შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

საშობაო-საახალწლო სცენარი პირველკლასელებისთვის – „ჩემი სურვილების ჯადოსნური ხე“

0

შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდია ბავშვებისთვის და მგონი, უფროსებისთვისაც, რაღაც ახლისა და მნიშვნელოვნის, ბედნიერების დასაწყისი და სათავეა. ამიტომ კარგი იქნება, ბავშვებს ისეთი ღონისძიება შევთავაზოთ, სადაც კიდევ უფრო გავუმძაფრებთ ამ შეგრძნებას, დავაფიქრებთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ვაჩუქებთ ძალიან ლამაზ, სამახსოვრო დღეს. სცენარი ჩემი მოსწავლეებისთვის დავწერე და თქვენც გიზიარებთ. სცენარის წერისას გავითვალისწინე ბავშვების ასაკი, ამიტომ სიტყვების ზომა და რაოდენობა შესაბამისი უნდა იყოს.

სასურველია, სცენაზე ნაძვის ხე იდგეს, ხოლო სურვილების წარმოთქმის შემდეგ ბავშვებმა თითო სურვილის ბურთი, ჩამოკიდონ ხეს (სასურველია, ბურთი იყოს გამჭვირვალე. იყიდება ისეთი საახალწლო ბურთები, რომლებიც იხსნება, ასეთ ბურთებში შეგვიძლია ჩავდოთ სიმბოლურად წერილი, ბრჭყვიალები, განათებები – რაც ძალიან ეფექტური და ლამაზი სანახავი იქნება).

ამბავი კი ასე იწყება:

მოსწ. 1. ოჰ, რა საოცარი დღეა! ჩვენი სურვილები აუცილებლად ახდება! ამ ჯადოსნურ ბურთებში ჩვენი ოცნებებია.

მოსწ. 2 – მთავარია, სურვილები გულით ჩავიფიქროთ, ისინი აუცილებლად გაცოცხლდებიან!

მოსწ. 3 – სურვილების ბურთები ნაძვის ხეზე უნდა დავკიდოთ და სასწაულს დაველოდოთ…

მოსწ. 4 – თვალები დავხუჭოთ და ვინატროთ… ვინატროთ ისე, როგორც არასდროს…

მოსწ. 5 – „მინდა მოგიყვეთ ზღაპარი,

ამბავი სიყვარულისა”.

მოსწ. 5 – იყო პატარა გოგონა,

ფიქრობდა დიდი გულითა.

მოსწ. 6 – თოვლის ბაბუას წერილი

ალბათ პირველმა მისწერა.

მოსწ. 7 – ახლოვდებოდა შობა და

გოგონა ცოტას დარდობდა.

მოსწ. 8 – არავინ იცის წერილში

რა დაუწერა ბაბუას,

მოსწ. 9 – მაგრამ პატარა გოგონა

რაღაც საოცარს ნატრობდა.

მოსწ.10 – ერთხელაც, რომ დაიძინა,

შობის ღამე დაესიზმრა:

მოსწ.11 – ანგელოზები მოფრინდნენ

თეთრი, ლამაზი ფრთებითა.

მოსწ. 12 – ჰკითხეს: რას ნატრობ პატარავ?

გაგვანდე გულის ნადები.

მოსწ.13 – გოგონამ უთხრა:

მინდა, რომ არ იყოს ქვეყნად დარდები.

მოსწ. 14 – მინდა სიყვარულს ვთესავდეთ

მეგობრები და და-ძმები.

მოსწ.15 – ანგელოზები დაჰპირდნენ

აუსრულებდნენ ოცნებას,

მოსწ.16 – გაფრინდნენ უმალ ზეცაში

ხელში წერილი ეჭირათ.

მოსწ.17 – გამოეღვიძა გოგონას

ბედნიერების ღიმილით,

მოსწ. 18 – ელოდა შობა ახალ-წელს

იმ საოცარი სურვილით. (ნონა ბეჟანიშვილი – ლექსის ავტორი)

 

(აქ სიმღერა სურვილების ასრულებაზე )

ამის შემდეგ იწყება უკვე სურვილების ჩაფიქრება.

მოსწ. 1 – მე —- ვარ და მინდა, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თბილი სახლი და დედიკოს ეხუტებოდეს.

მოსწ. 1: – შენ შეგიძლია ვიღაცისთვის თბილი სახლი გახდე, როცა გაუღიმებ, ჩაეხუტები ან გაუზიარებ ნივთებს მას, ვისაც ეს სჭირდება. შენი სიყვარული და სითბო მისთვის ნამდვილი თბილი სახლი გახდება.

(ბავშვი ამის შემდეგ მიდის და ბურთულას კიდებს ნაძვის ხეზე, პარალელურად შესაძლოა ნაძვის ხეზე აენთოს ერთი სანთელი – ელემენტებზე რომაა ხოლმე, ასე გაგრძელება 18-ივე ბავშვის შემთხვევაში)

მოსწ. 2 – მე ვარ — და ძალიან, ძალიან მინდა თოვლის ბაბუამ ყველა ბავშვი დაასაჩუქროს.

მოსწ. 2:  ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ თოვლის ბაბუები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შესაძლოა საჩუქრების გარეშე დარჩნენ. კეთილი გულით დახატული ლამაზი სურათი, უკვე დიდებული საჩუქარია!

მოსწ. 3: მე ვარ — და მინდა, რომ ქუჩის ცხოველებს არ შიოდეთ, მათ ეფერებოდნენ და ბედნიერები იყვნენ.

მოსწ. 3: დააპურე ქუჩის ძაღლები, კატები და ჩიტები! შეგიძლია, თან ატარო სპეციალური საკვები კონტეინერით. ძალიან უხარიათ, როდესაც მათზე ზრუნავენ.

მოსწ.4: მე ვარ —. მინდა, რომ ყველა ბავშვმა იპოვოს საკუთარი ვარსკვლავი ცაზე.

მოსწ.4: დაეხმარე მეგობარს, იპოვოს ის, რაც კარგად გამოსდის, შეაქე ხშირად და შენი მეგობარი თავის ვარსკვლავს აუცილებლად იპოვოს.

მოსწ. 5: მე ვარ —. მინდა, რომ სევდა გადაიქცეს ფიფქად და შორს გაფრინდეს.

მოსწ. 5: როცა ძალიან დარდობ ან რაიმე გწყინს, მოყევი მეგობრებს, მშობლებს ან დახატე და ასე სევდა მართლაც გადაიქცევა ფიფქად.

(აქ სიმღერა ფიფქებზე და თან ცეკვა „ფიფქური“ )

მოსწ. 6: მე ვარ—. მინდა, რომ ყველას გულში სიკეთის სანთელი აინთოს.

მოსწ. 6: ეს სანთელი შენ ხარ, ჩამოჯექი მის გვერდით და ანუგეშე ის, ვისაც დახმარება სჭირდება.

მოსწ. 7: მე ვარ —. მინდა, რომ ცრემლები ქარმა წაიღოს, მხოლოდ სიცილი დარჩეს!

მოსწ. 7: როდესაც ვინმე ტირის, გვერდი არ აუარო, ჩამოჯექი მის გვერდით და უბრალოდ მოუსმინე. ცრემლები ნელ-ნელა გაქრება.

მოსწ. 8: მე ვარ —. და მინდა, რომ მეგობრობა თოვლივით არ დნებოდეს!

მოსწ. 8: ეთამაშე მეგობარს და გაუზიარე შენი სათამაშოები, შენი ნივთები – გაზიარება არის მეგობრობის ჯადოსნური ელექსირი.

მოსწ.9: მე ვარ —. და მინდა, რომ ჩვენი დედამიწა კარგად იყოს! ბუნება არ განადგურდეს.

მოსწ. 9: არ გადააგდო პოლიეთილენისა და პლასტმასის ნივთები ქუჩაში და წყალში! არ დაყარო ნარჩენები გარეთ! დედამიწა ჩვენი ყველას სახლია!.

მოსწ. 10. მე ვარ —-. და მინდა, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იღვიძებდეს დილით!

მოსწ. 10: თქვი დილა მშვიდობისა, როგორც კი გაიღვიძებ და ჩაეხუტე შენს მშობლებს და ოჯახის წევრებს. ბედნიერება ასე იწყება.

(აქ შეიძლება რაიმე სიმღერა ან ცეკვა – ბედნიერებაზე, სიხარულზე)

მოსწ. 11. მე ვარ —. და მინდა, რომ ყველა მოხუცებულს თბილად ექცეოდნენ.

მოსწ. 11: როდესაც ქუჩაში მარტოდ მჯდომ ბებიას ან ბაბუას დაინახავ, მიესალმე! ერთი გამარჯობა მათთვის მთელ დღეს უდრის.

მოსწ. 12: მე ვარ —-. და მინდა, რომ ყველას ჰქონდეს სუფთა წყალი და ყველა ხედავდეს მწვანე ხეებს.

მოსწ. 12: დარგე შენის სკოლის ან სახლის ეზოში პატარა ხე, მოუარე და გაზარდე! მორწყე ყვავილები მათთვის ერთი წვეთი წყალი პატარა სასწაულია.

მოსწ. 13: მე ვარ —. და ძალიან მინდა, არცერთ ბავშვს არ შიოდეს!

მოსწ.13: შენ შეგიძლია ატარო შოკოლადის ფილა ან ხილი, მათთვის, ვისაც ტკბილეული არ აქვს, შეგიძლია გამოაცხო ორცხობილები და ბავშვებს გაუმასპინძლდე.

მოსწ.14: მე ვარ —. მინდა, რომ სკოლა იყოს ყველასთვის უსაფრთხო ადგილი!

მოსწ. 14: თუ ვინმეს ჩაგრავენ ნუ გაჩუმდები, უთხარი მასწავლებელს და დაეხმარე მეგობარს, თუ მოვინდომებთ სამყაროს შევცვლით!

მოსწ. 15: მე ვარ —-. მინდა, რომ ყოველი დღე მშვიდი და ბედნიერი იყოს, ყოველ დღეს სიხარული მოჰქონდეს.

მოსწ. 15: ყოველ დღეს, როდესაც გაიღვიძებ თქვი, რომ: დღეს კარგი დღე მექნება! სკოლაში მისვლისას კი შენს კლასელებს, მასწავლებლებს კარგი დღე უსურვე, სიტყვებს ჯადოსნური ძალა აქვთ.

მოსწ. 16: მე ვარ —-. მინდა, რომ ღამით ცის ვარსკვლავები ჩემთან ჩამოვიდნენ სათამაშოდ.

მოსწ. 16: ვარსკვლავები მაშინ გაბრწყინდება და მათი სხივები შენთან ჩამოვლენ – როცა შენ ბრწყინავ: კეთილი გულით, ღიმილითა და სიყვარულით.

მოსწ. 17: მე ვარ —-. მინდა, რომ ყველა ბავშვმა, ყოველდღე პატარა სასწაული აღმოაჩინოს.

მოსწ. 17: თუ დაუკვირდები, ძალიან ჩვეულებრივი რაღაცები სასწაულად იქცევა: ფიფქები ფანჯარასთან, ჩიტის ჭიკჭიკი, მეგობრების ღიმილი, დედიკოსთან ჩახუტება, მამიკოსთან თამაში…

მოსწ. 18: მე ვარ —. უჰ, როგორ მინდა ახალმა წელმა ყველა ბავშვთან და ყველა ოჯახში შეაღწიოს…

მოსწ. 18: დაამზადე ხელნაკეთი სათამაშოები, ბარათები და აჩუქე მეზობლებს, მეგობრებს – ახალი წელი და შობა ხომ გაზიარების სიხარულია!

ამ დროს, კარგი იქნება, რომ ნაძვის ხის ზემოთ ანგელოზი ან ვარსკვლავი აინთოს. ყველა ერთად: „ჩვენი ოცნებები აუცილებლად ახდება. ახალი წელი და შობა სურვილების ახდენის ჯადოსნური დროა“.

რაიმე ჯადოსნური სიმღერით დასრულდება, საახალწლო, საშობაო სიმღერით.

ჩანაწერებიდან 2

0

*

ჩემი ბოლო პოეტური კრებული – „კანალიზაციის ანგელოზები“ – ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მაღალი კლასების პროგრამაშია ჩართული. ამას წინათ მასწავლებელმა გამომიგზავნა მეთერთმეტეკლასელების ესეისტური ოპუსები ჩემს კრებულში შესულ სხვადასხვა ლექსზე. გაკვირვებული დავრჩი ამ ბავშვების ანალიტიკური და ჰერმენევტიკული აზროვნების უნარით. ეს ოპუსები სასკოლო-რუტინული პრეზენტაციისთვის დაიწერა და მათ ავტორებს ლიტერატურის კრიტიკოსობაზე სულაც არა აქვთ პრეტენზია. სამაგიეროდ, ამ ბავშვების ამ ოპუსებს არაფრით აღემატება ის ოპუსები, რომლებსაც „კრიტიკოსისა“ და „ლიტერატორის“ მანტიამოსხმული პატივცემული გვამები (უმეტესობა ასეთია) „რეცენზიად“ და „კრიტიკულ წერილად“ გვასაღებენ. ლექსის (ზოგადად – მხატვრული ტექსტის) სოლიფსისტური ანალიტიკური ინტერპრეტაცია ნებისმიერ საშუალოზე ოდნავ განათლებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ, როცა პოეზიაზე წერ, პოეტიკის ელემენტარულ საკითხებში მაინც უნდა ერკვეოდე, რომ შენს სიტყვას რამე ფასი ჰქონდეს. წერილის ერთი აბზაცის წაკითხვა სრულიად საკმარისია ჩემთვის, მივხვდე, ერკვევა თუ არა მისი ავტორი პოეტიკაში, ანუ იცის თუ არა პოეზია.

პოეზიაზე როცა წერ, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე, რამდენი ტერფია ქართულ ლექსში. ეს ისეთივეა, კრიტიკოსი წერდეს მხატვრობაზე და არ იცოდეს, რამდენი ფერი არსებობს, წერდეს მუსიკაზე და არ იცოდეს, რამდენი ნოტი არსებობს… სულ ცალ ხელზე ჩამოითვლება უფროსი თაობის ის ლიტერატორები, რომლებიც პოეტიკაში ღრმად ერკვევიან, საშუალო და ახალი თაობის ლიტერატორებში კი ამ მხრივ სრულიად დრამატული მდგომარეობაა (არ ვიცი, იქნებ არის სადმე პოეტიკაში ღრმად განსწავლული ახალგაზრდა კრიტიკოსი და მე გამომრჩა. ეს მხოლოდ გამაბედნიერებს). არადა, როგორ უნდა მოხდეს ვერსიფიკაციული რეფორმაციებისა და ნოვაციების თეორიული ფიქსაცია, თუ ამის დამნახავი ადამიანები არ არიან იმ წრეში, რომელშიც ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ?! უბრალო მკითხველისთვის, როგორც წესი, რთულია, ახალი საზომებით (რომლებსაც მისი რეტინალური და სმენითი აპარატი არაა შეჩვეული) დაწერილი ლექსების ჯეროვანი რეცეფცია, მაგრამ ტრაგიკული ისაა, რომ ვერც იმ ხალხის უმეტესობა ამჩნევს, ვისაც „ლიტერატორად“ მოაქვს თავი… ქრონოსულ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ხოლმე რამდენიმე პროფესიონალი, რომელიც კონკრეტული პოეტის პოეტურ ნოვაციებს აკადემიურ ფონს უქმნის, იკვლევს, ხსნის, ითვლის… და მერე სწორედ ამ ერთეულების ნაშრომებით იქმნება ლიტერატურული პარადიგმები, რომლებსაც ვითომ კრიტიკოსები (და მკითხველებიც) თუთიყუშებივით იმეორებენ. ეს მუდამ ასე იყო და ასე იქნება, უბრალოდ, დღეს, ვფიქრობ, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა.

ჩანაწერებიდან

0

*

გუშინ გალაკტიონის დაბადების დღე იყო. ფეისბუქზე არ შემიხედავს (იშვიათად შევდივარ), მაგრამ დარწმუნებული ვარ, გადაიჭედებოდა ფეისბუქი მისი ლექსებით. უბრალო თუ ბრალიან მკითხველთა აბსოლუტურ უმეტესობას ყურმოკვრით თუ გაუგია, რომ გალაკტიონი ლექსის რეფორმატორია და ა. შ., სიღრმისეულად კი თითზე ჩამოსათვლელმა პროფესიონალებმა თუ იციან, რას ნიშნავს ეს. ქართული პოეზია სულ ოთხ პოეტურ რეფორმას იცნობს:

  1. რუსთაველისეული რეფორმა. რუსთაველმა პანტორითმებით დახუნძლულ-შებოჭილი შავთელური და ჩახრუხაული ლექსი მთლიანად უარყო, უარყო ასევე საერო პოეზიისთვის ნიშანდობლივი არქაული და მძიმე პოეტური მეტყველება, აიღო მანამდე, ცხადია, არსებული დაბალი და მაღალი შაირი და მათი შემთხვევითი მოდულაციებით გენიალური ბინარული სიმფონია შემოგვთავაზა, პარალელურად განახორციელა ენობრივი რეფორმა – მოახდინა პოეტური მეტყველების მაქსიმალური დემოკრატიზაცია. დიაქრონიული ლოგიკით შემდგომი საუკუნეების პოეტების შემოქმედება გაცილებით მარტივად გასაგები უნდა იყოს, მაგრამ პირიქითაა – მაგალითად, კლასიცისტი პოეტების (თუნდაც – ანტონ კათალიკოსის სკოლის) არქაული ენა სულისშემხუთველია, ხუთასი და ექვსასი წლით უფრო ადრინდელი რუსთველური ენა და სინტაქსი კი – გაცილებით უფრო გასაგები;
  2. გურამიშვილის რეფორმა. გურამიშვილმა ბოლო მოუღო რამდენიმესაუკუნოვან განუკითხავ დომინაციას რუსთაველისას, თვით რუსთველური შაირი შიდა რიტმული ვარიაციებით გაამდიდრა და თავისი ინტონაცია შესძინა, და მთავარი: თავისი უფროსი თანამოკალმეების (მამუკა ბარათაშვილის, ვახტანგ მეექვსის… ) ვერსიფიკაციული გამოცდილებით აღჭურვილმა, უამრავი ახალი საზომი შემოიტანა ქართულ პოეზიაში;
  3. ბარათაშვილის რეფორმა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მანამდე უცხო (ჩვენში) ლირიკული ინტროსპექციის ფორმობრივი პროექცია-რეალიზაციისთვის რამდენიმე რეფორმატორული შტრიხი შეიტანა ქართულ ლექსში: რკალური რითმები, ანჟამბემანი და სტროფული ჰეტერომეტრია;
  4. გალაკტიონის რეფორმა. გალაკტიონი მიუბრუნდა კლასიცისტურ და, პირველ რიგში – გურამიშვილის, ვერსიფიკაციულ გამოცდილებას (იდეალურად იცნობდა კლასიცისტების პოეზიას), აითვისა და ათეულობით საკუთარი საზომით გადაახალისა გაუვალ ვერსიფიკაციულ ჩიხში შესული ქართული პოეზია.

    *

    ლექსმცოდნეობაში მიღებული შეხედულების თანახმად, დიდი პოეტები ორ ჯგუფად იყოფიან: რეფორმატორებად და ნოვატორებად. რეფორმატორი ის პოეტია, რომელიც ლექსწყობის რეფორმას ახორციელებს, რეფორმატორმა პოეტმა აპრიორი რაღაც სიახლე უნდა შესძინოს ლექსის მეტრულ-მატერიალურ მხარეს, სხვანაირად მისი რეფორმატორობა ნონსენსია. ხოლო, ნოვატორი პოეტი არის ის დიდი პოეტი, რომელიც ძველი, სხვების შემოტანილი მეტრული ინვენტარითა და ხერხებით ოპერირებს, თუმცა ეს საზომები საკუთარი ინტონაციური აკუსტიკით აქვს გამდიდრებული. ერთ თავის მონუმენტურ მონოგრაფიაში აკაკი ხინთიბიძეს რეფორმატორი და დიდი პოეტების მაგალითებად გურამიშვილი და ვაჟა მოჰყავს.

    *

    როგორც ვხედავთ, საქართველოს სულ ოთხი რეფორმატორი პოეტი ჰყავდა, ნოვატორი კი – არაერთი, ზოგი მათგანი დღესაც ცოცხალია. დიდი პოეტი თავისთავად ნიშნავს ნოვატორს, მაგრამ არა – რეფორმატორს. ეს დეტალიზაცია იმის სათქმელად დამჭირდა, რომ, რაღაცნაირად, უხერხულად მხვდება ხოლმე თვალში, როცა გალაკტიონს სხვა დიდი (ნოვატორი) პოეტების სიაში გარევენ ისე, ვითომდა არაფერი. მაგალითად, ტერენტი გრანელს, ჭეშმარიტად დიდ ნოვატორ პოეტს, ჩემზე დიდი მოყვარული (გალაკტიონზე ხშირადაც ვკითხულობ) მეეჭვება, ჰყავდეს, თუმცა გრანელის და გალაკტიონის შედარება, უბრალოდ (რბილად რომ ვთქვათ), არარელევანტურია. გალაკტიონის დამსახურება სერიოზულ რევიზირება-რედუცირებას მოითხოვს (ყალბი პარადიგმებით გაბრუებულნი ბევრ ისეთ რამეს მიაწერენ, რაშიც მას არანაირი „ბრალი“ არ მიუძღვის, და ეს რევიზირება ახალი თაობის ლექსმცოდნეების საქმეა), თუმცა რეალური, არაუტრირებული მასშტაბითაც, ცხადია, მეოცე საუკუნის სხვა ნებისმიერი პოეტის მასთან გათანაბრება, უბრალოდ, მკრეხელობაა.

*
საშუალო დონის ან, უბრალოდ, კარგმა ცალკეულმა პოეტმა შეიძლება, შემთხვევით ან გააზრებულად, რამდენიმე ახალი ფორმაც შემოიტანოს, მაგრამ პოეტურ რეფორმას სისტემურობა სჭირდება. ხშირად მსმენია: „ლექსი მარტო ფორმა ხომ არაა“. ან – „მე ფორმა სულ არ მაინტერესებს“ და ა. შ. (ამას ის ავტორები ამბობენ ხოლმე, რომელთა ფორმობრივი ლაბორატორია ინტონაციურ ინდივიდუალიზმს მოკლებული ერთიოდე ყბადაღებული მეტრით ან რიტმული სქემით შემოიფარგლება). არა, ლექსი მარტო ფორმა არაა, მაგრამ ლექსი პირველ რიგში ლექსწყობაა (ისევე, როგორც პროზაა – პროზაული წყობა, კინოა – გამოსახულება და ა. შ.), თორემ პოეზია შეიძლება, პროზაშიც იყოს და ზიდანის მიერ მკერდით ჩამოღებულ ბურთშიც. ლექსის რეფორმა პირველ რიგში ფორმობრივი რეფორმაა, რომელიც თავისთავად თემატურ რეფორმასაც (და ძველი და მარადახალი თემების ახლებურ გადამუშავებებს) გულისხმობს. არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიო პოეზიაში, რომ დიდმა პოეტმა ვერსიფიკაციული რეფორმა განახორციელა და ეს, აპრიორი, სააზროვნო-თემატურ რეფორმასაც არ გულისხმობდა, ორივე სრულიად გააზრებული, სიმულტანური პროცესია.

AI აპლიკაციები – დიალოგი ცოდნასთან: ინტერაქციის ახალი პარადიგმა

0

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ინფორმაცია აღარ არის პრივილეგია – ის უკვე მოცემულობაა. ციფრული ოკეანე სავსეა მონაცემებით, ფაქტებითა და არქივებით. ღილაკზე ერთი თითის დაჭერა და „გამოვიძახებთ“ სასურველ ინფორმაციას. ამ ციფრულ აურზაურში ჩემი დაკვირვებით, იკვეთება ახალი, ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ციფრულ სამყაროში ინფორმაცია ყველასთვის მისაწვდომია, ახლა გვჭირდება იდეები, რომ ცოდნა ვაქციოთ გამოცდილებად.

ხშირად ვამბობ, რომ AI სწყალობს იმას, ვისაც იდეები არ ასვენებს. ის აჯილდოებს ცნობისმოყვარეებს, მეოცნებეებსა და მათ, ვისაც აქვს ხედვა, მაგრამ სჭირდება ტექნოლოგია, ამ ხედვის მატერიალიზებისთვის.

 

მონოლოგიდან დიალოგამდე

ტრადიციული განათლება საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა მონოლოგს: წიგნი „ესაუბრებოდა“ სტუდენტს, ლექტორი – აუდიტორიას. მსმენელი იყო პასიური მიმღები. არადა, ჩვენი ცნობიერება თავისი ბუნებით ხომ დიალოგურია. და აი, გამოჩნდნენ „მოსაუბრე აპლიკაციები“. AI აპლიკაციების შემოსვლამ სასწავლო პროცესში მონოლოგური მოდელი თავდაყირა დააყენა.

პირველი აპლიკაცია, რომელიც შევქმენი ჩემი სტუდენტებისთვის იყო „AI სოკრატე“. მოგვიანებით მივხვდი, რომ სოკრატე შემთხვევით არ ამირჩევია და რომ ამაში უფრო ღრმა აზრი იდო. სასწავლო აპლიკაციები მართლაც ძალიან ჰგავს სოკრატეს მეთოდს.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ გადავდივართ „სოკრატესეულ ციფრულ დიალოგზე. AI-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აპლიკაციები არ გვთავაზობენ მხოლოდ მშრალ პასუხებს; რაც უმნიშვნელოვანესია, ისინი გვიწვევენ ინტერაქციაში. ეს არის ცოდნასთან ერთგვარი ცეკვა, როცა შენს კითხვაზე პასუხი ბადებს ახალ კითხვას, ახალ პერსპექტივას და კრიტიკული აზროვნების აუცილებლობას.

„AI სოკრატეს“ აპლიკაცია ასე მუშაობს: ირჩევ თემას, ირჩევ დონეს და სოკრატე იწყებს კითხვების დასმას (მაიევტიკური მეთოდით, რა თქმა უნდა). 3 კითხვაზე პასუხის შემდეგ ის გიწერს შენი პასუხების ანალიზს და გირჩევს, რას მიაქციო ყურადღება. დიალოგი გამოდის ყველა ჯერზე უაღრესად საინტერესო. ერთ სტუდენტს ასეთი რამ დაუწერა: „რად გინდა ცოდნა, თუ ის არ შეცვლის შენს ფიქრს, შენს აზროვნებასა და მოქმედებას და არ გადმოვა ცხოვრებაში?“.

Claude Artifacts ამკვიდრებს სრულიად ახალ მიდგომას: „ახალი გაკვეთილი – ახალი აპლიკაცია“. მასწავლებელს აღარ სჭირდება, მოერგოს მხოლოდ არსებულ, სტანდარტულ პროგრამებს. მას შეუძლია დამატებით შექმნას ზუსტად ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც მის კლასს, მის მოსწავლეებს და კონკრეტულად იმდღევანდელ თემას სჭირდება.

ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია შექმნას მარტივი სიმულატორი ან ქვიზი Claude-ის დახმარებით, კოდის ცოდნის გარეშე.

 

AI აპლიკაციის სცენარები

 

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს AI-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური თამაში HTML-ში, სადაც მოსწავლემ უნდა გადაანაწილოს ბიუჯეტი ქალაქის ასაშენებლად და დაინახოს ეკონომიკური შედეგები“.
  • შედეგი: წამებში იქმნება პატარა აპლიკაცია (Artifact), რომელიც „ჯადოსნურ წრეს“ ქმნის. მოსწავლე თამაშობს ეკონომიკით, უშვებს შეცდომებს, ბანკროტდება და თავიდან იწყებს და ამ პროცესში სწავლობს ეკონომიკის ფუნდამენტურ კანონებს უშუალო გამოცდილებით.

 

ქვიზები

  • სცენარი: შექმენი ‘Drag and Drop’ (გადათრევა) თამაში ინგლისური სიტყვებისთვის. მარცხენა მხარეს იყოს სიტყვები, მარჯვნივ – სინონიმები. სწორი შეთავსებისას გამწვანდეს, არასწორი შეთავსებისას – გაწითლდეს და გამოსცეს ხმა“.
  • შედეგი (Artifact): მარტივი, მაგრამ ეფექტური აპლიკაცია, რომელიც რუტინულ დაზეპირებას აზარტულ თამაშად აქცევს.

 

ბიოლოგია: „ცოცხალი“ დიაგრამები

  • სცენარი: „შექმენი ადამიანის უჯრედის ინტერაქტიური სქემა. როცა მაუსს მივიტან რომელიმე ორგანელასთან (მაგ. მიტოქონდრია), ის უნდა განათდეს და გამოჩნდეს პატარა ფანჯარა ფუნქციის აღწერით“.
  • შედეგი (Artifact): მოსწავლე იკვლევს უჯრედს, როგორც ინტერაქტიურ რუკას. ეს ზრდის ვიზუალურ მეხსიერებასა და ჩართულობას.

 

ფიზიკა და მათემატიკა: ვირტუალური ლაბორატორია

 მოსწავლეს უჭირს, გაიგოს გრავიტაცია ან პარაბოლა მხოლოდ დაფაზე დაწერილი ფორმულით?

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური სიმულაცია, სადაც იქნება ზარბაზანი. მომეცი საშუალება, სლაიდერით ვცვალო გასროლის კუთხე და საწყისი სიჩქარე, ხოლო ეკრანზე ვიზუალურად გამოჩნდეს ჭურვის ტრაექტორია და დაცემის ადგილი“.
  • შედეგი (Artifact): ეკრანზე ჩნდება მოქმედი თამაში/სიმულატორი. მოსწავლე „ეთამაშება“ ფიზიკის კანონებს. ის ხედავს კავშირს რიცხვებსა და მოძრაობას შორის.

ისტორია და გეოგრაფია: დროის მანქანა

რუკები და თარიღები ხშირად სტატიკური და მოსაწყენია. Artifacts-ს შეუძლია ისინი გააცოცხლოს.

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შექმენი ინტერაქტიური რუკა საქართველოს ისტორიაზე. ქვემოთ იყოს დროის სლაიდერი (Time Slider). როცა სლაიდერს გადავაადგილებ საუკუნეების მიხედვით, რუკაზე იცვლებოდეს საზღვრები და ჩნდებოდეს ინფორმაცია იმდროინდელ მეფეებზე“.
  • შედეგი (Artifact): იქმნება დინამიკური რუკა, სადაც ისტორია ვიზუალური პროცესია და არა მხოლოდ ტექსტი.

 

Homo Ludens 2.0: თამაში, როგორც შემეცნების უმაღლესი ფორმა

კიდევ ერთი მეტაფორა, რომელიც შეიძლება გაგახსენდეთ ცოდნის ინტერაქტიურ ფორმასთან დაკავშირებით, ეს არის თამაში. იოჰან ჰეიზინგა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში Homo Ludens (მოთამაშე ადამიანი) ამტკიცებდა, რომ კულტურა იბადება თამაშში და თამაშის სახით. თამაში არ არის გართობა; თამაში არის წესრიგის შექმნა ქაოსში. AI აპლიკაციები განათლებაში აბრუნებენ თამაშს პირვანდელი, საკრალური მნიშვნელობით:

 ჰეიზინგას ტერმინით, თამაში ქმნის დროებით სამყაროს საკუთარი წესებით. AI სიმულაციები ქმნიან სწორედ ასეთ „ჯადოსნურ გარემოს“ – უსაფრთხო სივრცეებს, სადაც მოსწავლეს შეუძლია, მართოს ვირტუალური ლაბორატორია, იყოს ისტორიული მოვლენის მონაწილე ან მართოს ეკონომიკური მოდელები. რეალურ ცხოვრებაში შეცდომა ხშირად ისჯება. თამაშში კი შეცდომა არის უკუკავშირი (Feedback). AI აპლიკაციებში “Game Over” არ ნიშნავს დასასრულს, ეს ნიშნავს: სცადე სხვა სტრატეგიით. ამით იხსნება სწავლაში შიშის ბარიერი.

თამაშს ახასიათებს სრული ჩართულობა. AI ტექნოლოგიები (განსაკუთრებით AR/VR ელემენტებით) აქრობენ ზღვარს სუბიექტსა (მოსწავლე) და ობიექტს (შესასწავლი მასალა) შორის. შენ არ სწავლობ ბიოლოგიას გარედან, შენ „მოგზაურობ“ უჯრედში.

 

ახალი რეალობის არქიტექტურა

დიახ, ახლა იქმნება ახალი რეალობის არქიტექტურა – სულ სხვა მეთოდებით და გეომეტრიით. AI აპლიკაციებს ცოდნა აბსტრაქციიდან გამოცდილებაში გადაჰყავს. ცოდნის მიღებას თან ახლავს ემოცია. ახალი პარადიგმა – დიალოგი და თამაში – აყალიბებს უბრალოდ ინფორმირებულ ინდივიდს კი არა, არამედ მოაზროვნეს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების და იცის, რომ ჭეშმარიტება ფინიშის ხაზი არ არის, არამედ თავად პროცესია.

ჩვენ აღარ ვსწავლობთ სამყაროს შესახებ, ჩვენ ვქმნით სამყაროს მოდელებს და ვტესტავთ მათ რეალურ დროში.

ამ ახალ რეალობაში ადამიანის მთავარი კაპიტალი არის წარმოსახვა. ტექნოლოგია კი არის ის ჯადოსნური ინსტრუმენტი, რომელიც „იდეების მოუსვენრობას“ გამოცდილებებად გარდაქმნის.

 

როსლერ-რიხტერის პრეცედენტი

0

ბევრ ჩემს ნაცნობს ჰგონია, რომ დასავლეთ ევროპის შედარებითი პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის სწავლის ან სწავლების დროს მოწყენილობით ვკვდები. ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი საყვარელი საგანი მხოლოდ ზედმეტად სერიოზული საკითხების შესახებ მოგვითხრობს. შორიდან დაკვირვების შემთხვევაში ადამიანები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დეტექტივებისთვის დამახასიათებელ აზარტს, საიდუმლოებათა გამჟღავნებით გამოწვეულ გაოცებას ვერ ამჩნევენ. თუმცა, დაინტერესებულ პირებს ათობით ამბის მოყოლა შეგვიძლია, რომლებიც ნებისმიერ ადამიანში აღძრავს ცნობისმოყვარეობას, დაფარულის გაცხადების ჟინს, აღმოჩენით განპირობებულ გაკვირვებას.

დავბრუნდეთ 80 წლის წინანდელ ევროპაში – კონტინენტი ომის ნანგრევებშია და ორ მტრულ ბანაკად არის გახლეჩილი. ქვეყნებს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, ყოველ წამს შეიძლება ხელახლა იფეთქოს სამხედრო შეიარაღებულმა დაპირისპირებამ. ნაციზმის უღლისგან გათავისუფლებულ მიწებზე ახალი მთავრობები დამნაშავეებზე ნადირობენ. ყველა დაწესებულებასა და ინსტიტუტში ეძებენ თანამდებობის პირებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ენით აღუწერელ სისასტიკესა და სისხლისღვრას. წარსულში „სვასტიკიანი“ სამკლავურებით მომუშავე პირები იმალებიან ან სამხრეთ ამერიკაში ეძიებენ თავშესაფარს. ყველას არ აქვს თავი ჩაქინდრული, ყველა არ არის მზად სინანულისთვის. ზოგიერთები თავიანთი ცოდვების მიჩქმალვასაც ახერხებენ და კვლავ ბრუნდებიან ქვეყნის მართვის სადავეებთან.

მეოცე საუკუნის 40-50-იანი წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა გერმანიისთვის. გერმანია მხოლოდ დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა არ გახლდათ, ის მხოლოდ ბრძოლის ველიდან შინარდაბრუნებულ ჯარისკაცებს არ გლოვობდა. გერმანია ომში დამარცხებული, შერცხვენილი, უზარმაზარ დანაშაულში მხილებული სახელმწიფო იყო, რომელიც სამად დააქუცმაცეს. ძველი გერმანიის ადგილზე ორი რესპუბლიკა და სამუდამოდ დაკარგული, მეზობლებისთვის სამუდამოდ გადაბარებული ტერიტორიები წარმოიქმნა.

მიუხედავად გახლეჩისა, დანაშაულის შეგრძნებისა, ნანგრევებისა, გერმანელთა ერთმა ნაწილმა მაინც დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა. 1949 წელს ბუნდესტაგის პირველი სხდომა გაიმართა. ვის არ აღმოაჩენდით პირველი პარლამენტის 400-ზე მეტ წევრს შორის, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ კომუნისტები და ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები, ანტინაცისტური წინააღმდეგობის ლიდერები და ჰიტლერის მმართველობის დროს შეშინებული, დადუმებული კონფორმისტები.

1949 წლის ბუნდესტაგში მანდატი რამდენიმე ულტრამემარჯვენემაც მოიპოვა. მათ შორის გახლდათ დოქტორი ფრანც რიხტერი. ის თავს სუდეტელი გერმანელების წარმომადგენლად მიიჩნევდა. ამბობდა, რომ 1911 წელს იზმირში დაიბადა, სადაც მამამისი სამსახურებრივი მივლინებით იყო წარგზავნილი. მის მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტები იუწყებოდნენ, რომ დეპუტატი უამრავი სუდეტელი გერმანელის მსგავსად პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. დოქტორი რიხტერი ნაცისტური პარტიის წევრობას უარყოფდა, ბუნდესტაგის წევრის სპეციალურ ანკეტაში პოლიტიკოსმა მხოლოდ ის მიუთითა, რომ ომის დროს ჩვეულებრივი, უპარტიო ჯარისკაცი იყო.

დეპუტატი რიხტერი წარსულში ნაციზმთან კავშირს კი უარყოფდა, მაგრამ აწმყოში ურყევად უჭერდა მხარს ნაციონალ-სოციალისტთა მემკვიდრეობის შენარჩუნებას, „მესამე რაიხის“ მსახურთა რეაბილიტაციას. თავისი გამოსვლების დროს „რაიხსპარტიის“ ტრიბუნად ქცეული პარლამენტარი არ ერიდებოდა ანტისემიტურ ტირადებს. იგი არ ზოგავდა ძალას, რომ ჰიტლერის დანაშაულთა მნიშვნელობა გაეუფასურებინა, ზიზღი ეფრქვია ევროპელი დემოკრატებისადმი. ხმაურიანმა გამოსვლებმა რიხტერს ზოგიერთ წრეში პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ამავდროულად მისი ფიგურით უსაფრთხოების სამსახურებიც დაინტერესდნენ.

სპეცსამსახურების ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ 1911 წლის არქივი, რომელიც იზმირის გერმანულ კოლონიაში ბავშვების დაბადების აქტებს აწარმოებდა, თურქეთ-საბერძნეთის ომის დროს სრულად განადგურებულა. რიხტერის დაბადების მოწმობის ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელი აღმოჩნდა. სუდეტელების მხარის გერმანული მმართველობის დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გამქრალა. უსაფრთხოების მუშაკებმა ვერც დეპუტატის აკადემიური სტატუსის ნამდვილობა დაადგინეს და ვერც სამხედრო ცენზის დამადასტურებელი მოწმობების. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უამრავი მასალა დაიწვა და განადგურდა. განსაკუთრებით უჩვეულო არაფერი გახლდათ იმაში, რომ ორი ჯერარნახული ომის შემდეგ ზოგიერთი არქივი გადამწვარიყო

ბუნდესტაგის ულტრამემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი არხეინად განაგრძობდა პოლიტიკურ ცხოვრებას. მისი პარტიაც ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობდა. „რაიხსპარტიის“ ყრილობებზე მღეროდნენ ნაცისტურ სიმღერებს, მათ შეკრებებს იცავდნენ ხაკისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები. ულტრამემარჯვენე ძალა რესპუბლიკის ნაცვლად რაიხის აღდგენას ითხოვდა, აღვივებდნენ შუღლს არაგერმანული ეთნოსების მიმართ, ორგანიზაციის წევრები ჰიტლერის მმართველობას მოიხსენიებდნენ „ევროპის რევოლუციური განვითარების უმაღლეს წერტილად“, გაზის კამერებს უწოდებდნენ „რევოლუციური ეპოქის მეთოდურ გამოვლინებას“. die Sozialistische Reichspartei (SRP)-ისთვის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები „სამშობლოს შხამის ღირს მოღალატეებს“ წარმოადგენდნენ. ამ პოლიტიკური გაერთიანების ქოლგის ქვეშ მოქმედებდა პარამილიტარული დაჯგუფება „რაიხსფრონტი“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ანტინაცისტურ დემონსტრაციებზე გამოსულ სტუდენტებს აწიოკებდა.

ოფიცრებს ალღო კარნახობდა, რომ რიხტერის მიღმა რაღაც საიდუმლო იმალებოდა, მაგრამ უკვე ყველანაირი იმედი ჰქონდათ გადაწურული, რომ ამ აგრესიული კაცის უცნაური დოკუმენტების გამოცანას აღმოაჩენდნენ. გამომძიებლებმა არიადნას ძაფს ხელი რიხტერის ქორწინებაზე დაკვირვების დროს ჩაავლეს. 1946 წელს, ომიდან ახლად დაბრუნებული მომავალი პარლამენტარი მოულოდნელად, დაუფიქრებლად, ხანგრძლივი რომანის გარეშე დაქორწინებულა დაქვრივებულ ქალზე და უპირობოდ აუყვანია შვილად მისი გერები. ყველას აოცებდა ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ჯარისკაცის ეს საქციელი. სუდეტელები რუთის ახალ, მოულოდნელად გამოჩენილ მეუღლეს ძალიან ამსგავსებდნენ ქალის ომში დაკარგულ ყოფილ თანამეცხედრეს – ფრიც როსლერს, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აქტივისტს, პროპაგანდისტს, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს.

სპეცსამსახურებმა ფრიც როსლერის დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს, მოიპოვეს მისი ფოტოები, ანკეტები და დაადგინეს, რომ დოქტორი ფრანც რიხტერი და ფრიც როსლერი ერთი და იგივე პიროვნება იყვნენ.

ნაცისტმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, საყვარელი მეუღლე დააქვრივა და ხელმეორედ მოიყვანა ცოლად, ღვიძლი შვილები გერებად გამოაცხადა და იშვილა, საკუთარი წარსულის ყველა დეტალი ხელახლა გადაწერა, სახელი, გვარი და პროფესია გამოიცვალა, რათა პოლიტიკურ ასპარეზს დაჰბრუნებოდა და ნაცისტური იდეების მხარდაჭერა ახლა უკვე დემოკრატიული პარლამენტიდან გაეგრძელებინა.

ბედად, კრიმინალურმა პოლიციამ ფრიც როსლერი ალიას დოქტორი ფრანც რიხტერი ბუნდესტაგის შენობაშივე დააპატიმრა, იმუნიტეტის გაუქმების შემდეგ, პარლამენტარი დააპატიმრეს და დეპუტატის სტატუსი მოუხსნეს.

საკუთარი ფაშისტური წარსული ბევრს შეულამაზებია და გადაუკეთებია, მაგრამ ასე თავხედურად, ყველას თვალწინ ამდენი ცნობის გაყალბება და პარლამენტის წევრად დაწინაურება ბევრს არ გამოსვლია. როსლერ-რიხტერი სამაგალითოდ რომ არ დასჯილიყო, შეიძლება სახეშეცვლილ ნაცისტებს გაცილებით დიდი ძალაუფლება ჰქონოდათ.

მოსწავლეთა ურთიერთობები

0

ერთი ჩვეულებრივი სკოლის ერთი ჩვეულებრივი კლასი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საგაკვეთილო სივრცე — ეს არის სოციალური გარემო, სადაც ბავშვები ყოველდღიურ ურთიერთობებში სწავლობენ კომუნიკაციას, სირთულეებთან გამკლავებას, საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა თუ თავის პოვნას ჯგუფში. ასაკის მატებასთან ერთად კლასის დინამიკა იცვლება, თუმცა საერთო რჩება ერთი: ურთიერთობები პირდაპირ ახდენს გავლენას ბავშვების ემოციურ სიმყარესა და სწავლის პროცესზე.

დავალებებსა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობა ეხმარება მოზარდებს, ერთმანეთისგან პრაქტიკულად ისწავლონ პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, განსხვავებული აზრის მიღება. კონკურენცია კი, რომელიც თითქმის ყველა კლასში ჩნდება, ზოგჯერ მოტივაციას აძლიერებს, ზოგჯერ კი მცირე დაძაბულობას იწვევს.

ხმაურიანი ამბების ფონზე მასწავლებლის როლი ხშირად ჩუმი, მაგრამ გადამწყვეტია. სწორედ ის ქმნის იმ ჩარჩოს, რომელშიც ურთიერთობები ვითარდება; ის ამჩნევს, სად გაჩნდა დისტანცია, ვინ განცალკევდა ჯგუფისგან, ვინ ცდილობს ლიდერობას და ვინ — ჩრდილში დარჩენას.

ხშირად მასწავლებელი არა მხოლოდ საკუთარ კლასში, არამედ უფრო ფართო წრეშიც ქმნის ურთიერთობების განვითარების პირობებს. ასეთ ინიციატივებს ხშირად მიმდინარე პროცესებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს — განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეებს ეშინიათ ახალი კონტაქტების, უცხო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის ან საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის.

ამ პროცესში ჩვენი, მასწავლებლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვებს ბუნებრივად შეუძლიათ ურთიერთობა — ვხედავთ, ვინ ერიდება ჯგუფს, ვინ ჩუმად რჩება, ვინ ცდილობს ლიდერობას, და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს ვეხმარებით პროცესის წარმართვაში ისე, რომ ურთიერთობები ბუნებრივად განვითარდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს პარალელურ კლასებთან მუშაობაც შევთავაზოთ: ისინი ამზადებენ პრეზენტაციებს სხვადასხვა თემაზე და შემდეგ ერთმანეთს აცნობენ შედეგებს. ჩემს შემთხვევაში ამ სტრატეგიამ ნამდვილად გაამართლა: ამ პროცესმა მოსწავლეებს ბევრი სხვადასხვაგვარი შიში თუ კომპლექსი გადაალახვინა: ისინი აღარ ერიდებიან გამოსვლას დიდ აუდიტორიასთან, უფრო თავდაჯერებული ხდებიან და საჯარო გამოსვლის უნარსაც თავისუფლად ივითარებენ. გარდა ამისა, ასეთ პრეზენტაციებში ჩართვა ხშირად ბავშვებს აძლიერებს კონკურსებში მონაწილეობისას — ისინი ნაკლებად განიცდიან, თამამად ავლენენ საკუთარ ცოდნას და სწორად აფასებენ სხვების აზრს.

ჩემი დაკვირვებით, ბავშვების თვითშეფასება და ემოციური სტაბილურობა პირდაპირ აისახება მათ სოციალურ ურთიერთობებზე. ზოგი ბავშვი თავიდან ხშირად ერიდება ჯგუფურ აქტივობებს, ზოგს კი სჭირდება მეტი დრო, რათა თავისუფლად გამოხატოს აზრი. სწორედ ასეთი აქტივობები — შეხვედრა სხვა კლასებთან, საერთო პრეზენტაციები, გუნდური დავალებები — ხშირად ყველაზე ეფექტური გზაა სოციალური მოქნილობისა და თავდაჯერებულობის განვითარებისთვის.

ეს გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ საკლასო ურთიერთობები მხოლოდ განათლების პროცესი კი არა, ბავშვების მომავლისთვის საჭირო სოციალური უნარების დამცველი სივრცეა. როდესაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევ, სხვადასხვა კონტექსტში შეძლონ ურთიერთობა, ისინი სწავლობენ კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობას, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ბევრად თავისუფლად ერთვებიან.

კლასის თუ კლასებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ არის მხოლოდ მაღალი აკადემიური შედეგების საწინდარი — ის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური, პრაქტიკული გაკვეთილია. და მასწავლებლის როლი მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, ამ ურთიერთობების მიმართულების შექმნა, ბავშვების მხარდაჭერა და შესაძლებლობების კარის გაღებაა.

კლასში თუ კლასის გარეთ ურთიერთობებს უზარმაზარი გავლენა აქვს განათლების შედეგებზე. განსხვავებულ სოციალურ-კულტურულ გარემოში მყოფი მოსწავლეების კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება მათ ურთიერთობებს კლასში. თანამშრომლობის გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განათლება და ურთიერთობები ქმნის მტკიცე საფუძველს ბავშვების სოციალიზაციისთვის, რაც შემდეგ გავლენას ახდენს მათი შრომისა თუ თანამშრომლობის უნარზე, ეფექტურ გუნდურ მუშაობასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. თუ საკლასო ურთიერთობები მკაფიოდ პოზიტიური და კეთილგანწყობილი იქნება, მოსწავლეები უფრო წარმატებული გახდებიან როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ დონეზე.

სწორედ ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი განსაზღვრავს მათ თავდაჯერებულობას, სოციალურ მოქნილობასა და მომავალში თანამშრომლობის უნარს. მასწავლებლის როლი აქ უმნიშვნელოვანესია: ჩვენი ინიციატივა, დაკვირვება და საშუალებების ძიება არა მხოლოდ აყალიბებს გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ, არამედ ემოციურ და სოციალურ უნარებსაც ავითარებს, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

 

 

 

 

სწორედ ამის მაგალითია პრაქტიკა, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს პარალელურ კლასებთან თანამშრომლობას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი არის საერთო პრეზენტაციების მომზადება სხვადასხვა თემაზე — პროცესი, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ცოდნა არა მხოლოდ საკუთარ ჯგუფში, არამედ სხვებთანაც გააზიარონ. ეს გამოცდილება ბევრ დაბრკოლებას ამსხვრევს: მოსწავლეები კარგავენ უცხოსთან ურთიერთობის შიშს, უფრო თავდაჯერებული ხდებიან და საჯარო გამოსვლის უნარსაც ივითარებენ. გარდა ამისა, ისინი ხედავენ, რომ სხვადასხვა კლასიდან მოსული თანატოლებიც იმავე სირთულეებს, ინტერესებსა და ემოციებს იზიარებენ, რასაც ისინი — და სწორედ ეს ახერხებს მათ შორის ბუნებრივი კავშირის ფორმირებას.

ასეთი ინიციატივებით ბავშვები სწავლობენ, რომ სკოლის საზოგადოება ერთი კლასის ფარგლებს ბევრად სცდება; რომ კომუნიკაცია მხოლოდ მათ „უბანში“ არ ჩერდება. ეს აღქმა მნიშვნელოვნად აძლიერებს მათი სოციალური მოქნილობის უნარს და ამცირებს შიშს, რომელიც ხშირად ახლავს ახალ გარემოებას.

ფსიქოლოგიური ფაქტორები — თვითშეფასება, ემოციური სტაბილურობა, შიში ან თავდაჯერებულობის დეფიციტი — განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება მაშინ, როცა მოსწავლეები ახალ ჯგუფებთან კონტაქტში შედიან. სწორედ ამიტომ მსგავს პრაქტიკას ხშირად აქვს გაცილებით მეტი გავლენა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უკვე არსებული კონფლიქტებიც კი ხშირად უფრო მარტივად იხსნება, როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ სკოლაში ურთიერთობები უფრო ფართოა და მხოლოდ „თავისი კლასით“ არ იწყება და არ მთავრდება.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება მასწავლებლის, როგორც საკლასო კომუნიკაციის არქიტექტორის როლი. მისი ინიციატივები, ტონი, დაკვირვება და სწორ დროს ჩარევის უნარი ხშირად განსაზღვრავს, როგორი იქნება საკლასო ატმოსფერო, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება და რა გამოცდილებას წაიღებს თითოეული მოსწავლე.

საბოლოოდ, საკლასო ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების ხარისხისთვის, როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო პროგრამა. სკოლა იქცევა სივრცედ, სადაც მენტალური მოქნილობა, ურთიერთპატივისცემა და სოციალური გახსნილობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური წარმატება — და ამ პროცესის ცენტრში მასწავლებელი დგას, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ურთიერთობებს მიმართულებას აძლევს.

ჰიპალაგა

0

მომწონს ან არ მომწონს, მაგრამ რატომ?

მხატვრულ ტექსტებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მხატვრული საშუალებები.

მათზე დაკვირვება მარგებელი ინტელექტუალური გარჯაა. მკითხველს გემოვნება უყალიბდება და უვითარდება, ტექსტის სიღრმისეული ანალიზის უნარში იწაფება, ენობრივი და სტილისტური თავისებურებებისა და ავტორის სტილის შესახებ მკაფიო წარმოდგენა ექმნება და პასუხი კითხვაზე – რატომ მომწონს ან არ მომწონს ესა თუ ის ნაწარმოები – უფრო უმარტივდება.

 განწირულთა „დამუშავება“

ლიტერატურის თეორია მოსაწყენი ინსტრუმენტების ნაკრები სულაც არაა. სკოლებში შესასწავლი ნაწარმოებები ხშირად „განწირული“ არიან იმისთვის, რომ მოსწავლეებმა რაც შეიძლება სწრაფად „დაამუშაონ“, შინაარსობრივად დაიმახსოვრონ, გამოცდისთვის საჭირო ასპექტები ამოიწერონ და მომდევნო პროგრამულ მასალაზე გადავიდნენ. პროგრამული მასალა, საპროგრამო ტექსტი – ამ სიტყვათშეთანხმების თანმდევი კონოტაციური შლეიფიც როგორი უსიამოვნოა…

 ტკბობის ხიბლი

არადა, მხატვრული ტექსტები შემეცნებისგან მოგვრილი სიამოვნების ნამდვილი საბადოა, საგანძური.

ერთი, რომ ახალ სამყაროში აბიჯებ, გასაოცარი მოგზაურობა გელის, ხილვა არარსებული და (თუ კარგი მწერალია) ამავდროულად, საოცრად რეალური ადგილებისა, და მეორე – კითხვისას მოგვრილ სიამოვნებას ცოტა რამ თუ შეედრება. შევუპირისპიროთ ზევით ჩამოთვლილ უამურ სიტყვათშეთანხმებებს პრუსტის მადლენებივით „გემრიელი“ სიტყვათა წყვილი – „ესთეტიკური ტკბობა“ და ვაღიაროთ, რომ კითხვისას ესთეტიკური ტკბობა იმ ეფექტთაგანია, რომელსაც ასე ველით, ვეწაფებით.

 აღქმის სამსახოვნება

მხატვრული ტექსტის აღქმა შეუდარებელი და ინტიმური აქტია. მკითხველი თავის ინდივიდუალურ, განუმეორებელ „პრიზმაში გაატარებს“ წაკითხულს, საკუთარი მეხსიერების, ემოციების, გამოცდილების კვალდაკვალ გარდაქმნის მას.

გოეთე მხატვრული ტექსტისადმი მკითხველის მიმართების სამ სახეს გამოყოფდა:

  1. ტკბობა განსჯა-ანალიზის გარეშე;
  2. განსჯა-ანალიზი ტკბობის გარეშე
  3. განსჯა ტკბობით და ტკბობა განსჯისა და მიმოხილვისგან მოგვრილი სიამოვნებით[1].

 კირკიტის ბლაგვი ეკლები

როცა ვკითხულობთ, ძალაუნებურად იმ მოცემულობაში, იმ რეალობაში აღმოვჩნდებით, რომელიც ავტორმა შექმნა. იქ ავტორს თავისი წესრიგი აქვს, თავისი წესები. მკითხველი, მართალია, საპატიო სტუმარია ამ სამყაროში, რადგან ავტორმა ის პირადად მოიწვია, მისთვის შექმნა ეს სამყარო, მაგრამ ხომ არსებობს დაუწერელი ეთიკური ქცევის ნორმები. ჩემთვის ასეთია „კირკიტი“. კერძოდ, ბლაგვი ეკალივით უსიამოვნო და უადგილო კითხვა – „ხომ შეეძლო სხვანაირადაც დაეწერა“… ან „რატომ ასე (როგორც ტექსტშია) და არა ისე (როგორც მკითხველს წარმოუდგენია)“…

რას მტრობენ ტექსტის მტრები?

ამ მხრივ განსაკუთრებით არ სწყალობენ ხოლმე „ტექსტის მტრები“[2] ორიგინალურ გამომსახველობით ხერხებს, სიუჟეტურ ქარგას, კომპოზიციურ ელემენტებსა და მხატვრულ საშუალებებს, ტროპებს.

ჰიპალაგა ერთ-ერთია იმ მხატვრულ საშუალებათაგან, რომელსაც ყველაზე ხშირად ამოიღებენ ხოლმე სამიზნეში.

გაუწაფავი ყურისთვის, ჩაკეტილი თვალსაწიერისა და ვიწრო აღქმითი დიაპაზონისთვის უჩვეულო და მიუღებელია საგნებისა და ემოციების ტანდემი, ერთ მენტალურ კონტექსტში[3] ორი ისეთი ობიექტის გაერთიანება, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო. მაგალითად, პრუსტის „ლაჟვარდოვანი ზედაპირი“, „ულმობელი კიბე“ , „მკაცრი, ღვთისმოსავი ნაოჭები“, „ერთგული სურნელი“ და „ზანზალაკების ოვალური ჟღარუნი“ ბევრისთვის გაუგებარი ტროპია. არადა, ასეთი მძლავრი და გამორჩეული გამომსახველობითი საშუალებისთვის ლიტერატურის თეორიაში სპეციალური ტერმინი არსებობს – ჰიპალაგა.

გახსოვთ გიორგი მერჩულის ბრწყინვალე ჰაგიოგრაფიული თხზულება რაოდენ მდიდარია მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით? მერჩულე ხშირად მიმართავს ჰიპალაგასაც. მაგალითად, „მყუდრო ქცევა“ და „მოხუცებულობა გონებისა“ სწორედ ჰიპალაგაა.

დავაკვირდეთ: სიტყვათა ამ წყვილში გვაქვს შეგრძნების, მახასიათებლის ან ემოციისა და იმ საგნის ტანდემი, რომლისთვისაც ეს შეგრძნება/მახასიათებელი ვერ/არ ექნება.

სხვა ნიმუშებიც ვნახოთ:

„მხიარული ნათება“, „მდუმარე ველები“, „მიმკვდარუნებული შარაგზა“. „მკვდარი სიჩუმე“, „უმანკო თეთრი“, „მწუხარე სხივი“, „თავნება ქარი“, „შეზარხოშებული ჰაერი“, „ზარმაცი მზე“, „სევდიანი ფანჯრები“…

ყველა დასახელებულ წყვილში სმენითი, აღქმითი, ემოციური მახასიათებლები მიეწერება სხვადასხვა ობიექტს, საგანს, აღსაწერს იმ მიზნით, რომ ერთიან კონტექსტში აღვიქვათ, უფრო მკაფიო წარმოდგენა შევიქმნათ და, რაც მთავარია, სწორი ემოციური მიმართება ჩამოვიყალიბოთ.

ეს მხატვრულ ტექსტებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ჰიპალაგა ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. სიტყვა ბერძნულია და ჩანაცვლებას, რაიმეს ნაცვლად გამოყენებას ნიშნავს. ეს „ლექსიკური ანომალია“, ერთგვარი ენობრივი ალოგიზმი, მეტაფორული აზროვნების უკიდურესად სუბიექტური გამოვლინებაა. მსგავს მხატვრულ საშუალებებზე დაკვირვება არ მიემართება დოგმატურ და კანონიკურ ანალიტიკურ კითხვას – „რის თქმა სურდა ავტორს?“.

 „ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“

ტროპის სახეების, კონკრეტულად კი ჰიპალაგის, მშვენიერება სწორედ ისაა, რომ გრძნობისმიერს განეკუთვნება და არა რაციონალურ-ვერბალიზებულს. დაზუსტებით იმის გაშიფვრა, თუ რას ნიშნავს „ულმობელი კიბე“ და „ჩაღრმავებული ანალიზი“ იმის თაობაზე, რომ კიბე, სინამდვილეში, ვერ იქნება „ულმობელი“ „შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალისტის“ მცდელობაა, ამოხსნას „განტოლება“, რომლის ყველა წევრი ამოუცნობია. თუ ამ „ულმობელი კიბის“ საიდუმლოს გაგება გვსურს, პატარა მარსელის საძინებელ ოთახში დატრიალებული მთელი დრამის ერთ მთლიანობად წარმოდგენა დაგვჭირდება. კონკრეტულ აბზაცშიც კი, სადაც პრუსტი ამ ჰიპალაგას იყენებს, შეუძლებელია მისი „ამოხსნა“, თუ რამდენიმე ფურცლით უკან არ დავბრუნდებით და პატარა მარსელს, მამამისსა და საყვარელ დედიკოს კიბის უჯრედზე შეყოვნებულებს არ დავინახავთ. აი, სწორედ აქედან იწყება ამ ულმობელი კიბის კალეიდოსკოპი. პატარა მარსელი მამის ანარეკლს ხედავს, მაღლა-მაღლა მცოცავს (მამა კიბეზე ადის). უკვე გაზრდილი მარსელი დანანებით გვიზიარებს, ეგ კიბე კარგა ხანია, აღარ არსებობს, ისევე დაინგრა, როგორც ჩემში, შიგნით, ბევრი რამ, რაც მარადიული მეგონაო. ათიოდე გვერდის შემდეგ კი მწერალი აღწერს, როგორ უნდა მოხვდე „ულმობელი კიბის“ პირველ საფეხურზე. შესაბამისად, ეს ჰიპალაგა ერთგვარი საწვრთნელი ინსტრუმენტია – მკითხველის ყურადღებას წვრთნის და აწრთობს. მისი დამსახურებით კითხვის აქტი მეტად კონცენტრირებული, მედიტაციურია. ტკბობას ინტელექტუალური შრომისგან მოგვრილი კმაყოფილებაც ემატება. სიტყვების უჩვეულო შეხამება მწერლისთვის საჭირო, მნიშვნელოვან ემოციურ ეფექტად აისახა მკითხველზე.

 

კითხვა ყოვლისმომცველ, მარგებელ და შეუცვლელ საქმიანობად შეგვიძლია ვაქციოთ, დაუვიწყარ მოგზაურობად. ლიტერატურის თეორია კი სამარჯვებისა და სალაშქრო აღჭურვილობების საბადოდ, რომელიც საჭირო დროს საჭირო იარაღს გვთავაზობს სირთულეებისა და დაბრკოლებების გადასალახავად.

[1] ი. ბორევი, „ესთეტიკა“, გვ.437

[2] როლან ბარტის ციტატიდან: „ტექსტის მეგობართა საზოგადოებას არაფერი ექნება საერთო, მტრების გარდა. ესენი არიან აბეზარი მუდოები, რომლებიც ტექსტებს ხელშეუხებლობის ბეჭედს ასვამენ და მისგან სიამოვნების მიღებას კრძალავენ. ამას ტექსტის მტრები სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ – კულტურული კონფორმიზმი, შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალიზმი, პოლიტიკური მორალისტობა, ბლაგვი პრაგმატიზმი, სხვადასხვა ჯურის „კეთილგონივრულობა“.

[3] თამარ ლომიძე, „მეტონიმია ჟენეტთან“, სჯანი 2006.

დადგა უარის დრო?

0

(სოციალური ქსელების მნიშვნელობა დღევანდელ ცხოვრებაში)

პირველი ნაწილი

 

სულ რაღაც ერთ თაობაში ბავშვები სახლებში შეიკეტა. ვეღარ ნახავთ მხიარულ თამაშებს ეზოებში. ისინი ჩაანაცვლა სტრუქტურირებულმა, უმეტესწილად ეკრანზე დაფუძნებულმა აქტივობებმა და ჩვენი შვილები უფრო მოუსვენრნი, შფოთიანნი და მარტოსულნი გახდნენ“.

ლინდა აკესონ მაკ-გურკი

შვედურ-ამერიკული წარმოშობის მწერალი, ავტორი ბესტსელერისა „არ არსებობს ცუდი ამინდი: სკანდინავიელი დედის საიდუმლო რეცეპტი, ჯანმრთელი, მხნე და თავდაჯერებული ბავშვების გასაზრდელად

დღეს უკვე ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმარტფონებმა და სოციალურმა მედიებმა საფუძვლიანად შეცვალეს ჩვენი შვილების ცხოვრება. ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვებისა და გამოყენების რაოდენობები გამაოგნებელია: გაყიდული სმარტფონების რაოდენობამ 2025 წლის მიმდინარე პერიოდისათვის, მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (International Data Corporation, IDC) ინფორმაციით, 1.24 მილიარდს მიაღწია(!), რაც 0.6%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გარდა აღნიშნული სმარტფონებისა, მობილურების ბაზარს ემატება დაახლოებით 370 მილიონი GenAI ტიპის სმარტფონი, რომლებიც ახალი ტიპისა და თაობის ტელეფონებია, რომლებშიც ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ისინი უფრო ინტუიციური, მომხმარებელზე მორგებული, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და „ჭკვიანი“ იქნება.

მარკეტინგული პროგნოზებით, ეს ახალი სმარტფონები ბაზრის თითქმის 30%-ს დაიკავებს. ბაზრების ანალიტიკოსების თქმით, GenAI-სმარტფონები მალე გახდება საშუალო მონაცემების მქონე სმარტფონების განუყოფელი ნაწილი, რაც შეამცირებს მომხმარებლის აპლიკაციებზე (App-ებზე) დამოკიდებულებას და მობილური და ციფრული კავშირის ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდება.

სმარტფონების ეპოქაში უკვე გაისმის ხმები, „ციფრული“ საშიშროებისა და „დიქტატურის“ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ხმა და განცხადება, ალბათ ჯონათან ჰაიდტს (Jonathan Haidt) ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ჯონათან ჰაიდტი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, სოციოლოგი და ავტორი, რომლის წიგნმაც, „მშფოთვარე თაობა“ („The Anxious Generation: How the Great Rewiring of Childhood Is Causing an Epidemic of Mental Illness“ – „მშფოთვარე თაობა: როგორ გამოიწვია ბავშვობის საფუძვლიანმა „გადაკეთებამ“ ფსიქიკური დაავადების ეპიდემია“) უკვე შვა აშშ-ში ეროვნული მასშტაბის მოძრაობა, ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენების შემცირებისა და მათ რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად. წიგნის გამოსვლიდან ერთ წელიწადში, აშშ-ს ყველა შტატმა ან უკვე მიიღო სმარტფონებისგან „თავისუფალი“ სკოლის კანონმდებლობა, ან აქტიურად განიხილავს მას.

ბევრი ავტორისა და აქტივისტის აზრით, „ბავშვობის დაბრუნების მოძრაობა“ (ინგლ. Movement for reclaiming childhood) ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი, თუ მას მხოლოდ მშობლები, პედაგოგები და განათლების პოლიტიკის ანალიზის სპეციალისტები გაუძღვებიან. იგი უნდა გახდეს იმ ახალგაზრდების მოძრაობა, რომლებმაც ეს „არასწორად“ თუ „უცნაურად“ შემოთავაზებული, დასრულებული ექსპერიმენტი“ (ციფრულ სამყაროში ცხოვრება) საკუთარ თავზე გამოცადეს. ამ თაობას ხშირად უწოდებენ „შფოთიან თაობას“ (ინგლ. Anxious generation) — და ბევრი მათგანი აღარ აპირებს „ახალ“ ტექნოლოგიებს – რეალურად კი, სმარტფონების ტექნოლოგიების ბაზრის, ან სმარტფონების მწარმოებელი კორპორაციების[1] კარნახსა და თავსმოხვეულ რეკლამას – დაუთმოს „ციფრულ“ სამყაროში „გამომწყვდეული“ ახალგაზრდობის წლები(!)

არაერთი გამორჩეული „Z თაობის“ (ე.წ. Gen-Z – ამერიკელებმა ასე შეარქვეს 1996-2012 წწ. დაბადებულ ახალგაზრდების თაობას, ლ.ა.) ავტორი და აქტივისტი მონაწილეობს ამ ახალ ამბოხში — ისინი იბრძვიან და ქმნიან ალტერნატიულ გზებს, რომლებიც რეალურ სამყაროსთან დაგვაბრუნებს.

ბევრი მასწავლებელი, ორგანიზაცია და უფლებადამცველი ცდილობს დღეს, დაეხმაროს „Z“ და მომდევნო თაობებს, რათა შესაძლო გახდეს სმარტფონებისა და სოციალური მედიის მარწუხებიდან ახალი თაობების ადამიანების დახსნა. ისინი იბრძვიან რეალურად შიშზე დაფუძნებული გადამეტებული კონტროლის (ციფრული „წესრიგის“ და კონტროლის ჩათვლით), სკოლების ტელეფონებისგან გათავისუფლებისა და იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც დიდ ყურადღებას არ აქცევენ ბავშვების „ციფრულ“ რეალობაში გატარებულ დროს (!). ახალი წამოწყების მიზანია, არ მისცეს ბავშვებს სოციალური მედიაზე წვდომის უფლება მინიმუმ 16 წლამდე. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მისიაა, გადაარჩინონ ბავშვობა, როგორც ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი.

აქვე უნდა დაისვას მწარე, მაგრამ აუცილებელი შეკითხვა: რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ვინც უკვე დავკარგეთ ბავშვობა?

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ამერიკელი ჟურნალისტის, ფრეია ინდიას (Freya India)[2] 2025 წლის 5 ოქტომბრის წერილიდან. ვფიქრობთ, მისი პოზიცია და დამოკიდებულება დღეს უკვე გაბატონებული „სმარტფონების“ რეალობისადმი, საყურადღებოა:

„ალბათ „Z თაობას“, ანუ დღეისთვის 12-დან 29 წლამდე ადამიანებს, შეუძლიათ ყურადღება პატარებზე გაამახვილონ — მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ტელეფონების გარეშე გაიზარდონ; ჯერ კიდევ წინ აქვთ ასაკი, როცა შეუძლიათ ეზოში ითამაშონ, ერთმანეთს ეთამაშონ… ანუ იმედი არსებობს – წერს ინგლისელი ჟურნალისტი და მწერალი, ფრეია ინდია (Freya India). – მაგრამ ჩვენ? ჩვენ, „Z” თაობის უფროს წარმომადგენლებს რა გვეშველება? ჩვენ, ვინც სასკოლო წლები უკვე დავკარგეთ უსასრულო ჩათებში, სტორებსა და პოსტებში? ვინც ვუყურებდით, როგორ გადაიქცა მეგობრობა ზედაპირულ და მექანიკურ ურთიერთობად? ჩვენი ბავშვობის მოგონებები ხომ იმასაც მოიცავს, თუ როგორ „ვფოტოშოპავდით“ საკუთარ ბავშვურ სახეებს, ვსაუბრობდით უცნობებთან Omegle-ზე (დღეს, ეს ანონიმური სასაუბრო პლატფორმა აღარ არსებობს, ლ.ა.), ან როგორ ვზომავდით საკუთარ ღირებულებას „ლაიქებითა“ და „ფოლოუერებით“ — მაშინ, როცა ყველაზე დაუცველები ვიყავით. ჩვენ ხომ უკვე მაშინ, პირველ კოცნამდე, ვხედავდით პორნოგრაფიას… რეალურ სამყაროში გადაჭარბებულად გვიცავდნენ, მაგრამ ინტერნეტში სრულიად მიტოვებული ვიყავით“, – გვამცნობს მწარე სიმართლეს ფრეია ინდია. „ჩვენ ვიტანჯებით – Z თაობის თითქმის ნახევარს სურს, რომ TikTok და X (ყოფილი Twitter) საერთოდ არ არსებობდეს. ახლა ბოლოს და ბოლოს ვპოულობთ სიტყვებს, რომ აღვწეროთ, რა დაგვემართა — როგორ იმოქმედა ბავშვობაში ნანახმა პორნოგრაფიამ ჩვენს ტვინზე, რა უყო ალგორითმებმა ჩვენი ყურადღების უნარს, როგორ დავკარგეთ საკუთარი თავის აღქმაც კი. ვხვდებით, რომ ეს არ იყო ნორმალური, ეს არ ჰგავდა ბავშვობას. ჩვენ ამ სამყაროში ისე შევაბიჯეთ, რომ არ არსებობდა ასაკობრივი ზღვარი, არც დამცავი მექანიზმები… და როცა ვსაუბრობთ სხვა ახალგაზრდებთან — გოგოებთან, ბიჭებთან, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთან — მათთვის ერთნაირად საშინელია ის აზრი, რომ მათი მომავალი შვილები ამავე გზას გაივლიან: ბავშვობაში უყურებენ ძალადობრივ პორნოს, საკუთარ თავს აქცევენ სოციალური ქსელების ობიექტად, ან უბრალოდ სელფებს დადებენ ონლაინპლატფორმაზე, უცხო ხალხმა რომ შეაფასოს.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რა დავკარგეთ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ცდილობდა ერთდროულად გაზრდილიყო და საკუთარი თავი „ბრენდად“ ექცია. პირველები, ვინც არ იცოდა მეგობრობა მანამ, სანამ ის SnapStreak-ად იქცა; არ იცნობდა საზოგადოებას, გარდა Instagram და Reddit-ისა; არ იცნობდა სიყვარულს – მანამ, სანამ ის “სვაიპინგად” და გამოწერის მოდელად იქცა. შემდეგ თაობას შანსი ჯერ კიდევ აქვს. ჩვენთვის კი მოზარდობა აღარ დაბრუნდება. ესაა ჩვენი რეალობა“ – ამბობს ინდია ფრეია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობაში უნდა დავრჩეთ.

ჩვენ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ამ დანაკარგს და ის ენერგიად ვაქციოთ. ჩვენ წინაშე მთელი ცხოვრებაა. ახლა თითქოს ყველა გვიყურებს და გვეკითხება — „რა ჩაიდინეთ?“ დროა ვუპასუხოთ — „რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ ჩვენ უკვე ვიგლოვეთ ის, რაც არასდროს გვქონია; ახლა დროა ავაშენოთ რაღაც ახალი.

„უარყოფის სახელმძღვანელო“ (ინგლ. A Guide to refusal) გახლავთ გზამკვლევი, რომელიც მომზადებულია ფრეია ინდიას, გაბრიელა ნგუიენის (Appstinence[3] ) და შონ კილინგსუორთის (Reconnect[4]) მიერ და განკუთვნილია ჩვენთვის — იმ მილიონებისთვის, ვინც მზად არის ცვლილებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ეშინია ან ებრძვის საკუთარ დამოკიდებულებას. ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილება იწყება მცირე ნაბიჯებით — ჯერ გამოყენების შემცირებით, შემდეგ სრული თავისუფლებით. „უარყოფის სახელმძღვანელოში“, სამოქმედოდ ექვსი მთავარი საკითხია გამოყოფილი: 1) გააცნობიერეთ რეალობა – იყავით მართლაც გულწრფელი საკუთარ თავთან და გააცნობიერეთ, რამდენ საათს აცდენთ ონლაინ. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ შექმნათ (დახატოთ, დაწეროთ, ისეირნოთ, იმღეროთ ან იცეკვოთ, სხვა) ვებგვერდების დაუსრულებელი თვალიერების (ე.წ. „სქროლინგი“) ნაცვლად?

2) დააწესეთ საზღვრები – დაიბრუნეთ კონტროლი თქვენი დროის განკარგვაზე. არ არის აუცილებელი სულ ონლაინ იყოთ და პასუხობდეთ შეკითხვებსა თუ მოთხოვნებს; ნუ იხდით ბოდიშს თუ ონლაინ არ ხართ! არ ხართ ვალდებული იყოთ ინტერნეტ-ეთერში მუდმივად! აქ არის რამდენიმე ე.წ. „ტექნიკა“ არასაჭირო აპლიკაციებისგან თავის დასაღწევად: შეამცირე/Decrease, გათიშე/Deactivate, წაშალე/Delete, დააქვეითე/Downgrade და Depart/ მიატოვე და წადი – გვირჩევენ უარყოფის სახელმძღვანელოს“ ავტორები.

3) შექმენით ხელშეუხებელი (წმინდა) სივრცეები – ნელ-ნელა გამოყავით სახლში სივრცეები, სადაც დისპლეები და სოციალური მედია არ იქნება (სამზარეულოში ჭამისას, სააბაზანოში, სხვა); გამოიყენეთ ანალოგური ხელსაწყოები (ფიზიკური მაღვიძარა, ფოტოაპარატი, ბლოკნოტი და კალამი), სადაც ეს შესაძლებელია.

4) შეცვალეთ, არ აკრძალოთ! – ეცადეთ ცხოვრება შეავსო ისეთი საქმით, რომელიც კარგად გამოგდით ან გიყვართ; გაამახვილეთ ყურადღება, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და ინდივიდუალობა. ისწავლეთ უცხო ენა, ხელით შექმენით რაიმე (თუ გამოგდით), ან უბრალოდ დაფიქრდით, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდით „სქროლინგის“ და ონლაინ-ყოფნის დროს. ეს დრო რეალურ სამყაროში გაატარეთ!

5) იპოვეთ ან შექმენით თანამოაზრეთა ჯგუფი – იგულისხმება რეალური საზოგადოება (და არა ონლაინ ჯგუფები): ისადილეთ ერთად, ისეირნეთ ერთად და ნუ იქონიებთ ტელეფონებს სუფრაზე და ლაშქრობის მარშრუტზე გასვლისას. ეცადეთ გქონდეთ, მეტი უშუალო კონტაქტი ერთად ყოფნისას!

6) შეუერთდით მოძრაობას (თუ ასეთი არსებობს!) ონლაინ ყოფნის დროის შესაზღუდად! თქვენ არ ხართ მარტო! დღეს უკვე მილიონობით ადამიანი ხვდება, რომ „ონლაინ-მახეშია“ მოხვედრილი!

გახსოვდეთ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენსავით გააგრძელებენ ამ უსაგნო და უაზრო „სქროლინგს“ და თავიანთი პერსონალური დროის ათასობით საათს გააცდენენ სხვისი შექმნილი ვიდეოების თუ სხვა ციფრული პროდუქცია-სქრინების თვალიერებაში. გახსოვდეთ, რომ ეს დრო დაკარგულია საკუთარი უნიკალური ნიჭისა და თვისებების განვითარებისთვის.

თუმცა ჯერ საკუთარ თავთან გულწრფელი დამოკიდებულება ვისწავლოთ. გავაცნობიეროთ და დავინახოთ, რა წაგვართვეს და ვცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენი ადამიანურობა.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] სმარტფონების მწარმოებელი გლობალური კორპორაციები – Apple Inc. (აშშ), Samsung Electronics (ს. კორეა), Huawei Technologies (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), Xiaomi Corporation (ჩინეთის ს.რ.), Oppo (BBK Electronics), Vivo (BBK Electronics), OnePlus (BBK Electronics), Realme (BBK Electronics), Lenovo Group – ყველა ჩინეთის ს.რ.), Sony Corporation (იაპონია), LG Electronics (ს. კორეა), Google (Alphabet Inc.)(აშშ), Asus (ASUSTeK Computer Inc.), HTC Corporation (ორივე ტაივანი), Nokia (HMD Global) (ფინეთი)

[2] Freya India, TIME TO REFUSE, ბმული: https://www.afterbabel.com/p/time-to-refuse?utm_source=chatgpt.com

[3] I’m Gen Z and don’t use a smartphone or social media: https://www.businessinsider.com/gen-z-no-smartphone-social-media-friends-2025-10

[4] “Phones aren’t bad. They just don’t belong in all social spaces.”: https://reconnectmovement.org/

ლიფტების პროექტი – ერთი მოსწავლის კვლევა და ექსპერიმენტი

0

დაჰკვირვებიხართ ბავშვების უცნაურ იდეებსა და ინტერესებს? ზოგჯერ რომ სრულიად უმიზნო და უშედეგო გგონიათ, დროის კარგვად თვლით და გირჩევნიათ, ამ დროს ჩვენი შვილები თუ მოსწავლეები გაკვეთილების მეცადინეობას უთმობდნენ?

არადა, თუ კარგად დაფიქრდებით და დაგეგმავთ, ყველა, ერთი შეხედვით უცნაური გატაცება შეიძლება სასარგებლო პროექტად იქცეს, ასე გამოვიდა გიოსა და ლიფტების შემთხვევაში.

გიო ჩემი შვილია, პროექტის დაწყებისას 13 წლისა იყო და მერე თოთხმეტისა გახდა. მას ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვს და სანამ ყველა კითხვას პასუხს არ გასცემს, საკითხს არ ამოწურავს, ვერ მშვიდდება.

ერთ დღეს მის ასეთ გატაცებად ლიფტები და ლიფტების მექანიზმი იქცა.

გადაწყვიტა ჩვენი ქალაქის ლიფტები შეესწავლა.

13 წელი ისედაც ისეთი ასაკია, როცა მოზარდს ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო და უსაფრთხოების წესები უნდა ვასწავლოთ. ამიტომ მე, როგორც მისი ყველა გატაცების ხელის შემწყობი მშობელი, ჯერ მასთან ერთად დავდიოდი ლიფტების შესასწავლად, მერე კი მარტოც გავუშვი.

ა) ამ გატაცების დადებითი მხარეები:

  1. ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით, სქულქარდის გამოყენება, ბიუჯეტის დაგეგმვა;
  2. გუგლმეპისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება თავისი მიზნებისთვის;
  3. ქუჩაში მოძრაობა დამოუკიდებლად – ქვეითთა გადასასვლელი, მიწისქვეშა, უსაფრთხოების წესები;
  4. დამოუკიდებელი სოციალური ჩვევები – ცუდი და კარგი უცხოების განსხვავება – ცუდია ის, ვინც უაზროდ აეტორღიალება, კარგია ის, ვინც, ვთქვათ, სხვა ავტობუსში ასულს სწორ ავტობუსს ასწავლის.

ამ გატაცებამ მოგვცა ქუჩაში დამოუკიდებელი გადაადგილების გამოცდილება, რომელსაც ყოფით ცხოვრებასა და ყოველდღიურად ვიყენებთ.

ბ) სოციოლოგიური დასკვნები:

  1. ქალაქში საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლების ლიფტები არც ისე კარგ მდგომარეობაშია;
  2. ყველა ლიფტი ერთგვარი კომუნიკაციური, სოციალური ცენტრია – კედლის წარწერები, განცხადებები, მათი დანიშნულება უნივერსალურია, ქალაქის ალტერნატიული სოციალური ქსელია ლიფტი.
  3. ლიფტების ეპიგრაფიკა ერთგვარად უნივერსალურია.

და კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაასკვნა ლიფტებით, მაგალითად, ის, რომ ძალიან გაბედული ხალხი ვართ. დიღმის მასივში ვნახეთ ლიფტი, რომელსაც ჩვეულებრივი კარადის კარი აქვს შებმული.

ცხადია, უსაფრთხო არაა, მაგრამ მე, როგორც დედას, ამ გატაცებამ მასწავლა ბალანსი, რომ შიშის გამო დამოუკიდებლობა არ უნდა წავართვა ბავშვს და შინ არ უნდა ჩავკეტო. გაბედვა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.

გ) კვლევითი ნაწილი:

ლიფტების კვლევისთვის გიომ რამდენიმე მეთოდი გამოიყენა:

  1. პირველ რიგში, შეადგინა ლიფტების რუკები:

2. ლიფტების აღწერის დღიური, სადაც თითოეულ ლიფტს მიანიჭა თავისი უნიკალური კოდი, მოახდინა სისტემატიზაცია სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, როგორებიცაა, დამონტაჟების დრო, ტიპი, მწარმოებელი ქვეყანა, კორპუსის პროექტის ტიპი და სხვა;

  1. გუგლდრაივზე გააკეთა დიდი არქივი, სადაც ატვირთა ყველა ლიფტის აღწერა და ვიზუალური მასალა.
  2. გააკეთა სტატისტიკური კვლევა, სადაც დათვალა, რა ტიპისა და წარმოების ლიფტებია თბილისში, როგორია, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების სტატისტიკა.

ბოლოს, სკოლაში, მოქალაქეობის საგნისთვის მოამზადა პრეზენტაცია თბილისის ლიფტების შესახებ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.

მგონი, ძალიან საინტერესო კვლევა გამოვიდა, არა?

„ქალი ყარყუმით“

0

სექტემბერში, გამთენიისას დედა მესიზმრა. ასე ნათლად კარგა ხანია არ მინახავს. ჩემს საწოლთან იჯდა და თანაგრძნობით მიმზერდა.

 

  • დედააა, იცი ხომ, რომ დავიღალეეე? – თავადვე ვიგრძენი, როგორც ბავშვობაში, ისე შევტირე.

კიო, თავი დამიქნია და ჩასახუტებლად ხელები გამომიწოდა. წამოვჯექი და ჩავეკარი. სხეულში ისეთმა სითბომ დამიარა, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, რომ ჩემდაუნებურად გამეღვიძა. აზრზე მოსასვლელად დრო დამჭირდა, თვალები გავახილე და ჭერზე საზიზღარი არსებები დავინახე. ვიღაცის მახინჯი სახე დამყურებდა…

დამავიწყდა მეთქვა, რომ ზაფხულის არდადეგებზე წასულს, მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. კი მომწერა, მილი გამისკდაო, მაგრამ აბა, თურქეთის სიდედან რას ვიზამდი, განგებას მივანდე ეს ამბავი. ჩამოვედი და საძინებლის ჭერი ისეთი საძაგელი არსებებით „მოხატული“ დამხვდა, კინაღამ გული გამისკდა. ზოგადად, ასეთი წყლის ჩამოსვლები ჩემი ბავშვობიდან მუდმივია. თუმცა, საძინებლამდე პირველად მოაღწია. მუდმივობის მიზეზი რა არის? რა გამოლევს, ხან ისა და ხან ესა… ძირითადად, ნაკლები პასუხისმგებლობა…

 

ჰოდა, ისე გავნერვიულდი, ისე ამოვიგდე გული, რომ ეტყობა იქ, სხვა განზომილებაში დედაჩემმაც გაიგო, ადამიანურად შევებრალე… მოვიდა და ისე მანუგეშა, როგორც შეძლო.

ჰოდა, იმას ვამბობდი, ჭერიდან მზერა კედელზე გადავიტანე. იქ „ქალი ყარყუმით“ კიდია, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის რეპროდუქცია.

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან

https://en.wikipedia.org/wiki/Lady_with_an_Ermine

„თქვენო უბრწყინვალესობავ, მე ავაგებ უმსუბუქეს და უმყარეს ხიდებს, რომელთა გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე უპრობლემოდ შეგეძლებათ. მათი დახმარებით მტერს დაედევნებით ან პირიქით დაემალებით და ჩაუსაფრდებით. შემიძლია ათასნაირი კიბის და სხვა მოწყობილობის კონსტრუირება, რათა ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. მე შემიძლია, დავანგრიო ნებისმიერი ციხე-სიმაგრე, თუნდაც კლდეზე აგებული. მე შემიძლია შევქმნა ცეცხლის და მომწამლავი ნივთიერებების გასატყორცნი იარაღი, რომელიც მტერში დაბნეულობასა და შიშს დათესავს. შემიძლია გავთხარო უხილავი გვირაბები, თუნდაც წყლის ქვეშ, რათა ჯარმა იქ გაიაროს. მშვიდობიან დროში კი ნებისმიერი ტიპის არქიტექტურას შევქმნიდი. შემიძლია გამოვძერწო ნებისმიერი ნივთი თიხასა და ფაიფურის მასალისგან და კიდევ ხატვა შემიძლია, სხვებზე არცთუ ნაკლებად…“.

ეს ნაწყვეტი მე სამოტივაციო წერილს მაგონებს. არ მოგესმებათ, ის ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. დაწერა 1482 წელს ფლორენციაში.

ვის წერდა?

მილანში ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას.

სინამდვილეში, ჰერცოგი მაშინ 13 წლის ბავშვი იყო და მისი სახელით მილანს მისივე მეურვე მართავდა. ლეონარდო კი სამხედრო საქმეში დახმარებას აღუთქვამდა და ისე, სხვათა შორის, ახსენებდა, რომ ხატვაც შეეძლო…

ლეონარდო ვინც ბრძანდებოდა, ისტორიამ დაგვანახა. თან იმ დროისთვის საუკეთესო სამხატვრო განათლება ჰქონდა მიღებული. ანდრეა ვეროკიოს ფლორენციის სახელგანთქმულ სახელოსნოში ჰქონდა სამხატვრო საქმე შესწავლილი. ამ აკადემიაში მან მხოლოდ ხატვისა და ძერწვის ტექნიკა კი არ შეითვისა, არამედ ქიმია და მეტალურგიაც სავალდებულო წესით შეისწავლა.

აბა? როგორ გგონიათ? ტყუილად კი არ ფლობდა საღებავების ტექნიკას და სხვადასხვა პიგმენტით რეაქციებს ატარებდა.

1480 წელს ლეონარდოს ფლორენციაში ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა და ის ერთადერთ არა, ერთ-ერთ კარგ მხატვრად ითვლებოდა. ჰო, აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს დროში ცხოვრობს სანდრო ბოტიჩელი, დომენიკო გირლანდაიო, პიეტრო პერუჯინო, რაფაელი, მიქელანჯელო.

ჰოდა, ლეონარდომ ფლორენციიდან მილანში გადასვლა გადაწყვიტა და იქაურ მმართველობას თავი, ისე შესთავაზა, როგორც ინჟინერმა. თან აღუთქვა, რომ დაუსრულებელ ომებში მიეხმარებოდა.

ისტორიკოსები იმასაც ამბობენ, ფლორენციის პატრონმა მედიჩებმა აითვალწუნეს ლეონარდოო. მოაბეზრა ყველას თავი ამბიციებითა და ჭირვეულობითო…

ვაჰ, როცა ლეონარდო ხარ, აღარც უნდა იჭირვეულო???… თუმცა, გავაგრძელოთ…

კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ ნაწარმოებს ათწლეულობით წერდა. თან სამხატვრო მასალით თითქმის, სულ ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებდა. ამიტომაც არის, რომ მისმა მრავალმა ტილომ დროს ვერ გაუძლო. სხვებს კი, მრავალჯერადი რესტავრაცია დასჭირდა. ასე მაგ. „საიდუმლო სერობიდან“ საღებავს ჩამოშლა დასრულებიდან ერთ წელიწადში დაუწყია.

გამოდის, რომ შინაგანი ბუნებით მხატვარზე მეტად გამომგონებელი გახლდათ და იმ ქალაქს მიაშურა, სადაც გამოგონებები ფასდებოდა.

სამოტივაციო წერილმა იმუშავა და 1482 წლის ბოლოს ლეონარდო მილანს გაემგზავრა. იქ მთელი 17 წელი დარჩა. მცირე შესვენების შემდეგ კი, კიდევ 7 წლით დაბრუნდა. ამ დროის მანძილზე სამხედრო დანაპირებიდან არაფერი შეუსრულებია. სამაგიეროდ, ბევრი გამოგონება დატოვა სასცენო საქმეში. თეატრალური წარმოდგენების დროს, ჭერში მობილიზებულ ზეცაში ღრუბლები, პლანეტები და მსახიობები ერთად დაფრინავდნენ. ეს პერიოდი გახდა, მისი, როგორც მხატვრის გაფურჩქნის დრო. ზემოთ ხსენებული „საიდუმლო სერობა“ სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის კედელზე შესრულდა. მილანის პერიოდსვე ეკუთვნის „ქალი ყარყუმით“. ორიგინალი ნახატი კაკლის ხის ფიცარზეა შესრულებული. ფიცარს საფუძვლად თეთრი გრუნტი ჰქონდა დადებული.

დღეს ასეთი გრუნტის შეძენა სამხატვრო მასალების მაღაზიებშია შესაძლებელი და ის აკრილის ცვილის წყლის ემულსიაზეა დამზადებული. აქვს თეთრი პიგმენტი ტიტანის დიოქსიდის სახით. ზოგჯერ შემთხვევაში კი, როგორც ძველ დროში, შეიცავს თაბაშირსაც. ლეონარდო წებოსთან შერეულ ცარცის ფხვნილსაც ურევდა მასში. ნახატის ორიგინალის რესტავრაცია 1830-1870 წლებში მოხდა, ზედა მარცხენა კუთხე აეცალაო და უკან მიაწებესო. რესტავრაცია ჟან დელაკრუას ჩაუტარებია და უკანა ფონიც ამ დროს გადაუღებავთ მუქად. სპეციალისტები ამბობენ, მუქ ფონზე უდავოდ ლამაზი ქალბატონი უკეთ გამოჩნდაო.

ეს შედევრი ლეონარდოს ქიმიური ექსპერიმენტიც არის, რადგან სწორედ მისი შექმნისას პირველად გამოიყენა ზეთის საღებავები. თან, ხელთ არსებული ქიმიური პიგმენტები ერთმანეთთან შეურია და დაფარვის სრულიად ახალი ტექნიკა მიიღო. მანამდე, ყველა ცნობილი მხატვარი ე.წ. „ტემპერას“ საღებავს იყენებდა და თავადვე ამზადებდა მათ. ანუ, პიგმენტის შემცველ ფერად ფხვნილებს ურევდა ქათმის კვერცხის გულში და შემდეგ ტილოზე გადაჰქონდა. გახსოვთ, მე ლაპის ლაზურიზე ვწერდი – იგივე, ლაზურიტი ან ლაზვარადი. https://mastsavlebeli.ge/?p=3808

მისგან ძვირად ღირებული მელანი და საღებავი მზადდებოდა, მომზადების ტექნიკა კი „ტემპერა“ გახლდათ. ამ ტიპის საღებავები კვერცხის გულში შეყოლილი ცილის გამო მალევე პოლიმერიზდებოდა, შრებოდა და გამოუსადეგარი ხდებოდა. განსაკუთრებით, ცხელ სეზონზე, სიცხის დროს ხდებოდა ასე. გარდა ამისა, პიგმენტების შერევაც რთულდებოდა სწრაფად გამოშრობის გამო. ზეთის საღებავებმა კი ახალი შესაძლებლობები მისცა მხატვრებს. შეიძლება ვინმემ შემისწოროს ბოტიჩელი „ტემპერათი“ შედევრებს ქმნიდაო.

კი, როგორ არა, თუ შვიდი წლისას სახელოსნოში მიგაბარებენ, იქ ათი წელი გასწავლიან და შეცდომის შემთხვევაში, კარგადაც შემოგცხებენ, მერე შეიძლება ბოტიჩელივით „ტემპერათი“ შედევრი შექმნა. ოღონდ, გალაც არ დავივიწყოთ:

 

  • ნიჭი, ძამა, კიდევ ნიჭი იქნება საჭირო.

ახალი საღებავებისთვის ძირითადად, სელის ზეთს იყენებდნენ. ოღონდ, მანამდე ზეთი ქიმიური გასუფთავების ოთხ ეტაპს გადიოდა და მხოლოდ შემდეგ ხვდებოდა პალიტრაზე. ზეთის გასუფთავებაზე ზოგჯერ თავად მაესტრო, ან მისი შეგირდები ზრუნავდნენ, თუმცა მხატვრის ზედამხედველობით. წარმოგიდგენიათ ხომ, როგორი ლაბორატორიისა და ცოდნის ფლობა იყო აუცილებელი.

და სურათზე დახატული ქალი ვინ არის? ჩეჩილია გალერანია. აქ მხოლოდ 18 წლისაა და ჰერცოგის ფავორიტი გახლავთ. ისტორია ლამაზ, აღზრდილ და განათლებულ ქალად აღწერს. მოგვიანებით, როცა ჰერცოგი დაოჯახდება, ჩეჩილიას ვინმე გრაფს მიათხოვებენ, ოთხი შვილის დედა გახდება და წყნარ, თუმცა მდიდრულ ცხოვრებას გაივლის ჰერცოგის მიერვე ნაჩუქარ მდიდრულ სასახლესა და მამულებში.

ჩეჩილია ჩემს კედელზეც არის, ლამაზ ჩარჩოში ზის და სადღაც იქით იყურება.

ცოტა ხანი უაზროდ შევცქერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოთ, ჭერში არ ავიხედო.

მერე? მერე სასწრაფო წესით ვდგები და მზადებას ვიწყებ, რადგან ახალი დღე იწყება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...