სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

აღზრდა – კონტროლი? ზემოქმედება? შეთანხმება?

0

აღზრდა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განიმარტება ასე:

„სახელი აღზრდის‚ აღიზრდება ზმნათა მოქმედებისა. 1. ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება‚ გარკვეული ჩვევების ჩანერგვა‚ წვრთნა“.

„ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება“ – სასკოლო ფორმატში ეს პოზიციები ნაწილდება ასე: აღმზრდელი (მასწავლებელი) და აღსაზრდელი (მოსწავლე).

და აქ იბადება მთავარი კითხვა: როგორ, რა გზით უნდა განხორციელდეს „სისტემატური ზემოქმედება“ აღსაზრდელზე?

როგორ უნდა დაარწმუნო/აიძულო(?) აღსაზრდელი – თანამედროვე მოზარდი – მოიქცეს ისე, როგორც მისთვისაა სასიკეთო, განმავითარებელი? რა მეთოდებს მივმართავთ აღმზრდელები ამ „სისტემატური ზემოქმედებისას“ და რა შედეგებს ვიღებთ? აღზრდისას ზემოქმედება/ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ კონტროლითაა შესაძლებელი თუ სხვა მექანიზმებიც „ჭრის“?

დავიწყოთ დაკვირვებით:

სკოლაშიც და სახლშიც მშობლის/მასწავლებლის ენერგიის დიდი ნაწილი იმაზე იხარჯება, რომ გავაკეთებინოთ აღსაზრდელებს ის, რაც, ჩვენი აზრით, სასიკეთო, განმავითარებელია მათთვის. ესაა, პირობითად, გაკვეთილების ჯეროვნად, ხარისხიანად მოსმენა, დავალებების სრულფასოვნად შესრულება, დისციპლინის წესების ზედმიწევნით დაცვა, „კარგად მოქცევა“, უფროსის ნათქვამის დაჯერება-გაგონება-მოსმენა-შესრულება…

სკოლაშიც და სახლშიც აღმზრდელების კიდევ უფრო მეტი ენერგია იხარჯება იმაზეც, ვაიძულოთ მათ, გააკეთონ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსმენისას კლასში სამარისებური სიჩუმე უნდა იყოს, მოსწავლე ნათქვამს ისრუტავდეს, ერთხელ გაგონილი სამარადჟამოდ (გამოცდებამდე მაინც!?) უნდა დაიმახსოვროს, 45 წუთი გაუნძრევლად უნდა იჯდეს, დაიჯეროს-გაიგონოს – მოისმინოს და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა!

ამასთან, ჰკითხეთ ნებისმიერ აღმზრდელს და ის აუცილებლად დაგიდასტურებთ, რომ მოზარდი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, მოძრავი, ინტერესიანი, შემმეცნებელი, „ცოცხალი“, მკვლევარი, მხიარული, ბედნიერი, დაუდგრომელი. ახლა ერთი მნიშვნელოვანი რამ: პარადოქსული კია, მაგრამ ეს ორი მიზანი ერთმანეთს მეტწილად ეწინააღმდეგება და თუ ჩვენი (უფროსების) უმთავრესი (ყოვლისმომცველი) სურვილი ისაა, რომ ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა იყოს „კარგად აღზრდილი“, მიაღწიოს წარმატებას, ბედნიერებას, აკეთოს მხოლოდ სწორი და კარგი, სასარგებლო, მარგებელი რამეები, არ შეგვიშალოს ხელი, განვითარდეს, ისწავლოს, დაისწავლოს, მაშინ ჩუმად, წყნარად ყოფნა და უპირობო მორჩილება, უბრალოდ, არ გამოვა.

ახლა, ვფიქრობ, უფრო თვალნათელია პარადოქსულობა და ურთიერთგამომრიცხაობა ამ ორი „დაკვეთისა“.

ისევ დაკვირვება: აღზრდისას, ყოველ შემთხვევაში, სასკოლო სივრცეში, ჩვენს სკოლებში (დერეფნებში, გარე სივრცეებში, გაკვეთილებზე – საკლასო ოთხში) ენერგიას, ძალისხმევას აღმზრდელები მივმართავთ კონტროლზე. კონტროლი ეფექტიანი, შედეგიანი მექანიზმია. კარგად გამოცდილი და მისი აღსრულების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა „გათიშე და იბატონე“. ანუ – გათიშე აღსაზრდელის ნება, სურვილი, ბუნებრივი იმპულსი დაუდგრომლობის, ცნობისმოყვარეობის და იბატონე. მართე. აკონტროლე, მოახდინე ზემოქმედება და შესაბამისად – ზეგავლენა. შედეგი – მშვიდი, უთქმელი, დამჯერი, კარგი, მორჩილი, წესიერი და გამგონე აღსაზრდელია.

კარგი შემსრულებელი.

ეტყვი – შეასრულებს. გაგიგონებს. დაგიჯერებს.

სასკოლო აღზრდის ჩვენი სისტემა ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად წარმატებულია. „სახრე-თაფლაკვერის“ ინსტრუმენტი მუშაობს. „ცუდი“ საქციელის აღმოფხვრა სასჯელით, „კარგის“ დაჯილდოება მაღალი ნიშნით ან შექებით „საჩვენო“ ქცევას განამტკიცებს, „არასაჩვენო“ კი მარგინალიზებულია, მიუღებელი, დასჯადი.

საკლასო სიტუაცია:

ხშირად მასწავლებელს სიამაყისა და კმაყოფილების განცდას გვრის, თუ კლასში „ბუზის გაფრენის ხმა ისმის“. ეს თვითშეფასებაზეც კარგად მოქმედებს. გსმენიათ გამონათქვამები „კლასი მაგრად უჭირავს“, „ვერ უბედავენ/არ აბედვინებს“, „მასთან გასუსული არიან“. ეს შეფასებები პოზიტიური კონოტაციისაა.

დისციპლინის დამყარების პოლიციური მეთოდი ეფექტური, ეფექტიანია. ეფუძნება, მეტწილად, ავტორიტარულობას – „არ იქნები გასუსული – დაისჯები!“. შედეგი მყისიერია და აღსაზრდელი ჩუმი, დამჯერი, გასუსულია. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს შემმეცნებელ და გონებრივი შრომით დაკავებულ მოსწავლეს? ყოველთვის – არა. უფრო სწორად, საერთოდ არა. „გასუსული“ და „შემმეცნებელი“ არაა ერთი და იგივე. უფრო – პირიქით.

პოლიციური რეჟიმის დამყარება რთული არაა და სამარჯვიც ბევრი არსებობს: საკუთარი ხმა, ხმის დიაპაზონი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მანდატურის/დირექტორის ავისმომასწავებლად ხსენება, შესაძლოა ფიზიკური შეხება (კი, ჩვენს სკოლებში არის ამის პრეცედენტები!). ამასთან – ამ სამარჯვებით დამყარებული დისციპლინის ფასი არის ნულის ტოლფასი. უფრო ზუსტად – დაუშვებელია, მიუღებელია და აღსაკვეთია ამ მეთოდებით სკოლებში „დისციპლინის“ დამყარება. ამას უნდა მივხედოთ ერთობლივად. აღზრდის მთელი სასკოლო „ოთხკუთხედი“ უნდა იყოს ჩართული – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, დირექცია.

დისციპლინის ძალისმიერი მეთოდებით დამყარება ნორმალიზებული არ უნდა იყოს საზოგადოებაში, რომელსაც სურს აღზარდოს ქვეყნის აქტიური მოქალაქეები. ეს მოსწავლეებს არ და ვერ „უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და {არ/ვერ} ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“ (ამონარიდი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიდან).

თუ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, მოაზროვნე, შემოქმედებითი, საკუთარი პასუხისმგებლობის გამთავისებელი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე, „დაჩუმებულ“ კლასებში ასეთებს ვერ აღვზრდით.

როდესაც ჩვენ ვაიძულებთ მოზარდს მოიქცეს „კარგად“ და მისი მოდრეკის შედეგად ვიღებთ სასურველ შედეგს, საამაყო აქ არაფერია. მიზანი აქ არც აღმზრდელობითია, არც პედაგოგიური. მიზანი მორჩილებაა.

დავსვათ კითხვები:

  • როგორი ახალგაზრდების ხილვა გვსურს?
  • რა არის ჩვენი აღზრდა-განათლების გრძელვადიანი მიზნები?
  • როგორებად ვხედავთ ჩვენს მოსწავლეებს ათწლეულების შემდეგ?

შევიხედოთ კლასებში. ვკითხოთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, აღზრდის რა მეთოდებს იყენებს სკოლა, როგორც ინსტიტუცია. როდის და რამდენად არიან მოსწავლეები ჩართულნი სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში? მათ ინიციატივებს, სურვილებსა და პროექტებს რამდენად ეთმობა ყურადღება? როგორ და რა ხორციელდება სკოლებში მოსწავლეთა ინიციატივით და მათი უშუალო ჩართულობით? რამდენადაა წახალისებული უპირობო მორჩილება? დისციპლინის დამყარების რა ხერხებს მიმართავენ მასწავლებლები? რა არის, საერთოდ, ეს დისციპლინა და როგორ შეგვიძლია განვმარტოთ ის? კონტროლის გარდა, ახალგაზრდებთან ურთიერთობის რა ფორმებს მიმართავს სკოლა?

შემდეგ დავაკვირდეთ: გამორიცხავს თუ თანხვდება მიზნები (როგორები გვინდა იყვნენ ახალგაზრდები ათწლეულების შემდეგ) და პროცესი (ინსტიტუციაში, სისტემაში – შიგნით – 12 წელი) ერთმანეთს?

თუ მიზანი მოქმედი, შემოქმედი, ინიციატივიანი მოქალაქეების აღზრდაა, რამდენად ეძლევათ მათ ამ უნარების გაწაფვის შესაძლებლობა სკოლაში (მიზანი<პროცესი)? ანუ, თუ მიზანი საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი ადამიანის აღზრდაა, მაშინ პროცესში კონტროლის მექანიზმი საფრთხილო გამოსაყენებელია, რადგან კონტროლით ზემოქმედება კი შესაძლებელია, სასიკეთო (აღმზრდელობითი) ზეგავლენის მოხდენა კი სათუო.

რატომ?

კონტროლი ზემოქმედების ხისტი, პირდაპირი მეთოდია. არჩევანი აქ მიმღებს არ აქვს, მაკონტროლებელი ზედამხედველია, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს. აღსაზრდელი კი პასიურად მიმღები იმისა, რაც მაკონტროლებელს „სასარგებლოდ“ მიაჩნია. კონტროლი გარდაუვალია აღზრდის ეტაპზე და აღმზრდელმა უნდა გააკონტროლოს აღსაზრდელის ცხოვრება – თავიდან, ახალშობილთან, ყველა მიმართულებით, თანდათან – რაც შეიძლება ნაკლებად, მოზარდობის ხანაში კი საბაზისო დონეზე (უსაფრთხოების ნორმები). აღმზრდელმა აღსაზრდელს ცხოვრებისეული გამოცდილებების მიღება უნდა „აცადოს“. ამის მიღება მუდმივი კონტროლის პირობებში შეუძლებელია. სულ რომ არაფერი, კონტროლის მექანიზმი ყველგან მსუფევი და ყოვლისმომცველი ვერ იქნება.

როგორ ისწავლოს ახალგაზრდამ მედგარი წინააღმდეგობის გაწევა მაშინ, როცა ეს აუცილებელია, თუ ის მორჩილებასაა მიჩვეული? როგორ გააკეთოს საუკეთესო არჩევანი საკუთარი თავისთვის, კეთილდღეობისთვის, თუ მის ნაცვლად ყველაფერს სხვა წყვეტდა? არჩევანის გაკეთება, პასუხისმგებლობის აღება, შედეგების გათვლა, თვითრეგულირება, დაგეგმვა, პრიორიტეტების დასახვა, საკუთარი თავის მხარდაჭერა, საკუთარი თავის შეცნობა, წვნევა უარყოფითი შედეგებისა, თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გქონდა, გამოსავლის ძიება დამოუკიდებელი გზაა.

„ვცდილობ, ვუშვებ შეცდომებს, ვაკეთებ შესაბამის დასკვნებს, ვცდილობ ხელახლა“ – ეს აღსაზრდელის გზაა. „შეეცადე, დაუშვი შეცდომები, გააკეთე შესაბამისი დასკვნები, შეეცადე ხელახლა. მე აქ ვარ, გვერდით ვარ, მხარს დაგიჭერ, თუ დაგჭირდება, დაგანახვებ, კიდევ რა ვარიანტები გაქვს“ – აღმზრდელის გზაა.

„სმენა იყოს და გაგონება“, „როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება“, „სიჩუმე-მეთქი“, „სწორდით! სმენა!“, „ხმა გაიკმინდეთ!“ – კონტროლის, დროებითი ზემოქმედების გზა, რომელიც სასიკეთო ზეგავლენამდე ვერ მიგვიყვანს.

როგორ მოვიქცეთ?

იდეალურ შემთხვევაში, სტატია უნდა ბოლოვდებოდეს რეკომენდაციებით, კონკრეტული რჩევებით, მზა რეცეპტებით, როგორ უნდა მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, რით ჩავანაცვლოთ კონტროლი, როგორ მოვახდინოთ სასურველი „საუკეთესო ზეგავლენა“ აღსაზრდელებზე.

სასურველია – პუნქტობრივად.

სასურველია – წყაროების მითითებით და გარანტირებული შედეგების დაპირებით, მაგრამ ასეთი რამ არსენალში მე არ მაქვს. რასაკვირველია, მშობლობისა და მასწავლებლობის 20-წლიანმა გამოცდილებამ შემძინა გარკვეული სამარჯვები, გავაკეთე გარკვეული დასკვნები, ვიწვნიე შეცდომების შედეგები, ვისწავლე შეცდომების გამოსწორების ხარჯზე ბევრი რამ, მაგრამ მზა რეცეპტები არ მაქვს.

წერილიც მეტწილად აქცენტირებას ემსახურება. იმის ხაზგასმას, იმის ჩვენებას, რომ კონტროლი და საკონტროლო მექანიზმები აღზრდაში არ არის, ვერ იქნება სამარჯვები, რომლებიც ზედოზირებით უნდა გამოვიყენოთ.

თანამშრომლობა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა, გადაწყვეტილებების თანმდევი შედეგების გათვლა და პასუხისმგებლობის აღება, გააზრებული, გაცნობიერებული, ფხიზელი გონებით გაკეთებული არჩევანი – დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კონტროლის ნაცვლად ურთიერთობის ეს ფორმატი უფრო აღმზრდელობითი, უპრიანი და სასიკეთოა ახალგაზრდა ადამიანისთვის.

სკოლა კი არ უნდა „ამზადებდეს“ ცხოვრებისთვის, სკოლაში უკვე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები მოზარდებს, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დახვეწონ ისინი, გაიწაფონ, აიღონ პასუხისმგებლობები, მოვალეობები, გაითავისონ უფლებები, დაიცვან საკუთარი უფლებები და მოითხოვონ საუკეთესო ცვლილებები.

მშობლებმა ყველაფერი შენზე უკეთ იციან

0

დიახ, მშობლებმა ყველაფერი უკეთ იციან, მაგრამ – მოზარდებო, იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მომავალში უკეთესობისკენ შეცვლიან სამყაროს. მსგავსი ცვლილებები ადრეც მრავალჯერ მომხდარა. სინამდვილეში უფროსები შეცდომას უშვებენ, როდესაც ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ საკითხში გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე მათი შვილები. მშობლები, როგორც „ყოვლისმცოდნე“ უფროსები ცდილობენ, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება შვილებს, რათა თავიდან ააცილონ შესაძლო შეცდომები და პრობლემები.

ძვირფასო მკითხველო, განვაგრძობთ თქვენთვის უკვე ნაცნობი ავტორის Dean Burnett წიგნის – „რატომ ვერ ახერხებენ მშობლები საკუთარი შვილების გაგებას და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“ – გაცნობას. ავტორი არის ნეირობიოლოგი, კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური სკოლის ლექტორი, ბლოგერი, ექსპერტი, ბესტსელერების ავტორი, ბირმინგემის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი (ავტორის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ წინა სტატიებში გაეცნოთ).

საქმე ის გახლავთ, რომ – განმარტავს ავტორი – მშობლების თავის ტვინს გავლილი აქვს განვითარების ყველა საჭირო ეტაპი, რაც უადვილებს მათ შვილების ცხოვრებაში მოსახდენი ცვლილებებისა და განსაკუთრებით შესაძლო შეცდომების განჭვრეტას. უფროსების ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება წინმსწრებად პროგნოზირებს შესაძლო საფრთხეებსა და მოსალოდნელ უსიამოვნებებზე. აი, ზუსტად ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობლების გაფრთხილებებს შვილები ხანდახან მაინც გაითვალისწინებენ. უდავოა, რომ მშობლები ხშირ შემთხვევაში მართლები არიან, მაგრამ არა ყოველთვის.

როდესაც მოზარდები ცდილობენ, გაერკვნენ, როგორ არის მოწყობილი სამყარო, მათ გარკვეული შეხედულებები უყალიბდებათ. ამ პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენენ უფროსები. აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს: მშობლებს ხშირ შემთხვევაში საკუთარი მოძველებული მოსაზრებების გადაცემა უწევთ შვილებისთვის. სწორედ ამიტომ უფროსებთან კინკლაობა ან თუნდაც კონფლიქტი ზოგჯერ გამართლებულია.

ძვირფასო მკითხველო, დარწმუნებული ვარ გახსოვს, რომ ეს წიგნი ძირითადად თინეიჯერებისთვის არის დაწერილი, თუ უფროსებიც გაეცნობიან მის ფრაგმენტებს ვეტყვი, რომ მათი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა, უმტკიცონ შვილებს: „ჩვენს ახალგაზრდობაში ყველაფერი უკეთ იყო“. სამწუხაროდ, მსგავსი ამპარტავნული მტკიცებულებები ნეგატიურად აისახება მშობლების შვილებთან ურთიერთობებზე. ზოგადად, მიიჩნევა, რომ ბავშვობის დროინდელი მოგონებები პოზიტივისკენ გადახრის ტენდენციით ხასიათდება. უფროსები ხანდახან იმახსოვრებენ თავიანთი ცხოვრების წარმატებულ მომენტებს, როგორც საკუთარი „გენიალური“ მიღწევების შედეგს. ამით აიხსნება, უფროსების გადაჭარბებული პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი სასკოლო ასაკის მიმართ და კიდევ ის გარემოება, რომ მათ არ ესმით, რა რთულია მოზარდობის პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გადაიტანეს ასაკობრივი კრიზისები. ადამიანის თავის ტვინი ახდენს თავისივე მოგონებების კორექტირებას, რაც ჩვენი წარსული მიღწევების პოზიტიურ ცვლილებას იწვევს. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანები „იხსენებენ“ საკუთარ წარმატებებს, მათი თვითშეფასება მაღლდება.

  • ტრადიციულად მოკლე შეჯამებისთვის ჩამოვაყალიბოთ პრობლემის არსი: მოზარდები არ ეთანხმებიან მშობლებს ფუნდამენტურ საკითხებში;
  • უფროსები მუდამ ამტკიცებენ, რომ ისინი ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან, რაც განპირობებულია მათი უფრო ჭკვიანი, გამოცდილი და განათლებული პერსონით;
  • მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მიერ სამყაროს მსოფლაღქმა თანდათანობით უფრო და უფრო მოძველებული ხდება, ამის ახსნა ძალიან რთულია. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც უფროსები საკუთარ შეხედულებებს თავს ახვევენ შვილებს და ამას დიდი წარმატებით ახერხებენ.

ძვირფასო მოზარდებო, მიმართავს ბრიტანელი ნეირომეცნიერი თინეიჯერებს -უფროსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყოველთვის რთულია. მაგრამ ამ საბაბით მათთან კამათზე  უარის თქმა არ არის სწორი, რადგან მშობლების „მოძველებული“ შეხედულებებისა და თქვენდამი გაზვიადებული მოლოდინების გამო ცხოვრება თავს ცუდად გაგრძნობინებთ. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა დიდი სტრესის გამომწვევი გახდეს აწმყოში, ხოლო მომავალში, დიდი ალბათობით პრობლემებს შეგიქმნით. უკვე ვთქვით, რომ მშობლების დარწმუნება, შეცვალონ  საკუთარი შეხედულებები პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ შვილები მაინც უნდა შეეცადონ მშობლების მცდარი შეხედულებების კორექციას, უფროსები ხომ ამას თავისით არ გააკეთებენ.

დასასრულ რამდენიმე რჩევა მოზარდებს:

  1. თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო არ შეგიძლიათ მოელაპარაკოთ უფროსებს, არ ღირს ძალიან დიდი დროისა და ყურადღების დათმობა ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. მაგალითად, შენ ვერ თანხმდები შენს მშობლებთან იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ, თავად შეგირჩიონ ტანსაცმელი. ასეთ და მსგავს სიტუაციებში, სჯობს მოახერხო და საუბარი ისეთ თემაზე გადაიტანო, რომელშიც თანხმდებით.

დავუშვათ, თქვენ ვერ თანხმდებით იმაზე, როგორი ჩაცმულობა შეეფერება მოზარდს, მაგრამ შესაძლოა ერთნაირი მოსაზრება გქონდეთ გუშინდელ ნათესაურ შეხვედრაზე, რა შეუფერებლად გამოიყურებოდა ერთ-ერთი ბიძაშვილის კოსტიუმი; ან იქნებ ასე შემოაბრუნოთ სიტუაცია: „ჩემი სამოსი ყველას მოეწონა“; ეს მარტივი მაგალითები იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ თავადაც შეძლოთ მსგავს ან თუნდაც შედარებით განსხვავებულ სიტუაციაში მოძებნოთ კრეატიული და ოპტიმალური გამოსავალი, რათა კონფლიქტი კი არ გააღრმაოთ, არამედ ერთმანეთს მოელაპარაკოთ;

  1. როდესაც მშობლებსა და მოზარდებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ძალიან სასარგებლოა მოქნილობის გამოჩენა. კამათის დროს მნიშვნელოვანია, მხარეებმა გამოამჟღავნონ ემოციების ფართო სპექტრის გამოხატვის უნარი (მაგალითად, არა მხოლოდ ბრაზისა და მრისხანების ამოთქმაა კარგი, არამედ თუნდაც წყენისა და სინანულის), რაც იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ თქვენ მტკიცე, ჯანსაღი ურთიერთობები გაქვთ. როგორც უკვე ითქვა, მშობლები ხშირად ცდებიან. მშობლებსა და შვილებს, გარკვეული საკითხების გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებული, შეხედულებები აქვთ. მაგრამ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ნებისმიერ უთანხმოებას ერთეულ შემთხვევად განიხილავენ მხარეები და იმ სხვა მრავალ თემაზე კონცენტრირდებიან, რომლებთან დაკავშირებითაც არანაირი უთანხმოება არ არსებობს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კამათისგან თავის შეკავება ძალიან რთულია მოზარდისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გაბრაზებულია ან ნერვები აქვს აშლილი. მაგრამ დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელი გახდება, თუ ის მიხვდება, რომ საბოლოოდ თავშეკავება უფრო დიდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე თავშეუკავებლობა. თანაც კამათის განახლება თავისუფლად შეიძლება მოგვიანებით, როდესაც მშობლები  საკუთარ სიჯიუტეს მცირედით მაინც შეასუსტებენ.

ძვირფასო მკითხველო, ბრიტანელი ნეირომეცნიერის Dean Burnett მოსაზრებების გაცნობას ვასრულებთ მისი შემაჯამებელი რჩევებით:

  • როდესაც, შენ პატარა იყავი, ფიქრობდი, რომ მშობლები მთელი სამყაროს ყოვლისშემძლე მბრძანებლები არიან და მათ ყველაფერი იციან. ახლა შენ უკვე მოზარდი ხარ და ხვდები, რომ ეს ასე სულაც არ არის. შეხედულებების ასეთი მკვეთრი ცვლილება ხშირად თინეიჯერებში ძალიან უსიამოვნო განცდების გამომწვევი ხდება, რაც მოზარდებსა და უფროსებს შორის ურთიერთობების გადახედვას საჭიროებს, თანაც ეს პროცესი შესაძლებელია რამდენჯერმე განმეორდეს;
  • გამოდის, რომ შენი მშობლები უბრალოდ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან, რომლებსაც სრულიად ორდინალური და თანაც არცთუ ისე სრულყოფილი თავის ტვინი აქვთ, რაც ხანდახან მათ ცხოვრებას ურთულებს;
  • მშობლებს სურთ, რომ ისინი უყვარდეთ, ჰქონდეთ წარმატებები და იყვნენ ბედნიერი;
  • მათ, ისევე როგორც დანარჩენ უფროსებს აქვთ ემოციები, განცდები. შფოთავენ და ნერვიულობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც უყვართ;
  • მათ ყოველდღიურად უწევთ სტრესისა და სხვა სირთულეების გადალახვა;
  • მშობლები არიან ადამიანები და მათ საკუთარ არასრულფასოვნებასა და პრობლემებთან გამკლავება უწევთ;
  • ბოლოს და ბოლოს უნდა გახსოვდეთ, რომ მშობლები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე, როდესაც თავად იყვნენ თინეიჯერები, ხშირად კამათობდნენ და ზოგჯერ კონფლიქტებსაც კი აწყობდნენ საკუთარ მშობლებთან.

 

 

 

 

 

 

ბიოქიმია და გარემო

0

ბიოქიმიის განვითარებამ ადამიანებს საშუალება მისცა, სასიცოცხლო პროცესები უფრო მეტად ეკონტროლებინა, თუმცა ამასთანავე წამოიჭრა კომპლექსური პრობლემები გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. წერილში რამდენიმე აქტივობაა წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენ ყოფას ეხება.

ინფორმაციის დამუშავების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • ქსენობიოტიკი – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია ცოცხალ ორგანიზმში, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი არ არის;
  • ბიოდეგრადირებადი/კომპოსტირების უნარის მქონე პლასტიკი – იშლება ბაქტერიის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიერ;
  • კომპლექსი ე.წ. ,,მასპინძელი-სტუმარი“ – ფერმენტ – სუბსტრატული კომპლექსის მსგავსი ერთობლიობაა;
  • ფერმენტების მონაწილეობით ხდება ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობისა და ინდუსტრიული ნარჩენების დაშლა;
  • ფერმენტები შედის ბიოლოგიური დეტერგენტების შემადგენლობაში, მათი გამოყენებით რეცხვა ენერგოეფექტურია, მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე.

საკითხის დამუშავების შემდეგ მოსწავლე შეეძლება:

  • იმსჯელოს ანტიბიოტიკებით გამოწვეულ პრობლემებზე იმ მცენარეებში, რომლებიც კანალიზაციის, ჩამდინარე წყლებით ირწყვება;
  • დაადგინოს სახამებლის მნიშვნელობა ბიოდეგრადირებად პლასტიკში;
  • შეაფასოს „მასპინძელი-სტუმარი“ კომპლექსის მნიშვნელობა დამაბინძურებლებისგან გარემოს გასუფთავების პროცესში;
  • იმსჯელოს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი მეცნიერი ახალი კვლევისა და პროდუქტის შექმნის პროცესში აფასებდეს ქიმიური რეაქტივების, ნარჩენებისა და პროდუქტების გავლენას გარემოზე.

ქსენობიოტიკები. ორგანული ქიმიის სწრაფ განვითარებას მეთორმეტე საუკუნეში მოჰყვა პესტიციდების, წამლებისა და ისეთი ქიმიური ნაერთების სინთეზი, რომელიც უცხოა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ასეთ ნაერთებს ეწოდება ქსენობიოტიკები. ისინი ძირითადად ტოქსიკური, ბიოლოგიურად მდგრადი ნაერთებია. ზოგი მათგანი (მდგრადი დამაბინძურებლები) ხვდებიან ნიადაგში, შემდეგ კი ცხოველების ცხიმოვან ქსოვილებში, ბოლოს ერთვებიან კვებით ჯაჭვში.

1950 წლიდან 1980 წლამდე 2 მლნ. ტონა DDT აწარმოვეს და გამოიყენეს მავნებლების წინააღმდეგ. ის ზრდიდა მოსავლიანობას და დაავადების გამომწვევების წინააღმდეგ მცენარეების მდგრადობას. ის მნიშვნელოვანი იყო მალარიასა და დენგეს ცხელებასთან საბრძოლველად, რადგან ხოცავდა ამ დაავადებების გამომწვევი მიკრობების გადამტან მწერებს. დროთა განმავლობაში განვითარდა DDT -რეზისტენტული მწერების პოპულაცია. ნივთიერება პრაქტიკულად მდგრადია და შეუძლია დაგროვდეს ცხოველის ორგანიზმში, ტოქსინი საფრთხეს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობასაც. ბევრ ქვეყანაში 1970-80 წლებში ინსექტიციდი აიკრძალა. შეზღუდულად სარგებლობდნენ მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მალარია იყო გავრცელებული. DDT-ს გამოყენებამ ფოტოზე გამოსახული არწივის სახეობა გადაშენების პირას მიიყვანა. მისი მეტაბოლიზმში ჩართვის გამო კვერცხის ნაჭუჭი გახდა მყიფე და მსხვრევადი, ვეღარ იცავდა ჩანასახს. ამ ინსექტიციდის აკრძალვის შემდეგ კი ამ არწივის რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან 150 000-მდე გაიზარდა.

ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმი მათ ქიმიურ სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ისინი შესაძლოა ბოლომდე მოინელოს მიკროორგანიზმმა, მცენარემ ან ცხოველმა. ამავე დროს ზოგი სინთეზური ნაერთი წარმოქმნის ტოქსიკურ მეტაბოლიტს, ისინი ცვლიან მეტაბოლიზმის მიმდინარეობას. მოქმედებენ რეპროდუქციულ აქტიურობაზე, ზრდასა და განვითარებაზე. ზოგი ქსენობიოტიკი უცვლელი რჩება ფერმენტების ზემოქმედებისას, ან ასეთი სახით გროვდება ორგანიზმში, ან გამოიყოფა ორგანიზმიდან.

გარემოში ქსენობიოტიკის დაშლის სიჩქარეზე გავლენას ახდენს მისი ფუნქციური ჯგუფი და პოლარობა. პოლარული ნაერთი წყალში ხსნადია და ადვილად გარდაიქმნება ცოცხალ ორგანიზმში ფოტოქიმიური ოქსიდაციის გზით. არაპოლარული ჰიდროფობური ქსენობიოტიკები კი ადვილად გადიან მემბრანაში და გროვდებიან მიკროორგანიზმის უჯრედში ან ცხოველის ცხიმოვან ქსოვილში. როცა ეს ნივთიერებები ჩაერთვებიან კვებით ჯაჭვში, მათი რაოდენობა ექსპონენციურად, ანუ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. დაგროვილი ნივთიერების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია კვებითი ჯაჭვის ბოლო მტაცებელში.

მძიმე მეტალების ტოქსიკურობა. მძიმე მეტალებია ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ტყვია. ისინი მრავალი ქიმიური წარმოების ნაწილია. ეს მეტალები ახდენენ ცილების დენატურაციას, ამიტომ აინჰიბირებენ ფერმენტების მოქმედებას. მოქმედებენ უჯრედის ჟანგვით პროცესებზე. ისინი ტოქსიკურია, ყველაზე ძლიერად მოქმედებს კვებითი ჯაჭვის ბოლო რგოლებზე.

ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და დეტერგენტები. ქსენობიოტიკების ცალკე ჯგუფია ანტიბიოტიკები და დეტერგენტები. ისინი არიან ნიადაგსა და წყლის ეკოსისტემებში. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ შტამებს უფრო რთული დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ზოგი მათგანი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ენდოკრინულ ჯირკვლებზე. იზრდება ინფექციის გავრცელების რისკი და ითრგუნება რეპროდუქციული ფუნქცია. სახლის მოვლისა და ინდუსტრიული დეტერგენტები შეიცავენ მოლეკულებს, რომლებიც ამცირებენ წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას და ამარტივებენ მყარი ზედაპირების წმენდის პროცესს.

ბიოლოგიური დეტერგენტები – შეიცავენ მრავალ ფერმენტს, რომლებსაც გამოყოფენ თერმოფილური მიკროორგანიზმებისგან. ისინი ცხიმებს შლიან უფრო დაბალი ტემპერატურის წყალში. ამავე დროს დაბალია მათი დენატურაციის უნარი, უმრავლესობა ბიოდეგრადირებადია და არ აქვს ნარჩენი პროდუქტები. ამავე დროს მათი გამოყენება ზოგავს ენერგიას და ამცირებს არაბიოლოგიური დეტერგენტების გამოყენებას. ფერმენტები და მიკროორგანიზმები გამოიყენება ნავთობის ჩაღვრის დროს, ინდუსტრიული ნარჩენების დასაშლელად. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ქიმიური ბუნება და ნარჩენების არამდგრადობა, ჩაღვრის ლოკაცია, ტემპერატურა და სხვა. ენზიმების ნარევი, სურფაქტანტები და სხვა ნაერთები გამოიყენება ნავთობისა და ნარჩენების შემადგენლობაში არსებული ნაერთების დასაშლელად. უკვე ბევრი დამშლელი შტამი აღმოაჩინეს ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია ნავთობის ჩაღვრის შემთხვევები, მაგალითად, გალფი, მექსიკა, Deepwater Horizzon.

მასპინძელი-სტუმარი კომპლექსები. მიუხედავად იმისა, რომ ფერმენტული პროცესები მაღალ შერჩევითი და ეფექტურია, ბევრი ფერმენტი არამდგრადია გარემოში და ოპტიმალურ აქტივობას ავლენენ pH-ის და ტემპერატურის ვიწრო დიაპაზონში. ზოგიერთი სინთეზური მოლეკულა თავისუფალია შეზღუდვებისგან და შერჩევითად უკავშირდება გარემოს დამაბინძურებლებს. შედეგად მიიღება დიდი მოლეკულები, ე.წ. ,,მასპინძელი-სტუმარი“, ეს წარმოადგენს ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსების იმიტაციას. სადაც ფერმენტის სინთეზური ანალოგია „მასპინძელი“, გარემოს დამაბინძურებელი კი – „სტუმარი“.

ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან ვაანდერ-ვაალსის ძალებით, იონური და წყალბადური ბმებით. მათ შორის კოვალენტური ბმა არ წარმოიქმნება. მათ უნდა ჰქონდეთ კომპლემეტური, სამგანზომილებიანი სტრუქტურა. უმარტივეს შემთხვევაში „მასპინძელი“ შეიცავს ღრმულს, ის „სტუმარს“ უკავშირდება ვან-დერვალსის ძალით. ფუნქციური ჯგუფის არსებობის შემთხვევაში მყარდება წყალბადური ან იონური ბმები, იზრდება სელექციურობა, მაგრამ ამავე დროს იზრდება მგრძნობელობა pH-ისა და ტემპერატურის მიმართ.

მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მომუშავე იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პოლიეთილენტერეფტალატის, იგივე ლავსანის დამშლელი ბაქტერია – Ideonella Sakaiensis. ლავსანი მსოფლიო ნარჩენების საერთო რაოდენობის 1/6-ს შეადგენს. ამ ბაქტერიის ძირითადი საკვები ლავსანია. დაშლისას წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც საკვების დასამზადებლად გამოიყენება. ამავე დროს გამოთავისუფლდება ნახშირორჟანგი და წყალი. მეცნიერები ცდილობენ, შექმნან ასეთი ბაქტერიების შტამები, რაც გარემოს პოლიეთილენისგან გაათავისუფლებს. დიდ ბრიტანეთში ჯონ მაკგიანიმ სხვა მეცნიერებთან ერთად შემთხვევით აღმოაჩინა ე.წ. „მუტანტი“ ფერმენტი, რომელიც ბაქტერიებზე სწრაფად შლის პოლიეთილენტერეფტალატს.

დავალება: 2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში, მისისიპის მახლობლად ნავთობის ჩაღვრა დაიწყო. ეს იყო ნავთობის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური დაბინძურება. 87 დღის განმავლობაში 49 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ჭაბურღილი დახურეს 2010 წლის 19 სექტემბერს. ნედლი ნავთობი წყლის ზედაპირზე ამოვიდა. განსაკუთრებული საფრთხე ოკეანის ფრინველებს შეექმნათ.

  • ნივთიერების კლასიფიკაციის სქემაში რა ადგილი უკავია ნავთობსა და ოკეანის წყალს?
  • რა სახის ხსნარი მიიღება ოკეანის წყალში ნავთობის ჩაღვრისას და როგორია მისი ფიზიკური თვისებები?
  • ნავთობისგან ოკეანის გასუფთავების რომელი მეთოდები გამოიყენეს და რა ქიმიური საფუძველი აქვს თითოეულის გამოყენებას?
  • რა საფრთხე შეექმნა ოკეანის ეკოსისტემას ნავთობის ჩაღვრის გამო?

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება

0

რაც დრო გადის, წიგნს სულ უფრო მეტი კონკურენტი უჩნდება. ბავშვების გულშიც და ხელშიც ფურცლებს ტექნიკა ანაცვლებს. მშობლებს დღითიდღე მეტი ძალისხმევა გვჭირდება იმის მისაღწევად, რომ თანამედროვე ბავშვი წიგნებთან დავამეგობროთ.

კითხვა საბაზისო უნარია, რომელზეც სხვა უნარები უნდა დაშენდეს. თუ ბავშვი გამართულად ვერ კითხულობს, წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს ან მისი კრიტიკულად გააზრება არ შეუძლია, ცხადია, მას საგნების სწავლაც გაუჭირდება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაც.

რა არის საჭირო მშობლებისგან იმისთვის, რომ ბავშვმა წიგნი შეიყვაროს?

ბავშვებსა და წიგნებს შორის არსებული დისტანციის შესამცირებლად შედეგიანია წიგნთან დაკავშირებული რიტუალების დანერგვა, რომლებიც სამ ფაზად შეგვიძლია დავყოთ:

  • რიტუალი კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად;
  • რიტუალი წიგნების შესარჩევად;
  • წიგნის კითხვის რიტუალი.

დავიწყოთ იმით, რომ კითხვა ბავშვების ექსკლუზიური მოვალეობა არ არის. კითხვა პროცესია, რომელიც ნებისმიერ ასაკში საჭირო და სასიამოვნოა.

თუ ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობლები ან ოჯახის სხვა ზრდასრული წევრები არასოდეს კითხულობენ, ხოლო მას მუდამ წიგნისკენ უბიძგებენ, ის ამ მითითებას მოვალეობად განიხილავს და არ მოუნდება მისი გაკეთება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელი იყოს ბავშვის როლური მოდელი და შვილს თავისი ქცევით აძლევდეს მაგალითს.

სკოლამდელ და დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია, მშობელმა დრო დაუთმოს შვილთან ერთად ხმამაღლა კითხვის რიტუალს, სადაც ბავშვი ხან მკითხველის როლში იქნება, ხან მსმენელის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ წაკითხული ფურცლების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული კითხვის პროცესში. მშობელი აზუსტებდეს, რამდენად ესმის ბავშვს წაკითხული; რა ემოცია მოაქვს შინაარსს? ეკითხებოდეს აზრს, როგორ მოიქცეოდა გმირის ადგილას? როგორ დაასრულებდა სიუჟეტს? გარდა კითხვის უნარის განვითარებისა, ასეთი რიტუალი ბავშვს და მშობელს ერთმანეთთან დააახლოებს. მშობელთან ერთად გატარებული დრო სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვისთვის წიგნის მნიშვნელობას ერთი-ორად გაზრდის.

მშობლები ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებთ იმ წიგნებს, რომლებსაც ბავშვები ირჩევენ. ვფიქრობთ, რომ სადაც ბევრი ნახატი და ცოტა ტექსტია, ასეთ წიგნს ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია და აქედან ბავშვი ვერაფერს ისწავლის. ამ მიზეზით ხშირად ხდება, რომ ბავშვს მშობელი ურჩევს წიგნს თავისი გემოვნებით ან გამოცდილებით და არ ითვალისწინებს, რამდენად შეუძლია პატარას წაიკითხოს, გაიგოს და ისიამოვნოს მშობლის არჩევანით. დღეს წიგნის მაღაზიებში საბავშვო ლიტერატურის უზარმაზარი არჩევანია, რასაც მშობლების თაობა მოკლებული იყო ბავშვობის ასაკში. შესაბამისად, მათი გამოცდილება ბევრად უფრო ნაცრისფერია, ვიდრე დღეს შეგვიძლია შევუქმნათ შვილებს. თანამედროვე ბავშვის ლიტერატურით დაინტერესება სწორედ ფერადნახატებიანი წიგნებით არის შესაძლებელი. ბავშვი, რომელსაც ჯიბეში სმარტფონი უდევს, წიგნის კითხვას პირდაპირ კლასიკური ნაწარმოებით ვერ დაიწყებს. მას სჭირდება წიგნთან მარტო დარჩენის გამოცდილება, გადაფურცვლის შეგრძნება და ახლის აღმოჩენის სურვილის გაღვივება.

იმისთვის, რომ ბავშვმა სიამოვნება მიიღოს, ის აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს წიგნის შერჩევის რიტუალში. ოჯახთან ერთად წიგნის ფესტივალზე, ბიბლიოთეკაში თუ წიგნის მაღაზიაში წასვლა ზეიმს უნდა დაემსგავსოს, რომლისთვისაც ოჯახი საგანგებოდ ემზადება.

ბავშვზე დადებით გავლენას ახდენს მშობლის მიერ წაკითხული წიგნის შინაარსზე საუბარი. როცა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მშობელი შვილს აღტაცებით უყვება, რა მოხდა წიგნში ისეთი, რომ პერსონაჟი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ეს ბავშვის ინტერესს აღძრავს.

არანაკლები დატვირთვა აქვს წიგნის კითხვისთვის დროის შერჩევას. დაძალება, როცა ბავშვს სხვა რამის კეთების სურვილი აქვს, პატარას და წიგნს ერთმანეთთაც ვერ დააახლოებს. უფრო პირიქით. ხოლო სასჯელის მიზნით ბავშვის წიგნის წაკითხვით დასანქცირებამ შეიძლება სამუდამოდ ჩამოაშოროს ბავშვი ლიტერატურის სიყვარულს. ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანი, რა წაიკითხოს, როდის წაიკითხოს და უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თავისი თავისთვის კითხულობს და არა მშობლისთვის ან მასწავლებლისთვის.

მშობლის ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვს შეაყვაროს კითხვა.

თანამედროვე მშობლები ხშირად რადიკალურად აფასებენ წიგნის კითხვისადმი შვილის დამოკიდებულებას. თუ ბავშვი არ კითხულობს, მუდამ შენიშვნებს აძლევენ, აძალებენ, აძაგებენ. და პირიქით, თუ ბავშვი კითხულობს, ამ თვისებას მის მთავარ ღირსებად ასახელებენ. ილიას სიტყვებით რომ ავუხსნათ მშობლებს: „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის“.

ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაუდგეს მომენტი, როცა წიგნის კითხვა არ სურს, დრო არ აქვს ან შეიძლება იმდენად გადატვირთული იყოს, რომ კონცენტრაცია ვერ შეძლოს. ბავშვის ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს იგივე და ეს ბუნებრივია.

ამიტომ მშობლის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა შედეგზე ორიენტირებული არ არის. მისი მხრიდან უფრო კრეატიული მიდგომების გამოყენება სჯობს, ბავშვის მოსმენა, დაკვირვება, შეთანხმება, ზემოთ ჩამოთვლილი რიტუალების დანერგვა და ახალი წესებით მოქმედება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანს ბავშვს წიგნის სიყვარულამდე.

 

სტატია მომზადებულია დისკუსიის „თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება“ მიხედვით, რომელიც მიეძღვნა წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს. ვიდეორესურსი იხილეთ ბმულზე https://www.facebook.com/100057146123097/videos/718000313734581

ფიქრები „მობი დიკზე“

0

პირველი ნაწილი

არქიტექტონიკა და სტრუქტურა

აგებულების თვალსაზრისით, „მობი დიკი“ უჩვეულო წიგნია. შეიძლება ითქვას, დამაბნეველიც. საქმე ისაა, რომ წიგნს პირველ თავამდე წინ კიდევ ორი თავი უძღვის: ერთი მოკლეა და ვეშაპის ეტიმოლოგიას ეთმობა, მეორე კი, „ამონარიდები“ („Extracts“), შეიცავს ციტატებს ვეშაპის შესახებ ბიბლიიდან, მოგზაურთა ჩანაწერებიდან, ენციკლოპედიებიდან, ლექსებიდან, ხალხური სიმღერებიდან. ამ ციტატებს წინ უძღვის მოზრდილი აბზაცი, რომელშიც მთხრობელი გვიყვება, რომ ისინი ბიბლიოთეკის თანაშემწის თანაშემწემ (The Sub-Sub Librarian) მიაწოდა. აქ მთხრობელი დასძენს, თანაშემწემ შემთხვევითი პრინციპით შეკრიბა ეს გამონათქვამები, სადაც კი ვეშაპი ნახსენები ნახა, ყველა წინადადება შეაქუჩაო; სერიოზულად ნუ შეხედავთ, უფრო სალაღობო რამ არის, მიზანი კი ისაა, მოკლედ შეჯამდეს, რაც აქამდე ვეშაპებზე თქმულაო.

რაც შეეხება, სიტყვა „ვეშაპის“ ეტიმოლოგიას, ამაზე ინფორმაცია მძიმედ ავადმყოფ აშერს შეუგროვებია და გრამატიკის სკოლისთვის გადაუცია. აშერიცა და თანაშემწეც შესაბამის თავებში არიან მოკლედ დახასიათებული: აშერი ფერმკრთალი მოხუცია, მუდამ ლექსიკონებითა და გრამატიკის სახელმძღვანელოებით დაიარება. ხელში კი განუყრელი ცხვირსახოცი უჭირავს, რომელზეც მსოფლიოს ყველა ერის დროშაა ამოქარგული. აშერს ძალიან უყვარს მტვრის გადაწმენდა თავის ძველისძველ წიგნებზე – ეს ერთგვარი სინაზითა და სიმსუბუქით შეახსენებს, რომ მოკვდავია.

აშერზე მეტად მარტოსულია თანაშემწე – მისი ყველა მეგობარი უკვე გარდაცვლილია. მთხრობელი მასზე ამბობს, იმ უიმედო, ავადმყოფურსიყვითლეშეპარულ მოდგმას ეკუთვნის, რომელსაც ვერარა ღვინო ვერ გაათბობსო – „Thou belongest to that hopeless, sallow tribe which no wine of this world will ever warm”. მაგრამ მაინც შეიძლება მასთან ჭიქა სასმელზე ჩამოჯდომა და საუბარი.

ესაა ტექსტში აშერისა და თანაშემწის პირველი და უკანასკნელი ხსენება – ისინი არ მონაწილეობენ სიუჟეტის შემდგომ განვითარებაში, მათთან შეხვედრას აღარსად აღწერს შემდგომი თავების მთხრობელ-პროტაგონისტი ისმაელი.

თუ ასეა, მაშინ რა საჭირო იყო მათი ტექსტში შემოყვანა და მკითხველისთვის ასე პოეტურად წარდგენა? ან რა საჭიროა, „ვეშაპის“ ეტიმოლოგიაზე ცნობების მოწოდება და რამდენიმე გვერდზე გადაჭიმული ციტატები? როგორ წავიკითხოთ ისინი, როგორც ეპიგრაფები? თუ ასეა, რა ფუნქცია აქვს მათ?

ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, „მობი დიკის“ სტრუქტურას უნდა დავაკვირდეთ.

„მობი დიკი“, ჟანრის თვალსაზრისით, ერთგვარი ფსევდო-მემუარებია – პროტაგონისტი მოგვითხრობს ამბავს, როგორც მოგონებებს თავის ცხოვრებაზე. ამასთან, ყოველ სიუჟეტურ მონაკვეთს მოსდევს უსიუჟეტო, განმარტებითი მონაკვეთი, რომელშიც დეტალურადაა ახსნილი, ვეშაპზე ნადირობის რა თავისებურებები შემოგვხვდა წინა თავში. ამ პრინციპითაა დაწერილი მთელი წიგნი. არის თავები, რომლებიც მხოლოდ ვეშაპის ფიზიონომიას ან მათ კლასიფიკაციას ეთმობა. მონათხრობი უკიდურესად დეტალიზებულია, ბევრგან მითითებულია წყარო, შენიშვნები კი სქოლიოშია ჩატანილი (ნახეთ, ვთქვათ, 32-ე თავი). ზოგჯერ მცირე, ერთაბზაციანი განმარტება კონკრეტულ თავშივეა ჩართული. მაგალითად, 71-ე თავი გადმოგვცემს ამბავს, როგორ შეხვდა „პეკოდი“ „იერობოამს“. მთხრობელი ცოტა ხნით გვერდზე გადადებს სიუჟეტს და გვიხსნის, რომ თურმე ვეშაპზე მონადირე ამერიკულ გემებს სასიგნალო სისტემა აქვთ შემუშავებული, რომლითაც ერთმანეთს ცნობენ, ანუ ამერიკული გემის კაპიტანმა ყოველთვის იცის, შემხვედრი გემი ასევე ამერიკულია თუ არა. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ გემს აქაბისთვის წერილი აქვს. აქ მთხრობელი ისევ წყვეტს ამბავს და განმარტავს, რომ ვეშაპზე მონადირე გემები, როგორც წესი, წერილებს დაატარებენ. შანსი იმისა, რომ ერთი გემი შეხვდება მეორე გემს, რომელზეც ამა თუ იმ წერილის ადრესატი იმყოფება, ძალზე მცირეა. ამიტომ წერილების უმეტესობა ადრესატამდე საერთოდ ვერ აღწევს, თუ მიაღწევს, მისი მხოლოდ მცირე ნაწილი და ისიც – გაგზავნიდან ორი-სამი წლის შემდეგ.

ამ ყველაფერს ემატება ალეგორიულ-მითოლოგიური ფონი, რომელსაც შემდგომ ნაწილში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. ამიტომ არის „მობი დიკი“ დამაბნეველი წიგნი: კითხულობ ვეშაპის თავის ქალის ანატომიაზე და იქვეა თავი, რომელშიც ქვექვეგი სიკვდილს გადაწყვეტს, კითხულობ ამბავს კაპიტანზე, თავისი ვაჟი რომ სანადირო ნავიანად დაკარგა და იქვეა თავი ვეშაპისთვის ქონის ამოცლის ტექნიკაზე. კითხულობ, როგორ დაკაკუნობს კაპიტანი აქაბი სპილოს ძვლის პროთეზით გემბანზე და თან ვეშაპის ჩონჩხის დეტალურ, მეცნიერულად სკრუპულოზურ აღწერას ეცნობი. კითხულობ და ვეღარ გაგიგია: ეს მეცნიერული პასაჟები მართლა ასახავს იმ ეპოქის სამეცნიერო ცოდნას, თუ ისინიც ფიქციაა.

ამრიგად, „მობი დიკი“ არათუ ფსევდო-მემუარებია, არამედ ფსევდო-ნაშრომი, ფსევდო-ენციკლოპედია ვეშაპებზე – წიგნი, რომელშიც ის, რაც ფიქციურია, გადმოიცემა, როგორც ისტორიული სინამდვილე, ხოლო სამეცნიერო ცნობები ფიქციად იქცევა.

ნებისმიერი ნაშრომი კი აუცილებლად მოიცავს საკითხის შესახებ არსებულ წინარე ცოდნას. ესეც – ციტატების ფუნქცია: ისინი არა ეპიგრაფები, არამედ პროლოგის შემადგენელი ნაწილებია, რომლებმაც ეს შეთხზული წიგნი ნამდვილივით უნდა გახადოს, უნდა დაგვაჯეროს, რომ ჩვენ წინაშე მართლა მემუარებია და რომ მთხრობლის მიზანი მართლა ვეშაპებისა და ვეშაპებზე ნადირობის შესახებ ცნობების მოწოდებაა.

რაც შეეხება, აშერსა და თანაშემწეს, ისინი ტექსტის პერსონაჟთა სრული ანტიპოდები არიან: თუკი მეზღვაურები მხნე და მამაცი ხალხია, თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება აქვთ, აშერი და თანაშემწე, პირიქით, მარტოსულ ცხოვრებას ეწევიან. კონტრასტი მათ შორის არის კონტრასტი ხმელეთის აუმღვრეველ ყოფასა და ოკეანის ბობოქარ სტიქიას შორის, რასაც ისმაელი, აშერისაგან განსხვავებით, ცხვირსახოცზე ამოქარგულს ან თანაშემწესავით წიგნებში ამოკითხულს კი არ დაატარებს, არამედ ყოფაში გამოცდის. აშერისა და თანაშემწის მონაკვეთები მეტაფიქციურია – ისინი წიგნის, ლიტერატურის სამყაროზე გვაფიქრებს, შემდეგ კი ამ სამყაროს შუაგულში ჩავყვინთავთ – მეტაფიქციიდან ფიქციაში ვინაცვლებთ. დასაწყისის უსახელო მთხრობელიც, თავისი ლაღად ირონიული ხმით, ქრება და პირველივე თავიდან ზუსტად ვიცით, ვინც მოგვითხრობს ამბავს: „ისმაელი დამიძახეთ“ („Call me Ishmael“).

გაგრძელება იქნება…

ვაჟა-ფშაველა პოეზიასა და მწერალზე

0

სიუჟეტის ორიგინალობაზე, მხატვრული ნაწარმოების სპეციფიკასა და მწერლის ნიჭიერებაზე ვაჟას შეხედულებები კარგად გამოიკვეთა მის თეორიული ხასიათის წერილში „ფიქრები“, რომელიც მან 1891 წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა. ვაჟას აზრით, მწერალი ვერ იქნება ორიგინალური თავისი ბუნებრიობის, შინაგანი ჰარმონიის, სურვილის გამჟღავნების გარეშე – „ბერნემ სთქვა: თუ გინდა ორიგინალური მწერალი დაგიძახონ, სწერე ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, როგორც ჰფიქრობდე, როგორც შენს სულსა და გულს უნდოდეს, მოსწოდესო“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ შეიძლება დაიჩემოს მწერლის სახელი. ამისთვის სულიდან და გულიდან წამოსული სიტყვაა საჭირო. უსულგულობა უბედურებაა მწერლისთვის, რომლის მისიასაც დიდად და მრავალმხრივ საპასუხისმგებლოდ მიიჩნევს ვაჟა. მისთვის, როგორც რეალისტური ესთეტიკის პატივისმცემლისთვის, მწერლის მოვალეობა არა მარტო ცხოვრების გარკვეული მოდელის ასახვაა, არამედ ამ უკანასკნელის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობაც. ამას მოითხოვდნენ თერგდალეულები და მათი კონცეფცია ვაჟამ თავისებურ, ნათელ ფორმაში ჩამოაყალიბა. უსულგულოდ ნათქვამი სიტყვა, როგორც უმარილო, უგემური, გულიდან ჟანგის გადაწმენდის მაგივრად სწორედ ჟანგსა და ობს მიუმატებსო, ამბობს ვაჟა. ვერავითარი დიდი ხელოვნება მას ვერ წარმოუდგენია დიდი გრძნობის გარეშე. სწორედ თერგდალეულები იყვნენ ასეთი ხელოვნებისა და შემოქმედების მაგალითები, ქმნიდნენ რა მაღალი აზრისა და გრძნობის მატარებელ ნაწარმოებებს. სწორედ ამიტომ ასახელებს ვაჟა-ფშაველა რუსთველის, ორბელიანისა და ბარათაშვილის გვერდით ილია ჭავჭავაძესაც. ორივე, უსულგულო თუ დიდი გრძნობით შექმნილი ნაწარმოები, ადვილად აგრძნობინებს თავს მკითხველს, თუმცა საჭიროა მათი გარჩევა: – „უგულო, ძალად მწერალი იმითი იცნობა, რომ უეჭველად უგულო საგანს აირჩევს სალაპარაკოდ, ცდილობს, რომ გულიანად აჩვენოს თავი მკითხველს, ამის გამო სულსაც აწვალებს და გულსაც“ [„ფიქრები“]. ორივე წვალობს ამ დროს – მწერალიც, მკითხველიც: ერთი – შექმნით, მეორე – წაკითხვით. ეს ორმხრივი ტანჯვა კი იმიტომაა სახიფათო, რომ საზოგადოებას გულს უცრუებს ხელოვნებაზე, მხატვრულ სიტყვას სახელს უტეხს. მწერლობა ცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს, მწერალი კი მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, რადგან მისი სახელი დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურებისა და მნიშვნელობის შემცველია. „ფიქრების“ პირველ ნაწილში თუ პოეზიის ზოგადი, თეორიული საკითხებია განხილული, მეორე სოციალური ყოფის დაკვირვებასა და შეფასებას ეთმობა და ადასტურებს იმ მკვლევრების შეცდომას, ვაჟას პოეზიას თანამედროვეობისგან, აწმყოსა და მომავლისგან განცალკევებით რომ განიხილავდნენ. ხსენებული წერილის მეორე ნაწილში ჩვენ წინაშე სწორედ სოციალური ყოფით შეწუხებულ, საქვეყნო საქმეზე მოფიქრალ მოაზროვნეს ვხედავთ. ვაჟას ეკონომიკური უკუღმართობა მიაჩნია კაცობრიობის მრავალი უბედურების მიზეზად, რადგან მისი მოსპობა ბევრ მავნე მისწრაფებას, ერთმანეთის რბევას, ომებს აგვაცილებდა. ამას ვაჟა 1905 წელს, პირველი რევოლუციის პერიოდში ამბობდა და ამიტომაც ეს საგულისხმოა.

საინტერესოდ გვიხასიათებს ვაჟა მწერლის ნიჭიერებას „სახალხო გაზეთში“ 1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ნიჭიერი მწერალი“. ვინ იმსახურებს ნიჭიერი მწერლის სახელს და რა არის საჭირო მის მოსაპოვებლად? ნიჭიერი მწერლის კრიტერიუმებად ვაჟას მიაჩნია ენა და ორიგინალობა. პირველი მისი სახეა, სული, ავლა-დიდება, მეორე კი ის, რაც სხვასთან მსგავსების დროსაც თავისებურია. ეს, ვაჟას აზრით, მწერლის „გარეგნული“ მაჩვენებლებია, ხოლო შინაგანი ღირსება მისი მხატვრული შთაგონების საგანი (ცხოვრების საგნები, მოვლენები, ღირებულებები) და მისი მხატვრული ოსტატობით ასახვაა. რაც უფრო დიდია მწერალი, რაც უფრო აზის გენიალურობის ბეჭედი, მით უფრო „ადამიანთა ცხოვრების დარაჯია“ იგი, ექვემდებარება მის კანონებს, გამოხატავს მას. არ არსებობს ცხოვრების მაღლიდან დამყურე მწერალი, ასეთი ხელოვანი მკვდრადშობილია, რადგან, ვაჟას აზრით, ხელოვნება განუყრელად, ორგანულადაა დაკავშირებული ცხოვრებასთან.

ვაჟა ფიქრობს, რომ თითოეულ ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება უნდა ეტყობოდეს. ვაჟა არ იყენებს ამ ტერმინებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი საუბრობს დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის შესახებ. პირველს თუ ცხოვრების პირობებით შეზღუდული ნება ახასიათებს, მოვლენათა მიზეზშედეგობრივი ურთიერთგანსაზღვრულობა, მეორეს – სრულიად საწინააღმდეგო. არის მესამე მიმართულებაც, ვაჟას აზრით, ორივეს გამაერთიანებელი, რომლის მიზანი „ცხოვრების პირობათა ძლიერების“ საფუძველზე ადამიანთა გაუმჯობესებაა. პოეტის ნიჭისა და შემოქმედების ხასიათის შესახებ ვაჟა ასკვნის, რომ ამ მხრივ ნიშანდობლივი ნიჭიერების ძლიერებაა, აზრისა თუ გრძნობის სიღრმე, იდეალისტური კონცეფციის საწინააღმდეგოდ, რომელიც, პლატონის არ იყოს, ნიჭს ღვთაებრივ, მისტიკურ საბურველში ახვევს და ყველაფერს ღვათებრივ ძალას მიაწერს. ნიჭს სჭირდება თავისი გამოვლენის პირობები, რომელთა გამოც თუ მწერალმა თავისი პოეტური შესაძლებლობები სრულად ვერ გაამჟღავნა, ასცდა მართებულ გზას, მას ლიტერატურული კრიტიკა უნდა დაეხმაროს და სწორი გზა მიუთითოს.

ნიჭიერი მწერალი არაფერია პატრიოტიზმის, „თავის ენის და ერის“ სიყვარულის გარეშე, – აცხადებს ვაჟა, – „მწერლობა ნუთუ იგივე სკოლა არ არის, რომელიც სწვრთნის ყველას, დიდს და პატარას, ურკვევს აზრებს, გზას ცხოვრებისას, აღძრავს საუკეთესო გრძნობებს? მაშ, ის რატომ არ უნდა იყოს ეროვნული? რატომ არ უნდა უწყობდეს ხელს, განავითაროს ერმა თავის გონებრივი და სულიერი ძალები?“ [„მცირე შენიშვნა“]. ვაჟა  წამოჭრის ფორმისა და შინაარსის, მათი ურთიერთშესაბამისობის პრობლემას. ნამდვილი პოეტისთვის ფორმა წინასწარგანზრახული არ არის (თუ ასეა, ეს ნაწარმოების სისუსტის მაჩვენებელია) და ნაგრძნობისა და ნააზრევის ლოგიკური, ბუნებრივი შედეგია ანუ შინაარსი განსაზღვრავს ფორმას. ფორმა როგორც ნაწარმოების მხატვრული გამოვლენა მის შექმნასთან ერთად იბადება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა ვაჟას წერილები „სად არის პოეზია“ და „რამე რუმე“, რომლებიც ძირითადად ხელოვნების თეორიულ პრობლემებს განიხილავს. „ამ თავითვე მინდა გამოგიტყდეთ, არც ერთი კრიტიკოსის თეორიით არ გახლავართ შებოჭილი, – კიდევაც რომ ვიცოდე რამ ამ თეორიებისა, ამჟამად, ამ წერილის დროს, ყველა ისინი თავიდან მოშორებული მაქვს“ [„სად არის პოეზია?“]. ვაჟა არც იმათ ეთანხმება (და დღესაც მოარულია ეს აზრი), ვინც დროთა განმავლობაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოეზიის გაქრობას და მეცნიერებით მის ჩანაცვლებას ქადაგებს: „ჩვენში რამდენი განათლებული გვყავ იმ აზრის მქადაგებელი, პოეზიამ დღე მოჭამა, მას მომავალი კაცობრიობის ცხოვრებაში ადგილი აღარ ექნებაო, მის ადგილს მეცნიერება დაიჭერსო. ამ აბდაუბდა-გადასკუპდას, ნუ დაივიწყებთ, განათლებული კაცი ამბობს. სირეგვნე და სისულელე მეტიღა იქნება?!“ [„სად არის პოეზია?“] ვაჟას აზრით, პოეზია, როგორც ბუნების კანონი, ცხოვრების ასახვა, გამოხატვა, იარსებებს მანამდე, სანამ იარსებებს თავად ცხოვრება, ბუნება, ადამიანის სულიერება, სიხარული, ბედნიერება და ტანჯვა, მშვენიერება და სიმახინჯე, სიყვარული თუ სიძულვილი, გულადობა თუ ლაჩრობა, ხელგაშლილობა თუ სიძუნწე. ის იარსებებს „ყველაფერში, რასაც ბუნებრიობა ეტყობა“. მწერალსაც სულ უნდა ახსოვდეს, რომ ბუნების კანონი დაიცვასო, წერს ვაჟა. ამიტომ არის, რომ გენიოსების შემოქმედებას ბუნებრიობის კვალი გასდევს, ეს არის ჭეშმარიტი პოეზიის განვითარებისა და არსებობს მთავარი გზა და პირობა.

ვაჟაც, როგორც თერგდალეულები, ასხვავებს მწერლობის, იდეებისა და აზრების გამოთქმის ორ სახეს – პოეტურ-ბელეტრისტულსა და პუბლიცისტურს. ორივეს საგანი ცხოვრებაა, მხოლოდ გამოსახვის ხერხებია სხვადასხვა: ერთი მხატვრული სურათების, ტიპების, სახეების საშუალებით ამბობს თავის სათქმელს, მეორე – სილოგიზმებით. თუმცა ვაჟას მიაჩნია, რომ პუბლიცისტი უფრო არკვევს, იძიებს ცხოვრების მოვლენებს, უჩვენებს მის მიზეზებს, ვიდრე პოეტი. აქ ანალიზში კი არ არის საქმე, არამედ მხატვრული სახებისა და ლოგიკური აზროვნების დაპირისპირებაში, თორემ მოვლენების კვლევის თვალსაზრისით არც მხატვრული ლიტერატურა ჩამოუვარდება პუბლიცისტიკას.

ვაჟას აზრით, ლიტერატურის შემფასებელს არა მარტო თეორიების ცოდნა, არამედ ხელოვნების შეგრძნება, განცდაც მოეთხოვება, რაც მკითხველსაც შემოქმედად აქცევს: „ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდა ლექსებს, დრამებს, რომანებს არ სწერდეს, მაინც პოეტია“ [„სად არის პოეზია“]. აქვე ვაჟა საუბრობს პოეზიის სიმბოლიკაზე იდეალში: „ნუთუ ია ბუჩქებით და ეკლებით დაჩრდილული არ მოგვაგონებს დაჩაგრულს სიმართლეს?“ [იქვე].

ვაჟა, რეალისტური ესთეტიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ილაშქრებს ხელოვნების იდეალისტური თეორიის წინააღმდეგ. აი, რისთვის არსებობს ხელოვნება, ვაჟას აზრით: „შექსპირი ხომ მსოფლიოს უდიდესი პოეტია და აბა კარგად დაუკვირდეთ იმის მწერლობას, თუ იგი უფრო ყველაზე მეტად არა ცდილობდეს დააკმაყოფილოს ეს საჭიროება არა ერთის რომელისამე ერისა, არამედ მთელის კაცობრიობისა. ხელოვნება ქვეყნის საჭიროებას თან მისდევს… დიაღ, პოეზიისთვის სათაკილო არ არის, საჭიროებას ემსახუროს და ამისთვის შექმნას ტიპები რეალური და იდეალური“ [„რამე-რუმე“]. ვაჟა ასევე საუბრობს პოეზიის ტენდენციურობაზე. მისი აზრით, ყველა პოეტური ნაწარმოები ასე თუ ისე ტენდენციურია, მაგრამ ყველა ტენდენცია როდი ცნაურდება მკითხველისთვის.

ვაჟას აზრით, ნამდვილი შემოქმედი უნდა ცდილობდეს, საზოგადოების სამსახურში ჩააყენოს თავისი უნარი: „პოეტს ნიჭი მანამ შესწევს, უფლება აქვს იპოეტოს, განამტკიცოს კაცთა შორის მაღალი აზრი, მაღალი გრძნობა, წყლულიანი გული გაგვიმთელოს და, როცა საჭიროა, მთელი გული გაგვიწყლულიანოს და უკეთუ თავის თავს ატყობს, რომ ძალ-ღონე ელევა, სჯობს, დასტოვოს საზოგადოება და გაიხიზნოს სადმე უდაბნოში, რადგან იგი მკვდარია მაშინ ცოცხლებში გამორეული, – ისეთი მკვდარი, რომელსაც თუმცა სული კიდევ უდგა, მაგრამ ეს სული ჰკლავს კიდეც იმას და სიცოცხლეს უმწარებს. გულსაკლავია, ძნელი ასატანი და მოსათმენია, მტრის ჯარიდან გამოსული მხედარი მოპირდაპირეს ითხოვდეს და შენის ქვეყნის ლაშქარში კი დალეულიყოს მამაცი და შენნი თანამოძმენი შერცხვენილნი თავდაკიდებით უცდიდენ ციდამ მოვლენილ ვაჟკაცს, იმათში კი გაწყვეტილიყოს…“ [„ფიქრები, მოგონება და ოცნება“] – ასეთ მოთხოვნებს უყენებს ვაჟა ჭეშმარიტ პოეტ-შემოქმედს, როგორც ღვთაებრივი საიდუმლოს მფლობელს, ხელდასხმულს, მამულის რაინდს. ასეთი ყოველთვის ასკეტია, მაგრამ არა სულიერად მკვდარი, როგორც ამ ციტატაშია, არამედ ადამიანთა შორის, მარად ცოცხალი და სხვებისთვისაც სიცოცხლის მიმნიჭებელი, როგორიც თვითონ ვაჟა-ფშაველა იყო.

 

 

 

დოკუმენტური ფილმები – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

0

ცოტა ხნის წინ, როცა ყველასთვის კარგად ცნობილი PISA-ს ტესტების შედეგები გამოქვეყნდა და ქვეყანა მღელვარებამ მოიცვა, მე ჩემს კოლეგას ვუხსნიდი, რომ პირველ ათეულში მყოფ ქვეყნებს სასკოლო განათლების ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სისტემები აქვთ; და ჩემთვის სკანდინავიური ქვეყნების მიდგმა უფრო მისაღებია, ვიდრე, მაგალითად, სინგაპურის, სადაც ბავშვები უფრო მეტ დროს ანდომებენ დავალებების მომზადებას და სასწავლო პროგრამაც უფრო გადატვირთულია. ჩემი ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ ძირითადად იმ დოკუმენტურ ფილმებს ემყარება, რომლებსაც იუტუბზე ვუყურებ ხოლმე მოცალეობისას ან რუტინული საქმეების შესრულების დროს.

 

დოკუმენტური ფილმები არის ხოლმე პასუხი ჩემი შვილების ინტერესებზეც – ხან ოკეანის ბინადრების სამყაროს ვიკვლევთ, სხვა ჯერზე იაპონურ ხელოვნებაში ვიღრმავებთ ცოდნას ან სულაც ჩვენი საყვარელი მწერლების ან მუსიკოსების სამყაროს უკეთ აღქმას ვცდილობთ მათი ცხოვრებისეული დეტალების გახსენებით. არის საღამოები, როცა უბრალოდ ვუყურებთ ხოლმე, როგორ იბრძვიან შვედეთის პატარა დასახლებებში გადასარჩენად, რაც გამალებული ურბანიზაციის ფონზე უფრო და უფრო რთული ხდება; როგორ აშენებენ თამბაქოსა და ზეთისხილის პლანტაციებს საბერძნეთის ზღვისპირეთში ახალგაზრდა ოჯახები; როგორ იბრძვიან გერმანიის დიდ ქალაქებში ურბანული ბაღჩების გადასარჩენად სამეზობლოები; და ხან იმას, როგორ იმატა ვარშავის გარეუბნებში ასანთის კოლოფებივით პატარა ბინიანი კორპუსების რაოდენობამ – ეს ამბები გვეხმარება სკოლისა და სამსახურების მერე დაღლილებს, როცა აღარც კითხვის და აღარც სეირნობის თავი არ გვაქვს სხვა ხალხის ამბები გავიგოთ, სხვა ადგილები ვნახოთ, სხვების ფანჯრებსა და ცხოვრებაში შევიხედოთ, მსგავსებები და განსხვავებები ვიპოვოთ და ნამდვილი მოგზაურობების გეგმებიც დავაწყოთ. და კიდევ, ეს არის სავარჯიშო სხვადასხვა კულტურის გაცნობისთვის, განსხვავებული ადამიანების მოსმენის კულტურის გამომუშავებისთვის.

 

ამ წერილის დაწერამდე ბევრი ადამიანის მოსაზრებას გავეცანი იმის შესახებ, როგორ შეიძლება იყოს დოკუმენტური ფილმები გამოყენებული სასწავლო პროცესში, როგორც დამატებითი რესურსი ან საგაკვეთილო პროცესის ნაწილი. თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ ტექსტური მასალა და ნახატი ილუსტრაციები საკმარისი აღარ არის მოზარდების ყურადღების დასაჭერად – მაღალხარისხიანი, თუნდაც სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები კონცენტრირებულად გვთავაზობენ ვიზუალურ მასალასაც და ვერბალურ ინფორმაციასაც იმ საკითხებზე, რომლებსაც სხვადასხვა საგანში შეიძლება გადიოდეს ბავშვი. მაგალითად, თითქმის არ მეგულება სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც შეუძლია მეორე მსოფლიო ომის ამბები ისე თანმიმდევრულად, დეტალურად და საინტერესოდ გადმოსცეს, როგორც ეს netflix-ის 2019 წელს საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებულ დოკუმენტურ სერიალშია.

 

მე რამდენიმე ამოჩემებული პლატფორმა მაქვს, სადაც დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ ხოლმე: DW Documentary, Arte, National Geographic, Smithsonian Channel იუტუბზე და ნეტფლიქსი. აქ თავმოყრილი ფილმები უფრო სატელევიზიო, მასობრივი პროდუქციაა და მაღალმხატვრულ დოკუმენტურ კინოზე ეგზისტენციალური საკითხებით ვერ გამოირჩევა, თუმცა არც მდარე პროდუქციის კატეგორიაში გადის. მათი ყურება ბევრად უფრო სასიამოვნო და ინფორმაციულია, ვიდრე სტანდარტული სატელევიზიო პროდუქცია ან სოციალური ქსელების უკონტროლო „სქროლვა”.

 

ბავშვებისთვის სანახავი და სასწავლო პროცესში დასაინტეგრირებელი დოკუმენტური ფილმების არაერთი სია არსებობს. ნამუშევრების თემატიკა, რომლებსაც ამ სიებში შეხვდებით ფართოა – ბულინგიდან გარემოს დაცვამდე. ამ სიებს ჩემი დახმარების გარეშეც მარტივად ნახავთ ინტერნეტში.

 

მე ორი რეკომენდაცია მაქვს:

  • თბილისში რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს დოკუმენტური კინო-კლუბი, რომელიც ყოველ ორშაბათს კინოთეატრს „ამირანში“ აჩვენებს სხვადასხვა თემატიკის მაღალხარისხიან დოკუმენტურ ფილმს;
  • ნიუ-იორკ თაიმს აქვს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს კინო-კლუბსაც. გამოცემა ყოველკვირეულად საკუთარი პროდუქციიდან ერთ ნამუშევარს არჩევს და მას სთავაზობს მოზარდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.

 

 

 

 

 

მეტყველების ხელოვნება თუ  სანახაობრივი წვეულება

0

მეჯლისია.

ორკესტრი, მოცეკვავე წყვილები, სოლისტი შემსრულებლები, გუნდი, სადღესასწაულო სუფრა, ხელლანგრიანი მიმტანები, სუნამოთა და ნუგბართა სურნელების ჰარმონია, კაშკაშა განათება, ბრწყინვალე ფერები, ღიმილი, ამაოდსიტყვაობა, გრძნობათა გაზიარება, ვნება და ემოცია – მეჯლისია, აბა, რა!

ლექსიკის, სტილის, მორფემების, სინტაგმების, ინტონაციისა და პუნქტუაციის სამეჯლისო ცეკვები სამ დარბაზში.

ლექსიკისა და სტილის წყვილთა მზისფერი დარბაზი, მორფემებისა და სინტაგმების წყვილთა მიწისფერი დარბაზი, ინტონაციისა და პუნქტუაციის წყვილთა წყლისფერი დარბაზი.

სამი დიდებული ორკესტრი – ფონეტიკა, შინაარსი, კომპოზიცია.

ხმა ჰორიზონტამდე აღწევს და ბგერები სივრცეში იფანტება. მსმენელს აჯადოებს და იხმობს.

მზისფერი დარბაზი პირველია.

თითოეული მეტყველების ნაწილი მამაკაცის კოსტიუმში გამოწყობილა. მწკრივად დგანან სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული, ოფიციალურ-საქმიანი სტილის მორთულობით ბრწყინვალე ქალბატონები და მოკრძალებით ელოდებიან საცეკვაო მოედანზე გამწვევთ. ვალსი, ნელი ვალსი, პასადობლი და ნელი ფოქსტროტი – რიტმი, ემოცია, აზრი, მიზანი.

თვალწარმტაცი სანახაობაა, დიდხანს ვრჩები დარბაზში, მხიბლავს არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი და ნაცვალსახელების პლასტიკა, თანდებულის, ნაწილაკისა და კავშირის მოქნილობა, დინჯი ზმნის ტანამართულობა, ზმნიზედის მიხვრა-მოხვრა, შორისდებულის განწყობა. მხატვრული სტილის სინარნარე, ოფიციალურ-საქმიანის მკაფიოობა, სამეცნიეროს – აზარტი, პუბლიცისტურის – მოუსვენრობა.

მოძრაობისა და გრძნობის იდილიაა.

მიწისფერი დარბაზი თავისკენ მეზიდება.

მორფოლოგიისა და სინტაქსის თანაცხოვრების მოდელია ეს დარბაზი. ასეთი შეთანხმებულობა, შესიტყვება, გაფორმება, გადაჯაჭვულობა და სიწრფელე არსად მინახავს.

სისწრაფე, სისხარტე და სიზუსტე – გადანაწილებული მოცეკვავე წყვილებს შორის – იფრქვევა, როგორც ივლისის ალპური მინდვრის სურნელი.

ჯაივი, ჩა-ჩა-ჩა, სწრაფი ფოქსტროტი – მოდი, შეაჩერე თვალი რომელიმე მათგანზე. მზერა ისევე გადადის ერთიდან მეორეზე, როგორც რიტმს ადევნებული ნაბიჯები თვლაზე.

ბრუნება, უღლება, სიტყვათწარმოქმნა, კომპოზიტური სიტყვათა შერწყმა დაწყვილებულა შეთანხმებასთან, მართვასთან, მირთვასა და განკერძოებულ სიტყვა-გამოთქმასთან; ამგვარად შეკრულა ჯადოსნურ ჯაჭვად. აი, ეს მართლაც ხელოვნებაა!

წინადადების მთავარი და არამთავარი წევრების ფერხული საუცხოოა ამ მსოფლიო დასში. მონაწილეები თავად ასრულებენ საცეკვაო მელოდიასაც; თანწყობა-ქვეწყობით აშენებული საგუნდო შინაარსი მარცვალ-მარცვალ ერითმება მღელვარე რიტმს. ფერხული არის ოსტატობა ქართული ზმნა-შემასმენლის. იგია მრავალხმოვანი თავისი მწყობრი მრავალპირიანობის გამოისობით – გვიან ასათვისებელი და ძნელად დასავიწყებელი ეროვნული ცეკვის სახეობაა.

ოვაცია, ოვაცია, ოვაცია!

მესამე წყლისფერი დარბაზიდან გამოჭრილი სინათლისკენ მივიჩქარი. დერეფანი ფართოა, მეც ცეკვის მოძრაობით მივიწევ იქამდე. უკვე დავეუფლე ცალკეულ ილეთს. კარი იღება. ესაა დიდებულება –

აღმავალი ინტონაციისა და მძიმის ტანგო – თავბრუდამხვევი ტრიალი, ბზრიალი, ატაცება.

დამავალი ინტონაციისა და წერტილის რუმბა თავისკენ მახედებს – ცეცხლი, ვნება, თავშეუკავებლობა. აი, ესაა მართებული დაწყვილება.

ნაბიჯი და ღიმილი მერევა. ვერც ტანს ვიმორჩილებ და ვერც ენას, მხოლოდ გაუგებრად ვლუღლუღებ.

სამბას ჰანგი – ბევრი და ბევრზე ბევრი. პაუზის, შეყოვნების, დალოდებისა და გაჩუმების მთრთოლარე სხეულები წერტილ-მძიმის, ორწერტილის, ფრჩხილის, ბრჭყალისა და სამწერტილის მკლავებში ლაზათიანად ირხევიან, ერთმანეთს ენდობიან, ეთანაბრებიან, სიმყარეს აწვდიან.

ორკესტრი არ ჩერდება.

დაუღალავად მოძრაობენ ძახილის, კითხვისა და კითხვით-ძახილის ნიშნები – დაარბენინებენ ლანგრებს. მეჯლისის გამთლიანებისთვის ბახუსი სასათაურე სიოდ დაქრის მოცეკვავეთა შორის.

სინამდვილეში, სხარტი ფიქრითა და ზუსტი სიტყვით დაწერილ ტექსტს ვკითხულობ და მჯერა,  ტექსტის პირველი ფრაზიდანვე იწყება მთავარი – სინტაქსი. მეც მას ვემსახურები.

ასეა, როცა წერა ამიტანს ხოლმე და ვწერ.

აი, ზეპირსიტყვაობა კი სხვაა, სულ სხვა – თუ ზუსტად ვიცი, რისი თქმა მინდა, ენა მორჩილი ხდება. როგორც კი წამოვიწყებ, მყისვე ამყვება ფონეტიკის ორკესტრი – თანხმოვანი, ხმოვანი, ბუნების ბგერა.

მოსწავლეთა წერითი ნამუშევრების ანალიზი და შეცდომებზე უკუკავშირი

0
English Grammar Examination concept. Small characters correct errors in text document on the phone. The teacher checks the electronic examination papers of students. Cartoon flat vector illustration

სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი წერითი დავალებების შეთავაზება. აუცილებელია, მასწავლებელმა თვალი ადევნოს, უმჯობესდება თუ უარესდება მოსწავლეთა შედეგები. გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა გვეხმარება მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციაში. წერით ნამუშევრებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, გაირკვეს, რა შედეგი გამოიღო გატარებულმა ღონისძიებებმა და რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა არსებულ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.

მაგალითისთვის თუ განვიხილავთ სამი შემაჯამებელი დავალების შედეგებს და აღმოჩნდება, რომ კლასის საშუალო ქულა ყოველ მომდევნო წერაში მცირდება, კლასისა და ინდივიდის დონეზე პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ვადგენთ შესაბამის ცხრილს.

შეფასების რუბრიკების მიხედვით, მოსწავლეებმა წერით ნამუშევრებში მეტ-ნაკლებად თავი გაართვეს ტექსტის შესაბამისი სტრუქტურის დაცვას, მიზნის განსაზღვრასა და დამხმარე დეტალების გამოყენებას, თუმცა, სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა გრამატიკის ნაწილში (მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია-პუნქტუაცია). მაშასადამე, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა თავი ვერ გაართვა მეოთხე კრიტერიუმს – ენობრივი მახასიათებლები.

მიზანშეწონილია, აქცენტი გაკეთდეს სწორედ ამ მეოთხე კრიტერიუმზე, შედგეს ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი, რომელშიც შევა ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც მოსწავლეები წერის დროს ხშირად უშვებენ. ეს საშუალებას მოგვცემს, გრაფიკულად გამოვსახოთ დაშვებული შეცდომები პროცენტულად.

როგორც დიაგრამაზე ჩანს, გრამატიკული შეცდომების დიდი პროცენტი პუნქტუაციასა და ორთოგრაფიაზე მოდის, შემდეგი კი – სინტაქსსა და მორფოლოგიაზე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ვადგენთ:

ა) ენობრივ შეცდომათა ლექსიკონს და მასში შეგვაქვს ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც მოსწავლეები წერით დავალებებში ხშირად უშვებენ;

ბ) სხვადასხვა სირთულის დეფორმირებულ ტექსტებს რედაქტირებისთვის, რაც ძალიან ეხმარება მოსწავლეებს დაშვებულ შეცდომებზე ორიენტირებაში;

 

გ) სიტყვების ბანკს, რომელშიც ვაგროვებთ სინონიმურ ლექსიკურ ერთეულებს, რაც გვეხმარება ტავტოლოგიების აღმოფხვრაში;

მაგალითად:

ქონა – აქვს

ჰყავს, გააჩნია, აბადია, შეიცავს, მოეპოვება, ფლობს, უჭირავს, უკავია, მის ხელშია, ხელში უჭირავს, მის განკარგულებაშია, მის განმგებლობაშია, ეკუთვნის, მინიჭებული აქვს, უფლებამოსილია.

დ) მოსწავლეები ასწორებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რასაც ხელშესახები შედეგი აქვს შეცდომებზე აქცენტირების კუთხით;

ე) სისტემატურად ვაწვდით მოსწავლეებს წერილობით განმავითარებელ უკუკავშირს შეცდომების გამოსასწორებლად.

პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ზემოთ აღნიშნული სტრატეგიები მასწავლებელს ეხმარება, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სწავლის პროცესი გახადოს დინამიკური და საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ყურადღება დაუთმოს მართლწერის საკითხებზე მუშაობას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო რესურსები

0

რესურსები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო მეტი და საინტერესო რესურსით ვამდიდრებთ გაკვეთილს, მით უფრო იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ენთუზიაზმი.

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ იზრდება რესურსებზე ხელმისაწვდომობაც. წლების წინ რაც მიუწვდომელი იყო, ახლა მარტივი ძებნით შესაძლებელია ჩვენს კლასებში აღმოჩნდეს.

ამჯერად გთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის  რესურსებს. ვებგვერდზე განთავსებული მასალები მოსწავლეებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა – კრიტიკული აზროვნება, კონცენტრირება, კითხვების ფორმულირება, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსავლის ძიება და ა.შ.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

გლობალური აზროვნების  ხელშემწყობი აქტივობები

3 – რატომ?

ავიღოთ საკითხი კლიმატის ცვლილება და განვიხილოთ შემოთავაზებული რესურსის მიხედვით.  დავსვათ კითხვები:

  • რატომ შეიძლება ეს [თემა, კითხვა] იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი?
  • რატომ შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი ჩემ გარშემო მყოფთათვის [ოჯახი, მეგობრები, ქალაქი, ერი]?
  • რატომ შეიძლება მას მნიშვნელობა ჰქონდეს მსოფლიოსთვის?

ეს კონკრეტული რესურსი მოსწავლეს უბიძგებს, იფიქროს ლოკალურიდან გლობალურისკენ. მოსწავლე ფიქრის პროცესში აღმოაჩენს, რომ პრობლემა, რომელიც მას აწუხებს, თავს იჩენს სხვებთანაც და მათთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია.

მოქმედების წრეები

შემოთავაზებული რესურსი მოსწავლეს ეხმარება, დაფიქრდეს და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამდა მარტო თუ თანამოაზრეებთან ერთად, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად.

რა შემიძლია გავაკეთო? წვლილი შევიტანო…

  • ჩემი ახლო წრისთვის (მეგობრები, ოჯახის წევრები, ვისაც ვიცნობ)?
  • ჩემი საზოგადოებისთვის (ჩემი სკოლა, სამეზობლო, თემი)?
  • სამყაროსთვის (ჩემი უშუალო გარემოს მიღმა)?

შემოთავაზებული აქტივობა გონებრივი იერიშის, იდეების თავმოყრის კარგი საშუალებაა. ასევე, რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში განწყობის ჩამოყალიბებასა და მოტივაციის ზრდას – იმოქმედონ პირად, ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.

აქტივობები კითხვების ფორმულირებისთვის, ალტერნატივების, შესაძლებლობებისა და ანალოგიების გენერირებისთვის

3-2-1 – ხიდი

აქტივობა მოსწავლეს ეხმარება წინარე ცოდნის ფაზაზე არსებული ინფორმაციის ორგანიზებასა და შესწავლის შემდეგ მიღებულ ინფორმაციასთან შედარებაში.

მაგალითად, მე-7 კლასში, ცნება ტოლერანტობის დამუშავებამდე, მოსწავლეებს უკვე აქვთ ზოგადი წარმოდგენა ამ ტერმინთან მიმართებით. შესაბამისად, მოსწავლეებს ვთხოვთ, დაწერონ:

  • 3 სიტყვა, წინადადება ან იდეა;
  • 2 კითხვა, რომლებიც აქვთ ცნებასთან მიმართებით;
  • 1 მეტაფორა, მსგავსება ან შედარება.

აღნიშნულს ვიმეორებთ ცნების დამუშავების, ანუ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ.

კარგი კითხვები იწყება…

რა სახის აზროვნებას უწყობს ხელს აღნიშნული აქტივობა?

კითხვის ჩამოყალიბება და დასმა მარტივი პროცესი არ არის. ის დაკავშირებულია კრიტიკულ აზროვნებასთან. მას სჭირდება გაწაფვა და დახელოვნება. შემოთავაზებული აქტივობა მოსწავლეს ეხმარება სწორი კითხვების შემუშავებასა და სწორად ფორმულირებაში.

1.       ჩამოწერე 12 შეკითხვა, რომელიც გაგიჩნდა თემის, საკითხის, ცნების, ნახატის, ვიდეოს ირგვლივ;

2.       განიხილე შენი ჩამონათვალი, შემოხაზე რამდენიმე საინტერესო კითხვა და შეარჩიე ერთი დისკუსიისთვის;

3.       დაფიქრდი რა ახალი იდეები, მოსაზრებები და შეხედულებები ჩამოგიყალიბდა თემის, საკითხის, ცნების, ნახატის, ვიდეოს ირგვლივ, რომელიც აქამდე არ გქონდათ?

კარგი კითხვები იწყება:

რატომ?

როგორ?

რისთვის?

რა მოხდება თუ?

რა არის ამის მიზეზი?

რა დანიშნულება აქვს?

რით განსხვავდება, თუ…?

რა შეიცვლება?

აქტივობის დასაწყისში შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებს ჰკითხოთ, როგორია კარგი შეკითხვები? ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის ნათელი იყოს საკითხი, თემა, ცნება ნახატი თუ სხვა რამ, რომელთა ირგვლივაც მოუწევთ კითხვების ფორმულირება.

სურათების, ვიზუალური ობიექტების შესწავლა

სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავლად გვხდება პოსტერები, ფოტოები და სხვა სახის ვიზუალური საშუალებები. საჭიროა ეფექტური აქტივობები მათი დანიშნულებისა თუ ძირითადი სათქმელის უკეთ გასააზრებლად.

აქტივობა „შეხედე, იფიქრე, დაინტერესდი“ გვეხმარება ფოტოების, ვიზუალური გრაფიკის გააზრებაში. რესურსი უბიძგებს მოსწავლეებს, გააკეთონ დაკვირვებები და შემოგვთავაზონ საკუთარი ინტერპრეტაციები.

მოსწავლეებს ვაჩვენებთ ფოტოს და ვეკითხებით:

  • რას ხედავ?
  • რას ფიქრობ?
  • რა გაინტერესებს/რით დაინტერესდი?

შემოთავაზებული აქტივობა უნდა გამოიყენოთ ისეთ ობიექტთან, როგორიცაა სურათი, პოსტერი, სქემა, ვიდეო და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებული ვიზუალი იძლეოდეს დაკვირვებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

ზემოთ განხილული რესურსები მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის ვებგვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით. რესურსები ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

ვებგვერდზე, დაინტერესებულ მასწავლებლებს შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა კატეგორიას, შეარჩიონ სასურველი აქტივობა და შეიტანონ საკლასო ოთახში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...