პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

განათლების ეროვნული მიზნები და ვიზუალური ხელოვნების გაკვეთილები

0

ნაწილი პირველი

 ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების სისტემის მიზნებსა[1] და პასუხობს შეკითხვას – რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს, რა ტიპის ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ? ხელოვნების საგნის სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე სხვადასხვა თემატურ ბლოკში წარმოდგენილი თემებით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად მიმდინარეობს. სტატიაში წარმოდგენილია ზოგადი განათლების პირველი ხუთი მიზანი[2] და ვიზუალური ხელოვნების გაკვეთილებზე მათი მიღწევის გზები.

 

) ეროვნულსახელმწიფოებრივი ღირებულებების, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ქონე მოქალაქის აღზრდა

 

დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატური ბლოკი „ადამიანები და ხელოვნება“ მოიცავს თემებს, რომლებიც შეეხება ქართულ კულტურას, ხელოვნებას, საზოგადოებას. წარმოდგენილი თემების ფარგლებში მოსწავლე ქართული და მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს ეცნობა. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს კი მოსწავლეს შეუძლია, შექმნას საქართველოს რომელიმე კუთხისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლის მარტივი ფორმისა და მცირე ზომის მაკეტი. კლასის წინაშე პრეზენტაციისას კი ისაუბროს ნაგებობის ფუნქციაზე, საკუთარ არჩევანსა და დამოკიდებულებაზე. ამ ტიპის აქტივობების დროს მოსწავლე აცნობიერებს საკუთარი ქვეყნის კულტურის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას. გაკვეთილებზე, რომლებიც საზოგადოებას შეეხება, მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად; ქმნიან პოსტერებს თემებზე – „ჩემი ოჯახი“, „მეგობრობა“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები, რომლებიც გულისხმობს სამუშაოზე პასუხისმგებლობის აღებას, თანაკლასელის პატივისცემას, მისი აზრის გათვალისწინებასა და საკუთარის გამოხატვას.

საბაზო საფეხური: თემატურ ბლოკში „ადამიანი და ხელოვნება“ გაკვეთილის თემა შესაძლებელია იყოს ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება. საგაკვეთილო აქტივობა კი – ფიროსმანის რომელიმე ნამუშევრის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. ამ აქტივობით მოსწავლე აცნობიერებს ქართული და მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში ფიროსმანაშვილის მხატვრულ როლს, რაც ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას.

 

) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა

 

დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატური ბლოკის, „ხელოვნება ჩვენ გარშემო“, ფარგლებში მოსწავლე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს ეცნობა. მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეებში გააღვივოს ინტერესი საუკუნეების წინ შექმნილი ხელოვნების ამა თუ იმ ნიმუშის მიმართ. გაკვეთილის თემა შესაძლებელია იყოს ხელნაწერი წიგნი. გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ანბანის სამი სახის დამწერლობის განვითარებისა და გამოყენების მაგალითებს. ხელნაწერებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაიგონ, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა. პრაქტიკული სამუშაო კი მოსწავლეების მიერ ხელნაწერი წიგნის შექმნას შეეხება. ამგვარი აქტივობის შესრულებისას შესაძლებელია ქართული ენისა და ლიტერატურის საგანთან ინტეგრაცია. საგანთაშორისი ინტეგრაცია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვები გაიგებენ, როგორ იქმნებოდა საუკუნეების წინ ქაღალდი, როგორ წერდნენ ჩვენი წინაპრები მელნისა და ბუმბულის გამოყენებით, რას ნიშნავდა კალიგრაფის პროფესია და როგორ იხატებოდა წიგნის გვერდები მინიატიურებით. ხელნაწერი წიგნის შექმნა, რომელიც მოიცავს მინიატიურების შექმნას, კალიგრაფიულ ნამუშევრებსა და ქაღალდის დეკორატიულ შემკულობას, მოსწავლეებში ქართული სამწიგნობრო კულტურის მიმართ ინტერესს აღვივებს, რაც საბოლოოდ, ხელს უწყობს ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნების აღზრდას.

საბაზო საფეხური: საბაზო საფეხურზე თემატურ ბლოკში „ხელოვნება და საზოგადოება“ წარმოდგენილია სარეკომენდაციო თემა „კულტურული მემკვიდრეობა“. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისტორიულ ძეგლებს ზრუნვა და მოვლა სჭირდება. გაკვეთილზე განსახორციელებელი აქტივობა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან ელექტრონული სახის გზამკვლევის შექმნა, რომელშიც აღწერილი და ვიზუალურად წარმოდგენილი იქნება, თუ რა მხატვრული და ისტორიული ღირებულება აქვს ამა თუ იმ ძეგლს და რის გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს მის შესანარჩუნებლად.

 

) ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა

 

დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატურ ბლოკში „ხელოვნება ჩემ გარშემო“ წარმოდგენილია სარეკომენდაციო თემები: „მოგზაურობა“ და „შთაბეჭდილებები“. ორივე თემის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ტრადიციებს, ეროვნულ თუ რელიგიურ დღესასწაულებს ეცნობიან. გაკვეთილზე ისინი საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებზე, ადარებენ მათ ერთმანეთს, გამოყოფენ მსგავს და განმასხვავებელ ნიშნებს. ეცნობიან სხვადასხვა ხალხის ეროვნულ სამოსს, ტრადიციებს, საუბრობენ დღესასწაულების აღნიშვნის თავისებურებებზე. მსჯელობის შემდეგ პრაქტიკული სამუშაოს შესრულება სხვადასხვა ფორმით შეიძლება. შესაძლებელია, მაგალითად, პირამიდების მაკეტის ან დეკორატიულ-გამოყენებითი ნივთის – მარაოს შექმნა და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, რომ V-VI კლასებში ნამუშევრის ანალიზისას მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშების მხატვრული მახასიათებლების ამოცნობა და შედარება.

საბაზო საფეხური: თემატური ბლოკის, „ხელოვნება და საზოგადოება“ ფარგლებში მოსწავლე ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებს. გაკვეთილზე შესასრულებელ აქტივობას წარმოადგენს ნამუშევრების ანალიზი. გაკვეთილი ეთმობა მსჯელობას, ნამუშევრებზე საუბარს, მათ შედარებას, მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობასა და ნამუშევრების ეპოქის კონტექსტში გააზრებას.

 

) მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდა

 

ყველა საფეხურზე ხელოვნების საგნის სწავლება მიმართულია მოსწავლის ჰარმონიული განვითარებისკენ. ხელოვნების ყველა გაკვეთილი მოსწავლეებს საკუთარი აზრის, ემოციის, განცდის გამოხატვასა და სახელდებაში ეხმარება. ხელოვნების გაკვეთილზე შესასრულებელი ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: ნამუშევრის შექმნა და წარდგენა, ხელოვნების რომელიმე დარგის ნიმუშის განხილვა და საკუთარი აზრის გამოხატვა ხელს უწყობს მოსწავლეებში ემოციური ინტელექტის განვითარებას, სძენს მათ მიმღეობის, ემპათიისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

 

) დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს პატრიოტიზმთან, სახელმწიფოებრიობასა და საკაცობრიო იდეალებთან

 

დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატურ ბლოკში, „მე და გარე სამყარო“, წარმოდგენილი თემები მასწავლებელს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები  შესთავაზოს. მოსწავლეები სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით თავიანთი მხატვრული ამოცანის შესაბამისად ქმნიან ნამუშევრებს; ფიქრობენ, იაზრებენ, საუბრობენ თემატურ ბლოკში დასმულ ღირებულებით აქცენტებზე. ამ გაკვეთილების მთავარი თემებია მეგობრობა, ურთიერთდახმარება, ზრუნვა ახლობლებზე, ცხოველებზე და ა.შ. ამ ტიპის გაკვეთილებზე მოსწავლეები, სურვილისამებრ, ძერწავენ, ხატავენ, ქმნიან მცირე ზომისა და მარტივი ფორმის მაკეტებს, იყენებენ აპლიკაციისა და კოლაჟის ტექნიკას და ქმნიან თემასთან დაკავშირებულ ნამუშევრებს.

საბაზო საფეხური: სავალდებულო თემატურ ბლოკში „საზოგადოება და ხელოვნება“ წარმოდგენილი თემები ხელოვნების საზოგადოებრივ დანიშნულებას გულისხმობს. გაკვეთილებზე შესაძლებელია ხელოვნების იმ ნიმუშებისა და შემთხვევების განხილვა, რომლებიც ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალურ კონტექსტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიის პრინციპების გააზრებასა და სამართლიანი მოქალაქის აღზრდას. ასეთი ნამუშევრების რიგს განეკუთვნება ეჟენ დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“, ფრანცისკო გოიას „1808 წლის 3 მაისის დახვრეტა“, პაბლო პიკასოს „გერნიკა“ და ა.შ. ამ ტიპის გაკვეთილებზე მოსწავლეები ხელოვნების ნიმუშებს შესაბამის კონტექსტში განიხილავენ. ნამუშევრის ანალიზის, მსჯელობის, დიალოგის, დისკუსიის, დებატების საშუალებით კი მოსწავლეებში ვითარდება კრიტიკული აზროვნება, რაც აუცილებელია მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

 

ნათელია, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ხელოვნების ყველა გაკვეთილზე თავისთავად მიიღწევა, რადგან სწორედ ხელოვნების საგნის შინაარსი და სწავლის მეთოდიკა ჰოლისტურად განვითარებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ამასთანავე, ემპათიური და კულტურული ადამიანის აღზრდას ისახავს მიზნად.

 

 

გამოყენებული წყაროები:

 

  1. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი I ზოგადი განათლების დებულება, მუხლი 2 ტერმინთა განმარტება, ნაწილი ნ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=115

  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6193624?publication=0

  1. ვიზუალური ხელოვნება – რევიზირებული საგნობრივი სტანდარტი

[1]საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი I ზოგადი განათლების დებულება, მუხლი2, ტერმინთა განმარტება, ნაწილი ნ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=115

  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6193624?publication=0

 

ერთი ადამიანის ისტორია მოქალაქეობის გაკვეთილზე

0

მოქალაქეობის სწავლება ბევრ სხვადასხვა მეთოდს იცნობს, რაც საგანს საინტერესოს მოსწავლისთვის ხდის. ერთ-ერთი მათგანია – სწავლება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით. ერთი კონკრეტული ადამიანის ნაამბობმა რეალურმა ისტორიამ შეიძლება ბევრად უფრო ღრმად დააფიქროს მოსწავლე, ვიდრე შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების არსის გაცნობამ.

რატომ ვიყენებთ მოწმეთა ჩვენებით სწავლების მეთოდს?

მოწმეთა მიერ ნაამბობ ისტორიებში მოსწავლეები ხედავენ გამოცდილებას, ადამიანის ემოციას, მის უფლებათა დარღვევებს ან ბრძოლას მათ დასაცავად, თანადგომისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მნიშვნელობას; იმას, თუ რა მნიშვნელოვანია სამოქალაქო ღირებულებების ქონა; აცნობიერებენ, რას ნიშნავს უსამართლობა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი გამბედაობა რეალურ გარემოში.

მოზარდები ხშირად განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ იმ ისტორიებზე, რომლებშიც ადამიანი აღწერს საკუთარ შიშს, დაბნეულობას, სიჩუმეს ან პირიქით — გამბედაობას. ამ დროს ისინი საკუთარ თავს წარმოიდგენენ მსგავს სიტუაციაში და იწყებენ ფიქრს: „რას გავაკეთებდი მე ასეთ დროს?“ ჩვენებები ცვლის პერსპექტივას: თეორიული ცოდნა იქცევა ადამიანურ ისტორიად, ხოლო ისტორია – პირად განცდად.

როდესაც გაკვეთილზე ისმის ცოცხალი ხმა, მოსწავლეები მეტად ერთვებიან განხილვაში, იწყებენ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას და უფრო ღრმად აცნობიერებენ სამოქალაქო ღირებულებების მნიშვნელობას.

როგორ ვიმუშაოთ მოწმეთა ჩვენებების გამოყენბით?

მოწმეთა ჩვენებების მიწოდება მოსწავლეებისთვის შესაძლებელია სხვადასხვა გზით: ვიდეო- ან აუდიოჩანაწერის, პირველ პირში დაწერილი ტექსტის საშუალებით.

ყველაზე ეფექტიანია ვიდეო-ჩანაწერის ნახვა. აქ მაქსიმალურად ჩანს მოწმეთა ემოცია, ჩანს სახის გამომეტყველება, ისმის ხმა. აუდიო ჩანაწერიც გადმოსცემს ემოციას. მოსწავლეებს უყვართ „ნამდვილი ისტორიის“ გაცნობა. მათთვის მნიშვნელოვანია ემოციურად დატვირთული გამოცდილება. ამ პროცესში მოსწავლეს უვითარდება ემპათია, ხედავს, რომ ერთი ადამიანის არჩევანს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვებზე, ის იწყებს ფიქრს საკუთარ, როგორც მოქალაქის, პასუხისმგებლობაზე.

მოწმეთა ისტორიები შეიძლება იქცეს ძლიერ სასწავლო ინსტრუმენტად, თუ მასწავლებელი სწორად წარმართავს პროცესს.

მაგალითად, შესაძლებელია ვიდეოჩვენების, აუდიო-ჩანაწერის მოსმენის ან ტექსტის კითხვის შემდეგ მისი მცირე ჯგუფებში განხილვა.

მასწავლებელს შეუძლია დასვას შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეების აზროვნებას გაააქტიურებს:

  • რას გრძნობდა ეს ადამიანი?
  • რა პრობლემა ჩანს ამ ისტორიაში?
  • რომელი უფლება ან ღირებულება გამოიკვეთა აქ ყველაზე მეტად?
  • ვინ შეიძლებოდა დახმარებოდა მას?
  • რა შეუძლია ერთ ადამიანს?
  • რას გააკეთებდი შენ მის ადგილას?

ასეთი დისკუსიები ეხმარება მოსწავლეებს როგორც საკითხის გააზრებაში, ისე ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა

მნიშვნელოვანია, რომ ისტორიების განხილვა ხდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც მოსწავლე უსაფრთხოდაა და გრძნობს მხარდაჭერას. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოხატონ აზრი, გააპროტესტონ ის, დასვან კითხვები და არ იგრძნონ შეფასების შიში.

მასწავლებლის როლი აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ის ქმნის სივრცეს, სადაც განსხვავებული აზრი მისაღებია, ემოციები — დასაშვები, ხოლო დიალოგი — მთავარი ინსტრუმენტი.

სად მოვიძიოთ მოწმეთა ჩენებები

ზეპირი ისტორიების მოსაძებნად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ვებგვერდი Home | IWitness, რომელიც მოიცავს ჰოლოკოსტის[1] მსხვერპლთა ჩვენებებს, გათვალისწინებულს სასწავლო მიზნებისთვის. სოვლაბი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გამოცემული კრებული „პირისპირ: ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე“ მრავლად მოიცავს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნაამბობს. სოვლაბის youtobe-გვერდზე შესაძლებელია ვიდეო-ჩანაწერების ნახვაც https://www.google.com/search?q=Public+Archive+-+SOVLAB+-+YouTube&oq=Public+Archive+-+SOVLAB+-+YouTube&gs_lcrp=EgZjaHJvbWUyBggAEEUYOTIHCAEQIRigATIHCAIQIRigAdIBCDEyMjlqMGo3qAIAsAIA&sourceid=chrome&ie=UTF-8

 

რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა მოწმეებთნ ინტერვიუს დროს?

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებისთვის მასწავლებელი პოულობს შესაბამის ისტორიებს, მოსწავლეებმა, შესაძლოა, თვითონ ჩამოართვან მოწმეს ინტერვიუ. ასეთი ინტერვიუს გამოყენება შესაძლებელია კვლევისთვის, პროექტისთვის. ზემოთ ნახსენებ წყაროებში „მზა“ ზეპირი ისტორიები სხვა ინტერვიუების ნაწილს წარმოადგენენ, რომელთა ეთიკურ და ჩაწერის მეთოდოლოგიურ მხარეზე პასუხისმგებელია ინტერვიუერი. როცა მოსწავლეები თვითონ მუშაობენ  რესპონდენტებთან, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა და უნარები.

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ზეპირი ისტორია არის ჩაწერილი ინტერვიუ, რომლის მიზანია ისტორიული მოვლენების შესახებ პირველწყაროდან ინფორმაციის მიღება. მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოამზადონ კითხვები. კითხვარის მომზადებამდე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კვლევის მიზანი. კითხვები უნდა იყოს ღია და არ უნდა ითხოვდეს პასუხებს – „დიახ“ ან „არა“. ამისათვის მოზარდები კარგად უნდა იცნობდნენ კონტექსტს, რომლის ირგვლივაც აგროვებენ ინფორმაციას.

ინტერვიუ შეიძლება იყოს კონკრეტულ კითხვებზე დაფუძნებული ან ნარატიული. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია კითხვის სწორად დასმა.

ინტერვიუერი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული მასალის ჩაწერის შესახებ და მასთან აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული მასალის გამოყენების პირობები. მან უნდა გაითვალისწინოს, რომ მოგონებებმა შეიძლება ტრავმა მიყენოს რესპონდენტს და უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მისი ხელახალი ტრავმირება. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ  რესპონდენტი არ არის კვლევის ობიექტი. ის პროექტის თანამონაწილეა.

აუდიო თუ ვიდეო-ჩანაწერის ტრანსკრიპტის შექმნისას ხშირად იკარგება გარკვეული ინფორმაცია (ემოცია, ირონია, პაუზა). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გათვალისწინებული იქნას ანალიზისას. ანალიზი არის პირველწყაროზე მუშაობის საბოლოო შედეგი.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს მოსწავლე ერთბაშად ვერ გაითვალისწინებს. ამიტომ საჭიროა, ასეთ უნარებს ის ნელ-ნელა დაეუფლოს კვლევის დაწყებამდე.

რესპონდენტის მონათხრობი ყოველთვის სუბიექტურია, მაგრამ, ხშირად, მოსმენილი ისტორიები დამატებით ინფორმაციას იძლევა კვლევის თემაზე.

რომელ ასპექტებში გამოიხატება პერონალური ნარატივის როლი?

წყაროების მიხედვით, პერსონალური ნარატივების როლი შემდეგ ძირითად ასპექტებში გამოიხატება:

 

  • ისტორიის ჰუმანიზაცია და კავშირი რეალობასთან: ნარატივები ახდენს ისტორიული ფაქტების „ჰუმანიზაციას“, რაც მოსწავლეს ეხმარება, დაინახოს, რომ ისტორიას ადამიანები ქმნიან და მას პირდაპირი გავლენა აქვს ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. [1]
  • ემპათიის განვითარება და ინკლუზიურობა: პერსონალური ისტორიების, განსაკუთრებით კი მარგინალიზებული ჯგუფების ხმის მოსმენა, მოსწავლეებში აღძრავს ემპათიას და ეხმარება მათ სხვადასხვა კულტურისა თუ გამოცდილების მქონე ადამიანების უკეთ გაგებაში. ხელს უწყობს ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა – თანასწორობა, სამართლიანობა და ტოლერანტობა. [2]
  • კრიტიკული აზროვნება და აკადემიური უნარები: მოწმეთა ჩვენებებზე მუშაობისას მოსწავლეები სწავლობენ პირველადი წყაროს ანალიზს, კითხვების დასმას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მსჯელობასა და ინფორმაციულ წიგნიერებას.
  • სამოქალაქო აქტივობა და პასუხისმგებლობა: კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენებების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უმტკიცდებათ რწმენა, რომ მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება სტერეოტიპების წინააღმდეგ.
  • იდენტობის გაძლიერება და თვითრწმენა: საკუთარი ან სხვისი ნარატივების შექმნა და გაზიარება ეხმარება მოსწავლეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თავს მარგინალიზებულად გრძნობს, საკუთარი კულტურული და სოციალური იდენტობის გააზრებაში, ზრდის მის თავდაჯერებულობას და აძლევს მიკუთვნებულობის განცდას. [3]

გარდა ზემოთქმულისა, პერსონალური ნარატივებით სწავლების დადებითი მხარეა ისიც, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

ბიბლიოგრაფია

  1. 5 Standards of Social Studies- LITERACY! https://wvsocialstudies.com/2013/06/03/5-standards-of-social-studies-literacy/
  2. Ivan Allen Jr. Digital Collection : Civil Rights Activity 3: Oral History Project

https://ivanallen.iac.gatech.edu/legacy/guide/cr/oral-history/

  1. UNESCO (2015). Global citizenship education: Topics and learning objectives https://www.unesco.at/fileadmin/Redaktion/Publikationen/Publikations-Dokumente/2015_UNESCO_GCED_Topics_and_learning_objectives.pdf
  2. Sam Wineburg (2001). Historical thinking and other unnatural acts. Temple University Press.

[1] ჰოლოკოსტის შესახებ სწავლების მეთოდური რეკომენდაციები იხ. განათლების ციფრული სახლი

მოსწავლეთა თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარება დაწყებით საფეხურზე

0

თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოსწავლეთა თანამშრომლობითი კომპეტენციის განვითარება წარმოადგენს. თანამშრომლობის უნარი არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ, სახოგადოდ, ცხოვრებაში, მის სხვადასხვა ეტაპზე, წარმატების აუცილებელი ფაქტორია. იგი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, საერთო მიზნისკენ მიმართული კოლექტიური ძალისხმევა და პრობლემის ერთობლივი გადაჭრა. საერთაშორისო საგანმანათლებლო პრაქტიკა და კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლობითი სწავლის ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ განვითარებას.

ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს მრავალი გამოწვევა, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე, სადაც მოსწავლეთა სოციალური უნარების ფორმირება აქტიურ ფაზაშია.

 

თანამშრომლობა როგორც საგანმანათლებლო ღირებულება

თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ავტორიტეტული თეორიული და პრაქტიკული საფუძველი წარმოდგენილია Johnson, Johnson & Holubec-ის (1995) ნაშრომში „Cooperative Learning: Theory, Research and Practice“. აღნიშნული თეორიული ჩარჩო იძლევა ღრმა ანალიზისა და პრაქტიკული მიდგომების შესაძლებლობას.

 

Johnson-ების თანამშრომლობითი სწავლების მოდელი

Johnson-ები თანამშრომლობით სწავლებას განსაზღვრავენ, როგორც სრტუქტურირებულ, მიზანმიმართულ პროცესს, სადაც მოსწავლეები საერთო მიზნის მისაღწევად მუშაობენ მცირე ჯგუფებად და ამ პროცესში არა მხოლოდ საგნობრივ მასალას, ისე სოციალურ, კომუნიკაციურ და ორგანიზაციულ უნარებსაც ითვისებენ.

ავტორები თანამშრომლობითი სწავლის ხუთ ფუნდამენტურ ელემენტს გამოყოფენ. ესენია:

  • პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება – მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ წარმატების მისაღწევად დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე;
  • ინდივიდუალური და ერთობლივი პასუხისმგებლობა – ყოველი წევრი პასუხს აგებს როგორც საკუთარ წვლილზე, ისე მთლიანად ჯგუფის შედეგზე;
  • პირისპირ ხელშემწყობი ინტერაქცია – მოსწავლეები ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციით იზიარებენ იდეებს და ეხმარებიან ერთმანეთს;
  • სოციალური უნარჩვევების განვითარება – ნდობა, კომუნიკაცია, ლიდერობა, კონფლიქტების მართვა;
  • ჯგუფური პროცესების რეფლექსია – ჯგუფი აანალიზებს საკუთარ მუშაობას და გეგმავს სხვადასხვა სტრატეგიას მის განსავითარებლად.

დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით გამოსადეგია შემდეგი სტრატეგიები:

  • „Think – Pair – Share“ – მოსწავლე პრობლემაზე ინდივიდუალურად ფიქრობს, შემდეგ იდეას მეწყვილეს უზიარებს და საბოლოოდ ჯგუფში განიხილავენ.
  • “Jigsaw” მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა თემას ინდივიდუალურად, მერე კი უზიარებენ ჯგუფს, რაც ქმნის მთლიან სურათს.
  • „Group Investigation“ – ჯგუფი იკვლევს თემას დამოუკიდებლად და ამის შემდეგ აკეთებს კოლექტიურ პრეზენტაციას.

თანამშრომლობითი კომპეტენციებისთვის ხელშემწყობი სწავლების მეთოდები და სტრატეგიები

ჯგუფური პროექტები და თემატური კვლევები

ჯუფური პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, საერთო მიზნის მისაღწევად ერთად იმუშაონ და იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები. ჯგუფის თითოეული წევრი სამუშაოს კონკრეტულ ნაწილზე იღებს პასუხისმგებლობას, რის შედეგადაც იქმნება ერთობლივი პროდუქტი. ამ ტიპის დავალებები მოსწავლეებს მოსმენის, დაგეგმვის, მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს უვითარებს.

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

თანამედროვე განათლების სისტემა აქტიურად ეძებს გზებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარებას. ამ პროცესში პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning – PBL) ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდად სახელდება. J.W. Thomas-ის (2000) კვლევა „A Review of Research on Project-Based Learning“ წარმოადგენს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ არსებული კვლევების ფართო და სიღრმისეულ მიმოხილვას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ PBL-ის არსი, უპირატესობები და გამოწვევები.

კვლევის მიხედვით, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მთავარი მიზანია, მოსწავლეები რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაში ჩართოს. PBL-ის არსებითი ნიშანია ის, რომ სწავლა ხდება არა მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მიღებით, არამედ ინფორმაციის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენებით. პროექტები აღემატება ჩვეულებრივ სასწავლო დავალებებს – ისინი მოითხოვენ კომპლექსურ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრისა და თანმიმდევრულად მუშაობის უნარს.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც სწავლა რეალურ, ცხოვრებისეულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში მიმდინარეობს. მეთოდის მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის კრიტიკული, ანალიტიკური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაა.

PBL-ის გამოყენებისას მასწავლებელს პირდაპირ ეკისრება მოვალეობა, იყოს მოსწავლეთა აქტიური სწავლის პროცესის მხარდამჭერი და ორგანიზატორი. PBL გარემოში თანამშრომლობა სწავლების ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს. მოსწავლეები ერთად მუშაობენ პრობლემის განსაზღვრაზე, სხვადასხვა ალტერნატივის განხილვაზე, საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაზე. ამ პროცესში მათ უვითარდებათ კონფლიქტის მართვის, აზრის გამოხატვისა და ჯგუფური პასუხისმგებლობის უნარები.

 

თანატოლთა სწავლება / ურთიერთსწავლება

თანამშრომლობითი სწავლება როგორც სწავლების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თანატოლთა სწავლების (Peer Teaching) მიდგომას (რომელსაც, მისი ფორმატიდან გამომდინარე, შეგვიძლია ურთიერთსწავლებაც ვუწოდოთ), სადაც მოსწავლეები ცვლიან როლებს: ერთი ასწავლის, მეორე სწავლობს. ვინაიდან ბავშვები დაწყებით საფეხურზე ემოციურად მეტად გახსნილნი არიან, აღნიშნული მიდგომა ძალზე ეფექტურია. ამ დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ სოციალური და კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები და მზად არიან, ერთმანეთისგან ისწავლონ.

Özgür BABAYİĞİT-ისა და Bahattin ERKUŞ-ის კვლევა (2022), მიზნად ისახავდა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე თანატოლთა სწავლების გავლენის შეფასებას. აღმოჩნდა, რომ კლასში, სადაც გამოყენებული იყო ურთიერთსწავლების მიდგომა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, ექსპერიმენტული ჯგუფის საშუალო ქულა იყო 47.85 და გახდა 62.96. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ თანატოლთა ურთიერთსწავლება ხელს უწყობს, როგორც ინფორმაციის უკეთ ათვისებას, ისე მისი გააზრებულად გადაცემის უნარის განვითარებასაც (Babayiğit და Erkuş, 2022).

აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგის როლი ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თანატოლთა სწავლება უშუალოდ მოსწავლეთა აქტიურობაზეა ორიენტირებული, მასწავლებლის ჩართულობა განსაზრღვრავს პროცესის ხარისხს, მიმართულებასა და ეფექტიანობას. მასწავლებელი იწყებს მოსწავლეთა ანალიზით და არჩევს ისეთ წყვილებსა თუ ჯგუფებს, სადაც ბავშვები შეძლებენ ერთმანეთისგან სწავლას. ამასთანავე, ის ადგენს კონკრეტულ მიზნებს, ამზადებს მასალას და, რაც მთავარია, პასუხისმგებელი ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და თავისუფლად იგრძნობენ. მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ნამდვილი თანამშრომლობა.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ მოსწავლეები უფრო მეტ ენთუზიაზმსა და თავდაჯერებას იჩენდნენ მაშინ, როდესაც როლები იცვლებოდა და თავად ხდებოდნენ „მასწავლებლები“. სტრატეგიის კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენდა მათ ასაკზე მორგებული ენა, ვინაიდან ხშირად პედაგოგის მიერ ახსნილი ყველასთვის ერთნაირად გასაგები არ არის. თანატოლებისგან მიღებული ინფორმაცია უფრო მარტივად აღსაქმელია და სტრესის დონეც შედარებით დაბალია. ეს გარემოება პირდაპირ უწყობს ხელს თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარებას – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იყვნენ მოსმენის, განხილვის, შეთანხმებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის პროცესის  აქტიური მონაწილეები.

თანამშრომლობითი სწავლება თანამედროვე განათლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და პერსპექტიულ მიდგომად გვევლინება. ის მოიცავს როგორც აკადემიური ცოდნის ამაღლებას, ისე სოციალური, კომუნიკაციური და პიროვნული უნარების განვითარებასაც, რაც სასკოლო ცხოვრების ფარგლებს სცდება. დაწყებით საფეხურზე, სადაც ბავშვები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან, თანამშრომლობითი სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაინახონ გუნდის წევრობის მნიშვნელობა, ისწავლონ მოსმენა, შეთანხმება და პასუხისმგებლობის გაზიარება.

საერთაშორისო კვლევები და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიების გამოყენება არა მხოლოდ სწავლის ხარისხს ამაღლებს, არამედ ისეთ საგანმანათლებლო გარემოსაც ქმნის, სადაც ბავშვები ემოციურადაც ეთანხმებიან ერთმანეთს და სწავლობენ ურთიერთპატივისცემას. შესაბამისად, თანამშრომლობითი სწავლების სისტემური დანერგვა ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. სწორედ ამ გზით შევძლებთ, მომავალ თაობას მივცეთ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებიც, რომლებიც შეუცვლელია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

სპორტის გაკვეთილების ხიბლი

0

ხანდახან ვფიქრობ, რომ სპორტის გაკვეთილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელსაც ბავშვები იღებენ.  შეიძლება მათ აღარ ახსოვდეთ, რამდენი გოლი გაიტანეს ან რომელი თამაში მოიგეს, მაგრამ თუ ცხოვრებაში ერთ დღეს, სირთულის წინაშე დგომისას, გაიხსენებენ, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა შესაძლებელია, რომ გუნდში ყოფნა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას და რომ ღირსეულად ბრძოლა უკვე გამარჯვებაა – მაშინ ვიტყვი, რომ  სპორტის გაკვეთილმა თავის მიზანს მიაღწია.

ამაზე ვფიქრობ მაშინ, როცა გაკვეთილის შემდეგ დარბაზი ცარიელდება და ბურთის ხმა ნელ-ნელა ჩუმდება. სწორედ ამ დროს ყველაზე მკაფიოდ ვგრძნობ, რომ სპორტის გაკვეთილი მხოლოდ მოძრაობა და თამაში არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ  ბავშვმა  ცხოვრების პირველი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღოს.

სპორტის გაკვეთილი, როგორც აღზრდა – ხშირად, როცა ბავშვები პირველად შედიან სპორტულ დარბაზში, მათი ნაწილი მორცხვად დგას. ზოგს ეშინია ბურთის, ზოგს – შეცდომის, ზოგს კი თანატოლების შეფასების. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერა, რომელიც მათ უსაფრთხო გარემოს უქმნის და აძლევს შესაძლებლობას ნელ-ნელა ჩაერთონ პროცესში.

სპორტის გაკვეთილზე ხშირად ხდება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები. პირველად რომ გაბედავს  სირბილს, პირველად რომ აღარ იტირებს წაგების შემდეგ, პირველად რომ თანაგუნდელს ამხნევებს – ეს თითქოს უმნიშვნელო მომენტები ბავშვის თავდაჯერებას და შინაგან სიმტკიცეს აყალიბებს. სპორტი  მოზარდს ფიზიკურად აკაჟებს და  აძლიერებს, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ხასიათის ფორმირებაა.

სპორტის გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების თანამედროვე თეორიების გათვალისწინება. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია არის  – ური ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიური განვითარების მოდელი.

ამ მოდელის მიხედვით, ბავშვის ყოველდღიური განვითარების ყველაზე ძლიერი გავლენა აქვს  გარემოს. სკოლა სწორედ მიკროსისტემის ნაწილია, ხოლო სპორტის გაკვეთილი ამ გარემოში განსაკუთრებულ სოციალურ სივრცეს ქმნის. აქ ბავშვი თანატოლებთან თანამშრომლობს, სწავლობს წესების დაცვას, ემოციების მართვას და პასუხისმგებლობის გაზიარებას.

თამაშში დამალული გაკვეთილები –სპორტული თამაშები ხშირად ქმნის სიტუაციებს, რომლებიც რეალური ცხოვრების პატარა მოდელს ჰგავს. თამაშის დროს ბავშვებს უწევთ: გადაწყვეტილების მიღება, სტრატეგიის დაგეგმვა და თანამშრომლობა:

  • გუნდში როლების განაწილება;
  • თამაშის წესების დაცვა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გადაწყვეტა;
  • წაგების მიღება და გამარჯვების გაზიარება.

ამგვარი გამოცდილება ბავშვებს პრობლემის გადაჭრის უნარს უყალიბებს. ისინი სწავლობენ, რომ შეცდომა განვითარების ბუნებრივი ნაწილია და რომ წარმატება ხშირად თანამშრომლობის შედეგია.

სპორტის მასწავლებლის როლი – სპორტის მასწავლებლის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური უნარების სწავლებით. მისი მთავარი ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობას და შესაძლებლობას. სწორედ ამ გარემოში ხდება მოსწავლეების პიროვნული ზრდა და თავდაჯერების ზრდა.

შესაძლოა, წლების შემდეგ მოსწავლეებს აღარ ახსოვდეთ კონკრეტული თამაშები ან ვარჯიშები. შეიძლება არც ის ახსოვდეთ, რამდენჯერ მოიგეს ან წააგეს. მაგრამ თუ ერთხელ მაინც გაიხსენებენ, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა შესაძლებელია, რომ გუნდში ყოფნა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას და რომ ღირსეულად ბრძოლა უკვე გამარჯვებაა – მაშინ  ვიფიქრებ, რომ სპორტის გაკვეთილმა თავისი წილი აგური დადო  მათი ფსიქო-ემოციური და სოციო-კულტურული  განვითარების პროცესში.

სპორტი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის ცხოვრების პატარა მოდელი, სადაც ბავშვები სწავლობენ, როგორ იყვნენ ძლიერები არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქო-ემოციურად.

 

საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმები: თეორია და პრაქტიკა

0

წინასწარი შენიშვნა

სტატია შეიქმნა ავტორისა და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმისგამოყენებით. ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტი – ტექსტის დამუშავების მიზნით.  კონცეპტუალური ჩარჩო, პრობლემის დასმა, არგუმენტების შერჩევა, შეფასება და საბოლოო რედაქცია ეკუთვნის ავტორს, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას წარმოდგენილ იდეებსა და დასკვნებზე.

 რატომ იქმნება განათლების ციფრული პლატფორმები?

განათლების ციფრული პლატფორმების შექმნას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს:

ტრადიციული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა – ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი ფიზიკური უნივერსიტეტები და სკოლები.

დროისა და ადგილის მოქნილობა – სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

განათლების ხარჯების შემცირება – ონლაინ კურსები ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული განათლება.

პანდემიის გავლენა – COVID-19-მა მნიშვნელოვნად ააჩქარა ციფრული სწავლების განვითარება.

ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პერსონალიზებული სწავლება.

შემდეგ საკითხებზე გადასვლამდე მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რას ნიშნავს ტრადიციული განათლების ხელმისაწვდომობა და მისი გაზრდა.

ტრადიციული განათლების ხელმისაწვდომობა აღწერს, რამდენად შეუძლიათ ადამიანებს, მიიღონ წვდომა კლასიკურ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე – სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, პროფესიულ სასწავლებლებზე.

ტრადიციული განათლების ხელმისაწვდომობა გულისხმობს:

გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას – ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ შორეულ რეგიონებში, სოფლებში ან პატარა ქალაქებში, ხშირად ვერ აღწევენ ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებამდე.

ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას – მაღალი ღირებულების გამო ბევრი ოჯახისთვის ხარისხიანი განათლება ფინანსურად მიუწვდომელია.

დროით შეზღუდვებს – მუშაობის ან ოჯახური ვალდებულებების გამო ბევრს არ შეუძლია ტრადიციული გრაფიკით სწავლა.

ფიზიკურ შეზღუდვებს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ტრადიციული საგანმანათლებლო გარემო ხშირად არ არის ადაპტირებული.

ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობა

ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიშნავს ამ ბარიერების აღმოფხვრას და განათლების უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომად ქცევას. ციფრული პლატფორმები სწორედ ამ მიზნით იქმნება – რათა განათლება გახდეს უფრო ინკლუზიური, მოქნილი და ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისა და გეოგრაფიული მდებარეობის ადამიანებისთვის.

როგორ იქმნება ციფრული პლატფორმები?

პლატფორმების შექმნის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

საჭიროებების ანალიზი და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა – უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა საჭიროებები არსებობს ბაზარზე და ვისთვის არის გამიზნული ჩვენი პროდუქტი;

ტექნიკური არქიტექტურის დაგეგმვა – სერვერების, მონაცემთა ბაზებისა და უსაფრთხოების სისტემების დაგეგმვა;

მომხმარებლის ინტერფეისის (UI/UX) დიზაინი – პლატფორმის ვიზუალური მხარისა და მომხმარებელთა გამოცდილების დაპროექტება;

პროგრამირება – ვებ- და მობილური აპლიკაციების შექმნა;

კონტენტის შექმნა – ვიდეოლექციების, ტექსტური მასალებისა და ტესტების მომზადება;

ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა – პლატფორმის მუშაობის შემოწმება და შეცდომების გამოსწორება;

გაშვება და მუდმივი განახლება – პლატფორმის ოფიციალური გაშვება და მუდმივი გაუმჯობესება.

საზოგადოდ, ციფრული პლატფორმების შექმნის პროცესი მრავალსაფეხურიანი და კომპლექსურია. თითოეულ ეტაპს თავისი მნიშვნელობა და სირთულეები აქვს, რადგან საბოლოო შედეგი დამოკიდებულია დეტალების ხარისხიანად შესრულებაზე. ქვემოთ შეძლებისდაგვარად აღვწერეთ ძირითადი ეტაპები, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მომხმარებლის ინტერფეისის (UI/UX) დიზაინს.

UX (User Experience) დიზაინი

მომხმარებლის კვლევა და ანალიზი:

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა (ასაკი, ტექნიკური უნარები, მოტივაცია)

მომხმარებლის პერსონების შექმნა – ტიპური სტუდენტების პროფილები

მომხმარებლის მოგზაურობის რუკის (User Journey Map) დახაზვა

კონკურენტული ანალიზი – სხვა პლატფორმების შესწავლა

A/B ტესტირება სხვადასხვა ვარიანტის შესაღებად

ინფორმაციის არქიტექტურა:

კონტენტის ლოგიკური დაჯგუფება და კატეგორიზაცია

ნავიგაციის სტრუქტურის შექმნა – მენიუები, კატეგორიები, ფილტრები

ძიების ფუნქციონალობის დაგეგმვა

მობილური და დესკტოპ ვერსიების ადაპტაცია

ინტერაქციის დიზაინი:

მომხმარებლის ქცევის პროგნოზირება

მიკროინტერაქციების დაგეგმვა – ანიმაციები, ღილაკების რეაქციები

უკუკავშირის სისტემების შექმნა – შეტყობინებები, შეცდომების ინდიკატორები

 

UI (User Interface) დიზაინი

ვიზუალური ელემენტები:

ფერთა პალიტრა:

ფერები – ბრენდის იდენტობისთვის

მეორეული ფერები – აქცენტებისა და მოქმედებებისთვის

ნეიტრალური ფერები – ფონი და ტექსტი

ხელმისაწვდომობის გათვალისწინება – კონტრასტის მინიმალური სტანდარტები

ტიპოგრაფია:

ფონტების იერარქია – სათაურები, ქვესათაურები, ძირითადი ტექსტი

წაკითხვადობა – შრიფტის ზომა, ხაზთაშორისი მანძილი

მულტიენოვანი მხარდაჭერა – ქართული, ლათინური, სხვა ანბანები 

გამოსახულებები და ხატულები:

კონსისტენტური სტილი

ინტუიციური ხატულების გამოყენება

საილუსტრაციო მასალა კურსებისთვის

რესპონსიული დიზაინი:

მობილური-პირველი მიდგომა (Mobile-First) 

ფლექსიბლური გრიდ სისტემა

ფლექსიბლური გრიდ სისტემა – ეს არის ვებსაიტის დიზაინის მეთოდი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს გვერდის განლაგებას ისე, რომ ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს ყველა მოწყობილობაზე – კომპიუტერზე, ტელეფონზე, ტაბლეტზე და გულისხმობს:

ადაპტაციურ კონტენტს სხვადასხვა ზომის ეკრანებისთვის;

სენსორული ინტერფეისის ოპტიმიზაციას;

განათლების პლატფორმების სპეციფიკურ ელემენტებს.

კურსის გვერდის დიზაინი:

პროგრესის ინდიკატორი – რამდენი პროცენტი დასრულდა

ლექციების სია – ნათელი სტრუქტურა მოდულებით

ვიდეოპლეერის ოპტიმიზაცია – კონტროლი, სიჩქარე, ხარისხი

შენიშვნებისა და ნიშნულების სისტემა

ინტერაქციული ელემენტები:

ღია და დახურული კითხვები

დრაგ- და დროპ-აქტივობები

პროგრესის მეთვალყურეობა

სერტიფიკატების გენერირება

სოციალური ფუნქციები:

კომენტარების სისტემა

სტუდენტთა შორის კომუნიკაცია

ფორუმები და დისკუსიები

ინსტრუქტორთან უკუკავშირი

ხელმისაწვდომობა (Accessibility)

ინკლუზიური დიზაინი:

WCAG (Web Content Accessibility Guidelines) სტანდარტების დაცვა

ეკრანის წამკითხველების მხარდაჭერა

კლავიატურით ნავიგაცია

ფერებისგან დამოუკიდებელი ინფორმაცია

ალტერნატიული ტექსტი გამოსახულებებისთვის

სხვადასხვა შეზღუდვის გათვალისწინება:

მხედველობის დარღვევები

სმენის პრობლემები – სუბტიტრები ვიდეოებისთვის

მოტორული ფუნქციების შეზღუდვები

რა შედეგი მოაქვს ციფრულპლატფორმებს?

წინასწარი შენიშვნა

შეიძლება ითქვას, რომ საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმებს უარყოფითი შედეგები არ აქვს. ასევე შეიძლება თამამად განვაცხადოთ: საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმების შედეგები მეტწილად დადებითია, თუმცა მათ გამოყენებას თან სდევს რამდენიმე გამოწვევა, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.

დადებითი შედეგები

განათლების დემოკრატიზაცია – ციფრული პლატფორმები განათლებას ხდის ყველასთვის ხელმისაწვდომს, მიუხედავად გეოგრაფიული და ეკონომიკური შეზღუდვებისა.

სწრაფი ცოდნის გავრცელება – ახალი ინფორმაცია და ინოვაციური იდეები გლობალური მასშტაბით სწრაფად ვრცელდება და ხელმისაწვდომი ხდება.

ღირებული უნარების შეძენა – სტუდენტებს შეუძლიათ, შეიძინონ ტექნიკური და პროფესიული კომპეტენციები, რაც პირდაპირ უკავშირდება შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.

დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა – ახალი უნარები და სერტიფიკატები აუმჯობესებს კარიერულ პერსპექტივებს.

გამოწვევები

ციფრული უთანასწორობა – ყველა ადამიანს არ აქვს თანაბარი წვდომა ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ უთანასწორობას.

მოტივაციისა და თვითდისციპლინის საჭიროება – ონლაინ სწავლება მოითხოვს გაცილებით მეტ პირად მოტივაციასა და თვითდისციპლინას, ვიდრე ტრადიციული განათლება. სტუდენტებმა თავად უნდა გაანაწილონ დრო, დაგეგმონ სწავლის პროცესი და შეინარჩუნონ ყურადღება გარე ზედამხედველობის გარეშე. ეს განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ განვითარებიათ ეს უნარები.

სოციალური ურთიერთობების შემცირება – ციფრული პლატფორმები მნიშვნელოვნად ამცირებს პირისპირ კომუნიკაციას, რაც უარყოფითად მოქმედებს სოციალური უნარების განვითარებაზე. სტუდენტები კარგავენ ლექტორებსა და თანაკურსელებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ამ ტიპის ურთიერთობები ხშირად წყვეტს ქსელების შექმნასა და კარიერულ განვითარებას.

კრიტიკული აზროვნების განვითარების სირთულე – ციფრული პლატფორმების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ხშირად ფრაგმენტული და ზედაპირულია. ეს წარმოშობს საფრთხეს, სტუდენტებმა მიიღონ მზა პასუხები არსის სიღრმისეული გააზრების გარეშე. ტრადიციული განათლების პროცესში მიმდინარეობს დისკუსია, კამათი, კრიტიკული ანალიზი, რაც ცოდნის უფრო ღირებულ ათვისებას უწყობს ხელს.

ეჭვგარეშეა, სულ ახლახან ჩამოთვლილი გამოწვევები ვალიდური და მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომლებიც მოითხოვს გააზრებულ მიდგომას და ეს მიდგომა თითოეული გამოწვევისთვის სპეციფიკური უნდა იყოს:

ციფრული უთანასწორობის შემცირებისთვის საჭიროა:

ინფრასტრუქტურის განვითარება – ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება რეგიონებში;

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები ტექნიკური ხელსაწყოების მიღებისთვის;

სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის ტექნოლოგიურ წვდომაზე.

მოტივაციისა და თვითდისციპლინის ჩამოყალიბებისთვის: ონლაინ განათლების გაუმჯობესება შესაძლებელია განსაკუთრებული მეთოდოლოგიებით – ინტერაქციული ელემენტების დამატებით, რეგულარული შუალედური შეფასებებით, პერსონალიზებული მიდგომით. მნიშვნელოვანია მენტორინგის სისტემების ჩართვა და მშობლების/ოჯახის აქტიური ჩართულობა პროცესში.

სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისთვის: ჰიბრიდული მოდელის განვითარება, სადაც ციფრული ინსტრუმენტები შერწყმულია პირისპირ შეხვედრებთან. ვირტუალური გუნდური პროექტები, ონლაინ კლუბები. მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვაც.

კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის: ციფრული წიგნიერების სწავლება, საინფორმაციო წყაროების შეფასების უნარების განვითარება, სპეციალური მეთოდოლოგიები ღია კითხვებისა და თემატური კვლევებისთვის.

ჩამოთვლილ გამოწვევებთან გამკლავების გზებსა და საშუალებებზე ფიქრის დროს არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, რომ რესურსები შეზღუდულია და თეორიულადაც კი ყველა გამოწვწვაზე მყისიერი რეაგირება შეუძლებელია.

ამიტომ აუცილებელია, დაისვას კითხვა: რომელი მიმართულება უნდა გახდეს პრიორიტეტული საქართველოს კონტექსტში?

დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მე და ქლოუდი (Claude AI-ს ვგულისხმობ) შევთანხმდით: მიმართულება სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, რაც გულისხმობს ჰიბრიდული მოდელის განვითარებას ანუ ციფრული ინსტრუმენტების შერწყმას პირისპირ შეხვედრებთან. ამასთან, უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ვირტუალური გუნდური პროექტები.

ჰიბრიდული მოდელის კონკრეტული ელემენტებია:

ძირითადი ლექციები და თეორიული მასალა ონლაინ ფორმატში, ხოლო სემინარები, ლაბორატორიული სამუშაოები და პროექტები – პირისპირ. ასეთი განაწილება საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოხერხებულ ტემპში მიიღონ თეორიული ცოდნა, ხოლო პრაქტიკული უნარები და სოციალური ურთიერთობები ტრადიციულ გარემოში განავითარონ.

ვირტუალური გუნდური მუშაობის განვითარება: ონლაინ პლატფორმებზე შექმნილი პროექტები, სადაც სტუდენტები ერთად მუშაობენ რეალურ საკითხებზე. მაგალითად, ლოკალური თემების გამოწვევების კვლევა, სადაც ონლაინ კვლევა შერწყმულია გუნდურ მუშაობასთან.

საზოგადოების ჩართვა: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკალური ბიზნესების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კულტურული ინსტიტუტების ჩართვა განათლების პროცესში – ეს ქმნის რეალურ კონტექსტს სწავლისთვის და იმავდროულად ხელს უწყობს ადამიანური კავშირების შენარჩუნებას.

ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური შესაძლებლობა აქვს, გახდეს ამ ჰიბრიდული მოდელის  ჰაბი. ბიბლიოთეკის ფიზიკური სივრცეები შეიძლება გადაიქცეს კოლაბორაციული სწავლების ცენტრებად.

საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმების განვითარება, მიუხედავად მნიშვნელოვანი სარგებლისა, წარმოშობს სერიოზულ გამოწვევებს, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელს ხდის განათლების ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებას.

გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზაა ჰიბრიდული მოდელის განვითარება, რომელიც ცოდნის მიღების ციფრულ მოხერხებულობას უკავშირებს ადამიანური ურთიერთობების ტრადიციულ ღირებულებებს.

თანამედროვე მასწავლებლის გზა  მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე გადის

0

ჟურნალი „მასწავლებელი“  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ხუციშვილს, ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეიქმნა, მისი ძირითადი მისია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო, რაც გულისხმობდა მასწავლებლის უზრუნველყოფას შესაბამისი რესურსებითა და სერვისებით. დღეს რა არის ცენტრის მთავარი მისია და როგორ ხედავთ მის როლს საქართველოში, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების კონტექსტში?

მინდა მივესალმო ჟურნალ ,,მასწავლებლის“ მრავალრიცხოვან მკითხველს და  ვუსურვო  წარმატება. დღეს, ცენტრის მისია  ხარისხზე ორიენტირებული, კვლევებზე  დაფუძნებული და სისტემურად გამართული პროფესიული განვითარების მოდელის უზრუნველყოფაა. ჩვენი ამოცანაა მასწავლებელს და სასკოლო საზოგადოებას,    მათი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო, სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან სრულ თანხვედრაში მყოფი  რესურსები და შესაბამისი სერვისები შევთავაზოთ.

განათლების რეფორმა მხარს უჭერს კომპეტენტურ, თანამედროვე პედაგოგიკურ მიდგომებზე ორიენტირებულ, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ჩართულ მასწავლებელს. ცენტრის როლი ამ პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების განმტკიცება, მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მასწავლებლის მხარდაჭერის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაა.

საინტერესო იქნება ცენტრის პროგრამებისა და ძირითადი მიმართულებების მიმოხილვა, რათა მკითხველმა უკეთ დაინახოს მიმდინარე პროცესები და ის საქმიანობა, რომელსაც ამ ეტაპზე ცენტრი ახორციელებს.

ცენტრის საქმიანობის მთავარი ღერძი მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა –  ჩვენი ამოცანაა, პროფესიული მხარდაჭერა იყოს სისტემური, სტანდარტზე დაფუძნებული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული. თითოეული ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს როგორც ეროვნულ პრიორიტეტებს, ისე კონკრეტული სკოლისა და მასწავლებლის მოთხოვნებს.

უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების სამსახური კოორდინაციას უწევს პროგრამებს და უზრუნველყოფს ტრენინგების ერთიან პროცედურებსა და ხარისხის სტანდარტებს, რათა ორგანიზებულად, ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით განხორციელდეს ცენტრის სხვადასხვა პროგრამის  ბენეფიციართათვის დაგეგმილი პროფესიული განვითარების ღონისძიებები.

სტანდარტებისა და რესურსების პროგრამა ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მიზნად ისახავს პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. პროგრამა ორიენტირებულია ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნაზე, ტექნოლოგიების გააზრებულ ინტეგრაციაზე, საგნობრივი და ზოგადი უნარების განვითარებაზე, ასევე STEAM განათლების მხარდაჭერაზე. მისი მთავარი ვექტორია პრინციპი — თანამედროვე მასწავლებელი ნიშნავს ძლიერ სკოლას, რადგან სწორედ მასწავლებლის პროფესიული ზრდა განსაზღვრავს სკოლის განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგებს.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას საქართველოს მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლის სკოლებში. კონკურსით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები ერთი აკადემიური წლით საქმიანობენ შესაბამის საჯარო სკოლებში, ავსებენ კადრების დეფიციტს და თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ადგილობრივ პედაგოგებთან თანამშრომლობით, ზრდიან სწავლების ხარისხს. პროგრამა უზრუნველყოფს მათ უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას. უცხოენოვანი მოხალისეების ჩართულობა  კი დამატებით აძლიერებს ენობრივ გარემოს, მოსწავლეთა კომუნიკაციურ უნარებს და პროფესიულ კულტურას, რაც ქმნის სკოლის გრძელვადიანი განვითარების საფუძველს.

არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ემსახურება სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებას. პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები არამხოლოდ ავსებენ კადრების დეფიციტს, არამედ ნერგავენ თანამედროვე სწავლების მიდგომებს, ახორციელებენ არაფორმალურ პროექტებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ადგილობრივ კოლეგებს, რაც დადებითად აისახება როგორც აკადემიურ შედეგებზე, ისე – სასკოლო კულტურაზე.

არაფორმალური განათლების პროგრამა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სერვისებს სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და ენობრივ კონტექსტში. მისი ბენეფიციარები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სკოლების  მოსწავლეები და მასწავლებლები, საზღვარგარეთ მცხოვრები არასრულწლოვნები და საკვირაო სკოლების პედაგოგები. ცენტრის ადმინისტრირებადი ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს მიზნობრივი და ადაპტირებული სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობას ბენეფიციარებისთვის. პროგრამა ახორციელებს  მასწავლებელთა სუპერვიზიასა და პროფესიულ მხარდაჭერას.

დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებებისა და eTwinning-ის პროგრამა 2013 წლიდან, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, აძლიერებს საერთაშორისო სასკოლო თანამშრომლობას. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური პრაქტიკების დანერგვას, ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და მასწავლებელთა კომპეტენციების გაძლიერებას ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების საშუალებით.

მასწავლებლის პროფესიის რეგულირებისა და სკოლების მხარდაჭერის პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიის მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიან დანერგვას. პროგრამა მართავს სტატუსების მინიჭების, კარიერული წინსვლისა და პროფესიულ სისტემაში შესვლის პროცესებს, ადმინისტრირებას უწევს მასწავლებელთა ვაკანსიების ელექტრონულ პლატფორმას და ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას, მათ შორის, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მხარდაჭერით.

ციფრული პლატფორმების მხარდამჭერი პროგრამა აგებულია „ერთი სივრცის“ პრინციპზე და უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებისათვის ცენტრისა და მისი პარტნიორების მიერ შექმნილი სანდო, აკადემიური რესურსებისა და სერვისების ერთიან ციფრულ გარემოში ხელმისაწვდომობას. აღნიშნული პროგრამის პროდუქტებია  ჟურნალი „მასწავლებელი“ და  ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, რომლებიც პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას ემსახურებიან. ამ ციფრული ეკოსისტემის ნაწილია ახალი საგანმანათლებლო პორტალი educationhouse.ge, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიან დანერგვას უწყობს ხელს და ბენეფიციარებს სთავაზობს მრავალფეროვან მეთოდურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ რესურსებს.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ განათლებაში. პროგრამა გულისხმობს  სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლების გაგზავნას საქართველოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში,  მოიცავს პროფესიული განვითარების პროგრამებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერას, ადაპტირებული რესურსების შექმნას და სოციალური მუშაობის სერტიფიცირების კურსის განხორციელებას.

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა ორიენტირებულია აღმზრდელ-პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და ადრეული განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვაზე. პროგრამა მოიცავს ტრენინგმოდულების შექმნასა და პილოტირებას, კვალიფიციური ტრენერების მომზადებას, რესურსების განვითარებას და კურიკულუმის პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერას.

 რის საფუძველზე სთავაზობს ცენტრი მასწავლებლებს მათთვის საჭირო და შესაბამის სერვისებსა და რესურსებს, მათ შორის ტრენინგებს?
არსებობს თუ არა მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა ან სხვა მექანიზმები, რომლებიც პროგრამების დაგეგმვისას გათვალისწინებულია?

                პროგრამების დაგეგმვა ეფუძნება სხვადასხვა წყაროს  მონაცემებს. ცენტრი იყენებს:

  • მასწავლებელთა საჭიროებების კვლევებს;
  • უკუკავშირის სისტემებს (ტრენინგების შემდგომი შეფასებები);
  • შეფასების პროცესში მიღებულ მონაცემებს;
  • სკოლებთან და რესურსცენტრებთან კონსულტაციებს;
  • საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  პროგრამები არ იყოს ფორმალური და  ეფუძნებოდეს რეალურ პროფესიულ საჭიროებებს. ამ მიზნით, ცენტრის პროგრამული მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული თანამშრომლობის სამსახურის მკვლევრების  მიერ მიმდინარეობს პროგრამების ეფექტიანობის კვლევა. კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები მომავალში, ცენტრის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება.

როგორ აფასებთ ცენტრის პროგრამების ეფექტიანობას და რა კონკრეტული ინდიკატორებით ხდება ეს შეფასება?

ცენტრის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება ხდება როგორც რაოდენობრივი, ისე – ხარისხობრივი ინდიკატორებით.  მათ შორის:

  • მასწავლებელთა მონაწილეობისა და ტრენინგების წარმატებით დასრულების მაჩვენებლები;
  • მასწავლებელთა კმაყოფილების ინდექსი;
  • პროფესიული წინსვლის დინამიკა;
  • სასწავლო პროცესში დანერგილი პრაქტიკული ცვლილებები;
  • გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება მოსწავლეთა შედეგებთან კავშირი.

ჩვენ ვმუშაობთ მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაძლიერებაზე, რათა თითოეული პროგრამა შეფასდეს როგორც პროცესის მიმდინარეობის, ისე – შედეგის მიხედვით.

როგორ ხდება პროგრამების ადაპტირება სხვადასხვა  გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის?

ცენტრი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზის განსხვავებულ ეტაპებს. მიღებული გვაქვს დამწყები/მაძიებელი მასწავლებლების მხარდამჭერი სპეციალური მოდულების შექმნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გაგრძელდება კარიერული წინსვლის საფეხურების შესაბამისი ტრენინგ-პროგრამები და გაღრმავებული საგნობრივი ტრენინგები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების  მიმართულებით ტრენინგების ორგანიზებას.

პროფესიული განვითარება უნდა იყოს დიფერენცირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.

 თქვენი აზრით, ბოლო წლებში, რა  ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას მასწავლებელთა პროფესიული განვითარება საქართველოში?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პროფესიული განვითარების კულტურის ისე ჩამოყალიბება, რომ ეს პროცესი აღიქმებოდეს არა ვალდებულებად, არამედ პროფესიულ ღირებულებად.

მნიშვნელოვანია,  რეგიონებში ხარისხიან რესურსებსა და პროფესიული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა; სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო რეალობასთან ადაპტაცია; ციფრული კომპეტენციების გაძლიერება; მასწავლებელთა შეფასების სისტემისადმი ნდობის გაღრმავება.

როგორ აისახება ცენტრის საქმიანობა განათლების შედეგებზე სკოლებში და რა მაჩვენებლებზეა დაფუძნებული ეს შეფასება?

ცენტრის საქმიანობა ირიბად, მაგრამ სისტემურად აისახება სასწავლო პროცესის ხარისხზე. შეფასება ეფუძნება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების და  სასწავლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვას; სკოლების შიდა და გარე შეფასების შედეგებს; ეროვნული და საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ განათლების შედეგი მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა, თანამედროვე მასწავლებელი ამ სისტემის ცენტრალური რგოლია.

დღევანდელ საგანმანათლებლო რეალობაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის, რას მიიჩნევთ მნიშვნელოვნად?

დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშემწყობი პედაგოგიკა, ციფრული და მედიაწიგნიერება, ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, თანამშრომლობითი პროფესიული კულტურა სკოლებში. მასწავლებლის პროფესიული განვითარება უნდა იყოს მოქნილი და მომავლის საჭიროებებზე ორიენტირებული.

 რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომლებიც საკუთარი პროფესიული განვითარების გზას ახლა იწყებენ?

ახალგაზრდა მასწავლებლებს ვურჩევდი, პროფესია აღიქვან როგორც უწყვეტი სწავლების გზა. მნიშვნელოვანია: საკუთარი პრაქტიკის ანალიზი და თვითრეფლექსია; კოლეგებთან თანამშრომლობა; პროფესიულ საზოგადოებებში აქტიური ჩართულობა; სიახლეებისადმი გახსნილობა. ძლიერი მასწავლებელი ყალიბდება არა ერთჯერადი ტრენინგით, არამედ მუდმივი პროფესიული ზრდით.

ცენტრს თუ ექნებოდა შესაძლებლობა, ერთი ძირითადი ცვლილება განეხორციელებინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში, რა იქნებოდა ეს ცვლილება და რატომ?

ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ის   ერთი ძირითადი ცვლილება შეეხებოდა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გაძლიერებას ისე, რომ პროფესიული ზრდა მაქსიმალურად ინტეგრირებული ყოფილიყო ყოველდღიურ სასწავლო პროცესში. როდესაც პროფესიული განვითარება ხდება უშუალოდ პრაქტიკის სივრცეში, მისი გავლენა უფრო სწრაფი, ღრმა და მდგრადია.

მეცნიერების ბუნების სწავლების ხელშეწყობა დაწყებით საფეხურზე

0
Students doing experiments in the laboratory. Science and education.

დაწყებითი განათლება წარმოადგენს ბავშვის კოგნიტიური განვითარების ფუნდამენტურ ეტაპს. ბავშვები ამ ასაკში გამოირჩევიან ბუნებრივი ცნობისმოყვარეობითა და გარემოს კვლევის სურვილით. თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისეთი მოსწავლის ჩამოყალიბება, რომელიც ფლობს არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას, არამედ შეუძლია კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა და პრობლემების გადაჭრა. ამ მიზნის მიღწევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერების ბუნების გაგებას დაწყებით საფეხურზე. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება მოსწავლეთა პირველადი წარმოდგენები მეცნიერებაზე, ცოდნის წყაროებზე და კვლევის პროცესზე.

მკვლევართა აზრით, მეცნიერების ბუნების გააზრება წარმოადგენს სამეცნიერო განათლების ერთ-ერთ ცენტრალურ მიზანს (Lederman, 2007). მეცნიერების ბუნება გულისხმობს მეცნიერების არსის, მეთოდების, ღირებულებებისა და სოციალური როლის გააზრებას. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს:

მეცნიერული ცოდნა ემყარება მტკიცებულებებს;

მეცნიერული ცოდნა დროებითია (შეიძლება შეიცვალოს ახალი მონაცემების შესაბამისად);

მეცნიერება არის შემოქმედებითი და ინტერპრეტაციული პროცესი;

მეცნიერება სოციალური საქმიანობაა;

დაკვირვება პრინციპულად განსხვავდება ინტერპრეტაციისგან.

მეცნიერების სწავლება არ არის მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება. ეს არის პროცესი, რომელიც მოსწავლეებს ბუნებრივ სამყაროზე დაკვირვებასა და მოლოდინების ჩამოყალიბებაში ეხმარება. მიზანზე დაფუძნებული სწავლება ზრდის პროცესის ეფექტიანობას და ხელს უწყობს საკითხების ღრმა გააზრებას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი. მასწავლებელი არის ფასილიტატორი, რომელიც ქმნის გარემოს კვლევისა და აღმოჩენისთვის. მისი როლია: სწორი კითხვების დასმა, კვლევის პროცესის მოდელირება, მოსწავლეთა იდეების მხარდაჭერა და შეცდომების აღქმა, როგორც სწავლის შესაძლებლობა.

კვლევები მიუთითებს, რომ მასწავლებლის მიერ მეცნიერების ბუნების გააზრებული სწავლება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა მეცნიერულ წარმოდგენებს (Lederman, 2007). მეცნიერების ბუნების სწავლებისას ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები, როგორიცაა ტრადიციული სწავლების მიდგომები, რესურსების ნაკლებობა, დროის დეფიციტი და სხვა. ამ პრობლემების დაძლევა შესაძლებელია ინტეგრირებული სწავლებით, პრაქტიკული აქტივობებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებით.

წარმატებული სასწავლო პროცესის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ფლობდეს სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს:

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება: მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თავად აღმოაჩინონ ცოდნა. ეს მიდგომა პირდაპირ უკავშირდება მეცნიერულ პრაქტიკებს და ზრდის მოტივაციას;

ექსპერიმენტები და დაკვირვება: მარტივი პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებს აჩვენებს ცოდნის შექმნის პროცესს და არა მხოლოდ შედეგს;

თანამშრომლობითი სწავლება: ჯგუფური მუშაობა აჩვენებს, რომ მეცნიერება კოლექტიური საქმიანობაა, სადაც იდეები ზიარდება და ფასდება;

დისკუსია და არგუმენტაცია: მეცნიერული მსჯელობის განვითარება განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეები მსჯელობენ მტკიცებულებებზე და ამყარებენ საკუთარ პოზიციებს.

მასწავლებელმა ეფექტური გაკვეთილის ჩასატარებლად უნდა გამოიყენოს შემდეგი მიდგომები:

მკაფიოდ აუხსნას მოსწავლეებს, როგორ უკავშირდება კონკრეტული აქტივობა მეცნიერების არსს;

გამოიყენოს ჯგუფური სამუშაოები თანამშრომლობის ხაზგასასმელად;

შექმნას გარემო, სადაც მეცნიერება აღიქმება, როგორც საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი;

წაახალისოს კითხვა — „როგორ აიხსნება ეს?“.

მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისით ასრულებენ სადემონსტრაციო აქტივობებს, მაგალითად: „საიდუმლო ყუთები“, „დეტექტივები“ , „პალეონტოლოგები“ და სხვა.

 

აქტივობა: „საიდუმლო ყუთები

მიზანი: ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მათი შემოწმება და დაკვირვებაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა

მომზადების ეტაპი: დაგჭირდებათ რამდენიმე გაუმჭვირვალე, მჭიდროდ დალუქული ყუთი. თითოეულ ყუთში მოათავსეთ განსხვავებული საგნები (მაგ: ჩოგბურთის ბურთი, მონეტები, ფანქარი, მაგნიტი). მოსწავლეებს აუხსენით, რომ ყუთის გახსნა აკრძალულია – ისე, როგორც მეცნიერებს არ შეუძლიათ ზოგჯერ „გახსნან“ ატომი.

კვლევის პროცესი: მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს: შენჯღრევას (ხმის მიხედვით საგნის ამოცნობა), წონის შეფასებასა და მაგნიტს.

მონაცემთა აღრიცხვა: მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ თავიანთი ჰიპოთეზა, დაასაბუთონ მტკიცებულებით და დისკუსიისას შეადარონ თანაკლასელების ვერსიებს.

შეჯამება: მასწავლებელი სვამს კითხვას: „როგორ მიხვდით ამას?“. აქ ხაზი ესმება იმას, რომ მეცნიერული ცოდნა მტკიცებულებებს ეფუძნება.

აქტივობა: „დეტექტივები

მიზანი: მონაცემებზე დაკვირვება, მათი შემოწმება და დასკვნების გამოტანა

პროცესი: მასწავლებელი აჩვენებს ნაკვალევს და ეკითხება: „რას ხედავთ?“. პასუხები ივსება ცხრილში ორ სვეტად: „რაც ვნახეთ“ და „რაც ვიფიქრეთ“.

კვლევა ჯგუფებში: მოსწავლეები ავსებენ ცხრილის სამ სვეტს: დაკვირვება, ინტერპრეტაცია. მტკიცებულება

მაგალითი

დაკვირვება

 

ინტერპრეტაცია მტკიცებულება
ნაკვალევი დიდია ადამიანი მაღალია დიდი ზომის ფეხსაცმელი ხშირად მაღალი ადამიანისაა

 

აქტივობა: „პალეონტოლოგები

მიზანი: მონაცემებზე დაკვირვება, დასკვნების გამოტანა და დაკვირვებასა და ინტერპრეტაციას შორის განსხვავების გააზრება

მონაცემების შეგროვება: მოსწავლეები აკვირდებიან ჩონჩხის ფრაგმენტების ილუსტრაციებს და აღწერენ მხოლოდ იმას, რასაც ხედავენ.

რეკონსტრუქცია: ნამარხების მიხედვით აღადგენენ ცხოველის გარეგნობას, მსჯელობენ კვების რაციონსა და გადაადგილების წესზე.

დისკუსია: მოსწავლეები სწავლობენ, რომ ერთი და იგივე მტკიცებულება შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას ინტერპრეტირებული.

მოსწავლის თვითშეფასების ბარათი: „მე ვარ დეტექტივი – მეცნიერი“

კითხვა საკუთარ თავს კი ვსწავლობ ჯერ არა
დავსვი თუ არა საინტერესო სამეცნიერო კითხვა?      
შევძელი თუ არა დაკვირვებისა და ინტერპრეტაციის ერთმანეთისგან გარჩევა?      
გამოვიყენე თუ არა მტკიცებულებები ჩემი ვარაუდის დასასაბუთებლად?      
ვიმუშავე თუ არა ჯგუფთან ერთად იდეების გასაზიარებლად?      
დავსვი თუ არა მთავარი კითხვა: „როგორ ავხსნი ამას?“      

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მასწავლებლისთვის?

ამგვარი თვითშეფასება პირდაპირ პასუხობს სასწავლო მიზნების განსაზღვრის აუცილებლობას, რადგან:

  • მიზნებზე დაფუძნებული სწავლება ზრდის სწავლის ხარისხს (ეფექტიანობას);
  • ეხმარება მოსწავლეებს უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ საკითხს და არა უბრალოდ ზედაპირულად შეასრულონ დავალება (სიღრმისეული წვდომა);
  • მოსწავლეებისთვის ეს აუცილებელი ნაბიჯია მონაცემების კრიტიკულად შესაფასებლად ( კრიტიკული შეფასება).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის?

ეს აქტივობები მოსწავლეებს აჩვენებს, რომ:

  • მეცნიერება არის შემოქმედებითი პროცესი;
  • ისტორიული პერსპექტივა გვეხმარება სამეცნიერო საზოგადოების მრავალფეროვნების აღქმაში;
  • მტკიცებულებებსა და ახსნებს შორის კავშირის გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Lederman, N. G. (2007). Nature of Science: Past, Present, and Future.
  • McComas, W. F. (2014). Nature of Science in Science Instruction.
  • National Research Council. (2012). A Framework for K-12 Science Education.
  • NGSS Lead States. (2013). Next Generation Science Standards.
  • Osborne, J. (2014). Teaching Scientific Practices.
  • საქართველოს განათლების სამინისტრო (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა.
  • გოგიჩაიშვილი მ. (2019). საბუნებისმეტყველო განათლების თანამედროვე მიდგომები.
  • ბერიძე ნ. (2020). კვლევაზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით საფეხურზე.

სინკვეინი – გზა მოსწავლის გონებისაკენ

0

სინკვეინი როგორც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ტექნიკა ქიმიის გაკვეთილებზე.

„სხვების სწავლებით ჩვენ თვითონ ვსწავლობთ“.

ლუციუს ანეუს სენეკა

ყოველი მასწავლებლის სურვილია, მის გაკვეთილზე არცერთი მოსწავლე არ დარჩეს გულგრილი, მათი არცერთი უნარი არ დარჩეს შეუმჩნეველი, და მაინც, სწავლა ხშირად მოსაწყენ რუტინად იქცევა და არა უსასრულო აღმოჩენებით სავსე პროცესად. როგორ შევუნარჩუნოთ მოსწავლეებს ინტერესი, განურჩევლად თემის სირთულისა? როგორ დავაინტერესოთ და მოვხიბლოთ ისინი? როგორ გავუღვიძოთ თითოეულ მათგანს აზროვნების სურვილი? როგორ დავანახოთ არსი ინფორმაციის მიღმა? სწავლის მიზანი ხომ მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის მიღება კი არა, ანალიზისა და სინთეზის უნარის გამომუშავებაც, აზროვნების უნარის განვითარებაც არის. როგორ მოვახერხოთ, რომ, მაგალითად, ქიმიის გაკვეთილი მხოლოდ ფორმულების დაზეპირების პროცესი კი არ იყოს, არამედ ფიქრი, გაგების სურვილი, მიგნების სიხარული?

სწავლების ეფექტური სტრატეგიების ძიებისას აღმოვაჩინე პედაგოგიურ პრაქტიკაში ნაკლებად გამოყენებული ტექნიკა – სინკვეინი. სინკვეინი ერთგვარი ხუთსტრიქონიანი (ფრანგ. cinquains – ხუთი) ურითმო ლექსია. ჟანრი XX ს. დასაწყისში წარმოიშვა ამერიკაში იაპონური პოეზიის გავლენით. თანდათან სინკვეინის გამოყენება დაიწყეს შემოქმედებითი, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში (სწავლა, მეცნიერება, ბიზნესი და სხვა).

ალბათ, გაიფიქრეთ: რა საერთო აქვს ქიმიას და ხუთსტრიქონიან პოეზიას? როგორ დაგვეხმარება ლიტერატურული ფორმა რთული ქიმიური ცნებების გააზრებაში?

სინკვეინის არსი მარტივია, შინაარსი კი – ღრმა. აქ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ იმას, რას ამბობს მოსწავლე, არამედ იმასაც, როგორ ფიქრობს ის. მოსწავლემ ხუთ სტრიქონში უნდა შეაჯამოს მთელი ინფორმაცია, გააანალიზოს, განაზოგადოს და შეაფასოს საკუთარი სიტყვებით, რაც სწორედ კრიტიკული აზროვნების საფუძველია. სინკვეინი უნივერსალური სასწავლო აქტივობაა და მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საგანში, ნებისმიერი თემის შესწავლისას, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ეს არის ფორმა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, მოკლედ და მოხდენილად გამოხატოს თავისი აზრები და ემოციები.

როგორ ვაქციოთ სინკვეინი ქიმიის გაკვეთილზე აზროვნების ფორმულად, როგორ დავაკავშიროთ მეცნიერება და პოეზია? მიუხედავად მოჩვენებითი სიმარტივისა, სინკვეინის დაწერა არც ისე ადვილია. ამისთვის საჭიროა მასალის საფუძვლიანი ცოდნა, მისი ძირითადი ელემენტების პოვნა-გამოყოფა, დასკვნის გამოტანა, ანალიზი, განზოგადება და შეჯამება.

სინკვეინი დგება შემდეგი სტრუქტურული პრინციპით:

  • I სტრიქონი – ერთი არსებითი სახელი (თემა). დამხმარე კითხვა: ვინ? რა?
  • II სტრიქონი – ორი ზედსართავი სახელი (თემის აღწერა). მოსწავლემ უნდა მოიფიქროს შესასწავლი მოვლენის/ობიექტის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება. დამხმარე კითხვა: როგორი?
  • III სტრიქონი – სამი ზმნა (თემასთან დაკავშირებული მოქმედება). ეს სტრიქონი აღწერს პროცესებს, რომლებიც შესასწავლ მოვლენასთან/ობიექტთან არის დაკავშირებული. დამხმარე კითხვა: რას შვრება ის / რა მოსდის მას?
  • IV სტრიქონი – ოთხსიტყვიანი ფრაზა, რომელიც გამოხატავს დამოკიდებულებას თემის მიმართ (ციტატა, აფორიზმი ან მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად შედგენილი წინადადება). ეს ყველაზე შემოქმედებითი ნაწილია. მოსწავლემ ოთხი სიტყვით უნდა გამოხატოს პირადი დამოკიდებულება მოვლენის/ობიექტის მიმართ ან მოიფიქროს ფრაზა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემს მის არსს. დამხმარე კითხვა: რა არის ამ თემის მთავარი იდეა? რა დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ?
  • V სტრიქონი – ერთი სიტყვა (თემის არსის შეჯამება). ბოლო სიტყვამ უნდა შეაჯამოს და შეკრას მთელი ნამუშევარი. ეს არის თემის არსი.

ამ ტიპის დავალების შესრულებისას მკაცრი წესების დაცვა ყოველთვის არ არის აუცილებელი. შეიძლება, მეოთხე სტრიქონში ოთხზე მეტი ან ნაკლები სიტყვა იყოს, თუ ეს ტექსტის სრულყოფისთვის უცილებელია.

სინკვეინი იდეალურად ჯდება ERR (გამოწვევა, გააზრება, რეფლექსია) მოდელში:

  1. გამოწვევის ფაზაში – წინარე ცოდნის გასააქტიურებლად;
  2. გააზრების ფაზაში – ინფორმაციის ორგანიზებისა და მასალის დახარისხებისთვის;
  3. რეფლექსიის ფაზაში – მასალის შეჯამებისა და საკუთარი ხედვის ფორმულირებისთვის.

გაკვეთილზე  სინკვეინის გამოყენებისას შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს არ ეტყობოდათ დაღლა, ყურადღებით მისმენდნენ და თემაზე იყვნენ კონცენტრირებულები, ხალისობდნენ კიდეც, ჩართულობაც მაღალი იყო, მაგრამ არა თავიდანვე, ამიტომ სწავლების საწყის ეტაპზე სასურველია მუშაობა მთელ კლასთან ერთად ან წყვილებში. დამხმარე „მინიკონსტრუქტორების“ (კითხვები სავარაუდო პასუხებით) გამოყენება მოსწავლეებს უქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ისინი თავად არჩევენ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს, შედეგად კი უკეთ იაზრებენ და იმახსოვრებენ ინფორმაციიას. სინკვეინის მთავარი ძალა მისი სიმარტივე და სტრუქტურაა.

სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიყენოთ სინკვეინის შემდეგი ტიპები:

  1. არასრული სინკვეინის ანალიზი – გამოტოვებული ნაწილის აღსადგენად (მაგალითად, სინკვეინი პირველი სტრიქონის გარეშე);
  2. მზა სინკვეინის გაუმჯობესება/კორექტირება;
  3. გართულებული ვერსია – ორი სინკვეინის შედგენა ერთსა და იმავე თემაზე (მაგალითად, წყალზე: 1. წყალი ატომურ-მოლეკულური მოძღვრების თვალსაზრისით და 2. წყლის ქიმიური თვისებები).

ქიმიის გაკვეთილზე ეს ტექნიკა ხიდს დებს მეცნიერულ ცნებებსა და შემოქმედებით აზროვნებას შორის.

გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების ნიმუშებს:

თემა: პოლიმერები

  1. პოლიმერები
  2. მსუბუქი, გამძლე
  3. იწვის, იშლება, გარდაიქმნება
  4. ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი
  5. მაკრომოლეკულები

(1 სტრიქონი: სინკვეინის თემა – თანამედროვე მასალები/პოლიმერები

II სტრიქონი – ორი ძირითადი თვისება, რომლებიც მის გამოყენებას განსაზღვრავს

III სტრიქონი – ფიზიკურ/ქიმიური პროცესები, რომლებიც დამახასიათებელია პოლიმერებისთვის.

IV სტრიქონი – პოლიმერის მნიშვნელობა

V სტრიქონი – სინონიმი)

 

თემა: ჟანგბადი

  1. ჟანგბადი
  2. მარტივი, აუცილებელი
  3. ჟანგავს, ხელს უწყობს წვას, წარმოქმნის
  4. მის გარეშე სუნთქვა შეუძლებელია
  5. სიცოცხლე

 

ქვემოთ მოცემულია თემა „ქიმია“ ორი განსხვავებული ინტერპრეტაციით:

 

 I მოსწავლე

  1. ქიმია
  2. ფერადი, რთული
  3. ქმნის, ასწავლის, ეხმარება
  4. ჩვენ ვცოცხლობთ ქიმიის სამყაროში
  5. მომავალი

 

II მოსწავლე

  1. ქიმია
  2. შემეცნებითი, აუცილებელი
  3. აერთიანებს, გარდაქმნის, სწავლობს
  4. აღმოჩენების და გარდაქმნების ხელოვნება
  5. გარდასახვა

ეს ნიმუშები ნათლად აჩვენებს, რომ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეები განსხვავებულ აქცენტებს სვამენ: ზოგი პროცესზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგი – მნიშვნელობაზე, ზოგი კი – ემოციურ დამოკიდებულებაზე. სწორედ ეს განსხვავებები გამოკვეთს სინკვეინის როგორც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ტექნიკის საგანმანათლებლო ღირებულებას.

რატომ უნდა გამოვიყენოთ სინკვეინი?

  • ზრდის ინტერესს შესასწავლი მასალის მიმართ.
  • ამდიდრებს ლექსიკას, ავითარებს წარმოსახვით აზროვნებას.
  • ავითარებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას.
  • გამოიყენება დიდი მოცულობის მასალის ანალიზისა და შეჯამებისთვის.
  • სწრაფი ინსტრუმენტია რეფლექსიისთვის.
  • შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს როგორც თამაში ბავშვებთან ერთად, გზაში ან მეგობრების წრეში.
  • გვეხმარება განტვირთვაში, განსაკუთრებით – სტრესულვითარებაში.
  • საუკეთესო ინსტრუმენტია საშინაო დავალებისთვის სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე.

 

საგაკვეთილო პრაქტიკაში სინკვეინის გამოყენებამ დამარწმუნა, რომ სწავლების ეფექტიანობა არ განისაზღვრება მხოლოდ გადაცემული ინფორმაციის მოცულობით. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ამ ინფორმაციის გააზრება, სტრუქტურირება და საკუთარი სიტყვებით ფორმულირება. სინკვეინი სწორედ ამას ემსახურება – ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, მოკლედ გამოხატოს არსი, ერთმანეთს დაუკავშიროს ფაქტი და აზრი, ცოდნა და ემოცია.

ხუთსტრიქონიანი სტრუქტურა არ ზღუდავს მოსწავლეებს, პირიქით, უქმნის უსაფრთხო ჩარჩოს, რომელშიც თითოეული მათგანი ავლენს ინდივიდუალურ ხედვას. ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი განსხვავებული სინკვეინები ნათლად აჩვენებს, რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ერთი და იმავე საგნობრივი მასალის გააზრება. ამ თვალსაზრისით სინკვეინი მთლიანად ეხმიანება შედეგებზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს და ესგ-ით გათვალისწინებულ უნარებს.

სინკვეინი არ არის მხოლოდ შემოქმედებითი დავალება ან ლიტერატურული თამაში. ეს არის აზროვნების ფორმულა, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ზრდის შინაგან მოტივაციას და გარდაქმნის გაკვეთილს აღმოჩენების სივრცედ. თუ მოსწავლეს შევაძლებინებთ საკუთარ ცოდნასთან დიალოგს, ის ერთი პატარა სინკვეინის წყალობით დიდ ნაბიჯს გადადგამს დამოუკიდებელი აზროვნებისკენ. სწორედ ამიტომ მივიჩნევ ამ ტექნიკას არა უბრალო მეთოდად, არამედ მოსწავლის გონებისკენ მიმავალ გზად. ხუთ სტრიქონში მოქცეული არსი ხშირად უფრო მეტს ამბობს მოსწავლის მიერ მასალის გააზრებაზე, ვიდრე მრავალგვერდიანი დაზეპირებული ტექსტი.

„ვუსმენთ და შთავაგონებთ მოსწავლეებს…“

0

„საშუალო დონის მასწავლებელი გიყვება, კარგი მასწავლებელი გიხსნის, ძალიან კარგი – გიდასტურებს, საუკეთესო კი – შთაგაგონებს“ – უილიამ არტურ უორდის ეს ციტატა გამუდმებით მიტრიალებს გულსა და გონებაში. როგორ გავხდე საუკეთესო მასწავლებელი, როგორ შთავაგონო ჩემი მოსწავლეები?

პირადი დაკვირვება მიჩვენებს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეთა შთაგონების საუკეთესო გზაა. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებ იმისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გავხადო შთაგონების სხვადასხვა წყარო.

განსაკუთრებულად საინტერესოა მოსწავლეების ხედვა, როგორ აფასებენ ისინი არაფორმალური განათლების როლს საკუთარ ცხოვრებაში? სწორედ ამ მიზნით, ინტერვიუს ჩასაწერად მოვიწვიე ანა. ანას ყოველთვის შეუძლია სიღრმისეულად ჩაწვდეს ამა თუ იმ საკითხის არსს და იქონიოს საკუთარი, დასაბუთებული შეხედულება.

  1. ანა, როგორ შეაფასებ შენს სასკოლო ცხოვრებას?
  • ვფიქრობ, რომ აქტიური მოსწავლე ვარ გაკვეთილებზე და ასევე, ყოველთვის ვერთვები მასწავლებლს მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში.

 

  1. რომელ აქტივობას გამოარჩევდი?
  • ჩემთვის ბოლო დროის გამორჩეული ღონისძიება იყო შეხვედრა მსოფლიო რეკორდსმენ ერეკლე ბაღაშვილთან. ამ ადამიანის მოსმენამ შემმატა მოტივაცია და დამარწმუნა, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ ძალიან მოინდომებს.
  • ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის „კრეატივის სკოლის“ დამფუძნებელ კოტე იანტბელიძესთან შეხვედრა. აქ კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის და გავიაზრე, რომ არ უნდა შემეშინდეს აზრის გამოთქმა, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს იგი სხვას.

 

  1. როგორ ზემოქმედებს ამგვარი აქტივობები სოციალურ ურთიერთობებზე?
  • სწორედ ამგვარ გარემოში ვახერხებთ თანაკლასელები ერთმანეთის უკეთ გაცნობას. ასევე, მეტად ვუახლოვდებით მასწავლებელს, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთგაგებას).

 

  1. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში?
  • ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების მხარდაჭერა. ოჯახური საუბრები მიჩვენებს სწორ გზას. მშობლების გულშემატკივრობა კი მმატებს მოტივაციას. თათია მას, არასოდეს დამავიწყდება თქვენ მიერ განხორციელებული პროექტი, სკოლაში რომ მშობლები მოდიოდნენ და საკუთარი პროფესიების შესახებ გვესაუბრებოდნენ. მაშინ მამა მოვიდა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვიყავი იმ დღეს…

 

  1. შენი რჩევა უფროსებისადმი – მასწავლებლებისა და მშობლებისადმი
  • მე ვიცი, რომ ასაკობრივი სხვაობა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ჩვენს თაობას უფროსი თაობისგან განსხვავებული აზრები და მისწრაფებები აქვს. ვფიქრობ, რომ უფროსებმა მეტად უნდა მოგვისმინონ და მეტად გაგვიგონ. ჩვენ საუბარი, მსჯელობა და სწორი გზის ჩვენება გვჭირდება. დასჯითა და აკრძალვებით კი ეს ვერ მოხერხდება.

 

  1. შეაფასე შენი თაობა
  • ჩვენს თაობას ბევრი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, მაგრამ გვაკლია შრომისმოყვარეობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენს ნიჭს სწორად და ბოლომდე არ ვიყენებთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

 

  1. ნა, აქტიური მოსწავლე ხარ. აქტიურად მონაწილეობ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. რა გაძლევს ამის მოტივაციას?
  • ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერა მაძლიერებს. ასევე, ვიცი, რომ ამ გზით ვიღებ ცოდნას და ვიძენ უნარებს, რომელთაც გამოვიყენებ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფორმალურ მხარესაც აღვნიშნავ, ჩემი რეზიუმე ამ გზით მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.

 

  1. ანა, არ გიხსენებია განმსაზღვრელი შეფასება (ნიშანი). ეს შენთვის უმნიშვნელოა?
  • სწავლის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნა, რასაც, თავისთავად მოჰყვება ჯილდო (ნიშნები, ლეპტოპი, მედალი). ეს ყველაფერი აგვირგვინებს ჩემს შრომას, მაგრამ ჩემი თავდაპირველი მოტივაცია ნიშნები არ არის.
  1. დაუტოვე რჩევა შენს თანატოლებს...
  • მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები;
  • ჩაერთონ არაფორმალური განათლების ფარგლებში შემოთავაზებულ აქტივობებში;
  • იკითხონ წიგნები (მათი საშუალებით მიეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას).

ინტერვიუს ჩაწერის პროცესი მოტივაციის მომცემი და შთამაგონებელი აღმოჩნდა ჩემთვისაც. ჩემი მოსწავლის პასუხებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნდა, რომ არაფორმალური განათლებისთვის გაღებული ძალისხმევა არასოდესაა ფუჭი.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2026 წლის პირველი ნომერი გამოიცა

0

ჟურნალ „მასწავლებლის“ ახალი ნომერი კიდევ ერთხელ შეახსენებს ჩვენს მკითხველებს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას და  იმ სირთულეებს, რომელსაც ისინი  ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. შეახსენებს მათ, რომ მასწავლებლის პროფესიის მრავალმხრივობა და პასუხისმგებლობა, რომელიც  აკისრიათ, მუდმივ პროფესიულ განვითარებას მოითხოვს. შეახსენებს მკითხველებს, რომ მასწავლებლის პროფესია მხოლოდ  ვალდებულებები არ არის, მათ შრომას    აღიარება და დაფასება სჭირდება.

ამ ნომერზე მუშაობის პროცესში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად რთულ, მრავალფეროვან და ხშირად დაუფასებელ შრომას ეწევა თანამედროვე მასწავლებელი. თითოეული სტატიის უკან დგას რეალური საკლასო გამოცდილება, ცოცხალი მაგალითები და პროფესიული გულწრფელობა.

თანამედროვე სამყაროში მასწავლებელი თავადაც მუდმივი მოსწავლეა. ტექნოლოგიების, AI-ს (ხელოვნური ინტელექტის) და ახალი მეთოდოლოგიების ეპოქაში ფორმულებზე და თარიღებზე მნიშვნელოვანი ხანდახან ის გარემოა, რომელსაც მასწავლებელი კლასში ქმნის  ნდობის, უსაფრთხოების და შთაგონების სივრცეს.

ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენთვის არ ნიშნავს მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვას. ეს არის ღირებულებითი ცვლილება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს, ეთიკურ პასუხისმგებლობას და მუდმივ რეფლექსიას. რას ვაძლიერებთ ტექნოლოგიით და რა შეიძლება დავაკლოთ ადამიანურ ურთიერთობებს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ 2026 წლის პირველი ნომერი, ერთგვარი გზამკვლევია იმ ახალ რეალობაში, რომელშიც დღეს განათლების სისტემა იმყოფება. ამ გამოცემის ძირითადი თემა „ციფრული ტრანსფორმაციაა განათლებაში“ – საკითხი, რომელიც უკვე აღარ არის მომავლის პერსპექტივა, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში მასწავლებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცოდნის გადაცემა. დღეს ჩვენი მისიაა ფიქრის კულტურის დაცვა. ტექნოლოგიას შეუძლია სწრაფად მოგვცეს პასუხები, მაგრამ კითხვების დასმას, ეჭვის შეტანას და პასუხისმგებლობით მიდგომას კვლავ ადამიანი ასწავლის ადამიანს.

ამ ნომერში წაიკითხავთ, თუ რატომ არის მასწავლებელი შეუცვლელი „ალგორითმებს მიღმა“ და როგორ უნდა ვიპოვოთ ის საზღვარი, სადაც იწყება ნამდვილი ურთიერთობა, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს AI-ის სწორად გამოყენება ისე, რომ მან არ ჩაანაცვლოს მათი აზროვნება და პატივი სცენ სხვის შრომას.

ნახავთ კონკრეტულ მაგალითებს,  როგორ შეიძლება AI-ს გამოყენება, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე, ცოდნის ტრანსფერისა და რეალურ კონტექსტში მისადაგებისთვის.

ჟურნალის ამ ნომერში ვსაუბრობთ იმაზეც, რომ განათლება მხოლოდ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვაქციოთ სამზარეულო მოლეკულურ ლაბორატორიად, როგორ ვიპოვოთ გზა მოსწავლის გულამდე და როგორ არ დავრჩეთ მარტო იმ პროფესიული სირთულეების წინაშე, რომლებსაც ყოველდღიურობა გვიმზადებს. შევეხებით ადრეულ ასაკში ინკლუზიის მნიშვნელობას, რადგან „ჩვენ ყველა ‘ჩვენ’ ვართ“ – ეს არის ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი.  მიმოვიხილავთ მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალ სქემას და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მასწავლებელი დგას.

და  მიუხედავად სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა, ამ პროგრესის ცენტრში მთავარი მაინც ადამიანია – თავისი ემოციებით, ეთიკური პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი ენერგიით.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეიშვილი,  ნათია ორმოცაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: ნინო ბეგლარაშვილი, მაია ფირჩხაძე, ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, მაია გამეზარდაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი,
თინათინ ზარდიაშვილი, მარიამ გოდუაძე, მაკა სახურია, თამარ მურუსიძე,
გიტა თვალაბეიშვილი, ნათია ნაფეტვარიძე, შორენა ტყეშელაშვილი, ნათია უჩავა, სოფიო ლორთქიფანიძე, ლელა კოტორაშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...