კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

სიტყვამწარე

0

არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ შენთვის დაწერილი გგონია და წამით გიკვირს კიდეც, სხვაც რომ ახსენებს, აღტაცებას რომ გამოხატავს. როგორ შეიძლება თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ ისე გავინაწილოთ, თითქოს ცნობილი ვენური ნამცხვარი იყოს? არადა, წესი სწორედ ესაა – რაც ძალიან მოგწონს, იმის შეთავაზება, ფრაზებით, რომლებითაც მოძებნას, გემოს გაგებას მოანდომებ.

თომას ბერნჰარდზე ადრეც ვწერდი და მაშინაც ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი: დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მეორე მკითხველის ადგილიც მოიძებნებოდა იმ სივიწროვეში, რომელშიც ავსტრიელ ავტორს მოეხერხებინა და მთელი მსოფლიო გამოეკეტა. მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რომ კარი შეეღოთ – რაღაც დაენახათ, დაემახსოვრებინათ.

„ძველი ოსტატებიც“ იმ განცდას აჩენს, რომ ცოტაც და ვეღარ გაუძლებ ამ უჰაერობას, მუზეუმის დარბაზების დამძიმებულ კედლებს, სასოწარკვეთილი, ცხოვრებამობეზრებული კაცის პირით ნათქვამ სიმართლეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავბრუდახვეული, უფრო და უფრო მეტი სიხარულით გადადიხარ გვერდიდან გვერდზე – ბოლოს როდის წაიკითხე ასე კარგად დაწერილი წიგნი?

მთავარ გმირს, რიგერს, ოთხმოცდაორი წლის მუსიკათმცოდნეს, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში უპოვია ნავსაყუდელი. ცოლის გარდაცვალებამ ერთიანად გაანადგურა, მზერა კი კიდევ უფრო გაუმახვილა – მისი თვალი ყველაფერს ამჩნევს, ყველა შირმის უკან იხედება და შემზარავ ფიგურებს აგროვებს. მერე რა, თუ ზოგჯერ მეტისმეტად აზვიადებს ან თავის გამამტყუნებელი სიტყვა წამოსცდება – შეცდომის უფლებაც მოპოვებული აქვს და უმაგალითო დაუნდობლობისაც.

„ყველა ხელოვნებათმცოდნე მოლაყბეა – მათრახით უნდა გამოუდგე, ხელოვნების სამყაროდან უნდა გააძევოო, თქვა რიგერმა“.

„დღეს ყველაფერი სავსეა სიმდაბლითა და ბოროტებით, სიცარიელითა და ღალატითო, თქვა რეგერმა, კაცობრიობა ასეთი უსირცხვილო და ნამუსგარეცხილი ჯერ არასოდეს ყოფილაო. რასაც უნდა შევხედოთ, სადაც უნდა წავიდეთ, მხოლოდ ბოროტებასა და უპატიოსნობას, ღალატსა და სიცრუეს და ფარისევლობას და აბსოლუტურ სიმდაბლეს ვაწყდებით…“

„თანამედროვე ავსტრიული ხელოვნება ისეთი მდარეა, არც კი ღირს, მის გამო შეგვრცხვესო, თქვა რიგერმა“.

„[ავსტრიის შესახებ] რა მშვენიერი ქვეყანაა და როგორი ღრმა მორალური ჭაობი, რა მშვენიერი ქვეყანაა და როგორი ბოროტი და მდაბიო და თვითგამანადგურებელი საზოგადოებაო, თქვა მან“.

„ეს ავსტრია საგიჟეთი მაინც იყოს, მაგრამ მხოლოდ საავადმყოფოაო, თქვა მან“.

ფურცლები გავავსე ასეთი ამონაწერებით. გულიც კი მწყდება, რომ პატარა წერილი მეათედსაც ვერ დაიტევს. აი, რას ამბობს რიგერი ბავშვობის შესახებ:

 „ჯოჯოხეთი თუ არსებობს, და, რასაკვირველია, არსებობს, ჩემი ბავშვობა იყო ჯოჯოხეთი. ალბათ ბავშვობა ყოველთვის ჯოჯოხეთია […] რომ იცოდეთ, რის ფასად დამიჯდა ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევაო! – თქვა გუშინ“.

„ბავშვობა ბნელი ჯურღმულია, რომელშიც მშობლები გაგდებენ და იქიდან სხვის დაუხმარებლად უნდა ამოძვრეო. ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ჯურღმულიდან ამოძრომას, ბავშვობა რომ ჰქვია, სამუდამოდ იქ რჩებიან გამწარებულებიო“.

ადვილი მისახვედრია, რომ მთავარი გმირი არც მასწავლებლებს დაინდობდა. მათზე საუბრისას უკმაყოფილება თანდათან ეზრდება და თუ თავიდან ის აღიზიანებდა, რომ ხელოვნების ისტორიის მუზეუმში მოყვანილ მოსწავლეებს ლაყბობით თავგზას ურევენ, ბოლოს იმაში ადანაშაულებს, რომ „მოსწავლეებში მხოლოდ სახელმწიფო ნაგავს ტენიან, მეტს არაფერს, ბატებს რომ ატენიან სიმინდს, ისე, და იმდენ ხანს უტენიან თავში სახელმწიფო ნაგავს, სანამ ის თავი ნაგვით არ ამოევსებათ“.  

„მეც ასეთი მასწავლებლები მყავდა, ძალად რომ მაკვრევინებდნენ თავიანთ მახინჯ ფლეიტაზე და ძალად რომ მაჟღარუნებინებდნენ გიტარას, მაიძულებდნენ, ზეპირად მესწავლა შილერის სულელური თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რასაც სასჯელთა შორის ყოველთვის უსასტიკესად აღვიქვამდი“.

„მასწავლებლები წვრილბურჟუაზიულად მდარე, შეზღუდული გაქანებისანი არიან და ინსტინქტურად უპირისპირდებიან თავიანთი მოსწავლეების აღტაცებასა და აღფრთოვანებას ხელოვნებით და ხელოვნებასა და, საერთოდ, ყოველგვარ შემოქმედებითობას თრგუნავენ მათში თავიანთი მოსაწყენი, უმეცარი დილეტანტობით“.

„მასწავლებლები ხომ მხოლოდ ხელოვნების შემთხვევაში არ არიან დამაბრკოლებლები და გამანადგურებლები, მასწავლებლები ხომ ყოველთვის იყვნენ ცხოვრებისა და არსებობის დამაბრკოლებლები, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებს ცხოვრება ასწავლონ, ცხოვრება აუხსნან, ცხოვრება უქციონ საკუთარი ბუნების მართლაც ამოუწურავ სიმდიდრედ, მათ ცხოვრებას უკლავენ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათ ცხოვრება ჩაუკლან“.   

კიდევ ბევრ რამეს ამბობს რიგერი – მასწავლებლებზე, პოლიტიკოსებზე, სასამართლო სისტემაზე, გაზეთებზე, ვენის ტუალეტებზე, ვენელების სახასიათო თავისებურებებზე, ავსტრიასა და ავსტრიელებზე, მათზეც, ვინც მის სიტყვებში საგულისხმოს ვერაფერს დაინახავს, მათზეც, ვინც თავიდან გაბრაზდება, მერე კი ხელს მოხასხასე ხავსისკენ გაიწვდენს.

სხვა რა ვთქვა თომას ბერნჰარდის ოსტატობაზე? რა სიტყვებით მოგაწონოთ ეს სიმწარე?

რატომ, მასწ?

0

(გამონაკლისები ქართულ ენაში)

საგანმანათლებლო პროცესი ცოცხალი პროცესია, გამუდმებულად ვითარდება. შესაბამისად, ვითარდება და იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულებაც სწავლისა და სწავლების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამაზე ლაპარაკი ახლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთ რამეზე მინდა, შევაჩერო ყურადღება:

მოსწავლეებს გამუდმებით უკვირთ და აინტერესებთ, რაც ხდება, რატომ ხდება; რასაც სწავლობენ, რატომ სწავლობენ. და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას, რაც შეიძლება ბევრ კითხვაზე გავცეთ პასუხი (თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ ამის მერე გაჩნდება ახალი შეკითხვები). ლიტერატურაც დიდწილად იმისთვისაა, რომ, ესთეტიკური სიამოვნების მიღების გარდა, ამ კითხვებსაც გასცეს პასუხი…

თუმცა ახლა ლიტერატურაზე არ ვსაუბრობ, გრამატიკულ წესებში გამონაკლისებს ვგულისხმობ.

გავიხსენოთ, თუნდაც, ხარისხის ფორმები. როგორ იწარმოება ისინი? გრამატიკის სახელმძღვანელოებში დაახლოებით ამდაგვარ განმარტებებს წავაწყდებით:

„ვითარებით ზედსართავ სახელს ხარისხის სამი ფორმა აქვს: დადებითი (შავი), ოდნაობითი (მო-შავ-ო) და უფროობითი (უ-შავ-ეს-ი).

ოდნაობით ხარისხს აწარმოებს მო – ო თავსართ-ბოლოსართი და გამოხატავს თვისებას ძირეულ ზედსართავ სახელზე ნაკლები ოდენობით.

უფროობით ხარისხს აწარმოებს უ – ეს თავსართ-ბოლოსართი და აღნიშნავს თვისებას იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ძირეული ზედსართავი სახელი.“ (https://grammar.emis.ge/exercisedetails/250).

წესები გამონაკლისების გარეშე თითქმის არ არსებობს. ასეა ცხოვრებაში, ასეა გრამატიკაში.

შესაბამისად, ამ თეორიასაც, ხარისხის ფორმების წარმოებასთან დაკავშირებით, იქვე დართული აქვს ასეთი სახის შენიშვნაც (გამონაკლისების შესახებ):

შენიშვნა:

  • -ელ და -ილ სუფიქსიან ზოგიერთ ზედსართავ სახელს ხარისხის წარმოებისას შორდება ეს დაბოლოება: გრძ-ელ-ი → მო-გრძ-ო → უ-გრძ-ეს-ი, ტკბ-ილ-ი → მო-ტკბ-ო → უ-ტკბ-ეს-ი..
  • რამდენიმე ზედსართავი სახელი ხარისხის გამოსახატავად იყენებს სხვა ფუძეს: კარგი → უკეთესი (ოდნაობითის მნიშვნელობით; ამოსავალია „კეთილი“), ცუდი → უარესი (ოდნაობითის მნიშვნელობით)…
  • „ფერის“ შემცველი ზედსართავი სახელები სხვა ხარისხის ფორმით კუმშვადია: ცისფერი → მოცისფრო.“

 

-ილ და -ელ დაბოლოება რომ ხარისხის ფორმის წარმოებისას ამოვარდება, ეს მარტივად გასაგებია ბავშვებისთვის, თანაც ასეთი ფორმა მრავლადაა.

სხვა საქმეა, როცა ხარისხის ფორმების განსხვავებულ წარმოებაზე ვსაუბრობთ: კარგი – უკეთესი, ცუდი – უარესი, პატარა – მომცრო – უმცირესი…

ალბათ, თქვენც გეკითხებიან მოსწავლეები, რატომ, მასწ?
საკითხის ასახსნელად რამდენიმე საუკუნით მოგვიწევს უკანდახევა: ძველ ქართულ ლექსიკურ მარაგში სიტყვა „კარგი“ არ არსებობდა, მის ნაცვლად იყენებდნენ „კეთილს“: „თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ“ (შდრ.: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო.“) (დაბადება 1,3-4). კეთილის აღსანიშნავად ძველ ქართულში სიტყვა სახიერი გამოიყენებოდა, მოგვიანებით ეს სიტყვა ღმერთის ეპითეტად გადაიქცა და საჭირო გახდა მისი ჩანაცვლება. ასე შეიცვალა დატვირთვა სიტყვა კეთილმა, მაგრამ მისი ხარისხის ფორმა უკეთესი არსად არ წასულა…

და ცუდი და უარესი?

ისევ კითხვა: რატომ, მასწ?

ისევ რამდენიმე საუკუნით უკან დავბრუნდეთ: ძველ ქართულში სიტყვა ცუდი ტყუილუბრალოს, ამაოს აღმნიშვნელი იყო, თანამედროვე გაგებით ცუდს კი სიტყვა ავი შეესაბამებოდა („ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა…“). შესაძლოა, ის ავის უფროობითი ხარისხის ფორმა იყოს, თუმცა ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს…

პატარა – მომცრო – უმცირესი? ისევ: რატომ, მასწ?

ისევ ძველი ქართული მოვიშველიოთ: პატარა დიალექტური ფორმაა და ის მოგვიანებით დამკვიდრდა სალიტერატურო ენაში, მანამდე კი ამ მნიშვნელობით სიტყვა „მცირე“ გამოიყენებოდა (ჩვენს მოღვაწეებსაც ხომ ასე მოიხსენიებდნენ: ეფრემ მცირე, გიორგი მცირე…). მომცრო და უმცირესიც სწორედ ამ სიტყვის ხარისხის ფორმებია…

რა თქმა უნდა, ამ წერილით ახალი არაფერი მითქვამს, უბრალოდ, ჩვენი საჭიროებები ვახსენე, ყოველთვის რომ გვიწევს შეხება, ყოველთვის რომ გვიწევს ახსნა, და ვიფიქრე, აქვე იყოს-მეთქი, შორიახლოს…

თორემ კიდევ ბევრი საკითხია (და არამარტო გამონაკლისი), რომლებზეც მოსწავლეები დაუსრულებლად დაგვისვამენ კითხვას: რატომ, მასწ?..

 

 

მოსწავლეთა  მოქნილი დაჯგუფება – ვიდეორესურსი

0

ინკლუზიური, თანამედროვე საკლასო ოთახი წარმოუდგენელია ჯგუფური მუშაობის გარეშე.

ვოდეომასალაში იპოვით პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • რა მიდგომებს ვიყენებთ მოსწავლეთა დაჯგუფებისას?
  • რა კონცეფციას უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა დაჯგუფების მიდგომები?
  • შეგვიძლია თუ არა მოსწავლეთა დაჯგუფების მოქნილი მიდგომების გამოყენებით, უზრუნველვყოთ მოსწავლეების საჭირო და ადეკვატური მხარდაჭერა?
  • არსებობს თუ არა გაკვეთილზე მოქნილი დაჯგუფების უნივერსალური წესი?

სკოლა, განათლება და რეფორმებისკენ მიმავალი გზები

0

„ქალაქში თუ სოფლად, სკოლა უნდა იყოს ყველაზე შესანიშნავი ადგილი. იმდენად შესანიშნავი, რომ ცუდი ყოფაქცევის ბავშვებს სკოლაში მისვლის აკრძალვით სჯიდნენ“.

ოსკარ უაილდი

 

„…მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სკეპტიკურ და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტანჯული აზრების ეპოქაში და ზოგჯერ მეშინია, რომ ახალ თაობას, ასეთ განათლებულს თუ ზეგანათლებულს, აღარ ექნება ის ადამიანურობა, სტუმართმოყვარეობა და კეთილი იუმორი, რომლითაც გარდასული დღეები გამოირჩეოდა“.

ჯეიმს ჯოისი

 

სისტემური განათლების ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე განათლების რეფორმირების მსურველები დგანან რიგში, რომლის ხანგრძლივობა უკვე საუკუნეებს ითვლის. რეფორმების განხორციელების მსურველთა რიგში მდგომნი შეგვიძლია განვალაგოთ წარმოსახვით სკალაზე: ლიბერალები-კონსერვატორები, – ან სხვაგვარად: პროგრესისტები-ტრადიციონალისტები. ამ სკალის ერთ-ერთ წარმოსახვით პოლუსზე აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა ბედნიერები არიან, როდესაც მათ აქვთ არჩევანი და სწავლობენ იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. მეორე პოლუსზე ალბათ ისინი განლაგდებიან, ვინც მიიჩნევს, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ, როდესაც მათ მკაცრად მიუძღვიან წინ ავტორიტეტული მასწავლებლები, რომლებმაც უკეთ იციან, რა და როგორ ასწავლონ ბავშვებს. სწორედ ამ ორ პოლუსს შორის მოძრაობს პედაგოგიური სისტემის ქანქარა (დოქტორი პ. გრეი, ამერიკელი ფსიქოლოგი).

„გულჩვილი“ პროგრესისტები (რომლებსაც ტრადიციონალისტები უნიათოებად მიიჩნევენ) ცდილობენ, ქანქარა თავისკენ გადახარონ, მაგრამ ამაოდ. ამ დროს კეთილგონიერი ტრადიციონალისტები, რომლებიც პროგრესისტებს, თავის მხრივ, განამარხებულ დინოზავრებად მიაჩნიათ, ქანქარის თავისკენ მოზიდვას ცდილობენ, მაგრამ ასევე უშედეგოდ. პედაგოგიკის ქანქარა არასდროს ტოვებს თავის სიბრტყეს. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სინამდვილეში არცერთი რეფორმა არ მუშაობს.

ადამიანები – მეცნიერები, პოლიტიკოსები, განმანათლებლები, აქტივისტები თუ რევოლუციონერები – გამუდმებით განათლების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ. ასე იყო ძველად და ასეა დღესაც. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა წონისა და ჯურის ფილოსოფოსები, მოაზროვნეები და იდეოლოგები, არისტოტელედან ლენინამდე და სოკრატედან გრამშიმდე, გამუდმებით მსჯელობდნენ იმაზე, რა, როგორ და როდის უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს. საუკუნეების განმავლობაში, სიყვარულისა და ზიზღის, გონიერებისა და უჭკუობის, გულწრფელობისა და სიცრუის გვერდით ადამიანი მუდმივად განიხილავდა სკოლის, განათლების, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის საკითხებს. „განათლების რეფორმა“, „განათლების სისტემის გაუმჯობესება“, „უკეთესი“ თუ „მომავლის“ სკოლა მუდამ განხილვის საგანი იყო:

„მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, საბჭოთა რესპუბლიკა წინ მიდის სახალხო განათლების საქმეში – ეს უტყუარი ფაქტია. „ქვემოდან“, ანუ მშრომელთა იმ მასიდან, რომელსაც კაპიტალიზმი ღიად, ძალადობით და ტყუილისა და თვალთმაქცობის მეშვეობით არ აკარებდა განათლებას, მძლავრად მიიწევს მაღლა, განათლებისა და ცოდნის სინათლისკენ. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ვეხმარებით ამ აღმავალ მოძრაობას და გულით ვემსახურებით მას. თუმცა ჩვენი მუშაობის ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა და არაღიარება იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სახელმწიფო-საგანმანათლებლო აპარატის სწორად მოწყობა, პირდაპირი დანაშაული იქნებოდა“ (ვ. ლენინი, 1921).

 

„მან, ვინც იცის, იცის. მას, ვისაც ესმის – ასწავლიან“.

„კრიტიკას ადვილად აიცილებ თავიდან, თუ არაფერს იტყვი, არაფერს გააკეთებ და არავინ იქნები“.

„ჭეშმარიტებისგან უმცირესი პირველადი გადახრა შემდგომ ათასჯერ გამრავლდება“.

„ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებ სიმამაცის გარეშე. ეს გონების უდიდესი მნიშვნელობის თვისებაა ღირსების შემდეგ“.

„ის, ვისაც არასდროს უსწავლია მორჩილება, ვერასდროს გახდება კარგი მხედართმთავარი“ (არისტოტელე, ძვ. წ. 384-322 წ.წ.).

 

„…[მე] კლასიკური სკოლის მომხრე ვარ. სკოლის, რომელიც აღზრდის ახალგაზრდებს, რომლებსაც შეეძლებათ ანალიზის ლოგიკური ოპერაციების გამოყენება, შედარება, სინთეზი, შეეძლებათ, ინდუქციური მეთოდებით (კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა) აღიქვან მსოფლიო რეალობა, განაზოგადონ მიღებული ინფორმაცია, გამოიტანონ დასკვნები და შეძლონ ნებისმიერი სხვა ფაქტის განხილვა. ასეთი სკოლა არ არის მონური და მექანიკური. პროფესიული სკოლა/სასწავლებელი არ უნდა იქცეს იმ პატარა მახინჯების გამომშვებ ინკუბატორად, რომლებმაც მხოლოდ რაღაც ხელობა იციან“ (ანტონიო გრამში, 1891-1937 წ.წ.).

„რაც უფრო დაბალია აღმზრდელის სულიერი განვითარების დონე, რაც უფრო უფერულია მისი მორალური სახე, მეტია ზრუნვა საკუთარ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, მით უფრო მეტ ბრძანებასა და აკრძალვას გასცემს იგი, თითქოსდა ბავშვებზე ზრუნვის მიზნით“.

„აღზრდის თეორიაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ არა მხოლოდ სიმართლის დაფასება, არამედ სიცრუის ამოცნობაც; არა მხოლოდ სიყვარული, არამედ სიძულვილიც; არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ ზიზღიც; არა მხოლოდ დათანხმება, არამედ წინააღმდეგობის გაწევა და აჯანყებაც“ (იანუშ კორჩაკი, პოლონელი მასწავლებელი, ექიმი და განმანათლებელი. 1878 წ., ქ. ვარშავა – 1942 წ., ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკი).

 

„პრაქტიკულად ყველას, ვისაც საქმე აქვს საგანმანათლებლო სისტემასთან, პროგრესისტი იქნება თუ კონსერვატორი, ურყევად სჯერა, რომ ბავშვების სწავლება მხოლოდ მოზრდილთა საქმეა. პროგრესისტებს მასწავლებელი ბრძენ მანიპულატორად წარმოუდგენიათ, რომელიც ბავშვებისთვის გარკვეულ გარემოს ქმნის და რბილად წარმართავს მათ ქმედებებს. იგი უზრუნველყოფს, რომ ბავშვებმა „სწორი“ თამაშები ითამაშონ, გაუჩნდეთ „სწორი“ შეკითხვები, სწორად უაპასუხონ მათ და საბოლოოდ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. ტრადიციონალისტები თამაშების გარეშე, პირდაპირ გზას არჩევენ სწორი პასუხებისკენ. ორივე ბანაკის აზრით, კარგი სწავლა კარგი სწავლების შედეგია და მათ შორის ერთადერთი ეფუძნება განსხვავებულ წარმოდგენებს იმის შესახებ, რა არის კარგი სწავლება. ორივე მიმდინარეობას სჯერა, რომ იმის გადაწყვეტა, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა, როგორ უნდა შემოწმდეს მათი ცოდნა და როგორ გააკონტროლდეს ბავშვების მიერ ცოდნის მიღების პროცესი, მხოლოდ ზრდასრულების საქმეა“ (პიტერ გრეი, მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი).

 

როგორც ამბობენ დიდი ბერძენი ფილოსოფოსისა და მასწავლებლის სოკრატეს მრავალრიცხოვანი მოსწავლეები და მიმდევრები: ესქინე, ფედონი ელისელი, ანტისთენე, ევკლიდე, არისტიპე, არისტოტელე, პლატონი, ქსენოფონტე და სხვები, – „[სოკრატე] დაჟინებით უსვამდა ხაზს ცოდნის აუცილებლობას და ამტკიცებდა, რომ მმართველნი ცოდნის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ“ (ეს იდეა შემდგომ პლატონმა განავითარა თავის იდეალურ სახელმწიფოში).

სოკრატე სახელმწიფოს უყურებდა როგორც გარკვეულ წესრიგს, განსაზღვრულს და განპირობებულს ღვთაებრივი გეგმით; წესრიგს რომელიც არ იქნებოდა ეგოისტური თვითნებობის პროდუქტი. სოკრატესეული დებულებით, ცოდნა და ზნეობრიობა ერთიანია და მათგან მომდინარეობს ორი მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. არავინ არის ბოროტი საკუთარი ნებით და ეს მხოლოდ უცოდინრობით შეიძლება მოხდეს; 2. მცოდნეს არ შეუძლია, ცუდად მოიქცეს. მეორე დებულება გულისხმობს, რომ ყველას შეუძლია, გახდეს კეთილი ცოდნის შეძენით, ინტელექტის განვითარებით (პლატონის დიალოგი „პროტაგორა“).

სოკრატეს მიაწერენ გამოთქმას, რომ მისი ცოდნა საკუთარი უმეცრების აღიარებით შემოიფაგლება. მისი მრწამსის თანახმად, ავის ქმნა უმეცრების შედეგი იყო და ავისმქმნელებს უკეთესი ცოდნა არ გააჩნდათ. ერთი რამ, რის ცოდნასაც სოკრატე ხშირად უსვამდა ხაზს, იყო „სიყვარულის ხელოვნება“, რომელსაც ის უკავშირებდა „ცოდნის სიყვარულს“, ანუ ფილოსოფიას.

სოკრატემ პირველმა მიუთითა ადამიანებს, რომ განათლება უნდა აიგოს ადამიანის, მისი სულის შემეცნებაზე. ჭეშმარიტი განათლება იმ სიბრძნისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც ადამიანის სრულყოფას შეუწყობს ხელს. იგი ადამიანის შიგნიდან უნდა მომდინარეობდეს და საფუძვლად ადამიანის სულში არსებული შთაბეჭდილებებისა და ცოდნის თვითდამუშავების უნარი ედოს. ჭეშმარიტებისკენ მიმართული განათლება გახლავთ ისეთი განათლება, რომელიც ადამიანს თვითშემოქმედებისკენ, თვითგანსჯისკენ უბიძგებს. სიბრძნეზე დაფუძნებული სწავლება უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს, თვითონ ჩამოაყალიბოს საკუთარი ცოდნა. ამის საუკეთესო მეთოდი ევრისტიკაა, ანუ კითხვების მეთოდი, როდესაც ე.წ. „ახალ ცოდნამდე“ თანამოსაუბრეებთან ერთად, შეკითხვებისა და მსჯელობის გზით მიდიხარ.

ძნელია, იკამათო ათასწლეულების წინათ სოკრატესა და მისი მოწაფეების მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდების სუსტ თუ ძლიერ მხარეებზე, მაგრამ შეგვიძლია, ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ უმჯობესია, ბავშვების სწავლება, ჩვენი ეპოქის უცნაური და მოულოდნელი თავისებურებების გათვალისწინებით, იმ „ჭეშმარიტი განათლებისკენ“ იყოს მიმართული, რომელსაც ძველი ბერძენი ფილოსოფოსები გვთავაზობენ, ვიდრე სამომხმარებლო სურვილებითა და გეგმით წარმოებული, სასწავლო წიგნებად წოდებული იმ ინგლისურ-, ფრანგულ-, ესპანურ- თუ გერმანულენოვანი მაკულატურისკენ, რომელიც ყველაფრის „პასუხს“ გვთავაზობს და რომელიც იწყება კითხვით: „How to?“ (ქართულად – „როგორ?“).

მოსწავლე ციფრული გამოწვევების პირისპირ

0

სმარტფონის სახით მოსწავლეს ხელში უზარმაზარი შესაძლებლობებიც უჭირავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს მისი ინტელექტუალური და მორალური განვითარებისა და ჩამოყალიბების გზაზე, განსაზღვროს მისი პროფესიული მომავალი და დაეხმაროს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაში. თანამედროვე მოსწავლე, რომელიც თავისუფლად ნავარდობს სამყაროს ციფრულ ოკეანეში და მის თვალწინ გადაშლილია ამ სამყაროს შეუზღუდავი შესაძლებლობები, შესაძლოა სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის წინაშე დადგეს. მნიშვნელოვანია, სმარტფონთან ერთად მოსწავლე აღვჭურვოთ იმ გამოწვევათა შესახებ ცოდნით, რომელიც ციფრულ სამყაროში მოგზაურობას ახლავს თან. ამ გამოწვევათა წინაშე კი მასწავლებლების უმთავრესი ამოცანა მოსწავლეებისთვის ხელის შეწყობა და ციფრული წიგნიერების ამაღლებაა.

ევროპის კომისიის „განათლებისა და ტრენინგების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევი მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის“ შესაძლოა იყოს ის რესურსი, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება, საკლასო ოთახებში მოსწავლეებთან შეიტანონ უფრო მეტი ინფორმაცია ციფრული წიგნიერების შესახებ და დაეხმარონ მათ ციფრული წიგნიერების სრულყოფაში და თავადაც გაიმდიდრონ ცოდნა ციფრული მოქალაქეობის შესახებ.

ინტერნეტგარემო სულ უფრო და უფრო რთული ხდება ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და ამასთან ერთად, ინტერნეტი უფრო მეტად იკავებს ადგილს სწავლისა და სწავლების პროცესში. ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ციფრული მოქალაქეობა შეძენილი უნარების ნაკრებს გულისხმობს. როგორც რეალურ, ისე ციფრულ საზოგადოებაში მოსწავლე უნდა დაეუფლოს ძირითად ცნებებს, ინსტრუმენტებსა და კომპეტენციებს, რათა გაუადვილდეს სწავლა. ამ გზაზე ორიენტირებაში კი მათ მასწავლებლებზე უკეთ ვერავინ დაეხმარება.

ასევე არსებობს რისკი, რომ იმ სიკეთესთან ერთად, რომლებსაც მოსწავლეები ინტერნეტიდან იღებენ, შესაძლებელია არასათანადო, შეუფერებელი და პოტენციურად სახიფათო ქცევაც შეიძინონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი არა მარტო აცნობდეს მათ ციფრულ შესაძლებლობებს, არამედ მისგან მომდინარე საფრთხეებზეც ესაუბრებოდეს. კარგი იქნება, მასწავლებელი ფლობდეს ინფორმაციას, საიდან და რა წყაროებიდან იღებენ და ეცნობიან მოსწავლეები ინფორმაციას, რომელ პლატფორმებს იყენებენ საკომუნიკაციოდ და რამდენად კარგად ესმით კონფიდენციალურობის პარამეტრები, ციფრული თანამეგობრობის წესები და სხვა რეგულაციები.

მასწავლებელმა მოსწავლეებთან შეიძლება განიხილოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლეებს შრომის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად დასჭირდებათ. მაგალითად, ციფრული ეკონომიკის, კოდირების, ალგორითმების ცოდნა, გამოთვლითი აზროვნება და სხვა. სამყაროში, რომელშიც ადამიანებს შორის ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია აუცილებელია რბილი უნარ-ჩვევების (მაგალითად, ინტერპერსონალური) დაუფლებაც. ასევე მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გაუზიაროს სარწმუნო და და სანდო წყაროების ბმულები, სადაც ისინი სოციალურ და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. განსაკუთრებით საჭიროა იმ თემებზე საუბარი, რომლებსაც მოსწავლეები ინტერნეტში აწყდებიან – საწყენი შეტყობინებები, პირადი ცხოვრების საკითხები, სიძულვილის ენა და სხვა.

რჩევა პედაგოგებს: ესაუბრეთ მოსწავლეებს ზოგადად, შემდეგ კი უფრო პერსონალურად) იმის შესახებ, თუ რა ტიპის ინფორმაცია იწვევს ისეთ ემოციებს, როგორებიცაა, გაღიზიანება, წუხილი, სიამაყე ან აღელვება.

განიხილეთ მოსწავლეებთან, რამ შეიძლება განაპირობოს შინაარსის დაუფიქრებლად გაზიარება. სთხოვეთ, დაასახელონ მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. შეახსენეთ, რომ ისეთი ძლიერი ემოციები, როგორებიცაა, სიხარული ან ბრაზი, ხელს უშლის რაციონალურ და კრიტიკულ აზროვნებას.

განიხილეთ წყაროს შეფასების მნიშვნელობა. სარწმუნო წყაროს ამოცნობა მარტივი და საიმედო გზით შეიძლება. ასეთი წყარო არ მალავს თავისი გავრცელებული ინფორმაციის წარმომავლობას.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ინფორმაციას მრავალი განზომილება აქვს და მას შესაძლოა უამრავი ავტორი ჰყავდეს და უამრავი წყაროდან მომდინარებდეს. კარგი იქნება, მოსწავლე ფლობდეს ცოდნას ამ ინფორმაციის ბუნების, წარმომავლობისა და მიზნობრიობის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ შეეძლოს მისი დამუშავება, გაგება, შეფასება, მთლიანობაში აღქმა და სხვებისთვის გადაცემა, რაც ციფრული წიგნიერების უნარს წარმოადგენს. თანამედროვე ინტერნეტსამყაროში ინფორმაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს: დამაზიანებელი ინფორმაცია (malinformation), მცდარი ინფორმაცია (misinformation)და დეზინფორმაცია (disinformation). შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არა მარტო მოსწავლეებს აბნევს, ის აბნევს ზრდასრულებსაც და უქმნის მცდარ რწმენა-წარმოდგენებს სხვადასხვა მოვლენაზე.

დეზინფორმაციის ტექნიკურ ასპექტებთან ერთად მისი ეთიკური ასპექტების განხილვა უფრო სრულყოფილ წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს არა მხოლოდ დეზინფორმაციის მუშაობის მეთოდებზე, არამედ იმ ზიანის შესახებ, რომლის მოტანაც მას ცალკეული პირისა და საზოგადოებისთვის შეუძლია. შესაბამისად, მოსწავლეებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა, არ გააზიარონ მსგავსი ტიპის ინფორმაცია და სხვებიც გააფრთხილონ ამის შესახებ.

ყოველივე იმის აღსანიშნად, რასაც ინტერნეტში ვაწყდებით, მრავალი ტერმინი გამოიყენება. პედაგოგებს ზოგიერთის მნიშვნელობა გამოადგებათ მოსწავლეებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს.

*ალგორითმები: ციფრულ პლატფორმებში ალგორითმები ის ინსტრუმენტებია, რომლებიც მომხმარებელს კონტენტს იმის მიხედვით აწვდის, თუ რა არის ამ მომხმარებლისთვის რელევანტური და მოსაწონი.

*ხელოვნური ინტელექტი (სისტემა) (Artificial Inteligence): კომპიუტერული ან სამანქანო პროგრამა, რომელიც შექმნილია ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადამიანის ინტელექტს მოითხოვს, მაგ., სწავლის ან ლოგიკური მსჯელობისთვის.

*ბოტი: ავტომატიზებული პროგრამა ინტერნეტში, რომელიც მომხმარებელთან წინასწარ განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად ურთიერთობს.

*სამოქალაქო ჟურნალისტიკა: იმ პირთა ჟურნალისტური საქმიანობა, რომლებიც არ არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, მაგრამ ინფორმაციას საიტების, ბლოგებისა და სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებენ.

*სატყუარა შინაარსი (Clickbait): ადამიანის ან მოვლენის გამოსახულება ან ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და რეალობას არ შეესაბამება, თუმცა რეალურისგან მისი გარჩევა ხშირად შეუძლებელია.

*დიპფეიკი (Deepfakes): ადამიანის ან მოვლენის გამოსახულება ან ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და რეალობას არ შეესაბამება, თუმცა რეალურისგან მისი გარჩევა ხშირად შეუძლებელია.

*ციფრული მოქალაქეობა (Digital citizenship): აქტიურად, ხანგრძლივად და პასუხისმგებლობით მონაწილეობა ადგილობრივი, ეროვნული, გლობალური და ციფრული ონლაინგარემოს ყველა – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და კულტურათაშორის დონეზე.

*ციფრული კვალი (Digital footprint): იმ მონაცემთა კვალი, რომელიც დატოვეს ინტერნეტმომხმარებლებმა, მათ შორის ვებგვერდების გამოყენებით, ელექტრონული ფოსტით მიმოწერითა და სხვა ინფორმაციის გაზიარებით. ციფრული კვალი შეიძლება გამოიყენო ადამიანის ონლაინაქტივობისა და მისი მოწყობილობების დასადგენად.

*ციფრული წიგნიერება (Digital literacy): უნარი, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით უსაფრთხოდ და სათანადოდ ინტეგრირდე და იურთიერთო, ასევე მოიპოვო, მართო, გაიაზრო, შეაფასო, შექმნა და გაავრცელო ინფორმაცია. ის გულისხმობს კომპეტენციებს, რომლებსაც ინფორმაციულ წიგნიერებასა და მედიაწიგნიერებას, კომპიუტერულ ან ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ წიგნიერებას უწოდებენ. ის მოიცავს ციფრულ სამყაროში აქტიურ სამოქალაქო ჩაბმულობას და აქტიური მოქალაქეობის განვითარებას.

*ციფრული პედაგოგიკა (Digital pedagogy): ინოვაციური ციფრული მეთოდებისა და კონცეპტუალური მიდგომების გამოყენება. მისი მიზანია ადაპტაციური და პერსონალიზებული სწავლების, ახალი შემოქმედებითი მეთოდების დანერგვის, სწავლის გამოცდილების გამდიდრებისა და შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

*ფაქტების გადამოწმება (Fact-checking): ინფორმაციის სისწორისა და თუ სიყალბის გადამოწმების პროცესი.

*ფილტრის ბუშტი (Filter bubble): სიტუაცია, რომელშიც მომხმარებელი მხოლოდ იმ ახალ ამბებსა და ინფორმაციას ისმენს ან ხედავს, რომლისაც სწამს და რომელსაც ამჯობინებს.

*მედიაწიგნიერება: მედიასთან წვდომის, მედიისა და მედიაშინაარსის სხვადასხვა ასპექტის გააზრებისა და კრიტიკული შეფასების, ასევე სხვადასხვა კონტექსტში კომუნიკაციის დამყარების უნარი.

*მიმი: ისეთი გამოსახულება, ვიდეო, ტექსტის ნაწილი და სხვ., რომელიც, როგორც წესი, იუმორისტულია და მომხმარებლები სწრაფად აზიარებენ და ავრცელებენ, ხშირად – მცირეოდენი სახეცვლილებით.

*ფიშინგი (Phishing): შეტევა, რომელიც ფულის ან იდენტობის მითვისების მიზნით მომხმარებელს გამოსძალავს პირად ინფორმაციას, მაგალითად, საკრედიტო ბარათის ნომერს, საბანკო მონაცემებს, ან პაროლს ისეთი ვებგვერდების გამოყენებით, რომლებსაც მოტყუებით კანონიერად ასაღებენ.

*ტროლი: პირი, რომელიც სხვებს შეგნებულად შეურაცხყოფს ან თავს ესხმის ღირსების შემლახველი კომენტარებით. ტროლების ფერმა ან ქარხანა ინტერნეტში ტროლების ინსტიტუციონალიზებული ჯგუფია, რომლის მიზანია, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ მოსაზრებასა და გადაწყვეტილებაზე.

რვა თებერვალს მსოფლიოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება. ეს დღე შეიძლება გახდეს კიდევ ერთი საბაბი იმისათვის, რომ მოსწავლეებს ვესაუბროთ ინტერნეტის ფართო შესაძლებლობებზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზეც; ავამაღლოთ მათი ციფრული ცნობიერება და დავეხმაროთ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომელიც უმთავრესი ინსტრუმენტია მოსწავლისთვის, რათა იყოს მედეგი ციფრულ გარემოში, სადაც სარწმუნო ინფორმაციასთან ერთად დამახინჯებული და მცდარი ამბებიც ვრცელდება.

 

წყარო: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/documents/2023/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%20NC0922371KAN_0.pdf

 

 

 

გადარჩენის სურვილი

0

ჩემმა ნათლულებმა ნანა მაჩაიძე გააბრაზეს, ყველასათვის საყვარელი „ნანიკო მასი“. ბავშვებს არაფერი უთხრა, ამოვიდა სამასწავლებლოში და მე მეჩხუბა: საცემი ხარ, რა დაანათლე ასეთიო… ისე, მართლა რა დავანათლე ასეთი?!

სხვათა შორის, ეს ნანიკო მასი სულ იმას ამბობს, ყოველდღე მათი სიზარმაცის გამო გაბრაზებული რომ აღარ მოიშლის ნერვებს, გულს არ დაიავადმყოფებს, რომ რაც უნდათ ის უქნიათ. თუმცა მეორე დღეს უარესად იხეთქავს გულს. რომ ეკითხები, კაცო, შენ ხომ თქვი, ნერვებს არ ავიშლიო. გპასუხობს: რა ვქნა, ეს ქვეყანა მეცოდებაო.

სხვათა შორის, მისი და სკოლის დირექტორის დამსახურებაა, ერთი წლის შემდეგ წერა რომ გავაგრძელე. ნანიკო მაჩაიძემ კვირაში რამდენიმე გაკვეთილი გვიან ჩამისვა ცხრილში. მეც დილის ექვსიდან ცხრამდე მაქვს დრო, რომ ვწერო. დღის დანარჩენი დრო სკოლას, სკოლის შემდეგ გაკვეთილების მომზადებას მიაქვს, მით უმეტეს, რომ ისტორია მთლად ბრწყინვალედ არ ვიცი. დანარჩენი დრო ბოსტანს. ხეებს, სამ ძაღლს: „ბურთას“, „მიშკას“, „გოგოს“, ორ ხბოს: „ლოლასა“ და „ნიშას“, ორ ძროხას ეთმობა. თავიანთი წილი ყურადღება უნდათ ღოროანთ ბესოს, კოფრჩხილოანთ ზურას, ლევანს, არსენას, კოპს. სიკვდილს დაავიწყდა ორივე, დედაჩემი და მამაჩემი დამავიწყდნენ.

სკოლის დირექტორმა მეტი მოტივაციისთვის ლეპტოპი დამითმო. ჩემი ლეპტოპი სამოცკრედიტიანის გამოცდებმა შეიწირა. ჰოდა, ვწერ ახლა მათი ხათრით უფრო, ზარები მოვიხსენი ყელიდან.

ჰოო, კიდევ ქართულის მასწავლებელმა „აჭარა“ შორენა არძენაძემ ბლოკნოტი მაჩუქა, წარწერით „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“. კიდევ კარგი არ დამავიწყდა, რა გაუძლებდა!!

***

ჩემი მამიდა და დაწყებითების მასწავლებელი მეჩხუბება, გაციებული რომ ხარ, მაინცდამაინც მაშინ რატომ მეხუტებიო. მეც ვეუბნები, ოდესმე დირექტორი სკოლიდან გაგაგდებს-მეთქი. იცინის… მასზე არასოდეს არაფერი დამიწერია. არადა, ყველაზე მეტად ის იმსახურებს. წარმოდგენაც არ მინდა, ვინ ვიქნებოდი, მას რომ ჩემთვის წერა-კითხვა არ ესწავლებინა.

***

წინა პარასკევს მორიგეობის დროს მეხუთე კლასელები წაძიძგილავდნენ, ჩემი კლასელისა და ძმაკაცის ვაკო ტატუაშვილის ბიჭი და ჩემი ნათლულის ძმა, ბავშვურად, უბოროტოდ. მე, რა თქმა უნდა, შუაში ჩავდექი, დერეფანში ქვის იატაკზე წაქცევისას შეიძლება რაღაც იტკინონ. ამ დროს ჩემი კლასელის ბიჭი მეჩურჩულება: „შენ ხომ მამაჩემის ძმაკაცი ხარ?! გამიშვი წავაქცევ და მერე ისევ დამიჭირე“…

თუ გინდა, რომ ჭკვიანად იყოს, ჩუმად უნდა უთხრა, სკოლაში ყველაზე ლამაზი ბიჭი შენ ხარო. მზესავით იცინის. იმ დღით აღარ გაგაბრაზებს.

მე ტრადიციად მაქვს, რომ ნაბახუსევზე მამამისთან გამოვიდე. კაცოო, გაშლის ნიჩაბივით ხელებს და ვითომ გულდაწყვეტით იძახის.: „შენზე კარგად ვსწავლობდი, მაგრამ შენ მწერალი გამოხვედი და მე ტრაქტორისტიო. თითქოს ტრაქტორისტობას რამე დაეწუნებოდეს. საერთოდაც შენზე უკეთესი მასწავლებელი ვიქნებოდიო. არადა, მართლა იქნებოდა. მამამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მასაც ბავშვობაშივე მოუწია სადიდო ტვირთის ზიდვა. ვეღარც ისწავლა. თუმცა, რაც ისწავლა, იმაში ნამდვილად საუკეთესოა, საქმეშიც, ადამიანობაშიც, ძმობაშიც. ცოლი მოიყვანეო, მეჩხუბება. მეტი რა ჯანდაბა გინდა, გამოგადგები, რაშიც გინდაო. აი ჩემი წიგნებიო – თავის ორ ბიჭზე და გოგონაზე მეუბნება. ცამდე მართალია ჩემი ძმაკაცი.

***

მერვე კლასელმა გოგონამ ჩემზე თქვა, ნეტავ დათია მასწავლებელს კბილი ასტივდესო. არ გაემტყუნება, ისტორია არ უყვარს, ყური გამოვუჭედე ბაგრატ რეგვენით, იოანე მარუშისძითა და ქავთარ ტბელით. წუწუნებს, რა იქნებოდა უფრო ადვილი სახელები რომ ჰქონდეთო. ჰოდა, უნდა, როგორც მე ვტანჯავ, ისე დავიტანჯო მეც კბილის ტკივილით.

ეეჰ, როგორ ვუთხრა, რომ მე მასწავლებლის სიკვდილს ვნატრობდი, როგორ ამისრულდა ნანატრი და როგორ იმედი მქონდა, რომ ის საგანიც მოკვდებოდა სკოლაში და არ გამიმართლა.

ჰოდა, მეც კბილი რომ არ ამტკივდეს, ჩემს მერვეკლასელ მოსწავლეს ადვილსახელებიან ისტორიას ვასწავლი.

 

ალექსანდრე ჭავჭავაძე

0

სკოლის დროს ყველაზე მეტად ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების დაზეპირება მიადვილდებოდა. ის კი არა, მე რომ ხმამაღლა ვკითხულობდი და ვსწავლობდი, ჩემზე ოთხი წლით უმცროს დასაც “შემოესწავლა” ზოგიერთი მათგანი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე ყველაზე რაფინირებული პოეტია ქართველ რომანტიკოსებს შორის. ბარათაშვილის და გრიგოლ ორბელიანის უკიდურესად ნომინალურ რითმებთან შედარებით, ალექსანდრე ჭავჭავაძის რითმები ზუსტი და მაღალი ხარისხისაა. ის ხშირად მიმართავს ომონიმურ რითმებსაც. ვერსიფიკაციულადაც შეუდარებლად მრავალფეროვანია, ზუსტი პროსოდიული სმენა აქვს და თავისუფლად ოპერირებს ფართოდ თუ ნაკლებად გამოყენებადი პოეტური ფორმებით. მისი პოეზიის ნაწილი საოცრად მელოსურია. ის ასამღერებლად წერდა ასეთ ლექსებს – ჟღერადი მეტრიკით და სატრფიალო შინაარსით. სხვა რომანტიკოსებთან შედარებით, იგი ზოგიერთ ლექსში მთლიანად იმეორებს ბესიკურ მუხამბაზს – ქორეულ-დაქტილური კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობით და შიდა რითმებით. ასევე დიდებულად ფლობს ორივე სახის შაირს – დაბალსაც და მაღალსაც. ზოგჯერ მათ გრძელშაირის გრაფიკული განლაგებით – თექვსმეტი მარცვლით – იყენებს, ზოგჯერ კი რვატაეპედებად ხლეჩს. ასევე იქცევა გურამიშვილის მიერ დამუშავებული ფოლკლორული თოთხმეტმარცვლედის (4/3/4/3) შემთხვევაში – მთლიანადაც იყენებს და შუაზეც ხლეჩს. ასევე ხშირად მიმართავს ლოგაედურ ათმარცვლედს. ერთგან ლოგაედური თხუთმეტმარცვლედის, ე. წ. დიდბესიკურის, საინტერესო ვარიაციას გვთავაზობს – ლოგაედებად ხლეჩს და ტერცეტულ (სამტაეპიან), მონორიმულად გარითმულ სტროფენს გვთავაზობს. ტერცეტულ სტროფებს იგი სხვაგანაც მიმართავს და, საერთოდაც, საინტერესოდ მუშაობს სტროფიკაში – სტროფების საინტერესო არქიტექტონიკებს გვთავაზობს. აღნიშნულ ყბად აღებულ საზომებთან ერთად, იშვიათი საზომებითაც წერს: 5/5/4 (“მე შენ არ გეტყვი”), 5/7 (“ვამე, შორს მყოფსა”) და ა. შ. ასეთ იშვიათ ჰეტერომეტრებსაც იყენებს: 3/3/5 (“მეგრულ ფერხულზე”), 5/5-5/2(“ვისაც გსურთ”). წერს პოლიმეტრულადაც (“ედემს რგულსა”)… ეს მხოლოდ ნაწილია მისი ლირიკული, უბერებელი შედევრებისა.

*

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა რუსული ლექსი:

“ფერსა ბნელს, ფერსა შავს,

მე ვეტრფი მარადჟამს,

აროდეს ფერსა სხვას

არ ვეტრფი, ვფიცავ ცას…”

ეს კი აღმოჩნდა აშკარა მუხტი ბარათაშვილისთვის, დაეწერა თავისი ყველაზე მელოსური, მსოფლიოში ცნობილი ლირიკული შედევრი “ცისა ფერს”.

ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქვს კიდევ ერთი მშვენიერი ლექსი, რომელსაც ჰქვია “ღიმილმან კარი ლალისა”:

ღიმილმან კარი ლალისა

განაღო გამჭვირვალისა,

დღეს ესე მკმარის სიმდიდრედ,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ალვის ნაყოფი მრჩობლედი,

შევამცენ ჩემი დამბნედი,

დღეს ესეოდენ გავბედი,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

 

ნიავთ მობერვით შეძრულმან

სუნი მაყნოსა სუმბულმან,

დღეს ამით განიშვა გულმან,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

გალაკტიონმა კი დაწერა:

 

ხვალემ იზრუნოს ხვალისა,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

ღვინომ აიღოს ღვინისა,

წყალმა წაიღოს წყალისა!

არც ვწუხვარ, არც მერიდება

მიმავალ-მომავალისა;

წყალმა წაიღოს დიდება,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

გულმა მიიღოს გულისა,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ღვინომ მიიღოს ღვინისა,

წყალმა წაიღოს წყალისა!

თუ ბარათაშვილის შემთხვევაში განუზომლად უკეთეს ეკვივალენტთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ასე არ არის – მგონი, ორიგინალი სჯობია. ეს ის შემთხვევაა, როცა ასეთი აშკარა მიბაძვა არ არის გამართლებული, თუმცა ზოგიერთი ფანატიკოსი გალაკტიონოლოგისთვის ეს ყველაფერი ისეთ ევფემისტურ მოვლენად აღიქმება, როგორიც უბრალო ინტერტექსტუალობა და რემინისცენციაა. სხვა პოეტს (ვთქვათ, რომელიმე ცისფერყანწელს) რომ დაეწერა მსგავსი რამ, წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეს დააყრიდნენ.

 

*

ამას წინათ მე და ჩემს ძმაკაცს ბატონი გია არგანაშვილი შემოგვხვდა ქუჩაში. სიტყვამ მოიტანა და ახსენა: სხვა რამდენიმე პოეტთან ერთად, ალექსანდრე ჭავჭავაძეც ამოუღიათ სასწავლო პროგრამიდანო. არ ვიცოდი.

ემოციური გადაწვა მოზარდებში – გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, თავიდან აცილების გზები

0

ვფიქრობ, ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც მშობელი საყვედურობს შვილს სიზარმაცის გამო, მოზარდი კი ყველანაირად ცდილობს აუხსნას მას, რომ ძალიან დაიღალა, არაფერი აღარ აინტერესებს, აღარაფერი უნდა; ყველასგან მოითხოვს, თავი დაანებონ და მშვიდად ცხოვრება აცადონ. რა შეიძლება იყოს მოზარდის ასეთი ქცევის მიზეზი – ერთ დროს ბეჯითი, მოწესრიგებული, მონდომებული, ინტერესიანი ბავშვი ისე გაზარმაცდა, რომ ყველაფერზე პროტესტს აცხადებს? არცთუ იშვიათად მოზარდის პროტესტის მიზეზი შეიძლება გახდეს მისი ემოციური გამოფიტვა, ემოციური გადაწვა. ამიტომ, თუ ბავშვის დახმარებასა და პრობლემის მოგვარებას ვისახავთ მიზნად, პირველ რიგში, სასურველია, გავერკვეთ ემოციური გადაწვის ბუნებაში, გამომწვევ მიზეზებში, გავეცნოთ იმ სიმპტომებს, რომლებიც ემოციურ გამოფიტვაზე მიგვანიშნებს და ვიცოდეთ, როგორ ავიცილოთ ის თავიდან, დაფიქსირების შემთხვევაში კი შეგვეძლოს მასთან გამკლავება.

 

ემოციური გადაწვა არის ემოციური და გონებრივი გამოფიტვის მდგომარეობა გამოწვეული ხანგრძლივი სტრესით. აღნიშნულ მდგომარეობაში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მაშინ, როცა ის იმდენად ინტენსიურად მუშაობს, რომ ტვინი ვეღარ უმკლავდება დატვირთვას და იწყება შფოთვა. თუ შფოთვა პიკს აღწევს, ერთვება თავდაცვის მექანიზმი – ვკარგავთ შრომისუნარიანობას, ყურადღება იფანტება, მეხსიერება უარესდება, ქვეითდება ინფორმაციის აღქმის უნარი. და, რადგანაც რესურსები ამოწურვის ზღვართანაა, შეიძლება ფიზიკურ ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქროს – ემოციური გადაწვის ფონზე აღმოცენდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

 

ემოციური გადაწვა განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე შეიძლება დაფიქსირდეს. თუმცა, გარდატეხის ასაკში ის მაინც განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს და ამაში გასაკვირი არც არაფერია გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები ემოციურ ფონს ისედაც სერიოზულად ცვლის.

 

მოზარდებს ჩვეულებრივ ახასიათებთ ჩივილი, წუწუნი დიდ დატვირთვაზე სკოლაში, მაგრამ ამ დროს მათ ყოველთვის სიზარმაცე როდი ალაპარაკებთ. ეს ჩივილები არ შეიძლება ყოველთვის სიზარმაცით აიხსნას. ცალკეული სიმპტომების შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება ნამდვილად სერიოზული იყოს და საჭიროებდეს უფროსების ჩართულობას, მონაწილეობას პრობლემის დაძლევაში.

 

 ემოციური გადაწვის ძირითადი ნიშნები მოზარდებში:

  • თუ ბავშვი უჩივის დაღლილობას დასვენების დღეებშიც კი და დილაობით უკვე დაღლილ-დაქანცული იღვიძებს, ეს შეიძლება იყოს ფსიქიკური გამოფიტვის, ემოციური გადაწვის ნიშანი;
  • უძილობა ან წყვეტილი ძილი ის ნიშნებია, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ;
  • მკვეთრი ცვლილებები სასწავლო საქმიანობაში. შეფერხება, სირთულეები სასწავლო უნარების გამოვლენაში. მოზარდს სულ უფრო და უფრო უჭირს კონცენტრირება და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა;
  • ემოციურ გადაწვას თან ახლავს ნერვიულობა და გაღიზიანებადობის მომატება, უეცარი აფეთქება, ბრაზის, მრისხანების უეცარი ამოფრქვევა, ასევე დათრგუნული, დეპრესიული და ჰიპერაქტიური მდგომარეობის ხშირი მონაცვლეობა;
  • ემოციური გადაწვის ხშირ სიმპტომს წარმოადგენს თვითგვემა – „მეზიზღება, მეჯავრება საკუთარი თავი“, „სულელი ვარ“, „მე არასოდეს არაფერი გამომივა“;
  • არანაკლები სიხშირით გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაქანცული, გადაღლილი მოზარდი სიბრალულს გამოხატავს საკუთარი თავის მიმართ – „ყველას რაღაც უნდა, რაღაც სჭირდება ჩემგან“, „ჩემ მიმართ ყველა უსამართლოა“;
  • ემოციური გამოფიტვის, გადაწვის მუდმივი თანამგზავრია აპათია. ნებისმიერი აქტიური საქმიანობა მოზარდს უაზრობად ეჩვენება – „ყველაფერი მომბეზრდა“, „არაფერი მინდა“, „ეს ყველაფერი სისულელეა, უაზრობაა“;
  • ემოციური გადაწვის ხშირი თანმხლებია არასასიამოვნო შეგრძნებები კუნთებში, ხშირი თავის ტკივილი, საჭმლის გადამუშავების და მონელების პრობლემები, კანის, ფრჩხილების დაავადებები და თმის ცვენა;
  • ემოციურად გადამწვარ, გამოფიტულ მოზარდს მუდმივად წოლა და ძილი სურს. ემოციურ გამოფიტვას ფიზიოლოგიური გამოვლინებაც შეიძლება ჰქონდეს – ქრონიკული დაღლილობა, რაც ხელს უშლის მოზარდს, აქტიურად ჩაერთოს სასწავლო საქმიანობაში;
  • დღევანდელი მოზარდების უმრავლესობა მუდმივად სმარტფონით არის დაკავებული. როდესაც რთული და მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად რესურსი არ რჩება, მოზარდი იწყებს გადართვას, ყურადღების გადატანას ისეთ საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს ძალისხმევასა და ჩართულობას, მაგ. სოციალური ქსელების თვალიერება;
  • გაფანტულობა, როგორც წესი, ემოციური გადაწვის მუდმივი თანმხლებია. ასეთ დროს, მოზარდს არა აქვს ძალები რაიმეს დასამახსოვრებლად. მას შეიძლება დაავიწყდეს სახელმძღვანელოს ან რაიმე სხვა სასწავლო ნივთის წაღება, მნიშვნელოვანი დავალების შესრულება და ა.შ.;
  • აკადემიური მოსწრების დაქვეითება. დაქვეითებული შრომისუნარიანობა ხელს უწყობს სასწავლო საქმიანობის პროდუქტიულობის დაკარგვას. ბავშვმა შეიძლება დაიწყოს დაბალი ქულების და უარყოფითი შეფასებების მიღება;
  • ემოციურად გამოფიტული მოზარდი კარგავს ინტერესს ისეთი საქმიანობების, აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე მოსწონდა. ეს ემოციური გადაწვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიშანია. არაფერია უჩვეულო იმაში, თუ ბავშვს არ სურს მოსაწყენი, რთული სამუშაოს შესრულება. ყველას ოდესმე გამოუცდია ეს, მაგრამ ზიზღმა იმის მიმართ, რასაც ცოტა ხნის წინ დიდი სიხარული მოჰქონდა ბავშვისთვის, უნდა დაგვაფიქროს.

 

მოზარდის ემოციური გადაწვა ერთ დღეში არ ხდება. ყველაფერი იწყება დაღლილობით, რომელიც თანდათან ძლიერდება, როგორც ყოველდღიური მღელვარებით, ნერვიულობით მიღებული ქულების გამო, ასევე ახლობლებთან და გარშემომყოფებთან დაძაბული ურთიერთობებით.

 

 ემოციური გადაწვის ძირითადი მიზეზები:

  • უზომო, გადაჭარბებული მოთხოვნები, რომლებსაც შეიძლება მოზარდი თავად უყენებდეს საკუთარ თავს, ან შეიძლება გარშემომყოფები უწესებდნენ მას ისეთ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც მის ძალებს აღემატება;
  • დიდი სასწავლო დატვირთვა; კლასგარეშე და არასასკოლო აქტივობების დატვირთული გრაფიკი;
  • მშობლებისა და მასწავლებლების დიდი მოლოდინები;
  • გაურკვევლობა საკუთარი მომავლის არჩევანში;
  • ოჯახური კონფლიქტები;
  • არასაკმარისი ემოციური წახალისება;
  • მეგობრებთან, თანაკლასელებთან ინტერპერსონალური კომუნიკაციის დარღვევა;
  • საკუთარი ემოციური მდგომარეობის რეგულირების უუნარობა.

 

 რეკომენდაციები – როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ გადაწვას მოზარდებში:

ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ ემოციურ გადაწვასთან დაკავშირებით, ადრეულ სტადიაზე  მისი თავიდან აცილებაა. მაგრამ, რა გავაკეთოთ, როცა უკვე ფაქტის წინაშე ვართ და ემოციური გადაწვა სახეზეა.

 

  • სასწავლო დატვირთვის შემცირება. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა სწავლაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია ნორმალური რეჟიმის აღდგენა. მოზარდს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო დასვენებისთვის, კვირაში ერთი დღე კი მთლიანად თავისუფალი სასწავლო საქმიანობისაგან მისთვის საყვარელი საქმის საკეთებლად სკოლასა და გაკვეთილებზე, მეცადინეობაზე ფიქრის გარეშე.
  • ჯანსაღი დასვენების უზრუნველყოფა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, სერიალების ყურება, სმარტფონებსა და კომპიუტერზე მიწებება გადაღლილი ფსიქიკის აღდგენას დაეხმაროს. მნიშვნელოვანია, რომ დასვენებას მოჰქონდეს სიამოვნება, კმაყოფილება და ამავდროულად განტვირთვის საშუალებასაც იძლეოდეს. შეხვედრები მეგობრებთან, საყვარელი საქმის კეთება არის ის, რაც აღადგენს ემოციურ რესურსს, სულიერ ძალებს.
  • ზრუნვა ჯანმრთელობაზე. გამოფიტვა, გადაწვა აზიანებს როგორც ფსიქიკას, ასევე სხეულსაც. ნორმალური ემოციური მდგომარეობის, ძალების აღსადგენად მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი სწორად იკვებებოდეს, რეგულარულად ატარებდეს დროს სუფთა ჰაერზე და საკმარისად ეძინოს, მოწესრიგებული ჰქონდეს ძილის რეჟიმი.
  • ოჯახური კონფლიქტებიდან მოზარდის განრიდება. მშობლებს შორის კონფლიქტები და გართულებული ურთიერთობები მოზარდის ჩართვის გარეშე უნდა გვარდებოდეს, ის არ უნდა ვაქციოთ „მაშველად“, რომელიც შეეცდება პრობლემის გადაწყვეტას მშობლების ნაცვლად.
  • მხარდაჭერა. ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. არის შემთხვევები, როცა ბავშვს აკლია თავდაჯერებულობა, თვლის, რომ არაფერი გამოუვა და აზრიც არა აქვს მცდელობას ყველაფერი მოასწროს და გაამართლოს გარშემომყოფთა მოლოდინები. ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა დაეხმარება მოზარდს, გამოვიდეს მძიმე ემოციური მდგომარეობიდან. ამისათვის საჭიროა ვუჩვენოთ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ – შევაქოთ ძალისხმევისთვის, მონდომებისთვის, შევამჩნიოთ მისი, როგორც დიდი, ასევე პატარა გამარჯვებებიც. მოვერიდოთ დასჯას სასწავლო წარუმატებლობის გამო, შევამციროთ საყვედურები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი თავადაც წუხს და მტკივნეულად განიცდის მარცხს. ვესაუბროთ გრძნობებზე, რომლებსაც განიცდის, განვიხილოთ მისი პრობლემები და შევთავაზოთ დახმარება. მნიშვნელოვანია, მოზარდს ესმოდეს, რომ მას იღებენ და აფასებენ მისი აკადემიური მიღწევების მიუხედავად.
  • გარემოს, ვითარების შეცვლა. ძალების აღდგენისა და პრობლემების დავიწყებისთვის კარგი საშუალება იქნება ხანმოკლე მოგზაურობა. ეს არ უნდა იყოს ემოციებით სავსე თავგადასავალი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობამ მოზარდს დასვენებისა და შფოთვის გამომწვევი ფიქრებისაგან განთავისუფლების საშუალება მისცეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაღლილობის, ემოციური გამოფიტვის, გადაწვის თავიდან აცილება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით მასთან ბრძოლა და მის დაძლევაზე ზრუნვა, მაგრამ, თუ ემოციური გადაწვა მაინც მოხდება, აუცილებელია მისი რაც შეიძლება მალე ამოცნობა და მასთან გამკლავება. გავითვალისწინოთ, რომ ემოციური გადაწვა მძიმე მდგომარეობაა, ამ მდგომარეობაში შეუძლებელია პროდუქტიულად მუშაობა, სწავლა. ნუ მივუშვებთ მას თვითდინებაზე. დაღლილ ფსიქიკას ესაჭიროება დასვენება ფუნქციონირების გასაგრძელებლად.

 

 

სივრცე, რომელიც ბავშვებს თამაშის სურვილს აღუძრავს

0

თუ ასეთ სივრცეს შექმნით, მიმზიდველი იქნება ის ბავშვისთვის?

ტიმ ჯილი

დამოუკიდებელი მკვლევარი

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

როდესაც ბავშვებზე და ურბანულ საჯარო სივრცეზე ფიქრობთ, რა სურათი წარმოგიდგებათ თვალწინ? სავარაუდოდ,  სათამაშო სივრცე, რომელიც შაბლონურად, გაშლილ ტერიტორიაზე  ფერადად შეღებილი სათამაშო აღჭურვილობებითაა მოწყობილი. არადა ბავშვებს თამაში  შეუძლიათ თითქმის ყველგან და ნებისმიერი ნივთით. ოჯახებისთვის დამახასიათებელ ქცევებზე დაკვირვებებისა და გამოკითხვების საფუძველზე დგინდება თუ როგორ უნდა მოეწყოს სივრცე იმგვარად, რომ მოსახლეობამ აქტიურად გამოიყენოს. ეს კი ბავშვების თამაშის ხარისხსა და ინტენსიობას გაზრდის.

აღნიშნული კვლევების უმეტესობა ბიჰევიორისტულ მიდგომებს ეფუძნება. ასე მაგალითად, ამ კვლევების თანახმად,  ბავშვები მეტი ხალისით ისეთ სივრცეში თამაშობენ, სადაც მათი მშობლებისთვის  განკუთვნილი სკამებია განთავსებული.  აღნიშნული ფენომენი ბიჰევიორიზმის ერთ-ერთ საკვანძო პრინციპს ეხმიანება – დაძაბულობას, რომელიც გამოწვეულია რაიმეს გაკეთების სურვილით და ამ სურვილის სისრულეში მოყვანის ნებისყოფით.   მშობლებს შეიძლება სურდეთ, რომ შვილებმა  ითამაშონ, თუმცა ბავშები გარეთ უფრო ხშირად მაშინ გაჰყავთ, როდესაც თამაშის დროს ბავშვებზე თვალყურის დევნება მათთვის კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.

კარგად მოწყობილი საჯარო სივრცე აუმჯობესებს არამარტო იმ ოჯახების ცხოვრებას, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, არამედ ქალაქის ნებისმიერი ასაკის მოქალაქის ყოფას. თუმცა, ასეთი სივრცის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის დაბალშემოსავლიანი მაცხოვრებლებისთვის, ან იმ მოსახლეობისთვის, ვისი საცხოვრებელიც დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამგვარ მოსახლეობას ღია სივრცეზე წვდომა ყველაზე მეტად სჭირდება. არადა, სწორედ მათ აქვთ ამ მხრივ ყველაზე დიდი შეზღუდვა (WorldHealth Organization, 2016). სუფთა ჰაერზე თამაში პირდაპირ უკავშირდება ბავშვების კეთილდღეობასა და ჯანმრთელ  განვითარებას (Ginsburg, 2007), მშობლებს კი, გამწვანებული  და მშვიდი საჯარო სივრცე რელაქსაციის, დასვენებისა და შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან პოზიტიური ურთიერთობის საშუალებას აძლევს (Roe & McCay, 2021).

სამწუხაროდ, დასვენებისთვის განკუთვნილი ზოგიერთი საჯარო სივრცე მოსახლეობისთვის არამიმზიდველია. ასე მაგალითად, შოუბურგპლეინი,  როტერდამის ერთ-ერთი ცენტრალური სკვერი, თავისი მინიმალისტური დიზაინით, მოდერნისტ არქიტექტორებს შორის აღტაცებას იწვევდა, თუმცა სრულიად არაპოპულარული იყო მოსახლეობაში.  ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობამ  ერთწლიანი სამუშაოები ჩაატარა – სივრცე ხელოვნური ბალახით დაფარა,  შადრევნები ააგო და  სპორტული ინვენტარი დაამონტაჟა.

როგორი უნდა იყოს დასვენებისთვის განკუთვნილი საჯარო სივრცე, რომ  სრულად დაკმაყოფილდეს მოსახლეობის  მოთხოვნები? როგორც ჩატარებულმა გამოკითხვებმა და დაკვირვებებმა გვიჩვენა, მთავარი მახასიათებლებია: სივრცის ადგილმდებარეობა და ხელმისაწვდომობა, ასევე, ის თუ

სურათი 1. განახლებული შოუბურგპლეინი (როტერდამი).

რამდენად იძლევა სივრცე მრავალფეროვანი თამაშის შესაძლებლობას, და რამდენად მოიცავს ბუნებრივ ელემენტებს.  მნიშვნელოვანია იყოს ჩამოჯდომისა და განმარტოების შესაძლებლობაც (Talarowski, 2017; Hellerman, 2021).

გარდა ადგილმდებარეობისა და მოწყობისა,  დასვენებისთვის განკუთვნილი საჯარო სივრცეების წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია  მეურვეობის, მენეჯმენტისა და მოვლა-პატრონობის ეფექტური სისტემა. ეფექტური მართვა ვიზიტორებს შეუქმნის სოციალური უსაფრთხოებისა და მათზე  მზრუნველობის განცდას.

არსებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ბავშვები გარეთ მეტ დროს  ატარებენ, მაშინ, როდესაც  სიცრცე სათანადოდ გამწვანებულია და ნაკლებადაა გადატვირთული ტრასნპორტით. აღნიშნული კვლევები დაედო საფუძვლად ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს  ქუჩების სათამაშო და სოციალიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეებად გადაკეთებას (Bertolini, 2020). როგორც ამას გამოკითხვები და დაკვირვებები ადასტურებენ, სათამაშო მოედნები ბავშვებში კვლავ პოპულარობით სარგებლობს (Dodd et al.,2021; Hellerman, 2021). სათამაშო მოედნის აქტიურ გამოყენებას განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, თუ რამდენად იძლევა სივრცე სეირნობის საშუალებას, და რამდენად ადვილად მისადგომია  ის (Bornat, 2016). საჯარო სივრცეს მეტი ოჯახი გამოიყენებს, თუ ის მათთვის მნიშვნელოვან ისეთ დაწესებულებებთან  იქნება განთავსებული, როგორიცაა სკოლები, ადრეული ასაკის ბავშვების მოვლის, სამედიცინო და სავაჭრო ცენტრები.  თუ საჯარო სივრცეებს, იქ განთავსებულ ინფრასტრუქტურასა და მათ დამაკავშირებელ გზებს რუკის მეშვეობით შევისწავლით, უკეთ გამოიკვეთება საჯარო სივრცესთან დაკავშირებული არსებული საჭიროებები (იხილეთ სურათი 2).  კერძოდ, თუ  რა სახის სივრცეებია დასამატებელი, რომელი მიწის ნაკვეთი შეიძლება გადაკეთდეს სათამაშო სივრცედ, რა სახის ბარიერები ქმნიან გარკვეულ სივრცეებთან მისადგომობის პრობლემას. მსგავსი ანალიზი

სურათი 2. თამბლინგ ბეის სათამაშო მოედანი დედოფალ ელიზაბეტის  სახელობის ოლიმპიურ პარკში (ლონდონი).

აადვილებს საჯარო სივრცეების მოწყობის სამუშაოების ეფექტიან დაგეგმვას (Gill, 2021).

დაგეგმვისას გაითვალისწინეთ – საჯარო სივრცე გართობის საშუალებას უნდა იძლეოდეს და ამავე დროს ზომიერი რისკის ელემენტებსაც შეიცავდეს.

როგორ  მოვაწყოთ საჯარო სივრცე იმგვარად, რომ ის ახალისებდეს თამაშს, უზრუნველყოფდეს ცნობისმოყვარობასა და ურთიეთკავშირებს? მთავარი ელემენტი, რომელზეც ყველა ერთხმად თანხმდება, არის გართობის წახალისება. მაგალითად, ბავშვი ტროტუარის გასწვრივ აგურის დაბალ კედელზე სიარულმაც კი შეიძლება გაახალისოს. სწორედ ამ მარტივ პრინციპს ითვალისწინებენ წარმატებული დიზაინერები – ისინი ფიქრობენ იმაზე თუ რა სახის ფიზიკური მახასიათებლები შეუქმნიან ბავშვებს თამაშისა და ურთიერთობის შესაძლებლობას (იხილეთ გვ. 6).

თუმცა, სათამაშო სივრცის ეფექტური მოწყობა, მხოლოდ ფიზიკურ ელემენტებს არ ითვალისწინებს. ინკლუზიური გარემოს შექმნა სხვადასხვა მოდალობას მოიცავს. სკამები და სხვა „დასაჯდომად  ვარგისი საგნები“ უფროსებს დასვენებისა და სოციალიზაციის საშუალებას  უნდა აძლევდეს, თან ისე, რომ ბავშვები მუდმივად მათი მხედველობის არეში იყვნენ. ოჯახები მათზე მორგებულ სივრცეში მეტ დროს გაატარებენ (Gehl, 2010). ასევე, არამყარი მასალა, როგორიცაა ხრეში, ქვიშა, წყალი, ბავშვებს  ბუნებრივი მასალისგან მრავალფეროვანი კონსტრუქციების შექმნის საშუალებას აძლევს. ეს კი ბავშვებს თამაშისას უკიდეგანო შესაძლებლობებს სთავაზობს და შემოქმედობითობის უნარს უვითარებს.

თუ სივრცეს, ასევე, ყვავილებითა და მცენარეებით გავამდიდრებთ, ეს ბავშვებს ყნოსვისა და შეხების საშუალებით  სამყაროს შეცნობის საშუალებას მისცემს. ასევე,  საჯარო სივრცეში ბუნებრივი ელემენტების არსებობა, როგორც ბავშვების, ასევე უფროსების, მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. პოზიტიურად მოქმედებს  ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაზე. რაც უფრო ხშირია ბუნებრივ გარემოსთან შეხება, მით უფრო დადებითია ეფექტი (Roe &McCay, 2021).

კიდევ ერთი მიგნება, რომელიც სათამაშო სივრცის მოწყობისას უნდა იქნას გათვალისწინებული, ბავშვებისთვის დამახასიათებელი მიდრეკილებებია – ამოუცნობისკენ და სირთულეების  გადალახვისკენ სწრაფვა. ასევე,  „საფრთხის“ ელემენტის შემცველი გარემოსადმი მიზიდულობა. „ნახევრადსაშიშ-ნახევრადსახალისო“ გარემოში ბავშვები მეტი ჩართულობითა და აზარტით თამაშობენ (Sandseter, 2009). ბავშვის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ „რისკის შემცველი“ თამაში ხელს უწყობს ბავშვები უკეთ გაუმკლავდნენ გაურკვევლობისა და პოტენციური საფრთხის შემცველ სიტუაციებს. ასევე, ეხმარება პატარებს უკეთ დაძლიონ შფოთვისა და პანიკის განცდა. ამგვარ სივრცეში თამაში, მომავალში ბავშვებს დაეხმარება რთული სიტუაციების დაძლევაში (Dodd & Lester, 2021).

ზოგიერთი მშობლისთვის „რისკიანი“ თამაში არაა მისაღები. თუმცა, თუ რისკის მართვას დაბალანსებულად მივუდგებით  –  ვაღიარებთ რისკზე წასვლის უპირატესობებს და, ამავდროულად,  გვეცოდინება მისი მართვის სტრატეგიები – ეს მშობლებს ჯანსაღ გარემოში თამაშის მნიშვნელობას დაანახებს (Gill, 2021). ასე მაგალითად, შოტლანდიაში, ბავშვზე ზრუნვის მარეგულირებელმა ინსტიტუტებმა, შეიმუშავეს იმგვარი მიდგომები, რაც ხელს უწყობს ბავშვებისთვის ზომიერად „რისკიანი“ სათამაშო და სასწავლო გარემოს არსებობას (Care Inspectorate, 2016).

 

ყველაფერი თამაშია!

ისეთი უნარები როგორიცაა ფორთხვა, ფეხზე დგომის მცდელობა, და სიარული, რომლებსაც ბავშვი  სიცოცხლის პირველი სამი წლის მანძლზე იძენს, შესაძლოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო სივრცეების მოწყობის  შთაგონების  წყაროდ იქცეს.

ბიჰევიორიზმის ფართო ჭრილში დანახული მიგნებები

წარმოდგენილ სტატიაში თავმოყრილია კვლევების მიგნებები, რომლებიც ბავშვებისა და უფროსების  ქცევაზე დაკვირვების და გამოკითხვის მეთოდით არის მოპოვებული. მოცემული კვლევები  ადასტურებს, რომ ეფექტიანი მოწყობა და  სწორად შერჩეული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებისა და მათი მეურვეების მიერ სათამაშო სივრცის რეგულარულ გამოყენებას და ამგვარ სივრცეში ყოფნისას სრული სარგებლის მიღებას.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,   არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ბიჰევიორიზმის პრინციპებს ემყარება, და ამოწმებს არსებულ დასკვნებს საჯარო სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. თუმცა, სიტუაცია იცვლება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით მეტი კვლევა ტარდება. მაგალითად,  Jeschke et al. (2022) ასევე მიუთითებს, რომ ბავშვები მართლაც მეტი ხალისით ერთვებიან და უფრო დიდხანს თამაშობენ იმგვარ გარემოში, რომელიც ნაკლებად შაბლონურია და მეტ აზარტულ ელემენტს შეიცავს.  ბიჰევიორისტული კვლევები ხელს შეუწყობს საჯარო სივრცეების ისეთ ადგილებზე გაშენებას და მათ იმგვარად მოწყობას, რაც ბავშვებსა და მათ მშობლებს წაახალისებს უფრო აქტიურად გამოიყენონ კეთილმოწყობილი დასასვენებელი საჯარო ინფრასტრუქტურა.

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: earlychildhoodmatters.online/2022-9

გამოყენებული ლიტერატურა

 

 

 

 

ცივი რეცხვა

0

თუ ვინმე მეტყვის, როგორია იმ ავი წლების მთავარი ქალის სახე, მე ვუპასუხებ, რომ ასეთი ქალი არის ვენერა. ოღონდ ვენერა არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა რეცხავდა. ეს სრულიად სხვა სცენაა, ახალი დროისთვის ძნელად გასაგები, რადგან უნდა მოხვდე სოფელ ნატანებში, ვთქვათ 1995 წლის 14 ნოემბერს, ნაშუადღევს. ასე საათის ხუთზე.

რეცხვა ცივი წყლით. ჯერ იმ მოყავისფრო საპნით, აგურს რომ ჰგავდა და მერე ლილა – თეთრეულს რომ ლურჯ კაპილარებს ატყობდა. გალილავება. რეცხვა ხის მომაგიდო ფიცრულზე მდგარ გობში. რაღაც სრულიად უცნაური, სევდიანი, ჯიუტი ვნებით. ქალი გახუნებული, სადღაც ნაცრისფერისკენ გაპარული შავებით, პერანგის მკლავებაკაპიწებული, ძალიან გამხდარი, ვენამუქი ხელებით, უთავშლოდ, შარშანწინ შენაღები თმით, მოკლედ და უსწორმასწოროდ შეჭრილით. შესაბამისად – ქროდა ქარი და თმები არ უფრიალებდა. და კიდევ უფრო შესაბამისად – ეს მძაფრი სცენა ფილმისა არ იყო. არც მოთხრობის. არც ლექსის. ეს სცენა ყოფის იყო, იქ სანახავი და განსაცდელი. რეცხავდა ქალი – წინ ქუჩით, ქუჩაზე სამი მეზობლის ბავშვით, დაფუშულ ბურთს რომ ვაგორებდით და უკან – დაუმთავრებელი სახლით. ასეთი სახლები ბევრი იდგა გურიის სოფლებში მაშინ – კომუნისტების დროს დაწყებული და ვერდამთავრებული, ბეტონშიშველი და დიდი. რეცხავდა და მერე წურავდა.

წურავდა მთელი ძალით, თითქოს რკინას ღუნავს და არმატურას წნავსო ამ დაუჯერებელი ღონით და ცივი ტანსაცმლის გაწურვა ნაკლები საქმე არავის ეგონოს. და მერე გაფენა ქარში. შპიკლები – ზოგი ლითონის, ზოგის პლასტმასის, ზოგიც ხის. ცალყურა და გაბზარული. ეგ გაფენა კიდევ ცალკე სცენაა. ცალკე მოყოლა.

,, – რაფერ ხარ გიორგი? რა ხდება ოზურგეთში? დედაშენი რაფერაა? როის იწყება სწავლა? როის მიდიხარ?“.

აინტერესებდა? თქვენ იტყვით, რომ – არა, რა თქმა უნდა. მე ვიტყვი, რომ – კი. რადგან ვენერას აინტერესებდა ფიქრის ყველა გაქცევის შანსი იმ გაყინულწყლიანი გობიდან, გაუთავებელი და საშინელი რუტინის მიღმა.

და თუ კვლავ ვენერას ხელებს გავიხსენებთ, დავიჯერებთ, რომ ამ ქალებმა ზიდეს ის წლები, რადგან იმხელა სიმძიმეს სხვა ხელი ვერ გაუძლებდა.

ზამთრობით, როცა გარდაუვალი იყო წყლის გაცხელება, სარეცხს დიდ ვედროებში ხარშავდნენ. ვედროები ფეჩზე გაჯგიმული იდგნენ (სათლები ღუმელზე – ეგებ ასე უფრო მოგწონთ. მე დიდად არა) და მორიგეობით სტვენდნენ. შიგნით მილეულ და მერე დატეხილი საპნებს ყრიდნენ და ეგ იყო ფხვნილის მაგიერი და მერე გაკრახმალება. გაკრახმალებული თეთრეული ოდნავ გჩხვლეტდა, მაგრამ სისუფთავის სუნი იყო მაგ ნაჩხვლეტის მალამო. ხოლო სარეცხი ირეცხებოდა ფერების მიხედვით – ჯერ თეთრი და მერე დანარჩენი. სარეცხი მანქანა, სახელად ОКА, იდგა უდენო და მძინარე და ჰქონდა გადამრთველი-დროის ამთვლელი და ვთამაშობდი ხოლმე, გადავწევდი და – ტკ-ტკ-ტკ – ტიტინებდა მძინარე მანქანა. მე ეგ მომუშავე ნაღდად არ მახსოვს, უფრო ძველი ტანსაცმლის შესანახად ვიყენებდით. რაც შეეხება საპონს – ტუნგო, მცენარე ნატანებური, საამისოდ ძალიანაც გამოდგა – ხარშავდნენ, ამაგრებდნენ და ჭრიდნენ. კარგად არ ქაფდებოდა, მაგრამ რა იყო მაშინ კარგად? მთავარია, რომ იყო. ყოფნა არის უმთავრესი ნიშანი იმ დროის. სხვა დანარჩენი – ბონუსია. ან შეიძლება ყოველთვის ასეა და უბრალოდ ზოგჯერ უფრო შესამჩნევი. არავინ იცის.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...