრადიდან ოციოდე კილომეტრში, მაგრამ მრჩაევცისგან განსხვავებით (სადაც უფრო სერბეთის სოფლების ეთნოგრაფიას შევეხეთ),  ეს ქალაქი სრულიად სხვა სტილისა და შინაარსისაა. ავსტრო-უნგრული არქიტექტურა ისტორიის სამ პერიოდს აერთიანებს – მე-19 საუკუნემდე, მე-19-20 და დღევანდელი. ეს კოპწია, ორსართულიანი ქალაქი სავსეა თეატრებით, მუზეუმებით, ცხოვრობს მჩქეფარე სახელოვნებო ცხოვრებით. მას მეთევზეების ქალაქსაც უწოდებენ, მდინარის პირასაა გაშენებული და მეთევზეებისთვის ნამდვილი მექაა. ახლა არ იკითხავთ, ამ მდინარეს რა ჰქვია? ტამიში! სუნთქვა შემეკრა, როცა ხიდზე გადასვლისას აბრას მოვკარი თვალი, დიდი ასოებით რომ ეწერა – ტ ა მ ი შ ი. მაშინვე ვუთხარი ჩვენს მასპინძლებს, ჩვენ აფხაზეთში გვაქვს სოფელი ტამიში-მეთქი. მერე ბევრი ვილაპარაკეთ – მე აფხაზეთზე და მათ თავიანთ კოსოვოზე. გორდანა ვლაიჩს დიდ ლურჯ და ულამაზეს თვალებში ცრემლები ედგა, ჩვენც ვტიროდით, აფხაზეთი ჩვენი ღია ჭრილობაა და ახლაც სისხლი გვდის გულიდან-მეთქი. რა დამავიწყებს ამ შეხვედრებს, ამ საუბრებს, ერთმანეთის ტკივილების გაზიარებას, ქვეყნებიც ხომ ადამიანებივით ხვდებიან ერთმანეთს და მარადისობა არ ეყოფა ამ შეხვედრების მშვენიერებას, ენაში, კულტურაში, სულიერებაში გამოხატულს…

პანჩევოს ნაციონალურ მუზეუმში გამართულ საღამოზე ოთხი პოეტი, სამი სერბი და ერთიც ქართველი, ვკითხულობდით ჩვენს ლექსებს, მერე ერთმანეთის ლექსების თარგმანებს. საღამოს პანჩევოს სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. საგანგებოდ მათთვის, გორდანა საქართველოს შესახებ ბევრს ყვებოდა. უამბო იმაზე, თუ როგორ გავს ორი ქვეყნის ისტორია ერთმანეთს გამუდმებული ტკივილებით და ომებით, უამბო საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შესახებ, ჩვენი კულტურის შესახებ. სულ გვაინტერესებს, ორი სახელი რატომ გქვიათო – გრუზია თუ ჯორჯიაო. ვუპასუხეთ, რომ საერთოდაც, საქართველო გვქვია და ვეცადეთ, მათაც წარმოეთქვათ, მაგრამ ცოტა გაუჭირდათ, ამიტომ მარტივად  – „ჯორჯიით“ გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მით უფრო, როცა განვუმარტეთ კიდეც – ჩვენ, ქართველები, გეორგიანები, ანუ მიწათმოქმედნი ვართ, ჩვენთვის მიწას საკრალური ძალა აქვს და განსაკუთრებულად ვართ მასთან დაკავშირებულნი, ამიტომ, რა თქმა უნდა – ჯორჯია-მეთქი. სიამოვნებით აიტაცეს და ბოლოს უკვე ასეც მოგვიხსენიებდნენ – სტუმრები არა გრუზიიდან, არამედ ჯორჯიიდან.

ჩემი პატარა საქართველო კი ამ წარმოუთქმელი, ვერგატეხილი ბგერების მიღმა გველოდა. სერბეთმა კიდევ უფრო მაგრძნობინა მისი გულის ანდამატობა, მისი ხელთუქმნელი წიაღის ძალა – ამდენი პრობლემის, წინააღმდეგობის, ტკივილისა და შფოთის მიუხედავად მაინც მკაფიო და ნაღდი, როგორც ოკეანის ზვირთებქვეშ მიმალული მარგალიტი, ენაში დაფარული და ენაში გაცხადებული…

ჩემი ოთახი -ჯადოსნური სამყარო

0

სივრცული აზროვნება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ის საფუძველს უყრის მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს სამყაროს შესახებ უფრო ღრმა გააზრებას. სწორედ ამიტომ, სივრცული აზროვნების განვითარება დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია სივრცული აზროვნების განვითარება პირველკლასელებში, შემოქმედებითი დავალებების დახმარებით. კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებთ დავალებაზე “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ განავითარონ სივრცითი წარმოდგენები, არამედ გამოხატონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი.

თემატური ბლოკი: გეომეტრია და სივრცის აღქმა

თემა: ორიენტირება

  • წინ, უკან, ზევით, ქვევით, შორის, მაღალი, დაბალი;
  • ობიექტების ურთიერთგანლაგება; რეალურ ვითარებაში ურთიერთგანლაგების აღწერა

მათემატიკის სტანდარტის შედეგები

მათ.დაწ.(I).4 ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას.

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორები : 

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა-

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სივრცეში საგნების მდებარეობის და მიმართულების აღწერა;
  • სიბრტყეზე და სივრცეში  ობიექტების ურთიერთმდებარეობის  განსაზღვრა/გარკვევა;

შემოქმედებითი დავალება:

მიზანი: ბავშვებმა ისწავლონ სივრცითი მიმართებების აღწერა, განავითარონ წარმოსახვა და სხვადასხვა საშუალებით გამოხატონ თავიანთი იდეები.

ჩემი ოთახი -ჯადოსნური სამყარო

მასალები: (შესაძლოა დასჭირდეთ) ფანქარი, ფლომასტერები, ქაღალდი, საღებავები, პლასტილინი, ლენტები, ყუთები, ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი მასალები.

ინსტრუქცია: (ბავშვებისათვის!)

1.     ჩემი ჯადოსნური ოთახი: წარმოიდგინე, რომ შენი ოთახი ჯადოსნური სამყაროა! ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს საინტერესო.

  1. დახატე, ააწყვე ან მოყევი

შენი ჯადოსნური ოთახი შეგიძლია წარმოაჩინო სხვადასხვა გზით:

    • ნახატი: დახატე შენი ოთახი ისე, როგორც წარმოგიდგენია. დაამატე დეტალები, ფერები და ჯადოსნური ელემენტები.
    • მოდელი: გამოიყენე პლასტილინი, ყუთები ან სხვა მასალები, რომ ააწყო შენი ოთახის მოდელი. შეგიძლია გამოიყენო ლენტები, ძაფები ან სხვა მასალები, რომ დააკავშირო სხვადასხვა ობიექტები.
    • მოთხრობა: მოუყევი შენს მეგობრებს შენი ჯადოსნური ოთახის შესახებ. აღწერე რა არის შენს ოთახში, რა ხდება და რას გრძნობ.
  1. სიტყვებით აღწერა: როცა შენს ოთახს წარმოაჩენ, გამოიყენე შემდეგი სიტყვები:
    • ზემოთ, ქვემოთ: მაგალითად, რა დევს შენს საწოლზე? რა დევს მაგიდის ქვეშ?
    • წინ, უკან: მაგალითად, რომელი სათამაშოა შენი მაგიდის წინ? რომელი კედლის უკან არის შენი კარადა?
    • შორის: მაგალითად, რა დგას შენს საწოლსა და მაგიდას შორის?
    • მაღალი, დაბალი: მაგალითად, რა არის შენს ოთახში ყველაზე მაღალი? რა არის ყველაზე დაბალი?
  2. ჯადოსნური შეხება: დაამატე შენს ოთახს ცოტა ჯადოსნობა! შეგიძლია დაახატო ფრთები საწოლს, რომ ის ჰაერში აფრინდეს, ან მაგიდაზე დადო ჯადოსნური წიგნი, რომელიც ყველა შენს კითხვას უპასუხებს ან სურვილებს აგისრულებს.

დამატებითი იდეები:

  • შეგიძლია მოიფიქრო შენი ოთახისთვის ჯადოსნური სახელი.
  • დახატე პატარა არსებები, რომლებიც შენს ოთახში ცხოვრობენ.
  • მოიფიქრო ისტორია შენი ჯადოსნური ოთახის შესახებ.

დავალება არჩევითია, მოსწავლემ სამი ვარიანტიდან უნდა აირჩიონ ერთ-ერთი. ან ნახატით წარმოაჩინოს, ან ააწყოს ან მოგვითხროს. მნიშვნელოვანია რომ დავალების არჩევაში თავად ბევშვმა მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ მასწავლებელი მოსწავლეებს უკუთხავს დავალების პირობას, დეტალურად არჩევს ინსტრუქციას, როგორ უნდა გააკეთონ ბავშვებმა დავალება, ახალისებს დამოუკუდებელ გადაწყვეტილებებს, შემოქმედობითობას, აძლევს თავისუფლებას. აქვე ახსენებს რომ მნიშვნელოვანია როცა ნამუშევრს წარმოაჩენს, აღწერისას გამოიყენოს შემდეგი სიტყვები :

    • ზემოთ, ქვემოთ: მაგალითად, რა დევს შენს საწოლზე? რა დევს მაგიდის ქვეშ?
    • წინ, უკან: მაგალითად, რომელი სათამაშოა შენი მაგიდის წინ? რომელი კედლის უკან არის შენი კარადა?
    • შორის: მაგალითად, რა დგას შენს საწოლსა და მაგიდას შორის?
    • მაღალი, დაბალი: მაგალითად, რა არის შენს ოთახში ყველაზე მაღალი? რა არის ყველაზე დაბალი?

ამ დავალებით მოსწავლეები სწავლობენ/ უვითარდებათ

  • სივრცითი მიმართებების აღწერას.
  • წარმოსახვას და შემოქმედებით აზროვნებას.
  • სხვადასხვა საშუალებით  თავიანთი იდეების გამოხატვას.

დავალებას ახლავს შეფასების რუბრიკა, რომელზე დაყრდნობით მივეცი მოსწავლეებს უკუკავშირი

შეფასების რუბრიკა: “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”

კრიტერიუმი საუკეთესო კარგი საშუალო საშუალოზე დაბალი
სივრცითი მიმართებების გამოყენება ზუსტად იყენებს სიტყვებს: “ზემოთ”, “ქვემოთ”, “წინ”, “უკან”, “შორის”, “მაღალი”, “დაბალი” სივრცითი მიმართებების აღსაწერად. უმეტესწილად სწორად იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად. ზოგჯერ იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად. არ იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად.
შემოქმედებითი გამოხატვა იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით საშუალებას და აერთიანებს მათ ჰარმონიულად. იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით საშუალებას, მაგრამ შეიძლება ყველა მათგანი ერთმანეთთან იყოს ნაკლებად დაკავშირებული. ძირითადად იყენებს ერთ შემოქმედებით საშუალებას. ნაკლებად იყენებს შემოქმედებით საშუალებებს.
წარმოსახვის გამოვლინება წარმოადგენს ძალიან ორიგინალურ და დეტალურ ჯადოსნურ სამყაროს. წარმოადგენს ორიგინალურ ჯადოსნურ სამყაროს. წარმოადგენს ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ ის ნაკლებად დეტალურია. ჯადოსნური სამყარო ნაკლებად ორიგინალურია.
სიტყვიერი აღწერა- პრეზენტაცია ნათლად და დამაჯერებლად წარმოადგენს თავის იდეას, იყენებს შესაბამის ლექსიკას წარმოადგენს თავის იდეას, მაგრამ შეიძლება ნაკლებად ნათელი იყოს. ზოგჯერ უჭირს იდეის წარმოდგენა. ვერ ახერხებს იდეის წარმოდგენას.

რუბრიკის საფუძველზე შემუშავებული განმავითარებელი კომენტარები ხელს უწყობს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს და მათთვის მიზნობრივი დახმარების გაწევას. განმავითარებელი შეფასება არის დიალოგის პროცესი. მეხმარება მოსწავლესთან ერთად განვიხილო მისი მიღწევები და დავისახოთ მომავალი მიზნები.

უკუკავშირის მიცემის დროს ყოველთვის ვითვალისწინებ განმავითარებელი შეფასების ზოგად ფორმულირებას

  • დადებითი ასპექტების აღნიშვნა: ყოველთვის დაიწყეთ დადებითი შეფასებით, რათა მოსწავლემ იგრძნოს მხარდაჭერა და მოტივაცია.
  • კონკრეტული მაგალითები: მიეცით მოსწავლეს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა გააკეთა კარგად და რაში შეიძლება გაუმჯობესდეს.
  • შემდგომი განვითარების მიმართულებები: მიუთითეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება გააუმჯობესოს შედეგები.
  • პოზიტიური ფორმულირება: გამოიყენეთ პოზიტიური ფორმულირებები, რომლებიც მოსწავლეს წაახალისებს.

 

გთავაზობთ განმავითარებელი კომენტარის ნიმუშებს:

მაღალი მზაობის მოსწავლისთვის:

  • მშვენიერია! შენი ჯადოსნური ოთახი ძალიან დეტალურად და ორიგინალურადაა წარმოდგენილი. სივრცითი მიმართებების აღწერა ძალიან ზუსტია. შეგიძლია შენი ოთახის ისტორიაც მოყვე, რა ხდება მასში.

საშუალოზე მაღალი მზაობს მოსწავლისთვის:

  • შენი ჯადოსნური ოთახი საინტერესოა! სივრცითი მიმართებების აღწერაში უმეტესად სიტყვები სწორად გამოიყენე. შეეცადე, შენი ოთახი კიდევ უფრო დეტალურად აღწერო და ყველა სიტყვა გამოიყენო (“ზემოთ”, “ქვემოთ”, “წინ”, “უკან”, “შორის”, მაღალი, დაბალი“ ).სივრცითი მიმართებების აღსაწერად. ~

საშუალოზე მზაობის მოსწავლისთვის:

  • შენი ოთახი ჯადოსნური სამყაროა! შეეცადე, შენი ოთახი უფრო დეტალურად დახატო ან ააწყო. გამოიყენე სხვადასხვა ფერები და ფორმები. როცა აღწერ შენს ოთახს, ნუ დაგავიწყდება გამოიყენო სიტყვები, რომლებიც გვიჩვენებს, სად მდებარეობს ნივთები (მაგალითად, “ზემოთ”, “ქვემოთ”).

დაბალი მზაობის მოსწავლისთვის:

  • შენი ნახატი ძალიან ლამაზია! შეეცადე დაამატო შენს ოთახში რამდენიმე ჯადოსნური ნივთი და აღწერო, თუ რას აკეთებენ ისინი. როცა აღწერ შენს ოთახს, დამეხმარე გავიგო, სად დგას შენი საწოლი, მაგიდა და სხვა ნივთები.

შემოქმედებითი დავალება, როგორიცაა “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”, ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი წარმოსახვა და სივრცული აზროვნება. ასეთი დავალებები არა მხოლოდ მხიარული და საინტერესოა, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარების და შემოქმედებითობის განვითარებას.

განმავითარებელი შეფასება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. იგი ბავშვს აძლევს უკუკავშირს, ეხმარება მას გააანალიზოს თავისი მიღწევები და დაინახოს, რაში შეიძლება გაუმჯობესდეს. ამგვარი შეფასება არა მხოლოდ აფასებს შედეგს, არამედ აღნიშნავს მოსწავლის პროგრესს და აძლევს მას მოტივაციას, გააგრძელოს სწავლა და განვითარება.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითი დავალებები და განმავითარებელი შეფასება ერთობლივად ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ, ავითარებენ თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს და მზადდებიან მომავალი გამოწვევებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/

მდიდრები და ღარიბები. ყოფილი მეტროპოლიები და კოლონიები

0

თანამედროვეობის დილემა, თუ მანკიერი სისტემა, რომელსაც სხვადასხვა თეორიით ამართლებენ?

მონა ქალს, სახელად მონოს, პატრონი ყოველდღე სცემდა. ერთ დღესაც, ქალმა გადაწყვიტა თავი დაეღწია ამ ჯოჯოხეთისთვის და გაქცეულიყო. თუმცა, მონოს არაფერი გამოუვიდა და გაქცევის მცდელობისას იგი დაიჭირეს. მფლობელმა, გაცოფებულმა მონოს თავხედობით, მონა ქალი გაამათრახა, აწამა, კიბეზე მიჯჭავული დატოვა და ფაქტობრივად ნელი სიკვდილისათვის გაწირა. მონომ რაღაცნაირად შეძლო დანის მოპოვება და თავი მოიკლაეს ისტორია ჰოლივუდურ კონოსცენარს ჰგავს ,აშშ-ში XIX საუკუნის მონათმფლობელობის ისტორიაზე,  თუმცა  უფრო ადრე, 1765 წელს  მომხდარი ნამდვილი ამბავია და იგი ჰოლანდიის ყოფილ კოლონიაში,  ქ. ბატავიაში მოხდა (დღევანდელი ქ. ჯაკარტა, ინდონეზია). ისტორიის ორიგინალი შენახულია სასამართლოს არქივებში, რომელიც ადრე ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას –  Veerenigde Oost-Indische Compagnie (VOC)-ს .ეკუთვნოდა”.

ლინავატი სიდარტო (“ჯაკარტა პოსტი” – The Jakarta Post-ი),

2015 წლის 15 ოქტომბერი

 

2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში, პროფესორები დარენ აჯემოღლუ, საიმონ ჯონსონი (ორივე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, აშშ) და ჯეიმს ა. რობინსონი (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), გვამცნობენ რომ მათ შეძლეს თავისი კვლევით, ეჩვენებინათ რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულებები (კორელაციები), კეთილდღეობასა და სოციალურ ინსტიტუტებს შორის; მათ ასევე თქვეს რომ შექმნეს სამეცნიერო საშუალებები, იმის ასახსნელად თუ რატომ რჩება განსხვავებები ისტიტუციებს შორის და როგორ შეიძლება ამ ინსტიტუციების შეცვლა. მეცნიერთა მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების 20%, დღეს 30-ჯერ უფრო მდიდარია, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების 20%-თან შედარებით! მეტიც, მათი მტკიცებით, უფსკრული და განსხვავება უმდიდრეს და უღარიბეს ქვეყნებს შორის მზარდია და ნარჩუნდება; მიუხედავად იმისა რომ წარსულში ღარიბი ქვეყნების სიმდიდრე მატულობს, მათ არ შეუძლიათ „დაეწიონ“ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოებს. რატომ? ნობელის პრემისს წლევალდელი ლაურეატები ეკონომიკის დარგში, აკემოღლუ, ჯონსონი და რობინსონი ამტკიცებენ რომ ყველაფრის სათავე საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ინსტიტუციებს შორის განსხვავებებია.

შესაბამისად, მეცნიერების კვლევის მთავარი საგანი, დღევანდელი მდიდარი ქვეყნების (აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია და ახალი ზელანდია) კოლონიალური წარსული გახდა.  

ზემოთთქმულთან ერთად, ნობელის პრემიის ახალმა ლაურეატებმა ჩამოაყალიბეს ინოვაციური თეორიული ჩარჩო, რომელიც ცდილობს ახსნას თუ რატომ „გაიჭედნენ“ ზოგიერთი საზოგადოებები, (რომლებსაც უმეტესად „სამთო-მოპოვებითი“ სპეციალიზაცია ჰქონდათ), სიღარიბის ხაფანგში და რატომ არის ძნელი ამ ხაფანგიდან თავის დაღწევა.

საყურადღებოა ის, რომ მეცნიერები გვთავაზობენ რამდენიმე შესაძლებელ გზას, რომელიც კოლონიზაციის შედეგებიდან და იმ პერიოდში ჩამოყალიბებული ინსტიტუტებისგან გათავისუფლებას სთავაზობს ყოფილ კოლონიურ საზოგადოებებს. რეცეპტი ნაცნობია და საყოველთაოდ ცნობილი: კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა. მეცნიერების თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ცვლილებებს სიღარიბის შემცირება მოჰყვება შედეგად…

…და მაინც, როგორ შეიძლება თვალი მივადევნოთ წარსულის კოლონიური კვალს და მის შედეგებს, დღეს? ახალი ნობელიანტები თავიანთ ერთ-ერთ ნაშრომში[1] ერთმანეთს ადარებენ  ქალაქ ნოგალესს (Nogales) და მის ისტორიულ განვითარებას. ეს ქალაქი იმით არის გამორჩეული რომ იგი შუაზეა გაყოფილი სახელმწიფო საზღვრით და მისი ჩრდილოეთი ნაწილი აშშ-ში მდებარეობს (არიზონის შტატში), ხოლო სამხრეთი ნაწილი – მექსიკის ტერიტორიაზეა განლაგებული (შტატი სონომა, მექსიკა).

ორი ქალაქის ერთი ზღაპარი

2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები, მათი თეორიისა და გამოტანილი დასკვნების დასასაბუთებლად, ერთ საინტერესო მაგალითს გვთავაზობენ, რომელიც აშშ-ში და მექსიკაში მდებარე ერთი შუაზე გატოფილი ქალაქის, ნოგალესის, ისტორიას აღწერს.  მკვლევარების სტატიის მიხედვით, ამერიკული ისტორიის უცნაურობით, ქაშშ-ს სამხრეთში და მექსიკის ჩრდილოეთშიმდებარე ქალაქი ნოგალესი, რკინის ბადით ორად არის გაყოფილი. თუ რკინის ბადესთან დადგებით და ჩრდილოეთით გაიხედავთ, დაინახავთ არიზონის შტატში მდებარე ნოგალესს, სადაც მცხოვრებლებს კარგი შემოსავლაი აქვთ, სიცოცხლის ხანგრძლივობაც სასკამო დიდა და ბავშვების უმეტესობაც, სრულ საშუალო განათლებას იღებს, იქაურ „ჰაი-სქულში“ (ჩვენი 12 -წლიანი საშუალო სკოლის ანალოგი, აშშ-ში, ლ.ა.). აშშ-ს ნოგალესის მცხოვრებლების საკუთრების უფლებები დაცულია და ხალხი დარწმუნებულია რომ მათ მიერ საქმეში თუ ქონებაში ინვესტირებული ფული, მოსალოდნელია, რომ ეფექტური იქნება და მათ მოგებას მოუტანს. თავისუფალი არჩევნები ქალაქის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გადაირჩიონ ის პოლიტიკოსები, რომელბიც ვერ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს.

თუ რკინის ბადის სამხრეთით გაიხედავთ, დაინახვათ ქალაქ ნოგალესს, რომელიც მექსიკურ შტატს, სონორას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა რომ ეს მექსიკის შედარებით მდიდარ ნაწილს წარმოადგენს, ქალაქის მცხოვრებნი საშუალოდ უფრო ღარიბები არიან, ვიდრე ბადის ჩრდილოეთით მცხოვრებნი. ორჰანიზებული დანაშაული სონორაში, სარისკოს ხდის საქმიანობის.ბიზნეისი დაწყებას ამ ქალაქში. კორუმპირებული პოლიტიკოსების ოფისიდან „გასტუმრება“ აქ ბევრად უფრო ძნელია, მიუხედავად იმისა რომ მექსიკაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ არის რომ ერთი და იგივე ქალაქის ორი ნაწილი, ასე განსხვავდება ერთმანეთისგან? გეოგრაფიულად, ქალაქის ეს ნაწილები (ორივე ნოგალესი) ერთსა და იმავე ადგილას მდებარეობენ და კლიმატი და სხვა ფაქტორები, ზუსტად ერთნაირია. ორივე ქალაის მოსახლეობას მსგავსი წარმოშობა აქვ; ისტორიულად, ჩრდილოეთი ნაწილი მექსიკაში მდებარეობდა და ამიტომაც, იქაურ მცხოვრებლებს საერთო წარმოაშობა აქვთ და საერთო წინაპრები ჰყავთ. ძალიან ახლოა ამ ქალაქების მცხოვრებთა კულტურული მემკვიდრეობა და თავისებურებებიც. ნოგალესის ხალხი, რკინის ბადის ორივე მხარეს, მსგავს საკვებს მიირთმევს და ერთნაირ მუსიკას უსმენს.

მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, ამ ქალაქებში, დღევანდელი მდგომარეობის განმსაზღვრელი განსხვავებების მიზეზი, არა კულტურის ან გეოგრაფიის, არამედ იქ არსებული ინსტიტუტებში უნდა ვეძებოთ.  ავტორების მოსაზრებით, აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარე ნოგალესის მცხოვრებლებს, რომლებიც აშშ-ს ეკონომიკური სისტემის საზღვრებში ცხოვრობენ და მუშაობენ, ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ განათლებისა და პროფესიული განვითარებისთვის. ისინი ასევე აშშ-ს პოლიტიკური სისტემის ნაწილი არიან, რაც ფართო პოლიტიკურ უფლებებს გულისხმობს. რკინის სასაზღვრო ბადის სამხრეთით, ავტორების თქმით, ნოგალესის მექსიკელი მოქალაქეების ბედი არც ისე სახარბიელოა: ისინი ცხოვრობენ ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებით, რომლებიც ზღუდავს მათ გავლენას საკანონმდებლო და ზოგადად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ამ წლის ლაურეატების მოსაზრებით, ნოგალესის გაყოფილი ქალაქის ისტორია გამონაკლისი არ გახლავთ. იგი უფრო ადასტურებს იმ თავისებურებებს, რომელთა ფესვებიც წარსულის კოლონიურ ისტორიაშია საძებნელი.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] აღნიშნული სტატიის სათაური: The Colonial Origins of Comparative Development: An Empirical Investigation, Acemoglu et al., 2001).

სიტყვის ბარათები – უკუკავშირი საკლასო ჩანაწერებთან

0

სიტყვის ბარათების დამზადების იდეა ამერიკიდან ჩამოტანილი მეორეული სათამაშოების მაღაზიაში ჩემი შვილებისთვის შეძენილმა სამაგიდო თამაშმა შთამაგონა.

მუყაოს კოლოფში ჩალაგებულია სხვადასხვა თემის მიხედვით აკინძული ბარათები, რომელთა ერთ მხარეს დატანილია სიტყვის გამომსახველი ფოტო, მეორეზე კი – განმარტება ლექსიკონიდან და ბარათზე გამოსახული სიტყვის გამოყენებით შედგენილი წინადადება. სიტყვის ბარათების დანიშნულებაა: ბავშვმა სიტყვა მარტივად წაიკითხოს, ვიზუალურად დაიმახსოვროს, განმარტებას გაეცნოს და წინადადებას დააკვირდეს. თამაშის პრინციპიც მარტივია: ვეუბნებით სიტყვას და ბავშვი განმარტებას ასახელებს ან პირიქით – განმარტების მიხედვით ხვდება გამოსაცნობ სიტყვას.

First grade vocabulary photo cards – ასე ჰქვია სიტყვის ბარათების კრებულს, რომელმაც სიტყვის რუკის სქემა და ინსტრუქცია გამახსენა. კარგი ხარისხის, მყარი ბარათების თვალიერებისას ვინატრე, ქართულ ენაზეც გვქონოდა მსგავსი თემატური სამაგიდო თამაში.

ამ ფიქრებმა გამახსენა მეშვიდეკლასელების საშინაო დავალების რვეულები, რომელთა შესახებ სტატიაც დავწერე. საშინაო დავალებების რვეულებზე მუშაობა ერთგვარ კვლევად იქცა და ფართო ჭრილში შემაძლებინა ჩემი პრაქტიკული მუშაობის დანახვა.

ახლა უკვე მერვე კლასში მყოფი მოსწავლეების რვეულებმა დამაფიქრა, ისეთი რა შეიძლება შემეთავაზებინა მათთვის, რაც  მეშვიდე კლასში გაწეული შრომის პასუხად, ერთგვარ უკუკავშირად, გამომადგებოდა. ამგვარად, ფიქრებმა სიტყვის ბარათების დამზადების იდეამდე მიმიყვანა.

ამ სტატიაში საშინაო დავალების რვეულების მხოლოდ ერთ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას, კერძოდ, საკლასო სამუშაოს ერთ-ერთ ფორმაზე – ახალი სიტყვების შესწავლისას გაკეთებულ ჩანაწერებზე.

კლასის ყველა მოსწავლეს (თუკი არ აქვს გაცდენილი სკოლა) რვეულში ჩანიშნული აქვს ახალი სიტყვების შესახებ დაფაზე გაკეთებული ჩანაწერები.

ამჯერად შევარჩიე ორი ტექსტი: „თავფარავნელი ჭაბუკი“ და „ეთერიანი“. გადავწყვიტე, გასულ წელს ამ ტექსტების შესწავლისას კლასში ჩანიშნული სიტყვებით ინგლისურენოვანი სამაგიდო თამაშის მსგავსად ბარათები დამემზადებინა.

ახალი ლექსიკური ერთეულების ახსნა-განმარტების გარეშე წარმოუდგენელია ტექსტის გაგება-გააზრება. სწორედ ამიტომ, დიდ ყურადღებას ვუთმობ ლექსიკურ მარაგზე მუშაობას ყოველი ტექსტის სწავლებისას. ვკითხულობთ ლექსს, ზღაპარსა თუ მოთხრობას, დაფაზე ვწერთ უცხო სიტყვებს, შემდეგ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვეძებთ განმარტებას და დაფაზე/რვეულებში ვინიშნავთ. განსაკუთრებით გვიყვარს მცენარეების, ფრინველების, ხეების, თევზების გასწვრივ აღმოჩენილი ლათინური სახელწოდებები.

როგორც წესი, რვეულში ჩანიშნული სიტყვები რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს ავიწყდებათ და სწორედ მათი ცოდნის გააქტიურებისთვის გამოვიყენებ ჩემ მიერ დამზადებულ ბარათებს, რომლებიც ასე გამოიყურება:

  1. ბარათის ერთ მხარეს სიტყვის განმარტება და წინადადება დავწერე, ასევე, დავხატე სიტყვაც:

2.ბარათის მეორე მხარეს ნახატთან ერთად წერია სიტყვა:

  1. ინგლისური სიტყვების მიხედვით აკინძული სამაგიდო თამაში:

  1. მეშვიდეკლასელის საკლასო ჩანაწერი, რომლის მიხედვით სიტყვის ბარათები დავამზადე:

როგორც უკვე ვახსენე, მოსწავლეების საკლასო ჩანაწერებიდან ამოვიწერე სიტყვები, რომლებზეც გარკვეულ დროს კლასში ვიმუშავეთ:

ორბი, ყორანი, მიჯნური, ხვინჭა, ჭოროხი, კომლი, ალვა, მკბენარი, ფეტვი, წყვდიადი, ბროლი, ჭიუხი, დალალი, მორევი, კელაპტარი, სარკმელი.

სქელი მუყაო დავჭერი თანაბარ ოთხკუთხედ ნაწილებად, ერთ მხარეს დავწერე სიტყვა და დავხატე, მეორე მხარეს კი განმარტება ამოვიწერე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან და შედარებით პატარა ნახატით გამოვსახე თითოეული სიტყვა.

მოვძებნე ლამაზი კოლოფი და ქისა, ჩავაწყვე უკვე დამზადებული სიტყვის ბარათები და დავფიქრდი, როგორ გამოვიყენებდი საგაკვეთილო პროცესისას:

  1. ამოვიღებ ერთ ბარათს და ვთხოვ სწრაფად მოძებნონ ბარათზე ამოკითხული სიტყვა;
  2. წავიკითხავ მხოლოდ განმარტებას და თავად უნდა გამოიცნონ მნიშვნელობა;
  3. დავურიგებ ბარათებს და რიგრიგობით ვთხოვ ლექსიკონში განმარტების მოძებნას;
  4. ვითამაშებთ მინიშნებობანას, კერძოდ, ერთი მოსწავლე მთელ კლასს ბარათზე ამოკითხული სიტყვის შესახებ მინიშნებას ეტყვის და კლასი გამოცნობას შეეცდება;
  5. ჯგუფებად დაყოფილი კლასი 4-5 ბარათზე ამოკითხული სიტყვების მიხედვით დაწერს თავისუფალ თემას;
  6. ვთხოვ, სიტყვის ბარათების მიხედვით თავად მოიფიქრონ თამაშები;
  7. ამ სიტყვების ბარათებს სასწავლო რესურსად გამოვიყენებ სხვა კლასთან.

სიტყვის ბარათებით მიწოდებული უკუკავშირი მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს და კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან საკლასო ჩანაწერებსა და ახალი სიტყვების შესწავლის პროცესს. ვფიქრობ, სიტყვის ბარათებით მშობლიური ენის სიტყვის მნიშვნელობისადმი სიყვარულსა და ინტერესს კიდევ უფრო მეტად გავაღვივებ

პირადი მაგალითი

0

როდესაც მასწავლებელი ხარ, ხშირად გიწევს ახალ ბავშვებთან შეხვედრა. როდესაც მასწავლებელი ხარ, ხშირად ახალ მასწავლებლებთან შეხვედრაც გიწევს. ზოგჯერ ეს სამსახურის შეცვლის დროს ხდება, ზოგჯერ სხვები იცვლიან სამსახურს და იქ მოდიან, სადაც შენ ასწავლი. პირველი საუბარი ყოველთვის მოსწავლეებს ეხება, მით უმეტეს, თუ მოსწავლეები მათ უნდა გადააბარო, ან თუ შენ უნდა გადმოიბარო, ან თუ უბრალოდ მათ გაკვეთილს უნდა დაესწრო, ან დაგესწრონ.

მსგავსი საუბრები მიყვარს, ვფიქრობ, სასარგებლოა. ბევრ საინტერესო ამბავს გავცემთ და ვიღებთ, ვაზიარებთ და ვიზიარებთ თავგდასავლებს, გამოცდილებას, თეორიას თუ პრაქტიკას. თუმცა ხშირად მწყვეტს გულს ერთი სიტყვა, ერთი ჩვეულებრივი ზედსართავი სახელი, რომელიც ურჩხულივით გამოიყურება, თუ მას რომელიმე ბავშვთან მიმართებით ვიტყვით: „სუსტია“. თითქოს სუსტი უნდა იყოს, მაგრამ იმხელა ძალას იძენს… და მეც ყოველ ჯერზე დაუღალავად ვყვები ჩემს საყვარელ ამბავს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ გადამხდა თავს.

ერთხელ პირველი კლასის მასწავლებელი ვიყავი. ამ ამბავს ასე იმიტომაც ვიწყებ, რომ ისინიც პირველი პირველკლასელები იყვნენ ჩემთვის. ეს ამბავიც ამიტომაა ამდენად ძვირფასი. როცა პირველკლასელებს პირველად ასწავლი, ყველა დეტალის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენ, ყველაფერი ასმაგად მიგაქვს გულთან, როცა ფიქრობ, რომ მხოლოდ მათ ცოდნას კი არა, შენს მომავალსაც უყრი საფუძველს, თითქოს საკუთარი თავიდან გადიხარ და გვერდიდან ხედავ სიტუაციას, აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ და რამდენად საფრთხილო და სათუთია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც მათთან ურთიერთობისას გადადგამ.

ასე და ამგვარად, ყველაფერი მშვენივრად იყო, გარდა ერთისა – კლასში ერთ პატარას ანბანზე გადასვლისას თავგზა აებნა. რა აღარ ვცადე, რა აღარ მოვიმოქმედე, მაგრამ შედეგზე ვერ გავედი. როდესაც შევამჩნიე, რომ პატარა ბიჭს უკვე შფოთვა იპყრობდა და შესაძლოა, ანბანის ვერდამახსოვრებასა და წერა-კითხვის არცოდნაზე უარესი ამბავი მომხდარიყო, დედას ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ მეტად აღარ დავტვირთავდი, აღარ ვთხოვდი, მაგალითად, დაფაზე რამის დაწერას, რადგან როცა ვერ ახერხებდა, განიცდიდა და ა.შ. ჩავთვალეთ, რომ დრო იყო საჭიროა, მოთმინება მოგვეკრიბა და გვედროვებინა.

ამასობაში ზაფხულის არდადაგები მოვიდა, მერე გავიდა და მეორე სასწავლო წელიც დაიწყო. მეორეკლასელებად ქცეული პირვეკლასელები ოდნავ უფრო სქელი წიგნებით მიუსხდნენ მერხებს და სულ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ პატარა ბიჭმა ხელი აიწია. სწორედ აქედან იწყება ჩემი საყვარელი მონაკვეთი იმ საყვარელი ამბისა, რომელსაც სახელად „პირადი მაგალითი“ ვუწოდე. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამ იმოქმედა – დასვენებამ? ერთი წლით გაზრდამ? ალბათ, ჰო. ამ ასაკში ერთი და ორი წელი, თუნდაც რამდენიმე თვე ძალიან ბევრია. პატარა ბიჭის თანაკლასელების გონება ოდნავ უფრო ადრე იყო მზად იმისთვის, რომ მეორე ენის ანბანი აეთვისებინა – პრობლემებით, ხარვეზებით, მაგრამ მაინც. მას კი მეტი დრო დასჭირდა, რადგან მისი გონება ჯერ მზად არ იყო, კიდევ რამდენიმე თვე სჭირდებოდა, რომ ყველაფერი თავისით დალაგებულიყო. სწორედ ამიტომ ვბრაზობ, როცა სიტყვა „სუსტია“ მესმის, განსაკუთრებით – მცირეწლოვან ბავშვებთან მიმართებით.

ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მეორე წელს სხვა მასწავლებელი რომ ჰყოლოდა, მე კი კლასზე საუბრისას ახალი მასწავლებლისთვის მეთქვა: ჰო, იცი, ეს პატარა ბიჭი სუსტია, აი, ასე, უბრალოდ ინგლისურს ვერ სწავლობს და მორჩა. მერე ეს ახალი მასწავლებელი კლასში შესულიყო და მისთვის ზედმეტი და არასაჭირო ან სულაც არასათანადო ყურადღება დაეთმო.

მაგრამ მეორე წელს კლასი არავისთვის გადამიბარებია და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გახდა პატარა ბიჭი კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე.

სწორედ ამ ამბავმა დამარწმუნა, რომ „სუსტი“ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარემოებები, რომელთა დანახვა და გათვალისწინება ზოგჯერ რთულია და ჩვენც გვირჩევნია, მოკლე გზით მოვუაროთ. სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უფრო დიდია და არაცნობიერად ალბათ ესეც გვაფრთხობს.

როდესაც კლასს ვიბარებ და მსგავსი დახასიათება მესმის, ამ ამბავს ვყვები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პატარებზე ვსაუბრობთ, რადგან ასაკში ოთხი და ხუთი თვის სხვაობაც კი კონკრეტული საკითხებისთვის განსხვავებულ მზაობას გვაძლევს.

ამ ამბის მოყოლის მთავარი მიზანიც ეს იყო: დავფიქრდეთ. ან იქნებ თქვენც გჭირდებათ ამბის ცოდნა პატარა ბიჭზე, რომელიც ამასობაში უკვე საკმაოდ დიდი გახდა; ბიჭზე, რომელმაც შეფასება „სუსტია“ მანამდე დაამარცხა, ვიდრე მას ვინმე ხმამაღლა მიაწებებდა; ბიჭზე, რომლის ამბავიც დღემდე ციცინათელასავით დამყვება და მინათებს სიბნელეს, სადაც ვისიმე შესახებ ამბობენ, რომ „სუსტია“.

ჩემი პირადი მაგალითი ხომ თქვენთვისაც შეიძლება იყოს მაგალითი? ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, ყველაზე მომთმენები უნდა ვიყოთ და გვჯეროდეს მათი, ვინც ყოველდღე წინ გვიზის და თავის მომავალს გვანდობს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება

0

ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა მოწმე, როგორ წუხს მშობელი იმის გამო, რომ მის საკმაოდ წამოზრდილ შვილს უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, დამოუკიდებლად მოქმედება. რა გასაკვირია –გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი ხომ წარმატებული და რეალიზებული პიროვნების აუცილებელ თვისებად მოიაზრება.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და რა ასაკიდან დავიწყოთ ამაზე მუშაობა?

გთავაზობთ რეკომენდაციებს:

* უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი თავისთავად არ აღმოცენდება. მას ისევე სჭირდება სწავლება, როგორც სიარულს, ლაპარაკს, კითხვას… უმჯობესია, ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან დროთა განმავლობაში სწავლება უფრო და უფრო გართულდება.

გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება პატარას სამი წლიდან უნდა მივცეთ. სწორედ ამ ასაკში იწყებს ბავშვი მეტყველების დროს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „მე თვითონ!“ ,“არ მინდა!“ – და  ამით ერთგვარად საკუთარი პიროვნების დემონსტრირებას ცდილობს. ეს ნუ შეგვაშინებს. აღვიჭურვოთ მოთმინებით. ნუ გაგვაღიზიანებს გამოცდილების ნაკლებობის გამო ბავშვის ნელი მოქმედება, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით და მის დაწყებულ საქმეს ჩვენ ნუ დავასრულებთ, თორემ ბავშვი დროთა განმავლობაში  საერთოდ დაკარგავს გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს.

* მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დავუწესოთ. ნუ ვეტყვით: „აკეთე, რაც გინდა!“ – ამ სიტყვებს ბავშვი უფროსის გულგრილობის გამოხატვად აღიქვამს, თუმცა არც ის იქნება მართებული, ვეჩხუბოთ და ძალით ჩავაცვათ ის, რაც ჩვენ შევურჩიეთ, თუ თავად წინააღმდეგია. ნაცვლად ამისა, შეიძლება შევთავაზოთ სამი-ოთხი ჩასაცმელი და ვკითხოთ, მათგან რომელი ურჩევნია. აღზრდის დემოკრატიული სტილი მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. ნაცვლად იმისა, რომ ავტორიტარულად ვმართოთ ბავშვის ცხოვრება, მკაცრად მოვთხოვოთ, აკეთოს მხოლოდ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ, – ვესაუბროთ და გავითვალისწინოთ მისი სურვილებიც. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად მოქმედების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებას.

* ნუ გავაკეთებთ ბავშვის მაგივრად იმას, რისი გაკეთებაც მას თავადაც შეუძლია. უფროსები ხშირად მივისწრაფვით, თავიდან ავაცილოთ ბავშვს ზედმეტი დატვირთვა, ზედმეტი შრომა, მის ნაცვლად ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვი ასე თუ ისე დამოუკიდებლადაც გაართმევდა თავს (ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, სათამაშოებისა თუ სასწავლო ნივთების დალაგება, მოწესრიგება). ჩარევას იმით ვხსნით, რომ ჩვენ ყველაფერს უფრო სწრაფად ვაკეთებთ და ამით დროს ვიგებთ. ბუნებრივია ბავშვის მოძრაობები არ არის ისეთი დახვეწილი, როგორიც ზრდასრული ადამიანისა, ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად მას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, მაგრამ თუ დამოუკიდებლად მოქმედების პირობები არ შევუქმენით, ცალკეული უნარ-ჩვევების გამომუშავება დიდი ხნით გადაიწევს.

* ნუ დაგვავიწყდება ბავშვის შექება, როცა ის დამოუკიდებლად გააკეთებს რამეს. საქებარი სიტყვები დაანახებს ბავშვს, რომ ჩვენ ვაფასებთ მის ძალისხმევას, ეს კი, თავის მხრივ, სტიმულს მისცემს და სურვილს გაუჩენს, მეტი გააკეთოს, მეტი იშრომოს. ბავშვისთვის ქება საუკეთესო ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე დგას. ბავშვი, რომელსაც აქებენ, დიდი ალბათობით, შეეცდება, ისევ და ისევ ასიამოვნოს მშობლებს.

* მივცეთ ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ის ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებს. გავითვალისწინოთ: ბავშვი ჯერ მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვას, მით უმეტეს, შეცდომებისგან არც ჩვენ, უფროსები ვართ დაზღვეული. უკეთესია, ავუხსნათ, რომ შეცდომა არ არის კატასტროფა, ის ყველას მოსდის. ერთად ვიმსჯელოთ, რატომ მოუვიდა ეს, ვაპოვნინოთ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა, ვკითხოთ, რამ უბიძგა ასეთი არჩევანისკენ და რისი გაკეთება შეუძლია შეცდომის გამოსასწორებლად. განსაკუთრებით ხშირად უნდა ველოდეთ  შეცდომებს მოზარდებისგან – ისინი ჯერ მხოლოდ სწავლობენ დამოუკიდებლობას, მაგრამ უკვე გადაჭრით უარყოფენ უფროსების ავტორიტეტს. მიუხედავად ამისა, ვეცადოთ, თავს არ მოვახვიოთ ჩვენი გადაწყვეტილებები.  შეცდომები დაეხმარება, საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლოს.

* გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. სხვადასხვა ასაკი მოითხოვს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ხარისხს. მაგალითად, თუ ბავშვი ჯერ მხოლოდ ექვსი წლისაა, ის შეიძლება დაგვეხმაროს მტვრის გადაწმენდაში, ნივთების დალაგებაში. უფრო მოზრდილ ბავშვს შეიძლება დავავალოთ, მაგალითად, ახლომდებარე მაღაზიიდან პურის მოტანა, მოზარდს – უმცროსი და-ძმის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა.

ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრი. გადაჭარბებული კონტროლი ბავშვს საკუთარი თავის რწმენას დააკარგვინებს. დაუფიქრებელი, გაუაზრებელი აკრძალვები კლავს ინიციატივას და ავითარებს ინფანტილურობას. მივცეთ ბავშვს შეცდომებზე სწავლის საშუალება, ავუკრძალოთ მხოლოდ ის, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მივცეთ მიმართულება, მაგრამ მის ნაცვლად არ ვაკეთოთ ის, რისი კეთების უნარიც მას თავად შესწევს.

* ნუ შეგვეშინდება იმის, რომ ჩვენი ავტორიტეტი ბავშვის თვალში დაიწევს, თუ მან ჩვენს დაუხმარებლად გააკეთა რამე. თუ ბავშვი თავად აირჩევს ტანსაცმლის ფერს, ჩვენს ავტორიტეტზე ეს გავლენას არ მოახდენს. პირიქით, თუ ერთად განვიხილავთ მასთან დაკავშირებულ გეგმებს, ჩვენ შორის დამყარდება ნდობით სავსე ურთიერთობა, ეს კი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რომ ბავშვს ეშინოდეს მშობლების, რადგან მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამისთვის დასაჯონ.

* დავეხმაროთ ბავშვს საკუთარი არჩევანის გააზრებაში. ამისთვის ერთად განვიხილოთ მიღებული გადაწყვეტილებები. მივაპყროთ მისი ყურადღება შედეგს, რომელიც მის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მაგალითად, თუ ბავშვი გვთხოვს, ძაღლი მოვუყვანოთ, შევახსენოთ, რომ მას თავად მოუწევს ძაღლის გამოკვება და გასეირნება.

* მუდმივად ვესაუბროთ, ვკითხოთ აზრი და რჩევა, დავუსვათ კითხვები, მივცეთ საშუალება, ისწავლოს ფიქრი და საკუთარი აზრის გამოხატვა. მაგალითად: „გარეთ ცხელა, როგორ ფიქრობ, რისი ჩაცმა ჯობია?“ ან: „შენი რჩევა მჭირდება – რომელი ხილის ყიდვა ჯობია?“ ასეთი კითხვები ბავშვს უღვივებს საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობას და ასწავლის პასუხისმგებლობას. მოზარდები, რომელთა მოსაზრებებს ადრეული ბავშვობიდანვე ითვალისწინებდნენ, მეტი სიამოვნებით ასრულებენ უფროსების თხოვნას, დავალებებს და მითითებებს.

 

ამრიგად, თუ ჩვენი მიზანია მოაზროვნე პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს სწორი არჩევანის გაკეთებას, მივცეთ ბავშვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. რაც უფრო ადრე დავრთავთ ნებას, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, მით უფრო ნაკლებად გაუჭირდება მომავალში გადაწყვეტილებების მიღება.

დაცინვა – როგორ გავუმკლავდეთ?

0

***

ახალი სამუშაო დღე დაიწყო.

მიდიხართ სკოლაში. შემაჯამებელი გაკვეთილი გაქვთ დაგეგმილი და კლასში, დაფაზე, მოსწავლეებისთვის გუშინვე გაამზადეთ სამუშაო.

დერეფანში ორი კოლეგა გხვდებათ. თქვენ ესალმებით. ისინი პასუხად სალამს არ გიბრუნებენ. დემონსტრაციულად ჩასჩურჩულებს ერთი მეორეს რაღაცას. თან თვალს არ გაშორებენ. მერე ორივე ხმამაღლა იცინის.

სამასწავლებლოში შედიხართ. რასაკვირველია, ყველას ესალმებით. პასუხად აქაც არავინ გეუბნებათ გამარჯობას.

კლასში შედიხართ. დაფიდან თქვენი გუშინდელი ნამუშევარი წაშლილია. მის ნაცვლად უხამსობა წერია და ხატია. იქვე – თქვენი კარიკატურაა მიხატული. ზედ – თქვენი სახელი აწერია.

დაბნეულობისგან ენა გივარდებათ. არ იცით, როგორ მოიქცეთ, რა გააკეთოთ, სად წახვიდეთ, აქ საერთოდ, რა გინდათ.

***

ასეთი ინტენსივობისა და ამგვარად ორგანიზებული შეტევის წარმოდგენა თუ გიჭირთ, სხვადასხვა მოდიფიკაცია სცადეთ – სამსახურში ერთი კოლეგაა, რომელიც თქვენზე ცუდს ამბობს, ჭორს ავრცელებს, ისეთ რაღაცას იგონებს და ჰყვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენს დანახვაზე ყურებამდე იკრიჭება. სხვების თანდასწრებით ხმამაღლა საუბრობს თქვენზე. გარეგნობისა ან ტანსაცმლის განხილვას იწყებს.  იმ ერთს ზოგჯერ დანარჩენი ორი უერთდება. ერთად როცა არიან და თქვენ გხედავენ, ხმამაღლა იწყებენ საუბარს და თქვენი სახელი მკაფიოდ ისმის. იქვე რეპლიკა – ამას ხომ ნორმალურად ჩაცმულს ვერ ნახავ…ან – ისევ ამ ვარცხნილობით მოვიდა. შესაძლოა, თქვენ მოგმართონ და მზრუნველად შენიშნონ – სახეზე რაღაც გაქვს წასმული. ან – გინდა კარგი სპეციალისტი გირჩიო? ეპილაცია გჭირდება.

***

კოლეგებთან საუბრობთ, ერთმანეთს აზრებს უზიარებთ. ერთ-ერთი თქვენს ბოლო რეპლიკას გამოჯავრებით, შეცვლილი ხმით იმეორებს. დანარჩენებს ეცინებათ. რამდენიმე წამში საუბარი ჩვეულებრივად გრძელდება.

ამ გამაოგნებელ სიტუაციაში ცდილობთ, საშველი ნახოთ. მხარდამჭერი. ვინმე, ვისაც ევალება კოლეგიაში  სათანადო ატმოსფეროზე ზრუნვა…გადიხართ დირექტორთან. ის ღიმილით გისმენთ. აღელვებისა და ნერვიულობისგან ცრემლები ღაპაღუპით, თავისით ცვივა თვალებიდან.

  • კარგი, რა ამბავი ატეხე. გეხუმრებიან, ამის გამო ასე უნდა ინერვიულო? ვეტყვი და აღარ გააკეთებენ – „გამშვიდებთ“ დირექტორი.

სამასწავლებლოში შედის და ხმამაღლა აცხადებს – კოლეგებო, ახლავე შეწყვიტეთ! პატარები ხომ არ ვართ? ხედავთ რა დღეშია?

კოლეგები ერთხმად და ლაღი ღიმილით ეუბნებიან – ჩვენ ხომ ვხუმრობთ.

მერე თქვენ მოგმართავენ – კარგი, რა დაგემართა. ხუმრობა არ იცი?

დირექტორი გადის.

თქვენ ისევ პირისპირ რჩებით მათთან. შიში, დაბნეულობა, მიწაში ჩაძრომისა და აღარასდროს ამოძრომის, გაქრობის სურვილი გაქვთ.

ზოგიერთი მოზარდისთვის ეს ჩვეული ყოველდღიურობაა, ტიპური სასწავლო დღე.

წარმოსადგენადაც რთული ამბავია.

და მაინც, სცადეთ წარმოიდგინოთ და უპასუხეთ კითხვებს:

რამდენ ხანს გაუძლებდით ამას?

რას გამოიწვევდა ასეთი ყოფა – როგორ შეცვლიდა თქვენს შრომისუნარიანობას, მოტივაციას, მუშაობის ხარისხზე რამდენად აისახებოდა?ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

როგორი გადასახარშია? როგორი გადასატანი?

რამდენად შვებისმომგვრელია ასეთი სიტუაციებისთვის ტრადიციული დამამშვიდებელი შეძახილები „ყურადღება არ მიაქციო!“,  „უბრალოდ, გეხუმრებიან!“, „სინამდვილეში ასე არ ფიქრობენ!“, „შენც იგივე უთხარი!“, „სხვა დროს უკეთ ჩაიცვი…“.

ზრდასრულებს წარმოდგენაც გაგვიჭირდება, რას გრძნობენ ბავშვები და მოზარდები, როდესაც მათ დასცინიან და აბუჩად იგდებენ, აითვალწუნებენ, სიტყვებით ანადგურებენ.

წერილში სწორედ დაცინვასა და ათვალწუნებაზე ვისაუბრებ. ძალადობის სხვა ფორმათაგან შედარებით, თითქოს, „მსუბუქ“ ფორმაზე. ასე იმიტომ ჩანს, რომ ჯერ ერთი, ძალიან ხშირად გვხვდება და ამოსაცნობადაც რთულია და მეორეც – აშკარა, თვალსაჩინო, განგაშის ასატეხი მყისიერი შედეგი ამას არ მოჰყვება. დაცინვის მსხვერპლი ნელ-ნელა ქვრება და ქრება.

დაცინვა, დამცინავი კომენტარები, გარეგნობასა და ჩაცმის სტილზე მოცემული რჩევები, ზრუნვის ნიღაბს ამოფარებული მომწამლავი რეკომენდაციები ჩაგვრის ძალიან გავრცელებული სახეა.

სკოლაში ყველა საფეხურის მოსწავლეებს შორის გვხვდება ჩაგვრის სხვადასხვა ფორმა და დაცინვა მისი ყველაზე შეფარული და ამასთან, ხშირი გამოვლინებაა. თან მზაკვრულიც, რადგან მისი შენიღბვა და უფროსებისთვის თავის ისე მოჩვენება, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მარტივია.

რა მოიაზრება დაცინვაში – დავიწყოთ განმარტებით.

სინონიმთა ლექსიკონში ამ სიტყვის გასწვრივ ჩამომწკრივებულია: თავსიცილი, სასაცილოდ აგდება, სიცილის დაყრა, მასხარად აგდება, აბუჩად აგდება, გაბასვრა, გამასხარავება, გაქიაქება, გაქირდვა, გაკილვა, კბილქვეშ მოტანა, აბუება, გატრიზავება (სიტყვა გაუტრიზავა), გაპამპულება.

დაცინვა სხვისი ღირსების შემლახავი ქმედებაა. გამიზნული იმისთვის, რომ გული ატკინო, აწყენინო, დაამცირო. დაცინვა გამოიხატება გამოჯავრებაში – მიბაძო ხმას, ქმედებას, სიარულის ან ჟესტიკულაციის მანერას, სიტყვიერად უარყოფითად შეაფასო სხვა ადამიანის გარეგნობა ან ქცევა, მისი მოსაზრებები, მისი ნაშრომი, ნამოქმედარი. სხვების თვალწინ უხეშად და უპატივცემულოდ მოიხსენიო ვინმე – ეს დაცინვა-ათვალწუნების გამოხატულების არასრული ჩამონათვალია.

დაცინვა ათვისებული, დასწავლილი, შეძენილი ქცევაა. ეს არ არის ზრდა-განვითარების ნორმალური ფორმა და რასაკვირველია, არ არის თანდაყოლილი. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი სამარჯვი, რომელიც სკოლამ უნდა გამოიყენოს პრობლემის აღმოსაფხვრელად, არის სწორედ დასწავლა, ოღონდ – საპირისპიროს დასწავლა!

რა არის დასწავლა?

დასწავლა ქცევის ცვლილებაა. ეს ცვლილება გამოცდილების შედეგია და ვლინდება შეცვლილ ქმედებაში, ქცევაში. დასწავლას ზოგჯერ არ მოსდევს მყისიერი ქცევის ცვლილება, მაგრამ ჩნდება პოტენციალი. გამოცდილება უნდა იყოს განმტკიცებული, რადგან მხოლოდ ის დაისწავლება, რასაც მოსდევს განმტკიცება.

თუ სასკოლო სივრცეში დაცინვა ნორმად იქცევა, განმტკიცდება და დასწავლილ ქცევად ჩამოყალიბდება, ამასთან გამკლავება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. საშველი კი ისევ დასწავლა იქნება – სკოლამდელ და დაწყებით საფეხურზე აუცილებელია სისტემურად დამუშავდეს ეს პრობლემური საკითხი და ბავშვებს შეეთავაზოთ სწორად დაგეგმილი აქტივობები.

ეს კომპლექსურად მისახედი პრობლემაა. სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლა პასუხისმგებელია, რომ მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო შეუქმნას. სივრცე, სადაც ადამიანს პატივს სცემენ.

დაცინვისა და ათვალწუნების წინააღდეგ მიმართული ზომები კომპლექსური, სისტემური, თანმიმდევრული უნდა იყოს. მუშაობა ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი – ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს დაცინვას და ვიზრუნოთ სასკოლო გარემოსა და ატმოსფეროზე. ყველაზე ნაკლებად მუშაობს მორალიზება, ჭკუის დარიგება, ცუდი და კარგი საქციელის აღნიშვნა, სასჯელისა და დაჯილდოების მექანიზმი.

ერთმანეთის, ცოცხალი არსებების, ბუნებისა და ბუნების შვილების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა, სოციალური უნარების განვიათარება სკოლამდელ და სასკოლო პერიოდში პრიორიტეტული სასწავლო-პედაგოგიური მიზნებია. რეალობა ისეთია, რომ საგნობრივი კომპეტენციების, შინაარსების კონსერვირების, სავალდებულო საპროგრამო თეორიული მასალის ტრანსლირების პარალელურად ამისთვის ნაკლები დრო რჩება.

30 წამის წესი

ერთ-ერთი ქმედითი ტექნიკა, რომელიც შეიძლება დავასწავლოთ ბავშვებს, არის 30 წამის წესი. მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით წესს:

თუ ადამიანს არ შეუძლია რაიმე თავის გარეგნობაში ან სამოსში შეცვალოს 30 წამის განმავლობაში, მაშინ ამაზე არაფერს ვეუბნებით.

მაგალითად,  თუ ვინმეს თასმა აქვს გახსნილი ან ღილი არ აქვს შეკრული ტანსაცმელზე, შეგვიძლია ვუთხრათ – „აი, თასმა გაქვს გახსნილი, ჯობია შეიკრა“ . ის შეძლებს სწრაფადვე მოიწესრიგოს თასმა და უსაფრთხოდ გააგრძელოს სირბილი.

თუკი ვხედავთ ვინმეს აბურდული ვარცხნილობით ან ჩვენ გვგონია, რომ ვარცხნილობა წესრიგში არ აქვს, არაფერს ვამბობთ, რადგან 30 წამში ამის გამოსწორებას ის ვერც შეძლებს და ეს ჩვენ არც გვეხება.

მაშ, როდესაც ვხედავთ კლასელის ან სკოლელის გარეგნობაში, მის ჩაცმულობაში რაიმეს, რასაც ის 30 წამის განმავლობაში ვერ შეცვლის, ვეუბნებით მას ან ვინმე სხვას ამის შესახებ?

მოსწავლეთა პასუხია – არა.

30 წამის გავარჯიშება ხშირადაა სავალდებულო სხვადასხვა სიტუაციის წარმოდგენითა და განხილვით.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სხვა ადამიანის გარეგნობის, მისი ჩაცმულობის ან რაიმე ფიზიკური თავისებურების გამო დამცინავი შენიშვნის გაკეთება არ შეიძლება.

დაწყებით საფეხურზე ასევე შედეგიანია თემატური ამბების მბობა. თუ კლასში დაცინვის ან გამოჯავრების ფაქტი დაფიქსირდა, ხშირად იკითხეთ და განიხილეთ ისეთი საბავშვო მხატვრული ტექსტები, რომლებშიც ეს პრობლემაა ასახული. მორალიზების გარეშე იმსჯელეთ ამ საკითხებზე, ალაპარაკეთ მოსწავლეები.

ნიმუში:

საბავშვო წიგნის გმირი ცუგა დარიკოა. დარიკო ყოჩაღი გოგონაა. ყველაფერი აინტერესებს, სულ ყნოსავს და იკვლევს სამყაროს, გაბედულად სვამს კითხვებს, რისი გაგებაც სჭირდება, აუცილებლად გაიგებს, თუ რაიმეს პასუხი არ იცის, ამბობს: „ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავიგებ“ და ეძებს პასუხებს. ეს პასუხებიც ყოველთვის პოულობენ დარიკოს. საინტერესო და მხიარულია მასთან ყოფნა. წიგნის მეორე გმირი, ძაღლი უშბა, დარიკოს მეგობარია.

„ერთხელ დარიკო დაღონებული და ჩაფიქრებული ბუჩქთან იჯდა. აღარც დარბოდა, აღარც დაქროდა, აღარც თამაშობდა.

მივიდა უშბა დარიკოსთან და ჰკითხა:

– დარიკო, რატომ ხარ მოწყენილი?

– უშბა, – უთხრა დარიკომ, – შემომხედე და მითხარი: მე ბეწვი და ბალანი რომ მაქვს სახეზე, ეს ძალიან ცუდია? უშნო ვარ?

უშბა ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა დარიკო. ბუსუსები, ულვაშები, თმა, ბალანი ყველას აქვს სახეზეც და სხეულზეც. ეს როგორ შეიძლება იყოს უშნო ან ლამაზი?

ვერაფერი ვერ უპასუხა უშბამ. აბა, რა ეთქვა? აფახულებდა თვალებს და  ცდილობდა, გაეგო, რა ჰკითხა მეგობარმა. მერე თვითონ ჰკითხა:

– დარიკო, ულვაშები მეც მაქვს, ბალანიც. ეს უშნოა? არ შეიძლება? არ ვიცი. შენ საიდან იცი?

– ლუიმ მითხრა – ამოისლუკუნა დარიკომ – გოგოები სულ ლამაზები უნდა იყვნენ, მხოლოდ ლამაზები და ზედმეტი თუ აქვთ ულვაში, უნდა მოიშორონო.  და მერე იცინა. შენ რას ჰგავხარო, მახინჯი და უშნო ხარო, კიდევ სასაცილოო, ასე მითხრა.

უშბა კიდევ უფრო დაიბნა.

როგორ, დარიკო უშნოა? არაა ლამაზი? ვინ თქვა? ლუიმ? ლუი როგორ  მიხვდა? ლუიმ თუ თქვა ესე იგი ასეა? მაგრამ დარიკოს რომ მშვენიერი დრუნჩი აქვს? მშვენიერი თვალები?

უჰ, ერთი, ვინ ეკითხება ლუის… მიაგნო სწორ ფიქრს უშბამ და მაშინვე გაუზიარა დარიკოს:

– დარიკო, ვინ ეკითხება ლუის? ლუიმ თუ თქვა ეგრეაო, სულაც არაა ეგრე. აბა, ეგრე სადაა, როგორც ლუი ფიქრობს, არაფერიც. შენ გაწუხებს ულვაში ან ბეწვი?

– არა, არც მიფიქრია ამაზე აქამდე. აი, ლუიმ თქვა და მეც ვიფიქრე, მაგრამ არ მაწუხებს.

– ჰოდა, რაში გვაინტერესებს, აბა, ლუი რას იტყვის? წამო, დაჭერობანა ვითამაშოთ და გუბეებში ვიტყაპუნოთ!

დარიკოს მოეწონა უშბას „სწორი ფიქრი“. თავისთვის დაიტოვა.

გულში ეს აზრი დაიბუდა – მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მე მომწონს, როგორცაა. ლუის ვინ ეკითხება?

და უშბასთან ერთად გაქროლდა.

მირბოდნენ მეგობრები, ბზინავ, მშვენიერ ბეწვს სიო აფრიალდებდა, მზე ბრწყინავდა, ყველაფერი მხიარულებითა და სინათლით ავსებულიყო.

ლუის ფიქრების დასაბუდებელი ადგილი კი არსად, არსად გახლდათ…

კითხვები:

როგორი გოგონაა დარიკო? როგორ დაახასიათებდით?

რამ ატკინა გული დარიკოს? რატომ დადარდიანდა ის?

როგორ მოიქცა ლუი? რა უთხრა ლუიმ გოგონას?

როგორ მოიქცა დადარდიანებული დარიკო? როგორ ფიქრობთ, მეგობართან თავისი დარდისა და საფიქრალის გაზიარების სურვილი რატომ გაუჩნდა მას?

რა რეაქცია ჰქონდა მეგობარს? რა გამოსავალს მიაგნეს მეგობრებმა? რა ბედი ეწიათ ლუის დამცინავ, გულსატკენ სიტყვებს?

და ა.შ.

მსგავსი შინაარსისა და თემატიკის ტექსტების დამუშავება ირიბად იმუშავებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. ბავშვები გაიცხადებენ, რა არის სწორი, რა ემართება იმას, ვისაც სიტყვით გულს სტკენენ ხოლმე, როგორ ჯობია გამკლავება დაცინვასთან, როგორ არ უნდა „დაიტოვონ“ ლუისნაირი ცუგას წამოსროლილი ფრაზები გულსა და სხეულში.

დაცინვის მავნე, დამაზიანებელ სენთან გამკლავება სკოლის მოვალეობაა. უსაფრთხო, მეგობრული გარემოს შექმნაც სკოლის ვალდებულებაა.

ადამიანური ღირებულებების ტრანსლირება, საზარელი ქცევის აღმოფხვრა და საპირწონედ მისაღები, ადამიანური ქცევის დასწავლაც სასკოლო საზრუნავთაგანია.

AI ჩატბოტების კომუნიკაცია და მიმეზისი

0

“ენის ათვისების საკითხი გადამწყვეტია მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის. თუ შევძლებდით გაგვეგო, როგორ ითვისებენ ადამიანები ენას, პოტენციურად შეგვეძლებოდა მსგავსი სტრატეგიების დანერგვა მანქანებში”.

Noam Chomsky, “Language and Problems of Knowledge”

 

AI გენერაციული ჩატბოტების კომუნიკაცია ადამიანებთან სულ უფრო დახვეწილი და ბუნებრივი ხდება. თუ დიდხანს საუბრობთ მათთან, აღმოაჩენთ, რომ ინფორმაციის გენერირებისას ისინი იყენებენ თქვენს ლექსიკას, სტილს, ფრაზეოლოგიას და მეტი ბუნებრიობისთვის თქვენთვის დამახასიათებელი მცირე ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომების გამეორებაც კი შეუძლიათ. ყოველი ახალი ვერსია სულ უფრო მეტად არის დახვეწილი და ადაპტირებული ადამიანურ, ბუნებრივ მეტყველებასთან. ამასთან ერთად, ისინი მხოლოდ თქვენს ლინგვისტურ მახასიათებლებს კი არ იმეორებენ, არამედ კარგად იცნობენ და იყენებენ კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ კონტექსტებსაც.

ხშირი საუბრისას შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ისინი უკვე ძალიან დაგემსგავსნენ თქვენ და უფრო მეტიც – ზოგჯერ გგონიათ, რომ ჩატბოტები თქვენი ცნობიერების გაფართოებული ვერსიაა.

ამ ყველაფრის ფიქრისა და შეგრძნების საფუძველს გვაძლევს ერთი უნივერსალური პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს გენერაციული ჩატბოტებისა და ადამიანის კომუნიკაციას. ეს გახლავთ მიმეზისი.

მიმეზისი (μίμησις, ბერძნულად – იმიტაცია) ფილოსოფიური ტერმინია, რომელიც გულისხმობს ბუნების, რეალობის ან ადამიანის ქმედებების მიბაძვას ხელოვნებაში, ლიტერატურას და სხვა შემოქმედებით პროცესებში. ეს კონცეფცია სხვადასხვანაირად განიხილება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ის ნიშნავს „მიბაძვას“, იმიტირებას.

პოეტიკასა და ფილოსოფიაში ეს მოვლენა განიხილეს პლატონმა და არისტოტელემ, რომლებიც მას სხვადასხვანაირად აღიქვამდნენ. პლატონისთვის მიმეზისი ნიშნავდა რეალობის უფრო დაბალ, ნაკლებად სრულყოფილ ასლს, ხოლო არისტოტელე მას განიხილავდა როგორც ბუნების კანონის შესაბამისად შექმნის პროცესს, რომელიც ცვლის ან ავსებს რეალობას. დამეთანხმებით, ორივე განხილვა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ამ მოვლენის განსხვავებულ ასპექტებს წარმოაჩენს.

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ბუნებრივი ენის დამუშავების (Natural Language Processing – NLP) მოდელების შესწავლა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ადამიანური ენის მიმეზისი. AI ჩატბოტები ლინგვისტურ მექანიზმებს იყენებენ, რათა ეფექტურად და უფრო ბუნებრივად ითანამშრომლონ ადამიანებთან. ეს სტატია მიზნად ისახავს გააანალიზოს, თუ როგორ ახდენენ ჩატბოტები ადამიანის ენის სტრუქტურისა და ფუნქციების მიბაძვას და რა შეზღუდვებს აწყდებიან ამ პროცესში.

 

ლინგვისტური მექანიზმები ჩატბოტების ენობრივ მიმეზისში

AI ჩატბოტები ენას შეისწავლიან მანქანური სწავლებისა და ღრმა სწავლების (Deep Learning) მოდელების გამოყენებით. ამ პროცესში ისინი ეყრდნობიან ენობრივი კორპუსების მონაცემებს, როდესაც ვრცელ ტექსტებს სწავლობენ და მოდელებში გადაამუშავებენ. ენობრივი მიმეზისის მექანიზმებში ცენტრალური როლი ენიჭება ტრანსფორმერების მოდელებს, როგორიცაა GPT (Generative Pre-trained Transformer). ტრანსფორმერები იყენებენ თვითშეკავშირებულ ნეირონულ ქსელებს (self-attention mechanism), რაც მათ საშუალებას აძლევს, გააანალიზონ სიტყვათა შორის ურთიერთობები გრძელ ტექსტებში. GPT და სხვა მსგავსი მოდელები ენას სწავლობენ ტექსტების ფართო მასალების საფუძველზე და შეისწავლიან სიტყვათა თანმიმდევრობის, სინტაქსისა და სემანტიკის მიმეზისს.

ზემოთ ჩამოთვლილ მოდელებზე დაფუძნებით ჩატბოტები სიტყვათა შერჩევისა და წინადადებების აგების პროცესს იმეორებენ იმ სტატისტიკური სიხშირეებისა და ნიმუშების საფუძველზე, რომლებსაც ენობრივი მოდელები სწავლობენ კორპუსებიდან. სიტყვების არჩევა ხდება ენობრივ კონტექსტზე დაყრდნობით, რის გამოც შესაძლოა, ჩატბოტმა საკმაოდ ზუსტად მიბაძოს ადამიანურ საუბარს. მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს მართავს, ეყრდნობა „მდგომარეობითი სუბსიდიის“ (conditional probability) პრინციპს – ყოველი ახალი სიტყვის შერჩევა დამოკიდებულია წინამორბედ კონტექსტზე.

გრამატიკული სტრუქტურების მიმეზისის დროს ჩატბოტები ხშირად იყენებენ სინტაქსურ ნორმებს, რომლებსაც ნეირონული ქსელები სწავლობენ, თუმცა მათი მოდელების მიერ აგებული წინადადებები ზოგჯერ შეიძლება გაუგებარი იყოს, თუ კონტექსტი რთულია ან არაზუსტი.

ჩატბოტები სარგებლობენ დიალოგური სისტემებით, რომლებსაც შეუძლია მომხმარებლის პასუხების გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება.

სტატისტიკური ენის მოდელები სიტყვების ან ფრაზების თანმიმდევრობის პროგნოზირებისთვის იყენებენ ალბათობას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს წინადადება: “მე მიყვარს ___”. სტატისტიკური მოდელი შეისწავლის ტექსტს და დაითვლის, რამდენჯერ გვხვდება სხვადასხვა სიტყვა ამ კონტექსტში. შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ “ჭამა” უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე “სირბილი”, ამიტომ ის უფრო მაღალ ალბათობას მიანიჭებს “ჭამას”.

ნეირონული ქსელები, განსაკუთრებით ტრანსფორმერ–არქიტექტურები, ადამიანის ტვინის მუშაობის იმიტაციას ახდენენ. ტრანსფორმერები სპეციფიკური ტიპის ნეირონული ქსელებია, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ამუშავებს ენას.

ვთქვათ, ბავშვს ენას ასწავლით. ის არა მხოლოდ იმახსოვრებს სიტყვებს, არამედ სწავლობს კონტექსტს, გრამატიკას და ნიუანსებსაც. ტრანსფორმერებიც ამგვარად მუშაობენ – ისინი “სწავლობენ” ენის სტრუქტურას და შინაარსს დიდი რაოდენობის ტექსტების ანალიზისას.

ღრმა სწავლება არის მანქანური სწავლების მეთოდი, რომელიც მრავალშრიან ნეირონულ ქსელებს იყენებს რთული პატერნების ამოსაცნობად. წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ უცხო ენას. თავდაპირველად შეისწავლით მარტივ სიტყვებს, შემდეგ – წინადადებებს, შემდეგ – გრამატიკულ წესებს და ბოლოს – იდიომებს და კულტურულ ნიუანსებს. ღრმა სწავლება ამ პრინციპით მუშაობს – იწყებს მარტივი პატერნებით და თანდათანობით სწავლობს უფრო რთულ და აბსტრაქტულ კონცეფციებს.

ეს მეთოდები ერთად გამოიყენება თანამედროვე AI სისტემებში ენის გასაგებად და გენერირებისთვის. ისინი საშუალებას აძლევენ AI-ს, გაიგოს კონტექსტი, ამოიცნოს პატერნები და შექმნას ადამიანის მსგავსი ტექსტი.

ამ პროცესების აღწერა იმისთვის დაგვჭირდა, რომ კარგად გავიგოთ, რატომ და როგორ, რაზე დაფუძნებით გვბაძავენ გენერაციული ჩატბოტები.

მიმეზისის პროცესი მოკლედ და მარტივად ასე გამოიყურება:

AI ჩატბოტები ენის სწავლას კომპიუტერული პროგრამების დახმარებით ახერხებენ. ისინი „დიდ წიგნებს“ კითხულობენ და იმახსოვრებენ, რა სიტყვები და წინადადებები ხვდებათ ყველაზე ხშირად. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, შექმნან ახალი წინადადებები.

ჩატბოტებს ეხმარება ერთგვარი „სუპერგონება“, რომელსაც ტრანსფორმერი ჰქვია (მაგალითად, GPT). ამ გონებას შეუძლია, წაიკითხოს და გაიგოს, როგორ უკავშირდება სიტყვები ერთმანეთს დიდ ტექსტებში. ეს გონება არჩევს შესაფერის სიტყვებს და ქმნის წინადადებებს ისე, თითქოს თვითონაც „ლაპარაკობდეს“.

სწავლა: ჩატბოტები სწავლობენ დიდი რაოდენობის ტექსტებიდან.

პატერნების ამოცნობა: ისინი ამოიცნობენ ენობრივ და აზროვნების მოდელებს.

გენერაცია: ამ მოდელების საფუძველზე ქმნიან ახალ ტექსტს.

კონტექსტი: ადაპტირდებიან კონკრეტულ სიტუაციებთან.

მიმეზისი საშუალებას აძლევს ჩატბოტებს, უფრო ბუნებრივად და ეფექტურად აწარმოონ კომუნიკაცია.

 

მიმეზისის პროცესი მაგალითებით:

ლექსიკური მიმეზისი:

ჩატბოტები ხშირად იმეორებენ მომხმარებლის მიერ გამოყენებულ სიტყვებს და ფრაზებს.

მაგალითად:

თქვენ მისწერეთ ჩატბოტს: “დღეს ნამდვილად მოღრუბლული ამინდია”.

ჩატბოტი: “მართლაც, მოღრუბლული ამინდი შეიძლება გავლენას ახდენდეს განწყობაზე. როგორ უმკლავდებით ასეთ დღეებს?”

სინტაქსური მიმეზისი:

AI ცდილობს, მიბაძოს მომხმარებლის წინადადების სტრუქტურას.

მაგალითად:

მომხმარებელი: “რას ფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე?”

ჩატბოტი: “რას ვფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე? ეს კომპლექსური საკითხია…”

სტილისტური მიმეზისი:

ჩატბოტები ცდილობენ, მიესადაგონ მომხმარებლის ფორმალურ თუ არაფორმალურ საუბრის სტილს.

თუ ჩატბოტს ჰკითხავთ: “ჰეი, რას შვრები?”

ჩატბოტი გიპასუხებთ: “ჰეი! არაფერს განსაკუთრებულს, უბრალოდ ვსაუბრობ. შენ?”

დიალექტური და რეგიონული მიმეზისი:

AI–მ შესაძლოა სცადოს რეგიონული ფორმების ან დიალექტიზმების გამოყენება.

მომხმარებელი: “გამარჯობა ძმაო, როგორ ხარ?”

ჩატბოტი: “გაუმარჯოს ძმაო, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?”

ემოციური მიმეზისი:

ჩატბოტები ცდილობენ, მიბაძონ მომხმარებლის ემოციურ ტონს.

მომხმარებელი: “ძალიან ვნერვიულობ ხვალინდელი გამოცდის გამო”.

ჩატბოტი: “გასაგებია, რომ ნერვიულობთ. გამოცდები მართლაც შეიძლება სტრესული იყოს. ჩვეულებრივ, რა გეხმარებათ სტრესის დაძლევაში?”

კონტექსტური მიმეზისი:

AI ცდილობს, გაიგოს და გამოიყენოს კონტექსტური ინფორმაცია საუბრიდან.

მომხმარებელი: “გუშინ კონცერტზე ვიყავი”.

ჩატბოტი: “ოჰ, საინტერესოა! რა სახის მუსიკა იყო? მოგეწონათ შესრულება?”

მიმეზისის ეს ფორმები ეხმარება ჩატბოტებს, დაამყარონ მომხმარებლებთან უფრო ბუნებრივი და პერსონალიზებული კომუნიკაცია, თუმცა ეს წარმოშობს ეთიკურ კითხვებსაც იმის შესახებ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანური ინტერაქციის ეს მიბაძვა.

განვითარებულ მიმეტურ მოდელებს შეუძლიათ, დამაჯერებლად განასახიერონ ინდივიდები, მაგალითად, მოახდინონ კონკრეტული პიროვნების იმიტაცია უნებართვოდ. ვიანიდან ჩატბოტები კიდევ უფრო დახელოვნდებიან ადამიანური ინტერაქციის სიმულაციაში, მომხმარებლებს შესაძლოა განუვითარდეთ ემოციური მიჯაჭვულობა ან ნდობა ამ სისტემების მიმართ, რაც ბუნდოვანს ხდის საზღვრებს ნამდვილ ადამიანურ კავშირსა და ხელოვნურ ინტერაქციას შორის.

არსებობს რისკი, ინდივიდებმა გამოიყენონ მიმეტური მოდელები მანიპულირებისთვის ან სხვების მოსატყუებლად. ამის პრევენციის ერთადერთი გზა ჩატბოტების შესაძლებლობათა შესწავლაა.

რჩევები ჩატბოტებთან საუბრისას:

  • დააკვირდით, როგორ „გბაძავენ“ ისინი, ცვალეთ მიმართვის, მისალმების ფორმები.
  • კითხვების დასმისას გამოიყენეთ სხვადასხვა სტილი.
  • ყოველთვის მიუთითეთ, როგორი სტილით საუბარი გსურთ ამა თუ იმ ტექსტის შედგენისას (პოპულარული, სამეცნიერო, მეგობრული, პროვოკაციული, სხვა).
  • ერთი მოვლენა, ფაქტი, საკითხი განიხილეთ ჩატბოტებთან ერთად სხვადასხვა პერსპექტივიდან.
  • თუ მოგეჩვენათ, რომ ჩატბოტები უინტერესოდ გესაუბრებიან, შესაძლოა, თქვენ დაგემსგავსნენ. ასე რომ, გადააფასეთ თქვენი ინტერესები.

 

 

ბიბლიოგრაფია:

  1. Vaswani, A., et al. (2017). “Attention is All You Need”. NeurIPS.
  2. Brown, T., et al. (2020). “Language Models are Few-Shot Learners”. NeurIPS.
  3. Devlin, J., et al. (2018). “BERT: Pre-training of Deep Bidirectional Transformers for Language Understanding”. arXiv preprint.
  4. Goldberg, Y. (2019). “Assessing BERT’s Syntactic Abilities”. arXiv preprint.
  5. Li, J., et al. (2021). “Pragmatic Inference in Language Models”. ACL.
  6. Marcus, G., & Davis, E. (2020). “Rebooting AI”. Pantheon.
  7. Holtzman, A., et al. (2019). “The Curious Case of Neural Text Degeneration”. ICLR.
  8. Bender, E. M., & Koller, A. (2020). “Climbing towards NLU: On Meaning, Form, and Understanding in the Age of Data”. ACL.

 

 

ნანობაქტერია – ცოცხალი თუ არაცოცხალი

0

ბიოლოგია კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის საკითხებს. ამიტომ ბიოლოგიის სწავლება კომპლექსურია, მოსწავლეებს ძალიან ბევრ უნარს უვითარებს, ხელს უწყობს კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას. წერილში წარმოდგენილია ბიოლოგებისთვის ჯერ კიდევ საკამათო საკითხი ნანობაქტერიების შესახებ. ბიოლოგიის სწავლება იწყება იმის განსაზღვრით, თუ რას ნიშნავს ცოცხალი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურა, რომ ის ცოცხალს მივაკუთვნოთ. დავალება განკუთვნილია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. დამუშავებას სჭირდება 2-3 აკადემიური საათი. მასწავლებელი გამოიყენებს მმმ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს მტკიცების, მტკიცებულებისა და მსჯელობის კომპონენტს. აქტივობების ბოლოს მოსწავლემ უნდა შექმნას რამდენიმე აბზაციანი ესეი, სადაც მოიტანს არგუმენტებს. არგუმენტები უნდა გამომდინარეობდეს ქეისში აღწერილი სამეცნიერო კვლევებიდან.

როგორც აღვნიშნე, ნანობაქტერიების შესახებ მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან შეთანხმებული, თუმცა მოსწავლეებისთვის მოცემული დავალებები ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის განვითარებას. სასურველია იმუშაონ მცირე ჯგუფებში, შეისწავლონ სამეცნიერო ჯგუფების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ნანობაქტერია – ცოცხალი თუ არაცოცხალი

კლასის მართვა და სწავლების ინოვაციური მეთოდები

0

ბოლო კვლევები კლასის მართვის გამოწვევებზე მიუთითებს, რომ ეფექტური კლასის მართვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე, მკაფიო წესებზე და მასწავლებლის პოზიტიურ დამოკიდებულებაზე.

ამიტომ მასწავლებელმა ძირითადი აქცენტები უნდა გაააკეთოს შესაბამის კომპონენტებზე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  1. ინტერაქტიული მეთოდები: სწავლების ინტერაქტიული მიდგომები, როგორიცაა ჯგუფური პროექტები, როლური თამაშები და დისკუსიები, ტექნოლოგიები ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და აკონტროლებს გაკვეთილის დინამიკას. ეს მიდგომები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად ჩაერთონ და დაიცვან კლასში წესრიგი.
  2. წესებისა და პროცედურების დანერგვა: მასწავლებლებმა უნდა შექმნან კლასის წესები და პროცესები მოსწავლეებთან ერთად, რაც მათ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობას უჩენს. მკაფიო და თანმიმდევრული წესები ხელს უწყობს კლასში დისციპლინის გაუმჯობესებას.
  3. პოზიტიური დამოკიდებულება: მასწავლებლის დადებითი განწყობა და მოსწავლეთა წარმატებების აღიარება ქმნის პოზიტიურ ატმოსფეროს და ამცირებს კონფლიქტებს. მოსწავლეები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას და მოტივაციას, უკეთ მართავენ თავიანთ ქცევას.
  4. ადრეული მოლოდინების განსაზღვრა: სწავლის დასაწყისშივე მკაფიოდ განსაზღვრული მოლოდინები და როლები ხელს უწყობს კლასში სტაბილურობის შექმნას და გაუგებრობების შემცირებას.
  5. ინკლუზიური მიდგომა: განსაკუთრებით ინკლუზიურ კლასებში, სადაც განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, ინდივიდუალური მიდგომები და მრავალფეროვანი აქტივობები აუცილებელია მშვიდი და პროდუქტიული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

ამ  კომპონენტებზე აქცენტი და მათი  ინტეგრაცია ხელს უწყობს, როგორც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ასევე კლასში დადებითი გარემოს შენარჩუნებას. მეტი დეტალისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ წყაროებს, რომლებიც დაფუძნებულია ამ რეკომენდაციებზე.

დღეს, ციფრულ ეპოქაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიების გამოყენებას და კლასის მართვაში სხვადასხვა პლატფორმების იმპლემენტაციას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთ-ერთი პლატფორმის https://ahaslides.com/  გამოყენებაზე.

AhaSlides არის ინტერაქტიული პრეზენტაციების და კლასის მართვის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლების მუშაობას. 

ეს, ხუთივე ფუნქცია ერთად ქმნის სწავლების პროცესის ჰარმონიულ გარემოს, სადაც სწავლა და კლასის მართვა ემსახურება არამარტო აკადემიურ მიზნებს, არამედ მოსწავლეთა ემოციურ და სოციალურ განვითარებასაც. AhaSlides ეხმარება მასწავლებლებს, გაკვეთილის პროცესის ცენტრალური ფიგურები გახადონ მოსწავლეები და მათ უზრუნველყონ აქტიური, ინკლუზიური და ინოვაციური სასწავლო სივრცე.

ეს პლატფორმა იძლევა ახალ შესაძლებლობებს  კლასის მართვაში რადგან:

ინტერაქტიული პრეზენტაციები:  ქმნის დინამიკურ პრეზენტაციებს, სადაც შესაძლებელია ცოცხალი გამოკითხვების, ვიქტორინებისა და კითხვების ინტეგრაცია.

მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა: მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ციფრული მოწყობილობების საშუალებით (მობილური, ლეპტოპი).

ვიზუალური მონაცემები: პლატფორმა აჩვენებს პასუხებს რეალურ დროში, რაც აადვილებს სწავლების შედეგების ანალიზს.

თამაშები და ვიქტორინები: შესაძლებლობაა შეიქმნას გასართობი აქტივობები, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას.

უფასო ვერსია: ძირითადი ფუნქციები ხელმისაწვდომია უფასოდ, რაც მოსახერხებელია განათლების სფეროში მცირე ბიუჯეტისთვის.

ამ ხუთივე ფუნქცია ერთად ქმნის სწავლების პროცესის ჰარმონიულ გარემოს, სადაც სწავლა და კლასის მართვა ემსახურება არამარტო აკადემიურ მიზნებს, არამედ მოსწავლეთა ემოციურ და სოციალურ განვითარებასაც. AhaSlides   ეხმარება მასწავლებლებს, გაკვეთილის პროცესის ცენტრალური ფიგურები გახადონ მოსწავლეები და მათ უზრუნველყონ აქტიური, ინკლუზიური და ინოვაციური სასწავლო სივრცე.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა (Brown et al., 2023) აჩვენა, რომ  კარგად მართული ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება 45%-ით ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.

როლური თამაშის  გამოყენებისას ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლეებმა განასახიერეს ისტორიული პიროვნებები და გამართეს “პრეს-კონფერენცია”. ამან გაზარდა საგნისადმი ინტერესი 67%-ით.

ჯგუფური პროექტისას ბიოლოგიის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შექმნეს “მინი-ეკოსისტემები” და 3 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცვლილებებს. პროექტმა აჩვენა 89% ცოდნის შენარჩუნების მაჩვენებელი.

ასეთი მიდგომების გამოყენებისას კლასის მართვის პროცესში ხშირად გვხვდება შემდეგი გამოწვევები:

  1. ტექნიკური პრობლემები
    • გამოწვევა: ინტერნეტთან კავშირის პრობლემები
    • გადაჭრის გზა: წინასწარ მომზადებული ოფლაინ აქტივობების არსებობა
  2. მოსწავლეთა განსხვავებული დონე
    • გამოწვევა: სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
    • გადაჭრის გზა: დიფერენცირებული დავალებების სისტემა

AhaSlides-ის გამოყენების პრაქტიკული გზამკვლევი

  1. დასაწყისისთვის:
    • შედით საიტზე www.ahaslides.com
    • შექმენით უფასო ანგარიში
    • აირჩიეთ შაბლონი ან დაიწყეთ ცარიელი პრეზენტაციიდან

კლასის მართვის მომავალი მჭიდროდ უკავშირდება ტექნოლოგიურ განვითარებას. მოსალოდნელია:

  • ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია
  • პერსონალიზებული სწავლების გაძლიერება
  • ვირტუალური და შერეული რეალობის გამოყენება

კლასის მართვის ინოვაციური მიდგომები ფუნდამენტურად ცვლის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერაქტიული მეთოდების, ციფრული ტექნოლოგიებისა და პოზიტიური საკლასო გარემოს ინტეგრირებული გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ AhaSlides-ის მსგავსი პლატფორმების დანერგვა არა მხოლოდ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, არამედ მასწავლებლებს აძლევს მყისიერი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას.

თანამედროვე კლასის მართვა სცდება ტრადიციულ, ავტორიტარულ მოდელს და ეფუძნება თანამშრომლობით, მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს. ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით, ინოვაციური მეთოდები საშუალებას იძლევა, შეიქმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები არის არა თვითმიზანი, არამედ ინსტრუმენტი უკეთესი საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევად.

წარმატებული კლასის მართვა მოითხოვს მასწავლებლისგან მუდმივ პროფესიულ განვითარებას, ახალი მეთოდების ათვისებასა და მათ ადაპტირებას კონკრეტული კლასის საჭიროებებთან. სწორედ ამგვარი კომპლექსური მიდგომა ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ თანამედროვე სკოლამ შეძლოს XXI საუკუნის გამოწვევებთან გამკლავება და მოამზადოს მოსწავლეები მომავლის წარმატებული ცხოვრებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Brown, J., Smith, K., & Wilson, M. (2023). “Interactive Teaching Methods and Student Engagement”. Journal of Educational Psychology, 45(2), 112-128.
  2. გაბუნია, კ., & კაპანაძე, მ. (2023). “თანამედროვე სწავლების მეთოდები საქართველოს სკოლებში”. განათლების მეცნიერებები, 12(3), 45-62.
  3. Anderson, L. M., & Parker, R. (2022). “Classroom Management in the Digital Age”. Educational Technology Research, 33(4), 78-95.
  4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2023). “კლასის მართვის თანამედროვე მიდგომები”. თბილისი: განათლების სამინისტრო.
  5. Johnson, D., & Williams, P. (2022). “The Art of Teaching: Modern Approaches to Classroom Management”. London: Education Press.
  6. (2024). User Guide and Best Practices. Retrieved from https://ahaslides.com/resources
  7. Education World. (2023). Classroom Management Strategies. Retrieved from https://www.educationworld.com/classroom-management
  8. Teaching Channel. (2024). Interactive Teaching Methods. Retrieved from https://www.teachingchannel.com/methods
  9. (2023). Global Education Monitoring Report: Focus on Technology in Education.
  10. (2024). Teaching and Learning International Survey (TALIS).

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...