პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ფინანსური განათლება – ფინედუ მასწავლებლებისთვის

0

ფინედუ https://www.finedu.gov.ge/ge  – ეს არის პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა,  მომხმარებელთა სანდო და  კომპეტენტური ფინანსური მეგზური.

პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, ინვესტირებისა და სხვა ფინანსური მიზნების განხორციელებისთვის. საგანმანათლებლო რესურსები, პუბლიკაციები,  ბლოგები, ბროშურები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი საბეჭდი და დამხმარე მასალა, ვიდეო და აუდიო კონტენტი ხელმისაწვდომია ყველასთვის.

რესურსების ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობასა და მათ ვებგვერდზე განთავსებას საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების გუნდი ახორციელებს. ასევე, მასში ჩართულია არაერთი კერძო კომპანია საჯარო სტრუქტურა, სასწავლო დაწესებულება და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები.

ვებპლატფორმაზე განთავსებულია ბლოკი  მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც სურს ასწავლოს ფინანსური განათლების საკითხები ბავშვებსა და მოზარდებს, როგორც სკოლაში, ისე სხვა სივრცეში.

ბლოკი წარმოდგენილია სექციებით:

  • ფორმალური განათლება
  • არაფორმალური განათლება
  • სასწავლო რესურსები
  • ვიდეო რესურსები
  • ტრენინგები და ღონისძიებები
  • ფინედუს სამასწავლებლო

 

ფორმალური განათლება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და საზოგადოებრივ მეცნიერებებთან ერთად სხვა საგნების მასწავლებლებსაც აძლევს შესაძლებლობას, ფინანსური წიგნიერების სწავლება ინტეგრირებულად წარმართონ.

ამისათვის საჭიროა, მასწავლებლები აღჭურვილნი იყვნენ შესაბამისი ცოდნითა და მასალებით, რათა სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული იქნას მრავალფეროვანი რესურსები, საინტერესო აქტივობები და ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული და მოსწავლეს რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის მოამზადებს.

ფორმალური განათლების სექციაში დეტალურად არის განხილული ცალკეული საკითხები:

 

არაფორმალური განათლება

ფინანსური განათლების სწავლება შეიძლება დაიგეგმოს, როგორც პროექტების სახით, ე.წ.სადამრიგებლო საათის დროს, ასევე, შესაძლებელია არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში  განხორციელდეს კლუბური მუშაობა, მრავალფეროვანი აქტივობები და თამაშები.

სწავლებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ადგილზევე ითვისებდნენ ფინანსურ საკითხებზე ცოდნას და იმავდროულად, ივითარებდნენ სწორ ფინანსურ უნარ-ჩვევებს სიტუაციებზე მსჯელობის, თამაშების, სიმულაციების, ჯგუფური აქტივობების თუ პროექტებზე მუშაობის საშუალებით.

პორტალზე განთავსებულია საინტერესო პროექტისა და თავისუფალი გაკვეთილების სცენარები.

 

რესურსების სექციაში თავმოყრილია: ეროვნული ბანკის მიერ მასწავლებლებისთვის შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოები თეორიული მასალითა და პრაქტიკული საკლასო აქტივობებით; ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ბროშურები; მასწავლებლების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები – სამივე საფეხურის გაკვეთილის გეგმები, აქტივობები.

მასალის ჩამოტვირთვა და სასწავლო მიზნებით გამოყენება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეუძლია.

ვიდეორესურსების სექციაში წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და   ფინედუს ანიმაციები.

მასწავლებლების ხელშეწყობის მიზნით პერიოდულად ტარდება:

ფინედუს სამასწავლებლო https://www.facebook.com/groups/finedus.samastsavleblo – ფეისბუქჯგუფში მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, საინტერესო რესურსებს, სასწავლო მასალას, ინფორმაციას ტრენინგებისა თუ ღონისძიებების შესახებ, რაც მათ ეხმარება  პროფესიულ ზრდასა და მოსწავლეებისთვის სახალისო გაკვეთილების დაგეგმვაში.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ფინანსური განათლების დანერგვის მიზნით, ეროვნული ბანკის ხელშეწყობით ტარდება კონკურსები – ,,გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი” და „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“.

გამოყენებული რესურსი:

ვებ-პლატფორმა https://www.finedu.gov.ge/ge

 

საავტორო უფლებები, ხელოვნური ინტელექტი და ეთიკა

0

ხშირად ვამბობთ და სხვებისგანაც გვესმის (და მართლაც ასეა): დღევანდელ სამყაროში, ინფორმაციის ეპოქაში, ყოველგვარი სიახლე უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება. ის კი არა, ზოგჯერ რამდენიმე საათშიც კი ძველდება ინფორმაცია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთი ძირითადი პრინციპი — შემოქმედის პატივისცემა. სწორედ ამ პრინციპს აერთიანებს საავტორო უფლება, რომელიც იცავს იმ შრომას, დროსა და ენერგიას, რომელიც ავტორებმა თავიანთ ნამუშევარში ჩადეს.

რა არის საავტორო უფლება?

საავტორო უფლება არის კანონი, რომელიც იცავს ავტორის მიერ შექმნილ ნებისმიერ ორიგინალურ ნამუშევარს — ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს, მუსიკას, კოდს, თამაშს… ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია: ფოტო მოიძებნა, დააკოპირე, ჩასვი და მზად არის. მაგრამ… სხვისი ნამუშევრის გამოყენება — თუნდაც მცირე ნაწილის — მოითხოვს შესაბამის ნებართვას ან მინიმუმ წყაროს სავალდებულო მითითებას. საავტორო უფლება ამ ქაოსურ გარემოში ერთ-ერთ ყველაზე უხილავ, მაგრამ ძლიერ წესად რჩება. ის გვახსენებს, რომ თითოეული ტექსტი, ფოტო, მუსიკა თუ ვიდეო ვიღაცის დროის, შრომისა და ნიჭის შედეგია. მათი მითითების გარეშე გამოყენება კი არაეთიკურია.

საავტორო უფლებების დაცვა აუცილებელია, ის იცავს შემოქმედის შრომასა და შრომის შედეგს, ქმნის უსაფრთხო და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს, ჩვენს მოსწავლეებში კი განავითარებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას ვაჩვენოთ, რა არის დასაშვები და რა – არა. და მაინც, რა არ შეიძლება? სხვისი ტექსტის ან ფოტოს გადმოწერა წყაროს გარეშე; პლაგიატი — სხვისი ნამუშევრის საკუთარი სახელით წარმოჩენა; კონტენტის შეცვლა იმისთვის, რომ ორიგინალად მოვაჩვენოთ ჩვენი ნაშრომი; ინტერნეტიდან მასალის გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე…

ვირტუალურ სივრცეში დღეს უამრავი რესურსია, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ლეგალურად შევქმნათ, ვასწავლოთ ან გავაზიაროთ: Creative Commons-ის ლიცენზიებით დაცული მასალები, უფასო ფოტოები და აუდიობანკები… მაგრამ ამ რესურსების სწორად გამოყენება ცოდნასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ის „მარტივი“ კითხვა — შეიძლება თუ არა ჩამოტვირთული ფოტოს გამოყენება? — უკვე ბავშვისთვისაც კი მნიშვნელოვან ეტიკეტად იქცა.

მაგალითად:

  • CC BY — შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითო ავტორი;
  • CC BY-NC — არაკომერციული გამოყენება;
  • CC0 — სრულიად თავისუფალი მასალაა

ამ წესების ცოდნა მოსწავლეებს სჭირდება როგორც დღეს, ისე მომავალ პროფესიებში.

ხშირად მასწავლებლის მიერ მიცემულ თუნდაც შემოქმედებით დავალებას მოსწავლეები თავს არიდებენ, მათ ხომ არაჩვეულებრივი დამხმარე ჰყავთ – AI. ჰოდა, რა სჯობს: შეგიძლია მშვიდად დაჯდე, შენი საყვარელი საქმე აკეთო, ან არაფერი აკეთო, და პასუხისმგებლობასაც არ გაექცე – დავალება შეასრულო: ამას შენი ციფრული ასისტენტი იზამს მარტივად – ასე ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები (ისე, როგორც ხშირად ვფიქრობთ თავადაც. ჰოდა, აქ ერთი მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, სად გადის ზღვარი.

სწორედ იქ, სადაც წესები უკვე თითქოს მკაფიოდ იყო განსაზღვრული, მოულოდნელად გამოჩნდა ახალი მოთამაშე — ხელოვნური ინტელექტი. AI ერთი შეხედვით ქმნის ყველაფერს: ტექსტებს, სურათებს, მუსიკას… თუმცა სინამდვილეში ის ამ შექმნას უკვე არსებული ადამიანური ნამუშევრების ბაზაზე ახორციელებს. ამიტომაც მის მიერ შექმნილი მასალა ყოველთვის ატარებს სხვისი შრომის ნაკვალევს.

AI-ის მიერ ნაწერის პირდაპირ გამოყენება წყაროს გარეშე უკვე პლაგიატია. ისე, როგორც სხვისი ნაშრომის გადმოწერა საკუთარი სახელით. აქ უკვე იკვეთება მთავარი: პრობლემა ტექნოლოგია კი არა, ადამიანის დამოკიდებულებაა — „ჩვეულება“, რომ სწრაფი გამოსავალი ჯობია.

ხელოვნური ინტელექტი ვერ ხდება „ავტორი“, ის სწავლობს უკვე არსებულო მასალიდან, ამიტომ მისი შედეგიც ხშირად ეფუძნება უცხო ნამუშევრებს, სტილს ან მონაცემებს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ მტკიცე ჩვევები და გავაცნობიერებინოთ, რომ AI უნდა იყოს დამხმარე, არა შემქმნელი პროდუქტისა (იქნება ეს საშინაო შემოქმედებითი დავალება, მათემატიკის ამოცანების ამოხსნა თუ მრავალი სხვა). და პასუხისმგებლობა საბოლოო პროდუქტის შინაარსზე ყოველთვის მომხმარებელზეა.

საკუთარი და სხვისი ნამუშევრის პატივისცემა დღეს განსაკუთრებით სენსიტიური თემაა.
ინტერნეტში ჩვენი თითოეული ქმედება — გადმოწერა, გაზიარება, გამოყენება — პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ვფიქრობ, მასწავლებლის როლი ამ პროცესში განუზომლად დიდია. სწორედ სკოლაში იჩენს თავს ის ჩვევები და პრინციპები, რომლებიც ახალგაზრდას ზრდასრულ ცხოვრებაში გაჰყვება. ამ საკითხებზე მუშაობა კი მოსწავლეებში განავითარებს კრიტიკული აზროვნების კულტურას, ჩამოუყალიბებს მას პასუხისმგებლობას, გაუაქტიურებს შემოქმედებით უნარებს, შეამცირებს პლაგიატის სიხშირეს, მოამზადებს მომავალი პროფესიებისთვის — თანამედროვე სამუშაო გარემოში საავტორო უფლებების ცოდნა აუცილებელია: მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში, მედიცინაში, კვლევაში.

მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის საავტორო უფლებებსა და AI-ის ეთიკურ გამოყენებას, არამხოლოდ ცოდნას უზიარებს, არამედ მათში აყალიბებს სამართლიანობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის ღირებულებებს.

ეს კი თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.

სწორედ ამიტომ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხებზე სკოლაშივე ვისაუბროთ. მასწავლებელი ხომ არა მხოლოდ საგანს ასწავლის — ის ქმნის მკაფიო საზღვრებს: რა არის სამართლიანი, რა არის პატივისცემის გამოხატულება, რა არის პასუხისმგებლობა. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ წყაროს მითითება ტექნიკური დეტალი კი არა, სწორად ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი ქცევაა.

ამით ვეხმარებით ჩვენს მოსწავლეებს, გააცნობიერონ, რას ნიშნავს შემოქმედის შრომის პატივისცემა; რატომ არ უნდა ჩაანაცვლოს AI-მა მათი ფიქრი და რა საფრთხეს ქმნის პლაგიატი. ბავშვებისთვის ეს მხოლოდ „ქულების“ და „შეფასების“ საკითხი აღარ არის — ეს მათი მომავალი პროფესიული კულტურის ნაწილია. ვინც პატივს სცემს სხვის ნაშრომს, ის მომავალშიც სანდო თანამშრომელი, ეთიკური პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე იქნება.

რაც უნდა საინტერესო გახდეს ტექნოლოგიური პროგრესი, ადამიანური განცდები და პასუხისმგებლობა ვერასდროს შეიცვლება. საავტორო უფლებების ცოდნა, AI-ის სწორად გამოყენება და ეთიკური გრძნობა არ არის მხოლოდ წესების ნაკრები — ეს არის კულტურა, რომლის გარეშე თანამედროვე სამყაროს ვერ ავუწყობთ ფეხს. და ამ კულტურის შენება სწორედ იქ იწყება, სადაც დღევანდელი მოსწავლეები მომავალ შემოქმედებად, მკვლევრებად და ლიდერებად ყალიბდებიან.

 

არჩევანი, არადანი თუ არც არაფერი?

0

თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ჩვენ ავიღებთ არადანს

კაიაკატა, „ცრის“

ამაზე ხშირად ვფიქრობ, ზოგჯერ მეტად ინტენსიურად, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ შეგრძნება იმის, რომ ჩვენი რეალობა დიდწილად წინასწარ არის განსაზღვრული, მუდმივად მაქვს ფონად და დიდად არ მომწონს.

რა არის ის, რასაც ვირჩევთ და რაა ის, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, რის შეცვლაც არ შეგვიძლია?

 ჩვენი ცხოვრების რა ნაწილია ჩვენს ხელში და რა ნაწილს განაპირობებს გარემო, ადამიანები, მოვლენები, რომლებშიც აღმოვჩნდებით?

 რას ცვლის არჩევანი და რამდენად გვაქვს მდიდარი არჩევანი მაშინ, როცა არჩევანს ვაკეთებთ?

 რით ვხელმძღვანელობთ არჩევანისას, წინასწარგანწყობებით, საზოგადოების მხრიდან ჩვენდამი მოლოდინებით თუ საკუთარი გულისა და სინდისის ხმით?

 როდის ვახერხებთ საკუთარი ხმის სმენას, თუკი გარშემო მუდმივად სხვების ხმაური ისმის, რომელსაც ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ნარატივები მოაქვს?

 რა ხდება მაშინ, როცა არა მხოლოდ ადამიანური გარემოცვა, სტერეოტიპები და წარმოდგენები, არამედ ალგორითმები ერევიან ჩვენს არჩევანში?

 როგორ გადავრჩეთ ტექნოლოგიურ სამყაროში, როცა ჯერ ისიც არ გვისწავლია, როგორ ვიაროთ საკუთარ შედგენილ მარშრუტებზე რეალურ სივრცეებში?

 რას გვაძლევს სოციალური ქსელები, რომლებიც უფრო და უფრო ნაკლებად სოციალური და მეტად კომერციულია. რა მიაქვს ჩვენგან, როგორ აფორმირებს ჩვენს იდენტობას და წარმოდგენებს ეს ვირტუალური, თუმცა ზოგჯერ ყველაზე ცოცხალი და გავლენიანი გარემო?

 როგორ შევინარჩუნოთ აღმოჩენის ჟინი და სიხარული იქ, სადაც ყველა რაღაცას გვთავაზობს, სადაც ხშირად რევიუებზე, ნახვებსა და რეკომენდაციებზე, ან სულაც რეკლამაზეა დამოკიდებული, რა წიგნს წავიკითხავთ, რა მუსიკას მოვუსმენთ, რომელ ფილმს ვუყურებთ ან რა ტანსაცმელს ჩავიცვამთ?

 კითხვები ათასია, მათზე პასუხის მოძებნის დრო უფრო და უფრო ცოტა და ადამიანი, ჩემი აღქმით, ხშირად სრულიად საბრალო, არცთუ იშვიათად მოტყუებული, გაბრიყვებული ან ნებაშეზღუდულია.

ამ დიდ თავსატეხსა და სევდაზე წერა ორმა ამბავმა გადამაწყვეტინა.

ამბავი #1. ჩემმა 13 წლის შვილმა რამდენიმე დღის წინ, როცა კლასელები ჰყავდა სტუმრად სახლში, მთხოვა ნებართვა, გადმოეწერა ფეისბუკის აპლიკაცია, რადგან სკოლის „ჩატი“ ამ პლატფორმის მესენჯერში აქვთ. მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ ამ ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში ანგარიშის ქონის და დიდხანს ვუხსნიდი, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა, თუ დაცულ მესენჯერაპლიკაციებში, მაგალითად, „სიგნალში“ გადაინაცვლებდნენ. მან თქვა, რომ უჭირს მეგობრების დარწმუნება, უკვე აწყობილი „სასაუბრო“ დატოვონ და ახალ პლატფორმაზე გადავიდნენ – ამისთვის ყველას ცალ-ცალკე უნდა დაელაპარაკოს და ფიქრობს, რომ სჯობს, ჩემი დაყოლიება უფრო იოლია, რომ მივცე ბოლოს და ბოლოს ერთი აპლიკაციის გადმოწერის უფლება, რომელსაც მხოლოდ კლასელებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

რა არჩევანი მაქვს მე? ვთხოვო მას, გაირთულოს საქმე და დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი კლასი კიბერსაფრთხეებისგან, რაც მოზარდებს ელოდებათ სოციალურ ქსელებში თუ დავთმო პრინციპული პოზიცია და დავთანხმდე მისთვის, ერთი შეხედვით, უფრო მარტივ გზას? სხვა არჩევანიც არსებობს: დაველაპარაკო დამრიგებელს, სხვა მშობლებს, ავუხსნა – რატომ არის მნიშვნელოვანი მოზარდების დაცვა სოციალურ ქსელებში. შეიძლება სულაც ის იყოს გამოსავალი, რომ დავთანხმდე და იქ გავაგრძელო მისი დაცვა ისე, როგორც ფეხის ადგმისას ვიცავდი სათამაშო მოედანზე, ცუდად არ დაცემულიყო. ეს სია შეიძლება გავაგრძელო და სხვა არჩევანიც ვიპოვო, მაგრამ მთავარი მოცემულობა არ შეიცვლება – მე არ მაქვს ბევრი არჩევანი იმის გამო, რომ არსებობს ციფრული პლატფორმები, მოზარდების მიმართ მათი ინტერესი და საფრთხეები, რომლებიც მათ მოჰყვება. ამ ჩარჩოში უნდა ვიმოქმედო და ალბათ თავის მოტყუება იქნება იმაზე ფიქრი, რომ ბევრი არჩევანი მაქვს.

ამბავი #2. იუტუბზე შემომხვდა ვიდეოთამაშების ვეტერანის, ავტორისა და პროფესორის დანი სანჩეს კრესპოს ვიდეო, სადაც ის ლაპარაკობდა იმის შესახებ, რატომ გახდა სამყარო მოსაწყენი. მთავარი ამბავი აქ სწორედ ის იყო, რომ ალგორითმებისა და მარკეტინგის ტყვეობაში მყოფი ადამიანი უფრო და უფრო მეტად მიჰყვება მისთვის დაგებულ ხაფანგებს, იღებს მოცემულობას, რომელშიც ის მომხმარებელია და არა აღმომჩენი და უარს ამბობს შექმნაზე, ძიებასა და საკუთარი დღის წესრიგით ცხოვრებაზე. ჩვენი საინფორმაციო გარემო იმდენად კლაუსტროფობიული, ჰომოგენური და მოსაწყენია, ვიფიქრე, ამის გაზიარება არ იქნებოდა ურიგო, ზოგჯერ შემოდგომის გაყვითლებული ხეების ძირში ჩამოჯდომა და იმაზე ფიქრი, რას რატომ ვაკეთებთ და რა არის სინამდვილეში ის, რაც ყველაზე მეტად გვსურს, გვაღელვებს, გვაინტერესებს ან გვაბედნიერებს, შეიძლება საუკეთესო რამ იყოს, რაც შეიძლება იმ დღეს გააკეთო.

 

https://www.youtube.com/watch?v=nNujDjFdOEM&t=1544s

ინტეგრირებული სასწავლო პროექტი

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროექტები ერთ-ერთ ეფექტიან ფორმატად გვევლინება ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებზე მუშაობისათვის, რადგან ისინი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ტექსტი აღიქვან არა მხოლოდ როგორც შესასწავლი მასალა, არამედ როგორც კულტურული, ისტორიული და ღირებულებითი კონტექსტის მატარებელი ცოცხალი წყარო. ინტერდისციპლინური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებასა და სულიერ კულტურას, ხელს უწყობს ცოდნის ჰოლისტურ გააზრებას, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და მიღებული ცოდნის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირებას. სწორედ ამ მიდგომის მაგალითს წარმოადგენს წარმოდგენილი სასკოლო პროექტი, რომელიც ეფუძნება ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მუშაობას და მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მრავალმხრივ გააზრებას.

სასკოლო პროექტი დაიგეგმა  მას შემდეგ, რაც X კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიული თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა და მის მიერ დაარსებულ მონასტრებში ქართული მწიგნობრობის კერების ჩამოყალიბება ქართული კულტურისა და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. ამ თემას VIII კლასის მოსწავლეებიც ეცნობიან ძველი ქართული მწერლობის ნიმუშების შესწავლისას, რის გამოც პროექტის სამიზნე ჯგუფებად შეირჩა VIII–X კლასის მოსწავლეები.

პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ნახეს  ილია ნასიძის ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმი „წმინდა გრიგოლ ხანძთელი“, რომელმაც თემისადმი ინტერესის გაღვივებასა და შემდგომი კვლევითი მუშაობის საფუძველი შექმნა. შემდეგ ეტაპზე დაიგეგმა მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მონაწილეობით ტაო-კლარჯეთის წმინდა ადგილების მონახულება, რაც წარმატებით განხორციელდა და პროექტს განსაკუთრებული სიღრმე შესძინა.

პროექტის მიზნები

პროექტის ძირითად მიზნად განისაზღვრა:

  • გრიგოლ ხანძთელის, როგორც საქართველოს სულიერ, კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორჩეული პიროვნების, ღვაწლის წარმოჩინება;
  • მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, ქრისტიანული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება;
  • ტექსტის, ისტორიული კონტექსტისა და სულიერი გზავნილების თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება.

პროექტის ძირითადი მიმართულებები

გრიგოლ ხანძთელის ფასდაუდებელი ღვაწლის სრულფასოვნად წარმოსაჩენად პროექტი დაიყო რამდენიმე ძირითად მიმართულებად:

  1. გრიგოლ ხანძთელი როგორც ლიტერატურული პერსონაჟი – „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“;
  2. ისტორიულ-კულტურული კონტექსტი – „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების“;
  3. ბიბლიური სახე-სიმბოლოები და ქრისტიანული სათნოებანი – „სანთელი ესე დაუვსებელი“;
  4. კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა – „ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით“, ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა;
  5. გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის შეფასება – „ტალანტი სიბრძნისაი განგიმრავლებიეს“.

მოსწავლეთა საქმიანობა და შემოქმედებითი შედეგები

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და დამატებითი რესურსები შემაჯამებელი პრეზენტაციების მოსამზადებლად. მათ შექმნეს მრავალფეროვანი ნამუშევრები: გრიგოლ ხანძთელის ხატის ასლი; გიორგი მერჩულეს პორტრეტი; ხანძთისა და იშხნის მონასტრების ნახატები.

მოეწყო გამოფენა „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, რომელშიც წარმოდგენილი იყო ტაო-კლარჯეთის ისტორიული რუკა, გაფორმებული ძველი ქართული კალიგრაფიული სკოლისათვის დამახასიათებელი მხატვრული ინიციალებით. ასევე დამზადდა სამახსოვრო ბუკლეტი და ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედი ხატის ფრაგმენტებით აწყობილი სასაჩუქრე ნაკრები.

პროექტის პრეზენტაცია განსაკუთრებული ემოციური ეფექტით გამოირჩეოდა: მოსწავლეებმა წარმოთქვეს ტაო-კლარჯეთსა და იქ მოღვაწე წმინდა მამებს მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს  საგალობლები.

საგანმანათლებლო ეფექტი და ინტერდისციპლინური მნიშვნელობა

პროექტმა მოსწავლეებს საკითხის მრავალმხრივ გააზრებაში დაეხმარა. VIII–XI კლასების ერთობლივმა მუშაობამ გააძლიერა ურთიერთსწავლების პროცესი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თანამშრომლობითი კულტურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის ინტერდისციპლინური ხასიათი: ლიტერატურული ანალიზი, ისტორიულ-კულტურული კონტექსტი, ბიბლიური სიმბოლიკა და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა ორგანულად გაერთიანდა. თითოეული პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ვიზუალური მასალით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქართული ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების, მუსიკისა და საღვთო სჯულის გაკვეთილებზე, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი.

მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტზე დაყრდნობით არგუმენტირებული პრეზენტაციების წარდგენა, ბიბლიური სიმბოლიკის გააზრება და გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა განივითარეს როგორც საგნობრივი, ისე ზოგადი აკადემიური და მოქალაქეობრივი უნარები. მათ შეძლეს ჰაგიოგრაფიული ტექსტის სიღრმისეული გააზრება, ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გაანალიზება და მიღებული ცოდნის შემოქმედებით პროდუქტებად გარდაქმნა.

პროექტმა ხელი შეუწყო:

  • ტექსტზე დაფუძნებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას;
  • პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის კულტურის ჩამოყალიბებას;
  • გუნდური მუშაობისა და ურთიერთსწავლების პროცესის გაძლიერებას;
  • ვიზუალური და არტისტული თვითგამოხატვის უნარის განვითარებას.

მნიშვნელოვანი შედეგი იყო ისიც, რომ მოსწავლეებმა შეძლეს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება და მისი გზავნილების გააზრება პირადი გამოცდილების დონეზე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა როგორც მიმდინარე, ისე შემაჯამებელი შეფასება. შეფასებისას გათვალისწინებული იყო წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც მოიცავდა:

  • შინაარსის სიზუსტესა და სიღრმეს;
  • ტექსტთან მუშაობის და არგუმენტაციას;
  • შემოქმედებითი ნამუშევრების ხარისხს;
  • პრეზენტაციის სტრუქტურასა და კომუნიკაციას;
  • გუნდურ მუშაობას და ინდივიდუალურ ჩართულობას.

შეფასება ემსახურებოდა არა მხოლოდ აკადემიური შედეგების დადგენას, არამედ მოსწავლეთა თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარის განვითარებასაც, რაც პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა სულიერი, მოქალაქეობრივი და აკადემიური უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა გრიგოლ ხანძთელის ეპოქის მთავარი გზავნილი – რწმენა, სულიერი სიმტკიცე, განათლება და ერთიანობა ქვეყნის არსებობისა და განვითარების საფუძველია.

 

 

 

 

 

 

 

როგორ შეცვლის AI ჩვენი პლანეტის მომავალს

0

ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მრავალმხრივ შეცვალა ჩვენი ცხოვრება – სოციალური მედიის პერსონალიზებული სიახლეებით დაწყებული, მგზავრობის დაგეგმვით და ჯანმრთელობის მონიტორინგით დამთავრებული.

ბოლო წლებში გაჩნდა იმედი, რომ AI დაეხმარება კაცობრიობას გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების, მათ შორის – კლიმატის ცვლილების პრობლემის, გადაჭრაში.

AI გულისხმობს კომპიუტერების გამოყენებას იმგვარად, რომ მათ ადამიანივით „იფიქრონ“. მას შეუძლია რთული პრობლემების გადაჭრა და უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება. მაგრამ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ამ ტექნოლოგიის ზემოქმედებაც გარემოზე.

4 გზა, რომლითაც AI-ს შეუძლია გარემოს დახმარება

AI-ს როლი ენერგიის დაზოგვაში

AI-სისტემებს შეუძლია ენერგიის გამოყენების კონტროლი და ოპტიმიზაცია. მაგალითად, AI-ზე დაფუძნებული ჭკვიანი ელექტროქსელები აკონტროლებენ და არეგულირებენ ელექტროენერგიის გამომუშავებას იმგვარად, რომ ის ზუსტად შეესაბამებოდეს მომხმარებელთა მოთხოვნას. ენერგიის დანაკარგი მცირდება და ხდება მისი უფრო ეფექტური გამოყენება.

AI ეხმარება დიდ კომერციულ და სამრეწველო ობიექტებსაც ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაში. მაგალითად, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა AI-ს დახმარებით 40%-ით შეამცირა მონაცემთა ცენტრების გაგრილებისთვის საჭირო ენერგია.

 

ჭკვიანი ქალაქები, ნარჩენები და ჰაერის ხარისხი

AI-ზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემები ზრდის გადამუშავების მაჩვენებელს. ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ბრიტანული Recycleye, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ნარჩენების ზუსტ იდენტიფიცირებასა და კატეგორიზაციას. შედეგად იკლებს დაბინძურების დონე, იმატებს გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა და მცირდება ზეწოლა ნაგავსაყრელ პოლიგონებზე.

AI-ზე მომუშავე „ჭკვიანი ქალაქების“ ტექნოლოგიები აუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას, რითაც ამცირებს საცობებს და მინიმუმამდე დაჰყავს გამონაბოლქვის ოდენობა.

ხელოვნური ინტელექტი ქალაქებსაც ეხმარება ჰაერის ხარისხის ამაღლებაში. მაგალითად, კომპანია IBM აანალიზებს მეტეოროლოგიურ და დაბინძურების მონაცემებს, რომლებიც სენსორებითა და თანამგზავრებით აღირიცხება. ხელისუფლებას ეს საშუალებას აძლევს:

  • ზუსტად განსაზღვროს დაბინძურების წყარო(ები);
  • მოახდინოს ჰაერის ხარისხის პროგნოზირება;
  • გამოაცხადოს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესახებ.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, დაეხმაროს ხელისუფლებას ჰაერის დაბინძურებისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვაში.

 

მდგრადი სოფლის მეურნეობა

AI-ზე მომუშავე ჭკვიან მანქანებს, რობოტებსა და სენსორებს უკვე ფართოდ იყენებენ სოფლის მეურნეობაში. ისინი რეალურ დროში აკვირდებიან ამინდს, ნიადაგის მდგომარეობასა და მცენარეთა საჭიროებებს, რაც ხელს უწყობს წყლის ეფექტურ გამოყენებას და უზრუნველყოფს, რომ მოსავალმა მხოლოდ საჭირო რესურსები მიიღოს.

ტექნოლოგია მავნე ორგანიზმებსაც გამოავლენს, რის შედეგადაც იკლებს ქიმიური პესტიციდების გამოყენება. კლიმატის ცვლილების გაუარესების ფონზე იზრდება იმედი, რომ AI დაეხმარება ფერმერებს მოსავლის შემცირების თავიდან აცილებასა და მდგრადი მეურნეობის განვითარებაში.

 

გარემოს მონიტორინგი

AI-სისტემებს შეუძლია წყალდიდობების, ტყის ხანძრებისა და სხვა ბუნებრივი საფრთხეების სწრაფი და ზუსტი პროგნოზირება. ეს ამცირებს გარემოსა და საზოგადოებებზე ამგვარი კატასტროფების გავლენის მასშტაბს.

AI ასევე გამოიყენება გარემოში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგისთვის. მაგალითად, აისბერგების დნობის გაზომვა მას 10 000-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადამიანს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია The Nature Conservancy AI-ს იყენებს ამაზონის აუზში ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

უარყოფითი მხარეები

AI-ს პოტენციალის რეალიზაციის გზა სირთულეებითაა სავსე – ტექნოლოგიას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს.

 

ენერგიის მოხმარება

ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას მოიხმარს. ჯერ ამზადებენ AI მოდელებს მონაცემთა უზარმაზარი ნაკრებებით. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში მონაცემთა დამუშავების უზარმაზარი სისტემები უწყვეტად მუშაობს.

კვლევების მიხედვით, ChatGPT-ს მსგავსი მოდელები ერთ მოთხოვნაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი საძიებო სისტემები, თუნდაც Google. ამ ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის განახლებად წყაროებზე.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, AI და მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება მომდევნო წლებში თითქმის გაორმაგდება. საჭიროა უფრო ეკოლოგიური და ენერგოეფექტიანი AI სისტემები, და ეს სულ უფრო რეალური ხდება. კვლევები აჩვენებს, რომ შესაძლებელია AI მოდელების ენერგომოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება, მაგალითად, მოდელის გამარტივებით ისე, რომ მისი ეფექტიანობა შენარჩუნდეს.

 

წყლის რესურსებზე ზემოქმედება

AI-ს წყლის მოთხოვნილება მნიშვნელოვანია. მონაცემთა ცენტრები, სადაც ძლიერი AI სერვერებია განთავსებული, დიდი ოდენობით სითბოს გამოყოფს. სერვერების ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად საჭიროა გაგრილება, რისთვისაც დიდი მოცულობის წყალი იხარჯება.

AI ირიბადაც მოიხმარს წყალს ენერგიის გამომუშავების გამო. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები გაგრილებისთვის წყალს იყენებს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურებში წყლის ნაწილი აორთქლების შედეგად იკარგება.

AI აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო სამთო მოპოვება და წარმოების პროცესების დროსაც იხარჯება და ბინძურდება წყალი.

თუმცა ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად, ჰაერზე გაგრილება ან წყლის ცირკულაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ამ გავლენას.

 

უფრო ფართო გარემოსდაცვითი ზიანი

გარემოზე AI-ს გავლენა ენერგომოხმარებით არ ამოიწურება. მაგალითად, Scientific American-ის ცნობით, 2019 წელს ExxonMobil-მა Microsoft-თან ითანამშრომლა ნავთობის მოპოვების ეფექტიანობის ასამაღლებლად AI-ს გამოყენებით, რის შედეგადაც წარმოებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram და Facebook, AI-ს გამოყენება მიზანმიმართული ონლაინ რეკლამისთვის ზრდის მატერიალურ პროდუქტებზე მოთხოვნას. ეს იწვევს მასობრივი წარმოების ზრდას, რის შედეგადაც იმატებს ნახშირბადის ემისია და დედამიწის ბუნებრივი რესურსების ათვისება.

რა ხდება ახლა

თანამედროვე ცხოვრების რაც უფრო განუყოფელ ნაწილად იქცევა AI, მით უფრო ძლიერი გახდება მისი ეკოლოგიური კვალი. კაცობრიობამ უნდა მიაგნოს სწორ ბალანსს, რათა AI დედამიწის დამხმარე იყოს და არა დამანგრეველი.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა: განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაზრდა მონაცემთა ცენტრებში, ენერგოეფექტური ალგორითმების შემუშავება და AI-ს გამოყენება გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. გლობალურმა საზოგადოებამ – მთავრობებმა, კორპორაციებმა და მეცნიერებმა – ერთობლივად უნდა უზრუნველყონ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი არ მოხდეს გარემოს განადგურების ხარჯზე. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ AI-ს პოტენციალის სრულად გამოყენებას მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

 

გამოყენებული რესურსები:

https://theconversation.com/from-climate-change-to-landfill-ai-promises-to-solve-earths-big-environmental-problems-but-theres-a-hitch-235011

https://theconversation.com/four-ways-ai-could-help-us-respond-to-climate-change-despite-how-much-energy-it-uses-208135

https://theconversation.com/profiles/kate-saenko-1186339/articles

ალექსანდრე ყაზბეგსა და მის „ელეონორაზე“

0

წიგნის სამყარო, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების მეგზური იყო, ალექსანდრე ყაზბეგმა კიდევ უფრო შემაყვარა. რამდენჯერ სულმოუთქმელად წამიკითხავს მისი არაჩვეულებრივი „მამის მკვლელი“ თუ „ელგუჯა“. ეპიკურია მისი ყოველი მოთხრობა; მძაფრი სინაღდითა და გულის ყველაზე მტკივნეული კუნჭულებიდან წამოსული, სავსე სიცოცხლის სიყვარულითაც და ტანჯვითაც. ასეთი იყო მისი წუთისოფელიც. ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები, მართლაც, თეატრალური დინამიკითაა და კი ამბობენ, რომ იგი კარგი მსახიობი არ იყო, მაგრამ ყველა მისი ნათამაშები როლი ალბათ გულწრფელობით სხვისას არ ჩამოუვარდებოდა. ზოგადადაც, სიცოცხლის დიდი ვნებით შეპყრობილი ადამიანი იყო. ასეთები კი ცუდად ამთავრებენ… საოცრად თავისუფალი, „არტახებს” შეუგუებელი სული ჰქონდა, ამიტომ არისტოკრატს მწყემსობა არანაირად უთაკილია. ამ ბობოქარმა განცდებმა სულიერ აშლილობამდე მიიყვანა. არცაა გასაკვირი, რადგან ყოველი მისი ნაწარმოები, თავისი სიმძაფრით, სულის ამოხდომასავითაა… კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ყველაზე უკეთ რუსთა სიბნელე, სიველურე და მავნებლობა სწორედ მან გვაჩვენა ასე თვალშისაცემად, მთის საოცარი შინაგანი სისუფთავის მქონე ხალხის სულიერი მეტამორფოზის ფონზე.

ასე ერთბაშად ვთქვი სათქმელი ჩემს საყვარელ მწერალზე, ახლა კი შევეცდები, „გავშალო“ ეს ყოველივე…

„კეთილი მოქმედობა იკარგება ინტერესებში, როგორც ზვირთები წყალში“ – წერდა ალექსანდრე ყაზბეგი და თითქოს, საკუთარ ცხოვრებას წინასწარმეტყველებდაო. მისი საოცარი, ალალი, კეთილი გულისთქმა, ორიგინალური პიროვნება, სიცოცხლის კონცეფცია ცხოვრების ბანალურმა ინტერესმა შთანთქა. იგი იყო მწერალი, რომელმაც ყველაზე გაბედულად ამხილა „ერთმორწმუნე“ რუსეთი, საამისოდ ყველაზე სახიფათო დროებაში და ავი შედეგიც მიიღო. თუმცა ამაზე ქვემოთ… ეს მხილება მარტო რუსეთისა როდი იყო, რუსეთუმეებსაც, მედროვეებსაც, ყოფით ინტერესს შეწირულ მაღალ იდეალებსაც ეხებოდა: „საბრალო საქართველოვ, როდის იქნება, რომ შენი ბომონდი, რომელიც კინტოური ლაზღანდარობითა და თვალთმაქცობით, აფერისტობით, მუქთახორობით იქცევს თავს, შენს მდგომარეობაზე ზრუნვას დაიწყებს?“ – ყველაზე მართალი მთიელის გულია, რომლის ამოძახილია ეს სიტყვები…

არც ცოლი მყავს, არც შვილი, არც რამ განსაკუთრებული სიმდიდრე მაბადია და თუ კარგი ბელეტრისტის სახელით არ წავედი ამ ქვეყნიდან, საქართველოს დიდ გულშემატკივრად ხომ მაინც გამიხსენებსო შთამომავლობა. ესეც აუხდა! თუმცა დიდი ხნის შემდეგ. სიცოცხლეში განდეგილივით იყო და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოეგო გონს ქართველი საზოგადოებრიობა. „სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?“ – წერდა აკაკი წერეთელი. ესეც, რაღაცა, ქართული ამბავია, აშკარად… სინანული ჰქონდა საზოგადოებას, რაზეც მიუთითებდა მწერლის საარქივო მასალებში მოხსენებული 54 გვირგვინი, რომლებიც სხვადასხვა კონფესიის, საზოგადოებრივი წრისა თუ წარმომადგენლის მიერ იყო მიტანილი მის გასვენებაში.

არადა, ტრაგიკულ დასასრულზე ვერავინ იფიქრებდა მისი დაბადებისას, სტეფანწმინდაში, ხევის მებატონის ოჯახში, ერთადერთი ვაჟისა, საგანგებოდ რომ გაანებივრებდნენ შემდგომ.

სამწერლო ნიშნები ადრეულ ასაკში შესტყობია, ჯერ კიდევ 12 წლისას დაუწერია ლექსი „ნანა“, რომელიც „ცისკრის“ ფურცლებზე დაიბეჭდა. მერე იყო მამის გარდაცვალება და ეს აღმოჩნდა ერთგვარი გარდამტეხი ზღვარი ძველ, იდილიურ ცხოვრებასა და ახალ „ქარტეხილებს“ შორის, როცა ალექსანდრემ მამის ქონების დიდი ნაწილი გასცა და მიწებიც გლეხებს დაურიგა. განა, ასე არ იქცეოდნენ პილიგრიმები, ქრისტეს გზას რომ შეუდგებოდნენ ხოლმე? ან სიბრძნეს გამოდევნებული, ცხოვრებისეული კავშირების მომრღვევი ძველი ფილოსოფოსები? ეს თავიდანვე მეტყველებდა ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნების არაორდინალურობაზე, ხოლო ასეთებს ემტერება წუთისოფელი. ამის იდეური თუ ლოგიკური განვითარება იყო, რომ რუსეთიდან ჩამოსულმა, სადაც უსახსრობის გამო სწავლა ვერ გაეგრძელებინა, თუმცა სასიყვარულო თავგადასავლების სიმცირეს არ უჩიოდა წარმოსადეგი გარეგნობის მქონე, თანამდებობრივ კარიერაზე უარი თქვა („გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი. გამეცნო ხალხი და განმეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს“), მოაგროვა ცხვარი, ზოგი თავისი, ზოგიც მიწებში გაცვლით შეკრებილი და გახდა მეცხვარე; კაცმა, რომელსაც უნიკალური განათლება და ენების ცოდნა ჰქონდა. მისი ბობოქარი სული ყოფის მოსაბეზრებელ აკრძალვებსა და სნობურ პირობითობებს ვერანაირად შეეგუებოდა, ხოლო საზოგადოება არ იღებდა მისნაირებს, ამიტომაც ამ საქციელით ალექსანდრე ყაზბეგმა განდეგილობა „მიუსაჯა“ საკუთარ თავს და ამ მდგომარეობაში მან 7 წელი გაატარა, რითაც უამრავი მასალა დააგროვა სამწერლობო, ლეგენდური თუ ნამდვილი ამბავი, რომლებმაც ასეთი ცოცხალი „სული შთაბერა“ მის განუმეორებელ და სრულიად თვითმყოფად შემოქმედებას. აი, მისეული შეფასებაც ამ პერიოდისა: „თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასასთობს, თუ არ სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა“.

ამის შემდეგ იყო თბილისში ღარიბული ცხოვრების სიმძიმე სიცოცხლის ბოლომდე. ბინა რომ არ ჰქონდა, ხან სად ცხოვრობდა, ხან – სად. ასე მიიყვანა აკაკიმ თეატრში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. არსებობს ბევრი საინტერესო მოგონება „მოხევეს“ სასცენო ცხოვრებიდან.

რუსეთის მეხოტბეების სიმცირე არც იმ დროში არ იყო, დაქირავებულმა კრიტიკოსებმა თვალში ამოიღეს, ცხადია, თავისუფალი, ეროვნული სულის დაუდგრომლობა ალექსანდრე ყაზბეგისა; თავს ესხმოდნენ, ავიწროებდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ. 1884 წელს გამოცემული „ელგუჯას“ მთელი ტირაჟი გაანადგურა ცენზურამ. „განდეგილი“, „სუსტი მსახიობი და მწერალი“, ასე მოიხსენიებდნენ თუ წარმოაჩენდნენ მაშინ ალექსანდრე ყაზბეგს. უსახსროდ დარჩენილი მწერალი კი ხან საგვარეულო სახარებას მიჰყიდდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ხანაც დედის შემორჩენილ ძვირფასეულობას. „საკვირველს ბედზედა ვარ გაჩენილი“, წერდა მწერალი, რომელმაც ერთ დროს ზიზღით უარი თქვა სამხედრო კარიერაზე, რაც ჩვენი თავად-აზნაურობის სნობურ და მდაბიურ აკვიატებად მოჩანს ახლა (რუსეთის წარმოებულ კავკასიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში მონაწილეობით დაგროვილი ჩინ-მედლები), საუკუნეთა გადასახედიდან. ამაშიც მართალია ჩვენი დიდი მთიელი! ანუ ერთ „პინაზეა“ მწერლობა, მეორეზე – მისთვის შეწირული ცხოვრება. თუმცა მე ამ მწერლურ-პიროვნულ სიბრძნეს არც სისუსტედ ვუთვლი, არც უიღბლობად. ეს მისივე არჩევანი იყო, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს!

მოუწყობელმა პირადმა ცხოვრებამ, ტვირთად ქცეულმა წუთისოფელმა მწერალს ჯანმრთელობა შეურყია და 42 წლისა, განვითარებადი დამბლით, თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც…

მისი ნაწარმოებებიდანაც და ბიოგრაფიიდანაც სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი გვიმზერს. გავიხსენოთ ეს ადამიანიც და ჩვენივე თავიც, რომელსაც წამსვე გადმოედებოდა ხოლმე ეს დიდი განცდა, თუნდაც ერთი მოთხრობის მაგალითზე…

მისი „ელეონორას“ კითხვა რომ დავიწყე, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობებს მთის გრილ, უგემრიელეს წყაროსავით რომ ვეწაფებოდი ხოლმე. მდიდარი მებატონის, ვახტანგ ხელთუბნელის, ქალი, კაცების ოცნება, ძილისა და მოსვენების მოკლების მიზეზი, ელეონორა, „გაამაყებული თავის მშვენიერებით და გაამპარტავნებული მამის მდგომარეობით…“(3), ბუნებით არშიყია, თუმცა ამას არ აჩვენებს და მისი გასართობი, ტკბობის წინაპირობა სატრფოთა ტანჯვაა. იგი ელოდება იმ წუთს, რომ ისინი ტრფიალების ცეცხლში გახვიოს: „ამ წუთებში ელეონორა ემსგავსებოდა ძუ ვეფხვს, რომელიც თავის ტოტებ ქვეშ დამორჩილებულს მსხვერპლსა ჰგრძნობდა და მის უღონო, შემაძრწუნებელს თრთოლვას აღტაცებაში მოჰყვანდა“ (4). აზნაურ კრეჭიაშვილს ვინ ჩააგდებდა რამედ, დაბალსა და მოუხეშავს, უსიამოვნო პირისახისას, ორივე თვალით ელამს, დიდთავასა და გაბანჯგვლულ წვერ-ულვაშიანს, როცა ნაღები ვაჟკაცები ვერ აღწევდნენ გულისწადილს?! ისიც შეჰგუებოდა ბედს და ძაღლივით ერთგულებით გამოხატავდა თავის დიდ გრძნობას მებატონის ავზნიანი ქალისადმი. თუმცა ეს პერსონაჟი ნაწარმოების ბოლოს ყველაზე საინტერესო და მოსაწონი ხდება.

ასე ჩნდება ასლან გირეიც, „მთის არწივი“, კახეთის ამკლები ლეკი – „ყველანი ძრწოდნენ ასლან გირეისგან, რადგანაც მისმა გულმა სიბრალული არ იცოდა და დიდსა და პატარას, ვენახს თუ ყანას, სიბრაზით სწვამდა და ანადგურებდა“ (7). ეს არის თვალტანადი ვაჟკაცი, რომლისთვისაც „ჩხუბი მეჯლისია“. თუ ელეონორასთან შეხვედრამდე ასლან გირეისთვის „ქალი ზეცისგან მამაკაცის ჯილდოდ იყო დანიშნული, შეადგენდა კაცის საკუთრებას და ამ უკანასკნელს უფლება ეძლეოდა, სურვილისამებრ ჟინის სათამაშოდ გაეხადა“, ელეონორასთან შეხვედრისთანავე ტრფობის ალით შეპყრობილია, იმ გრძნობით, რომელიც ვერ წარმოედგინა, ქალის მისამართით ჰქონოდა. ასე იმორჩილებს ერთბაშად, თავს ახრევინებს და მედიდურობის მძებნელ მებატონეს „დაბორკილ მონად ხდის“ სიყვარული, – მთავარი „პერსონაჟი“ ალექსანდრე ყაზბეგის ნოველებისა! მასზე შეყვარებულია ელეონორაც…

ეს ადგილი ტროპის რაღაც ახალი სახეა, სრულიად უჩვეულო, მხოლოდ შედარებად ვერ ჩავთვლიდი: „კარგა ხანს იდგენენ ასე გაჩუმებულნი: ნაზი ქმნილება – მრისხანე ანგელოზად და მხნე და შეუპოვარი კაცი კი – დამორჩილებულს ნორჩ შტოსავით, რომელსაც მედგრად ამოვარდნილი გრიგალი უწყალოდ ჰხრიდა და ზნექავდა“ (16). აქ დაპირისპირებულ თვისებათა ურთიერთგადადინებაცაა და ის უზადო ფსიქოლოგიზმებიც, რომელთა დიდოსტატია ჩვენი საამაყო მწერალი;

„– მით უარესი შენთვის!“.

ესაა ელეონორას განაჩენი („ჯოჯოხეთს გაგრძნობინებ“… გაგახმობ, დაგაჭკნობ, დაგლევ და შენი მდგომარეობა მხოლოდ სიცილს მომგვრის“– 17), იქადნება ქალი.

– „მაშ სისხლი დაიღვრება!“– იმუქრება თავდავიწყებული ასლან გირეი.

დაიწყებ ალექსანდრე ყაზბეგის კითხვას და ვერ მოსწყდები!

ასლან გირეის ჩემს უფლად არ გავხდიო, არ ნებდება სიყვარულს ქალი, ამიტომ ვინც ლეკს შეერკინება და დაამარცხებს, მახინჯიც რომ იყოს, გავყვებიო…

დაბოლოს – კიდევ ერთხელ მინდა, გამოვუტყდე ჩვენს დიდ „მოჩხუბარიძეს“ სიყვარულში!…

ვინმეს, ალექსანდრე ყაზბეგზე მძაფრად აღუწერია სასიყვარულო მღელვარება მსოფლიოში?

„თავისქეიფა“ ელეონორასა და თავზეხელაღებული ლეკის, ასლან გირეის საბედისწერო სიყვარული – სანამ რამეს დაწერდეს მწერალი, უკვე ნოველაა.

 

ან ასეთი ცოდნა ადამიანის ბუნებისა? ნიკო ლორთქიფანიძის მსგავსი. კი მაგონებს კიდეც ელეონორა მოთხრობის „დადიანის ასული და მათხოვარი“ მთავარ პერსონაჟს, ბოროტ და თავკერძა ქალს.

 

ფინალი, მხატვრული რეალობა, ყაზბეგისეულად, ტრაგიკულია, როგორც თავად მწერლის ცხოვრება, მაგრამ სიცოცხლის „მაჯისცემაზე გიდევს“ ხელი და გრძნობ: „ქვეყანა ედემია, დასტკბი, სულდგმულო…“.

 

ასლან გირეის ცრემლები – კაცის ტირილის ექსპრესიის გადმოცემისას მთიელთა უპირატესობა და ჰეგემონია („დამწვარმა გულმა, წუთით შერყეულმა ხასიათმა თხოვნაც კი წარმოათქმევინა იმ კაცს, ვინც არ იცოდა, რას ჰქვიან თხოვნა!“), ვაჟას ალუდასი, „ატირდა როგორც ქალიო“, არ იყოს.

ჰო, რაც მთავარია – ყველაზე საინტერესო პერსონაჟის ხასიათი ჩნდება, ცნაურდება, ბოლოს და ის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარეგნულად ძალიან უშნო აზნაური ლევან კრეჭიაშვილია, რომელიც ვერც იოცნებებდა ელეონორას ქმრობას, თუმცა ასლან გირეის მოკვლის შემდეგ შურისმაძიებელი (გირეისადმი თავის გრძნობას ამ გრძნობისვე ადრესატს არანაირად აპატიებს) ქალი მას ამას სთავაზობს. ეს გმირი უარს ამბობს საოცნებო ქალზე, როგორც ის ქალი თავის გულის სწორზე, თუმცა არა მასავით უღირსად, არამედ ძალიან ღირსეულად – კი მიყვარხარ, მაგრამ არცერთი კაცის ღირსი არ ხარ, ასე დაუნდობელიო.

ლეგენდასაც ჰგავს და ბერძნული თეატრის სცენაზე გათამაშებულ დრამასაც. ძალიან თეატრალური, მძაფრი, სწრაფადგანვითარებადია ყოველივე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალიზმი აკლია თხრობას ან სადმე ყალბი ბგერაა გარეული. ისეთი „შეკრული“ მოთხრობაა, როგორც მითი თუ ზღაპარი, კაცი „ბზარს“ რომ ვერ მოუძებნის, რომელიც „ლხინი აქათი“ არ დამთავრდა, როგორც ჩვენი ცხოვრების „ბანალური ქრონიკები“… თუმცა რის ბანალურობა, ალექსანდრე ყაზბეგის რეალობამდე უნდა ამაღლდე და ისე მიეახლო მის ამაყ, შეურყვნელ მთის სულს…

 

ციტატები წიგნიდან – ალექსანდრე ყაზბეგი, „ელეონორა“, გამომცემლობა პალიტრა, 2021 წელი

ციფრული პედაგოგიკა – განათლების სისტემის გამოწვევა

0

განათლების სისტემა ისტორიული გარდაქმნის ზღვარზე დგას. ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალური გამოწვევების ფონზე, მკაფიოდ იკვეთება პედაგოგიკაში ციფრული პედაგოგიკის ფუნდამენტურ დონეზე დამკვიდრების საჭიროება. თანამედროვე სწავლების პროცესი ვერ იქნება ეფექტური მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. ციფრული სწავლება საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, აიმაღლონ სასწავლო პრაქტიკა, გამოიყენონ ინტერაქციული ინსტრუმენტები, პერსონალიზებული გზები და ვირტუალური პლატფორმები, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობას, კომუნიკაციას, თანამშრომლობასა და კვლევით უნარებს გააძლიერებს. ტექნოლოგიების გამოყენება უნდა ეყრდნობოდეს საგნობრივ სტანდარტებს და ესგ-ის მიზნებს. მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს მოზარდის პიროვნული განვითარება, სოციალური ურთიერთობები და პირისპირ სწავლების მნიშვნელობა.

რა არის ციფრული პედაგოგიკა?

ციფრული პედაგოგიკა ინოვაციური ციფრული მეთოდებისა და კონცეპტუალური მიდგომების გამოყენებაა. მისი მიზანია ადაპტაციური და პერსონალიზებული სწავლების, ახალი შემოქმედებითი მეთოდების დანერგვის, სწავლის გამოცდილების გამდიდრებისა და შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ციფრული პედაგოგიკა განისაზღვრება, როგორც განათლების პროცესში ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გააზრებული ინტეგრაცია და მათი მიზნობრივი გამოყენება თანამედროვე ეპოქის გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს ციფრული განათლების არსსა და სტრუქტურას, ხაზს უსვამს ციფრული სასწავლო რესურსების როლს მოზარდის სწორად განვითარებისა და სწავლა-სწავლების ეფექტურობის ზრდაში. ციფრული პედაგოგიკა მიზნად ისახავს ისეთი პრაქტიკული მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვას, რომლებიც გამოყენებულ ტექნოლოგიას სასწავლო პროცესის ორგანულ ნაწილად გადააქცევს. ციფრული სწავლება უნდა გახდეს მოზარდის სრულყოფილი განვითარების ინტელექტუალური და შემოქმედებით შესაძლებლობა.

ლოგიკურია, რომ ციფრულ ეპოქაში პედაგოგიკა განიცდის ევოლუციას. სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების მზარდმა ინტეგრაციამ ტრადიციული სასწავლო პრაქტიკები გამოწვევების წინაშე დააყენა და ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. პედაგოგი მუდმივად უნდა ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, იმისთვის, რომ მოახერხოს სწრაფად ცვალებადი სამყაროს საგანმანათლებლო გამოწვევებზე რეაგირება. ასწავლო, გულისხმობს მუდმივ მზადყოფნას, ახალი უნარების შეძენისთვის, ციფრული ინსტრუმენტების გაცნობისა და მათი პედაგოგიკაში გააზრებულად ინტეგრირებისთვის.

ციფრული პედაგოგიკა პირდაპირ ეხმიანება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი „ციფრული მოქალაქის“ აღზრდაა – ისეთი პიროვნების, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგიური მიღწევების გააზრებული, ეთიკური და შემოქმედებითი გამოყენება სწავლაში, პროფესიულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ მიზნის განხორციელების საშუალებად ციფრული პედაგოგიკა გვევლინება ტრადიციული პედაგოგიკის ბუნებრივ გაგრძელებად, რომლის მთავარი ამოცანაა სწავლების ძველი მეთოდების ციფრულ რეალობასთან ადაპტირება. იგი ეფუძნება დამკვიდრებულ პედაგოგიურ პრინციპებს, აერთიანებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, მოსწავლეთა ინდივიდუალურობისა და კოგნიტიური თუ სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

ციფრული სწავლება აერთიანებს მრავალფეროვან ელემენტებს:

  • ციფრული რესურსები ინტერაქციული სიმულაციები, ვირტუალური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო ვიდეოები და თამაშები, რომლებიც შესასწავლ მასალას უფრო ვიზუალურსა და მარტივად აღსაქმელს ხდის;
  • ვირტუალური პლატფორმები ისეთი სივრცეები, როგორებიცაა Google, Classroom, Microsoft Teams, Moodle, Canva, tinkercad და სხვა, სადაც სწავლა მიმდინარეობს არა მხოლოდ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, არამედ კოლაბორაციულად;
  • მულტიმედია და ვიზუალიზაცია – ტექსტის, სურათის, ხმისა და მოძრაობის კომბინაცია, რომელიც სხვადასხვა ტიპის აღქმასა და აზროვნებას უწყობს ხელს;
  • მონაცემთა გამოყენება სასწავლო პროგრესის ანალიზი, უკუკავშირის ავტომატური ფორმები, მონაცემებზე დაყრდნობით ინდივიდუალური საჭიროებების ამოცნობა.

ციფრული რესურსები ამაღლებს მოტივაციას და ცოდნას გარდაქმნის აქტიურ პროცესად. სწავლა-სწავლება ხდება უფრო მოქნილი; საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მოისმინოს ინფორმაცია, თავად შექმნას კონტენტი, ექსპერიმენტებით შეამოწმოს იდეები და გაუზიაროს სხვებს.

ციფრული სწავლება არ გამორიცხავს ტრადიციულ მეთოდებს – პირიქით, ის ქმნის ახალ სინთეზს, სადაც წიგნი, ფიქრი და ციფრული გამოცდილება ერთმანეთის გამაძლიერებელია. თანამედროვე პედაგოგისთვის გამოწვევა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიის ცოდნა, არამედ იმის გააზრება, როგორ ვაქციოთ ეს ტექნოლოგია აზროვნების და შემოქმედების ინსტრუმენტად.

რატომ გახდა საჭირო ციფრული სწავლება? ტერმინი „ციფრული პედაგოგიკა“ ხშირად გაიგივებულია მხოლოდ ონლაინგაკვეთილებთან ან დისტანციურ ფორმატთან, თუმცა, ეს აღქმა ზედაპირულია. ციფრული სწავლება ბევრად უფრო ფართო ცნებაა. ის მოიცავს ტექნოლოგიის გააზრებულ ინტეგრაციას სწავლა-სწავლების პროცესთან და ამაღლებს აზროვნების, შემოქმედებითობისა და თვითსწავლების უნარებს. ციფრული სწავლა არ არის უბრალოდ „ეკრანზე გადატანილი გაკვეთილი“, არამედ ახალი კულტურაა, სადაც სწავლა ხდება ციფრულ გარემოში, ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით და ციფრულ აზროვნებაზე დაყრდნობით. ციფრული სწავლება არის პასუხი იმ ცვლილებებზე, რომლებიც მთელმა სამყარომ განიცადა უსწრაფესი ტექნოლოგიური პროგრესით. თანამედროვე საზოგადოება ეყრდნობა ციფრულ კომუნიკაციას, მონაცემთა გაცვლას და ინფორმაციის მყისიერ დამუშავებას. ამ რეალობაში განათლება ვეღარ დარჩება უცვლელი, რადგან მოსწავლე უკვე ცხოვრობს გარემოში, სადაც ინფორმაციის მოპოვება აღარ არის მთავარი სირთულე სირთულეს წარმოადგენს მისი გააზრება, შერჩევა და სწორად გამოყენება. სწორედ ამ საჭიროებამ წარმოშვა ციფრული პედაგოგიკის კონცეფცია, როგორც ცოდნის სამყაროს ახალი გზამკვლევი.

ციფრული პედაგოგიკა ტექნოლოგიის მიღწევებს აერთიანებს თანამედროვე დიდაქტიკურ მიდგომებთან და XXI საუკუნის სწავლებისთვის ქმნის მოქნილ, ადაპტირებად ჩარჩოს. საგანმანათლებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ციფრული პედაგოგიკა იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

ციფრული პედაგოგიკა შეისწავლის საგანმანათლებლო პროცესების დიზაინს, განხორციელებასა და შეფასებას, სადაც ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან კომპონენტად გვევლინება. ის მოიცავს ისეთი პირობების გააზრებას, რომლებიც განსაზღვრავს ამ პროცესების ეფექტურობას – სწავლების სინქრონულ და ასინქრონულ საშუალებებს ვირტუალურ და შერეულ სასწავლო გარემოში; სწავლის მართვის პლატფორმებსა და ინსტრუმენტებს, ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს, სხვადასხვა აპლიკაციისა და ციფრული ხელსაწყოს საგანმანათლებლო გამოყენებას, სწავლა-სწავლების ვირტუალურ ასისტენტებს, მასწავლებელთა ციფრულ კომპეტენციებს.

ციფრული პედაგოგიკის როლი უკვე ფართოდ არის აღიარებული განათლების სისტემაში. თუმცა, ციფრულ ინსტრუმენტებს აქვთ შეზღუდვები პიროვნების ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობისას, განსაკუთრებით სოციალურ-ემოციური ფაქტორებისა და პირისპირ სასწავლო გამოცდილების შენარჩუნებაში.

თანამედროვე განათლების სისტემაში ციფრული პედაგოგიკა სულ უფრო მეტად იკავებს ცენტრალურ ადგილს. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ჩართულობა ამ მიდგომებში განსხვავებულია – მათი თაობრივი წარმომავლობის, პროფესიული გამოცდილებისა და ტექნოლოგიებთან კომფორტის დონის მიხედვით.

პედაგოგები ორ ძირითად მიმართულებად იყოფიან – ტრადიციული სწავლების დამცველებად, რომლებიც ხაზს უსვამენ გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას და პირისპირ ურთიერთობის მნიშვნელობას; ასევე, ციფრული სწავლების მომხრეებად, რომლებიც სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციას უჭერენ მხარს.

პედაგოგთა ნაწილი, უმეტესად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ციფრულ ინსტრუმენტებს უფრო ბუნებრივად იყენებენ – ირჩევენ მოქნილ, მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს. მათთვის ციფრული ინსტრუმენტები პერსონალიზებული და ინოვაციური სასწავლო გარემოს განუყოფელი ნაწილია. ეს თაობა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში და მხარს უჭერს ციფრული რესურსების გამოყენებას მოსწავლეთა ჩართულობის, ადაპტირებისა და ინდივიდუალური სასწავლო გამოცდილების გასაძლიერებლად.

მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი, ციფრულ პედაგოგიკას უყურებს განსხვავებული პედაგოგიური პრიორიტეტით – უფრო მეტი ყურადღებით სწავლების არსზე, ღირებულებებზე და ადამიანთა შორის ურთიერთობების შენარჩუნებაზე. მათი მიდგომა ეფუძნება გამოცდილებასა და ჰუმანურ ხედვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ გარემოსთან წონასწორობის დასამყარებლად. ხაზს უსვამენ ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობას ციფრულ ინსტრუმენტებსა და დამკვიდრებულ სასწავლო მეთოდებს შორის. ტექნოლოგიას ისინი აღიქვამენ როგორც ტრადიციული სწავლების გაუმჯობესების საშუალებას; აქცენტს აკეთებენ ციფრული რესურსების უსაფრთხოების გათვალისწინებაზე.

დღევანდელ სკოლას უნდა ჰქონდეს თაობებს შორის ხიდის ფუნქცია – სასწავლო სივრცე უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, სადაც სწავლა, თანამშრომლობა და ექსპერიმენტები ბუნებრივად მიმდინარეობს. ასეთ გარემოში სხვადასხვა თაობისა და შეხედულებების პედაგოგებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს ხედვები, ერთობლივად ჩამოაყალიბონ პიროვნული ზრდისა და მნიშვნელოვანი განვითარებისათვის საჭირო ღირებულებები.

ციფრული პედაგოგიკა საშუალებას აძლევს პედაგოგებს:

  • მოსწავლეებს შესთავაზონ პერსონალიზებული და ადაპტირებადი სასწავლო გზები, რომლებიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ ინტერესებსა და ტემპს;
  • ხელი შეუწყონ პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ინტერაქციული დავალებებისა და კვლევითი პროექტების მეშვეობით;
  • მოსწავლეებისთვის შექმნან ახალი შესაძლებლობები, რეალურ სამყაროში არსებული აპლიკაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების საშუალებით;
  • განავითარონ თანამშრომლობა ჯგუფურ და ქსელურ გარემოში, სადაც მოსწავლეები ერთობლივად ქმნიან ცოდნას;
  • გამოიყენონ მონაცემთა ანალიზი და უკუკავშირი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და ინდივიდუალური პროგრესის მონიტორინგისთვის;
  • სწავლებისას გააძლიერონ შემოქმედებითი მიდგომა – ვირტუალური ლაბორატორიების, სიმულაციებისა და მულტიმედიური რესურსების გამოყენებით;
  • მოამზადონ მოსწავლეები ციფრული მოქალაქეობისათვის, პასუხისმგებლობიანი, ეთიკური და უსაფრთხო ონლაინ ქცევის ჩამოსაყალიბებლად;
  • გააძლიერონ საკუთარი პროფესიული განვითარება ციფრული პლატფორმების, ონლაინკურსებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების გზით.

ამ დინამიკური მიდგომის მეშვეობით ციფრული პედაგოგიკა უზრუნველყოფს ჩარჩოს ტრადიციული სწავლების მეთოდების განვითარებისთვის, რათა დააკმაყოფილოს XXI საუკუნის საკლასო ოთახის მოთხოვნები.

ციფრული პედაგოგიკა უზრუნველყოფს კოგნიტიურად მდიდარ სასწავლო გარემოს, სადაც ერთიანდება აქტიური ჩართულობა, კვლევა და დამოუკიდებელი აზროვნება. ეფექტური სწავლებისთვის საკმარისია არაა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპეტენციები – მასწავლებელმა ინტეგრირებულად უნდა გამოიყენოს TPACK მოდელი საგნობრივი ცოდნა, მეთოდიკა და ტექნოლოგია, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცოდნა გაიღრმაონ პრაქტიკული გამოცდილებით და სწავლების პროცესი გახდეს მაქსიმალურად ეფექტური.

ბევრი პედაგოგი მიიჩნევს, რომ ციფრული პედაგოგიკა გარკვეულ რისკებს ქმნის მოსწავლეთა სოციალური და ემოციური განვითარების თვალსაზრისით. მათი აზრით, პირისპირ კომუნიკაცია, თანაგრძნობა და თანამშრომლობა ვერ განვითარდება, თუ ტექნოლოგიასა და ტრადიციულ სწავლების მეთოდებს შორის არ იქნება ჯანსაღი ბალანსი – ციფრული ტექნოლოგია უნდა იქცეს დამხმარე ინსტრუმენტად, რომელიც გაამდიდრებს საგაკვეთილო პროცესს, გაზრდის საკლასო ინტერაქციას, მიიპყრობს მოსწავლეთა ყურადღებას და ხელს შეუწყობს აქტიურ ჩართულობას.

ვირტუალური პლატფორმები, სიმულაციები და თანამშრომლობითი პროგრამული უზრუნველყოფა ქმნიან პერსონალიზებულ და მოქნილ სასწავლო გარემოს, რომელიც სასწავლო პროცესს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, მხოლოდ ციფრული კონტენტი ვერ უზრუნველყოფს პიროვნულ ზრდას და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. იგი უნდა იყოს მხარდაჭერილი პირისპირ, აქტიური და ინტერაქციული პრაქტიკით. ტექნოლოგია უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც მხარს უჭერს სწავლა-სწავლების ეფექტურობას.

ტრადიციული სწავლების მეთოდები ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე საჭიროებებს: მოსწავლეებს სჭირდებათ კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის, ინოვაციურობის, პრობლემების გადაჭრისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება კი კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან ბევრი პედაგოგი მათი გამოყენებისას თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

ციფრული პედაგოგიკის მომავალი ტენდენციები მიუთითებს პერსონალიზაციის გაზრდაზე და ისეთი ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა და ადაპტური სწავლების სისტემები.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ ემოციური ინტელექტი და ადაპტური სწავლება მომავალშიც კვლავ კრიტიკული კომპონენტი იქნება, მასწავლებლები მუდმივად აწყდებიან ტრადიციული და ციფრული პედაგოგიკის დაბალანსების გამოწვევებს. არსებობს შეშფოთება ციფრული ინსტრუმენტების ჭარბი გამოყენების გამო, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს ადამიანური ურთიერთობები, ვერბალური კომუნიკაცია, ემოციური მხარდაჭერა და განათლების ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომობა.

ლოგიკურია, უახლოეს მომავალში მასწავლებლების როლი უფრო მეტად მენტორის, ხელმძღვანელის, ციფრული კონტენტის დიზაინისა და ეთიკური პასუხისმგებლობისკენ გადაინაცვლებს. მასწავლებელი არ იქნება მხოლოდ ცოდნის გადამცემი, ის გახდება მრავალგანზომილებიანი საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც მართავს ციფრული სწავლების პროცესს. ადაპტაცია რთულია, მაგრამ პედაგოგის ვალია, ამ ტრანსფორმაციაში დაიკავოს საკუთარი განსაზღვრული ადგილი.

გლობალური ციფრულიზაცია განათლებას ახალ მიზნებს უსახავს. თუ წარსულში სკოლა იყო ცოდნის მთავარი წყარო, დღეს ის უნდა იქცეს სივრცედ, სადაც მოსწავლე სწავლობს ინფორმაციასთან მუშაობას, კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას. ტექნოლოგიების ინტეგრაცია ამ მიზნის მისაღწევად გარდაუვალია. ციფრული რესურსები არა მხოლოდ ამარტივებს დასწავლას, არამედ მას ინტერაქციულსა და დინამიკურს ხდის.

დღევანდელი მოსწავლე მომავალში იცხოვრებს სამყაროში, სადაც ციფრული კომპეტენციები იქნება ყველა პროფესიის საფუძველი. უკვე დღეს, მრავალი სფერო მოითხოვს მონაცემთა გაანალიზების, პროგრამების გამოყენების, ციფრული კომუნიკაციისა და შემოქმედებითი ტექნოლოგიური აზროვნების უნარს. ამიტომაც, სკოლა აღარ შეიძლება იყოს მხოლოდ ცოდნის მიმწოდებელი – ის უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლე სწავლობს, როგორ იცხოვროს და იმუშაოს ციფრულ რეალობაში.

ციფრული სწავლება საჭირო გახდა არა როგორც მოდური ტენდენცია, არამედ როგორც განათლების განვითარების მომავალი. ის პასუხობს დროის გამოწვევას და ამზადებს ახალ თაობას სამყაროსთვის, რომელიც უკვე ციფრულია.

ციფრული სწავლების უპირატესობები

ციფრული სწავლება თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მოქნილი ინსტრუმენტია. სწავლა აღარ უკავშირდება მხოლოდ კონკრეტულ საკლასო ოთახს, დროს ან ფორმატს – ცოდნა ხელმისაწვდომი ხდება ყველგან და ყოველთვის. ტექნოლოგია არღვევს გეოგრაფიულ და დროის ბარიერებს, სწავლების ორგანიზაციული მხარე და აზრი ფართოვდება, ხოლო რესურსები ყველასთვის ღიად ხელმისაწვდომი.

ციფრული სწავლების მთავარი უპირატესობაა ინდივიდუალური სიჩქარე და პერსონალიზაცია. ტრადიციულ გაკვეთილზე, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ერთ ტემპს უნდა მიყვეს, მაშინ, როცა ციფრულ გარემოში მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სწავლის რეჟიმი და დრო თავად განსაზღვროს. ეს საშუალებას იძლევა სწავლება გახდეს პროდუქტიული და წარმატებული.

ტექნოლოგიები ქმნიან მრავალმხრივ და ვიზუალურად მდიდარ სასწავლო გამოცდილებას. სხვადასხვა საგნის, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების საკითხები გაცილებით ცხადი ხდება, როცა მოსწავლე ხედავს პროცესს ან თვითონ ატარებს ვირტუალურ ექსპერიმენტს. მულტიმედიური რესურსები ხელს უწყობს აბსტრაქტული ცნებების ვიზუალიზაციას და რთული იდეების უფრო სიღრმისეულ გააზრებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, მოტივაციის ამაღლება და თვითსწავლების ხელშეწყობა. ციფრული გარემო მოსწავლეს აძლევს თავისუფლებას – თავად აირჩიოს პრიორიტეტები და შეაფასოს საკუთარი პროგრესი. ასეთი გამოცდილება აყალიბებს სწავლის ისეთ კულტურას, სადაც მოსწავლე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, არამედ აქტიური შემოქმედი.

ციფრული სწავლების მთავარი უპირატესობაა თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება. მოსწავლე ხედავს, როგორ ტრანსფორმირდება რეალურ ცხოვრებაში მეცნიერება, მონაცემები და ტექნოლოგია; სწავლა გარდაიქმნება აქტიური აღმოჩენის, ინტერპრეტაციისა და შემოქმედებითი ჩართულობის პროცესად, სადაც მოზარდი თავად ქმნის ახალ ცოდნას.

გამოწვევები და საფრთხეებირეკომენდაციები

ციფრული სწავლება თავისი უპირატესობების მიუხედავად, ისეთივე სერიოზულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორ შესაძლებლობებსაც ქმნის. ტექნოლოგიების ინტეგრაციას განათლებაში მოაქვს არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ახალი გამოწვევებიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასწავლებელს და მოსწავლეს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოკვეთილი ციფრული კულტურა.

ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის დეფიციტი. ტექნოლოგიური ინსტრუმენტის ფლობა არ ნიშნავს მის პედაგოგიურად გააზრებულ გამოყენებას. ხშირად მასწავლებელი იცნობს პლატფორმებს, მაგრამ უჭირს მათი სწავლების მიზნებთან დაკავშირება. ამიტომ, აუცილებელია ამ მიმართულებით პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის, არამედ ციფრული პედაგოგიკის და ეთიკური ხედვის გასაძლიერებლად. ციფრული სწავლება ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი ტექნოლოგიურ გარემოში თავს გრძნობს კომფორტულად, თავისუფლად და შემოქმედებითად.

სერიოზული გამოწვევაა აგრეთვე, ინფორმაციული გადატვირთვა. ონლაინსივრცეში ინფორმაცია უსასრულოა. ეს მრავალფეროვნება ხშირად იწვევს დაბნეულობასა და ზედაპირულ აღქმას. მოსწავლემ უნდა ისწავლოს ინფორმაციის კრიტიკული შერჩევა, წყაროების სანდოობის შეფასება და ძირითადი აზრის გამოკვეთა – აიმაღლოს მედიაწიგნიერების კულტურა. აქ პედაგოგის როლი შეუცვლელიასწორედ მას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს ინფორმაციული ნაკადების დახარისხებასა და გააზრებაში.

ციფრული გარემოს ერთერთი საფრთხეა, ასევე, სოციალური ურთიერთობების შემცირება. ეკრანთან გატარებულმა დრომ შესაძლოა, შეამციროს ემოციური კომუნიკაცია და თანამშრომლობის განცდა. აუცილებელია ტექნოლოგიის გამოყენება ისეთი ფორმებით, რომლებიც ინარჩუნებს ადამიანურ კონტაქტს – ჯგუფური პროექტები, ერთობლივი ონლაინდისკუსიები და ცოცხალი უკუკავშირი ქმნის ბალანსს ვირტუალურ და რეალურ ურთიერთობებს შორის.

ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ტექნიკური და ეთიკური საკითხებიც – ინტერნეტთან წვდომის უთანასწორობა, პირადი მონაცემების დაცვა, ავტორობის პატივისცემა. ამ პრობლემების გამკლავება მოითხოვს სკოლების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და მოსწავლეებში ციფრული მოქალაქეობის ცნობიერების ამაღლებას.

ციფრული პედაგოგიკის წარმატება სწორედ ამ ბალანსშიატექნოლოგიის გონივრულ გამოყენებასა და ადამიანურ ღირებულებათა შენარჩუნებაში. ტექნოლოგია უნდა იყოს არა მიზანი, არამედ საშუალება. პედაგოგი – არა სისტემის მომხმარებელი, არამედ მისი შემოქმედი; ხოლო მოსწავლე – არა მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიური მონაწილე.

ციფრული სწავლება არ არის მხოლოდ გარემოებების შედეგად მიღებული აუცილებლობა – ის იქცა შესაძლებლობად, რომელიც გვაძლევს სწავლა-სწავლების ახალი სისტემის შექმნის შანსს. ტექნოლოგიის გააზრებული გამოყენება ცვლის არა მხოლოდ სასწავლო ფორმატს, არამედ სწავლების ფილოსოფიასაც: ცოდნა იქცევა ერთობლივი აღმოჩენის პროცესად, სადაც მასწავლებელი და მოსწავლე თანასწორად მონაწილეობენ შემეცნებაში.

ამ კონტექსტში პედაგოგის როლი მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდება – მას აღარ შეუძლია დარჩეს, როგორც მხოლოდ ცოდნის გადამცემი. ციფრული ეპოქის პედაგოგი ხდება გზამკვლევი, ფასილიტატორი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს კითხვების დასმაში, ინფორმაციის გააზრებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ტექნოლოგია მას ვერ ჩაანაცვლებს, პირიქით, გააძლიერებს, მისცემს შესაძლებლობას, დანერგოს ინოვაციური სასწავლო მეთოდები, სტრატეგიები და შექმნას თანამედროვე სწავლების შესატყვისი ფორმატი.

სწორად გამოყენების შემთხვევაში, ციფრული პედაგოგიკა სინთეზურად აერთიანებს ტრადიციულს და თანამედროვეს – წიგნს, ფიქრსა და ტექნოლოგიას; არ ამცირებს სწავლების არსს, არამედ მატებს მას ინტელექტუალურ სიღრმეს და პედაგოგიურ შესაძლებლობებს. ციფრული სწავლება არის ინოვაციური შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, განივითაროს პროფესიული კომპეტენციები და უზრუნველყოს მოსწავლეებთან აქტიური, ღრმა და მიზანმიმართული ინტერაქცია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

rb.gy/z6j03t

rb.gy/ykhhjf

rb.gy/0vj1lo

rb.gy/5pns01

rb.gy/h6ho69

rb.gy/1xggws

rb.gy/9k6a2k

 

 

 

 

დიდი ქვეყანა

0

თვეების წინ პოლონეთში მოგზაურობის ბედნიერება მხვდა წილად. პოლონეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა და აქვს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ხშირად პოლონეთის პოზიციას განუსაზღვრავს ისტორიის დინების მიმართულება, მას შეუცვლია მილიონობით ადამიანის ბედი.

ნებისმიერი მოგზაურობის წინ საკუთარ თავს ორ შეკითხვას ვუსვამ. თავდაპირველად, ვცდილობ ვიფიქრო კონკრეტული სახელმწიფოს განსაკუთრებულ მახასიათებლებზე, შემდეგ კი ვარკვევ, რა აკავშირებთ მოცემულ მხარეში მცხოვრებ ხალხებს საქართველოსთან.

ჩემთვის ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყანა სამ ბრწყინვალე ადამიანთან ასოცირდება.

პოლონეთის ხსენებისას ოდნავ განათლებულ ადამიანებს პირველად თავში ფრედერიკ შოპენის სახელი ამოუტივტივდებათ ხოლმე. მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ლეგენდას დედამიწის ყველა კუთხეში კარგად იცნობენ, უამრავი მუსიკოსი გატაცებით ასრულებს მის საფორტეპიანო ბალადებსა და კონცერტებს, მის მიერ ხელახლა გაცოცხლებული მაზურკა, პოლონეზი და ვალსი რამდენიმე საუკუნეა იპყრობს ჩვენი პლანეტის ყველაზე მაღალი რანგის სცენებს. მახსოვს, როგორი გაოცებული ვუსმენდი ჩემს მუსიკის მასწავლებელს, მზია დუღაშვილს, რომელმაც შოპენის აღსასრულის შესახებ გვიამბო. გამორჩეული ხელოვანის ამბავმა ჩვენთვის მუსიკის ისტორიის გაკვეთილი სერიოზულ საგნად აქცია. პედაგოგმა აგვიხსნა, რომ პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე, მხოლოდ დიდი კომპოზიტორის სხეულია დაკრძალული. შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში. შოპენი მამით ფრანგი (ლოთარინგიელი) იყო, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მისმა შემოქმედებამ შუქი პარიზში იხილა, მაგრამ მას მაინც არასდროს ავიწყდებოდა მტრის მიერ დაპყრობილი, დამონებული, მრავალჯერ აჯანყებული მშობლიური ქვეყანა, რომლის ფოლკლორმა გენიალური კომპოზიტორის ნიჭს პირველი საზრდო მისცა.

ალბათ, არ არსებობს პოლონელი, რომელიც გულმხურვალე პატრიოტი არ არის. არაერთხელ გამიხსენებია სრულიად უნიკალური ბუნებისმეტყველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაშიც და ქიმიაშიც, დიდი ქალი მეცნიერი – მარია სლოდოვსკა-კიური, რომელმაც მისი და მისი ქმრის პირველ აღმოჩენას, ახალ ქიმიურ ელემენტს მიწასთან გასწორებული და მსოფლიოს მიერ დავიწყებული სამშობლოს სახელი დაარქვა და ამგვარად, პოლონეთს სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში (პოლონიუმი).

ვარშავის შუაგულში, ერთი ფეშენებელური სასტუმროს წინ, მყუდრო პარკში დგას ებრაული წარმოშობის ექიმი-პედიატრისა და მწერლის ულამაზესი მონუმენტი. ამ შესანიშნავი ავტორის საბავშვო რომანის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ქვეყნად არსებობს ძალაუფლება, რომელიც საშიშიც შეიძლება იყოს და სასარგებლოც; რომელსაც სიფრთხილით გამოყენება სჭირდება. მისი წიგნიდან გავაცნობიერე, რომ ძალაუფლების უზურპაცია, მიტაცება ერთი ადამიანისთვისაც და მთელი ერისთვისაც ტრაგედიად შეიძლება იქცეს. გავიგე ომისა და მშვიდობის, პატიმრობისა და მძიმე შრომის ფასი. ბევრ ჩემს თანატოლს, ალბათ, ბავშვობიდან ხშირად უხმობს განუმეორებელი იანუშ კორჩაკის მიერ მეფის ტახტზე აყვანილი მათიუში.

ნახსენებ მონუმენტზე კორჩაკი მარტო არ არის გამოსახული, მის ირგვლივ ბავშვები არიან შემოკრებილნი, მისი პაციენტები, მკითხველები და არა მხოლოდ… 1911 წლიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მწერალი მის მიერვე დაფუძნებულ „ობოლთა სახლს“ ხელმძღვანელობდა, სიღარიბის, უდედმამობისა და ავადმყოფობის მარწუხებისგან ცდილობდა ბავშვების სიცოცხლის გამოხსნას.

მთელმა მსოფლიომ იცის, რა გააკეთა იანუშ კორჩაკმა მას შემდეგ, რაც „ობოლთა სახლის“ მკვიდრნი ტრებლენიკაში გადაასახლეს. მას შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა, მაგრამ უარი განაცხადა გათავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება არჩია. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, იანუშ კორჩაკი პატარებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკი ხელში აყვანილ ბავშვებს ზღაპარს უყვებოდა.

ასეთი დიდი ადამიანების სამჭედლოდ ქცეული პოლონეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოსთან.

მოგზაურობისას სულ რამდენიმე საათი მქონდა თავისუფალი, ისიც სისხამ დილით. თავდაპირველად ვისლას გადაღმა მდებარე პატარა ქუჩას მივაშურე, ბევრი ვიარე, სარემონტო პოლიგონები გადავლახე და მივაგენი პატარა კორპუსს, რომელზეც უზარმაზარი სტელაა განთავსებული. სტელაზე პოლონურთან ერთად ქართული, მხედრული ასოებიც არის დატანილი. წარწერა იუწყება, რომ რამდენიმესართულიან სახლში მღვდელი გრიგოლ ფერაძე ცხოვრობდა. წმინდანად შერაცხილი მოღვაწე პოლონეთის ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა, შრომობდა ადგილობრივ ქართველთა შეკავშირებისა და გაძლიერებისთვის. მას ზურგს უმაგრებდა ბონსა და ბერლინში მიღებული განათლება, გერმანიაში დაცული დისერტაცია, იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს ეროვნული გმირი აქტიურად მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის მიმდინარე დიალოგში. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ არის.

ამასწინათ მწერალმა ნაირა გელაშვილმა თავის ერთ-ერთ სევდიან, ტანჯული ადამიანისთვის მიძღვნილ წერილში აღნიშნა: „თუ გავიხსენებთ, რომ არც მთის ქადაგებაში, და არც არსად დიად ტექსტებში ადამიანის სიდიდის ნიშნად არც დისერტაციები, არც წიგნები და არც არანაირი დარგობრივი რეკორდები არ სახელდება, არამედ ის, რასაც მეფე დავითი ევედრება ღმერთს: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და სული წრფელი განაახლე ჩემს სხეულში“ და რასაც მეფეთმეფე ამბობს: „გულით სუფთანი ღმერთს იხილავენ“.

გრიგოლ ფერაძეს მხოლოდ მისი საეკლესიო მოღვაწეობით, უმაღლესი კვალიფიკაციით, ზოგიერთი შუქ-ჩრდილით ვერ გავზომავთ. მამა გრიგოლის პიროვნება მისმა იანუშ კორჩაკისეულმა თავდადებამ განსაზღვრა. ქართველი მღვდელი ფაშისტებმა შეიპყრეს, ებრაელთა თანადგომა და ანტინაცისტური საქმიანობა წამოაძახეს, ოსვენციმის ბანაკში უკრეს თავი. მასზეც არსებობს გადმოცემა, რომ მრავალშვილიანი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში და ოდნავ მაინც შეუმსუბუქა ყოფა გაუბედურებულ ოჯახს.

პოლონელები ყველას იწვევენ „ვარშავის აჯანყების მუზეუმში“, რათა სტუმრებს აჩვენონ, როგორ იბრძოდნენ ნაციზმისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ. პოლონელები ამაყობენ, რომ ლამის სისხლისგან დაიცალნენ, რათა ორი ოკუპანტი შეეჩერებინათ, დაეცვათ თავიანთი მიწა-წყალი გერმანელებისა და რუსებისგან. მუზეუმი ათასობით ამბავს უყვება დამთვალიერებელს. დაწესებულების ეზოში კი სვეტები დგას, რომლებიც პოლონეთის თავისუფლებისათვის მებრძოლ სხვადასხვა ერებს ეძღვნებათ. ერთ-ერთ მათგანზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ: „პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს … მათ, ვინც თავი გასწირა პოლონეთისთვის, ემსხვერპლა რა კატინში ჩადენილ დანაშაულს, ვინც გმირულად დაეცა ვარშავის აჯანყების ბარიკადებზე და მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე“. საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული ჯარისკაცები იმპერიას გადარჩენილი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისთვისაც იბრძოდნენ. ჩვენს ოფიცრებს სწამდათ, რომ თუ პოლონეთი სამშვიდობოს გავიდოდა, საქართველოს კვლავ დაუბრუნდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი.

საამაყოა, როცა შენი ქვეყანა მხოლოდ ჯიბგირებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებთან და მკვლელებთან არ არის დაკავშირებული. გულს ცოტა ეფონება, როდესაც საქართველოს ნაკვალევს დიდი ევროპული ნაციის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ინსტიტუციაში აღმოაჩენ.

წელში გამართული, ცოტა სევდიანი მონდომებით ვეძებდი ვარშავის ვეტერინარული სასწავლებლის შენობას, სადაც ნოე ჟორდანია სწავლობდა და რევოლუციონერობისთვის ემზადებოდა. სამწუხაროდ, ვერ მივაგენი ადგილს, სადაც საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელმა პოლიტიკური სიმწიფის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგა.

მოკლე დროში მეტი რაღა უნდა მომეხერხებინა? პოლონეთის დიდ ადამიანებზეც ვიფიქრე, პოლონეთსა და საქართველოს შორის გაბმული წვრილი თუ მსხვილი სიმებიც აღმოვაჩინე. საქმეც ბევრი მქონდა, მთელი დღის მუშაობის შემდეგ, აეროპორტში გამგზავრებამდე დიდი სოციალისტისა და პატრიოტის, პოლონეთის მარშალის – იუსეფ პილსუდსკის ძეგლს შევავლე თვალი, ფოტო გადავიღე და ბარგის ჩასალაგებლად უკან გამოვბრუნდი. გზად ერთ უცნაურ კაცს გადავეყარე, მხოლოდ პოლონურად საუბრობდა, დამინახა პილსუდსკის მემორიალთან და რაღაცებს მიყვებოდა ორ მსოფლიო ომს შორის მოღვაწე გმირზე. ძლივს გავაგებინე, რომ არაფერი მესმოდა. დანგრეული ინგლისურით მაინც მკითხა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი. საქართველოს ხსენებაზე ნერვიულად იმეორებდა „რაჩკევიჩ! რაჩკევიჩ! ქუთაისი! ქუთაისი!“, თან ტელეფონზე მიმითითებდა, მთხოვდა მისი გვარი რომელიმე საძიებო სისტემაში ჩამეწერა. ვუთხარი, რომ ინტერნეტი არ მქონდა, და სწრაფად გამოვეცალე.

შინ დაბრუნებულს გულმა არ მომითმინა და მაინც დავგუგლე რაჩკევიჩის სახელი… სასწაული აღმოვაჩინე. ლონდონში, პოლონეთის დევნილი ხელისუფლების პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ყოფილა, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, ქუთაისში დაბადებულა, პოლონელი მოსამართლის ოჯახში.

უცნაურმა აღმოჩენამ ფიქრების ახალი ტალღა ააზვირთა ჩემს გონებაში. დავით აღმაშენებლის ქალაქი ხომ დიდ ხანს იყო აჯანყების გამო დასჯილი და შორეულ კავკასიაში გადმოსახლებული პოლონელების თავშესაფარი. გამახსენდა ერთი კარგი ქუთაისელის ნათქვამი, რომელიც მიმტკიცებდა, „დასავლეთ საქართველოში ღილს „ფოლაქს“ იმიტომ ვუწოდებთ, რომ მეცხრამეტეში „პალიაკებს“ ჰქონდათ ღილების ფაბრიკა გახსნილიო“. ცხადია, თვალწინ გამიელვა დიდი ექიმისა და განმანათლებლის, გრიგოლ ვოლკისა და მარქსის პირველმთარგმნელის, გიორგი ზდანოვიჩ-მაიაშვილის სახეებმა.

ერთი სიტყვით, პოლონეთი და საქართველო, ქართულ-პოლონური ურთიერთობები ამოუწურავი თემაა და უამრავ საფიქრალს გვთავაზობს ცოდნის გაღრმავების გზაზე, სასკოლო პროექტებისა თუ ცხოვრებისთვის.

 

ძველი ყუთის ამბავი

0

ძველ ყუთში ნაპოვნ ნივთიერებებს ვახარისხებდი და გადავწყვიტე მჟანგავები და აღმდგენები ცალ-ცალკე გადამედო.

მოკლედ, ორ ჯგუფი გამოვიდა: მჟანგავები და აღმდგენები. მჟანგავებს აქვთ უნარი სხვა ნივთიერებებიდან ელექტრონები მიიზიდონ. ამ დროს თავად აღდგებიან. მაგ. კალიუმის პერმანგანატი იგივე „მარგანცოვკა“. მართალია, კანონით მისი თავისუფლად შესყიდვა იზღუდება, მაგრამ ლაბორატორიაში, სასწავლო და შემეცნებითი მიზნებისთვის სრულიად დასაშვებია.

პერმანგანატში მანგანუმის ჟანგვის რიცხვი +7-ია, რაც სტაბილური არ არის. ამიტომ, მცირე გახურებითაც კი პერმანგანატი იშლება ჟანგბადის გამოყოფით. მანგანუმი კი დიოქსიდს წარმოქმნის, სადაც მისი ატომი +4 ჟანგვის რიცხვში გადადის და უფრო სტაბილური ხდება. ამ ცდას ლაბორატორიაში ჟანგბადის მისაღებადაც იყენებენ და გამოყოფილი გაზი ნამდვილად ჟანგბადი, რომ არის ანთებული კვარით შეიძლება შემოწმდეს.

პერმანგანატს თუ რომელიმე აღმდგენელს შევურევთ, მაგ. გლიცერინს, მაშინ ორი ნივთიერების შეხების ადგილას ეგზოთერმული პროცესი დაიწყება, რადგან გლიცერინის ჰიდროქსილის ჯგუფები მანგანუმის პერმანგანატით დაიჟანგება. ნარევი იმდენად გაცხელდება, რომ თავისთავად შეიძლება აალდეს.

„მარგანცოვკის“ ძალიან სუსტ ხსნარს მედიცინაში დღესაც იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას. ასევე იყენებენ, ტრანსპორტირებისას ბანანების დამწიფების შესაჩერებლად. „მარგანცოვკა“ შთანთქავს ეთილენს, რომელიც დამწიფების დროს გამოიყოფა. ლაბორატორიაში ეთანოლის და კონცენტრირებული გოგირდმჟავას გაცხელებით შესაძლებელია მივიღოთ ეთილენი. თუ ეთილენს გავატარებთ „მარგანცოვკის“ ხსნარში, შევამჩნევთ, რომ ხსნარი გაუფერულდება, წარმოიქმნება მანგანუმის დიოქსიდი. თავად ეთილენი ეთილენგლიკოლად გარდაიქმნება.

ვანადიუმის მჟავა – დიდი ხნის დების შედეგად დაიშალა და ფაქტობრივად ვანადიუმის (II) ოქსიდს წარმოადგენს. ამ ოქსიდს დღეისათვის იყენებენ, როგორც ლითიუმის მძლავრი აკუმულატორების ანოდების კომპონენტს. ასევე, გამოიყენება წითელი ნათების ლუმინოფორების წარმოებაში.

ვანადიუმის მჟავა შეიძლება მივიღოთ, მაგ. ამონიუმის ვანადატზე NH4VO3 მარილმჟავას მოქმედებით. წარმოიქმნება პოლივანადიუმის მჟავების ნარევი. ამ ნარევში თუ ჩავამატებთ თუთიის გრანულებს, პოლივანადიუმის მჟავები აღდგენას დაიწყებენ და გამოყოფენ წყალბადს.

სხვათა შორის, რიბოფლავინის, ანუ B2 ვიტამინის აღმოჩენა შესაძლებელია წყალბადის მეშვეობით. მაგ. ავიღოთ მწვანე ჩაი (რომელშიც არის რიბოფლავინი), შემდეგ შიგნით ჩავაგდოთ თუთიის გრანულა და დავამატოთ მარილმჟავა. თუთია წყალბადს გამოაძევებს და ხსნარი მიიღებს ვარდისფერ შეფერილობას. ეს იმიტომ ხდება, რომ რიბოფლავინის ჰიდროქსილის ჯგუფები დაიჟანგებიან გამოყოფილი წყალბადით.

სიტყვამ მოიტანა და იცით, რა არის დამჟანგავი?

ეს ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ატომებს ან იონებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ატომებს ან იონებს ელექტრონები წაართვან. მაგალითად, რატომ არის ძლიერი მჟანგავი კალიუმის ბიქრომატი? მის შემადგენლობაში მყოფ რომელ ელემენტს აქვს მჟანგავის თვისება? კალიუმი ყველა ნაერთში კარგავს თავის ერთადერთ ელექტრონს და დადებითად არის დამუხტული. აქაც მისი დაჟანგულობის რიცხვი +1-ია. ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხი ყველა ნაერთში -2-ია. ქრომის დაჟანგულობის რიცხვი კი +6, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სწორედ ქრომია მჟანგავი. სწორედ +6 დაჟანგულობის ხარისხი აქვს ქრომს მინერალ კროკოიტშიც, საიდანაც ის პირველად გამოჰყვეს. ამ მინერალის ფორმულაა PbCrO4 – ტყვიის ქრომატი.

ზოგჯერ დამჟანგავი და აღმდგენელი ერთ მოლეკულაშია და ისინი ერთმანეთზე რეაგირებენ. ასეთ რეაქციებს თვით აღდგენის ან დაჟანგვის რეაქციებს უწოდებენ. მაგ. ამონიუმის ბიქრომატი. გარეგნულად კალიუმის ბიქრომატისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა ალბათ გახსოვთ, როგორ აქტიურად იშლება. ამ რეაქციას ხუმრობით „ვულკანს” ვუწოდებთ.

ამონიუმის ბიქრომატში ქრომს მაქსიმალური ჟანგვის რიცხვი +6 აქვს. ამიტომ, დამჟანგავს წარმოადგენს. ქრომის ნაერთები წყალბადით აღდგენისას იოლად იცვლიან ფერებს. თუ დიქრომატის ხსნარს დავამატებთ თუთიის გრანულებს და მარილმჟავას, ჯერ აღდგებიან ქრომის ქლორიდმდე და ნარინჯისფერი ყვითელ-მომწვანო შეფერილობაში გადავა. თუ რეაქციას გავაგრძელებთ ცისფერი ფერის არასტაბილური ქრომის (II) ქლორიდი წარმოიქმნება. ქრომის +6 ჟანგვის რიცხვით ძალიან ტოქსიკურია, ამიტომ მასთან მუშაობა სიფრთხილით უნდა მოხდეს.

მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში კალიფორნიაში ერთი კომპანია უბრალოდ ადგა და დიდი რაოდენობით ბიქრომატი საკანალიზაციო წყლებში ჩაღვარა. ამან, ჩამდინარე და მიწისქვეშა წყლების ფართომასშტაბიანი დაბინძურება გამოიწვია და იქაური მცხოვრებლები დააავადა. მხოლოდ 30 წლის შემდეგ, როგორც იქნა დადასტურდა მათი ბრალეულობა და დაზარალებულებისთვის სამას ოცდაათი მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. ეს იყო ქალაქი ჰინკლი და მისი მცხოვრებლები. გაგახსენდებათ მშვენიერი ფილმი ამ ფაქტის შესახებ, სადაც დეტექტივის როლს ჯულია რობერტსი ასრულებს.

და იოდი? ესეც დამჟანგვია?

იოდის და ალუმინის ფხვნილს თუ ერთმანეთს შევურევთ, არაფერიც არ მოხდება. თუმცა, თუ წყლის რამდენიმე წვეთს დავამატებთ, მაშინ? იოდი წყალში გახსნას დაიწყებს და წარმოქმნის მჟავას, რომელიც შევა ალუმინთან რეაქციაში და სარეაქციო არე იისფერი კვამლით დაიფარება. ასევე, თვითაალდება და საკმაოდ ლამაზი სანახავი იქნება.

და ნატრიუმის მოლიბდატი? მას  დღეს სასუქადაც იყენებენ იმ ნიადაგისთვის, სადაც მოლიბდენის ნაკლებობაა. ნატრიუმის მოლიბდატს იყენებენ წყლის დაქლორვის პროცესის ანოდების კოროზიის ინჰიბიტორად. წყალხსნარებში მაგნიუმის, მარილმჟავასა და გამოყოფილი წყალბადის მეშვეობით იოლად შეგვიძლია აღვადგინოთ. რეაქციის შედეგად ე.წ. მოლიბდენის ლურჯი წარმოიქმნება, რომელიც იშვიათი ლურჯი პიგმენტია.

კალიუმის ნიტრატი ცნობილია ბევრისთვის. აქტიურად შედის რეაქციაში შაქართან და მისგან რაკეტის საწვავიც შეიძლება დამზადდეს. მაგ. ქსილიტთან ან საქაროზასთან თუ შევალხობთ და მიღებულ მასას გავაცივებთ, კარგად დაიწვება. კალიუმის ნიტრატი ასევე პიროტექნიკის შემადგენლობაში გვხვდება და იასამნისფერ შეფერილობას აძლევს ცეცხლს. სტრონციუმის ნიტრატი ან სხვა მარილი კი ცეცხლის ალს წითლად შეაფერადებს.

ახლა აღმდგენლები, ანუ ნივთიერებები, რომლებიც თმობენ ელექტრონებს.

ნატრიუმის იოდიდი – კარგად იჟანგება იგივე „მარგანცოვკით“. წარმოიქმნება იოდი, რის გამოც სარეაქციო არე მოყვითალო ფერს იღებს. ასევე, კალიუმის იოდიდის მსგავსად, წყალბადის პეროქსიდის დაშლის რეაქციის კარგი კატალიზატორია.

პოლიეთილენგლიკოლი – ეს ნივთიერება სამუხრუჭე სითხის მთავარი კომპონენტია. თუ ძლიერ მჟანგავს შევურევთ, იოლად აალდება.

ძველი ყუთიდან ამოლაგებული ნივთიერებებიდან აღმდგენლები მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა.

ეგ არაფერი, ამათაც მოვუძებნი საქმეს.

 

 

სალმან რუშდის შავი სარკე

0

გასახარელი ამბავია – სალმან რუშდის „კიშოტი“ ქართულად თარგმნეს. სხვებზე ადრე კი ის მკითხველი გაიხარებს, ვისთვისაც სერვანტესის „დონ კიხოტი“ წიგნთა წიგნად დარჩება, რამდენი წელიც უნდა გავიდეს, რამდენი მთისა და ზღვის გადალახვაც უნდა მოუხდეს. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ სალმან რუშდის რომანები გატაცებით არასდროს წამიკითხავს და არც მის ახალ ნამუშევრებს დავლოდებივარ მოუთმენლად. თითქოს ვიცოდი, რა აწერინებდა, როგორ წერდა. მაგრამ „კიშოტი“ საკვირველად კარგია, ერთდროულად სახალისოც და დამაფიქრებელიც, მსუბუქიც და იმ სიმართლით დამძიმებულიც, რომლისთვის თვალის გასწორებაც გარდაუვალად მოგვიწევს.

ვინ არის? რამ შეშალა და გადარია? ვისზე შევარდნია გული და საით გაუწევია განუყრელ თანამგზავრთან ერთად? – კითხვები მაშინვე ჩნდება, როგორც კი სათაურს კითხულობ. კიშოტი ფრანგულად გამოთქმული კიხოტია და მხოლოდ ერთზე მიგანიშნებს – ახალი თავგადასავლის მონაწილე ხდები, ქალამანი უნდა ამოიცვა, აბგა საგზლით უნდა გაავსო და სერვანტესის წიგნიც თან წაიღო. სამყარო, რომელშიც მოგზაურობ და რომელსაც მეტად კარგად იცნობ, აი, ასე აღიწერება: „გარშემო ყველაფერი სრიალებს, ვერაფერს მოეჭიდები“.

ეპოქის მთავარ ნიშნად მწერალი იმას ხედავს, რომ ნებისმიერი რამაა მოსალოდნელი, რამდენადაც წესები აღარ არსებობს, სიმართლე კი გამონაგონზე უცნაურია: „ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო: ძველი მეგობრები ახალ მტრებად ქცეულიყვნენ, ხოლო შეჩვეული მტრები – ახალ საუკეთესო მეგობრებად ან საყვარლებადაც კი. ამინდის, ომის გაჩაღების ანდა არჩევნების შედეგების პროგნოზირება უკვე შეუძლებელი იყო. თავისუფლად შეიძლებოდა, ქალს გოჭი შეჰყვარებოდა, კაცს კი ბუსთან ერთად დაეწყო ცხოვრება, […] ბოროტმოქმედები მეფეები გამხდარიყვნენ, ხოლო მეფეები ბოროტმოქმედები გამომდგარიყვნენ“. ჩამონათვალი გრძელია, შედარებები – ხან ზუსტი და სასაცილო, ხან ზუსტი და გამაღიზიანებელი, ხან უბრალოდ ზუსტი.

მკითხველს სიამოვნებას არ მოვაკლებ და ჩვენი დროის დონ კიხოტზე, მის ახირებებზე, ხეტიალზე, ხეტიალის დასასრულზე არაფერს ვეტყვი. ისევ იმას დავუბრუნდები, რასაც მწერალი დღევანდელ ყოფაზე, მის მთავარ მახასიათებლებზე წერს. ერთი ასეთი ნიშანი გაზრდილი ემიგრაცია, ემიგრანტების ტანჯული ცხოვრებაა: „გატეხილი ოჯახები შეიძლება ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო საშუალება იყოს ამ გატეხილ მსოფლიოზე დასაკვირვებლად. გატეხილი ოჯახები გატეხილი ადამიანებისგან შედგება […] ჩვენ, გატეხილი ადამიანები… შეიძლება ჩვენი დროის საუკეთესო სარკეები ვიყოთ, მოელვარე ნატეხები, რომლებიც სიმართლეს ვირეკლავთ, სადაც უნდა გავემგზავროთ, სადაც უნდა ჩავიდეთ, სადაც უნდა დავრჩეთ“.

„შავი სარკე“ – ცნობილი ბრიტანული ტელესერიალი გამახსენდა, რომლის გმირებადაც ადვილად წარმოიდგენ რუშდის კიშოტს, მის წარმოსახვით ვაჟიშვილს, სახელად სანჩოს და გულის სწორს – ტელეწამყვან სალმა რ.-ს, რომლის ინიციალებიც, შენიშნავდით, თავად ავტორისაა. სანჩო ვახსენე და მისი სიტყვებიც აქვე იყოს: „ვცდილობ, „ნორმალურის“ მნიშვნელობას მივხვდე… ნორმალურია ცეცხლსასროლი იარაღი და ნორმალურია ამერიკა, რომელსაც სიდიადის დაბრუნება უნდა, მაგრამ ისიც ნორმალურია, თუ არასწორი ფერის კანი გაქვს, თუ განათლებული ხარ და ისიც, თუ განათლება ტვინის გამორეცხვა გგონია. არის ამერიკა, რომელსაც ბავშვების აცრის სჯერა და არის ამერიკა, რომელსაც ეს თაღლითობა ჰგონია. ყველაფერი, რისაც ერთ ნორმალურს სჯერა, მეორე ნორმალურისთვის სიცრუეა, თან ისინი, ყველანი, ტელევიზორში არიან“. სანჩო მსჯელობს, მსჯელობს და ბოლოს მიხვდება, ამოყირავებული ქვეყანა ყოფილა ნორმალურიო.

სალმან რუშდის წიგნში იმასაც ამბობენ, ჩვენს დროში შეიძლება მთელი ერი ლემინგების გუნდივით გადახტეს კლდიდანო. აი, რა ხანაა და კიშოტი მაინც თავს ირწმუნებს, რომ სიყვარული გაიზრდება და ლამაზ ყვავილად გაიშლება, რომ გადარჩება და გადაარჩენს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...