პიროვნებისა თუ საზოგადოების ცხოვრებაში ნებისმიერი მოვლენა გარდაუვალად ტოვებს კვალს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. გლობალური პანდემიის მიერ შექმნილი სირთულეები საქართველოს განათლების სისტემაზეც აისახა. 2020 წლის მარტში სასწავლო პროცესი შეწყდა, ხოლო მოგვიანებით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა. საოცარი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის განათლების სისტემა. რეალური ურთიერთობები სასწრაფოდ შეიცვალა ვირტუალურით. ასეთი მყისიერი ცვლილება, რა თქმა უნდა, მოიცავდა უამრავ ხარვეზს. დავინახეთ უთანასწორობა საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის. გამოიკვეთა გაჯეტების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა. სასწავლო პროცესებში ოჯახის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობამ კიდევ უფრო ბევრი რამ გახადა სამომავლო ფიქრის საგანი.
ასეთ საკითხზე სტატიის მომზადების წინაპირობა აუცილებლად უნდა ყოფილიყო უკვე განხორციელებული კვლევების, მათი მიგნებებისა და ინტერვენციების გაცნობა.
არსებული მასალის მოძიებისას უპირველესად გავეცანი განათლების კოალიციის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში:
,,კვლევა – COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე – პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება”.
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, 1,6 მილიარდი ბავშვი ვერ ესწრებოდა სკოლაში გაკვეთილებს. ცალკეული კვლევები მოსწავლეების მიერ პანდემიის პირობებში წიგნიერებაში პროგნოზირებდა მიღწევების დაახლოებით 70%-ს და მათემატიკაში 50%-ს (UNESCO, 2020); ეს მონაცემები სწავლის შეწყვეტაზე რეაგირებისა და რემედიაციის პროგრამების ეფექტიანობის მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აისახა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმოკლეს დროში შეძლო სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა. გაწეული ძალისხმევა არაეფექტური აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი და მაღალი რისკის ჯგუფის მოსწავლეებისათვის – განსაკუთრებით ციფრული უთანასწორობის შემცირების კონტექსტში. დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი სამივე საფეხურზე და ყველა საგნობრივ ჯგუფში. სასწავლო დანაკარგი შედარებით მაღალი აღმოჩნდა მათემატიკაში.
რა არის სასწავლო დანაკარგი და როგორ ვზომავთ მას?
(UNESCO, 2020).
- აკადემიური დანაკარგები – კურიკულუმთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები;
- სოციალური დანაკარგები – სოციალური იზოლაციით, თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის შეზღუდვით გამოწვეული სოციალურ განვითარების შეფერხება;
- ფსიქო–ემოციური დანაკარგები – ყოველდღიური რუტინის და სტაბილურობის რღვევით გამოწვეულ სტრესი, არასტაბილურ გარემოსთან ადაპტირება, გაურკვევლობით გამოწვეული მდგომარეობის გათავისება.
სასწავლო დანაკარგის განაწილება მოხდა უთანასწოროდ. მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გათვალისწინებით. მოწყვლადი ჯგუფებისათვის ის მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მოსწავლეთა მეინსტრიმული უმრავლესობისათვის. (UNESCO, UNICEF and the World Bank, 2020).
დანაკარგები პანდემიის პირობებში უმეტესწილად განაპირობა სასწავლო დროის შემცირებამ. დანაკარგები მივიღეთ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით. ასევე, მეტად ყურადსაღებია მიღებული დანაკარგები, რომლებიც მოსწავლეების მოტივაციის შემცირებას უკავშირდება.
სასწავლო დროის შემცირებაში იგულისხმება აკადემიური კალენდრის ცვლილება, რეალური დასწრების მაჩვენებელი, საშინაო დავალების არასრულად ან საერთოდ შეუსრულებლობა.
სასწავლო დანაკარგები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით გულისხმობს ჩამორჩენას კურიკულუმით განსაზღვრული საგნობრივი და გამჭოლი კომპეტენციების განვითარების კუთხით.
დისტანციური სწავლებით გამოწვეული განსაკუთრებული ზარალი თვალსაჩინოა დაწყებითი საფეხურზე. ამ ეტაპზე მოსწავლეები ივითარებენ, არა მხოლოდ საბაზისო კომპეტენციებს (წერა, კითხვა, ანგარიში), არამედ ეჩვევიან სასწავლო პროცესს, სწავლობენ ჯგუფებში კომუნიკაციასა და სოციალიზაციას. საბოლოო ჯამში მივიღეთ სასწავლო დანაკარგები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით, ქართულისა და უცხოური ენების შესწავლისას; დიდია დანაკარგი მათემატიკაში – მივიღეთ ჩამორჩენა რიცხვების ცნობასა და მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისას; ანგარიშსა და გეომეტრიული ფიგურების ამოცნობაში. 2019-2020 და 2020- 2021 წლის მე-6 კლასის მოსწავლეების სასწავლო დანაკარგი აისახა საბაზო საფეხურისთვის მათ არასათანადო მზაობასა და აკადემიური მიღწევების გაუარესებაში.
სწავლების საშუალო საფეხურზე ყველაზე ხელშესახები დანაკარგი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რაც განპირობებულია როგორც ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი მზაობით; ვირტუალური ლაბორატორიების ონლაინ გამოყენების შეზღუდული პრაქტიკით. ასევე, ლოგიკურად, მათემატიკაში ჩამორჩენა განაპირობებს შესაბამის პრობლემებს საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
გამოიკვეთა მოსწავლეების მოტივაციის შემცირების სავარაუდო მიზეზები: თანატოლებთან კომუნიკაციის შემცირება; სასწავლო პროცესის ხშირი ცვლილება და დაბალი ხარისხის ტექნიკის/ინტერნეტის გამოყენებით გამოწვეული სტრესი; მოსწავლეების სკოლისადმი დამოკიდებულების ცვლილება – დეზინტეგრაცია; მოსწავლეების თვითეფექტურობისა და დისციპლინის გაუარესება.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს უძნელდებათ სასწავლო დანაკარგების აღქმა და შეფასება როგორც სისტემაში, ასევე საგანში, კლასსა და სკოლაში. მასწავლებლებს ჯერ კიდევ უჭირთ სასწავლო მიზნებისა და სასწავლო პროგრამის ამოწურვის მკაფიო გამიჯვნა. ისინი დიდ ძალისხმევას დებენ თემატური საკითხების დაფარვაში და არა სასწავლო მიზნების მიღწევაში. პრობლემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკვე არსებული სასწავლო დანაკარგის გასაანალიზებლად, არამედ მიზნობრივი რემედიაციის პროგრამების შესამუშავებლად.
აღნიშნული კვლევა გვთავაზობს შესაბამის რეკომენდაციებს:
- მნიშვნელოვანია მშობლების ცნობიერების ამაღლება;
- დანაკარგის შემცირებისა და რემედიაციის ღონისძიებათა მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- სასკოლო რემედიაციის პროგრამების მხარდამჭერი ფონდის ინიციირება (გარე ექსპერტიზის მოზიდვა, სწავლა–სწავლების რესურსები, დამატებითი საათების ანაზღაურება, თუ სხვა).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მანანა რატიანმა და მაია არავიაშვილმა ჩაატარეს შესაბამისი კვლევა.
აღნიშნული კვლევის მიგნებებით პანდემიამ წარმოაჩინა მშობელთა ჩართულობისა და მზაობის მნიშვნელობა. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით უმრავლეს შემთხვევაში (78%) მოსწავლეების სასწავლო პროცესზე დასწრება 75-100% დატვირთვით მაინც იყო შესაძლებელი. აღნიშნული კვლევის რეკომენდაციები გახლავთ შემდეგი:
- რემედიაციის პროგრამების დანერგვის მიზანშეწონილობა:
- კურიკულუმის ცვლილება;
- საზაფხულო პროგრამები.
რემედიაციის პროგრამების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში:
ინგლისი
სასწავლო დანაკარგების აღმოსაფხვრელად ამუშავდა 12-კვირიანი მოსამზადებელი პროგრამები;
იტალია
ყოველკვირეულად ტარდება სამსაათიანი ონლაინდახმარება ინგლისურში, მათემატიკასა და მშობლიურ ენაში.
ამერიკა –ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა და რეკომენდაციები
შეიმუშავეს ჰოლისტური ხედვა, რაც უკავშირდება კურიკულუმს, ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა. სწავლების აღდგენის დროისათვის ყურადღება გამახვილდა მოსწავლეების (დაწყებული სკოლამდელი დაწესებულებიდან) კოგნიტიურ და ემოციურ მომზადებაზე. მასწავლებლებისთვის შემუშავდა პრაქტიკაზე დაფუძნებული თანადროული ქოუჩინგის პროგრამები. მოსწავლეთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭირო გახდა სიტუაციაზე მორგებული, გახანგრძლივებული, შაბათ-კვირის, საზაფხულო სკოლების ამუშავება. დაინერგა სამთვიანი საზაფხულო სკოლა წიგნიერებაში, ერთ საგანში 25-საათიანი აქტიური სწავლებით (მათემატიკა, უცხო ენა და წიგნიერება); არდადეგების შემცირების/სკოლების ცვლაში გადაყვანისა და სხვა ხარჯზე მოხდა სკოლების სასწავლო დროის ხანგრძლივობის გაზრდა. კურიკულუმის (სკოლის დონეზე) დიფერენცირება და ფოკუსირება საკვანძო უნარებზე. ფოკუსირება განვლილი მასალის გამეორებაზე და შედეგის გამყარებაზე. დამწყები მასწავლებლებისთვის ამუშავდა ტუტორების პროგრამა.
ინდოეთი:
განხორციელებული კვლევის თანახმად, პანდემიით გამოწვეული სწავლის დაბალი დონე შეიძლება გადაიზარდოს ამ თაობის მომავალ შემოსავალზე და ქვეყნებისთვის დაბალ ეკონომიკურ წარმოებაზე. ფაქტობრივად, 2040 წლისთვის, პანდემიასთან დაკავშირებულმა სწავლის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს წლიური ზარალი 1,6 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ანუ მთლიანი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9 პროცენტი. თუ სკოლები და მთავრობები შეიმუშავებენ თავიანთ სტრატეგიებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკას, შეიძლება მოიძებნოს გარკვეული შეღავათი.
პანდემიის შემდგომ დისტანციური სწავლებით გამოწვეული დანაკარგების აღმოსაფხვრელად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამასა და „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ვებინარები:
- მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა;
- მშობლის როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში;
- როგორ გაუმკლავდნენ მშობლები მოზარდთა გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებს;
- როგორ დავეხმაროთ მოზარდებს სტრესის მართვაში;
- კეთებით სწავლების როლი ბავშვის განვითარებაში;
- ოჯახის ფსიქოგანათლების მნიშვნელობა ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში.
ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ანალიზს.
კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. კვლევის მიზანი გახლდათ, დაგვენახა რეალური სურათი, რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით და როგორ გაართვა თავი სასკოლო საზოგადოებამ პოსტპანდემიურ სირთულეებს.
კვლევის ფარგლებში ჩავატარე გამოკითხვა ქალაქისა და სოფლის რამდენიმე სკოლის წარმომადგენელთან (პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები).
პედაგოგებისთვის დასმული კითხვები ეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო დისტანციური სწავლების დასრულების შემდგომ პერიოდში: სკოლებში პოსტპანდემიური სიტუაციის ანალიზს; ჩატარებული დამატებითი გაკვეთილების რაოდენობასა და ეფექტურობას; ონლანსწავლების დასრულების შემდგომ მოსწავლეთა ფსიქოემოციურ მდგომარეობის შეფასებასა და არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებს.
კვლევაში მონაწილე მასწავლებლების პროცენტულობა რეგიონების მიხედვით – 62% ქალაქი, 38% სოფელი.
მასწავლებელთა დიდი ნაწილი (53%) ამბობს, რომ სკოლებში პოსტპანდემიური სიტუაციის ანალიზი არ ჩატარებულა.
პედაგოგთა უმრავლესობა (86%) ადასტურებს, რომ არსებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად ჩაატარა დამატებითი მეცადინეობები.
დამატებით კომენტარებში მასწავლებლებმა პოსტპანდემიური პერიოდის შესაფასებლად ხაზი გაუსვეს შემდეგ ფაქტორებს: მოტივაციის დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი, ქცევის გაუარესება, გაუცხოება, ისაუბრეს მასალის ათვისების გართულებაზე. პედაგოგთა ნაწილის აზრით, პანდემიის პერიოდს არავითარი პრობლემა არ დაუტოვებია.
მნიშვნელოვანია პედაგოგთა აზრი იმ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნა ცალკეული დისციპლინების მიხედვით. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყველაზე პრობლემურია მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები.
კვლევაში მონაწილე პედაგოგები გვთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს:
- საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება სკოლის, სახელმწიფოს მხრიდან;
- კარგი იქნება, თუ დაინერგება ცენტრალიზებული გამოცდები ყველა საფეხურის დასრულებისას;
- კოლეგებს შორის თანამშრომლობის კულტურის ამაღლება;
- მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება.
კვლევაში მონაწილე მშობლების პროცენტულობა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: 78% ქალაქი, 32% სოფელი.
მშობლების მიმართ დასმული კითხვები ეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა, შეამჩნიეს შვილებს პანდემიის შემდგომ სწავლის განახლების პერიოდში: იყო თუ არა მოზარდში ფსიქოემოციური მდგომარეობის ცვლილება; ადგილი ჰქონდა თუ არა აკადემიურ ჩამორჩენას და თუ ჰქონდა, რომელ საგნებში.
ფსიქოემოციური მდგომარეობის ცვლილებას აფიქსირებს მშობელთა 35%, რაც არ არის მცირე მაჩვენებელი. 65% ცვლილებებს ვერ ამჩნევს. მშობელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი გაღიზიანებული, აგრესიული გახდა, დაკარგა ენთუზიაზმი, მოდუნდა, უჭირს გაკვეთილებზე ჯდომა.
მშობელთა დაკვირვების შედეგად დასწავლის პრობლემები საგნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
მშობელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიისას დაეცა სწავლის ხარისხი. ისინი იმედით უყურებენ მომავალს, რომ ყველაფერი მოგვარებადია და ამ დანაკარგების აღმოფხვრა შესაძლებელია.
კვლევაში მონაწილე მოსწავლეები რეგიონების მიხედვით – 65% ქალაქი, 35% სოფელი.
მოსწავლეთა მიმართ დასმული კითხვები ეხებოდა სკოლებში დაბრუნების შემდგომ სასწავლო პროცესის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებას; გამოკვეთილ პრობლემებს; თანატოლებთან დამოკიდებულებაში შემჩნეულ ცვლილებებს.
მოსწავლეთა 64% ამბობს, რომ მათ პანდემიის შემდგომ დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდათ.
62% თვლის, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში სასწავლო პროცესის მიმართ მათი დამოკიდებულება შეიცვალა. უმრავლესობას (82%) მიაჩნია, რომ თანატოლებთან დამოკიდებულება არანაირად არ შეცვლილა. მცირე ნაწილი (18%) თვლის, რომ მეტი პრობლემა წარმოიქმნა და მოიმატა აგრესიამ.
მოსწავლეთა შეხედულება საგნების დასწავლაში წარმოქმნილი გართულებების მიმართ:
კვლევის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვე, გაეკეთებინათ დამატებითი კომენტარი. გთავაზობთ რამდენიმე ყურადსაღებ ფრაზას:
„კომუნიზმიდან ვერ ამოვიზარდეთ, დროა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება“; „საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული გაკვეთილების ჩატარება“; „შემაჯამებლების ფორმა არარეალურია“; „რატომ აქვს ბავშვს ტელეფონი არამიზნობრივად“; „მინდა რაღაც ვალდებულება მქონდეს, რომ აუცილებლად ვისწავლო“; „უნდა შეიცვალოს დასვენებების დრო“; „გადაარჩინეთ საკუთარი სამშობლოს მომავალი“.
მოსწავლეთა მთავარი გზავნილი:
- მომეცით მოტივაცია, ვისწავლო!
- შეცვალეთ შემაჯამებლის ფორმა!
- გაზარდეთ დიდი დასვენების დრო!
- მეტად დაგვიფინანსეთ შემეცნებითი პროექტები!
- დააბრუნეთგამოცდები!
შეჯამების სახით გთავაზობთ ჩემი კვლევის რეკომენდაციებს:
- სკოლის ბაზაზე დიაგნოსტიკური წერების ჩატარება და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
- დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დონის შეფასება, სარეკომენდაციო აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
- ონლაისწავლების ზოგიერთი სასარგებლო მიგნების სამომავლოდ გამოყენება;
- სკოლებში ფსიქოლოგთა მუშაობის გააქტიურება;
- მეტი სოციალური და შემეცნებითი ექსკურსიის განხორციელება;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- საწრეო და საკლუბო მუშაობების გააქტიურება;
- საზაფხულო სკოლების მოწყობა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის!
- მასწავლებელთა „გადაწვის“ საწინააღმდეგო ჩარევების განხორციელება. (გასვლითი, შემეცნებითი ღონისძიებები; შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ასამაღლებელი საქმიანობები დირექციისა და სახელმწიფოს მხრიდან).
გამოყენებული ლიტერატურა: