პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

მათემატიკის როლი კოგნიტიური უნარების განვითარებაში დაწყებით საფეხურზე

0

შესავალი

ბავშვის კოგნიტიური (გონებრივი) უნარების განვითარებაში მათემატიკის როლი უმნიშვნელოვანესია. სასკოლო საგნებს შორის მათემატიკა გამოირჩევა იმით, რომ მოითხოვს თანმიმდევრულობასა და სისტემურ აზროვნებას. მისი სწავლების საკითხები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღემდე აქტუალურია. მათემატიკური უნარების აუცილებლობა უდავოა, მაგრამ მოსწავლეებში ამ საგნისადმი ინტერესის გაღვივება ადვილი არ არის. ბავშვებს, რომლებსაც მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი ხედვა აქვთ, ზოგჯერ უჭირთ მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილებიდან – სადაც თვითგამოხატვა დომინირებს – გადართვა ზუსტ მეცნიერებებზე, რომლებიც დისციპლინას, მოთმინებასა და ნებისყოფას მოითხოვს.

სტატია ყურადღებას ამახვილებს დაწყებით საფეხურზე, რადგან სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი კოგნიტიური უნარების ჩამოყალიბებას. მათემატიკის სწავლების მიზანი დაწყებით საფეხურზე მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის – ის მოიცავს აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარებას, ცხოვრებისეულ სიტუაციებში მათემატიკური მოდელების ამოცნობის სწავლებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარების ჩამოყალიბება- გავარჯიშებას.

წინამდებარე ნაშრომი ეფუძნება, უპირველესად, პედაგოგიურ პრაქტიკასა და საკლასო აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად არის დაგეგმილი კოგნიტიური უნარების გასანვითარებლად. ის აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც გამოცდილია მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

მათემატიკური ცნებების ათვისება გავლენას ახდენს ფსიქიკური პროცესების ფორმირებაზე. მათემატიკის სფეროში ცოდნა თანდათან უნდა გართულდეს ბავშვის ასაკისა და კოგნიტიური განვითარების დონის გათვალისწინებით.

 

მათემატიკის გავლენა კოგნიტურ განვითარებაზე

მათემატიკის სწავლისა და სწავლების პროცესში შემეცნების ყველა სფეროა ჩართული, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის ჰოლისტური ხედვა და მრავალფეროვანი აქტივობებით ყველა უნარის ინტეგრირებული განვითარება. აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარის, წარმოსახვის, სინთეზი გულისხმობს მათ ერთობლივ გამოყენებას, რათა გაუმჯობესდეს ბავშვების კოგნიტიური ფუნქციები და სწავლა  სახალისო, საინტერესო და ეფექტური გახდეს.

ვრცლად

მათემატიკის როლი კოგნიტიური უნარების განვითარებაში დაწყებით საფეხურზე

კატა, რომელმაც ჩვენთვის წიგნები გადაარჩინა

0

კითხვა არც მხოლოდ სიამოვნებაა და არც მხოლოდ გართობა. ზოგჯერ ერთი წინადადება რამდენჯერმე უნდა წაიკითხო, რომ კარგად გაიაზრო. ზიხარ, თავი წიგნში გაქვს ჩარგული და ძალიან ნელა მიიწევ წინ. ამ მძიმე შრომისა და დაკვირვებული კითხვის შემდეგ უცებ ხვდები, რომ ყველაფერი გაიგე და შენი თვალსაწიერი გაფართოვდა. ეს იმას ჰგავს, მთაზე ხანგრძლივი ასვლის ბოლოს თვალწინ ულამაზესი ხედი რომ გადაგეშლება.

 

იაპონური ანიმე გინახავთ და მოგწონებიათ?

სიმშვიდე და სიბრძნე თქვენს ცნობიერებაში ერთმანეთს კვეთს?

ვიმ ვენდერსის ფილმი („The perfect days“) გაწელილი არ გეჩვენებათ და მისით ტკბობა ისევე შეგიძლიათ, როგორც მის პერსონაჟს – ცხოვრებით?

ცას ხშირად უყურებთ?

ტელეფონი გადამფრენი ჩიტებისა და თვითმფრინავების კადრებით გაქვთ სავსე?

ანძები და აჩონჩხლილი ელექტროკაბელები აღარ გაღიზიანებთ, რადგან ანიმეში ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და ბუნებრივი ჩანს და თქვენს პირად ანიმეშიც შემოუშვით ჩვეულებრიობის, ყოველდღიურობის, წვრილმანების ესთეტიკა?

გზას იგრძელებთ მხოლოდ იმისთვის, რომ განსხვავებული ხედებით დატკბეთ?

გუგულის ბუდეზე გადაფრენა თქვენი ცხოვრების დევიზია, მაგრამ ამას შეუმჩნევლად, აუღელვებლად აკეთებთ?

წვრილმანები სიამოვნებას განიჭებთ?

სამყაროს მადლიერების თვალით უცქერით?

სრულიად უცხო ადამიანებს ცნობთ?

მეტროში მჯდომი თავს  მოჩვენებების მიერ გატაცებულად წარმოიდგენთ ხოლმე?

წყალზე მოსიარულე მატარებლით მგზავრობა თქვენი ოცნებაა?

ტოტოროს ფუმფულა მუცელზე ძილი გინატრიათ?

ყავაზე მეტად ყავის სმის რიტუალი მოგწონთ?

გარიჟრაჟზე სამყაროს ხმებს ყურს უგდებთ ხოლმე?

გაზაფხული ხართ და შემოდგომაში ცხოვრობთ?

გგონიათ, რომ „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია“?

თავი სამყაროს სევდის მტვირთველი გგონიათ ხოლმე?

ჩაიზე მეტად მისი არომატი და ორთქლის ტრაექტორია მოგწონთ?

ღუნღულა, მოკალათება, ჩათბუნება, სიმყუდროვე – ეს სიტყვები განწყობაა თქვენთვის?

სიცარიელე სილამაზედ გეჩვენებათ?

ფიქრობთ, რომ სიმარტივე ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი რამაა?

ძენის ფილოსოფია თქვენი შინაგანი სიმების გაგრძელებაა?

არაფერი ადამიანური თქვენთვის უცხო არ არის?

მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაც „ლიტერატურული ჩახუტება“ აღმოჩნდება.

 

თუ ეს განწყობები გეცნობათ, მაშინ სოსუკე ნაცუკავას რომანი სწორედ თქვენზე და თქვენთვისაა – ადამიანებისთვის, რომლებიც სამყაროსთან სიჩუმით, კონტრასტებით, ყოველდღიურობითა და მცირე დეტალებით ურთიერთობენ. „კატა, რომელმაც წიგნები გადაარჩინა“ ამგვარი ხედვის მქონე წიგნია. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ გვიცავს ლიტერატურა მაშინაც კი, როცა ჩვენივე ხმები აჩქარებული სამყაროს ხმაურში იკარგება.

იაპონელი ექიმისა და მწერლის სოსუკე ნაცუკავას მცირე ზომის ალეგორიული ტექსტი მოგვითხრობს რინტარო ნაცუკიზე – ბაბუის წიგნის მაღაზიაში ჩაკეტილ ბიჭზე, სრულიად სხვა სამყაროს რომ ეკუთვნოდა და მოულოდნელად მარტო დარჩა. რინტარო ნაცუკი ის ბიჭი იყო, ვისი არყოფნაც კლასში ატმოსფეროს არ ცვლიდა, ვინც თავს უმნიშვნელოდ მიიჩნევდა და ამ ქვეყნიდან გაქრობის სურვილს წიგნების კითხვით ებრძოდა. ერთხელ კი მის გარშემო ჩამოწოლილ სიჩუმესა და სიბნელეში მწვანეთვალება კატა გაჩნდა, რომელმაც რინტაროს ლაბირინთებში შესასვლელი ანუ საფრთხის კარები გაუღო. რინტარომ არ იცოდა, რომ სწორედ ამ საფრთხის დაძლევით მიაგნებდა თავის ცხოვრებაში სინათლის კვალს.

ლაბირინთები მეტაფორაა თანამედროვე სამყაროს სამი პათოლოგიის, გნებავთ, კულტურული კრიზისის:

  • მასობრივი, მიზანმიმართული „სწრაფი კითხვის“;
  • წიგნების კომერციალიზაციისა და ბესტსელერიზმის;
  • ცოდნის რაოდენობაზე ორიენტირებული, მაგრამ არსობრივად გაღარიბებული განათლებისა და ინტელექტუალური ნარცისიზმის.

რომანის ბირთვს ქმნის თემები:

  • მარტოობა და საკუთარი თავისგან მოწყვეტა;
  • წიგნი როგორც საკუთარ თავთან შეხვედრისა და ადამიანებთან, ცხოვრებასთან დიალოგის საშუალება;
  • ნელა წაკითხვისა და ჩაღრმავების ძალა;
  • დაკარგული სიმშვიდის ძიების გზა;
  • კითხვა როგორც ადამიანის თვითგაცნობიერების საშუალება.

 

დღეს, როცა ყოველდღიურად ათასგვარ ინფორმაციასთან გვიწევს გამკლავება და ყურადღების მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხზე შეჩერება არც ისე ადვილია, ასეთი წიგნის ქართულად გამოჩენა განსაკუთრებით ფასეულია. ნაცუკავას ტექსტი გვახსენებს კითხვის რეალურ მნიშვნელობას – იმას, რომ წიგნთან ყოფნა შეიძლება ჰაერად გექცეს საყოველთაო უჰაერობაში, საკუთარი თავის მოსმენისა და შენი რიტმის აღმოჩენის საშუალება გახდეს.

ეს რომანი მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით ღირებულია. მასში გამოყენებული ალეგორიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა:

  • თვითიზოლაცია და უიმედობა – რინტაროს განცდებში ბევრი მოზარდი საკუთარ თავს ამოიცნობს;
  • კითხვის ნამდვილი დანიშნულება – სამი ლაბირინთი შესანიშნავი მასალაა დისკუსიისთვის: რას ნიშნავს „კარგად წაკითხვა“? რა განსხვავებაა ინფორმაციის მოხმარებასა და ტექსტთან ურთიერთობას შორის?
  • ემპათია და თანაგრძნობა – რინტაროს ურთიერთობა საიოსა და კატასთან მოსწავლეებს აჩვენებს, რომ მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღალი არ არის;
  • დაკვირვების კულტურა – წიგნი ხაზს უსვამს მცირე დეტალების, გარემოს, შეუმჩნეველი   სილამაზის დანახვის უნარს;
  • ბიბლიოთერაპიული ეფექტი – რომანი ეხმარება მკითხველს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში, დანაკარგის გააზრებასა და შიშის დამუშავებაში.

ამიტომ სასწავლო გარემოში ტექსტი შეიძლება იქცეს მსუბუქი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი საუბრების ბიძგად, ბიძგი კი, მოგეხსენებათ, დიდი და დიდებული რყევების დასაწყისია.

ეს წიგნი მათთვისაა, ვინც სიჩუმეს ენდობა; ვინც ფიქრობს, რომ სიმარტივეში დიდი ძალაა; ვინც შინაგანად ძენ-ფილოსოფიის მიმდევარია; ვისთვისაც თანაგრძნობა სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობის გასაღებია.

დეკემბერს გილოცავთ.

წიგნის ბოლო ფურცლებზე თოვს. იქნებ ჩვენთანაც გათოვდეს, იქნებ სამართალი ხილულ ნაფეხურად დაგვაჩნდეს.

ნოველა ლუარსაბზე

0

შესაძლებელია თუ არა ლუარსაბ თათაქარიძის მეტამორფოზა?

მათი საყვარელი და ხშირად არც ისე საყვარელი პერსონაჟებიც კი გამუდმებით გარბიან ნაცნობი წიგნებიდან ახალ თავგადასავლებში, საკუთარი თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქიდან ახალ ქერქში. მოკლედ, იქ, სადაც სიკვდილი ისვენებს, სიბრმავე იკურნება, ჩატეხილი ხიდები მთელდება. მოზარდები ყველაზე გამოუსწორებელი ინტერტექსტუალისტები არიან.

რა თქმა უნდა, გეცნობათ მათი ყველაზე საჭირბოროტო საკითხავი: „ნუთუ არ შეიძლება, ისე მოხდეს პროგრესი, რომ ვინმე არ შეეწიროს, მხსნელი მსხვერპლი არ იყოს?“

ან: „აი, რატომ არ შეიძლებოდა, მიეცა მწერალს პერსონაჟისთვის გამოსწორების შანსი? ეს ხომ უსამართლობაა!“

დამეთანხმებით ალბათ, რომ სწორედ ამ ინტერტექსტუალისტების „გამოსწორება“ არ გვინდა.

ახლა მეორე საკითხავიდან დავიწყებ. საქმე ლუარსაბ თათქარიძეს ეხება. „მას, იცით, ამ კაცს, მე მგონი, დეპრესია აქვს, დახმარება სჭირდება…“ – მითხრა ერთხელ მეორე თავის შემდეგ „დაუსპოილერებელმა“ მოსწავლემ.

შესაძლებელია თუ არა ლუარსაბის დახმარება, მისი მეტამორფოზა? ეს კომპლექსური დავალება მოსწავლეებმა მიკარნახეს აკა მორჩილაძის მოთხრობასთან „მოგზაურობა კახეთში 1855 წ. “ ერთად. დავალების შესრულების უმთავრეს ფაქტორად მიმაჩნია „კაცია-ადამიანის?!“ ბოლო თავის დეტალური გააზრება.

რა თქმა უნდა, ვარჩიე, ჯერჯერობით არ მეხსენებინა აკა მორჩილაძის მოთხრობა.

 

კომპლექსური დავალება

ნოველის შეთხზვა

XI კლასი

საკვანძო კითხვა: რა სიტუაცია შევუქმნა ლუარსაბ თათაქრიძის პერსონაჟს იმისთვის, რომ მან დაიწყოს მოქმედება (მაგალითად, ფიქრი)?

დავალების პირობა: წარმოიდგინე ლუარსაბ თათქარიძე 21-ე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში. დაწერე პატარა ნოველა 2 სურათად/ეპიზოდად.

  • თავდაპირველად შეარჩიე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აქტუალურია დღეს. ამ პრობლემაზე ხშირად მსჯელობენ შენს ნაცნობ საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში, მედიაში, საუბრობენ ოჯახშიც.
  • წარმოიდგინე, რაგვარი დამოკიდებულემა შეიძლება ჰქონდეთ ლუარსაბსა და დარეჯანს ამ პრობლემის მიმართ, თუ დავუტოვებთ მათ ხასიათის ყველა იმ ძირითად თვისებას, რომლებიც ილიას მოთხრობაში აქვთ. შეგახსენებ, ესენია: სიზარმაცე, გაუნათლებლობა, ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, ბაქიაობა, მატყუარობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა და უნაყოფობა.

ამ თვისებებზე დაყრდნობით შექმენი ნოველის 1-ელი სურათი:

ვთქვათ, ლუარსაბმა ან დარეჯანმა სოციალურ ქსელში წაიკითხეს ან მოისმინეს ინფორმაცია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წარმოიდგინე, როგორ ისაუბრებენ ამის შესახებ. შეგიძლია შემოიყვანო სხვა პერსონაჟიც „კაცია-ადამიანიდან“, სხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან, ფილმიდან ან თავად მოიფიქრო. შეადგინე ამ პერსონაჟების დიალოგი ან პოლილოგი, რომელიც შესაძლოა სოციალურ ქსელშიც კი მიმდინარეობდეს.

დიალოგში/პოლილოგში წარმოაჩინე ლუარსაბისა და დარეჯანის თვისებები და ცრუღირებულებები ისე, რომ მკითხველმა ისინი ჩვენი საზოგადოების ზოგად ტიპებად აღიქვას.

დიალოგის შემდეგ დაწერე შენი როგორც ავტორის მიმართვა-გასაუბრება პერსონაჟთან ან მკითხველთან ისე, როგორც ამას ილია გააკეთებდა. მაგალითად:

„მართალი ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისი აზრით, კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ მაინც ვერ აავსო. მისი ბრწყინვალება თავის თავზედ ხედავდა თავის ბრწყინვალე გონიერებით, რომ ამ დანიშნულებას კაცი უსწავლელადაც კარგად ასრულებს“.

ან:

„ეჰ, ჩემო ლუარსაბ! ვიცი, რომ გულწრფელი ხარ, როგორც ყველა ძველი ქართველი, მაგრამ ძველს დროს ტყუილად შენატრი. რომ არც იცი, რა იყო სანატრელი ძველს დროში. ცხენი და კაცი განა ახლა არ არის?..“

ან:

„მოგეწყინა, მკითხველო?..“

გამოიყენე თანამედროვე სალიტერატურო ენა.

 

ნოველის მე-2 სურათი:

შენ იცი, რომ ილია ხატავს ტიპურ გმირს ტიპურ გარემოში. წარმოიდგინე, რომ შენ მიერ წარმოდგენილი დიალოგის შემდეგ გავიდა გარკვეული ხანი. ჩააყენე ლუარსაბი ისეთ სიტუაციაში, რომ მისცე შანსი, დაიწყოს კონკრეტული მოქმედება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯი (აქტივობა, ფიქრი თუ სხვა, სულერთია). ესე იგი, უჩვეულო გარემოში უნდა აღმოჩნდეს.

ამისთვის: შემოიყვანე პერსონაჟი ან პერსონაჟები სხვა ნაწარმოებიდან ან თავად გამოიგონე.

შეგახსენებ, ილიას მოთხრობაში ლუარსაბის სიცოცხლე დასრულდა მაშინ, როცა მან დარდიანობისას ფიქრის შანსი ჭამასა და ძილში ჩაკლა. ახალ შანსს გამოიყენებს თუ არა, თავად გადაწყვიტე.

ეპიზოდის შესაქმნელად გამოიყენე ერთ-ერთი ან ორი შემდეგი სტრატეგიებიდან: ამბის თხრობა, დიალოგი, მონოლოგი.

შეგახსენებ, რომ აქაც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი სურათი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვტოვებთ ლუარსაბს პირველ ნაბიჯებთან. დანარჩენი მკითხველს მივანდოთ.

 

ნოველის ტექსტის ორგანიზებისთვის დაგჭირდებათ შემდეგ საკითხებზე ყურადღების გაახვილება:

 

  • ჟანრი: ნოველის მახასიათებლები
  • კომპოზიცია: თემა, იდეა, სიუჟეტი, ხედვის კუთხე, სათაური, აბზაცი, დიალოგი,მონილოგი, პოლილოგი, ავტორისეული ჩანართები
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: წინადადებათა აზრობრივი გადაბმის ტიპები, ტროპები, ინტერტექსტუალური მიმართებები
  • კონტექსტი: ნაწარმოებში წამოჭრილი მთავარი იდეის, ავტორის, პერსონაჟის პოზიციის შეფასება თანამედროვე ეპოქის კონტექსტში, ეპოქის (ამ შემთხვევაში – 21-ე საუკუნის) ფასეულობები, ღირებულებები
  • გრამატიკა: მორფოლოგიისა და სინტაქსის ნასწავლი ნორმების ცოდნის გამოყენება ფუნქციურ კონტექსტში

 

ნოველის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

ვინ არის შენთვის ლუარსაბ თათქარიძის საუკეთესო ანტითეზისი ქართული ან მსოფლიო ლიტერატურიდან?

ხედვის კუთხის შეცვლის შემდეგ შეიცვალა თუ არა შენი დამოკიდებულება მთავარი პერსონაჟის მიმართ? მწერლის მიერ დასმული პრობლემის მიმართ?

ნოველის დაწერის შემდეგ რა პოზიცაში აღიქვამ თავს, როცა კითხულობ სათაურს „კაცია-ადამიანი?!“ – დამკვირვებლის, შემფასებლის თუ…

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა დეპრესიის ნაცვლად დაიწყოს ფიქრი?

ნოველის დაწერამდე:

– მას, მე თინათინს გავაცნობდი…

– მე – ავთანდილს..

– ჟოზეფ კ-ს, მან ხომ გაიარა ეს პროცესი…

– თვითონ ილია რომ გავაცნო?.. მაგრამ, მგონი, იცნობდა თითქოს…

 

აკა მორჩილაძის მოთხრობა მერე წავიკითხეთ. ძალიან მოეწონათ, არ გაჰკვირვებიათ.

აი, რა თავგადასავლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ლუარსაბი მათ ხელში:

დარეჯანი პანდემიას გადაჰყვეს, ხოლო ლუარსაბს გემოსა და ყნოსვის რეცეპტორები გაუქრეს და დეპრესიისგან თავის დასაღწევად ომში წავიდეს;

დარეჯანი ავად გახდეს, მაგრამ გადარჩეს და ზრუნვა ისწავლოს;

ლუარსაბი გაკოტრდეს და სარჩოს საძიებლად წავიდეს;

ან,  მიუხედავად ბევრი ამგვარი ექსპერიმენტისა, სულაც არ შეიცვალოს.

 

ნაკვესები მოსწავლეების ინტერტექსტებიდან:

„ – გამარჯობა, უსასრულობისკენ გზას ხომ ვერ მიმასწავლით? ეს საუკუნის აპლიკაცია არ მიჩვენებს.

– ეს ვინღა ოხერია, – გამოჩნდა ლუარსაბი.

– უბრალოდ, მაინტერესებდა, თქვენ… – ცხვირწინ მიუხურა ლუარსაბმა მერანს კარი“.

 

„-კაი, ძმაო, რატომ ტირი? შემოდი.

ტარიელი დიდხანს უყვებოდა ლუარსაბს თავის სიყვარულზე. ასე ჩაეყარა საფუძველი დიდ მეგობრობას“.

„ლუარსაბმა წიგნი წაიკითხა… სიყვარულზე“,- მეც ამით დავასრულებ – ლუარსაბმა დარეჯანის ხათრით წაიკითხა წიგნი. მას ხომ მეუღლე წიგნიერ ქალად მიაჩნდა. „კითხულობდა ლუარსაბი და გაკვირვებული იყო. იქ ეწერა, რომ თუ გიყვარს, უცნაური რამეები გემართება, მუცელში პეპლების ფრთხიალიდან დაწყებული და ასე შემდეგ… შეხედა მერე თავის დარეჯანს და გული დასწყდა, რომ მსგავსს ვერაფერს გრძნობდა. რამდენიმე დღეში ადგა ჩვენი ლუარსაბი, კომპანიის საქმეები მოიმიზეზა და წავიდა სიყვარულის საძებნელად“.

ახალი ლუარსაბის პირველი ნაბიჯების იქით არც ისე მქრქალად შეიძლება დაინახო ტყის ნაპირი, საიდანაც იწყება ზღვა, რომელზეც, როგორც ამბობს ბორხესი, სხვა ხის ქოხები ლივლივებენ. ეს სამყარო ხან ცოტა ვეფხისტყაოსნურიცაა და დონკიხოტურიც. ხან – სულაც არა, მაგრამ აქ თაობაა – ნიჰილიზმის წინააღმდეგ.

ბავშვები აფრიკიდან

0

(დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე)

ასეთი ბავშვები წებოს სუნთქავენ და აფრიკაში მოგზაურობენ. ჟირაფებს ეთამაშებიან და სპილოებით დაჯირითობენ. მერე ისევ თბილისში ბრუნდებიან, რომელიმე შორეულ მაღაზიას მიაშურებენ (ახლომდებარეს არა – იქ უკვე იცნობენ და საშიშია), ჩუმად შეიპარებიან, გასაყიდად გამოტანილ სანოვაგეს ძველი, ოდნავ ჭუჭყიანი ქურთუკების ფართო ჯიბეებში მალულად ჩაიჩურთავენ და ასევე ჩუმად გამოდიან, რომ მონადირებული ნადავლით იქეიფონ. შემორჩენილი კაპიკებით წებოს ახალ პარტიას ყიდულობენ და ისევ აფრიკას მიაშურებენ სპილოებით საჯირითოდ.

ასეთი ბავშვები ბავშვურად იცინიან, როცა რამე სასაცილოს წააწყდებიან, დაჭერობანასაც თამაშობენ, გოგოებსაც ბავშვურად ეპრანჭებიან და ბავშვურად უბრწყინავთ თვალები, როცა მეტროში შეხვდებიან ხელში ტელეფონმომარჯვებულ მგზავრს, რომელსაც გრძელ მიწისქვეშა გვირაბებში დრო სენსორულ ეკრანზე აფერადებული თამაშით გაჰყავს. უბრწყინავთ თვალები, ხარბად მისჩერებიან მგზავრის მორიგ სათამაშო სვლას და, ფერადი ეკრანით აღტაცებულებს, აღარ ახსოვთ, რომ სხვანაირი ბავშვები არიან.

მაგრამ ასეთ ბავშვებს დიდებივით სძინავთ. დარდიანებს, სევდიანებს, მოუსვენრად, შეშინებულებს, და დახუჭულ თვალებს მიღმა ბევრი ტკივილიანი სიზმარი დაურბით. ეს ბავშვები დიდებივით იტყუებიან და ჩხუბობენ, იგინებიან და თავს არავის აჩაგვრინებენ. შიშს არაფრის დიდებით არ ამჟღავნებენ და არავის ენდობიან. სწორედ ისე, როგორც დიდები.

ეს ბავშვები ოდესღაც მართლა ბავშვები იყვნენ. მათაც ჰყავდათ მშობლები, დები, ძმები, ბებია-ბაბუა, მათზეც ზრუნავდნენ, ისინიც უყვარდათ. ალბათ. იყო დრო, როცა ისინიც მხოლოდ იმაზე დარდობდნენ, ნეტავი ახალ წელს თოვლის ბაბუა რას მაჩუქებსო. მაგრამ აქაც იმარჯვეს ასეთმა ბავშვებმა. მათ ყველაზე ადრე ამოხსნეს ახალი წლის საიდუმლო. ისინი ყველაზე ადრე მიხვდნენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. და მერე კიდევ მრავალ საიდუმლოს ახადეს ფარდა. რომ თუ გშია, ქალაქში უამრავი მაღაზიაა, სადაც შეგიძლია დანაყრდე – ყველასგან მალულად, სამაგიეროდ, უსასყიდლოდ. რომ თუ მოგზაურობა გინდა, არსებობს უამრავი გემრიელი ნივთიერება, რომელსაც მიიღებ და მერე არჩევანი შენზეა, აფრიკა და თბილი ქვეყნები გირჩევნია თუ ლაპლანდია და სიცივე. რომ შენი ყველაზე დიდი მეგობარი ერთი რკინის ნივთია, ხის თუ პლასტმასის სახელურით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, პირი ჰქონდეს ბასრი ლითონის. თუ ეს ნივთი გაქვს, უძლეველი ხარ, ბუმბერაზი, ვერავინ დაგჩაგრავს, ყველას შენი შეეშინდება და სახელდახელოდ შეგულებულ საძილე აპარტამენტებში, რომელიმე ქუჩის რომელიმე კუთხეში რომ მდებარეობს, ვერავინ შეგეცილება.

იზრდებიან ეს ბავშვები. იზრდებიან და საცხოვრებელ ადგილს იცვლიან. უბრალოდ სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ ძილი ბეზრდებათ და ჩაკეტილ სივრცეში გადაინაცვლებენ. ფორმიანებს კი ჰგონიათ, რომ ეს ცვლილება მათი დამსახურებაა ქვეყნისა და კეთილშობილი საზოგადოების უსაფრთხოების წინაშე, მაგრამ, აბა, მაგათ რა ესმით?! სინამდვილეში ბავშვებმა თავად მოინდომეს გარემოს შეცვლა. მართალია, იქ ის სანუკვარი ნივთი აღარ აქვთ, მაგრამ მუშტები ხომ აქვთ? და კიდევ – ლამაზი და თბილი სიტყვების უსასრულო კორიანტელი, რომელსაც ყოველ შესაძლებლობაზე აფრქვევენ და ისევ არავის აჩაგვრინებენ თავს. ყოჩობენ, დიდობენ, კაცობენ და ასე გაჰყავთ დრო ჩაკეტილობაში.

ასეთი ბავშვები მალულად ლექსებსა და მოთხრობებს წერენ. ან ხატავენ. ან კითხულობენ და სწავლობენ. ან სხვადასხვა ნივთს ამზადებენ. თუ გადაწყვიტეს და თავიანთი შემოქმედება ვინმეს გაუზიარეს, ქება უხარიათ და ბედნიერები არიან, როცა მათ შრომას სხვები ხედავენ და აფასებენ. ასეთ ბავშვებს უკვირთ, რომ შესაძლებელია, სხვა ადამიანებმა მათში, ქურდისა და ნარკომანის გარდა, ნიჭიც დაინახონ, სიკეთეც და სინათლეც. უკვირთ, მაგრამ ახლა წებოს მაგივრად ამ ქებაზე ხდებიან დამოკიდებულნი. და, წარმოიდგინეთ, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, წამით შეეპაროთ აზრი, რომ მართლა არის მათში სინათლეც და სიკეთეც. მართალია, ამას ხმამაღლა არავის ეტყვიან, – ხომ გითხარით, თავს არავის დააჩაგვრინებენ-მეთქი, – მაგრამ ძილის წინ, იმ ერთი პატარა გარდამავალი წამის განმავლობაში, გაახსენდებათ, რომ ოდესღაც ისინიც ბავშვები იყვნენ.

ჩვენს პატარა ქალაქში ბევრი ასეთი ბავშვია. ჩვენგან ძალიან შორს და თან ძალიან ახლოს. არ ჩანან, მაგრამ ყველგან არიან და ელოდებიან, როდის შევამჩნევთ და როდის შევუქებთ ნახატს ან ლექსს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაუჩნდეთ შანსი ასეთ ბავშვებს, რომ მართლა ბავშვები იყვნენ. და მერე – დიდებიც, ოღონდ ჩაკეტილობაში კი არა, თავისუფლებაში დიდები. მართლა თითო ლექსის წაკითხვა და თითო ნახატის დათვალიერებაა საჭირო. მეტი არაფერი.

 

***

ანდერსენის მთვარეს თბილისში რომ ემოგზაურა, ასეთ ამბავს მოჰყვებოდა, ჩემებურს.

„იმ ღამესაც მოვიდა ჩემი მთვარე. ხომ იცით, ყოველღამე მოდის. ახალ-ახალი ამბით დატვირთულ-დაღალული. ხან ისეთი ამბავი მოაქვს, თვითონაც გაბადრულია, ხან – დარცხვენილი და განახევრებული, ხან ისეთ მძიმე ამბავს ეზიდება, ნამგალივით წელში მოხრილი მოდის. იმ ღამეს სხვანაირი მოვიდა ჩემი მთვარე. დარდით იყო სავსე. უთქმელი, ჩუმი ნაღველი კლავდა და რომ შეხედავდი, გეგონებოდა შველას გთხოვსო. ძველებურად შემონათდა ჩემს აივანზე, მოკალათდა და ცოტა ხანს ასე დარჩა, ჩაფიქრებული და მდუმარე. მერე ამბავს მომიყვა და მივხვდი, შველას სხვისთვის ითხოვდა, თავისთვის კი არა.

– გუშინ ღამით თბილისში ერთ დიდ შენობას მივადექი. ცივი იყო იქაურობა. ცივი და ბნელი. ბევრი ოთახი ჰქონდა ამ ცივ შენობას და ყველა მათგანში ადამიანებს ეძინათ. ყველა კაცი იყო, უმეტესად ახალგაზრდები. მე თავზე დავნათოდი და მაინც ვერ ვანათებდი. ეძინათ და ბნელ, უჩემო სიზმრებს ხედავდნენ. მივხვდი, შენობა კი არა, ეს ადამიანები იყვნენ ცივები. იმასაც მივხვდი, რომ ძალიან უნდოდათ სითბო, სინათლე, მაგრამ მათ ოთახებს სქელი რკინის კარები იცავდა და სითბო შიგნით ვერ აღწევდა. მეც ძლივს შევეტიე ფანჯრებზე აკრულ გისოსებში. ერთ ბიჭს წამოვადექი თავზე. მას არ ეძინა. გისოსებს მიღმა იყურებოდა და ფიქრობდა. ძალიან ძნელ ფიქრებს ფიქრობდა. მეც გაჭირვებით შევაღწიე მის ოთახში, ახლოს ჩამოვუჯექი და ვუსმინე. ასე, ოცდახუთი წლისა იქნებოდა. ამ ოთახში ცხოვრობს თურმე უკვე სამი წელია. ხვალ დილით მიდის აქედან. „ვთავისუფლდებიო“, – იმეორებდა ფიქრში. უცბად დამინახა. დამინახა და გამომელაპარაკა. „ნეტავი გალაკტიონივით მეც თუ შემინახავ ფიქრებსო?“ – მკითხა. „ნეტავი შენ მაინც თუ გესმის, როგორ მეშინია. სად უნდა წავიდე, რა უნდა ვაკეთო, ვის მივადგე?! აქ ყოფნა ხომ რთული იყო, მაგრამ თავისუფლება უფრო რთულია. აქედან გასულს ვინ მიმიღებს? სკოლა სულ ძალით დავამთავრე, სანამ დედის თხოვნა ჯერ კიდევ ჭრიდა. პროფესია არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, ასე ამბობდნენ, დიდი მომავალი აქვსო. ნახე, ჩვენებმა რა ქნეს? ევროპაზე ითამაშეს! რა ამაყები არიან, ალბათ. აი, მე ფულის შოვნა მოვინდომე. შრომა დამეზარა. მარტივად ვიშოვე ეს ფული. დავრბოდი და ვშოულობდი. ფულსაც, სასმელსაც, წამალსაც. თამაშსაც არ ვიკლებდი… გაგონილი მქონდა, ამ შენობაში თითო აგური ყველასთვის არისო. ჩემთვისაც ყოფილა. მოვედი და მოვერგე. აქაური წესებიც უცბად ავითვისე. თავი აქ მაინც ვიგრძენი ადამიანად. მაგრამ აქაურობამაც არ მიმიღო. აქედანაც მიშვებენ. თან უნდა გიხაროდესო, მეუბნებიან. ისევ იქ უნდა დავბრუნდე, სადაც ყველაფერი მარტივი იყო, ფულის შოვნაც, წამალიც, სასმელიც. ნოდარ დუმბაძის და შუბლის ძარღვის ამბავი ხომ იცი? მეც ეგრე გავიიოლე ცხოვრება. და იქ დაბრუნება უნდა მიხაროდეს თურმე. ჰო, ჩაკეტილი აღარ ვიქნები, მაგრამ მეშინია, რომ აქაურობას თან გავიყოლებ. და მერე მოვა დრო, როცა ეს თან გაყოლილი აუცილებლად თავის ადგილას დაბრუნებას მომთხოვს. და ისევ უკან მოვალ. გაიოლებული ცხოვრებით და გაუარესებული ჯანმრთელობით მოვალ უკან. ალბათ, უფრო გაბრაზებულიც ვიქნები. იმიტომ, რომ აქედანვე ვიცი, გარეთ რაც იქნება. თავისუფლებს მარტო ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი უყვართ სიკეთეზე. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეგ სიკეთე, იმას აქცევენ ზუსტად ზურგს. ეგ მე კარგად ვიცი. მაგათაც ეშინიათ და იმიტომ. ჩემი ეშინიათ. ჰოდა, თუ საშიში ვარ, ვიქნები კიდეც. ნახევარი თბილისი ხომ გავქურდე, გავალ და მეორე ნახევარსაც დედას ვუტირებ! შენ არ წახვიდე, რა. სანამ შეგიძლია, იყავი. მალე გათენდება და გამიშვებენ. და უკან რომ მოვალ, შემომიარე ხოლმე. გალაკტიონივით ლექსს ვერ შეგპირდები, მაგრამ დაგელაპარაკები მაინც. მოგიყვები, მართლა რა კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს. მაგრები არიან რა ჩვენები. ევროპაზე ითამაშეს!“

მზის ამოსვლამდე ვისხედით მე და ბიჭი. მზესთან ერთად ვიღაც ფორმიანიც მოვიდა და წაიყვანეს. დღეს იმის სათქმელად მოვედი, რომ ცოტა ხანს შენთან ვეღარ მოვალ ხოლმე. ბიჭი უნდა მოვძებნო და მასთან ვიყო. რკინის გისოსებში ხომ შევაღწიე. იქნებ, ახლაც მოვახერხო და ბიჭი რომ დაიძინებს, მისი ბნელი, უჩემო სიზმრები ცოტა მაინც გავანათო“.

დროის ფიზიკა: ფილეას ფოგის 80-დღიანი სიზუსტე

0
Rotating globe and school books are drawn with chalk on a blackboard.

(ჟიულ ვერნის ,,ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო“-ს მიხედვით)

თინათინ ზარდიაშვილი

ინტეგრირებული პროექტი „ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო“ წარმოადგენს სწავლების თანამედროვე და ეფექტურ მოდელს, რომელიც აღწევს რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს. ესენია:

  1. საგნებს შორის კავშირის გაძლიერება;
  2. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  3. გეოგრაფიული და ფიზიკური ცნებების პრაქტიკაში გამოყენება.

სამიზნე კლასი: მე-7 კლასი

ინტეგრირებული საგნები: ლიტერატურა, გეოგრაფია, მათემატიკა/ფიზიკა (სიდიდეების გარდაქმნა, სიჩქარე, დრო)

დღეს ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, რომელიც დროსა და სივრცეს კვეთს. 1872 წელს ლონდონის რეფორმკლუბის თავშეკავებულმა ჯენტლმენმა, ფილეას ფოგმა, გაუგონარი ფსონი დადო: 20 000 ფუნტი იმის დასამტკიცებლად, რომ შესაძლებელია დედამიწის შემოვლა ზუსტად 80 დღეში.

ეს არ არის მხოლოდ სათავგადასავლო ამბავი. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოითხოვს მათემატიკურ სიზუსტეს, გეოგრაფიის ცოდნას და ფიზიკის კანონების გაგებას. ჩვენ შევუერთდებით ფოგს და მის ერთგულ ფრანგ მსახურს, პასპარტუს, მათ ეპიკურ რბოლაში. გამოვთვლით მანძილებს კილომეტრებში, გარდავქმნით სიჩქარეს კვანძებიდან კმ/სთ-ში, დავაკვირდებით დროის პარადოქსს საათობრივი სარტყელების გადაკვეთისას და გავაანალიზებთ ენერგიის გარდაქმნას ქარიშხალში.

თქვენი ამოცანაა, გამოიყენოთ თქვენი ცოდნა ლიტერატურიდან, გეოგრაფიიდან და ფიზიკა/მათემატიკიდან, რათა დაეხმაროთ ფილეას ფოგს, დაამტკიცოს თავისი თეორია და მოიგოს ეს გრანდიოზული ფსონი. მზად ხართ გლობალური ექსპედიციისთვის? 80 დღის ათვლა იწყება!

ეტაპი დრო აქტივობა ინტეგრაცია მიზანი
ფსონი 5 წთ. მასწავლებელი: რომანის მთავარი სიუჟეტი – ფილეას ფოგის ფსონი (20,000 ფუნტი) მსოფლიოს გარშემო 80 დღეში შემოვლაზე. მოგზაურობა ზუსტად 80 დღეში უნდა დასრულდეს, არც მეტი, არც ნაკლები!“. ლიტერატურა პრობლემის გაცნობა, მოტივაციის ამაღლება.
რუკის გაცნობა 10 წთ. მოსწავლეები ათვალიერებენ მსოფლიო რუკას. მასწავლებელი ასახელებს მოგზაურობის 4 ძირითად სეგმენტს: ევროპა → აზია → ამერიკა → ევროპა. გეოგრაფია ვიზუალური წარმოდგენა, მარშრუტის დაფიქსირება
გამოთვლები 25 წთ მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში

1.       სუეცი ბომბეი გემით მგზავრობის გამოწვევები;

2.       შეამოკლა ფულის გადახდამ (სიჩქარის 1 კვანძით მატებამ) მოგზაურობის დრო?

3.       ალკოტაბადი ბომბეი: მანძილი 50 სახმელეთო მილი

4.       მოგზაურობა სატვირთო გემით

5.       გემის დაწვა

ფიზიკა მათემატიკა დავალების პირობები
დროის პარადოქსი 30 წთ. საათობრივი სარტყელები

მოგზაურობა აღმოსავლეთით: მოსწავლეები აანალიზებენ, რატომ „კარგავს“ დროის ზონების გადაკვეთისას აღმოსავლეთით მოძრავი ადამიანი ყოველთვის საათებს, მაგრამ დედამიწის გარშემო შემოვლისას ერთ სრულ დღეს იგებს.

ამოცანა: ფოგი 80 დღეში ჩადის ლონდონში, თუმცა მისი საათით 81-ე დღეა. რატომ? (პასუხი: თარიღის შეცვლის ხაზის გადაკვეთა აღმოსავლეთით მოგზაურობისას ერთ დღეს „კარგავს“).

გეოგრაფია საათობრივი სარტყელების მიხედვით დროის მოგების შესაძლებლობა
 

ვიქტორინა

30 წთ. ვიქტორინა: მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა არის კვანძი? რამდენი კილომეტრია საზღვაო მილი? რა არის გეოთერმული გრადიენტი? ყველა საგანი ცოდნის შეჯამება და გამთლიანება
 

პროექტის შეჯამება

10 წთ. შემოქმედებითი დავალება: ჯგუფები ქმნიან საკუთარ „სამოგზაურო ბარათს“ ოთხმოცი დღის განრიგით. მათ უნდა დაიტანონ მგზავრობის 5 მონაკვეთი, მიუთითონ მანძილი კმ.ებში, სიჩქარე კმ/სთ.ში და დახარჯული დრო. ყველა საგანი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

 

დანართი 1:

დავალება 1: სუეციდან ბომბეიმდე

– ,,საშუალოდ რა სიჩქარით მოძრაობს თქვენი გემი? იკითხა ფოგიმ.

  • ათიდან თორმეტ კვანძამდე საათში, მისტერ ფოგ. იყო პასუხი.
  • შესანიშნავია, სუეცსა და ბომბეის შორის მანძილი ჩემი რუკით 4200 მილია. ამ სიჩქარით ეს მანძილი 13 დღესა და ცამეტ საათში უნდა გავიაროთ.

კაპიტანმა გაოცებით შეხედა მგზავრს, რომელმაც წუთებში შეასრულა გამოთვლა, რისთვისაც თავად საათები დასჭირდებოდა.

ფილეას ფოგი მზად იყო დამატებითი თანხა გადაეხადა, თუკი გემი მეტი სიჩქარით იმოძრავებდა, რათა დათქმულ დროზე ადრე ჩასულიყვნენ.

  1. რამდენი კილომეტრია 4200 მილი, თუ ერთი სახმელეთო მილი 1,609 კმ-ია, საზღვაო – 1,852 კმ.
  2. გამოსახე სიჩქარე საერთაშორისო ერთეულებში 10-12 კვანძი საათში (1 კვანძი=1,852 კმ/სთ-ს);
  3. გამოსახე დრო საათებში: 13 დღე და 13 საათი.
  4. რა დრო დასჭირდება გემს სუეცის არხიდან ბომბეიმდე გზის გასავლელად?
  5. შენი პასუხი დაემთხვა ფილეას ფოგის წუთებში გამოთვლილს?

პასუხი: 4200 საზღვაო მილი=7,79 კმ; სახმელეთო = 6,76კმ.-ს., რადგან სუეციდან ბომბეიმდე გემით მიდიოდნენ, საზღვაო მილი დასჭირდებოდათ.

 

დავალება 2: – რამდენად ჩამოვრჩებით მისტერ ფოგ? იკითხა აუდამ.

  • არავითარ შემთხვევაში, მადამ, ომაჰიდან ჩიკაგომდე 92 საათში უნდა მივიდეთ.

– მატარებლის საშუალო სიჩქარე გრაფიკით ორმოცი მილი/საათშია. ახლა მივდივართ 20 მილი/საათში სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ ორი საათით უკვე დაგვაგვიანდა. რასაც სხვა მონაკვეთზე დავაკომპენსირებთ.

ამერიკული მატარებლების გაჩერებების სიხშირე, ამინდი და მოულოდნელი დაბრკოლებები (როგორებიცაა ინდიელების თავდასხმები ან კამეჩების ჯოგები) ცვლიდა ფიზიკურად შესაძლო სიჩქარეს და ზრდიდა მოგზაურობის დროს.

  1. გამოსახე კმ/სთ-ით: საშუალო სიჩქარე 40 მილი/სთ;
  2. გამოსახე კმ/სთ-ით ფაქტობრივი სიჩქარე 20 მილი/სთ;
  3. რატომ ივარაუდეს, რომ დროში ჩამორჩენა 2 საათია?
  4. როგორ მოქმედებს სხეულის სიჩქარეზე ხახუნი? წინააღმდეგობის ძალა, ტვირთი, ამინდი?
  5. რა დროში გაივლიდა მატარებელი 80 მილს თითოეული სიჩქარით?
  6. რას უდრის დროებს შორის სხვაობა?
  7. დაემთხვა თუ არა თქვენი ჯგუფისა და ფილეას ფოგის გამოთვლილი შედეგები ერთმანეთს?

 

დავალება 3. სპილოთი გადაადგილება და საფასური

ინდოეთში მოულოდნელად გზა იკეტება და ფოგს უწევს სპილოს დაქირავება. სპილოს სიჩქარე ფასთანაა დაკავშირებული. რკინიგზის მონაკვეთი ბოლომდე არ იყო დასრულებული. კიდევ 50 მილი იყო გასავლელი. ფოგმა დაინახა სპილო და უცებ გამოსავალი იპოვა. ეს იყო სპილო, სახელად ქიუნი.

  • შეიძლება ამ სპილომ ერთ საათში 12 მილი გაიაროს? იკითხა ფილეას ფოგმა.
  • დიახ, თუ დიდხანს არ გაჩერდება.
  • მაშინ დაგვჭირდება დარჩენილი მილის გავლა 4 საათსა და 15 წუთში.

ფოგმა ასტრონომიული თანხა შესთავაზა, რათა სპილოს მაქსიმალური სიჩქარე განევითარებინა.

  1. რამდენი კმ-ია 50 მილი?
  2. გამოსახე 12 მილი/სთ კმ/სთ-ში;
  3. რა დროს დასჭირდება სპილოს 50 მილის გასავლელად?
  4. რას ფიქრობთ, რატომ დასჭირდა 4 საათზე მეტი?

 

დავალება 4: მოგზაურობა სატვირთო გემით

მარშრუტი: ჩინეთი – იოკოჰამა

ფილეას ფოგმა უნდა დატოვოს ჰონგ-კონგი და მოხვდეს იაპონიაში, იოკოჰამაში, რათა დაეწიოს ამერიკისკენ მიმავალ ტრანსპორტს. გაიგო, რომ გემი უკვე გავიდა.

  • ლოდინი არ შეგვიძლია;
  • დრო უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული.

დაიქირავა სწრაფი, მაგრამ ნაკლებად სანდო სატვირთო გემი, ,,ტანკადერი“.

გემით გასავლელი მანძილი 2000 საზღვაო მილია. დრო კი 6-7 დღე.

გამოწვევა: გემი ვერ ავითარებს სასურველ სიჩქარეს. ფოგი კი კაპიტანს დამატებით 200 ფუნტს დაჰპირდა, თუ სიჩქარეს 9 კვანძამდე გაზრდიდა.

  1. გამოსახე კმ/სთ-ით 9 კვანძი.
  2. რამდენით შეამოკლებს დროს კაპიტანი, თუ გემის სიჩქარე 1 კვანძით გაიზრდებოდა?
  3. როგორ მოქმედებს ამინდის პირობები, მაგალითად, ქარიშხალი გემის სიჩქარეზე?
  4. თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი კაპიტანმა ფულის სანაცვლოდ დაარღვიოს ფიზიკის კანონები?

 

დავალება 5: საწვავის პრობლემა

მარშრუტი: ამერიკიდან ევროპისკენ

ფილეას ფოგი ქიმიურ ენერგიასა და ტემპერატურას სიჩქარის გასაზრდელად იყენებს.

მოგზაურებს სჭირდებათ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხვდნენ ნიუ-იორკიდან ლივერპულში. ამისთვის ფოგი ქირაობს სწრაფ გემ „ჰენრიეტას“. გემს შტორმის გამო საწვავი ეწურება. პრობლემისგან თავის დასაღწევად ფოგი ყიდულობს გემს, რომ როგორც უნდა ისე გამოიყენოს. მისი ბრძანებით ანძები, ხის სხვა ნაწილები უნდა დაწვან, მიღებული ენერგიით ამუშაონ ორთქლის ქვაბები და გემმა შედეგად სიჩქარე 12-დან 14 კვანძამდე უნდა გაზარდოს. ამ გზით გემმა სიჩქარე შეინარჩუნა და ირლანდიის ნაპირებამდე მიაღწია.

  1. რა სახის ენერგია მიიღება გემის ნაწილების დაწვით?
  2. როგორ ხდება ენერგიის გარდაქმნა გემის მუშაობისას?
  3. რამდენი საათით გახანგრძლივდა მოგზაურობის შესაძლებლობა?

დანართი 2:

მექანიზმი: დედამიწა ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. მსოფლიო 24 საათობრივ სარტყლად იყოფა.

აღმოსავლეთით მოძრაობა: როდესაც ფოგი მოგზაურობს აღმოსავლეთით (ლონდონი ® სუეცი ® ბომბეი ® იოკოჰამა…), ის ყოველ 15 გრადუს გრძედზე გადაადგილებისას მზესთან მიმართებაში 1 საათით ადრე ხვდება.

დღისდაკარგვა“: ფოგი ყოველდღიურად რეგულირებას უკეთებს თავის საათს წინ. მთლიანი მოგზაურობისას ის 24 საათს, ანუ ერთ დღესკარგავს ადგილობრივი დროის მიმართ.

გამოსავალითარიღის შეცვლის ხაზი:

ადგილმდებარეობა: თარიღის შეცვლის ხაზი (International Date Line, IDL) გადის დაახლოებით 180- მერიდიანზე.

პრინციპი: როდესაც ფოგი კვეთს ამ ხაზს აღმოსავლეთით (აზია/იაპონია ® ამერიკა), ის იგებს ერთ დღეს. ეს ხაზი ანეიტრალებს იმ 24 საათს, რომელიც მან მთელი მოგზაურობის განმავლობაში „დაკარგა“ დროის სარტყლების წინ გადაწევით.

ფოგის გამარჯვება: ფოგი ლონდონში ჩადის მე-80 დღეს, ადგილობრივი დროით, თუმცა მისი პირადი საათი (რომელიც არასდროს შეუცვლია) 81-ე დღეს აჩვენებს. თარიღის შეცვლის ხაზის გამო, მან რეალურად მოიგო საჭირო 24 საათი.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ჟიულ ვერნის 80 დღე დედამიწის გარშემო

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს თანატოლებთან კონფლიქტების მოგვარებაში

0

ბავშვის, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანის ცხოვრება უღრუბლო და კონფლიქტებისაგან სრულიად თავისუფალი ნამდვილად არ არის. ის ძალიან ხშირად წინააღმდეგობებსა და უთანხმოებებს მოიცავს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში გარდაუვალია და ადვილი ნამდვილად არ არის მათი თავიდან აცილება. ამასთან ერთად, თავად ბავშვისთვის თანატოლებთან კონფლიქტი შეიძლება ძლიერი შოკი იყოს და მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე იმოქმედოს. უფროსებს, როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს ხშირად ძალიან გვაშინებს კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში, რადგან მივიჩნევთ, რომ იქ, სადაც წინააღმდეგობაა, იქ ყოველთვის აგრესია, წყენა და ჩხუბია. თუმცა, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონფლიქტი, როგორც უფროსების, ასევე ბავშვების ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

როგორ მივუდგეთ უფროსები კონფლიქტურ სიტუაციებს ბავშვის ცხოვრებაში – ვიჩქაროთ დასახმარებლად, დავიცვათ მოზარდი, თუ გვერდიდან დავაკვირდეთ და არ ჩავერიოთ. უპირველეს ყოვლისა, სასურველია, რომ კონფლიქტთან მიმართებაში გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • კონფლიქტი ყველას ემართება. კონფლიქტები გარდაუვალია, მათი თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია – ბავშვები კამათობენ, ჩხუბობენ, თანაკლასელებთან წინააღმდეგობაში შედიან, არ ეთანხმებიან მასწავლებლებს, „ეჯახებიან“ უფროსკლასელებს. მოსაზრებებისა და ინტერესების კონფლიქტი გარდაუვალია. ხანდახან ეს სიტუაციები შემოიფარგლება სიტყვიერი შელაპარაკებით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ის ჩხუბამდე მივიდეს და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კონსტრუქციულად მოგვარებული კონფლიქტი არის ნაბიჯი ურთიერთობების განვითარებისა და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ;
  • ბავშვის დახმარება კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებაში არ ნიშნავს კონფლიქტის მის ნაცვლად გადაჭრას – ბუნებრივია, რომ ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს, მხარი დავუჭიროთ მას და მინიმუმამდე დავიყვანოთ თანატოლთან კონფლიქტის ნიადაგზე მასში დაფიქსირებული შფოთვა და სტრესი, მაგრამ ბავშვის ნაცვლად სიტუაციის მოგვარება იმ ბავშვთან და მასწავლებლებთან მოლაპარაკებებით, ვინც ის გაანაწყენა, ხდება იმის საფუძველი, რომ ჩვენ მას ვართმევთ ფასდაუდებელ გამოცდილებას და შემდგომი შეჯახებისას ის კვლავ უმწეო და უსუსური აღმოჩნდება სირთულეების წინაშე. უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების დახმარება მსგავს სიტუაციებში გულისხმობს მოსმენის, ბავშვთან ერთად სიტუაციის განხილვის და კონფლიქტიდან კონსტრუქციული გამოსავლის ძიების უნარს, თუმცა, უკეთესი იქნება ბავშვმა თავად მოაგვაროს კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის არ არის სასურველი ბავშვებს შორის კონფლიქტში, კამათში ჩარევა. ისევე, როგორც სხვა საქმიანობის, კონფლიქტის მოგვარების სწავლა მხოლოდ მასში მონაწილეობით არის შესაძლებელი. ხელს ნუ შევუშლით ბავშვს მიიღოს ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება;
  • ბავშვის ყველაფრისგან დაცვა შეუძლებელია – გარე სამყარო უსაფრთხო ადგილი არ არის და ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ ყველა სირთულე, რომლებსაც ბავშვი შეეჯახება. მშობლების შფოთვა და წუხილი გასაგებია, ცხოვრებისეული გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს „იწინასწარმეტყველონ“, როგორ განვითარდება სიტუაცია და ეშინოდეთ, რომ მომდევნო ჯერზე ჩხუბისას მათი შვილი კანზე სილურჯეების და თავზე კოპების გარეშე ვერ გადარჩება. თუმცა, ბავშვის ინტერესების დაცვის მოტივით, მისი თანხმობის გარეშე, ხანდახან კი მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც თანატოლებთან მის ურთიერთობებში ჩარევით ჩვენ ბავშვს ვართმევთ შესაძლებლობას, გამოიმუშაოს საჭირო უნარები სირთულეებთან გასამკლავებლად;
  • ბავშვთა შორის კონფლიქტით გამოწვეული საფრთხის გადაფასება არასასურველია – ხშირად პატარებს შორის კონფლიქტი შეიძლება არც იყოს ისეთი სერიოზული, როგორც ეს უფროსებს გვეჩვენება. არ არის გამორიცხული, რომ გადავაფასოთ სიტუაციის სირთულე და დავამატოთ მას ჩვენი საკუთარი შფოთვა, განცდები და ხშირად პირადი გამოცდილებაც. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ვერ დაგვეხმარება ბავშვთან მუშაობისას კონფლიქტის მოგვარებაში;
  • პასუხისმგებლობის გადანაწილება ბავშვთა შორის კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი პრინციპია – თუ კონფლიქტურმა სიტუაციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მშობლები და მასწავლებლებიც ჩაერთნენ მასში, მისი მოგვარება მხოლოდ ყველა ჩართული, დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს პასუხისმგებლობის თავისი საკუთარი არეალი და კონფლიქტის სხვა მონაწილეებზე გავლენის საკუთარი ბერკეტები. მასწავლებელი პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე. მის პასუხისმგებლობაში შედის მშობელთა დროული ინფორმირება აღმოცენებული სირთულეების შესახებ, ბავშვთა შორის დიალოგის ხელშეწყობა და კონფლიქტის მართვა. მშობელი პასუხისმგებელია შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მის აღზრდაზე, უცხო საზოგადოებაში ქცევის წესების დაცვაზე. ის ასევე მოქმედებს, როგორც ბავშვის წარმომადგენელი საკითხის ოფიციალური განხილვის შემთხვევაში. ბავშვი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. თუმცა მას ყოველთვის არ ყოფნის რესურსი ამისათვის, განსაკუთრებით თუ ის დაწყებითი კლასების მოსწავლეა. ქცევის ნორმების დარღვევაზე უფროსების კონსტრუქციული რეაგირება სწორედ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რა გააკეთოს თანატოლებთან კონფლიქტის დროს:

  • ავუხსნათ, გავაგებინოთ ბავშვს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ საუბრით შეიძლება. სწორედ საუბარია კონსტრუქციული ურთიერთობის საფუძველი. ვასწავლოთ ბავშვს დიალოგის წარმართვა და ამის მაგალითი ჩვენ თავად მივცეთ – ისე გამოვხატოთ ბავშვთან ჩვენი პოზიცია, რომ არ დავუკარგოთ მას ჩვენი მოსმენის სურვილი. მშობლის პირველი ნაბიჯი ბავშვთა შორის კონფლიქტში ჩარევისას ხშირად საკუთარ შვილთან ხანგრძლივი მონოლოგია, რომელიც მოიცავს შიშს, შფოთვას, ასევე იმ საფრთხეების პროგნოზირებასაც, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, ან შეიძლება კიდევ მოხდეს. ასეთი მონოლოგის მთავარი ნაკლია მეტყველების ციკლურობა, როდესაც ყველაზე სწორი აზრი (რა თქმა უნდა, არაერთხელ თქმული) ჟღერს კვლავ და კვლავ. ამის გამო ბავშვი წყვეტს მშობლის სიტყვებზე რეაგირებას და მის მონოლოგს ხმაურად აღიქვამს. ბავშვის ყურადღების შენარჩუნება მხოლოდ დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. დიალოგის პროცესში შეიძლება შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია, მივაღწიოთ შეთანხმებას სამომავლო ქცევის წესებზე, თავად ბავშვისგან გავიგოთ სიტუაციასთან დაკავშირებული მისი აზრები და განცდები;
  • ბავშვთა შორის კონფლიქტში ჩარევისას არასოდეს დავიკავოთ რომელიმე ერთი მხარის პოზიცია მაშინაც, თუ ჩვენთვის აშკარაა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ბავშვები უსამართლოდ და მიკერძოებულად აღიქვამენ. ისინი აღარ გააგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას, თუ ჩვენ არბიტრის როლში აღგვიქვამენ;
  • კონკრეტული სიტუაციის განხილვისას ნუ შევეცდებით მოსამართლის როლში ყოფნას და იმის განხილვას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. უმჯობესი იქნება, თუ პირად კონფლიქტებს სამართლებრივ პროცესად არ გადავაქცევთ. შევეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს, რომ ვინც არ უნდა დაიწყოს კონფლიქტი, ყოველთვის ორივე მხარეა პასუხისმგებელი მოვლენების შემდგომ განვითარებასა და შედეგზე. ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს;
  • როდესაც ბავშვებს კონფლიქტის მოგვარებასა და დაგროვილი წყენისა და ბრაზისაგან განთავისუფლებაში ვეხმარებით, დავრწმუნდეთ, რომ ისინი ერთმანეთის პირად შეურაცხყოფაზე არ გადავლენ. თუ ბავშვი საუბრობს იმაზე, რამ გაანაწყენა და გააღიზიანა, მან უნდა აღწეროს პარტნიორის ქმედებები, სიტყვები და არა მისი ფიზიკური და პიროვნული ნაკლოვანებები;
  • მნიშვნელოვანია, რომ თავად ჩვენ შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა ბავშვთა შორის კონფლიქტების მოგვარებისას;
  • შევეცადოთ ნათელი მოვფინოთ კონფლიქტურ სიტუაციას, წარმოვაჩინოთ ორივე მხარის რეალური პრობლემები და ინტერესები;
  • შევაფასოთ გარემოებები და ბავშვის ქცევის მოტივები, გამოვარკვიოთ, დავადგინოთ კონფლიქტების მიზეზები, რამ გამოიწვია ის. თითოეულ მხარეს ვთხოვოთ ახსნას საკუთარი სურვილები, გრძნობები და განცდები. ამავდროულად თითოეულის ყურადღება მივაპყროთ მეორის სიტყვებს იმისათვის, რომ მათ გაიგონ ერთმანეთის ქცევის მიზეზები;
  • არასოდეს დავტოვოთ კონფლიქტი გადაუჭრელი, მოუგვარებელი. გამწვავებული კონფლიქტის დროს გადავრთოთ ბავშვის ყურადღება სხვა მიმართულებით, მივცეთ საშუალება, დაწყნარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდეთ პრობლემას და მის განხილვას;
  • მივცეთ ბავშვებს საშუალება, გაიაზრონ და გადაამუშაონ ის, რაც მოხდა. გავხდეთ შუამავალი საუბრის პროცესში. დავსვათ შეკითხვები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს გაიგონ მომხდარის აზრი, ასევე როგორ შეიძლებოდა კონფლიქტის თავიდან აცილება, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყველამ მიიღოს ის, რაც სურს და არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად, როგორ მოიქცნენ შემდეგ ჯერზე მსგავს სიტუაციაში;
  • ყურადღება გავამახვილოთ ბავშვების გრძნობებზე, ვასწავლოთ მათ ბრაზის ამოცნობა და მართვა. მთავარია კომპრომისამდე მისვლა და ბავშვებისთვის იმის დამტკიცება, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერა და მისი გვერდში დგომა. ხშირ შემთხვევაში კონფლიქტურ სიტუაციებში ბავშვები თავად აგვარებენ პრობლემას და მშობლებამდე ინფორმაცია არც კი მიდის. მაგრამ, თუ კონფლიქტი სერიოზულია და სიტუაციაში სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს ესაჭიროება მშობლის მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა დაიკავოს პოზიცია – „ჩემი შვილი ყოველთვის მართალია, გარშემომყოფები კი მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან, მიკერძოებულები არიან“, მაგრამ ბავშვთან საუბარი, კონფლიქტურ სიტუაციაში მისი ქცევის განხილვა არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების თანდასწრებით. უკეთესი იქნება ეს გადავდოთ სახლში დაბრუნებამდე. მშობლის მხარდაჭერა ყველა ბავშვს ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა ბავშვი არასწორია, ცდება, დამნაშავეა. მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვის პიროვნება კი არ განვსაჯოთ, არამედ შევაფასოთ მისი კონკრეტული ქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ ბავშვმა ეჭვი შეიტანოს მშობლის სიყვარულში, რაც სამყაროსადმი მისი ნდობის საფუძველია.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა ვმართოთ სიტუაცია, კონფლიქტები ბავშვის ცხოვრებაში მომავალშიც მოხდება. თუმცა, დიალოგისთვის მისი მზაობა, გულწრფელობა და მშობლებისათვის სირთულეების გაზიარების სურვილი დაეხმარება ბავშვს, რომ სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიიყვანოს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთა კონფლიქტების პრევენცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე დაფიქსირებული კონფლიქტების წარმატებით მოგვარება.

 

უკუკავშირის გარეშე დავალება დაკარგული შესაძლებლობაა

0

საშინაო დავალება ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია სასკოლო ცხოვრებაში – განსაკუთრებით  არდადეგებზე. ნაწილი მას აუცილებელ აქტივობად მიიჩნევს, ნაწილი კი ბავშვის დასვენების უფლებას უსვამს ხაზს. თუმცა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მთავარი: რას ემსახურება დავალება და რა ხდება მას შემდეგ, რაც მოსწავლე მას ასრულებს?
რეალური პედაგოგიური პრაქტიკა აჩვენებს, რომ საშინაო დავალება თავის საგანმანათლებლო ღირებულებას მაშინ კარგავს, როცა მას არ მოჰყვება გააზრებული უკუკავშირი. დაუფასებელი შრომა მოსწავლეში იწვევს გულგრილობას, შფოთს და სწავლაზე უარყოფით დამოკიდებულებას. ამ სტატიაში წარმოდგენილია მასწავლებლის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება მცირე, ზომიერი დავალებები და გულწრფელი კომენტარები იქცეს მოსწავლის მოტივაციის, ემოციური კეთილდღეობისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების წყაროდ.

რატომ რჩება საშინაო დავალება დღემდე საკამათო თემად?

სასკოლო ცხოვრებაში არდადეგებსა და მოკლე უქმე დღეებში საშინაო დავალების მიცემა კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მასწავლებლებისა და მშობლების ერთი ნაწილი თვლის, რომ ზაფხული და უქმეები დამსახურებული დასვენებაა როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყოველდღიური რუტინა დისციპლინას აყალიბებს და მის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.

რას აწყდებიან ოჯახები საშინაო დავალებების შესრულების დროს?

ოჯახებში ხშირია კამათი საშინაო დავალებების ირგვლივ. არაერთხელ მომმართავენ მშობლები და ახლობლები დახმარების თხოვნით, როცა დავალების შესრულება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს რეალობა კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დავფიქრდეთ – რამდენად პროფესიულად და გააზრებულად ვარჩევთ დავალებებს. სასკოლო სახელმძღვანელო თავად გვაძლევს მინიშნებას: მასში არის როგორც კლასში დასამუშავებელი მასალა, რომელიც განხილვასა და მსჯელობას მოითხოვს, ისე სახლში შესასრულებელი სავარჯიშოები, რომელთა დამოუკიდებლად შესრულება მოსწავლეს რეალურად შეუძლია.

რატომ იზრდება შფოთვა დავალებასთან მიმართებაში განსაკუთრებით არდადეგებზე?

უქმეებსა და ზაფხულის არდადეგებზე საშინაო დავალებების შესრულებას თან ახლავს შფოთი და ღელვა, მაშინ როცა ორივე მხარეს დასვენება, გართობა და ფიზიკური აქტივობა სჭირდება. ამ დროს ხშირად გვესმის არგუმენტები:
– „ისედაც ბევრი დრო აქვთ“
– „კომპიუტერთან ჯდომას წეროს ჯობია“
– „რაც იცის, ისიც დაავიწყდება“

ამ მიდგომებს მოჰყვება ბავშვის ხშირად სრულიად სამართლიანი პროტესტი:
– „რატომ დავწერო, მაინც არ მიმოწმებს“.

ვინ ასრულებს რეალურად საშინაო დავალებას?

მოსწავლეების ერთი ნაწილი დავალებას დამოუკიდებლად ასრულებს, მეორე ნაწილი კი მშობლების, რეპეტიტორების ან ოჯახის წევრის დახმარებას ეყრდნობა. ხშირია შემთხვევა, როცა დავალებას საერთოდ უფროსები წერენ ბავშვის ნაცვლად. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ვის ემსახურება ეს პროცესი?

რა არის საშინაო დავალების ნამდვილი მიზანი?

საშინაო დავალებას, როგორც ყველაფერს, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისი მთავარი დანიშნულებაა გაკვეთილზე ახსნილი და დამუშავებული მასალის განმტკიცებაა. თუმცა აქ გადამწყვეტია ზომიერება. მაგალითად, მათემატიკაში ათი მაგალითის ნაცვლად ხუთიც საკმარისია იმის გასაგებად, რამდენად გაიგო მოსწავლემ მასალა. ამით ერთდროულად ვამსუბუქებთ სტრესს და ვუყალიბებთ დადებით დამოკიდებულებას საშინაო დავალების მიმართ.

როგორი უნდა იყოს შემოქმედებითი დავალება ჰუმანიტარულ საგნებში?

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ვცდილობ, დავალება იყოს თავისუფლების სივრცე. არასდროს ვაძლევ კითხვებზე წერილობით პასუხს – ეს მოძველებული პრაქტიკაა. კითხვებს კლასში ვამუშავებთ, ხოლო დავალებად ვაძლევთ ტექსტის გაგრძელებას, დასასრულის შეცვლას, ილუსტრაციის ან კომიქსის შექმნას, როლურ კითხვას. ასეთ დავალებებში მოსწავლე აზროვნებს, ფანტაზიორობს და სწავლობს სიამოვნებით.

როგორ ვგეგმავ საშინაო დავალების მოცულობას?

ყოველთვის ვითვალისწინებ სხვა საგნების მასწავლებლების დავალებებსა და მოსწავლეების სკოლისგარე აქტივობებს. ჩემი მიზანია დავალება იყოს მცირე, რეალისტური და მოსწავლემ შეძლოს მისი დამოუკიდებლად და მოკლე დროში შესრულება.

რატომ კარგავს დავალება აზრს უკუკავშირის გარეშე?

უკუკავშირის გარეშე დავალება კარგავს ფუნქციას და მოსწავლე მოტივაციას. „ყოჩაღი“ და ე.წ.  „ვარსკვლავი“ ვერასდროს იქნება სრულფასოვანი უკუკავშირი. წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ სიტყვას ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს. უარი ვთქვი წითელ კალამზე, შემდეგ – ნიშნებზე და გადავედი გულწრფელ, პოზიტივით გაჯერებულ კომენტარებზე.

როგორ ცვლის მასწავლებლის კომენტარი მოსწავლის დამოკიდებულებას სწავლაზე?

დავიწყე კვირის შემაჯამებელი კომენტარების წერა, სადაც აკადემიურ მიღწევებთან ერთად ქცევაზეც ვამახვილებდი ყურადღებას. თითოეულ კომენტარს ვიწყებდი მოსწავლის სახელითა და მადლობით. შენიშვნები გადმომქონდა სიფრთხილით, ისე, რომ მოსწავლეს ჩემი მხარდაჭერა ეგრძნო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მთელი კლასი მოუთმენლად ელოდებოდა უკუკავშირს. სწორედ აქ დავრწმუნდი, რომ კომენტარს აქვს დიდი ძალა.

ავიწყდება თუ არა მოსწავლეს ნასწავლი არდადეგებზე?

მტკიცება, თითქოს მოსწავლეს ნასწავლი ავიწყდება, მითია. ოცდაათწლიანი გამოცდილება მაჩვენებს, რომ განსაკუთრებით არ ავიწყდება ის, რაც კეთებითაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ სჭირდება ახალ სასწავლო წელს მხოლოდ მცირე დრო განვლილი მასალის გასახსენებლად.

რა არის ჩემი არჩევანი, როგორც მასწავლებლის?

მე ვირჩევ მოსწავლის ნათელ მხარეს – მის ჯანსაღ ფსიქიკას, ემოციურ უსაფრთხოებასა და სწავლისგან მიღებულ სიხარულს. ვემიჯნები ყველაფერს, რაც სტრესს იწვევს. ჩვენი მთავარი ამოსავალი ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი მოსწავლეა. სწორედ ამისთვის ვშრომობთ ყოველდღე.

საშინაო დავალება საშუალებაა, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მას თან ახლავს  უკუკავშირი. მასწავლებლის სიტყვას აქვს ძალა: შეუძლია გააძლიეროს მოსწავლე, გაუღვიძოს ინტერესი, შეუმსუბუქოს შფოთი და შეცდომა განვითარების შესაძლებლობად აქციოს.

ზომიერად დაგეგმილი დავალებები, არჩევანზე დაფუძნებული აქტივობები და სითბოთი მიწოდებული კომენტარები ქმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლე არ სწავლობს შიშით, არამედ ინტერესით. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის მთავარი არჩევანი ყოველთვის უნდა იყოს მოსწავლის ნათელი მხარე – მისი ემოციური ჯანმრთელობა, შინაგანი მოტივაცია და სწავლისგან მიღებული სიხარული.
უკუკავშირის გარეშე დავალება მართლაც დაკარგული შესაძლებლობაა, ხოლო გააზრებული კომენტარი – ის ხიდი, რომელიც მოსწავლეს სწავლასთან აკავშირებს.

ვინ დაწერა დავალება?

0

ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფმა გავრცელებამ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებით მწვავედ დააყენა საშინაო დავალებების დაგეგმვისა და შეფასების საკითხი. გენერაციული AI ინსტრუმენტები (მაგ., ChatGPT, Gemini, Claude) მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე დროში შეასრულონ დავალებები:  ტექსტები, ამოხსნან ამოცანები და წარმოადგინონ სტრუქტურირებული პასუხები, რაც ერთგვარი  გამოწვევაა შეფასების მხრივ. შედეგად, მასწავლებლისთვის ცენტრალური კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, გამოიყენეს თუ არა მოსწავლეებმა AI, არამედ – რას ვაფასებთ რეალურად.

საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ AI-ის პირობებში შეფასების ტრადიციული მიდგომები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ საბოლოო პროდუქტს, აღარ იძლევა მოსწავლის რეალური ცოდნისა და უნარების სანდო სურათს (Kasneci et al., 2023). მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გენერაციული AI განსაკუთრებით ეფექტურია რეპროდუქციულ, სტანდარტიზებულ და დე-კონტექსტუალიზებულ დავალებებზე, ხოლო ნაკლებად ეფექტური – ისეთ აქტივობებზე, რომლებიც მოითხოვს პირად გამოცდილებას, არგუმენტირებულ არჩევანსა და რეფლექსიას (Zhai, 2022).

ამავე დროს, განათლების კვლევებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პოზიცია, რომ AI-ის აკრძალვაზე ორიენტირებული პოლიტიკა არაეფექტურია და შესაძლოა სწავლების ხარისხიც დააზიანოს. ნაცვლად ამისა, რეკომენდებულია შეფასების ფოკუსის გადატანა პროცესზე, აზროვნებაზე და მეტაკოგნიტურ კომპონენტებზე, რაც საშუალებას იძლევა, AI გამოყენებულ იქნას როგორც სასწავლო ინსტრუმენტი და არა როგორც აკადემიური არაკეთილსინდისიერების წყარო (UNESCO, 2023).

ამრიგად, თანამედროვე სკოლაში საშინაო დავალებების გადახედვა აღარ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობა. ეს სტატია მიზნად ისახავს აჩვენოს, რომელი ტიპის დავალებები სრულდება მარტივად  AI-ის მიერ და რა ალტერნატიული მიდგომები აძლიერებს მოსწავლის აზროვნების შეფასებას, განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

როგორ ვგეგმავთ დავალებას ისე, რომ შეფასება ასახავდეს მოსწავლის აზროვნებას, პროგრესს და პასუხისმგებლობას.

1. კითხვა „ვინ დაწერა დავალება?“ – შეცვლილი ლოგიკით

AI-ის პირობებში ეს კითხვა ვეღარ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს და არც უნდა იყოს შეფასების ცენტრალური ღერძი. უფრო პროდუქტიულია კითხვების გადატანა შემდეგ სიბრტყეში:

  • რას ფიქრობს მოსწავლე ტექსტზე?
  • შეუძლია თუ არა მისი მოსაზრების ახსნა, დაცვა და რეფლექსია?
  • ხედავს თუ არა კავშირს საკუთარ გამოცდილებასა და შესრულებულ ნამუშევარს შორის?

რეკომენდაცია:
დავალება არ დასრულდეს მხოლოდ პროდუქტით (ტექსტი, პრეზენტაცია, ამოხსნა), არამედ მოიცავდეს მეტაკოგნიტურ კომპონენტს:

  • „რა ეტაპები გაიარე?“
  • „სად გაგიჭირდა?“
  • „რას შეცვლიდი?“
  • „რა ვერ დაწერა AI შენ ნაცვლად?“
2. დავალების დიზაინი  ანუ რას ვერ აკეთებს  AI

AI უკეთ მუშაობს ზოგად, სტანდარტულ და რეპროდუქციულ დავალებებზე. ამიტომ რეკომენდებულია საშინაო დავალებების გადააზრება შემდეგი მიმართულებით:

  • კონტექსტზე დაფუძნებული დავალებები
    (კლასი, სკოლა, ადგილობრივი მაგალითი, პირადი გამოცდილება)
  • პროცესზე ორიენტირებული დავალებები
    (შავი ვარიანტი, ჩანაწერები, ცვლილებების აღწერა)
  • შედარებითი და არგუმენტირებული პასუხები
    („რატომ აირჩიე ეს და არა სხვა?“)

მაგალითად

  არაეფექტური დავალებაა ეფექტიანი დავალებაა
აღწერე პერსონაჟი რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა ყველაზე რთული შენთვის ამ პერსონაჟის ადგილას რომ იყო და რატომ?

 

3. შეფასების ფოკუსის ცვლილება

AI-ის ეპოქაში შეფასება ნაკლებად უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საბოლოო ტექსტს და მეტად — აზროვნების მტკიცებულებებს.

რეკომენდებულია შეფასდეს:

  • აზრის ლოგიკა და თანმიმდევრობა
  • არგუმენტაციის სიღრმე
  • მაგალითების შერჩევა
  • პირადი ინტერპრეტაცია
  • რეფლექსია და თვითშეფასება

პრაქტიკული ნაბიჯი:
რუბრიკებში ცალკე კრიტერიუმად ჩაიწეროს:

  • „მოსაზრების ახსნა- განმარტების უნარი“
  • „პროცესის ახსნა“
  • „პირადი პოზიციის დასაბუთება“
4. AI-ის გამოყენება -  გამჭვირვალე ინსტრუმენტი

AI-ის გამოყენება არ უნდა იყოს ტაბუირებული, არამედ გამჭვირვალედ ინტეგრირებული.

რეკომენდაცია:

  • მოსწავლემ მიუთითოს, თუ რა მიზნით გამოიყენა AI
    (იდეების გენერაცია, ტექსტის გამარტივება, ენობრივი დახმარება)
  • შეფასება არ უნდა ეფუძნებოდეს გამოყენების ფაქტს, არამედ მასწავლებლისთვის თვალსაჩინო იყოს მოსწავლის წვლილი

ფორმულირება დავალებაში:
„შეგიძლია გამოიყენო AI, მაგრამ აღწერე, რაში დაგეხმარა და რა გააკეთე თავად.“

 

5. დიალოგი, როგორც შეფასება

AI-ის ეპოქაში მასწავლებლის როლი ნაკლებად არის „ კონტროლი“ და მეტად — აზროვნების ფასილიტატორი.

მოკლე ზეპირი შეკითხვები, განხილვა კლასში, ან რეფლექსიური ჩანაწერები ხშირად უფრო სანდო სურათს ქმნის, ვიდრე პლაგიატის შემოწმების ნებისმიერი ინსტრუმენტი.

საშინაო დავალება AI-ის ეპოქაში: შედარებითი ანალიზი

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს განსხვავებას AI-ით მარტივად შესასრულებელ დავალებებსა და ალტერნატიულ, აზროვნებაზე ორიენტირებულ დავალებებს შორის. ეს შედარება ეხმარება მასწავლებელს არა აკრძალვაზე, არამედ გაკვეთილის დიზაინის შეცვლაზე იფიქროს.

AI-ით მარტივად შესასრულებელი დავალება ალტერნატიული დავალება (AI- გარეშე) ალტერნეტიული დავალება რას ითხოვს მოსწავლისგან
ტექსტის შინაარსის გადმოცემა ტექსტის ერთი ეპიზოდის შეფასება პირადი პოზიციით ინტერპრეტაცია
რეფერატის დაწერა თემაზე „რა იყო შენთვის ყველაზე გაუგებარი და როგორ სცადე გააზრება?“ მეტაკოგნიცია
პერსონაჟის დახასიათება „რომელ გადაწყვეტილებას შეცვლიდი პერსონაჟის ადგილას და რატომ?“ კრიტიკული აზროვნება
ფაქტების ჩამოთვლა ფაქტის გამოყენება კონკრეტულ,  რალურ კონტექსტურ მაგალითზე ცოდნის ტრანსფერი
თემის შეჯამება შედარება: ტექსტი და დღევანდელი რეალობა ანალიტიკური აზროვნება
სტანდარტული ესე ესე + რეფლექსიური აბზაცი („როგორ ვიმუშავე?“) თვითშეფასება
ამოცანის საბოლოო პასუხი ამოხსნის გზის ახსნა და შეცდომის ანალიზი პროცესის გააზრება
პრეზენტაციის მომზადება პრეზენტაცია + ზეპირი კითხვა-პასუხი ავტორობის დადასტურება
თეორიის განმარტება თეორიის გამოყენება პირად გამოცდილებაში ფუნქციური ცოდნა
დახურული შეკითხვა ღია კითხვა -მრავალსაფეხურიანი პასუხით აზრის განვითარება

რატომ უნდა შეიცვალოს საშინაო დავალების არსი?რადგან მნიშვნელოვანი აღარ არის მხოლოდ შედეგი – მნიშველოვანია  პროცესი ანუ  მსწავლელის  გზა, ფიქრი და პასუხისმგებლობა. თუ დავალება ითხოვს აზროვნებას, ახსნას და თვითრეფლექსიას, კითხვა „ვინ დაწერა?“ ბუნებრივად იცვლება კითხვით: „რა ისწავლა მოსწავლემ ამ პროცესში?“

ლიტერატურა

Kasneci, E., Sessler, K., Küchemann, S., Bannert, M., Dementieva, D., Fischer, F., … Kasneci, G. (2023). ChatGPT for good? On opportunities and challenges of large language models for education. Learning and Individual Differences, 103, 102274. https://doi.org/10.1016/j.lindif.2023.102274

UNESCO. (2023). Guidance for generative AI in education and research. UNESCO Publishing.

Zhai, X. (2022). ChatGPT and AI-assisted academic writing: Opportunities, challenges, and implications for teaching and learning. Education and Information Technologies, 27, 1–17. https://doi.org/10.1007/s10639-022-11450-9

 

მასწავლებელის ავტორიტეტი

0

იქ, სადაც მასწავლებელს უსმენენ, ქვეყანას ნათელი მომავალი ელოდება; იქ, სადაც მასწავლებელს აკნინებენ, ქვეყანა წარსულში ბრუნდება

აი, სადაცაა ახალი წელი გვესტუმრება, მე კიდევ ერთი ფიქრი გამიჩნდა? ნეტავ რას სთხოვდა მასწავლებელი თოვლის პაპას, რა საჩუქარი გაუხარდებოდა?

მასწავლებელი ისეთი ბუნების ადამიანია, დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე თვალები აუციმციმდებოდა და ისევ მოსწავლეების საჭიროებები გაახსენდებოდა – პროექტორი, პრინტერი, ლამინირების აპარატი, სტიკერები, ჭკვიანი დაფა – ჩვენი ცხოვრება ხომ კარგი გაკვეთილის გარშემო ტრიალებს; ყველაზე ბედნიერები და აღფრთოვანებულები მაშინ ვართ, როდესაც გაკვეთილი შედგება ხოლმე. თითქოს გულიც გადაგვეშლება და მეცხრე ცასაც ვსტუმრობთ. თუმცა ამ მეცხრე ციდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მადლიერების ნაცვლად საყვედურების სიტყვა გესმის – სად გაქრა ჩვენი ძალისხმევა? რატომ არ ჩანს? რატომ არავინ ხედავს? რაც არ უნდა უანგაროდ და ენთუზიაზმით უდგებოდეს მასწავლებელი საკუთარ პროფესიას, იმის შეგრძნება, რომ ის მოსწონთ, აფასებენ გაწეულ ძალისხმევას, მაინც ადამიანური და ბუნებრივია. ყველას გვჭირდება შექება, წახალისება, მით უმეტეს ჩვენში არსებული ბავშვი ხომ არასდროს არ იზრდება და ბავშვებს მოგეხსენებათ, როგორ უყვართ წამახალისებელი სტიმულები.

მოდი, გულწრფელები ვიყოთ და ამდაგვარი წახალისება ყველა პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ადამიანურია – თავი კარგად რომ ვიგრძნოთ, რომ ვჭირდებით, სწორ ადგილას ვართ; მხოლოდ ის განცდა, რომ ამდენი დაკარგული დროით, ენერგიითა და რესურსით ვიღაც ბედნიერდება და პრობლემებს აგვარებს, მხოლოდ ეს შეგრძნებაც საკმარისია – რომ ვთქვათ, უჰ, კიდევ კარგი მასწავლებელი ვარ. ამგვარი განცდისგან მოდის სწორედ ის გამაოგნებელი და გასაგიჟებელი ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი, ნამდვილი მასწავლებელი რომ ყოველდღიურად ამჟღავნებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს მასწავლებელი თითქოს დაბალ ღობედ იქცა. რაღაცნაირად იმ კომიკურ სიტუაციამდე მივედით, რომ ყველაფერი მასწავლებლის ბრალია, ყველა პრობლემა, ყველა გამოწვევა, სოციალურ ქსელებში ვისაც არ ეზარება ვრცელ ვიდეოებს იწერენ, აი როგორ არ დადეს მასწავლებლის საჩუქრისთვის თანხა! იფ, ძალიან კარგი! მაგათ ხომ ისედაც მაღალი ხელფასი აქვთ! მაინც არაფერს აკეთებენ! და კომენტარებში მიდის მასწავლებლის გარშემო მითებისა და ლეგენდების, ნამდვილი ამბებისა და გამოგონილის გარჩევა-ანალიზი.

რა თქმა უნდა, თანხის აგროვება და მატერიალური საჩუქრები არავითარ შემთხვევაში ნორმალურად არ უნდა მივიღოთ, თუმცა ასეთი შემთხვევები რატომღაც მასწავლებელს ბრალდება. არადა, ამდაგვარი მანკიერი პრაქტიკის სათავე ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ.

მოდი, იქიდან დავიწყოთ, უნდა გამოვხატოთ თუ არა მასწავლებლის მიმართ მადლიერება? ჩატჯიპიჯის ვკითხე, როგორ გამოხატავენ მასწავლებლის მიმართ მადლიერებას სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში? აი, რა მიპასუხა, გავამუქებ, ჩემი აზრით, საკვანძო ფრაზებს.

ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა თემაა — მასწავლებლისადმი მადლიერება არის ის „უხილავი საძირკველი“, რომელზეც განათლების სისტემის რეალური ხარისხი დგას. ფორმები განსხვავებულია, მაგრამ არსი ყველგან ერთია: მასწავლებელი აღიქმება როგორც სწორი ღირებულების მატარებელი და არა „მომსახურე პერსონალი“.

იაპონია

იაპონიაში მასწავლებლის მიმართ პატივისცემა ყველას გენეტიკურ კოდში აქვთ.

სიტყვა „სენსეი: ნიშნავს „იმას, ვინც შენამდე იყო გზაზე“. ეს არა ფორმალური ტიტულია, არამედ ღირებულებითი სტატუსი.

მოსწავლეები, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულებისას, დაბალი ხმით, თავაზიანად და რიტუალურად ესალმებიან მასწავლებელს.

მშობლები არასოდეს აკნინებენ მასწავლებელს ბავშვის თანდასწრებით — კრიტიკა ხდება დახურულ კარს მიღმა, კორექტულ ფორმატში.

საჩუქრები იშვიათია და სიმბოლური: წერილი, ბარათი, წიგნი — მატერიალური გადაჭარბება უხერხულად ითვლება.

სტრატეგიული ხედვა: მასწავლებლის ავტორიტეტის შედეგია კლასის დისციპლინა, ისე, რომ მკაცრი კონტროლი საჭირო არ ხდება.

 

ფინეთი

ფინეთი მასწავლებელს ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევს.

მასწავლებლობა პრესტიჟულია — მხოლოდ საუკეთესო კადრები ხვდებიან ამ პროფესიაში.

 

მშობლები მასწავლებლის გადაწყვეტილებებს ენდობიან. ხშირია ფრაზა:

„თუ მასწავლებელმა ასე თქვა, ე.ი. ასეა საჭირო“.

მადლიერება გამოიხატება ნდობით, არა გადამეტებული ემოციით.

საჯარო სივრცეში მასწავლებლები ხშირად მოიხსენებენ როგორც „საზოგადოების საყრდენს“.

 

სამხრეთ კორეა

აქ პატივისცემა ისტორიულად კონფუციანურ ღირებულებებს ეყრდნობა.

მასწავლებლის მიმართ მიმართვა მკაცრად იერარქიულია.

არსებობს Teacher’s Day, როცა მოსწავლეები მათ წერილებს, ყვავილებს, ხელნაკეთ ნივთებს ჩუქნიან.

მშობლები მასწავლებელს ხშირად საჯაროდ მადლობას უხდიან — სკოლების სოციალურ არხებშიც კი.

კულტურული პარადოქსი: მაღალი აკადემიური წნეხის მიუხედავად, მასწავლებელი რჩება მორალურ ავტორიტეტად.

 

გერმანია

გერმანიაში პატივისცემა გამოიხატება სტრუქტურითა და წესრიგით.

მიმართვა ფორმალურია (Herr/Frau + გვარი).

მასწავლებლის პროფესიული საზღვრები მკაცრად არის დაცული.

მადლიერება ხშირად წერილობითაა, წლის ბოლოს ან სკოლის დასრულებისას.

საზოგადოებრივ დისკუსიებში მასწავლებლის აზრი ითვლება ექსპერტულად.

 

საფრანგეთი

 

საფრანგეთში მასწავლებელი არის ინტელექტუალური ავტორიტეტი.

 

მოსწავლეები მასწავლებელს მიმართავენ ოფიციალურად.

სკოლაში ცოდნა და მასწავლებელი ასოცირდება რესპუბლიკურ ღირებულებებთან.

მადლიერება ხშირად გამოიხატება დისკურსით — წერილები, ესეები, საჯარო სიტყვები.

კულტურული ნიუანსი: მასწავლებელი არის არა „მეგობარი“, არამედ „მენტორი“.

 

აშშ

აქ მადლიერება უფრო ემოციური და საზოგადოებრივად ხილულია.

Teacher Appreciation Week — ღია კამპანია მადლობისთვის.

მოსწავლეები და მშობლები ხშირად წერენ საჯარო პოსტებს, წერილებს, რეკომენდაციებს.

საჩუქრები ნებადართულია, მაგრამ ეთიკის ფარგლებში.

 

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში პატივისცემა არის თავშეკავებული, მაგრამ სტაბილური.

მადლობა ხშირად გამოიხატება მოკლე წერილებით, ბარათებით.

მასწავლებელი დაცულია სკოლის ადმინისტრაციული სისტემით.

მშობელი იშვიათად აყენებს მასწავლებელს საჯარო კრიტიკის ქვეშ.

თავაზიანობა + ინსტიტუციური პატივისცემა.

ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა – მასწავლებლის ავტორიტეტი დაცულია, საჯარო კრიტიკას ერიდებიან, პატივს სცემენ და მათ აზრს ითვალისწინებენ. ენდობიან, სჯერათ მათი.

ჩვენთან მასწავლებლის ავტორიტეტი ჩამოშლილია, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის თავად მასწავლებლებისგან და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც. თუმცა ფაქტი ისაა, რომ დღეს საქართველოში მასწავლებლის ავტორიტეტი ძალიან დაბალია, ანუ ის, რაზეც განათლების სისტემა მყარად უნდა იდგეს, მოშლილია. ისევ ჩატჯიპიჯის ვეკითხები, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მასწავლებლის ავტორიტეტს.

მასწავლებლის ავტორიტეტი ქვეყნისთვის არ არის ემოციური კატეგორია და არც მხოლოდ ეთიკური საკითხი. ეს არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს სახელმწიფოს ინტელექტუალურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობაზე. სადაც მასწავლებლის ავტორიტეტი მაღალია, ქვეყანა მუშაობს გრძელვადიან რეჟიმში და არა „აქ და ახლა“ გადარჩენაზე.

თუ პრაგმატულად, სისტემურად და ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე შევხედავთ, სურათი ასეთია:

მასწავლებელი არის პირველი ინსტიტუციური ფიგურა, ვისგანაც ბავშვი სწავლობს, როგორ მუშაობს ცოდნა, პასუხისმგებლობა და შრომა.

თუ მასწავლებლის სიტყვას აქვს წონა, ბავშვი სწავლობს:

რომ ცოდნას აქვს ღირებულება;

რომ ავტორიტეტი მოდის კომპეტენციიდან და არა ძალაუფლებიდან;

რომ გრძელვადიანი ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი შედეგი.

ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ხარისხზე — მომავალ ინჟინრებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე, მეწარმეებზე.

 

სუსტი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია ვერ ქმნის ძლიერ ლიდერებს.

ქვეყანაში, სადაც მასწავლებელი აღიქმება როგორც ავტორიტეტი:

სკოლებში ნაკლებია კონფლიქტი;

ნაკლები რესურსი იხარჯება კონტროლსა და რეპრესიულ მექანიზმებზე;

იზრდება თვითდისციპლინა და შიდა მოტივაცია.

ბავშვი, რომელიც პატივს სცემს მასწავლებელს:

უკეთ იაზრებს წესებს.

 

სწავლობს განსხვავებულ აზრთან თანაარსებობას.

ხედავს, რომ კრიტიკა შეიძლება იყოს არგუმენტირებული და არა აგრესიული.

 

ასეთი მოქალაქე მომავალში:

არ ემორჩილება ბრმა პოპულიზმს;

არ ურევს თავისუფლებას ქაოსში.

ეს არის დემოკრატიის იმუნური სისტემა.

თუ მასწავლებლის ავტორიტეტი შერყეულია, ქვეყანა იწყებს ღირებულებით ფრაგმენტაციას — საზოგადოება იყოფა ხმაურიან ჯგუფებად, სადაც ცოდნას აღარ აქვს ცენტრალური ადგილი. ავტორიტეტის დაკარგვა იწვევს მორალურ დეზორიენტაციას.

 

კიდევ რა ხდება, როცა მასწავლებლის ავტორიტეტი სუსტია?

სკოლა გადაიქცევა სერვისად,

მშობელი — მენეჯერად,

ბავშვი — „კლიენტად“.

 

ასეთ სისტემაში კი –

ქრება პასუხისმგებლობა,

იკარგება საზღვრები,

ცოდნა დევალვირდება

და ქვეყანა იწყებს იმპორტირებულ აზროვნებაზე დამოკიდებულებას.

მასწავლებლის ავტორიტეტი არ არის მასწავლებლის პრივილეგია.

ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების რბილი ფორმა.

 

იქ, სადაც მასწავლებელს უსმენენ, ქვეყანას ნათელი მომავალი ელოდება.

იქ, სადაც მასწავლებელს აკნინებენ, ქვეყანა წარსულში ბრუნდება.

 

მგონი, ძალიან მარტივია, გავიზიაროთ ჩვენი პრობლემების სათავე და საფუძველი. მასწავლებლის ავტორიტეტის დაკნინება მხოლოდ ინსტიტუციების ბრალი როდია. ამ ამბავში ყველას ჩვენი წილი მიგვიძღვის; ყველას, ვინც საჯაროდ განვიხილავთ, რომ ფულის აკრება მასწავლებლისთვის შეურაცხყმოფელი არ არის, თუმცა ისევ მასწავლებელს ვსაყვედურობთ საჩუქრების აღებასა და შერგებას. მადლიერების ალტერნატიულ გზებს კი არც ვეძებთ.

და ყველაზე მთავარი – მას, ვისაც ჩვენს ყველაზე სანუკვარ არსებებს ვანდობთ, მოფრთხილება სჭირდება, სიტყვიერად, მენტალურად, ემოციურად. მგონი ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რა გზას გავდივართ მასწავლებლები, მაშინ, როცა ჩვენი ავტორიტეტი შერყეულია, ყველა პრობლემის სათავედ მოვიაზრებით, მილიონ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ზურგით დავათრევთ, ვგეგმავთ, ვწერთ, ვხსნით, ვარკვევთ, ვარჩევთ. პარალელურ რეჟიმში კი დიდი განხილვა მიდის, უნდა ვაჩუქოთ თუ არა მასწავლებელს საჩუქარი? რა უხერხულია.

ჰოდა, მე თოვლის პაპას მივწერდი:

„გამარჯობა თოვლის პაპავ, მასწავლებელი ვარ. წელს, მგონი, კარგი გოგო ვიყავი, ვასწავლიდი პირნათლად. იცი, რა მომიტანე? მე კი არა, მოდი, საქართველოს მასწავლებლებს მოუტანე: ავტორიტეტი და ნდობა. თუ ეს ორი გაჩნდება, მეტი არც არაფერი გვინდა. ჰოდა, კიდევ, კარგი იქნება აშვაგანდას დიდი შეფუთვა. ამბობენ ნერვებს ამშვიდებს და სიმშვიდე მოაქვსო. ეს კი ამ ეტაპზე ძალიან, ძალიან გვჭირდება“.

 

 

 

Sopranista Fireworks – მაიან ლიხტი თბილისის ბაროკოს ფესტივალზე

0

ბგერა იყო უნაზესი და ძლიერი. თერთმეტი წამი. ვიღებდი და დავთვალე. თერთმეტი წამის განმავლობაში მხოლოდ ბგერა ისმოდა, სხვა არაფერი. გული გამიჩერდა, ცოტა თავბრუც დამეხვა და შემეშინდა, ლოჟიდან არ გადმოვვარდე-მეთქი. როცა მაიან ლიხტმა დაღმავალი პასაჟი შეასრულა რამდენიმე ძალიან ლამაზი ორნამენტით, მაშინღა ამოვისუნთქე.

ჩანაწერები მომისმენია, როგორ არა. სულ ვუსმენ – ჩემი საყვარელი მომღერალია. მაგრამ ეს სხვა იყო. ცოცხლად მოსმენა სხვა იყო. თვითონაც ისეთი ქარიზმატულია! როცა მღერის ჰენდელს, თან წაიცეკვებს, როგორც საკლუბო სცენაზე. ეპოქებს შორის ზღვარი იშლება. ჰენდელი მარადთანამედროვეა. როგორ შეიძლება, კაცს ასეთი ხმა ჰქონდეს? ყოველგვარი ზღვარი იშლება.

მაიან ლიხტი – უსაზღვროების მომღერალი.

„თანამედროვე ფარინელი“.

პროგრამა მისი აწყობილია. არიები სხვადასხვა ოპერიდანაა და სხვადასხვა ოპერის უვერტიურებითაა გათიშული. ბაროკოს მუსიკაში ეს შეიძლება – ბაროკოს მუსიკა იმპროვიზაციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არიებს ასე შესრულებულს ვეღარ მოისმენ. მათ ასე მხოლოდ მაიან ლიხტი მღერის და ეს ნამღერი მხოლოდ დროის ამ მონაკვეთის საკუთრებაა. სხვებს სხვანაირი კადენციები ექნებათ, იმდენად სხვანაირი, რომ გამოუცდელმა ყურმა შესაძლოა არია ვერც იცნოს.

ვუსმენ და გული მწყდება, რომ ეს პირველი და უკანასკნელი მოსმენაა, რომ არ შემიძლია, ეს ბგერები მუჭში მოვიმწყვდიო და თან ვატარო. ამიტომ მხოლოდ ერთ მოკლე ვიდეოს ვიღებ – ფოტოს ჩხაკუნმა არ უნდა გამიფანტოს გონება და სმენა, ყველა ნოტი უნდა შევიტკბო, აწმყოს ყველა მომენტი.

მისი ჩამოსვლა უხმაუროდ ჩაივლის, მხოლოდ მუსიკის ჰანგებით – ის ვარსკვლავია, მაგრამ ძალიან თავისებური სცენის, ბაროკოს სცენის, საოპერო სცენის. ჩანაწერად მომისმენია მისი ქერუბინო. ყველაფრის გადმოცემა შეიძლება მუსიკით, ქერუბინოს ეშმაკური სიანცისაც კი.

ბოლო ნომრად ნიკოლა პორპორა მეორდება, „Allontanta agnella“, და ოქროსფრად მბრჭყვინავი ქაღალდების წვიმა მოდის სცენაზე – ფოიერვერკი. აი, თურმე რა! მაგრამ განა უამისოდაც უკვე ფოიერვერკი არ იყო? ბგერის, იმპროვიზაციის… როგორ შეიძლება, ასე აკონტროლო ხმა? თითქოს ხმა კი არა, ინსტრუმენტი იყოს. არის კიდეც ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი ადამიანის სხეულში, უნიკალური და შეუცვლელი.

თქვენ წინაშეა არაჩვეულებრივი მაიან ლიხტი.

https://www.youtube.com/watch?v=pQrgUP4eOtM&list=RDpQrgUP4eOtM&start_radio=1

https://www.youtube.com/watch?v=W8C4BcVopl0

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...