პარასკევი, აპრილი 24, 2026
24 აპრილი, პარასკევი, 2026

სინქრონული მთარგმნელი და თუთიყუში

0

არაერთხელ თქმულა, რომ უცხო ენის შესწავლა უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ზოგს წერა ურთულდება, ზოგს – მოსმენილის გაგება, დანარჩენებისთვის კითხვა ან დაუსრულებელ სიტყვათა მარაგის შევსებაა რთული, უმეტესობას კი შესწავლილ ენაზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ურთულდება.

 

სიმართლე ისაა, რომ ეს უკანასკნელი მართლაც თითქმის ყველასთვის პრობლემაა, ვისაც შესასწავლ ენაზე საუბრის ყოველდღიური პრაქტიკა არ აქვს. ჩემი მასწავლებლობის განმავლობაში უამრავი მოსწავლე მინახავს, რომელთაც გასაგიჟებლად დიდი ლექსიკური მარაგი ჰქონია, თუმცა როცა საუბარზე მიდგებოდა საქმე, სიტყვებს სწორად ვერ ალაგებდნენ. შევხვედრივარ მოსწავლეებს, რომლებიც საკმაოდ ჩახლართული ტექსტების გასააზრებელ დავალებებს სრულყოფილად ასრულებდნენ, მაგრამ ზეპირად ვერაფრით გადმოსცემდნენ, რაზე იყო ტექსტი. ამ ყველაფრის მიზეზი პირველ რიგში ნაკლები სასაუბრო პრაქტიკაა, რომელსაც თავის მხრივ უამრავი პატარა პრობლემა ახლავს თან – იქნება ეს საგაკვეთილო პროცესის 100%-ით ქართულად წარმართვა, თუ ის, რომ არ ხდება უცხო ენაზე არაფრის მოსმენა.

 

ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, რომ ჩვენ, მასწავლებლები, რატომღაც მუდამ უფრო კონცენტრირებული ვართ კითხვაზე, გრამატიკაზე, დავალებებზე, წერაზე და ნაკლებად – სასაუბროსა და მოსასმენ სავარჯიშოებზე. შეიძლება ვიუაროთ, თუმცა თუ გულზე ხელს დავიდებთ, გაგვახსენდება, რომ, პირობითად, თუ გვაქვს ორი სავარჯიშო, გრამატიკული და სასაუბრო, და დროის სიმცირის გამო მათგან ერთ რომელიმეზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, დარწმუნებული ვარ, გრამატიკულ სავარჯიშოს არავინ გამოვტოვებთ. სასაუბრო კი რატომღაც მოიცდის.

 

გარკვეულწილად ეს ჩვენც სწორედ სკოლიდან გვაქვს წამოყოლილი. რამდენად შორსაც არ უნდა წავიდეთ, რამდენადაც არ უნდა განვვითარდეთ, თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენში ჩუმად მუდამ ცოცხლობს ის მეთოდები, რომლებითაც ჩვენ გვასწავლიდნენ, ჩვენ კი (უმეტესობას მაინც), საუბარს არ გვასწავლიდნენ. ახლა უცხო ენის ამ მეთოდით სწავლებას უნდა ვებრძოლოთ ყველაზე მეტად.

 

ისევე როგორც სპელინგის შემთხვევაში, ინტერნეტსივრცე სავსეა უამრავი სახალისო თამაშითა და აქტივობით, რომლებიც გაკვეთილზე შეიძლება დავიხმაროთ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი ისაუბრონ. თუმცა ინტერნეტსივრცის გადაქექვის გარეშეც შეიძლება პერიოდულად თავში უამრავი იდეა მოგვივიდეს. სწორედ ასეთ იდეებს უნდა მივდიოთ, თუკი გვსურს, რომ ბავშვებისთვის სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო სახალისო გავხადოთ.

 

ერთ-ერთი გაკვეთილის მიმდინარეობისას, მეოთხეკლასელებს ვთხოვე, მოეყოლათ, რა გადახდათ თავს საგაზაფხულო არდადეგების დროს. ცხადია, ეს ინგლისურ ენაზე უნდა გაეკეთებინათ. მათ შორის, რასაკვირველია, იყვნენ ისეთები, ვისაც დაფიქრება არაფერზე დასჭირვებიათ, სასწრაფოდ აწიეს ხელი. ნაწილმა პირველობისგან თავი შეიკავა, რადგან დაფიქრება და წინადადებების დალაგება სურდა გონებაში, ნაწილმა კი სრული პასიურობა გამოავლინა და ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, შემომთავაზა – ქართულად გეტყვითო. როგორც აღმოვაჩინე, მე იმ მასწავლებელთა კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებსაც მოსწავლეების ამბებისა და თავგადასავლების მოსმენა და შეგროვება მუდამ უყვარს და არცერთ ენაზე არ ეზარება. თუმცა, ამ შემთხვევაში, სხვა გზა არ მქონდა, რამე უნდა მომეფიქრებინა, რომ კლასის „მას, ქართულად ვიტყვი რა“ ნაწილს რამენაირად სიმორცხვე დაეძლია და ეცადა, ინგლისურად ესაუბრა.

 

იმ მომენტში ერთ-ერთ მოსწავლეს დავთანხმდი, მოეყოლა ქართულად თავისი ამბავი, თუმცა კლასს ვთხოვე, რომ სინქრონული მთარგმნელი გამოეყო (ვინ იცის, იქნებ ვინმეს მომავალი პროფესიაც კი ვაპოვნინოთ). ასე და ამგვარად დაფასთან ორი მოსწავლე აღმოჩნდა, მთხრობელი და მთარგმნელი. მთხრობელს ვთხოვე, რომ ყველაფერი გაემეორებინა, რასაც მთარგმნელი იტყოდა, თითქოს თუთიყუში იყო. პროცესით ძალიან ვიხალისეთ, აღმოჩნდა, რომ კლასში ბევრი გვყოლია სინქრონული მთარგმნელობის მსურველი. ასე და ამგვარად, ხალისის პარალელურად სხვა მოსწავლეებმაც დაძლიეს სიმორცხვე და ნელ-ნელა შეეცადნენ ინგლისურად ესაუბრათ.

 

ამ ამბის შემდეგ ამ მეთოდს სხვა დროსა და სხვა კლასებშიც მივმართე. როდესაც მოსწავლეები განსაკუთრებით დაიჟინებდნენ, რომ ამა თუ იმ თემაზე საუბარი ინგლისურად არაფრით არ შეეძლოთ, ჯერ სინქრონულ მთარგმნელთან ერთად ცდილობდნენ გაემეორებინათ წინადადებები. მერე კი დამოუკიდებლად შეუდგებოდნენ იმის თხრობას, რაც უკვე ნათარგმნი და ერთხელ გამეორებული იყო. ამ დროს სინქრონული მთარგმნელის როლმორგებული მოსწავლეც არანაკლებ ვარჯიშდება საუბარში.

 

გარდა ამ სახალისო აქტივობისა, საგაკვეთილო პროცესში ხშირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მეთოდები, როგორებიცაა, ე.წ. როლური თამაშები, დიალოგები, კითხვა-პასუხის რეჟიმი, would you rather ან have you ever კითხვარი, სიტყვების სხვა სიტყვებით ახსნა გამოცნობისთვის და ა.შ.

ამ და სხვა უფრო მეტი საინტერესო აქტივობების მოსაძიებლად კი აუცილებლად ესტუმრეთ ქვემოთ მოცემულ ლინკებს.

 

„How The One-Armed Sister Sweeps Her House“ – შერი ჯონსი და მისი „გამოტოვების პოეტიკა“

0

ამ წერილში საერთაშორისო სამწერლო პროგრამის (IWP) შარშანდელი მონაწილეებიდან ერთს გაგაცნობთ – ეს ბარბადოსელი მწერალი, შერი ჯონსია.

ორიოდე სიტყვა თავად ავტორზე ვთქვათ: შერი პროფესიით იურისტია, თუმცა შეფერდის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი შემოქმედებითი წერის მიმართულებით მიიღო. წერა კი მოკლე-მოკლე მოთხრობებით დაიწყო (ე.წ. Flesh fiction- პროზაული ტექსტი, რომლის მოცულობაც 300 სიტყვას არ აღემატება). ამ მცირე ამბებს სიურრეალისტური ელფერი დაჰკრავს და ისევე სასტიკად და პირუთვნელად გადმოსცემს სიმართლეს ჩვენს სამყაროზე, როგორც მისი პირველი რომანი „How The One-Armed Sister Sweeps Her House“. ერთ მათგანზე ანიმაციაც არის გაკეთებული, რომელიც აქ შეგიძლიათ, ნახოთ:

ჩვენ კი საუბარი შერის სადებიუტო წიგნზე გვექნება, რომელიც ძალზე პრესტიჟული პრემიის „Women’s Prize for Fiction“ („ქალთა ჯილდო მხატვრულ პროზაში“) მოკლე სიაში მოხვდა და რომელსაც თანამედროვე ლიტერატურის ისეთი ვარსკვლავები აფასებენ დადებითად, როგორებიცაა: ბერნარდინ ევარისტო, მარკ ჰედონი და მეგი ო’ფარელი.

წიგნის სათაური სიტყვა-სიტყვით ასე გადმოითარგმნება: „როგორ გვის ცალხელა და თავის სახლს“. მისი გასაღები კი რომანის პროლოგშივეა – აქ უილმა პროტაგონისტის, ლალას, ბებია, შვილიშვილს აფრთხილებს, რომ ღამით ქუჩაში წანწალს უნდა მოეშვას (ლალა შინ გვიან ბრუნდება, რის მიზეზსაც წიგნის შუაში შევიტყობთ. პროლოგიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ლალას ბაბუა წევს საავადმყოფოში და უილმა მის სანახავად დადის). თავისი დარიგების განსამტკიცებლად კი უყვება ამბავს ორ დაზე: ორივე სოფლის ვიკარის შვილი ყოფილა. ერთი დამჯერი იყო და ყველაფერში ემორჩილებოდა მშობლებს, მეორე კი – არა. სწორედ ამ ამბავში ჩნდება პირველად გვირაბები, მოგვიანებით რომანის უმნიშვნელოვანეს ქრონოტოპად რომ იქცევა. გვირაბების სისტემა ჯარისკაცებს გაუყვანიათ ომისას. ეს ლაბირინთია, იქ შესვლა საშიშია. ამიტომ ვიკარის ცოლი თავის ქალიშვილებს აფრთხილებს, გვირაბებში ურჩხული ცხოვრობს, არ გაეკაროთ, მით უფრო – ღამითო. უმცროსი ქალიშვილი დაუჯერებს, უფროსი კი იფიქრებს, სისულელეა, გვაშინებენო. მისთვის საშიში თავგადასავალი ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია და არა – საფრთხის შემცველი. და აი, ერთ ღამესაც ის გვირაბში შედის.

შემდეგ, უილმას მონათხრობის მიხედვით, მას პატარა ბიჭი იპოვის. ბიჭი ხედავს, როგორ ცდილობს გოგო გვირაბიდან გამოსვლას, მაგრამ რაღაც ძალა უკან ეწევა. ბოლოს გოგოს გამოიყვანენ, ოღონდ დასისხლიანებულს, გულგახეთქილსა და მძიმედ დაშავებულს – ურჩხული ხელს მოაჭამს.

ლალა გაბეზრებული უსმენს ბებიის მონათხრობს – უკვე ცამეტი წლისაა და სწყინს კიდეც, ბებიამისს რომ ჰგონია, ასეთ სისულელეს დააჯერებს. მერე ამბობს:

„რავი, დავიფიცებ, რო ცალხელობა ეგეთი ცუდიც არაა. მაგ გოგოს მაინც შეუძლია ყველაფერი, რაც სხვებს: შეუძლია, ქმარიც იშოვოს, შვილებიც გააჩინოს და სახლიც ჰქონდეს თავისი“.

უილმა უპასუხებს:

„შე შტერო, მერე მაგ სახლს როგორ დაგვის?!“ (თარგმანი აქაც და ქვემოთაც ჩემია – ნ.ა.).

ეს ფრაზა მთელი რომანის გასაღებია – რომანი ხომ იმაზე გვიყვება, როგორ იქცევა ერთ დროს მეამბოხე გოგო მორჩილ ქალად, რატომ ხდება, რომ ქალებს ეს ემართებათ და ძალადობას ვერაფერს უპირისპირებენ. არის მხოლოდ დუმილი და მოძალადე კაცისთვის თავის დახრა.

წიგნი ლალას მშობიარობის სცენით იწყება. ლალას სისხლდენა აქვს და ქმარს ეძებს, ეიდენს, რომელსაც, როგორც მუდამ, არც ახლა დაუბარებია, რა საქმეზე წავიდა. ეძებს კარდაკარ, რადგან ეიდენი სულ ერთი საათის გასულია და პლაჟს ვერ გასცდებოდა. ეძებს და იპოვის: მდიდარი თეთრკანიანების სახლში, ხელში იარაღით, ქალის კივილის ფონზე. ეიდენი უხეშად და გინებით შემოისვამს მოტოციკლზე და კლინიკაში მიჰყავს. აქ ლალას ყურადღებას არავინ აქცევს – ის ხომ მშობიარეა. მშობიარობა კი ჩვეულებრივი ამბავია. მაშინაც, როცა სისხლისგან იცლები.

ეიდენი ცოლს ტოვებს და თავად ისევ გარბის სადღაც. ლალამ იცის, მისი ქმარი ქურდი რომაა, მაგრამ მკვლელი რომაა – ეს ახლა გაიგო. როგორც მოგვიანებით გამოირკვევა, ამ დროისთვის ეიდენს უკვე არაერთხელ უცემია ლალა. ლალა კი მაინც მასთან რჩება, რადგან ვერსად წავა – ბებია ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო და არ მიიღებს. ლალას ერთადერთი იმედიც (ამის შესახებ ტექსტში წაიკითხავთ) ეიდენს ამ დროისთვის უკვე ნაპოვნი და გამოყენებული აქვს.

რომანი დეტექტიურ ელემენტებს შეიცავს, ამიტომ მისი შინაარსის ყველა დეტალის გამხელა სწორი არ იქნება. შეგვიძლია, მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელს გავუსვათ ხაზი:

რომანში ყველა მთავარი პერსონაჟის პერსპექტივაა წარმოდგენილი – ასეა გადმოცემული ამბავი, მულტიპერსპექტიული თხრობით, არასწორხაზოვნად. როგორც თავად ავტორმა აღნიშნა ერთ-ერთ შეხვედრაზე, თხრობის ეს წესი ბარბადოსელი ხალხისთვის ჩვეული და ბუნებრივია. ამბებს იქ ასე ჰყვებიან: დაიწყებენ ერთი ადამიანის შესახებ, ახსენდებათ სხვა რამ და განაგრძობენ ამ სხვა რამეზე, ბოლოს კვლავ თხრობის მთავარ საგანს უბრუნდებიან. წიგნიც ამგვარ, წრიულ სტრუქტურას იმეორებს: ვიწყებთ ლალას ამბით, შუალედში ვეცნობით სხვა პერსონაჟების ამბებს და კვლავ ლალას ამბით ვასრულებთ.

რა არის ის, რაც ამ ამბებს ერთად აკინძავს?

ძალადობა – ეს გახლავთ ტექსტის თემა. ოღონდ ძალადობა აქ, უბრალოდ, ცალკეულ შემთხვევად კი არ არის წარმოჩენილი, არამედ სისტემად. ლალას ოჯახისთვის ეს მოვლენა, შეიძლება ითქვას, გენეტიკურია: ლალას დედა, ესმე, ბავშვობაში მამინაცვალმა გააუპატიურა, უილმამ, ლალას ბებიამ, ქალიშვილი არ დაიცვა. არადა, თავისი ქმრის არაჯანსაღი მიდრეკილების შესახებ იცოდა. ამის შემდეგ ესმე ბორდელში ხვდება, საიდანაც თავს ერთი კაცის წყალობით დააღწევს, რომელიც ვერ ეგუება ცოლის წარსულს და მოკლავს მას. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ესმე და მცირეწლოვანი ლალა უილმამ არ შეიფარა და დედა-შვილი იძულებული შეიქნა, ესმეს მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო. ის კი ლალას მამა არაა და ლალა არ უყვარს. საბოლოოდ, ლალას ბებია გაზრდის. ისიც, დედამისის მსგავსად, სახლში კი არა, ეზოს გაღმა, მომცრო ოთახში ცხოვრობს – მართალია, უილმას ქმარი მოხუცი და მოუძლურებულია, მაგრამ მისი ნდობა მაინც არ შეიძლება. უილმა ლალას ყველაფერს უკრძალავს და ყოველ ნაბიჯს უკონტროლებს. ლალაც თავის დასაღწევ ერთადერთ საშუალებად ქორწინებას ხედავს. ასე აღმოჩნდება იგი ეიდენთან.

ძალადობა მსჭვალავს თავად ეიდენის ამბავს, ასევე, ლალას პირველი შეყვარებულის, ტონის ამბავს. ძალადობაა ეიდენის მიერ მოკლული კაცის ცოლის, მირა უეილენის ამბავშიც. თუმცა ამ ყველა პერსონაჟს, გარდა იმისა, რომ ძალადობა გამოიარეს, კიდევ ერთი რამ აქვს საერთო – სიღარიბე. პერსონაჟები ვერ გაურბიან ძალადობას ან ძალადობის გზას სწორედ იმიტომ ადგებიან, რომ ყველა მათგანი დაბალი ეკონომიკური ფენის წარმომადგენელია. ყოველ მათგანს ან ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა სურს ან პირიქით – იძულებულია, ამის გამო ღირსების შემლახველ მოპყრობას შეეგუოს.

და, რაც მთავარია, ყველა ეს ამბავი სულის შემძვრელადაა მოთხრობილი: იქნება ეს ლალას მშობიარობის სცენა, თუ, ერთი შეხედვით, ყოფითი ეპიზოდი მირა უეილენის ცხოვრებიდან. საერთოდ, შერი ჯონსს აქვს გამაოგნებელი უნარი, მთელი ტექსტი ისე წაგაკითხოს, გული ხელით გეჭიროს. დიახ, რომანი ბრწყინვალედ იკითხება, მაგრამ ერთ-ორ დღეში მაინც ვერ ჩაამთავრებ – მეტისმეტი სისასტიკეა.

როგორ აღწევს ავტორი ამ ეფექტს?

თავად ამას ის „გამოტოვების პოეტიკას“ უწოდებს. შერი ჯონსმა, ვიდრე რომანს დაწერდა, ბარბადოსულ ლიტერატურაში ძალადობის რეპრეზენტაცია იკვლია. აღმოჩნდა, რომ ყველა ბარბადოსელი კლასიკოსის (რასაკვირველია, კაცის) ტექსტს, ამ მხრივ, ერთი მახასიათებელი აქვს – ძალადობის სცენები უკიდურესად დეტალურადაა აღწერილი. გრაფიკული აღწერის შედეგად კი პერსონაჟი ქალები მსხვერპლამდე დაიყვანებიან, თითქოს სუბიექტები სულ არ იყვნენ, თითქოს არაფერს განიცდიდნენ. შერი ჯონსს სწორედ ქალი პერსონაჟის განცდები აინტერესებდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ძალადობის სცენები ტექსტში არ აღეწერა.

მართლაც, გრაფიკულ აღწერას ვერსად ნახავთ. ხშირად მთხრობელი მხოლოდ მიგვანიშნებს ძალადობის ფაქტზე: მაგალითად, არსადაა აღწერილი, ეიდენმა ლალა თმით როგორ ათრია, სამაგიეროდ, აღწერილია, როგორ გაისწორა ლალამ თმა, რათა ის ადგილი დაეფარა თავზე, ეიდენმა სამუდამოდ რომ მოუშიშვლა.

მთელი ტექსტი ამ პრინციპით არის დაწერილი, თუმცა განსაკუთრებით დამზაფვრელი ალბათ მაინც ძალადობის ბოლო სცენაა – ის მთლიანად ეიდენის შინაგანი მონოლოგია. ეიდენი ლალაზე ბრაზობს, მის ფიქრებს შორის კი კურსივით წერია ხმაურის ამსახველი სახელზმნები: ბრაგუნი. ჭახანი. ტკაცანი, ა.შ.

რომანი სწორედ ამის ხარჯზე ხდება ბევრად შემზარავი. ავტორმა ისიც თქვა, მკითხველების უმეტესობა მეუბნება, ეს რა სასტიკი წიგნი დაგიწერია, ძლივს ჩავედით ბოლომდეო. შემდეგ დაუმატა, როცა ძალადობის სცენას არ აღწერ, მკითხველი გამოტოვებულ ადგილებს თავისი წარმოსახვით, თავისი შიშებით ავსებს და ამიტომაც აღიქვამს ტექსტს უფრო მძაფრადო.

თუმცა მხოლოდ „გამოტოვების პოეტიკის“ დამსახურება არ არის ეს სიმძაფრე – შერი ჯონსი ენის დიდოსტატია. მისი პოეტური ფრაზები, სპეციფიკური რიტმი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს – თუ კითხულობ, ბოლომდე მოცული ხარ ტექსტით. რიტმის რეგულირების კარგი მაგალითია 25-ე თავი. აქ ლალასა და ეიდენის თანაცხოვრების დეტალებს ვეცნობით, ისევ „გამოტოვების პოეტიკის“ გამოყენებით. ამ თავს რეფრენი აქვს: „How do you learn to love a man?“ – „როგორ სწავლობ კაცის სიყვარულს?“ და ყველა აბზაცი თავისებური პასუხია ამ კითხვაზე, მაგალითად:

„იქნებ კაცის სიყვარულს მორჩილებით სწავლობ. ასე რომ, არაფერს ამბობ, როცა შენმა ქმარმა მეტისმეტად ბევრჯერ მოყლუპა ვისკი, სიცილი უფრო ხმამაღალია, ხუმრობები – უფრო უხამსი, შენი ქმარი კი – უფრო დაუცველი ქალებისგან, ფარშევანგივით რომ გამოიყურებიან და სვავებივით რომ დასტრიალებენ თავს“. (გვ. 203)

ავტორის გამოცდილების გათვალისწინებით, ტექსტის ქსოვილის ასეთი ფლობა გასაკვირი არაა – აკი ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ შერი ჯონსს მაგისტრის ხარისხი აქვს შემოქმედებით წერაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ განათლება, ენის შეგრძნება, ენაზე მუშაობა მწერლისთვის და, მით უფრო, თანამედროვე მწერლისთვის აუცილებელია.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც, აგრეთვე, ავტორის ოსტატობაზე მიუთითებს: რომანში ორ სხვადასხვა ლალას ვხვდებით: თინეიჯერ მეამბოხე გოგოსა და უკვე ზრდასრულ ქალს, რომელსაც ამბოხისთვის აღარც ძალა შერჩენია და აღარც სურვილი. ასე ცოცხლად აჩვენო პერსონაჟის გარდაქმნა, ასე ცხოვრებისეულად, ასე ნამდვილად, მარტივი როდია.

ამრიგად, შერი ჯონსის ეს რომანი ნამდვილად ის წიგნია, რომელიც, რაც შეიძლება, მალე უნდა ითარგმნოს და გამოიცეს – ქართველი მკითხველი ძალზე ბევრ საერთოს ნახავს წიგნში აღწერილ სამყაროსა და იმ რეალობას შორის, რომელშიც ვცხოვრობთ. და ვინ იცის, ეგებ ამ რეალობის შესაცვლელადაც განეწყოს…

 

მამები და შვილები

0

სერგო კლდიაშვილის მოთხრობები

 

დიდებული მამის საამაყო შვილია სერგო კლდიაშვილი. საამაყო იმიტომ, რომ სრულიად დამოუკიდებელი „ნიშა“ აქვს ქართულ მწერლობაში, განუმეორებელი და არა სახელოვანი დავით კლდიაშვილის „ჩრდილში“ მყოფი.

 

სერგო კლდიაშვილის შემოქმედებაში ყოფა თუ ყოფიერება მოზაიკურია, ანუ სურათებად, ამბებად დაყოფილი, თუმცა ამ მრავალსახეობრიობასა და უთვალავ ფერში, ერთი მთავარი აზრობრივი ვექტორია, რომელიც ყოფიერების არსის ამოცნობისკენაა მიმართული. წუთისოფლის „შარადის“ ამოსაცნობად მწერალი საკუთარ „სამზარეულოში“ შეგვახედებს: „სატანამ გათვალა ალბათ ის წუთი, როცა მოთხრობის წერას იწყებ. ზოგჯერ იმდენ საზრუნავს გაგიჩენს, სასოწარკვეთილება შეგიპყრობს და კალამს აგერაც ხელიდან გაგადებინებს. იძულებული ხარ მრავალი ეკლიანი ბილიკი გააკეთო სიტყვების ტევრში, სანამ სწორი ტონის მიმცემ პირველ სტრიქონს მიაგნებდე! ხოლო თუ ბოლოს ბედმა გაგიღიმა, ლხენა მოგეცა, შვებით ამოისუნთქავ, სტრიქონი სტრიქონს წაებმება და ისღა დაგრჩება, მათ დინებას გაჰყვე“ (47). მოკლედ, შემოქმედებითია და ძიებით სავსე არა მარტო ამსოფლიური ცხოვრების ხილული თუ მოსახილველი ბილიკების ძიება სერგო კლდიაშვილის მიერ, არამედ მისი სამწერლობო მექანიზმებიც, რომლებითაც ცხოვრების ინდივიდუალური მსოფლმხედველობა თუ მოდელი გადმოიცემა მხატვრული ფორმით…

 

„მაიკო“

მოთხრობაში ბავშვის სიმარტოვე „შემოგვცქერის“. თხრობა 6 წლის „ვაჟკაც გოგონაზეა“, იმავე „დახატულაზე“, რომელიც მთელი დღე სახლშია, პატიმარივით და დედის სამსახურიდან დაბრუნებას სევდიანად ელის („ექვსი წლის გოგონა და მოწყენა!“). ისიც გულს სარკესთან საუბარსა და თოჯინა მზექალაზე ზრუნვას აყოლებს. თუმცა ბავშვს სოფელში წაიყვანენ და ავტორის (პატარის შემთხვევითი სატელეფონო მოსაუბრის) წარმოსახვაში მან უნდა ნახოს ყოველივე ის, რაც აქამდე ზღაპრების წიგნში ამოეკითხა: ფუტკრები ყვავილზე, პეპელა, ეზოს კორდი, ცა – უკიდეგანო ლურჯი სივრცე, რომელიც ასეთი განსხვავებული იქნება ქალაქური ცის სიფერმკრთალისგან. ანუ ბავშვი უნდა მიხვდეს, წესით, რა არის ნამდვილი სიხარული, თავისუფლება, მან უნდა დაიბრუნოს წართმეული ბავშვობა. ქალაქში ჩამოსულს კი საჩუქარი ელის ჭაღარა სატელეფონო ნაცნობისგან (მწერლისგან).

 

მინდვრის ყვავილი“

მოთხრობა ტელეგრაფისტზეა, სახელად სანდრო მინდიაშვილი, რომელიც „მისთვის საუბედუროდ, არ იყო მეოცნებე“. სანდროს უფროსის გიტარის ხმა ქარის ზუზუნს აგონებს, მაგრამ არ იმჩნევს („სად ისწავლა ამ ოჯახდასაქცევმა?“). აქაც მარტოობაა და ქარი, რომლებიც სადღაც დიდ და ხმაურიან ცხოვრებას აცდენილია.

 

სანდრო საუბრობს ტელეფონით შერჩეულ ქალთან და წარმოსახვაში იგი წარმოუდენია ლამაზი, წაბლისფერთმიანი, ზღვისფერთვალება (ზღვა სიყრმიდან უყვარს), ოდნავ მაღალი და ჩათქვირებული (რადგან ებრალება გამხდარი ქალები). სერგო აგრაფინას სახელს შეუცვლის, მდაბიურიაო და დაარქმევს… ჟუჟუნას. მაგრამ მან არ იცის, რომ აგრაფინა იქნება, ჟუჟუნა თუ აგნესა, სახელი არ ქმნის რეალობას და თუ ჟუჟუნასაც ისევე უყვარს ტკბილეული, როგორც თუნდაც აგრაფინას, ურთიერთობა გამოგონილი რონატიკულობის „მკვლელი“ იქნება მაინც, იმედგაცრუებებით სავსე.

 

ამიტომ რეალობა კი არ უნდა „მოირგოს“, თავად უნდა „მოერგოს“ ამ უკანასკნელს კაცი. ამას ცდილობს ჩვენი გმირიც: „გაიგეთ, ჟუჟუნა, ვეღარ ვუძლებ აქაურობას. მინდა, მეც ხალხში გავერიო, ცოცხალ ცხოვრებას ვეზიარო. ყველას ეხალისება და შეხარის ამ ქვეყანას, მარტო მე და თქვენ დავრჩით ყანჩასავით გარიყული…“ (17). სანდრო თრთოლით ფიქრობს, ჩავიდეს ჩოლაბაურში, შეხვდეს ჟუჟუნას, რომელიც, მისგან განსხვავებით, ბედს შერიგებულია.

 

…და, აი, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება, რომელიც თითქოს სულ სხვაგან იჩქარის, გვერდით ჩაუვლის და სულ სხვასთან მიუხარია, სწორედ ტელეგრაფისტს მიაკითხავს. ანუ სანდროც წარმოსახვით სინამდვილეს (ჟუჟუნა-აგრაფინას) კი აღარ აედევნება, უშუალოდ ცხოვრების „მინდორში“ ამოყოფს თავს მის წინ აღმოცენებულ მშვენიერ „მინდვრის ყვავილთან“, ელენესთან. ეს უკანასკნელი, შორს გზაზე მიმავალი, ერთ ღამეს სანდროსთან გაათევს მეგობართან ერთად, მერე კი სხვა სადგურისკენ გაემგზავრება, სანდროს ცხოვრებას კი რადიკალურად შეცვლის და მივიწყებულობის „მტვერსაც“ გადააცლის. ერთ მზიან დღეს კი სანდრო ისევ ხვდება ელენეს, რომელიც კარგა ხნით აპირებს არგვეთაში, სანდროს საცხოვრებელ ადგილას, გადმოსვლას. სანდროს კი აღარ უნდა გაიხსენოს ის განცხადება, რომელიც მან გადაყვანაზე დაწერა, რადგან მის ქუჩაზეც მოვიდა „გაზაფხული“, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით…

 

სერაფიტი“

გლეხი ტარასი გელაშვილის ტრაგიზმზეა ეს მოთხრობა: „გლეხი შეშფოთებული ჩანდა. მაღალი, რამდენიმედ კუშტი შესახედაობის ვაჟკაცი, ერთი წლის წინათ ფრონტიდან დაბრუნდა. სიკვდილის წინაშე არაერთხელ პირისპირ მდგარა და თითქოს შეჩვეული სიკვდილის საშინელებას, ახლა ბავშვივით გულაჩუყებული იყო“ (24). ტარასის ცოლს მშობიარობის შემდგომი სირთულეები აქვს და ექიმს მიაკითხავს, ჭაღარაწვერიან, მსუქან, ცნობისმოყვარე, რომანტიკული ბუნების პლატონ მინდელს, რომელიც სერაფიტას ამბავს აღუფრთოვანებია, მის გამქრალ, მაგრამ უჭკნობ მშვენიერებას. ექიმი მოთხრობის დასაწყისში ერთგვარად გულუბრყვილო ჩანს და ცხოვრებისეულად „ბეციც“. ეიფორიაშია პაციენტთან მიმავალი, მაგრამ მის აღტყინებას არც ტარასი იზიარებს, არც თანმხლები არქიტექტორი, თავშეკავებულია ორივე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით.

 

მალე ექიმი ცხოვრების პირისპირ აღმოჩნდება, ანუ ტარასის მომაკვდავ ლამაზ ცოლთან. ტარასი უსუსურია, მან იცის მტერთან ბრძოლა და სამი წელიწადი სახლს მოშორებული ომის ქარცეცხლში ტრიალებდა კიდეც, მაგრამ როცა ჩამოვიდა და უკვე უკეთ იცის, როგორ იცხოვროს, წუთისოფელი მას სრულიად განაიარაღებს.

 

გარდაცვლილი ავადმყოფისგან უკან მობრუნებული პლატონი უხეშად პასუხობს უმწეო, არსაიდან მოსალოდნელი იმედის მაინც მომლოდინე ტარასის. აქაც კარგად ჩანს მწერლის მიერ ასე ოსტატურად დახატული მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი: „ექიმს ჩვეულებად ჰქონდა გაწყრომა და დაურიდებლად თქმა, მაგრამ ეს გარემოება არავის არ სწყინდა, რადგან სიტყვების მიღმა ყველა გრძნობდა მის გულკეთილობას და ადამიანისადმი დიდ სიყვარულს“ (29).

 

იყო სერაფიტი, ასული ზევახისა და დარჩა მისი ლეგენდარული, აწ უკვე ფრესკული, ნატიფი მშვენება უამრავი ლექსის, დაწერილისა და ჯერ დაუწერელის, მუზად…

 

გარდასული სილამაზე, მბჟუტავი ნაღვერდალივით, გიღვივებს სევდას, ყველაზე მშვენიერ განცდას, რაც ადამიანს შეუძლია განიცადოს აქაც და ,,იქაც”…

 

…მაგრამ სიცოცხლეს ვერანაირი ხელოვნება, წარმოსახვა, მიმქრალი სილამაზე ვერ ჩაანაცვლებს. ცოცხალი ადამიანიც ყველა ტაძარზე დიდებული ტაძარია და მისი სიცოცხლეც შეუდარებელია, როგორც უიშვიათესი და განუმეორებელი ნიჭი…

 

ამიტომაა სიცოცხლე ყოველთვის ძლიერი სიკვდილზე!

 

ამიტომ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს…. ესაა ამ მოთხრობის ფილოსოფია.

 

„ობროდი“

„როცა ობროდის აბსურდულ ცხოვრებას აღწერ, როგორ გინდა თავი დააღწიო, რომ თვით მოთხრობა აბსურდული არ გამოვიდეს“ – ასე იწყებს ავტორი. მაგრამ აბსურდულობა, როგორც ცხოვრების მახასიათებელი, ნაკლი თუ გამოცანა, უნდა მივიღოთ, როგორც უცვლელი მოცემულობა ამ წუთისოფელში. თუმცა არის „გამონათებებიც“ და ბურუსშიც გამოჩნდება ხოლმე გზა.

 

ღმერთი არა, მაგრამ საწუთრო ახარისხებს ადამიანებს დიდებად და პატარებად. ერთნი გამორჩეულობით ბრწყინავენ, მეორენი – უჩინარობაში განბნეულან. სწორედ ამ „ნოემბრის დანისლულ დღესავით“ უღიმღამობიდან „ამოიყვანს“ ავტორი მთავარ გმირს, როგორც თუნდაც ილია ლუარსაბს ჭაობიდან, – და თითქოს უჩინმაჩინის ქუდსაც მოხდის, შესამჩნევად აქცევს, რადგან „გვერდით გაგვივლის“ ასეთი სიცხადითა და ტკივილიანი მარტოსულობით.

 

პერსონაჟი კამიუსას ჰგავს და „უცხოა“ ისიც გარშემომყოფთათვის. სამინისტროში მსახურობს წლებია, გულმოდგინე მუშაკია, „კეთილი და ყოვლისმიმტევებელი“ ღიმილით. საკუთარ აზრს მოკრძალების გამო არ გამოთქვამდა და ფიციც კი ჰქონდა დადებული გარკვეული შემთხვევის შემდეგ, რომ თავს არავის მოახვევდა მას ან ჰქონდა კი აზრის გამოხატვის უფლება ამ საბჭოური სისტემის „კოლექტივის სისხლ-სისხლთაგანს“, ტიპურ ჭანჭიკს, მსხვერპლსა თუ ჯაჭვის (ჩვენი თავისუფლება იყო „შეკრული“) შემადგენელ რგოლს?! ამას ფიქრობს იგი და მსწრაფლ გვახსენებს გურამ რჩეულიშვილისეულ „კაცში არ მიყვარს თავმდაბლობას“…

 

ლუკა დონ კიხოტს ჰგავს, რომელიც ყოფიერების მარადი მსხვერპლია. აქვე მეორე გმირიცაა, ქალი, ისეთივე უფერული, როგორც პირველი, კაცი („აგნესა და რაიმე ემოციის აღმძვრელი?“).

 

როგორია ახლა უკვე ლუკას სიმარტოვე? კი, ბატონო, აი, უსმენთ: „თავი ისე მოგვაქვს, ვითომ შევხარით ერთმანეთს, ვითომ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ გვინდა, ნამდვილად კი მარტო ვართ, ერთმანეთისგან გათიშული და დაშორებული… ეგ კი არა, კიდევაც გვეშინია ერთმანეთის“ (53) – თითქოს თანამედროვე, პრაგმატული, გაჯეტების ეპოქის ადამიანის ვედრებაა, განქარვებული ხმა „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

 

ლუკა პათეტიკურიცაა და ამითაც გამუდმებით უკუგდებული ალბათ ცხოვრებისგან, როგორც ყავლგასული თვითგამოხატვის ენითა თუ ფორმით. თუმცა ყველა თავისებურად მიისწრაფვის ჰარმონიისა თუ უნივერსალურისკენ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. მაგრამ ეს ლტოლვა მშვიდობიანი არ აღმოჩნდება ლუკასთვის. მას არც ტრფიალით მოუბეზრებია აგნესასთვის თავი, არც უხეში ან ვულგარული ფორმით გამოუხატავს საკუთარი ფაქიზი სურვილები. კრახი კი გარდაუვალი აღმოჩნდა: ვერც მისი ოცნებების სიმაღლეს მისწვდნენ და ვერც იმ ფოთლებშელახულ ქოთნის პალმის ხეს გაუგეს რაიმე, ლუკამ სრულყოფილების ამქვეყნიურ გამოშუქებად რომ ჩათვალა და აგნესას აჩუქა, – სამსახურიდან გაათავისუფლეს და პერიფერიაში გადაიყვანეს.

 

არიან ცხოვრებასთან „პირნათელი“ ადამიანები, აი, არასდროს რომ „აიჩეჩავენ“ თმებს ბოჰემურად. ამიტომ ასეთ შემთხვევაში შემოქმედებითობაც ნაკლებია ხოლმე. როგორ იტყვიან ხოლმე? ჰო, „კრეატივი“. თუ ეს უკომპრომისო, „პიონერულ-კომკავშირული“ პირნათელობა ობროდობაში (სერგო კლდიაშვილის ტერმინია, იგივე, როგორც რუსული „зануда“ ან ქართული „მუდო“) გადაიზარდა, ადამიანი უკვე უინტერესო და „უფერული“ ხდება წუთისოფლისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. მოკლედ, ჰარმონია თავთან და სამყაროსთან ნიშნავს ბალანსს: არც ჭარბი (გათამაშებული თუ ნაღდი), სისულელედ ქცეული კეთილშობილება, წესრიგისკენ სწრაფვაა გასაგები ადამიანებისთვის (რომლებისთვისაც იდეალისტი ლამანჩელი სასაცილოა, ხოლო პრაგმატიკოსი სანჩო ცხოვრების „მცოდნე“), არც პერმანენტული შინაგანი პროტესტი და მიდრეკილება ჯანყისა და ქაოსისკენ.

 

ახლა რატომღაც ჟერარ ფილიპი გამახსენდა (ჰო, მივხვდი, რატომაც): მას შედარებით დიდი ყურები ჰქონდა და გადაღებების წინ უმაგრებდნენ, მისი შთამბეჭდავი გარეგნობა რომ არ დაზარალებულიყო. ის კი?! აიკრავდა თურმე ყურებზე ხელს კამერის წინ და იყო ლაღი, განუმეორებელი და ნ ა მ დ ვ ი ლ ი! ჰოდა, „ავიკრათ ყურებზე ხელი“ ჩვენც ხანდახან…

 

ლუკას რაც შეეხება, ის არ არის „თავის“ დროში დაბადებული ადამიანი, აცდენილია. აბა, სად რაინდებისა და ზნეობრიობით სავსე თავისუფლებით სისავსე და სად დაშტამპულ-დანომრილ-შეზღუდული ადამიანების დროება? ამიტომ მოთხრობის დასასრულიც სევდიანი და ფანტასმაგორიულია: ლამანჩელი ლუკას თავისთან წაიყვანს, საკუთარი სუსტფოთლებიანი პალმის ქოთნით ხელში, რომელიც მას გულში ჰქონდა ჩაკრული…

 

„კაიშაურის სონატა“

მოქმედება სტეფანწმინდაში ხდება. ავტორი გვთავაზობს ქართულ ცნობიერებაში ასე ლაღად და მყარად ფესვგადგმულ ხატს, წარმოდგენას ქალზე, დედაკაცზე (ამ უბადლო ქართული სიტყვის სრული გააზრებით): „დედაკაცი, თუ მას მირონი სცხია, არაგვის პირზე, ხელუხლებელი ბუნების ამ შუაგულში კი არა, უდაბნოსაც ედემად მოგაჩვენებს და უცბადვე ინტიმსა და გულითადობას დაამყარებს“ (141). ბუნების საოცრება ქალს ასეთივე ბუნების საოცრება – კაიშაურის მთვარის შუქით განათებული ბაღიც შეერთვის და ეს მათი ერთგვარი სინთეზია მთავარი გმირის წარმოსახვაში. მას ის უდიდესი, მომაჯადოებელი, მიწისა და ცის შემაერთებელი აღმაფრენა დაეუფლება: „მივრბოდი, ნაკადულის დინებას მივყვებოდი და ვიღაცას ხმამაღლა ვეძახდი. იქნებ იმ შორეულმა წინაპარმა გაიღვიძა ჩემში, ვისაც მთვარე ღვთაებად მიაჩნდა და მისი ხმა იყო, რომ შევძახოდი ახლა…“. იგი ტირის დიდი და შეუცნობი ბედნიერებისგან და მისი ამ განცდების თანამოზიარე მშვენიერი თამარი აღმოჩნდება. მაგრამ ეს ბუნების ჯადოსნური „სიზმარი“ მთავრდება, ყოფით იბურება და დროც ისევ „გაზანტდება“, როგორც მწერალი ამბობს, ყველაფერი ჩვეულებრიობას უბრუნდება.

 

„დიდია ადამიანის გონების ძალა, მაგრამ, საკითხავია, ოდესმე შეძლებს, ფარდა ახადოს სამყაროს საიდუმლოს? განა, მე მხოლოდ მატერიალური ნაწილაკი ვარ და არაფერი მაერთებს მარადიულ სიცოცხლესთან? ბოლოს და ბოლოს, საჭიროა, განა, ყველაფერი ვიცოდეთ?“ – კითხვები მარადიულია და პასუხგაუცემლობის პატივითა თუ ნაკლითაა სავსე…

 

„მინანქრის გოგონა ლომბარდში“

„უსაქმური ჭაბუკის მონოლოგიო“, მწერალმა. მწერლობაც და ფილოსოფიაც მოცალეობის გარეშე არ იქმნება, იქნებ ეს იგულისხმა? თუნდაც იმ ცხოვრებისეულ ფილოსოფიასაც დრო და ფიქრი სჭირდება, რომელსაც ჰქვია ყოფის რუტინულობა და მასში ასე გამომწვევად ჩართული ლომბარდის პრაგმატიზმი. ეს უკანასკნელი გამოსავალიცაა, ანუ ფიზიკური გადარჩენაც ხშირად და სულიერ გამამხნევებელ-მეგობრადაც გვევლინება. ძალიან საინტერესო ფსიქოტიპია ლომბარდში დასაგირავებელი ნივთების შემფასებელი, ძველი კეისარივით ბოლომდე შეუცდომელ-შეუცნობელი (აქ ირონიაცაა, რასაკვირველია, თვითირონიაც, ასე გადამრჩენი ყოფის შემოტევებისას). თუმცა ნივთსაც გააჩნია და მის ფასეულობასაც. ამიტომ ისეთი საკრალური ნივთი, როგორიცაა ცისფერ მინანქარზე გამოხატული ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელშიც შემოქმედმა ამაღლებული სულისკვეთება და პროფესიონალიზმი ჩადო, მის მნახველს რომ ყოველგვარ ჯავრს დაგავიწყებს და, მოთხრობის გმირივით, ასეთი სურათების (გერიდება კიდეც, ნივთი უწოდო) გამო აპატიებ ცხოვრებას ბევრ სიავეს და სულში სიმშვიდეც ჩაგეღვრება, – ლომბარდისთვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ლომბარდისთვის, რომელშიც ყოფითობის მჭახე სევდა გაბატონებულა იმ მოლოდინით გულში ჩამარხულ მოხუცებში, ზოგს მთელი ფუთა ტანსაცმელი რომ მიუტანია სარკმელთან, რომელშიც ჩხრიალებდა ვერცხლის ნივთები შემფასებლის ცხვირწინ.

 

მოკლედ, მინანქრის გოგონას მხოლოდ ჩარჩოს მოიწონებენ, რომელიც უნდა გამოათავისუფლონ ნახატისგან. ბოლოს ისევ ირონიულ-ნაღვლიანი გროტესკი მწერლისა:

 

„ჰო, მართლა, კიდევ ერთი ფიქრი ამეტორღიალა: რა მოხდება, მაგალითად, რომ მივიდე ლომბარდში და გირაოდ ერთი უცნაური ნივთი მივიტანო? შემფასებელი გაშლის ქაღალდს, დახედავს ნივთს და გაოცებული მკითხავს:

 

– მოქალაქევ, რა არის ეს?

 

– განა, ვერ ცნობთ? – ვეუბნები გაოცებული. – ეს ხომ ადამიანის გულია! პატიოსანი, მაღალი გრძნობებით აძგერებული, სილამაზის მოტრფიალე, სიცოცხლეს დანატრებული და ადამიანისადმი სიყვარულით სავსე გული! ამაზე ძვირფასი რა უნდა მომეტანა!

 

შემფასებელი თვალებს გადმოკარკლავს და მეტყვის:

 

– წაიღეთ უკან! შეიძლება ის თქვენთვის არის ძვირფასი, ჩვენთვის კი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს! მომაშორეთ!

 

მესმის, როგორ ფრუტუნებს და ბრაზობს. მე კი კმაყოფილი ვარ, რომ სამაგიერო გადავუხადე ჩემი მინანქრიანი გოგონას შეურაცხყოფისათვის…“.

 

„დიდი სარკე ბავშვის ოთახში“

ბავშვზე, რომელიც უჩვეულოდ მახინჯი დარჩა – ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა, გახევებული ჰქონდა, მამა ფიქრობს, რომ იქნებ მისი სიკვდილი სჯობდა მის უბედურ სიცოცხლეს. თუმცა ამ უკანასკნელს დროთა განმავლობაში ისე შეეჩვევიან და შეუყვარდებათ, რომ ზოგჯერ სიხარულსაც ჰგვრით.

 

ასე ცხოვრობს ეს პატარა ადამიანი ტყუილში, უძრაობასა და მარტოობაში. უცხოთაგან ის ხედავს მხოლოდ მესასთუმლე ჭაღარა ქალს და ხნიერ ექიმებს, რომლებიც გასამხნევებლად ეუბნებიან ხოლმე, რომ მისი მდგომარეობა სავსებით ბუნებრივია და თვითონაც ასე მწოლიარენი იყვნენ, სანამ დიდები გახდებოდნენ. ყველაფერი ხელოვნურია ბიჭის ოთახში: ნადირის, ფრინველის ფიტულები, დევებისა და ნაცარქექიას ფერადი ნიღბები, ლამაზად „გაფურჩქნილი“ ყვავილები კედელზე. გვახსენდება კოშკში ბუდას გამოკეტვის მცდელობა, რომ მან არც ავადმყოფობა ნახოს, არც სიბერე, არც სიკვდილი.

თუმცა ამ ნოველის მთავარი გმირი არა ეს ბიჭუნაა, არამედ ცხოვრება, რომელიც პატარის ოთახში მდგარი დიდ სარკეში (ის ბავშვის საწოლის პირისპირ დგას ჭერის სიმაღლემდე ამართული) ირეკლება. სხვათა შორის, ის პატარა, ატმისფერლოყება, ნაწნავიანი გოგონაც, წიგნებით ხელში, რომელიც ამ სარკეში ჩნდება და სწორედ მასთან შეხვედრის სურვილით თანხმდება ავადმყოფი ბიჭუნა გარეთ, ნოემბრის სუსხიან დღეს სკვერში გასვლას.

 

…და, აი, ცხოვრება, მთელი თავისი სისრულით შემოდის ნოველაში. მაგრამ ბიჭუნას ის არ მოეწონება: ჭკნობადია, ხრწნადი და არც ისე ფერადი, როგორც მისი ოთახის ფიტულებსა თუ ნიღბებზეა. ამიტომ სასწრაფოდ მოითხოვს, შინ შეიყვანონ და შემდგომაც კატეგორიული წინააღმდეგია გარეთ გასვლისა. ანუ ბავშვი გადაწყვეტს, რომ ის ვარდიფერლოყება გოგონაც სჯობს მის წარმოსახვაში იყოს, ოთახის გამოგონილ ფერიად, მის „მარად გაზაფხულში“ და არ შეხვდეს მას…

 

მორალი გაინტერესებთ? მწერალი მას „საპარადეს“ გვთავაზობს, რომლის მიღმა ავტორის ცრემლიანი, ნაღვლიანი სახე იმალება: „დე, დარჩეს ის, სადაც ბედნიერება მოიპოვა. ნუ წავართმევთ ამ უკანასკნელ თავშესაფარს“. თუმცა უკანასკნელი თავშესაფარი მხოლოდ და მხოლოდ ის ამაო-წარმავალ-ხრწნადი სიცოცხლეა, რომელიც პატარამ ვითომ უარყო, მაგრამ ეს უარყოფილი უკან კი არ ჩამოიტოვა, მომავალშიც ელოდება.

 

ჩვენი ხედვა მწერლისას ემთხვევა და სამყაროს ერთ დიდ, აგორებულ ცრემლს შეერთვის. ეს სწორედ ბავშვის ცრემლია, რომელიც ყოველთვის დაარღვევს სამყაროს ჰარმონიას, როგორც დიდი ფეოდორ დოსტოევსკი ამბობდა…

 

მოთხრობათა ამ კრებულიდანაც ჩემი ბავშვობა შემომცქერის და ის მძაფრი განცდები, რომლებიც აგერ მთელი ცხოვრება გამომყვა. ეს ხომ ღირებული, ნაღდი, ძალიან ნიჭიერი მწერლობაა…

 

 

 

ციტატები წიგნიდან – სერგო კლდიაშვილი „მინდვრის ყვავილი“, გამომცემლობა „მერანი“, 1977 წ.

 

 

 

 

 

როგორ აუმჯობესებს CK-12-ის პლატფორმა სასწავლო პროცესს -საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლა

0

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის ქართულად ადაპტირებულ სასწავლო მასალებს უფრო და უფრო მეტი სკოლა იყენებს. „საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის სკოლების ქსელმა“, რომელიც 2022 წელს შეიქმნა საქართველოში განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ის ინიციატივით, 2023 წელს 75 სკოლა, 359 მასწავლებელი და 13 705 მოსწავლე გააერთიანა.

CK-12-ის რესურსების პოპულარიზაციასა და სწავლა-სწავლების პროცესში 2023 წელს ჩართული იყო 20 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უზიარებდნენ კოლეგებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებისა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. სასწავლო წლის მიწურულს საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლებიც გამოვლინდა.

CK-12 – ეს არის სასწავლო რესურსების „საცავი“, სადაც თავმოყრილია STEM საგნების ციფრული წიგნები ბევრი პრაქტიკული სავარჯიშოთი და სიმულაციით, რომლებიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გამოადგებათ.

„ინიციატივა „ციფრული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება“, რომელსაც კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც შეიქმნა CK-12-ის ქართულენოვანი კომპონენტი, ნაწილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული პროექტისა, რომელიც საქართველოში ინკლუზიური, თანასწორი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების განვითარებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში შექმნილი CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმის ქართული გვერდი განსხვავებული უნარების მქონე ათასობით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს და გამოიყენოს ონლაინ სახელმძღვანელოები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. ონლაინ პლატფორმისა და ციფრული რესურსების დახმარებით მასწავლებლები შეძლებენ, უპასუხონ სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვონ მოსწავლეები ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. CK-12-ის სკოლების ქსელში უკვე ჩართულია 75 სკოლა. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლები თავიანთ გამოცდილებას მომავალში სხვა სკოლებსაც გაუზიარებენ და ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ეუბნება ჟურნალ „მასწავლებელს“ ხათუნა იოსელიანი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერი.

 

როგორც განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, პლატფორმაზე ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალაა განთავსებული, მაგრამ ყველაფრის გადმოქართულება, ცხადია, შეუძლებელია: „ამიტომ შევარჩიეთ ისეთი რესურსები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შეესაბამება. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია სიმულაციები ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს რიგი საკითხების სწავლებას გაუმარტივებს“.

სასწავლო წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:

 

  • ​​ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა.

 

ჟურნალი „მასწავლებელი“ ხუთივე სკოლის გამოცდილებას გაეცნო. წინამდებარე სტატიის მიზანიც ამ გამოცდილების გაზიარებაა.

 

„მე კონსულტანტ-მასწავლებლად 2 წლის წინ ამიყვანეს კონკურსის წესით და ძალიან კარგად იმუშავა მაშინ ამ პროექტმა, ყველა სკოლა ჩაერთო, ვისაც მივმართეთ. 2022-2023 წელს უკვე კონკურსი გამოცხადდა სკოლების ქსელში ჩართვაზე და, საბედნიეროდ, შერჩეულ 60 სკოლას შორის აღმოვჩნდით. ჩვენი მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ. ერთხელ რომ გამოიყენებ ამ პლატფორმას, მერე ვეღარ სწყდები. ძალიან სასარგებლოა, ადვილად აღქმადი და მამოტივირებელი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას და შეესაბამება სტანდარტებს. მისი მთავარი მომხიბვლელობა ის არის, რომ ინტერაქციულია, იძლევა სწორი პასუხის პოვნამდე შეცდომის დაშვების უფლებას და, რაც მთავარია, სიმულაციებიც და სავარჯიშოებიც ყოფით სიტუაციებთან არის დაკავშირებული“, – გვიყვება ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი. ამ სკოლას სულ 30 მოსწავლე ჰყავს. ის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და ბავშვებისთვის თანამედროვე სასწავლო მასალების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სკოლა სრულყოფილად არის აღჭურვილი საჭირო ტექნოლოგიებით, თუმცა, როგორც მაია ამბობს, CK-12-ის გამოყენებისთვის ინტერნეტთან დაკავშირებული ტელეფონიც საკმარისია და სწორედ ასე იმეორებენ ხოლმე მოსწავლეები ამ პლატფორმის გამოყენებით განვლილ მასალას. ალპანის სკოლაში CK-12-ის გამოყენებით ჩატარდა „შებრუნებული საკლასო ოთახის“ ტიპის გაკვეთილები, ახალი მასალის შესწავლისას გამოსცადეს „ინტერვიუ სამი ნაბიჯის“ მეთოდი, კორნელის ჩანიშვნის მეთოდიც დანერგეს პრაქტიკაში. სწავლის პროცესი იმდენად ინტერაქციული და საინტერესო იყო, რომ ახლა უკვე მოსწავლეები გეგმავენ, ამავე პლატფორმის გამოყენებით სხვა სკოლებში ჩაუტარონ გაკვეთილები თანატოლებს და ამ გზით გააცნონ მათი საყვარელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი.

 

„თავდაპირველად კათედრაზე განვიხილეთ, მასწავლებლებმა, რომლებიც იცნობდნენ და ფრაგმენტულად იყენებდნენ ამ რესურსს სასწავლო პროცესში, ისაუბრეს პროექტის სარგებლიანობაზე. გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავრთულიყავით. ჯერ ზომიერი სიფრთხილით ვუყურებდით, მაგრამ მასწავლებლებმა მალევე დაინახეს, რომ CK-12-ის გამოყენებით გაკვეთილები უფრო საინტერესო, უფრო ინტერაქციული გამოდიოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით და ვეცნობოდით სხვა სკოლების გამოცდილებას, მაგრამ არ გვინდოდა, მათი მიდგომები პირდაპირ გადმოგვეღო; მიგვაჩნდა, რომ ეს მასალები ჩვენი საჭიროებების მიხედვით უნდა დაგვენერგა სასწავლო პროცესში. საბოლოოდ მოსწავლეებიც ძალიან გააქტიურდნენ, ჩვენც დაგვიგროვდა გამოცდილება და მუშაობა ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ ვითარებამ მოითხოვა სასკოლო საზოგადოებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასე ჩავატარეთ აპრილში კონფერენცია, რომელზეც პარტნიორ სკოლებს ვაჩვენეთ ის შედეგები, რაც ამ პლატფორმის გამოყენებით მივიღეთ“, – უთხრა ჟურნალ „მასწავლებელს“ ნესტან სიხარულიძემ, ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დირექტორმა. მან სასწავლო წლის ბოლოს მშობლებთანაც ჩაატარა კვლევა მომდევნო წლის დასაგეგმავად; აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ იცოდა CK-12-ის შესახებ და სურდა, მათ შვილებს კვლავ აქტიურად გამოეყენებინათ ეს რესურსი სასწავლო პროცესში. მეტიც: მოსწავლეების ნაწილი დაფიქრდა იმაზე, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული STEM საგნებთან მათი მომავალი პროფესიები.

„CK-12-ის გამოყენება ჩვენთვის ოდნავ უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა სკოლებისთვის, რადგან ჩვენი სკოლა სომხურენოვანია და ყველა მასწავლებელს არ შეუძლია ქართულ ან ინგლისურ ენებზე სასწავლო მასალების დამოუკიდებლად გაცნობა და გამოყენება, მაგრამ რაკი გადავწყვიტეთ, რომ [ეს რესურსი] ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა, დავეხმარეთ, ვისაც სჭირდებოდა, ვუთარგმნეთ მასალები… ბიოლოგიისა და ინგლისურის მასწავლებლებმა ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს. [ახალი მიდგომა] ბავშვებისთვის იმითაც აღმოჩნდა საინტერესო, რომ მხოლოდ თეორიულ მასალას კი არ სწავლობდნენ, პრაქტიკულ სიმულაციებსაც ასრულებდნენ. საბოლოოდ გამოგვივიდა, პრაქტიკაშიც დავნერგეთ ახალი პლატფორმა და საუკეთესო პრაქტიკის სკოლების სიაშიც მოვხვდით. ნინოწმინდის სხვა სკოლებსაც გავუზიარეთ გამოცდილება, ჩავატარეთ პრეზენტაციები  და მზად ვართ, ყველას, ვისაც დასჭირდება, მივცეთ ჩვენი თარგმნილი მასალები“, – ამბობს ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ტუმასიანი. ნინოწმინდაში სულ ოთხი სკოლაა. ყველაზე მეტი მოსწავლე იმ სკოლაშია, რომელსაც დიანა ტუმასიანი მართავს.

 

„ქიმიის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლები ჩავერთეთ ამ პროექტში, გამოვიყენეთ მასალები და ჩვენც კმაყოფილები ვართ და ჩვენი მოსწავლეებიც. შეგვეძლო როგორც ელექტრონული ფორმების გამოყენება, ისე ამობეჭდვაც, რაც ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. როგორც ერთ, ისე სხვადასხვა სკოლაში მომუშავე კოლეგები გამუდმებით ვუზიარებდით გამოცდილებას ერთმანეთს. არის რაღაცები, რაც ჯერ არ გვიცდია, მაგალითად, შებრუნებული გაკვეთილი. ამას ალბათ გაისად ვცდით“, – გვიყვება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა ჩადუნელი. ამ სკოლაში ასამდე ბავშვი სწავლობს.

 

„წლებია, ჩვენ სკოლას აქვს ამბიცია, საქართველოში ციფრული მიმართულების ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახის ელექტრონული რესურსების გამოყენება. CK-12-ის ციფრულ პლატფორმას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის ვიყენებთ როგორც დისტანციური, ისე პირისპირ სწავლებისას. მე თვითონ 2013 წლიდან ვარ Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტი და ტრენერი და მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენს სკოლაში ტექნოლოგიებისა და გაჯეტების გამოყენებით სწავლისა და სწავლების დანერგვას.

ჩვენს შემთხვევაში სიახლე ის იყო, რომ CK-12-ის რესურსები არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაშიც გამოვიყენეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების კლუბი. ერთი მთგანია რობოტექნიკის კლუბი, სადაც ბავშვები თვითონვე ქმნიან სენსორებს. ამ კლუბში, Stem საგნების მასწავლებლებისა და რობოტექნიკის კლუბის თანამშრომლობით, ბავშვებმა ზღვის ხარისხი შეისწავლეს“, – გვეუბნება ქუთაისის #33 სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა. ამ სკოლაში დაახლოებით 800 ბავშვი სწავლობს. გარდა ინტერაქციული გაკვეთილებისა და ციფრული პლატფორმებისა, მათ განკარგულებაშია ათზე მეტი კლუბი. მარინა ამბობს, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე კლუბებშიც აქტიურად გამოიყენება, მაგალითად, ბავშვების საყვარელი თამაში Minekraft, დავალებების უფრო მარტივ ფორმატში შესასრულებლად კი lifeworksheets პლატფორმა.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ რწმენით შეიქმნა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების მიღების უფლება, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, განსხვავებული საჭიროებებით, რეალობითა და შესაძლებლობებით და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ, საჭიროა, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას ჰგავდეს.

პლატფორმა, რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასეულობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს გაუმარტივოს წვდომა საჭირო მასალებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვების ინტერესებს არის მორგებული და ინტერაქციულია, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას აძლევს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლონ ჩავარდნების გამოსწორება, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და იმის შესახებ ცოდნის გამდიდრება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა გაკვეთილზე.

უკვე ორი წელია, CK-12 ქართულ ენაზეც გამოჩნდა და მეშვიდე-მეთორმეტე კლასების საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებისთვის სასწავლო რესურსების ადაპტირებულ ვერსიებს სთავაზობს ქართულ სკოლებს.

 

2022 წლის მიწურულს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლების შესახებ სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ემოციები და ბავშვები

0

როცა ჩემი შვილი სკოლიდან გამომყავს ხოლმე, სკოლასთან დიდი აურზაური და ფაციფუცია. მშობლები და შვილები მთელი დღის მეცადინეობისა და მუშაობის მერე ერთმანეთს ხვდებიან და შინ ერთად ბრუნდებიან.

მეც ერთი სული მაქვს, სკოლის კართან როდის გამოჩნდება ორი შავი თვალი და ბიჭი, რომელიც უკვე ისეთი ბავშვიც აღარაა, ჩახუტება რომ არ ეუხერხულოს, მაგრამ არც ისეთი დიდი, ეს უხერხულობა გამოხატოს.

მერე სკოლის მწვანე ჭიშკრიდან პარკში გამოვდივართ და ხან ნელა, ხან უფრო სწრაფად (თუ სადმე გვეჩქარება) სამარშრუტო ტაქსისა თუ ავტობუსისკენ მივემართებით. ხანდახან ფეხითაც ვბრუნდებით.

პარკში ჩვენნაირი ბევრი მშობელი და შვილია. ამიტომ მესმის ხოლმე, რაზე საუბრობენ ისინი.

როგორ ჩაიარა დღემ?

ვინ გამოგიძახა?

რა ნიშანი მიიღე?

გამოასწორე მათემატიკის შვიდიანი?

შემაჯამებელი დაწერე?

ასეთი კითხვები უფრო მეტია, იშვიათად – თავს როგორი გრძნობდი? რა გეწყინა? რა გაგიხარდა? ვინმემ გაწყენინა? რამემ ხომ არ შეგაწუხა?

ხშირად გესაუბრებიან ბავშვები საკუთარ ემოციებზე? გახსნილად გამოხატავენ გრძნობებს? იქნებ ბევრ რამეს მალავენ, ან იქნებ ემოციურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ მარტივად გვეჩვენება, იმიტომ არ გვიმხელენ, რომ საპასუხოდ ჩვენი „კარგი რა, მაგაზე როგორ ინერვიულე? არა უშავს, ეგ არაფერი, რა სისულელეზე დარდობ“ – არ მიიღონ.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენსა და ბავშვებს შორის ემოციური შუამავალი, დამხმარე გვჭირდება, რომელიც განსაკუთრებით სკოლაშია აუცილებელი. ყველაზე ხშირად, დაწყებითი კლასების დამრიგებლებს აქვთ ემოციებთან შეხება, არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? როცა ვერაფრით გაიგეთ, რატომ იტირა ბავშვმა, რატომ იმალება მერხის ქვეშ?

„ემოციების დიდი წიგნის“ ავტორი ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩია, ილუსტრატორი კი – სოფო კირთაძე, რომლის ილუსტრაციები ქართული საბავშვო ლიტერატურის გულშემატკივრებმა კარგად იციან. „ცნობისმოყვარე პანდა“, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა, პატარა გამომცემლობაა, რომელიც სწორედ ბავშვებისთვის სასარგებლო წიგნების გამოცემაზეა ორიენტირებული.

„სამწუხაროდ, არცერთ სკოლაში არ ისწავლება საგანი „ემოციები“. მშობლებსაც ხშირად უჭირთ ამ თემისთვის დროის დათმობა. მაგალითად, მშობლები ბაღის ასაკის ბავშვისთვის აქტიურად ყიდულობენ წერისა და კითხვის შემსწავლელ წიგნებს, ცდილობენ ბავშვის შემეცნებით განვითარებაზე ზრუნვას, მაგრამ ავიწყდებათ ემოციურ სფეროზე ყურადღების გამახვილება. ცხადია, ყველა მშობელი უნდა ზრუნავდეს შვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. წარმატებული შვილის დანახვა დიდი ბედნიერებაა მშობლისთვის. თუმცა ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ წარმატება აკადემიური მოსწრებისა და ფაქტობრივი ცოდნის პირდაპირპროპორციულია. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ წარმატებისათვის ზოგადი ინტელექტის მაჩვენებელთან ერთად ემოციური ინტელექტიც უმნიშვნელოვანესია” – ვკითხულობთ შესავალში.

ემოციური ინტელექტის განვითარებაზე პასუხისმგებელი კი მშობლებთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებაცაა. მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე ზრუნვა ბედნიერებას ვერც მოსწავლეებს მოუტანს, ვერც მასწავლებლებს.

„ემოციების დიდი წიგნი“ საუკეთესო სასწავლო რესურსად შეგვიძლია გამოვიყენოთ დაწყებით სკოლაში. აქ დაწვრილებით, დეტალური თვალსაჩინოებითაა აღწერილი თითოეული ემოციის მიზეზი, ფორმა, გადალახვის გზები. მშობლებისათვის განკუთვნილ ნაწილში, რომლითაც იწყება წიგნი, დეტალური ინსტრუქციებია უფროსებისათვის, როგორ მართონ, მიიღონ ბავშვების ემოციები.

„ამ წიგნის მთავარი მიზანი ადამიანებისათვის ემოციების მნიშვნელობის ჩვენებაა. წიგნის საშუალებით თქვენს შვილებთან ერთად გაეცნობით ბაზისურ ემოციებს. შეძლებთ ემოციებისა და გრძნობების ერთმანეთისგან განსხვავებას. წიგნი მოგცემთ ძირითად, უნივერსალურ რეკომენდაციებს კონკრეტულ ემოციასთან გასამკლავებლად. გახსოვდეთ, რომ წარმატების ერთ-ერთი პირობა საკუთარი თავის მოსმენაა“, – ვკითხულობთ ანოტაციაში.

უფროსებისათვის განკუთვნილი ინსტრუქციების მერე ბავშვების ნაწილი იწყება, სადაც სოფო კირთაძის ჯადოსნური ილუსტრაციებით თანდათან იხსნება ემოციების რთული სამყარო – რა არის სიხარული, სევდა, შიში, ბრაზი, გაკვირვება, ზიზღი? რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ამა თუ იმ ემოციას განვიცდით, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი და ემოციები. ილუსტრაციებისა და მარტივი ინსტრუქციების გარდა, წიგნში ბევრი საინტერესო სავარჯიშოცაა, რომლებიც ყველაზე კარგად გვასწავლის, როგორ ვმართოთ ემოციები.

ბავშვებს ხშირად უჭირთ ემოციების გარჩევა, განსაკუთრებით, ეს ეხება აუტიზმის სპექტრის ბავშვებს. ეს წიგნი შესანიშნავი დამხმარე რესურსი იქნება ინკლუზიური განათლებისას, თერაპიის ან უბრალოდ, ოჯახური თერაპიის დროს, რადგან დეტალური ნიშნებითაა აღწერილი ამა თუ იმ ემოციის ვიზუალური ხატი.

„ემოციების დიდი წიგნი“ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ბავშვების ემოციური ინტელექტის განვითარების რთულ და აუცილებელ გზაზე.

 

ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის –  „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის  მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ აცხადებს  ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის –

 „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და   მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 26  სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება  4  ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარტნიორების  სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ  ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ მასწავლებლის სპეციალური ნომერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოთხრობის მოცულობა: 5-დან – 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომელიც არსად  არის გამოქვეყნებული.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25   აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: ლიტერატურული კონკურსისთვის.

კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“,  „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

 

პრიორიტეტების გადალაგება

0

თანამედროვე აღმზრდელობითი სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი უნდა იყოს კრიტიკული მიდგომა ყველაფრისადმი, იქნება ეს მეცნიერული თეორიები, მხატვრული ტექსტები, წმინდა წერილები, ანუ სხვადასხვა რელიგიური ტექსტები თუ სხვა. დღეს, როდესაც კაცობრიობის მიერ დაგროვილი უკიდეგანო ცოდნის პარალელურად უკიდეგანო ფსევდოსწავლებები ცდილობენ ადგილის დაკავებას მზის ქვეშ, მხოლოდ სანდო მეცნიერებების დაუფლება და კრიტიკული მექანიზმი თუ დაიცავს მოზარდსა და ზრდასრულს რომელიმე ცრუმოძღვრების ხაფანგისგან. ამიტომაც ნებისმიერი სიახლის შესწავლისას, აუცილებელია, მოსწავლე არა მხოლოდ პასუხობდეს პედაგოგის მიერ დასმულ კითხვებს, არამედ თავადაც უჩნდებოდეს კითხვები. პედაგოგმა ისე უნდა წარმართოს მოსწავლის აზროვნება, რომ კითხვების დასმისკენ უბიძგოს, თავადვე მოახდინოს პროვოცირება კითხვის გაჩენისა. იქ, სადაც მასწავლებელი მოწაფეს უკრძალავს კითხვის დასმას, ანუ ეჭვის შეტანას, მთავრდება თანამედროვე ახალგაზრდის მომზადება ახალი ცხოვრებისათვის, იმ რთულ სამყაროში ადაპტაციისთვის, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება და მსახურება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ასეთი (ანუ კრიტიკული) მიდგომა მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიული საგანმანათლებლო სისტემებისთვის არის დამახასიათებელი და ეს კაცობრიობის დიდი მიღწევაა, რომელიც მან მოიპოვა.

 

უნიტარულ სახელმწიფოში, განათლების პოლიტიკა იმართებოდა რა ცენტრიდან, რომელსაც თავისი იდეოლოგია ედო საფუძვლად, მიუღებელი იყო თავისუფალი აზროვნება, რაც კრიტიკასა და კითხვების დასმაში გამოიხატება. ასეთ სისტემებში მოსწავლეს აწვდიდნენ ცოდნას, როგორც საკრალურ ჭეშმარიტებას და, ბუნებრივია, ჭეშმარიტებისთვის კითხვების დასმა მკრეხელობად ითვლებოდა. საკრალიზაციაში შედიოდა როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში შერჩეული თეორიული შეხედულებები, ასევე – ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრალური მეთოდოლოგიური კლიშეები, იქნებოდა ეს ისტორიისა თუ ლიტერატურის საგნები. ჩვენს უახლოეს წარსულში ტოტალიტარულ იმპერიას შედგენილი ჰქონდა თავისი საკრალიზებული ისტორიის სახელმძღვანელო – სსრკ-ის ისტორია, რომელიც უახლესი სახელმწიფოს არცთუ მთლად საამაყო წარსულზე იდგა. სამაგიეროდ, მას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ვიდრე, თუნდაც, ჩვენი ქვეყნის უგრძესი ისტორიის შესწავლას. ამიტომაც, საქართველოს ისტორია ერთ სახელმძღვანელოდ იყო შედგენილი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში გვინაწილებდნენ, მაშინ, როდესაც სსრკ-ის ისტორია თავისი კომპარტიის ყრილობებითა და გენმდივნების სიტყვებით რამდენიმე კლასის მანძილზე იყო გადაჭიმული. უმაღლეს სასწავლებელშიც მთავარი ყურადღება სსრკ-ის ისტორიას ექცეოდა, საქართველოს ისტორია კი ერთ მოკრძალებულ საკითხად შეჰქონდათ.

 

როგორ უდგებოდა ტოტალიტარული სახელმწიფოს განათლება მხატვრულ ლიტერატურას? ზუსტად ისე, როგორც მისთვის იყო მისაღები და საჭირო – ტექსტები შეირჩეოდა ან იდეოლოგიური ნიშნით, ანდა კრიტიკული მასალა, ე.წ. „გარჩევის წიგნები“ ავსებდნენ ხარვეზს და სათანადო იდეოლოგიაში აქცევდნენ მოცემულ ტექსტებს. არაფერი, რაც საბჭოთა კომუნისტურ აზროვნებას საფრთხეს შეუქმნიდა ან უმცირეს ჩრდილს მიაყენებდა, არ შედიოდა პროგრამებში. ამიტომაც არსებობდნენ კომპარტიასთან აფილირებული მწერლები და – მათთვის მიუღებელნი, რომელთა სახელები საგულდაგულოდ იყო ამოშლილი ტირაჟებიდან, ხოლო მათი შემოქმედება დახურულ საცავებში თუ იყო შემორჩენილი, რადგან ოჯახებში შენახვას სასიცოცხლო საფრთხე ახლდა – 30-იან წლებში რომელიმე შერისხული მწერლის აღმოჩენა ვინმეს ოჯახში, მანამ, სანამ მათი რეაბილიტაცია მოხდებოდა, ისეთივე ღალატად და მტრობად მიიჩნეოდა, როგორც თავად იმ მწერლის შემოქმედება. ამიტომ თითქმის აღარ იყო დარჩენილი ოჯახებში მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ცისფერყანწელთა და სხვა შერისხულთა ნაწერები, მანამ, სანამ იმპერიამ პოლიტიკა არ შეცვალა და პირველ ტალღაში თუ მიხეილ ჯავახიშვილი მოჰყვა, გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენებას „პერესტროიკამდე“ ედო ტაბუ.

 

გარდა ისტორიისა და ლიტერატურისა, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ტარდებოდა სამეცნიერო თეორიები, მსოფლმხედველობები, რომელნიც დასავლურ აზროვნებას წარმართავდნენ, რადგან მათი მთავარი ვექტორი ლიბერალიზმის ნიშნით იყო დაღდასმული. ტოტალიტარიზმისთვის კი ამგვარი მოძღვრებები ძირის გამოთხრას ნიშნავდა. ამიტომაც ჩვენს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ მათი კრიტიკა ისმოდა. ერთი მხრივ, კომუნისტური იდეოლოგიის მამამთავრების დაყენება უმაღლესი იმპერატივის, ღმერთის ადგილას და, მეორე მხრივ – ყველაფრის კრიტიკა, რაც ამ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. უნიტარიზმის პრინციპი არ აძლევდა უფლებას განათლების სისტემას, რომ მოსწავლეში კრიტიკული აზროვნება განევითარებინა. დღევანდელი სკოლა, ბუნებრივია, ჯერ კიდევ იმ იდეოლოგიის ტყვეობაშია, რაკიღა ჯერ არ მოსულა ამ სისტემაში კადრი, რომელიც არატოტალიტარულ სისტემაში გაიზარდა. ერთეული შემთხვევები და მცირე პროცენტი კვალიფიციური, მიუკერძოებელი კადრებისა ამინდს ვერ ქმნის, თუმცა, ვითარება შეცვლილია და შეცვლილია რამდენიმე მიმართულებით:

  1. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აღარ ისწავლება იდეოლოგიზებული ისტორია, აღარ ისმის დასავლური მეცნიერებების კრიტიკა ისეთი ხელაღებით, როგორც ადრე;
  2. არ არსებობენ სახელმწიფოს მიერ აკრძალული მწერლები და სახელმძღვანელოების ავტორებს აქვთ უფლება, თავიანთ წიგნებში შეიტანონ იმ მწერალთა ნაწერები, რომლებსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ;
  3. დასავლური მეცნიერებისა და მწერლობის კორიფეები, რომელთა სახელის ხსენება კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო, განთავისუფლებული არიან უხეში შეფასებებისგან და ზოგჯერ უმნიშვნელოვანეს ადგილსაც კი იკავებენ სასწავლო დისციპლინებში.

მაგრამ რჩება რამდენიმე პრობლემა, რომლებიც ახალმა დროებამ მოიტანა. კერძოდ, თანამედროვე სკოლებში წარმოუდგენლად დიდი დოზით შევიდა არა რელიგიის, როგორც მისი ისტორიის სწავლება, რასაც კულტურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, არამედ ადგილობრივი, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური აღმსარებლობის აყვანა იდეოლოგიის დონეზე, რასაც მოსდევს პატრიოტიზმის, როგორც, ასევე, ახალი იდეოლოგიის ვულგარიზებული გაგება. უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანს თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს, რასაც ფსიქოლოგიური წინაპირობაც უძღვის, კერძოდ, რამდენადაც ტოტალიტარულ სახელმწიფოში აკრძალული და განდევნილი იყო რელიგია და ე.წ. პატრიოტიზმი (სსრკ-ში მხოლოდ „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“ უნდა მიგეჩნია სამშობლოდ და მისი პატრიოტი ყოფილიყავი), ამდენად, ტოტალიტარიზმისგან თავდახსნის შემდეგ მათი მძლავრი ნაკადის შემოჭრა იყო ფსიქოლოგიური განწყობით ნაკარნახევი, ერთგვარი აგრესიული პასუხი წარსულზე. თუ ადრე ქრისტიანობისა და „ლოკალური სამშობლოსადმი“ მოწიწება დანაშაულად ითვლებოდა, ახლა, როდესაც სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, პირველ რიგში იმ ვაკუუმების ამოვსება სცადა, რომლებიც ამ ორ ფრონტზე დახვდა – ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მშობლიური ლიტერატურის სწავლებისას ხაზი უნდა გასმოდა სამშობლოსა და ქრისტიანობას, მათ როლს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ბუნებრივიც იყო, რადგან ჩვენი ქვეყნის წერილობითი ისტორია უშუალოდ უკავშირდებოდა ქრისტიანობას, მასთან ერთად შეიქმნა ჩვენი პირველი წერილობითი ძეგლები, იქნებოდა მატიანეები თუ ე.წ. სასულიერო მწერლობა, ხოლო ძირითადი მოტივი ჩვენი ლიტერატურისა სწორედ პატრიოტიზმი იყო, რასაც თავისი ღრმა საფუძველი ჰქონდა – შორს რომ არ წავიდეთ, 20 საუკუნის განმავლობაში ქვეყანას უხდებოდა ურთულესი ბრძოლების გადატანა სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. უკანასკნელი ორი საუკუნე კი იმ ქვეყნის პროტექტორატში მოუხდა ცხოვრება, რომელმაც გააუქმა მისი სამეფო ანუ სახელმწიფო, ხოლო ქართულ ენას შეუქმნა სერიოზული საფრთხე – გადაქცეულიყო ვიწრო ეთნიკურ საკომუნიკაციო საშუალებად, რასაც სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავდადებული მოღვაწეები. ის, რომ მწერლობა კვლავაც განაგრძობდა არსებობას და არ შეუწყვეტია ამ ენაზე ზრუნვა, მხოლოდ მისი დიდი ტრადიციიდან მომდინარეობდა და არა – იმპერიის ნებიდან. ამის დასტურია რესპუბლიკები, რომელთაც, ფატობრივად, დაკარგეს ენა და სრულად ასიმილირდნენ იმპერიასთან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ დაიშალა და სრული უფლება აქვთ ამ რესპუბლიკებს, წერონ თავიანთ მშობლიურ ენებზე, ამას ვერ ახერხებენ მარტივი მიზეზის გამო – ისინი არ ქმნიდნენ ლიტერატურას ამ ენაზე არა მხოლოდ იმპერიის დროს, არამედ, მანამდეც არ გააჩნდათ დიდი ლიტერატურული ტრადიციები. მხედველობაში მაქვს შუა აზიის ყოფილი რესპუბლიკები, რომელთა მწერლებმაც სსრკ-ში ცხოვრების დროს რუსულ ენაზე დაიწყეს წერა და, ამდენად, რუსული იქცა მათ მშობლიურ ენად. სამზარეულოში დარჩენილი სამეტყველო ორგანიზმი ენად რომ აღარ ითვლება, თუნდაც, ეს რესპუბლიკებია ამის ცოცხალი ნიმუში.

 

დავუბრუნდეთ სათქმელს – ეს ორი მძლავრი ნაკადი: ქრისტიანობა, რომელმაც კულტურული ნიშა კი არ დაიკავა, არამედ, მსოფლმხედველობრივი; და პატრიოტიზმი – ცდილობენ, იქცნენ იდეოლოგიად და დაუპირისპირდნენ ყველაფერ გარეშეს. ამ კონტექსტში ისმის თანამედროვე სამყაროსთვის სრულიად მიუღებელი, ჩამორჩენილი ნარატივი – ჩვენი კულტურა განსაკუთრებულია, არავისგან არაფერი გვაქვს სასწავლი, ჩვენ რომ კულტურა გვქონდა, მაშინ ისინი (თანამედროვე განვითარებული ქვეყნები) ჯერ სად იყვნენ და მისთანანი. ეს განწყობა არანაკლებ მავნე და სახიფათოა, ვიდრე ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეოლოგია. უბრალოდ, ორი ობიექტი – კომუნიზმის იდეალი და იმპერიის თაყვანისცემა ჩაანაცვლა ახალმა იდეალებმა – რელიგიამ და სამშობლოს ცნების იმგვარმა გაგებამ, რომ იგი უნდა დაუპირისპირდეს მთელ გარემოცველ სამყაროს, თითქოს იგი ისეთივე მტრულია, როგორიც დამპყრობელი იმპერია იყო. არადა, თანამედროვე ლიბერალური სამყარო ხსნის ხელოვნურ საზღვრებს ერებსა და სახელმწიფოებს შორის და აძლევს შანსს საზოგადოებებს, რომ გადაკვეთის ისეთი წერტილები იპოვონ, რომლებიც მათ შორის არსებულ პოტენციურ მტრობასა და ხელოვნურ წინააღმდეგობებს მოშლის და გზას გაუხსნის მსოფლიოს მოქალაქეს, ელაპარაკოს ყველას, ელაპარაკოს თავის ენაზე, მაგრამ თარგმანს ექვემდებარებოდეს, იყოს მიმღები და გამცემი და არა – ჩაკეტილი. გამჭვირვალობა და ღიაობა, რაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, მიღებულ იქნას დასაახლოებლად, უკეთ გასაცნობად, ხოლო ჩაკეტილობა დაძლეულ იქნას, როგორც ხელოვნური საზღვარი, რომელიც აჩენს მტრობას და არა – მეგობრობას.

 

საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურას ამის საუკეთესო წინაპირობები აქვს. ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელზე სწორებასაც უნდა ვახდენდეთ: ცალკერძ, ჩვენი წარსულის ისეთი მაგალითი, როგორიც დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი უზარმაზარი მონარქიაა, მცირე აზიის წამყვანი სახელმწიფო, რომელსაც სერიოზული კავშირები აქვს მის თანამედროვე ევროპასთან და აზიასთან (ამერიკა ჯერ აღმოჩენილი არ არის) და, მეორე მხრივ, ჩვენი ლიტერატურის ისეთი ნიმუში, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“, პოემა, რომელმაც დაძლია ყველა საზღვარი და სამანი და მსოფლიო მოქალაქეობის შესანიშნავი პრეცედენტი შექმნა. ეს ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ნიშნულებად შეიძლება მივიჩნიოთ, არ გვაძლევს უფლებას, დავრჩეთ სივიწროვესა და კარჩაკეტილობაში, რადგან ღიაობისთვის მზაობა ჩვენმა კულტურამ ჯერ კიდევ იმ დროს აჩვენა, როდესაც სამყარო არც იმდენად გლობალური იყო, როგორიც ახლაა და არც იმდენად გამომწვევი, როგორსაც თანამედროვეობა მოითხოვს ყველა იმ სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან, რომელთაც გლობალიზაციისთვის ფეხის აყოლა სურს. ამ კულტურისა და გამოცდილების სახელმწიფოს, თუნდაც, ისეთ პატარას, როგორიც საქართველოა, აქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ არ ეშინოდეს გარე სამყაროსი, ვინაიდან მან, თავისი გამძლეობისა და ინტელექტუალური პოტენციალის წყალობით შეძლო, მიუხედავად სახელმწიფოს გაუქმებისა და მშობლიური ენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, თავის თავში შემოენახა ძალა სახელმწიფოს აღდგენისა და ენის განვითარებისა. ის მძლავრი ნაკადი, რომელიც უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ქართული მწერლობის ზურგზე გადადიოდა, არ გვაძლევს შიშის საფუძველს, რომ ვინმე ან რამე ჩვენს გაქრობას და ვინმესთან ასიმილაციას შეძლებს. ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს – სახელმწიფო აღდგენილია, ენა – განთავისუფლებული.

 

რა დაგვრჩენია ჩვენისთანა კულტურის ერს განათლების გათანამედროვეობისთვის, თუ არა – ყველა იწროებისა და დამთრგუნველი მიზეზებისგან თავის დაღწევა და ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების განვითარებისთვის. ამისთვის კი საჭიროა, ყველა დისციპლინას, იქნება ეს საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული, შევხედოთ ობიექტურობის პრიზმიდან და ე.წ. ურაპატრიოტიზმი შევცვალოთ სამშობლოს ჯანსაღი სიყვარულით. რელიგიას შევხედოთ, როგორც ჩვენს ისტორიულ მოცემულობას, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს პოლიტიკურ თუ კულტურულ არჩევანში, ხოლო ლიტერატურა გავათავისუფლოთ ყოველგვარი კლიშესგან და ავხსნათ ენას ბორკილები, რომლებსაც სრულიად უგონოდ და გაუაზრებლად ვადებთ. ამ კონტექსტიდან უნდა შევხედოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, რომელმაც დასავლური გამოცდილების გაკვეთილები შესანიშნავად ჩააბარა და უარი თქვა ფსევდოელიტარიზმზე, სამი შტილის თეორიიდან რომ მომდინარეობს, რადგან ენა, რომელსაც იარაღად იყენებს ესა თუ ის თანამედროვე მწერალი, ხელოვნური და ვინმესგან ძალდატანებით შექმნილი კი არ არის, არამედ, ეპოქის პროდუქტია, ისევე, როგორც ეს იყო წინა საუკუნეებში – რასაც აწესებდა ესა თუ ის ეპოქა, იმ გამოწვევას პასუხობდა ენა. იყო ეპოქა მეტაფორებისა, მითოლოგიზებისა, იგავური მეტყველებისა და არის ენა სრული სოციალიზაციისა, სადაც არავინ და არაფერი დავიწყებული არ შეიძლება იყოს და ამ გზაზე დიალექტსაც თავისი როლი აქვს, ჟარგონსაც, ე.წ, არანორმატიულ ლექსიკასაც, რომელიც კი არ კლავს და რყვნის ენას, არამედ, მარწუხებს აშორებს, ათავისუფლებს რომელიმე თავსმოხვეული „შტილისგან” და, სულაც, ახალ სტილსა და ამინდს ქმნის. ხოლო პედაგოგებმა უნდა დაივიწყონ წარსულ დროებაზე დარდი, არავის მოსთხოვონ „ზრდილობიან” ენაზე წერა, რადგან ეს უკანასკნელი შორს დგას ეთიკისა და ზნეობის ნორმებისგან, მას თავისი საკუთარი „საკანონმდებლო ბაზა” აქვს, რომელიც დროში მოწყვლადია და არა – მოძალადე. ენისა და ლიტერატურის განვითარებას არაფერი აზიანებს ისე, როგორც იდეოლოგიური თუ კულტურული კლიშეები, რომლებიც ვერასოდეს დაეწევა და გადაუსწრებს მათ.

 

დაბოლოს, მწერლობის შეფასება ლექსიკით ანდა რელიგიური მოძღვრებისადმი დამოკიდებულებით სრული ნონსენსია, რადგან ენა იარაღია ლიტერატურისთვის, იდეოლოგია კი – ზემოქმედების საშუალება, რომლის დაძლევაზეც იყო დამოკიდებული დიდი ტექსტების შექმნა. არცერთი დიდი ლიტერატურა არ შექმნილა კანონიკური რელიგიის ჩარჩოებში და თითოეული დიდი ტექსტი ისეთ გარღვევას ახერხებდა უკვე დაშტამპული და გაქვავებული ენობრივი ქსოვილისას, რაც ახალი სამყაროს აღმოჩენას, ანდა ახალი სამეცნიერო მიღწევის სიხარულს უტოლდებოდა.

 

მხოლოდ ასეთ თავისუფალ, იდეოლოგიისა და სტერეოტიპებისგან თავდაღწეულ ისტორიასა და ლიტერატურაზე შეიძლება დაშენდეს თანამედროვე ადამიანის სწავლა-განათლება, რომელმაც უნდა შეძლოს გზის გაგნება, ახალი ორიენტირების ძიება, მომავალი სამყაროს სურათების სწორად წარმოსახვა.

 

 

დაცული ტერიტორიები ტანზანიაში

0

ტანზანია ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა და ცხოველთა მრავალფეროვან ჰაბიტატებს შეიცავს, ამიტომ მისი ფართობის 44%-ზე მეტი დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს უკავია. ტანზანიაში მდებარეობს აფრიკის უდიდესი და ულამაზესი ეროვნული პარკები და ნაკრძალები.

ტანზანიისა და კენიის სახელმწიფო საზღვართან მდებარე სერენგეტის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და აფრიკაში ერთ-ერთ საუკეთესო ველური ბუნების ნაკრძალად მიიჩნევა. კენიის მხარეს ის მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალით გრძელდება. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია, დასავლეთით კი – იკორონგოსა და გრუმეტის სპორტული ნადირობის ნაკრძალები.

აფრიკის ყველა ნაკრძალიდან სე რენგეტი პირველია სახეობათა რაოდენობით. მის თვალუწვდენელ ტერიტორიაზე (მასაის ენაზე  „სერენგეტი“ „უსასრულო ვაკეებს” ნიშნავს) მილიონზე მეტი დიდი ძუძუმწოვარი ბინადრობს. აქ ნახავთ დაბლობის ცხოველების დაახლოებით 35 სახეობას და 500-ზე მეტი სახეობის ფრინველს. მათ შორის არის „დიდი ხუთეულიც“: სპილოები, მარტორქები, ლომები და ლეოპარდები, ჰიპოპოტამები და კამეჩები. სხვა გავრცელებული ცხოველებიდან აქ სახლობენ ჟირაფები, სერვალები, გაზელები, გნუები, ზებრები, იმპალები, გეპარდები, ნიანგები, აფთრები, ბაბუინები…

სერენგეტის ეროვნულ პარკში ყველაზე დიდი ტურისტული სანახაობა მაშინ იწყება, როდესაც ველური ანტილოპების უზარმაზარი ჯოგი კენიის მწვანე საძოვრებისკენ მიემართება. ყოველწლიურად, აპრილში, ფრინველებთან, ლომებსა და სხვა მტაცებლებთან ერთად, სერენგეტის სამხრეთი დაბლობების გავლით მილიონობით ცხოველი მიგრირებს. როგორც წესი, ამ დროს იგეგმება ყველა საფარი და სანადირო ტური.

 

სელუსის ნაკრძალში მთელი ეკვატორული აფრიკის ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობებია თავმოყრილი და საგულდაგულოდ დაცული. აქ იმართება საფარი, ტურები საჰაერო ბურთით, იღებენ ასობით ფილმს. საჰაერო ბურთით ფრენა საშუალებას მოგცემთ, დააკვირდეთ ცხოველებს მათ ბუნებრივ საარსებო გარემოში, ისე, რომ მათი ყურადღება არ მიიპყროთ.

ნგორონგოროს კრატერი სერენგეტის კიდეზე მდებარეობს. ის ჩამოყალიბდა დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინ, როდესაც ვულკანური კონუსი ჩამოინგრა. ეს არის ყველაზე დიდი ხელუხლებელი კალდერა მსოფლიოში. მისი ბრტყელი ფსკერი და ციცაბო ფერდობები, რომელთა სიმაღლეა 610 მეტრამდეა, ქმნის 265 კმ²  ფართობის ბუნებრივ ამფითეატრს. ნგორონგოროს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ და ის იუნესკოს მიერ შეტანილია “მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის” სიაში.

მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია: ვულკანები, მთები, ვაკეები, ტბები, ტყეები. ტროპიკული ტყე კრატერის გარე ფერდობებზე იწყება. იქ 25 000 დიდი ძუძუმწოვარი ბინადრობს, უმთავრესად – ზებრები, ანტილოპები, გაზელები, კამეჩები, ელანდები, მეჭეჭები, სპილოები, ლომები, ლეოპარდები, ჰიენები, ჰიპოპოტამები, მაიმუნები და სირაქლემები. აღრიცხულია 100-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომლებიც, მაგალითად, სერენგეტშიც კი არ გვხვდება. უთვალავი ფლამინგო ვარდისფერი ნისლივით ახვევია კრატერში მდებარე თვალწარმტაც მაგადის ტბას.

ნგორონგორო მნიშვნელოვანია ფრინველების სიმრავლითაც, რომლებიც ან ბუდობენ იქ, ან იზამთრებენ, ან მისი ტერიტორიას დასასვენებელ პუნქტად იყენებენ უფრო შორეული მიგრაციის დროს. მუდმივ ბინადრებს შორის არიან სირაქლემა, შავი აფრიკული არწივი და ულვა. წვიმების სეზონზე აქ აფარებენ თავს ჩრდილოეთური ზამთრის სიცივეს ევროპის გადამფრენი ფრინველები.

კრატერიდან არცთუ ისე შორს არის ოლდუვაის ხეობა, რომელსაც პრეისტორიული პერიოდის უმდიდრესი გათხრების ადგილს უწოდებენ. აქ ნაპოვნი იქნა გაქვავებული ნაშთები, რომლებიც დათარიღებულია მილიონობით წლით.

ტბა მანიარას ეროვნული პარკი მდებარეობს ამავე სახელწოდების ტუტე ტბასა და დიდი აფრიკული რიფტის კლდეს შორის. აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა აფრიკული ცხოველი, გარდა ლეოპარდებისა და გეპარდებისა. პარკის ყველაზე ცნობილი სანახაობაა აკაციებზე მცოცავი ლომები. გაუვალი ტყეების გამო ისინი დღის უმეტეს ნაწილს მიწიდან 6-7 მეტრ სიმაღლეზე, აკაციის ტოტებზე ატარებენ, ამიტომ მათი ერთდროულად დანახვა საკმაოდ ძნელია.

პარკი საოცარი სილამაზისაა. ტყე გზას უთმობს ნათელ ტყეებს, მდელოებს, ჭაობებსა და ტბებს, სადაც იშვიათი ფრინველები ბინადრობენ.

ტბები ტანგანიკა და ნიასა წაგრძელებულია და ციცაბო მაღალი ნაპირები აქვს. ტანგანიკა სიღრმით (1470 მ) მხოლოდ ბაიკალს ჩამოუვარდება. მისი ფსკერი ზღვის დონიდან 660 მეტრით დაბლაა. ნიასას ტბის ფართობი 31 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო სიღრმე 706 მეტრს აღწევს.

ტარანგირის ეროვნული პარკის დაარსების წლად 1970 მიიჩნევა. პარკს 2600 მ² უკავია. მან სახელი მიიღო მდინარე ტარანგირისგან, რომელიც პარკში მიედინება. პირველი, რასაც პარკში ტურისტები ხედავენ, უზარმაზარი მრავალსაუკუნოვანი ბაობაბებია. ამ პარკში ბინადრობს ტანზანიაში სპილოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულაცია – დაახლოებით 6000 სული, ასევე – ფრინველების 300–მდე სახეობა და ბუზ ცეცეს მოზრდილი კოლონია. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილთაგანი აფრიკაში, სადაც ის შემორჩა მის წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ.

ტანზანიის აღმოსავლეთ სანაპიროდან 40 კილომეტრზე, ინდოეთის ოკეანეში, მდებარეობს ზანზიბარის ნახევრად ავტონომიური რეგიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ზანზიბარი, პემბა და მრავალი მცირე კუნძული.

ყველაზე დიდი კუნძულია ზანზიბარი (ყოფილი უნგუჯა). მისი ნახევარზე მეტი უკავია მიხაკისა და დარიჩინის პლანტაციებს, ამიტომ ზანზიბარს სანელებლების კუნძულსაც უწოდებენ.

ზანზიბარის დედაქალაქია ზანზიბარი, რომლის ისტორიული ცენტრი, სტოუნ-თაუნი (ინგლ. Stone Town), მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ნამდვილი პატარა სასახლეები და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ქალაქის კოლორიტს ქმნის. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მალინდის მეჩეთი, მარაჰუბის სასახლის ნანგრევები, რომლის გარშემო ინდოეთიდან ჩამოტანილი მანგროს ხეები ხარობს, მთონის სასახლე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ძველი არაბული ციხესიმაგრე, რომელიც 1710-1715 წლებში აშენდა. დღეს ის ხშირად მასპინძლობს აფრიკული და არაბული ცეკვების, სიმღერებისა და მუსიკის წარმოდგენებს.

შუა საუკუნეებში ზანზიბარის არქიპელაგი და ტანზანიის სანაპირო ერთ მთლიანობად ითვლებოდა. არაბი ვაჭრები ამ მიწებს უწოდებდნენ „ზინჯ ელ-ბარს“, რაც „შავკანიანთა ქვეყანას“ ნიშნავს. არქიპელაგის მთავარი კუნძულის – უნგუჯას აღმოსავლეთ სანაპიროზე დღემდე შემორჩენილია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი. მოქცევის დროს სანაპირო სოფლების ყველა მცხოვრები ოჯახებს ზღვაზე ასხამს. კაცები მარჯნის რიფზე მიდიან თევზის საჭერად, ქალები და ბავშვები კი მარჩხ წყალში დადიან და ზღვის სხვა პროდუქტებს აგროვებენ.

ითვლება, რომ ზანზიბარის პირველი მკვიდრები იყვნენ ბანტუს ხალხები, რომლებმაც სრუტე კონტინენტიდან გადმოლახეს 2 ათასი წლის წინ. ზანზიბარი უხსოვარი დროიდან ვაჭრობით ცხოვრობდა. აქედან მონები, ოქრო, სპილოს ძვალი და ხე მიეწოდებოდა ინდოეთსა და აზიას. სანაცვლოდ აღმოსავლეთიდან ვაჭრებმა კუნძულებზე სანელებლები, მინა და ქსოვილები ჩამოიტანეს.

Menai Bay Conservation Area ზანზიბარის უდიდესი საზღვაო დაცული ტერიტორიაა.

ტანზანიაში მოიპოვება უნიკალური მწვანე ტურმალინები, საფირონები, ძოწი, ლალი, ზურმუხტი და ალმასი. მინერალი ტანზანიტი, ნაპოვნია მხოლოდ ტანზანიაში, კილიმანჯაროს მთის ვულკანურ საბადოებში.

გასაკვირია, რომ სულ რაღაც ასი წლის წინ, აფრიკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი იდუმალი და უცნობი ჩანდა და მხოლოდ დროდადრო აღწევდა ჩვენს ყურამდე აღმოსავლეთ აფრიკაში მომხდარი საოცარი აღმოჩენების ამბები…

 

ამ საოცარი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე:

https://damskisecret.ru/ka/proekt-na-temu-sozdanie-nacionalnogo-parka-geografiya-tanzanii/ ; https://en.wikipedia.org/wiki/Tanzania ; https://youtu.be/EZ2_JE0thXE  https://peakvisor.com/park/serengeti-national-park.html https://serengetinationalpark.com/

ცუდად ნასწავლი გაკვეთილები

0

 

რა აზრი მოეთხოვება ამგვარს ინტელიგენციას, როდესაც მან არ იცის წარსული თავის ერისა, არ იცის თვისება, ლტოლვილება იმის სულისა და გულისა, – არ იცნობს მის გონებრივს აგებულობას, არ იცის საზოგადოდ რომ ვსთქვათ, მისი სოციალური ყოფა-მდგომარეობა?!

ვაჟა-ფშაველა

სულო ცოდვილო, რამდენჯერ მიფიქრია სასოწარკვეთილსა თუ იმედგაცრუებულს, რომ ყველა უბედურება, რაც გვჭირს, იქნებ ჩვენი ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლების ბრალია. მათი, ვინც ლიტერატურაში შენახული ათასწლეულების მარტივი სიბრძნეები თავში სწორი აქცენტებით ვერ ჩაგვიჭედა და მათიც, ვინც ისტორია ჰეროიკულ ამბებად გვასწავლა და არა გამოცდილებად, სადაც შეცდომებს აანალიზებ, რომ იმავე ქვას აღარ წამოჰკრა ფეხი, სადაც შენამდე არაერთმა წაიფორხილა, ზოგმაც კისერი მოიტეხა ან თავი დაკარგა. ათასჯერ მაინც გავბრაზებულვარ ადამიანებზე, რომლებმაც ტექსტებისა და თარიღების სწავლება უფრო მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნიეს, ვიდრე დისკუსიის უნარების ჩამოყალიბება, ანალიზის უნარი, კერპების ნგრევა და ახალი ხედვის შესაძლებლობების გახსნა. რა შეიძლება იყოს უფრო კარგი სავარჯიშო გონებისთვის და საკვები სულისთვის, ვიდრე მომხდარი თუ გამოგონილი ამბები თავისი გმირებით და ანტიგმირებით? რამ შეიძლება გასწავლოს უკეთ სხვის ტყავში შეძრომა, სხვისი თვალით სამყაროს დანახვა და სხვადასხვა პერსპექტივიდან გარემოს აღქმა, გადარჩენის პრაქტიკების გამომუშავება?

ყოველთვის, როცა მიმდინარე ამბებიდან დისტანცირებისთვის, ფართო სურათის დასანახად ან სულაც ახალი პერსპექტივებისთვის ლიტერატურას და ისტორიას მივაკითხავ ხოლმე, იმაზე ვბრაზობ, სტერეოტიპებით რა მძლავრად არის დატვირთული სასკოლო სივრცეში „საპროგრამო ტექსტების“ სწავლება და რა უკონტექსტოდ ისწავლება ისტორია. ინტერპრეტაცია, მსჯელობა, კრიტიკა, ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა და მათ შორის კავშირების შემჩნევა, რის საშუალებასაც ეს ორი დისციპლინა იძლევა, თითქმის სრულიად უგულებელყოფილია პროგრამების დონეზეც და პრაქტიკაშიც. რჩება საზეპიროები, ლეგენდები და სადღეგრძელოები სამშობლოსა და სიყვარულზე.

მეტსაც გეტყვით, საზეპიროებშიც ვერ ვივარგეთ.

მორალურ კოდექსებად და ფასეულობრივ ორიენტირებად გამოსადეგი ნაწყვეტები კლასიკოსების ტექსტებიდან მხოლოდ ლამაზ სიტყვებად მივიჩნიეთ და არა სიბრძნეებად, რომლებიც ნავიგაციას გაგვიადვილებდა.

 

აბა, თქვენც დაფიქრდით, როგორ შეიძლება ადამიანს სკოლაში კარგად ჰქონდეს გააზრებული ეს ფრაზები და ისე ცხოვრობდეს, როგორც ჩვენ? სწავლის დაუცხრომელი სურვილის გარეშე, კრიტიკის მიუღებლობით, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენის გარეშე, საკუთარი ბედის სხვაზე მინდობით?

 

„აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?

ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?“

დავით გურამიშვილი

 

„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება

და გზა უვალი, ჩვენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება!“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

 

„მცოდნე კაცების ჭირნახულობა, გამოცდილება, ცოდნა რომ შენსას დაემატოს, კარგი იქნება? უფრო ადვილად არ გაიძღობ კუჭს? უფრო ცოტა ოფლით მეტს არ მოიმკი?“

ილია ჭავჭავაძე

 

„თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არ არის პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი“.

ვაჟა-ფშაველა

 

„არაფერს არ უნდა შევუშინდეთ, არაფერი არ უნდა დავმალოთ, რადგან დამალვით სენი კი არა რჩება, ძლიერდება, ხრწნის საზოგადოებრივს ორგანიზმს და სიკვდილს უმზადებს ერს“.

იაკობ გოგებაშვილი

 

„ამბობენ, რომ გვაქვს მოთმინების დიდი უნარი.

რაა სულ თმენა? სხვა უნარიც გვიჩვენეთ კიდევ.

შრომის უნარი, განათლების, გრძნობის უნარი“.

გალაკტიონ ტაბიძე

 

ეს – მხოლოდ კლასიკოსები. რამდენი ასეთი ზაფხულის ხვატში მონაბერ გრილ სიოსავით საჭირო და საამური რამეა ჩვენამდე დაგროვებულ გამოცდილებაში. მარტო ის რად ღირს, დავით აღმაშენებელი რომ ეუბნება დიდგორის ომის წინ ხალხს, თქვენი თავის რწმენა თუ გექნებათ, ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს კი არა, თვით ეშმაკებსაც დაამარცხებთო და მართლაც რომ ამარცხებენ. როგორ შეიძლება, წლების განმავლობაში დიდგორის ამბავს ასწავლიდე და არ გჯეროდეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ სიმტკიცით და დაუღალავი მონდომებით? როგორ შეიძლება, გრიგოლ ხანძთელის უდაბნოში გაჩენილი ახალი სახელმწიფოს მშენებლობის ამბებს უხსნიდე ბავშვებს, მთაწმინდელი ბერების დაუღალავი თარგმანების ისტორიებს ჰყვებოდე და ეჭვი გეპარებოდეს, რომ ჩვენი ადგილი ყოველთვის იქ იყო, სადაც ცოდნა და განათლება, შრომა და სიმართლე იყო მთავარი ღირებულებები?

ალბათ იმ ზიანის დათვლაც შეუძლებელია, რაც ცუდად ნასწავლ გაკვეთილებს მოაქვს და იმ სიკეთისაც, რაც კარგ მასწავლებლებს შეუძლია მოუტანონ საზოგადოებას – ორივეს მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია. რაც შესაძლებელი მგონია, იმ მარტივი პრინციპის დანერგვაა, რომელიც ერთობ ბანალურად ჟღერს და ყოველდღე შენი თავისთვის მარტივი კითხვების დასმას გულისხმობს:

აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

რას ვეუბნებით ბავშვებს ისეთს, რაც წლების შემდეგაც ემახსოვრებათ?

რას ვასწავლით ისეთს, რაც რთულ დროს გამოადგებათ?

რა მაგალითს ვაძლევთ, რითაც ჩვენს სიტყვებს ვამყარებთ?

რა არის ის, რისთვისაც ღირს ჩვენი შრომა და გარჯა?

რა გვინდა გაიხსენონ ჩვენ შესახებ ჩვენ თვალწინ გაზრდილმა ბავშვებმა, როცა იმაზე დიდები იქნებიან, ვიდრე ჩვენ ვართ ახლა?

 წიგნის სანიშნის შექმნა -სარეკომენდაციო სცენარი დავალებისთვის

0

გრძელვადიან სამიზნე ცნება „ტექსტზე“ მუშაობის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო ხდება, როცა კომპლექსური დავალება თემაში მოცემულ რამდენიმე ტექსტზე დაყრდნობით სრულდება.

გთავაზობთ დაწყებითი განათლების ექსპერტის, ქ-ნი ნინო ვაშალომიძის მიერ შექმნილი კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს მეორე კლასისთვის.

თემა: ბუნება და ადამიანი (ქართული ენა ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე).

ტექსტები: ნიკო კეცხოველის მოთხრობა „ია და ჭიანჭველა“,

ანა ხახუტაშვილის მოთხრობა „უჩინარი მთესველები“.

 

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

ვეცნება – მხატვრული ჟანრი (მოთხრობა)

შუალედური სასწავლო მიზანი

საკითხი – ნიკო კეცხოველის მოთხრობიდან „ია და ჭიანჭველა“ საინტერესო დეტალის შერჩევა წიგნის სანიშნისთვის.

ქვესაკითხები – მოთხრობების „ია და ჭიანჭველა“ და „უჩინარი მთესველები“ თემა, დედააზრი, პერსონაჟები, დეტალები; სანიშნი, მისი მახასიათებლები;

საკვანძო შეკითხვა – როგორ, რა ხერხების გამოყენებით გავიგო ტექსტი?

როგორ შევარჩიო მოთხრობიდან საინტერესო დეტალი წიგნის სანიშნისთვის?

კომპლექსური დავალების პირობა – წიგნის სანიშნი

შექმენი წიგნის სანიშნი, რომელზეც წარმოაჩენ შენთვის საინტერესო, მოსაწონ დეტალს ან დეტალებს შესწავლილი ნაწარმოებებიდან. სანიშნის შესაქმნელად შეგიძლია გამოიყენო ფერადი ქაღალდები და ქსოვილები, წარწერები, ნახატები ან სურათები.

შეფასების კრიტერიუმები –

ნაშრომში წარმოაჩინეთ:

  • რით უკავშირდება შენი სანიშნი შესწავლილ ნაწარმოებებს (ტ. 1, 2, 3);
  • რა საშუალებები გამოიყენე საინტერესო დეტალის/დეტალების გამოსაკვეთად (ტ.2, 3);
  • რით არის შენ მიერ შერჩეული დეტალი/დეტალები საინტერესო და მოსაწონი (ტ.1)

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

წინარე ცოდნის გააქტიურება

  • გინახავთ თუ არა უცნაურ ადგილზე ამოსული მცენარე? (კლდეზე, სახლის სახურავზე, კედელზე, ნანგრევებზე, ასფალტზე)?
  • თუ გიფიქრიათ, საიდან მოხვდა ის ამ ადგილას?

აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • გინახავს თუ არა წიგნის სანიშნი?
  • გარდა წიგნის გვერდის ჩანიშვნისა, კიდევ რა მიზნით შეიძლება მისი გამოყენება?
  • ადრეც ხომ არ შეგიქმნია წიგნის სანიშნი? რისთვის იყენებდი? რა ეწერა ან ეხატა ზედ?
  • თქვენი სიტყვებით ახსენით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. როგორ, რა ხერხების გამოყენებით გავიგო ტექსტი? რით არის შენ მიერ შერჩეული დეტალი/დეტალები საინტერესო და მოსაწონი (ტ.1)

ქვესაკითხები: მოთხრობების თემა, პერსონაჟები, დეტალები;

რესურსები და აქტივობები:

რესურსი 1. ნიკო კეცხოველის მოთხრობა „ია და ჭიანჭველა“

რესურსი 2. გამოცანები იასა და ჭიანჭველაზე:

გაზაფხულზე გვესტუმრება,

ნაზი, მორცხვი, ლურჯთვალება,

გზას და შარას ერიდება,

ბუჩქის ძირას იმალება.

(ია)

პაწაწინა მწერია, დიდ ტვირთს ისე დაათრევს,

ღამით სულ არ იძინებს, გგონიათ ემძიმება?

მხოლოდ მაშინ ისვენებს, ისეთი შავტუხაა,

თუ ეზოში იწვიმებს. ყველას გაგეცინებათ.

(ჭიანჭველა)

 აქტივობა 1. გამოცანების გამოცნობა

 აქტივობა 2. გონებრივი იერიში

აქტივობა 3. ვარაუდების გამოთქმა ტექსტის სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით

აქტივობა 4. საჩვენებელი/სამოდელო კითხვა

აქტივობა 5. ტექსტის ირგვლივ კითხვებზე პასუხი

 

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • როგორ გამოვიცნოთ გამოცანა, რას უნდა დავაკვირდეთ? ( აქტ.1)
  • რა იცი იის შესახებ? (აქტ. 2)
  • რა იცი ჭიანჭველას შესახებ?
  • რომელ ნაწარმოებში გვხვდება ჭიანჭველა, ია?
  • შენი აზრით, რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? (აქტ. 3)
  • რას გეუბნება სათაური, ილუსტრაცია შინაარსის შესახებ?
  • რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?
  • გაზაფხულის მახარობელი რომელი ყვავილები აყვავდა? (აქტ. 5)
  • კიდევ რომელი ყვავილები ამოდის ადრეულ გაზაფხულზე?
  • რა შენიშნა გიამ ერთი ბუჩქის ძირას?
  • რამ დააინტერესა გია?
  • რის გაკეთება ურჩია მამამ გიას?
  • რა დატოვა ხელისგულზე ჭიანჭველამ?
  • როგორ აუხსნა მამამ გიას, რატომ/რისთვის დარბიან ჭიანჭველები ბილიკზე?
  • რას მიხვდა გია მამასთან საუბრის შემდეგ?
  • რას გადმოგვცემს მწერალი – შესაძლებელ თუ დაუჯერებელ ამბავს?

რესურსი 3. „სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა“

 

 აქტივობა 6. ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობის დადგენა.

აქტივობა 7. სქემის შევსება ახლად ნასწავლი სიტყვის (მახარობელი/ბუდე/ბილიკი) გამოყენებით.

აქტივობა 8. შერჩეული ეპიზოდის გამომსახველობითად წაკითხვა.

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

 

  • რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოსაცნობად? (კონტექსტზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა? ლექსიკონში მოძებნა?) (აქტ. 6)
  • რას ნიშნავს სიტყვა მახარობელი?
  • საიდან მიხვდით უცნობი სიტყვის – „მახარობელი” მნიშვნელობას?
  • რა არის ბუდე?
  • რომელი ფრინველი იკეთებს ბუდეს დაბლა, მინდვრებში?
  • რომელი ფრინველი იბუდებს ხის ფუღუროში?
  • რომელი ფრინველი იბუდებს კლდის თავზე?
  • ბუდეს მხოლოდ ფრინველთა სახლს ვუწოდებთ?
  • სხვანაირად როგორ იტყოდით: „საზრდოდ ინახავენ“? მოიფიქრე ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
  • როგორ გესმით „ხან აქეთ ეცა, ხან-იქით“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? საიდან მიხვდი ამას?
  • როგორ შეძლებ სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემის“ შევსებაზე მუშაობას? (აქტ. 7 )
  • რა უნდა გაითვალისწინო სქემაზე მუშაობისას?
  • როგორ განმარტავ სიტყვას?
  • რა მაგალითს მოიყვან, რა გახსენდება ან წარმოგიდგება თვალწინ, როცა ეს სიტყვა გესმის?
  • როგორ გამოვხატო მთხრობლის, პერსონაჟის გრძნობები, ემოციები? (აქტ. 8 )
  • რა მეხმარება პაუზების დაცვაში, ინტონაციის შერჩევაში? როგორ მეხმარება?

რესურსი 4 . ანა ხახუტაშვილის მოთხრობა „უჩინარი მთესველები“

რესურსი 5. სიტყვის/ცნების რუკა

  რესურსი 6. გრაფიკული მაორგანიზებელი „დაამყარე კავშირი“

აქტივობა 9. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა

 აქტივობა 10. მოთხრობის კითხვა პაუზებით

 აქტივობა 11. ტექსტის ირგვლივ კითხვებზე პასუხი

აქტივობა 12. ლექსიკაზე მუშაობა, სქემის შევსება ახლადნასწავლ სიტყვაზე „ქონგური“

 აქტივობა 13. პარალელების გავლება გარე სამყაროსთან (სქემის „დაამყარე კავშირი“ შევსება)

აქტივობა 14. მოთხრობების „ია და ჭიანჭველა“ და „უჩინარი მთესველები“ შედარება

 

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • რას მეუბნება ტექსტის სათაური? (აქტ. 9)
  • რას მეუბნება ილუსტრაცია?
  • რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?
  • რა დასკვნების გამოტანა შეგიძლია მათზე დაყრდნობით ტექსტის შესახებ?
  • ვინ ვის ესაუბრება ამ მოთხრობაში? (აქტ. 11)
  • რა შეკითხვა დასვა გაკვირვებულმა ბავშვმა?
  • წელიწადის რომელი დროა მოთხრობაში აღწერილი?
  • რა შეადარა მწერალმა გვირგვინს?
  • „ვის“ უწოდა დიდედამ „ორი“ მებაღე“?
  • შენი აზრით, რატომ შეურჩია მწერალმა მოთხრობას სათაურად „უჩინარი მთესველები“?
  • რას ნიშნავს სიტყვა „უჩინარი“? სხვანაირად როგორ იტყვი ამას? (აქტ. 12)
  • რას ნიშნავს სიტყვა „შემკობა“? სხვანაირად როგორ იტყვი ამას?
  • რას ნიშნავს სიტყვა „ქონგური“? სხვანაირად როგორ იტყვი ამას?
  • რას ნიშნავს გამოთქმა „თესლი ხარობს“?
  • როგორ შეავსებ „სიტყვის ცნების რუკას“ ?
  • როგორ განმარტავ შენ მიერ შერჩეულ სიტყვას?
  • რას გახსენებს ეს ტექსტი ბუნებასთან დაკავშირებით? შეგიმჩნევია, გინახავს ტექსტში აღწერილის მსგავსი რამ? (აქტ. 13 )
  • რით ჰგავს და რით განსხვავდება მოთხრობები ,,ია და ჭიანჭველა“ და ,,უჩინარი მთესველები“ ერთმანეთისგან? (აქტ. 14 )
  • რით/რა დეტალებით ჰგავს ეს ორი ტექსტი ერთმანეთს?
  • გარდა დეტალებისა, კიდევ ერთი მთავარი რამით ჰგავს ეს ორი ტექსტი ერთმანეთს. შენი აზრით, რა არის ეს მთავარი რამ?

 

აბიჯი 2. ქვესაკითხები – სანიშნი, ტექსტის საგულისხმო დეტალი; რით უკავშირდება შენი სანიშნი შესწავლილ ნაწარმოებს? (ტ. 1, 2, 3); რა საშუალებები გამოიყენე საინტერესო დეტალის გამოსაკვეთად? (ტ. 3);

ქვესაკითხები: მოთხრობების თემა, დედააზრი, სანიშნი, მისი მახასიათებლები;

რესურსები და აქტივობები:

რესურსი 1. ნიკო კეცხოველის მოთხრობა „ია და ჭიანჭველა“

რესურსი 2. სქემა „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი“

რესურსი 3. წიგნის სანიშნის ფოტოები

 

რესურსი 4. ვიდეო-რგოლი წიგნის სანიშნეების შექმნის შესახებ.

რესურსი 5. მოსწავლეთა ნამუშევრები

 

რესურსი 6. კრიტერიუმების ბადის ნიმუში

გ= გასაუმჯობესებელია

კ=კარგია

 

 

მე მასწავლებელი ან თანაკლასელი
ნამდვილად უკავშირდება თუ არა შენი სანიშნი მოთხრობას?    
კარგად არის გამოკვეთილი შენ მიერ შერჩეული დეტალი?    
რა არის გასაუმჯობესებელი? ————————————————-

 

აქტივობა 1. მოთხრობის დედააზრის გასააზრებლად, ტექსტთან მიბრუნება და მინიშნებაზე დაკვირვება.

აქტივობა 2. სქემის „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი“ შევსებაზე ინდივიდუალური მუშაობა.

აქტივობა 3. წიგნის სანიშნის ფოტოების შედარება და მახასიათებლების გამოკვეთა.

აქტივობა 4. ვიდეორგოლის ნახვა წიგნის სანიშნების შექმნის შესახებ.

აქტივობა 5. დეტალების შერჩევა სანიშნისთვის.

აქტივობა 6. წიგნის სანიშნეზე დამოუკიდებლად მუშაობა (შესაძლოა, საშინაო დავალება იყოს).

აქტივობა 7. თვითშეფასება კრიტერიუმების ბადის საფუძველზე.

აქტივობა 8. ნამუშევრის გაუმჯობესება, ბოლო ვარიანტის მომზადება და წარდგენა.

აქტივობა 9. ნამუშევრების წარდგენა.

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • როგორ გესმით მოთხრობის ბოლოს გიას მიერ ნათქვამი ფრაზა – „ჭიანჭველები იის გავრცელებას ხელს უწყობენ!“ ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას? (აქტ. 1)
  • უკავშირდება თუ არა გიას სიტყვები მოთხრობის დედააზრს? რით? რატომ ფიქრობთ ასე?
  • ჭიანჭველები მხოლოდ იის გავრცელებას უწყობს ხელს თუ სხვა მცენარეებისაც? ახსენი, რატომ ფიქრობ ასე?
  • კიდევ რომელ მწერს მოაქვს სარგებლობა?
  • რა სარგებლობა მოაქვს? საიდან იცი?
  • რის თქმა უნდოდა ამ მოთხრობით ავტორს – რა არის ამ მოთხრობის დედააზრი? რატომ ფიქრობ ასე?
  • ვის აქვს განსხვავებული თვალსაზრისი?
  • ამ ამბის დედააზრის გამომხატველი რაიმე ანდაზა ხომ არ გახსენდებათ?
  • როგორ შეავსებ სქემას „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი“? (აქტ.2)
  • შენი აზრით, რომელია მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი?
  • როგორ დაასათაურებ ამ ეპიზოდს?
  • რა გრძნობაა გადმოცემული ამ მონაკვეთში? (მიხვედრის, რაღაცის შეცნობის სიხარული);
  • რა ფიქრი აღგიძრა?
  • რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი ფოტოზე მოცემულ წიგნის სანიშნებს? (აქტ. 3)
  • ვიდეო-რგოლში ნანახი სანიშნის მსგავსი სანიშნი თავადაც ხომ არ შეგიქმნია? გაიხსენე, როგორი იყო ( აქტ. 4);
  • რა დაგჭირდება წიგნის სანიშნის დასამზადებლად? (აქტ. 5)
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება წიგნის სანიშნეზე მუშაობისას?
  • რით და როგორ გავაუმჯობესო ნამუშევარი?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი მოსწავლეთა რეფლექსიის უნარის განვითარებისა და წინსვლის ხელშესაწყობად:

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნაშრომი წიგნის სანიშნია?
  • უკავშირდება თუ არა შენი წიგნის სანიშნი ტექსტების შინაარსს/ მთავარ სათქმელს? რით?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ შეარჩიე საინტერესო დეტალი? რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?;
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • გასაგები იქნება თუ არა შენი წიგნის სანიშნი მკითხველისთვის?

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...