ქართულის გაკვეთილები, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე ღრმა გააზრებასა და ანალიზს მოითხოვს. საგაკვეთილო ფორმატი, დროის კუთხით, ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, ამომწურავად შეჯამდეს ესა თუ ის თემა. მით უმეტეს, თუ კლასი მრავალრიცხოვანია, რთულდება ყველა მოსწავლის გამოკითხვა! თუმცა განათლებაში არსებული ინოვაციები და ახალი მიდგომები ამარტივებს ამგვარ სირთულეებს!
განვიხილოთ მეცხრე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარებული გაკვეთილი, რომლის თემაა – რას გვასწავლის ავთანდილის ანდერძი. სწავლებისას გამოვიყენე სტრატეგია -სასწავლო გაჩერებები.
სასწავლო გაჩერებები სწავლების დიფერენცირებული მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობას, კრეატიულობასა და დროის ეფექტიანად გამოყენებას. მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ახალი მასალის შესწავლის, ისე მისი განმტკიცებისას.
გაკვეთილის ფორმატი:
-
- დროის განაწილება: 45 წუთიანი გაკვეთილის 5-7 წუთი ეთმობა ინსტრუქციის გაცემასა და სივრცის მოწყობას.
- ჯგუფებად დაყოფა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ენიჭება კონკრეტული გაჩერების სტატუსი.
- ინტერაქტიური დავალებები: თითოეული ჯგუფი იღებს განსხვავებულ თემას, რომელიც უნდა დაამუშაონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
- პრეზენტაციები: აქტივობის ბოლოს გუნდები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ნამუშევრებს.
გაჩერებები და მათი შინაარსი
I გაჩერება: ავტორის ვინაობა და პოემის წარმოშობა.
მოსწავლეები იკვლევენ შოთა რუსთაველის პიროვნებას, „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტს, წარადგენენ მოკლე ინფორმაციას.
II გაჩერება: მხატვრული ხერხების იდენტიფიცირება.
ტექსტიდან მოპოვებული მხატვრული ხერხები (მეტაფორა, ალეგორია, ანტითეზა და სხვა) კლასიფიცირდება და განიხილება.
III გაჩერება: ტექსტის პერიფრაზი და ანალიზი.
მოსწავლეები პერიფრაზის დახმარებით ავთანდილის პიროვნების დახასიათებასა და ანდერძის ღირებულებაზე მსჯელობენ.
IV გაჩერება: თანამედროვე პრობლემებზე მსჯელობა.
მოსწავლეები ტექსტიდან ირჩევენ აფორიზმს, მაგალითად: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ და ამ აფორიზმზე დაყრდნობით მსჯელობენ თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ მსგავს პრობლემებზე.
აქტივობის ბოლოს გუნდები ერთმანეთს უზიარებენ დავალებებს და თემის შესახებ წარმოდგენა უფრო ნათელი ხდება.
გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიკითა და ინტერაქტიურობით. მოსწავლეებმა წარმატებით შეისწავლეს ტექსტის მხატვრული და იდეური ღირებულებები. აქტივობამ განავითარა შემდეგი უნარები:
-
- გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია;
- დროის მენეჯმენტი;
- ტექსტის პერიფრაზი და პრობლემის თანამედროვე კონტექსტთან დაკავშირება;
- მხატვრული ხერხების იდენტიფიცირება და გამოყენება.
მსგავსი პრაქტიკა მოსწავლეებში ისეთ უნარებს ავითარებს, როგორიცაა გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი, კრეატიულობა, გაჯეტების სასიკეთოდ მოხმარება, მხატვრული ხერხების ცოდნის მიზნობრივად გამოყენება, ტექსტის გააზრება და არსებული პრობლემის თანამედროვეობასთან დაკავშირება.
ამ მეთოდის გამოყენებით ჩატარებულმა გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. საგაკვეთილო დროში მათ მოახერხეს და სრული წარმოდგენა შეგვიქმნეს ავტორისა და პოემის, ავთანდილის ანდერძის შინაარსობრივ მხარესა და მხატვრულ-იდეურ ღირებულებებზე.