სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირების უნარების გამომუშავებაში

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მიზანი კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებაა. კრიტიკული აზროვნება გულისხმობს მტკიცებულებებისა და დამაჯერებელი არგუმენტების ჩამოყალიბებას, თანაც ისე, რომ სხვის გამოცდილებას ვერ გამოიყენებ. არგუმენტირების (შესაფერისი არგუმენტებითა და მაგალითებით საკუთარი მოსაზრების დასაბუთების) უნარი ცნების შინაარსის განხილვაშიც ეხმარება მოსწავლეს, რითაც ხელს უწყობს კომპლექსურ დავალებებზე შემოქმედებითად მუშაობას და აკადემიური წარმატების მიღწევას. ეს მნიშვნელოვანი უნარი კი სასწავლო პროცესში უნდა გამოიმუშაოს მოსწავლემ, რაშიც მას მასწავლებელი უნდა დაეხმაროს.

 

არგუმენტირებაზე მუშაობა სწავლის დაწყებით საფეხურზევე იწყება და მისი სრულყოფა, ცოდნის შეძენასთან ერთად, საფეხურებრივად გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე მასწავლებელმა თავად დასვას შეკითხვა: როგორ განვუვითარო ეს უნარი მოსწავლეს? როგორ ვასწავლო? რით დავიწყო?

სასურველია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს არგუმენტირების ალგორითმი და ნაბიჯ-ნაბიჯ წაიყვანოს მოსწავლე წარმატებისკენ.

 

არგუმენტირების ალგორითმი

I ეტაპი – მოქმედების გეგმის გაცნობა

პირველი ნაბიჯი – მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს, მუშაობა დაიწყოს ავტორის პოზიციის ფორმულირებით, მაგალითად: „ავტორი დაასკვნის, რომ…“, „ავტორი მიიჩნევს, რომ….“, „ავტორის პოზიცია ასეთია…“, „ავტორი ცდილობს, აგვიხსნას, რატომ…“

მეორე ნაბიჯი – მასწავლებელი სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით ეხმარება მოსწავლეს, ღრმად გაიაზროს ტექსტი და შემდეგ სთავაზობს, იმუშაოს ავტორის პოზიციის მიღებაზე /გაზიარებაზე/დათანხმებაზე ან პირიქით – უარყოფაზე (ვერ მიიღებს ავტორის აზრს/ვერ დაეთანხმება ავტორს/ვერ გაიზიარებს მის შეხედულებას) შემდეგი ფორმულების მეშვეობით: „მე ვეთანხმები (არ ვეთანხმები) ავტორს იმიტომ, რომ…“, „ძნელია, არ დაეთანხმო ავტორის მოსაზრებას იმიტომ, რომ…“

დავალების შესასრულებლად მოსწავლეს უკვე განხილული აქვს ტექსტი და, შესაბამისად, ეყრდნობა შემდეგი ტიპის ინფორმაციას:

  • ექსპლიციტურს (ავტორი მკაფიოდ წარმოაჩენს და ხსნის თავის პოზიციას);
  • იმპლიციტურს (ავტორის პოზიცია პირდაპირ არ იკვეთება ტექსტში, მაგრამ მთლიანობაში ის ტექსტის ენით, რიტორიკული შეკითხვებით და ა.შ. საკმაოდ მკაფიოდ ავლენს პრობლემისადმი საკუთარ დამოკიდებულებას);
  • თეზისს (რომელიც მკაფიოა, ცხადია, ნათელია და უცვლელად გასდევს მთელ ტექსტს).

მესამე ნაბიჯი:

  • არგუმენტების მოყვანა (არანაკლებ 2 არგუმენტისა) და საკუთარი მოსაზრების დაცვა (რისთვისაც სასურველია შესაბამისი მასალის /ლიტერატურის დამოწმება).

შედეგების ჩამოყალიბებას, დასკვნების გამოტანას არ ითხოვს დავალების პირობა, მაგრამ მოსწავლეს უნდა ახსოვდეს, რომ დავალებას უნდა ჰქონდეს დასრულებული ფორმა, რისთვისაც საჭიროა ნაშრომის ლოგიკური დაბოლოება. ეს შეიძლება იყოს არა მარტო ზოგადი შედეგების ჩამოთვლა, დასახელება, არამედ პრობლემის გადაჭრის გზების ჩვენებაც, მითითება შემდეგ მოქმედებაზე, რაც სასურველად მიაჩნია მოსწავლეს პრობლემის გადასაჭრელად.

 

II ეტაპი

რაც შეეხება არგუმენტირების ეტაპს – მასწავლებელი მოსწავლესთან ჯერ ამუშავებს ცნებას „არგუმენტაცია“ და შემდეგ გადადის „არგუმენტის ტიპებზე“.

მასწავლებელი განიხილავს ცნება „არგუმენტს“ შემდეგ კონტექსტში:

ა) ზოგადი ნაწილი: არგუმენტი – ეს არის საბუთი, რომელიც მოჰყავთ რამის დასამტკიცებელად; მსჯელობა ან მსჯელობათა სისტემა, რომელსაც იშველიებენ რაიმე სხვა მსჯელობის ან მსჯელობათა სისტემის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად;

ბ) დასაბუთების წინაპირობა, დასაბუთების საბუთი, საფუძველი. ზოგჯერ არგუმენტს უწოდებენ მთელ დასაბუთებასაც.

 

არსებობს 3 ტიპის არგუმენტები:

  1. ლოგიკური (რაციონალური) არგუმენტები: ფაქტები (რომლებიც გადმოცემულია წინადადებებით; სამეცნიერო მუშაობის შედეგები (თეორიები, ჰიპოთეზები, აქსიომები და ა.შ.); სტატისტიკური ინფორმაცია, ანუ რაოდენობრივი მაჩვენებლები (მაგალითად, საბრძოლო შენაერთების რაოდენობა; საზოგადოების წევრთა რიცხოვნობა და სხვ.), საქმის ვითარების ობიექტური მაჩვენებლები (მაგალითად, ხმელთაშუა ზღვა შავ ზღვაზე დიდია), ბუნების კანონები, იურიდიული კანონები, ოფიციალური დოკუმენტები, დადგენილებები, ნორმატიული აქტები (ანუ ისინი, რომელთა შესრულება აუცილებელია);
  2. წყაროზე დაფუძნებული არგუმენტები: ექსპერიმენტებისა და ექსპერტიზის მონაცემები; მოწმეთა ჩვენებები; წყაროდან მოყვანილი ციტატები; მაგალითები ცხოვრებიდან ან მხატვრული ლიტერატურიდან; ცნობილი, პატივსაცემი ადამიანების მოსაზრებები; საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებსა და ქცევის წესებზე;
  3. არგუმენტაციის მნიშვნელოვანი ელემენტია ილუსტრაცია/ დემონსტრაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აბსტრაქტული ცნება წარმოვადგინოთ ვიზუალური სახით, მაგალითით. ის ამყარებს არგუმენტს და დასკვნის გამოტანაში გვეხმარება. ეს შეიძლება იყოს:
  • კონკრეტული მაგალითი (ძირითადად – ცხოვრებისეული, რომელიც მიგვითითებს, რომ ეს ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო);
  • ლიტერატურული მაგალითი (ნაწარმოებიდან, ტექსტიდან მოყვანილი მაგალითი);
  • შესაძლო მაგალითი (რომელიც მიგვითითებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გარკვეული პირობების შემთხვევაში).

მაგალითად, არგუმენტი: „ხანდახან ადამიანის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ შეიძლება უფრო მეტი გვითხრას ამ ადამიანის შესახებ, ვიდრე მისი ჩაცმულობის ან გარეგნობის აღწერამ. ამიტომ არის, რომ ავტორი ყურადღებას ამახვილებს პერსონაჟის სიტყვებზე როგორც მისი ხასიათის გასაღებზე“.

მოცემული არგუმენტის ილუსტრაციის/დემონსტრაციის შესაძლო ვარიანტი:

„ჩემს ახლობლებს შორის არავის აქვს უხეში ენა. ან ვის გაუხარდება ასეთი ნათესავის ყოლა? მაგრამ შემიმჩნევია, რომ ადამიანები თითქოს სიტყვით გეფერებიან, სინამდვილეში კი მოგებაზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე შენზე“.

დასკვნა: მაშასადამე, „ყველაზე უკეთესად ადამიანები თავიანთი სიტყვით, ენით შეიცნობიან“.

III ეტაპი – არგუმენტაციის ხერხების გამოყენება. ამ ეტაპის დასაწყისში მასწავლებელი მაგალითებს ტექსტიდან არჩევს:

 

არგუმენტი, რომელიც დაფუძნებულია: მიზანი გამორჩეული მახასიათებლები მაგალითები
მაგალითზე
ილუსტრაციაზე/დემონსტრაციაზე
ნიმუშზე (დადებითზე ან უარყოფითზე)

 

IV ეტაპი – არგუმენტების შერჩევა. ამ დროს:

ა) თავდაპირველად მასწავლებელი მოსწავლეებს არგუმენტების შერჩევაში ეხმარება, მერე კი მოსწავლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ.

მაგალითად, გვაქვს ასეთი თეზისი: „დასავლეთ საქართველოში თბილი ზამთარი იცის“. მოსწავლეეებს ვაძლევთ შეკითხვას: „რითაა განპირობებული, რომ დასავლეთ საქართველოში ზამთარი თბილია?“ მოსწავლეები გაიხსენებენ დასავლეთი საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიულ მახასიათებლებს, შავი ზღვის ფაქტორს, წყლის წრებრუნვას და კითხვას უპასუხებენ.

დასკვნა: „ამგვარი ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ ბევრი იყოს. მიზეზები, ცხადია, დედამიწის ზოგად აგებულებაშია. მთავარია, მათგან ყველაზე არსებითის, ფაქტსა და მოვლენასთან ყველაზე ახლოს მყოფის, ყველაზე შესაბამისის დასახელება“.

ბ) მნიშვნელოვანია ცნების შესაბამისი აზრობრივი ნიმუშების მიწოდებაც, შემდეგში კი მოსწავლეებს პასუხების მიგნება აღარ გაუჭირდებათ, მაგალითად:

 

ნიმუში ცნება
1. თხრილი ა) ცოდნის შეძენისკენ მისწრაფება
2. ღრუბლიანი ცა ბ) ჩუმი იმედი
3. ტყის ხანძარი გ) საშიშროების შეგრძნება
4. ალპინისტი, რომელიც მწვერვალზეა დ) ტერორიზმი
5. ცეცხლის კვამლი შორს, მთაზე ე) ოცნება
6 ……………. ვ) …………….

 

ნიმუშის მიხედვით არგუმენტის დასაბუთების /უარყოფის მაგალითია შემდეგი სახის დავალებაც:

დაფიქრებულხართ, რა შინაარსს დებენ ადამიანები სიტყვებში „კარგი ადამიანი“? რას ნიშნავს ეს სიტყვები თქვენთვის? როგორ გესმით ისინი? დაწერეთ თქვენი აზრი ამის თაობაზე. მოიფიქრეთ თეზისი, რომელსაც დაიცავთ, დაასაბუთებთ. თქვენთვის ცნობილი ადამიანებიდან (მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები…) რომელს უწოდებდით „კარგ ადამიანს? რატომ?

 

V ეტაპი – არგუმენტირებისას დაშვებულ ტიპურ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება:

  • არგუმენტირებისას დაშვებულ შეცდომებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ტავტოლოგია, არგუმენტების ჩანაცვლება ახსნა-განმარტებით და მაგალითის მაგივრად ტექსტის პერიფრაზირება (ნაწყვეტის მოყვანა/მოთხრობა);
  • მნიშვნელოვანია მტკიცებულების გაფორმებაც. ყოველი ახალი არგუმენტი უნდა დავიწყოთ აბზაცით (ამ გზით არგუმენტი ადვილად გვხვდება თვალში ნაშრომის გადახედვის დროსაც). სასურველია, არგუმენტი იწყებოდეს სიტყვებით: „უპირველესად… მეორე მხრივ… აქედან გამომდინარე…“, – რაც ხელს უწყობს ინფორმაციის ლოგიკურად დალაგებას და გადმოცემას.
  • თუ მოსწავლე ეთანხმება ავტორს, მათი თეზისები ერთმანეთს დაემთხვევა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ავტორისეული არგუმენტების ნაცვლად, თავისი არგუმენტი უნდა მოიყვანოს.

VI ეტაპი – პოზიციის გამოხატვა, როდესაც ავტორს არ ვეთანხმებით:

  • ავტორისგან განსხვავებული პოზიცია მოსწავლეებს იშვიათად აქვთ (ან ეშინიათ, გაურბიან „სუსტ“ არგუმენტებს, ან უბრალოდ არ უპირისპირდებიან ავტორის მოსაზრებას), თუმცა ეთიკური ნორმების დაცვით მოსწავლეს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა, მაგალითად, ასეთი ფორმულირებით: „ძნელია, არ დაეთანხმო ავტორს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომლებიც…“, ან „ძირითადად ვიზიარებ ავტორის პოზიციას, მაგრამ მინდა შევნიშნო, რომ…“, „ავტორს მხედველობიდან გამორჩა, რომ…“

ასეთ დროს არგუმენტი შეიძლება ასეთი კონსტრუქციის იყოს: „როგორც ვხვდები… ჩემი აზრით…“ – და ა.შ.

  • იმისთვის, რომ მოსწავლეს თავისი აზრის გამოხატვა მოუნდეს, სასურველია, შევთავაზოთ ტექსტები, სადაც ავტორის მოსაზრებების ერთმნიშვნელოვნად მიღება ძნელია.

ამავე მიზნით შეიძლება, მოსწავლეს ასეთი დავალებაც შევთავაზოთ:

  • მოიყვანეთ არანაკლებ ორი არგუმენტისა:

ა) თეზისის დასამტკიცებლად; ბ) თეზისის უარსაყოფად;

  • მოყვანილი მტკიცებულებების/უარყოფის საფუძველზე გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

VII ეტაპი – ტექსტთან მუშაობა და თხზულების დამოუკიდებელი ანალიზი:

  • მასწავლებელი მოსწავლეებს ექსპერტის მოვალეობის შესრულებას სთავაზობს, მასალად კი ისინი საკუთარ თხზულებებს გამოიყენებენ. უფრო უკეთესია ორი ვარიანტის გამოყენება – მასწავლებლის მიერ შემოწმებულისა და შეუმოწმებლის. მოსწავლე:
  • ინდივიდუალურად/ჯგუფში განიხილავს ჯერ შეუმოწმებელ ნამუშევარს, მერე კი მასწავლებლის მიერ შემოწმებულს;
  • მომდევნო ეტაპზე თავის ვარიანტს შეადარებს მასწავლებლის მიერ შემოწმებულს;
  • დასკვნის გამოტანისას ხელახლა გადახედავს მოყვანილ არგუმენტებს და განიხილავს ტექსტთან მათ შესაბამისობასა და სისწორეს.

ცხადია, არგუმენტირების უნარის გამოსამუშავებლად დროა საჭირო. სასურველია, მასწავლებელმა მას სისტემატური ხასიათი მისცეს, დაიწყოს მარტივი ტექსტებითა და მარტივი არგუმენტებით და თანდათან მიაღწიოს სასურველ ფორმატს. მთავარია, რომ ამ გზით მოსწავლეს გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირების უნარები, რაც მნიშვნელოვანი პირობაა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“