სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მხატვრული ტექსტი — ემოციური ინტელექტის განმავითარებელი ინსტრუმენტი

ემოციური ინტელექტი ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარს გულისხმობს. საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, სახელდება, გაცხადება, გაცნობიერება და ქცევაში იმგვარად ასახვა, რომ ხელსაყრელი იყოს ინდივიდისთვის, მნიშვნელოვანი უნარია. ემოციურ ინტელექტს ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ივითარებს და ეს მას გადარჩენასა და გარემო პირობებისადმი ადაპტაციაში ეხმარება.

უპირველესად — საკუთარ, მერე კი სხვის ემოციებზე დაკვირვება, მათი ამოცნობა-გარჩევა, სათანადო მოქმედების დაგეგმვა ის უნარია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იწრთობა და მისი ჯეროვნად განვითარება სწავლა-სწავლების პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

ამერიკელი ფსიქოლოგი დენიელ გოლმენი ემოციური ინტელექტისა და აკადემიური მიღწევების კორელაციას იკვლევდა. მისი დაკვირვებით, კარგად განვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე მოზარდები მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ. ის ემოციურ ინტელექტს განსაზღვრავს ასე: „როდესაც იცი, რას გრძნობს სხვა და იყენებ ამ ცოდნას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად“.

საინტერესო საფიქრალს აღძრავს მკვლევრის ეს მოსაზრებაც: „ჩვენი აღქმის დიაპაზონი, აზრები, ქმედებები განპირობებული და შემოსაზღვრულია იმით, რასაც ვერ ვამჩნევთ. როცა ვერ ვამჩნევთ იმას, რაც მნიშვნელოვანია, რაც საჭიროა, საშუალებაც არ გვაქვს ვიმოქმედოთ ისე, რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალოთ“. ეს ნიშნავს, რომ თუ ვერ ვამჩნევ რაიმე მნიშვნელოვანს, თუ ჩემი აღქმა-თვალსაწიერი ვიწროა და შემოსაზღვრული, თუ ახალ შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, იდეებს, შესაძლებლობებს არ ვცნობ, მაშინ ჩემივე წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებში, მათ ტყვეობაში ვატარებ ცხოვრებას და უამრავი რამ მრჩება შეუმჩნეველი.

რა წვრთნის ჩვენს აღქმას, წარმოსახვას, შემჩნევის უნარს რა გვივითარებს?

ჩემი პასუხია: მხატვრული ლიტერატურა. უფრო სწორად, ერთ-ერთი მძლავრი, ხელმისაწვდომი, სანდო და შედეგიანი ინსტრუმენტი ნამდვილად არის მხატვრული ლიტერატურა. დეტალებზე კონცენტრირება. აქტიური კითხვის მეთოდის გამოყენება.

ემოციებისა და მათი ამოცნობისკენ მიმართული აქტივობები მიმოხილულია ჩვენს ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში „ემოცია და გრძნობა“. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ საკითხებს: რას ნიშნავს ემოცია? როგორ განიმარტება ეს ცნება? რა განსხვავებაა ემოციასა და გრძნობას შორის? რა დაგვეხმარება საკუთარი ემოციური მდგომარეობის ამოცნობაში? როგორ გამოვიყენოთ მხატვრული ტექსტები რესურსად ემოციების ამოცნობისა და სახელდებისთვის?

თანდაყოლილი თუ შეძენილი?

აღსანიშნავია, რომ ემოციურ ინტელექტს გოლმენი განიხილავს არა მხოლოდ როგორც თანდაყოლილ „ნიჭსა“ თუ უნარს, არამედ როგორც ნაკრებს კომპეტენციებისა, რომელთა გამომუშავება და დასწავლა შესაძლებელია სათანადო მუშაობის შედეგად. მკვლევრის აზრით, პროფესიულ და აკადემიურ სფეროში ამ კონკრეტული უნარის განვითარება-დახვეწის გარეშე წარმატება რთული მოსაპოვებელია.

ლიტერატურის მნიშვნელობის შესახებ წინარე თქმულს ვამატებ: მხატვრული ტექსტი ემოციური ინტელექტის განმავითარებელი საუკეთესო სამარჯვიც არის. ბლოგში სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. 

მხატვრული ტექსტი და ემოციური ინტელექტი — მიმართება

როგორ შეიძლება, მხატვრულმა რეალობამ, გამოგონილმა ამბავმა, ნაწერმა ტექსტმა ხელი შეუწყოს ემოციური ინტელექტის განვითარებას?

თანაგანცდისა და თანაგრძნობის, სხვადასხვა ემოციის აღძვრის, თანამონაწილეობის მეშვეობით.

რას ნიშნავს ეს:

როდესაც წიგნს ვკითხულობთ, იქ ყოფნის განცდა გვიჩნდება. მწერლები ახერხებენ ისეთი რეალობის შექმნას, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ცოცხლდება. გმირების თავგადასავალი, მათი ამბები, აღწერილი სიტყვის ოსტატის მიერ, ჩვენთვის ხელშესახები ხდება. ჩვენ თანაგანვიცდით იმას, რასაც გმირი განიცდის. ამაზე ჯერ კიდევ არისტოტელე მიუთითებდა. „პოეტიკაში“ ის საუბრობს ტრაგედიაზე და წერს, „შიშისა და თანაგრძნობის გზით ამგვარ ვნებათაგან განწმენდას“ ვაღწევთო. ანუ ვუყურებთ ტრაგედიას, განვიცდით ძლიერ ემოციას და დგება კათარსისი.

ადამიანს ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა არ მიეცეს საშუალება, თავი ამა თუ იმ სიტუაციაში გამოსცადოს, მისი ემოციური პალიტრა ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა შემოსაზღვრული იყოს „ძირითადი ფერებით“, ძირითადი ემოციებით, მაგრამ კითხვისას ფანტაზია შეუზღუდავია.

ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი, ინგლისელი რომანისტი ჯოზეფ კონრადი წერს: „ჩემი ამოცანაა, დაწერილი სიტყვის მეშვეობით მოგასმენინოთ, გაგრძნობინოთ, უპირველეს ყოვლისა კი დაგანახვოთ ის, რასაც აღვწერ. ეს და მეტი არაფერი. თუ ამას მივაღწიე, თქვენ იპოვით იმას, რასაც ეძებდით (წიგნში) — მხარდაჭერას, იმედს, შიშს, მოჯადოებას — ყველაფერს, რაც გჭირდებათ!“

მასწავლებლის ამოცანა

მხატვრული ლიტერატურის უზარმაზარ სამყაროში საუკეთესო მეგზურობის გაწევა ახალგაზრდისთვის ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: რას ვასწავლი, როდესაც ლიტერატურას ვასწავლი? — და ერთ-ერთი სასურველი მიზანი ესაა: მინდა, მოსწავლეებისთვის იმ მეგზურად ვიქცე, რომელიც ამ სამყაროში ნავიგაციას, გზის გაგნებას, ნიშნებისა და სიმბოლოების ამოცნობას, გაუკვალავი ბილიკების კვლევის ინტერესს აღძრავს. თუ მოვახერხე და მხატვრული ლიტერატურა მათთვის საინტერესო თავშესაფრად ვაქციე, მიზანი მიღწეულია. მოწყენილობისა თუ ცუდად ყოფნის, მოგზაურობისა და ლაღობის, საუკეთესო თუ საზარელი ცხოვრებისეული გამოცდილების დროს თუ მათ გამოიხმეს ამ სამყაროდან თავიანთი გმირები, თუ დაიხმარეს ისინი, მიზანი მიღწეულია.

ეს ნიშნავს, რომ მხატვრული ლიტერატურა, კერძოდ კი სასკოლო კურსში შესული „განწირული ავტორები“, შინაარსის კონსერვირების საშუალება კი აღარ იქნება, არამედ საშუალება, იკვლიო უვალი გზა, გაიფართოო თვალსაწიერი, განიცადო ემოციათა განუსაზღვრელი სპექტრი.

აქტივობები ეპიზოდების მიხედვით

სხვადასხვა თემატური ეპიზოდის მიხედვით მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს საკლასო აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს, ამოიცნოს სხვისი ემოცია, დასახოს სამოქმედო სტრატეგია, გაითავისოს მორალურად და ეთიკურად მისაღები ნორმები.

მაგალითად, კონფლიქტური სიტუაციის განხილვისას შეიძლება დაისვას კითხვები:

. რა შეიძლებოდა ეთქვა ან მოემოქმედებინა კონფლიქტის მოწმეს?

. რისი გაკეთება ან თქმა იყო მიზანშეწონილი გმირისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად? იქ რომ ყოფილიყავი, რას გააკეთებდი?

მოსწავლემ თავი უნდა წარმოიდგინოს კონფლიქტის მოწმე პერსონაჟად (არა საკუთარი/პიროვნული ხედვის კუთხით, არამედ იმ პერსონაჟისა, რომელიც შეესწრო კონფლიქტს) და დაწეროს სცენარი — რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ამ პერსონაჟს სიტუაციის განსამუხტავად.

ყურადღების გამახვილება დადებითზე

თუ დავაკვირდებით, ლიტერატურის გაკვეთილებზე სამსჯელო და საკამათო თემებად ძირითადად მწვავე სიტუაციები ან დილემა-კონფლიქტები გვაქვს მიზანში ამოღებული. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიურ გამოცდილებაზე ყურადღების გამახვილება. ისეთი ეპიზოდების შერჩევა და განხილვა, რომლებშიც მორალური დილემა კი არ არის წარმოჩენილი, არამედ მოთხრობილია რამე სასიამოვნო, რომლებშიც გმირები ზრუნავენ ერთმანეთზე, მხარს უჭერენ, ეხმარებიან.

ტექსტზე მუშაობის დროს სასურველია პოზიტიური გამოცდილების, დახმარების, მზრუნველობის გამომხატველი სიტყვების ამოწერა ან აქტიური კითხვის მეთოდის გამოყენება და ამ მონაკვეთების ხაზგასმა.

ჩანაწერი დღიურში ან უბის წიგნაკში

ეს არის აქტივობა, რომელსაც მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ასრულებენ. მათ თავი გმირის ადგილას უნდა წარმოიდგინონ და გააკეთონ ჩანაწერი დღიურში ან უბის წიგნაკში. დღიურის ფორმატი თავისთავად გულისხმობს, რომ ჩანაწერი გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოს. მოსწავლე უნდა გარდაისახოს გმირად, გაითავისოს მისი სულიერი და ემოციური, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური მდგომარეობა და დაწეროს: რას გრძნობს; რას ფიქრობს; რას გეგმავს; როგორ ხედავს სხვა პერსონაჟებს; რას გრძნობენ, მისი აზრით, სხვები. მოსწავლეს უნდა მიეცეს საშუალება, გმირის თვალით შეხედოს სხვა პერსონაჟებს და შეაფასოს მათი ქმედებები და ემოციები.

მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი

საინტერესო იქნება ამა თუ იმ სიტუაციაში საკუთარი თავის წარმოდგენა და პასუხის გაცემა კითხვებზე: მე როგორ მოვიქცეოდი ამ პერსონაჟის ადგილზე? რას ვიგრძნობდი, ეს რომ გადამხდენოდა თავს? როგორ დავეხმარებოდი საკუთარ თავს/სხვას?

„ვარ“ თუ “როგორ ვარ“ — სიის ამოკითხვა სხვაგვარად

რამდენად გვრჩება მასწავლებლებს დრო და ენერგია იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეების ემოციური მდგომარეობით დავინტერესდეთ? რამდენს ვერ ან არ ვამჩნევთ და ვიმჩნევთ დღის განმავლობაში? მიფიქრია იმაზე, რომ სრულიად შეუძლებელია, ერთი მასწავლებლის ფიზიკური და ემოციური რესურსი ყველა მოსწავლეს გასწვდეს, მაგრამ სულ მცირე, მათი მდგომარეობით დაინტერესება კი უნდა ვცადოთ. ჩემთვის ეს საკითხი ასე გადავწყვიტე: მთავარია, მათ იცოდნენ, რომ თუ დასჭირდათ, ჩემგან უპირობო მხარდაჭერას მიიღებენ; იცოდნენ, რომ თუ დასჭირდათ, ჩემთან მოესვლებათ და მე, განსჯისა და თითის ქნევის გარეშე, მათთან ერთად განვიხილავ ყველა შესაძლო გამოსავალს. ავარჩევთ საუკეთესოს. აუცილებლად ვიპოვით გზას. გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს!

წიგნის ბოლო თავს, რომლის ქვესათაურია „სკოლა (სწავლა-სწავლება) და ემოციები“, დენიელ გოლმანი ერთი მასწავლებლის ყოველდღური რიტუალის აღწერით იწყებს. მოსწავლეები მის კლასში წრიულად სხედან, თავისუფლად. მასწავლებელი სიის ამოკითხვას იწყებს და მოსწავლეების პასუხიც არ აყოვნებს:

— ჯესიკა…

— ათი. გადასარევად ვარ! პარასკევია.

— პატრიკ…

— ცხრა! ცოტას ვღელავ.

— ნიკოლ…

— ათი. ბედნიერი. სიმშვიდით სავსე.

ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვა, სწავლა-სწავლების პროცესის იქით მიმართვა, რომ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, ამოიცნონ საკუთარი და სხვისი ემოციები და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ, მრავალი სოციალური პრობლემის გადაჭრის ბუნებრივი გზაა. მეტი დრო დავუთმოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარების განვითარებას და ნაკლები — შინაარსების კონსერვირებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“