შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

პირადი მაგალითი

როდესაც მასწავლებელი ხარ, ხშირად გიწევს ახალ ბავშვებთან შეხვედრა. როდესაც მასწავლებელი ხარ, ხშირად ახალ მასწავლებლებთან შეხვედრაც გიწევს. ზოგჯერ ეს სამსახურის შეცვლის დროს ხდება, ზოგჯერ სხვები იცვლიან სამსახურს და იქ მოდიან, სადაც შენ ასწავლი. პირველი საუბარი ყოველთვის მოსწავლეებს ეხება, მით უმეტეს, თუ მოსწავლეები მათ უნდა გადააბარო, ან თუ შენ უნდა გადმოიბარო, ან თუ უბრალოდ მათ გაკვეთილს უნდა დაესწრო, ან დაგესწრონ.

მსგავსი საუბრები მიყვარს, ვფიქრობ, სასარგებლოა. ბევრ საინტერესო ამბავს გავცემთ და ვიღებთ, ვაზიარებთ და ვიზიარებთ თავგდასავლებს, გამოცდილებას, თეორიას თუ პრაქტიკას. თუმცა ხშირად მწყვეტს გულს ერთი სიტყვა, ერთი ჩვეულებრივი ზედსართავი სახელი, რომელიც ურჩხულივით გამოიყურება, თუ მას რომელიმე ბავშვთან მიმართებით ვიტყვით: „სუსტია“. თითქოს სუსტი უნდა იყოს, მაგრამ იმხელა ძალას იძენს… და მეც ყოველ ჯერზე დაუღალავად ვყვები ჩემს საყვარელ ამბავს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ გადამხდა თავს.

ერთხელ პირველი კლასის მასწავლებელი ვიყავი. ამ ამბავს ასე იმიტომაც ვიწყებ, რომ ისინიც პირველი პირველკლასელები იყვნენ ჩემთვის. ეს ამბავიც ამიტომაა ამდენად ძვირფასი. როცა პირველკლასელებს პირველად ასწავლი, ყველა დეტალის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენ, ყველაფერი ასმაგად მიგაქვს გულთან, როცა ფიქრობ, რომ მხოლოდ მათ ცოდნას კი არა, შენს მომავალსაც უყრი საფუძველს, თითქოს საკუთარი თავიდან გადიხარ და გვერდიდან ხედავ სიტუაციას, აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ და რამდენად საფრთხილო და სათუთია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც მათთან ურთიერთობისას გადადგამ.

ასე და ამგვარად, ყველაფერი მშვენივრად იყო, გარდა ერთისა – კლასში ერთ პატარას ანბანზე გადასვლისას თავგზა აებნა. რა აღარ ვცადე, რა აღარ მოვიმოქმედე, მაგრამ შედეგზე ვერ გავედი. როდესაც შევამჩნიე, რომ პატარა ბიჭს უკვე შფოთვა იპყრობდა და შესაძლოა, ანბანის ვერდამახსოვრებასა და წერა-კითხვის არცოდნაზე უარესი ამბავი მომხდარიყო, დედას ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ მეტად აღარ დავტვირთავდი, აღარ ვთხოვდი, მაგალითად, დაფაზე რამის დაწერას, რადგან როცა ვერ ახერხებდა, განიცდიდა და ა.შ. ჩავთვალეთ, რომ დრო იყო საჭიროა, მოთმინება მოგვეკრიბა და გვედროვებინა.

ამასობაში ზაფხულის არდადაგები მოვიდა, მერე გავიდა და მეორე სასწავლო წელიც დაიწყო. მეორეკლასელებად ქცეული პირვეკლასელები ოდნავ უფრო სქელი წიგნებით მიუსხდნენ მერხებს და სულ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ პატარა ბიჭმა ხელი აიწია. სწორედ აქედან იწყება ჩემი საყვარელი მონაკვეთი იმ საყვარელი ამბისა, რომელსაც სახელად „პირადი მაგალითი“ ვუწოდე. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამ იმოქმედა – დასვენებამ? ერთი წლით გაზრდამ? ალბათ, ჰო. ამ ასაკში ერთი და ორი წელი, თუნდაც რამდენიმე თვე ძალიან ბევრია. პატარა ბიჭის თანაკლასელების გონება ოდნავ უფრო ადრე იყო მზად იმისთვის, რომ მეორე ენის ანბანი აეთვისებინა – პრობლემებით, ხარვეზებით, მაგრამ მაინც. მას კი მეტი დრო დასჭირდა, რადგან მისი გონება ჯერ მზად არ იყო, კიდევ რამდენიმე თვე სჭირდებოდა, რომ ყველაფერი თავისით დალაგებულიყო. სწორედ ამიტომ ვბრაზობ, როცა სიტყვა „სუსტია“ მესმის, განსაკუთრებით – მცირეწლოვან ბავშვებთან მიმართებით.

ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მეორე წელს სხვა მასწავლებელი რომ ჰყოლოდა, მე კი კლასზე საუბრისას ახალი მასწავლებლისთვის მეთქვა: ჰო, იცი, ეს პატარა ბიჭი სუსტია, აი, ასე, უბრალოდ ინგლისურს ვერ სწავლობს და მორჩა. მერე ეს ახალი მასწავლებელი კლასში შესულიყო და მისთვის ზედმეტი და არასაჭირო ან სულაც არასათანადო ყურადღება დაეთმო.

მაგრამ მეორე წელს კლასი არავისთვის გადამიბარებია და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გახდა პატარა ბიჭი კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე.

სწორედ ამ ამბავმა დამარწმუნა, რომ „სუსტი“ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარემოებები, რომელთა დანახვა და გათვალისწინება ზოგჯერ რთულია და ჩვენც გვირჩევნია, მოკლე გზით მოვუაროთ. სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უფრო დიდია და არაცნობიერად ალბათ ესეც გვაფრთხობს.

როდესაც კლასს ვიბარებ და მსგავსი დახასიათება მესმის, ამ ამბავს ვყვები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პატარებზე ვსაუბრობთ, რადგან ასაკში ოთხი და ხუთი თვის სხვაობაც კი კონკრეტული საკითხებისთვის განსხვავებულ მზაობას გვაძლევს.

ამ ამბის მოყოლის მთავარი მიზანიც ეს იყო: დავფიქრდეთ. ან იქნებ თქვენც გჭირდებათ ამბის ცოდნა პატარა ბიჭზე, რომელიც ამასობაში უკვე საკმაოდ დიდი გახდა; ბიჭზე, რომელმაც შეფასება „სუსტია“ მანამდე დაამარცხა, ვიდრე მას ვინმე ხმამაღლა მიაწებებდა; ბიჭზე, რომლის ამბავიც დღემდე ციცინათელასავით დამყვება და მინათებს სიბნელეს, სადაც ვისიმე შესახებ ამბობენ, რომ „სუსტია“.

ჩემი პირადი მაგალითი ხომ თქვენთვისაც შეიძლება იყოს მაგალითი? ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, ყველაზე მომთმენები უნდა ვიყოთ და გვჯეროდეს მათი, ვინც ყოველდღე წინ გვიზის და თავის მომავალს გვანდობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“