შაბათი, სექტემბერი 6, 2025
6 სექტემბერი, შაბათი, 2025

პლიქსები, ინტერაქტივები და სიმულაციები CK-12 -ის პლატფორმაზე

0

გთავაზობთ ორი ავტორის მოსაზრებას, სიმულაციების, ინტერაქტივებისა და პლიქსების  უკეთ გააზრებისთვის CK-12 პლატფორმაზე.

ფიზიკის სიმულაციები CK-12 პლატფორმაზე

თინათინ ზარდიაშვილი

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 პროექტია, რომელსაც განათლების კოალიცია ახორციელებს. ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისთვის“ ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს განათლების ეროვნული სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას. დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და გაწერილია 2021-2023 წლებზე.

სიმულაცია წარმოადგენს რეალური სისტემის მოქმედების ანალოგიას ვირტუალურ სივრცეში. ეს არის ერთგვარი მოდელი, რომლის საშუალებითაც ხდება პროცესის/ მოვლენის დემონსტრირება ან მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირება. სიმულაცია როგორც მოდელი უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომია სასწავლო კონტექსტში. მცენარის ზრდა, მტაცებლისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებული რაოდენობის ცვალებადობა, ნახშირორჟანგის მიმოქცევა გარემოში, ბოულინგის დროს მოქმედი კანონზომიერებები, დახრილი სიბრტყე, ჭოჭონაქი და მრავალი სხვა შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სიმულაციის სახით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების დახმარებით. სწავლების დროს სიმულაცია კარგი საშუალებაა ამა თუ იმ პროცესის/მოვლენის დეტალური ანალიზისთვის, კანონზომიერებების აღმოჩენისთვის. ის იძლევა ექსპერიმენტირების საშუალებასაც, ერთი ცვლადის ცვლილება გავლენას ახდენს მეორეზე, რაც ხელს უწყობს პროცესის/მოვლენის სიღრმისეულ გააზრებას და შესწავლას. სიმულაციის გამოყენებისას მოსწავლე თავად ეძებს პასუხებს დასმულ კითხვებზე, მოსინჯავს სხვადასხვა ვარიანტს, აღმოაჩენს კანონზომიერებებს და საკუთარი დასკვნები გამოაქვს.

CK-12–ის სიმულაციები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ვირტუალური ლაბორატორია. ის განკუთვნილია ისეთი პროცესების შესასწავლად:

  • რომელთა რეალურად განხორციელება გაცილებით მეტ რესურსსა და დროს მოითხოვს;
  • რომლებიც მრავალეტაპიანი ან მრავალსაფეხურიანია;
  • რომლებიც გულისხმობს მოძრავი ნაწილების ან კომპონენტების არსებობას;
  • რომლებიც წარმოადგენს აბსტრაქტულ იდეებს.

კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეები ინოვაციური, გაცნობიერებული, დინამიკური, კინესთეტიკური ან ტაქტილური (შეხებითი) დასწავლის სტილით უკეთ ითვისებენ მასალას, როდესაც ჩართულნი არიან პრაქტიკულ დავალებებში, თამაშებსა და თანამშრომლობით სწავლებაში.

ვირტუალური ლაბორატორია მოსწავლეს ეხმარება შემდეგი მიმართულებით:

  • მათემატიკური აზროვნების სიტყვიერად გამოხატვა;
  • სამეცნიერო ცნებებისა და იდეების განხილვა; რეალური სიტუაციების აბსტრაქტულ სიმბოლოებთან დაკავშირება;
  • პრობლემის გადაჭრის გზის საპოვნელად მრავალფეროვანი მსჯელობა;
  • პრეზენტაციების მომზადება;
  • საკუთარი სასწავლო გამოცდილების კონტროლი.

ფიზიკის სიმულაციების ქართული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://ck12.edu.ge. ამის შემდეგ გადახვალთ მთავარი სანავიგაციო ველის „სიმულაციების“ განყოფილებაში ან პირდაპირ მოძებნით ბმულზე: https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

სიმულაციებში მუშაობის ზოგადი ინსტრუქცია მოცემულია ვიდეოში: https://youtu.be/emX0ekarvkc

სიმულაციების დაჯგუფება შესაძლებელია როგორც თემების, ისე შინაარსის მიხედვითაც. ქართულ გვერდზე განთავსებული სიმულაციები დაჯგუფებულია სურათზე წარმოდგენილის შესაბამისად.

აქ მხოლოდ რამდენიმე სიმულაციას მიმოვიხილავ, რაც ქართულ გვერდზე განთავსებული სიმულაციების ძალიან მცირე ნაწილია. მაგალითად:

სიმულაცია, რომელიც ფარნის მუშაობის მექანიზმის გასაცნობადაა განკუთვნილი, მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/3WxdFA5.

თუ გაინტერესებთ როგორ უკრავს ვიოლინო, რა დამოკიდებულებაა ტალღის სიგრძესა და სიხშირეს ან რხევის ამპლიტუდასა და სიხშირეს შორის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3fyoaCJ.

იმის გასარკვევად, რა კავშირია სინათლის არეკვლა–გარდატეხასა და ბრილიანტის ან სხვა ძვირფასი ქვის ბზინვარებას შორის, უნდა ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3FNCgdW.

რეალურ ცხოვრებაში არეკვლის კანონების მოქმედება წარმოდგენილია სიმულაციაში, სადაც ახალგაზრდა წვეულებისთვის ემზადება და სარკეში საკუთარი თავის მთლიანად დანახვა სურს. სინათლის მოქმედება განხილულია ბმულზე: https://bit.ly/3T930su.

თუ გაინტერესებთ ტელესკოპის მოქმედების პრინციპი, სინათლის სხივების სვლა მასში და კასეგრეინის ტელესკოპის უპირატესობები, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3zLgSCc.

იხვის წყალში მოძრაობა აღწერილია სიმულაციაში: https://bit.ly/3hgLyow;

ერთი სისტემის ერთეულების მეორეში გადაყვანა ვალუტის კონვერტაციის მაგალითზე ახსნილია სიმულაციაში „გზაჯვარედინზე“ – https://bit.ly/3WDJIOL

თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავს ფრაზა „ჩვენ სამგანზომილებიან სივრცეში ვცხოვრობთ“, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3WAGD1Z. სიმულაციაში ორი რობოტის მუდმივი შეჯიბრებაა აღწერილი. ისინი ცდილობენ, გაასწრონ ერთმანეთს და ლიფტთან პირველი მივიდნენ.

მოციგავეებმაც უნდა იცოდნენ ფიზიკა, სწორ დროს სწორი სიჩქარით რომ იმოძრაონ, ხოლო იმისთვის, რომ მოსახვევს არ გასცდნენ, აჩქარებაც სწორად უნდა განსაზღვრონ. https://bit.ly/3FP0YL5 ბმულზე შესაბამისი სიტუაციაა აღწერილი, სიმულაციის დახმარებით მოსწავლე გაარკვევს, რა არის ცენტრისკენული ძალა და აჩქარება, რა მნიშვნელობა აქვს მოხვევის რადიუსსა და სხვა სიდიდეებს.

ვისაც დედამიწიდან გაშვებული თანამგზავრის ბედი აინტერესებს, ამ ბმულს https://bit.ly/3FMwtp2 უნდა ეწვიოს. მასში ასახულია თანამგზავრის მოძრაობის მახასიათებლები: სიჩქარე, აჩქარება, ფრენის სიშორე და სხვა.

საგამოფენო სივრცეში პორტრეტების განთავსების წესიც ფიზიკის კანონებს ემორჩილება. სიმულაციას იპოვით ბმულზე https://bit.ly/3AaPNcb.

უპილოტო მანქანები არცთუ შორეული მომავლის პერსპექტივაა. მათი მოქმედება აღწერილია სიმულაციაში, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://bit.ly/3Dyv2rq. ამ სიმულაციაში მუშაობისას მოსწავლე გაიგებს, რა მნიშვნელობა აქვს კოორდინატებს დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.

საბურავებში ჩატუმბული ჰაერის რაოდენობა ჰაერის წნევას განაპირობებს. იმის გასარკვევად, რატომ შეიძლება გასკდეს საბურავი მზიან ნაშუადღევს, თუ მას სუსხიან დილას გაბერავ, მოსწავლემ უნდა იმუშაოს სიმულაციაში: https://bit.ly/3E5eNDZ.

ბავშვებისა თუ მოზრდილების უსაყვარლესი ატრაქციონი ბამპერიანი ელექტრომანქანებია. თუ გაინტერესებთ, რა სიჩქარით უნდა იმოძრაოთ, რა მიმართულებით მოუხვიოთ და როგორ მართოთ უსაფრთხოდ, ნახეთ სიმულაცია https://bit.ly/3zOr7G6.

პანდემიისა და გაჯეტებზე დამოკიდებულების გამო მოსახლეობაში მნიშვნელოვნად იმატა მხედველობის დარღვევების სიხშირემ. გაახალგაზრდავდა კატარაქტა, მოსწავლეებისა და მასწავლებლების უმრავლესობას კომპიუტერული თვალის სინდრომი ჩამოუყალიბდა. მოსწავლეებს უფრო ხშირად სჭირდებათ სათვალე ან კონტაქტური ლინზები. https://bit.ly/3WxOddH ბმულზე მოცემული სიმულაციის წყალობით უკეთ მიხვდებით, როგორი ლინზა სჭირდება ახლომხედველსა თუ შორსმხედველს.

ტელეფონისა თუ პლანშეტის გარეშე თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სენსორიანი ეკრანისა და კომპიუტერის კლავიატურის მუშაობა კონდენსატორზეა დამოკიდებული. ბმულზე https://bit.ly/3TalhWv განთავსებულია სიმულაცია, რომელიც ამ მექანიზმების გაცნობას ემსახურება.

ვებგვერდზე კიდევ ბევრ საინტერესო სიმულაციას იპოვით. იმედი გვაქვს, მათ წარმატებით გამოიყენებთ მოსწავლეებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან.

ინტერაქტივები და პლიქსები

ანა კინწურაშვილი

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაზე  www.ck12.edu.ge მათემატიკის მიმართულებით ხელმისაწვდომია   VII – XII კლასების სახელმძღანელოები, ასევე ალგებრა და გეომეტრია. აღნიშნული წიგნები ტრადიციული სახელმძღვანელოების გვერდით დამხმარე სახელმძღვანელოდ გვევლინება, სადაც გათვალისწინებულია შესწავლის განსხვავებული ტემპი, ინტერესი და მიზანი.  ამ წიგნებს საერთაშორისო ტერმინის შესაბამისად ვეძახით „ფლექსბუქებს“, ვინაიდან ის არ მოიცავს მხოლოდ ტექსტურ ინფორმაციას და თემატურად ჩაშენებულია სახალისო დავალებები. უფრო კონკრეტულად კი, ის გვთავაზობს მზა, დაგეგმილ გაკვეთილებს, გაჯერებულს თეორიით, სახალისო დამტკიცებებით, სავარჯიშოებით, ვიდეობმულებით, ფოტომასალით, მომიჯნავე ცნებების რუკებით, ფლიქსებით, ინტერაქტივებითა და შესაბამისი ქვიზებით. რაც მთავარია, სახელმძღვანელოები შედგენილია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და მასალა გადმოცემულია მარტივი ენით.

აღნიშნულ სახელმძღვანელოებში განთავსებული ინტერაქტივები ეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურად შეხედონ თეორემებს, ფორმულებს და სახალისო ამოცანების დახმარებით გაიაზრონ ახალი ტერმინის თუ დებულების შინაარსი, იკვლევენ პრობლემას და პოულობენ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ ვარიანტს. წინარე ცოდნის გააქტიურებითა და მასზე ახალი მასალის დაშენებით ბავშვები შეძლებენ მიღებული ცოდნის საგნობრივ სინთეზს, საგანთა შორის კავშირის დადგენას და ცოდნის ტრანსფერს რეალურ ცხოვრებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერაქტივების საშუალებით მოსწავლეები თავად ხდებიან მკვლევარები, აღმომჩენები რაც ხელს უწყობს კრიტიკული, ანალიტიკური უნარების განვითარებას და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას.

ინტერაქტივი შინაარსის მიხედვით ორ ნაწილად იყოფა, ზოგ მათგანს თან ახლავს ქვიზი, ზოგს კი – არა. ინტერაქტივები ქვიზების გარეშე – ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლეებს დაეხმაროს აღიქვან სიტუაციური ამოცანა  და შეძლონ პროცესებზე ვირტუალური დაკვირვება. ხოლო ქვიზებიან ინტერაქტივებზე  მუშაობის პრინციპი შემდეგია: ქვიზებში დასმული შეკითხვის მიხედვით ვმუშაობთ ინტერაქტივში და შესაბამისად ცვლადების შეცვლით, წრფის დახრის კუთხის შეცვლით თუ სხვა,  ვარკვევთ სწორ პასუხს, ვაფიქსირებთ ქვიზში ჩვენ მიერ შერჩეულ პასუხს, რა დროსაც  მყისიერად ვიღებთ უკუკავშირს: თუ სწორად ვუპასუხეთ, დაფიქსირებული პასუხი გამწვანდება და ველში გამოჩნდება დადებითი შეფასება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ველში გამოჩნდება მითითება, შეგვიძლია დავუბრუნდეთ ინტერაქტივს და მითითებების გათვალისწინებით,  კიდევ ერთხელ ვცადოთ. ცხადია, შესაძლებელია მოსწავლისთვის აღნიშნული საკითხი ისევ გაუგებრად დარჩეს, ამ დროს მას შეუძლია დააკლიკოს „ნათურას“ – ის შეძლებს ნახოს ამოცანის ამოხსნა.

გიზიარებთ რამდენიმე ინტერაქტივს:

ჩვენ  არ შეგვიძლია ირაციონალური რიცხვი წარმოვადგინოთ წილადის, სასრული ათწილადის ან პერიოდული ათწილადის სახით, მაგრამ ეს ინტერაქტივი გვეხმარება ვიპოვოთ მისი მიახლოებითი მნიშვნელობა: https://bit.ly/3G179M5  (კლასი VIII, პარაგრაფი 1.6).

თუ გსურს გაიგო რას ნიშნავს შიდა  ჯვარედინად და შიდა ცალმხრივად მდებარე კუთხეები და რა თვისებები აქვთ მათ, შეგიძლია ჩართო შემდეგი ინტერაქტივი: https://bit.ly/3tdwJpJ   (კლასი VIII, პარაგრაფი 5.2).

თუ გაინტერესებს როგორ იყენებენ ტექნიკის დიზაინერები მათემატიკურ თეორემებს, ჩართე შემდეგი გაკვეთილი:  https://bit.ly/3UC87Cy   (კლასი VIII, პარაგრაფი 6.4).

ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ გადავიდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და დააკვირდნენ, როგორ შეიძლება  მათემატიკური უნარების გამოყენება სპორტში წარმატების მისაღწევად:  https://bit.ly/3UJWqdh    (კლასი VIII, პარაგრაფი 6.7).

თუ გსურს გაარკვიოთ რა არის რკალი, რა ურთიერთდამოკიდებულებაა წრეწირის სიგრძეს, ცენტრულ კუთხესა და რადიუსს შორის, შეგიძლია ესტუმრო შემდეგ გაკვეთილს, სადაც ინტერაქტივებთან ერთად მოძრავი ნახატებიც დაგხვდება: https://bit.ly/3fR7tm0   (კლასი X, პარაგრაფი 6.3).

რა აერთიანებს მათემატიკურ ტერმინებს  „ალბათობა“ და „ვენის დიაგრამა“? გადადი შემდეგ ბმულებზე, სადაც მოძრავი ნახატები, ინტერაქტივები და „მოძრავი (საფეხურიანი) ამოხსნები“ დაგეხმარება აღნიშნული საკითხის გარკვევაში: https://bit.ly/3A4iGXd   და  https://bit.ly/3hoHxi2  (კლასი X, პარაგრაფები 7.2 და 7.3).

რა არის PLIX-ი? სახელწოდება მომდინარეობს შემდეგი აბრევიატურიდან:

P – play – თამაში

L – learn – სწავლა

I – interact – ინტერაქცია

X – explore – აღმოჩენა

 

PLIX- ები შემაჯამებელი ინტერაქტიული სავარჯიშოებია და ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავს ტესტურ დავალებას. მისი დანიშნულებაა მოსწავლეს დაეხმაროს ამა თუ იმ საკითხის გახსენებასა თუ ათვისებაში.

ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ PLIX-ებით მუშაობისას:

  • პლიქსები ჩაშენებულია სახელმძღვანელოებში, თუმცა მისი გაზიარება შესაძლებელია ბმულის საშუალებითაც;
  • კითხვები ინგლისურ ენაზეა და საჭიროებს წინასწარ თარგმნას;
  • მოსწავლე იღებს უკუკავშირს, თუ რამდენად სწორად შეასრულა დავალება; შეუძლია პლიქსიდან გადავიდეს შესაბამის პარაგრაფზე.
  • გამოყენება შედეგიანია, რადგან მოსწავლეები განიხილავენ ისეთ პროცესებს, რომლის წარმოდგენა და გააზრება თვალსაჩინოების გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია;
  • სისტემაში ჯამში 1100-ზე მეტი პლიქსია.

მაგალითისათვის წარმოგიდგენთ რამდენიმე პლიქსს:

თუ გსურთ,  აღიქვათ კავშირი  პროცენტსა და ნაწილს შორის, იმსჯელოთ პროცენტის გამოყენების უპირატესობებზე, გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ti4kik  (კლასი VII, პარაგრაფი 6.2 ).

თუ გვაინტერესებს ტრიგონომეტრია, გვინდა გავიაზროთ სინუსის, კოსინუსისა და ტანგენსის  შინაარსი, დავადგინოთ ზრდადობა-კლებადობის შუალედები, შეგვიძლია დავაკვირდეთ ერთეულოვან წრეწირს:  https://bit.ly/3A0dHqu  და  https://bit.ly/3fS1n4W  (კლასი VIII, პარაგრაფები 7.4 და 7.5).

რიცხვითი სიმრავლეების შესახებ მომზადებული ფლიქსი დაგეხმარებათ უკეთ შეძლოთ რიცხვების კლასიფიკაცია: https://bit.ly/3tyKsHX  (კლასი X, პარაგრაფი 1.1).

როგორ გავამრავლოთ მრავალწევრი მრავალწევრზე? რას ნიშნავს დისტრიბუციულობის თვისება? ამ კითხვებზე პასუხს შემდეგ ბმულზე ნახავთ: https://bit.ly/3G1HD9z  (კლასი X, პარაგრაფი 2.4).

რა საჭიროა რიცხვის ხარისხის ცოდნა თუ ასტრონომიის ან ნანოტექნოლოგიების შესწავლას აპირებთ? პასუხისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3To1WkF  ;  https://bit.ly/3NZIGJ5  და https://bit.ly/3DQxoSV  (კლასი VIII, პარაგრაფი 4.7; 4.8 და კლასი XI, პარაგრაფი 4.1 ).

ინიციატივას ახორციელებს განათლების კოალიცია პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

ძველი ამბების დასტა

0

***

ჩემთვის ცხოვრების, ყოველდღიურობის, ყოფიერების ყველაზე ცხადი ნიშანი სახლში არის არა სიგარეტის ნამწვი, ხილის კურკა, დალაქავებული ხალათი ან ყავის გაურეცხავი ჭიქა, არამედ გაზეთი, უკვე წაკითხული, არასწორად გაკეცილი, აშლილი ფაქტურით.

***

„მოიხსენით პირბადე! ჟურნალისტი! რუხაძე!“ ძველ ნაცნობს შევხვდი და ისევ იმაზე განაგრძო საუბარი, რაზეც ათი წლის წინ გავჩერდით.

***

მეგობარმა გამახსენა, ისტორიკოსად რომ მომქონდა თავი, მითქვამს, თუ რამე არ გამოვა ჩემგან, ჟურნალისტი და მასწავლებელია-მეთქი.

 

***

ჩემი უჯრა იტევს წლებს მუზეუმის ბილეთებს, მოსაწვევებს, ქალაქის რუკებს, მისალოც ბარათებს, წიგნის სანიშნეებს, სათადარიგო ღილებს, აკრედიტაციის და პრესის ბარათებს. ერთ-ერთ ასეთი ბარათისთვის რედაქციაში ვითომ 3×4 ფოტო მიმიტანია. ფონზე ჩემი საძინებლის შპალერია, მეტიც,  სრულმასშტაბიან ვერსიაში გვერდით ჩემი და ზის, კალთაში მეგობრის დისშვილით.

***

ის დღე მოკვდეს, ეროვნული მუზეუმისგან პრესრელიზი რომ არ მომივა. პატარა ვიყავი, ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი მუზეუმის ადრესატთა სიაში რომ აღმოჩნდა.

 

***

ძველი პროფესიული ჩვევაა, ჩანთა სავსე მაქვს პატარა ფურცლებით, ზოგან ტელეფონის ნომერია მიწერილი, ზოგან ერთი სიტყვა. რაღაცაზე რომ მეტყვიან, ჩაინიშნეთო, ვეუბნები, დამიწერეთ-მეთქი. ამ ხელნაწერების გამო ძალიან მიყვარს ჩანთის დალაგება. დღეს მეყვავილემ ქაღალდის ნაგლეჯზე დამიწერა: левкой.

***

90-იანებში გამოდიოდა გაზეთი „ქართული კულტურა“. ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა, ყველას წერა დავაწყებინეთ. შესანიშნავი ავტორები გვყავდა, მაგრამ გაყიდვები ვერ ავწიეთ. მერე გაზეთს დავაწერეთ „გაზეთი განათლებული ადამიანებისთვის“. ცოტა ხანში რედაქციაში ტარიელ ჭანტურიამ დარეკა, ეგ რომ დაგიწერიათ ლოგოს ქვეშ, გაზეთი თუ გეყიდებათო. გამოვუტყდით, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა. ასე გამოდის, განათლებულები კი არა, სნობებიც აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქშიო.

***

პრაქტიკანტი გვყავდა რედაქციაში, ერთხელაც შეხვედრას უთანხმებს რესპონდენტს: „სადაც თქვენ გაძლევთ ხელს, იქ შევხვდეთ… კი, ბატონო, რომელ საათზე? უი, მე რომ არ მაძლევს ხელს სამი საათი?.. იყოს ოთხი, მშვენიერი დროა, თან ორივეს გვაძლევს ხელს…“

 

არადა, იქნებოდა 22-23 წლის.

 

***

პრესის ჟურნალისტობის ერთ-ერთი ხიბლი ისიცაა, რომ ხშირად რესპონდენტები ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე გხვდებიან. ამიტომაც ბევრი შინაურულად მინახავს. ლიანა ასათიანის ცეცხლოვანი მზერა არასოდეს დამავიწყდება.

***

2000 წელს გამოცემული კატალოგი ვიპოვე, აუქციონის გასაშუქებლად ვყოფილვარ და ნახატების ქვეშ ფასები მიმიწერია. მახსოვს, აუქციონი ჩავარდა, ალბათ თავმოუბმელობის გამო, თორემ მანამდე კიდევ ერთი აუქციონი გაიმართა, სადაც ყველაფერი გაიყიდა, იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ ფასებად. მომნუსხველი სანახავი იყო კოლექციონერების მდუმარე გაჯიბრება. ყოველ შემთხვევაში, მე პირველად აღმოვჩნდი აუქციონზე მარჯანიშვილიდან შარდენზე ფეხით წასული, მშიერი, მხატვრობაზე შეყვარებული ჟურნალისტი და კინოსავით ვუყურე.

***

ოდესღაც თბილისში იყო ეროტიკული ფოტოების გამოფენა. არც გალერეა მახსოვს, არც ფოტოგრაფის სახელი და გვარი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გასაშუქებლად წასულმა გამოფენიდან სამი ბარათი წამოვიღე და რომელიღაც წიგნში შევინახე. ნუთუ ეს ამბავი დამალაგებინებს წიგნის თაროებს ამ შაბათ-კვირას.

 

***

იყო დრო, ჰონორარს ილია ჭავჭავაძის კრებულში ვინახავდი.

 

***

ერთხელ გაზეთში დავბეჭდეთ ფოტო: ავტობუსის სარკე ტროტუარზე მდგომ მამაკაცს ირეკლავს. მეორე დღეს რედაქციაში დარეკა მკითხველმა, ჩემი ძველი მეგობარია, წლებია, ვეძებ და სად გადაუღეთო. იყო ეგეთი დრო უმობილურო, უინტერნეტო, უფეისბუქო.

 

***

ერთი თანამშრომელი მყავდა რამდენჯერაც დააგვიანებდა სამსახურში და რედაქტორი შენიშვნას მისცემდა, აცრემლებული ეტყოდა, როგორ არ გეშინიათ, ღმერთმა ჩემი გულისტკენისთვის რომ დაგსაჯოთო. თეიმურაზ მეტრეველს კიდევ ილია ჭავჭავაძის პორტრეტი ეკიდა თავთან, მოგვიბრუნდებოდა გაოცებული, ახლა ამას რომ ჰკითხო, მორწმუნეა და თან ღმერთი პატარა კაცი ჰგონია, ბრაზიანი და მეწვრილმანე, მხოლოდ იმის ფიქრში რომ არის, ვინ როგორ დასაჯოსო.

 

***

გაზეთში მუშაობისას ერთი გამორჩეული კვირა გვქონდა ხოლმე, შვებულების ტოლფასი. დაბრუნდებოდა როდოსიდან მანანა დუმბაძე, ჩამოიტანდა სამი ზღვის (თუ როგორც იყო) მწერალთა და მთარგმნელთა ამბებს, ჯერ გემრიელად მოგვიყვებოდა და მერე მთელი კვირა წერდა ვრცელ სტატიებს. ჩვენ კი (კულტურის განყოფილების გოგოები) ვისვენებდით და რედაქციისთვის შეუსაბამო სიდინჯით ვსვამდით ყავას.

 

***

არქივში ვიქექები და 97 წელს გამოცემული გაზეთის საერთაშორისო ახალი ამბების გვერდს ვკითხულობ:

 

ჩინეთი ჰონგ-კონგს გულში იხუტებს.

 

მსოფლიო მიწისძვრებმა მოიცვა.

 

ალბანელი ოპოზიციონერები ბოიკოტს აცხადებენ.

 

დედა ტერეზა როსკიპებს თანაგრძნობას უცხადებს.

 

შიმპანზეებს გადაშენება ემუქრებათ.

 

***

გაზეთში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, თათბირზე თბილისობის პროგრამა მომცეს და რეპორტაჟის მომზადება დამავალეს. წვიმიანი დღე იყო, შეიძლება არც, მაგრამ მე ასე დამამახსოვრდა. მანქანაც კი მომაშველა რედაქციამ, ბევრ ადგილას მოგიწევთ მისვლა და დღის ბოლოს სტატია მზად უნდა გქონდესო. ბევრი ვიარეთ ფოტოგრაფმა და მე გამოფენებსა და კონცერტებზე. როგორც კი ფოტოაპარატი გაჩხაკუნდებოდა, ვიღაც აუცილებლად შემოგვეგებებოდა. მერე ორგანიზატორს გასძახებდა, ჟურნალისტია „დილის გაზეთიდან“ და დაელაპარაკეთო. მეც მხრებს გავშლიდი, თავს ზემოთ ავწევდი და კომენტარებს დიქტოფონზე ვიწერდი. ერთი-ორმა ახალგაზრდამ, ჩემზე უფრო გაბრექილმა, ამ და სხვა თემებზე შეგვიძლია ყავაზეც შევხვდეთ და ისე ვილაპარაკოთო. ცოდვა გამხელილი ჯობს და შევხვდი კიდეც, მაგრამ უფრო გამაჯანსაღებელი რომანტიკისთვის და არა საინფორმაციო ხეირისთვის. იმას ვყვები, რომ თბილისობის იმ დღეს თავი ვინც მეგონა, ცხოვრებაში ის არ აღმოვჩნდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ 22 წლისას ერთხელ მაინც ასე უნდა წამოგიქროლოს.ნინო რაზმაძე

(ჩემი ძველი საგაზეთო ფსევდონიმი, რაზმაძის ქუჩიდან მალულად გადმოყვანილი ელექტროსადენის პატივსაცემად, რომლითაც მეცხრე ბლოკის ეპოქაში ერთ ოთახს ვინათებდით.)

 

უშნო, სულელი, მოუქნელი, ზარმაცი: რას ფიქრობენ მოზარდები საკუთარ თავზე

0

„მაპატიე ეს გრძელი, მოსაწყენი, სულელური და ნაჯღაბნი წერილი. არა, 13 წლის, უშნო, სულელი, მოუქნელი, ზარმაცი“, – სწერდა სარა იუნგკრანცი ასტრიდ ლინდგრენს 1972 წელს.

ცნობილ საბავშვო მწერალს გოგონამ დახმარებისთვის მიმართა. მას სახლიდან გაქცევა და მსახიობობა სურდა. ასტრიდსაც სწორედ იმ იმედით მისწერა, იქნებ როლის მიღებაში დამეხმაროსო.

ასტრიდ ლინდგრენისა და სარას მიმოწერა 1971 წელს დაიწყო და 2002 წლამდე გაგრძელდა. ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა ლენა ტორნკვისტმა წერილები მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა. წიგნი „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ შვედურიდან ქართულად ლიკა ჩაფიძემ თარგმნა და გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა 2018 წელს.

ას გრძნობენ და განიცდიან მოზარდები? ა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად? რით შეგვიძლია უფროსებს მათი დახმარება? ამ კითხვებს აჩენს და პასუხობს კიდეც სარას და ასტრიდის მიმოწერა. წერილები კარგად წარმოაჩენს მოზარდი გოგონას მშფოთვარე სულს, შიშებს, მარტოსულობას. 12 წლის სარა თავს ძალიან, ძალიან მარტოსულად გრძნობს, არ მოსწონს საკუთარი თავი, არ ჰყავს მეგობარი, რომელიც მოუსმენს, გაამხნევებს და დაამშვიდებს; არ მოსწონს სკოლა, აბრაზებს მასწავლებლებს, გარბის სახლიდან, გარბის სკოლიდან… ნელ-ნელა ასტრიდი გოგონას უფროსი მეგობრის როლს ითავსებს, კითხულობს მის წერილებს, პასუხობს, ამხნევებს და მისი ემოციების გამზიარებლადაც გადაიქცევა.

„უშნო, სულელი, მოუქნელი, ზარმაცივარო, მწერ. სულელი და მოუქნელი რომ არ ხარ, ამას შენი წერილებიდან ძალიან კარგად ვხედავ.ანარჩენზე ვერაფერს გეტყვი, თუმცა შემიძლია დაგამშვიდო, რომ 13 წლის ასაკში თითქმის ყველას უშნო ჰგონია თავი. ეც ასე ვიყავი. ამეტი წლისას თავი ყველაზე უშნო გოგო მეგონა და ვფიქრობდი, რომ ა რ ა ს დ რ ო ს არავინ შემიყვარებდა, თუმცა თანდათან მივხვდი, რომ საქმე ასე ცუდადაც არ იყო. ეჭვობ, სულ მალე შენც ასევე იფიქრებ“, – ასეთ პასუხს უბრუნებს მწერალი გოგონას და შენც, მკითხველსაც გახსენდება, რას გრძნობდი 13 წლისა, რა რთული და აუტანელი გეჩვენებოდა სამყარო და რა ცოტა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით მოგისმენდნენ.

მოზარდობა სასიცოცხლო ციკლის მტკივნეული ეტაპია. მტკივნეული არა მხოლოდ მოზარდისთვის, არამედ მისი გარემოცვისთვისაც. უფროსებიც ვიბნევით, როდესაც უცებ გაზრდილი ბავშვი ჩვენგან სრულ თავისუფლებას მოითხოვს, ფეხებს აბაკუნებს, მოთხოვნებს გვიყენებს, სახლიდან გარბის, მავნე ჩვევებს იძენს და ა.შ. როგორ მოვიქცეთ მშობლები, რომ შვილებთან მეგობრობა შევძლოთ? სად და როგორ დავუწესოთ ლიმიტები ან როდის მივცეთ მეტი თავისუფლება? როგორ მივხვდეთ, რას გრძნობენ ისინი და უბრალოდ, როგორ მოვიქცეთ სწორად?

ის, თუ როგორ იღებს მწერალი მშფოთვარე სარას განცდებს, მაგალითი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მოზარდებთან. ასტრიდი სარას გამოხატვის არეალს არ უზღუდავს, პოზიტიურ ემოციურ უკუკავშირს უბრუნებს, ცდილობს,  მისი ღირსებები დაანახოს.

არა, ჩემო მშვენიერო გოგო, ძალიან მოგეჯაჭვე. ენს წერილებში იგრძნობა რაღაც ისეთი, რაც მაფიქრებინებს, რომ შენ ნელ-ნელა გამოძვრები შენი ჭუპრის პარკიდან, რომელსაც ახლა ასე ძალიან ებღაუჭები. ენი პარკი მალე გასკდება და იქიდან მშვენიერი პეპელა ამოფრინდება. მ სამყაროში ცხოვრება ასე ძლიერ არ გაგიჭირდებოდა, ასეთი მგრძნობიარე რომ არ იყო. ს იმას ნიშნავს, რომ შენს თანატოლებზე მეტს გრძნობ და ფიქრობ.

ერთ-ერთ წერილში სარა ასტრიდს უყვება, როგორ მოათავსეს ის ფსიქიატრიულ კლინიკაში. „სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ეს კლინიკა საგიჟეთია. იმედი მაქვს, შენც ასე არ ფიქრობ. ს არის სპეციალური ადგილი პრობლემების მქონე 12-18 წლის მოზარდებისთვის. აგალითად, ყოფილი ნარკომანებისთვის, ნევროზიანებისთვის, ალკოჰოლიკებისთვის და ა.შ. ე იქ იმის გამო გამგზავნეს, რომ სიბნელის მეშინია, შინ კი სულ ჩხუბი და დავიდარაბაა“.

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობს და ამ თემაზე საუბარი დღესაც მტკივნეულია. ფსიქოლოგიური პრობლემებით ადამიანები იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს და სხვადასხვა გზით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვს ან მოზარდს ეხება, რადგან სტიგმა ამ შემთხვევაში უფრო ძლიერია.

ასტრიდი კი, ნახეთ, რას სწერს პასუხად:მე თუ მკითხავ, ფსიქიატრიულ კლინიკაში რომ იწექი, საერთოდ, საერთოდ არაფერს ნიშნავს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფსიქიატრიული პრობლემები გაქვს. ჰ-უჰ-უჰ, კაცმა რომ მკითხოს, არავის გვაწყენდა ცოტა ხნით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრა. მედი მაქვს, იქ ყოფნა რამით მაინც დაგეხმარა. ურადღებას ნუ მიაქცევ იმას, რომ დღესაც არსებობენ იდიოტები, რომლებსაც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მზრუნველობის მიმართ 1800-იანი წლებისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება აქვთ“.

საკუთარ ემოციებზე საუბარი და მათი იდენტიფიკაცია თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნარია, რომლის სწავლებაც ადრეული ასაკიდანვეა საჭირო. რას განვიცდით და რატომ განვიცდით, ამის გაცნობიერება ბავშვს/მოზარდს დაეხმარება, უკეთ იგრძნოს თავი და თავისი განცდები საყვარელ ადამიანს გაუზიაროს.

ამ წერილს უმეტესად მასწავლებლები წაიკითხავთ. თქვენც გეყოლებათ სარას მსგავსი მოსწავლეები, რომლებთანაც იქნებ ცოტათი გიჭირთ კიდეც საერთო ენის გამონახვა, იქნებ ზოგჯერ გაბრაზებენ კიდეც ან იქნებ ვერ გაგიგიათ, რატომ შეიცვალნენ ასე უცაბედად, მაგრამ შესაძლოა, თქვენ მათთვის ძალიან საჭირო ადამიანი იყოთ. მისწერეთ, მოიკითხეთ და ასტრიდივით ხშირად დააიმედეთ: „იცოდე, კარგად იყავი და არაფრის შეგეშინდეს“.

შიშისა და ცოდვის პირისპირ

0

(ზურაბ კანდელაკის რომანზე „უძრავი ქარი“)

ქართული მწერლობის მოზაიკურ სივრცეში გამორჩეულია ზურაბ კანდელაკის შემოქმედება, რომელიც ირეკლავს იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებიც ყოფიერების არსს გამოხატავენ. იგი თავისი რადიოპიესებით, მოთხრობებით, რომანებით ხატავს თანამედროვე სამყაროში გაუცხოებული ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმს. ყურადღებას იქცევს ავტორის თავისებური ხელწერა და ესთეტიკა, ორიგინალური სტილური ძიებები, ეგზისტენციალური პრობლემატიკის ყოფითსა თუ ფილოსოფიურ ჭრილში წარმოჩენა. მისი რომანი „უძრავი ქარი“ მეოცე საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ კატაკლიზმებს ირეკლავს. მწერლისეული დარღვეული თხრობა, ეპიზოდთა ხატვის ფრაგმენტულობა, ლირიკულ და ასოციაციურ ნაკადთა სიჭარბე ქმნის რეალობის ფანტასმაგორიულ განცდას. მისი პერსონაჟები კონკრეტული ეპოქის (მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე) შვილები არიან, იმავდროულად, მათ თავგადასავალში ნებისმიერი დროის ადამიანის ტკივილები იხატება. მხატვრული ტექსტის რევაზ სირაძისეული კვლევის მეთოდს თუ გამოვიყენებთ, რომანი ჯვარსახოვანია. თუმცა ეს ჯვარსახოვნება თხრობაში ვარიაციულად არის წარმოჩენილი. რომანის მხატვრული დრო-სივრცის თხრობის ჰორიზონტალურ მდინარებაში იხატება მთავარი პერსონაჟების დრამატული თავგადასავალი, მათი მატერიალურ-ხორციელი ყოფა, რეალურ სამყაროში განხორციელებული ურთიერთობები, ხოლო თხრობის ვერტიკალურ ჭრილში ავტორი ხატავს პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას (ამ ჭრილში იგი თავისუფლად გადააადგილებს დროსა და სივრცეს და ამ გზით კონკრეტულ პერსონაჟს ადამიანის უნივერსალურ ხატად განაზოგადებს).

რომანის თხრობა ეკლექტურია. ავტორი ხშირად იყენებს ჯოისისეული ცნობიერების ნაკადის ტექნიკას, მთავარი პერსონაჟების ფიქრები, შეგრძნებები, მოგონებები, მოულოდნელი ასოციაციები მუდმივად კვეთს ერთმანეთს და მკითხველს უჩნდება განცდა ერთდროულად „აქ“ და „იქ“ ყოფნისა.

რომანის ძირითადი თემა ცოდვისა და გამოსყიდვის მოტივებს ეფუძნება. მთავარი გმირი იტანჯება ცოდვის შეგრძნებით და ცდილობს, ერთი მხრივ, თავის მართლებას, მეორე მხრივ, დადანაშაულებას. ამგვარად, მწერლის აზრით, ადამიანური ყოფის ტრაგიზმი ის არის, რომ იგი ერთდროულად მსხვერპლიცაა და ჯალათიც. ის გამუდმებით დგას შიშისა და ცოდვის პირისპირ – სწორედ ეს განაპირობებს მის გამუდმებულ შფოთვასა და ხსნის გზის ძიებას.

„ბალახი ვიყო სათიბი, / არა მწადიან ცელობა,/

ცხვრადვე მამყოფე ისევა, /ოღონდ ამცილდეს მგელობა“, –

ვაჟა-ფშაველას ეს სტრიქონები რომანში ირეკლება როგორც განუხორციელებელი ოცნება, რადგან „ცოდვილთა ქვეყანაში ცოდვას ვერ გაექცევი“. ზოგადად, ამ თემას ის ვარიაციულად ამუშავებს მთელ თავის შემოქმედებაში და ამ რომანშიც შთამბეჭდავად წარმოჩნდება, როგორ გადაიქცევა მსხვერპლი ჯალათად და პირიქით. მხატვრული ტექსტის ბახტინისეული „დიალოგურობა“ იმასაც გულისხმობს, რომ დღეს დაწერილ ნაწარმოებში უფრო ადრე შექმნილი ტექსტების ექო გაისმის. „უძრავი ქარი“ გაჯერებულია ამგვარი ექოებით მსოფლიო ლიტერატურიდან, უპირველესად, ბიბლიიდან და „ჰამლეტიდან“. რომანის ინტერტექსტუალური სივრცე გამდიდრებულია ასოციაციებით, პირდაპირი თუ ფარული ციტირებით, გადაძახილებით მსოფლიო კლასიკის ისეთ აღიარებულ მწერლებთან, როგორებიც არიან ჯეიმს ჯოისი, უილიამ ფოლკნერი, ვირჯინია ვულფი, სემუელ ბეკეტი და სხვანი.

რომანი დატვირთულია ალუზიებით, რემინისცენციებით, რომლებიც ტექსტის დროსივრცულ არეალს აფართოებს და კონკრეტულ სახეთა განზოგადებას უწყობს ხელს, ამავე დროს, იმის შეგრძნებასაც იწვევს, რომ არაფერია ცისქვეშეთში ახალი და რომ ამაოა ყოველივე წუთისოფლისეული. ეს ქვეყანა რომ ნებისმიერ დროსა და სივრცეში ცოდვა-მადლის ჭიდილია, ხოლო წლები და რიცხვები – მხოლოდ პირობითი აღმნიშვნელები, კარგად წარმოჩნდება თავების ამგვარ დასათაურებაში: „ამა და ამ წლის ამა და ამ თვის ესა და ეს რიცხვი“. ან: „ამა და ამ წლის ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვზე გაცილებით ადრე“. ან „ამა და ამ წლის ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვის შემდგომ განვითარებული მოვლენები“. ქარი კი, რომანის ერთგვარი უხილავი მთავარი პერსონაჟი, სულხან-საბასეული ნიუანსირებული გრადაციებით ან გალაკტიონისეული იდუმალებით („ქარი არა ჩანს,/ ქარი არა ჩანს,/ მაინც მწვერვალებს ედება ქარი), როგორც წარმავლობის სიმბოლო, თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებით ადამიანის გულის ჭიდილს ერთგვარ თამაშად, ნიღბების განუწყვეტელ ცვლად აქცევს, ცხოვრებას კი დაუსრულებელ კარნავალს ამსგავსებს.

რომანში ფრაგმენტულად შემოიჭრება მე-20 საუკუნის ყველა ის მოვლენა (1907, 1921, 1924, 1937, 1959, 1983, 1990-1991…), რომლებმაც დაღი დაასვა მოაზროვნე ქართველის ცნობიერებას. თხრობას ლაიტმოტივად გასდევს თვალსაზრისი: ცოდვილების ქვეყანაში ცოდვას ვერ გაექცევი! არის თუ არა ზნეობრივი კომპრომისი ამგვარი ფიქრი? ეს თემა ყოველ დროში აქტუალურია. რომანიც არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს. ამ დილემას ადამიანი ინდივიდუალური ძალითა და სინდისით უმკლავდება. „მოციქულთა საქმეში“ მოთხრობილი ამბავი სტეფანეს წამების შესახებ მწერლისთვის მნიშვნელოვანი პარადიგმაა. მისთვის თავსატეხია სახე სავლესი, რომელიც ესწრება სტეფანეს ჩაქოლვას. ამ დროს ის „ჯალათია“, რადგან, მართალია, ქვას არ ისვრის, მაგრამ გულგრილი მონაწილეა მოვლენებისა. ღვთის განგებულებით, სავლე პავლედ იქცა, ქრისტეს მოციქულად, რწმენისთვის წამებულად, რაც მწერლისთვის ჯალათის მსხვერპლად ქცევის მაგალითია: `და გაიყვანეს სტეფანე ქალაქგარეთ და ქვები დაუშინეს…~ `მოწმეებმა თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყეს ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე…~

`ვინ იცის, იქნებ ყველაფერი მაშინ დაიწყო~ – ასე იწყება რომანი და შემდეგ ეს `ვინ იცის~ თხრობას ლაიტმოტივად გასდევს. ამ პოსტმოდერნისტულ რომანში, რომელსაც ლირიკული ტექსტისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა აქვს, მწერალი წარმოაჩენს, როგორ იმსხვრევა დემონურ და ღვთაებრივ ძალთა ჭიდილისას ადამიანი. აქაც, როგორც დოსტოევსკისთან, ეს უშეღავათო ბრძოლა ადამიანის გულში მიმდინარეობს. რომანის კომპოზიციურ სივრცეს აფართოებს `ჰამლეტიდან~ მოყვანილი ციტატები, რომლებსაც გავყავართ უნივერსალურ დროში, რომელშიც არაფერი იცვლება, ერთმანეთს დაპირისპირებული სიკეთე და ბოროტება სხვადასხვა ნიღბით კვლავაც განაპირობებს ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმს. რომანის დასაწყისშივე მკითხველს უჩდება შეგრძნება სიზმრისეული რეალობისა, რადგან მთხრობელს მის ცნობიერებაში არა მთლიანი, ჰარმონიული, არამედ დაფლეთილი, დამახინჯებული სამყაროს სურათი შემოაქვს. თხრობაში შემოიჭრება სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით დატვირთული მრავალი სახე, მათ შორის – ლურჯი ზღვა, თეთრი ხომალდი და სხვ.

პირველსავე ეპიზოდში ცოცხლდება XX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ტრაგედია, „თვითმფრინავის ბიჭების“ სახელით რომ ჩაიწერა ისტორიაში. მწერალი მომსწრე და მონაწილეა იმ ამბებისა, რომლებმაც საზოგადოება შეძრა. საბჭოთა ჩაკეტილი სივრცის, სატუსაღოს გარღვევა დაისახეს მიზნად ახალგაზრდებმა და თავიანთი ამ გაუგონარი პროტესტით დამყაყებული საზოგადოებრივი ცხოვრება შეანჯღრიეს. ზურაბ კანდელაკისთვის ეს მეტად მტკივნეული და ამაღელვებელი თემაა, რომელსაც მის სხვადასხვა ნაწარმოებში, მათ შორის – პიესაში `სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო~, – ვხვდებით. მწერალი ამ ამბავსაც ერთგვარ მხატვრულ პარადიგმად აქცევს და სხვა ცნობილ პარადიგმებთან აწყვილებს. ამგვარად, სტეფანეს ჩაქოლვა პირდაპირ უკავშირდება თვითმფრინავის გამტაცებელთა „ჩაქოლვას“, გილიოტინაზე თავმოკვეთილ მეამბოხეებს და მომავალში მოსახდენ საზარელ `დასჯებსაც~.

თავისუფლების წყურვილის გამო დახვრეტილი „თვითმფრინავის ბიჭები“ მწერლისთვის საბჭოთა რეჟიმის წამებულნი არიან, საზოგადოების მიერ პირველმოწამე სტეფანესავით ჩაქოლილნი. მას სურს, მკითხველმა ცოცხლად განიცადოს მომხდარი, ამიტომაც ლანდებად ქცეულ გარდაცვლილებს მისტიკურ შუაღამეს ერთმანეთს ახვედრებს და მკითხველს ტრაგიკული მოვლენების თანამონაწილედ აქცევს. წამებულთა სულები შუაღამისას გამოდიან და ადამიანებს ბნელ წარსულს შეახსენებენ.

რომანში გიას პროტოტიპია დახვრეტილთაგან ყველაზე ახალგაზრდა გეგა კობახიძე: `მხოლოდ გიას ჰქონდა იმედი, მხოლოდ ის ფიქრობდა, დაგვინდობენო! ეჰ, შენ რომ გენახა გია… ყვიროდა, ეხვეწებოდა: სულ ერთი წუთი მაჩუქე, ჯალათო!.. სულ ერთი წუთი!.. ერთი წუთიო!.. სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო!.. სულ ერთი წუთი, ბატონო ჯალათო!..“ მთხრობლის წარმოსახვაში ასოციაციურად შემოიჭრება ასეთივე დაუნდობელი დასჯის სცენა: `ერთი წუთიო!.. ასე ევედრებოდა ფრანგ ქალთა შორის ერთ დროს ულამაზესი ჯალათთა შორის უპირველესს – ჟანა დიუბარი, მეფის საყვარელი, სანსონს ევედრებოდა!.. ბრბო კი გაჰყვიროდა: – სიკვდილი მეფის კახპას! სიკვდილი მეფის კახპას!~ რა თქმა, სახარებისეული „ჯვარს აცუ ეგეს“ ალუზიით.

სხვა სიმბოლოთა შორის რომანში ყურადღებას იქცევს სამი გზის სიმბოლიკა, ამ გზების გასაყარზე ხვდებიან ერთმანეთს ცოცხლები და გარდაცვლილები. ერთი სიცოცხლის გზაა, მეორე – სიკვდილისა, მესამე კი – უსულო, ცოდვილი სიცოცხლისა, როდესაც ადამიანი სინდისის ხმას თრგუნავს და ყოველივეს მორჩილად ეგუება. ადამიანის სინდისზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევს, ან არ აირჩევს და გამუდმებით იდგება ამ გზათა გასაყარზე, რომელიმეს არჩევის გაუსაძლის მოლოდინში, ელიოტისეული „ფუტურო ადამიანის“ პერსპექტივით.

ორი ძმის (გამჭვირვალე მინიშნებით – ძმები ივერიელების) ლანდს შიო მკვდართა საუფლოში მიჰყავს სიმართლის გასაგებად. რომანში სიზმარ-ცხადი ერთმანეთში ირევა: `ასეთ ბიჭებს როგორ გასწირავდნენ, მართლა კაციჭამიები ხომ არ არიანო!~ მწერალს სურს, მკითხველმა თვალნათლივ წარმოიდგინოს დაუნდობლად კეფაგახვრეტილი ბიჭის გაოცებული, სიკვდილთან შეურიგებელი თვალები, ამიტომაც შემაძრწუნებელი ნატურალიზმით აღწერს იმ ეპიზოდს, როდესაც ბიჭი ითხოვს, ჭრილობაში ჩაუყონ ხელი. ეს ეპიზოდი მკითხველის წარმოსახვაში სახარების იმ ეპიზოდსაც აცოცხლებს, ქრისტე დაეჭვებულ თომას ჭრილობაში ხელის ჩაყოფას რომ სთხოვს. თომა, ამ შემთხვევაში, საზოგადოებაა, რომელსაც უეჭველ ზნეობრივ ღირებულებებში შეაქვს ეჭვი და ამგვარად ზნედაცემულობას უწყობს ხელს.

მწერალი მოიხმობს „ჰამლეტში~ დატრიალებულ ტრაგედიასაც – გიას შურისძიებისკენ მოწოდება ჰამლეტის მოკლული მამის ბრძანებასავით გაისმის. ელსინორის ტერასაზე მომხდარი შეხვედრის მისტერია სარკული სიმეტრიით დღევანდელობაში გადმოაქვს მწერალს. სტეფანესა და სოფრომის შეხვედრაც ჰამლეტისეული მამა-ძის შეხვედრის პარადიგმის ვარიაციაა: „ამ დროს იყივლა მამალმა და სოფრომმა, მამლის ყივილისთანავე, სასწრაფოდ შეაჩეჩა ხელში ქაღალდების დასტა, – აქ წერია ყველაფერი, აქედან ყველაფერს გაიგებო! `გამიგონია, რომ როდესაც კი განთიადზე მამალი ჰყივის…” (ჰამლეტი) იყივლა მამალმა და ყივილთან ერთად გაქრა ღამე, გაქრა ღამე და გაქრა სოფრომიც!~ ეს ყივილი სახარებისეულ ეპიზოდსაც წამოატივტივებს: პეტრეს მიერé ქრისტეს სამგზის უარყოფას. ამგვარად, მწერალმა საინტერესო ხერხს მიაგნო ტრაგიკული მოვლენების გასაცოცხლებლად.

რომანის მთავარი გმირი შიო ხელოვანია, რეჟისორი, მას შეუძლია სცენაზე გააცოცხლოს გარდასული, ამიტომაც სწორედ მას დაუკავშირდნენ გარდაცვლილნი და `შურისგება~ მოსთხოვეს. ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე საბჭოური, ტოტალიტარული რეჟიმია, რომელიც ხელოვანმა ჯერ უნდა გამოააშკარაოს როგორც მკვლელი და შემდეგ დასაჯოს, ბოლო მოუღოს თავისი დაუმორჩილებლობითა და პროტესტით.

აქვს კი ხელოვნებას ასეთი ძალა? თუ ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ცხოვრების გაძლებაში შველის ადამიანს, რომელიც გამუდმებით აწყდება დილემას, კამიუმ ამგვარად რომ ჩამოაყალიბა: ღირს კი სიცოცხლე იმად, რომ კაცმა ბოლომდე განვლოს? შიო სახეა კაცისა, გამუდმებით რომ ჩაესმის სინდისის ხმა და იტანჯება. თუმცაღა მის გვერდით დროდადრო ჩნდება მეგობარი, რომელიც ცდილობს, ისიც იმავე გზას გაუყენოს, რომელსაც საზოგადოება ადგას, რაც იმას ნიშნავს, რომ იცხოვროს ცოდვილივით ცოდვილთა ქვეყანაში, იმ სამარცხვინო გამამართლებელი საბუთით, რომ ცოდვას ვერ გაექცევი.

შიოს ცხოვრებაში ორი დრო მოჩანს, ერთმანეთისგან ისეთივე განსხვავებული, როგორიც ზღვა, ჯერ – კამკამა, მერე – ამღვრეული (სიკამკამე და ამღვრეულობა სოხუმის დაკარგვის ტრაგიკულ მოვლენებს წამოატივტივებს). როცა ზღვა კამკამებდა, მაშინ მასთან იყო ქალი, სახელად ანა, მისი სულის ტოლი, რომელიც ზუსტად გრძნობდა მის გულისცემას. სწორედ მან დაარქვა სტეფანე, რადგან სჯეროდა მისი. სტეფანესავით იქოლებოდნენ საბჭოთა რეჟიმის დროსაც უდანაშაულო ადამიანები, თავისუფლებას არაფერზე რომ არ ცვლიდნენ. მკითხველის წარმოსახვაში გაიელვებს დახვრეტილ და წამებულ ხელოვანთა სახეები.

ჰემინგუეის მოთხრობაში `იქ, სადაც სინათლეა~ პერსონაჟი წარმოთქვამს ლოცვას, რომელშიც „მამაო ჩვენოს“ ადგილას ამბობს სიტყვა „არარაობას“. ამგვარად, არარაობა წარმოჩნდება როგორც ყოველივეს საწყისი და ბოლო „ამიერიდან უკუნისამდე“. არარაობის შეგრძნებით გამოწვეული ტკივილი ტანჯავს შიოსაც, რომელმაც ვერ შეძლო, გამკლავებოდა შიშს, საზოგადოებას და ანასთან ბედნიერად ეცხოვრა. საკუთარი სილაჩრისა და უსუსურობის გამო გამუდმებული ტანჯვისგან, სიცარიელის ტკივილისგან გათავისუფლების წყურვილმა მას რეალობისთვის ფორმა აცვლევინა, ან სრულიად გააქრო: `მე ხომ მხოლოდ ოცნება შემიძლია, ოცნება იმაზე, რაც იყო და რაც თურმე არ ყოფილა!.. ჩემო კარგო, ყველაზე ძნელი ასატანი სიცარიელის ტკივილია! შენ უნდა იცოდე, რა ტკივილია ეს, შენც ხომ გტკიოდა სიცარიელე!~

ამ რომანშიც, როგორც ზურაბ კანდელაკის სხვა ნაწარმოებებში, სიყვარული გადარჩენის ერთადერთი გზაა, სწორედ ის არის ძალა, რომელიც სულს მშვენიერების აღქმის უნარს უნარჩუნებს: `მიაპობს გემი ზღვის ტალღებს – ღვინისფერი ზღვის ტალღებს, ნეტა სად მიდის? სად მივდივართ?! ოცნების გემი! თავისუფლების გემი!“ ჰამლეტისა და ოფელიას პარადიგმული სახეები რომანში ვარიაციულად წარმოჩნდებიან ახალ ვითარებასა და განსხვავებულ დრო-სივრცეში. ეს დრო კი, როგორც აღვნიშნეთ, უპირველესად მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თბილისია, ისეთივე უფერული, დანგრეული და უიმედო, როგორიც მის ქუჩებში მოსიარულე ადამიანი. ამ სივრცეში მარი თითქოს შემთხვევით არის მოხვედრილი. ამიტომაც ჰგავს იგი `ქარის მოტანილს~. ის უფრო სულია, ვიდრე ხორცშესხმული ადამიანი, მთავარი გმირის ის ნაწილი, რომელსაც ოცნება, მშვენიერება არ ეთმობა.

რომანის ზოგიერთი ეპიზოდი აბსურდის ესთეტიკითაა შექმნილი და ამ ესთეტიკისთვის ტიპობრივად ულოგიკოა ადამიანთა ქცევა. ხან კი თითქოს კაფკას სამყაროში ხვდები. ამგვარია განცდა, როდესაც სოფრომი აღწერს თავის დაპატიმრებას და სატუსაღოში გატარებულ დღეებს. რომანში ზედმიწევნითაა აღწერილი, როგორ აწამებდნენ ციხეებში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელსაც ეშმაკი განაგებდა. აქ ადამიანებს სახეს უცვლიდნენ და ასე აბრუნებდნენ ცხოვრებაში, რათა იქ ცოდვილთა შორის ცოდვილივით ეცხოვრათ და არასოდეს მონატრებოდათ ლურჯი, კამკამა ზღვა, ღვინისფერსაც რომ გადაიკრავს, თეთრი გემი და შორეულზე ოცნება: `და იწყებოდა, მაგრამ რა იწყებოდა, ჯორჯ ორუელი მონაგონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მასზე. რას არ ვუყურებდით ეკრანზე – ბოთლზე დასმას და დამშეულ ვირთხას, ვედროში გამომწყვდეულს, რომლისთვისაც თავის დახსნის ერთადერთი გზა ადამიანის ნაწლავებში შეძრომაა. ფრჩხილებში ნემსების გაყრა და გაზით ფრჩხილების დაძრობაც კი ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი გეგონებოდათ“. ერთ-ერთი ჯალათი კი, წამებულის შიშით ფართოდ გახელილ თვალებს რომ დაინახავდა, პათეტიკურად წარმოთქვამდა: `მას გახელილი დარჩა თვალები~. გალაკტიონის ამ კონტექსტში ხსენებაც ამხელს, როგორ ბღალავს დემონური ყოველივე მშვენიერს.

თავისი პრობლემატიკით „უძრავი ქარი“ ეხმიანება ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ცნობილ ნიმუშებს: გრიგოლ რობაქიძის `ჩაკლულ სულს~, ჯორჯ ორუელის „1984“-ს, ალექსანდრ სოლჟენიცინის „არქიპელაგ გულაგს“ და სხვ.

რომანში არის, როგორც ილია იტყოდა, წყევლაკრულვიანი საკითხავები, რომლებსაც პასუხი არ მოეძებნება, რადგან ადამიანი, მიდრეკილი ბოროტისკენ, კვლავაც ბრმაა და კვლავაც იმგვარივე ვნებითა და სისასტიკით აცვამს ჯვარს უფალს, როგორითაც მაშინ, პირველ საუკუნეში. „ვინ უფრო დიდი ნაძირალაა, ის, ვინც საბარგო ავტოს აღმუვლებდა თუ ის, ვინც ლექსებით ქება-დიდებას ასხამდა ამ წყეულ ავტოს? ასეა, ჩემო კარგო, როგორც შექსპირი იტყოდა, საკითხავი, აი, ეს არის!“

რომანის რამდენიმე ეპიზოდში აღწერილია, როგორი ენთუზიაზმით აგებენ პერსონაჟები გილიოტინას, რაოდენ მძაფრია მათი ვნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაჯონ, თავი მოკვეთონ, გაანადგურონ. გილიოტინაც ერთი გამოკვეთილი სიმბოლოა ტოტალიტარული რეჟიმისა. ხელოვანს კი ისღა დარჩენია, ეს ყველაფერი როგორმე მხატვრულ სახეებში მოაქციოს, დახატოს ან სცენაზე დადგას და მაყურებელს თვალი აუხილოს.

რომანში, როგორც აღვნიშნეთ, კომეტასავით ჩაიქროლებენ ჯოისისა თუ შექსპირის ფრაზები და მათი ნათება მკითხველს ქვეტექსტებში ჩაახედებს: „სცენიდან ჭეშმარიტებას მხოლოდ დანიელი უფლისწული ღაღადებდა! `დაჭრილ ირემს ცრემლები სდის…~ მწერალი, როგორც თვითონვე აღნიშნავს, პარალელური მონტაჟის ტექნიკითა და ცნობილი ლიტერატურული ხერხების გამოყენებით წარმოაჩენს შიშის ტყვეობაში მოქცეული ადამიანების გულში შეჭრილი სიცარიელის ტკივილს.

„მე ჰამლეტი უნდა მეთამაშა… დანია საპყრობილეა!.. არა, არა, დანია არა! ჩემი ქვეყანაა საპყრობილე!.. არ მეგონა, სიკვდილს თუ მომისჯიდნენ!.. მამა, მიშველე! სადა ხარ, მამა! მამა!!!“- მკითხველის წარმოსახვაში კი ცოცხლდება ჯვარზე გაკრული ქრისტეს ღაღადისი: „ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე!“ როგორც აღვნიშნეთ, ამ რომანში წელი და რიცხვი პირობითი ცნებებია, რადგან ადამიანი ნებისმიერ დროში ადამიანია, თავისი ანგელოზური და სატანური ბუნებით, ხან ერთი მჟღავნდება მეტად, ხან – მეორე. და თუმცაღა ამ რომანში ანგელოზურის გამოვლენა იშვიათია, პირუტყვულისა და მხეცურისა კი – მრავლად, მკითხველს მაინც რჩება განცდა სიყვარულისა და სიწმინდის გადარჩენისა. `მთელი ჩემი ცხოვრება თავს დამნაშავედ ვგრძნობ, დანაშაულია, რომ ვცოცხლობდი, რომ ვსუნთქავდი, რომ დავიბადე… ღმერთო ჩემო, არადა, არაფერი დამიშავებია!..~ – სწორედ სინდისის ეს მტანჯველი ხმა, დანაშაულის შეგრძნებაა ის იმპულსი, რომელიც მწერალს რომან „უძრავ ქარს“ აწერინებს. რადგან: „მე რა შუაში ვარ“ – არასოდეს არის გამართლებული. ერთი მართალი კაცის მადლმა კი შეიძლება კაცობრიობის ცოდვები გადაწონოს და სამყარო აღსასრულისგან იხსნას.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალიზაციის თავისებურებები

0

მშობლებს ხშირად აღელვებთ სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალიზაციის პროცესში დაფიქსირებული პრობლემები და არცთუ უსაფუძვლოდ. განვითარების სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ადამიანებთან ურთიერთობის საბაზისო უნარებს. გარდა ამისა, იმაზე, თუ როგორ წარიმართება სოციალიზაციის პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვში, ბევრად არის დამოკიდებული მისი შემდგომი განვითარება. ის, თუ რამდენად მომზადებული შეხვდება პატარა ცხოვრებაში მომხდარ სერიოზულ ცვლილებას, სასკოლო ცხოვრების დაწყებას და როგორ წარიმართება სკოლასთან მისი ადაპტაცია, ბევრად იქნება დამოკიდებული სკოლამდელ პერიოდში მისი სოციალიზაციის თავისებურებებზე.

ბავშვი საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყებს საზოგადოებაში დამკვიდრებული ზოგიერთი წესის ათვისებას. თანდათან ის სწავლობს კომუნიკაციას, ურთიერთობას. სოციალიზაციის სენსიტიური პერიოდი იწყება დაახლოებით 2 წლიდან და გრძელდება 6 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ბავშვი განსაკუთრებით ადვილად, მარტივად ითვისებს, სწავლობს უფროსებთან და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის წესებს. დაბადებიდან პირველ თვეებში პატარას სრულიად ყოფნის მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი. მას სიამოვნებს მათი მოფერება, ალერსი, ყურადღება და მზრუნველობა. ამ პერიოდში განსაკუთრებული საჭიროება ადამიანებთან ურთიერთობისა, გარდა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი უფროსებისა, არ არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად მას უჩნდება კომუნიკაციის დამატებითი წყაროების საჭიროება. ის მიისწრაფვის თანატოლებთან, და-ძმებთან ურთიერთობისკენ, აქტიურად შეიმეცნებს გარემომცველ სამყაროს. ამ ურთიერთქმედების ფარგლებში ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში ქცევის წესებს, სწავლობს როგორ დაამყაროს ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. მოგვიანებით, 6 წლის შემდეგ პატარას უფრო გაუჭირდება კომუნიკაციის წესების ათვისება, სწავლა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან სოციალური ინტერესი ქრება. პირიქით, ჩვეულებრივ სწორედ 6 წლის ასაკიდან ბავშვში ძლიერდება ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ამიტომ, ამ დროისთვის მას უკვე ათვისებული უნდა ჰქონდეს ურთიერთობის ძირითადი წესები.

პიროვნების კომპლექსური განვითარება შეუძლებელია სოციალიზაციის გარეშე, რადგანაც სწორედ ამ პროცესში ხორციელდება ბავშვის მიერ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების, ქცევის ნიმუშების, ფასეულობებისა და სოციალური ნორმების ათვისება, რაც საშუალებას აძლევს მას, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ამიტომ გადარჩენისთვის მას აუცილებლად სჭირდება სოციალიზაცია – სოციალური ურთიერთობების სისტემაში ჩართვა. ბავშვის სოციალიზაცია სწორედ ურთიერთობების პროცესში ხორციელდება. ის აქტიურად ითვისებს, შეიმეცნებს გარემომცველ სამყაროს და განსაზღვრავს საკუთარ ადგილს ამ სამყაროში. სკოლამდელი ასაკის ბავშვის წარმატებული სოციალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ხარისხიანად ითვისებს ის თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის უმარტივეს ნორმებსა და წესებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვის პირველადი სოციალიზაცია ოჯახში ხორციელდება. ოჯახი ის ადგილია, სადაც პატარას უყალიბდება პირველი წარმოდგენები სოციალურ ნორმებზე, ქცევის წესებსა და ღირებულებებზე. გარკვეულ ასაკამდე ის არის ამ უნარების გამომუშავებისა და ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო. მოგვიანებით ეს პროცესი უკვე საზოგადოებაში მიმდინარეობს.

ყოველ ასაკობრივ საფეხურზე სოციალიზაციის პროცესი სპეციფიკური თავისებურებებით გამოირჩევა. ამიტომ, სხვადასხვა ასაკის ბავშვისგან ჩვენ ერთნაირ ქცევას არ უნდა ველოდოთ.

სოციალიზაციის პროცესში მყოფი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძირითადი მახასიათებლები:

  • ჯერ კიდევ არ არის მზად კონკურენციისათვის, მეტოქეობისათვის და ხშირად უპირატესობას ანიჭებს მარტო ან მხოლოდ ერთ ბავშვთან თამაშსა და ურთიერთობას;
  • ემოციურად მზად არ არის შეჯიბრებისთვის;
  • შეუძლია სათამაშოს გაზიარება, მაგრამ ყოველთვის არ სურს ამის გაკეთება. ეს ქმედება მისგან ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს;
  • ფიზიკურად გამოხატავს ბრაზს და გაზიარების სურვილის არქონას;
  • ხშირად მარტო თამაშობს და არ რთავს ამ პროცესში სხვებს. ხანდახან სურს მარტო ყოფნა;
  • თამაშობს დამოუკიდებლად, მუდმივი ზედამხედველობის გარეშე;
  • იწყებს ისეთი ცნებების გააზრებას, როგორიცაა „კარგი“ და „ცუდი“;
  • კვლავ ურევს ერთმანეთში ფანტაზიასა და რეალობას;
  • ხანდახან უყვარს მბრძანებლობა, საკუთარი გადაწყვეტილების მიღება;
  • ესმის და პატივს სცემს წესებს, ხშირად ითხოვს ნებართვას;
  • პატარას მეტყველებაში ჯერ კიდევ ისმის ფრაზა „მე თვითონ“, რომლის დახმარებითაც ის „იცავს“ თავის დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღებასა და ქმედებებში;

რას სწავლობს ბავშვი სოციალიზაციის პროცესში, რა სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის მისთვის:

  • უმუშავდება ემპათიის უნარი – დაახლოებით 2 წლის ასაკში ბავშვი იძენს სხვისი გრძნობების გაგების უნარს. ჩვენ, უფროსებს შეგვიძლია დავეხმაროთ მას, როგორც საკუთარი, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების გრძნობების სიტყვიერად გამოხატვაში. მაგ. ბავშვი დაეცა და ვხედავთ, რომ მისთვის ეს მტკივნეულია. დავაფიქსიროთ მისი გრძნობა სიტყვებით: „შენ გტკივა, შენთვის მტკივნეულია“. თუ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი ნაწყენია და ტირის, ასევე სიტყვიერად გამოვხატოთ, აღნნიშნოთ ეს. ანალოგიურად წარმოვთქვათ, ჩვენი საკუთარი და ბავშვისთვის ახლობელი სხვა ადამიანების გრძნობების აღმნიშვნელი ფრაზები: „მამა მოწყენილია, ის ძალიან მოწყენილია“; „დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ, ძალიან ხალისიანად ვარ“. ვკითხოთ ბავშვს, როგორ გრძნობს თავს: „დღეს შენ მხიარულ ხასიათზე ხარ?“ „მოწყენილი, სევდიანი ხარ?“ „დაღლილი ხარ?“ ჩვენ ამგვარად ვასწავლით პატარას საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე ყურადღების გამახვილებას და მათ სიტყვიერად გამოხატვას. ეს დაეხმარება მას მომავალში ახსნას საკუთარი გრძნობები და ასევე შეამჩნიოს სხვისი გრძნობები;
  • ბავშვს ეძლევა დამოუკიდებლად ურთიერთობის, კომუნიკაციის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა – მნიშვნელოვანი წესი უფროსებისთვის, რომლის დაცვაც ხშირად საკმაოდ რთულია – შეძლებისდაგვარად არ ჩავერიოთ ბავშვებს შორის ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ადეკვატურად ვიმოქმედოთ, როცა ვხედავთ ბავშვისთვის საშიშ, სახიფათო სიტუაციას, მაგ. ჩხუბს, ან ბავშვს ჩაგრავენ, ის კი ვერ ახერხებს მოცემულ მომენტში თავის დაცვას. თუმცა, უმჯობესია ვიყოთ ფრთხილი და ძირითადად დავრჩეთ დამკვირვებლის პოზიციაში. ასეთი მოქმედებით ჩვენ პატარას ვეუბნებით: „შენ თავს გაართმევ, გაუმკლავდები, შენ შეძლებ ამ პრობლემის დაძლევას“. მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ ბავშვმა პრობლემა არც თუ ისე სწორად გადაჭრა, თავი შევიკავოთ შეფასებისგან. ეს მისი პირადი გამოცდილებაა, რომელზეც მას არ უნდა ვუთხრათ უარი. მისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობის სხვადასხვა გამოცდილების (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) მიღება;
  • ბავშვი იღებს ინფორმაციას ნებადართულობის საზღვრების შესახებ კომუნიკაციის, ურთიერთობის დროს – ჩვენ ვეხმარებით პატარას ამ საზღვრების დადგენაში. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ვერევით სიტუაციაში ბავშვების ურთიერთობის დროს. თითოეულ ჯგუფში ან ოჯახში ნებადართულობის საზღვრები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჩვენთან არსებობს მოცემული წესი: „ჩვენს ოჯახში ზედმეტსახელებით არ მივმართავთ ერთმანეთს“; „ჩვენს ჯგუფში სათამაშოების წართმევა არ შეიძლება“. წესები ყოველთვის უნდა იყოს დაცული და მათი დარღვევა მყისიერად უნდა აღიკვეთოს;
  • სწავლობს კონფლიქტების მოგვარებას – ჩვეულებრივ კონფლიქტი აღიქმება, როგორც რაღაც ცუდი და დაუშვებელი, მიუღებელი, თუმცა ის ბავშვს შესანიშნავ გამოცდილებას სძენს. პატარა თანდათან სწავლობს კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად მოგვარებას და სხვა ადამიანების გრძნობების დანახვას. ამისათვის საჭირო იქნება, რომ ჩვენ, უფროსები ზედმეტად არ ჩავერიოთ ბავშვებს შორის კონფლიქტში, თუ ამის აუცილებლობა არ ჩანს. გავითვალისწინოთ, რომ ხშირად პატარას თავადაც შეუძლია კონფლიქტის გადაწყვეტა, ამიტომ ღირს მას ცოტა დრო მივცეთ. შეიძლება ეს მისთვის აღმოჩნდეს კარგი შესაძლებლობა კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარების პოზიტიური გამოცდილების მისაღებად, რასაც ჩვენ მას მოვაკლებდით ჩვენი ჩარევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლამდელ პერიოდში სოციალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ბავშვის განვითარების შემდგომ ეტაპებზე ჩვენ ბევრი პრობლემის თავიდან აცილებას შევძლებთ.

 

 

 

რა უნდა იცოდეს ბავშვმა

0

როცა ბავშვი პატარაა, ჩვენ იმაზე ვღელავთ, რომ ის მაძღარი იყოს, არ ავადობდეს, მშვიდად ეძინოს, მაგრამ რაც ასაკი ემატება, საზრუნავიც მატულობს, მის გარშემო საფრთხეც იზრდება. ვერც მშობლები და ვერც მასწავლებლები ვერ შეძლებენ ბავშვის ყველა ნაბიჯის გაკონტროლებას. ამიტომ ბევრი რამ ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს. აი, იმ ძირითადი ჩამონათვალი ჯანმრთელობის, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების შესახებ, რომლებიც აუცილებელია შევასწავლოთ ბავშვს:

  1. ზეპირად ასწავლეთ სახლის მისამართი, თავისი და დედის გვარი (თუ სხვა გვარი აქვს), მშობლების ტელეფონის ნომერი.
  2. ასწავლეთ საგზაო მოძრაობის ძირითადი წესები: როგორ და სად გადაკვეთოს გზა, რომელ მხარეს აუაროს გვერდი ავტობუსს, როგორ იაროს უსაფრთხოდ ველოსიპედით ან სკუტერით.
  3. თუ ბავშვი ერთხელ მაინც დაიკარგა ოჯახური საყიდლების ან ზოოპარკში სეირნობის დროს, ასწავლეთ, რომ ყოველთვის ერთ ადგილზე დარჩეს და არ ირბინოს მშობლების საძებნელად.
  4. ასწავლეთ, როგორ მოიქცეს საგანგებო სიტუაციებში (ოღონდ ნუ შეაშინებთ!). უთხარით, რომ, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ახლოს უნდა იყოს უფროსებთან, ხანძრის შემთხვევაში სახეზე აიფაროს ნესტიანი ცხვირსახოცი და არ იმოძრაოს ხალხის ნაკადის საწინააღმდეგოდ.
  5. ასწავლეთ, როგორ დარეკოს გადაუდებელი დახმარების სამსახურში მობილურიდან და სტაციონარული ტელეფონიდან. ასწავლეთ, რა უნდა მოიმოქმედოს, თუ ვინმე ქუჩაში გააჩერებს ან მის ბინაში ეცდება შეჭრას.
  6. ასწავლეთ გაჯეტებისა და ინტერნეტის გამოყენება – ინფორმაციის მოძიება. თავდაპირველად, სპეციალური აპლიკაცია დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ, რას აკეთებს ბავშვი სმარტფონზე. განიხილეთ თქვენს შვილთან ერთად, რატომ დააინსტალირეთ ეს აპი და რა სარგებელს ის მოუტანს მას.
  7. მოუყევით მისი პირადი საზღვრების შესახებ. ხუთი წლის ასაკშიც კი მან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება გაჰყვეს უცნობ უფროსს, არ შეიძლება უცნობი ადამიანი ეხებოდეს, კოცნიდეს.
  8. აუხსენით, რომ არაფერი არ უნდა წაართვას უცხოს ხელიდან, თუნდაც ეს ნივთი სრულიად უვნებელი მოეჩვენოს.
  9. ასწავლეთ ჰიგიენის წესები. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება გამოიყენონ სხვისი კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი.
  10. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომელ საკვებზე აქვს ალერგია და არ მოერიდოს ამაზე უცნობ უფროსებთან საუბარი.
  11. თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება – ეპილეფსია, დიაბეტი, ასთმა – მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს დაავადების სახელი და დაიმახსოვროს რა წამალია საჭირო მისთვის. საგანგებო სიტუაციებში თავის დაზღვევის მიზნით შეგიძლიათ, შეიძინოთ სამაჯური დაავადების ან ალერგიის სახელწოდებით.
  12. ასწავლეთ, არ აჰყვეს პანიკას საშიშ სიტუაციაში.
  13. აუხსენით, რატომ არ უნდა წავიდეს გაფრთხილების გარეშე სახლიდან შორს, რატომ არ უნდა გადაუხვიოს თავის ჩვეულ მარშრუტს სკოლიდან სახლამდე. დააყენეთ აპლიკაცია, რომელიც გაჩვენებთ, სად არის თქვენი მცირეწლოვანი შვილი.
  14. ზოგიერთ საიტზე, ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად, ბავშვს შეიძლება დასჭირდეს ელფოსტა ან სოციალური ქსელის ანგარიში. დაეხმარეთ მას დარეგისტრირებაში, შემდეგ კი შექმენით რთული პაროლი ან შექმენით ის სპეციალურ აპლიკაციაში.
  15. ასწავლეთ თქვენს შვილს, გამოიყენოს ერთი ბრაუზერი და ერთი საძიებო საიტი, რომელიც თქვენც გეცოდინებათ.
  16. ერთად განიხილეთ ონლაინშოპინგის საკითხები: აუხსენით, რაში შეგიძლიათ ფულის დახარჯვა და რამდენი. შეზღუდეთ აპს-შიდა შესყიდვები, თუ თქვენი შვილი იყენებს თქვენს გაჯეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დღეს თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ხელფასის მესამედი იხარჯება ვირტუალურ ლაზერულ ხმლებზე. თუ ოჯახში ყველას აქვს ტელეფონი ერთი და იგივე ოპერაციული სისტემით (მაგალითად, Android), შექმენით საოჯახო ანგარიში: მაშინ, სანამ ონლაინშესყიდვებს განახორციელებთ ბავშვის სმარტფონიდან, სისტემა მოგთხოვთ დადასტურებას.
  17. აუხსენით, რომ არ არის საჭირო უცნობებთან დამეგობრება სოციალურ ქსელებში მაშინაც კი, თუ ავატარს ნაცნობი ფოტო აქვს.
  18. აუხსენით ბავშვს, როგორ მოიქცეს მწერის ან ცხოველის დაკბენისას.
  19. აუხსენით, რატომაა საჭირო მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ზაფხულში და აჩვენეთ, როგორ გამოიყენოთ ის სწორად.
  20. ტაქსიში ასწავლე უკანა სავარძელზე ჯდომა და ზოგჯერ კი – ტაქსის ნომრის დამახსოვრება.
  21. დაუტოვეთ ცხელი ხაზის ნომრები თვალსაჩინო ადგილას. მოზარდი შვილი შეიძლება არ მოვიდეს მშობელთან თავისი პრობლემებით, ამიტომ ასეთი ტელეფონები დაგეხმარებათ ბევრი რთული სიტუაციის გადაჭრისას.
  22. ესაუბრეთ უსაფრთხოებაზე და ეტიკეტზე სოციალურ ქსელებში: ასწავლეთ, რომ არ გაუზიაროს პირადი ინფორმაცია უცნობებს, არ განათავსოს აშკარა ფოტოები თუნდაც დახურულ ანგარიშზე, შეგატყობინოთ, თუ მისი მეგობარი მოულოდნელად სთხოვს ფულის გადარიცხვას.
  23. აუხსენით, რა არის ონლაინბულინგი. უთხარით, როგორ გაუმკლავდეს ასეთ შემთხვევებს. ნუ ეცდებით სრულად აკონტროლოთ მოზარდი, აჩვენეთ, რომ ენდობით და ყოველთვის მზად ხართ, დაეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში.
  24. ასწავლეთ ყალბი ამბების გარჩევა რეალური ამბებისგან. ინტერნეტში ბევრი „ტროლი“, ბოტი და საიტია, რომლებიც ცრუ ინფორმაციას აქვეყნებს. უთხარით, რომ ყველა ფაქტი სანდო წყაროებში უნდა გადამოწმდეს და რომ ამაში დაეხმარებით.
  25. თუ მოზარდს უკვე აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, ასწავლეთ, როგორ გამოიყენოს უსაფრთხოდ.
  26. 26. დაეხმარეთ განასხვაოს ნამდვილი ქველმოქმედება თაღლითურისგან და აუხსენით, რატომ არ უნდა გადაურიცხოს ფული უცხო ადამიანებს, მაშინაც კი, როცა თანხა „სასარგებლო საქმისთვის“ გროვდება.
  27. 27. ერთად იარეთ პირველადი დახმარების კურსებზე. აჩვენეთ, როგორ უნდა გაიჩეროს სისხლდენა, რა უნდა გააკეთოს დამწვრობის ან მოტეხილობის დროს. ესაუბრეთ ბავშვებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ადრე თუ გვიან, მოზარდების უმეტესობა მაინც ერთვება ამ ექსპერიმენტში. არ არის საჭირო მორალის კითხვა, უბრალოდ ისაუბრეთ შედეგებზე და შესაძლო საფრთხეებზე, მაგალითად, ზედოზირებაზე.
  28. 28. განუმარტეთ ინტიმური ჰიგიენის წესები. როდესაც მენსტრუაცია იწყება, უთხარით გოგონებს, როგორ გამოიყენონ ტამპონები ან სხვა რამ, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია.
  29. 29. მოუყევით ბიჭებს კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდზე და რომ შეწყვეტილი სქესობრივი აქტი ყველაზე არასანდოა. ესაუბრეთ შვილს დაუცველი სქესობრივი კავშირის საშიშროებაზე, უპირველეს ყოვლისა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.
  30. 30. ასწავლეთ მოზარდს უარის თქმა. აუხსენით, რომ სექსისა და ინტიმური ურთიერთობის იძულების მცდელობა არის ძალადობა.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

კრეატიულობა – კავშირი განსხვავებულებს შორის

0

ტექნიკა – შემთხვევითი სიტყვები

კრეატიულობა არის ორ განსხვავებულ საგანს/ცნებას/მოვლენას  შორის კავშირის პოვნის უნარი. რაც უფრო განსხვავებულები არიან ისინი ერთმანეთისგან,  მით უფრო შემოქმედებითი ხდება აზროვნება და, შესაბამისად, მეტყველება.

შეარჩიეთ ორი შემთხვევითი სიტყვა/ცნება.  შეუთავსეთ ისინი ერთმანეთს, ეცადეთ იპოვოთ მათ შორის რაიმე საერთო. მოიფიქრეთ არარეალური ისტორია, რომელიც იქნება ამ სიტყვებთან კავშირში…

როცა ხვდებით ადამიანს, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ „ზუსტად თქვენნაირია“, „უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის“, „ერთნაირი ღირებულებები გაქვთ“ და ასე შემდეგ… ასეთ ადამიანთან ურთიერთობა მხოლოდ გარკვეული დროით არის კომფორტული, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ თქვენ სულაც არ გჭირდებათ მეორე „თქვენნაირი“, სულაც არ გჭირდებათ მკვდარი სიმშვიდე და ის, რომ წინასწარ ყველაფერი ზუსტად იცოდეთ, მეორე ადამიანი რაზე ბრაზობს, რა უხარია ან რა სიამოვნებს…

როგორც აკაკი წერეთლის ერთ ლექსშია: „ზღვაო, აღელდი, აღელდი…“, ზუსტად ისეა ცხოვრებაშიც. მშვიდმა წყალმა არ იცის ფსკერი, არ იცის, რა სიმდიდრეს ინახავს მისი სიღრმე, მხოლოდ მაშინ, როცა აღელდება, ხდება სასწაული: მარგალიტები ამოიყრება ზღვის გულიდან, პოეტის გულიდან და ნებისმიერი ადამიანის გულიდანაც.

მარგალიტების სალარო

შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი

ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,

გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი

შენ შემკვრელს არემარესა.

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ განრისხებული წყალი გულიდან მარგალიტებს შობდა. ადამიანებსაც ხშირად არყევთ ცხოვრებისეული მოვლენები და აგერ, თუ პოეტს დავუჯერებთ, ეს საშიში სულაც არ არის. ბუნების კატაკლიზმებიც არ ყოფილა დამღუპველი, ისინი განაახლებენ სამყაროს. მართალია, ჩვენთვის სტიქიები საშიში და დამაზიანებელია, მაგრამ აბა, სამყაროს ჰკითხეთ: ყველაფერი განახლებისთვისაა!

ამასობაში, აკაკის ამ ლექსით, ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი სრულიად განსხვავებულებს შორის: ერთი მხრივ, ადამიანი და, მეორე მხრივ, ბუნება…  თურმე ორივესთვის ზომიერი რყევები სასარგებლო ყოფილა.

პოეზია ხშირად მიმართავს მეტაფორას, მეტაფორა – გადატანაა ორ საგანსა და მოვლენას შორის ხდება, რომლებსაც ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებთ.  მეტაფორების გაშიფვრით კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდებით კრეატიულობის არსსაც.

იცით, რა აკავშირებს მყინვარს და გალაკტიონს? აბა, მოუსმინეთ:

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,

ლამაზი ცეცხლთა მარადი ნთებით:

მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,

მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით!

რატომ არის ტიციანისთვის თამუნია წერეთელი: „ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე, ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი“.

რატომ დაუკავშირა ერთმანეთს ნიკოლოზ ბარათაშვილმა წუთისოფელი და აღუვსებელი საწყაული?

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

პოეზიაში უამრავ მსგავს დაკავშირებას ნახავთ, ამიტომაც არის ის პოეზია – განსხვავებულად გამოთქმა, მეტაფორებით მეტყველება, რიტმი და რითმა… მაგრამ ეს მხოლოდ სანიმუშოდ მოვიტანეთ და სავარჯიშოდაც გამოდგება.

ახლა კი კრეატიულობის სხვა სავარჯიშოზე გადავიდეთ. უფრო სწორად, იმ სავარჯიშოზე, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ.

ამ ტექნიკას ჰქვია: შემთხვევითი სიტყვები; ავიღოთ ნებისმიერად ორი სიტყვა (ჩამოვწეროთ უამრავი სიტყვა და ავირჩიოთ იქიდან, ან დავასახელებინოთ ბავშვებს, ან ავარჩიოთ ლექსიკონებიდან შემთხვევითობის პრინციპით).

მაგალითად ჩემმა მსმენელებმა შემთხვევით სიტყვებზე ზოგმა ლექსი დაწერა, ზოგმა – ფენტეზის ჟანრის მინიატურა და სხვადასხვა;

საქანელა და ჭიანჭველა 

ერთი მხრიდან მეორისკენ

მიაქანებ საქმეს ნელა,

ეს მას შემდეგ გაზარმაცდი,

რაც გაჩუქეს საქანელა…

ყველას ადრე პირს ეკერა:

ტვირთი მასზე მძიმე აწევს,

მაინც ნახეთ, როგორ მიდის,

აიიი… არც კი მიბარბაცებს…

ახლა ხალხი დაგცინის და

ამბობს ჩვენი გაუგია,

ჭიანჭველას ეს ცხოვრება

საქა-ნელად აუგია….    /ანი სალდაძე/

მაია გელაშვილს შეხვდა სიტყვათა წყვილი (ცოცხი – პოეზია). კითხვა: დაამყარე კავშირი პოეზიასა და ცოცხს შორის. რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს?

პასუხი: ზოგი პოეზიით დაფრინავს, ზოგიც – ცოცხით.

რა არის ტექსტი?

ტექსტი უბრალოდ სიტყვათა მნიშვნელობების ჯამი კი არა, „კავშირის დამყარებაა“ – სიტყვებს, ცნებებს, ფაქტებს, მოვლენებს, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს, მეცნიერებებს შორის…

ჩვენ ვწერთ იმიტომ რომ, დავამყაროთ  კავშირი. უფრო გლობალური კავშირებიც არსებობს: ჩვენსა და სამყაროს შორის, განსხვავებულ კულტურებს შორის, განსხვავებულ საქმიანობებს შორის; ვინ იცის, იქნებ უცხოპლანეტელებსაც მივწვდეთ და მათთანაც აუცილებლად მოვძებნით საერთოს.

სამყარო ერთიანი და განუყოფელია. ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია, ერთმანეთთან რიზომატული ქსელით დაკავშირებული. ამიტომ არ არსებობს ამ და სხვა სამყაროებშიც ისეთი რამ, როცა კავშირს ვერ აღმოაჩენ. განსხვავებულებს შორის კავშირის აღმოჩენა სრულიად შეცვლის თქვენს სამყაროსეულ ხედვებს, იდეებს, ღირებულებებს და ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება თქვენს ცხოვრებაში!

ასე რომ, სცადეთ და სამყაროს მთლიანი სურათის აღდგენა განსხვავებულ სიტყვებს შორის კავშირის აღმოჩენით დაიწყეთ!

ჰეი

0

უამრავი შეძახილი მოგვისმენია, რომელთა დეკოდირებას ყველა ჩვენებურად ვახდენთ.. “ჰეი“ ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ დღეს ამ შეძახილის უჩვეულო ისტორია მინდა გიამბოთ..

„ჰეი“  ორგანიზაციაა, რომელთაც აქვთ  პროექტები სმენის დარღვევის მქონე მოზარდთა მხარდასაჭერად. ორგანიზაციის პროექტ „გარდამტეხი სხივის“ ფარგლებში,  ხათუნა რაზმაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებთან ყოველკვირეულად ტარდება საინტერესო შეხვედრები, რომელიც ბავშვების წინსვლასა და განვითარებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

მეც ამ კეთილი ნებით ვესტუმრე ორგანიზაციას. ბავშვებს შევთავაზე   დილემა –  „სხვისი ნაგავი“. თანამედროვე განათლების პარადიგმა ეფუძნება მოსწავლეთა  ჩართულობას, აღმოჩენების გზით ცოდნის შექმნას, მოტივაციასა  და ღირებულებით განვითარებას. ამ შედეგის მიღწევის ერთ-ერთი  ეფექტური მეთოდი დილემით სწავლებაა.  დილემით სწავლება ასევე ხელს უწყობს ისეთი ღირებულებითი კატეგორიების განვითარებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება,  განსხვავებული აზრის მიმღებლობა, თანამშრომლობა,  კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება.

დილემა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე – გავუფრთხილდეთ დედამიწას

ეკოლოგიური განათლების მიზნები:

  1. ბავშვებმა უნდა გაიაზრონ ყველა ის ქმედება, რომლითაც ადამიანი ზიანს აყენებს დედამიწას;
  2. ბავშვებმა უნდა იცოდნენ დაბინძურების სახეები;
  3. ბავშვებმაც უნდა იცოდნენ რა შედეგი მოყვება გარემოს დაბინძურებას;
  4. აუცილებელია ბავშვების ჩართვა გარემოს დაცვაში;
  5. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულებები და მოვალეობები გარემოსადმი.

მზიანი დღე იყო.  გავეშურე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისკენ,  სიყვარულის ხე წავიყოლე მეგზურად. მივუახლოვდი ოთახს , შესვლისთანავე ვიგრძენი მზერა, სითბო, სიყვარული, სიკეთე. ულამაზესი თვალებით მიღიმოდნენ, დიახ, თვალებით მიღიმოდნენ და თავიანთ სათქმელს ასე მიზიარებდნენ.   რადგანაც ჟესტური ენა არ ვიცი, ორგანიზაციის წევრები დამეხმარნენ.  დავიწყეთ მსჯელობა, ფიქრი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია დილემის შესახებ. დიდი დღესასწაული მოეწყო ოთხ კედელში. თქვენ უნდა გენახათ პრეზენტაციის მსვლელობისას თუ რა არგუმენტებით მსჯელობდნენ ბავშვები, დილემა „ სხვისი ნაგავი“  მათთვის საინტერესო საკითხი აღმოჩნდა.  აღნიშნეს,  რომ ხშირად აუღიათ სხვისი დაყრილი ნაგავი, რამაც ძალიან გამახარა. ბავშვებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია უფროსებს. აღნიშნეს, რომ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა გაუფრთხილდნენ ბუნებას და იზრუნონ მასზე, რადგად ის ჩვენი სახლია . ადამიანის ეკოლოგიური განათლების დონე განისაზღვრება არა იმით, თუ რას ამბობს ის ბუნებაში ქცევის წესებზე, არამედ იმით, თუ როგორ ასრულებს იგი ამ წესებს.

სურვილიც გამოთქვეს, რომ ყველამ უნდა  დავრგოთ ერთი ხე დედამიწისთვის. სიყვარულის ხეც, რომელსაც შეხვედრამდე ჩემ ემოციებს ვუზიარებდი,  სწორედ ამ მიზნისთვის მიმშვენებდა გვერდს.

ბავშვებმა შექმნეს საინტერესო  ნახატები, რომლითაც მოგვიწოდებენ „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, „იზრუნე ბუნებაზე“. ამასთან,  მათში ბევრი ნიჭი აღმოვაჩინე, რომელზეც შემდეგში მოგახსენებთ.

ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე – ნახატები.rar

მსგავსი ტიპის შეხვედრები ნაყოფიერი და შედეგის მომცემია, რადგან ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა და პედაგოგების ვალდებულებაა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომზადება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

ეს ბავშვები მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია.  სიყვარულის ხე მათთან დავტოვე და მჯერა ის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ახლაც თავის სათქმელს ამბობს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://wikiejemplos.com/ka/dilemas-morales/ – მორალური დილემები.
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=23840 – ინკლუზიური განათლება – მასწავლებლის წიგნი.

 

ინტეგრირებული სწავლების მოდელები

0

  საგანთა შორის მკაფიო კავშირების დამყარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა სიღრმისეული სწავლების ერთ-ერთ გზად მოიაზრება. გამოყოფენ ინტეგრირებული სწავლების რამდენიმე მოდელს:

  1. მულტიდისციპლინურს
  2. ინტერდისციპლინურს
  3. ინტრადისციპლინურს
  4. ტრანსდისციპლინურს

ინტრადისციპლინურ მოდელს, ერთ დისციპლინაში შემავალ საგნებს შორის კავშირების დასამყარებლად იყენებენ (მაგალითად  საბუნებისმეტყველო საგნები. სადაც კავშირები მყარდება ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას შორის). თემატურ კავშირთან ერთად ყურადღება ექცევა საერთო უნარ-ჩვევების ინტეგრირებულ განვითარებასაც.

ინტერდისციპლინურ მოდელში,  აქცენტი დაისმის ინტერდისციპლინური უნარების განვითარებასა და ცოდნის მრავალმხრივ გააზრებაზე.

ტრანსდიციპლინური მოდელი, მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით იგება და პასუხობს მათ მიერ დასმულ კითხვებს. აღნიშნული მოდელით სწავლისას მოსწავლეები ყველაზე ეფექტურად ივითარებენ ცხოვრებისეულ კონტექსტთან მჭიდროდ დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს და სიღრმისეულად გაიაზრებენ მიღებულ ცოდნას, რადგან საგნებს შორის მანძილი მინიმუმამდე მცირდება.

მულტიდისციპლინური მიდგომა საგნების თემატურ გაერთიანებას გულისხმობს. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში, თუმცა თითოეული გაკვეთილი ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ანუ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს შერჩეული თემის ამოწურვამდე. თუ სასწავლო ფოკუსს რომელიმე ცნების გააზრებისკენ მივმართავთ, ამ შემთხვევაშიც ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საგანი მისივე შინაარსის ფარგლებში შეეცდება ცნების მნიშვნელობის გააზრებას.

მულტიდისციპლინური მოდელით შექმნილი სასწავლო კურიკულუმი უმეტესად ფოკუსირებულია თემატურ კავშირებზე. იგი სიღრმისეულ ცოდნას გადასცემს საგნობრივი სწავლების ფორმატში. ტრანსდისციპლინური მოდელისგან განსხვავებით, დისციპლინური ცოდნა და უნარ-ჩვევები პრიორიტეტულია. თუმცა მასწავლებელი სწავლების პროცესში აქაც ფასილიტატორის როლს ირგებს. რაც შეეხება ინტეგრაციის ხარისხს, მიიჩნევა, რომ განსაკუთრებით მჭიდრო ინტეგრაცია ტრანსდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ მოდელებს ახასიათებს, თუმცა საგნობრივ სწავლებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს მულტიდისციპლინური მოდელი ყველაზე კარგად ერგება.

 გთავაზობთ  ნიმუშს, სადაც თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ  დაამატოთ აქტივობები და ამით შემოიყვანოთ ახალი საგანი ან დაამატოთ აქტივობები და ამა თუ იმ საგნის/საკითხის სწავლების დონე/სიღრმე გაზარდოთ.

 დავეხმაროთ ცასწავალას/ან ნებისმიერ პერსონაჟს

საგანები – მათემატიკა, ქართული, ხელოვნება

მათემატიკის საკითხი – რიცხვები 1დან 1000-მდე

ქვესაკითხები:

  1. ათეულები

2 ათეულების შეკრება

  1. ათეულების გამოკლება
  2. უახლოესი ათეულები და ოცეულები

5.რიცხვები 21 დან-30მდე

  1. რიცხვები 30 დან -1000მდე
  2. რიცხვების შედარება
  3. უახლოესი ათეულები, ოცეულები და ხუთეულები

მისაღწევი შედეგები სტანდარტიდან:

მათ.დაწყ.(I).1, 2,3, 13

საგანი –  ქართული ენა და ლიტერატურა

მისაღწევი შედეგები სტანდარტიდან:

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• ადგენს პრაგმატულ ტექსტებს, სათანადოდ აფორმებს მათ მოდელის შინაარსობრივი და სტრუქტურულ-კომპოზიციური მახასიათებლების გათვალისწინებით;

• ადგენს პირადი გამოცდილების ამსახველ ტექსტს მითითებების/ დამხმარე საშუალებების გათვალისწინებით).

21- ე საუკუნის მისაღწევი შედეგი

პრობლემის გადაჭრა; კრიტიკული აზროვნება, მედიაწიგნიერება

 

აქტივობა -1  დავეხმაროთ ცასწავალას

ყველამ კარგად იცით  გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ცასწავალა“ . წარმოიდგინე, სასამართლოს შემდეგ ცასწავალა გაკოჭეს და ბორკილებზე დაადეს ბოქლომი, რომლის გახსნასაც რიცხვების გამოცნობა  სჭირდება.

ცასწავალას გასათავისუფლებლად მიმავალ მამაც ბიჭს გზად ფერია შეხვდა, რომელსაც  დამხარება სთხოვა. ფერიას შეუძლია მხოლოდ მინიშნებები მისცეს, რათა მან ბოქლომის გასაღებად საჭირო რიცხვების გამოცნობა შეძლოსს.

დაეხმარე მამაც ბიჭს.

აქტივობა 2 პირველი მინიშნება „ჯადოსნური კვადრატი“

შეავსეთ კვადრატი, ისე რომ ყველა სვეტის, სტრიქონის და დიაგონალის ჯამი იყოს 18-ის ტოლი. უნდა დაიმახსოვრო შუა უჯრაში ჩაწერილი რიცხვი.

7 3

 

 

 

5

 

 

 

აქტივობა -3 მეორე მინიშნება

დააკვირდი სქემას და გამოიანგარიშე, რამდენი სმ მეტია დათო მასწავლებელი  პატარა ანიზე. მიღებული შედეგიც ჩაინიშნე, რადგან ის ბოქლომის გასაღები კოდის შემდეგი რიცხვებია.

 

აქტივობა 4 მესამე მინიშნება

ყველა დავალება შეასრულე, იპოვე მიღებული რიცხვებიდან უმცირესი და დაიმახსოვრე.

1). თორნიკე 36კგ-ს იწონის, გიორგი მასზე 9კგ-ით მსუბუქია. ლაშა კი გიორგიზე 10კგ-ით მძიმეა. რამდენი ათეულია მათი საერთო მასა?

 

2). დაწერე ყველა რიცხვი 50-დან 25-მდე, ამ რიცხვების ჩათვლით. შემდეგ გადახაზეთ ზოგი რიცხვი ისე, რომ დარჩენილთაგან ყოველი რიცხვი იყოს 5-ით ნაკლები მის წინაზე. სულ რამდენი რიცხვი დარჩა გადასახაზი?

 

3). თუ ერთნიშნა რიცხვს, მარცხნიდან მივუწერთ ციფრს 5. რამდენით გაიზრდება თავდაპირველი რიცხვი?

 

4). რომელი უფრო მეტია და რამდენით, 60-დან 80-ის ჩათვლით კენტი თუ ლუწი რიცხვების რაოდენობა?

 

5). თუ, 83-ის უახლოეს ხუთეულს გამოაკლებ 35-ის უახლოეს ათეულს და 32-ის უახლოეს ოცეულს, მიიღებ?

 

6). დაწერე ყველა ის ორნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამი არის 17. იპოვე მათ შორის სხვაობა.

 

აქტივობა – 5 მეოთხე  მინიშნება

იპოვეთ, მოცემულ სქემაზე რიცხვები, ასევე უდიდეს რიცხვსა და უმცირეს რიცხვს შორის სხვაობა. რამდენი ათეულია მიღებულ რიცხვში? დაიმახსოვრე ეს რიცხვი.

  აქტივობა 6  მეხუთე მინიშნება

ანა ყოველ საღამოს სეირნობს. სახლიდან სკვერში მოედნამდე, მოედნიდან პოლიციამდე და ისევ უკან ბრუნდება. რამდენ მეტრს გადის ანა ყოველ საღამოს? მიღებული რიცხვის ბოლო ციფრი დაიმახსოვრე ბოქლომის გასაღები კოდის ბოლო რიცხვიც ეგ არის.

 

ამ მინიშნებების შემდეგ თუ მათ სწორად გამოიყენებ შენ უკვე გექნება  ბოქლომის გახსნისთვის საჭირო რიცხვების კომბინაცია!

აქტივობა – 7    წერილი ცასწავალას

დავალების პირობა – მიწერე  წერილი ცასწავალს და უამბე რა გზა გაიარე, რა დაბრკოლებები გადალახე, რომელი მინიშნებები იყო მარტივი და რომელი რთული. შეგიძლია მოახდინო წერილის ილუსტრირება. ნაშრომი წარმოადგინე  ფორმატის ქაღალდზე შესრულებული.

დავალება წარმოადგინე დიდი ფორმატის ფურცელზე.

პრეზენტაციისას:

  • იმსჯელე, როგორ შეავსე „ჯადოსნური კვადრატი და რა იყო ამოსაცნობი ციფრი?
  • რომელი მათემატიკური ოპერაციების შესრულება დაგჭირდა?
  • იმსჯელე, სხვადასხვა მინიშნებაში შესასრულებელი დავალების შესრულების სტრატეგიაზე.
  • აღნიშნე,  რომელი ციფრებისგან შედგებოდა ბოქლომის კოდი?

პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოადგინე:

  • როგორ შეიძლება შეცვალოს რიცხვის მნიშვნელობა თუ ციფრებს ადგილს შევუცვლით და რას უნდა მიექცეს ყურადღება შედარებისა და ანგარიშის დროს?(მ.წ.3.4.)
  • რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად და როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა რომ გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი თუ მიახლოებითი გამოთვლა? (მ.წ.5)
  • გამოთვლების შესრულებისას საჭიროა თუ არა მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვა, რატომ? (მ.წ.5)
  • საჭიროა, თუ არა რიცხვში ციფრების ადგილმდებარეობის მნიშვნელობის ცოდნა? (მ.წ.6)
  • რა გაგიჭირდა დავალების შესრულების დროს?

თავისუფლად შეგიძლიათ ამ მასალებში დაამატოთ აქტივობები და ამით შემოიყვანოთ ახალი საგანი ან დაამატოთ აქტივობები და ამა თუ იმ საგნის/საკითხის სწავლების დონე/სიღრმე გაზარდოთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ინტეგრირებული გაკვეთილები – https://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2021/10/Mastsavleblis-Tsigni-2021-2-web.pdf
  2. https://tryengineering.org/ka/teachers/teacher-resources/
  3. თ. შოშიაშვილი, თ. კვირკველია, მ. დევდარიანი მათემატიკა მესამე კლ, 2018წ

ორი ლაზარეს თავგადასავალში, მკითხველის მეგზურით

0

ცოტა ხნის წინ ორი წიგნი მაჩუქეს – გურამ მეგრელიშვილის გახმაურებული „მკითხველის გზამკვლევი“ და ოდესღაც პოპულარული, მერე კარგად დავიწყებული და ხელახლა გაცოცხლებული ქართული ფენტეზი „ ორი ლაზარეს ამბავი“.

არ ვიცი, ეს საჩუქარი თავისთავად გულისხმობდა თუ არა იმ იდეას, რომელიც მათი გულდასმით წაკითხვის მერე გამიჩნდა – ჩავატარო მცირე ექსპერიმენტი და ორივე წიგნი ერთმანეთის გასაცნობად დავიხმარო. უფრო გასაგებად რომ ვთქვა – „ორი ლაზარეს ამბავში“ „მკითხველის მეგზურით“ შევიდე.

ორივე წიგნი „აზროვნების აკადემიამ“ გამოსცა. „ორი ლაზარეს ამბავს“ გურამ მეგრელიშვილის მშვენიერი წინასიტყვაობა ერთვის. ასე რომ, მათ შორის „ნათესაობა“ ისედაც ბუნებრივი და საგულისხმო ამბავია.

იმის მიუხედავად, რომ კითხვის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ინტიმური პროცესია, მისი გზამკვლევობა უმადური და უსაგნო საქმე სულაც არაა. პირიქით, ვინ იცის, იქნებ სწორად წაკითხვის ხელოვნებაა ბევრი სიკეთის წინაპირობაც. ამ მხრივ, გურამ მეგრელიშვილის „მკითხველის მეგზური“ ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. რაც ყველაზე მთავარია, მისი ინტერაქტიური, მხიარული და თამაშის პრინციპით აწყობილი შინაარსი ამ საქმისთვის არამხოლოდ მცირეწლოვან, არამედ ნებისმიერი ასაკის მკითხველს განაწყობს.

მაგალითად, მე – მზად ვარ, ქართულ ისტორიულ ფენტეზში ეს სახელმძღვანელო ვიმეგზურო.

 „მკითხველის მეგზურის“ დასაწყისში, გურამ მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს მზა ფორმულები წიგნის კითხვისას, თუმცა არსებობს ერთგვარი პრაქტიკა (მით უფრო, გამოცდილი მკითხველისგან, რომელიც თავის მხრივ ძალიან საინტერესო მწერალია). „წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილებების მოსაგროვებელი წიგნი“ – ასეთი ქვესათაური აქვს ამ გზამკვლევს და ჩვენც შევეცადოთ, მივყვეთ მის მახვილგონივრულად აქცენტირებულ წესრიგს. (წიგნში, ყოველი პუნქტის შემდეგ დატოვებულია ცარიელი ფურცლები, რათა მკითხველმა თავად შეავსოს ისინი).

მაშ ასე, წიგნის სახელწოდება: „ორი ლაზარეს ამბავი“.

ინფორმაცია ავტორის შესახებ: წიგნის ავტორი ირაკლი უგულავაა, რომლის შესახებაც, გულითაც რომ გინდოდეთ, ინტერნეტში საერთოდ ვერაფერს იპოვით. მეეჭვება, თუნდაც ლიტერატურულ წრეებში დაგაკვალიანოთ ვინმემ. რანაირად მოხდა, რომ ძალიან კარგი ისტორიულ-ფანტასტიკური საყმაწვილო რომანების/მოთხრობების ავტორი ასე გაუჩინარდა ჩვენს არც თუ ისე ვრცელ და უკიდეგანო ლიტერატურულ-კულტურულ სივრცეში? რამე მისტიფიკაციასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ფაქტია, რომ 1988 წელს, „ნაკადულმა“ „ორი ლაზარეს ამბავი“40 000-იანი ტირაჟით გამოსცა, წიგნი მანეთი და ოცი კაპიკი ღირდა და მაშინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, ეს რომანი მინიმუმ 30 000 ოჯახში მაინც უნდა მოხვედრილიყო. მეც მახსოვს, უცნაური და სრულიად არაფრის და არავის მსგავსი წიგნი, შორეულ ბავშვობაში რომ წავიკითხე და ყველაფერი ჯადოსნური მეჩვენა – ენაც, ამბავიც, თხრობის ინტონაციაც… სხვა გზა არაა, ირაკლი უგულავაც ამ ჯადოსნობის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ის თავადაა ამ დიდი დღესასწაულის შემოქმედი.

პროტაგონისტი: „მთავარ პერსონაჟს, ვის ირგვლივაც მოქმედება ვითარდება, „პროტაგონისტი“ ეწოდება“ – გვეუბნება ჩვენი მეგზური და იმასაც განმარტავს, რომ ხშირად რთულია, რამდენიმე მთავარ-პერსონაჟიან ტექსტში პროტაგონისტი გამოკვეთო. „ორი ლაზარეს ამბავი“ ამ მხრივ საქმეს აადვილებს – პროტაგონისტები ხომ სათაურშივე ჩნდებიან – ორი ლაზარე, ერთი ბერის ანაფორით შემოსილი მეომარი და მეორე დევნილი უფლისწული. კარგად თუ დააკვირდებით, ორი ლაზარე ერთი მთლიანი იდეის ნაწილია, შესაბამისად, ამ წიგნსაც ერთი პროტაგონისტი ჰყავს – ლაზარე, რომელიც ტექსტში სხვადასხვა ვარიაციით და მნიშვნელობით გვხვდება; სულაც, ლაზარეს ხსენებით იწყება ეს დიდი ამბავი (როგორც გურამ მეგრელიშვილი უწოდებს – „ქართული სამეფო კარის თამაშები“): გვალვით გადახრუკულ ქალაქში წვიმის მავედრებელი გოგონები დადიან, თოჯინას დაატარებენ, დროდადრო ტოლჩიდან წყალს აპკურებენ და გაბმით მღერიან: „ღმერთო, მოგვე ცის ნამი, აღარ გვინდა მზის თვალი! ახ, ლაზარე, ლაზარე…“

გვალვის, ყოვლისმბუგავი მზის მისტერია მთელ ტექსტს გასდევს, რადგან აქ ისეთი ამბები ატყდება, ისეთი ცეცხლოვანი ვნებები და ფათერაკები დატრიალდება, რომ წვიმის მოლოდინი მშვილდში მოზიდული ისარივით იძაგრება და შენც, მკითხველს, ამ მოლოდინით ნერვებს გიჭიმავს, შენც ერთი სული გაქვს, წვიმამდე მიაღწიო, მაცხონებელ ღრუბლებამდე, რომლებმაც ყველა ხანძრის ჩასაქრობად და ტკივილების დასაამებლად, ფაშვიდან ღვთაებრივი ცვარ-ნამი უნდა გადმოაფრქვიონ…

ამ თავგადასავლის უფროსი ლაზარე – ლაზარე ჩხუბიანია, ის მანუჩარ ერისთავის რაზმში ყველაზე ერთგული და ჭკვიანი მეომარი იყო, თუმცა მანუჩარის დაუოკებელმა ამბიციებმა მის მოსისხლე მტრად აქცია. მეფეზე გაბრაზებულმა მანუჩარმა მთელი სამეფო ოჯახი ხომ ამოჟუჟა, ტახტზეც თავად მოკალათდა. ერთადერთი, ვისი გადარჩენაც ლაზარე ჩხუბიანმა სასწაულებრივად შეძლო, პატარა უფლისწული იყო. აი ის, მეორე ლაზარე, რომელიც მრავალი განსაცდელის შემდეგ ლაზარე პირველის სახელით მოევლინება ქართულ სამეფო კარს.

როცა რომანში ერთი სახელის მქონე ორი პერსონაჟია, ჩნდება აზრი, რომ მწერალი ამით ტექსტის/იდეის ორ პოლუსს მონიშნავს, საწყისს და სასრულს აქცენტებს. ლაზარე ჩხუბიანი და მის მიერ გადარჩენილი, მისი გაზრდილი უფლისწულიც ცხოვრების ორი სიმბოლოა – ადამიანური და ღვთაებრივი. ლაზარე ჩხუბიანი ხალხური ყოფის, სიბრძნის, კულტურის პირმშოა, ის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უსახელო ნაწილია, მშრომელი და მეომარი ხალხის ნაწილი, რომელთა სისხლსა და ოფლზეც დაიწერა მეფეთა ქრონიკები; უფლისწული ლაზარე კი ქრისტეს სიმბოლოა, მისი გარეგნობა, მანათობელი ხალი, მისი ჭკუა-გონება, სიმღერის ნიჭი, ყველაფერი ზეადამიანურია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ადამიანურიც. „ხალხო, აი თქვენი მეფე!“ – ასე წარუდგენს ლაზარე ჩხუბიანი ქალაქის მოედანზე, მეფის ასარჩევად შეკრებილ საზოგადოებას.

ჩხუბიანის და უფლისწულის ტანდემით მასწავლებლის და მოსწავლის ბიბლიური/სახარებისეული/იგავური პარადიგმაც გაცხადდა. ამ მხრივ, „ორი ლაზარეს ამბავი“ კლასიკური ტექსტია.

ანტაგონისტი: „რომ არა ის, წიგნი საინტერესო ვერ იქნებოდა“, – გვარწმუნებს მეგზური. რაც უნდა უცნაური იყოს, ეს მართლაც ასეა. უცნაური კი, შესაძლოა იმიტომ იყოს, რომ საქმე ე.წ. უარყოფით გმირთან გვაქვს, პერსონაჟთან, რომელმაც ყველაზე მეტად გაგვაღიზიანა, გაგვაბრაზა, ხანდახან თავიც კი შეგვაძულა.

„ორი ლაზარეს ამბავში“, ასეთი, ალბათ უკვე მიხვდით – მანუჩარ ერისთავია. ის ტიპური მოღალატე, პატივმოყვარე და მეფობის ვნებით შეპყრობილი ფეოდალია, რომელიც, ტყვეთა სყიდვის აკრძალვის მიუხედავად, მაინც ამ ყოვლად უბოროტესი ვაჭრობითაა დაკავებული. სწორედ ამის გამო განურისხდა მას მეფე და ეს რისხვა არ შეარჩინა მანუჩარმა, დაუნდობლად და თვალდაუხამხამებლად, მთელი სამეფო ოჯახი ამოაჟუჟვინა.

დეიტერაგონისტი (პროტაგონისტის და ანტაგონისტის დამხმარე): ასეთები „ორი ლაზარეს ამბავში“ ბლომად არიან, ე.წ. კეთილ მხარესაც და ბოროტ მხარესაც. ანტაგონისტის მთავარ დეიტერაგონისტად აზნაური იკუნკულიძე უნდა დავასახელოთ – მანუჩარ ერისთავის ყურმოჭრილი მონა, რომელსაც, ბატონის მსგავსად, ლაზარე ჩხუბიანის სიძულვილი აქვს და დაუღალავად ერჩის. რაც შეეხება პროტაგონისტის დეიტერაგონისტებს, იმის მიუხედავად, რომ ამ დავიდარაბიან ამბავში ორივე ლაზარეს მტერი უფრო ბევრი ჰყავს, ვიდრე მოყვარე, მაინც დროდადრო ჩნდებიან ადამიანები, ვისი წყალობითაც ორივე მათგანი ხიფათიდან მშვიდობით გამოდის: მამიდა მელანო, მონაზონი ქეთევანი და სხვა…

როდის და როგორ შედის პერსონაჟი კონფლიქტში, ვისთან? – მკითხველის მეგზური კონფლიქტის არსზე დაგვაფიქრებს, მის მნიშვნელობას განმარტავს. ლაზარე ჩხუბიანის კონფლიქტში შესვლაც ალბათ იმ წერტილით უნდა მოვნიშნოთ, როცა ის მეფის სასახლეში, ტახტის ქვეშ დამალულ მცირეწლოვან უფლისწულს იპოვის. სწორედ აქედან იწყება წინააღმდეგობებით, სისხლით და ჭრილობებით სავსე თავგადასავალი. ლაზარე უარს ამბობს მანუჩარ ერისთავის მსახურებაზე და სულ სხვა გზას ირჩევს. მართალია, ჯერ თავადაც არ იცის, სად მიიყვანს ეს გზა, მაგრამ აქ მთავარი არჩევანია – ლაზარეს სულიერი აქტი, რომელმაც მისი პიროვნება (კონფლიქტების გავლით) უნდა გადაარჩინოს.

„მკითხველის მეგზურში“ ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ძალიან საინტერესო აქცენტები: ცნობისმოყვარეობა, თანაგრძნობა და სიმპათია, გაოცება – მკითხველი თანდათან შედის ტექსტის ლაბირინთებში, იძირება მის სიღრმეებში და ფსკერზე მარგალიტებსაც მოსინჯავს. „ორი ლაზარეს ამბავი“, ვფიქრობ, პირველივე გვერდებიდან აღძრავს ცნობისმოყვარეობას. ამის მიზეზი უსინათლო მეფანდურის ქალაქის მოედანზე გამოჩენაა, რომელიც, თითქოს საუკუნეთა მიღმიდან მოგვიხმობს ზღაპრის (ვინ იცის, იქნებ ნამდვილი ამბისაც?) მოსასმენად. თხრობის ეს ფორმაც ეპიკური ჟანრის კანონია, საოცრად შთამბეჭდავი და მომნუსხველი. ლაზარეების მიმართ თანაგრძნობა და სიმპათიაც მალევე ჩნდება, რადგან ზღაპრის წესით – აქ მკაფიოდაა გამოკვეთილი კეთილისა და ბოროტის სივრცეები. გაოცებაც ავტორისა და მკითხველის ყოვლად ინტიმური კავშირის დეტალია: მწერალი გვიმხელს იმას, რაც ხშირად ჯერ პერსონაჟმაც კი არ იცის. „ორი ლაზარეს ამბავი“ ამის სამაგალითოდ არ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვნახე სანიმუშოდ მსგავსი დეტალი. იქნებ თქვენ აღმოაჩინოთ და ეს ველიც შეავსოთ?

წინაღობები (კონფლიქტის გამამწვავებელი ფაქტორები); მოულოდნელი გარდაქმნები; მოტივაცია; კათარსისი – მეტ-ნაკლებად ამ აქცენტებსაც შევეხეთ, ამიტომ ყოველ ახალ წამკითხველს დავუტოვებ უფლებას, თავად განავრცოს მსჯელობა.

ჩვენს მეგზურს იუმორის დიდი გრძნობა აქვს. უფრო სწორად, კითხვის პროცესის მაქსიმალურად მხიარულად, ხალისით, თამაშით დატვირთვის მომხრეა. გვხვდება ასეთი პუნქტები: „არ მინდოდა, მაგრამ მაიძულეთ“. გურამ მეგრელიშვილი მსოფლიო ლიტერატურიდან მოიხმობს ნიმუშებს იმ აზრის განმარტებისთვის, რომ ზოგჯერ პერსონაჟები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, უნებლიეთ ხდებიან გმირები ან ანტიგმირები. საინტერესოა, ეხმიანება თუ არა ამ პუნქტს ლაზარე ჩხუბიანის პერსონაჟი? ის ხომ ერთი ჩვეულებრივი მეომარი იყო, რომელიც გარშემო გამეფებულმა უსამართლობამ აიძულა, ნამდვილ გმირად ქცეულიყო?!.

„აუცილებელი მონაკვეთი, რომლის გარეშე ტექსტი არ ივარგებდა“ – ეს პუნქტი, ალბათ, მკითხველის პირად იმპროვიზაციასაც გულისხმობს, ჰოდა მე ჩემს ვერსიას ვიტყვი, სხვამ თავისი თქვას. პირადად ჩემთვის, ამ ჯადოსნური წიგნის „აუცილებელი მონაკვეთი“ ის ფოლკლორული რეჩიტატივებია, რომლითაც ყოველი ახალი თავი იწყება. ჯერ ერთი, ისინი ყოველი ახალი ეპიზოდის კამერტონებია („ეს ამბავი ზღაპრად თქმულა, ჟამთა სრბოლას გადაურჩა, და გვაუწყებს, ერისთავი ვით განუდგა მეფეს ურჩად“…), მერე კიდევ – მათ წიგნის ეპიკური ინტონაცია უჭირავთ და მთლიან ტექსტს, როგორც ერთ გაბმულ სიმღერას, ისე განაცდევინებენ მკითხველს. მოკლედ, ჩემთვის ეს რეჩიტატივები ამ წიგნის უბადლო ლაზათია.

„მკითხველის მეგზური“ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისგან შედგება. სამწუხაროდ, ერთი წერილის ფარგლებში წარმოუდგენელია ყველა მათგანზე მსჯელობა. ამისთვის მას თავად აქვს გამოყოფილი ცარიელი ფურცლები – მკითხველმა მეგზურ-სახელმძღვანელოში რომ იმუშაოს, ჩაინიშნოს, დაიმახსოვროს.

 წიგნი ყოველი ახალი წაკითხვისას ცოცხლდება. „ორი ლაზარეს ამბავი“ ამ მხრივაც გამორჩეულია – ესაა წიგნი, რომელიც დრომ დავიწყების აკლდამაში გამოკეტა, მაგრამ ლაზარესავით აღდგა. ამისთვის, გულითადი მადლობა ყველას, ვინც მისი ხელახალი გამოცემა განახორციელა. „ორი ლაზარეს ამბავი“ თავის მკითხველს ელოდება.

მკითხველიც აღარაა ხელცარიელი – მას უკვე თავისი მეგზური ჰყავს, „წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილებების მოსაგროვებელი წიგნაკი“, რომელიც კითხვის პროცესს დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქცევს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...