სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

პოეზია, როგორც აღმოჩენის სიხარული – თამარ ჟღენტის „წამისყოფა“

წლების წინ ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე 90 წელს მიტანებულ იაპონელ კაცზე, რომელსაც სუშის რესტორანი აქვს. ეს რესტორანი მთელ იაპონიაშია განთქმული და იქ მოსახვედრად წლობით ადრე უნდა დაჯავშნო ადგილი. მახსოვს თავად შეფმზარეულის სიტყვებიც, იმისთვის, რომ გემრიელი საჭმელი მოამზადო, ჯერ გემრიელი საჭმელი უნდა ჭამოო. ალბათ, ყველას გამოგიცდიათ ის წამი, კერძის გემო სუნთქვას რომ შეგიკრავს და აღმოგხდება: „მმმმ…“. იაპონურ ენაში თურმე ამ რეაქციის აღმნიშვნელი სიტყვაც არსებობს. შეფ-მზარეულის მიზანი სწორედ ეს ყოფილა – ამ მდგომარეობამდე მიიყვანოს რესტორნის სტუმრები. ამისთვის მან შეიმუშავა ძალზე ზუსტი და რთული სისტემა, სუშის რომელი სახეობა, რა ხერხით მომზადებული, რომელი სახეობის შემდეგ უნდა შესთავაზოს სტუმარს. აქედან ორი რამაა ცხადი: 1. კულინარია ხელოვნებაა, რომელიც მუზების იმედად კი არა, გონებრივი შრომით იქმნება; 2. ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი აუცილებელია, თუ გინდა სტუმრისთვის კერძი შთამბეჭდავი იყოს, დასამახსოვრებელი.

რატომ გამახსენდა ეს ახლა?

წიგნი ჩამივარდა ხელში, სწორედ ამ პრინციპით რომ არის დაწერილი – იქ ყოველი ლექსის ბოლოს სუნთქვა გეკვრება, რადგან რაღაც ისეთი აღმოაჩინე, რაც მანამდე არ იცოდი. ეს წიგნი თამარ ჟღენტის პოეტური კრებული „წამისყოფაა.“

„წამისყოფა“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა „ინტელექტმა“. მიუხედავად ამისა, მასზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. ამიტომ ჩემი ეს წერილი ნაკლებად დეტალიზებული იქნება, ვიდრე ჩემი სხვა წერილები.

ამოვწერდი ციტატებს ზემოთ მოხმობილი თეზისის დასამტკიცებლად, მაგრამ საიდან უნდა ამოვწერო? ყველა ლექსი ასეთია, აღმოჩენის სიხარულს განგაცდევინებს. მაინც როგორ აღწევს ამ ეფექტს ავტორი?

ჩემი დაკვირვებით, უპირველესად, მხატვრული სახეებით. მეტაფორის ფლობა პოეტისთვის აუცილებელი რომ არის, ამაზე ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა. მეტაფორას შეუძლია, დაგვანახოს კავშირი საგანთა შორის; კავშირი, რომელიც ცხადია, მაგრამ გამოგვეპარა ან ცხადი არაა, იდუმალია და ამიტომ ჩვენ თავად ვერასოდეს დავინახავდით. თამარ ჟღენტი, ჩემი დაკვირვებით მეტაფორებს სწორედ ამ, მეორე ფუნქციით, იყენებს. „მეტაფორაში“ მარტივ ტროპს არ ვგულისხმობ, არამედ უფრო – აზროვნების წესს. აი, მაგალითი:

კრებულში არის ლექსი „გვირილა“. ალბათ, იცით ის უმოწყალო თამაში გვირილის ფურცლებით: ვუყვარვარ/არ ვუყვარვარ. ლექსის ამოსავალ წერტილად, მთავარ მოტივად სწორედ ისაა აღებული, მაგრამ ნახეთ, მერე რა ხდება:

„ღმერთმა იცის, რა ძნელია

მკვდრეთით აღმდგარი

შენს დათრგუნულ უარმყოფელთან

დახვრეტილი მაჯებით წარდგე,

ან ჰკითხო:

„სიმონ იონაჲსო,

გიყუარ მეა?“

 

ეს ღვთაებრივი ქმედებაა,

ადამიანს კი იმქვეყნიდან მობრუნებაზე

ბევრად ნაკლებად როდი უჭირს

გრძნობაში აღდგეს,

მოკლული გული გაიცოცხლოს,

განშორებულთან დაბრუნდეს და ნაგვემი ეგო

ნალურსმულივით დაანახოს“. (გვ. 29-30)

ბიბლიური ინტერტექსი შემოიჭრა, სიტყვის პოლისემიურობასთან შეთამაშებით („მოკლული გული გაიცოცხლოს“). საერთოდ, ბიბლიური, მითოლოგიური და ისტორიული სიუჟეტების დამუშავება კრებულში ხშირია. ავტორი მათ ყოველთვის უჩვეულო რაკურსით იყენებს („ის ერთი ცხვარი“, „ღვთისმშობლისადმი“, „ნათლისმცემელი“, „ახალი ადამი“, „წითელ პარასკევს წასაკითხი“, „Christmas Eve“, „სყიდვა“, „მალარია: P. Falciparum ანუ ალექსანდრე დიდის აღსასრული“, „სტამბოლი“, „არიადნეს ყმაწვილქალობა“). ლექსი „ის ერთი ცხვარი“, მაგალითად, შეიცავს ალუზიას დაკარგული ცხვრის იგავზე სახარებიდან (ლუკა 15:4-10). აი, როგორ პარადოქსულადაა ეს თემა ლექსში გაშლილი:

„მას შეუძლია ერთდროულად აგვირჩიოს ყველა ჩვენგანი,

ერთდროულად ჩაგვიკრას გულში

თანაბრად, მაგრამ მაინც ყველა – განსხვავებულად.

 

ხომ შეიძლება, რომ ღმერთს მართლა ასე ვუყვარდეთ:

ერთიც ყველაზე უფრო მეტად,

მეორეც ყველაზე უფრო მეტად,

მეასეც ყველაზე უფრო მეტად,

ყველა ყველაზე უფრო მეტად!“ (გვ. 14)

ზემოთ პოლისემიურობა ვახსენე და ამგვარი, ლინგვისტური თამაშებიც, კრებულის ერთ-ერთი მახასიათებელია. მიხვდებით, რას ვგულისხმობ, თუკი წაიკითხავთ ლექსებს: „თავის ხელში აყვანა“, „გადახარშვა“, „თვალის გასწორება“, „ვითომც აქ არაფერი“ და „დამთხვეულობა“.

იცით, რას ნიშნავს „თავის ხელში აყვანა“?

როგორ არა, – გაიფიქრებთ, – მაგაზე გაცვეთილი ფრაზეოლოგიზმი რაღა გინდაო. ამ განწყობით თუ ჩახედავთ ლექსს, პირველივე სტრიქონებიდანვე განცვიფრდებით:

„საკუთარო თავო,

ალბათ ვერასოდეს მაპატიებ

შენთან მოპყრობას

უსუსური და საბრალო ნაშვილებივით,

რომელიც დედამ

ვერ იქნა და ვერ შეიყვარა.

 

ხომ ხდება ხოლმე –

დედას დიდხანს რომ არ უჩნდება,

მერე აიყვანს

და უეცრად დაორსულდება.

მეც თითქმის ასე… “ (გვ. 34)

სულ სხვა „აყვანაზე“ ყოფილა საუბარი. „დამთხვეულობაშიც“ სიტყვის მრავალმნიშვნელობით თამაშობს ავტორი, ხოლო „გადახარშვა“, „თვალის გასწორება“ და „ვითომც აქ არაფერი“ გადატანითი მნიშვნელობით თქმული ფრაზის გაპირდაპირების, ლიტერარიზაციის მაგალითებია. ლექსში „ვითომც აქ არაფერი“ ეს გაპირდაპირება ირონიულ ელფერს იძენს:

„ჩვენ, ვითომც აქ არაფერო,

ჯერ კიდევ მაშინ გავარკვიეთ ურთიერთობა,

როცა ერთ ღამეს

თოვა დაიწყო,

გვიანიაო და ეზოში მე არ ჩამიშვეს:

  • რომ გათენდება, იგუნდავე, რამდენიც გინდა.

 

დილით კი, როცა ფანჯრიდან გავიხედე,

აღმოჩნდა, რომ

თბილისის ზამთარს

თოვლი გაედნო

მზეს კი თავი ისე ეჭირა

(მზეზე მეტად ჩემს მზრუნველ მშობლებს),

რომ იფიქრებდი – დიახ, ვითომც აქ არაფერი… […]

 

უბრალოდ, მაინც დავაზუსტებ:

თუ შენ, ვითომც აქ არაფერო,

გამოგიგონეს სურვილების დასავიწყებლად, –

მწარედ შემცდარან.

თუ დასათრგუნად მოგიფიქრეს, – ტყუილად დაშვრნენ…“ (გვ. 158).

ალბათ, უკვე დაგეუფლათ ის განცდა, დასაწყისში რომ ვახსენე – აღმოჩენის სიხარულის. ახლა ლექსის ფინალი ნახეთ:

„სულ ყველაფრის მიუხედავად,

საწადელს ველი ისე,

ვითომც აქ არაფერი…“ (გვ. 159).

ენასთან ამგვარი სიახლოვე ლექსების ვერსიფიკაციულ მხარეშიც ჩანს, რომელიც ცალკე კვლევის საგანია. კრებულში უხვად შემოგხვდებათ ორიგინალური, არაზუსტი რითმის მაგალითები (სარითმო ერთეულები ხაზგასმულია):

„ნეტა წუილით თუ შეწუხდა

მაკედონელი?

აკი დრო ნელა[1]

გადის ხოლმე, როცა სიცხეა,

 

როცა გლოვაა – ჰეფესტიონ!

ბაბილონიდან

საფირონები

გაიზიდა აურაცხელი“. (გვ. 85)

ამასთან, ლექსის რიტმი მის შინაარსს ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია „სიმდი“:

„ცერებზე,

წელში გაჭიმული,

მხრებში გამართული ლაღად.

ჩოხა-ახალუხი

მოგრძო სახელოთი,

თავი აწეული მაღლა.

 

სწორ ხაზზე,

სვლაში აგზნებული,

მზერა ანთებული ლახვრად;

წოწოლა ქუდები,

არწივის ტანებთან,

მკლავის მოზიდვა და დახრა“. (გვ. 47)

ეს, ალბათ, მხოლოდ ლექსში შეიძლება – რომ არამხოლოდ აღწერამ, არამედ სიტყვების მუსიკამ თვალწინ სურათი წარმოგისახოს, თანაც – მოძრავი სურათი ისე, რომ ამ მოძრაობის ტემპი და განწყობილებაც შეიგრძნო.

„წამისყოფაში“ შემავალი ლექსები, საერთოდ, კინემატოგრაფიულია – ჩვენ თვალწინ ერთი ხელის მოსმით ჩნდება კადრები, რომლებიც, გარდა თავისი თავისა, კიდევ რაღაცას აღნიშნავს. „ამსოფლად“ ამისი კარგი მაგალითია:

„წევს და რაღაცას უყურებს ძაღლი.

რა მარტივია!

ვიღაცის ბავშვი ჭასთან ჭიჭყინებს,

ვინ აუკრძალავს ჭრიჭინს ჭრიჭინებს,

სახლში ტირიან…

 

ნახირი მოდის და ბოლო ღამეც,

ხვალიდან – მიწა.

ჭირისუფლები ბუხართან სხედან,

ვინ ამოიშლის გულიდან ხელად

მას, ვინც აქ იწვა?

 

საკვამურიდან ამოდის ბოლი…

მწიფე ვენახი…

მამალი ყივის, ბავშვებს მოშივდათ,

მეზობლის სახლში გრძნობენ ოხშივარს.

აფსუს ვერ ნახე,

 

როგორ ჩავიდა სხივი ფანჯრიდან…

ნეტა რა გვრჯიდა,

როცა გავჩნდით, ქვეყნად მოვედით?!

უყურებს ძაღლი:

რა მარტივია,

რა ლამაზია

ადამიანი

ამაოებით!“ (გვ. 24)

აქ მოკლე-მოკლე ფრაზებითაა დახატული ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი, ყოფითი სცენები. რითმის, ალიტერაციისა და რიტმის წყალობით, ჩვენ ამ სურათებს არამხოლოდ ვხედავთ, არამედ ისინი გვესმის კიდევაც: „ვიღაცის ბავშვი ჭასთან ჭიჭყინებს, /ვინ აუკრძალავს ჭრიჭინს ჭრიჭინებს“ (ხაზი ჩემია – ნ.ა.). ფინალში კი ფიზიკური განზომილებიდან მეტაფიზიკურში გადავდივართ და ვიაზრებთ, რომ ეს სცენები აღსანიშნები კი არა, აღმნიშვნელებია.

მაგრამ მხოლოდ ასეთი ლაკონიური მონასმები როდი ახასიათებს კრებულში შემავალ ლექსებს, არა, ზოგ ლექსში ჭარბადაა თხრობითი ნაკადი (მაგალითად, „ბავშვი დედების გამო“, „სასწორი“, „ასე და ამგვარად“). ამასთან დაკავშირებით, ერთ რეცენზიაში აღინიშნა, ავტორი ნამდვილად ცდის პროზის წერასაც, ლექსში კი, უმჯობესია, წერტილი დროულად დაისვასო. მე, პირიქით, ღირსებად ჩავთვლიდი ლექსების ამ თვისებას – თხრობითობას, რადგან თანამედროვე ლიტერატურა, ჩემი დაკვირვებით, ვეღარ ჰგუობს საზღვრებს. ლიტერატურის დაყოფა-დახარისხება – ეს ბაზრის გარდაუვალი მოთხოვნაა. იმისთვის, რომ გამომცემელი ტექსტით დაინტერესდეს, მან უნდა იცოდეს, როგორია ეს ტექსტი, მისი გამომცემლობის ნიშას თუ შეესაბამება. საზღვარგარეთ იშვიათია, მე ვიტყოდი, შეუძლებელიც, რომ პროზასა და პოეზიას ერთი და იგივე გამომცემლობა ბეჭდავდეს. ამრიგად, საზღვრის მოშლა მათ შორის შეგვიძლია, გავიაზროთ, როგორც ჯანყი ლიტერატურული ბაზრის კომერციული პოლუსის წინააღმდეგ კულტურული პოლუსის სასარგებლოდ. შედეგად ვიღებთ ტექსტს, რომელსაც ვერ მოაქცევ ვერცერთი კატეგორიის მარწუხებში.

დაბოლოს: „წამისყოფა“ თემატურად ძალზე მრავალფეროვანია: გარდა ზემოთ ნახსენები ბიბლიური, ისტორიული და მითოლოგიური სიუჟეტებისა, აქ არის ისეთი ლექსებიც, ბავშვობაში რომ გადაგტყორცნის („საძინებელი“, „მოხალული მზესუმზირა“, „ემიგრანტობის ბლუზი“), არის ემოციურად მძაფრი და უმძიმესი ლექსებიც უკრაინის ომის თემაზე („ომს აქვს ქალის სახე“, „მათი სამოსია ჰორიზონტი“). ამის მიუხედავად, კრებული მაინც ერთიანია ანუ ჩვენ შეგვიძლია, ავტორის სტილზე ვილაპარაკოთ. ეს კი პოეზიის ქვეყანაში დაბადებული პოეტისთვის აუცილებელი ღირსებაა.

 

[1] უნდა ვაღიარო, რითმა მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა ავტორმა ეს ლექსი თავად წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ამან ტექსტების საჯაროდ კითხვის მნიშვნელობაზე დამაფიქრა, თუმცა ეს უკვე სხვა წერილის თემაა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი