შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

ფოლადის ბზრიალა

0

მარო წერეთლის დღიური ერთ დღეში წავიკითხე, მღელვარებით. მართალია, საშინელ წლებში, გასული საუკუნის ყველაზე შემზარავ ნაწილში აღმოვჩნდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი თვალით დავინახე დასანახი, მოწმე გავხდი. ოცდაათიანების, ორმოციანების უბედურებებზე, უდანაშაულოთა მკვლელობებსა და გადასახლებებზე, წამების მრავალგვარ ფორმებზე ადრეც წამეკითხა, ახლა კი მეც იქ ვიყავი, განწირული ადამიანების რიგში, დარდით გულდამძიმებული, გამოსავლის გამუდმებული ძებნით გადაღლილი.

ვინ არის მარო წერეთელი? საკვირველი ძალისა და შესაძლებლობების მქონე ქალი, რომლის ცხოვრების ამბავიც ისტორიის წიგნებშია ჩასაწერი, ისტორიის გაკვეთილებზეა მოსაყოლი. 1935 წელს, შუაღამისას, მის ქმარს, პროფესორ ალექსანდრე წერეთელს აპატიმრებენ, უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს. მას ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური, ფაშისტური ორგანიზაციის წევრობას თუ სულაც შექმნას აბრალებენ. მკვლევრის, მასწავლებლის გზა მოულოდნელად წყდება. წინ შუა აზიის ბანაკები და ცხოვრებაწართმეულის გაუსაძლისი ყოფაა.

წიგნში ორი ათწლეულის ამბებია მოთხრობილი – საყვარელი ადამიანის კვალის ძებნის, პოვნის და დაკარგვის, სიყვარულის სახელით ჩადენილი გმირობის, სასოწარკვეთასთან ბრძოლის, ერთგულების, რომელსაც იმხანად ბევრი, ალბათ, ვერც გაიგებდა და ვერც გაამართლებდა. ჩემთვის კი ისიც ძვირფასია, როგორ ავსებს ავტორი დღიურის გვერდებს, რა ალღოთი და გამბედაობით, მისაბაძი წინდახედულებით – იქ სვამს წერტილს, სადაც ფეხი იოლად გადაუბრუნდებოდა, გულწრფელობით სავსე მონათხრობი რაღაც სხვად გადაექცეოდა.

„მიკვირს, საიდან მომეცა ძალა და ენერგია, რა ყოფილა ადამიანი?! რის ატანა შესძლებია?! უწინ ღამით ვერ გამოვიდოდი გარეთ მარტო, მოულოდნელი გაფაჩუნებისაც მეშინოდა, ეხლა კი უცხო ხალხშიდ, უცნობ ადგილებში დავდივარ მარტოდ-მარტოდ. იმგვარი ძალა მაქვს მოცემული, მგონია, რომ ქვის წვიმაში გავივლი და არაფერი დამიშავდება“, – წერს მარო წერეთელი, თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული. სხვა ადგილას კი იტყვის: „აგრე მგონია, ხელ-ფეხი ქვისა მაქვს და ვერა ვხრი“.

ტანჯვას დასასრული არ უჩანს. დარბის გამწარებული ქალი ერთი ბანაკიდან მეორეში, ცდილობს, ქმარს ფული და საკვები მიაწოდოს, შეატყობინოს, რომ ახლოსაა, რომ ისევ ისე უყვარს და ენატრება, რომ ნახვის მცდელობაზე ხელის აღებას არ აპირებს. იშვიათი შეხვედრებისას კი დრო მეტად სწრაფად გადის, იმის დაჯერებასაც ვერ ასწრებენ, რომ სასწაული მოხდა. „ვეღარცერთი ვიღებთ ხმასა: გარღვეული ნაქსოვის თვლებივით გველევა ერთმანეთისთვინ სათქმელი სიტყვები და ვართ ასე. ვდუმვართ, ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანია, საერთოდაც ჩვენა ვართ სიცოცხლის ბუნდოვანი გაგრძელებანი. მაინტერესებს, სადამდე აქვს შეძლება ადამიანს, ამგვარი ყოფა აიტანოს, თუკი დასასრული აქვს ყოველივეს, ამგვარ ყოფას რად არ უჩანს ბოლო?“ – კითხვას სვამს მარო წერეთელი და ამ სიტყვებსაც მოაყოლებს: „რა წუთსაც ვიფიქრებ, რომ ყველა გასაძლებს უკვე გავუძელი, მერე ახალ-ახალი გასაძლებები არ ილევა და ბრუნავს და ბრუნავს ყველაფერი ფოლადის ბზრიალასავით თავის გარშემო“.

ძალიან გრძელი ამბავია, ოცი წლის განმავლობაში ბრძოლისა და გადარჩენის. წიგნი კი თითქოს მწერლის ხელითაა დაწერილი, მომნუსხველი მხატვრული სახეებით, შედარებებით, მეტაფორებით… მარო წერეთელი, პროფესიით ექიმი, მხოლოდ ის ქალი არ არის, გადასახლებულ ქმარს ქვეყნის დასალიერში რომ მიჰყვება, ყველა შემხვედრს შეძლებისდაგვარად რომ ეხმარება, დიდი თუ მცირე განსაცდელისთვის თვალის გასწორებას რომ ახერხებს, ის შეუდარებელი მთხრობელიცაა, ენის წიაღში დამალული განძის მძებნელი.

 

ამბები ნოემბრიდან

0

 

გუშინ დილით აფთიაქში შევედი. ორთაჭალის მიწურულს. სომხეთისკენ მივდიოდი – ერევანში ქართული წიგნის კუთხე გავხსენით. ადრე დილაა და მარტო ვარ და აფთიაქარს ველი. სანამ ის წამალს ეძებს, ერთი პოლიციელი შემოვიდა – ტანად – ზორბა, სახით – კეთილი. ჰოდა, შემოვიდა, გაიღიმა და მითხრა: ,,ბატონო გიორგი, თუ მიცანითო?”. – ,,უი, კი, როგორ არა, ბავშვები როგორ არიან?!” და სხვა მსგავსი შეგებება დიდი ხანია დავივიწყე, ამიტომაც ვუპასუხე: ,,სამწუხაროდ, ვერა მეთქი.” ,,თქვენი საქმის გამომძიებელი ვარო!” – კიდევ უფრო გაიღიმა კაცმა. ,,ვახ! – მეთქი, მე ხომ იმ დროიდან ცოტა რამ მახსოვს და ბოდიში ბევრი!” . ,,არაო – საბოდიშო რა არისო, მიხარია, რომ ძველებურად ბევრ რამეს აკეთებთო” და ცოტა ქებაც მოაყოლა – აქ არ არის აუცილებელი ქების მოყოლა. საჭესთან ვიჯექი და მთელი გზა ლამის, ვიდრე ერევნამდე იმაზე ვფიქრობდი, რაც ისედაც ვიცით და გვითქვამს – ,,რა უცნაურია ცხოვრება!” სუიციდის მცდელობა რომ მქონდა, ეს სრულიად პატიოსანი კაცი, რომელსაც ამ საქმის გამოძიება დაევალა, მოსულა იმ დღეს, აივანზე დამჯდარა, მცხეთის ჯვარისთვის გაუხედავს და მერე მხრები აუჩეჩავს. სამი დღის შემდეგ ჩემთან მოიყვანეს საავადმყოფოში: – თამაშობდიო? – არა – მეთქი – მიპასუხია. – ვინმე გემუქრებაო? – ძირითადად დედაჩემი მეთქი, ზამთრობით, რომ თბილად ჩავიცვა. – ვალი გაქვსო? – კი, მაგრამ ბანაკის და გადახდა არ მიხარია, მაგრამ არც მიჭირს-მეთქი. – შეყვარებული დაგშორდაო? – არა, მაგრამ ეგენი სულ მშორდებიან-მეთქი – მიპასუხია. მაშინ თავს რატომ იკლავდიო? – უკითხავს და მე ჩამძინებია. ეს ამბავი ექთანმა მომიყვა და ერთადერთია, რაც მახსოვს ღიმილად. თუნდაც ნაძალადევ ღიმილად, მალე რომ გაქრა და დაიმარხა. ოდესღაც ფოლკნერმა თქვა: ,,ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ.” ეგ მახსოვს. და ამ დუმილით ვჯობნი არსით და რიცხვით ვიწრო მტრებს, ზედაპირულ და უსაგნო ხალხს, ცრუდ მოტივტივეთ და მოლაყბეთ. მაგრამ მაგათი ჯობნა იოლია. რაც ძნელია – ამ დუმილით ვჯობნი საკუთარ თავს, რომელსაც შურისძიება და ლაპარაკი უნდა. და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. ….. დღეს ბავშვებთან სიკეთეზე ვილაპარაკე. რა არის და რატომ ვაკეთებთ ხოლმე რამე კეთილს და ერთმა მითხრა – ხან არის, სიკეთის გაკეთება გინდა და ვერ აკეთებო. რატომ-მეთქი – ვკითხე და მიპასუხა: ერთხელ ქუჩაში მკვდარი ჩიტი დავინახე, მინდოდა გამეცოცხლებინა და ვერ გავაცოცხლე და თქვენ ხომ არ იცით, რატომო? მე არ ვიცოდი. ან საიდან უნდა მცოდნოდა, რატომ მოეწყო სამყარო ასე უსამართლოდ, რომ პატარა გოგონას მკვდარი ჩიტის გაცოცხლება უნდა და ვერ აცოცხლებს.

ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებულად სწავლება დაწყებით საფეხურზე

0

(პრაქტიკული ნაწილი)

გაგრძელება

დავალება 3: კვლევა – წყლის აორთქლება და წყლის გაყინვა

მიზანი: მოსწავლეები განივითარებენ კვლევით, მოსმენის, ზეპირი მეტყველებისა და წერის უნარებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სამუშაო ფურცელს, რომელზეც მოცემულია კვლევის ინსტრუქცია. მოსწავლეები კვლევას ატარებენ სახლში უფროსის დახმარებით. მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების წესებზე და მოუწოდებს მისი დაცვისკენ. ჩატარებული კვლევის შედეგებს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად საკლასო სივრცეში განიხილავენ.

სამუშაო ფურცელი

კვლევის მიზანია წყლის აგრეგატული მდგომარეობის შესწავლა.

საკვლევი შეკითხვა: რა ემართება წყალს, როცა ძალიან ცივდება ან ძალიან თბება?

საჭირო მასალა: ორი ჭიქა წყალი, მაცივარი, ქურა ან მზიანი ფანჯარა, პატარა ქვაბი, ლითონის კოვზი, ფურცელი და ფანქარი დაკვირვებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ჩასაწერად.

ექსპერიმენტი 1 – წყლის გაყინვა

ჩაასხით ერთი ჭიქა წყალი პლასტმასის ან ლითონის პატარა ჭურჭელში.

დასვით შეკითხვა: რა მოხდება, თუ წყლიან ჭურჭელს საყინულის უჯრაში მოვათავსებთ?

გამოთქვით ვარაუდი:

მოათავსეთ ჭურჭელი საყინულე უჯრაში რამდენიმე საათით.

რამდენიმე საათის შემდეგ შეამოწმეთ წყალი და დაწერეთ, რას ხედავთ? რა მოხდა? როგორია წყლის მდგომარეობა ახლა?

დაკვირვების შედეგი:

დაწერეთ თქვენი სიტყვებით, რა დაინახეთ თითოეულ ნაბიჯზე.

 

დასკვნა: წყალი გადაიქცა ყინულად, რადგან ის ძალიან გაცივდა. ამ პროცესს ეწოდება გაყინვა.

ექსპერიმენტი 2 – წყლის აორთქლება

ჩაასხით მეორე ჭიქა წყალი პატარა ქვაბში.

დასვით შეკითხვა: რა მოხდება, თუ წყალი ძალიან გათბება?

გამოთქვით ვარაუდი:

უფროსის დახმარებით ქვაბი დადგით ქურაზე. დაიცავით უსაფრთხოება!!!

ყურადღებით დააკვირდით, როდესაც წყალი თბება. რას ხედავთ? სად მიდის წყალი? როგორია წყლის მდგომარეობა ახლა? რატომ მოხდა ასე?

დაკვირვების შედეგი:

დაწერეთ თქვენი სიტყვებით, რა დაინახეთ თითოეულ ნაბიჯზე.

 

დასკვნა: გაცხელების დროს წყალი გადაიქცა ორთქლად და ჰაერში გაუჩინარდა. ამ პროცესს ეწოდება აორთქლება.

დახატეთ სურათი, სადაც წყალი არის თხევადი, ყინული და ორთქლი.

Worksheet

The goal of the experiment is to study the different states of water.

Research Question: What happens to water when it gets very cold or very hot?

Materials Needed: Two cups of water, a freezer, a stove or sunny window, a small pot, a metal spoon, paper and pencil to record observations.

Experiment 1 – Freezing Water

Pour one cup of water into a small plastic or metal container.

Ask the question: What will happen if we put the water in the freezer?

Make a hypothesis:

Place the container in the freezer for a few hours.

After a few hours, check the water and write down what you see. What happened? What is the state of the water now?

Observation Result:

Write what you saw at each step in simple words.

Conclusion: The water turned into ice because it became very cold. This process is called freezing.

Experiment 2 – Evaporating Water

Pour the second cup of water into a small pot.

Ask the question: What will happen if the water gets very hot?

Make a hypothesis:

With the help of an adult, place the pot on the stove. Follow all safety rules!!!

Watch carefully as the water heats up. What do you see? Where is the water going? What is the state of the water now? Why did this happen?

Observation Result:

Write what you saw at each step in simple words.

 

Conclusion: When the water is heated, it turns into steam and disappears into the air. This process is called evaporation.

Draw a picture of water in its liquid state, as ice, and as steam.

შედეგების განხილვა საკლასო სივრცეში

მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს ისაუბრონ, როგორ იცვლის წყალი მდგომარეობას, როდესაც თბება ან ცივდება. სვამს შეკითხვებს: როგორ შეიცვალა წყალი მაცივარში? როგორ შეიცვალა, როდესაც გაცხელდა? და ა.შ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ სამი წინადადება ინგლისურად, სადაც აღწერენ რა მოხდა, მაგალითად: „The water was cold. It became ice. Then it melted“.

მოსწავლეები ჯგუფურად მსჯელობენ ექსპერიმენტის შედეგებზე და მასწავლებელი აჯამებს შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებსა და სიტყვათა შეთანხმებებს.

დავალება 4: ინტერაქციული თამაში ლექსიკური ბარათების გამოყენებით

მიზანი: ლაპარაკისა და კითხვის უნარების განვითარება

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წინასწარ მომზადებულ ლექსიკურ ბარათებს. თითოეულ ბარათზე გამოსახულია წყლის სხვადასხვა მდგომარეობა ან პროცესი (მაგალითად, წყლის ორთქლი, ყინული, მდინარე და სხვა) ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით განმარტონ ბარათზე განთავსებული ფრაზები და გამოსახულებები.

1.      Water (წყალი)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Water is a liquid we can drink.

წყალი არის სითხე, რომელსაც ვსვამთ.

 

2.      Ice (ყინული)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Ice is frozen water.

ყინული არის გაყინული წყალი.

3.      Steam (ორთქლი)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Steam is water. It turns into steam when it gets very hot.

ორთქლი არის წყალი. ის წარმოიქმნება გაცხელების შემდეგ.

4.      Evaporation (აორთქლება)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Evaporation happens when water turns into steam and rises into the air.

აორთქლება ხდება გაცხელების შემდეგ. აორთქლებული წყალი ჰაერში ადის.

5.      Condensation (კონდენსაცია)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Condensation happens when steam cools down and turns back into water drops.

ორთქლი გრილდება და კვლავ წყლის წვეთებად გარდაიქმნება.

6.      Rain (წვიმა)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Rain is water that falls from clouds back to the Earth.

წვიმა არის წყალი, რომელიც ღრუბლებიდან დედამიწაზე ბრუნდება

7.      River (მდინარე)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

A river is a large stream of water that flows through land.

მდინარე არის წყლის ნაკადი, რომელიც მიწაზე მიედინება.

8.      Freezing (გაყინვა)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Freezing happens when water becomes very cold.

გაყინვა ხდება, როცა წყალი ძალიან ცივდება.

9.      Melting (დნობა)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Melting happens when ice gets warm and turns back into water.

როდესაც ყინული თბება, ის წყლად გარდაიქმნება.

10.  Clouds (ღრუბლები)

მოსწავლის სავარაუდო ახსნა:

Clouds are made of tiny water drops that gather in the sky.

ღრუბლები შედგება პატარა წყლის წვეთებისგან.

 

მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს პროცესს და მოსწავლეებს ეხმარება წინადადებების ფორმირებაში.

ამ დავალებებით მოსწავლეები შეძლებენ აქტიურად შეაჯამონ ნასწავლი როგორც ბუნებისმეტყველებაში, ისე ინგლისურ ენაში. თამაშის ელემენტების შემოტანა კი კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.

ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული სწავლების მოდელი დაწყებით საფეხურზე ეფექტურია, რადგან ის აერთიანებს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებასა და ენის სწავლებას ერთ კონტექსტში. ეს მიდგომა ხელს უწყობს ღრმა და ფუნქციური ცოდნის ჩამოყალიბებას, ეხმარება მოსწავლეებს ერთდროულად გარემოს კვლევაში და ენის სწავლაში. კვლევაზე დაფუძნებული აქტივობები და ინგლისური ენის ლექსიკური დავალებები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, განივითარონ როგორც კვლევის, ისე კომუნიკაციის უნარები, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისათვის. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ბუნებისმეტყველებისადმი, კვლევითი უნარების განვითარება და კომპლექსური ცოდნის ჩამოყალიბება მათი განათლების საფუძველია. ინტეგრირებული მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად გაიღრმაონ როგორც საგნობრივი, ისე ენობრივი ცოდნა. ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის გაკვეთილების შინაარსობრივი ინტეგრაცია მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიგონ და გაიაზრონ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და მოვლენები, პარალელურად კი გააუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა. მსგავსი მიდგომები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტური გახადონ სწავლის პროცესი და განიმტკიცონ ცოდნა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ავალიანი ი., ბაღათრიშვილი ნ. (2023) ბუნებისმეტყველება II კლასი, მოსწავლის სახელმძღვანელო, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

  ტექსტის  ანალიზი სასაწავლო გაჩერებების გამოყენებით

0

ქართულის გაკვეთილები, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე ღრმა გააზრებასა და ანალიზს მოითხოვს. საგაკვეთილო ფორმატი, დროის კუთხით, ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, ამომწურავად  შეჯამდეს ესა თუ ის თემა. მით უმეტეს, თუ კლასი მრავალრიცხოვანია,  რთულდება ყველა მოსწავლის გამოკითხვა!  თუმცა განათლებაში არსებული ინოვაციები და ახალი მიდგომები ამარტივებს  ამგვარ სირთულეებს!

განვიხილოთ  მეცხრე კლასში,   ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარებული  გაკვეთილი, რომლის თემაა –  რას გვასწავლის ავთანდილის ანდერძი. სწავლებისას   გამოვიყენე  სტრატეგია -სასწავლო გაჩერებები.

სასწავლო გაჩერებები სწავლების დიფერენცირებული მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობას, კრეატიულობასა და დროის ეფექტიანად გამოყენებას. მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ახალი მასალის შესწავლის, ისე მისი განმტკიცებისას.

გაკვეთილის ფორმატი:

    1. დროის განაწილება: 45 წუთიანი გაკვეთილის 5-7 წუთი ეთმობა ინსტრუქციის გაცემასა და სივრცის მოწყობას.
    2. ჯგუფებად დაყოფა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ენიჭება კონკრეტული გაჩერების სტატუსი.
    3. ინტერაქტიური დავალებები: თითოეული ჯგუფი იღებს განსხვავებულ თემას, რომელიც უნდა დაამუშაონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
    4. პრეზენტაციები: აქტივობის ბოლოს გუნდები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ნამუშევრებს.

გაჩერებები და მათი შინაარსი

გაჩერება: ავტორის ვინაობა და პოემის წარმოშობა.
მოსწავლეები იკვლევენ შოთა რუსთაველის პიროვნებას, „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტს, წარადგენენ მოკლე ინფორმაციას.

II გაჩერება: მხატვრული ხერხების იდენტიფიცირება.
ტექსტიდან მოპოვებული მხატვრული ხერხები (მეტაფორა, ალეგორია, ანტითეზა და სხვა) კლასიფიცირდება და განიხილება.

III გაჩერება: ტექსტის პერიფრაზი და ანალიზი.
მოსწავლეები პერიფრაზის დახმარებით ავთანდილის პიროვნების დახასიათებასა და ანდერძის ღირებულებაზე მსჯელობენ.

IV გაჩერება: თანამედროვე პრობლემებზე მსჯელობა.
მოსწავლეები ტექსტიდან ირჩევენ აფორიზმს, მაგალითად: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ და ამ აფორიზმზე დაყრდნობით მსჯელობენ თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ მსგავს პრობლემებზე.

აქტივობის ბოლოს გუნდები ერთმანეთს უზიარებენ დავალებებს და თემის შესახებ წარმოდგენა უფრო ნათელი ხდება.

გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიკითა და ინტერაქტიურობით. მოსწავლეებმა წარმატებით შეისწავლეს ტექსტის მხატვრული და იდეური ღირებულებები. აქტივობამ განავითარა შემდეგი უნარები:

    1. გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია;
    2. დროის მენეჯმენტი;
    3. ტექსტის პერიფრაზი და პრობლემის თანამედროვე კონტექსტთან დაკავშირება;
    4. მხატვრული ხერხების იდენტიფიცირება და გამოყენება.

მსგავსი პრაქტიკა  მოსწავლეებში ისეთ უნარებს ავითარებს, როგორიცაა გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი, კრეატიულობა, გაჯეტების  სასიკეთოდ  მოხმარება, მხატვრული ხერხების ცოდნის მიზნობრივად გამოყენება, ტექსტის გააზრება და არსებული პრობლემის თანამედროვეობასთან  დაკავშირება.

ამ მეთოდის გამოყენებით ჩატარებულმა  გაკვეთილმა  ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. საგაკვეთილო დროში მათ მოახერხეს და სრული წარმოდგენა შეგვიქმნეს ავტორისა და პოემის,  ავთანდილის ანდერძის შინაარსობრივ მხარესა  და მხატვრულ-იდეურ ღირებულებებზე.

როგორ ვაქციოთ რუტინული აქტივობა სახალისოდ

0

სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეთა მოტივაციაა. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ მნიშვნელოვნად იკლებს, როცა გაკვეთილი რუტინული და ერთფეროვანია. მსგავს გარემოში მოსწავლეები ადვილად კარგავენ მოტივაციას და სწავლა უფრო მოვალეობად აღიქმება, ვიდრე განვითარების პროცესად. კვლევებით დგინდება, რომ ინტერაქტიული და ინოვაციური აქტივობები, რომლებიც თამაშს შემოქმედებითობას და ტექნოლოგიებს  ეფუძნება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობას, ზრდის სწავლის ეფექტურობას და ხელს უწყობს მათ შემოქმედებით აზროვნებას. ამ სტატიაში წარმოდგენილი იქნება აქტივობა, რომელიც ტრადიციული სწავლების მეთოდს ინოვაციურ მიდგომად გარდაქმნის და ნათლად გამოაჩენს, თუ როგორ შეიძლება სწავლა გახდეს სასიამოვნო და პროდუქტიული პროცესი.

ალბათ ყველა მოსწავლეს ჰქონია ისეთი გაკვეთილი, სადაც მოსაწყენი რუტინისა და მოტივაციის დეფიციტის გამო ყველაფერი უკეთებია გაკვეთილზე დროის გასაყვანად,გარდა მასში უშუალო მონაწილეობისა. ყველა მასწავლებელს კი უფიქრია იმაზე,თუ რა იწვევს საგაკვეთილო პროცესისადმი ამგვარ უინტერესობას. ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანია მოსაწყენი,ცარიელი რუტინა, სადაც ყოველი შემდგომი ნაბიჯი და აქტივობა ერთმანეთს ჰგავს, რაც თავისთავად, დროთა განმავლობაში მოსაბეზრებელი ხდება.

მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებს შესასწავლი თემა სწორად და სრულყოფილად მიაწოდოს, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მათში მოწყენისა და უინტერესობის ნაცვლად დიდი მოტივაცია გამოიწვიოს. მართლაც, სწავლის პროცესი უნდა იყოს იმდენად დინამიკური, აქტივობები კი მოსწავლეთა ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი, რომ რუტინა იქცეს გასართობ და ინტერაქტიულ პროცესად. ამისთვის შესაძლებელია სასწავლო პროცესში ინოვაციური აქტივობების გამოყენება, რაც იწვევს მოსწავლეთა სრულ ჩართულობას, სწავლა-სწავლების პროცესი კი ბევრად უფრო შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი ხდება.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთი აქტივობის ორ ვარიანტს და ძალიან მოკლედ შევეცდებით ტრადიციული აქტივობა გარდავქმნათ ინოვაციურ აქტივობად.

აქტივობის თემა: სხეულის ნაწილები (Parts of  the human body).აქტივობის სახელი: გამოვიყენოთ სხეულის აღმნიშვნელი სიტყვები წინადადებებში.

აღწერა: 1.მოსწავლეები კითხულობენ და თარგმნიან ტექსტს (A Monster Kindergarten), სადაც ნახსენებია მათთვის ახალი, სხეულის ნაწილის აღმნიშვნელი ტერმინები ინგლისურად. 2. ტექსტის გაცნობის შემდეგ, მასწავლებელი ახალ სიტყვებს წერს დაფაზე, თავისი ქართული განმარტებებით. მოსწავლეებს ევალებათ ჩაიწერონ ეს სიტყვები და წინადადებები შექმნან მათი გამოყენებით.

    ახლა კი განვიხილოთ იგივე აქტივობის ინოვაციური ვარიანტი.

აქტივობის სახელი: „შექმენი შენი მონსტრი“

აღწერა: ახალი ტექსტის გაცნობისა და თარგმნის შემდეგ მასწავლებელი შემდეგ აქტივობა-თამაშს სთავაზობს მოსწავლეებს:

 

1.მასწავლებელი იყენებს ორ კამათელს. პირველი კამათლის ციფრები წარმოადგენს სხვადასხვა სხეულის ნაწილს (მაგალითად- ერთიანი არის ცხვირი, ოთხიანი არის ხელი და ა.შ); ხოლო მეორე კამათლით განისაზღვრება ამ სხეულის ნაწილების რაოდენობა.

  1. მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლები. მათ უნდა გააგორონ ორივე კამათელი და დახატონ მონსტრი იმის მიხედვით, თუ რომელი სხეულის ნაწილი და ციფრი ამოუვიდათ (მაგალითად- ნიკამ გააგორა პირველი კამათელი,სადაც ამოვიდა ციფრი ოთხი- ანუ ხელი; მეორე კამათლის გაგორებისას კი- ციფრი ხუთი. ნიკამ უნდა დახატოს მონსტრი, რომელსაც აუცილებლად ექნება ხუთი ხელი, დაარქვას მას სახელი, გააფერადოს და ა.შ.).

3.ამის შემდეგ, თითოეული მოსწავლე გამოდის კლასის წინაშე და აკეთებს თავისი შექმნილი „მონსტრის“ შესახებ მოკლე პრეზენტაციას, მაგალითად: „This is my monster Max, he has got five hands and three eyes…“

ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი სასარგებლო უნარები, როგორიცაა: კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება, შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.
მსგავსი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესი აუცილებლად გახდება  მიმზიდველი და ნაკლებად მოსაწყენი, სადაც მოსწავლეებს კეთებითა და თამაშით ბევრად გააზრებულად შემოესწავლებათ ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი.

სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ გულისხმობს. მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან, აზროვნებენ, ქმნიან და პრაქტიკაში იყენებენ შესწავლილ მასალას. „შექმენი შენი მონსტრი“ ტიპის ინოვაციური აქტივობები მოსწავლეებს არა მხოლოდ სასწავლო მასალის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება, არამედ განუვითარებს მათ კრეატიულობას, გუნდურობასა და პრეზენტაციის უნარებს. მსგავსი მიდგომები სასწავლო პროცესს მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები მუდმივად ეძებდნენ ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც სწავლას და თამაშს გააერთიანებს.

მსგავსი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესი აუცილებლად გახდება  მიმზიდველი და ნაკლებად მოსაწყენი, სადაც მოსწავლეები კეთებით და თამაშით ბევრად გააზრებულად  დაეუფლებიან ამა თუ იმ  მნიშვნელოვანი საკითხს.

„ედემის ბაღი“ –  მხიარული აქტივობები ბავშვებისთვის

0

ედემის ბაღი – უნივერსალური იდიომია, ის მითოსის ნაწილია და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ქრისტიანობისა და ერთი რელიგიის. სწორედ ამიტომაც ამ იდიომმა ჩვენს ენაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ის ყველაზე ლამაზს, ღვთაებრივს და ჯადოსნურ ადგილს აღნიშნავს.

მასწავლებლები ძალიან ვუფრთხით საგაკვეთილო პროცესში ისეთი ამბებისა და ისტორიების შეტანას, რომლებიც რომელიმე რელიგიას უკავშირდება. ვშიშობთ ტოლერანტობის პრინციპი არ დავარღვიოთ ან რომელიმე ჩვენს მოსწავლეს, რომელიც სხვა კონფესიის აღმსარებელია, არ ვაწყენინოთ. თუმცა ამდაგვარი გაფილტვრაც საკმაოდ ხელოვნური და ნაძალადევია, როდესაც მაინც გვიწევს მთელი რიგი პროგრამული ტექსტების სწავლება, რომელთა სიუჟეტებშიც ქრისტიანულ რელიგიას წამყვანი ადგილი უკავია, უფრო სწორედ, ქრისტიანობის გამტკიცების მიზნითაა დაწერილი, მაგალითად: ჰაგიოგრაფია. რელიგიის მიმართ ასეთი შიშნარევი დამოკიდებულობით, ჩვენ უნებურად მთელ ქართულ ლიტერატურას გვერდს ვუვლით, რადგან ჩვენს მწერლობაში ძირითადი ხაზი, ძირითადი სიმბოლოები, ალუზიები თუ მეტაფორები – ქრისტიანულია და ბიბლია/სახარებიდან მომდინარეობს. ქრისტიანობამ თავის მხრივ ეს ყველაფერი წარმართობიდან აიღო, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა, და ამაზე სხვა დროს.

მხიარული აქტივობები

არატემპერირებული რომანი სხეულის მიღმა ყოფნაზე – კიმ დე ლ’ორიცონის „Blutbuch“

0

ეს ძალზე უჩვეულო წიგნია. ამიტომ წერილიც უჩვეულოდ უნდა დავიწყო – იმის მოყოლით, ერთმანეთს როგორ შევხვდით:

ერთ დღეს გადავწყვიტე, დამეძებნა, რა ხდებოდა თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში. აღმოვაჩინე, რომ 2022 წელს, ანუ ერთი წლის შემდეგ, რაც „აკუმმა“ მიიღო ჩვენებური ჯილდოები, Deutscher Buchpreis წლის საუკეთესო რომანისათვის მიუღია შვეიცარიელი მწერლის სადებიუტო წიგნს „Blutbuch“. ავტორი, კიმ დე ლ’ორიცონი, არაბინარული ადამიანია და რომანში თავის გამოცდილებას აღწერს. ის ფაქტი, რომ ერთმანეთის არსებობის შესახებ არც ვიცოდით (მან არც დღეს იცის) და ერთსა და იმავე თემაზე დავწერეთ ჩვენი პირველი წიგნები, თანაც ერთსა და იმავე დროს, უკვე საკმარისი მიზეზი იყო ლ’ორიცონის რომანის წასაკითხად.

ალბათ, იცით, ის განცდა, კარგი წიგნის დამთავრებისას რომ გეუფლება – გულსავსე ხარ. და ეს სისავსე დიდხანს არ გტოვებს, საფიქრალად გრჩება. მიუხედავად ნაკლოვანებებისა, რომლებზეც ქვემოთ გიამბობთ, ლ’ორიცონის რომანმაც ეს განცდა დამიტოვა, რაც რამდენიმე ღირსებითაა განპირობებული:

უპირველესად, საოცრად დახვეწილი ენით. ესაა ძალზე პოეტური ტექსტი, მისი ავტორი შესანიშნავად ფლობს და იყენებს გერმანული ენის მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ის მოხდენილად თამაშობს სალიტერატურო გერმანულსა და შვეიცარიულ გერმანულს შორის არსებული განსხვავებებითაც. რამდენიმე მაგალითი: სათაური „Blutbuch“ სალიტერატურო გერმანულიდან გადმოითარგმნება, როგორც „სისხლის წიგნი“, მაგრამ შვეიცარიულ გერმანულში „Buch“ აგრეთვე, ნიშნავს „წიფელს“ („die Buche“) და „მუცელს“ („der Bauch“). და იმ დროს, როდესაც პროტაგონისტი-მთხრობელი, რომელსაც ასევე, კიმი ჰქვია (ავტოფიქციის კლასიკური შემთხვევა), თავისი ამბისა და თავის გამოსარკვევად წერას იწყებს, გაჰყურებს ბარში მდგარ წითელ წიფელს, სისხლისფერ წიფელს – Blutbuche – ბავშვობისას მისი ერთადერთი მესაიდუმლე და მეგობარი რომ იყო. რატომ წერა? იმიტომ, რომ კიმი არც კაცია, არც ქალი და თავის ამბავზე ვერც დადუმდება და ვერც ილაპარაკებს. მოყოლით კი აუცილებლად უნდა მოჰყვეს – რასაც არ მოვყვები, მჭამსო, – თავადვე აღიარებს, – „Was ich nicht erzähle, isst mich“. წერა კი არც დუმილია, არც ლაპარაკი, მაგრამ მოყოლაა. ამრიგად, მის მდგომარეობას სწორედ წერა შეეფერება, რადგან წერაც ორმაგობის მიღმაა. აქვე კიდევ ერთი ლამაზი მიგნება:

„Und das Schreiben ist in der westlichen Kultur seit Odysseus, immer der Versuch, ein Zuhause zu finden, das es vielleicht schon nicht meher gibt, das es vielleicht erst noch zu erzählen gilt. Das Medium, das Odysseus trägt, ist gleichermassen das Meer wie auch die Sprache“ („წერა კი დასავლურ კულტურაში ოდისევსიდან მოყოლებული ყოველთვის იმისი ცდაა, იპოვო შინ, შინ, რომელიც, ალბათ, უკვე აღარც არსებობს, რომელიც, ალბათ, კვლავ ღირს მოყოლად. ენაც ზუსტად ისევეა ოდისევსის მედიუმი, მედიუმი, რომელსაც ის თან დაატარებს, როგორც – ზღვა“).

წიგნს მიძღვნა აქვს: „Fur meine Meere“. აქაც სიტყვების თამაშია: „das Meer“ სალიტერატურო გერმანულში „ზღვას“ ნიშნავს, შვეიცარიულში კი – „დედას“ და სიტყვა „ბებიაც“ მისი გამოყენებით იწარმოება: „das Großmeer“. მთხრობელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არტიკლი არის ყოველთვის საშუალო სქესისა – das. ქალად ყოფნა ოკეანედ ან ნივთად ყოფნას ნიშნავს, მე კი ეს არ მინდაო, – წერს.

და სწორედ ამ დროს, ჯერ კიდევ ბავშვობისას, ჩნდება მის ცხოვრებაში წითელი წიფელი – რაღაც საშუალო ხესა და ცხოველს შორის, სრულიად თავისუფალი ორმაგობისაგან, ბავშვის თვითაღქმის პირველი წყარო: „Du kannst einfach wachsen. Niemand bestimmt deine Form. Ich möchte sein, wie du“ („შენ შეგიძლია, უბრალოდ, გაიზარდო. არავინ დაგიდგენს, როგორი ფორმა გქონდეს. მეც შენსავით მინდა ვიყო“).

მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – წერის ინსტრუმენტი ენაა, გერმანული კი ისევეა მოწამლული ორმაგობით, როგორც ნებისმიერი სხვა ენა. სწორედ ამიტომაა, მთხრობელი ვერცერთ ენაში რომ ვერ თავსდება: განუწყვეტელი თამაში ორ სხვადასხვა გერმანულს შორის, აქა-იქ ჩართული ინგლისური სიტყვები და ტექსტის ბოლო ნაწილი, რომელიც მთლიანად ინგლისურადაა დაწერილი – ასე იქმნება ლ’ორიცონისეული უცხო ენა:

 „Ich weiss keine Sprache für meine Körper. Ich kann weder in der Meersprache noch in der Peersprache bewegen. Ich stehe in einer Fremdsprache“ („არ ვიცი საჩემსხეულო ენა. ვერც დედაენაში ვინძრევი და ვერც – მამაენაში. უცხო ენაში ვდგავარ“).

ეს ენა, როგორც ვთქვი, სავსეა ორაზროვნებითა და პოეტური გადაცდომებით. უთარგმნელად მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

„Die feinen Falten spalteten die Lippen: Risse in einer spröden Felswand“ (გვ. 25) .

„Dein Name sprach mit mir Rosmarie, und ich hörte den Rosmarin in unserem Garten, und ich dachte, wenn ich zur Blutbuche würde, wäre ich sicher, könntest du mich nicht sehen“ (გვ.51-52).

აი, ასე უჩვეულოდ ცდილობს კიმი, გაარკვიოს თავისი ურთიერთობა დედასა და ბებიასთან და თავის სხეულთან. ამავდროულად, იკვლევს თავისი ოჯახის ქალების ბიოგრაფიებს, ადრე დედამისს რომ შეუდგენია; იკვლევს წითელი წიფლის წარმომავლობასაც.

სხეულად ყოფნა/ვერყოფნა, დედობის ამბივალენტურობა, ქალობა, როგორც თავის მსხვერპლად გაღება, დედის მიმართ ზიზღი, შიში და სიყვარულის მოთხოვნილება, სექსი, როგორც სხეულის შეგრძნობის ერთადერთი საშუალება, იდენტობის კატეგორიების აბსურდულობა (კაცები, რომლებთანაც კიმს სექსი აქვს, არ არიან გეები, ყოველ შემთხვევაში, თავს გეებად არ მიიჩნევენ), დემენცია, როგორც გაქრობა, წერა და თხრობა – აი, ის საკითხები, რომლებიც რომანშია თემატიზებული.

რა არის ეს სხეული? მნიშვნელობათა ჯამი? ან იქნებ უცხო წარმონაქმნი, ვერასდროს რომ ვერ გამოიღებს ნაყოფს: „I will not have kids. There will be no one to live in my stead. My belly will not fill with life, it is only full of blood“ („შვილები არ მეყოლება. არავინ ჩამანაცვლებს. სიცოცხლით არ აივსება ჩემი მუცელი, ჩემი მუცელი მხოლოდ სისხლითაა სავსე“). „Blutbuch“/„Blutbauch“ – სისხლის წიგნი, სისხლიანი მუცელი – ყველგან სათაურის ექო მოგვესმის.

რა საჭიროა დაუსრულებლად მოყოლა ბებიაზე, დედაზე, წინაპარ ქალებზე? რა არის ეს – შთამომავლის ბანალური ჯანყი წინაპართა მიმართ? უფრო პირიქით, ამ ჯანყის დასრულების მცდელობა, იმით, რომ ტექსტი მათ ხმად იქცევა, ვისი ხმაც არ ისმოდა – წინაპარი ქალების, დედების: „I break the circle of children who kill their parents in order to be free, to become themselves. I don’t kill my parents. I am giving birth to my mothers“.

კიდევ ერთი თავისებურება: ყველა თემა ინტერტექსტუალურ ქსოვილშია გახვეული – თითოეულ ნაწილს ეპიგრაფები აქვს წამძღვარებული და ძირითად ტექსტშიც უამრავი თეორიული, სამეცნიერო, ესეისტური ჩანართია. ბოლოს კი, რასაკვირველია, არის, ბიბლიოგრაფია ანუ „წყაროები“ („Quellen“) – თითოეულ ნაწილში გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.

ზემოთ ნაკლოვანებებზე ვთქვი და დროა, ისინიც მიმოვიხილოთ:

თუ თქვენ სიუჟეტზე ორიენტირებული წიგნები გიყვართ, „Blutbuch“ თქვენთვის არაა. წიგნს საერთოდ არ აქვს სიუჟეტი. იქ არის ამბები, მაგრამ ისინი არსაიდან იწყება და არსაით მიდის. თემები, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ტექსტში გაშლილი და გავრცობილი კი არაა, არამედ დაუსრულებლად მეორდება. ეს წიგნის წაკითხვას საკმაოდ დამღლელს ხდის, განსაკუთრებით – იმ ნაწილს, რომელშიც კიმი წითელი წიფლის წარმომავლობას იკვლევს. აქ შეხვდებით დეტალურ და ვრცელ აღწერებს, რომელი ჯიშის ხე როგორ და საიდან გაჩნდა შვეიცარიაში. ვფიქრობ, შეიძლებოდა, ამ ნაწილის უფრო მოკლედ დაწერაც – ამგვარი დეტალიზება ტექსტს სრულიად არაფერს მატებს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ავტორის განზრახვაა ასეთი სტრუქტურა: „The circle I wanted to draw is more of a spiral. The ending misses the starting line“.  – „წრე, რომლის დახატვაც მე მინდოდა, უფრო სპირალივითაა. დასასრული დასაწყისს ასცდა“. სხვაგან კი ტექსტის სტრუქტურის აღსაწერად მოხდენილ მუსიკალურ ეპითეტს იყენებს: „Es stellte sich allerdings heraus, dass Menschen wie wir keine `Geschichte` haben; nichts, was sich zu einem wohltemperierten Familienroman zusammenhämmern liesse“. – კიმისნაირ ადამიანებზე ვერ დაიწერება „კარგად ტემპერირებული“ საოჯახო საგა. „კარგად ტემპერირებული“ მუსიკალური ტერმინია და გულისხმობს ნაწარმოების იმგვარ წყობაში დაწერას, რომელშიც ყველა ტონალობა იკვრება, რადგან ბგერებს შორის მანძილი თანაბარია. თანაბარი მანძილები ბგერებს შორის კი იმიტომაა, რომ ისინი ხელოვნურად არის შემცირებული (თუ ყველა ნოტს თავის ნამდვილ სიხშირეზე ავიღებთ, ამაში დავრწმუნდებით). ამ წყობაში დაწერა ბახმა თავისი „კარგად ტემპერირებული კლავირის“ ორი ტომი – სტრუქტურის თვალსაზრისით, მათემატიკურად ზუსტი მუსიკა. ამგვარი სიზუსტე კი, ცხადია, ლ’ორიცონის რომანს არ ახასიათებს.

რომანის მეორე ნაკლი პლაკატურად ჩართული ფრაზებია კლასობრივ და რასობრივ განსხვავებებზე – ის, რასაც თანამედროვე სამყაროში აღვნიშნავდით სიტყვით „Woke“. მართალია, ზოგან მთხრობელი რადიკალური მემარცხენეობის ირონიზებასაც ცდილობს, მაგრამ მიუხედავად ეკლექტურობისა, ტექსტს ძალიან ცხადი იდეოლოგიური პოზიცია აქვს. და ეს არ არის ერთ-ერთი პოზიცია მრავალთა შორის – ეს ტექსტის მორალია, რომელსაც მკითხველებს თავზე გვახვევს.

ვფიქრობ, საკმარისი იცით საიმისოდ, რომ გადაწყვიტოთ, ამ წიგნის წაკითხვა გინდათ თუ არა. მე კი წერილს ისევე უჩვეულოდ დავამთავრებ, როგორც დავიწყე – წიგნის უკანასკნელი ფრაზით:

„My mother tongue is talking. My father tongue is silence. And my own tongue are tongues, and my tongues are dripping, dropping, blurring, streaming, rooting, flowing“ („ლაპარაკი ჩემი დედაენაა. დუმილი ჩემი მამაენაა. ჩემი საკუთარი ენა კი ენებია და ჩემი ენები იღვენთებიან, წვეთავენ, ბუნდოვანდებიან, მოჩქეფენ, ფესვს გაიდგამენ, მოედინებიან“).

 

 

ჯადოსნური სიტყვები

0

მესამე კლასში მოსწავლეები ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ შესწავლას იწყებენ. საგნის შესწავლისას მოსწავლეები არაერთ მნიშვნელოვან თემას ეხებიან. ერთ-ერთი თემა გახლავთ „ჯადოსნური სიტყვები“, რომლის ფარგლებშიც ისინი სწავლობენ ამ სიტყვების მნიშვნელობასა და სიტუაციურად გამოყენებას.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება გაკვეთილი საინტერესოდ და პრაქტიკულად წარმართოს:

აქტივობები

„ყვავებიც ჭვავის ყანაში“ – სულის, მშვენიერების საიდუმლო

0


მოვდივარ 5 ნომერი ავტობუსით, რომელიც ჩემს სახლთან ადის. ვზივარ და თვალი მარჯვნივ გამექცა – ზის ქალი, აი, მის დახატვაზე პიკასოც რომ არ იტყოდა უარს, ხოლო მის პერსონაჟად გამოყვანას დოსტოევსკის ნებისმიერი ნაწარმოები მოიხდენდა. ზის ძალიან ფაქიზი, სევდიანი და ჩაფიქრებული, თითქოს, ამოვარდნილი დროის კონტექსტიდან და, მართლაც, შემოქმედებითი, მხატვრული, ზედროული სინამდვილე.
ვფიქრობ: ნეტა, შემეძლოს ფოტოს გადაღება,  ფოტო-ნოველა იქნებოდა-მეთქი. მაგრამ ჩუმად ვერ ვიკისრე; აშკარად კი – ქალის ფიქრებში შეჭრასავით გამოდიოდა და… მოკლედ, ჩემი გაჩერებაც მოვიდა.
ის ყვავილივით ქალი სადღაც, ბაზრობაზე მიდიოდა ალბათ, წინ ტრადიციული კუბოკრული ჩანთა ედო, ამ სოციუმის წყევლასავით.
მოვედი სახლში ამ სხვადასხვა რეალობაში „ნამოგზაურები“. უჭმელი ვიყავი, ცოტა კონიაკიც მქონდა და პაწაწინა ჭიქით ასეთი სადღეგრძელო ვთქვი:
– ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, თავისი სული „ყვავილივით რომ მოჰქონდა“ ჩვენთვის, იქნებ იმ ერთისთვისაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ააცდინა საწუთრომ, – არ გადაიკვეთა მათი გზები. თუმცა პარალელური წრფეებიც ერთდებიანო რომელიღაც განზომილებაში, გამიგონია…

როცა ადამიანი ვერ ხდება თავშესაფარი, წერა შეიძლება გახდეს.

ორი პერსონაჟი მახსენდება ამ კონტექსტში.
ერთი ინგრიდ ბერგმანის კინოგმირია, მაღალი საზოგადოების, ფუფუნებაში მცხოვრები ულამაზესი ქალბატონი. ყველაფერი ყირამალა ტრიალდება მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ლაზარეთსა თუ უპატრონო ბავშვთა (ზუსტად ვერ ვიხსენებ) თავშესაფარს ეწვევა ჰუმანიტარული მიზნებით. თავიდან ეს მისი საქციელი ჩვეულებრივი „რევერანსია“, ასე რომ სჩვევია მაღალ წრეს, მდაბალთა ამა ქვეყნისათა, იმავე ცხოვრების ფსკერზე, სიბინძურეში მცურავთა მიმართ, ანუ სიკეთისა და ჰუმანიზმის ნიღბის მორგება კაცისა თუ ღვთის წინაშე თავის მოსაწონებლად, ერთგვარ ფსონად თუ სატყუარად, იგივე ფეხის ხმის აყოლა, პოპულიზმი, რაც გინდათ უწოდეთ, ერთია არსობრივად.
მაგრამ ფილმის გმირ ქალში რაღაც უცნაური მეტამორფოზი იწყება, ისეთი სიძლიერისა, როგორიც თუნდაც ვაჟას ალუდას შემთხვევაშია. იგი იწყებს ამ თავშესაფარში გამუდმებულ სიარულს, არ იშურებს ფინანსებს, ყოფიერების სიღრმეების წვდომითაა შეძრული მისი სული, სამყაროს დიდი უსამართლობის, ტრაგიზმის შეგრძნებით.
ახლობლები ჯერ უსიამოდ იჩეჩავენ მხრებს, მერე აფრთხილებენ, რომ საკუთარი მდგომარეობის შესაფერისად მოიქცეს. ქალი არ ეპუება მანამდე, სანამ მის ფსიქიატრიულში დაწვენას არ განიზრახავენ და შემდგომ განახორციელებენ კიდეც. ქალი შოკირებულია, დათრგუნული, რომ ვერავის აგებინებს, რა უნდა, თუმცა ბედთან მშვიდად შეგუებული – თითქოს, მან უნდა ზღოს მსოფლიო გაუმართაობასა და უსამართლობებზე, როგორც მსხვერპლმა, წუთისოფლის „განტევების ვაცმა“.

მეორე „უდანაშაულო დამნაშავეზე“ კი მოკლედ მოგახსენებთ უფრო – ესაა ჩეხოვის ნოველის, „პალატა N6-ის“, მთავარი გმირი ექიმი, რომელიც თავისი ფეხით მიდის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ცხოვრების „საგიჟეთს“ რომ გაექცეს განდეგილივით.

ორივე ამ პერსონაჟმა ვერ იპოვა საერთო ენა, გაგება, ნაღდი თანაგრძნობა ადამიანებთან, რომელთაგან „თეთრი ყვავივით“ განირჩეოდა. პირველ, გმირი ქალის, შემთხვევაში ეს დაჭერაა, რომელიც გაქცევასაც ჰგავს; ხოლო მეორე შემთხვევაში – გაქცევა, ოღონდ გისოსებში, ანუ დაჭერას მიმსგავსებული.
თუმცა ორივე შემთხვევაში ჩერდება წუთისოფლის ყველაზე დიდი პირობითობა – დრო და წრფივი მდინარებიდან, წრებრუნვად იქცევა – ადამიანი გაურბის თავს, სამყაროს, ისე, რომ ისევ მათ უბრუნდება, რასაც ვერ გაექცევი.
წუთისოფლის „ტუსაღობის“ ამბავია „(გა)თავისუფლებაზე მგალობელი შაშვებისა თუ ყვავებისა“…

ორი ტიპის ადამიანი არსებობს:

  1. „მატერიისა“, ანუ ყოფიერების ზედაპირზე მოტივტივე სულ, ამ „ზედაპირის“ ზედმიწევნით კარგად მცოდნე, შესაბამისად, ცხოვრების „დინებებშიც“ კარგი ლავირების უნარების მქონე. მან იცის „რა“, „როგორ“, მაგრამ ნაკლებს ფიქრობს „რისთვის?“ ან „რატომ?“. მას ჰგონია, რომ იცის ცხოვრება, მაგრამ სიღრმეებში თუ ჩაუშვი, ჩლუნგდება მისი აღქმის უნარი, რომელიც „ზედაპირზე“ ასე სხარტია. ასეთებმა იციან ანგარიში, გრძნობისა, ფიქრისა თუ ფულისა, „გიყიდიან და გაგყიდიან“ უპრობლემოდ. მათ აქვთ ლოგიკა, მაგრამ არ აქვთ ინტუიციური წვდომის ნიჭი ცხოვრებისა, ანუ იციან ამსოფლიურ მოვლენათა მერკანტილიზმი, სამწუხარო ადამიანური კანონზომიერებები, მაგრამ არ „იციან“ არსი, სად იმალება ჭეშმარიტება, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად აინტერესებთ. ისინი კაცთა სიმართლეებით კმაყოფილდებიან და საუკეთესოდ „არჩევენ“ სიტუაციებსა და ადამიანებს. მოკლედ, გადაჭარბებული, მდაბიური პრაგმატიზმი მათი „კოზირიცაა“ და „აქილევსის ქუსლიც“ – მედალს ხომ ორი მხარე აქვს?
  2. იდეის, ყოფას (ყოფით ინტელექტს) აცდენილი, ადამიანები – მათ არ იციან „ცურვა“, არც ზედაპირზე ტივტივი, მაინცდამაინც, მაგრამ სიღრმეებში ამფიბიებივით არიან. მათ იციან მიახლოებული პასუხები მარადიულ კითხვებზე, მაგრამ უჭირთ ცხოვრება სხვათა დახმარების გარეშე. ისინი არიან „მარადი ბავშვები“, მათზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს, რომ ყოფისგან არ „ჩაიყლაპონ“. თუ გადარჩნენ, ოკეანის სიღრმიდან ამოტანილ მარგალიტებს გადაგიშლიან. მათ არ იციან „ანგარიში“, მაგრამ იციან, რა არის ამაზე მნიშვნელოვანი. მათ შეუძლიათ თავგანწირვაც ამ მნიშვნელოვნისთვის. მათთვის არასდროს ისმება სიორენ კირკეგორისეული არჩევანი „ან – ან“. მათ არასდროს ერევათ ესთეტიკურ-ეთიკური და მათში თავიდანვე ჩადებულ ამ წონასწორობას ვერაფერი დაარღვევს, ყოფის შემოტევების გარდა. არადა, ყოფის მსხვერპლია მათი უმეტესობა, ნუ, თუ, მაინცდამაინც, ვაჟად ან ვან გოგად არ არიან დაბადებულნი, დიდი შემოქმედებით არა მარტო ყოფის, დროის, ბედისწერის, წუთისოფლის დამმარცხებლები. ყოფის უცოდინრობა და ყოფიერების ცოდნა მათი სისუსტეცაა და ძალაც. მედალს ხომ აქაც ორი მხარე აქვს?

სატანას არსებობის დაშვებით ღმერთმა კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანიც დაუშვა (იგივე „ან – ან“ კირკეგორისა, რომელიც ამ თხზულებაში ეშმას მიმართავს; ეს უკანასკნელი კი ისეთი „მეგობრული, უბრალო და მაცდურია“, როგორც „ძმები კარამაზოვების“ ივანთან საუბრისას). ადამიანების არჩევანიც იმითაა განპირობებული, როგორ ძლევენ ისინი საკუთარ ბუნებას, ყოფას, ყოფიერების ტრაგიზმს და რა რჩება ბოლოს მათთვის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა ამსოფლიურ პერიპეტიებში, ხშირად „გამოუსადეგარია“ ის, რაც ღვთისთვის მნიშვნელოვანია, ანუ ოსკარ უაილდის ერთ-ერთი ზღაპრისა არ იყოს („ბედნიერი უფლისწული“), ადამიანის გული და მის სიყვარულს შეწირული მკვდარი მერცხალი, მეტწილად, სანაგვეზე აღმოჩნდებიან ხოლმე…დიდებულმა სერვანტესმა თავისი „მოდელი“ შემოგვთავაზა ამ ზემოთქმული ორი კატეგორიის ურთიერთმორგებისა – თქვა, რომ სანჩო კია მცოდნე ცხოვრების ავ-კარგისა, თუმცა ბრიყვია, სულის თვალი არ გააჩნია. მრავლისგან მასხარად აგდებული დონ კიხოტი კი ღმერთს ხედავს, ამიტომ სწორედ მასშია იმავე ცხოვრების პრაგმატიზაციის ჭუჭყისგან ამაღლების მარადი სულისკვეთება…ახლა გაიღიმეთ, მოდუნდით და გულის „ყურიც“ გაახალისეთ – აი, „მარქშეიდერები“, მგონი, ამ ორი კატეგორიის ბალანსია, მაგრამ სად არის ბევრი მარქშეიდერი და კარგი ცხოვრება?!

მართლაც, რა არის თავისუფალი, ანუ ჭეშმარიტი აზროვნება?
ადამიანების წესია, „გაქვავებული“ სქემებით, სტერეოტიპებით, „კლიშეებით“ აზროვნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიდრეკილები ვართ განზოგადებისკენ, ყველას „ერთ ტაფაში მოხრაკვისკენ“, რაც სწორედ იმ ღვთაებრივი ინდივიდუალურობის, იმავე საკუთარი თავის წინააღმდეგ სვლაა.

განაზოგადეთ სიმართლე ჭეშმარიტების ძიებაში, მაგრამ „დააკონკრეტეთ“ ადამიანი; ნუ მოარგებთ მას სხვასთან „მოსულ“ ქცევებსა თუ ფიქრებს. მე აღმიქვით და მეც აღგიქვამთ, როგორც სრულიად განუმეორებელ მოცემულობას. არ არსებობს „ფორმულები“ თუ „ინსტრუქციები“ ცხოვრებისა, რადგან ბევრი და ყველაზე ნაღდი რამ ისაა, რაც ინტუიციურია, არცერთ წიგნში არ წერია და ჩვენი აღმოსაჩენია თავიდან.

აღმოვაჩინოთ ერთმანეთი!

ვისწავლოთ და ნაკლებად დავგეგმოთ ცხოვრება!
ეს უდიდესი სიამოვნებაა: როგორც ყველაფერი ის, რაც პირველად გვეძლევა წუთისოფელში.
ჩვენ „მარადი“ ბავშვები ვართ, ყველანი „საკუთარი ბავშვობიდან წამოსულები“. ბავშვი კი არ ანგარიშობს თუ ზომავს, არ ადარებს და ორჭოფობს გამუდმებით. მან იცის, ვინ უყვარდეს, ამიტომ მან „იცის“ ცხოვრებაც.
ვისწავლოთ ბავშვებისგან, როგორ არ ვიყოთ დაშტამპული, როგორ ვიგემოთ ნამდვილი და არა გამუდმებით გეგმაზომიერი ცხოვრება…
გიკვირს?! ნუ გეშინია, – ეს ყველაზე ადამიანური თვისებაა, რომლითაც სამყარო სწორად შეიცნობა!

P.S. გვახსოვდეს, რომ ყოველივე ბოლოს ერთი საყოველთაო სიბრძნისკენ მიდის: ადამიანი ადამიანისთვის „პურია“, ორივე კი „მიწის პური“…და „ამაოებაც ამაოებათა“…

 

 

 

 

 

მამა ჩიტებს ჭიკჭიკით ცნობდა

0

„ერთი მწერალია. ალბათ, არ მოგეწონებათ, ისეთი უბრალო, ყოველდღიურად გამოსაყენებელი ენით წერს, მაგრამ მაინც უნდა წაიკითხოთ“, – მითხრა ხანში შესულმა ფრანგმა ქალმა, რომელიც წიგნების მაღაზიაში გავიცანი. პატარა ბლოკნოტშიც კი ჩამიწერა იმ წიგნის სათაური, ყველაზე მეტად რომ მოსწონდა. რამდენიმე თვეში ანი ერნომ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში, მე კი ვერაფრით ვივიწყებდი, რა უცნაურად დამამახსოვრებინეს ეს სახელი.

ცოტა ხნის წინ სოფელში, ძველ წიგნებში აღმოვაჩინე ქართულად ნათარგმნი მისი მოკლე რომანი თუ გრძელი მოთხრობა „ადგილი“, საუკუნის დასაწყისში გამოსული. ისიც გამახსენდა, რომ წაკითხული მქონდა, რომ მასწავლებლის, მის წარსულში მოფუთფუთე ჩრდილების, მამასთან რთულად სახელდასარქმევი ურთიერთობის ამბავი იყო.

„საღამოობით, როცა სამზარეულოს მაგიდასთან დავალებებს ვამზადებდი, მამა ჩემს წიგნებს ფურცლავდა, მეტადრე ისტორიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების სახელმძღვანელოებს, – ჰყვება მთავარი გმირი. – უყვარდა, როცა ჩამჭრელ კითხვებს ვუსვამდი. ერთხელ მთხოვა, კარნახი დამაწერინეო. სურდა, ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ კარგად წერდა“. მამამ არ იცის, რომელ კლასშია მისი ქალიშვილი, მხოლოდ მასწავლებლის გვარს იმახსოვრებს და იმეორებს. უბრალო კაცია, მძიმე ცხოვრებაგამოვლილი. ნორმანდიელი მუშა. წვრილი მოვაჭრე.

ამ ავტობიოგრაფიულ მონათხრობში მამაც და ქალიშვილიც, რომელიც საბოლოოდ მოჯადოებული წრის გარღვევას, მასწავლებლობის უფლების მოპოვებას, სხვა სამყაროს სიკეთეების ნახვას ახერხებს, მეტად მკაფიოდ ჩანან. ახალ-ახალი შტრიხების დამატების აუცილებლობაც აღარ დგას. ზამთარში სკოლიდან დაბრუნებულ, აქოშინებულ, დამშეულ ბავშვს შინ ძნელად გასაძლები სურათი ხვდება: ფანჯარასთან ჩამომჯდარ კაცს სათქმელი არაფერი აქვს, წამოწყებულმა საქმიანობამ არ გაამართლა, უნდა გაყიდოს ყველაფერი, რასაც ფასი ჯერ ისევ ადევს. გოგონა ხვდება – დავალებების შესრულებას აზრი დაჰკარგვია, მთელი ძალა ამ სიჩუმის ატანას უნდა მოახმაროს.

„ხშირად სერიოზულად, თითქმის ტრაგიკულად მეუბნებოდა ხოლმე, სკოლაში მასწავლებელს კარგად უსმინეო, – იხსენებს მთავარი გმირი, – შიში ჰქონდა, რომ ბედის ეს უცნაური წყალობა – ჩემი კარგი ნიშნები – უცებ არ გამქრალიყო. ყოველი წარმატებული თხზულება, მოგვიანებით კი ყოველი გამოცდა კმაროდა იმის იმედად, რომ მასზე უკეთესი ვიქნებოდი“. წელი წელს ემატება და მამა-შვილს შორის გაუცხოებაც სულ უფრო თვალში საცემი ხდება. გაზრდილი მანძილი ტკივილის წყაროა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა, უბრალოდ, გამქრალია – ერთმანეთის თვალებით გამოხედვას ვეღარასდროს მოახერხებენ.

ყველაფრის მიუხედავად, კაცი კავშირს ვერ ხედავს სწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. კლიენტებთან თავს იწონებს, ჩემი ქალიშვილი სწავლობს, მასწავლებელი უნდა გახდესო, თუმცა „თანამედროვე ლიტერატურა“ მისთვის კვამლია და მეტი არაფერი. ბევრად უფრო კმაყოფილი იქნებოდა, მას მათემატიკის ან ესპანური ენის შესწავლა რომ გადაეწყვიტა, სამომავლო კეთილდღეობის წყაროდაც უფრო მარტივად წარმოიდგენდა. თავად ჩიტებს ჭიკჭიკით ცნობდა, ამინდის გამოსაცნობად ცას უყურებდა. მისი ცოდნა-წარმოდგენები სხვა რიგისა იყო და ალბათ სიამოვნებით გადასცემდა ახალ თაობასაც, ამის შესაძლებლობა რომ მისცემოდა.

არადა, ხიდი აღარ იყო, რომელზეც გოგონა და მისი ტოლები გადმოირბენდნენ და ცოტა ხნით მაინც ყურს დაუგდებდნენ.

„წელიწადის დროთა მარადიული ტრიალი, უბრალო სიამენი და ყანების სიჩუმე. მამაჩემი სხვების მიწას ამუშავებდა. დედამიწის სილამაზე და ბრწყინვალება არ დაუნახავს“, – ამასაც დაწერს წიგნის ავტორი. ცოტა არ იყოს, ზედაპირული დაკვირვების მაგალითად.

ყოველდღიურად გამოსაყენებელ ენაში ხანდახან ლამაზი სიტყვებიც გამოერევა ხოლმე. სიმართლის გზა კი ამ შემთხვევაშიც ვიწროა, საცალფეხო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...