შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად: Magic e

0

ბევრი ჩვენგანი კითხვის დაწყებას წიგნების კითხვის დაწყებასთან აკავშირებს. სინამდვილეში ის ფურცელზე დაბეჭდილი სულ რამდენიმე ბგერის ამოცნობით იწყება, რომლებიც ერთიანობაში სიტყვას ქმნიან. ვიდრე ბავშვი სიტყვას ამოიკითხავს, უნდა გაიგოს, როგორ ერთიანდება ბგერები სიტყვად და როგორ ცვლის ერთი ასო ზოგჯერ სიტყვის მთელ ჟღერადობასა და მნიშვნელობას.

 

ინგლისურის სწავლებას ბევრი მასწავლებელი (და ხშირად მშობელიც) კლასიკური მეთოდით – ანბანით იწყებს –  “A”, “B”, “C”. მაგრამ ბავშვი, რომელიც მხოლოდ ასოების სახელებს იცნობს, ხშირად იბნევა, როცა სიტყვების ამოკითხვას ცდილობს. სწორედ აქ ჩნდება განსხვავება ასოს და ბგერას შორის.

 

მთავარია, გავიაზროთ, რომ სიტყვა ეს მხოლოდ და მხოლოდ ბგერების შეკავშირება, მოგვიანებით კი, ამის გააზრებაში მოსწავლეებსაც დავეხმაროთ. როდესაც მოსწავლე სწავლობს, რომ “B” ჟღერს როგორც /b/, “A” – /æ/, და “T” – /t/, ის თავად აყალიბებს სიტყვას bat. ეს მოსწავლეებს კითხვის დაწყებისას დამოუკიდებლობასა და თვითრწმენას უვითარებს. ამის საპირისპიროდ, ასოების სახელებზე ფოკუსირება ქმნის მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას: ბავშვი შესაძლოა შესანიშნავად ცნობდეს ასოებს, მაგრამ ვერ უკავშირებდეს მათ შესაბამის ბგერას. ბგერებზე ფოკუსირებული სწავლება კი მას აძლევს იმ სისტემას, რომელიც ყოველ ახალ სიტყვაზე კანონზომიერებით მუშაობს.

 

ფონეტიკის სწავლებისას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი Magic e-ს სწავლებაა. ეს ერთი „უპრეტენზიო“ ასოა, რომელსაც სინამდვილეში ძალიან დიდი ძალა აქვს და ერთმარცვლიან სიტყვებში გამოჩენისას ყველაფერს ცვლის. Magic e არის იგივე Silent e. როცა “e” სიტყვის ბოლოს ჩნდება, ის არ იკითხება, მაგრამ ახანგრძლივებს წინ მდგომ ხმოვანს.

მაგალითად:

cap → cape /kæp/ → /keɪp/

hop → hope /hɒp/ → /hoʊp/

kit → kite /kɪt/ → /kaɪt/

mad → made /mæd/ → /meɪd/

“e” თითქოს ჩუმად დგას, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას. ამიტომ მასწავლებლები მას „ჯადოსნურ“ ასოს უწოდებენ. მოსწავლეებისთვის ამის აღმოჩენა თითქმის ექსპერიმენტია: ისინი ხედავენ, როგორ ცვლის ერთი პატარა ასო მთელი სიტყვის ჟღერადობასა და მნიშვნელობას. თუკი მოსწავლეებს აჩვენებთ რომ “e”-ს გარეშე წინა ხმოვანი მოწყენილი და დათრგუნულია და ამის გამო მხოლოდ მოკლედ ამბობს თავის სახელს, ბავშვები ამ წესს სიყვარულით აითვისებენ.

 

Magic e-ს სწავლებისას მნიშვნელოვანია თამაშებისა და ინტერაქციული აქტივობების სწორად და სახალისოდ დანერგვა, რათა მისი მაგიურობა შევინარჩუნოთ და ბავშვებსაც ასე დავამახსოვროთ. დაიწყეთ მარტივი ექსპერიმენტით: დაწერეთ სიტყვები ბარათებზე: cap, hop, mad, kit, და მოსწავლეებს სთხოვეთ,  წაიკითხონ. შემდეგ (აუცილებლად სხვა ფერით) ბოლოში “e” მიაწერინეთ და ერთად დააკვირდით, როგორ იცვლება ყველაფერი. თითქოს მათ თვალწინ სიტყვები ცოცხლდებიანო, hop ხდება hopemad – made. ეს ცვლილება ბავშვებისთვის ჯადოსნურია, და თამაში წესის ემოციურ გააზრებაშიც ეხმარებათ.

 

კიდევ ერთი ეფექტური გზა წესის დასასწავლად Magic e ბინგო. შექმენით ბინგოს ბარათები, სადაც ზოგი სიტყვა შეიცავს Magic e-ს, ზოგი — არა (cap, cape,hat, hate, kit, kite, not, note, cub, cube, cut, cute, pet, Pete, hop, hope). თქვენ კითხულობთ ხმამაღლა, მოსწავლეები კი მონიშნავენ შესაბამის სიტყვასა და ფორმას. თამაშისას ისინი ხმოვანთა სიგრძეზე ფოკუსირდებიან და ყურადღებას იმ ბგერით განსხვავებებზე ამახვილებენ, რომლებიც ჩვეულებრივ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ ხოლმე.

 

უფრო შემოქმედებითი მიდგომა Magic e თეატრი. მოსწავლეები ასრულებენ სიტყვებს მოძრაობით: ერთი თამაშობს ხმოვანს (“a”), მეორე თანხმოვანს (“p”), ხოლო მესამეს ეძლევა „ჯადოსნური e“-ს როლი. როცა “e” სცენაზე შემოდის, ხმოვანი გრძლად იწყებს ჟღერადობას.

 

Magic e-ის სწავლება სწორედ ამ თამაშებსა და ექსპერიმენტებში იძენს ნამდვილ ძალას. როდესაც მოსწავლე აღმოაჩენს, რა შეუძლია ერთ უპრეტენზიო ასოს, დაიწყებს ფონეტიკის კანონების დანახვასაც. სწორედ აქედან იბადება ნამდვილი ინტერესიც კითხვისადმი, მანამდე, სანამ წიგნებამდე მივიდოდეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

არდადეგები დავალებად

0

ზაფხულის არდადეგები ყველაზე მნიშვნელოვანი დროა დასვენებისთვის, თავგადასავლების ძიებისა თუ თვითგანვითარებისთვის. განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და მშობლები დღემდე კამათობენ საზაფხულო დავალებების მოცულობასა და შინაარსზე. ჩემი აზრით, ზაფხულის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად დასვენებას უნდა დაეთმოს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამი თვე თუ არაფერი ვაკეთეთ, გასული წლის განმავლობაში შეძენილი სასწავლო უნარ-ჩვევები შესაძლოა ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებით საფეხურზე, ამიტომ ყოველთვის ბევრს ვფიქრობ არდადეგების დავალების თემატიკაზე, ფორმასა თუ შინაარსზე. ზაფხულში მეცადინეობის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სასურველია, დავალების ფორმატი მუშაობის პროცესში ოჯახის წევრთა ჩართვის შესაძლებლობასაც იძლეოდეს ან მათთვის ემოციების გაზიარების სურვილს აჩენდეს. ასეა თუ ისე, საზაფხულო არდადეგების დავალების შედგენის დროს მასწავლებლებს მართლაც მეტი დაფიქრება გვმართებს.

ჩემს საგანში თითოეული სასწავლო საფეხურისთვის ფრთხილად ვარჩევ საზაფხულო საკითხავს, მერე კი მას შეძლებისდაგვარად მრავალფეროვან, დინამიკურ დავალებებს მივუსადაგებ. ყველაზე მეტად მერთულება პირველკლასელთა დავალების შედგენა. მათთვის აუცილებელია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად იკითხონ და წერონ, რადგან  ჯერ სათანადოდ არ აქვთ განმტკიცებული წერა-კითხვის ტექნიკური უნარ-ჩვევები. თუმცა აუცილებელი სულაც არ ნიშნავს რუტინულს, ამიტომ პირველკლასელებისთვისაც ვადგენ  საკითხავი ლიტერატურის სიას და მრავალფეროვან დავალებებს.

სამწუხაროდ, ახალბედა მკითხველებისთვის შესაფერისი ლიტერატურის სია მწირია, თუმცა მაინც მოიძებნება ლიტერატურული თუ ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ადაპტირებული კრებულები, რომელთა მოცულობა, ლექსიკა თუ შინაარსი შვიდი წლის მკითხველების ინტერესებსა და საჭიროებებს ესადაგება. თუ თქვენს მოსწავლეებს შორის არიან ახალბედა მკითხველები გაწაფული კითხვის უნარებით, შეგიძლიათ, მათ უფრო ვრცელი ამბები შესთავაზოთ, მაგალითად, დონალდ ბისეტის „ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა“, ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ ან ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.

პირადად მე პირველი კლასიდანვე ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები მკითხველის ჩანაწერების კეთებას შევაჩვიო. ვურჩევ, ყოველი ზღაპრისა თუ მოთხრობის, წიგნის ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ სასწავლო საფეხურის შესაბამის რვეულში ამოიწერონ პერსონაჟთა სახელები, დახატონ რჩეული გმირები და ჩაწერონ რვეულში მათი თვალსაჩინო თვისებები (მაგალითად: „წითელქუდა არის მზრუნველი (ბებოსთან საჭმელი მიაქვს) და გულუბრყვილო (მგელს ენდო)“), შეაფასონ წაკითხული ტექსტი მარტივ კონსტრუქციაზე („მე ამ ზღაპარში/წიგნში მომეწონა… არ მომეწონა…“) დაყრდნობით, დააფიქსირონ კითხვისას აღძრული ემოცია („მე ამ ზღაპარმა/წიგნმა გამამხიარულა, დამაფიქრა, დამამწუხრა“ და ა.შ.), მოაწყონ მკითხველთა თეატრი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით დამზადებული ქაღალდის თოჯინებით და სხვ. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს თავად ზაფხული დავახასიათებინოთ (როგორია ზაფხული? რა ხდება ამ დროს მნიშვნელოვანი? მიყვარს თუ არ მიყვარს ზაფხული? რატომ?).

მეორე კლასიდან საკითხავი ლიტერატურის არჩევანი უფრო დიდია და უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული დავალებების შედგენის საშუალებაც გვეძლევა. მკითხველის დღიურის წარმოებას ყველა კლასში ვითხოვ, თუმცა საკითხავი წიგნების რაოდენობა და შესასრულებელი დავალებები ასაკის შესაბამისად რთულდება. აი, მაგალითად:

ახალი საბავშვო გასართობების მოსინჯვა გნებავთ? ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში ამის მეტს რას ნახავთ?! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი შვედი მეზღაპრის დაუვიწყარ პერსონაჟთა უსიამოვნო გამოცდილებას გაითვალისწინებთ და საკუთარ თავზე მხოლოდ სახალისო თავგადასავლებს გამოცდით. როცა ლინდგრენის წიგნებს კითხულობთ, შეგიძლიათ, იყოთ მეტისმეტად ბავშვური, მორწყათ ყვავილები წვიმაში ან გალუმპვამდე იხტუნოთ გუბეებში, წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ მეკობრეობანა, ანგელოზობანა ან ექიმობანა, თქვენი სათამაშო მაიმუნი ბატონ ნილსონად აქციოთ ან მეგობრებს ცხენის (იმედია, ეს ცხენიც სათამაშო იქნება) აწევაში შეეჯიბროთ. შეგიძლიათ, ესტუმროთ დეიდა ბერგივით კეთილ მეზობლებს, რომლებიც ბავშვებს დიდებივით უმასპინძლდებიან, შეადგინოთ ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმა (პერსონაჟების ან პირადი), მერე კი მოგზაურის წიგნაკი შექმნათ (წიგნაკში უნდა ჩაიხატოთ პერსონაჟების ან თქვენ მიერ მონახულებული ადგილები და ნახატებს მოკლე ჩანაწერები დაურთოთ). წიგნის გმირების მსგავსად, ალბათ თქვენც ესტუმრებით ბებიას და პაპას და გირჩევთ, მათთან გატარებული მნიშვნელოვანი დღეების დღიურში ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.

კულინარიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ, ამოიწერონ პერსონაჟთა მიერ დაგემოვნებული კერძები, მოიძიონ რეცეპტები და ოჯახის წევრებთან ერთად სცადონ მათი მომზადება. მაგალითად, თუ მარია ფარის „ვაფლის გულებს“ კითხულობთ, სამაგიდო თამაშებით გულს რომ იჯერებთ, შეგიძლიათ, მოიძიოთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, ოჯახის წევრებთან ერთად გამოაცხოთ და ბებოების მოთუხთუხებულ მურაბასთან ერთად მიირთვათ. პეპის მაჭკატები ხომ არ დაგავიწყდათ? კარლსონის მურაბები ან შემწვარი გუფთები?.. დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნში იპოვით თქვენთვის საინტერესო გემრიელობას და ზაფხულის დასასრულს თქვენ მიერ მოძიებული რეცეპტების ერთგვარ კულინარიულ წიგნად შეკვრასაც შეძლებთ.

დაწყებით საფეხურზე ზაფხულში წასაკითხი წიგნებიდან ასევე გამოვარჩევ ანე-კატერინე ვესტლის  დაუვიწყარ ამბავს ხელმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე დიდ ოჯახზე, სადაც მუდამ რვა ბავშვის შესაფერისი აურზაურია. იმდენი სათავგადასავლო დავალების იდეა მომდის თავში, რომ ბავშვები არჩევანის სიმწირეზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეადგინონ „დიდედას მარშრუტი“ იმ თავის მიხედვით, რომელშიც დიდედა ტრამვაითი გასეირნებას გადაწყვეტს ან „დაემგზავრონ“ წიგნის პერსონაჟებს და ლაშქრობაში, საბარგო მანქანით თუ არა, კარვებით წავიდნენ, ტყეში კენკრა მოაგროვონ და მოგზაურის დღიური აწარმოონ (წერილობითი ან ვიდეო). თუ სოფელში დასვენებას გადაწყვეტენ (წინაპართა სახლში საჩხირკედელაოს რა გამოლევს), შეუძლიათ, პერსონაჟების მსგავსად, უფროსებს სახლის შეკეთებაში დაეხმარონ ან ხის ძველი იატაკი და კარ-ფანჯარა სასურველი ფერის საღებავით შეღებონ. გალამაზებულ სახლში სტუმრების მოწვევასაც აღარაფერი უდგას წინ. ჰოდა, ამ წიგნში ისეთ საინტერესო თამაშებს აღმოაჩენენ, პატარა სტუმარს დიდად რომ აგრძნობინებს თავს, უფროსებს კი ბავშვობაში ამოგზაურებს.

თუ ზაფხულში ბევრს მოგზაურობთ, მაშინ მოგზაურის რუკის შედგენას გირჩევთ. აირჩიეთ ერთი ქალაქი, სოფელი ან სალაშქრო ადგილი, რომელსაც ზაფხულში ესტუმრეთ და შეადგინეთ იმ ადგილის რუკა. ფურცელზე მონიშნეთ/დახატეთ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ნახეთ, დანომრეთ თქვენ მიერ დახატული ადგილები და რუკას დაურთეთ მათი მოკლე აღწერა შესაბამისი ნომრების მითითებით. მოგზაურს მხოლოდ რუკა არ ეყოფა, მან ასევე უნდა ჩამოწეროს საჭირო ნივთების სია, რომლის შემადგენელი ნაწილია საგზალიც. ჩამოწერეთ სასარგებლო სასუსნავების სია, დაფიქრდით, რომელი ჯანსაღი საკვები გეჩვენებათ ყველაზე გემრიელი და საგზალი გაამზადეთ.

თუ მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ ზაფხულს ლაშქრობის დაგეგმვა ვერ მოახერხეთ, გული არ დაგწყდეთ. იმ სოფლის სახლის ეზო დალაშქრეთ, რომელსაც ესტუმრებით. ჯერ ეზოს დეტალური რუკა შეადგინეთ, მოიარეთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული და მონიშნეთ რუკაზე ყველა „სტრატეგიული ობიექტი“, მერე კი მოძებნეთ საუკეთესო საპიკნიკე ადგილი (მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ვენახი) და მოლაშქრის შესაფერისი სუფრა გაშალეთ. დამიჯერეთ, სამზარეულოდან აწაპნილ ყველისა და პურის ნაჭერს, ნაკვერჩხალზე შემწვარ „მოპარულ“ სიმინდს, ბოსტანში ნაპოვნ კიტრსა თუ ხიდან საკუთარი ხელით მოკრეფილ ხილს დაუვიწყარი გემო აქვს.

ძნელი წარმოსადგენია არდადეგები საოჯახო კინოთეატრის გარეშე. რა სჯობია ერთად სახალისო ფილმების ყურებას, საერთო ემოციის განცდას და შთაბეჭდილებების გაზიარებას! სამწუხაროდ, დაწყებით საფეხურზე ქართულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს იშვიათად უყურებენ, ამიტომ საკითხავ ლიტერატურას ხშირად არდადეგებზე სანახავი ფილმების სიასაც ვურთავ. ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც მოსწავლეებს ვურჩევ, არის „არდადეგებზე“, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1962 წელს გადაიღო. მოსწავლეებს ვთხოვ, ფილმის ნახვის შემდეგ წერილი მისწერონ პერსონაჟებს. ძალიან მაინტერესებს, რას ურჩევენ მოუსვენარ და-ძმას, როგორ შეაფასებენ მათი მამის გადაწყვეტილებას, რით გაამართლებენ ან გაამტყუნებენ მათ ამა თუ იმ საქციელს. უფროსკლასელებს აუცილებლად დავაფიქრებ ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩანს ქალაქიდან ჩამოსული მშობლისა და შვილების და სოფელში მცხოვრები როსტიასა და მამამისის ურთიერთობის ამსახველ სცენებში. უმცროსკლასელებს ფილმის აფიშის დამზადებას ვთხოვ, უფროსებს კი – ფილმზე მოკლე რეცენზიის დაწერას. თუ რომელიმე მოსწავლე ფილმის გადაღების ტექნიკური საკითხებით დაინტერესდება, მას კინემატოგრაფიის ისტორიის მოძიებას შევთავაზებ. ჩვენს თაობას კი ახსოვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მოზარდებს არ ეცოდინებათ, რომ ძველად ფილმებს ფირზე იღებდნენ, რომ თავიდან კინო იყო შავ-თეთრი და „მუნჯი“. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო დავალების შეთავაზება შეიძლება კინოს სათავეებთან მიბრუნებული მოსწავლეებისთვის…

ზაფხულის მიწურულს ერთგვარი მოგონებების სკივრის შექმნას გირჩევთ. მაინც როგორ უნდა შეინახოთ ზაფხული? როგორ და, უნდა შეაგროვოთ სამახსოვრო ნივთები/სუვენირები (მუზეუმის ან სხვა ადგილების ბილეთები, სამოგზაურო რუკები, მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები, ნიჟარები და სხვ.), ზაფხულის ფერები და სურნელი (მცენარეები/ყვავილები), განსაკუთრებული დღეების ამსახველი ფოტოები და მოათავსოთ თემატურად გაფორმებულ ალბომში ან მუყაოს ყუთში. თითოეულ „ექსპონატს“ მიამაგრეთ ბარათი მოკლე ჩანაწერით (საიდანაა ეს ნივთი, რითია მნიშვნელოვანი და ა.შ.). ალბომს/ყუთს აუცილებლად დააწერეთ თარიღი. გავა წლები და ეს ნივთები თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან ამბებს, ფერებს და განწყობებს გაგახსენებთ.

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლისკენ მიმეჩქარება. იმ დავალებებს, რაც ჩემი მოსწავლეებისთვის შევადგინე, როგორც წესი, თავადაც ვასრულებ და სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად წარვადგენ. სხვა თუ არაფერი, მოგონებების ალბომს აუცილებლად შევადგენ. მერე რა, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ. ზაფხული მასწავლებლებსაც ისევე გვახარებს, როგორც მოსწავლეებს. ჰოდა, თქვენც ბედნიერ, მრავალფეროვან და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

გოგონა, რომელსაც მზე ახსოვდა – რეი ბრედბერის მოთხრობა „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ – ბავშვებისთვის დატოვებული საფიქრალი

0

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მზე – რას გრძნობთ? რას ფიქრობთ?

ასე ვიწყებ რეი ბრედბერის შესანიშნავი მოთხრობის „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ გაცნობას.

ბავშვები მზის შესახებ საკუთარ ასოციაციებსა და განცდებს ხმამაღლა აჟღერებენ. შემდეგ ვთხოვ, ახლა წარმოიდგინონ ადგილი, სადაც მზე მხოლოდ ერთი საათით, ისიც შვიდ წელიწადში ერთხელ ჩნდება.

ძალიან უკვირთ, იცინიან, როგორ შეიძლება მას, ხომ დავიხოცებით – ამბობს ერთი, და იწყება მეცნიერებისა და ფაქტების სხაპასხუპით არგუმენტირება, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, რომ მზის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს.

ვუსმენ, ვუსმენ და ბოლოს ვეუბნები, რომ მხატვრულ ლიტერატურაში შეზღუდვები არ არსებობს და მწერალი ყოვლისშემძლეა, როგორც უნდა და რასაც უნდა, ისე დაწერს, ის პატარა ღმერთია თავისი სამყაროსთვის. და იმასაც დავძენ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები თავის დროზე წინასწარმეტყველებდნენ დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესს, როგორებიცაა, მაგალითად – რობოტები, ხელოვნური ინტელექტი, მანქანები..

და აი ვაცნობ რეი ბრედბერს, ამ საოცარ მწერალს.

და ვთხოვ მოსაზრებები გამოთქვან რაზე იქნება მოთხრობა: „მთელი ზაფხული ერთ დღეში“.

მოთხრობა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია, განსაკუთრებით დასასრული, რომელიც მკითხველს უამრავ საფიქრალს უტოვებს. შესანიშნავი საშუალებაა ბავშვები ტექსტის გაგრძელებაზე დავაფიქროთ. აქ პერსონაჟები ისეთი ცოცხლები, ისეთი ხელშესახებნი არიან, განსაკუთრებით კი მარგო: „მარგო მარტო იდგა. ის ძალზე ავადმყოფური შესახედაობის გოგონა იყო; ისე გამოიყურებოდა, თითქოს დაიკარგა და მრავალი წელი გაატარა წვიმაში, რომელმაც მისი თვალებიდან – ცისფერი, პირიდან – წითელი და თმიდან – ყვითელი ფერი მთლიანად გადარეცხაო. ძველი ალბომის მტვერდადებულ, გაცრეცილ ფოტოს ჰგავდა, თუ დაილაპარაკებდა, მოჩვენებასავით ჩუმი ხმა გაისმოდა“.

მარგო საოცარი გოგონაა, მეოცნებე და მზის მომლოდინე. დედამიწიდან ოთხი წლისა წამოიყვანეს პლანეტა ვენერაზე, სადაც მზე მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ, ერთი საათით ჩნდებოდა… მარგოს მზე ახსოვდა, მზე უყვარდა – სწორედ ამით განსხვავდებოდა ის თანაკლასელებისგან, რომლებსაც მზე არ ახსოვდათ, რადგან, როცა უკანასკნელად ნახეს მხოლოდ ორი წლისები იყვნენ. ამიტომ მარგო სძულდათ და შურდათ მისი, განსხვავებულის მიუღებლობა და სიძულვილი ძალიან კარგად ჩანს ამ ტექსტში და მშვენიერი სამსჯელო თემაა. ასევე კარგად ჩანს ბულინგი, ჩაგვრა – რომ მჩაგვრელს ვერავინ უბედავს შეპასუხებას და ყველანი იქცევიან მზის მოყვარული, მომლოდინე გოგონას ჯალათებად, როცა მზის გამოსვლის წინ მას საკუჭნაოში კეტავენ.

ტექსტი ძალიან სიმბოლურიცაა, რადგან მზე – სიყვარულის, სინათლის, სიკეთის სიმბოლოა. ამ კონტექსტში მოთხრობის გააზრება ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მიგვიყვანს. როგორ შეიძლება სინათლე ჩაკეტო, როცა მას ადამიანი ასხივებს? შეიძლება თუ არა დაატყვეო სიმართლე? დაატყვეო სიკეთე? მარგო მზის მატარებელია, მზე მასშია და თუ სხვა ბავშვები მთელი შვიდი წელი მზეს ნატრობენ, მარგოს მზე ნანახი აქვს, ახსოვს და ატარებს მას. გამორიცხულია მზე ერთხელ ნახო და ის შენში არ გადმოვიდეს, მისი რაღაც ნაწილი შენ არ დაიტოვო. შეიცვლებიან თუ არა ბავშვები მზის ნახვის შემდეგ? – ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანს ამ საკითხზე საუბარი.

კარგი იქნება, თუ კითხვის პროცესიც პატარა თავგადასავლად გადაიქცევა. საკლასო ოთახში მოვაწყვეთ პატარა სივრცეები, თითოეულ სივრცეში გავაკეთეთ მინიშნება, რა სივრცეა, ფურცელზე დავხატეთ და კედელზე მივამაგრეთ.

სულ ხუთი სივრცე გამოვიდა: წვიმიანი პლანეტა ვენერა, მარგო, მზე, ბავშვები, საკუჭნაოში.

კითხვას დავიწყეთ პლანეტა ვენერას სივრცეში. ბავშვებს ვთხოვე, რომ აქ მოთავსებულიყვნენ, ვკითხულობდით ნელა, ემოციურად, ვაკეთებდით პაუზებს:

I ნაწილი: პლანეტა ვენერა

„– მზად ხართ?

– მზად ვართ.

– უკვე დროა?

– მალე.

– მეცნიერებმა ზუსტად იციან? ხომ ნამდვილად დღეს მოხდება?

ასეა?

– უყურეთ, უყურეთ, თქვენი თვალით ნახავთ!

ბაღში გადახლართული ყვავილებისა და ბალახის მსგავსად ერთმანეთს მიკრული ბავშვები გარეთ იჭვრიტებოდნენ, დამალული მზისთვის თვალის მოსაკრავად.

წვიმდა.

შვიდი წლის განმავლობაში წვიმდა; ათასობით დღე, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლად ივსებოდა წარღვნით, დოლებზე ბრაგუნის მსგავსი ხმაურითა და თავსხმა წვიმით. კრისტალების მსგავსი წვიმის წვეთები არემარეს ეცემოდნენ, არეტიანებდნენ, ძლიერი ქარიშხლები კი პლანეტას კუნძულებზე მიხეთქებული მოქცევის ტალღებივით თავს ზემოდან ევლებოდნენ. წვიმამ ქვეშ ათასი ტყე მოიყოლა და გაანადგურა; მათ ადგილას, კვლავ გასანადგურებლად, სხვა ათასი წამოიზარდა. ასეთი იყო დროის მარადიული მდინარება პლანეტა ვენერაზე, ერთი საკლასო ოთახისთვისაც, სადაც სწავლობდნენ შვილები კოსმოსური ხომალდებით ჩამოსული იმ ქალებისა და კაცებისა, რომლებიც წვიმის სამყაროში სამუდამოდ საცხოვრებლად და ახალი ცივილიზაციის დასაფუძნებლად ჩამოვიდნენ.

– წვიმა იკლებს, იკლებს!

– კი, კი“.

შემდეგ ვეუბნებით, რომ გადავინაცვლოთ სივრცეში:

I I ნაწილი: „მარგო“.

ამ სივრცეში მარგოს გავიცნობთ, როგორ ახსოვდა მზე და როგორ ელოდებოდა, ლექსიც კი დაწერა:

ვფიქრობ, რომ მზე არის სათუთი ყვავილი,

ერთ საათს ყვავის და უკვალოდ ჩაივლის”.

ტექსტში დაძაბულობა ნელ-ნელა შემოდის, ბავშვები მარგოს ირგვლივ ეხვევიან, დასცინიან მის მოლოდინს, მის რწმენას – რომ აი, დღეს მზე უნდა გამოვიდეს.

გადავდივართ სივრცეში:

III ნაწილი: „ბავშვები”.

ეს ყველაზე მძიმე სივრცეა, დაძაბულობა პიკს აღწევს, უილიამს გამორჩეულად სძულს მარგო, სძულს მისი მზისადმი სიყვარული და სძულს, რომ მარგოს მზე ნანახი აქვს. სწორედ უილიამის გადაწყვეტილებით მარგოს საკუჭნაოში კეტავენ…

ამასობაში კი მზე გამოდის…

გადავდივართ სივრცეში

IV ნაწილი: მზე”.

მზის სივრცე სასურველია, იყოს მზესთან ახლოს, ფანჯარასთან, ბავშვებმა კიდევ უფრო ცხადად რომ იგრძნონ მზის სიმხურვალე, მისი სითბო და ის სიხარული, რაც პლანეტა ვენერაზე მცხოვრებ ბავშვებს დაეუფლებათ შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ.

ოჰ, მზე ამოვიდა! და ბავშვები გადაეშვებიან მზის სხივებთან თამაშის ერთსაათიან ბედნიერებაში….

დრო როგორც ყოველთვის ძალიან სწრაფად გადის და ერთ გოგონას ხელისგულზე წვიმის წვეთი ეცემა … სასოწარკვეთა ისევ ბრუნდება და მზე ნისლების მიღმა იმალება.

ვინაცვლებთ

V ნაწილი: „საკუჭნაოსთან”…

ყველაზე სევდიან სივრცეში, სადაც მარგო ჩაკეტილი გველოდება….

ამბის დასასრული მოულოდნელია, ცოტა დამთრგუნველიც. ბავშვები თითქოს შოკში არიან, უნდათ კიდევ უნდა გაგრძელება, აინტერესებთ მარგოს გრძნობები, განცდები. დიდებულმა რეი ბრედბერმა ზუსტად იცის, სად უნდა შეწყვიტოს ამბავი და სად დაუტოვოს მკითხველს საფიქრალი. ბავშვები თავად მთხოვენ, რომ გაგრძელებას დაწერენ.

პატარა ფილმსაც ვაჩვენებ, რომელიც დიდად ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ განცდებსა და ტექსტის აღქმას აძლიერებს.

https://youtu.be/vHkU-5mUA48

ბავშვები გაგრძელებას ილუსტრაციებსაც უკეთებენ, შემდეგ ხმამაღლა ვკითხულობთ და გვიხარია, რადგან მარგომ შეძლო პატიება. მზე ხომ მასში იყო, დიდი ამბავი თუ ვერ ნახა, მთავარია, მარგო მზეს გრძნობდა და მარგო მზეს ასხივებდა.

აქვე გიზიარებთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას „საბაზე“ :

https://saba.com.ge/books/details/3929

და მაკა ლდოკონენის შესანიშნავ წერილს ამავე თემაზე.

https://mastsavlebeli.ge/?p=17496

ციფრული რევოლუცია და სემიოტიკური კრიზისი

0

ციფრულმა სამყარომ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ნიშანთა სამყაროც. დიახ, ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ ნიშანთა სამყაროში, ვოპერირებთ ნიშნებით და თავადაც ვართ ნიშნები, მაგრამ ყველა აღმნიშვნელს აქვს თავისი აღსანიშნი. მაგრამ რა ხდება ციფრულ სამყაროში, სადაც ჩატბოტი გვესაუბრება იმავე, ადამიანური ნიშნებით, მაგრამ ამ ნიშნების გაცნობიერების გარეშე, უბრალოდ, სიმულაციით. ეს არის ახალი სემიოტიკური მოვლენა: AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ბოდრიარის “მეოთხე რიგის სიმულაკრის” სრულყოფილი მაგალითი: ასლი ორიგინალის გარეშე, ნიშანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან და რომელიც თავად არის  სიმულაკრი.

ფუნდამენტური სემიოტიკური კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ იქმნება მნიშვნელობა ტექსტში, რომელიც ცნობიერების გარეშეა გენერირებული? ტრადიციული სემიოტიკა ეფუძნება ნიშნის, ობიექტისა და ინტერპრეტანტის ურთიერთობას. ხელოვნური ინტელექტის სისტემები კი “სემიოტიკურ სიცარიელეში” ოპერირებენ. ისინი სინტაქსის (ნიშნებს შორის ურთიერთობა) ოსტატები არიან, მაგრამ მოკლებულნი არიან ჭეშმარიტ სემანტიკას (ნიშნების სამყაროსთან ურთიერთობა) და პრაგმატიკას (ნიშნების კონტექსტში გამოყენება).

AI არაფერს “გულისხმობს”; ის ითვლის ტოკენების  სტატისტიკურად ყველაზე სავარაუდო თანმიმდევრობას. შესაბამისად, მნიშვნელობა არ არის დეკოდირებული გამგზავნისგან, არამედ ექსკლუზიურად პროეცირებულია მიმღების (მკითხველის) მიერ. AI ფუნქციონირებს როგორც “სემიოტიკური მანქანა”, რომელიც აგენერირებს სიმბოლოებს, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია და მნიშვნელობის მინიჭება რჩება  ადამიანურ აქტად. AI-ს არ შეუძლია გაიგოს ქვეტექსტი, ირონია ან მეტაფორა; ის ამუშავებს ენას, როგორც სტატისტიკურ თამაშს და წარმოდგენა არა აქვს რეალობის ობიექტებზე და რეალურ განცდებზე.

LLM-ები გაწვრთნილი არ არის რეალობაზე, არამედ რეალობის მასალაზე, “რუკაზე” – ინტერნეტში არსებული ტექსტებისა და სურათების უზარმაზარ კორპუსზე. შესაბამისად,  გამომავალი პროდუქტი არის მოდელის მოდელი, ნიშნის ნიშანი. ეს პროცესი არის “მოდელების მიერ რეალობის გენერაცია საწყისისა და რეალობის გარეშე: ეს არის ჰიპერრეალობა.”

ეს ქმნის ერთგვარ მარყუჟს, “სიმულაკრების AI-ზე დაფუძნებულ უპირატესობას” (AI-driven precession of simulacra). AI აგენერირებს კონტენტს არსებული მედიის საფუძველზე; ადამიანები მოიხმარენ ამ კონტენტს, რაც აყალიბებს მათ შემოქმედებით მგრძნობელობას; შემდეგ ეს ადამიანები ქმნიან ახალ კონტენტს (ან პრომპტებს), რომელიც ასახავს AI-ს გავლენას, რაც თავის მხრივ, მომავალი საწვრთნელი მონაცემების ნაწილი ხდება. ეს აჩქარებს კულტურულ ჰომოგენიზაციას და იწვევს “ორიგინალურობის კრიზისს”, სადაც ხელოვნება ხდება “რემიქსის რემიქსი”, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება განცდილ ადამიანურ გამოცდილებას.

ამ კონცეფციის გაფართოებით, შეგვიძლია ვისაუბროთ “გენერაციულ ჰიპერრეალობაზე” – ახალ ეტაპზე, სადაც AI  ახდენს რეალობის სიმულაციას და, ამავე დროს, ხდება ახალი რეალობების ავტონომიური შემქმნელი, რომელთა კვალიც ადამიანურ გავლენამდე აღარ მიდის.

AI ლიტერატურის სემიოტიკა

AI ლიტერატურის შემთხვევაში მნიშვნელობის შექმნის მთელი ტვირთი მკითხველის პრეროგატივაა. თუმცა, მკითხველები ხშირად მოქმედებენ იმპლიციტური “ჰერმენევტიკული კონტრაქტის” ფარგლებში, ქვეცნობიერად ვარაუდობენ ავტორის არსებობას და ეძებენ განზრახვას მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ ტექსტი მანქანის მიერ არის გენერირებული. ჰერმენევტიკული პროცესი იცვლება. კითხვის – “რას გულისხმობდა ავტორი?” – ნაცვლად, მკითხველმა უნდა იკითხოს: “სისტემაში არსებულმა რომელმა პატერნებმა წარმოქმნა ეს შედეგი?” ან “რას ამბობს ჩემი ემოციური რეაქცია ამ არაემოციურ ტექსტზე ჩემივე პროექციების შესახებ?”. AI ლიტერატურის კითხვა ხდება ალგორითმის ჩრდილის ინტერპრეტაციისა და, ამავდროულად, თვით-ანალიზის აქტი.

ეს უკავშირდება აფექტის თეორიასა და აფექტურ გამოთვლებს (Affective Computing). როგორ აღვიქვამთ ემოციას ან “სიღრმეს” ტექსტში, რომელიც ვიცით, რომ არააფექტური სისტემის მიერ არის შექმნილი? “ემოცია” ტექსტში კი არ არის, არამედ მკითხველში აღიძვრება ტექსტის მიერ ემოციური ნიშნების სიმულაციის მეშვეობით. ემოციური AI-ს კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ AI-ს შეუძლია ადამიანური აფექტების ამოცნობა და სიმულაცია, მას არ გააჩნია შინაგანი, თანდაყოლილი ემოციური მდგომარეობები. ჩვენი ემოციური პასუხი AI ლიტერატურაზე, შესაბამისად, არის პასუხი ოსტატურ ილუზიაზე, რაც მთელ ინტერპრეტაციულ აქტს ართულებს.

 ქსელური ავტორობა

მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, როდესაც ავტორი მხოლოდ AI -ია და როცა ავტორი ჰიბრიდულია. თანამედროვე ლიტერატურულ პრაქტიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ჰიბრიდული ავტორობის ფენომენი – ადამიანისა და AI-ს თანაშემოქმედება. ეს პროცესი ითხოვს ავტორობის რადიკალურ გადააზრებას. როგორც ჯეიმს ჰუტსონი და თანაავტორები აღნიშნავენ, “AI ტექნოლოგიების ინტეგრაციამ წერის პროცესში მნიშვნელოვნად შეცვალა ავტორობის, შემოქმედებითობისა და ინტელექტუალური შრომის ტრადიციული ცნებები” (Human-AI Collaboration in Writing, 2025). ჰიბრიდული ავტორობა გულისხმობს სამ ძირითად განზომილებას:

  • კონტენტის გენერაცია: AI-ს შეუძლია შექმნას ტექსტის პირველადი ვერსიები, სცენარები, იდეები;
  • სტრუქტურული დახმარება: AI-ს შეუძლია ნარატივის, არგუმენტაციის, კომპოზიციის ორგანიზება;
  • შემოქმედებითობა: AI-ს შეუძლია შესთავაზოს მოულოდნელი ასოციაციები, სტილისტიკური ვარიაციები.

მაგრამ აქ მთავარია, რომ ადამიანი რჩება პასუხისმგებელ აგენტად, რომელიც: განსაზღვრავს მიზანს, არჩევს და ხელმძღვანელობს  ეთიკურ და ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს, უზრუნველყოფს კონტექსტურ სიღრმეს. N. Katherine Hayles-ის ცნობილი კონცეფციის “distributed cognition”-ის მიხედვით, ჰიბრიდული ავტორობა არის “social-technical process”, რომელშიც  მონაწილეობენ ალგორითმები, მონაცემთა ბაზები, ადამიანი რედაქტორები და ინტერპრეტაციის საზოგადოება (Algorithmic Authorship, 2025).[1] ჰეილსი ავითარებს აზროვნების ახალ თეორიას – რასაც ის უწოდებს ინტეგრირებულ კოგნიტურ ჩარჩოს (ICF) – რომელიც მოიცავს მნიშვნელობის შექმნის პრაქტიკებს სიცოცხლის ფორმებისგან – ბაქტერიებიდან მცენარეებამდე, ცხოველებამდე, ადამიანებამდე და ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთ ფორმამდე.

კოგნიცია & შემეცნება

 

Hayles-ი წიგნში: “Unthought: The Power of the Cognitive Nonconscious” – გვთავაზობს ძალიან მნიშვნელოვან აზრს: კოგნიცია (შემეცნება) და ცნობიერება ერთი და იგივე არ არის. რას ნიშნავს კოგნიცია Hayles-ის მიხედვით?

კოგნიცია არის ინფორმაციის დამუშავება და მასზე რეაგირება. ეს უნარი აქვს:

ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მრავალ ტექნიკურ სისტემას და თუნდაც ხეს, რომელიც ფოთლებს მზისკენ აბრუნებს. მთავარია: არჩევანის გაკეთება. როდესაც სისტემა ირჩევს ერთ მოქმედებას მეორის ნაცვლად, საქმე გვაქვს კოგნიციასთან,  თუნდაც ცნობიერების გარეშე.

როდესაც ჰეილსი ამბობს, რომ ბაქტერიებს, მცენარეებს, ცხოველებს და AI-ს აქვთ კოგნიტური შესაძლებლობები, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი “ფიქრობს” ადამიანის მსგავსად. ეს ნიშნავს, რომ ყველა მათგანი:

  • ამუშავებს ინფორმაციას
  • აკეთებს არჩევანს კონტექსტში
  • ქმნის მნიშვნელობას (თუმცა განსხვავებული სახის მნიშვნელობას).

                 მნიშვნელობა იბადება ინტერაქციაში. ჰეილსის ინტეგრირებული კოგნიტიური ჩარჩო აშენებულია იმ წინაპირობაზე, რომ სიცოცხლის ყველა ფორმას აქვს გზები, რომ იგრძნოს თავისი გარემო, შთანთქას ინფორმაცია მისგან და ინტერპრეტაცია გაუკეთოს ამ ინფორმაციას თავისი სენსორული და ორგანიზმული შესაძლებლობების მეშვეობით. ამრიგად, სიცოცხლის ყველა ფორმას, მათ შორის მათ, ვისაც არ აქვს ცენტრალური ნერვული სისტემა, როგორიცაა ნემატოდი ჭიები და გვიმრები, აქვთ კოგნიტიური შესაძლებლობები.

ეს იდეა ნამდვილად რევოლუციურია. რაში მდგომარეობს ამ იდეის  რევოლუციური ხასიათი? ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ აზროვნება და  ცნობიერება ერთი და იგივე იყო.

Hayles ამბობს: ჩვენი შემეცნებითი აქტივობის 90-95% მიმდინარეობს ცნობიერების მიღმა. ცნობიერება ძალიან ნელია და შეზღუდული. ტვინი უბრალოდ ვერ შეძლებს ყველაფრის ცნობიერ დამუშავებას – დაიხრჩობოდა ინფორმაციაში.

რატომ არის ეს აქტუალური დღეს?

დღეს ტექნიკური სისტემები, ალგორითმები, აზროვნებენ ჩვენ მაგივრად: დრონებს მართავს ადამიანი, მაგრამ ათასობით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს; ალგორითმები ვაჭრობენ საფონდო ბირჟაზე მილიწამებში, ადამიანისთვის შეუძლებელი სიჩქარით; ხმოვანი ასისტენტები (Siri, Alexa) – ამუშავებენ ენას, იღებენ გადაწყვეტილებებს: ეს არის “კოგნიტიური ანსამბლები” – ადამიანი + მანქანა ერთად. ცნობიერება აღარ არის განსაკუთრებული.

თუ კოგნიცია არის ყველგან (ბაქტერიებშიც კი), მაშინ ადამიანის ცნობიერება კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ აღარ არის შემეცნების ერთადერთი ან ყველაზე მთავარი ფორმა.

რას გვთავაზობს Hayles-ი ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის?

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები ფოკუსირებულნი არიან:

  • ცნობიერ აზროვნებაზე
  • ინტერპრეტაციაზე
  • “საინტერესო კითხვებზე, რომლებსაც არ აქვთ საბოლოო პასუხები”

Hayles-ი გვთავაზობს, რომ  ჰუმანისტებმა ისწავლონ მეცნიერება და ტექნოლოგიები – ჩართულნი იყვნენ რეალურ პრობლემებში; მიიღონ ალგორითმები, როგორც კვლევის ინსტრუმენტი, დაინტერესდნენ კონკრეტული პასუხებით და არა მხოლოდ უსასრულო პრობლემატიზაციით. მაგალითად,  ალგორითმმა შეიძლება აღმოაჩინოს: გოთურ რომანებში ბევრი სათაურია განსაზღვრული არტიკლით. ეს არის “სულელური” პასუხი, მაგრამ იწყებს საინტერესო ინტერპრეტაციას – რატომ? რას ნიშნავს? რატომ ხდება ასე?

Hayles-ის დასკვნა ასეთია: “ადამიანის კოგნიციის უმეტესი ნაწილი ხდება ცნობიერების/ქვეცნობიერის მიღმა; კოგნიცია ვრცელდება მთელ ბიოლოგიურ სპექტრზე, მათ შორის ცხოველებსა და მცენარეებზე; ტექნიკური მოწყობილობები ახდენენ კოგნიციას და ამით ღრმა გავლენას ახდენენ ადამიანის რთულ სისტემებზე; ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც პლანეტარული კოგნიტიური ეკოლოგია განიცდის სწრაფ ტრანსფორმაციას, რაც სასწრაფოდ მოითხოვს ჩვენგან კოგნიციის გადააზრებას და მისი შედეგების ხელახლა წარმოდგენას გლობალური მასშტაბით.

 

დასასრულის მაგიერ:

თუ ამ თეორიას გავყვებით, მაშინ „სემიოტიკური კრიზისი“, რომლითაც დავიწყეთ მსჯელობა, სულ სხვა შინაარსს შეიძენს. ის შესაძლოა,  აღმოჩნდეს  არა კრიზისი, არამედ სემიოზისის (მნიშვნელობის წარმოქმნის პროცესის) ტრანსფორმაცია და გაფართოება პლანეტარული მასშტაბით.

პრობლემა ის კი არ არის, რომ AI ქმნის „ცარიელ ნიშნებს“ (სიმულაკრებს), არამედ ის, რომ ჩვენ ვეჯახებით პირველ არაადამიანურ, არაცნობიერ კოგნიტიურ აგენტს, რომელსაც შეუძლია სემიოტიკურ ველზე ოპერირება. ხელოვნური ინტელექტი (LLM) ამ მოდელში აღარ არის უბრალოდ „სემიოტიკური სიცარიელე“ ან ბოდრიარის „მეოთხე რიგის სიმულაკრი“. ის ხდება კოგნიტიური პარტნიორი, რომელიც ამუშავებს ნიშნებს (სინტაქსს) უსაზღვრო მასშტაბით, თუმცა მოკლებულია ცნობიერ სემანტიკასა და პრაგმატიკას.

ეს ახალი რეალობა რადიკალურად ცვლის ადამიანის როლს. ჰიბრიდულ, „დისტრიბუციულ ავტორობაში“ (Hayles). AI უზრუნველყოფს მასიურ, არაცნობიერ კოგნიტიურ რესურსს, მაგრამ სწორედ ადამიანი რჩება იმ აგენტად, რომელიც ამ პროცესს ანიჭებს ცნობიერებას. ჩვენ ვწყვეტთ ვიყოთ მნიშვნელობის ერთადერთი გენერატორები და ვხდებით მნიშვნელობის კურატორები, არქიტექტორები და ეთიკური ფილტრები ამ ახალ კოგნიტიურ ანსამბლში.

საფრთხე, რომელსაც „გენერაციული ჰიპერრეალობა“ გვიქადის, ანუ „რემიქსის რემიქსებით“ სავსე კულტურული ჰომოგენიზაცია  არ არის თავად AI-ს ბრალი, არამედ იმის საშიშროება, რომ ადამიანურმა ცნობიერებამ უარი თქვას თავის წამყვან როლზე. თუ ადამიანი პასიურად მიიღებს ალგორითმის მიერ გენერირებულს და აღარ იქნება კოგნიტიური პროცესის აქტიური, ცნობიერი მონაწილე, მაშინ ბოდრიარის სიმულაკრების მარყუჟი ნამდვილად შეიკვრება.

შესაბამისად, ჰუმანიტარული მეცნიერებების, და კონკრეტულად სემიოტიკის, ამოცანაა არა მხოლოდ არსებული ტექსტების (თუნდაც AI-ს მიერ გენერირებულის) ინტერპრეტაცია, არამედ მომავალი მნიშვნელობების დიზაინი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ არა მხოლოდ ის, თუ რას აგენერირებს AI, არამედ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ, როგორც ცნობიერი არსებები, ამ მძლავრ არაცნობიერ კოგნიციასთან.

საბოლოო ჯამში, ციფრული რევოლუცია გვაიძულებს, ხელახლა გავიაზროთ ნიშანიც და, რაც მთავარია,  თავად ცნობიერების ფენომენიც. ჩვენი, როგორც ადამიანების, უნიკალური ფუნქცია ამ ახალ პლანეტარულ ეკოლოგიაში არ არის მხოლოდ ინფორმაციის დამუშავება (ამას მანქანები ჩვენზე უკეთ აკეთებენ), არამედ ამ ინფორმაციისთვის მიზნის,  განზრახვის, ეთიკური ვექტორისა და გამოცდილების (Logos) მინიჭება. სემიოტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ გადის მანქანების შეზღუდვაზე, არამედ ადამიანური ცნობიერების პასუხისმგებლობის გაფართოებაზე.

[1] Katherine Hayles “Unthought: The Power of the Cognitive Nonconscious”:

Click to access Unthought_N._Katherine_Hayles.pdf

სამეცნიერო ფანტასტიკის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებისას

0

 

ჩემი მასწავლებლობის პერიოდი ორ ეტაპად იყოფა, დედობამდე და მას შემდეგ. როცა მხოლოდ მასწავლებელი ვიყავი, ბავშვებს განსხვავებულად ვხედავდი, როგორ შეიძლება არ ისწავლოს, როგორ შეიძლება დავალება არ მოიტანოს, რა პრობლემაა დაბალი ნიშნის დაწერა და კიდევ ბევრი. არ ვაკვირდებოდი მათ ემოციებს და ხისტად, საკმაოდ ზედაპირულად ვუყურებდი. ჩემდა საბედნიეროდ, ეს პერიოდი ოციდან მხოლოდ ხუთ წელს მოიცავს, დანარჩენი თხუთმეტი წელია მოსწავლეების თვალებში ვიყურები, მათ ემოციებს ვკითხულობ, რამე ხომ არ სტკივათ, უჭირთ, რატომაა მოწყენილი, რა შევთავაზო ისეთი ორიგინალური, განსხვავებული, რომ ინტერესი არ დაკარგონ, ან უარეს შემთხვევაში ინტერესი გაუჩნდეთ. ახლა უკვე ვიცი ძირითადად რა მუსიკას უსმენენ, რა ფილმებს უყურებენ, რას კითხულობენ. ბევრჯერ ისეთ ფილმებს ვუყურებ, როგორსაც ბავშვობის პერიოდშიც ვერ გავუძლებდი. მით უფრო, როცა მეცნიერებას ვასწავლი, ფანტასტიკის სიუჟეტი ძნელი აღსაქმელია და გასათავისებელი, თუმცა იმისთვის, რომ ყოველთვის „საინტერესო“ მასწავლებლად დავრჩე, ყველაფერს ვძლევ. ჩემი შვილებისა და მოსწავლეების საყვარელ ფილმებსაც ისე ვუყურებ, რომ გაკვეთილზე პარალელის გავლება მაინც შევძლო, დეტალურ ახსნას და სიუჟეტში ჩაძრომას თუ ვერ მოვახერხებ. დღევანდელი სტატია სწორედ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ფილმებზე დაფუძნებულ ბიოლოგიის გაკვეთილებს ან არაფორმალურ აქტივობებს ეხება. ოთხ ფილმს განვიხილავ ბიოლოგიასთან კავშირში. ესენია: „ავატარი“, „რკინის კაცი“, „ენთ-მენი და კრაზანა“ და „ჰარი პოტერი“.

ნაწილი 1: თანამედროვე კონო ხშირად იყენებს ბიოლოგიურ კონცეფციებს, რათა შექმნას დამაჯერებელი, თუმცა ფანტასტიკური სამყარო. ფილმები, როგორიცაა ენთმენი და კრაზანა (Ant-Man and the Wasp) და ავატარი (Avatar), შესანიშნავი ინსტრუმენტია იმის საჩვენებლად, თუ როგორ მიმდინარეობს ევოლუცია და ადაპტაცია სხვადასხვა მასშტაბით განსხვავებულ გარემოში. „ენთ-მენი და კრაზანა“ ფოკუსირებულია სკოტ ლენგსა და ჰოუფ ვან დაინზე, მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ზომა. ფილმის მთავარი ბიოლოგიური შინაარსი ზომასთან დაკავშირებული ადაპტაციაა. ასევე მნიშვნელოვანია ეკოსისტემის მდგრადობის გააზრება, თუნდაც ის „კვანტური სამყარო“ იყოს.

ბიოლოგიური კონცეფცია მაგალითი ფილმიდან კონცეფციის ბიოლოგიური ახსნა
ზედაპირის ფართობისა და მოცულობის შეფარდება ენთ-მენი მცირდება ჭიანჭველას ზომამდე. ორგანიზმის ზომის შემცირებისას, მისი ზედაპირის ფართობი მოცულობასთან შედარებით ძალიან იზრდება. ეს პროცესი რეალურ ცხოვრებაში გამოიწვევდა სითბოს ძალიან სწრაფად დაკარგვას და ჟანგბადის არასაკმარის მიღებას. ფილმში გამოყენებული ტექნოლოგია (პიიმის ნაწილაკები) ხელოვნური ადაპტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც ბიოფიზიკის კანონებს უარყოფს.
ინტელექტი და სოციალური ორგანიზაცია ჭიანჭველების გამოყენება ტრანსპორტირებისა და დახმარებისთვის. ჭიანჭველები (Hymenoptera რიგი) ცხოვრობენ სუპერორგანიზმის პრინციპით. მათი ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება არის ქცევითი ადაპტაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე რთული ამოცანები გადაჭრან. რაც გვიჩვენებს, რომ ევოლუცია მოქმედებს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ სოციალურ სტრუქტურებზეც.
ახალ გარემოსთან ადაპტაცია (კვანტურ სამყაროში) ჯანეტ ვან დაინის გადარჩენა კვანტურ სამყაროში კვანტური სამყარო ექსტრემალური გარემოა. ჯანეტის გადარჩენა კი გულისხმობს მის ადაპტაციას არარეალურ სამყაროსთან. რეალურ სიტუაციაში ექსტრემალურ გარემოში გადარჩენა (ნავთობის ჭაბურღილი, არქტიკის წყლები, ანტარქტიდა) მოითხოვს მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ფიზიოლოგიურსა და მორფოლოგიურ ადაპტაციას.

ეკოლოგიურ ადაპტაციასთან დაკავშირებით მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ავატარიდან. ჯეიმზ ქემერონის ფილმი „ავატარი“ გვიჩვენებს პანდორას, უცხოპლანეტურ მთვარეს, რომლის ეკოსისტემა ჩამოყალიბდა ევოლუციის შედეგად.

ბიოლოგიური კონცეფცია მაგალითი ფილმიდან კონცეფციის ახსნა
ეკოსისტემის ურთიერთკავშირი (ჰომეოსტაზე პანდორას ბიოლუმინესცენციური ფლორა და ფაუნა პანდორას ყველა ცოცხალი ორგანიზმი ფიზიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ნერვული კავშირებით (ეივა). ეს ფანტასტიკური ელემენტი იდეალურად ასახავს რეალურ ეკოლოგიურ ცნებას – ჰომეოსტაზს (ბალანსი ეკოსისტემაში). ნებისმიერი სახეობის გადაშენება ან ადაპტაციის გაქრობა, არღვევს მთლიან სისტემას.
კონვერგენტული ევოლუცია ნა’ვი (Na’vi) და პანდორას ცხოველები (მაგ., იკრანი). ნა’ვი ადამიანებს ჰგვანან, ხოლო პანდორას ცხოველები დედამიწის დინოზავრებს ან მწერებს. ეს არის კონვერგენტული ევოლუციის მაგალითი: როდესაც სხვადასხვა, დამოუკიდებელ სახეობებს მსგავსი გარემო პირობების გამო მსგავსი ადაპტაციები უვითარდებათ (მაგ., ფრენისთვის განკუთვნილი ფრთები).
ადაპტაცია და ბუნებრივი გადარჩევა ნა’ვის სიმაღლე, ლურჯი კანი და სენსორული დაბოლოებები ნა’ვის სხეულის თვისებები მათი პლანეტის გარემოსთან ადაპტაციას წარმოადგენს. მაგალითად, მათი სიმაღლე და აღნაგობა, შესაძლოა, უზრუნველყოფდეს გადაადგილების უპირატესობას პანდორას გიგანტურ ტყეებში. მათი სენსორული კავშირები კი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ევოლუციური უპირატესობაა გადარჩენისთვის.

ორივე ფილმი, მიუხედავად მათი ფანტასტიკური ჟანრისა, საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ და ვუპასუხოთ კითხვებს:

  • როგორ ცვლის გარემო სხეულის ფორმას;
  • როგორ არის ორგანიზმი დამოკიდებული ეკოსისტემაზე;
  • რა მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის მდგრადობას;
  • რა რისკებს შეიცავს ბუნებრივ გარემოში ჩარევა.

ნაწილი 2: თანამედროვე ახალგაზრდების საყვარელი ფილმია რკინის კაცი („Iron Man”). მასში ბიოინჟინერიისა და სამეცნიერო ტექნოლოგიების შესახებ დიდი ინფორმაციაა მოცემული.

„რკინის კაცის“ ფილმები, განსაკუთრებით ტონი სტარკის მდგომარეობა და მისი ტექნოლოგიები, იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, ბიოფიზიკა და ბიოინჟინერია განვიხილოთ ფილმთან კავშირში.

თემა ბიოლოგიიდან მაგალითი ფილმიდან კონცეფციის ახსნა
იმპლანტირებული ხელოვნური ორგანოები რკინის კაცი I: ტონი სტარკს მკერდში აქვს ელექტრომაგნიტი, რომელიც ნამსხვრევებს გულიდან აკავებს. ეს მაგალითი იდეალურია ტრანსპლანტოლოგიისა და ბიომექანიკის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად.

რა არის ხელოვნური გული/პეისმეიკერი? როგორ უშლის ხელს უცხო სხეული (ნამსხვრევები) ორგანიზმის ფუნქციონირებას?

ტოქსიკოლოგია და დეტოქსიკაცია რკინის კაცი II: ტონი სტარკი იწამლება თავისივე რეაქტორიდან გამოსული პალადიუმით. საინტერესო ანალოგიაა ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებით.

როგორ ზემოქმედებს მძიმე ლითონები ადამიანის ორგანიზმზე (უჯრედულ დონეზე)? რა არის დეტოქსიკაციის მექანიზმები (ღვიძლის როლი)?

მუტაციები და რეგენერაცია რკინის კაცი III: პერსონაჟები, რომლებმაც მიიღეს ექსტრემის (Extremis) ვირუსი. ეს არის გენეტიკის და ბიოტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიღების საინტერესო გზა. ექსტრემისი არის ჰიპერ-რეგენერაციის მაგალითი. რა არის რეგენერაცია რეალურ ბიოლოგიაში (მაგ., სალამანდრა, ხვლიკის თვით დასახიჩრება)? რა რისკებს შეიცავს გენური თერაპია ან ხელოვნური მუტაციები?

 

  1. ჰარი პოტერი – ფარმაკოლოგია და ცხოველთა სამყარო

„ჰარი პოტერის“ სამყარო, მართალია, მაგიურია, მაგრამ მისი ორი საგანი პირდაპირ კავშირშია ბიოლოგიასთან: ჯადოსნური სასმელები და ჯადოსნური არსებები.

კონტექსტი ბიოლოგიიდან თემა ფილმიდან კონტექსტის ბიოლოგიური ახსნა
ფარმაკოლოგია და ბიოაქტიური ნივთიერებები ჯადოსნური სასმელების მომზადება (Snape-ის გაკვეთილები). ეს იდეურად ასახავს ფარმაკოლოგიის და ეთნობოტანიკის პრინციპებს.

რა არის წამლის დოზირება და ინგრედიენტების თანმიმდევრობა? როგორ მოქმედებს მცენარეული ექსტრაქტები (მაგ., შხამიანი მცენარეები) ადამიანის სხეულზე?

კლასიფიკაცია და ეთოლოგია ჯადოსნური ცხოველების შესწავლა (ნიუტ სკამანდერი და ჰიპოგრიფები). შესანიშნავი მაგალითია ზოოლოგიის, ეთოლოგიის (ცხოველთა ქცევა) და ტაქსონომიის (კლასიფიკაცია) საკითხების მარტივად გააზრებისთვის.

რა პრინციპით ვყოფთ ცხოველებს ჯგუფებად? როგორ იცვლება ცხოველის ქცევა (ეთოლოგია) მის გარემოსთან ურთიერთობისას (მაგ., ბაკბიკის პატივისცემის მოთხოვნა)?

„ჰარი პოტერის“ სამყარო, მართალია, მაგიურია, მაგრამ მისი ორი საგანი პირდაპირ კავშირშია გადამდები დაავადებები და იმუნიტეტი. მაგლების დაავადებები და ჯადოსნური სნეულებები (მაგ., დემენტორების ეფექტი). შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის თემებისთვის.

როგორ ვრცელდება დაავადებები? რა განსხვავებაა გონებრივ (ფსიქიკურ) და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის?

 

ნიმუში 1: წარმოდგენილი ფილების წყვილების განხილვისთვის საუკეთესო ფორმაა შედარებითი ანალიზი (Comparative Analysis) ან პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL), სადაც თითოეული ჯგუფი თავის თემას იკვლევს და შემდეგ კლასს წარუდგენს.

გთავაზობთ ნიმუშს, სადაც წყვილები ცალ-ცალკე განიხილება და საბოლოოდ ერთი ფართო სამეცნიერო დასკვნით სრულდება მსჯელობა:

სათაური: ,,ფანტასტიკა რეალობაში და ბიოლოგიის საზღვრები“

ჯგუფი 1: ,,ჰარი პოტერი“ და ,,რკინის კაცი“ (ბიოლოგია, მედიცინა, ბიოინჟინერია, ბიოტექნოლოგია)

საკითხი: როგორ მოქმედებს გარე ძალები (აქ იგულისხმება გარემო ფაქტორები) ადამიანის სხეულის აგებულებასა და ფუნქციაზე.

განსახილველი საკითხი კონკრეტული მაგალითები კითხვები ანალიზისთვის პრაქტიკული დავალება
ფარმაკოლოგია და ბიოქიმია ჰარი პოტერი: ჯადოსნური სასმელები (მაგ., პოლიწვენი). არის თუ არა შესაძლებელი ქიმიური ნაერთებით დნმ-ის სწრაფი ცვლილება (სახის შეცვლა)? რა ბიოლოგიური შეზღუდვები არსებობს?

რა არის წამლის დოზა და ტოქსიკურობა? როგორ არის განსაზღვრული ჯადოსნური სასმელების მომზადების თანმიმდევრობა, როგორც ქიმიური რეაქცია?

შეარჩიეთ ერთი ჯადოსნური სასმელი (მაგ., ამორტენცია) და შეადარეთ ის რეალურ ფარმაკოლოგიურ ნაერთს, რომელიც გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერებზე.
სამედიცინო ინჟინერია რკინის კაცი: გულმკერდის რკალი რეაქტორი. რა არის კიბორგი? რამდენად რეალისტურია ხელოვნური ორგანოების ენერგიით უზრუნველყოფა? როგორ მოქმედებს უცხო სხეული (რკინა/პალადიუმი) ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე? როგორ მუშაობს პეისმეიკერი ან ხელოვნური გული? რა არის გულის კორონარული არტერიის დაავადება და როგორ „კურნავს“ მას ტონი სტარკი ტექნოლოგიით? მოძებნეთ და წარმოადგინეთ ერთი მაგალითი ბიოინჟინერიის მიღწევა (მაგ., ეგზოჩონჩხი, ხელოვნური კიდური ან იმპლანტი).
ნეირობიოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა ჰარი პოტერი: დემენტორების ეფექტი (დეპრესია). როგორ უკავშირდება ემოციები (ბედნიერება/დეპრესია) ტვინის ქიმიას (ნეიროტრანსმიტერები)? რა არის დეპრესია ბიოლოგიური თვალსაზრისით (სეროტონინის დონე)? როგორ შეიძლება დემენტორების ეფექტი დავუკავშიროთ ამ რეალურ მდგომარეობას? ახსენით, რა არის ნეიროტრანსმიტერები და როგორ მოქმედებენ ისინი ემოციებზე.

 

ჯგუფი 2: „ავატარი“ და „ენთ-მენი და კრაზანა“ – (ბიოლოგია, ფიზიკა, ეკოლოგია)

ეს ჯგუფი აქცენტს გააკეთებს ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობაზე, მის მნიშვნელობაზე და სხეულის ზომების გარემო პირობებზე დამოკიდებულებაზე.

განსახილველი საკითხი კონკრეტული მაგალითები კითხვები ანალიზისთვის პრაქტიკული დავალება
ეკოსისტემა. ბიო მრავალფეროვნება ავატარი: პანდორას ბიოსფერო, ფლორა და ფაუნა. რა არის ენდემური სახეობა? როგორ შეიძლება გიგანტური მფრინავი არსებები (ბანში) არსებობდნენ ფიზიკის კანონების მიხედვით? როგორ უკავშირდება ერთი სახეობა მეორეს (ეივა და ნავები)? რა განსაზღვრავს ეკოსისტემის ბალანსს (მწარმოებლები, მომხმარებლები, დამშლელები)? რა არის ენდემიზმი და როგორ მოქმედებს ის ევოლუციაზე? შექმენით პანდორას კვებითი ქსელის სქემა და შეადარეთ ის დედამიწის (მაგ., ტროპიკული ტყის) ეკოსისტემას.
სუნთქვასთან დაკავშირებული ადაპტაციები ავატარი: ნავების სხეულის ზომა და სუნთქვის სისტემა. როგორ ახდენს ორგანიზმი ადაპტაციას დაბალი გრავიტაციის ან განსხვავებული ატმოსფერული შემადგენლობის პირობებში? (მაგ. ჟანგბადის კონცენტრაცია). როგორ მოქმედებს გრავიტაცია და ატმოსფერული წნევა ძუძუმწოვრების ზომაზე? როგორ შეიძლება არსებობდნენ გიგანტური ცხოველები პანდორაზე? განიხილეთ არქეოპტერიქსის ან სხვა დიდი მფრინავი ცხოველის ბიომექანიკა და შეადარეთ ის ბანშის ფრენას.
სხეულის ზომებთან დაკავშირებული ადაპტაცია (ალენისა და ბერგმანის წესები) ენთმენი: ზომის შემცირება/გაზრდა, კვანტური სამყარო როგორ მოქმედებს ორგანიზმის ზომის (მასშტაბის) ცვლილება მის ფიზიოლოგიაზე? თუ ადამიანი ბუზივით პატარა გახდება, შეძლებს თუ არა სუნთქვას? როგორ იმოქმედებს ზედაპირის ფართობისა და მოცულობის თანაფარდობა ორგანიზმის მეტაბოლიზმზე? როგორ იცვლება ზედაპირის ფართობი და მოცულობა ორგანიზმის ზომის ცვლილებისას? რატომ არის დიდი ცხოველის კანი სქელი, ხოლო პატარის – თხელი? რატომ იღუპებიან ჭიანჭველები შემცირებისას და რატომ არ შეიძლება ადამიანი იყოს ჭიანჭველას ზომის და მაინც შეინარჩუნოს ადამიანის ძალა?

რესურსები:

  • ფილმების მოკლე ვიდეო კლიპები (თითო 1 წუთი, თემების საილუსტრაციოდ). ინგლისური ტერმინების საძიებო ველში ჩაწერით მოძებნით შესაბამის ვიდეოს.

პოლიწვენის სასმელი (Polyjuice Potion): სხეულის მყისიერი ტრანსფორმაცია. Polyjuice Potion transformation scene Harry Potter potions class

დემენტორების ეფექტი: შიშის, დეპრესიის და სასოწარკვეთილების განცდა. Dementors attack scene Dementor effect on people

რკალი რეაქტორი (Arc Reactor): ტონის გულმკერდში ჩადგმული ხელოვნური ენერგიის წყარო. Iron Man Arc Reactor implant scene Iron Man Arc Reactor power up

Extreme/Extremis ვირუსი: რკინის კაცი 3-დან, თვითრეგენერაციის უნარის დემონსტრირება. Iron Man 3 Extremis virus healing Iron Man 3 Extremis powers

პანდორას ფლორა/ფაუნა: გიგანტური ცხოველები და მცენარეები, ეივა. Avatar Pandora bioluminescent forest Avatar Iknimaya Banshee scene

ნავების სუნთქვა/ფიზიოლოგია: პანდორას ატმოსფეროს თავისებურებების ახსნა. Avatar Na’vi breathing mask Avatar Pandora atmosphere explained

შემცირება და ზრდა: სკოტი ლენგის და ჰოუპის ზომის ცვლილებები და ფიზიკური ეფექტები. Ant-Man shrinking and growing scene Ant-Man physics size change

კვანტური სამყარო: კვანტური სფეროს აღწერა (თუმცა ნაკლებად ბიოლოგიური, კარგია ფიზიკის და მასშტაბის განსახილველად). Ant-Man Quantum Realm explained

 

 

მოსწავლე როგორც მოქალაქე

0

დათია ბადალაშვილი

 

მოსწავლე როგორც აქტიური მოქალაქე

 

თანამედროვე პედაგოგიურ წრეებში სულ უფრო აქტიურად განიხილება მოქალაქეობრივი განათლების როლი ახალგაზრდის თვითშეგნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი ჩართულობის ფორმირებაში. გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების ეპოქაში, სადაც საჯარო სივრცეები სუსტდება, სკოლა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებისთვის.

სამოქალაქო განათლება ვერ დაიყვანება საკანონმდებლო ჩარჩოების, ადამიანის უფლებათა ან დემოკრატიული ინსტიტუტების ზედაპირულ სწავლებაზე. მისი ჭეშმარიტი ფუნქცია მდგომარეობს ღირებულებით წვრთნაში – იმ ღირებულებების გააზრებასა და ინტეგრაციაში, რომლებიც ქმნის საზოგადოებრივ თანაცხოვრებას: თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა, პასუხისმგებლობა, სოლიდარობა. მოსწავლე, რომელიც იღებს ამ ღირებულებებს როგორც პირად ეთიკურ კოდექსს და არა მხოლოდ საგნობრივ მასალას, იწყებს საკუთარ თავში მოქალაქის ხატის მშენებლობას.

მოქალაქეობა ხშირად გვესმის როგორც სტატუსი – ვინ ხარ სამართლებრივად. თუმცა სამოქალაქო განათლების მიზანი არის მოქალაქეობის გააზრება როგორც პროცესისა, რომელიც უწყვეტია, მოძრავი და დროში გარდამავალი. ეს პროცესი მოითხოვს პიროვნულ ზრდას, კრიტიკულ გააზრებას და ეთიკურ მოქმედებას. აქტიური მოქალაქეობა არ ვლინდება მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ან წესრიგის დაცვით. იგი იწყება კითხვით, ინტერესით, არგუმენტით და ბოლოს ქმედებით. სკოლა კი უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც ეს პროცესი სიტყვიდან ქმედებამდე მიდის.

მასწავლებელი, რომელიც ასწავლის სამოქალაქო განათლებას, მოქმედებს არა როგორც ინფორმაციის ტრანსლატორი, არამედ როგორც მოდერატორი, სარკე და გზამკვლევი. ის ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლე არა მხოლოდ სწავლობს, არამედ ეჭვობს, სვამს კითხვებს, უარყოფს და ხელახლა იკრებს იმ ღირებულებებს, რომლებიც შექმნის მის საზოგადოებრივ იდენტობას. ამ კონტექსტში სწავლება აღარ არის მხოლოდ საგნობრივი აქტივობა – ეს არის ეთიკური პოზიცია, პროფესიული მოწოდება და დემოკრატიული ხელოვნების ფორმა.

სკოლა, რომელიც აღიქვამს საკუთარ თავს მხოლოდ აკადემიური მიზნების სივრცედ, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი ცნობიერების აღზრდას. სკოლამ უნდა აღიაროს საკუთარი ფუნქცია როგორც დემოკრატიის მინიატურული მოდელისა – სივრცისა, სადაც მოსწავლეს ეძლევა სიტყვის უფლება, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და საკუთარი მოქმედებების შედეგის განცდა. მხოლოდ ამ გზით იქმნება ის სიმბოლური კონსტრუქცია, რომელსაც საზოგადოება უწოდებს “მოქალაქეს” – არა მხოლოდ სახელით და გვარით, არამედ ღირებულებითად და მოქმედებით.

სამოქალაქო განათლება დღეს აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც დანართი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში. იგი წარმოადგენს ღირებულებითი წერტილიდან დაწყებულ გზას, რომელიც პიროვნებას ეხმარება საკუთარი თავის, სხვისი და სამყაროს მიმართ პასუხისმგებლობით მოქმედებაში. მოსწავლე როგორც აქტიური მოქალაქე თავისთავად არ იბადება. იგი იქმნება სივრცეში, სადაც მას უსმენენ, სთავაზობენ, ეუბნებიან და ასწავლიან, როგორ იცხოვროს ღირებულებებისმიერი მოქმედებით. ეს გზა იწყება საკლასო ოთახში – იქ, სადაც მასწავლებელი არა მხოლოდ პედაგოგია, არამედ მოქალაქეობრივი წრის შემოქმედიც.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის ახალი ნომერი გამოიცა

0

სტენფორდის უნივერსიტეტის „ცხოვრების მოწყობის“ ლაბორატორიაში გამოკრულია
პოსტერი, რომელზეც წერია: „თქვენ აქ ხართ“.

სტუდენტებმა უნდა მიმოიხედონ გარშემო, დააკვირდნენ საკუთარ თავს და გარემოს,
მერე კი სიტყვებით გამოხატონ, „აქ ყოფნა“ რას ნიშნავს მათთვის. სამი მნიშვნელოვანი
კითხვის დასმაც „სავალდებულოა“ . მათი კითხვები კი ასე გამოიყურება:

საით მივდივარ?
როგორ მივაღწევ იქამდე?
შემდეგ სად წავალ?

მასწავლებელი ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში მოსწავლეს უნდა ეხმარებოდეს.
მოსწავლე მასწავლებელს უნდა ენდობოდეს!

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

მანანა ბოჭორიშვილი, თამთა დოლიძე, თამთა კობახიძე, ლელა კოტორაშვილი,
თემურ სუყაშვილი, მაია ფირჩხაძე, ნინო ლაბარტყავა, თინათინ ზარდიაშვილი,
ქეთევან ოსიაშვილი, ნინო ლომიძე, მაია მენაბდე, ნათია ნაფეტვარიძე,
ლევან ალფაიძე, მარიამ გოდუაძე, ნათია ფურცელაძე, ირმა ტაველიძე, დიანა ანფიმიადი, შორენა ტყეშელაშვილი, ნასტასია არაბული

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

მასწავლებელი#5

არეული ჩანაწერები ხერთვისიდან

0

(პირველი ნაწილი)

ხერთვისის ციხეში არასდროს ჩატარებულა არქეოლოგიური სამუშაოები. ამიტომ ციხის პირველის სართული მიწითაა დაფარული, სარკმლის მხოლოდ ნახევარია მიწის ზემოთ.

ლეონტი მროველის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელს ლაშქრობისას დაუპყრია ხერთვისი, რომელიც მტკვარზე დგას. ციხის სახელწოდება ხანმეტი ზმნიდანაა წარმომდგარი: „ხ-ერთვი-ს“, ანუ „ერთვის“ ერთი მდინარე მეორეს. შესაბამისად, არსებობდა სხვა „ხერთვისებიც“ სხვა მდინარეთა შესართავებზე. ლეონტი მროველის ცნობა კი, როგორც დღეს ვიცით, მითია – მაკედონელს არასდროს ულაშქრია საქართველოში.

ციხის მშენებლობა, სავარაუდოდ, ბაგრატ III-მ დაიწყო. ამ დროიდან შემოგვრჩა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ახალი რესტავრირებულია. შემოგვრჩა ცნობა ამ ტაძრის ერთი ფილის ნამსხვრევზეც, „მეფეთმეფეს“ რომ ახსენებს. „მეფეთმეფეში“ სწორედ ბაგრატი უნდა იგულისხმებოდეს, რადგან წარწერაში აღნიშნული თარიღი (985 წ.) მისი მმართველობის პერიოდს ემთხვევა. თანაც სწორედ ბაგრატი იყო ის, ვინც სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველო ერთიან, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცია. აქედან მოდის მისი ტიტულიც – „მეფეთმეფე“.

აი, ციხის გალავნის ამგები ვინც იყო, ეს უკვე დაზუსტებით ვიცით – ზაქარია ქამქამიშვილი. ლოდი, ამგებს რომ ახსენებდა, დაიკარგა. სამაგიეროდ, შემოგვრჩა ისტორიული ცნობა მის შესახებ ერთი ფრანგი მოგზაურის ჩანაწერებში, რომელმაც ქართული წარწერა გადაიხატა (ანბანი ხომ არ იცოდა) და გასაშიფრად მარი ბროსეს აჩვენა. მარი ბროსეს წარწერა გაუშიფრავს, ოღონდ მცირედი ხარვეზებით. ეს ხარვეზები მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილს გაუსწორებია. ქამქამიშვილის შთამომავლებმა კი რუსეთის მმართველობის პერიოდში თურმე გვარი გადაიკეთეს და დღეს კამკამიძეებად იწოდებიან.

რადგან ციხე ორი მდინარის ხეობას აკონტროლებს, ის ყოველთვის სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო. უნდა ითქვას, საამისოდ ყველაფრით აღჭურვილი ნაგებობაა: წყალი თიხის მილებით ჰქონდათ შემოყვანილი ზემო სოფლებიდან (ახლა უკვე – ნასოფლარებიდან). შემორჩენილია საიდუმლო გვირაბიც, რომელიც ჯავახეთის მტკვართან (დღევანდელი მდინარე ფარავანი) ჩადის. ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში გვირაბით შეიძლებოდა ქვემოდან სურსათ-სანოვაგის ამოზიდვა ან ციხის სრული ევაკუაცია.

ბევრი სხვა ციხისა და ტაძარ-მონასტრის მსგავსად, ხერთვისის მშენებლობაც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა – ყოველი ახალი დროება რაღაც ახალს მატებდა ციხესაც. მაგალითად, კოშკები XVI საუკუნეშია აგებული. ორი საუკუნის შემდეგ, ათაბაგმა ფაშისგან გამოყოფა მოინდომა და ერეკლე II-ს შეუთვალა, ჯარს მოგახმარ, ციხე ქართლს შემოვუერთოთ, ფაშის ქვეშევრდომობა არ მინდაო. ერეკლე დასთანხმდა და ციხეც XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლის დაქვემდებარებაში გადმოვიდა. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა – ალბათ, გახსოვთ, რაც მოხდა შემდეგ: ასპინძის ბრძოლაში დავმარცხდით, რუსმა კონსულმა კი დრო იხელთა და 1828 წელს აქ სომხები ჩამოასახლა ერზერუმიდან. მათი შთამომავლები დღესაც ამ მხარეში ცხოვრობენ.

როგორ მოხდა, რომ სამხრეთ საქართველოს მთიანეთი ქართველებისგან თითქმის დაიცალა?

საქმე ის იყო, რომ მოსახლეობას უჭირდა ხარკის გადახდა. ხარკი კი დაწესებული იყო სრულიად ყველაფერზე, რაც კი ებადათ: მიწაზე, საქონელზე, მოსავალზე… ამას ემატებოდა ვალდებულება, რომ ყველა მამაკაცს ოსმალეთის ჯარში უნდა ემსახურა. ამიტომ ბევრი მოსახლე სხვა მხარეში გადავიდა საცხოვრებლად. მესხეთიდან არის, მაგალითად, ვაჩნაძეების გვარიც – კახელი ვაჩნაძეები სწორედ მათი შთამომავლები არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მთავარია, არ დავკარგოთ ტექსტის ხელახლა აღმოჩენის სიხარული“ –

0

 

ინტერვიუ ცირა კილანავასთან

ციფრული ეპოქა ყოველდღიურად ცვლის ჩვენს ჩვევებსვსქროლავთ, ვკითხულობთ ეკრანზე სწრაფად, ინფორმაციის მიღების სიჩქარე კი ყოველდღიურად იზრდება. ამ პროცესში, როცა ყურადღების ფოკუსი სულ უფრო მეტად გადადის არაარსებითზე, წიგნისთვის დრო სულ უფრო ნაკლები რჩება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ადგილი დარჩა ლიტერატურას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აჩქარებულ რიტმში, როგორ დავუბრუნდეთ წიგნებს და როგორ დავაბრუნოთ ბავშვები წიგნებთან?… 

ჟურნალ მასწავლებლის სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქართული ფილოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით _ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – ცირა კილანავა. ჩვენს სტუმარს ვესაუბრებით თემაზე, როგორ შეიძლება თანამედროვე ციფრული და სწრაფი კონტენტის ეპოქაში, დავეხმაროთ ბავშვებს, დაინტერესდნენ მხატვრული ლიტერატურით, რათა მომავალ თაობას კვლავ ჰქონდეს ის სიხარული, რომელიც ახლავს კითხვის პროცესს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში.

ალბატონო ცირა, დღეს ჩვენი საუბარი შეეხება წიგნიერებას, ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს, მათზე ციფრული ეპოქის გავლენას და წიგნის მომავალს ჩვენს ცხოვრებაში. თქვენ ყოველწლიურად ხვდებით სტუდენტთა ახალ ნაკადს, ესაუბრებით მათ, უსმენთ და ალბათ გექმნებათ გარკვეული შთაბეჭდილება ამ საკითხზე. საინტერესოა, როგორ კითხულობს ახალი თაობა დღეს და რა გამოწვევები არსებობს წიგნიერების კუთხით ჩვენს ქვეყანაში?

მოგესალმებით. როგორც აღიარებულია, ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული რევოლუციის ეპოქაში. ახალი თაობისთვის ეს იმდენად ბუნებრივი მოცემულობაა, რომ მათი აზროვნებისა და ქცევის მოდელებზე ზედაპირული დაკვირვებითაც თვალსაჩინოა: მაგალითად, შეიძლება დასახელდეს სიჩქარე როგორც პრიორიტეტი – იქნება ეს ინფორმაციის მიწოდებისას თუ პასუხის/შედეგის მოლოდინისას. კითხვა/წიგნიერება/ფიქრი კი, როგორც კომპლექსური მოვლენები, თვისებრივად, მაინც შენელებულ ტემპს გულისხმობს: დაკვირვებას, მიბრუნებას წაკითხულთან, კონტექსტუალიზებას, მიმართებების დადგენას, შეფასებას… ადამიანური ინტელექტის შემთხვევაში, ეს პროცესები ავტომატიზებულად არ მიმდინარეობს. ამასობაში გაჩნდა ე.წ. სკანირებული კითხვის მეთოდიც. ამასთან, დღეს ტრადიციული წიგნიერების გარდა, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ციფრული/მედიაწიგნიერების კომპეტენციების ქონა.

წიგნი, თუკი მას ერთგვარი მეტაფორიზებით აღვიქვამთ ინდივიდუალური და კოლექტიური გამოცდილებებისა და მეხსიერების მედიუმად, არსებით ფუნქციას არათუ კარგავს, არამედ – ინარჩუნებს და იფართოებს: დღეს წიგნის შექმნა, გავრცელება, მკითხველამდე მიტანა არაა იმდენად რთული პროცესი, რამდენადაც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში და არც ისეთი ექსკლუზიური საქმიანობა, რომელიც თავის დროზე მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერ/გავლენიან ადამიანებს ხელეწიფებოდათ ან ცენზურის ინსტიტუტით იყო დაშვებული/აკრძალული.

ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა წიგნი ცოცხლდება არა მხოლოდ ბეჭდურად, არამედ დიგიტალიზებული, ანიმირებული, ეკრანიზებული, აუდიო და სხვა სახეებით, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტად აქტუალურსა და სხვადასხვა პერსპექტივით აღქმადს ხდის მას. სტუდენტებთან მრავალწლიანი აკადემიური ურთიერთობის საფუძველზე ერთ დადებით მახასიათებელსაც გამოვყოფდი: ციფრული ეპოქისა და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უპრეცედენტო მასშტაბებმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, არ შემოფარგლონ მითითებული/რეკომენდებული/სავალდებულო საკითხავით. ამასთან, ცოდნის კონსტრუირების პროცესში ისინი საკუთარი სურვილით კვლავ მიმართავენ ბეჭდურ მასალას ფიზიკურად არსებულ ბიბლიოთეკებში, წიგნის სახლებში, მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე.

გაზაფხულზე პროევროპული/ანტირუსული აქციების დროს არაერთი სტუდენტი სასწავლო მასალას რუსთაველის გამზირზე ეცნობოდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის პარალელურად კითხულობდა/უსმენდა წიგნებს, ესწრებოდა ღია ცის ქვეშ გამართულ საჯარო ლექციებს… შესაბამისად, წიგნის ფუნქცია არც სამოქალაქო აქტივიზმის პირობებში დასუსტებულა. შეიძლება ითქვას, პირიქითაც მოხდა: სწორედ კრიტიკულად მოაზროვნე, წიგნიერმა ახალგაზრდებმა გაგვაგონეს თავიანთი სამოქალაქო ხმა.

რაც შეეხება წიგნიერების კომპეტენციათა განვითარებას, მას შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სოციალური გარემო სჭირდება. მთავარ გამოწვევებს სწორედ ამ ორი მიმართულებით ვხედავ.

როდესაც ბავშვებისა და ახალგაზრდების კითხვის ჩვევებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ იმასაც, თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქა მასზემოკლე ვიდეოები, სახალისო მმები, სწრაფი კონტენტიმართალია, ამ ეპოქამ ტექსტთან ძალიან ახლოს მიიყვანა მოზარდები, მაგრამ რამდენად ხარისხიანია ის ყველაფერი, რასაც მოზარდები დღეს კითხულობენ საყვარელ აპლიკაციებში? ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სოციალური მედია ძალიან ხშირად მდარე ხარისხის შინაარსით არის გაჯერებული. ხომ არ იკარგება ამ დროს მომავალი, გამოუცდელი მკითხველი უზარმაზარი, უმნიშვნელო ინფორმაციის და ამბების ზღვაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, წიგნიერება კომპლექსური ფენომენია და ზედაპირულობას გამორიცხავს. ამისგან რადიკალურად განსხვავებულ ვირტუალურ რეალობაში ატარებენ დიდ დროს მოზარდები, რომლებიც ხშირად საათებს უთმობენ მდარე ხარისხის ვირტუალური პროდუქტების „ბრმად მოხმარებას“. ეს, ერთი მხრივ, ემოციურად, სოციალურად და კოგნიტიურადაც ფიტავს მათ და მეორე მხრივ, აპათიურს ხდის გარშემო არსებული რეალობის მიმართ; უქვეითებს ამ რეალობაზე პასუხისმგებლობის განცდას… მეორე მხრივ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მრავალფეროვნება ვირტუალურ ნავიგაციას უადვილებს ახალგაზრდებს და უფრო მეტად მოითხოვს მათგან პიროვნული განვითარების, უნარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვას.

მთავარ პრობლემად, ამ შემთხვევაში, ჩემი როგორც ორი მოზარდის მშობლის აზრით, მაინც თანმიმდევრულობა, ჩარჩოების დაწესება და სისტემურობის მიღწევა იკვეთება. საკუთარი ქცევების მართვა რთულია მოზარდისთვის. ასეთ დროს პრობლემასთან ერთობლივი ძალებით გამკლავებაც მხოლოდ მცირეხნიან შედეგს იძლევა. აქ მთელი მხარდამჭერი გარემოა შესაქმნელი როგორც მშობლის, ისე საგანმანათლებლო/სახელმწიფო დაწესებულებების, კომპეტენტური ინსტიტუციებისა და საზოგადოების მხრიდან. თუმცა, საქართველოში მცხოვრები საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელი ოჯახებისთვისაც კი საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებით ამ ყველაფრის მართვა თითქმის წარმოუდგენელია.

დიახ, სამწუხაროდ, „უზარმაზარი, უმნიშვნელო ინფორმაციისა და ამბების ზღვაში“ იკარგება არა მხოლოდ გამოუცდელი მკითხველი, იკარგება ან ბლაგვდება მაინც ხარისხიანისა და უხარისხოს გარჩევის უნარიც (სოციალური მედია ხომ მოწონების რაოდენობრივ მაჩვენებელზეა ორიენტირებული და არა – შინაარსის ღირებულებაზე).

სქროლვის, ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის ეპოქაში დიდი, რთული ტექსტების და ხარისხიანი ლიტერატურის წაკითხვას საკმაოდ დიდი მოთმინება და კონცენტრაცია სჭირდება ბავშვისგან. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი, მასწავლებელი მოზარდს ყოველდღიურად, რომ წიგნთან მისასვლელი გზა გაუიოლოს?

სწორად გამოყავით მნიშვნელოვანი უნარები. არა მხოლოდ მოცულობითი წიგნების გასაცნობად და გასააზრებლად, ხშირად მცირე ზომის ტექსტების აღსაქმელადაც არ ჰყოფნით „სქროლვით“ გადაღლილ ბავშვებს მოთმინებისა და კონცენტრაციის/ფოკუსირების უნარები.

ალბათ როგორც ყველაფერში, აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულობას: რაც უფრო ადრე ჩაერთვება მშობელი პროცესში, მით უფრო გაუადვილებს შვილს წიგნთან მისასვლელ გზას. ოქროს პრინციპად რჩება ერთად კითხვის ტრადიციის ჩამოყალიბება (მუცლად ყოფნის, ჩვილობის, წინასასკოლო და დაწყებითი სწავლის ეტაპებზე). მთავარია, ეს პრინციპი მთლიანობაში, შენარჩუნდეს, იყოს თუნდაც რამდენიმეწუთიანი რიტუალი, სასურველია, განსაზღვრულ დროსა და მყუდრო სივრცეში, რათა შეიქმნას მიკროკლიმატი და შესაბამისი განწყობა, რომელიც ზრდასრულობისას ძვირფას/ღირებულ მოგონებად იქცევა.

სახლში ორი მოზარდი შვილი მყავს, ისინი საკმაოდ კარგი მკითხველები არიან, თუმცა უფრო ხშირად უცხოურ საბავშვო ლიტერატურას კითხულობენ და ეს საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა ამ თაობაში. როგორც ქართული ფილოლოგიის სპეციალისტი, გვესაუბრეთ, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლიური ლიტერატურის საფუძვლიანად გაცნობა ახალგაზრდებისთვის მათი ეროვნული და კულტურული თვითშეგნების ჩამოყალიბების გზაზე? 

ტრენდულობა ციფრულ სამყაროში (და არა მხოლოდ) ახალგაზრდა თაობის მთავარი ორიენტირია. თანატოლების მიერ რეკომენდებული წიგნები მართლაც უფრო სასურველი ხდება ბავშვისა და მოზარდისთვის (ასეთი შინაარსის ქართულენოვანი Youtube-არხები თანდათან მატულობს). არაქართულენოვანი ლიტერატურით ქართველი მოზარდების დაინტერესებას მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის არის – პირველი – საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზების მდიდარი ტრადიცია, რომლითაც, მაგალითად, გამოირჩევა ევროპული სამყარო, მეორე – ტრადიციული ხელოვნების გათანამედროვეობის წარმატებული პრაქტიკა, მაგალითად, იაპონურ კულტურაში. დიდ როლს ასრულებს, აგრეთვე, კლასიკური ლიტერატურის სათანადოდ ადაპტირებული ვერსიებიც, ეკრანიზაციები და კონკურსები, რომლებიც მეტწილად სწორედ უცხოურ (ინგლისურ) ენაზეა. ინგლისური კი, როგორც ტექნოლოგიების ენა, დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს ახალი თაობისთვის. ამ ფონზე მწირია ქართულენოვანი და საკუთრივ ქართულ ლიტერატურაზე ორიენტირებული ციფრული/ინტერაქციული რესურსები. მათი უმეტესობა შექმნილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, მასწავლებლის სახლში, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების, აგრეთვე – გამომცემლობების მიერ, სხვადასხვა კონკურსის/პროექტისა თუ კერძო ინიციატივების ფარგლებში და მნიშვნელოვნად ავსებს დასახელებულ დანაკლისს. რეალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამ მხრივ მაინც ფრაგმენტული და არასისტემური, აგრეთვე მეთოდოლოგიურად განსაახლებელია უკვე არსებული ელექტრონული რესურსები. შესავსებია ახალი მასალითაც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს გამართული.

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლიური ლიტერატურის საფუძვლიანად გაცნობა? უპირველეს ყოვლისა, ეს დაეხმარება ახალგაზრდას არა მხოლოდ ეროვნული და კულტურული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში, არამედ გაუადვილებს სწორედ პიროვნული თვითშემეცნების, თვითმიკუთვნებულობის, თვითიდენტიფიკაციის რთულ პროცესს. ნებისმიერი ტიპის იდენტობის კონსტრუირება წარსულის შესახებ კოჰერენტულ ცოდნას ემყარება. ქართული ლიტერატურის არსებით მახასიათებლად სპეციალისტების მიერ როგორც თემატური, ისე გამომსახველობითი თვალსაზრისით უწყვეტობა, მთლიანობა სახელდება. დიდი პოლიტიკური წნეხისა და რეჟიმების პირობებშიც, ქართული ლიტერატურა ახერხებს, სათანადოდ წარმოაჩინოს ფუნდამენტური, ეპოქალური თუ უნივერსალური პრობლემები. სამყაროს შესახებ არსებული კულტურული მოდელების მეტ-ნაკლები სისრულით წარმოსადგენად ქართულ ლიტერატურას უხვი/უნიკალური მასალა/მონაცემი აქვს და მისი გაუთვალისწინებლობა ნამდვილად იქნებოდა დანაკლისი. ამ მცირე ზომისა და ისტორიულად მდიდარი გამოცდილების მქონე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის კი, მით უფრო – თუ ის საქართველოს მოქალაქეა/ეთნიკურად ქართველია, ერთგვარი პასუხისმგებლობაა, იცოდეს მისი განვითარების ეტაპები და დინამიკა. ამ თვალსაზრისით, ქართული ლიტერატურა მრავალფეროვან და უაღრესად საინტერესო ინფორმაციას შეიცავს.

რამდენიმე სიტყვით სასკოლო პროგრამასაც შევეხოთ. მოზარდები ხშირად აპროტესტებენ გრძელი ტექსტების კითხვას, ლექსების, პოემების დაზეპირებას და საერთოდ, დაუძლევლად, საშიშად ეჩვენებათ ჰაგიოგრაფია და ვეფხისტყაოსანი, რომელიც ხშირად მათთვის განყენებულ, უცხო ტექსტად რჩება… რა უნდა იყოს ამ ტექსტების შესწავლის დროს მასწავლებლის და მოსწავლის მთავარი, საბოლოო მიზანი, რა უნდა ასწავლოს ყველაზე მთავარი ჰაგიოგრაფიამ და ვეფხისტყაოსანმათანამედროვე მოზარდს?

ძალიან საინტერესო, მართლაც პრობლემური და კომპლექსური საკითხია. თანამედროვე ქართულ სასკოლო პროგრამაში, როგორც ვიცი, დაზეპირების/საზეპიროების მოთხოვნა აღარაა, ეს შეიძლება მხოლოდ ცალკეული მასწავლებლის პირადი ინიციატივის ფარგლებში დარჩეს. რაც შეეხება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისა და „ვეფხისტყაოსნის“ დაუძლევლობასა და გაუცხოებას, გეთანხმებით: განსაკუთრებით სასულიერო და კლასიკური ლიტერატურა კვლავაც რჩება მხოლოდ სავალდებულო ტექსტების ერთობლიობად. უცნაურია, რომ თანამედროვე ეპოქაში აქტუალური/აქტუალიზებული მითების, ფენტეზის, მაგიური რეალიზმის, საგებისა და Netflixის სერიალების ფონზე, ეს დრამატიზმით, პერიპეტიებით აღსავსე ტექსტები მაინც ვერ ცოცხლდება; მოსწავლეებს თავიდანვე დისტანცირების განწყობა აქვთ და არა – დიდ სამყაროში შესვლის მოლოდინი.

რა უნდა იყოს ასეთ დროს მთავარი მიზანი? ჩემი აზრით, ეს მაინც უნდა იყოს ერთად შემეცნების სურვილი, თავად სასწავლო პროცესის საინტერესოობა, პედაგოგის მიერ ტექსტების ახლებურად დანახვისა და ჩვენების ნიჭი, ამავე დროს – თანამედროვე პერსპექტივიდან ტექსტის აქტუალურობის განხილვა. აქ ხაზს ვუსვამ საერთო განწყობის მნიშვნელობას: თუ პედაგოგი მხოლოდ კონვენციური ცოდნის გადამცემია და არა – მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ერთად ტექსტის ხელახლა აღმომჩენი, სწავლა-სწავლების პროცესი ინფორმაციის აღებ-მიცემობის ფარგლებში დარჩება, ანტიკური ხანიდან მოყოლებული კი ცოდნის მიზანი ახლის შემეცნების სიხარულის განცდაა.

რა უნდა ასწავლოს თანამედროვე მოზარდს ჰაგიოგრაფიამ და „ვეფხისტყაოსანმა“? პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობების კომპლექსურობის გააზრება, სხვადასხვა ეპოქის ღირებულებათა იდენტიფიცირება, გამოსახვის საშუალებებზე, ენაზე დაკვირვება… მახსოვს, ჩემი ძვირფასი პროფესორები როგორი სიყვარულითა და კრძალვით გვიკვალავდნენ გზას ჩვენთვის მაინც უცნობ სამყაროებში: მაგალითად, ყურადღებას გვამახვილებინებდნენ წმინდა ნინოს გარდაცვალების წინა სრულიად ადამიანურ, არაშაბლონურ სიტყვებზე: „მე დღესა დავუღამდები“, შუშანიკის მოლოდინზე, რომ ვარსქენი არა რჯულის უარყოფის, არამედ მისი, როგორც ქალის, დამცირების გამო უნდა განისაჯოს, არაბეთში ავთანდილის დაბრუნების სიხარულის მასშტაბურობა კი რუსთველს ასე ოსტატურად რომ აქვს გამოხატული: „სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა…“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვა საავტორო კურსების გვერდით, ვკითხულობ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ჩემს საავტორო კურსსაც. ამ კურსზე თითქმის ყოველ სემესტრში კვოტაზე მეტი მსურველი ცდილობს დასწრებას. ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსთველის დამსახურებაა. სტუდენტებთან მუშაობის ინტერაქციული ფორმატი და სხვადასხვა ტიპის სასწავლო-შემეცნებითი რესურსის არა მხოლოდ გამოყენება, არამედ შექმნაც სწავლა-სწავლების პროცესს საინტერესოსა და სახალისოს ხდის. სემესტრის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც ტექსტზე (ახლო კითხვის მეთოდით), ისე ვეცნობით რუსთველოლოგიის განვითარების ეტაპებს, საეტაპო მნიშვნელობის კვლევებსა და „ვეფხისტყაოსნის“ პოსტმოდერნისტულ ვერსიებსაც. ეს, მართალია, შრომატევადი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი აკადემიური თანამშრომლობაა, რომელსაც სტუდენტებისთვის მართლაც მოაქვს თითქოს ნაცნობი საპროგრამო ტექსტის ხელახლა აღმოჩენის დიდი სიხარული.

რა იქნებოდა თქვენი მთავარი რჩევა მომავალი თაობისთვის, მშობლებისთვის? თქვენი აზრით, რა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელსაც წიგნი აძლევს ადამიანს და როგორ შევინარჩუნოთ წიგნის კითხვის კულტურა, ჩვევა ახლა, სრულიად განსაკუთრებულ დროსა და ეპოქაში? 

 

მთავარი რჩევა მაინც ეს იქნებოდა – არ გავფლანგოთ დრო, ვიყოთ მეტად კრიტიკულნი, შემოქმედებითნი და არა – პასიური მიმღებნი, მიმბაძველნი, ფრაგმენტულნი და ზედაპირულნი; ყოველდღიურ პრაქტიკად ვაქციოთ კითხვა, წერა, ფიქრი…

 

რაც შეეხება წიგნის, უფრო სპეციფიკურად კი მხატვრული ლიტერატურის მიერ მოწოდებულ მთავარ ღირებულებას, ჩემი აზრით, ესაა განსხვავებული პერსპექტივით აღქმის დაშვება. სხვაგვარად – ეგოცენტრულობის დაძლევა და სამყაროს მეტ-ნაკლებად მთლიანობაში დანახვის შესაძლებლობა. ზოგჯერ ნამდვილი ლიტერატურა გადამრჩენის როლსაც ითავსებს: განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში მას აქვს ძალა, შექმნას ალტერნატიული სამყარო, რომელიც ემპირიულ რეალობას გადაგატანინებს/შეგაფასებინებს/დაგაძლევინებს.

 

დაბოლოს, საინტერესოა, თავად თქვენ როგორ გახდით მკითხველი. ხომ არ გახსოვთ პირველი წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე და წლების შემდეგ ხშირად უბრუნდებით?


ჩემს ბავშვობას წიგნიერი გარემო ქმნიდა: დედაც და მამაც განათლების სფეროში წამყვანი სპეციალისტები იყვნენ, ბებოსა და დეიდების მყუდრო სახლში ზღაპრულად მშვიდი სამკითხველო სივრცე და სწავლის მხარდამჭერი გარემო მქონდა, ზაფხულში მოსავლის აღებისას ბიძაჩემი – ბეჟან კილანავა – თავისი სფეროს – ჰაგიოგრაფიული ტექსტების, ქართული დამწერლობისა და მწერლობის შესახებ საოცრად საინტერესოდ მიყვებოდა. შემდეგ იყო აფხაზეთის ომი და დევნილობის მძიმე წლები. ამ დროს წიგნებმა თავშესაფრის ფუნქცია შეასრულა: მამა არ მიშვებდა გაყინულ ბიბლიოთეკებში და თავად მოჰქონდა წიგნები არანაკლებ ცივ ბინაში, დედა ორად ყოფდა მწირ შემოსავალს: ერთი ნახევრით საჭმელს, მეორე ნახევრით კი წიგნებს ყიდულობდა…

 

სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე საეტაპო მნიშვნელობის წიგნი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სულ პირველი იყო „ბიძია თომას ქოხი“, მოგვიანებით –     „მარტოობის ასი წელიწადი“, სტუდენტობისას – „სანავარდო“, „დაკარგული სამოთხე“, „ვეფხისტყაოსანი“… ბოლოს მივაგენი ჩემეულ ფორმულასაც: თუ თვეების შემდეგ შინაარსზე მეტად შთაბეჭდილება, ემოცია მრჩებოდა, ეს წიგნის ღირებულების მთავარი ინდიკატორი იყო ჩემთვის.

ჩემი პროფესიის მთავარ ღირსებად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ტექსტებთან არაერთხელ გიწევს მიბრუნება, რაც, ჩემი აზრით, დიდი ფუფუნებაა მაშინაც კი, როცა ის მხოლოდ აკადემიურ, სამეცნიერო მიზანს ემსახურება.

გმადლობთ ძალიან საინტერესო და ღირებული მოსაზრებების გაზიარებისთვის.     

ესაუბრა: შორენა ტყეშელაშვილი

 

ამაოების „ქარავანი“ და ჩვენი ოცნებები = „აიწონა-დაიწონა“

0

საოცარია დილის მადლი… სხეული, რაც უნდა დაძაბუნებული და ნათრევი იყოს ცხოვრებისაგან, ახალი ენერგიით ივსება; იღვიძებს ბუნება: პატარა ჩიტუნები, მტრედები, მწერები ფუთფუთებენ, ფოთლებიც შრიალს იწყებენ და დღის მზარდ დინამიკაში ასე ერთვებიან. ეს სიცოცხლის მარადი მოძრაობაა, ურთიერთგადადინება ამიერისა იმიერში, წრებრუნვა დროსა თუ უდროობაში, საკუთარ თავთან დაბრუნება, მისი ერთგულება…დიახ, სიცოცხლის ერთგულებაც გვაქცევს ადამიანებად!

ახლა ცხოვრების ერთგულებაზე, ანუ მისი სისავსით შეგრძნებაზე…

ამ სისხამ დილას პირობა დავდე. ყოფილა შემთხვევები, რომ მოწყალება მიმიწოდებია მათხოვრისთვის, მაგრამ მისი ჭუჭყისგან გაშავებული ხელებისა თუ ფრჩხილებისთვის რომ შემიხედავს, ფული ისე გადამიცია, რომ ნაკლებად შევხებოდი. ამას ჰქვია „ზემოდან ქვემოთ“ თანაგრძნობა, უფრო კი სიბრალული, სამოწყალოდ გამეტება ადამიანისა. დიახ, გამეტება… ამას აღარასდროს ვიზამ!!! ანუ არ მოვარიდებ ჩემს ხელს იმ ადამიანის ხელს, რომელსაც ამ ჭუჭყიან ფულს კი ვაძლევ, მაგრამ თანადგომა თუ გინდა, უნდა გაუთანაბრდე, მისი წუთისოფლის სიმძიმე შეიგრძნო, ესაა შეხიდებაც, დროებითი, წამიერი, მაგრამ ღირსეული.

ცხოვრების ჭუჭყს ვინც არიდებია, არც უცხოვრია, იცოდეს! „ტალახში“ მყოფს ხელს თუ უწვდი ამოსაყვანად, იცოდე, რომ ის ტალახი აუცილებლად მოგეცხება, მოსვენებას არ მოგცემს, თუ სინდისიერი ადამიანი ხარ და შენი სიკეთეც უბრალო „რევერანსი“ არაა ფსევდო, საპარადო კეთილშობილებისა. ის საპყარი ადამიანი სწორედ ჩვენი საზოგადოებისგანაა გარიყული, ეს საზოგადოება კი მეც, შენც, ყველანი ვართ, ამიტომ ჩვენი ბრალიცაა მისი ტანჯვა და ტკივილები. „გაწკეპილი“, თეთრ შარვალ-კოსტიუმში  ვერ გალევ სიცოცხლეს. გაიგებ იმ ლაფის გემოსაც, ავადმყოფობის „განდეგილობასაც“ და განსაცდელის ჯვარზეც გაეკვრები ჩვენი მაცხოვარივით. ამ უკანასკნელი სიტყვის ძირში ქართველმა „ცხოვრების“ ეტიმოლოგია ტყუილად როდი ჩადო… წუთისოფელი „შავ-თეთრობისაა“, ინიდაიანური, ტრაგიკულობის ძირიდან ამოზრდილი. პერმანენტული „ტკბილი“ მძაღდება და გემოს უკარგავს თვით ყველაზე კომფორტულ და გაფუფუნებულ ყოფასაც. ამიტომ იკლავდნენ თავს ალბათ ძველი რომაელი დიდგვაროვნები, ყველა ცხოვრებისეული ნეტარება რომ მოჰყირჭდებოდათ. მხოლოდ სიამოვნებისთვის არაა წუთისოფელი და მისი ყოფიერების არსს მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვა შეგაგრძნობინებს. ესაა ჩვენი ადამიანობის საზომიც, მგონი – რამდენს ვზიდავთ, ვიტვირთებთ.

ასე რომ, ვისაც ტკივილი არ უგრძნია, თუნდაც სიცოცხლის სიყვარულისას, მას ვერაფერი გაუგია თავისი და სხვისი ცხოვრებისა თუ არსებობისა.

ბუნების აღწერით დავიწყე წერა და ბუნებაში სწორედ ეს თანასწორობაა, არქაული, პირველყოფილი, რომელიც ადამიანმა ცივილიზაციით შერყვნა და უშნოდ, ბილწად „მოიხმარა“, როგორც იტყვიან; თუნდაც მეტი ბზინვარებისთვის, ცოცხლად გატყავებული უსაყვარლესი წავების ბეწვით შეკერილი ქურქებით თავმომწონე მანდილოსნებისა არ იყოს…
ახლა, ამ არცთუ „მსუბუქი“ ცნობიერების ნაკადის შემდეგ, ცოტას გაგაღიმებთ; „ძველი ვოდევილებიდან“ ეროსი მანჯგალაძისა და რამაზ ჩხიკვაძის სცენა მახსენდება. რამაზის გმირი, ლოყაზედ ხალით, ეშმაკურად თვალმოჭუტული, ეუბნება ეროსის გმირ თავად ფანტიაშვილს (უზუსტობისთვის ბოდიში, ცხადია):

– ჰო, ჰო, გიცნობთ… აი, იმ დღეს გნახეთ, თეთრი ჩოხითა, ჩინ-მედლებითა, ეპოლეტებითა, დიდებულებითა…
ეროსის გმირს, ნეტარების მწვერვალზე რომ ავა თვითტკბობისგან, აი, მაშინ „ჩაურტყამს“, ანუ გააგრძელებს ჩხიკვაძე:

– ….ერთი მაგრად რომ გჟეჟეეეეს!

ჰო, იმ „ქუჩის აკადემიას“ რომ ვეძახით, ისიც ცხოვრებაა, ისევე, როგორც სისხლის გემო, რომელიც ისეთივე ტკბილ-მწარეა, როგორც წუთისოფელი…

  • *.        *

გუშინ, გვიან ღამით, სავარჯიშოდ სკვერში გასულს, ის მზისგან შავკანიანივით გარუჯული ბავშვები ისევ შადრევანში დამხვდნენ. ამოდი, რა იცი, დენი არ გადიოდესო, – შეწუხებული სახით აჯერებდა ბავშვიანი ქალი. არა, არ გადის, ვიციო, – ზრდასრულივით უპასუხებდა ერთი, ყველაზე ბიჭური, თვალების „ვარსკვლავებით“ რომ გამახსოვრებდა თავს.

– დედაშენი სად არის?

– არ მყავს დედა…

შეჩვეული, მთელი ცხოვრება საზიდი, ტრაგედია გაუმხილა ბიჭმა.

– აბა, ვინ გზრდის?

– ბიცოლაჩემი;

– სახლში რომ მიხვალ, წყალი გადაივლე, ეს წყალი უსუფთაოა;
ახლა მე ვუღიმი, თითქოს, მინდა ცხოვრების სიბინძურისგანაც დავიცვა ბავშვი.

– ვიცი, ჰო!

ახლა მე „მიგერიებს“ პატარა.

მერამდენე წრეს ვარტყამდი, აღარ მახსოვს, რომ დავინახე, ბავშვები ამოიყვანეს მაინც შადრევნის აუზიდან და გზასაც გასდგომოდნენ, მარტო შორტებში, მარკ ტვენის გმირებივით. მათგან სევდიან-კაეშნიანი თავისუფლების „სიო“ უბერავდა. პატარა სკულპტურასთან, პარკის ბოლოს, მეც წამოვეწიე. დავინახე, ის, ყველაზე გამორჩეული და ყველაზე „ლიტერატურულ/ტომსოიერული“, რაღაცას ექაჩებოდა, სიგარეტივით.

– ერთი წუთით! რამდენი წლისა ხარ?

ვეკითხები დათრგუნული.

– 8-ის.

– მერე რატომ იღუპავ თავს?! მაგის მოწევას ხომ ისედაც მოესწრები?!
ბიჭუნა, რომელმაც ის უღიმღამო დღე გამიმხატვრულა, დუმილით მეთანხმება, გულში კი დასძენს ალბათ: „მე, განა, მართლა პატარა ვარ. აბა, შეხედეთ ჩემს ცხოვრებას?!“ –  ხომ უნდა დაამტკიცოს, თავისი ნაადრევი, ძალადობრივი დაკაცება, არა?!

ვერ ვამტყუნებ და უფრო მიყვარდება ჩემი „წიგნის გმირი“, ასეთი აშკარა პიროვნული ეგზოტიკით რომ მჭრის თვალს მე, წუთისოფლის ცოტა სხვა (თუ იმავე?!) ჟანრის პერსონაჟს, რომელსაც დაავიწყდა, ბავშვებისთვის ეკითხა გაცვეთილი რიტორიკა:
– საით მიდის ან რატომ იკარგება გზა ოცნებებისკენ?!

წავიდა ზაფხულიც, გაქრა,

ვითარცა ბავშვობის დღეები, „ნაგემნი მტკბარად“;

როგორც ჩვენი ფრანს გაყოლილი ოცნებები „უცხო სამოთხეებში“;

როგორც ჩვენი ილუზიები, სანთელს მიმწვარი ფარვანებივით;

როგორც ჩვენი იმედები, ძლიერი ბაბუაწვერებივით, ერთი სულის შებერვამდე, ასე თავგადაკლულნი რომ უძლებდნენ ამსოფლიური ქარების შემოტევებს;
როგორც ჩვენი სიცოცხლე, მაინც უცხოს მონაყოლი ზღაპარივით სიკვდილჩასაფრებული!

  • *

მოვა ალბათ დრო და კაცობრიობა ცხოველებსა და ფრინველებს აღარ შეჭამს;

აღარ იომებს;

ადამიანიც დაუბრუნდება თავისთვის ყველაზე ორგანულ წიაღს — ბუნებას, „ჩაჯდება მის კონტექსტში“, ისევ და ისევ („და მე კი ყველას მონა ვარ…“ – ვაჟა);

…და კეთილი, უსაფრთხო, მომავლისკენ ივლიან, გოდერძი ჩოხელისეული, „მხრიდან ნაძვამოზრდილი“ კაცები და ქალები.

სხვანაირი ჰარმონია არ იცის დედამიწამ, კაცობრიობამ, კაცთა წუთისოფლურმა სამყარომ…

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ აზროვნება ყოფნის უმაღლესი ფორმაა, სიცოცხლის ზეიმი. ჰაიდეგერი გვირჩევს, რომ თუ გვსურს, ვიაზროვნოთ, უნდა მოვემზადოთ ამ ზეიმისთვის, რადგან ამ ზეიმამდეც რომ ვერც მივაღწიოთ, მისკენ გზაც მნიშვნელოვანია. ნიცშესთვის შეკითხვა „რა არის ჭეშმარიტება?“ ჟღერს ასე – „რა არის ა რ ს ე ბ უ ლ ი?“

მე კი დითირამბს ადამიანურ წარმოსახვას მივუძღვნიდი, რადგან ის სწორედ ა რ ა რ ს ე ბ უ ლ ს, შ ე ნ ი ღ ბ უ ლ ს ან მარად ნ ა გ უ ლ ი ს ხ მ ე ვ ს დაგიყენებს თვალწინ. წარმოსახვით, ნივრის სუნით აყროლებული დიაცი უნატიფეს და იდუმალ ქალად შეიძლება „იქცეს“, დედოფალი კი – მიწაში განქარვებად ჩონჩხად…

ინტელექტი ცხოველსაც, ფრინველსაც, ბუნებასაც აქვს. ჩემი აზრით, წარმოსახვაა ადამიანი, ნუ, მეტყველების შემდეგ!

ასე რომ, ფრთებს ნუ ჩამოყრით, მარტო ფიქრისთვის კი არა, ოცნებისთვისაც ვართ შექმნილნი!…..

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...