შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

როგორ შეცვლიან სწავლის მოდელს ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული ბავშვები?

0

ისე მოხდა, რომ შარშანაც და წელსაც ზაფხულის რამდენიმე დღე მოზარდებისთვის განკუთვნილ ბანაკში, ლიდერისა და სპიკერის როლში გავატარე. პროგრამა ორივე წელს ერთნაირი იყო, განსხვავება კი უზარმაზარი – მარტივი დავალებები, რომლის გასაკეთებლადაც წინა წელს ბავშვებს ნერვიულობა, აზრთა-გაცვლა-გამოცვლა, დროის კონტროლი, როლების განაწილება და ზოგჯერ უფროსების ჩართულობაც სჭირდებოდა, ახლა წამებში სრულდებოდა. დავწეროთ ჰიმნი ბანაკისთვის – რა პრობლემაა; შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც ჩვენს თემში ცვლილებებს გამოიწვევს – ახლავე. ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტებით აღჭურვილები ვხუმრობდით, რომ იმასაც კი CHATGPT-ს ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს ახლა ან რა იყო პრობლემა, რომლის გადაჭრაც ყველაზე მეტად უჭირდათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები იმის ასახსნელადაც გამოვიყენე, როგორ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უნარების განსავითარებლად და არა საკუთარი თავის ჩამნაცვლებლად; ვილაპარაკე, როგორი მარტივია გაწაფული თვალისთვის ჩეტბოტის სინტაქსის ამოცნობა და რა უხერხული, როცა, მაგალითად, რაიმე პროგრამაში მონაწილეობაზე უარს მხოლოდ იმიტომ მიიღებ, რომ შენს მაგივრად ხელოვნურ ინტელექტს დააწერინე სამოტივაციო წერილი თუ რაიმე სხვა ტექსტი, მაინც გამომყვა ფიქრი იმაზე, როგორ შეცვლის როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სწავლის ამ დრომდე ჩვენთვის ნაცნობ მოდელს ხელოვნური ინტელექტი. ამ საფიქრალის ნაწილია ტექნოლოგიებთან არამეგობრულ ურთიერთობაში მყოფი მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც შეიძლება ვერ მიხვდნენ AI-ის კონცენტრაციის დონეს მათი მოსწავლეების ცხოვრებაში და გაუჭირდეთ პრობლემის დროულად და სრულად იდენტიფიცირება. ცხოვრება ასეთია, ახალგაზრდები ყოველთვის უფრო სხარტები და მოხერხებულები არიან, ვიდრე უფროსები, რომლებიც მათ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ქმნიან სისტემებს, რომელთაგან თავის დაძვრენა არც თუ იშვიათად იქცევა ხოლმე ბავშვების მთავარ ამოცანად.

 

პანდემიამაც აჩვენა და ხელოვნური ინტელექტის აღზევებაც მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და სასწავლო პროცესის ამის მიხედვით დაგეგმვა – ერთ ყალიბზე მოჭრილი სასწავლო გეგმები უმეტესობისთვის მოსაწყენი და არაფრისმთქმელია. ბავშვებმა ადრეული ასაკიდან ისწავლეს ინტერნეტში მათთვის საინტერესო კონტენტის პოვნა და უინტერესოს გამოხშირვა. და როცა სკოლა მათ ამ არჩევანს არ აძლევს, ის უბრალოდ ითიშება, ვეღარც იმას მიჰყვება, რაც აინტერესებს და არც იმის გამოტოვება შეუძლია, რაც ნაკლებად იზიდავს. არჩევანი, რომელიც ეკრანებთან უზრუნველყოფილია, სკოლამაც უნდა უზრუნველყოს – სხვა შემთხვევაში ის გადაიქცევა ადგილად, სადაც ბავშვები უბრალოდ საათებს და წლებს დაითვლიან ხან გაკვეთილის, ხან სკოლის დამთავრებამდე, ცოდნას კი სხვადასხვა „პარტიზანული გზით“ მაინც დამოუკიდებლად მიიღებენ.

 

ასევე გამოსაკვეთია, რას ვგულისხმობთ, როცა ცოდნის გადაცემაზე ვლაპარაკობთ – ეს არის კონკრეტული ინფორმაციის გადაცემა ბავშვებისთვის თუ უნარების გადაცემა, ადაპტირების ჩვევების გამომუშავება, დიდ ინფორმაციულ ნაკადებში გზის გაკვლევის ხრიკების სწავლება, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრაქტიკების დაუფლება, მიმდინარე პროცესების ფრთხილად და კრიტიკულად მეთვალყურეობა, უწყვეტი განათლების პრინციპების გათავისება ადრეული ასაკიდანვე თუ გადარჩენისთვის საჭირო ჩვევებით მათი აღჭურვა. ყველა ის ცოდნა, რომელიც დღევანდელი ბავშვების მშობლებსა და მასწავლებლებს სავალდებულოდ უნდა მიგვეღო სკოლაში და არცთუ იშვიათად, საზეპიროდაც, დღეს წამში მოძიებადია – მაგრამ რამდენმა იცის ამ ცოდნის გამოყენება. როგორ ვასწავლით აურაცხელ ინფორმაციასთან მუშაობას ბავშვებს? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მოსაძებნია.

 

ალბათ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ იმ წვრილმანი საქმეების უმეტესობა, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ არცთუ ისე მიმზიდველი ანაზღაურებისთვის, მომდევნო წლებში ავტომატიზებული გახდება და მათ რობოტები უფრო აკურატულად და, სავარაუდოდ, იაფადაც გააკეთებენ – ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო ჭკვიანი უნდა იყოს, რომ შეძლოს არა წვრილმანი სამუშაოების შესრულებით ირჩინოს თავი, არამედ თავად იყოს კონკურენტუნარიანი და საინტერესო ციფრული წიგნიერებისა და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან მუშაობის თვალსაზრისით. იმის სწავლა, როგორ ვისწავლოთ, გადარჩენისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი გახდება, უწყვეტი განათლების პრინციპი კი ცხოვრების წესი, თუ გვინდა მუდმივად ცვალებად სამყაროს საინტერესო და მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილი ცხოვრება გამოვტყუოთ.

 

უფრო მეტად დაფასდება შემოქმედებითი უნარები და პრობლემების მოგვარების არაორდინარული გზები – ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ისწავლოს ის გამოცდილებები, რომლებიც უკვე აქვს კაცობრიობას, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ მან, მაგალითად, თანაგრძნობით გამსჭვალულმა რამე ისეთი მოიფიქროს, რაც ინოვატორ, მამაც და გამბედავ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ბავშვებს ალბათ ესეც უნდა ვასწავლოთ, დრო არ დაკარგონ იმის კეთებაში, რასაც რობოტები მათზე უკეთ და სწრაფად გააკეთებენ, მაგრამ მეტად განივითარონ ის მხარეები, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს.

 

სკოლები ალბათ უფრო ნაკლებად უნდა იყოს სწავლების და მეტად სოციალური უნარების განვითარების ადგილი – უკვე დღეს არაერთი მოსწავლე ახასიათებს სასწავლო პროცესს, როგორც მოსაწყენსა და სტრესულს. სკოლა უნდა იქცეს ექსპერიმენტების, განვითარებისა და ცვლილებების ადგილად. ეს უნდა იყოს სივრცე თანასწორობისთვის, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი ინტერესების განვითარება, გარიყულობის დაძლევა და ემოციური და ფიზიკური განვითარება.

 

დაბოლოს ალბათ ზრდასრულებიც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რა შეუძლიათ მათ ასწავლონ ისეთი ბავშვებს, რასაც ჩეტბოტები ვერ ასწავლიან; რა არის ის უნიკალური გამოცდილება, რის გადაცემაც მათ შეუძლიათ მოზარდებისთვის მომავალში გზის გასაკვლევად. რა არის მათ საქმიანობაში შეუცვლელი და ღირებული?

 

მასწავლებლის დღე

0

“ დღეს ვედური კალენდრის მიხედვით, მასწავლებლისთვის მადლიერების გამოხატვის დღეა. არ ვიცი სიღრმისეულად რა რატომ, მაგრამ დღეს მთვარეს რომ შევხედე მივხვდი..  ისე ახლოა, ისეთი სავსე,  თან სითბოა, სიმწვანეა , როცა უყურებ გრძნობ როგორ იწმინდება ჟანგი შენი სულიდან და შენც მთვარე გგონია თავი და შეგიძლია უკუნი ღამის გაჭრა.

ამ სამყაროში შეიძლება ყველა და ყველაფერი იქცეს მეგზურად და მოძღვრად. ბაბუაწვერას ვუყურებდი, რა შეიძლება ვისწავლო მისგან? ის ხან ლამაზი ქალივით ოქროსფრად ელვარებს მწვანე მინდორში, ხან ბებერივით აქვს აჩეჩილი თავი წამოყოფილი.  შემდეგ კარგავს ამ აჩეჩილ თავს, ფანტავს, ნამცეცებად აბნევს. ისევ თავიდან ინთება მაგრამ სხვაგან,  იქიდან სადაც ქარი, მწერი და ჩიტი წაიღებს მის თესლს.

ეს ყველაფერი დაგეგმილია და თან არ არის დაგეგმილი. ალბათ ასეა ჩვენი ცხოვრებაც, სულ ვერ იბრჭყვიალებ ყვითლად, სულ ვერ გაიფანტები და ვერ დაიბადები თავიდან. მაგრამ ცოცხალი ხარ, გრძნობ, იღებ წვიმებს, გვალვებს, ხანდახან მძიმე ნაბიჯებსაც, რომელებიც გსრესენ ან სხვა არსებების უხეშ ხელებს რომლებიც მანამდე გგლეჯენ სანამ გაიფანტები და ისევ გაცოცხლდები.

მოკლედ შენც ბაბუაწვერა ხარ, ისევე როგორც მთვარე, ისევე როგორც მდინარე, ისევე როგორც მელია.

სანამ ამ ყველაფერს დავინახავდი, მანამდე ვიყავი მე, დიდი მე და ვფარავდი ყველაფერს დიდი ზურგით, ვერაფერს ვხედავდი ჩემს ზურგს იქით. შემდეგ მოხვედი შენ და დავპატარავდი, ნამცეცებად გადავიქეცი. არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩემი თავი დავკარგე, გავიფანტე, ღმერთო შენ კიდევ ჩემგან ყვითელი ყვავილი გააჩინე, ახალი ძალებით.

როცა პატარა ვიყავი, ალბათ ცხრა ან ათი წლის ან შეიძლება უფრო პატარაც. დავსხამდი ჩემს და-ძმას, აივანზე ჩამწკრივებულ სკამებზე, სკოლიდან წამოღებული ცარცით ასო-ბგერებს, რიცხვებს ვუწერდი და მათაც ვაწერინებდი.  ბაბუას ჰქონდა, სასკოლო ჟურნალის მსგავსი, რეცეპტის დიდი რვეული, ამ რვეულში ვწერდი ლამაზი კალიგრაფიით  სიას და მთელი არსებით მასწავლებლად ვგრძნობდი თავს. თუ ჩემებს მობეზრდებოდათ და გაიქცეოდნენ, მარტოც შემეძლო, ჩემივე გამოგონილ მოსწავლეებთან.

კიდევ მახსოვს რომ ხატვა მინდოდა, რასაც ვხედავდი ყველაფერი მინდოდა დამეხატა, ვხატავდი კიდეც,  მაგრამ როგორი იქნებოდა ჩემი ნახატები, როცა მხატვრობაზე და ხელოვნებაზე არსად არაფერი მესმოდა, არც სახლში, არც სკოლაში, სადაც ხელოვნების გაკვეთილებს არც ატარებდნენ, მასწავლებელიც ყველაფერზე ლაპარაკობდა გარდა ხელოვნებისა

როგორ მივადექი სკოლას, როცა ამაზე ვფიქრობ, პასუხი არ მაქვს. აბა სად უნდა წავსულიყავი,  მე ბავშვებისგან თავიდან ვისწავლე ბავშვობა. მე მათ ადამიანად მაქციეს და მათთან ვალში ვარ

დაუნდობელი წყალი, ჩიტს ბუდეს წაართმევს.  ჩიტი დაბრუნებას სთხოვს, თუმცა ამაოა მისი თხოვნა, წყალი გულქვაა. სუსტი, უმწეო ჩიტი გაბრაზდება და დაიწყებს,  ნისკარტით წყლის გადაღვრას რომ ბუდესა და ბარტყებს უშველოს. ზოგს ყლაპავს, ზოგს აქცევს, შემდეგ დაინახავენ სხვა ჩიტებიც და ისინიც იგივეს იწყებენ, წყალს მათთვისაც აქვს ბუდე წართმეული. ჩიტი იმარჯვებს, წყალს აშრობს, თავის ბუდეს ფსკერზე პოულობს და სხვა ჩიტებსაც აპოვნინებს.

აი, ეგ მასწავლებელი  ჩიტი მინდა ვიყო მე..“

ნაწყვეტები ახალი მოთხრობიდან

0

მე მის დასაფლავებაზე საფლავზე არ გამიშვეს, მითხრეს რომ არ შეიძლება მკვდრის ცრემლებით გაცილება, რომ მას ფეხები დაებმება სამოთხისკენ მიმავალ გზაზე… ყველა რელიგიას თავისი მახინჯი სისასტიკეები აქვს.

ბებო ლამაზი ქალი იყო, ძალიან პატარა დაობლდა და დედის ძმებთან იზრდებოდა. რადგან მამამისის სიკვდილის შემდეგ, დედამისი თავისივე მაზლს  დაუტოვეს ცოლად და ამ კაცს კი ძმისშვილის დანახვა არ უნდოდა. ბებიაჩემი როცა წამოიზარდა მაშინ დაბრუნდა დედასთან. ის ცუდს არავისზე ამბობდა, მაგრამ მე მგონია რომ  ძალიან ეტკინა გული, მგონია მთელი ბავშვობა ტიროდა.

გრძელ ნაწნავებიანს, დიდი თაფლისფერი თვალები, თხელი ცხვირი და გრძელი ლამაზი ტითები ჰქონდა.

მას უნდოდა მასწავლებელი ყოფილიყო, მაგრამ მას რა უნდოდა საერთოდ არ ეკითხებოდნენ მთებში. დანიშნეს ბაბუაჩემზე რომელიც მასწავლებელი იყო და მასზე ბევრად უფროსი.  მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, როგორც ყველა მისნაირ ქალს იქ. დარდობდა კია, უცნობ კაცს უნდა შეჰგუებოდა..

ერთ შუაღამეს კი როცა  ბებიაჩემი, თავის პატარა ნახევარ ძმასთან ერთად საწოლში იწვა, თორმეტი შეზარხოშებული და შეიარაღებული კაცი შეუვარდა. იმ კაცებიდან ერთ-ერთს ბებიაჩემი უყვარდა, მაშინ ასე ერქვა სიყვარულს. ბებიაჩემს არასოდეს უხსენებია მისი სახელი, ისე კი ხალხისგან გამიგია რომ მასაც უყვარდა და ამიტომ გაბედა ეს ის იმ კაცმა..მაგრამ რაში დასჭირდა იმ კაცს ასეთი უხეში ძალა, ანდა ბებიაჩემს როგორ შეიძლებოდა ჰყვარებოდა ასეთი უხეში კაცი.

კაცებმა ქალი საბანში გადაახვიეს, თან დანა მიადეს ყელზე რომარ ეკივლა. ხელიდან გაუვარდათ კიდეც. მთებში გადაკარგეს, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ტვინის შერყევა, ქვის კიბეზე თავის დარტყმისგან.

ერთ-ერთი გამტაცებლის ცოლმა გათქვა, სადაც ჰყვადათ მოტაცებული ქალი გადამალული. საქმრო და პოლიცია მოვიდნენ და წამოიყვანეს, გინდაკარგული. როცა გონს მოვიდე თორმეტივე ციხეში იყო წასული.

მალე ბაბუამ შეირთო ცოლად, ის თორმეტი ოჯახი კი დღემდე არ გვესალმებიან ჩვენც. ისინი ფიქრობენ რომ ბებიამ მისცა იმ კაცს საბაბი.  რამდენიმე კი მოსულა და ბებიაჩემისთვის პატიება უთხოვია. მისი ქმრობის მოსურნე კი ციხეში გარდაიცვალა.

როცა წლების შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა, ამბობდა რომ ისჯებოდა იმის გამო, რომ არ აპატია მოძალადეს, რომ ამის გამო იწვა ისიც ლოგინში, როგორც თავის წილ ციხეში.

ის დიდხანს იწვა საწოლში,  წამოსვამდნენ და სივრცეს გაჰუყურებდა, ფიქრობდა. როცა მასთან მივიდოდით მშვიდად გვიღიმოდა, გვიხუტებდა, იჯდა და დუმდა. ბოლოს ყველაფერი დაავიწყდა გარდა იმისა რომ ოცნებობდა მამა ჰყოლოდა, რომ ვერაფრით დაუძახა ბიძას მამა, რომ სამი შვილი გაუჩინა ქმარს და მასწავლებლობაზე ოცნებობდა. ღამით არავის აძინებდა, თავის ოთახში რადგან ღამე ეშინოდა და ყვიროდა, ბალიშებს ისროდა.

ერთხელ მითხრამ, ჩემი ოთხი წლის ძმა შემიშინეს, როცა შემოცვივდნენ, ერთ ხელში ჩემი ჩუსტი ეჭირა და შველას ითხოვდაო.

ბებო ძალიან ჰგავდა, მტვერში და ხმაურში ამოსულ ყვავილს, რომელსაც ზედ გადაუარეს,  გადატეხეს, თავი ცუდ ადამიანად აგრძნობინეს.

მან ეს ყველაფერი, ჩუმად, უხმოდ გადაიტანა და ჩუმად უხმოდ წავიდა,. ახლა მის გულზე მწვანე ბალახი ბიბინებს, წიფლების ჩრდილია და გაზაფხულობით ფუტკრების ზუზუნი ისმის.

როგორ გადმოვწეროთ YouTube ვიდეო Y2mate-ის გამოყენებით

0

სასწავლო პროცესში ვიდეომასალის  გამოყენება საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ინტერნეტთან წვდომა შეუძლებელია.

ამ დროს შეგვიძლია, ვისარგებლოთ პოპულარული, უფასო, YouTube ვიდეოების ჩამოსატვირთი პროგრამით  Y2mate, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად და უსაფრთხოდ ჩამოტვირთონ ვიდეოები მაღალი ხარისხით YouTube-დან, Facebook-დან, TikTok-დან, Instagram-დან, Dailymotion-დან, Youku-დან და ა.შ.

Y2mate-ს აქვს მიმზიდველი და მარტივი ინტერფეისი, რომელიც აადვილებს YouTube-დან ვიდეოების ჩამოტვირთვის პროცესს. ჩამოტვირთვის დასაწყებად უბრალოდ ,,დააკოპირეთ’’ და ჩასვით YouTube ვიდეოს URL შესაბამის ველში.

ვიდეოების ან აუდიო ფაილების ჩამოსატვირთად არ არის საჭირო ანგარიშის შექმნა ან Y2mate-ზე დარეგისტრირება.

ბმულის  https://v5.www-y2mate.com/ დახმარებით შევდივართ პროგრამაში.

საძიებო ველში ვსვამთ  ვიდეოს ბმულს, რომლის  ჩამოტვირთვაც გვსურს.

მაგ:,,მზის სისტემა, პლანეტები ბავშვებისთვის’’ https://www.youtube.com/watch?v=nt5CXNZZT_I

ვაჭერთ ღილაკს start

შემდეგ Video-ს და  ბოლოს Downloadს.

 თითქმის ერთ წუთში ვიდეო მზად არის.

Y2meta შეუფერხებლად მუშაობს ყველა ბრაუზერსა და მოწყობილობაზე, როგორიცაა კომპიუტერი, მობილური, პლანშეტი და სხვა.

მისი საშუალებით შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობის ვიდეო და აუდიო ფაილების ჩამოტვირთვა

Y2mate არის საიმედო, მოსახერხებელი და სრულიად უფასო ონლაინ YouTube Downloader ინსტრუმენტი, რომელიც აადვილებს YouTube ვიდეოების MP3 და MP4 ფორმატებში კონვერტაციას და ჩამოტვირთვას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://v5.www-y2mate.com/

 

 

 

მე-5 სურათის აღწერა (მე-15 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

,,მეხუთე სურათის აღწერით” ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7, მე-11 და მე-14 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას ამახვილებს ქართული ანბანის მომდევნო ხუთ ბგერაზე:

ს, ტ, უ, ფ, ქ

განსახილველ სასწავლო მონაკვეთშიც გამოყენებული იქნება ე. წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ილუსტრაციები. ამჯერად ოთხი ილუსტრაციის დახატვა ვთხოვე ციფრულ დამხმარეს და ერთგვარი სიუჟეტური ბარათები მივიღე. ოთხ სურათთაგან ყურადღებას გავამახვილებთ მეოთხეზე, თუმცა მთლიანი სიუჟეტის დამუშავებაც სასარგებლო იქნება პირველკლასელებისთვის წინასაანბანო პერიოდში. ისინი ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად გაიწაფებიან ამბის თხრობასა და მოვლენათა თანმიმდევრულად გადმოცემაში. აქვე წარმოდგენილია მოკლე ამბავიც:

თუკი ჩვენს ილუსტრაციებს წინა წერილებში გამოყენებული რუბრიკის მიხედვით შევაფასებთ, დავრწმუნდებით, რომ ნამუშევარი:

  • შეესაბამება პირველკლასელთა ინტერესებს, თემატიკას.
  • ადვილად ,,იკითხება”, მკაფიოა მასზე ასახული სიტუაცია.
  • იძლევა ინტერაქციის საშუალებას.
  • ასახულია ისეთი საგნები, რომლებიც გამოგვადგება ფონოლოგიური და ფონეტიკური უნარების განვითარებისთვის.

ამ სასწავლო მონაკვეთის (დაახლოებით ერთკვირიანი პერიოდი ანუ სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეექვსე კვირა.) სამიზნე აქცენტებია:

  • ზეპირმეტყველების განვითარება, თხრობისა და ამბის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის გამომუშავება,
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
  • ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი და მეორე ბგერის ამოცნობა, ბგერების გამთლიანება, ხმოვანთა იდენტიფიცირება) გამომუშავება,
  • ფონეტიკური კომპეტენციის განმტკიცება ,,ნ”, ,,ო”, ,,პ”, ,,ჟ”, ,,რ” ბგერებზე კონცენტრირებით,
  • წინადადებებზე დაკვირვება და მათში სიტყვების გამოყოფა,
  • კითხვისა (მთლიანი სიტყვების ცნობა) და წერის (წვრილი, ნატიფი მოტორიკის გამომუშავება) საწყისი უნარების ჩამოყალიბება.

თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ წინა ოთხი ილუსტრაციის მიხედვით წარმოდგენილ აქცენტებს დამატებულია ორი:

  • თხრობისა და ამბის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის გამომუშავება
  • სიტყვაში მეორე ბგერის ამოცნობა

აქვე წინასწარ აღვნიშნოთ, რომ აგრეთვე გართულებულია ბგერებით მარცვლების შექმნის მანიპულაციებიც.

ამ წერილში ყურადღებას არ გავამახვილებთ ამბის თხრობასა და მოვლენათა თანმიმდევრულად გადმოცემაზე, ამ საკითხებს ცალკე წერილში შევეხებით. თუმცა აღსანიშნავია ერთიც: წინა წერილებში წარმოდგენილი სასწავლო მონაკვეთებიც ინტეგრირებული იქნება, ფონოლოგიური უნარების გარდა, სხვა საკითხებთან.

წინამდებარე წერილშიც ჩვენი სასწავლო მონაკვეთი წარმოდგენილია სურათებისა და მათი შესაბამისი აქტივობების აღწერით. აქტივობების აღწერა თან ერთვის შესაბამის ფოტოს. აქტივობათა ლოგიკური თანმიმდევრობა მიუყვება წინა წერილებში გააქტიურებული ბგერების (ა, ბ, გ; დ, ე, ვ, ზ; თ, ი, კ, ლ, მ და ნ, ო, პ, ჟ, რ) მიხედვით შექმნილ სასწავლო მონაკვეთებს.

 

სურათებისა და აქტივობების ნიმუშები

I ფოტო

როგორც ვნახეთ, ვმუშაობთ ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ სიუჟეტური ბარათების ბოლო ილუსტრაციის მიხედვით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ,,ვახშამი ბებიასთან და ბაბუასთან”. ილუსტრაციის წარდგენისას მასზე ინტერაქცია შეიძლება წარიმართოს ისე, როგორც აღწერილი გვაქვს წინა წერილებში. მთავარია, ეს პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდეს და მოიცავდეს თამაშისა და შეჯიბრობითობის ელემენტებსაც.

ჩამოვწეროთ შეკითხვების ვერსიები:

  • ვინ არიან ილუსტრაციაზე?
  • სად არიან ისინი? როგორ ხასიათზე არიან? რატომ?
  • რას აკეთებენ ბებია და ბაბუა? ბიჭი და გოგო?
  • რა ალაგია სუფრაზე?
  • წელიწადის რა დროა? როგორ ვხვდებით?

მნიშვნელოვანია, ილუსტრაციის პირველივე წარდგენისას გამოვკვეთოთ აქ შერჩეული საგნები და მათი დასახელებისას ხაზგასმით დავმარცვლოთ პირველ ფოტოზე ცალკე გამოყოფილი თითოეული სიტყვა და დამარცვლითვე გავამეორებინოთ მოსწავლეებსაც. სიტყვების დამარცვლა უკვე ათვისებული კომპეტენციაა და ამაზე ამ მონაკვეთში დიდი დროც არ დაიხარჯება.

(კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ამ და სხვა აქტივობების დაწვრილებით აღწერები აქ არაა წარმოდგენილი და მხოლოდ იდეებია მოწოდებული. ცხადია, ეს იდეები სხვადასხვაგვარად შეიძლება გაიშალოს სხვადასხვა საკლასო ოთახში. ცხადია, უფრო მეტი ყურადღება და დრო დასჭირდებათ იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ქართული არაა მშობლიური ენა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამიზნე ბგერათაგან უმეტესობის —  ტ, ფ, ქ — ზუსტად აღქმა და წარმოთქმა უჭირთ ხოლმე ენის შემსწავლელებს და ერევათ მსგავსი ჟღერადობის ბგერებში — ,,ტ” ერევათ ,,დ”-სა და ,,თ”-ში, ,,ფ” ერევათ ,,ბ”-სა და ,,პ”-ში, ,,ქ” ერევათ ,,გ”-სა და ,,კ”-ში.)

 

II და III ფოტოები

მეორე ფოტოზე უკვე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული საგნებია.

როგორც წინა მონაკვეთების განხილვისას, ამ დროსაც უკვე მიზანმიმართულად გადავანაწილებთ ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვების სურათებს წინასწარ მომზადებულ სქემაში —  დავყოფთ სიტყვებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.

რადგან ასეთ აქტივობაში ბავშვები უკვე ნავარჯიშები არიან, მათი როლი შედარებით აქტიური იქნება. კარგი იქნება, თუკი ჯგუფებშიც დავურიგებთ სქემებსა და სურათებს და ვთხოვთ დავალების შესრულებას და შემდეგ ნამუშევრების პრეზენტაციას.

 

აქ სურათების ,,დაჭრილი” ვერსიაა შემოთავაზებული, რაც მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის საჭირო აღარ იქნება. თუმცა კარგი იქნება, თუ ,,თვალსაჩინოდ” წარვუდგენთ ხუთმარცვლიანი სიტყვის დამარცვლას — ამიტომ ტელევიზორის სურათი ცალკე წარმოვადგინეთ.

მარცვლებზე ყურადღების კიდევ ერთხელ შეჩერება, ერთი მხრივ, გამეორება-განმტკიცებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, ბგერებზე ვარჯიშისთვისაც ვემზადებით.

IV-VIII ფოტოები

მე-4 ფოტოზე წარმოდგენილ საგნებზე ვარჯიშით ჩვენ სიტყვების ბგერებად დაშლაში ვწაფავთ ბავშვებს. აქ მარცვლები და ბგერები ერთადაა წარმოდგენილი, თუმცა სურათები უკვე ბგერების რაოდენობის მიხედვითაა ,,დაჭრილი”.

ეს სიტყვებია: ტყე, ქვა, უთო, ფისო, ურნა, ქუდი, სახლი, სარკე, ტოლმა, ფარდა, ქვაბი, საათი, ურიკა, ფოთოლი, ქათამი, ქოქოსი, ურდული, სათვალე, ფანჯარა, სიმინდი, ურჩხული. შევაფასოთ ეს სიტყვები სირთულის მიხედვით: შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაა რთული სიტყვები ადვილია მათი ბგერებად დაშლაც და ბგერა-ბგერა ნათქვამი ამ სიტყვების ამოცნობა, გამთლიანება მოსწავლეების მიერ. აქ წარმოდგენილია ორმარცვლიანი სამბგერიანი, ოთხბგერიანი და ხუთბგერიანი სიტყვები, სამმარცვლიანი ხუთბგერიანი, ექსვბგერიანი და შვიდბგერიანი სიტყვები.

ქვემოთ, მეხუთე სურათზე უკვე გამოკვეთილია მარცვლები და ნათლად ჩანს, თუ რამდენი ბგრერაა თითეულ მარცვალში.

ამის შემდეგ ხმოვნების ფოტოა. თითოეულ სიტყვაში გამოვყოფთ სათანადო ხმოვანს. აქვე ვიხსენებთ უკვე კარგად ნაცნობ ხმოვნების სიმბოლურ გამოსახულებებს, რომელთა გამოსახვაც ბავშვებს ხელის თითებითაც შეუძლიათ. კვლავ ვიხსენებთ, რომ:

  • არის მარცხნივ და ოდნავ ზემოთ მიმართული ღია რგოლი;
  • არის მარცხნივ მიმართული ღია რგოლი;
  • არის დაბლა მიმართული ღია რგოლი;
  • არის დაბლა მიმართული ორთავიანი ღია რგოლი;
  • არის მარცხნივ მიმართული ორთავიანი ღია რგოლი.

ხმოვნების გახსენების შემდეგ ყველა სიტყვაში ამოვიცნობთ თითოეულ ხმოვანს, რისთვისაც მე-7 და მე-8 ფოტოებზე გამოსახული რესურსები დაგვეხმარება.

მე-8 ფოტოზეც მსგავსი პრინციპითაა სურათები:

IX-X ფოტოები

მეექვსე ფოტოზე სიტყვები პირველი ბგერის მიხედვითაა შეთავაზებული. რასაკვირველია, ამ სლაიდის/პოსტერის პრეზენტაციისას მასწავლებელი ჯერ თვითონ დამარცვლავს და ბგერებად დაშლის სიტყვებს, შემდეგ იმავეს გააკეთებინებს მოსწავლეებს.

ამ წერილში სიახლე ისიცაა, რომ ბავშვებს ვავარჯიშებთ სიტყვებში მეორე ბგერის იდენტიფიცირებაში. ამისთვის დაგვეხმარება მე-10 ფოტოზე ასახული რესურსი:

  • პირველ რიგში განთავსებულ სიტყვებში (საათი, სახლი, სათვალე, სიმინდი, სამარილე) ზედმეტია ,,სიმინდი”, რადგან მასში მეორე ბგერა არის ,,ი”, ხოლო დანარჩენში — ,,ა”.
  • მეორე რიგის სიტყვებში (ტოლმა, ტელეფონი, ტყე, ტორტი, ტელევიზორი) ზედმეტია ,,ტყე”, რადგან მასში მეორე ბგერა თანხმოვანია, ხოლო დანარჩენში — ხმოვნები.
  • მესამე რიგის სიტყვებში (ურჩხული, ურდული, უთო, ურიკა, ურნა) ზედმეტი არის ,,უთო”, რადგან მასში მეორე ბგერა არის თ”, ხოლო დანარჩენში — ,,რ”.

მეორე ბგერის ამოცნობაში ვარჯიში პირველკლასელებს გაწაფავს ფონოლოგიურ უნარებში. არ ღირს ასეთი ვარჯიშების უგულებელყოფა, რადგან მალე ეს ვარჯიში საგრძნობლად წაადგებათ ბავშვებს დეკოდირებისა (დაწერილის ამოკითხვა) და კოდირების (წერის) პროცესში.

 

XI-XIV ფოტოები

მეთერთმეტე-მეთოთხმეტე ფოტოებზე შემოთავაზებულია ბგერებით მარცვლების შედგენის სავარჯიშოები. ეს და მსგავსი აქტივობები თუკი სახალისო თამაშის ფორმატში წარიმართება, ბავშვები შეუმჩნევლად მოამზადებენ წერა-კითხვის სწავლის საიმედო საყრდენს.

მე-11 ფოტოს მიხედვით შემდეგი მარცვლები უნდა ,,ამოიკითხონ” ბავშვებმა:

  • 1-ელი სვეტი — სა, სე, სი, სო, სუ
  • მე-2 სვეტი — ტა, ტე, ტი, ტო, ტუ
  • მე-3 სვეტი — ფა, ფე, ფი, ფო, ფუ
  • მე-4 სვეტი — ქა, ქე, ქი, ქო, ქუ
  • მე-5 სვეტი — ქუ, ქო, ქი, ქე, ქა

მე-12 სურათზეც იგივე მარცვლები იკითხება, ოღონდ სხვაგვარადაა განლაგებული:

  • 1-ელი სვეტი — სა, ტა, ფა, ქა
  • მე-2 სვეტი — სე, ტე, ფე, ქე
  • მე-3 სვეტი — სი, ტი, ფი, ქი
  • მე-4 სვეტი — სო, ტო, ფო, ქო
  • მე-5 სვეტი — სუ, ტუ, ფუ, ქუ

შემდეგ, მე-13 სურათზე მარცვლების შესადგენად სხვაგვარი სქემაა შემოთავაზებული. ამასთან, მარცვალს უკვე ხმოვანი იწყებს:

აქ შემდეგი მარცვლები უნდა მივიღოთ:

  • 1-ელი გროვა — ას, ატ, აფ, აქ
  • მე-2 გროვა — ეს, ეტ, ეფ, ექ
  • მე-3 გროვა — ის, იტ, იფ, იქ
  • მე-4 გროვა — ოს, ოტ, ოფ, ოქ
  • მე-6 გროვა — უს, უტ, უფ, უქ

შემდეგ, მე-14 ფოტოზე სამბგერიანი მარცვლების შედგენაში უნდა ვივარჯიშოთ:

აი, ის მარცვლებიც:

  • 1-ელი სვეტი — საქ, ტაფ, ქას, ფატ, საფ
  • მე-2 სვეტი — საქ, ტეფ, ქის, ფოტ, სუფ

 

XV ფოტო

მე-15 ფოტოზე კიდევ ერთხელ ვივარჯიშებთ წინადადებაში სიტყვების გამოკვეთაში. პოსტერის ჩვენებისას მასწავლებელი ხმამაღლა იმეორებს წინადადებებს და თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ხელს ადებს შესაბამის სიმბოლო-მართკუთხედს:

  • ბებიას სათვალე უკეთია.
  • ბაბუას ქუდი ახურავს.
  • ფანჯარაზე ყავისფერი ფარდა კიდია.
  • სუფრაზე ალაგია ქოქოსი, ფელამუში, ტოლმა, ფორთოხალი, სიმინდი, ტელეფონი, ტორტი.

XVI-XVII ფოტოები

მე-16 და მე-17 ფოტოებზე ბარათების გადანაწილებით ბგერების შესატყვისი ასოების საჭირო ადგილსაც დაიმახსოვრებენ არაცნობიერად ქართული ანბანის ოთხხაზიან ბადეში.

ამასთან, სიტყვის საწყისი ასოს შესაბამისი ბარათი ისევ ,,თავის ადგილზეა” მოთავსებული ამ ბადეში. კერძოდ, ,,საათი” ზედა ორ ზოლშია, როგორც ,,ს”, ,,ტყე” — ქვედა ორ ზოლში, ,,ქოლგას” სამივე ზოლი უჭირავს და ა. შ.

XVIII-XX ფოტოები

მე-18 ფოტოს მიხედვით, ერთი მხრივ, კვლავ წერის საწყისი უნარების განვითარებაა გათვალისწინებული, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთხელ განმტკიცდება სიტყვებში ბგერების ამოთვლის ახალშეძენილი უნარი. აქ, წინა მონაკვეთებთან შედარებით, კიდევ უფრო გართულებულია ამოცანა და შედარებით მოზრდილი რკალები უნდა მოხაზონ ბავშვებმა სხვადასხვა მიმართულებით, რასაკვირველია, ისევ სიტყვაში ბგერათა რაოდენობის მიხედვით.

 

მეცხრამეტე და მეოცე ფოტოების მიხედვით კი ბგერების რაოდენობის შესაბამისი ფიგურების გაფერადება მოითხოვება, ოღონდ უკვე ხმოვანიც უნდა გამოჰყოს მოსწავლემ სხვა ბგერებისგან და იგი მწვანედ უნდა გააფერადოს. ამასთან, ამ რესურსის დამზადება-გადატანა ბუკშიც კარგი იქნება, სადაც უკვე ფერებს ჩაასხამენ ბავშვები და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაშიც გავარჯიშდებიან.

XXI-XXII ფოტოები

21-ე და 22-ე ფოტოებზე ასახულ აქტივობებსაც შეჩვეული უნდა იყვნენ ჩვენი პირველკლასელები, როდესაც ნახატ-წარწერიან ბარათებს აკავშირებენ შესაბამის წარწერებთან. წინა მონაკვეთებში ამოცანის გადაჭრას ფერებიც უწყობდა ხელს. ასევეა 21-ე ფოტოზეც:

ხოლო 22-ე ფოტოზე უკვე ფერები მოცილებულია, რაც ბავშვებს უბიძგებს, კიდევ უფრო კონცენტრირდნენ მთლიანი სიტყვების ცნობაზე.

XXIII, XIV, XXV და XXVI ფოტოები

 

23-ე ფოტოს მიხედვით წარმოდგენილი დავალება ასევე ნაცნობია ჩვენი მოსწავლეებისთვის — საწყისი ბგერის მიხედვით სურათების გადაჯგუფება სვეტებში. როგორც წინა წერილებში აღვნიშნეთ, შეგვიძლია ისეთი ნახატებიც შევთავაზოთ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ გააქტიურებულა.

 

24-ე ფოტოზე მოცემული დავალების მსგავსიც შევთავაზეთ ბავშვებს წინა წერილებში:

25-ე ფოტოზე ახალი ტიპის დავალებაა, როგორც გვახსოვს, და მეორე ბგერაზე კონცენტრირებას მოითხოვს მისი შესრულება:

26-ე ფოტოზე ნაჩვენებია დავალება, რომლის შესასრულებლადაც მოსწავლეებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ წარწერები. ამის გამოცდილებაც აქვთ უკვე ჩვენს პირველკლასელებს, რაც წინა წერილებში უკვე აღწერილია.

ბოლოს, ტრადიციული, ამ სასწავლო მონაკვეთის გამამთლიანებელი დავალება: ბავშვები მცირე ჯგუფებში მუშაობენ, რათა დაამზადონ საწყისი ილუსტრაციის მსგავსი აპლიკაცია ,,ვახშამი ბებია-ბაბუასთან” შეთავაზებული რესურსების (ფერადი ფურცლები, გამოჭრილი ფიგურები, წარწერებიანი ბარათები, რეალური საგნები, ფერადი ფანქრები…) გამოყენებით. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ამ დავალებასაც სათანადო მომზადება დასჭირდება, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო რაოდენობის ფიგურები, ნახატები… ამ დავალების შესრულება სასარგებლო იქნება ციფრულადაც. კარგი იქნება დიორამების დამზადებაც.

ჰაბიტატის მსოფლიო დღე და ურბანული კრიზისი

0

ჰაბიტატის მსოფლიო დღე (World Habitat Day) გაეროს მიერ დაწესებული საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ. ამ დღის მიზანია ყურადღების გამახვილება ქალაქებისა და დასახლებების მდგომარეობაზე, ყველას უფლებაზე ღირსეულ საცხოვრებელზე, ასევე ურბანული განვითარების გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა უსაფრთხოება, მდგრადობა და სიღარიბე. ეს დღე ხაზს უსვამს, რომ ყველას -მთავრობებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდებს – აქვთ პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ მომავალი თაობებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენებითა თუ საზოგადოების ჩართულობით.

2025 წლის ჰაბიტატის მსოფლიო დღის მთავარი თემა იყო „საცხოვრებელი ყველასთვის – უკეთესი ურბანული მომავალი“. ის მჭიდროდაა დაკავშირებული „ურბანულ ოქტომბერთან“ (Urban October), რომელიც მთელი თვის განმავლობაში აერთიანებს ღონისძიებებს, დისკუსიებსა და კამპანიებს, რომლებიც შეეხება ურბანულ გამოწვევებს, მდგრად განვითარებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გაეროს შეფასებით, ქალაქებში მცხოვრებთა წილი მომავალ ათწლეულებში განაგრძობს ზრდას: დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 57% ცხოვრობს ქალაქებში, თუმცა ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის შესაძლოა 68%-მდე გაიზარდოს, განსაკუთრებით აზიასა და აფრიკაში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესების გამო. თუმცა, ამ რეგიონებში ურბანული ზრდა ხშირად იძულებითი და დაუგეგმავია, რაც იწვევს ინფრასტრუქტურის უკმარისობას ან მის მწყობრიდან გამოსვლას. შედეგად, ქალაქების გაფართოება ხშირად თვითნაგებ, არაჰიგიენურ დასახლებებში – ე.წ. გეტოებში – ხდება, სადაც უკიდურესი სიღარიბეა გავრცელებული.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გაეროს შეფასებით, გეტოებში მცხოვრებთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და დღეს უკვე მილიარდამდე აღწევს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სადაც ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს გეტოებში. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად სამხრეთ სუდანსა და მალიში, გეტოებში ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. ინდოეთში კი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა – ბოლო წლებში იქ გეტოებში მცხოვრებთა წილი შემცირდა.

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი გეტოებში ცხოვრობს

უსახლკარობა „ურბანული ოქტომბრის“ ერთ-ერთი მთავარი თემაა. გლობალური უსახლკარობის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოში სულ მცირე 330 მილიონი ადამიანი აბსოლუტური უსახლკარობის წინაშე დგას, ანუ ცხოვრობს თავშესაფრის გარეშე. უსახლკარობის ზუსტი აღრიცხვა გლობალურ მასშტაბზე რთულია, რადგან ის მოიცავს სხვადასხვა ფორმას: ღია ცის ქვეშ ძილს, დროებით თავშესაფრებში ან საგანგებო საცხოვრებლებში ცხოვრებას. სპეციალისტების შეფასებით, უსახლკარობაში მყოფთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

გაეროს მონაცემებით, საცხოვრებლის კრიზისი კიდევ უფრო ფართო მასშტაბს იღებს, თუ გავითვალისწინებთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან მზარდ საცხოვრებელ ხარჯებს, მიუწვდომელ ქირებს, გამოსახლებებს, ენერგეტიკულ სიღარიბესა და არასაიმედო საცხოვრებელ პირობებს. ამ პრობლემებს კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო ამწვავებს.

OECD-ის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე, რომელიც Our World in Data-მ განახორციელა, უსახლკარობის გავრცელება მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით:

ინგლისში, 2023 წლის მონაცემებით, 100000 ოჯახიდან 426 აღირიცხა უსახლკაროდ, რითაც ის ლიდერობს ამ მაჩვენებლით. აღსანიშნავია, რომ ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც სტატისტიკა ოჯახების მიხედვით წარმოადგინა, ხოლო სხვა OECD-ის ქვეყნებმა მონაცემები 100000 მოსახლეზე გამოთვალეს.

საფრანგეთში, 2022 წლის მონაცემებით, 100000 ადამიანიდან 307 იყო უსახლკარო, თუმცა მათი უმეტესობა ცხოვრობდა დროებით თავშესაფრებში ან საგანგებო საცხოვრებლებში, და არა ქუჩაში.

აშშ-ში ქუჩის უსახლკარობის რისკი შედარებით მაღალია: 100000 ადამიანიდან 76 ცხოვრობდა ქუჩაში, ხოლო 213 – დროებით თავშესაფრებში.

იაპონიაში უსახლკარობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, თუმცა მონაცემები მხოლოდ ქუჩაში მცხოვრებთა შესახებაა, რაც სრულ შედარებას ართულებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები შეგროვდა „მომენტის აღრიცხვის“ (point-in-time count) მეთოდით, რომელიც ერთი დღის ან ღამის განმავლობაში ტარდება. შესაბამისად, ის მხოლოდ კონკრეტული მომენტის სურათს ასახავს და არა თითოეული ქვეყნის უსახლკარობის ზუსტ საერთო მაჩვენებელს.

უსახლკარობის გარდა, სიღარიბე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ურბანულ გარემოში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებნი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიღარიბის პრობლემის მიმართ. Statista Consumer Insights-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ნახევრიდან ორ მესამედამდე მიიჩნევს სიღარიბეს თავისი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ შიდა პრობლემად 20 საკითხს შორის, რის გამოც სიღარიბე ხშირად სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შორის ხვდება.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც სიღარიბე მნიშვნელოვან გამოწვევად აღიქმება:

საფრანგეთში გამოკითხულთა 45%-მა დაასახელა სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ შიდა საკითხად; იტალიაში – 42%-მა; ფინეთში – 44%-მა; ესპანეთსა და ნიდერლანდებში – თითოეულში 40%-მა.

ამ მაჩვენებლებით, სიღარიბე ამ ქვეყნებში ექვს ყველაზე ხშირად დასახელებულ პრობლემას შორისაა.

განვითარებადი ეკონომიკის მქონე აზიურ ქვეყნებში შედეგები განსხვავებულია:

ინდოეთში გამოკითხულთა 38%-მა მიიჩნია სიღარიბე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად (მე-3 ადგილი); ჩინეთში მხოლოდ 12%-მა, რაც სიღარიბეს მე-11 ადგილზე აყენებს და გამოკითხვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;

შეერთებულ შტატებში 37%-მა აღნიშნა, რომ სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა (მე-5 ადგილი).

ჰაბიტატის მსოფლიო დღე და „ურბანული ოქტომბერი“ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს გლობალური ურბანული გამოწვევების განსახილველად. გეტოებში ცხოვრება, უსახლკარობა და სიღარიბე ის საკითხებია, რომლებიც მოითხოვს მთავრობების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას, რათა ყველასთვის იქნას უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებელი პირობები.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://mastsavlebeli.ge/uploads/Geografiulo%20kalendari.pdf  ; https://www.statista.com/chart/35252/share-of-urban-population-living-in-slums/.

 

გლობალური პროტესტების მამოძრავებელი ძალები

0

ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციები ხშირად ძალადობას, განადგურებასა და ზოგჯერ მთავრობების გადაყენებასაც იწვევს. კლიმატის კრიზისის გაუარესება, შეიარაღებული კონფლიქტების გამწვავება, სიმდიდრის უთანასწორობის ზრდა და სხვა გლობალური გამოწვევები ქმნის სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სადაც მთავრობები სულ უფრო ხშირად ხდებიან საზოგადოებრივი უკმაყოფილების სამიზნე.

კლიმატის ცვლილება გახდა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც ახალგაზრდები ქუჩაში გამოჰყავს. შვედეთში წარმოშობილი მოძრაობა Fridays for Future გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და აშშ-ში, სადაც ახალგაზრდები კლიმატის დაცვისთვის მკაცრ ზომებს ითხოვენ.

პროტესტების კიდევ ერთი მიზეზია მიმდინარე ომებზე და აგრესიაზე რეაქცია. დემონსტრანტები ითხოვენ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. მაგალითად, უკრაინისა და ღაზას მხარდამჭერი მსვლელობები ამ მოთხოვნების გამოხატულებაა.

ეკონომიკური სირთულეები და სოციალური უთანასწორობა პროტესტების მუდმივი მამოძრავებელი ძალებია. ცხოვრების მზარდი ხარჯები, ხელფასების სტაგნაცია და სოციალური დახმარებების შემცირება მრავალი დემონსტრაციის საფუძველია. 2023 წელს საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რამაც ეს მოძრაობა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ პროტესტად აქცია.

2025 წლის სექტემბერში მადაგასკარში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებით გამოწვეულმა არეულობამ 22 ადამიანის სიკვდილი და 100-ზე მეტის დაშავება გამოიწვია, რის შედეგადაც პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ მთავრობა დაითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია Visions of Humanity აღნიშნავს, რომ სოციალური მედიის აქტიური ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ ამ პროტესტებს, ითხოვენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციასთან ბრძოლას.

ნეპალში სექტემბრის დასაწყისში გამართულმა მასშტაბურმა პროტესტებმა, რომლებმაც 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია, პოლიტიკური ელიტის მდიდრული ცხოვრების სტილისადმი საზოგადოების განრისხება გამოიწვია. დემონსტრანტებისთვის ეს პოლიტიკოსები და მათი შვილები -ე.წ. „ნეპო ბავშვები“ – ღრმად ფესვგადგმული კორუფციის სიმბოლოებად იქცნენ.

აზია გახდა ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული პროტესტების ეპიცენტრი. 2024 წლის ივლისში ბანგლადეშში მასშტაბური არეულობა მოჰყვა სამთავრობო სამსახურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ გამართულ პროტესტებს. ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. ანალოგიური პროტესტები გაიმართა ინდონეზიასა და ფილიპინებში, სადაც ახალგაზრდები ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობას, კორუფციასა და პოლიტიკოსების პრივილეგიებს აპროტესტებდნენ.

აზიაში პროტესტების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა იაპონური ანიმედან One Piece აღებული დროშა, რომელზეც გამოსახულია თავის ქალა ჩალის ქუდით. ამ ანიმეში დროშა იმ ჯგუფის სიმბოლოა, რომლებიც ხელისუფლების ავტორიტულ მმართველობას უპირისპირდებიან. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდონეზია, ფილიპინები და ნეპალი, ახალგაზრდა დემონსტრანტებმა ეს სიმბოლო  აიტაცეს, როგორც წინააღმდეგობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულება.

ფილიპინები, კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია

ახალგაზრდების პროტესტები ასევე გაიმართა კენიაში, სერბეთში, პერუსა და მაროკოში. მაროკოში მოძრაობა GenZ 212 აკრიტიკებს მაღალ უმუშევრობას, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ცუდ მდგომარეობას, მთავრობის უგულებელყოფასა და კორუფციას.

Generation Z -ის პროტესტები მსოფლიოში

ქვეყნები, სადაც 2024–2025 წლებში ახალგაზრდების (Generation Z) მიერ ორგანიზებული მასშტაბური პროტესტები გაიმართა.

სახელმწიფოების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პასუხი პროტესტებზე ფიზიკური ძალის გამოყენებაა, რაც ხშირად პოლიციის ან სამხედრო ძალების მიერ ჩახშობას გულისხმობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაშავებები, დაკავებები და, ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლიც. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში ნიგერიაში, End Bad Governance მოძრაობის ფარგლებში გამართული პროტესტების დროს, სულ მცირე 24 დემონსტრანტი დაიღუპა.

გარდა ფიზიკური ძალისა, მთავრობები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ციფრულ რეპრესიებს, რათა შეზღუდონ პროტესტის იდეების გავრცელება. სოციალური ქსელების ბლოკირება ან ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ართულებს დემონსტრანტების კომუნიკაციასა და მხარდაჭერის მობილიზებას.

პროტესტებს შეუძლიათ ცვლილებების გამოწვევა, რადგან ისინი საზოგადოებრივ ყურადღებას ამახვილებენ მნიშვნელოვან პრობლემებზე. თუმცა, რეალური ცვლილებები, როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც პროტესტები მასშტაბურია, მოიცავს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს და სარგებლობს ფართო მხარდაჭერით. მშვიდობიანი დემონსტრაციები ხშირად უფრო სერიოზულად აღიქმება, ვიდრე ძალადობრივი აქციები. თუმცა, პრაქტიკაში, პროტესტები უფრო ხშირად განიხილება, როგორც საშუალება ცვლილებების მისაღწევად, ვიდრე თავისთავად მიზანი.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.visionofhumanity.org/the-rise-and-spread-of-gen-z-protests/ ; https://www.statista.com/chart/35230/countries-where-large-scale-youth-led-protests-have-taken-plac/ ; https://www.statista.com/topics/13775/protests-worldwide/#topicOverview

„მათუსალას სინდრომი“ თუ „მარადი ურიების“ საიდუმლო?

0

(ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ბენჯამინ ბატონის უცნაურ ამბავზე“)

 

სტერეოტიპი არაა ტრადიცული აზროვნება. ის „შტამპებით“ აღქმაა. ტრადიციული კი ყოველთვის არ ნიშნავს კონსერვატიულს, მოძველებულს, რადგან ის შეიძლება „დაემყნოს“ თანამედროვეობაზე, განახლდეს, „სისხლი გადაესხას“ და ხიდად გაიდოს მომავლისკენაც.

სტერეოტიპის ტყვეობა კი ჩვეულებრივი მონობაა გონებრივი, შიში „ჩარჩოების“ მსხვრევისა, თუნდაც საზოგადოებრივი აზრისგან განსხვავებულის ქონის პანიკური მიუღებლობა.

ვწერ სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა-შედევრზე, რომელიც გროტესკული პაროდიზირებაა სწორედ ადამიანთა გაცვეთილი სააზროვნო მოდელებისა და დიდი გალაშქრება დროის წინააღმდეგ, რომლის შიშიც ქმნის ამ სტერეოტიპებს.

საბრალოა ადამიანი, ხანდახან ასე დიდებულიც რომ არ იყოს…

…ვინ იტყვის, აბა, საბრალო იყო თუ დიდებული ანტიკური ეპოქის დიდი მეცნიერი არქიმედე, დედიშობილა რომ გამოვარდა აბაზანიდან და შესძახა: – „ევრიკა!“(აღმოვაჩინე)? ან ისააკ ნიუტონი, 27 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი რომ იყო და მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა, ისიც იმის გამო, რომ ორპირმა ქარმა შეაწუხა და ფანჯრის დახურვა ითხოვა; მანვე დიდი და პატა კატებისთვის ორი – დიდი და პატარა ხვრელი გაკეთა, თითქოს პატარა კატა დიდი ხვრელით ვერ შეძვრებოდა. მავანი მას, გენიოს ფიზიკოსს, გონებასუსტადაც მიიჩნევდა ამ შემთხვევის გათვალსიწინებით; ან ევარისტ გალუა, ფრანგი მათემატიკოსი, რომლის გამოკვლევებმა უდიდესი გავლენა იქონია ალგებრის განვითარებაზე (გალუას თეორია), მისაღებ გამოცდაზე სწორედ მათემატიკაში რომ ჩაიჭრა; ან ყველასთვის ცნობილი სოკრატე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხოლო მისმა მოწაფეებმა კი გვირაბი გაუთხარეს, სატუსაღოდან გაასქცევად, მან ამაზე უარი განაცხადა, ახლობლებთან გამომშვიდობების შემდეგ კი მშვიდად დალია საწამლავი და სული განუტევა (ეს აღწერილი აქვს მის მოწაფე პლატონს დიალოგ „ფედონში“); თუნდაც ფილოსოფოსი თალესი (ძვ.წ. დააახლ. 625-547 წწ.), მუდამ მაღლა რომ იყურებოდა, ვარსკვლავებს აკვირდებოდა, ზუსტადაც გამოთვალა მზის დაბნელება 585 წლის 28 მაისს; თუმცა ერთხელ ასეთი დაკვირვებისას ორმოში ჩავარდა და ფეხი მოიტეხა, რის გამოც დასცინოდნენ, ამ კაცმა ცაში რა უნდა დაინახოს, ცხვირწინ ვერაფერს ხედავსო?! ან პლატონი, ერთ-ერთი მოგზაურობისას ტყვედ ჩავადნილი მონათა ბაზარზე რომ გაიყვანეს გასაყიდად, ბედად, შემხვედრმა ნაცნობმა გამოისყიდა და კაცობრიობას გენია შეუნარჩუნა? თუნდაც დემოკრიტე, ატომებზე მოძღვრების ავტორი, დიდი საგვარეულოს შთამომავალი, უარი რომ თქვა მემკვიდრეობაზე, „მთელ სიმდიდრეს ერთი კანონზომიერების ამოხსნა მირჩევნიაო“; ან დიოგენე სინოპელი, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კასრში რომ გაატარა, ალექსანდრე მაკედონელიც რომ მივიდა, რაში დაგეხმაროო და „გაიწი, მზეს ნუ მიჩრდილავო“ მიუგო; ან იგივე ალექსანდრე მაკედონელი, რომელსაც ამის შემდეგ განუცხდებია: „ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენობას ვისურვებდიო“? ან ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი პლოტინე (205-270), განსაკუთრებულად ლამაზი რომ იყო, მაგრამ კუჭის წყლულზე არ იმკურნალა, სხეულზე ზრუნვა ცოდვად მიიჩნია, რის გამოც მოკვდა კიდეც; ჯორდანო ბრუნო, რომელმაც ინკვიზიტორ მსაჯულებს განაჩენის წაკითხვის წინ უთხრა: თქვენ უფრო გეშინიათ მისი წაკითხვა, ვიდრე მე მოსმენაო; ან კანტი, რომლის პუნქტუალურობის გამო, საათს მისი სეირნობის ზუსტი დროის მიხედვით ასწორებდნენ? ვიცით პასუხი? თუ ორივე თეზის ერთობლიობაა ზემოთქმული კითხვისა?

მოდით, ახლა სკოტ ფიცჯერალდს მივუბრუნდეთ და მის მიმართებას აღნიშნულ მსჯელობასთან… ადამიანები, კი ვიცით, როგორი სკურპულოზურობით ქმნიან, „აწყობენ თუ ვარცხნიან“ საკუთარ შეხედულებებს სამყაროზე, მერე უსადაგებენ ამა თუ იმ ეპოქას, მის მოთხოვნილებებს, რესპექტაბელურობას, ხშირად ყალბ, გამოგონილ მორალსა თუ წეს-ჩვეულებებს, არგებენ და არიან ერთ ამბავში, ისე, რომ ტყუილ-მართალს ძნელად გაარკვევს ზოგჯერ კაცი. სწორედ ამ შეხედულებების „ყირამალა“ დაყენებით ცდილობს მწერალი მათ სიმცდარე-სისწორეში გარკვევას.

ეს ამბავი, ფენტეზი, ბალტიმორში ხდება, იწყება როჯერ ბატონის ოჯახში, რომელიც აღტაცებულია, რომ ვაჟი შეეძინა. აქვე მწერალი მიგვანიშნებს, რომ ადამიანები, განურჩევლად ეპოქისა, ნაკლებად ეგუებიან რეალობის „ანაქრონიზმებს“, ხოლო 1860 წელს ქალბატონმა და როჯერ ბატონებმა დროს გაუსწრეს, როცა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი არატდადიციულად სახლში მოვლენოდა ქვეყნიერებას, არამედ სამშობიაროში. აქდან იწყება, რაც იწყება…

მკითხველს ნაწარმოების დასაწყისშივე ებადება კითხვა: მწერლის თხრობის სტილის სრულიად შეუფარავი ირონია რაზე უნდა მეტყველებდეს, ნეტაო? ანუ რომელ „ბანაკშია“ ავტორი: „ტრადიციონალისტებისა“ თუ „არაორდინალურების“? სტერეპტიპულ აზროვნებას ემხრობა იგი, თუ პირიქით, იმ საზოგადოებას აკრიტიკებს, სააზროვნო „ჩარჩოებს“რომ ებღაუჭება, ვითომდა, საკუთარი სიმყარისთვის?

„– მითხარით, ბავშვი დაიბადა?“

როჯერ ბატონის მუდარას ექიმი სახეშეჭმუხნილი ხვდება. მოკლედ, იბადება 70 წლის მოხუცი, ჩვილის მაგივრად, მკითხველისა თუ მხატვრული რეალობის წევრთა თავსატეხად.

„– ხელჯოხი…მამიკო, აუცილებლად მჭირდება ხელჯოხი“(10).

მიმართავს ახლადდაბადებული ბენჯამინი თავზარდაცემულ მამას, რომელიც, გონს რომ მოეგება, გადაწყვეტს, ეს საზიზღარი წვერი შეკრიჭოს, თმა შეუღებოს და ჩვეულებრივ ბიჭად „გაასაღოს“ შვილი, რომელიც ვერც გაუმეტებია, თუმცა საკუთარი თავიც ეცოდება საქვეყნო სირცხვილისთვის.

„– ახლავე ჩაიცვი, თორემ…თორემ გაილახები!“(12)

ასე იწყება ჩვენი „მათუსალას“ (მამას ეს სახელი უნდა დაარქვას ახლადდაბადებულს და აქ მწერალი მიგვანიშნებს ჩვეულ სააზროვნო კონსერვატიზმზე კაცთა მოდგმისა, უხსოვარი დროიდან) თუ „მარადიული ურიის“ თავგადასავალი.

კარგა ხანს მწერლის დამოკიდებულება, პოზიცია, ორაზროვანია, თითქოს, მას ვერც ერთი მხარე ვერ დაუთმია და თავის წილ პატივს მიაგებს ორივე ტიპის აზროვნებას, რომლებიც ერთმანეთის გვერდით „ჩხუბითა და აყალმაყალით“, მაგრამ არსებობს.

ბენჯამინი, წესისამებრ, საჩხარუნოთი თამაშობს, თუმცა ჩუმად ჰავანურ სიგარებსაც ეწევა. კალის ჯარისკაცებს შვილ-მოხუცს ბრიტანეთის ენციკლოპედია ურჩევნია. საზოგადოება მილოცვაშიც ცდილობს, ეტიკეტი არ დაარღვიოს და „ბავშვი ზედგამოჭრილი ბაბუააო“, ამბობენ. ხოლო ბაბუას რაც შეეხება, მასთან ბენჯამინი ყველაზე უკეთ გრძნობს თავს. ჰო, მშობლები შვილს „თქვენობით“ მიმართავენ. ხოლო როჯერ ბატონი, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვს, შვილმა მოკლე შარვლები ატაროს, რადგან გრძელი შარვლები თოთხმეტი წლიდან აცვიათ, საკუთარ თავს აიძულებს, დაიჯეროს, რომ მის შვილს უცნაური არაფერი სჭირს…

დრო გადის და ახალი უცნაურობები მოაქვს…და მიაქვს. იელის კოლეჯი გააძევებს ბენჯამინს, რადგან არ უჯერებს, რომ თვრამეტი წლისაა და მწერლის აზრით, „იელის კოლეჯს აქამდე არასდროს დაუშვია ასეთი სერიოზული შეცდომა…“(23) ბენჯამინი კი არ ბერდება, ახალგაზრდავდება, დრო მასზე საპირიპიროდ მოქმედებს, ანუ „ყველაფერი ყირამალა“ გრძელდება!…ჰილდეგარდა მონკრიფი, გენერლის ქალიშვილი და საზოგადოებრივ თავშეყრებზე ყველაზე სასურველი ქალიშვილი, „მშვენიერი, როგორც პირველყოფილი ცოდვა“, ბენჯამინის პირველი სიყვარული ხდება. ჰილდეგარდას მოსწონს მოწიფული ასაკის მამაკაცები („ახალგაზრდა ბიჭები ყოველტვის იდიოტებივით იქცევიან. მუდამ ერთსა და იმავეს ყბედობენ…თქვენი ასაკის კაცები კი ქალებს აფასებენ.“), მაგრამ საზოგადოება რასაც ვერ იგებს, არც იღებს. ამიტომ ბენჯამინზე ათას რაღაცას ამობენ: რომ, პირიქით, იგია როჯერ ბატონის მამა ან ძმა (ამასობაში, კი გაახალგაზრდავებულა შვილი ბატონი), რომელიც ციხეში იჯდა ორმოცი წელი; ან სულაც ხორცშესხმული ეშმაკი, თავზე წყვილი რქით…ჟურნალისტები მას მოიხსენიებენ, როგორც „იდუმალ კაცს მერილენდიდან“. საბოლოო ჯამში კი, როგორც ხდება ხოლმე ჩვენში, არავინ არაფერი იცის ბენჯამინ ბატონის შესახებ, პრაქტიკულად.

ბენჯამენი მდიდრდება თავისი ჭკუის წყალობით, ხდება სახელგანთქმული და აი, როგორ: „ყველა ლურსმანი, რომლებიც გამოიყენება ყუთისთვის, რომელშიც ტვირთია მოთავსებული, წარმოადგენს ტვირთის მიმღების საკუთრებას.“ – ეს პუნქტი, რომელიც ბენჯამინ ბატონმა ჩაამატა მიწოდების ხელშეკრულებაში, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ მოიწონა და დაუშვა. ერთი სიტყვით, ახლა სრულიად ნათელი ხდება, რომ მწერლის სარკაზმი ადამიანთა საზოგადოებისადმია მიმართული, თავისი სასაცილო კანონებითა და „შტამპ/სტერეოტიპებით“; ბენჯამენი პირველია ბალტიმორში, ვინც ავტომობილი შეიძინა და მისი მართვაც ისწავლა. ადამიანებიც მას უკვე შურით უყურებენ. ის კი განაგრძობს დღითიდღე გაახალგაზრდავებას; ცოლიც აღარ ხიბლავს, ამ უკანასკნელის ცხოვრებისადმი ინდიფერენტულობისადა გამო. ჩნდება ახალი გროტესკული პერსონაჟიც, როსკუ – ბანჯამინისა და ჰილდეგარდას შვილი, რომელსაც ისეთივე „გამოცდა“ ელის, როგორც მის პაპას, როჯერს.

ბენჯამინი ჯარში წასვლას გადაწყვეტს, მეტიც, იღებს ჯერ კაპიტნის, შემდეგ მაიორის, ვიცეპოლკოვნიკის ჩინებსაც კი. ბრძოლიდან დაბრუნებულს კი ბალტიმორის სასულე ორკესტრი შეეგებება და დიდი პატივით აცილებს სახლამდე…ბენჯამინის უჩვეულო, სენსაციური დაბადების გროტესკული ფენომენი კი არა და არ ქრება და მას (ბენჯამინს) იმედი ეკარგება, რომ ოდესმე მაინც დაემთხვევა მისი ასაკი და ფიზიკური სახე – იგი უკვე 30 წლისას ჰგავს; ჰილდეგარდა კი მოითხოვს მისგან, ზიზღით, რომ ეს ყველაფერი შეწყვიტოს („შეგიძლია! უბრალოდ, ზედმეტად ჯიუტი ხარ. აჩემებული გაქვს, რომ არ გინდა ისეთი იყო, როგორებიც სხვები არიან. ყოველთვის ასეთი იყავი და ასეთად დარჩები. მაგრამ, ღვთის გულისთვის, დაუფიქრდი, რას დაემსგავსებოდა სამყარო, ყველა რომ ისევე ფიქრობდეს და იქცეოდეს, როგორც შენ!“– 35)…განა, იტყვის ვინმე, მის ამ მსჯელობაში ჭეშმარიტების მარცვალი არაა?!

საზოგადოებას აღარ ახსოვს, რომ ერთ დროს ამ წყვილის ასაკის შეუფერებლობაზე საუბრობდა და ახლა ჰილდეგარდა გამოიყურება მობერებულად ახალგაზრდა, ენერგიული ქმრის გვერდით და ამას სწორედ იგივე ხალხი აღნიშნავს, ოღონდ — პირიქით, როგორც ვთქვით.

ბენჯამინი საოჯახო, თავის მიერ აყვავებულ, ბიზნესს შვილს, როსკუს, გადააბარებს და ახლა უკვე ის და ბენჯამინი ერევათ ერთმანეთში;

ბენჯამინი ხდება ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტიც და ვერ ამხელს, რომ ის მისმა შვილმა 10 წლის წინ დაამთავრა…თუმცა წონაშიც იკლებს დროთა განმავლობაში და სიმაღლეშიც დაბლდება. ნელ-ნელა სწავლაც უჭირს, ფიზიკურადაც სუსტდება. ამიტომ იგი საზოგადოებაში აღარ ჩნდება, ხოლო მისი კომპანიონებიც მეზობლის ბავშვები არიან, ისიც ხანდახან…შვილი როსკუ, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობასავით ეშინია სკანდალისა, მამისგან მოითხოვს, „ბიძიათი“ მიმართოს, რადგან როცა მას 15 წლის ბავშვი „შვილოს“ ეძახის, ეს სასაცილოა; ბენჯამინს წვერ-ულვაში აღარ ამოსდის; როსკუ მას შესთავაზებს, სათვალე და ხელოვნური წვერ-ულვაში ატაროს. ანუ იგივე ფარსი მეორდება, როგორიც ბენჯამინის ცხოვრების დასაწყისში, მოხუცებულობისას…და, აი, ისევ მწერლის ირონია ადამიანურ, გარდაუვალ პირობითობებზე: „ბენჯამინს სურვილი გაუჩნდა, რომ მოხალისედ წასულიყო. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ჯარში მხოლოდ თექვსმეტი წლიდან მიჰყავთ, ის კი გაცილებით პატარას ჰგავდა. თუმცა მისი ნამდვილი ასაკიც – ორმოცდაჩვიდმეტი წელი – არ აძლევდა უფლებას, ჯარში ემსახურა“(41).

ადამიანური „აბრაკადაბრა“ გრძელდება და სახელმწიფო მას საბრძოლო დამსახურებისთვის ბრიგადის გენერლის წოდებას ანიჭებს და იხმობს, თუმცა როცა გახარებული ბანჯამინი სამხედრო უნიფორმის შესაკერად მიდის, თერძს ჰგონია, რომ მას „ომობანას“ თამაში სურს.

დროის „უკუღმა“, მაგრამ მაინც წრებრუნვით, როსკუ ბატონის პირველი შვილის მისალოცად მისულ ადანიანებს არანაირად აფიქრებთ, რომ იქვე მოთამაშე ათიოდე წლის, ვარდისფერლოყება ბიჭუნა მისივე პაპაა. მოგვიანებით მათ (ბაბუასა და შვილიშვილს) ერთად შეიყვანენ საბავშვო ბაღში. ბენჯამინიც აღმოაჩენს, რომ ფერადი ქაღალდებით თამაში მსოფლიოში საუკეთესო საქმიანობა ყოფილა. ასევე ძალიან მოსწონს ხელჯოხი, თუმცა მას „ცხენად“ იყენებს და ხტუნაობს. დაბოლოს, ის ისევ მარად მბად წიაღში ბრუნდება, რომელსაც მარადისობა ჰქვია; „იქ“ უკვე აღარაა ბენჯამინისა და თავად მწერლისთვის ასე შემაწუხებელი დრო, რომლის წინააღმდეგ გალაშქრებაცაა ეს უცნაური მონათხრობი…

…რა არის ან რა უნდა იყოს წუთისოფელი, რომელიც ასე მოგვაგონებს რძის მოტკბო-მომჟავო სურნელს? გონითი, ადამიანთა მიერ დაწესებული საზღვრები თუ სრული ლაგამახსნილობა ამ მხრივ? რა არის უფრო პატივსაცემი: შეჩვეული, კარგად „გაზეპირებული“ სააზროვნო ფორმულები თუ ორიგინალურ-არასტანდარტულნი, რომლებიც არანაირ ჩარჩოებში არ „ჯდება“?

ამ პოლარულობის, უკიდურესობათა წარმოსახვით, მწერლური ფანტაზიით შემოთავაზებულ „ომზეა“ ეს ფანტასმაგორიული ნაწარმოები („ბენჯემინ ბატონის უცნაური ამბავი“), რომელიც იქნებ „ოქროს შუალედისკენ“ მოგვიწოდებს ან „დუმილის ოქროობისკენ“, რაც ასე საძნელოა ამქვეყნიურ სამყაროში…

…თუმცა მაინც რიტორიკული კითხვებისაა ეს სმაყარო; პასუხები კი ან ვიცით, ან ვითომ „ვიცით“.

დიახ, საბრალოა ადამიანი, ხანდახან დიდებულიც რომ არ იყოს…

 

ციტატები წიგნიდან – ფ. სკოტ ფიცჯერალდი „ბენჯამინ ბატონის უცნაური თავგადასავალი“, გამომცემლობა პალიტრა, 2021 წ.

 

 

კოსმიური მწუხარებით თრობისთვის

0

(გრიგოლ რობაქიძის „ენგარდი“)

დიდ მწერალს უბრუნდები, როგორც ძველ ნაცნობს… ასეც გადავფურცლე ეს მოთხრობა. ნებისმიერი კარგი ლიტერატურული ნაწარმოები, ჯეიმს ჯოისის „ულისესი“ არ იყოს, მოიაზრებს გარკვეულ წინარეცოდნას, სწორედ ამიტომ, ხშირად მითქვამს, რომ კარგ ლიტერატურას „ელიტარული მკითხველი“ სჭირდება, მას მასები ვერანაირად გაიგებენ. ვეცადოთ ჩვენც, ჩავწვდეთ ამ, ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობებით სავსე მოთხრობას, რომლის, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი იდეური „ბზარი“ მოგვიანებით ცნობილი, არაორდინარული, უკვე ემიგრაციაში წასული, მწერლის მსოფლმხედველობაშიც გაჩნდა…

რა არის მითი, მითოლოგემა? ეს დროის ლოკალში მკაცრად მოქცეული სამყაროა, ადამიანური, პირველყოფილი წარმოდგენები მასზე თუ, პირიქით, ყველა დროზე „მოსარგები“, პარადიგმული, სახე-ხატების პირველქმნილი სისტემა, „მარტივი ფორმულები“, რომლებიც ძირძველი, თუმცა არა მოძველებული, არამედ ზედროული მოდელია ყოფიერების მსოფლაღქმისა? გერმანელი ფილოსოფოსი ვინდელბანდი წერდა, რომ მითოლოგია მთავრდება იქ, სადაც იწყებაო ფილოსოფია, მოცემულობის, აზრის დასაბუთების სისტემა. მაგრამ, განა, დაუსაბუთებელი ნიშნავს არარსებულს, გამოგონილს?! ფილოსოფიაც, რელიგიაც და მითოლოგიას, მიუხედავად მათი „ურთიერთშეუთანხმებლობისა“, მსოფლმხედველობებს წარმოადგენს და გულისხმობს მსოფლიოს აღქმის სხვადასხვა „ქვაკუთხედებს“. მითოლოგია, როგორც კონკრეტული მსოფლმხედველობა, რელიგიის ადრეულ ფორმად მიიჩნევა, რომელიც ტრანფორმირდა უკვე ქრისტიანულ წარმოდგენებში. მაგრამ მითოსი, როგორც სააზროვნო წესი, ქარგა, – უკვე ზედროულისა და მარადიულისკენ გაგვახედებს და კონკრეტულ „ჩარჩოებს“ მოკლებულია; ამიტომაა დიდებულიცა და ერთგვარად, შემზარავიც, რადგან იქ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველია და ფესვუცვლელი! ამიტომ როცა მას თუნდაც ვაჟასნაირი მწერალი მიმართავს საკუთარი მხატვრული „ცივილიზაციის“ მკითხველისთვის მისაწოდებლად, სწორედ ამ ცივილურის მიღმა ცდილობს მიმართოს ადამიანის გულისყური, რადგან სიღრმისეულ შრეებში დიდი, დროის უგულებელმყოფელი და მარადისობასთან წილნაყარი ჭეშმარიტებების წვდომის დვრიტაა თუ გასაღები…

გრიგოლ რობაქიძე მოთხრობა „ენგარდში“ მოჰგვითხრობს ხევსურეთში ხუთკაციან ექსპედიციაზე, ხოლო მისი მთავარი გმირიც, მთხრობელი, გიორგი ვალუევი, მამით რუსი, დედით ქართველი, კიდევ ერთხელ ეზიარება საკუთარი გენეტიკის მძლავრი ნაკადის პირველწყაროს, მთიელთა მათივე წარმოდგენებივით ღრმა სამყაროს – „ახლა შემეძლო ადგილზე გავცნობოდი ამ უსაიდუმლოეს ტომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ტომთა შორის“(106). ეს კი „გულის ფრიალით მიახლებაა, გზნება მძლეოსანი მითოსისა“; …„წინარექვეყნიური დაგქროლავს და გევლება თან.“

ვიწყებთ ამ ჯადოსნურ მოგზაურობას, ძველი ბერძნული ეპოსის გმირებივით, იმ საკრალურ წიაღში, ქართული მთა რომ ჰქვია, მწერლის ამაღლებული აღქმა და წერის პათეტიკური მანერა ამ განწყობილებებს ისე უხდება, როგორც მთის ფერდობებს ნიავი. ვიწყებთ დარიალით, „გაქვავებული ზვავმდენი ოკეანით“, ვაგრძელებთ მყინვარით, რომელიც თითქოს უსაზღვროებას ერთვის საკუთარი მკაცრი სიცხადითა და თავისთავადობით. გზაში ხეებზე აქა-იქ ამოჭრილი შაირები გვახსნებს გოგლა ლეონიძისეულს – „ყველა ხევსური ვიცი დანტეა“. უფსკრულში აქაფებული, შიშისმომგვრელი არაგვი არასდროს მოგცემს მოდუნების უფლებას და შენ ხარ შემართული საოცრებათა საიდუმლოს გაგებისთვის თუ არა, მცდელობისთვის მაინც.

გრიგოლ რობაქიძის პოეტურ-ფილოსოფიურ-ეზოთერული პროზის საკითხავად განწყობაა საჭირო, მომზადება, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ინებეთ მისი ფიქრები ხევსურეთის ნისლში: „ხოლო მყისვე ვიგრძენით უცხო რამ: თითქოს კლდე ხომალდი ყოფილიყოს უდიდესი და მძლავრი; სიზმრეულ მიგვაქნებდა იგი უსაზღვროებაში ცის რძისფერი შორეთის მიმართ. იყო ერთი წუთი, მეგონა შევეხე მარადისობის სამოსელს. უღრმესი ნატვრა, რომელიც თან გამოყვა ჩემ სულს აქეთკენ, იქცა ჩვილ და ნაზ ელეგიად“(108)…მოჩანს სახლები, კლდიდან ამოზრდილი არწივთა ბუდეებივით…გამოჩნდება მგელიკა ალუდაურიც, 22 წლის „მჭლე“ ხევსური, ფარ-ხმლითა და მოკლე, მოშავო ჯუბაში ჩაქსოვილი ჯვრებით, გამომწვარაგურისფერი სახით, ხოლო „ზედა ქუთუთოები ნაღვლიანად ძირს დაშვებულნი – თოვლიან ველთა მოლურჯო ციალის გამო?…უნდობლობა და ამაყი თავდაჭერა, მზადყოფა გამოწვევისთვის და უშიშროება. თავნებობა და გულოვანება“; ამავე დროს, ბავშვური დარცხვენა და კდემაცო, მწერალმა თავის პორტრეტში. ეს არის ამაყი და არა მედიდური ვაჟკაცი, „რომლის არსში ყველა ელემენტები ერთ სახედ იყვნენ ქცეულნი და რომელმაც არ იცოდა, რაა განყოფა.“ ბუნებასავით ერთია იგი, ნამდვილი,  ნაწილი „ნამეხარი, გაფატრული, მაგრამ მაინც მდგარი მუხების“ განზომილებისა. ასე იჭრება მითოსური სახე-ხატები თხრობაში; „აქ ცხოვრობენ ნაშიერნი ჰომერისა“, ამბობს მწერალი და თითქოს, ხარკს უხდის მთის გრანდიოზულ დიდებულებას.

ფშავ-ხევსურეთზე საუბრისას ვის მივადგებით?! რასაკვირველია, ვაჟა-ფშაველას. თუმცა რობაქიძისეული აღწერა, რაღაცით წააგავს პაოლო იაშვილისა (ყველის სუნისა და გაშავებული ფრჩხილების ასოციაციებით) და კონსტანტინე გამსახურდიას (დაბალი შუბლი ჰქონდაო, გენოსისთვის შეუფერებელი) მხატვრულ თუ რეალურ პორტრეტებს, რადგან მაინც „გაურანდავისკენ“ მიჰყავს ვაჟას გენია: „მე არ ვიცი ვინ დავუყენო მას გვერდით თანადროულ პოეზიაში. მისი მგოსნური აღვივება მაგონებს ძველთა-ძველ კაცის ექსტაზს, რომელმაც უეცრად მუხის ქერქთა ხეხვისას პირველად იხილა ცეცხლი“; განა, პირველქმნილი სიხარული არ გვეუფლება ყოველ ჩვენგანს ჭეშმარიტების ჩვენეული აღმოჩენისას და თითქოს ამ სიხარულით ვუერთდებით იმ დიდ წიაღს ყოფიერებისა, რომლის ჩვეულებრივი გონისთვის ფარული სიღრმეების „მარგალიტების“ მფლობელი იყო ვაჟა, მათზეც მოგვითხრობდა. მაგრამ მისი შემოქმედების ან მისი მწერლური სიდიდის შესაფასებლად მთის ყოფის გაუმართაობა, ზოგადად, ყოფითი, შუბლის სიმაღლე თუ ფრჩხილების სისუფთავე, თუ არ დაივიწყე, მის აზროვნებას ვერანაირად მიჰყვები, რომ სწორედ ამ კოკეტური ადამიანური პირობითობების უხილავი „ბრჭყალებისგან“ გათავისუფლდე, სიბრძნის მაძებარი დერვიშივით…აი, ვაჟას სიკვდილის განუმეორებელი, მითოსური, სცენაც: „ასე შეერთო იგი მიწას, დედას იგი: ცეცხლოვანი ნაშიერი გილგამეშისა და ილიადასი“(111).

ასევე სწორად აფასებს გრიგოლ რობაქიძე ვაჯას ენის ე.წ. „ხორკლიანობას“, რომელიც ვერ გაიგო ბევრმა მოაზროვნემ და ნაკლად ჩავთვალა. მისი აზრით, ეს პროვინციალიზმი კი არა, არქაიზმია, „სიტყვები აქ ყოფის ფესვებია, მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სურნელება პირველქმნილისა. მეტაფორები უბრალო შედარებები კი არ არიან, არამედ თვით სინამდვილე, განცალკევებულ საგანთა და მოვლენათა შინაგან გადამბმელნი. ყოველი თქმა აქ ელემენტურია, როგორც ცეცხლი.“ ვაჟაც მითოსურ ტიტანს ჰგავს, თუმცა არა ვიწრო მსოფლმხედველობრივი გაგებით, არამედ წარმოგვიდგება ყველაზე ჰუმანური, ქრისტიანული აზროვნების საუკეთესოდ, სიღრმისეულად შემმეცნებელ-აღმქმელად. მისი პოეზიის ექსპრესიაც სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს შემოქმედით აღფრთოვანება!…

გრიგოლ რობაქიძე ზუტად გადმოსცემს ამ შვილის მტრის დამტირებელი დედების სინამდვილეს, შაირით თრობას, „გამოუთქმელ სევდას ყველგან“; ხევსურთა სიმღერას მეფე ერეკლეზე, რომელიც პირდაპირ ტირილიაო ნამდვილი („შედარებით სხვა ქართველ ტომებთან, ხევსურები ჰგოდებენ უფრო, ვიდრე მღერიან“(113).

თუ გინდა შეჩვევა დაივიწყო და აღქმა გაიმძაფრო შენივე სინამდვილისა, მას „უცხო თვალით“ უნდა შეხედო. ამას აკეთებს მწერალიც, როცა აღგვიწერს ამ უცნაურ ძალმოსილებას…ძილსაც კი მძიმეს, ადამისას, ამ სამყოფელში.

საინტერესოა აღწერა ხახმატობისა, „მსუნთქავ მყუდროებაში ჩასვენებული ეწერისა“, რომელშიც აკრძალულია ტოტის მოტეხვაც კი, სადაც „ხატი“, სალოცავია გამართული. სრულად შეიგრძნობ მსუსხავ ენერგეტიკას ჩვეულების ავთენტურობის ამ აღწერისას, თანამონაწილეც ხდები ამ მძიმე იდუმალებისა („ყოველივე ეს უბრალო იყო, ვით ლოცვა“ – 116), განიცდი ძალას მთის სარწმუნოების სინკრეტულობის მტვირთველი სალოცავებისა; ხევისბერს, სისხლიანი დანით („შეშლილს ჰგავდა იგი წმინდას, რომელიც უკანასკნელ საიდუმლოს ეხება“– 117); ვიკინგებივით მოფარიკავე ხევსურებს, რომლებიც ამ უცნაური ძალისთვის, რომელიც მათშია ამ დროს, გზის მისაცემად ცხენებს მოახტებიან ხოლმე. აქ გვახსენდება გზნება გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ მთავარი გმირისა; ინერციას ხევსურული ნადიმისა და „ყოველი ხევსური ცოცხლობდა აქ სიცოცხლით მთელისა…ცალკეულობა ჰქრებოდა, გვარეული ღვიოდა…“(117)

ხევსურებს ძალიან ჰყვარებიათ ძროხები, ერთი წმინდა ცხოველი არააო მხოლოდ, როგორც ინდოეთში…მეც დიდ პატივს ვცემ ძროხებს. ვიდეოში მათი სიკვდილისწინა ცრემლის გამო ერთი წელი ვეღარ შევჭამე ვერანაირი ხორცი. დღესაც ამ საწყალი ქათმის ხორცს ვჭამ, „წითელ“ ხორცს არსდროს ვიყიდი ხოლმე. არც არანაირი ბუნებრივი ტყავის ქურქი ან ლაბადა მაქვს. ნუ, ფეხსაცმელს ვერაფერი მოვუხერხე და ამ იდეურ კომპრომისს ვყაბულდები…მოვა ალბათ დრო, როცა კაცობრიობა გაჰყვება გველისმჭამელი მინდიას ფილოსოფიას, რწმენას და ძროხებსაც ჩვენი სტომაქებისკენ კი არ გავუყენებთ გზას, იმ ძველი ქართველებივით საფლავებს გავუთხრით. ნუ, ძროხა იქნება თუ დიდებული ხარი, რომლის კულტი იყო ერთ დროს, ტოტემი, ახლა კი ეს ყველაფერი კორიდას ბნელ ვნებებზეა დასული…

…წვიმის წვეთების „ველური ატეხილობა, ელემენტთა ახმაურება ჯადოსნური ორკესტრივით“. მოკლედ, ესაა მთის კოსმიური სიმფონია, რობაქიძისეული!…როცა „ვხედვით სიცოცხლეს, ბრმას, უცოდოს, პირველსუნთქვიანს, ძლევამოსილს…ჩვენი გულებიც ხარობენ ალმოკიდებულნი“(120).

მთა წაწლობის გარეშე ძნელად წარმოსდგენია. ახლა ამის ახსნას, შეცნობას ცდილობს მწერალი: „პრიმიტივ ხალხთა შორის ცნობილია, ხომ, რომ სტუმარს ერთი ღამით მშვენიერ ქალწულს მიუყვანენ ხოლმე“(120). ამ ნათქვამს გრიგოლ რობაქიძეს კი არა, მის მთხრობელს, მამით რუს გმირს, მივაწერ და არ გავნაწყენდები, თორემ თავად ბუნებაც, რომელშიც ყველაზე უკეთ დაივანებს ხოლმე ღმერთი, ერთ დიდ და პრიმიტიულ მოცემულობად მოეჩვენებოდა კაცს. ეს ირონიულად. სერიოზულად კი, „პრიმიტივი ტომი“, როგორც მას ხშირად უწოდებს რობაქიძის პერსონაჟი, თუნდაც მაღალგანვითარებულ და ინტელექტუალურად თუ ინტუიციურად განათლებულ ვაჟა-ფშაველას ვერ დაბადებდა, რომელსაც შეეძლო, ფორმისა თუ შინაარსის რაფინირებულობაც ისე მოეხდინა პუბისლციტიკასა და აზროვნებაში, როგორი ბუნებრივიც „კლდის ჩამონატეხივით“ პოეზიის ერთგულება იყო.

ღმერთის შეცნობის საინტერსო „ფორმულას“ გვთავზობს გროგოლ რობაქიძე: „ღმერთი არის თვითმქმნელი. ყოველ წუთში თვითქმნისა იგი, რასაკვირველია, „იგივეა“, ხოლო თანვე „სხვაც“. ეს სხვა ვლინდება როგორც „უცხო“, ხანადხან როგორც მოშუღარი. თითქმის, აქ მარხია პირველსაიდუმლო“; ისევ ცდილობს მწერალი, ჩასწვდეს მთის სალოცავების ამოუხსნელ ძალმოსილებაში ბევრისთვის გაუგებარ ნაზავს წარმართულ-ქრისტიანულისა, როცა თუნდაც ეგზოგამიის საიდუმლოზე საუბრობს და თვალწინ გადაგვიშლის საკუთარი გმირის ცნობიერების მორგების მცდელობებს წაწლობის მისთვის უჩვეულო, „უცხო“, წესის ამოხსნისას. აქვე საინტერესო ეტიმოლოგია სიტყვა „საუცხოოსი“, რომელიც სწორედ „უცხოსგან“ მოდის და სასურველს, სანატრელს, მშვენიერს ნიშნავს. ამ მშვენიერებას კი მასპინძლის მიერ შემოთავაზებულ ვნებათა მორევში წაწლობის საკრალური ზღვარი ქმნის…

დ რ ო მთაში მითოსში ცხოვრებასავითაა! „ხევსურეთში არ იციან დრო: იქ დღესაც ისე ცხოვრობენ, როგორც ათასი წლის წინათ“; ესაა მითის მარადმბადი თანამედროვეობა, როგორც ხილული სამყაროს არქეტიპი, წინარეხატი.

აი, სწორედ გრიგოლ რობაქიძე (და არა მისი მთავრი პერსონაჟი, რომელსაც მწერალი შეუმჩნევლად ემიჯნება): „როცა ხევსურებს უცქერ, ნაჭდევებით სახეზე და ტანზე, მუდამ იარაღასხმულთ და მზადმყოფთ შეტევისთვის, გგონია, სისხლი სწყურიათ მხოლოდ. მაგრამ ეს ასე არ არის. არავის ეშინია სისხლის დაღვრისა ისე, როგორც ხევსურს: არც ერთ ხალხს, არც ერთ ტომს. მკვლელს ხევსურეთში „ლაჩარის“ სახელით სდაღავენ. გმირი მათთვის ის მორკინალი არაა, ვინც სახიფათოდ დაჭრის მოპირისპირეს. ჭრილობა კანის გაკაწვრა უნდა იყოს მხოლოდ, თვით გაავებულ შებმაშიც კი…აი, უტყუარი ნიშანი ხევსურის ნამდვილი ვაჟკაცობისა…(124). ესაა ძირიც მათი სულის რაინდობისა და პოეტურობისა. ესაა მათი პირუთვნელობაც: ხევსური ყოველთვის სიმართლის მხარესაა და არაფრისა და არვის (ნათესავის, მეგობრის, ტომის) გულისთვის არ იქნებაო მიკერძოებული, მწერალმა.

საინტერესოა და ასევე მითოსური მთლიანობისაა სახე ლიქოკელისა, მოხუცი დოსტაქრისა, ტვინის ყველა ხვეული რომ იცის და აფიქრებინებს კიდეც მთხრობელს, „რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა“(125). მე კი ვიტყოდი, რომ ეს „შტოა“ იმ დიდი „მდინარისა“, დიდკულტუროსანი ქართველი ხალხი, ერი რომ ჰქვია; ლიქოკელი ჭრილობის მოსაშუშებლად იყენებს ბალახს, რომელსაც გველისგან სასიკვდილოდ დაგესლილმა მყვარმა მიაგნო, დაიდო ნაკბენებზე და გადარჩა. ესეც მითოსია და აქვე ბერი ლუხუმის გახსენებაც („ბახტრიონი“). ლიქოკელი ჯადოსანია, „ლანდი პრეისტორიული დროიდან“, მითიური ხატი თუ გრძნეული, თავისი ცოდნითა თუ „ცოდნით“, საუკუნეებს რომ გამოაღწია…

„ფრთხილად უნდა იყო სისხლთანა“ – სამყაროს კანონია მგელიკას სიტყვებში, ჭეშმარიტების მარცვალი.

მოდი, მზექალაზეც ვთქვათ, მთავარი გმირის სწორფერზე, წაწალზე, „ავხორცსა და უმანკოზე“, რომელმაც იცის, რომ მხოლოდ ალერსი წამებაა, მაგრამ „ტკბილ ხომ არს!“ ასე მივადექით სიყვარულის გაგებასაც მთის „ენაზე“. „არ იქნების დაქორწინებაი (სწორფერთა – მ.ი.), აკრძალული არს“(129), რადგან „ერთია სწორფერი გიყვარდეს და სხვაა ცოლი გყავდეს“(131). „ხევსურისთვის სქესი და სიყვარული სხვადასხვა რამაა“, რადგან „ღვთიურ არს სიყოარულ; ხორციელ იგემებ – მოჰკლავ მას; იწვოდ მხოლოდ“(131). ,,სიყვარული შობაა მშვენიერებაში, როგორც სულით, ისე სხეულით;”– ეს უკვე პლატონის ,,ნადიმია” და ნაკლებ ჰგავს „პლატონური სიყვარულის” განმარტებას. თუმცა პლატონი, ყოფის „იდეით“ განმჭვრეტი, შესაძლოა აქაც სრულყოფილებას გულისხმობდესო, რობაქიძემ…

ხევსურთა ტომი წარსულში სიყვარულის „ორდენად“ წარმოესახება ავტორს, რომელსაც „გაჰკრავს“ სიყვარულის „პლატონურობა“. აქედან გამომდინარე, აღარ გვიკვირს სამრელო, რომელსაც თავს აფარებენ ქალები მშობიარობისას, ანუ ხევსურთა ზიზღი მშობიარის მიმართ, რადგან ესაა სწორედ ის ზღვარგადალახული სიყვარული და მისი შედეგი, რამაც ფუჭად აქცია გზნება.

დაბოლოს, გენიალური, ხევსურთა შესაფერისი დასკვნები:

„ხევსური ცეცხლია და კაეშანი“…ისინი „ბავშვებსაც შეფარვით ეფერებიან“, ხოლო მოხუცებულობისას ფეზე წამოუდგებიან კიდეც, როგორც მათ მიერ გადავიწყებული, საკრალური საიდუმლოს მფლობელებს…აქვე ისევ გურამ რჩეულიშვილის შეკუმშული, მთლად ბოლომდე გასაგებიც არა, კოსმიური ექსპრესიის მოთხრობა გვახსენდება („ბათარეკა ჭინჭარაული“) და მასში ასე ზუსტად გაშლილი მთის სამყარო.

„ხევსურის გულისყური უფრო გონისა და სულისკენაა მიქცეული, ვიდრე მატერიალურისკენ“(132);  ამ უზარმაზარ კლდეებში ეს პაწაწინა, წამლევა წისქვილები, დონკიხოტურია, ერთგვარად;

დიდებული მწერლის ასეთივე სტრიქონები, რომელსაც ამჯერად მისი ტრანსფორმირებული პერსონაჟი ამბობს: „ჩემი სიყვარული თავის თავის მწველი იყო. როგორ მიმეცა საზრდო ამ ცეცხლისთვის? ამისთვის საჭირო იყო ხევსურად ქცევა. შემეძლო ეს?…“(133)

მართლაც, უძნელესია, იცხოვრო „უსაზღვროებიდან ჩამოშვებულ სევდაში“…

ციტატები წიგნიდან – მე-20 საუკუნის მოთხრობის ანთოლოგია, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წ.

 

შემოდგომაზე სათქმელი, ანუ „დილის ქვეყნის მოხილვაზე“

0

ღ ა მ ე ~ „ხევისთავის ლოდი” გახსოვთ, არა? მდინარის ფსკერისკენ რომ ექაჩებოდა საწყალ თეიმურაზს; ჩემს შემთხვევაში ეს ლოდი ყელზე ჩამოკიდებული კი აღარაა, გაიზარდა ~ ბეტონის ნაჭრისხელაა; ძილის წინ ვგრძნობ, მისი სიმძიმე როგორც ცდილობს ჩემს გასრესვას. ,,მე ვგდივარ პატარა, უსუსური…” ცხოვრამ კი გული იჯერა ჩემზე მისვლა-მოსვლით, დიდოელი ლუკის ნაბადივით გათელვით; თუმცა ის, ცხოვრება, ტყუვდება, რადგან გათელილი არ ვარ: ჩემში სულ არის ნაჩუქარი თუ საიდან, არ ვიცი, გამოხმობილი სიცოცხლის ენერგია. არა, ეს ენერგია ნამდვილია და ჩნდება ყოველ დილას…

დ ი ლ ა ~ „ტომი და ჯერი“ ყველას გინახავთ; მასკულინური წრუწუნა როგორ „ათამაშებს“ კუნთებს. ახლა ეს გადავიტანოთ სულიერ პლანში და ძილის მისტიკური სამყოფელიდან რეალურ სამყაროში დაბრუნებულ „ხევისთავსაც“ თვალნათლივ დაინახავთ. მისთვის ჰამლეტისეული დილემა მზის შუქმა გადაწყვიტა ან როგორც ამბობს იუკიო მიშიმა, „გამთენიის იისფერმა ბინდმა“; ძარღვებში ერთბაშად შემოდის სიცოცხლე, ანუ „რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა…“ სასოწარკვეთა „გადამალულია“ საგულდაგულოდ, როგორც ერთ დროს საბჭოთა დახლებზე ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ძვირიცაა და „შავი დღისთვის“ შენახულიც. განა, ასე არ ვინახავთ ფულს, ძვირფას ჭურჭელს, ტანსაცმელს განსაკუთრებული მომენტისთვის?! ის „განსაკუთრებული დღე“ კი შეიძლება არც დადგეს და მავანს ოხრად დარჩეს კანკალით გადანახული ბიტკოინები თუ ოქროს ზოდები. ცხოვრება აწმყოა!!! დანარჩენი ან უკვე აღარ არის, ან ჯერ არ არის…რატომ გვავიწყდება, რომ ყველა დღე განსაკუთრებული უნდა იყოს?!
ჰოდა, „წრუწუნამაც“ ისწავლა ამ წუთის ფასი, რომელშიც, დრო რომ მოვა, მთელი მისი ცხოვრება ჩაეტევა. ამიტომ მას დილაობით დიდი გული და იმხელა „მუსკულები“ აქვს, რომ თავსდამხობილ ლოდს ძალოსანივით ასწევს, აამსუბუქებს და წარმოიდგინეთ, თუ გულის მოულოდნელ რეჩხებსა და ჩხვლეტებს არ ჩავთვლით,ისე დააქვს მთელი დღე ხელში ატატებული, თითქოს „ავიწყდება“ კიდეც მისი სიმძიმე.
თვის ხელში აყვანაში ისე გამოიწრთო, „ყოფნა, წრუწუნჯან!“ შეძახილი აღარც სჭირდება.

P.S. ნაწერს „ავხედე“ და მიუხედავად „ღამის“ სასოწარკვეთილი სიმძიმისა, „დღე“ ვრცელიცაა და ერთგვარად, ოპტიმიზმის არცთუ ყალბი მცდელობებითაც.
გადაქანცულობის „ჟანგის“ მიუხედავად, ზოგს მაინც თვალში ეჩხირება მისი ნებისყოფის „სპილენძის ბზინვარება“.
წრუწუნა კი ამშვიდებს მათ:
~ ნუ ღელავთ…მე თქვენსავით უკვდავი არა ვარ! დიდი-დიდი, ხუთი-შვიდი წელი „გავქაჩოო“ ასე; თან შიშით თვალზე ხელს იფარებს; თან ამ აფარებული ხელის თითებიდან იჭყიტება, საფრთხე არ იყოსო რამე.
იქნებ, მართლაც, საუკეთესოა, რომ არავინ ვიცით, ხვალ რა მოხდება.
ვინ გადარჩება, ვინ მარად „გაბრწყინებულ/ ნეტარი“ დარჩება და ვის მოინელებს წუთისოფლის „სტომაქი“; ან ვერ მოინელებს, იონასავით.
„მოდი, ვაქციოთ ვეშაპის მუცელში ყოფნა თვგადასავლად და არასდროს დავკარგოთ იმედი სამშვიდობოს გაღწევისა, ორთავ სოფელსა შინა!“ ~ ფიქრობს წრუწუნა და ცდილობს, თავზე წამომხობილი ლოდის ქვეშ გვერდი იბრუნოს…
…მას ხომ (ალბათ) „დილის ქვეყანაში მოგზაურობა“ ელის, არაა?!

 

წიგნის ჭიის აღსარება

ჩემი შემოდგომა მოვიდა…
ყოველთვის „შემოდგომა“ ვიყავი, თვით ბავშვობაშიც სიკვდილზე მაფიქრალი, თუმცა როგორც სიცოცხლის დიდ საიდუმლოზე და არა როგორც ახლა ვფიქრობ, – დიდ ბანალურობადაც მიმაჩნია ეს „ნეშომპალობა“ და მიწას შეზრდა. დაბადებულიც შემოდგომაზე ვარ და სიმბოლურია ალბათ.
არასდროს მყვარებია „ზედაპირი“, ყოველთვის „სიღრმეებისკენ“ მიმიწევდა გულისთქმა, ურთიერთობები იქნებოდა ეს თუ სამყაროს აღქმა. იქნებ ეს ჩემი, სხვებზე უფრო ტვირთმძიმე, წუთისოფელიც ამის ბრალია. თუმცა დღემდე ბოლომდე ვერ ამოვხსენი ტანჯვის არსი…
არასდროს მხიბლავდა დროებითი განცდები თუ სიამოვნებები. ეს ვიღაცისთვის შეიძლება კომფორტია, თავდავიწყება, ჩემთვის ფუჭი ხარჯვა დროისა. ახლა ვფიქრობ და, იქნებ ამიტომ არ მდომებია წითისოფლის ყველაზე დიდ საცდურთაგანი – სიმდიდრე?
პოეტი არ ვარ, თუმცა ბავშვი მრავალმხრივ ნიჭიერი ვიყავი („რატომ დავუკარგო, აბა?!“) და ლექსებიც მიწერია. ამიტომ პოეზიის „საზომი“ ჩემთვის უზენაესია, სულის შეფასება იქნება ეს თუ მოვლენისა, მსოფლიო კონტექსტშიც კი.
აღარც რომანტიკოსი ვარ და აღარც იდელისტი, ეს თანდაყოლილი და შემდგომ წიგნით გამრავაფრეოვნებული მიდრეკილებები სადღაც, სულის სიღრმეში გადავმალე, რადგან მათზე აწყობილ ცნობიერებას ვერაფერს ვუხერხებ. დღეს უკვე ვიცი, რომ ყოფამ შეიძლება გაანადგუროს ადამიანი და მხოლოდ ვაჟანაირი უძლებს მის წნეხს, იმარჯვებს, საბოლოო ჯამში, ოღონდ მხოლოს სულიერად, ხორცი მარცხდება. თუმცა გამარჯვება მაინც სულს ეკუთვნის ხოლმე და არა სხეულს, რადგან მდარეა ყოველივე ხორცისმიერი ხანგრძლივ პერსპექტივაში.
ამდენ „ქარტეხილებს“ გავუძელი, ვუძლებ და სიმშვიდითა და ბედნიერებით არც ახლა მანებივრებს ცხოვრება, „მარად ურიას“, თუმცა გალაკტიონის ამ ლექსის სიკვდილამდე მიმდევარი ვიქნები. იქნებ ის შემდოგომაზეა დაწერილი, ნუ, სააზროვნოზე, ასაკობრივ პლანში მაინც; გალაკტიონსაც ხომ ასე ხიბლავდა სულისა თუ დროის ეს, პერიოდს არ ვიტყოდი, უფრო „განზომილება“:
„თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.“
ზღვაზე უფრო მთა მიყვარს, „პაპიროზის“ მოწევაც არ მხიბლავს, თან ყოფასაც ვებრძვი ჩემებურად, რომ ქვეშ არ დამიტანოს, ე.ი. უკვე პრაგმატიზმიც არ მაკლია, მაგრამ ამ ლექსისადმი ერთგულება ხომ იდეაშია, არა?!
ჰოდა, სწორება იდეებზე, ნუ, შემოდგომობით მაინც, როცა ასე თვალშისაცემია ყოფიერების ცრემლი და სევდა, წარმავალობის, სიკვდილის მკაცრ მშვენიერებაზე…

 

დაბოლოს, სწორედ შემოდგომაზე დასაწერი მინიატურა

საღამოს, დაბნელებულზე, სავარჯიშოდ გავედი სკვერში; თან ნაგვის პარკი და პლასტიკატის ნახვრეტებიან/ყურიანი შავი კალათაც წვიღე, რომლითაც ჟოლო ვიყიდე; ვიფიქრე, ბოსტნეულის მაღაზიას იქნებ სჭირდება და რატომ გადავაგდო-მეთქი. არადა, ჩემს ბინაში არანაირადაა ზედმეტი ნივთის ადგილი, ისეთი სკულრპულოზურობითაა განაწილებული სივრცე.
გადავყარე ნაგავი და შევაღე ბოსტნეულის პატარა მაღაზიის კარიც. არ გვჭირდებაო, მომიგო დაღლილმა გამყიდველმა.
– კარგი, გადავაგდებ აქვე, ბუნკერში…
დანანებით მივუგე მე, ის-ის იყო წამოსვლაც დავაპირე, რომ კარის დახურვაზე იქ მდგომი უხეში გარეგნობის კაცი შემეწინააღმდეგა. მგონი, ტვირთმზიდავია მათთან. გარეგნობა მოკლედ რომ აღვწერო, აი, ჩემს ბავშვობაში ექიმ აიბოლიტისა თუ ჰიტლერისულვაშებიან/სომხურცხვირიანი და სათვალიანი ნიღაბი იყიდებოდა, წამსვე რომ გაქცევდა ამ გამოგონილ, ჰიპერრეალისტურ, პერსონაჟად. ჰოდა, ეს ღარიბულად, თუმცა თბილად ჩაცმული ადამიანი ცოცხალი ხორცშესხმა იყო იმ ნიღბისა, შეჭაღარავებული ულვაშებიანად.
– რას ამბობ, რას გადააგდებ?!
– აბა, რა ვქნა?!
– მომეცი მე, სახლში წავიღებ, ყვავილს ჩავდგამ და დავკიდებ!
– უი, რაზეა საუბარი, ინებეთ!
აქეთ მე გამიხარდა, რომ ამ, ასე თუ ისე, მოლამაზოსავით, თუმცა, ცოტა არ იყოს, პირქუშ ნივთს არ გადავაგდებდი და პირქუშივე გარეგნობის კაცს მივცემდი, რომ გამოეყენებინა.
მერე, გზა რომ გავაგრძელე, მივხვდი, რამაც გამახარა ასე.
ეს კაციც, როგორც უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, სოციუმის სიმძიმით „წელშია მოხრილი“, ამ კაცის შემთხვევაში კი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, მას შენარჩუნებული აქვს სულიერი სიფაქიზე, რადგან მან, კაცმა, უხეში ბუნებისამ და წესით, ჩვენს ხისტ რეალობაში უფრო გაუხეშების პერსპექტივის მქონემ, კი არ მითხრა, რომ ხახვს ან ნიორს, ან კარტოფილს ჩავყრიო მაგ კალათაში, ყვავილი მიხსენა და მასზეც იზრუნა, თავზეც და აგერ, ჩემზეც, ასე რომ გამომიკეთა განწყობა.
ყველა ასეთ კაცს (ამჯერად ეს განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელია და ქალსაც მოიაზრებს) გაუმარჯოს (გაემარჯვოს) ამ უბედურ ქვეყანაში, საკუთარ თავში მშვენიერების წყურვილს რომ ინარჩუნებს. ეს ღვაწლია ჩვეულებრივი და სწორედ ამ ღვაწლის გამო წარმოვიდგინე, როგორ უყვარს ეს საწყალი („საწყალთ საწყლობა რომ მესმის…“) კაცი ღმერთს, თუნდაც ძვირადღირებული ავტომობილების ფასებისა თუ მარკების ზეპირად მცოდნე/მქონე კაცზე უპირატესად; მეზვერესავით, ფარისევლისა და მეზვერის იგავიდან…
P.S. მერე შეიძლება მაგ კაცს ფოტო გავავუღო, სულ მაგ მაღაზიაშია და კიდევ ერთი ფოტონოველაც მექნება…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...